განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_9_1_21 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

მეხუთე ანგელოზის საყვირი
 
9:1-12
 
 
ახ. ქართ.:
 
1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
 
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
 
3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
   
4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.
   
5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.
   
6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.
 
7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.
 
8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.
 
9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.
 
10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.
 
11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.
   
12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება..
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ.
 
2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა.
 
3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა.
 
4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა.
 
5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.
 
6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი.
 
7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.
 
8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს.
 
9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად.
 
10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე.
 
11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ.
 
12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა.
 
 
***

 
მიმოხილვა: ცრუ დოგმატები აბნელებენ ჭეშმარიტებას (ტიკონიუსი), მაგრამ მისი ნათება კიდევ უფრო მკაფიოა ცდომილების ბნელში (პრიმაზიუსი), რომლითაც ერეტიკოსები აბნელებენ ეკლესიას (კესარიოს არლელი). ხეები - ნაყოფიერი მორწმუნეებია (პრიმაზიუსი). სულიწმიდის ბეჭდით აღუბეჭდავებს სულიერი სიკვდილი ელოდებათ (ანდრია კესარიელი). მწვალებლებს არ შეუძლიათ მართალთა სულების მოკვლა (ბედა პატივდებული). სიკვდილი - ბოროტ დროებათაგან დასვენების სიმბოლოა (ტიკონიუსი). კალია - მწვალებლები არიან, რომლებიც გაიფანტებია, როგორც კვამლი (ტიკონიუსი, პრიმაზიუსი), დემონები, რომლებიც ადამიანებს სიამტკბილობით აცთუნებენ, ეს არის ცდომილება და სისასტიკე (ანდრია კესარიელი). სიკვდილის ანგელოზი - სატანაა (ტიკონიუსი), დამღუპველი, უკეთურთა ბელადი (პრიმაზიუსი).
 
 
***
 
 
1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
 
 
ეშმაკის სიცრუე
   
როდესაც ამ ვარსკვლავზე მსჯელობს, იოანე მხედველობაში აქვს მრავალი ადამიანის სხეულები, რომლებიც დანაშაულთა გამო გარდამოცვივდნენ ციდან. და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა. ამ უფსკრულის ჭის გაღებაში უნდა ვიგულისხმოთ ცრუ დოგმატები, რომლებიც ისე ამწყვდევს ადამიანებს საკუთარ თავში, რომ მათთვის მიუწვდომელი ხდება ჭეშმარიტების სინათლის ჭვრეტა. შესაძლოა, ეშმაკი ეცემა ციდან და იღებს უფსკრულის ჭის გასაღებს, გახსნის პირს გმობისთვის და ასავლის თავის ნაწილს, რომ არა ღვთის მიმართ, არამედ მისკენ მიმართონ თავიანთი ნება.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
ჭეშმარიტება ბნელში
 
უფსკრული და ჭა - გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც ინახავენ ცოდვებს საიდუმლო ადგილას, ანუ გულში ფარავენ მანკიერებას, მასინაც კი, როცა ეკლესიაში არიან. ვფიქრობ, რომ ისინი მიიღებენ იმ ჭის გასაღებს, რომლის მეშვეობითაც გახსნიან გულის წყლულებს და აშკარად იმხილებიან. რადგან, მოციქულის სიტყვის თანახმად: თქვენში განხეთქიელებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის (1 კორინთ. 11:19). რადგან, როდესაც ცდომილება წარმოიშობა, მაშინ ჭეშმარიტებაც უფრო სრულად იქადაგება, ფარული ფარისევლობა და ცდომილება უფრო ადვილად გამოაშკარავდება, რათა რწმენის სიწმინდე იქნას დაცული. რადგან ამ დაცემულთა წიაღიდან ხშირად გამოდიან სქიზმატები და ერეტიკოსები, რომელთა შესახებაც ეკლესია სამართლიანად ამბობს ქებათა ქებაში: დედაჩემის ძენი შემომწყრნენ (ქება 1:5).
 
პრიმაზიუს ადრუმენტელი, გამოცხადების განმარტება.

 
ვარსკვლავი - ღმრთის ანგელოზია
 
ვარსკვლავში იგულისხმება ღვთის ანგელოზი, რომელიც უფლის დაშვებით გამოგზავნილია, რათა ადამიანთ დასჯის მიზნით გაათავისუფლოს ბოროტი დემონები და უფსკრულიდან ამოიყვანოს ისინი, ვინც უფალმა შეკრა თვისი განკაცებით, მხოლოდ სამყაროს აღსასრულამდე რომ აღასრულონ თავიანთი ბოროტი საქმეები, შემდეგ კი საუკუნო სატანჯველში ჩაცვივდნენ. ეშმაკების შეკვრასა და შემდეგ გათავისუფლებაზე საუბარია სხვაგანაც: ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა დახსნილ იქნება საპყრობილიდან (აპოკ. 20:7) აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს (იოანე 12:31).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ერეტიკოსთა მტრობა
   
მეხუთე საყვირი ერეტიკოსთა, ანტიქრისტეს ამ წინამორბედთა გააფთრებაზე მეტყველებს.
 
ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
 
 
გააღო უფსკრულის ჭა - ეს ნიშნავს: მან გვიჩვენა თავისი გული ცოდვის მიმართ ყოველგვარი შიშისა თუ სირცხვილის გარეშე. და ამოვარდა კვამლი ჭიდან - ანუ ადამიანებისგან, რომლებიც ეკელსიას აბნელებენ, როგორც ეს ნათქვამია: და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისგან. იოანემ თქვა, რომ მზე დაბნელდა, მაგრამ არ გამქრალა, რადგან ბოროტი ან ამპარტავანი ადამიანების ცოდვებმა, რომლებიც ამქვეყნად ყველგან არიან, დააბნელეს მზე - ანუ ეკლესია. ზოგჯერ ისინი აბნელებენ წმინდანებსა და მართლებსაც, რადგან ბოროტი ადამიანების რიცხვი იმდენად დიდია, რომ ხშირად ძნელად გამოჩნდებიან მათ შორის კეთილი ადამიანები.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
უფსკრულის ჭის ქვეშ იგულისხმება გეენია (ჯოჯოხეთი) ხოლო კვამლი - ეს არის იმ ბრძოლათა წყვდიადი, რომელიც ადამიანთ დასასჯელად ჩამოწვება ქვეყნიერებაზე. ადამიანებთან ამ ბრძოლის სათავეში დგანან ეშმაკები, რომელთაც უფლისგან მიეცემათ ძალაუფლება ადამიანთა დასჯისა მათი ბოროტი საქმეების გამო. დაბნელდა მზე და ჰაერის ჭის კვამლისგან - მზისა და ჰაერის დაბნელება დაღუპულ ადამიანთა სულების დაბნელებას, ანუ სულიერ სიბრმავეს ნიშნავს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.
 
 
ბოროტების ძალები
 
კალიის გუნდის ქვეშ იოანემ აღნიშნა სულიერი და მოწინააღმდეგე ძალები, რომლებსაც ჩვენ ვცნობთ, როდესაც ისინი ჰაერში დაფრინავენ ადამიანებისთვის ვნების მოტანის მიზნით.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
კალიის გუნდი - კვამლიდან გამოდის. ერეტიკოსები, როგორც ჩანს, როგორც კვამლი, ისე ადიან ზეცად, როდესაც თავიანთი სწავლებით პირველობას ელტვიან, მაგრამ კვამლის მსგავსად იფანტებიან. ამ კვამლზე საუბარია, როგორც ბოროტ ადამიანებზე: სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი (სიბრძნ. 2:2). საღვთო წერილში ნათქვამია, რომ ბოროტი ადამიანები ბოროტს განიზრახავდნენ თვით სიბრძნის - უფალ იესუ ქრისტეს წინააღმდეგ, და ისინი, როგორც აქ არის აღწერილი, იბრძვიან მისი ეკლესიის წინააღმდეგაც, ხოლო მათი ჯარი პირით ვნებს და ანადგურბს მწვანე მცენარეულობას და ხეებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტებები.
 
 
4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.

 
მიწის ბალახის ქვეშ იგულისხმებიან მცირენი, რომლებიც ქრისტიანული რწმენის რძით იკვებებიან; მწვანილის ქვეშ - ისინი, ვინც საკუთარ თავში იწყებენ სათნოების ცოცხალი ყლორტის გაზრდას, რომელთა ნაყოფი არ დაჭკნება, არამედ მრავალდ იქნება; ხეები წარმოადგენს ეკლესიის იმწევრებს, რომლებმაც უკვე მოიტანეს სულიერი ნაყოფი. პირველთ შესახებ ნათქვამია: დედამიწის განმვრცობი წყლებზე (ფსალმ. 135:6), ანუ ნათლობის წყლებზე; მეორეთა შესახებ - ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ (ფსალმ. 64:11); მესამეთა შესახებ - მე, ვითარცა ამწვანებული ზეთის ხილის ხე ღმერთის სახლში (ფსალმ. 51:10). ყოველი მათგანისგან შედგება რჩეულთა ის სიმრავლე, რომელთა ვნებაც აკრძალული აქვს კალიის გუნდს, გარდა იმ ხალხისა, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე, რადაგნ, მოციქულის სიტყვით, ყველას როდი აქვს რწმენა (2 თესალონიკ. 3:2). ნათქვამია, რომ მათ მზე დაჩრდილეს, მაგრამ არ დააბნელეს, რადგან ურჯულოების სიმრავლის გამო სიყვარული ბევრში შეიძლება გაცივდეს (შეად. მათე 24:12. - რედ.). როგორც დაწერილია, ღვთის მყარი საფუძველი დგას, როდესაც აქვს ეს ბეჭედი: იცის უფალმა, ვინაა მისი და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს (2 ტიმ. 2:19).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.
 

მართალთა წამება
   
ხუთი თვე - ტანჯვის ჟამის სიმოკლეს, ანუ დასჯის ხანმოკლეობას აღნიშნავს. რადგანაც, რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერრცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი (მათე 24:22), როგორც ჩვენი უფალი ბრძანებს. ეს შეიძლება მივუსადაგოთ ხუთ ხორციელ გრძნობას, რომელთა საშუალებითც ადამიანის სულში შედის ცოდვა. არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე _ ეს ნიშნავს, რომ ყვლა ქმნილება ხრწნადობისგან თსვისუფლდება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
რადგან ეკლესია ორი ნაწილისგან, - კეთილი და ბოროტი ადამიანებისგან შედგება, ერთი ნაწილი მოიწყვლება, რატა გასწორდეს, მეორე კი დარჩება თავისდა სიამტკბილობად. კეთილთა ნაწილი გადაეცემა დამცირებას ღმრთის სამართლიანობის შესაცნობად და სასჯელთა შესახსენებლად, როგორც წერია: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი (ფსალმ. 118:12).
 
და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ეშმაკი ვნებების ან ცოდვების მეშვეობით ადამიანებს შეასმევს შხამს (შეად. მათე 24:12. - რედ.).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა
 
 
ხუთი თვე
   
კალია ადამიანებს მორიელებივით რომ კბენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ საქმეთა დასასრულ დგება სულიერი სიკვდილი, რომელსაც ექვემდებარება ყველა, ვისი პირიც აღბეჭდილი არ არის ღმრთის ბეჭდით და არა განათლებულ არს სულიწმიდის მიერ ცხოველმყოფელი ჯვრის ნათლით ისე, რათა, უფლის თქმით, მათი ნათელი უნათებდეს ადამიანებს საღმრთო სახელის სადიდებლად (შეად. მათე 5:16 - რედ.). წამების ხუთი თვე ჩვენი აზრით ნიშნავს, რომ ის ან არახანგრძლივია, ან კიდევ, უფლის თქმით, რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი (მათე 24:22), - ან კიდევ გარკვეული დრო ხუთეულად შეეფარდება ხუთ გარეგან გრძნობას, რომლითაც შემოდის ცოდვა ადამიანში, ან კიდევ ეს არის განსაზღვრული დროება, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მწვალებელთა უძლურება
   
რამდენიც გინდ მხარს უჭერდეს მწვალებლებს საერო ხელისუფლება და, თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში აწამოს კეთილი ქრისტიანები, მაინც, უფლის თქმით, სულთა მოკვდინება მათ არ ძალუძთ (შეად. მათე 10:28 - რედ.). ხუთი თვე უდავოდ ნიშნავს ხუთ გრძნობას, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ. სხვა თარგმანში საუბარია ექვს თვეზე, რაც შეესაბამება ადამიანის ცხოვრების ექვს პერიოდს (პრიმაზიუსის ტექსტში ლაპარაკია ექვს თვეზე - რედ.). ... როგორც მორიელი შხამს გამოსცემს კუდიდან, ასევე ბოროტეულთა უკეთურება მოწყლავს უკნიდან, როდესაც შემპარავად მოგვიწოდებს, ვამჯობინოთ უკანა მხარე, - ანუ წარმავალი სიკეთენი, - წინა მხარეს, ანუ საუკუნო სიკეთეს".
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.
 
 
სიკვდილი - გათავისუფლება
   
სიკვდილს მოსვენებად თვლიან. ამრიგად, ისინი სიკვდილს დაუწყებენ ძებნას არა იმისათვის, რომ მოკვდნენ, არამედ რათა ბოროტისგან დაისვენონ, ვიდრე ბოროტეული ბიწიერების აღსასრული დადგება. მათ სურთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოკვდნენ ცოდვისთვის და გაცოცხლდნენ, - მოციქულის თანახმად, - ღმერთისთვის (რომ. 6:11). მოციქული ამბობს: სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ. სურთ მოიქცნენ უკეთესისკენ, რათა ჰპოვონ სიმშვიდე ცოდვის ზემოქმედების შემდეგ. ამრიგად, სიკვდილი გვისხლტება, როდესაც ცოცხლები ვართ, და ჩვენ ნამდვილად ვკვდებით, სანამ ცოდვების მარწუხებისგან ვთავისუფლდებით.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ამ სიტყვებით ნაჩვენებია დიდი და მოწამეობრივი ტანჯვა, რადგან ტანჯვაში მყოფი ადამიანებისთვის ბუნებრივია სიკვდილის ნატვრა. მაგრამ სიკვდილი არ მოდის, რადგან ეს საქმეა ღვთისა, რომელსაც თავისი გამომხსნელი მიზანი აქვს - უბედურებათა სიმწარით ადამიანებისთვის საძულველი გახადოს და მოაუძლუროს ცოდვა, რომელიც მათ უბედურებათა მიზეზთ-მიზეზია.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.
 
8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.
 
 
მწვალებლობები
 
კალიებისა და ცხენების სახით, რომლებიც იყვნენ საომრად გამზადებულნი, იოანე ასახავს მავნე მოძღვრების შემქმნელებს, რადგან როგორც კალია არის ვნები მომტანი პირით, ისე მათ მოაქვთ დაღუპვა თავიანთი ქადაგებით, როგორც წერია: მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს (საქმე 20:29). და კიდევ იმიტომ, რომ ცხენების მსგავსად, ისინი მოულოდნელად ამოირბენენ მოსახვევში, რათა ასეთი სამხედრო ეშმაკობით მრავალი აცდუნონ დ დაღუპონ. იგი მართებულად გვიჩვენებს, რომ, თუკი პირი მხილებულია ცრუ მოძღვრების სწავლების გამო, მაშინ მორთულობაც ქალური და განაზებული ექნება, სული კი - ცდუნებებს დახარბებული. ამიტომ მოციქული ამბობს: სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს (2 ტიმ. 3:6) და ა. შ. ამ სიტყვებით მან ასახა მაცდუნებელიც და მაცდურიც - არა მხოლოდ ზედმეტად მიმნდობი, არამედ ზნეობითაც ბილწი ადამიანები, რადგან ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთნი იყვნენ ერეტიკოსები. მრავალ ერეტიკოსს სწყალობდნენ ქალები: მაგალითად, პრისკილა და მაქიმილა - მონტანს და ლუცილა - დონატოს. ლომის ღოჯებს, როგორც წესი, არა მარტო გლეჯა ძალუძთ, არამედ თვისი ბუნებით მყრალი სუნი აქვთ და რადგან ისინი დარბიან ირგვლივ ცხენებივით, რათა მქადაგებლის წარმავალი დიდება მოიპოვონ, მათი დიდება სამარტლიანად შედარებულია მყრალ სუნს, როგორც მოციქული ამბობს, ქრისტეს სურნელი ვართ (2 კორინთ. 2:15). აქ კი მავნე სწავლების მყრალი სუნი შედარებულია ლომის ხახიდან ამოსულ მყრალ სუნთან.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
   
დემონები
 
ზოგიერთნი (ანდრიას მხედველობაში ჰყავს ეკუმენიოსი - რედ.), ზემოთ და შემდგომ ნათქვამის მიზეზით, კალიაში მოიაზრებდნენ ღმრთის დამსჯელ ანგელოზებს, რომლებიც მეტაფორულად გამოისახებიან ყოველ გამოთქმაში ან შიშისა და ძრწოლის გამო, ან სისწრაფისა და სასჯელის გამო, რომლებიც გეენაში სჯიან ტანჯვის ღირსთ. მე კი ვფიქრობ, რომ კალიების ქვეშ, სავარაუდოდ, ეშმაკები მოიაზრებიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად. თავზე ოქროს გვირგვინები კი გამარჯვების ნიშანია, რომელთაც ჩვენ ვადგამთ, როდესაც ვიძლევით მათგან, ვემორჩილებით მათ მათივე ნების აღსრულებით. დიაცთა თმები სახეა მათი ავხორცობისა, სიძვისა და საძაგელ გულისთქმათადმი ჩვენი მიზიდულობისა. ლომის ღოჯები - მათ კაცისმკვლელობას აღნიშნავს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.
 
10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.
 
   
ცრუწინასწარმეტყველნი
 
ის კუდებს უწოდებგს წინამძღოლებს, რომლებიც მოსწყდნენ რა ეკლესიის თავს, ქრისტეს, პირველები უკანასკნელნი შეიქნენ. ანალოგიურად, ღმერთმა ღირსეულად მიიჩნია ესაიას პირით მოეცა განმარტება: მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი; შესაძლოა, კალიების ძალა იგივეა, რაც ცრუ წინასწარმეტყველთა პიროვნული თვისება, რომლებიც არ წყვეტენ ეკლესიაზე თავდასხმას ცრუ სიტყვითა და შხამით სავსე სწავლებებით.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
როდესაც იოანე ამბობს, რომ ადრე მცირედნი წინ გაუშვეს ცხენებით, ახლა ისინი უკვე მრავალრიცხოვანნი გამოჩნდნენ ეტლებით, მას მხედველობაში აქვს სხვადასხვა შეხედულებათა გამრავლება, ან ცდუნებულთა რიცხვის გაზრდა. ისინი ებმებიან ბრძოლაში, რადგან სიცრუის მქადაგებლები ებრძვიან ჭეშმარიტებას, ებრძვიან ერთობას, და მათ შესახებ მსგავსი სიტყვებით თქვა მოციქულმაც: როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი (2 ტიმ. 3:8), და ა. შ.
 
ჩვენ გვახსოვს ესაიასთან ნათქვამი: მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან (ესაია 9:14-15). ამით ის აცხადებს, რომ ამ ადამიანებს სურთ პირველობა იმაში, რასაც ყველა წმინდანი და ჭეშმარიტების მოძღვარი მთელი ძალით ცდილობდა გაქცეოდა, ანუ ამ წუთისოფლის დიდებას და ბოროტი ცდომილების ქადაგებას. როდესაც იოანე ამბობს, რომ (ცდომილების მქადაგებლებს) ხუთი თვის განმავლობაში კუდში ჰქონდათ ძალა, ის გულისხმობს, ამ დროებით არსებობას, სადაც სიცრუეს შეუძლია ჰქონდეს ძალა, როდესაც ატყვევებს უვარგის ხალხს და დროებით სტანჯავს სულიერ ადამიანებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცოდვათა შედეგი
   
თუკი საცნაური კალიის ხმაური ედრება ცხენმრავალ ეტლთა გრიალს, ვფიქრობთ, მათი სიმაღლისა და სისწრაფის მიზეზით, რადგან, როგორც ღვთაებრივი დავითი ბრძანებს, მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით (ფსალმ. 55:3). ხოლო ის, რომ ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი უთითებს ცოდვათა შედეგზე, რომელიც შობს სულიერ სიკვდილს: ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს (იაკობი 1:15).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.
 
 
მეფე-წარმწყმედელი
   
უფსკრულის ანგელოზი - არის შემაკი, რომელიც ხელმწიფებს წუთისოფლის მეფეთა შორის.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
მათ მეფეში უნდა ვიგულისხმოთ ეშმაკი, რომელიც ჭეშმარიტად წარწყმიდავს მისდამი მორჩილთ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სახიერი ღმერთი თავისი საიდუმლო, მაგრამ სამართლიანი მსჯავრით, მათ წინაშე აგზავნის მაცნეს, ღირსს იმისა, რათა იყოს მათი წინამძღოლი, რამეთუ ვინც რითი იძლია, იმისი მონა ხდება. ამიტომაც მოციქული ამბობს, რომ ისინი ძღვანებულ იქნებიან უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო (2 თესალონიკ. 2:10-12). ასე რომ მისი საქმიანობის თვისება შეესაბამება მის სახელს - წარმწყმედელი (ებრ.: "აბადონი" და ბერძნ.: "აპოლიონი").
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.
 
იოანემ იწინასწარმეტყველა, რომ მოვა სამი ვაება, რომელთაგან ერთი უკვე გამოვლინდა მწვალებელთ მზაკვრობაში, ახლა კი შეგვახსენებს, რომ დარჩა კიდევ ორი, რომლებიც ანტიქრისტესა და საუკუნო სამსჯავროს დროს თავს დაატყდება ცოდვილთ.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
აპოკალიფსისი
მეექვსე ანგელოზის საყვირი
 
9:13-21
 
 
ახ. ქართ.:
 
13. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე;
 
14. და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა.
   
15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა.
   
16. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი.
 
17. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
 
18. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა.
 
19. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს.
   
20. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული.
 
21. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
   
 
ძვ. ქართ.:
 
13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა,
 
14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.
 
15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ.
 
16. და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი.
 
17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ.
 
18. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა.
 
19. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ.
 
20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად.
 
21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
 

 
***
 
 
მიმოხილვა: მეექვსე ანგელოზის საყვირი - უკანასკნელი ქადაგება და ომის დაწყება ეკლესიის წინააღმდეგ (ტიკონიუსი, ბედა პატივდებული), რომელმაც ქედი არ მოიდრიკა სატანის წინაშე (კესარიუს არლელი, პრიმაზიუსი). დემონები აღაშფოთებენ ერებს მართალთა გამოსაცდელად და უკეთურთა დასასჯელად (ანდრია კესარიელი). მწვალებლები ამოფარებულები არიან ქრისტეს სახელს, მაგრამ მათი დასასრული გარდაუვალია (პრიმაზიუსი). დემონები მართავენ ადამიანებს, როგორც მწვალებლებიც იმათ, ვინც მათი ძალაუფლების ქვეშაა (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, კესარიოს არლელი). ცოდვა მოეწევა მთელ ქვეყანას (ანდრია კესარიელი), და წარმართები თავიანთ ცდომილებებში მოკვდებიან (ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
13ა. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა
 
 
დასასრულის ქადაგება
 
ნათქვამია, რომ ერთმა ვაებამ გადაიარა და მეექვსე ანგელოზის საყვირის ხმა გაისმა: ეს არის ბოლო ქადაგების გამოცხადება მეექვსე პერიოდის ქადაგებისა.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
მეექვსე საყვირი მეტყველებს ანტიქრისტესა და მის მომხრეთა მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე და - უფლის მოსვლაზე თხრობის განმეორების შემდეგ - ამ მტრის დამარცხებაზე.
 
მეექვსე ანგელოზი განასახიერებს მათ, ვინც წინასწარმეტყველებენ უკანასკნელ განსაცდელებზე, სახარების წინასწარმეტყველების თანახმად, და გვაუწყებს ანტიქრისტეს სიცრუის შესახებ.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
13-14 და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა.
 
 
ეკლესია და სახარება
   
ოქროს საკურთხეველში, რომელიც არის ღვთის წინაშე - ეს უნდა გვესმოდეს, როგორც ეკლესია, რომელმაც უკანასკნელი ჟამის დევნის დროს გაბედა ყველაზე დაუნდობელი მეფის სიტყვებისა და ბრძანებების უგულებელყოფა და განეშორა მათ, ვინც მას ემორჩილებოდა.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ეჭვგარეშეა, რომ ოქროს საკურთხევლის რქები - ეს არის სახარების არსი, რომელიც ეკლესიის სხეულიდან წინ გამოდის.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
გამომცდელი დემონები
   
სავარაუდოდ, ესენი არიან ქრისტეს მიერ შეკრული ეშმაკები, რომლებიც უფლის დაშვებით ზეციური საკურთხევლიდან გადმოვიდნენ, რომლის სახესაც წარმოადგენდა ძველი საწამებელი კარავი. ისინი ღმერთმა გამოუშვა, რათა ააღელვონ ხალხი, აღძრან წარმართები არა მარტო ქრისტიანთა წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგაც, რათა ამის საშუალებით გამოვლინდეს, ვინ არის გამოცდილი, ღვთის ერთგული და, ამდენად, ჯილდოს ღირსი. მწიფე ხორბლის მსგავსნი. ცოდვილნი და მოუნანიებელნი კი - აქაც დაისჯებიან სამართლიანად, რათა უკანასკნელ სამსჯავროზე სასჯელი ცოტათი შეუმსუბუქდეთ... მდინარე ევფრატზე შეკრულინი რომ იყვნენ, ამაში საკვირველი არაფერია, რადგან ღვთის განგებით, გარკვეულ ჟამამდე ისინი დასჯილნი იყვნენ სხვადასხვა ადგილას განთავსებით (ერთნი - უფსკრულში, მეორენი - ღორებში), რათა ადამიანთა წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის აღსასრულის ჟამს საუკუნო ცეცხლში დაისაჯონ. ან იქნებ იმიტომ ახსენა ევფრატი, რომ იმ ადგილიდან გამოვა ანტიქრისტე. რაც შეეხება მათ რიცხვს, წმინდანები ამბობენ, რომ მათით სავსეა ჰაერი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა.
 
 
ეკლესიის დგომა
   
იოანე თანდათანობით გვიცხადებს, შესაბამისი გამოთქმის მოშველიებით, ოთხ დროს, რომლის განმავლობაში ცდევნა გაგრძელდება, ანუ სამი წელი და ექვსი თვე. ამიტომ თქვა მან - საათს, დღეს, თვესა და წელს - რადგან დღე თანდათან სრულდება საათებით, და თვეები დღეებით და, რა თქმა უნდა, წლები თვეებით. ის იყენებს გამოთქმას მზად არიან, ეშმაკისა და მისი ანგელოზების ბუნების აღსანიშნავად, რომლებიც მუდმივად მტრობენ ქრისტეს ეკლესიას და გამოუდმებით სურთ ავნონ მას. ამასთან, საღვთო ძალა არ უშვებს, ავნონ მას იმ ზომით, რამდენადაც მათ სურთ. მან მართებულად თქვა კალიების შესახებ, რომ ისინი გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ (აპოკ. 9:7). ახლა, როდესაც ის ამბობს, რომ ანგელოზები გაათავისუფლეს, ამბობს, რომ ხედავს ცხენებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იოანემ ისაუბრა ოთხ ანგელოზზე, რადგან ეს დევნა გამძვინვარდება ქვეყნის ოთხ კიდეზე. ესენი არიან ანგელოზები, რომლებიც მან მანამდე იხილა დედამიწის ოთხ კუთხეში, რომლებსაც აეკრძალათ ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, სანამ ღვთის მონები არ აღიბეჭდებოდნენ ბეჭდით. ბოროტ სულებს, რომლებსაც ყოველ საათსა და წუთში სწყურიათ ადამიანთა დაღუპვა, ამის შემდეგ ნება მიეცემათ, უფრო თავისუფლად დაღუპონ ისინი, რათა ეკლესია გაძლიერდეს, მაგრამ თავის დროზე ისინიც დაიღუპებიან. როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებენ ისინი, როდესაც თავისუფალნი იქნებიან, როდესაც შეკრულნიც კი ამდენ ვნებას გვაყენებენ?
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
16. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი.
 
 
და რიცხვი მათი მხედრობისა - რვა ათასი (ასეა პრიმაზიუსთან - "აპოკ." რედ.) <... > იოანე კვლავ მრავალგვარი საშუალებით მიგვანიშნებს უკეთურთა შეკრებაზე. შემდეგ ის ლაპარაკობს რვა ათასზე. მსგავსად იმისა, როგორც რიცხვი ექვსია სრულყოფილი, ის გვაძლევს სამოცწლიანი მართლების სახეს - მაგალითად, ვკითხულობთ: სამოცი დედოფალია (ქებათა ქება 6:8), - ასე ზოგჯერ რიცხვი რვა გამოიყენება ცუდი აზრით. რადგან ის აღმოცენდება ოთხის ოთხთან დაკავშირებით სხეულის ცნობილი თვისებებიდან გამომდინარე, რომლებიცაა - სიცივე და სითბო, სინესტე და სიმშრალე, ან ოთხი ვნებიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად თან სდევს ადამიანს ამ ცხოვრებაში: შიში, ლტოლვა, წუხილი და სიხარული. ისინი, ორმაგდებიან ორი სქესის არსებობის გამო, და ხდება რვა. ეს რიცხვი, გამრავლებული ათზე, ხდება ოთხმოცი. უკანასკნელი კი გარკვეულწილად წარმოადგენს უკეთურ მხედართა ნაწილს, რომლებიც აღდგებიან ქრისტეს სხეულის, ანუ ეკლესიის წინააღმდეგ. ამის გამო მოცემული მუხლი გრძელდება სიტყვებით: ოთხმოცია ხარჭა (ქებათა ქება 6:8). ანუ ისინი შეერთებულნი არიან არა სჯულიერი კავშირით, არამედ ყალბით, რაც არის კიდევაც ყველა მწვალებლობის თვისება, რომლებიც დროებით მისდევენ რწმენის საიდუმლოთ, ამოფარებულნი არიან ქრისტეს სახელს; როგორც ხარჭები, რომლებიც ყოველთვის იმყოფებიან სახლში, მწვალებლებიც იმედოვნებენ, რომ ქრისტეს სახელისგან მიიღებენ წუთიერ მოგებას ან ძალაუფლებას, ან კიდევ შექებას ხალხისგან...
 
სხვა თარგმანში, რომელსაც განმარტავს ტიკონიუსი, მოცემულია: რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი ... ვიქრობ, ამ თარგმანშიც წარწყმედილ ადამიანთა ასეთივე ნაწილი ასეა აღნიშნული. რადგან ბევრნი ბევრთანი (ძვ. ქართ. – "აპოკ." რედ.), - ეს არის ოცი ათასი. ეს ხომ ის რიცხვია, რომელსაც უფალი ასახელებს მეფის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ათი ათასი მეომარი (შეად. ლუკა 14:31 - რედ.), ანუ ქრისტიანთა უბრალოებას წინ აღუდგება ორჯერ მეტი უკეთური.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება (წმ. კესარიუს არლელი და ღირ. ბედა მისდევენ ტიკონიუსის განმარტებას - რედ.)
 
 
17 ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
 
 
მწვალებელთ და დემონთა სიმბოლოები
   
ცხენები არიან ადამიანები, ხოლო მხედრები - მზაკვარი სულები. ვინაიდან, როგორც კარგი გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ: შენს ცხენებზე, ანუ წინასწარმეტყველებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი (ამბაკ. 3:8), ასევე აქ, პირიქით, ეს სახელი ასოცირდება ბოროტ დამღუპველ სულებთან... და მართალია, კალიებს საერთო არაფერი აქვს ცხენებთან და ცხენებს კალიებთან, ისევე როგორც ლომებთან, მაგრამ თითოეული მოხმობილი სახე გამოიყენება ერეტიკოსი ადამიანების აღსანიშნავად. აბჯრის აღწერა და მისი დახასიათება მიანიშნებს უკეთურთა დასჯაზე, რადგან ვკითხულობთ, რომ მათ, ვინც მხეცს ემსახურება, ცეცხლი და გოგირდი დაატყდებათ თავს და კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი-უკუნისამდე (აპოკ. 14:11).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცხენები, ვფიქრობ მექალთანე ან პირუტყვსმიმსგავსებულ ადამიანებზე მიანიშნებს, ან კიდევ დემონთა ძალაუფლებას დაქვემდებარებულთ; მხედრები ­- მართავენ მათ, რადგან მათში ჩვეულებრივი ამბავია არა მარტო ურთიერთსამსახური, არამედ ბოროტეულთა გამოყენებაც, როგორც იარაღისა მათ მსგავს ადამიანთა წინააღმდეგ.
 
 
ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი - ჰაერის მსგავს მათ ბუნებასა და სულთა დამწველ განზრახვებზე მიუთითებს. ცბიერი სულების მოღვაწეობა, კაცისმკვლელობა და სიმხეცე ლომთა თავების სახითაა წარმოდგენილი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
18-19. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს.
 
 
ეშმაკის მსახურები

მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი - ანუ მათი პირებიდან გამოვიდა ღმრთისმგმობი მკრეხელობანი. ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ. კუდებად ჩვენ მივიჩნევთ მეთაურებს, ხოლო თავებად - ამა სოფლის თავადთ. მათი დახმარებით ვნებს ეშმაკი ადამიანებს, მათ გარეშე კი არ ძალუძს: რადგან (წუთისოფლის თავადები) ადამიანებს ვნებენ მით, რომ აწესებენ ცუდ და მკრეხელურ კანონებს, ან კიდევ მათში იგულისხმებიან მღვდლები, რომლებიც სიცუდეებს ასწავლიან.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.


მათი პირებიდან გადმოფრქვეული ცეცხლი, კვამლი და გოგირდი ბოროტად (გესლიანად) შთაგონებულ, სულთა მომსვრელ გულისთქმათა და ცდუნებათა სახეა, რომელთაც ისინი ადამიანებს მოუვლენენ. მათგან ადამიანთა მესამედი გაწყდება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.


20-21. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.


ცოდვა მოწყლავს მთელ მსოფლიოს
   
დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ. ეს სრულიად შეესაბამება ადრე ნათქვამს. რადგან, ახსენა რა, რომ ამ სამი წყლულებით მოწყდება ადამიანთა მესამედი, იოანე შემდეგ ამატებს, რომ იმავეს დაექვემდებარებიან ყველა ისინიც, ვინც შეწყალებულ იქმნენ, მაგრამ მაინც არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, ... არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი. აქედან აშკარა ხდება, რომ ცოდვა მოიწევა მთელ ქვეყანაზე: რამეთუ ჭეშმარიტების შემმეცნებელ ხალხთა შორის ჭარბობენ და ბობოქრობენ ყველაზე მრავალგვაროვანი ცდომილებანი: ერთნი კერპებს სცემენ თაყვანს, სხვები - ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, კიდევ სხვები, აღიარებენ რა ღმერთს, საქმეებით შორდებიან მას და, გარეგნულად თავს მოაჩვენებენ რა ღვთისმოსავებად, ღმრთის ძალას უარყოფენ, თავიანთი ვერცხლისმოყვარეობით კი ემსახურებიან მამონას, რომელსაც გმობს ღვთაებრივი მოციქული, როდესაც ამბობს: ანგარება, ... არის კერპთმსახურება (კოლას. 3:5).
 
მაშ, დაე, ჩვენი საქმეებით ვაჩვენებთ რა ღმრთისადმი ჩვენი რწმენის სიწმიდეს და გულწრფელობას, ნუ მოვისმენთ საშინელ ხმას, რომელიც ამბობს: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ (მათე 25:12), და შემდეგ: შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი (ლუკა 13:27). სარამედ დე ვისმინოთ ასეთი ნეტარი და სანუკვარი ხმა: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან (მათე 25:34), მადლითა, კაცთმოყვარებითა და მოწყალებითა ქრისტე ღმრთისა ჩვენისა, რომელმაც ნებსით ჯვარცმა დაითმინა ჩვენთვის.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წარმართთა ურწმუნოება
 
რადგან იოანემ უკვე აღწერა ცრუ-ქრისტიანები და მწვალებლები, ახლა, რათა მონიშნოს ეშმაკის მთელი სხეული, წარმართთა ცდომილებებსაც მიმართავს, რომლებიც ვერაფრით იხსნიან თავს ამ წყლულებათაგან, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ადრინდელივით მისდევენ თავიანთ წარმართულ გარყვნილებებს. ეს მიმდევრობა არ უბიძგებს წარმართთ მოქცევისკენ, რის გამოც ამოწყდებიან თავიანთ ურწმუნოებაში.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому