აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
მეშვიდე ბეჭდის მოხსნა
8:1-6
ახ. ქართ.:
1. და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
2. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
4. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.
5. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.
6. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.
ძვ. ქართ.:
1. და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.
2. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.
3. და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა.
4. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.
5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.
6. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.
***
მიმოხილვა: მეშვიდე ბეჭედი - არის ჟამი მშვიდობისა (ტიკონიუსი), დიდებისა და კეთილდღეობისა (ეკუმენიოსი), ზეციურისკენ გადასვლის დრო (ანდრია კესარიელი), მშვიდობა განსაცდელების შემდეგ (ბედა პატივდებული). შვიდი ანგელოზი - ეკლესიაა, რომელიც ქრისტეს მოსვლას ქადაგებს (ტიკონიუსი, ეკუმენიოსი). ეკლესია - ქრისტეს სხეულია, რომელსაც მინიჭებული აქვს ძალაუფლება (ტიკონიუსი). საშინელი ხილვები - არის ნიშნები უფლის მოსვლისა და ეკლესიის სათნოებებისა (ეკუმენიოსი, კესარიოს არლელი). ანგელოზი - მღვდლის ხატია (ანდრია კესარიელი). შვიდი ანგელოზი ანადგურებს ანტიქრისტეს (ვიქტორინე პეტავიელი). საყვირები მოასწავებენ ღმერთის მოსვლას (ტიკონიუსი, ბედა პატივდებული, ეკუმენიოსი).
***
1. და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
მსაჯულის მოსვლა
ზეცას, ანუ ეკლესიაში; დუმილი ნახევარი საათის განმავლობაში - ეს ნიშნავს მარადიული მშვიდობის დასაწყისს.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მეშვიდე ბეჭდის ახსნა ყველაზე სრულყოფილ დიდებას შექმნის ჩვენთვის; ეს ნიშნავს არა ცოდვების მიტევებას, როგორც ადრე, არც ჩვენს მიქცევას ღვთისკენ და ღვთისა - ჩვენკენ, არამედ დაუშრეტელ სიკეთეს - რათა ღვთის ძეებად, ღვთის მემკვიდრეებად, ქრისტეს თანამემკვიდრეებად, ძმებად და მეგობრებად, ქრისტეს შვილებად ვიწოდებოდეთ, და ის, რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში (1 კორინთ. 2:9). რა არის მეშვიდე ბეჭდის ახსნა? - მეორედ მოსვლა და სიკეთის მიგება. მართალია, ზოგიერთი ცოდვილი დაისჯება, მაგრამ ქრისტეს განკაცების მიზანი და მნიშნელობა მაინც ის არის, რომ ყველა მისი სამეფოს მემკვიდრე გახდეს. და აი, როდესაც მეშვიდე ბეჭედი აიხსნა, როგორც ნათქვამია, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას, რა თქმა უნდა, რამდენადაც ყველა ქმნილების მეუფე მოვიდა და ყოველი ზემიწიერი, ანგელოზური ძალები უფლის დიდების სიუხვით აივსო, შესაბამისად, დუმილიც ჩამოვარდა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წმიდა იოანე ხშირად ახსენებს ამ წმინდა რიცხვს (შვიდს), რადგან იგი გამოხატავს ამ საწუთროს და სამომავლო მარადიულ განსვენებას. შვიდი ანგელოზის მსახურება უკეთურთათვის სასჯელის მიგებით გამოიხატება, ხოლო დუმილი აღნიშნავს ანგელოზთა სამყაროში არსებულ იერარქიულ წესრიგს და იმას, რომ მეორედ მოსვლის შესახებ არც მათ უწყიან. ხოლო ნახევარ საათში მოიაზრება ის მცირე ხანი, როდესაც მოიწევა უბედურება ანტიქრისტეს მეუფების გამოჩენის წინ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
დღე სიმშვიდისა
ჩვენ გვწამს, რომ ანტიქრისტეს დაღუპვის შემდეგ ეკლესიაში გარკვეული დროით მშვიდობა გამეფდება, რის შესახებაც დანიელი ასე წინასწარმეტყველებდა: ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს! (დანიელი 12:12). იმავეს შესახებ ნეტ. იერონიმე ასეც ამბობს: "ნეტარია ის, ვინც ანტიქრისტეს დაღუპვის შემდეგ ელის კიდევ ათას ორას ოთხმოცდაათ დღეს, ანუ სამ წელიწად ნახევარს, და კიდევ ორმოცდა ხუთ დღეს, რადგან მაშინ მოვა თავისი დიდებით უფალი და მაცხოვარი" (ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება. 4.12.12). მაშ, რატომ დაისადგურებს დუმილი ორმოცდახუთი დღით ანტიქრისტეს დაღუპვის შემდეგ, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. თუკი ჩვენ მთელი განსაზღვრულობით არ ვიტყვით, რომ წმინდანთა სამეფოს მოსვლის გადავადება - ეს მოთმინების გამოცდაა. მიაქციე ყურადღება: მეექვსე დღეს ჩვეულებრივ ეკლესიისთვის ყველაზე მძიმე განსაცდელები მოიწევს, ხოლო მეშვიდე დღეს სიმშვიდე დგება. ასე იყო უ ფალიც, მეექვსე დღეს ჯვარცმულმა, შაბათს განისვენა, და აღდგომის დღეს დაელოდა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
2. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.
ქადაგების საყვირი
შვიდ ანგელოზში ჩვენ კვლავ ეკლესიას ვხედავთ წინმსწრობი წესის შესაბამისად, რომელიც ხშირად სამყაროს გამოსახატავად მიმართავს შვიდობით რიცხვს. ნათქვამია, რომ ეკლესიამ მოიპოვა ქადაგების ყველაზე ხმამაღალი საყვირი, და გვწამს, რომ როდესაც ის გაიმარჯვებს, ყოველი საუკუნე იწამებს; რადგან ვკითხულობთ: ხმამაღლა იყვირე, ... ბუკივით აღიმაღლე ხმა (ესაია 58:1).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მკვდართა გამოღვიძება
შვიდი ანგელოზს შვიდი საყვირი მიეცა, რათა ჩაებერათ მეფის მოახლოებისას. ამავე საყვირებმა უნდა გამოაღვიძოს მიცვალებულნი, რადგან, საღვთო ცოდნის მხრივ უბრძენესმა მოციქულმა თესალონიკელთა პირველ ეპისტოლეში თქვა: თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობით და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით (1 თესალონიკ. 4:16); და ასევე: რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი (1 კორინთ. 15:52).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
3. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
4. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.
სინდისის გაწმენდა
იოანე ამბობს, რომ შვიდ ანგელოზს მიეცა შვიდი საყვირი და, მისივე თქმით, მოვიდა სხვა ანგელოზიც. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი შვიდი ანგელოზის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ მან ერთდროულად იხილა ისინი და როდესაც ანგელოზი შემოვიდა, იმ შვიდმა აიღო საყვირი, ანუ: როდესაც უფალი ქრისტე გამოჩნდა, მისმა ეკლესიამ მიიღო ქადაგების ნიჭი. რადგან, როგორც ჩვენ გვესმის, იგი თვითონ ავიდა სამსხვერპლოზე, ანუ ეკლესიაზე, რომელიც სავსებით აღიარებულია მისივე მღვდლობის სხეულად, რომლის შესახებაც პეტრე ამბობს: რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი (1 პეტ. 2:9).
ფლობდა რა ოქროს სასაკმევლეს, ანუ უბიწო სხეულს, რომელიც ჩასახული იყო სულიწმიდის მორჩდილებით, რომელიც მან კეთილსურნელოვან მსხვერპლად და შესაწირავად შეწირა ღმერთს ქვეყნის გამოსასყიდად, მან გაწმინდა ყველას სინდისი სიკვდილის სიმძიმილისგან. ასევე ამბობენ, რომ იგი იღებს და წარმოგზავნის წმინდანთა ლოცვებს, რადგან მისი წყალობით არის შესაძლებელი ყველას ლოცვამ მიაღწიოს ღმერთამდე საუკეთესო გზით.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
წმინდანთა ლოცვა
იოანე საკურთხეველს სასაკმევლესთან აიგივებს, რადგან ის საკმეველს იღებს. და აი, როდესაც ქრისტე გამოჩნდება, მას, როგორც ერთგვარ საპატიო შესაწირავს, ანგელოზები, რომლებიც ჩვენი წინამძღოლები არიან, წმინდანთა ლოცვებს წარუდგენენ. ეს ლოცვები ბუნებით კეთილსურნელოვანია, მაგრამ ეს კეთილსურნელება ძლიერდება წმინდა ანგელოზების დახმარებით. ამიტომაც ნათქვამია, რომ მიეცა დიდძალი საკმეველი. როგორც ჩანს, ანგელოზებს ღვთისგან მიეცა ხალხის ხელმძღვანელობა, რათა მისთვის სათნო ყოფილიყვნენ. ხოლო როდესაც წმინდანთა ლოცვები შეიწყნარეს, ისინი მათ კეთილსურნელებას სძენენ. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით. გაიაზრეთ: ანგელოზთა მეოხებით წმინდანთა ლოცვების კეთილსურნელება ღმერთამდე აღწევს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
სულიერის სიმბოლო
საკურთხეველი, რომელზეც მყარდება ყოველგვარი საღვთისმსახურებო და წმიდა ძალა და, რომელზეც შეიწირება მოწამეობრივი მსხვერპლი, არის ქრისტე. ქრისტეს წინასახეს სამსხვერპლო წარმოადგენდა, რომელიც უფალმა მოსეს მთაზე კარავთან ერთად უჩვენა (გამ. 25:9; ებრ. 8:5 - რედ.); ანგელოზი დადგა საკურთხევლის წინაშე. მას ჰქონდა სასაკმევლე და საკურთხველზე შესწირა იგი, რომელიც არის წმინდანთა ლოცვის კეთილსურნელება. ანგელოზთა მხედრობა უფლის ტახტის წინაშე ჰგიეს, რადგან ღმერტი უხვად აფრქვევს მათზე თავისი სიყვარულის მხურვალებას, გულისხმისყოფისა და სიბრძნის ნიჭს. ისინი მარად ღვთის წინაშე არიან და მას ემსახურებიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ქრისტეს მსხვერპლი
დადგა რა საკურთხევლის წინ, ის დადგა ეკლესიის წინაშე, თვითონ კი იყო სასაკმევლე, რომლისგანაც ღმერთმა შეიწირა კეთილსურნელება და მოწყალება მოიღო სამყაროზე. ტექსტის სხვა ვარიანტში ჩვენ ვკითხულობთ საკურთხეველზე, რადგან ჯვრის საკურთხეველზე შეწირა მან ჩვენთვის თავის მამას ოქროს სასაკმევლე, თავისი უბიწო, წმიდა სულით ჩასახული სხეული. ... ქრისტემ, შეწირა რა საკუთარი თავი უფლისთვის სათნო მსხვერპლად, წმინდანთა გულების ჭმუნვაც წმიდა მსხვერპლად აქცია, რომელიც მისაღებია ღმრთისთვის, რადგან შინაგანი ცეცხლისგან იბადება, და როგორც კვამლი, ჩვეულებისამებრ ცრემლთადენას იწვევს.
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
როდესაც აპოკალიფსისში საუბარია ანგელოზზე, რომელსაც საკმეველი მიაქვს, რათა ამით შეეწიოს წმინდანთა ლოცვებს, ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს მადლს, რომელიც ანგელოზს მოჰყავს მოქმედებაში. ეს მადლი ქმნის ჭეშმარიტი ლოცვის ცოდნას. ასე რომ, გონება საბოლოოდ გათავისუფლდება ყოველგვარი დაბნეულობის, ნაღველისა და დაუდევრობისგან.
ევაგრე პონტოელი.
5. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.
ანგელოზები - მოწმეები
უფალმა მიიღო სხეული, ანუ ეკლესია, და შეასრულა რა მამის ნება, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით, ანუ შეკვრისა და გახსნის ძალით (შეად. მათე 16:19. - რედ.), რომელიც გულისხმობს ღვთისადმი მსხვერპლშეწირვასა და შეწყალების გამოთხოვნას. ამიტომ, აგრეთვე, ნათქვამია: რომელმან შექმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა (ფსალმ. 103:4).რადგან მათით იღებს ეკლესია მთელ ძალას ცასა და დედამიწაზე, სანამ აღასრულებს ღვთისადმი შესაწირავს, როდესაც, უპირველეს ყოვლისა, უფალი თავს გვიძღვნის, ხოლო წმინდანებს მიაქვთ თავიანთი ხორცი, როგორც ცოცხალი წმინდა მსხვერპლი. და იგი აგზავნის მათ დედამიწაზე, რადგან ეკლესიის ქადაგების შედეგად მოდის მოწმობა ქვეყნისთვის (ღვთის) მომავალი რისხვის შესახებ, როგორც ზაქარია ამბობს: გავხდი იმ დღეს იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად (ზაქ. 12:6).
და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. - ეს ყველაფერი სულიერი საგნებია, დაკავშირებული ეკლესიასტან, რაც არის ხმა მგმობელთა, მუქარის გამომხატველთა, იქედნეს ნაშობთა, ანუ (შეძახილი) - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი (მათე 3:2). გრიგალი ქრისტიანული რწმენის მაუწყებელია; ელვა სიფხიზლის სათნოებაა; მიწისძვრა - დევნის გამომხატველია, რომლის მოწევნაც წინასწარ უწყებულია და სხვადასხვა დროს დაითმინება.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
შემდეგ, მისი სიტყვებით, აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი ღმრთის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა (ციტატა ორიგინალის ტექსტში შეცვლილია - რედ.). შესაძლებელია, რომ სწორედ ღვთის ეს ცეცხლი გადმოათხია სინას მთაზე ერთ-ერთმა ანგელოზმა, და იქმნა გრგვინვა და გრიალი, საყვირთა ხმა, ელვა და მთა კვალმა დაფარა, რადგან ღმერთი მოვიდა (იხ. გამ. 19:16-19. - რედ.). შესაძლოა, როგორც მაშინ იყო ელვა და შიშისმომგვრელი ხილვები, ისინი ახლაც უფლის დიდებით გამოჩენას მოასწავებენ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის სათნოებები
უფალმა მიიღო სხეული, ანუ ეკლესია, და მამის ნების შესასრულებლა აავსო იგი სულიწმიდის ცეცხლით. და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. - ეს ყველაფერი ეკლესიის სულიერი ქადაგება და სათნოებებია.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ანგელოზები და მღვდლები
ცხადია, აქ დასჯა ლოცვის შედეგია: უფალი თავისი ერთგული მონების ლოცვას უყურადღებოდ არ ტოვებს. ღვთის წინაშე ანგელოზის ხელით შეწირულმა წმინდანთა ლოცვებმა უფლის რისხვის ცეცხლი ზეციდან გადმოაფრქვიეს ურწმუნოთა და უკეთურთა მიმართ. გრგვინვა და გრიალი - ამ სიტყვებით აღინიშნება ის საშინელებანი, რომლებიც ბოლო ჟამს მოიწევა.
ანგელოზის მიერ აღვლენილი წმინდანთა ლოცვები, რომლებმაც სასაკმევლე სასჯელთა ცეცხლით აავსო, გადმოინთხევა დედამიწაზე, როგორც ეს ოდესღაც იხილა ეზეკიელმა (ეზეკ 10:6-7. - რედ.): აიღო რა ამ ცეცხლისგან, ერთმა ქერუბიმმა გადასცა იგი ანგელოზებს, რომლებიც წარგზავნილნი იყვნენ იერუსალიმის უკეთურ მცხოვრებთა მოსაწყვედად. ამ ანგელოზის სახეს წარმოადგენს ნებისმიერი იერარქი, როგორც შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, რადგან ზოგზე ის ლოცვას ღმრთისკენ აღავლენს, სხვებზე წყალობა გადმოჰყავს, შემცოდეთ კი ჭკუას არიგებს ან მკაცრად სჯის.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ქრისტეს ბუნება
იოანემ კარგად თქვა, რომ სასასკმევლო აივსო ცეცხლით. ვინაიდან ღმერთო ზომით როდი იძლევა სულს (იოანე 3:34). და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება სავსეა (ცეცხლით), რომელშიც მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება (კოლას. 2:9).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
6. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.
ანტიქრისტეს გამანადგურებლები
იმას, რომ ეკლესიის ლოცვებს ანგელოზი ზეციდან წარმოგზავნის, ისინი კი შეიწყნარებიან და აცხრობენ მრისხანებას, იმას, რომ ანტიქრისტეს სამეფოს წმინდა ანგელოზები აბნელებენ, ვკითხულობთ სახარებაში: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. რადგან იქნება მასინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. და რომ არ შემოკვლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი (მათე 26:41; 24:21-22; მარკოზი 13:19-20; 14:38; ლუკა 22:46). ეს ნიშნავს, რომ უფალი წარმოგზავნის ამ დიდებულ შვიდ მთავარანგელოზს ანტიქრისტეს სამეფოს მოსასპობად, რადგან თვითონ ამბობს სახარებაში: მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე (მათე 24:31). და მანამდე ამბობს: და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებსი, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. დამწყემსავენ აშურის ქვეყანას (ანუ ანტიქრისტეს - რედ.), მახვილით და ნიმროდის ქვეჰყანას მის კართან (მიქა 5:4-5) (აშური და ნიმროდი ანტიქრისტეს ტრადიციული სიმბოლოები არიან - რედ.). - ანუ ეშმაკის საწყევრად. ეკლესიასტეც ანალოგიურად ამბობს: ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი (ეკლეს. 12:3). თვით უფალი კი ასე ამბობს: მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი? ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში (მათე 13:27-30). აპოკალიფსისი აქ მიუთითებს იმაზე, რომ მომკალნი და მონები მთავარანგელოზები არიან.
საყვირი არის ძალაუფლების სიტყვა. და თუმცა იოანე კვლავ უბრუნდება (შვიდი ანგელოზის სახეს სიუჟეტში) თასებით, არ ამბობს, რომ თითქოს ეს უკვე მოხდა; მაგრმ რადგან, რაც ერთ დღეს მათთვის უნდა მოხდეს, დადგენილია (ღმერთის მიერ), რომ ეს უნდა მოხდეს, ამიტომ ამის შესახებ ორჯერაა ნათქვამი.
ამრიგად, ყველაფერი, რაც მან საყვირების მაგალითში მოკლედ გამოხატა, თასების მაგალითში (იხ. აპოკ. 15:7-16:20 - რედ.) უფრო სრულად წარმოაჩენს.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
ერთიმეორის მიყოლებით შვიდივე ანგელოზის მიერ ჩაბერილ საყვითა ხმებს ქვეყნიერების აღსასრულის წინ დატრიალებული უბედურებანი ახლავს თან, სასჯელები მიწისა და მისი მცხოვრებლებისთვის. ანგელოზები ამ შემთხვევაში იქნებიან უფლის ნების მსახურნი, როგორც კეთილი მკურნალები, რომლებიც ცოდვისგან დაუძლურებულებს სრულიად განკურნავენ თავს დატეხილ უბედურებათა დათმენის მიერ და საუკუნო (მარადიულ) სატანჯველს ამ ხანმოკლე საწუთროშივე სასჯელის მიზღვით შეუმსუბუქებენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის ქადაგება
შვიდსახოვანი სულით ანთებული ეკლესია სასოებით მოემზადა ქადაგებისთვის, რათა ზეციერი საყვირის ხმით დაემხო ამქვეყნიური დიდება, როგორც იერიქონის კედლები. აკი შვიდდღიანი შემოვლა ქალაქის გარშემო ეკლესიის დროის სისავსის სიმბოლოა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ღმრთის მოსვლა
შემდეგ ანგელოზებმა ჩაჰბერეს საყვირებს და აუწყეს ღმერთის მყოფობა; რადგან იმ დროსაც საყვირებით აუწყებდნენ დიდ მოვლენებს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
პირველი ანგელოზის საყვირი
8:7
ახ. ქართ.:
7. პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.
ძვ. ქართ.:
7. და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა.
***
მიმოხილვა: ცეცხლი და სისხლი - ღმრთის რისხვა (ტიკონიუსი); მომავალ საუკუნეში ტანჯულნი იქნებიან დედამიწის მცხოვრებთა მესამედზე მეტი (ანდრია კესარიელი). საყვირის ხმა - ომის დასაწყისია, სისხლი - სულის სიკვდილი (ბედა პატივდებული). ეკლესიის მტერი - ორმაგია: ცრუზმები და მწვალებლები (ტიკონიუსი).
***
7ა. პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული,
ღმრთის რისხვა
ცეცხლსა და სისხლში ის აღნიშნავს ღმრთის რისხვას, რომელის შესჭამს მრავალ უკეთურს.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
აქ, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, მითითებულია ცოდვილთა ტანჯვაზე გეენაში, რაც ხშირად გრძნობითი სატანჯველების სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მომავალ საუკუნეში დაიტანჯება არა მთელი კაცობრიობის მესამედი, არამედ უფრო მეტი, რადგან ნათქვამია: ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად (მათე 7:13), რადგან ამით აღინიშნება წყლულები, რომლებიც იქნება სამყაროს აღსასრულს. სეტყვა - უთითებს იმაზე, რომ სასჯელი მოვა ზეციდან ღმრთის სამართლიანი მსჯავრით; ცეცხლი სისხლში არეული - მიუთითებს ქალაქების გაღატაკებაზე, ხანძრებსა და შიდა ომებზე, რომლებიც გაჩაღდება ბარბაროსების (ურწმუნო და ბოროტი ადამიანების) მიერ. ამ ომების დროს განადგურდება დედამიწაზე მყოფი ყველა ცოცხალი არსების არანაკლებ მესამედი. ომების დროს ნადგურდება არა მარტო ადამიანები, არამედ ყოველგვარი მიწიერი ქმნილება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
7ბ. თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.
უბედურებათა ქადაგება
პირველი საყვირის ხმა (ეკლესიის ქადაგება) აღნიშნავს ყველა ბოროტეულის განადგურებას ცეცხლითა და სეტყვით, უბედურების ქადაგებას სამართლიანად ადარებენ საყვირის ხმას, რაც ომის დაწყებას აღნიშნავს. საღვთო წერილში ნათქვამია: ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული (ესაია 58:1). და სხვა ადგილას: პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს (ოსია 8:1). წინასწარმეტყველის ხმა გვიცხადებს, რომ გეენა არის სასჯელი სისხლიანი საქმეებისთვის: გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს (იობი 24:19). სიტყვა სისხლი ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც სულის სიკვდილი (1).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
________________
1. ძველად სულში გულისხმობდნენ არა მარტო ადამიანის გონიერ ნაწილს, არამედ მთლიანად, სულისა და სხეულისგან შედგენილ ადამიანს. ამიტომ სულის სიკვდილი - ეს არის ფიზიკური სიკვდილიც. - რედ..
________________
ორმაგი ბოროტება
ცეცხლითა და სისხლით იგი აღნიშნავს ღვთის რისხვას, რომელიც შთანთქავს მრავალ ბოროტეულს. აქ მიწაში იგულისხმება ყველაფერი, რაც მიწასთან არის დაკავშირებული; ხეები წარმოადგენს ურწმუნოებით მყოფ მერყევ ხალხს, რომელსაც თითქოს იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი (ეფეს. 4:14), მათ შესახებ მოციქული იუდაც საუბრობს: შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი (იუდ. 1:12). და მწვანე ბალახი, როგორც ნათქვამია ესაიასთან, არის ხორცი, ფუფუნებით ნაპატიები: ბალახია ყოველი ხორციელი (ეს. 40:6). ამასთან, მართალია, იოანემ ადრე დაადგინა, რომ სამი მეოთხედი ემტერებოდა ერთს 9რაც ეკლესიას აღნიშნავს), მაგრამ აქ მან შეამცირა ეკლესიის მტრების წილი ორ მესამედამდე, კერძოდ: ერთი მესამედი მათ შორის, ვინც ეკლესიის შიგნით შერეულია ღვთისმოსავებთან, არიან ცრუ ზმები, სხვები კი - ისინი, ვინც წარმართული ცდომილებით, მანკიერი მწვალებლობებითა და ღია განხეთქილებით გამოეყვნენ მათ.
ამრიგად, ეკლესია (ანუ ერთი მესამედი) იბრძვის ორმაგი ბოროტების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ერთეული ეწინააღმდეგება ორმაგს. ამრიგად, სახარების თანახმად, მეფე ათი ათასი ჯარით გამოვიდა ოცი ათასისი წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე აღგვითქვა ღმერთმა ზაქარიას პირით: მთელ ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ აიხსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიანი ისინი: უფალია ჩემი ღმერთი (ზაქ. 13:8-9).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მეორე ანგელოზის საყვირი
8:8-9
ახ. ქართ.:
8. მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
9. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა.
ძვ. ქართ.:
8. და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ,
9. და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა.
***
მიმოხილვა: ცეცხლით მოლაპლაპე მთა - ეს არის ეშმაკი, ზღვა კი - ქვეყანა (ტიკონიუსი) სისხლი - ხორციელი სიბრძნე, რომელიც სულს ღუპავს (პრიმაზიუსი). ეშმაკი გაფანტავს და წარწყმედს მცხოვრებთა მესამედს (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მკვდარი ნაწილი - სულიერად მკვდარი და ღმრთის სასუფევლისგან განდრეკილი ხალხია (ტიკონიუსი).
***
8. მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
ეშმაკის ცეცხლი
როდესაც საუბრობს ცეცხლით მოლაპლაპე მთის შესახებ, იოანე გულისხმობს ეშმაკს, რომელიც შთანთქავს მას, ვინც მას დაუახლოვდა. უზარმაზარი კი იმიტომ ეწოდება, რომ ის ანგელოზია სხვა ანგელოზთა შორის და თვითონაც ქმნილებაა. ზღვას ის ქვეყანას უწოდებს, სადაც ციდან ჩამოვარდნილ ეშმაკს ხედავდა, თითქოს ცეცხლით მოლაპლაპეს.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მთა, ცეცხლით მოლაპლაპე არის ეშმაკი, ხალხებში წარმოგზავნილი. ზღვის მესამედი სისხლად იქცა - სისხლი არის ხორციელი სიბრძნე, რომელიც ღვთის მტრობაა (პრიმაზიუსი ამ ადგილას იყენებს ტიკონიუსს - რედ.). ასეა მასზე ნათქვამი, რადგან მისი წყალობით ადამიანის სული იღუპება. ამიტომ მოციქული ამბობს: ხორცის ზრახვა სიკვდილია (რომ. 8:6).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ამით, ზოგიერთთა მოსაზრებებთან შეთანხმებით (ანდრია კესარიელი გულისხმობს ეკუმენიოსს - რედ.), დასტურდება, რომ აღდგომის შემდეგ ზღვა მასში მცხოვრებლებთან ერთად განმწმენდელი ცეცხლით დაიწვება. თუკი მესამედ ნაწილზე მითითება აქ შეუფერებელია, რადგან, როგორც ნათქვამია, დაიტანჯება უფრო მეტი, ვიდრე გადარჩება, ამგვარი შეუთავსებლობა შეიძლება გაუქმდეს, თუკი ამ სიტყვებს განვაკუთვნებთ აწინდელ ცხოვრებას, რომელიც სიმბოლურად ზღვადაც იწოდება. ... მთა, ჩვენი აზრით, ეშმაკს ნიშნავს (ანდრია პირველი ბერძენი კომენტატორია, რომელიც მთის ამგვარ გაგებას გვთავაზობს - რედ.), რომელიც, ჩვენზე გააფთრებული და საგეენიოდ შეპყრობილი, როცა მიუშვებენ გაფანტავს და დაღუპავს ზღვის კუნძულთა, მასში მოცურავე ხომალდთა და ზღვაში მცხოვრებთა მესამედ ნაწილს, როგორც ოდესღაც იობზეც დაუშვა; რადგან ის (ეშმაკი), ღმრთის სამართლიანი მსჯავრით, მტერია და შურისმგებელი, ვინაიდან "ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა" (2 პეტრე 2:19). დაბოლოს, არაფერია უცნაური და გონებასთან შეუთანხმებელი, თუკი სულიერი სიკვდილი მოევლინება მათ, ვინც ზღვაში (ანუ წუთისოფელში - "აპოკ." რედ.) გმობენ სამებას თავიანთი ცხოვრებითა და სიტყვით.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მეორე საყვირი აღნიშნავს ეკლესიიდან ეშმაკის გაძევებას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერად აღაგზნებს ამ სოფლის ზღვას. ქრისტიანული რელიგიის ზრდასტან ერთად, ამპარტავნობით გაბღენძილი და თვისივე ბოროტების ცეცხლით მოგიზგიზე ეშმაკი ამ სოფლის ზღვაში იქნება ჩაგდებული, უფლის სიტყვის თანახმად: თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაშიო ჩავარდიო, და მოხდება აგრე (მათე 21:21). ეს არ ნიშნავს, რომ ის აქამდე იქ არ ყოფილა, მაგრამ ეკლესიიდან გაძევებული კიდევ უფრო განრისხდა თვისი მიმდევრების წინააღმდეგ, როდესაც სულიერი სიკვდილი მოუტანა მათ ხორციელი სიბრძნის ქედმაღლობით. აკი ხორცის ზრახვა სიკვდილია (რომ. 8:6). მოციქულებს არა ხორცი და სისხლი, არამედ ზეციური მამა (შეად. მათე 16:17. - რედ.) განსწავლიდა. ისინი სარწმუნოების ხომალდს მართავდნენ იმ ზღვაზე, რომელზეც უფლის ნატერფალებმა გაიარეს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
9. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა.
სულიერად მკვდარნი
ნათქვამი - სულდგმულთა მესამედი, - როგორც ჩანს, მათ სულიერად მკვდრებად წარმოგვიდგენს, ისევე როგორც მოციქული ამბობს ქვრივის შესახებ: განცხრომისმოყვარე კი ცოცხლადვე მკვდარია (1 ტიმ. 5:6). ამიტომაც ჟღერს (ეს მონაკვეთი) ასე, თითქოს ერთმა მესამედმა დაღუპა მეორე მესამედი - მავნე გადმოცემით და ფუჭი სწავლების მიბაძვით.
სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ სულდგმულთა მესამედი დაიღუპა, იგი გულისხმობს სულიერად მკვდარსა და ღვთის სამეფოს მოწყვეტილ ადამიანებს. და ფრინველთა მესამედიც დაეცა. ამ შემთხვევაში, დაიღუპა ის მესამედი, რომელიც ზღვაშია, ან მეორე მესამედი დაიღუპა თავისი სიკვდილიტ. იგი აღწერს ეშმაკს და მათ, ვინც ეშმაკს შეეკრა, რომლებიც ფრინველებივით ფრენდნენ, თავიანთი ხრიკებით აცდუნებდნენ ან სურდათ ეცდუნებინათ ყველა ადამიანი მთელ ქვეყანაზე.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მესამე ანგელოზის საყვირი
8:10-11
ახ. ქართ.:
10. მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა.
11. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ.
ძვ. ქართ.:
10. და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა.
11. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.
***
მიმოხილვა: დიდი ვარსკვლავი - ეშმაკი ან ქრისტესგან განდგომილნი (ტიკონიუსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). მესამე საყვირი - მწვალებელთა ნიშანი, რომლებიც ამახინჯებენ წმიდა წერილს (ბედა პატივდებული). აფსინთი - ცოდვის სიტკბოება, რომელიც გამწარდა (ტიკონიუსი, პრიმაზიუსი).
***
სიმაღლიდან დაცემა
ვეება ვარსკვლავის ქვეშ ის გულისხმობს ეშმაკს, რომლის შესახებაც უფალი სახარებაში ამბობს: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან (ლუკა 10:18). შესაძლოა, ეს განცხადება ეკლესიურ ხალხს ეხებოდეს, ვინც ცხოვრობს რა ეკლესიაში სულიერი ცხოვრებით, დაივიწყეს საკუთარი თავი და, მიეჯაჭვნენ რა მიწიერს, პირუტყვთა მსგავსად, დაეცნენ თავიანთი ძალაუფლების სიმაღლიდან. მათ მსგავსთა შესახებ საღვთო წერილში ვკითხულობთ: ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს (ფსალმ. 48:13).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები
ის ამბობს, რომ ადამიანები ციდან ცვივდებიან, ანუ ისინი ეკლესიას განუდგებიან, ვინც ხალხის თვალში კარგი დამსახურებით ბრწყინავენ (აქ პრიმაზიუსი მისდევს ტიკონიუსს - რედ.) და, შესაბამისად, მათ ადარებენ ვარსკვლავებსა და ლამპრებს. მოციქული იუდა მათ გმობს, როდესაც ცდომილ ვარსკვლავებს უწოდებს (იუდა 1:13), რადგან ისინი გვაცდუნებენ თავიანთი ზედაპირული სიკაშკაშით. უფალმა ისინი შეადარა განზოგილ საფლავებს (შეად. მათე 23:27 - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ადამიანთა ჭირვება
ზეციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი არის ზეციდან მომავალი ღვთის რისხვა. ეს ვარსკვლავი მიუთითებს იმაზე, რომ ის, რაც ადამიანებზე აღსრულდება, ყველაფერი ზეციდან მოდის. მეორე განმარტებით, იგი შმაკს აღნიშნავს, რომელზეც ესაია ამბობს: როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! (ეს. 14:12). რადგან იგი სიამეთა მახეში აბამს ადამიანებს, ვნებათა წარმავალი სიტკბოებით ათრობს და რყვნის ადამიანთ სულებს. ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით, მათ "თან ახლავს იმედგაცრუებათა სიმწარე". ღმერთი მტანჯველ მწუხარებას მოუვლენს ცდუნებულ ადამიანებს. იგი თავის სასჯელს ყველაზე არ ავრცელებს, არამედ მხოლოდ მესამედზე. მას მთელი კაცობრიობის დაღუპვა არ სურს, რაც ღვთის უდიდესი სულგრძელობისა და მოწყალების გამოხატულებაა.
ცოცხლად დარჩენილებს კი სამყაროს აღსასრულის წინ აუსრულდებათ ყოველი სიმწარე, ხილული, რომლის დადგომა ჩვენს შესაგონებლად ზუსტად განგვიმარტა უფალმა. თუკი არ გვსურს დავისაჯოთ, მაშინ საკუთარი თავის განსჯა გვმართებს, რადგან, ღვთაებრივი მოციქულის თქმით: ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი (1 კორინთ. 11:31). ხოლო ვიქნებით რა განკითხულნი, უნდა დავისაჯოთ უფლის მიერ და მადლობით მივიღოთ ჭირვებანი, მსგავსად იმისა, როგორც გონიერი ავადმყოფები გამოჯანმრთელების იმედით მოთმინებით იტანენ დაავადებებს, მტკივნეულ ექიმობას და კვეთებს. ამიტომაც, თუ სულიერად ჯანსაღნი ვართ და არ გვსურს იოტისოდენაც დავუთმოთ ცეცხლის გეენას, უნდა ველტვოდეთ იმას, რომ ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ (1 კორინთ. 11:32), არამედ მარადის ქრისტესთან ერთად ვიმეფოთ, რომელსაც დაუსაბამო მამასთან და ყოვლადწმიდა სულთან ერთად ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, სიდიადე და ბრწყინვალება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
წმიდა წერილის დამახინჯება
მესამე საყვირი აღნიშნავს ეკლესიიდან განდგომას ერეტიკოსებისას, რომლებიც აბინძურებენ წმიდა წერილის წყალს. ერეტიკოსები, რომლებსაც მოციქული იუდა ცდომილ ვარსკვლავებს უწოდებს (იუდ. 1:13), ეკლესიის ზენიტიდან ვარდებიან და ცდილობენ თავიანთი გარყვნილების ცეცხლი შეურიონ საღვთო წერილის წყლებს. მათ არ ეშინიათ დაამახინჯონ არა მხოლოდ მისი მნიშნეოლობა, არამედ ხშირად სიტყვებიც. მათ დამსახურებულად ეწოდება აფსინთი, რადგან მის მხოლოდ მცირედ ნაზავს შეუძლია გაამწაროს უამრავი სიტკბოება.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
მდინარეთა და წყაროს წყალთა ქვეშ იგი წარმოგვიდგენს საღვთო წერილის მასწავლებლებს, რომლებიც სხვებს ასწავლიან, მაგრამ თავად გადაუხვიეს ჭეშმარიტების გზიდან. აფსინთი უდავლოდ აღნიშნავს ცოდვის სიმწარეს ან სიტკბოს, რომელსაც სიკტბოება მოაქვს მათთვის, ვისაც იგი სწყურია, შემდეგ კი გაუმწარდებათ".
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
დიდი სიმწარე
რადგან დიდებულ ადამიანთა დაეცმა ბევრს შეაძრწუნებს, იოანე ამბობს, რომ მდინარეებისა და ტბების ნაწილს დაეცა ვარსკვლავი, რომლის სახელია აფსინთი; ეს სახელი ნიშნავს "დიდ სიმწარეს". ჩვენ ვიცით, რომ მათი დაცემისას ბევრი კარგავს სიმტკიცეს და ცდუნდება, და ცუდ მაგალითს მისდევს. იოანემ მართებულად შეადარა ეს აფსინთს: თუ მწარე აფსინთის მცირე ნაწილი შეერია ტკბილ სსმელს, მთელი სასმელი გამწარდება. წმინდა წერილი ამის შესახებ სხვაგანაც საუბრობს: მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე! იერ. 2:21).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სიკვდილი წყალთაგან
ხალხის მესამედი დაემსგავსა ვარსკვლავს, რომელიც მას დაეცა. და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ - ხალხი ამოწყდა წყალთაგან - როგორც ჩანს, ისინი უნდა ვიგულისხმოთ, ვინც ხელახლა მოინათლა.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
მეოთხე ანგელოზის საყვირი
8:12-13
ახ. ქართ.:
12. მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.
13. მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
ძვ. ქართ.:
12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.
13. და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!
***
მიმოხილვა: მნათობთა მესამედი ნაწილის მოწყვლა - მართალთა და მწვალებელთა გამოვლენა (ბედა პატივდებული). მფრინვალე ანგელოზი (არწივი) - სულიწმიდა ან ეკლესია (ვიქტორინე პეტავიელი, ტიკონიუსი, პრიმაზიუსი). ეკლესიის მოძღვრები ქადაგებენ განკითხვის დღეზე, ეშმაკის სისასტიკეზე და მწვალებელთა ცოდვაზე, რომლებსაც თავს დაატყდებათ ღვთის რისხვა (ბედა პატივდებული).
***
8:12 მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.
ღმრთის შვილები და ეშმაკის მსახურები
მზე, მთვარე და ვარსკვლავები არის ეკლესია, რომელთა მესამედიც მოისრა. რადგან მესამედი არის სახელწოდება და არა რაოდენობა. აკი ეკლესიაში არის ორი ხალხი, ანუ - ღვთისა, რომელიც შედარებულია ნათელს, და ეშმაკისა, რომელიც ჩრდილების წყვდიადით არის გარშემორტმული, საღვთო წერილის თანახმად: წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს (ოს. 4:5). ამიტომ ეს ნაწილი განადგურდა, რათა ნათელი გამხდარიყო, თუ ვინ არის ღვთისგან და ვინ ეშმაკისგან. ისინი თავიანთ ცოდვებსა და ზრახვებს შეატოვეს, რათა მანკიერებანი, რომლებსაც ფარავდნენ, გამომჟღავნებულიყო და ცნობილი გამხდარიყო ყველა ადამიანისთვის.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მეოთხე საყვირი გვიჩვენებს ვარსკვლავთა დაბნელებას, ცრუ ძმების განდგომას. ეკლესიის სილამაზეს, რომელიც ვარსკვლავივით ანათებს, ხშირად აბნელებენ ცრუ ძმები, რომელთა განდგომის გამო, ხელსაყრელი ვითარებისა თუ ამსოფლიური განსაცდელების მიზეზით, ის ნაკლებად ანათებს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ეს ემსგავსება იოველ წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელთაც იგი ამბობდა ღვთის განგებით დაშვებულ დასასრულზე: მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი (იოვ. 2:10). მესამედი ღვთის რისხვის ზომიერებაზე მიუთითებს. მზისა და ვარსკვლავების მესამედი დღისა და ღამის მესამედი ნაწილის გაგრძელებას უჩვენებს. დღის მესამედი ტანჯვას ეთმობა, უფრომეტი ნაწილი კი - შვებას. აქედან ცხადია, რომ უფალი უბედურებებს თანდათანობით და შენელებულად მოავლენს, რაც ემსახურება ადამიანთა საიდუმლო მოწოდებას სინანულისკენ. რადგან უფლის რისხვის სასმისი თუ არ განზავდა მისი მოწყალებით, ისე ვერავინ შეძლებს მის მიღებასა და ატანას.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
13. მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს (1) და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
____________________
1. გამოცხადების წიგნის ძველ ხელნაწერებში, ასევე ვულგატაში მოცემულია aquila, არწივი, და არა ანგელოზი, როგორც ეს თანამედროვე გამოცემებშია, რაც ცხადი ხდება შემდგომი განმარტებებიდან. - რედ.
____________________
უბედურებათა მოახლოვება
შუა ცაში მფრინავი არწივი აღნიშნავს სულიწმიდას, რომელიც ორი წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოწმებს, რომ დიდი რისხვა და უბედურება ახლოვდება, რათა იქნებ ვინმემ მაინც შეძლოს ხსნა, თუმცა კი ეს უკანასკნელი ჟამია.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
არწივით, რომელიც მან დაინახა, შუა ცაში მფრინავი, იგი აღნიშნავს ღვთის სიტყვას, რომელიც მიემართება ეკლესიის შუაგულში და აცხადებს ბოლო ჟამის უბედურებებს.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ეკლესიის სიმბოლო
იოანე ამბობს, რომ არწივმა, მოიძულა რა მიწიერი, სწრაფი ფრენით ზეცისკენ გაემართა. იგი საუბრობს ეკელსიაზე, რომელიც შუა ცაში დაფრინავს. ეკლესია, რომელიც მთელ ქვეყანაზე იბატონებს და ამბობს: ჩვენი მოქალაქეობ ცაშია (ფილიპ. 3:20). გასაგებია, რატომ არის ნათქვამი - შუა, რადგან ნათქვამია: ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნა (ფსალმ. 75:12), და ღმერთი ყევლაფერს ხედავს შუიდან: ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე (ფსალმ. 73:12); უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე (ფსალმ. 124:2).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მართალთა ტანჯვა
არწივს ანგელოზს უწოდებს. მისი ეს საზარელი ხმა ამოწმებს საღვთო ანგელოზების კაცთმოყვარეობასა და თანაგრძნობაზე. მათ ეცოდებათ ადამიანები, რომლებიც ცოდვათა მოუნანიებლობის გამო ასეთ უბედურებაში ჩაცვივდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ სატანჯველთა საშუალებით მოიქცევიან ღმერთისკენ. რადგან უბედურება და ტანჯვა ამ ქვეყანაზე, მომავალ ცათა სასუფეველში უჭკნობი გვირგვინებისა და ჯილდოების მიღების მიზეზია (იხ. ფლპ. 3:20 - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მწვალებელთა უკეთურება
ამ არწივის ხმა ყოველდღე აღწევს ეკლესიის გამოჩენილი მოძღვრების პირით, როდესაც ისინი წინასწარმეტყველებენ ერეტიკოსთა ბოროტების შესახებ, ანტიქრისტეს სისასტიკისა და განკითხვის დღის შესახებ, რაც მთელი სიმძიმით დაატყდება თავს მათ, ვისაც მიწიერი უყვარს, როდესაც ამბობს: უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი, კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი (2 ტიმ. 3:1-2), და შემდეგ სხვა ადგილას: და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით (2 თესალონიკ. 2:8); და ასევე: დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი (1 თესალონიკ. 5:2-3).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.