აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
თავი 7
ას ორმოცდა ოთხი ათასი მართალი
7:1-8
ახ. ქართ.:
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
2. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:
3. ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.
4. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
5. იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,
6. ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,
7. სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,
8. ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
ძვ. ქართ.:
1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.
2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ:
3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.
4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა:
5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი,
6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი,
7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი,
8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.
***
მიმოხილვა: უფლის ჯვარცმისთვის იუდეველთ თავს დაატყდებათ უბედურებანი (ეკუმენიოსი). აღწერილი ჭირვება მთელ დედამიწაზე გავრცელდება (ანდრია კესარიელი). ოთხი ანგელოზი - სამეფო, სხვებს დათრგუნავს (ბედა პატივდებული). წინასწარმეტყველი ილია მოვა მართალთა განსამტკიცებლად (ვიქტორინე პეტავიელი, ანდრია კესარიელი). წმინდანთა სახეები აღბეჭდილია რწმენის ნიშნით (ბედა პატივდებული). იუდეველთაგან გადარჩებიან არა მარტო მართალნი, არამედ ისინიც, ვინც უფალი ჯვარს აცვა უმეცრებით (ეკუმენიოსი). რიცხვი თორმეტი და მისი ნამრავლი აღნიშნავს ეკლესიის სიმრავლეს და უძლეველობას (ბედა პატივდებული). ას ორმოცდა ოთხი ათასი - ბოლო ჟამს ისრაელის გადარჩენის სიმბოლოა, და მის ყოველ ტომში მოიძებნებიან მართალნი (იერონიმე სტრიდონელი, ეკუმენიოსი). ისრაელის ტომთა სახელები - ეკლესიის სათნოებათა სიმბოლოებია (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
***
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
იუდეველთა ტანჯვა
ცხადია, აქ მახარებელი საუბრობს იმაზე, თუ რა დაემართათ ებრაელებს რომაელებთან იმ დროს, რაც მათ უფლის ჯვარცმისა და მის მიმართ უპატიობის გამოჩენის გამო დაატყდათ თავს. აკი ოთხი ანგელოზი, რომელთაც უპყრიათ იუდეველთა ოთხი კიდე მიწისა, იცავს ისე, რომ არც ერთი ებრაელი არ გაიქცეს, შესაძლოა, მათ გაქცევის შიშს, ან სამშობლოს, ცოლის და ახლობლების მიმართ უადგილო მონატრებას უნერგავს, და ეს ფიგურალურად მიუთითებს იმაზე, რომ მათ იუდას ოთხი მხარე ეპყრათ.
და რომ მათ ოთხი ქარი ეპყრათ, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ, ნიშნავს, რომ მათთვის აღარ იქნება მოსვენება ომში და არც მათი მწუხარებანი დაცხრება, არც მიწაზე ფეხმავალი მეომრებისთვის და არც ზღვაზე მებრძოლებისთვის, რადგან, იოსებ ფლავიუსის თანახმად, ბევრი იბრძოდა ზღვაში. უბედურება ყველას ერთბაშად დაატყდა თავს, რადგან დაიწვა ქალაქები, მწირი გახდა მიწა, განადგურდა ნარგავები. ამ ყველაფერს იოსები დაწვრილებით განიხილავს იერუსალიმის დაპყრობის ისტორიაში (იოსებ ფლავიოსი, იუდეველთა ომი, 5-6. - რედ.)
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ანტიქრისტეს დროება
მართალია, ზოგიერთი ოთხ ღვთაებრივ ანგელოზში გულისხმობს იმას, რომ მოწევნადი უბედურებების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება როგორც მიწაზე, ასევე ზღვაზეც, და ამას მიაწერენ იუდეველთ, რაც მათ ადრე განიცადეს რომაელთაგან. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე აბსოლუტურად შესრულდება ანტიქრისტეს მოსვლის დროს, არა დედამიწის რომელიმე ადგილას, არამედ ოთხსავე კუთხეში. ოთხივე ანგელოზი დადგება დედამიწის ოთხ კუთხეში თითოეული მათგანისთვის განკუთვნილ ღვთის ბრძანებათა შესასრულებლად (რაც ადამიანთათვის უცნობია). ხოლო ქართა შეპყრობა ქვეყანაზე წესიერების მოსპობის, ბოროტების გარდაუვალობის, ქმნილებათა განადგურებისა და სატანჯველთა სახე-სიმბოლოა. რადგანაც ქარებით არსებობს და იკვებება ყველაფერი, რაც მიწაზე აღმოცენდება და იზრდება (იგივე ხის ნერგები). ქარების დახმარებით ცურავენ ზღვაშიც.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ოთხი სამეფო
ეს ეხება ოთხ მთავარ სამეფოს: ასურულს, სპარსულს, ბერძნულსა და რომაულს. გარკვეულწილად, ისინი აშთობდნენ რა ყველას თავისი ძალმოსილებით, არავის აძლევდნენ საკუთარი ნება-სურვილით თავისუფლად სუნთქვის უფლებას. მიწის ქვეშ აქ იგულისხმება სხვადასხვა პროვინცია, ზღვის ქვეშ - კუნძულები, ხეების ქვეშ - სხვადასხვა ხასიათისა და პროფესიის ხალხი. სხვაგვარად, ეს ყგველაფერი შემდეგნაირად შეიძლება გავიგოთ: ოთხი ანგელოზი, ისევე როგორც ოთხი ქარი, განმარტებულია დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა; ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა (დან. 7:2-3).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
2. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:
3. ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.
წინასწარმეტყველი ილია უსწრებს ანტიქრისტეს დროებას
რაც შეეხება ანგელოზს, აღმოსავლეთიდან ჩამომავალს იოანე საუბრობს წინასწარმეტყველ ელიას შესახებ (1), რომელმაც განიზრახა, დაესწრო ანტიქრისტეს დროისთვის, რათა აღედგინა და განემტკიცებინა ეკლესიები აუტანელი დევნის წინ. ამის შესახებ ვკითხულობთ, როგორც ძველი აღთქმის, ისევე ახალი აღთქმის წიგნების გადაშლისას. რადგან უფალი მალაქიას საშუალებით ამბობს: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და ადამიანის გულს მოყვასის გულთან (მალაქ. 4:5-6) (2), - ანუ ქრისტესთან მონანიების გზით. მამების გულის შვილების გულთან შერიგება ნიშნავს, რომ ხმობის ჟამის შემდეგ, კვლავ მოუხმოს ებრაელებს მათ შემდგომ მომავალი ხალხის რწმენისკენ. ამიტომ იოანე მიუთითებს იმ იუდეველთა რიცხვზე, რომელთაც უნდა ირწმუნონ და დიდი რაოდენობით წარმართებზე.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
_________________
1. ვიქტორინესთან გვაქვს descendentem, და არა აღმომავალი ascendentem, როგორც ბერძნულშია გამოცხ. 7:2. ძველი ტრადიციის თანახმად, ილია ცოცხლად იქნა აყვანილი ზეცად (იხ. 4 მეფ. 2) და ჟამთა აღსასრულს კვლავ მოვა ქრისტეს ჭეშმარიტების დასამოწმებლად (იხ. ქვემოთ განმარტებები გამოცხ. 11). შეად. ასევე ირინეოს ლიონელი "მწვალებლობათა წინააღმდეგ" 5.5.1 - რედ.
2. სინოდ. თარგმანი: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო (მალაქ. 4:5-6) - რედ.
_________________
სიკეთეთა უწყება
ღვთის ანგელოზი, მზის აღმოსავლეთით აღმომავალი (და არა მზის ჩასვლისას და საღამოს), აღნიშნავს სახარების ქადაგებას და სიკეთის გამოცხადებას. რადგან (ცოცხალი ღმრთის) მოცემული ბეჭედი იწინასწარმეტყველა სულით წინასწარმეტყველმა, როდესაც თქვა - გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! (ფსალმ. 4:7) - ახლა სამართლიანად არის ნაბრძანები, რომ არ ავნონ, ვიდრე არ აღიბეჭდებიან (ბეჭდით) ის იუდეველები, რომლებიც ხსნის ღირსია, რათა არავითრ შემთხვევაში მართლები არ ევნონ ცოდვილებთან ერთად.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ჯვრის ბეჭედი
ხორციელად შობილმა უფალმა, დიდი კრების ანგელოზმა (შეად. ეს. 9:6. - რედ.), მამის ნების მაცნემ გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით (ლუკა 1:78) და მოგვიტანა ჯვრის ნიშანი, რომლითაც აღბეჭდა მათი სახეები, ვინც თავისიანია. გრგვინავს უფლის ხმა, რომელიც გვიცხადებს: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი (მათე 4:17). ამისთვის განადგურდა წარმართა სამფლობელო, რათა წმინდანთა სახეები აღბეჭდილიყო რწმენის ნიშნით, რომელშიც ისინი მტკიცედ იდგნენ. აკი თავად ჯვრის სახეც, რომელიც ყველა მიმართულებით არის გახსნილი, ღვთის სასუფევლის შესახებ მეტყველებს. ტყუილად როდი დაიწერა მღვდელმთავრის შუბლზე ღვთის სახელი ოთხი ასოთი - ეს ხომ ის ნიშანია, რომლითაც მორწმუნეთა შუბლი აღიბეჭდება, როგორც ფსალმუნში გალობენ: უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი (ფსალმ. 8:2-3).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
სწორედ ასე იხილა ეზეკიელმა გრძელი სელით შემოსილი კაცი, რომელიც ნიშანს ადებდა შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესოდა (შეად.: ეზეკ. 9:4 - რედ.), რათა ცოდვილებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ მართლებიც (რამეთუ თვით ანგელოზებმაც კი არ იციან წმინდანთა ფარული კეთილი საქმეები). ამჯერად უკვე წმ. იოანეს ეცხადება იგივე, ანუ უმთავრეს წმიდა ძალებს ებრძანათ, არ ავნონ შემცოდეთ მანამ, სანამ მათთვის ადვილად საცნობნი შეიქნებიან უფლის ბეჭდით დაბეჭდილნი და მით განეყოფიან მართალნი უკეთურთ. ნაწილობრივ ეს უკვე აღსრულდა მაშინ, როდესაც ქრისტეს ათასობით მორწმუნემ, როგორც დიდი იაკობი ეუბნება ნეტარ პავლეს (იხ. საქმე 21:20. - რედ.), შეძლო, აეცილებინა რომაელთა მიერ იერუსალიმის მოოხრება. განსაკუთრებული სისრულით ეს, როგორც უკვე ითქვა, ანტიქრისტეს პერიოდში აღესრულდება, როდესაც მართალნი, რომლებიც შეუმწიკვლელად ატარებენ ქრისტეს ბეჭედს და უკეთურთა წინაშე გაბედულად აღიარებენ უფალს, მათგან ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშნით იქნებიან განსხვავებულნი. ამიტომაც ბრძანებს ანგელოზი: "ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს"
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
4. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
რიცხვის მნიშვნელობა
იუდეველთა შორის მრავალი იყო, ვისაც ქრისტე სწამდა, იმაზე მეტი, ვიდრე აქ არის ნაჩვენები, რომელთათვისაც აღთქმულია ხსნა საყოველთაო განადგურების დროს, თანახმად იმ პირებისა, რომლებიც პავლეს ესაუბრებოდნენ იერუსალიმში ყოფნისას: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორმუნეა იუდეველთა შორის (საქმე 21:20). და, ალბათ, არა მხოლოდ მორწმუნეები გადარჩნენ, არამედ ისინიც, ვინც უმეცრებით და მოტყუებით მონაწილეობდნენ უფლის ჯვარცმაში, რომელთა შესახებ უფალი ამბობს: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რაც ჩადიან (ლუკა 23:34). და არა მარტო ისინი, არამედ ისინიც, ვინც იმ დროს არ იყვნენ, ან ისინი, ვინც იერუსალიმში არ ცხოვრობდნენ და, შესაბამისად, არ იყვნენ ჯვარცმასთან დაკავშირებით წყევლის ღირსნი და მღვდელმთავრების ურჯულო კრების მონაწილენი; ან იქ ყოფნისას ისინი ჩათრეულნი იყვნენ დანაშაულში. უფალმა თავად აკურთხა ყველაფერი, რაც ცისქვეშეთში ხდება, იმის საპირისპიროდ, რაც ღვთისმოძულე ურჯულოთა სინედრიონს სურდა. ალბათ, ყველა ზემოთ აღნიშნული პირი შემდგომში აღიბეჭდა ქრისტეს რწმენის ბეჭდით. სხვაგვარად, ანგელოზი მათ ღვთის მონებს არ უწოდებდა. როდესაც ისინი გადარჩნენ - გაქცევით თუ რომაელებთან გადასვლის წყალობით, მაშინ დარჩენილ უღმერთოებს საშინელი სიკვდილი დაატყდათ თავს და ისინი იქცნენ ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ (1 კორინთ. 4:9), იმისგან განსხვავებით, რაც მხედველობაში ჰქონდა პავლეს, როდესაც წმინდა მოციქულებზე საუბრობდა. და, რა თქმა უნდა, ამის შესახებ მოწმობს იოსებ ფლავიუსი, რომელმაც ათი ათასზე მეტი ადამიანი დაითვალა მათ შორის, ვინც შიმშილით გარდაიცვალა (იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომი, 5.567-69; 6.420-25. - რედ.).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს სრული რიცხვი აღნიშნავს მთელი ეკლესიის სიმრავლეს, პატრიარქებისგან შობილსა და მათს ხორციელ ან რწმენისმიერ მემკვიდრეთ. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, - ამბობს მოციქული, - მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ (გალატ. 3:29). სრულყოფის გამრავლებაზე ასევე მიუთითებს თორმეტის თორმეტზე გამრავლება ათასის დამატებით, რომელიც ათია კუბში და ეკლესიის დაურღვეველი სიცოცხლის სიმბოლოა. ამიტომ იგი ხშირად წარმოდგენილია თორმეტი რიცხვით: აკი იგი ოთხნაწილიან სამყაროში დგას წმინდა სამების რწმენით (სამჯერ ოთხი უდრის ათს პლიუს ორი). ამ მიზეზის გამო, ტორმეტი მოციქული შეირჩა სარწმუნოების ქადაგებისთვის, კერძოდ, ის მათი მისიის საიდუმლოების სიმბოლოა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
5. იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,
სახელთა მნიშვნელობა
ვინმე იკითხავს: სად წერია, რომ მთელი ისრაელი გადარჩება? ჯერ ერთი, თვით მოციქული ამბობს: ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე; ასე გადარჩება მთელი ისრაელი (რომ 9-11, განსაკუთრებით მუხლი 11:26. - რედ.). ამას გარდა, იოანე თავის გამოცხადებაში ამბობს: იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ირწმუნებს, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი ირწმუნებს და იგივე ითქმის სხვა ტომებზეც; და სულ იქნება მათი რიცხვი ას ორმოცდაოთხი ათასი, ვინც ირწმუნებს. ისრაელს რომ ერწმუნა, ჩვენი უფალი ჯვარცმული არ იქნებოდა; ჩვენი უფალი ჯვარს რომ არ ცმულიყო, მრავალი წარმართი არ გამოიხსნებოდა. ამიტომ იუდეველები ირწმუნებენ, მაგრამ ირწმუნებენ სამყაროს აღსასრულს. მათთვის არ იყო დრო, ერწმუნათ ჯვარი; მათ რომ ერწმუნათ, უფალი ჯვარცმული არ იქნებოდა. ჯერ არ იყო დრო, მათ რომ ეწმუნათ. მათ ურწმუნოებაში არის ჩვენი რწმენა, ხოლო მათ დამარცხებაში - ჩვენი ამაღლება. ეს დრო არ ყოფილა მათი, რათა ჩვენი გამხდარიყო.
ნეტ. ჰიერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი მარკოზის სახარებაზე.
ის ფაქტი, რომ თითოეული ტომიდან თანაბარი რიცხვი იყო აღბეჭდილი, ნიშნავს, რომ (მათ გამოავლინეს) თანაბარი მონდომება და ერთ სარწმუნოებას მისდევდნენ, მაშინაც კი, თუ ერთი ტომიდან უფრო მეტი გადარჩება და უფრო მეტად ირწმუნებს ქრისტეს, ხოლო მეორიდან - ნაკლები. ებრაელებს ისინი სძულდათ, მაგრამ ჩვენ, ყველა ზემიწიერ ქმნილებასთან ერთად, თაყვანს ვცემთ მათ აწ და უკუნითი უკუნისამდე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი. იუდა ითარგმნება, როგორც აღსარება (ფილონ ალექსანდრიელი, სიზმართა შესახებ. 2.34. - რედ.), რითაც იუდას ტომის წარმომავლობის ქრისტეანნი გამოირჩევიან. რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი. რუბენი - ხილვის ძეს ნიშნავს (ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 98. სიზმართა შესახებ. 2.33. - რედ.) და იმათ გულისხმობს ვინც გულის სიწმიდით სულიერი ჭვრეტის ნიჭი მოიპოვა (შეად. მათე 5:8. - რედ.). გადის ტომიდან თორმეტი ათასი. გადი - საცთურს აღნიშნავს (ფილონ ალექსანდრიელი, სიზმართა შესახებ. 2.35. - რედ.) და გვაუწყებს, რომ დიდებას დაიმკვიდრებენ ისინი, ვინც იობივით დაითმენს საცთურთ.
წმ. ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ბუნებრივია, იოანე იუდას ტომიდან იწყებს, საიდანაც ჩვენი უფალი მოვიდა და გამოტოვებს დანის ტომს, საიდანაც, როგორც ამბობენ, ანტიქრისტე გამოჩნდება, როგორც წერია: გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი (დაბ. 49:17). (ასევე იხ. იპოლიტე რომაელი, ქრისტეს და ანტიქრისტეს შესახებ - რედ.). აკი მან გადაწყვიტა არა მიწიერი თაობების, არამედ სახელთა განმარტების მიხედვით, გადმოეცა ეკლესიის სათნოებანი, რომელიც ისწრაფვის ამჯამინდელი აღმსარებლობიდან საუკუნო სიცოცხლისკენ - ასე ითარგმნება იუდას სახელი, ვინც არის პირველი ამ ჩამონათვალში, და ბენიამინისა, რომელიც უკანასკნელად დგას.
ამრიგად, პირველად დგას იუდა, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც აღსარება ან ქება, რადგან აღსარების გარეშე ვერავინ მიაღწევს კეთილ საქმეთა მწვერვალს; თუ ჩვენ არ უარვყოფთ ბოროტ საქმეებს აღსარებაში, მაშინ ვერაფერს შევიტყობთ კეთილ საქმეთა შესახებაც.
შემდეგ მოდის რუბენი, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც შვილის მხილველი. მეფსალმუნის მოწმობის თანახმად, აქ ძე ნიშნავს საქმეებს, რომელიც, აღუვლენს რა ხოტბას კეთილ კაცს, სხვათა შორის ამბობს: შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთის ხილისა. და ქვემოთ: იხილე შვილნი შვილთ შენთა (ფსალმ. 127:3, 6). უსამართლოა, რომ ღვთისმოშიში ვერ იქნება ნეტარი, თუ ის არ გააჩნეს შვილებს და შვილიშვილებს; საუკეთესო ჯილდო ერთგულ ქალწულებს მოელით. არა, შვილები საქმეები არიან, შვილიშვილები კი - საქმეთა ნაყოფი, ანუ საუკუნო ჯილდო. რუბენი მოჰყვება იუდას, ანუ როდესაც აღსარებას, სინანულსა და ქებას ჩაეყრება საფუძველი, საქმეთა სრულყოფაც მოდის.
ამასთან, რადგან მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში (საქმე 14:22), რუბენს მოსდევს გადი, რომლის სახელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც განსაცდელი ან გარემოსილი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა კეთილ საქმეებს ჩაუყარა საძირკველი, მან უნდა გაიაროს უფრო მძიმე გამოცდა, რათა მოემზადოს უფრო სერიოზული ბრძოლებისთვის და დაამტკიცოს თავისი რწმენის ძალა. სოლომონი ამბობს: შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი (შეად. ზირაქი 2:1. - რედ, ред.) და მეფსალმუნეც ადასტურებს: და შენ შთამბერე ძალა საომრად (ფსალმ. 17:40).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
6. ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,
ასერი - ანუ ნეტარება, (ფილონ ალექსანდრიელი, სიზმართა შესახებ. 2.35. - რედ.), მიუთითებს იმაზე, ვინც ღირსეული ცხოვრებით მოიპოვა ნეტარება. ისინი ქრისტეს მარჯვნივ დადგებიან (იხ. მათე 25:33-34. - რედ.) და ნათლის შვილებად შეირაცხებიან.
ნეფთალემი - ლოცვაა და განუწყვეტელი ლოცვით მიუთითებს იმაზე, ვინც მიეკრობა უფალს.
მანასე - ანუ თავდავიწყება (ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 98. - რედ.); აღნიშნავს იმათ, ვინაც ღმრთის გულისთვის დაუტევა ყოველივე ამსოფლიური, თვით მშობლიური სახლ-კარიც კი (შეად. დაბ. 41:51. - რედ.).
წმ. ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
და რადგან ჩვენ ვაკურთხებთ მათ, ვინც ტანჯვა დაითმინა, გადის შემდეგ მოდის ასერი, ანუ ნეტარი. რადგან ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს (იაკობი 1:2). მათ იფარავს ასეთი ნეტარების აღთქმის სასოება და არ განიცდიან შევიწროებას, არამედ ხარობენ სასოებით და მოთმინებით დაითმენენ რა განსაცდელს, გალობენ მეფსალმუნესთან ერთად: შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს (ფსალმ. 4:2) და აგრეთვე: შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს (ფსალმ. 118:32); ლოცულობენ ნეტარი სამუელის დედასთან ერთად: გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით (1 მეფ. 2:1). ამიტომ შემდეგ ნეფთალი მოჰყვება, ანუ სივრცე, სიფართოვე (ფილონ ალექსანდრიელი, სიზმართა შესახებ. 2.35. - რედ.). ამასთან, მას მოსდევს მენაშე, რომლის სახელი ნიშნავს დავიწყებას ან გასაჭირს. ამ სახელის საიდუმლო ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენ, აწმყოს შეჭირვებით განსწავლულებმა, დავივიწყოთ წარსული და, მოციქულის სიტყვის თანახმად, წინ მივილტვოდეთ (შეად. ფლპ. 3:13 - რედ.), რათა ვიზრუნოთ ხორცზე, არა მისი სურვილებით წაქეზებულებმა, არამედ მხოლოდ შევიწროებულებმა იმ საჭიროებით, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ჩვენ ადამიანები ვართ. ამასთან, მეფსალმუნე, როდესაც უკეთესი სწყუროდა, ლოცულობდა: მიხსენ ჩემი გაჭირვებიდან (ფსალმ. 24:17).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
7. სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,
სვიმეონი - მორჩილება (ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 99. სიზმართა შესახებ. 2.35. - რედ.), - მიუთითებს მათ შესახებ, რომლებიც უფლის მცნებათადმი მორჩილებით განმართლდებიან.
ლევი - სასიამოვნოს ნიშნავს. მღვდლის შესაფერი სათნო ცხოვრებით მცხოვრებნი (ფილონ ალექსანდრიელი, სიზმართა შესახებ. 2.34. - რედ.) ქრისტეს მიერ შეწყნარებულნი იქნებიან. ლევი მოხსენიებულია მერვედ, რამეთუ ჭეშმარიტი მღვდლობა მერვე დღის, ანუ აღდგომის შემდეგ წარმოჩინდა.
იზაქარი - ჯილდოა (იქვე. - რედ.). ამით მითითებულია, რომ სათნოდ მცხოვრები დაჯილდოვდებიან ღმრთისგან (შეად. დაბ. 30:18. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
შემდეგ მოდის სიმეონი, ანუ შეისმინე ჭირვება ან სახელი სავანისა, და თვით ამ სიტყვათა მნიშვნელობით (იოანე) ნათლად აჩვენებს, თუ რა უნდა გვქონდეს და რისი მოლოდინია მიზანშეწონილი. რადგან ზეციური სავანეების სიხარული მიენიჭება იმათ, ვისმა სულმაც აქ შეიცნო ნაყოფიერი სინანულის წუხილი. მათზეა ნათქვამი: წუხილი სიხარულად გექცევათ (იოანე 16:20).
ამიტომაც მოდის შემდგომ ლევი, ანუ შემატებული, რაც გვეუბნება ან იმათ შესახებ, ვინც დროებითით იძენს მარადიულს, როგორც სოლომონიც ამბობს: კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის (იგავნი 13:8), ან იმათ, ვინც, მისდევს რა ღმრთის რჩევას, ამ საუკუნეში ასწილ გამრავლებულ განსაცდელებს განიცდის, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. ამას ეთანხმება წმიდა წერილიც: მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს (ეკლ. 1:18). ამ მიზეზით მწარე განსაცდელები შეემატა ნეტარ იობსაც, რათა, განსაცდელებში გამოვლილს, უხვად მიეღო უკეთესი ჯილდო.
შემთხვევით როდი მოდის რიგში იზაქარი რომელიც ითარგმნება როგორც ჯილდო. როგორც მოციქული გვასწავლის, აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
8. ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
ზაბულონი - ან ძალის სამკვიდროა ან კეთილსურნელება. ამით აღინიშნება, რომ ქრისტესთვის წამებულნი და ისინიც, ვისშიც ქრისტე შესახლდება, მისივე კეთილსურნელებად იწოდებიან (2 კორ. 2:15) (შეად. 2 კორინთ. 2:15. - რედ.).
იოსები აღნიშნავს მიკუთვნებას (იხ. დაბ. 30:24; ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 88- 90; სიზმართა შესახებ. 2.35. - რედ.) და იმათ ეხება, რომლებიც, უფლის სიტყვისამებრ, ზეციურ სუფევასთან ერთად ერთგვარ დამატებად იღებენ ღვთისგან იმასაც, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაშია საჭირო. (შეად. მათე 6:33. - რედ).
ბენიამენი - ძე ავადმყოფობისა (შეად. დაბ. 35:18; ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 94- 96. - რედ.) ან ძე დღისა (ფილონ ალექსანდრიელი, სახელთა ცვალების შესახებ 92-93; სიზმართა შესახებ. 2.36. - რედ.), მთიებისა. ამით მითითებულია ან მათ შესახებ, ვინც გულის შემუსრვილობით (ფსალმ. 50) ავსებს ცხოვნებულთა რიცხვს, ან კიდევ იმ ქრისტეან იუდეველებზე, რომლებიც გადაურჩნენ რომაელთა ტყვეობას; ყველაზე სავარაუდო კი ისაა, რომ აქ იგულისხმებიან ის იუდეველები, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ქრისტესადმი რწმენით ცხონდებიან. მოციქულიც ხომ ბრძანებს: "ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან" (რომ. 11:25-26).
შეიძლება მივიღოთ სხვა განმარტებაც: თითოეული ტომიდან ცხოვნებულთა ერთი და იგივე რაოდენობა, ვფიქრობ, სამოციქულო ქადაგების ნაყოფიერებაზე მიანიშნებს - რიცხვი თორმეტი, აღებული თორმეტჯერ და გამრავლებული ათასზე, ცხოვნებულთა სწორედ ამ რაოდენობას გვაძლევს. ეს სამოციქულო ქადაგების ის მარცვლებია, უფლის კაცთმოყვარეობით მიწაში რომ ჩაითესა და საყოველთაო გადარჩენის ესოდენ მრავალგვაროვანი ნაყოფი აღმოაცენა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ღმერთი მოქმედებს და სრულყოფს ყოველივე ამას ძალის სამკვიდროში - ასე ითარგმნება სახელი ზებულონი, - როდესაც ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში (2 კორინთ. 12:9). ამგვარად, სხეული, რომელსაც მტრები უძლურად მიიჩნევენ და რომლის მიერაც ცდილობენ ისინი სულში წარწყმედის შემოტანას, ღმრთის წყალობით, დროზე რომ მოასწრებს გაძლიერება უძლეველი ხდება.
ამას აღნიშნავს სახელი იოსებიც, რაც მადლისმიერ ნიჭთა შემატებას ნიშნავს. შენ შეგიძლია ზემოთთქმული მიიღო ან როგორც სულიერ ნიჭთა სიმრავლე, როგორც ტალანტების გაორმაგებული დაბრუნება, ან კიდევ როგორც ნიჭები, რომლებსაც სწირავენ გამომსყიდველ ღმერთს მისი თაყვანისმცემელი ერთგულები.
რომ დარწმუნდე შემთხვევითი არ არის (ისრაელის ტომთა) ჩამოთვლილი სახელების თანმიმდევრობა და, რომ მათი სახელების თარგმანები წარმოადგენენ იმათ სიმბოლოს, ვინც მომავალ სამსჯავროზე აღმოჩნდებიან ქრისტეს მარჯვნივ, - ბენიამენი, როგორც უკვე ვთქვი, დგას ბოლო ადგილზე. მისი სახელი ითარგმნება, როგორც მარჯვენის ძე, რადგან მისით მთავრდება ჩამონათვალი.
როდესაც დამარცხდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი, რჩეულებს მიენიჭებათ მომავალი მემკვიდრეობის მიღების სიხარული, ან კიდევ ყოველი მართალი წოდებულ იქნება მარჯვენის ძედ, ან კიდევ მთელი კრებული ეკლესიისა, რომელზეც გალობენ: შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული (ფსალმ. 44:10).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ურიცხვი ხალხი ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან
7:9-17
ახ. ქართ.:
9. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
10. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!
11. ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:
12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.
13. მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?
14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
15. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.
16. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
ძვ. ქართ.:
9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.
10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა.
11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა
12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან?
14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა.
15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის.
16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე,
17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.
***
მიმოხილვა: ყველა მართალი ქრისტესა და მამის საყდართან იქნება, სადაც მოწამეები უმთავრესი ადგილი მიეცემათ (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, კესარიუს არლელი, ანდრია კესარიელი). პალმის რტოები - ქრისტეს გამარჯვების სიმბოლოა (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). მოწამეებმა თავი განისპეტაკეს ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით (ანდრია კესარიელი) და ჭვრეტენ უფლის დიდებას (ბედა პატივდებული). მამის, ძის და სულიწმიდის საყდარი - ეკლესიაა; ისინი ერთმანეთის მიერ ვლინდებიან (პრიმაზიუსი).
მამაცი მართლმორწმუნენი მოწამეობრივი ღვაწლით განსპეტაკდებიან (ტერტულიანი). ნათლისღება განწმენდს სიბილწეთაგან (ეკუმენიოსი), მაგრამ ასევე განმწმენდელი ძალა აქვს განსაცდელებს დევულების დროს (პრიმაზიუსი), რითაც მოწამეები უკვდავების ღირსნი შეიქნებიან (ბედა პატივდებული). მართლის სული - ქრისტეს სავანეა (პრიმაზიუსი, ეკუმენიოსი). ღმრთის სასუფეველი - მარადიული დღეა, რომელშიც ანათებს მზე სიმართლისა (ანდრია კესარიელი, ტიკონიუსი). მამას და ძეს ერთი საყდარი აქვთ - ეკლესია (ტიკონიუსი). წმინდანები მარადის იხარებენ (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული), ხრწნილება განადგურდება უხრწნილებით, სიკვდილი კი - უკვდავებით (ტერტულიანი).
***
9ა. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან,
მართალთა სიმრავლე
და აი, აურაცხელი ხალხი იმ ერებიდან, რომლებმაც მიიღეს ქრისტეს რწმენა, ღირსნი გახდნენ ნეტარი ხვედრისა, მიიღეს ადგილი დიდებულ გუნდში და იდგნენ ქრისტეს ტახტის წინაშე, როგორც ზემოთ არის აღნიშნული.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს არის, ვამბობ, რჩეულთა სიმრავლე, რომლებიც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად (შეად. რომ. 8:29 - რედ.). მან ეს იუწყა წმიდა რიცხვზე მინიშნებით. რადგან ისინი, ვინც წარმართთაგან მოვიდა, გახდა ისრაელი და სამართლიანად შეიძლება იწოდნენ აბრაამის ძეებად (შეად. გალატ. 3:7 - რედ.) არა ხორციელად, არამედ რწმენის მიერ, ანუ იმ თესლში, რომელიც არის ქრისტე, ქვაკუთხედი, და რომლის შესახებაც მოციქული ბრძანებს: რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა (ეფეს. 2:14-16).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მას არ უთქვამს: ამის შემდეგ ვნახე სხვა ხალხი, არამედ: ვნახე სხვა ხალხი, ანუ იგივეა, რაც მან იხილა ას ორმოცდაოთხი ათასის საიდუმლოში. ახლა იგი ხედავს სიმრავლეს ყოველი ხალხისა და ტომისა, რადგან ყველა ერი რწმენით არის დანერგული ფესვზე. სახარებაში უფალი მთელ ეკლესიას - ებრაელებსაც და წარმართებსაც - გვიჩვენებს ისრაელის თორმეტ ტომში და ამბობს: ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად (მათე 19: 28).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ესენი არიან ისინი, რომელთა შესახებაც ღმერთი ეუბნება დავითს: აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ (ფსალმ. 138:18), - რომლებმაც მოწამეობრივი სიკვდილი მიიღეს ქრისტესთვის და ყველა ხალხისა და ტომისაგან, ვინც ბოლო ჟამს მამაცურად მიიღებს სატანჯველს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეს შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ჩამოთვალა რა ისრაელის ტომები, რომლებსაც პირველად ექადაგა სახარება, იოანე შეგვახსენებს წარმართთა ცხონებაზეც.
ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
9ბ. სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
სიწმიდისა და გამარჯვების სიმბოლოები
ის, რომ ისინი სპეტაკი სამოსით არიან შემოსილნი, მათი ცხოვრების გზის სიწმინდის ნიშანია, პალმის რტოები კი გამარჯვების სიმბოლოა, რაც ცხადყოფს, რომ მათთვის სიხარული მოჰყვება ქრისტეს გამარჯვებას ხილულ და უხილავ მტერზე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
სპეტაკი სამოსი ნიშნავს ნათლისღებას, ხოლო პალმის რტოები - ჯვრის ტრიუმფს და იმას, რომ ქრისტეს მიერ მათ დაამარცხეს ქვეყანა, თუმცა სპეტაკი სამოსი ასევე ნიშნავს სიყვარულს, რომელიც გვეძლევა სულიწმიდით. ხელში რომ პალმის რტოები უჭირავთ, ნიშნავს ან იმას, რომ მათი ხელები არ დაღლილა კეთილ საქმეთა კეთებით (ამიტომაც არის დაწერილი: განამტკიცა უფალმა ხელი მისი კეთილ საქმეებში (წყარო უცნობია - რედ.), და ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს (ფსალმ. 76:3), ან მიაშნიშნებს იმ ძალაუფლებაზე, რომელსაც ისინი მიიღებენ, როგორც ღმრთის შვილები ძეობის უფლებით, როგორც ნათქვამია იოსების შესახებ: ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა (დაბ. 39:9), ანუ მე მომცა მფლობელობაში.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით ზოგმა განასპეტაკა თავისი სამოსი, სხვები კი მას საკუთარი ღვაწლით განასპეტაკებენ, რადგან ხელში აქვთ ძლევის ნიშანი - სასარგებლო და წმიდა პალმის რტოები, ისინი ხარობენ საღმრთო საყდრისა და ღვთივდასაბამიერი მშვიდობის ირგვლივ და, როგორც მადლიერი მონები, დემონებზე ძლევას თავიანთ შემოქმედს მიაწერენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
სულის ნიჭი
სპეტაკი სამოსებით ის სულიწმიდის ნიჭებზე უთითებს.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
წმინდანთა განდიდება
ძვირფასო ძმებო, რადგან ჩვენ დღეს მარადიულ დიდებას მივაგებთ პირველმოწამეთ, და მოწამეთა ეს დღესასწაული ზეცაში აღესრულება, მოდი, როგორც საჭიროა განვსაჯოთ იმაზე, როგორ ვიაროთ ჩვენც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მათ ნაკვალევზე და ვეცადოთ თვითონაც გავხდეთ ზეციური ზეიმის მონაწილენი, როგორც მოწმობს მოციქული, რომ თუკი ტანჯვის თანამოზიარენი ვიქნებით, ნუგეშისცემასაც მივიღებთ (შეად. 2 კორინთ. 1:7 - რედ.).
ჩვენ მათი სიკვდილის გამო გლოვა კი არ გვმართებს, არამედ სიხარული, რადგან მათ სიმართლის პალმის რტოები მიიღეს. ყოველ მათგანზე, როდესაც მოწამეობრივად ამოიგლიჯებიან ამ ცხოვრებიდან, გლოვობს რაქელი, - ანუ მათი მშობელი ეკლესია და ტირილითა და მოთქმით მიაცილებს. მაგრამ, როდესაც (ამ ცხოვრებიდან) აღწევენ ზეციურ იერუსალიმს, ყოველი ჩვენგანის დედას, ის შეიწყნარებს მათ სხვა სიცოცხლეში სიხარულის მსახურებად, რომლებიც ყოველთვის ხელთან ახლოსაა, და უფლის სიხარულში შეჰყავს ისინი, რომლებიც დიდების გვირგვინებით იმოსებიან სამარადისოდ.
ამიტომაც ამბობს იოანე: სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. - ღვთის ტახტის წინაშე იდგნენ გვირგვინით შემოსილნი, ვინც ერთხანს იწვა, ტკივილით დაკრუნჩხული მიწიერი მსაჯულების ტახტების წინაშე. იდგა კრავის წინაშე ის, ვისაც ვერაფერი განაშორებს მისი დიდების ჭვრეტას, რადგან წამებამაც ვერ დააშორა უფლის სიყვარულს. ბრწყინავენ სპეტაკი სამოსით შემოსილნი, ხელთ უპყრიათ პალმის რტონი მათ, ვინც მიიღებს ჯილდოს თავისი საქმეების გამო. ამასთან, სხეულები, რომლებიც უფლის გულისთვის ცეცხლში დაიწვა, ველურმა მხეცებმა აწამეს, რომლებმაც დაითმინეს გამათრახება, ჩაგდებულ იქნენ უფსკრულში, დაგლეჯილ იქნენ კლანჭებით და განადგურებულნი სხვადასხვა წამების შედეგად, ისინი აღდგომის ძალით განდიდდებიან.
ღირ. ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებებზე.
10. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!
11. ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:
12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.
ღმრთის დიდება
და ისინი ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისგან არის! აღიარებენ, რომ ხსნა მათთან არის, რადგან ისინი გამოხსნილნი არიან, რადგან ბეჭდით არიან აღბეჭდილნი, როგორც ღვთისმსახურნი. ხოლო როდესაც აღავლინეს მადლობა, დასებმა, ზეცაში რომ მსახურობენ, უხუცესებთან ერთად, პასუხად თქვეს ამინ და გამოხატეს მადლიერება იმისადმი, რაც იყო ნათქვამი. შემდეგ ღვთიურმა ანგელოზებმა ქება აღუვლინეს ღმერთს, განადიდეს იგი შვიდგზისი პატივგებით, რომელიც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, დაუსრულებელ ანგელოზურ ქება-დიდებას ნიშნავს; რადგან რიცხვი შვიდი - სრულყოფილების გამომხატველია.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
აი, ერთი სამწყსო ზეცისა და ქვეყნისა, რადგან ანგელოზები, რომლებიც თავიდან ადამიანთათვის საშინელნი იყვნენ, წმინდა მოციქულმა მდგომარენი იხილა იმ უხუცესთა წინაშე, რომლებიც წმინდანებს განასახიერებდნენ. ყველანი ღმერთს მადლობას დ დიდებას აღუვლენდნენ იმ ნიჭთა და მადლთა სიმრავლის გამო, რომლებიც მან თავის ქმნილებებს უბოძა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
სამების ერთობა
ისინი დიდი ხმით, მოშურნეობით და განუწყვეტელი ვედრებით ღაღდებდნენ, რომ საყდარზე, ანუ ეკლესიაში, მეფობს მამა და ძე, და მათთან ერთად თანასწორად თანამეფობს სულიწმიდაც. რადგან სიტყვათა თანმიმდევრობა აქ ასეთია: ჩვენი ღმერთი და კრავი, ცხონების ტახტზე სხედან, სახარებაშიც არის მსგავსი სიტყვები: გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესუ ქრისტეს (იოანე 17:3). ეს იგივეა, რაც: დე იცოდნენ, რომ შენ და იესუ ქრისტე, რომელიც შენ მოავლინე, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. რადგან ერთი საყდრით ერთი ბუნების ძალაუფლება აღინიშნება, ხოლო კრავის განსხვავებული სახელით მამისა და ძის განსხვავებულობა, როგორც იმ შემთხვევებში, როდესაც იწოდება სული წმიდა, მამაც და ძეც იგულისხმება, რამეთუ მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, და იქვე დაამატა: რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით (საქმე 20:28). ჩვენ კი ვიცით, სხვას არავის, თუ არა ქრისტეს, არ დაუღვრია თავისი სისხლი ჩვენთვის; აქედან სრულიად ნათელია, რომ როდესაც ნახსენები იქნა ერთი, უნდა ვიგულისხმოთ მთელი სამება.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
შვიდი სათნოება
თუ ვინ არის ეს ხალხი, იოანემ იმით მიგვანიშნა, რომ მათი სახელები ჩამოთვალა, - მას მხედველობაში ჰქონდა მთელი ეკლესია. რადგან აქ ჩამოთვლილია შვიდი სათნოების სახელწოდებები, ჩვენ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის აქ ჩამონათვალი იმისა, რისი თანაზიარიც უნდა ჰქმნას ღმერთმა თავისი ეკლესია? ეს გაკეთებულია იმისთვის, რათა ყოველი, ვინც ეს სათნოებები მოიპოვა, აღიარებდეს, რომ ისინი ღმრთისგან მიიღო, რადგან ამისთვის ღმერთი განიდიდება. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, - აქ ჩამოთვლილია არა ის სათნოებები, რომელთაც მხოლოდ ღმერთი შეიძლება ფლობდეს, არამედ ისინი, რომელთა მინიჭება მან მორწმუნეთათვისაც ინება: წყობილსიტყვაობა, სიწმიდე, სიბრძნე, მადლი, პატივი, ძალა და სახელოვნობა. ჩვენდა სასიხარულოდ, ყველა მათგანთან ქრისტემ თავისი ეკლესია აზიარა. აქ ნახსენები არ არის არც ყოვლისშემძლეობა, არც სიდიადე, არც უკვდავება, რომელთაც სრულად მხოლოდ ღმერთი ფლობს, არამედ ოდენ ეს შვიდი, რომლებიც მიეცა მართალთ მის მიერ, ვინაც მათვე ღმრთის შვილებად ყოფნის ძალაუფლება მიანიჭა. ასე რომ, თუკი ჩვენ რაიმე სიკეთეს მოვიხვეჭთ, ვიცით, რომ ეს ჭეშმარიტად ღმრთის წყალობით გვებოძა.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
13. მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?
ერთი უხუცესის კითხვა მახარებლისადმი, თუ ვინ არიან ესენი, სპეტაკი სამოსით შემოსილნი, - (არ ნიშნავს) იმას, რომ მან არ იცის, არამედ იგი აიძულებს, იცოდეს ყველაფერი, რაც მათ ეხება. ამიტომაც ამბობს: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი. რადგან მართლებმა ბევრი, განა ცოტა იბრძოლეს ანტიქრისტეს გამეფების დროს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
ბოლო ჟამის მართლები
ამგვარად, ყოველ მძლეველს ღმერთი სიცოცხლის ხესა და მეორე სიკვდილიდან დახსნას ჰპირდება; ამიერიდან - უხილავი მანანა თვალისმომჭრელი თეთრი ქვითურთ და უცნობი სახელითურთ; ამიერიდან - რკინის კვერთხის ძალაუფლება და ცისკრის ვარსკვლავის სიკაშკაშე; ამიერიდან - სპეტაკი სამოსელით შემოსვა. და არ აღიხოცებით სიცოცხლის წიგნიდან და იქნებით სვეტნი ღმრთის ტაძარში, რომელზეც არის ღმრთისა და უფლის, ასევე ზეციური იერუსალიმის სახელი. ამიერიდან დარჩებით უფლის ტახტთან, რომელზეც ოდესღაც უარი ეთქვა ზებედეს ძეთ.
ვინ არიან ეს ესოდენ ნეტარი მძლეველნი, თუ არა მოწამენი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით? რადგან მძლეველია ის, ვინც იბრძოდა, ხოლო იბრძოდა ის, ვინც სისხლი დაღვარა. ამასობაში, საკურთხევლის ქვეშ, მოწამეთა სულები მშვიდად განისვენებენ და ინარჩუნებენ მოთმინებას შურისძიების იმედით, სანამ დანარჩენი მონაწილენი თავიანთ დიდებას მიაღწევდნენ. გარდა ამისა, ჩნდება ურიცხვი ხალხი სპეტაკი სამოსით შემოსილი და გამარჯვების პალმის რტოებით აღბეჭდილნი - კერძოდ, ანტიქრისტეზე გამარჯვებულნი, როგორც ერთ-ერთი უხუცესი ამბობს: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. რადგან ხორცი არის სულის სამოსი. ნათლობით ირეცხება უწმინდურება, ხოლო მამაცნი მოწამეობით განსპეტაკდებიან.
ტერტულიანე, სკორპიაკუმი.
რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი - შესაძლოა, უფრო თანმიმდევრული ყოფილიყო, თუ სისხლით გაჟღენთილი სამოსი წითელი იქნებოდა და არა სპეტაკი. რატომ გახდნენ ისინი სპეტაკნი? იმიტომ, რომ ნათლობა აღესრულება უფლის სიკვდილით, როგორც წარმოუდგენია ბრძენ პავლეს (იხ. რომ. 6:3 - რედ.), და განწმენდს ყოველგვარი ცოდვისმიერი უწმინდურებისგან და აღადგენს მათ, ვინც მასში მოინათლა, სპეტაკსა და წმინდას. მაგრამ ქრისტეს სიცოცხლის მომნიჭებელ სისხლთან ზიარებაც იმავე მადლს გვანიჭებს; რადგან უფალმა თქვა თავის სისხლზე, რომ ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად (მათე 26:28).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
როდესაც ნათქვამია, რომ მორწმუნეთა სიმრავლე დიდი ტანჯვიდან მოვიდა, კიდევ რა არის აქ ნაჩვენები, თუ არა ის, რაც სხვაგანაც წერია: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში (საქმე 14:22)? ამიტომ მოციქული ასევე ამბობს: სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ (გალატ. 6:9). რადგან დევნულების განსაცდელის შედეგად მორწმუნეთა თემი ისევე განიწმინდება, როგორც კარაქი დიდი გაჭირვებით იდღვიბება პრესის ქვეშ, ან როგორც წისქვილში დაფქვის შემდეგ მოსავალს ბეღელში ინახავენ.
ხოლო როდესაც ამბობს, მათი სამოსელი კრავის სისხლით იყო გარეცხილიო, გვიჩვენებს ჯილდოს იმისა, რომ მათ მტკიცედ დაითმინეს წინასწარნაუწყები ბრძოლის ღვაწლი. გასაგებია, თუ რატომ დასძენს, რომ კრავის სისხლით გახდნენ ისინი სპეტაკნი; იგი გულისხმობს, რომ სამოსი, რომელიც ნათლობის მადლის შემდეგ სხვებმა შებილწეს ან ქარაფშუტობით, ან უმეცრებით, ან დაუდევრობით, მათ გარეცხეს კრავის სისხლით, ანუ ქრისტეს მადლით, ან თუნდაც მოწამეობით. ეკლესიასი ეს დამსახურება უნდა განეკუთვნოს მათ, ვინც ქრისტესთვის დაღვარა სისხლი. და თუ ეს მადლი ზოგადად მთელ ეკლესიას განეკუთვნება, მასინ უნდა დავასკვნათ, რომ ასე გასპეტაკდება ის, ვინც უფლისეულ წყაროშია გარეცხილი - ხორცს მოაკვიდნებს, სულს აღანთებს. ვინაიდან არიან ისეთებიც, ვინც, მართალია, აშკარად არ იღებს მოწამეობის სახეს ხალხის წინაშე, მაგრამ თავისი ცხოვრებით იღებს მას ღვთის წინაშე.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მოწამეებმა გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი, მაშინ როდესაც მათი სხეულის ნაწილები, უგუნურთა თვალში (სიბრძნე 3:2) ტკივილით იყო ძლეული, თუმცა ყოველგვარი სიბილწისგან გასპეტაკებული იყო ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით.
გარდა ამისა, მათი ასოები ღირს იქმნენ უკვდავების უბრწყინვალესი ნათლისა - სწორედ ეს არის ნაგულისხმევი როდესაც ნათქვამია, რომ გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
ღირ. ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებებზე (თავის კომენტარში ბედა ეთანხმება წმ. კესარიოს არლელს - რედ.)
მთელი ეკლესიური ერი
ესენი ხომ მარტო მოწამეები არ არიან, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, არამედ მთელი ეკლესიური ერი, რადგან იოანემ თქვა, რომ საკუთარი სისხლით როდი განასპეტაკეს თავიანთი სამოსები, არამედ კრავის სისხლით - ანუ ღმრთის მადლში ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მიერ, როგორც წერილ არს: მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს (1 იოანე 1:7).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
15. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.
ღმრთის ტაძარი
ეკლესია წარმოდგენილია ღმრთის საყდრის სახით, და ღმრთის დარბაზები მან თავის გულში დაამკვიდრა ამ ტანჯვის ველზე, ადგილზე, რომელიც მას უფალმა დაუწესა, ემსახურება რა მას დღე და ღამე, ანუ სიხარულსა და წუხილში (ამ ადგილიდან პრიმაზიუსი იყენებს ტიკონიუსს - რედ.). საყდარში უნდა ვიგულისხმოთ ისინი, ვინც, როგორც უკვე ნახსენები იყო, ტაძარში მსახურობენ, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. რადგან მართლის სული სიბრძნის საცავია, ხოლო სიბრძნე არის თვით ქრისტე, ქრისტე კი არის - ღმერთი.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ამრიგად, ისინი მარადიულად ემსახურებიან ღმერთს; და ღმერთიც იფარავს მათ თავისი კარვით. ერთი წმინდანის თქმით, ღვთის მფარველობა - ეს არის მისი განუწყვეტელი ხსოვნა, რომელიც წმინდანთა სულებშია. ამიტომ, ღვაწლის მიხედვით, ღმერთი მათ იფარავს თვისი კარვით, ვინც მას დღე და ღამე ემსახურება.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ნეტარნი არიან, ვინც წარმავალი მწუხარებებითა და უბედურებებით მარადიულ დიდებას მოიხვეჭენ და მარადიულად ქრისტესთან სუფევის ღირსნი გახდებიან. ეს არის უმაღლესი ხარისხის ჯილდო - უფლის ტახტის წინაშე ყოფნა მარად, ღვთის სამსახურში: დღე და ღამ - ეს ხატოვანი გამოთქმაა და ღვთისმსახურების დაუსრულებლობას (უწყვეტობას) გამოხატავს. თორემ იმ სამყაროში ღამე არ იქნება, არამედ მარადიული ნათელი დღე, რომელსაც გაანათებს არა ეს, გრძნობადი მზე, არამედ სხვა, სულიერი სიმართლის მზე. შესაძლოა, ღამეში მოიაზრებოდეს დაფარული და ღრმა საიდუმლო. ხოლო უფლის ტაძარში კი სულით განახლებულ ადამიანთა მოდგმა იგულისხმება, რომელთაც ღმერთმა აღუთქვა, რომ მათში დაიმკვიდრებდა: თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღმრთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი" (2 კორინთ. 6:16).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ქების მუდმივობა
არ არის ძნელი, არამედ სასიამოვნოა და სასურველი ღმრთისადმი მუდმივი ქებითი მსახურება; რა თქმა უნდა, დღე და ღამე აქ დროის ცვალებადობას კი არ აღნიშნავს, არამედ მუდმივობას.
ღირ. ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებაზე.
16. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
სულიწმიდით ფერცვალებულნი
მათ აღარ მოშივდებათ, რადგან ცოცხალი პურით მოილხენენ: მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით (იოანე 6:51), თქვა (უფალმა). რაც მოსწყურდებათ, რადგან თრობამდე შევამენ ესოდენ ბრწყინვალე თასიდან, რომ თითქოს მათზე ღაღადებს ჭეშმარიტება: და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს (იოანე 6:35); ისევე, როგორც მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში (იოანე 4:14). და აღრც მზე დაწვავთ და აღარც ხვატი შეაწუხებთ. ასევე, ესაიას პირით, ღმერთმა მსგავსი რამ წინასწარ აღუთქვა თავის ეკლესიას, როდესაც უთხრა: თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანაქებაში (ეს. 25:4). მან გამოაცხადა, რომ მისი საიდუმლოებანი იქ მტკიცედ დაიცვება და განსაცდელთა ცეცხლი ვერაფერს გაანადგურებს.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
_________________
3. შეად. ეს. 49:10: არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. - რედ.
_________________
აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, რადგან ადრე მათ, ვინც წარმართთაგანია, ყველანაირი განსაცდელი გამოვლეს და ახლა, რა თქმა უნდა, ისინი გაძღებიან დაუსრულებელი სიკეთით. ნათქვამია: აღარც მზე დასწვავთ. საღვთო წერილის ზოგიერთი მწერლის მიერ მზე გამოხატულია, როგორც ცდუნება: ხან წინასწარმეტყველი იტყვის: დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე (ფსალმ. 120:6). ან მახარებელი წერს, რომ ამომავალმა მზეზმ გამოაშრო კლდოვან ადგილზე აღმოცენებული თესლის მორჩი (შეად. მარკოზი 4:5-6. - რედ.). აქ მზე განიმარტება, როგორც განსაცდელი და ამიტომ ნათქვამია, რომ მათ აღარ დატანჯავთ ცდუნებები.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
17ა. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ,
ერთი საყდარი
მანამდე ამბობს, რომ ტახტზე მჯდომმა კრავმა წიგნი აიღო (შეად. გამოცხ. 5:6-7. - რედ.), ახლა კი: რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს. ამით გვასწავლის, რომ მამასა და ძეს ერთი ტახტი აქვთ, რადგან მამა ძეშია და ძე მამაში, ანუ ეკლესიის შუაში, რომელშიც ერთი ღმერთი, მთელი სამება, რწმენით მკვიდრეობს.
და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს - ეს ყველაფერი სულიერი მნიშვნელობით მოხდება, როდესაც ცოდვების მიტევების შემდეგ ჩვენ კვლავ აღვდგებით სიცოცხლისთვის, და, ვინც ქრისტეში მოვინათლეთ, ქრისტეთივე შევიმოსებით (გალატ. 3:27) და აღვივსებით: სულიწმიდის სიხარულით (1 თესალონიკ. 1:6). რადგან ამ გზით უფალმა აღუთქვა ეს სიცოცხლე თავის ეკლესიას და უთხრა: აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა (ეს. 65:18-19).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ღმრთის შემეცნება
მათ, ვინც ქრისტეს სამწყსოს წევრები არიან, არანაირი უბედურების გადატანა აღარ მოუწევთ, რაც მზისა და ხვატის სახით არის გამოხატული, არამედ უვნებელნი იქნებიან. რადგან მათ ექნებათ ზეციური პური და სიცოცხლის წყალი. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე (ფსალმ. 22:2). ეს სიცოცხლის წყალი არის საღვთო საქმეთა მაღალი გულისხმისყოფა, რომელიც მიეცემა მათ სულიწმიდისგან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
შესაძლოა, აქ საუბარი იყოს ღვთის ჭვრეტაზე, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე (კოლას. 2:3). დავითმაც თქვა ამის შესახებ: როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! (ფსალმ. 41:2).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
17ბ. და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
ხრწნილების განადგურება
ესაია ამბობს: საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ (ესაია 35:10). ანალოგიურად, ანგელოზმა უთხრა იოანეს: და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს, ყოველ შემთხვევაში, იმ თვალებზე, რომლებიც ადრე ტიროდნენ და რომელთაც შეიძლება კვლავ ეტირათ, საღვთო მიტევებას რომ არ შეეშრო ცრემლების მთელი ნიაღვარი.
და კვლავ, შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს (აპოკ. 21:4). და დღემდე (არსებობს) სიკვდილი; შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს ხრწნილება. ამიტომ ხრწნილება დათრგუნულია უხრწნილებით ზუსტად ისევე, როგორც სიკვდილია დათრგუნული უკვდავებით (შეად. გამოცხ. 21:4. - რედ.). თუ ავადმყოფობა, მწუხარება, ურვა და თვით სიკვდილი სულისა და ხორცის ნაკლოვანებათა შედეგად მოდის, მაშინ როგორ შეიძლება დავაღწიოთ მათ თავი, თუკი მათი მიზეზები დარჩება - კერძოდ, ხორცისა და სულის მანკიერებანი? განა არსებობს უბედურება ღვთის წინაშე, ან მტრების იერში ქრისტეს მახლობლად, ან დემონის თავდასხმა სულიწმიდის თანდასწრებით, როდესაც თავად ეშმაკი და მისი ანგელოზები უკვე ცეცხლში არიან ჩაყრილნი? (შეად. გამოცხ. 20:10. - რედ.).
ტერტულიანე, მკვდართა აღდგომის შესახებ.
ეს ყველაფერი სულიერი მნიშვნელობით მოხდება, როდესაც ცოდვების მიტევების შემდეგ ჩვენ კვლავ აღვდგებით სიცოცხლისთვის, და, ვინც ქრისტეში მოვინათლეთ, ქრისტეთივე შევიმოსებით (გალატ. 3:27) (4) და აღვივსებით სულიწმიდის სიხარულით (1 თესალონიკ. 1:6). რადგან ამ გზით უფალმა აღუთქვა ეს სიცოცხლე თავის ეკლესიას და უთხრა: აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა (ესაია 65:18-19).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
_________________
4. შეად. კოლას. 3:9. წმ. კესარიოს არლელი განმარტავს, რომ მხედველობაშია ნათლისღება. - რედ.
_________________
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.