განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_4_1_11 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება


თავი 4

იოანე ხედავს ზეციურ საყდარს

4:1-11


ძვ. ქართ.:

1. შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.
 
2. მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე.
 
3. და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ.
 
4. გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი.
 
5. და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი.
 
6. და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ.
 
7. და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა.
 
8. და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს.
 
9. და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე,
 
10. დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან:
 
11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.


ახ. ქართ.:

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
 
2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
 
3. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.
 
4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.
 
5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
 
6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
 
7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.
 
8. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა.
 
9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,
 
10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ:
 
11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.


***
 
 
მიმოხილვა: ქრისტე - ზეცის-ეკლესიის კარიბჭეა (ტიკონიუსი). გამოცხადების ხმა - იესუს, კაცის ძის ხმაა (ვიქტორინე პეტავიელი). მორწმუნებს მოეწოდებათ ამაღლება სულში რწმენის საიდუმლოებათა წვდომით (პრიმაზიუსი). იოანე ხედავს უფალს სულში (აპრინგიუსი). იასპისი და სარდიონის ქვა - სიმბოლოა ორი აღთქმისა (ვიქტორინე პეტავიელი) და მაცხოვრის ხორცის უბიწოებისა და სიწმიდისა (აპრინგიუსი). ღმრთის ხატი ვლინდება მის ენერგიებში (ეკუმენიოსი). ცისარტყელა - სახეა ეკლესიისა (პრიმაზიუსი) და სულიერ ძალთა (ეკუმენიოსი). მხცოვნები - პატრიარქთა და მოციქულთა სიმბოლოა (ვიქტორინე პეტავიელი), ასევე მთელი ეკლესიისაც (ტიკონიუსი). სპეტაკი სამოსი - სიწმიდისა და სატანაზე გამარჯვები სახეა (აპრინგიუსი). ელვანი, გრგვინვა და გრიალი - ჭეშმარიტების ქადაგება და სასწაულებია (პრიმაზიუსი), ასევე წმინდანთა სახეა (აპრინგიუსი).
 
შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი - ერთი სულიწმიდაა, რომელიც ენიჭება ერთ ეკლესიას (ვიქტორინე პეტავიელი, პრიმაზიუსი). ბროლის მსგავსი ზღვა - სულთა სიწმიდე, რომლებიც გარს აკრავენ ღმერთს (ეკუმენიოსი). ოთხი ცხოველი - მახარობელთა, სახარებათა და ასევე ქრისტეს გამოვლინებების სიმბოლოებია (ირინეოს ლიონელი, ვიქტორინე პეტავიელი, ავგუსტინე იპონიელი, აპრინგიუსი). ახალი აღთქმა - ძველის აღსრულებაა (ვიქტორინე პეტავიელი, ტიკონიუსი). ღმრთის განდიდება, როგორც ერთი სამიპოსტასოვანი ღმრთისა, განუყოფლისა და ერთარსისა - ეკლესიის მუდმივი საქმეა (ტერტულიანე, რუფინუსი, ათანასე ალექსანდრიელი) და ის განუწყვეტლივ აღესრულება ზეციურ იერუსალიმში (პრიმაზიუსი0. ქრისტე - ღმრთის ჩანაფიქრის განხორციელებაა და სიკეთეთა წყაროა, რომლებიც მიიღეს წმინდანებმა (პრიმაზიუსი, ტიკონიუსი).
 
 
***
 
 
1ა. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში,
 
 
იოანე ამბობს: შემდგომ ამისა, გავიხედე - ყოველ შემთხვევაში, ამ ხილვის შემდეგ იგი იხსენებს, რომ სხვა რამეც იხილა. სხვადასხვა დრო არ ეხება მოვლენებს, არამედ ხილვებს, და თუ ვინმე სხვადასხვა მეთოდით საუბრობს ერთზე, მაშინ გადმოცემას სხვა დრო დასჭირდება, იმისგან განსხვავებით, რაც ერთ დროში ხდება. ასე რომ, იგი სხვადასხვა გზით განაახლებს თხრობას ეკლესიის ცხოვრების მთელი დროის შესახებ. და, აჰა, კარი გაიღო ცაში - თქვა მან. გაღებულ კარში იგი გულისხმობს ქრისტეს, რომელიც იშვა, ევნო და აღდგა. ის არის კარიბჭე, რადგან მან თავად თვა: მე ვარ კარი (იოანე 10:9). ცაში ეკლესია იგულისხმება, ვინაიდან ღვთის საყოფელი უნდა იყოს იქ, სადაც ზეციური აღესრულება. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღვთის ნება აღსრულდეს, როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
1ბ. და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
 
 
კარი და ხმა
 
კარი გაიღო ცაში - იოანე ხედავს ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებას და მას ეუბნებიან: ამოდი აქ. როდესაც ღია (კარია) მინიშნებული, აშკარაა, რომ იგი ადრე ადამიანებისთვის დაკეტილი იყო, მაგრამ საკმაოდ სრულად არის განმარტებული, თუ როდის ავიდა ხორციელად ქრისტე ზეცად მამასთან. რაც შეეხება ხმას, რომელიც იოანემ მოისმინა, როდესაც თქვა, რომ მას ელაპარაკა, (ამას), ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, ურჩებისთვის ამტკიცებს, რომ ის, ვინც მოვიდა, არის იგივე, ვინც წინასწარმეტყველთა პირით ლაპარაკობდა. აკი იოანე წინადაცვეთილი იყო და ყველა ისმენდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას და ეს ხმა ასწავლიდა მათ.
 
ხმამ - ამბობს ის, - რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, მითხრა: ამოდი აქ  - ეს არის იესუ ქრისტე, რომელიც, როგორც იოანე აღიარებს, ცოტა ხნით ადრე, მან იხილა შვიდ სასანთლეს შორის მსგავსება კაცის ძისა და ახლა, ცოტა ხნის შემდეგ, იხსენებს იმას, რაც ნაწინასწარმეტყველებია რჯულის თანახმად და ამ დაწერილის წყალობით იგი (ერთად) კრებს ყველა პირველ წინასწარმეტყველს და აცხადებს წმიდა წერილს. და რადგან ჩვენმა უფალმა, მას შემდეგ, რაც თავისი სახელით მორწმუნეები მიიხმო ზეცად, სასწრაფოდ გარდამოავლინა სულიწმიდა, რომელსაც კაცი ზეცად აჰყავს, ის ამბობს: მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ. და როდესაც სულიწმიდით იხსნება მორწმუნეების გონება, მაშინ მათ იგივე ეჩვენებათ, რაც ძველმა წინასწარმეტყველებმა იქადაგეს.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რწმენის შეხება
 
ეს არის ხმა მქადაგებლისა: ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა (ესაია 58:1). ზეაღსვლა მაშინ ხდება, როდესაც ან ვინმე იძულებულია, ან ღირსია აღვიდეს ეკლესიად, რადგან მოიძულა წუთისოფელი. ამრიგად, გლოვის ველიდან ამოდის ის ამ ღირსების მწვერვალზე, და აქ ვკითხულობთ: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები (ესაია 2:3). მაგრამ აქვე მართალთაც მოუწოდებენ ცაში ასვლას, ანუ მოუწოდებენ ისურვონ და ჩაწვდნენ არა მიწიერს, არამედ ზეციერს. რადგნა როდესაც უხეში კაცი ეკლესიაში შეიტყობს, თუ როგორ ეწამა ქრისტე, აღდგა მკვდრეთით და ავიდა მამასთან, და როდესაც ყოველი, სულიერად აღზრდილი და ამ სიტყვებით განსწავლული ადამიანი, ჭვრეტს მას ღმრთის სხვა იპოსტასში - მამაში, მაშინ სამართლიანად იქნება ნათქვამი, რომ ის აღასრულებს ზეაღსვლას და ხედავს რწმენის საიდუმლოს. ამიტომაც ბრძანებს უფალი: უთხრა მას იესუმ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან (იოანე 20:17), - მას აქ მხედველობაში აქვს რწმენის შეხება.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სულის საიდუმლონი
 
კარის გაღება დაფარულ საიდუმლოთა გამოცხადებას მოასწავებს, ხოლო სიტყვები - მოდი აქ - მიწისგან (ქვეყნისგან) სრულად ამაღლებასა და ზეცისკენ გონების თვალთა აღპყრობას.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

 
2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
 
3. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.
 
 
აღქმა სულით
 
ვის შეუძლია იფიქროს, რომ ის ხორციელად ამბობს რამეს, ვინც საკუთარ თავზე აღწერს, რომ ატაცებულ იქნა სულის მიერ? კაცი, რომელიც გამოცდილია თავისი ღმრთის მიერ, არაფერს აღიქვამს ხორციელად, არამედ იგი სულით იქნა ატაცებული, რათა ეხილა სიდიადის უფალი, რომელსაც იგი სულით ჭვრეტს, მაგრამ ხორციელად ვერ ხედავს და ასრულებს მოციქულის სიტყვებს: თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ (2 კორინთ. 5:16).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ღმრთის მსჯავრნი
 
ცხადია, რომ ტახტი - მეფისა და განსჯის ადგილია, ხოლო იოანე ამბობს, რომ ტახტზე მჯდომარე იასპისა და სარიონის ქვას ჰგავდა. რადგან იასპი წყლის ფერია, სარდიონი კი ცეცხლისა, ცოტა მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს ორი აღთქმა ღვთის ტახტის ზემოთ არის დადგენილი ქვეყნის აღსასრულამდე. ამ ორი განაჩენიდან ერთი წარღვნის დროს, წყლის მეშვეობით აღსრულდა, ხოლო მეორე აღსრულდება ცეცხლის საშუალებით. და ტახტის გარშემო ცისარტყელას აქვს ელვარე ფერი. ცისარტყელა არის რკალი, რომლის შესახებაც ღმერთი ესაუბრა ნოეს და მის ვაჟებს, რათა მათ აღარ შინებოდათ წარღვნის. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში (დაბ. 9:13), რათა წყლის კი აღარ გეშინოდეთ, არამედ ცეცხლის.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხორცის განათლება
 
იასპის ქვა ანათებს მწვანე და თავბრუდამხვევი სინათლით, რათა იცოდეთ, რომ ცოდვის ჩრდილის გარეშე მიღებული ადამიანის ხორცი ნათლდება საუკუნო უბიწოების ძალით და ნათობს მასში საღვთო ძალის დამკვიდრების გამო. სარდიონის ქვა კი წითლად ანათებს მუქი ჩრდილით, რათა გააცნობიერო, რომ უბიწო ხროცის სიწმინდე მიღებულ იქნა მორცხვი და თავმდაბალი ქალწულისგან.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ღმრთის ენერგიები
 
ასვლა არც ხორციელი და არც გრძნობადი არ ყოფილა. იოანე ამბობს: აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით. ღმერთი არ ჰგავს მათ - სრულებით არა! - არაფერს ჰგავს ხორციელად აღქმულს ან ზოგადად ხორციელს, რადგან უხილავია, უსხეულო და გამოსახულების გარეშე. როდესაც სერაფიმებს მისი უხილავი (ბუნება) წარმოუდგება, ისინი ფრთებით იფარავენ სახეს. ღმერთმა მოსესთან საუბრისას თქვა: ისევ ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს (გამ. 33:20), მაგრამ თავად მახარებელი, თითქოს იმ მუხლის უარსაყოფად, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, ამბობს: ღმერთი არავის არასოდეს უხილავს (იოანე 1:18). შესაბამისად, ღმერთი არავის უხილავს, როგორც რამის მსგავსება, მაგრამ მისი ხილული ხატი წიგნში "აპოკალიფსისი" აღწერილ იქნა მისივე ძალებით. რადგან იასპი ძვირფასი, მწვანე ქვაა, რომელიც გარეგნულად ზურმუხტის მსგავსია, რის გამოც მან მიიღო თავისი სახელწოდება. ხოლო სარდიონი მეორე ძვირფასი ქვაა, ცეცხლივით მოელვარე და სისხლის ელფერით. ასე რომ, ჩვენთვის იასპი ნიშნავს, რომ ღმერთი სიცოცხლეს ანიჭებს და ყველას უზრუნველყოფს, ვინაიდან ყოველგვარი საკვები ადამიანებისთვის, ასევე ოთხფეხა, ფრთოსანი, ქვეწარმავალი მხეცებისთვის წარმოიშობა და მომდინარეობს მწვანე (მცენარეულობიდან). რადგან ამბობს წინასწარმეტყველი: აღმოაცენებს ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისგან. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა (ფსალმ. 103:14-15). და კვლავ, სამყაროს შექმნისთანავე, უფალმა თქვა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი (დაბ. 1:11). შესაძლოა ამას ავლენს იასპი.
 
სარდიონი ასახავს ღმერთის მრისხანებას; ღვთის მხილველი მოსე ამბობს: შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? (ფსალმ. 75:8); ეთანხმება რა მას, ბრძენი მოციქულიც წერს: მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში (ებრ. 10:31).
 
ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი - აშკარად ხილული ცისარტყელა, რომელსაც საღვთო წერილი ღვთის მშვილდს (1) უწოდებს, წარმოიქმნება მზის სხივის გარდატეხის შედეგად, როდესაც იგი ღრუბლების სისქეში მოხვდება, ყოვნდება და წარმოქმნის ჭრელ და სხვადასხვა ფერს. იგულისხმება გონებით ხილული ცისარტყელა, რომელიც გარს ადგა ტახტს, ერთი ფერისა, რადგან ეს იყო ზურმუხტის მსგავსი. და, რა თქმა უნდა, იგი ავლენს ღმერთთან ახლოს მყოფ ყველა წმინდა სულს, რის გამოც მას ეწოდება ცისარტყელა, თუნდაც ის ერთი ფერისა იყოს; ეს მიმისთვის არის, რომ გონებით ჩავწვდეთ ღვთის ანგელოზების მრავალგვარ პატივს და სახეს ცისარტყელის მრავალ ფერში.
 
_________________
 
1. შეად. დაბ. 9:13. სიტყვა τόξον (მშვილდოსნის მშვილდი) გამოყენებულია სეპტუაგინტაში (დაბ. 9:13);  იხ. ასევე გამოცხ. 6:2, სადაც ლაპარაკია მშვილდიან მხედარზე. ბერძნ ტექსტში (დაბ. 9:13-ში გამოიყენება სიტყვა ἶρις, რომელსაც მისდევს სინოდალური თარგმანი: ვდებ ჩემს ცისარტყელას (ῖρις) ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. - რედ.
 
_________________
 

ჭეშმარიტად, ყველა ურთიერთშეხამებაში მოდის ერთ ფერთან, რადგან ისინი ერთნაირად ქველისმოქმედნი არიან, ჰბაძავენ რა თავიანთ უფალს და ამიტომ ზურმუხტის ფერი ამოწმებს მათ მზრუნველ ღვაწლზე, ისევე, როგორც იასპი ღვთის მზრუნველობაზე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3. ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.
 
 
ცისარტყელა - ეკლესიის სახე
   
რადგან წარღვნის შემდეგ ცისარტყელა უსაფრთხოების აღთქმას მოასწავებდა, იგი შესანიშნავად წარმოაჩენს ეკლესიას ღვთის მალხინებლად. რადგან, როგორც წვიმის მატარებელი ღრუბლები, მზის სხივებით გაცისკროვნებულნი, ცისარტყელას სახეს ასხივებენ, ასევე სიმართლის მზის, ანუ ქრისტეს მიერ გაცისკროვნებული წმინდანთა სულები მათი წასვლის შემდეგ ღვთის წყალობით დაჯილდოვდებიან.
 
პრიმაზიუს არდუმენტელი, გამოცხადების განმარტება.


იასპის ქვა ანათებს მწვანე და თავბრუდამხვევი სინათლით, რათა იცოდეთ, რომ ცოდვის ჩრდილის გარეშე მიღებული ადამიანის ხორცი ნათლდება საუკუნო უბიწოების ძალით და ნათობს მასში საღვთო ძალის დამკვიდრების გამო. სარდიონის ქვა კი წითლად ანათებს მუქი ჩრდილით, რათა გააცნობიერო, რომ უბიწო ხორცის სიწმინდე მიღებულ იქნება მორცხვი და თავმდაბალი ქალწულისგან.
 
აპრინგიუსი.


მოციქულმა შინაგანი თვალით იხილა ტახტზე მჯდომარე მამა ღმერთი. ტახტზე ჯდომა ღვთის სამსჯავროს გამოხატავს, რომელიც ბოლო ჟამს აღსრულდება. ეს ჯერ კიდევ არ არის უკანასკნელი და საშინელი სამსჯავრო, არამედ მისი წინამორბედი, ღვთის იმ სამსჯავროთა მსგავსი, რომლებიც არაერთხელ შემდგარა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა ცოდვების გამო (მსოფლიო წარღვნა, სოდომისა და გომორის დაღუპვა, იერუსალიმის დაცემა და სხვა). ამ ხილვაში წარმოდგენილ მამა ღმერთს არა აქვს მიცემული ხორციელი სხეულის ნიშნები, როგორც ადრე გამოცხადებულ ძეს, მაგრამ მოციქული ღმერთს ძვირფას (პატიოსან) ქვებს ადარებს და ამსგავსებს (შდრ.: ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.  ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.  როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა (ეზეკ. 1:26-28).
 
ტახტზე მჯდომარე მამა ღმერთის სახე მსგავსი იყო ძვირფასი ქვების იასპისა (მომწვანო ფერის ქვა, სმარაგდის მსგავსი) და სარდიონისა (ყვითელ-ცეცხლისფერი ქვა). მწვანე ფერი აღნიშნავს იმას, რომ საღვთო ბუნება მარად ბრწყინვალეა, ყვავილოვანი და ცხოველსმყოფელი (სიცოცხლის მატარებელი) და რომ იგი ყველასთვის ნაყოფის მიმცემია, რადგან ყველა თესლი და ნაყოფი მწვანე ფერისაა. ხოლო მოყვითალო-მოწითალო-ცეცხლისფერი - მარად ღმერთში არსებული სისუფთავისა და სიწმინდის სიმბოლოა. ამასთანავე, იგი გამოხატავს უფლის მრისხანე გულისწყრომას იმათ მიმართ, ვინც მის ნებას ეწინააღმდეგება. რადგან ამბობენ, რომ ეს ქვა საშინელია მხეცთა და ქვეწარმავათლათვის; რადგან ღმერთი ყველას სულის მკურნალია. ექვთიმე ბრძანებს, რომ იასპის ქვა მახვილით მიყენებულ წყლულებსა და ჭრილობებს კურნავს (ჭრილობებზე დადებით). ამ ფერთა შეერთება კი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ცოდვილების სჯის, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მზად არის, რომ ჭეშმარიტ მონანულებს მიუტევოს.
 
ტახტისთვის გარსმომდგარი ზურმუხტის მსგავსი ცისარტყელა სხვადასხვაფერ სათნოებათა მშვენიერებით შემკულ ანგელოზთა მხედრობას გამოხატავს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.
 
 
მოციქულები და პატრიარქები
 
ოცდაოთხი უხუცესი ოცდაოთხ ტახტზე - წინასწარმეტყველთა და სჯულის წიგნებია, რომლებიც შეიცავენ მსჯავრის მოწმობებს. ოცდაოთხი უხუცესი თორმეტი მოციქული და თორმეტი პატრიარქია.
 
მღვდელმოწ. ვიქტორნე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესიის ხატი
   
უხუცესებში იოანე გულისხმობს მთელ ეკლესიას, ესაიას მსგავსად: გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთან წინაშე გამოაჩენს დიდებას (ეს. 24:23). რიცხვი ოცდაოთხი კი შედგება როგორც მმართველთაგან, ისე ერებისგან, თითქოს ისრაელის თორმეტი ტომი გაორმაგებულიყოს, თანახმად ორი აღთქმისა, რადგან იგივე ეკლესია იქმნება როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში. ეს ცხადია იქიდან, რომ იოანემ ეკლესია თორმეტ მოციქულში წარმოაჩინა (რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ) მმართველთა კრებით სახეს. ჩვენ ასევე ვცნობთ იერუსალიმს ქალაქის აღწერისას, რომელიც ზეციდან ჩამოდის. ეს ოცდაოთხი ტახტი (სინამდვილეში) თორმეტია, მსახურებათა მიღებული დაყოფის თანახმად, რადგან თორმეტი ტომის წინამძღოლნი წარდგებიან. და თორმეტი ტახტი, მიღებული მისტიკური გამოთვლების მიხედვით, ერთია, საიდანაც ეკლესია (იღებს სათავეს). რადგან მხოლოდ ქრისტე უფალი დაჯდება განსასჯელად; დადჯდება და უკვე ზის ეკლესია, და განსჯის თორმეტ ტომს, მაგრამ ქრისტეს მიერ, რომელშიც არის ყველა; (ეკლესიის) წევრები დასხდებიან და განსჯიან, მაგრამ ერთი თავის ქვეშ.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
უხუცესები - ეშმაკის მძლეველნი
 
იოანემ თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინა პატრიარქებისა და მოციქულების გუნდი, რომლებიც წმინდა სწავლების ტახტზე სხედან. ის მათ უხუცესებს, ანუ მამებს უწოდებს. მათ სპეტაკი სამოსი ემოსათ, ანუ სიმართლით და სიწმინდით იყვნენ შემოსილნი. თავზე ედგათ ოქროს გვირგვინები, როდესაც გაიმარჯვეს ამ ცხოვრებაში, სძლიეს ბოროტ მტერს - ეშმაკს და უფლისგან გვირგვინები მიიღეს. ამ გვირგვინების შესახებ დეტალურად მსჯელობს რჩეული ჭურჭელი: კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი (2 ტიმ. 4:7-8).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
უხუცესები - ორივე აღთქმის წმინდანები არიან
 
მხოლოდ ღმერთმა, რომელმაც იცის დაფარული, იცის, ვინც არის ტახტზე მჯდომარე ოცდაოთხი უხუცესი; და მან, ვისაც გამოუცხადა. ჩემი ვარაუდით, ესენი არიან: აბელი, ენოქი და ნოე; აბრაამი, ისააკი და იაკობი; მელქისედეკი და იობი; მოსე და აარონი; იესუ ნავეს ძე და სამუელი; დავითი, ელია და ელისე; თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი, რომლებიც გამოსახულია ერთ სახეში; ესაია და იერემია; ეზეკიელი და დანიელი; ზაქარია და იოანე; იაკობი, იოსების ძე და სტეფანე, ახალი აღთქმის მოწამეები. შეიძლება დავასახელოთ პეტრე, პავლე და იაკობი, იოანეს ძმა, რომელიც ჰეროდემ მახვილით მოკლა და მოციქულთა დასის დანარჩენი ნაწილი. უფალს რომ არ გამოეცხადებინა, რომ არა ახლა, არამედ აღდგომის შემდეგ, დასხდებიან ისინი თორმეტ ტახტზე, ცხადია, სხვებიც მათთან მიმართებით, ვის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება (2).
 
_________________
 
2. ანდრია კესარიელი ეკუმენიოსის განმარტებას ახსენებს მხოლოდ იმისთვის, რათა ის უარყოს. უფრო სწორედ, ის ეთანხმება აპრინგიუსის განმარტებას: მხედველობაშია თორმეტი პატრიარქი და თორმეტი მოციქული - რედ.
 
_________________
 
 
განმმარტებლები ეყრდნობიან წმინდა მოციქულებისადმი მიცემულ აღთქმას: როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად (მათე 19:28). ისინი ვარაუდობენ, რომ ამ 24 უხუცესში იგულისხმება ძველი აღთქმის თორმეტი წარმომადგენელი - წმინდა პატრიარქები და წინასწარმეტყველები და ასევე ახალ აღთქმაში გამოჩენილი წმინდა მოციქულები. სპეტაკი სამოსი - სისუფთავისა და მარადიული დღესასწაულის სიმბოლოა, ოქროს გვირგვინები კი ეშმაკზე ძლევის მოპოვებისა.
 
ანდრია კესარიელი.
 
 
5ა. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
 
 
ქადაგება და ნიშნები
 
გრგვინვა და გრიალი ასახავს ჭეშმარიტების ქადაგებას, ელვისებურად განათება - სასწაულთა ნიშნებს, როგორც სახარებაში ნათქვამია: ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით (მარკ. 16:20); და ასევე: შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო (ფსალმ. 76:19). ამრიგად, ქადაგების ამ გრგვინვით და სასწაულების ელვით შეძრწუნებულმა სამყარომ ირწმუნა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მას სურს ვიცოდეთ, რომ ძველი მოციქულების ყველა ქადაგება, ზეციური და წმინდა სწავლებაც ღვთის მსჯავრისა და შთაგონების შედეგად მოდის. ამიტომ ჩვენ ელვა გვესმის, როგორც ყველა წმინდანის სიტყვა, და გრგვინვა, როგორც მქადაგებლის ხმა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველაფერი ერთი მიზეზიდან გამომდინარეობს - ღმერთიდან. ამ ელვისა და გრგვინვის შესახებ ნათქვამია: შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო (ფსალმ. 76:19).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
აქ მითითებულია ის, თუ რაოდენ საშინელია ღმერთი მათთვის, ვინც ღირსი არ არის მისი მრავალთმენისა და დანდობისა. ხოლო გამართლებულთა და ღირსეულთათვის ელვა, გრგვინვა და გრიალი საშიშროებას არ წარმოადგენს, არამედ ელვა გაანათლებს სულიერ თვალს, გრგვინვა და გრიალი (ჭექა-ქუხილი) კი სმენას დაატკბობს... ღვთის შვიდ სულში, როგორც ზემოთაც ვთქვით, მოიაზრება სულიწმიდის შვიდი ნიჭი, წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ჩამოთვლილი: დაივანებს მასზე უფლის სული, სულის სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა" (ეს. 11:2).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5ბ. ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
 
 
ეს შვიდი ლამპარი ღვთის შვიდი სულია. მაშინაც კი, თავად მას რომ არ აეხსნა ეს, ჩვენ მაინც უნდა ვხედავდეთ ამ ანთებულ ლამპრებში სულიწმიდას, რადგან გვახსოვს, რომ მან თავიდან გაანათლა მოციქულები, როდესც მათზე ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა. მით უფრო ეს უნდა გვესმოდეს ახლა, როდესაც მან თავად დაამატა: არიან ღვთის შვიდი სული. და როდის არის მიზანშეწონილი ლაპარაკი სულიწმიდის მყოფობაზე, თუ არა ნათლობის დროს, როდესაც, როგორც გვწამს, ყველა მორწმუნე სამართლიანად იღებს მას?
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.

 
6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა,
 
 
მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, - აქ იგულისხმება ზეცის კამარა, რომელიც წყლებზეა დამყარებული, როგორც მეფსალმუნეც ბრძანებს: წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის (ფსალმ. 103:3). ეს წყლები იმდენად წმინდა და ბრწყინვალეა, როგორც მინის ჭიქა და ბროლი, რადგან ამბობენ, ცის ბუნებას ბროლის სახე აქვსო.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ნათლობის ნიჭი
   
ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, - ეს არის ნათლობის ნიჭი, რომელსაც იგი გადმოღვრის თვისი ძის მეშვეობით მონანიების დროს, სანამ მსჯავრს გამოიტანდეს. ამიტომ ტახტის წინ - ეს ნიშნავს მსჯავრის წინ. როდესაც ამბობს - მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა - ის მიუთითებს წმინდა, უძრავ წყალზე, რომელსაც ქარი არ აღელვებს, არც მდინარესავით მიედინება, არამედ ღვთისგან თითქოს უცვლელი ნიჭის სახით არის გადმოცემული.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მინის ზღვაში იგულისხმება ნათლობა, რომელშიც გულს სწამს სიმართლის, ხოლო ბაგე აღიარებს ხსნას (შეად. რომ. 10:10. - რედ.). არა ფარისევლური რწმენის თანახმად, იგი შედარებულია მინას, რადგან მინის გარედან ჩანს იგივე, არც ხდება შიგნით. და ტყუილად არ ითხოვს ის, რომ ეს ნათლობა ტახტის თვალწინ მოხდეს: დაე ვერ შეძლონ ერეტიკოსებმა მისი გარეთ გამოტანა და გაფანტვა! აქ იოანე ამბობს - ტახტის წინ - როგორც მოსესთან წერია: აჰა, ადგილია ჩემთან (გამ. 33:21), და როგორც უფალი თავად ბრძანებს მეორე რჯულში: უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად (რჯლ. 14:23). ჩვენ ვიცით, რომ ყველა ამ ადგილას ცხადდება ეკლესიის ერთიანობა, რომელშიც შეიძლება სამებით მონათვლა აღსრულდეს ხსნისათვის, მაგრამ მის გარეთ კი ემსახურება მონათლულის წარწყმედას, არა იმიტომ, რომ ცუდია ის, რაც გვეძლევა, არამედ რადგან მას ცუდად იყენებენ ისინი, ვისაც ეძლევა, როგორც პურის ნაჭერი, რომელიც უფალმა მისცა იუდას.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წმინდა სულები
 
ზღვის სახე სიმრავლეს აღნიშნავს; მინა და ბროლი არის ღვთის გარშემო მყოფი სულების სიწმინდე, რომელსაც არავითარი ურჯულოება არ ურევია და თითქოს ისინი ზღვა არიან სიმრავლით; ათასისი ათასნი ემსახურებოდნენ მას, - ამბობს დანიელი, - და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე (დანიელი 7:10). და მიაღწიეს რა ამ რიცხვს, ისინი ყველანი წმინდანი არიან, როგორც მინა და ბროლი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
6-7. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.
 
 
რიცხვთა და ცხოველთა სიმბოლოები
   
შეუძლებელია სახარება იყოს მეტი ან ნაკლები რაოდენობისა, ვიდრე არსებობს. რადგან ოთხია ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ოთხია მთავარი ქარი, რადგან ეკლესია მიმოფანტულია მთელ დედამიწაზე, ხოლო ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი (1 ტიმ. 3:15) არის სახარება და სიცოცხლის სული, მას უნდა ჰქონდეს ოთხი სვეტი, ყოველმხრივ უხრწნელებით მონაბერი, ადამიანთა მაცოცხლებელი. აქედან ცხადია, რომ სიტყვამ, რომელმაც მოაწყო ყველაფერი, რომელიც ზის ქერუბიმებზე და შეიცავს ყველაფერს, გამოეცხადა ადამიანებს, ოთხი სახით მოგვცა სახარება, მაგრამ ერთი სულით გამსჭვალული. ისევე, როგორც დავითი, ლოცულობს მისი გამოცხადებისთვის, როდესაც ამბობს: ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე (ფსალმ. 79:2). რადგან ქერუბიმებს ოთხი სახე აქვთ და მათი სახეები ღვთის ძის მოღვაწეობის სახენი არიან: პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა და ახასიათებს მის ქმედითობას, ბატონობასა და სამეფო ძალაუფლებას; მეორე ცხოველი კუროს მსგავსია და ნიშნავს მის წმინდა და სამღვდლო ღირსებას; მესამე ცხოველს კაცის სახე ჰქონდა და აშკარად ასახავს მისი, როგორც კაცის მოვლინებას; მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავს და მიუთითებს სულიწმიდის ნიჭზე, რომელიც ეკლესიის თავზე ტრიალებს - ამიტომ სახარება შეესაბამება იმას, რაზეც იესუ ქრისტე ზის. ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი გადმოსცემს მის თავდაპირველ ქმედით და დიდებულ დაბადებას მამისგან და ამბობს: დასაბამითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამითგან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (იოანე 1:1-3). ამიტომ ეს სახარება სავსეა ყოველგვარი სარწმუნოებით, რადგან ასეთია მისი ხასიათი. ლუკას სახარება, რომელიც სამღვდელო ხასიათს ატარებს, იწყება ზაქარია მღვდლით, რომელიც ღმერთს მსხვერპლს სწირავს, რადგან უკვე მზად იყო ნასუქი კურო, რომელიც უნდა დაეკლა მოცროსი ზის მისაღებად (იხ. ლუკა 15:23. - რედ.). მათე გვიცხადებს მის ადამიანურ შობას და ამბობს: წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. და კვლავ: ხოლო იესუ ქრისტეს შობა ასე მოხდა (მათე 1:1, 18). ეს სახარება ასახავს მი კაცებას; ამიტომ მთელი სახარების მანძილზე, ის მგრძნობიარე და თვინიერ ადამიანად წარმოგვიდგება. მარკოზი კი იწყებს წინასწარმეტყველური სულით, რომელიც ზეგარდმო ევლინება ადამიანებს და ამბობს: დასაწყისი იესუ ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ და მიუთითებს სახარების ფრთოსან სახეზე (შეად. მარკოზი 1:1. - რედ.). ამიტომ მან მოკლედ აღწერა, რადგან ასეთია წინასწარმეტყველური სული.
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ (3).
 
_________________
 
3. ანდრია კესარიელი სახარებათ სიმბოლოების დახასიათებაში აშკარად მიჰყვება წმ. ირინეოსს - რედ.
 
_________________
 
 
ამრიგად, სხვადასხვა სახის ცხოველებს გააჩნიათ შემდეგი აზრი. ცხოველი, რომელიც ლომს ჩამოჰგავდა, არის იოანეს სახარება, რადგან, როდესაც ყველა მახარებელმა იწინასწარმეტყველა განკაცებული ქრისტე, მან მას უწოდა - ვიდრე ჩამოვიდოდა და ხორცს შეისხამდე - ღმერთი და თქვა: ღმერტი იყო სიტყვა (იოანე 1:1). და რადგან იგი გამოსცემდა ხმას, როგორც თითქოს მბრდღვინავი ლომი, მისი წინასწარმეტყველება შეიცავს ლომის სახეს.
 
(რაც შეეხება კაცის სახეს), მათე ცდილობს გვამცნოს მარიამის გენეალოგიის შესახებ, რომლისგანაც ქრისტემ შეისხა ხორცი. შესაბამისად, ვიდრე ჩამოთვლის (წინაპრებს) აბრაამიდან დავითამდე და დავითიდან იოსებამდე, ის საუბრობს (ქრისტეზე), როგორც კაცზე, და ამიტომ მისმა წინასწარმეტყველებამ მიიღო კაცის სახე.
 
ჩამოთვლის ლუკაც ზაქარიას მღვდლობიდან, რომელიც მსხვერპლს სწირავდა ხალხისთვის, და ანგელოზიდან, რომელიც მას გამოეცხადა, და მღვდლობისა და მსხვერპლის გამო აღწერილობა თავისთავად კუროს სახეს ატარებს...
 
მარკოზი ასე იწყებს - დასაწყისი იესუ ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ (4) (მარკოზი 1:1-2) - დაიწყო აქ მოფრენილი სულით, ამიტომ აღწერა შეიცავს მფრინავი არწივის სახეს. მარკოზმა, ვინც განმარტა პეტრე, დაიმახსოვრა, რას ასწავლიდა ის მსახურებისას, ჩაწერა, მაგრამ არა თანმიმდევრულად (5) ამიტომაც დაიწყო ესაიას მიერ ნაუწყები წინასწარმეტყველებით. შედეგად, ისინი იწყებენ და ასე ამბობენ:
 
იოანე: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა (იოანე 1:1), - ეს იყო ლომის სიმბოლო;
 
მათე: წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა (მათე 1:1), - ეს არის სახე კაცისა;
 
ლუკა: იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი (ლუკა 1:5), - ეს არის სიმბოლო კუროსი;
 
მარკოზი ასე იწყებს: დასაწყისი იესუ ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ (მარკოზი 1:1-2). მარკოზი ზეგარდმო მოფრენილი სულით იწყებს, ამიტომაც მისი აღწერა შეიცავს მფრინავი არწივის სახეს.
 
_________________
 
4. სინოდალურ თარგმანშია: როგორც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ - რედ.
 
5. ევსები კესარიელს თავის საეკლესიო ისტორიაში მოჰყავს პაპიუს იერაპოლელის შემდეგი მოწმობა: მარკოზი გახდა პეტრეს განმმარტებელი , რასაც ის იხსენებდა, უფლის მიერ ნათქვამსა თუ ნაქმნარს, ეს იწერდა ზედმიწევნით, თუმცა მოუწესრიგებლად, რადგან არ სმენია უფლის, არც მას გაჰყოლია, მაგრამ ბოლოს, როგორც ამბობენ, გაყვა პეტრეს, ვინც ასწავლიდა ისე, როგორც საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ არ აწესრიგებდა უფლის გამონათქვამებს. ასე რომ, მარკოზი არაფერში შემცდარა, ისე წერდა, როგორც იხსენებდა. რადგან აერთი რამ განიხზრახა, რომ, რაც მოისმინა, იქიდან არაფერი გამოეტოვებინა, არც რაიმე ეცრუა მათში (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია.. III, 39). - რედ.
 
_________________
 
ამასთან, არა მხოლოდ საწინასწარმეტყველო სული, არამედ თვით ყოვლისმპყრობელი მამა ღმერთის სიტყვა, რომელიც არის მისი ძე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ჩვენთან მოსვლის დროს იმავე სახეებს ატარებს. ვინაიდან ნაწინასწარმეტყველებია, რომ ის ლომს და ლომის ბოკვერს ჰგავს (დაბ. 49:9). იგი იშვა ხალხის სახსნელად, სიკვდილზე გასამარჯვებლად და ყველას სახსნელად. მან თავი შესწირა მსხვერპლად მამა ღმერთს ჩვენთვის, ამიტომ მას კუროს უწოდებენ. რადგან სიკვდილზე გამარჯვების შემდეგ ზეცაში ავიდა, გაშალა ფრთები და იცავდა თავის ხალხს - ამისთვის მას ეწოდება მფრინავი არწივი. ასე რომ, ეს ოთხი წინასწარმეტყველება - თუმც ოთხია, - არის ერთი, რადგან ეს იმავე ბაგედან მოდის, ისევე როგორც მდინარე სამოთხეში, (გამომდინარე) ერთი და იმავე სათავიდან იყოფა ოთხ ნაწილად.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს ცხოველები იხილა ესაია წინასწარმეტყველმაც. ისინი ქრისტეს განგებულებას გამოხატავენ. ლომი გამოხატავს მის მეუფებას, კურო - მღვდლობას, და უფრო მეტად, მის მსხვერპლობას; კაცი - ჩვენთვის განკაცებას (კაცობრივი ხორცის შესხმას), ხოლო მფრინავი არწივი - სულიწმიდის ბოძების უნარს, რომელიც ზეციდან გარდამოევლინება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა - განმმარტებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ეს არის მინიშნება მახარებელ მარკოზის პიროვნებაზე (6).
 
_________________
 
6. როგორც ჩანს, აპრინგიუსი მისდევს ჰიერონიმეს, რომელიც ამჯობინებს ასეთ თანმიმდევრობას: ადამიანი, ლომი, კურო და არწივი. ეზეკიელის წიგნის 1:1, 6-8 განმარტებაში ღირ. ბედა პატივდებული მისდევს ავგუსტინეს. - რედ.
 
_________________
 
მართლაც, ეს ნათქვამია გონივრულად, რადგან მისი წიგნიც ასე იწყება: დასაწყისი იესუ ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი (მარკოზი 1:1-2). გასაკვირი არ არის, რომ აქ ჩანს ესაია და არა მალაქია, თუმცა ეს მოწმობა ნამდვილად მალაქიასთანაც გვხვდება. ესაია ხომ ითარგმნება, როგორც ხსნა უფლისა, მალაქია კი - ხსნა ანგელოზისა. ამიტომ სახარების დასაწყისში მან ანგელოზის, ანუ მალაქიას ნაცვლად აირჩია უფლის ხსნა, ანუ ესაია, რადგან სახარებისეული რწმენის წყალობით მას ამჟამინდელი და მომავალი ცხოვრების შეუცვლელ უწყვეტობამდე მივყავართ. იგი ასევე ახსენბს მაცნეს, რომელიც არის ანგელოზი, დაურთავს ესაიას სიტყვებს და ამბობს - უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის (ესაია 40:3) - რათა აღთქმული და ნაწინასწარმეტყველები ხსნის გამო, ჭეშმარიტების მაცნე მოავლინოს და ადამიანის გულები მოამზადოს მადლის მისაღებად. ლომის სახე აქ გვხვდება, რადგან მარკოზი ამბობს, რომ იოანე ქადაგებდა უდაბნოში. მართლაც, ის ამბობს: იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად (მარკოზი. 1:4).
 
მეორე - კუროს - იოანე გამოსახავს ლუკას. რადგან კუროს სახეში მღვდელი არის წარმოდგენილი, როგორც ესაია ამბობს: ბედნიერი ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს! (ესაია 32:20). და ამრიგად, ის თავისი სახარების დასაწყისში ამბობს მღვდელ ზაქარიას შესახებ: იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია (ლუკა 1:5).
 
მესამე ცხოველს კაცის სახე ჰქონდა, რადგან მათემ მოისურვა თავისი წიგნის დასაწყისში უფლის ხორციელი გენეალოგია გადმოეცა.
 
ხოლო მეეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი, ნიშნავს იოანეს, რომელიც არ საუბრობს უფლის კაცობრივ წარმომავლობაზე, არც მღვდლობაზე, არც უდაბნოშიმოღვაწე იოანეზე, არამედ ყველაფერს დაბალს გვერდს უვლის, ზეციური სიმაღლისკენ მიილტვის და, თითქოს არწივივით ფრენს, როდესაც განსაკუთრებით თავად ღმერთზე საუბრობს: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა (იოანე 1:1).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, - ამ მომენტიდან ეკლესია იმოსება სამეფო ღირსებითა და სიდიადით, რადგან ლომმა იუდას ტომიდან გაიმარჯვა - ლომის ბოკვერია იუდა! (დაბ. 49:9), ტომიდან, საიდანაც წარმოსდგებოდნენ ერის მეფენი.
 
მეორე - კუროს - აქ კუროს სახით წარმოჩენილია ეკლესიის სათნოებანი, ანუ ეკლესიის მსხვერპლი, რადგან სწორედ მაშინ იმარჯვებს ყოველი მართალი, როდესაც ქრისტეს სახელისთვის დაითმენს დაკვლას. ის ამბობს: ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება (რომ. 12:1), დაე სხეულმა აღასრულოს თავისთვის ის, რაც თავმა აღასრულა სხეულისთვის. ამიტომაც წარმოიშვა იგი მღვდელ ზაქარიასგან.
 
მესამეს კაცის სახე ჰქონდა. - აქ, მე ვფიქრობ, ნაჩვენებია ეკლესიის ადამიანურობა, რადგან, როდესაც მან მიიღო ღმრთის შვილთა მიშვილების სული (რომ. 8:15) და დააქვს ეს საუნჯე თიხის ჭურჭელივით (შეად. 2 კორ. 7:7), უმალ თავის უძლურებაში დაკნინება ისურვა, ვიდრე ღვთითბოძებული სიკეთეებით განდიდება, რითაც ღვთისმოშიშებით მისდევდა მოძღვრის ნაკვალევს, რომელმაც თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე (ფლპ. 2:8) და თქვა: დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი (მათე 11:29).
 
ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. - აქ აღწერილია ეკლესიის აღმაფრენა, რომლის სულიერი წევრები ზეციერ საგნებს ჭვრეტენ. მათგან არც ერთი წევრი არ ეხება მიწიერ ვნებებს, არამედ ორი აღთქმის ფრთებით მიფრინავენ მაღლა და მაღლა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება (7).
 
_________________
 
7. პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს ინტერპრეტაციას, მაგრამ ამატებს ეკლესიასთან დაკავშირებულ განმარტებას. ტიკონიუსის თანახმად, ეკლესია და ქრისტე ერთმანეთს გულისხმობენ - რედ.
 
_________________
 
 
 
8ა. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი
 
 
ახალი აღთქმის ძალა - ძველი აღთქმის მოწმობებშია
 
ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვალებით სავსენი - ეს ნიშნავს ახალი აღთქმის ქადაგებას და გვიჩვენებს სულიერ წინასწარ ცოდნას, რომელიც გულის საიდუმლოებებს ამოიცნობს და ხედავს მომავალს, ანუ იმას, რაც არის წინიდანაც და უკნიდანაც.
 
ფრთები ძველი აღთქმის მოწმობებია და ამიტომაც წარმოადგენენ ოცდაოთხი წიგნის დადასტურებას - იმდენივე რიცხვისა, რამდენი უხუცესიც იყო საყდრებთან. მაგრამ რაკიღა ცხოველს არ შეუძლია ფრენა, თუკი მას ფრთები არ გააჩნია, ახალი აღთქმის ქადაგებასაც არავინ ერწმუნებოდა, რომ არ ფლობდეს იგი ძველი აღთქმის დადასტურებას, ანუ იმ ადრე ნაუწყებ წინასწარმეტყველებებს, რომლებითაც ის მიწისგან აიწევა და ფრინავს. ადრე ნათქვამი, თუ შემდგომში აღსრულდება, ნაწინასწარმეტყველევისადმი რწმენას უეჭველს გახდის. მაგრამ, მეორე მხრივ, ფრთებიც, თუკი შესისხლხორცებული არ იქნება ცხოველის სხეულთან, ვერსაიდან მიიღებენ მაცოცხლებელ ძალას. მაშასადამე, თუკი ის, რასაც წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ, არ აღსრულებულა ქრისტეზე, მაშინ მათი ქადაგებაც ამაო ყოფილა. ამას ფლობს სწორედ საყოველთაო ეკლესია - ადრე ნაწინასწარმეტყველევს და შემდგომში აღსრულებულს; ის დამსახურებულად ფრინავს და აიწევა მიწიდან, როგორც ცოცხალი ცხოველი. ხოლო მწვალებლები, რომლებიც არ სარგებლობენ წინასწარმეტყველური მოწმობებით, მსგავსნი არიან ცხოველებისა, მაგრამ ფრენა არ ძალუძთ, რადგან გამიწიერებულნი არიან (8). ხოლო იუდეველები, რომელთაც არ მიუღიათ ახალი აღთქმის ქადაგება, მსგავსნი არიან უსიცოცხლო ფრთებისა, - ანუ მათ ადამიანებს მიუტანეს ცარიელი წინასწარმეტყველება, რომელსაც არავინ შეისმენს, რამეთუ აღსრულებული ნათქვამს არ უკავშირდება.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_________________
 
8. ვიქტორინეს მხედველობაში აქვს მარკიონის მიმდევრები - რედ.)
 
_________________
 
 
ორი ფრთა ორი აღთქმაა
   
ცხოველებში ოცდაოთხი უხუცესია ნაჩვენები - სინამდვილეში ექვსი ფრთა ოთხი ცხოველისა ოცდაოთხი ფრთაა - აკი ის უმზერდა ცხოველებს ტახტის გარშემო, სადაც, როგორც მან თქვა, მანამდე იხილა უხუცესები. ექვსი ფრთის მქონე ცხოველი როგორ შეიძლება იყოს არწივის მსგავსი, რომელსაც ორი ფრთა აქვს, თუ არა ისე, რომ ოთხი ცხოველი არის ერთი, რომელსაც ოცდაოთხი ფრთა აქვს? მათში ჩვენ ვგულისხმობთ ოცდაოთხ უხუცესს, რომლებიც განასახიერებენ ეკლესიას და მან იგი შეადარა არწივს, რომელსაც აქვს ორი ფრთა, ანუ ორი აღთქმა, რომლის დახმარებითაც იგი მიიწევს მაღლა, რათა არაფერმა დააბრკოლოს, მიწიერ გულისთქმებს არ აჰყვეს.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
8ბ. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა.
 
 
ღმრთის დიდება
 
ღმერთს ყოვლისმპყრობელს უწოდებენ, რადგან ის ყველაფერზე ხელმწიფებს. მაგრამ მამა ძის მეშვეობით ხელმწიფებს ყველაფერზე, როგორც მოციქულიც ამბობს: რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა (კოლას. 1:16). და კვლავ, როდესაც ებრაელებს მიმართავს, ამბობს: დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი (ებრ. 1:2). რადგან, თუკი მისი მეშვეობით მამამ დაადგინა საუკუნენი, მის მიერ შეიქმნა ყველაფერი და ის არის ყოვლის მემკვიდრე, ამიტომ, მისი მეშვეობით, ხელმწიფებს ყველაფერზე. რადგან, როგორც ნათელი არის ნათლისგან და ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისგან, ასევე ყოვლისმპყრობელიც იშვება ყოვლისმპყრობელისაგან, როგორც იოანეს აპოკალიფსისშია დაწერილი სერაფიმების შესახებ: არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა". ამიტომ, ყოვლიმპყრობელი ეწოდება მას, ვინც მოვა: ვინ მოვა, თუ არა იესუ ქრისტე, ძე ღვთისა?
 
რუფინუსი, სარწმუნოების სიმბოლოს გადმოცემა.
 
 
წმინდა დიონისე არეოპაგელი ანგელოზთა შესახებ ბრძანებს, რომ ყოვლადწმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაფიმები. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ (ესაია 6:2). ექვსფრთიანი სერაფიმები და მრავალთვალა ქერუბიმები მარადის ღვთის გარშემო არიან, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულნი მასთან.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წმინდა ანგელოზები მარადის უგალობენ ღმერთს და არასოდეს დასცხრებიან (იღლებიან). ხოლო წმიდაა-ს სამჯერ თქმით სამგვამოვან ღმერთს ასხამენ ქებას. ასევე სიტყვები - რომელიც იყო, არის და მოვა - წმინდა სამებას აღნიშნავს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესია, მთელ ქვეყანაზე თავის ცალკეულ წევრებად გავრცელებული, სხვადასხვა ქალაქებში, ოლქებში, პროვინციებში, სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა ერებს შორის, განუწყვეტლივ აქებს ღმერთს სიტყვითა და საქმით, სიხარულსა და მწუხარებაში, დღითა და ღამით, აქებს შეუჩერებლივ ისე, რომ სულიერ ქმნილებათა განუწყვეტელი ქება ყოველჟამ გაისმის ზეციურ იერუსალიმში, რომლის მსგავსებითაც იქება მებრძოლი ეკლესია.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სამების ერთარსებობა
 
ვინ არის ღმერთთან ქერუბიმებზე და სერაფიმებზე ახლოს? და მაინც, ისინიც კი ვერ ხედავენ მას, ვერც ღია სახით, ვერც დაფარულით, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით იმყოფებიან, აღუვლენენ მას ქებას დაუღალავად და სხვას არაფერს იქმან, გარდა იმისა, რომ სამწმიდაო ქებით განადიდებენ მის ღვთაებრივ და ენით გამოუთქმელ ბუნებას... წმიდაა, წმიდაა, წმიდაა - აქ მიუთითებს წმიდა სამებაზე, რაც ღირსებით სამი პირის (ჰიპოსტასის) ტოლფასია: სამება, ყოვლისმპყრობელი, ყოვლადსაქებარი, ყოვლადდიდებული და ყოვლადსაყვარელი, ერთარსი და განუყოფელი. წმიდაა, წმიდაა, წმიდაა - ამ სიტყვებით მტკიცდება სამება და მისი ერთარსებობა!
 
წმინდა ათანასე დიდი, ჰომილია სიტყვებზე: ყველაფერი მამისაგან მომეცა მე (მათე 11:27) (9).
 
 
_________________
 
9. ანდრია კესარიელიც მიიჩნევს, რომ სამწმიდაო ეხება ღვთაებრიობის სამიპოსტასოვნებას - რედ.
 
_________________
 
 
9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,
 
10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ:
 
 
ქრისტე - მძლეველი
   
როდესაც ეს მოხდა, - იოანე ამბობს, - ყველა უხუცესი დაემხო და თაყვანს სცემდა უფალს. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ, ანუ იმის გამო, რომ სახარებამ, კერძოდ, უფლის მოღვაწეობამ და სწავლებამ, აღასრულა წინასწარმეტყველთა მეშვეობით ნათქვამი სიტყვა, მაშინ ისინი დამსახურებულად და სათანადოდ ხარობენ, რადგან იციან, რომ ისინი სწორად ემსახურებოდნენ უფლის სიტყვას. დაბოლოს, რადგან მოვიდა ის, ვინც დათრგუნა სიკვდილი და ერთადერთია ღირსი, რომ მოიხვეჭოს უკვდავების გვირგვინი, ყველამ - რამდენი გვირგვინიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, როგორც საუკეთესო საქმისთვის სამკაული - ისინი მას ფეხებთან ყრიან; ანუ ქრისტეს უმაღლესი გამარჯვების გამო ყველა სხვა გამარჯვება (იყრება) მის ფეხებთან.
 
ამასვე გვიჩვენებს ქრისტე სახარებაშიც: როდესაც (მისი მიწიერი ცხოვრების) უკანასკნელ დღეებში ჩვენი უფალი იერუსალიმში მოვიდა ტანჯვისთვის და ხალხი მასთან შესახვედრად გამოვიდა, ზოგიერთებმა პალმის რტოები მოჭრეს, გზად დაუფინეს, ზოგი კი სამოსს უფენდა.
 
ამრიგად, აქ, როგორც ჩანს, ნაჩვენებია ორი (ტიპი) ადამიანებისა, რომელთაგან ერთნი არიან მამები და წინასწარმეტყველები, დიდებული კაცები, რომელთაც ცოდვებზე გამარჯვების როგორი პალმის რტონიც არ უნდა ჰქონდეთ, მათ ქრისტეს ფეხქვეშ ყრიან. პალმის რტოები კი (გამარჯვების) ნიშანია, რადგან ისინი არავის ეძლევა, გარდა გამარჯვებულისა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ყოველი სიკეთე ეკუთვნის ღმერთს
 
როდესაც ისინი მოისმენენ დიდების მღაღადებელი ცხოველებისგან, ანუ მახარებელთაგან, რომლებიც აცხადებენ და განადიდებენ ქრისტეს ქადაგების გავრცელებას, ოცდაოთხი უხუცესი, ანუ მთელი ეკლესია, რომელიც შედგება წინამძღოლებისა და ხალხისგან, უმალ პირქვე დაეცემა და ევედრება მას, რომელიც ცოცხალია უკუნითი-უკუნისამდე.
 
ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს, ანუ ისინი ღმერთს მიაწერენ ყველა სათნოებასა და მთელ სიდიადეს, რაც თითოეულ მათგანს აქვს. რადგან ყევლა მოპოვებული სიკეთე სამართლიანად ეკუთვნის მას, ვინც გამარჯვებულს შეეწეოდა. ეს ქმედება სახარებაში კიდევ უფრო ადრეა აღწერილი, როდესაც ხალხი, უფალს ეგებებოდა რა, ტანსაცმელს შლიდა გზაზე, პალმის ტოტებით მოდიოდა მასთან შესახვედრად და ამბობდა: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით (მათე 21:9; 23:39).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: - აქ იგულისხმება, რომ ზემოთ ხსენებული უხუცესებიც ზეციურ ძალთა საგალობლების მოზიარენი არიან, მათსავით ისინიც ადიდებენ უფალს და აღიარებენ, რომ სულიერი მტრების წინააღმდეგ ღვთისგან მიიღეს ძალები, მათზე გამარჯვების მოსაპოვებლად.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
 
ჩვენთვის ცნობილია სხვა გამოცემის თარგმანი: რამეთუ შენ შეჰქმენ ყოველი, და (ყოველივე) შენი ნებით არსებობს და შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ის, რაც ადრე იყო ჩანაფიქრში, შექმნისას განხორციელდა. ხოლო ყოველივეს, როდესაც ხილული სახით შეიქმნა, საღმრთო სიბრძნისა და განგებულებისამებრ, თავისი ბუნების შესაბამისად უნდა ეარსება.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.

გაგრძელება იქნება.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому