განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_3_1_22 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
 

თავი 3

სარდეს ეკლესიის ანგელოზს

3:1-6

ძვ. ქართ.:

1. და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.
 
2. იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.
 
3. იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.
 
4. არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან.
 
5. რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.
 
6. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


ახ. ქართ.:

1. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.
 
2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.
 
3. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
 
4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან.
 
5. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.
 
6. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.


***


მიმოხილვა: ცხონება - გულგრიოლობის უარყოფასა და შეცთომილთა გამოსწორებაშია (ვიქტორინე პეტავიელი, ბედა პატივდებული). შვიდი ანგელოზი - სულიწმიდის შვიდი მოქმედებაა (ანდრია კესარიელი). ცოდვაში მყოფი მკვდარია ღმრთისთვის (ეკუმენიოსი). ღმრთის უეცარი მსჯავრი - ეს არის სიკვდილი, რომელიც ადამიანს ქურდივით ეპარება (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი), მაგრამ ღმერთმა იცის სიწმიდის დამცველები და მათ თეთრი სამოსით შემოსავს (ბედა პატივდებული, აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, ტერტულიანე).
 
 
***
 
 
 
1ა. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე:
 
 
რწმენა - საქმეებში ვლინდება
 
წმინდანთა ცხოვრების წესი მოწმობს გულგრილ ადამიანებზე, რომლებიც იქცევიან არა ისე, როგორც წუთისოფელში უნდა იქცეოდნენ, მათი საქმეები ფუყეა და ქრისტიანებად მხოლოდ სახელითღა იწოდებიან. ამიტომაც უფალი არწმუნებს მათ, რომ თუკი რაიმე სახით უარს იტყვიან საშიში გულგრილობისგან, შეიძლება ცხონდნენ. განამტკიცე დანარჩენი, - ამბობს, - რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე (გამოცხ. 3:2). ხისთვისაც ხომ არასაკმარისია ოდენ სიცოცხლე და ყვავილობა, თუკი ნაყოფს არ გამოიღებს - ასევე არასაკმარისია იწოდებოდე ქრისტიანად, თავს ქრისტიანად აღიარებდე, მაგრამ ქრისტიანისთვის შესაფერის საქმეებს არ იქმოდე.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ იოანე ამტკიცებს, რომ ანგელოზი, ანუ ეპისკოპოსი (1), საკმარისად მოშურნე არ არის ცოდვილთა გამოსასწორებლად. ამავე დროს, იგი აქებს მას იმის გამო, რომ ჰყავს რამოდენიმე კაცი, სისპეტაკით მოსილნი, რაც შესატყვისია თავად სახელწოდებისა სარდი, ანუ ძვირფასი ქვა. და სინამდვილეში, შენ თავი ცოცხლად წარმოგიდგენია, თუმცა, თუ არ იფხიზლებ და არ დაიწყებ ურჯულოთა გამოსწორებას, მკვდართა შორის აღმოჩნდები. წინამძღოლის საქმენი არასრულია ღვთის წინაშე - იმისიც კი, ვინც ხალხის წინაშე უმწიკვლოდ გამოიყურება, თუ ყველა ღონეს არ ხმარობს ასევე სხვების გამოსასწორებლად.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
________________
 
1. ღირ. ბედა მიჰყვება ტიკონიუსს და მიიჩნევს, რომ ეს მუხლები მიმართულია ეპისკოპოსთადმი - რედ.
 
________________
 
 
1ბ. ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი:
 
 
შვიდი ვარსკვლავი, როგორც ზემოთ ვთქვით, აღნიშნავს შვიდ ეკლესიას და სულიწმიდის შვიდ ნიჭს. და ეს ყველაფერი ქრისტეს ხელშია, რომელიც განაგებს ანგელოზებს, როგორც მათი უფალი. სულიწმიდის მბოძებელიც თავად არის, როგორც მისი თანაარსი. სარდეს ეკლესიას ეკუთვნის საყვედური იმის გამო, რომ სახელი კი აქვს ისეთი, თითქოსდა ცოცხალი იყოს სარწმუნოებით, მაგრამ კეთილ საქმეთაგან მკვდარია.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
1გ. ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.
 
მე უკვე ვთქვი შვიდი ვარსკვლავის შესახებ, რომლებსაც ახლა (იოანე) ღვთის სულებს უწოდებს: ახლა კი, რა თქმა უნდა, უნდა მოვისმინოთ ის, რაც სარდეს მცხოვრებთა შესახებ ითქმის. ნათქვამია: ვიცი შენი საქმენი; სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო - სათნო ცხოვრებით ცხოვრობ და ღმერთს მისდევ - და მკვდარი კი ხარ ცოდვებით (ცოდვებით - დამატებულია ეკუმენიოსის მიერ - რედ.). ჩვეულებრივ, საღვთო წერილში მკვდრებს ცოდვაში მცხოვრებს ადამიანებს უწოდებენ, როგორც ამას გვიჩვენებს ბრძენთაბრძენი პავლე თავის ეპისტოლეში მათ შესახებ, ვინც ურწმუნოებიდან ქრისტეს რწმენამდე მივიდა: ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (ეფეს. 2:5) (2). და მწყემსი ამბობს: ცხადია, რომ ვინც ნათლობის ემბაზის წყალში ჩადის, მკვდარია და ვინც იქიდან ამოდის, ცოცხალი" (3).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
________________
 
2. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს ტექსტში მოციქული საკუთარ თავსაც მიათვლის მოქცეულთა რიცხვს: და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა. - რედ.
 
3. ჰერმესის "მწყემსი". 3.9.16. "მათთან ერთად ჩადიოდნენ წყალში და კვლავ მათთანვე ერთად ამოდიოდნენ წყლიდან. მაგრამ ისინი ჩადიოდნენ ცოცხლად, ხოლო ისინი, ვინც ადრე განისვენა მკვდრად ჩადიოდნენ, მაგრამ ცოცხლად ამოვიდნენ" - რედ.
 
________________
 
 
2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.
 
3. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
 
 
სამსჯავროს მოულოდნელობა
 
ის საყვედურობს ზარმაცებს, რომლებიც მთელი სულით არ აღიარებენ ღმერთს და არ იცავენ ჭეშმარიტების მართალ რწმენას. ისინი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, ანუ მათ ცოცხლები ეწოდებათ, სინამდვილეში კი მკვდრები არიან. ამიტომ მათ არწმუნებს, რომ იფხიზლონ და განმტკიცდნენ იმ დირთულეებით, რომლებიც მათ წინაშეა. ამრიგად, უფალი არწმუნებს - გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე. მას სურს, რომ ახსოვდეთ მოციქულის სწავლება და, რაც თითოეულმა მიიღო რწმენის დასაწყისშივე, ის დაიმარხონ. იგი ასევე მოუწოდებს მათ, მოინანიონ უწინდელი ცოდვები. ამიტომ არაკეთილსინდისიერს ემუქრება: ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. ღვთის სამსჯავრო მოულოდნელად მოდის და არავინ იცის საიდუმლო საათი, თუ როდის მოვა ის.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
უფალი სარდეს ეკლესიას შეაგონებს, რომ მოციქულთაგან მიღებული მოძღვრება დაიცვას და დაუდევრობა (სულიერი ძილი) შეინანოს. თუ არა და, როგორც მპარავი, ისე მოახლოვდება სიკვდილის ჟამი და შემდეგ ქვეყნიერების აღსასრული, რომლის ზუსტი დროც არავინ იცის. ფხიზლად მყოფთათვის ეს იქნება შრომათაგან განსხვება, ხოლო მათთვის, ვისაც მოულოდნელად მიასწრებს სიკვდილი - ქურდივითაა, რომელსაც სულიერი სიკვდილი მოაქვს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან.
 
 
თავის ფარას სახელს უწოდებს ის, რომელმაც იცოდა მოსეს სახელი და ზეცაში წერს თავისი წმინდანების სახელებს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ყველა, ვინც ცოდვის სიბილწეს არ შეუბილწავს, უფალთან ერთად სისპეტაკით მოსილი დადის და ღირსი ხდება კრავის კვალდაკვალ იაროს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მათში, ვისაც თავიანთი სამოსი არ შეუბილწავს, იგი გულისხმობს წმინდანთა სხეულებს, პატრიარქი იაკობის სიტყვების თანახმად: ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს (დაბ. 49:11); ესაიაც იმავეს ამბობს: რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? (ესაია 63:2). ასე რომ, სპეტაკი სამოსი გულისხმობს ხორცის სიწმიდეს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი. - მისი ჟამი ღვთის ხელშია, იმავდროულად - ადამიანთა ხელშიც. საყოველთაო მკის ნამგალს ღმერთი მაშინ გამოგზავნის, როდესაც ადამიანთა სიბოროტე სიმწიფის საზღვარს მიაღწევს. სანამ ქვეყნად ბოროტ ადამიანებთან ერთად მართალნიც ცხოვრობენ და სანამ დგას ქრისტეს ეკლესია, რომელსაც არ შეუბილწავს თავისი სამოსი (აპოკ. 3:4), მანამდე ქვეყანაზე ბოროტება ვერ მომწიფდება. ხოლო როდესაც აღარ იქნებიან მართალნი და ბოროტების ოკეანე მთელ მსოფლიოს დატბორავს, მაშინ მოიწევა ქვეყნის აღსასრული, იგი დაიწვება, რათა გარდაისახოს ახალ, სრულყოფილ ქვეყნად, რომელშიც სიმართლე იმკვიდრებს (2 პეტრე. 3:9-12). ყველა უბედურება, რაც კი ყოფილა ქვეყანაზე, ვერ შეედრება იმას, რაც ბოლო ჟამს იქნება. მაშინ დადგება მწუხარების ჟამი მთელ მსოფლიოში, ადამიანები შეიძულებენ ერთმანეთს, ერთმანეთის შიში ექნებათ, ადამიანი ადამიანს აღარ დაუჯერებს. უბედურებები უფრო საშინელი უბედურებებით შეიცვლება, შიში - შიშით, საშიშროება - საშიშროებით, ტკივილი - ტკივილით, მწუხარება - მწუხარებით. მაგრამ ადამიანები გონს ვერ მოეგებიან და არ შეუვრდებიან ღმერთს, რომელსაც ძალუძს მათი გადარჩენა. პირიქით, ამ მწუხარებებს ის მოჰყვება, რომ ყოველგვარი სულიერი ცხოვრება განქარდება: ადამიანი იმდენად იქნება გაბოროტებული, გაქვავებული, დაბნელებული და შთანთქმული ერთადერთი საზრუნავით - როგორმე იარსებოს, რომ სულიერი ცხოვრებისთვის აღარც ნებისყოფა ექნება, აღარც ადგილი გულში, და აღარც სულიერი ცხოვრების მასწავლებლები იქნებიან, რადგან ისინიც წუთისოფელს აედევნებიან და ღვთის ეკლესიები ზოგი ცარიელი იქნება, ზოგი დანგრეული, ზოგიც სულიერად შებილწული უღირსი მწყემსმთავრებისა და მწყემსების მიერ. უბედურებებისა და ქაოსის ქარცეცხლში ქვეყნად ანტიქრისტე გამოცხადდება. ის მოვა როგორც დამამშვიდებელი და დამაწყნარებული, კეთილი მმართველი, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს მოწესრიგება. სინამდვილეში ის იქნება ყველაფრის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე, ტირანი და ბოროტმოქმედი, მისნაირი არ ყოფილა ქვეყანაზე და არც იქნება.
 
წმ. ეფრემ ასურელი.
 
 
5. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.
 
6. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
 
 
წმინდანთა სიწმიდე
 
საღვთო წერილში, აგრეთვე, იხსენიება სამოსი, როგორც ალეგორია ხორცის სასოებისა, რადგან იოანე აპოკალიფსისშიც ამბობს: ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან (გამოცხ. 14:4), ანუ ქალწულები, რომელთა შორის არიან ისინიც, ვინც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის (მათე 19:12). ასე რომ, ისინი სისპეტაკით მოსილნი არიან, ანუ ქალწულებრივი ხორცის სიწმიდით (იხ. მათე 22:11-12. - რედ.). სახარებაში საქორწილო სამოსიც შეიძლება გავიგოთ, როგორც ხორცის სიწმიდე. ასევე, ესაია როდესაც საუბრობს, თუ როგორი მარხვა აირჩია უფალმა (როდესაც დაურთავს (აზრს) ღვთისმოსაობის ჯილდოს შესახებ), ამბობს: მაშინ გამოჩნდება თანადროული ნათელი შენი და სამოსელი შენი მალე აღმოხდება (ესაია 58:8) (4). არ არის საჭირო ვიფიქროთ აბრეშუმზე, ან მოსასხამზე, არამედ ხორცზე. მან იწინასწარმეტყველა ხორცის აღდგომა, რომელიც მკვდრეთით აღდგება სიკვდილის შემდეგ.
 
ტერტულიანე, მკვდართა აღდგომის შესახებ.
________________
 
4. ამ მუხლის სინოდალური თარგმანი სხვაგვარად ჟღერს: მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება... - რედ.
 
________________

ვნებების (ვნებები - დამატებულია ეკუმენიოსის მიერ - რედ.) მძლეველი მომავალ საუკუნეში სისპეტაკით მოსილი ივლის. რადგან მან სახარებაში გამოგვიცხადა, რომ წმინდანები გაბრწყინდებიან, როგორ ცმზე და მთვარე; ხოლო განწმენდილთა სახელი, მისი სიტყვების თანახმად, ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში (5) იმ ნეტარი და დაუსრულებელი სიცოცხლისთვის. და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. - ის მათ აღიარებს (6), რადგან ისინი ერთგული მსახურები და ქველისმოქმედი სახლეულნი არიან. აკი სახარებაშიც ასევე ნათქვამია: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე (მათე 10:32) (Который на небесах - добавление Экумения. - Прим. ред.). და იმას, რაც მან თქვა მამისა და მისი ანგელოზების შესახებ, არ უარყოფს - წმინდა ანგელოზები მასაც ეკუთვნიან; ზოგჯერ (ნათქვამია), რომ ისინი მამას ეკუთვნიან, ზოგჯერ კი - ქრისტეს, რადგან მათეს სახარებაში წერია: მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე (მათე 24:31).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
________________
 
5. ეს სიმბოლო ჩნდება გამოცხადებაში 20:15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. - რედ.
 
6. იგულისხმება გამოცხადების წიგნის წინმსწრობი მუხლი: თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან. - რედ.
________________
აპოკალიფსისი
ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს

3:7-13

ძვ. ქართ.:

7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
 
8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
 
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
 
10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.
 
11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.
 
12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი.
 
13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


ახ. ქართ.:

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:
 
8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.
 
9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.
 
10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
 
11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.
 
12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
 
13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.


***


მიმოხილვა: რწმენაში მტკიცენი - ღმრთის ტაძრის სვეტები არიან (ვიქტორინე პეტავიელი). იესუ - ღმერთია ყოფიერებითაც, სახელწოდებითაც; ღმერთი იყო იგი განკაცებამდეც და განკაცების შემდეგაც ღმერთია (ეკუმენიოსი). დავითის წინასწარმეტყველება ქრისტეზე - სჯულის საიდუმლოთა გასაღები (ტიკონიუსი), რომელიც ცოდნის საგანძურს აღებს (ანდრია კესარიელი, გრიგოლ ნეოკესარიელი). მორწმუნე, მაგრამ განსაცდელებში გამოუცდელი ცხონების გვირგვინს კარგავს (კვიპრიანე კართაგენელი), ამიტომ საჭიროა ბოძებული ნიჭი მცნებათა დაცვით შევინარჩუნოთ (ავგუსტინე იპონიელი, ეკუმენიოსი), რადგან სწორედ ის აღებს კარს სოლომონის ტაძარში (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული).
 
***
 

7ა. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე:


ღმრთის ტაძრის სვეტი
   
მეექვსე ჯგუფი (დაკავშირებულია) საუკეთესო ცხოვრებასთან. აქ ნაჩვენებია წმინდანთა ჩვეულება - კერძოდ იმათი, რომლებიც მორჩილნი არიან ამ სამყაროში, მართალია, გამოუცდელნი არიან წმიდა წერილში, მაგრამ უცვალებლად მისდევენ რწმენას და საერთოდ არ შორდებიან მას, თუნდაც აშინებდნენ დიდი განსაცდელით. ამიტომაც ეუბნება: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი (გამოცხ. 3:8). და კიდევ: რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, - მიუხედავად ესოდენ მცირედი შესაძლებლობებისა, - მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე (გამოცხ. 3:10); იმისთვის, რომ შეიცნონ, თუ როგორია მისი დიდება, ღმერთი არ დაუშვებს მათ შთავარდნას განსაცდელში. მძლეველს, - ამბობს უფალი, - სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში (გამოცხ. 3:12). სვეტი - ტაძრის მშვენებაა, ანუ ვინც რწმენაში განმტკიცდება, ეკლესიის მსგავს ღირსებას მოიპოვებს.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ძმური სიყვარული
 
ფილადელფია ითარგმნება, როგორც ძმური სიყვარული. ამ ეკლესიისთვის იღება სასუფევლის კარები, და ის იღებს ღმრთის სიყვარულის აღთქმას.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.

 
7ბ. ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი,

წმიდა - ღმრთის ძეა. ამრიგად, ამას ამოწმებენ სერაფიმები, რომლებიც აერთიანებენ სამ წმინდას ერთ ხელმწიფებაში (შეად. ესაია 6:3 - რედ.), რომ სიტყვას არაფერი აქვს მიწიერი და ცოდვიანი, მიუხედავად იმისა, რომ მან ხორცი შეისხა. რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა, ესაიას თანახმად (ეს. 53:9). იგი ჭეშმარიტად არის ღმერთი ემანუელი, თუნდაც ეს არ მოეწონოს წყეულ ნესტორს (1) იგი გახდა კაცი, მაგრამ მას არ შეუწყვეტია ღმერთად ყოფნა. ის ჭეშმარიტად არის კაცი, თუნდაც ეს აუტანელი იყოს ღვთისმოძულე ევტიქისათვის (2).
 
________________________
 
1. ნესტორი (V ს.) მიიჩნევდა, რომ იესუ თავიდან იყო ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით ღვთაებრივი ლოგოსი მიიღო და ქრისტეში ორი ბუნების შეერთებას არ აღიარებდა, არამედ ამტკიცებდა, რომ ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებები მასში, - რომლებიც თანმიმდევრულად უნდა განვასხვავოთ, - ოდენ შეფარდებით (პირობით) ერთობაში იმყოფებიან. ამით კნინდებოდა მაცხოვრის ღვთაებრიობა - რედ.
 
2. ევტიქი (V ს.)
- მონოფიზიტების მთავარი ერესიარქი, ნესტორის მოწინააღმდეგე საღვთისმეტყველო დავებში. ევტიქი აღიარებდა, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება შთანთქა ღვთაებრივმა. აქედან მომდინარეობს მონო-ფიზიტობის, ანუ ერთბუნებიანთა სახელწოდებაც - რედ.
 
________________________
 
ის, ვინც არის ჭეშმარიტად, ის არის და მასში არაფერია ფარდობითი მნიშვნელობით, როგორც ამას ნესტორიანელები ამტკიცებენ, და არაფერი ისეთი, რაც გვეჩვენება ან წარმოგვიდგენია, როგორც ხატი, როგორც ამას ევტიქის მომხრენი, დაწყევლილი და ამაზრზენი მანიქველთა მოდგმა ამბობს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7გ. ვისაცა აქვს დავითის კლიტე,
 
 
ქრისტეს ძალაუფლება
 
ვისაცა აქვს დავითის კლიტე, ანუ სამეფო ხელმწიფება. თავის მხრივ, იგი კლიტეს დავითისად ან იმიტომ მოიხსენიებს, რომ მის მოდგმასი იშვა ქრისტე, ან კიდევ - რადგან თავად დავითმა ბევრი იწინასწარმეტყველა ქრისტეს შესახებ, რომლის ნებითაც, კლიტეს მსგავსად, გაიხსნა რჯულის, წინასწარმეტყველთა და ფსალმუნთა საიდუმლოებანი, რომლებზეც მან თავად დაამოწმა, როდესაც თქვა: უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში (ლუკა 24:44).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
   
 
ჭეშმარიტად, რადგან კლიტე ნიშნავს ძალას, მაშინ, როდესაც ამბობს - ვისაცა აქვს დავითის კლიტე - მას აშკარად სურს თქვას: როგორც დავიტი განაგებდა მიწიერ ისრაელს, ისე მეც, მიწიერთან ერთად, განვაგებ სულიერ (ისრაელს). აკი რა თანასწორობა აქვს ადამიანს ღმერთთან მიმართებაში? აი, რას ახარებდა ანგელოზი გაბრიელი ღვთისმშობელს უფლის შესახებ: და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა (ლუკა 1:32-33). ამრიგად, როგორც ქრისტემ მოიპოვა მალე დავითის მეფობის მსგავსება, მაშნი ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია მას ვუწოდოთ - ვისაცა აქვს დავითის კლიტე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
გასაღები - ძალაუფლების სიმბოლო.
 
უფალი დავითის კლიტეს თავის მეფობას უწოდებს, ანუ საკუთარ თავს დავითის კლიტის მფლობელად მიიჩნევს, რაც უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლოა. ღვთის ძეს დავითის სახლში უ მაღლესი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. დავითის სახლი, ანუ იგივე სამეფო - ეს არის ძველაღთქმისეული პირველსახე ღვთის სასუფევლისა. პირველი, ანუ ხორციელი თვალსაზრისით, უფალმა მამკვიდრეობა დავითისგან მიიღო თავისი განკაცების მეშვეობით, ხოლო მეორე, ანუ სულიერი აზრით, იგი მეფეა, როგორც ღმერთი. ასევე, სხვაგვარი განმარტებით, ფსალმუნთა წიგნის კლიტე არის სულიწმიდა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7დ. რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:
 
 
საიდუმლოს განმარტება
 
ეს უფალი ლაპარაკობს, ვფიქრობ, არა სხვაგვარად, თუ არა ღვთის სულთან ზიარებაში, რადგან ერთი და იგივე ძალაა საჭირო, როგორც მათთვის, ვინც წინასწარმეტყველებს, ის მათთვისაც, ვინც უსმენს წინასწარმეტყველებს, და ვერავინ მოუსმენს წინასწარმეტყველს, თუ თვით სული არ მისცემს მისი სიტყვის შეცნობის უნარს, რომელიც წინასწარმეტყველებში მოქმედებს. ამ გაგებით, წმინდა წერილში არის ნათქვამი, რომ გაღება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც დახშავს, მაგრამ სხვას არავის; დახშულს კი აღებს, - განვმარტავთ რა საიდუმლო გამონათქვამს, - ღვთის სიტყვა.
 
წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, ქება ორიგენეს.
 
 
ცხადია, რომ ქრისტე აღებს თავისიანებისთვის, ვინც (კარზე) აკაკუნებს, ხოლო ფარისევლებისთვის, რომლებიც აკაკუნებენ და ამტკიცებენ, - უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ (მათე 25:11) - იგი დახშავს სიცოცხლის კარს და მათ ეუბნება: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო (მათე 7:23).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
ღვთის რჯულის საიდულოებანი ერთგულთათვის მხოლოდ ქრისტეს ძალით განიხვნება, ხოლო ურწმუნოთათვის დახშულია; თუ უფალი აღებს, ვერავინ დახშავს, თუ იგი შეკრავს, ვერავინ დაარღვევს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
8ა. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას.
 
 
ეკლესიის კარები
 
მანდ ადრე თქვა - რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს - ისე, რომ არავინ ამტკიცოს, თითქოსდა ეკლესიის კარი, რომელიც ღმერთმა გახსნა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს სადმე დახშას (§62. ტიკონიუსი ლაპარაკობს დონატისტელთა წინააღმდეგ - რედ.). კარი, რომელიც ქრისტემ გახსნა, მაშინ გაიღო ეკლესიაში შესასვლელად, როდესაც მან მოწაფეებს გაუხსნა გონება, რათა შეეცნოთ წერილი (ლუკა 24:45). ამ (კარს), რომელიც მათთვის არის ღია, ვინც მთელ მსოფლიოს უქადაგებს, არასოდეს არავის ძალით ან ძალისხმევით არ დაიხშობა; ამიტომაც ამბობს მოციქული: ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც (1 კორინთ. 16:9).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები
 
 
8ბ. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.
 
 
რწმენა ბრძოლაშია
   
ქალაქი ფილადელფია მცირეა, რის გამოც მას მცირე ძალა აქვს. რადგან მან დაიცვა ქრისტეს რმწენა, იგი საკუთარ ძალას აღემატება, რათა უშიშრად დარჩეს მათ მეზობლად, ვინც მორწმუნეებს ტანჯავს. შემდეგ, როგორც მისადმი გულწრფელობის საპასუხო ჯილდო, უფალმა აღუთქვა, რომ ბევრი იუდეველი ჩამოვიდოდა ამ ქალაქში და მიიღებდა ქრისტეს რწმენას. ამას ნიშნავს ფეხქვეშ ჩაგივარდნენ (მე-9 მუხლი) და ამჯობინებენ ეკლესიის თაყვანისცემას უკანასკნელ ჟამს, რომ მხოლოდ ეკლესიის წევრები გახდნენ. წინასწარმეტყველიც ამასვე ამბობს სიხარულით: ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევს ბოროტების კარვებში ბინადრობას (ფსალმ. 83:11).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. - იგი განმარტავს, რომ ეკლესიამ დაიმსახურა ეს ნიჭები არა მისი ძალის გამო,ა რამედ ქრისტეს მადლის საფუძველზე, როდესაც გააცნობიერა, რომ მას თავად აქვს მცირე ძალა და, გამოსყიდული, არა საკუთარ თავს, არამედ უფალს განადიდებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. - ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პატარა და უძლური იყო ეს ქალაქი, სარწმუნოებით კი - საკმაოდ დიდი. რატომ ეუბნება: ვიცი შენი საქმენი? - ეს ნიშნავს, რომ სათნოდ მიაჩნია ისინი, როგორც ადრე მოსეს უთხრა: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში (გამ. 33:12). უფალი ეუბნება: სარწმუნოების კარიბჭე გამიღიაო შენთვის, რომლის დახშვასაც ვერავინ შეძლებს, რადგან საკმარისია შენი სარწმუნოება და შენს ძალაზე აღმატებულ საქმეებს აღარ ვეძიებ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.
 
10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
 
 
ფილადელფიის ეკლესიას უფალი ისეთი მადლის მიცემას აღუთქვამს, რომლის ძალითაც იუდეველები შეინანებენ მის წინაშე და სულიერად წინადაიცვეთენ, რაც ცოდვების მოკვეთას (მათგან განშორებას) გულისხმობს, ფეხქვეშ შეუვრდებიან მათ და ფილადელფიელ ქრისტიანთაგან ნათლისღებას მოითხოვენ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 

განსაცდელის ჟამი
 
დე ეკლესია მუდმივად ნუ განიცდის შინაგანი და გარეგანი კონფლიქტებისგან დამშვიდებას და, ამავე დროს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ზოგადად, ყველას თავს ატყდება სხვადასხვა განსაცდელისგან მოწყვლა, მაგრამ განსაცდელის ჟამი შეიძლება აღნიშნავდეს ანტიქრისტეს დროსაც, რომელიც უნდა მოვიდეს. ქრისტემ აღუთქვა, რომ დაიცავს ყველა ეკლესიას, რომლებიც ამ განსაცდელის ჟამს მას უერთგულებს.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
განსაცდელის ჟამს უწოდებს ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს, რომლის შესახებაც ამბობს, რომ დაიცავს ყველა მორწმუნეს, რომელიც კი იმ დროისთვის შემორჩება, რათა არ გამოიცადონ მათსავე შესაძლებლობებზე მეტად; ან გულისხმობს სამყაროს აღსასრულს მართალ ქრისტიანთა მსოფლიო დევნას ანტიქრისტეს მიერ. სწორად ამბობს ის, რომ მალე მოვა, რადგან სახარებაშიც ნათქვამია, რომ უფალი მოვა მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ (მათე 24:29). ამიტომაც უფალი გვაფრთხილებს დაუტაცებლად შევინარჩუნოთ სარწმუნოების საგანძური, რათა ვინმემ არ დაკარგოს გვირგვინი მოთმინებისა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ განსაცდელის ჟამს მოიწევა სტიქიური უბედურებანი და მეტისმეტ სიცხეს მეტისმეტი სიცივე შეცვლის, გვალვას - წყალდიდობები; საშინელი გრიგალები დიდ ნგრევას გამოიწვევს; ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, სნეულებები ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში დედამიწის მცხოვრებლებს თავზარს დასცემს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. მიწის ნაყოფიერება და მისი დამუშვება აღარ იქნება ღვთისგან ნაკურთხი და ამიტომ საშინელი შიმშილი და ყოველმხრივ სრული სიმწირე დაისადგურებს. მხოლოდ მხეცის ნიშნის (ანუ სატანის ნიშნის ) მიმღებთ ექნებათ უფლება, იარსებონ გარკვეულ დრომდე, თუმცაღა, ყველაზე მონურ და დამცირებულ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში და ღვტისგან ადამიანისთვის მინიჭებული ღირსების შელახვითს.
 
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქრისტეს სახელი სრულიად აღიხოცოს ადამიანის გულიდან. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთური სამეფო დაისადგურებს დედამიწაზე. ღვთის ადამიანები ძალიან მცირედნი შემორჩებიან. დადგება ჯოჯოხეთის მეუფება დედამიწაზე...
 
ქრისტეს ეკლესია სასტიკად იქნება დევნილი, რათა სრულიად აღიგავოს მიწის პირისგან, რადგან, სანამ მადლმოსილი მღვდლის მიერ საღვთო წირვა აღესრულება, დედამიწაზე ეშმაკი ვერ გაბატონდება. ყოველი საღვთო ლიტურგია - ეს არის ღვთის მყოფობა დედამიწაზე და უწყება ქრისტეს გამარჯვებისა ეშმაკსა და სიკვდილზე. ქრისტეს ეკლესიის დევნა იქნება აშკარაც და ფარულიც, საიდუმლო და ხილული, კერძო და საყოველთაო, ყველგან და ყველანაირად. იქნება მოწამეთა გარკვეული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის. მაგრამ იქნება მრავალი განდგომილიც, რომლებიც მხეცის ნიშანს მიიღებენ. ამ განდგომილებს - სუსტებს, უვარგისებს - დიდი ხანია ამზადებდნენ ბოროტი ძალები. ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში უთხრიდნენ ძირს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ იცოდე, ჯოჯოხეთის ყველაზე მძლავრი ძალები, ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ვერ მოერევიან ეკლესიას (მათე 16:8).
 
ეს ეკლესია დაუნდობლად იქნება დევნილი და დაიმალება გამოქვაბულებში, უფსკრულებსა და უდაბნოებში, მის მსახურებაზე ღვთის მადლი იქნება დავანებული და ღმერთი არ დაუშვებს, რომ დიდმა მტერმა მოსპოს ისინი. ძმანო, დაუკვირდით ქვეყნის აღსასრულის ნიშნებს, რომლებიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ, მისმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა განგვიცხადეს, და ნუ მოუძლურდებით ღვთისადმი სასოებაში.
 
წმ. ეფრემ ასურელი.
 
 
11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.
 
 
უფალმა თქვა: აჰა, მოვალ მალე. ამ განსაცდელებით აღსავსე დღეების შემდეგ იგი მალე მოვა, რადგან მრავალი საცდურის გამო სარწმუნოების დაკარგვის საფრთხე გაძლიერდება, სამაგიეროდ, ერთგულთათვის დიდი იქნება მისაგებელი. უ ფალი შეაგონებს მათ, რომ მტკიცედ დაიცვან სარწმუნოება, რადგან ისინი მოთმინებისთვის ძლევის გვირგვინს მიიღებენ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დაკარგვის საფრთხე
 
აღსარება არ გვათავისუფლებს ეშმაკის მზაკვრობისგან და არ უზრუნველგვყოფს, ვინც ჯერ კიდევ ამქვეყნად ვართ, ჩვენს გამუდმებულ დაცვას განსაცდელთაგან, საფრთხეებისგან, ამ სოფლის თავდასხმებისა და დარტყმებისგან. ამასთან, შემდგომ არასდროს გვინახავს აღმსარებელთა ასეთი ცდუნება, უღირსობა და სიძვა, რომლებსაც დღეს ზოგიერთ ადამიანში ვხვდებით - რის გამოც ვწუხვართ და გული გვტკივა. ვინც არ უნდა იყოს აღმსარებელი, ამის მიუხედავად, ის სოლომონზე მაღალი, უკეთესი და ღვთისსათნო არის. და სოლომონი, სანამ უფლის გზებზე დადიოდა, მანამდე ფლობდა ღვთისგან მიღებულ მადლს; როდესაც უფლის გზა დატოვა, უფლის მადლიც დაკარგა. ამიტომ დაწერილია: მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. უფალი არ დაემუქრებოდა სიმართლის გვირგვინის ჩამორთმევის შესაძლებლობით, სიმართლის დაკარგვას რომ არ მოჰყვებოდეს აუცილებლობის თანახმად გვირგვინის დაკარგვას.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, კათოლიკე ეკლესიის ერთობის შესახებ.
 
 
ამას ვამბობ მათთვის, ვინც ღმრთი სასუფევლისთვის არის განკუთვნილი, და რომელთა რიცხვი იმდენად განსაზღვრულია, რომ მათ არც არავინ დაემატება და არც არავინ მოაკლდება, და არა იმათზე, ვინც მრავალრიცხოვანია. რადგან შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოწოდებულნი არიან, მაგრამ არა რჩეულნი, რამეთუ მოწოდებულნი არიან არა მისი განგებისამებრ. მართლაც, განსაზღვრულია რჩეულთა რიცხვი, არ მატულობს და არ კლებულობს, თუმცა იოანე ნათლისმცემელი უთითებს (ამაზე), როდესაც ამბობს: "მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.  ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: "მამად გვივისო აბრაამი"; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა" (მათე 3:8-9).
 
როგორც ის აჩვენებს, ისინი უნდა მოკვეთილ იქნან, თუკი არ გამოიღებენ ნაყოფს, რათა აღასრულონ აბრაამისთვის აღთქმულთა რიცხვი. მაგრამ უფრო ნათლად არის ეს ნათქვამი აპოკალიფსისში: მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. რადგან, თუკი სხვა მიიტაცებს, როდესაც პირველი დაკარგავს, მაშინ რიცხვიც განსაზღვრულია.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საყვედურისა და მადლის შესახებ.
 
 
სიყვარული უფლისადმი
   
მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. - და რა გიპყრია? ცხადია, ჭეშმარიტი სიყვარული უფლისადმი, რომლის წვრთნაშიც ბოლომდე მოიპოვებს სიცოცხლის გვირგვინს, რადგან გამარჯვების ნაყოფს მოიმკის ის, ვინც მტკიცედ დგას.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12ა. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ;
 
 
ღმრთის ხილვის სიხარული
 
ავტორის აზრით, ვინც განსაცდელს სძლევს, სამუდამოდ მიიღებს ღვთის ხილვის სიხარულს, რადგან ეს არის ამ სიტყვების - სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში... და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას - მნიშვნელობა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ვინც ჩემი სახელის გულისთვის დაექვემდებარება განსაცდელს განდიდებულ იქნება ეკლესიაში და უკვე ვეღარ შეაშინებს მას მტრების მუქარა. ეს სვეტები, წმიდა კაცები, დღესაც ამტკიცებენ ეკლესიას, ამშვენებენ მას თავიანთი სიდიადით, ისევე, როგორც ამშვენებდა სოლომონის ტაძრის შესასვლელს ორი სვეტი.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
12ბ. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
 
13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
 
 
ახალი სახელი
   
ეს იმისთვის, რომ მორწმუნე ადამიანი საღვთო სახელითაც აღიბეჭდოს, უკვდავი დიდებით შეიმკოს და მიიღოს საღვთო ქალაქის სახელი - იერუსალიმი, რადგან ეს არის ქალაქი, ღვთისგან ზეცით რომ ჩამოდის, რათა წმინდანები მასში დამკვიდრდნენ და სიმშვიდე ჰპოვონ.
 
ჩემს ახალ სახელს - ღმერთში ძველი არაფერია, რადგან ის ასაკთან ერთად არ ბერდება, არამედ უფლის სახელი ყოველთვის ახალია, ყოველთვის ახალგაზრდაა. და თუ ვინმეს ამ სახელს უწოდებენ, მაშინ იგი, საუკუნო ძალით შეცვლილი, მიიღებს დაუსრულებელ სიცოცხლეს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ავტორი ამ სახელების მეშვეობით აღწერს ღვთის სიხარულს, მადლსა და ნეტარებაში სიცოცხლეს, რაც მათ მომავალ საუკუნეში ექნებათა - და შეძლებენ ახალი სახელის მოპოვებას, რომელიც აქამდე არიავის სმენია. წმინდანები, რომლებიც ქრისტეს თანამეუფენი არიან, მეგობრებად, ძმებად და მონებად იწოდებიან. ახალი სახელი ამ სახელებზე უზენაესია: ისინი საღვთო წერილშია ჩაწერილი, რომლებმაც ხალხის ყურამდე მოაღწია; და ახალი კი არსად წარმოთქმულა. და როდესაც იგი ამბობს - სახელს ჩემი ღვთისას - ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უგულებელყოფს კაცობრივს, რადგან, თუკი უგულებელყოფდა, ვინ აიძულებდა მას, შეეერთებინა თავისი ჰიპოსტასი ხორცთან და ამით მოეწყო ჩვენი ხსნა?

ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

 
ყველა, ვინც სძლევს ეშმაკს, ჭეშმარიტების სვეტად აღიმართება"
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს

3:14-22

ძვ. ქართ.:

14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:
 
15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
 
16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
 
17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.
 
18. განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე.
 
19. მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე.
 
20. აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა.
 
21. რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა,
 
22. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


ახ. ქართ.:

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.
 
15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
 
16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
 
17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.
 
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
 
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
 
20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.
 
21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.
 
22. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.


***
 
 
მიმოხილვა: ქრისტე - ყოველივეს საწყისია (პრიმაზიუსი, ეკუმენიოსი). ღმერთი უარყოფს იმათ, ვინც აღიარებს, მაგრამ არ ასრულებს (ვიქტორინე პეტავიელი). სარწმუნოებაში თბილს კეთილ საქმეთა ცეცხლი არ გააჩნია (პრიმაზიუსი), და ასეთები, ნათლისღებისდა მიუხედავად, მადლის ცეცხლს კარგავენ და იღუპებიან (ეკუმენიოსი, სალვიანე პრესვიტერი, კესარიოს არლელი). ნამდვილი ოქრო - რწმენაა, განსაცდელებით გამოხურვებული (კვიპრიანე კართაგენელი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). სულიერი მხედველობა აღებს წერილის საიდუმლოებებს (ბედა პატივდებული). ქრისტეში ნათელღებულნი იმოსებიან რწმენის ძლიერებით, რომელიც სიყვარულის მიერ მოქმედებს (პრიმაზიუსი). განსაცდელთა გადატანაში ვლინდება ჩვენი მოთმინება და ღმრთისადმი სიყვარული (ტერტულიანე, კვიპრიანე კართაგენელი, ფულგენციუს რუსპიელი). ურწმუნონი განკითხვის დღემდე იქნებიან შემონახულნი, ხოლო მართალთ ღმერთი ამ ცხოვრებაშივე წვრთნის (კესარიოს არლელი). ძე-ღმერთი - ერთია ბუნებით მამასთან და ძლიერებით აღავსებს ცასა და მიწას (ტიკონიუსი). ის განსჯის სამყაროს წმინდანებთან ერთად (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
3:14ა. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე:
 
 
ამ კატეგორიაში ნაჩვენებნი არიან მდიდარი ადამიანები, მორწმუნეები, რომლებიც განმარტავენ საღვთო წერილს საწოლ ოთახში და სახლის გარეთ არავინ იცის, არიან თუ არა ისინი ასეთნი. კერძოდ, ისინი თავს იწონებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი იციან; ისინი გამოირჩევიან განათლებისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით, მაგრამ ფუჭია მათი საქმენი. ამიტომ იგი ეუბნება მათ, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი, ანუ ისინი არც ურწმუნოები არიან და არც მორწმუნეები, რადგან ყველასთვის ყველაფერნი არიან. ამიტომ, ვინც არც ცივია და არც ცხელი, ის აუცილებლად ნელ-თბილია, ასე რომ, იწვევს გულის რევას: და გადმოგაფურთხებ, - ამბობს ის, - ჩემს ბაგეთაგან. ვინაიდან ღებინება საძულველია და არავისთვის არ არის დაფარული, ასევე, მსგავსი ადამიანებიც (ღვთისგან) უარყოფილნი არიან. მაგრამ რადგან (ახლა) მონანიების დროა, ის ამბობს: გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, ანუ, თუ როგორმე შეძლებთ, რაიმე დაითმინეთ უფლის სახელით. და საოლავი იცხო თვალზე - ანუ, რასაც თავისუფლად ჩასწვდი საღვთო წერილის საშუალებით, შეეცადე საქმით განახორციელო. ამიტომ, თუ ასეთი ადამიანები დიდი დაცემიდან დიდი მონანიებისკენ შემობრუნდებიან, მაშინ ისინი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეიძლება სასარგებლონი იყვნენ, არამედ ბევრსაც მოუტანენ სარგებელს. და მან მოკრძალებული ჯილდო როდი აღუთქვა მათ, არამედ მსაჯულის ტახტზე დაჯდომა" (იხ. მ. 21 - რედ.).
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.

 
უფლის ერი
   
ლაოდიკია შეიძლება ნიშნავდეს ან უფლის საყვარელ ხალხს, ან მათ, ვინც ნარწყევით გადმოაფურთხეს. აკი ზოგიერთზე ნათქვამი იყო: ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან, ხოლო სხვების შესახებ - ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთვნი. ბერძნულიდან ეს სახელი ითარგმნება, როგორც მართალი ხალხი.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
14ბ. ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი,

 
ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ, თუ რატომ დგას აქ ამინი. იმიტომ, რომ ამბობენ, ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც ნამდვილად, ჭეშმარიტად, რაც, უდავოდ, ამ ადგილას უნდა მივაკუთვნოთ ღმრთის არსებას, რომელზე მსჯელობისას, ღმერთმა მოსეს უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან (იხ. გამ. 3:14).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება
 
 
14გ. დასაბამი ღვთის ქმნილებისა.
 

ქრისტე - ყოველივეს დასაბამია
   
მართლად, ვინაიდან ნაწინასწარმეტყველებია, რომ კაცის ბუნებაც აღიქმება ერთი ქრისტეს სახეში, (ავტორი) შემდეგ ამბობს: რომელიც არის დასაბამი ღვთის ქმნილებისა. რა თქმა უნდა, ღვთის ქმნილების დასაბამში უნდა დავინახოთ ქრისტე უფალი განკაცების საიდუმლოს წყალობით, რომლის სახელითაც წმიდა წერილში ნათქვამია: უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა (იგავნი 8:22 - რედ.), და მოციქულიც ამბობს: ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესუს სისხლის მეოხებით,  ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,  და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში (ებრ. 10:19-21) და ა. შ. რადგან თვითონ არის გზაც, მიზანიც, წამომწყებიც, შემსრულებელიც, პირველიც და უკანასკნელიც, თვითონ არის დასაბამი, რომლის უწინაც არაფერი იყო.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.


დასაბამი ღვთის ქმნილებისა. ზუსტად ასევე არიანელთა ქრისტეს მტერი ჯგუფები თავს დაგვესხა ამ გამონათქვამის გამო, თითქოს ამით წარმოდგენილია, რომ ძე ქმნილებაა. მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ მივაქცევთ მათ მკრეხელურ სიტყვებს. აუცილებელია იმის გარკვევა, არის თუ არა რაიმე სხვა მსგავსი სიტყვები საღვთო წერილში, რომ ვინმეს მსგავსი დასკვნების გაკეთება შეეძლოს მსგავსი მონაკვეთების განხილვისას. ბრძენი მოციქული ძეზე საუბრობს, როდესაც კოლასელებს სწერს: ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი... ის არის თავი ეკლესიის სხეულისა (1 კოლ. 1:15, 18) და არა პირველად ქმნილი. წინასწარმეტყველმა ასევე თქვა: განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა (ფსალმ. 109:3), მაგრამ, ცხადია, არა შენი ქმნილებისა. აკი სოლომონიც ამბობს: ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშობს მე (იგავ. 8:25) (1).
 
წმინდა გრიგოლმა თავის (მეორე) სიტყვაში ძის შესახებ განმარტა გამონათქვამი: უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისად (იგავ. 8:22) (2), რაც გულისხმობდა უფლის სხეულს, რომელიც გონებასთან შეთანხმებით იყო გაცოცხლებული; ხოლო გამოთქმა - მშობს მე - მან მიაკუთვნა მის საღვთოობას (3).
 
_____________
 
1. სინოდალურ თარგმანშია: მე დავიბადე, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს (იგავ. 8:25). - რედ. // ცხადია, სინოდალურ თარგმანს მისდევს ახალქართული თარგმანიც, სადაც ვკითხულობთ: მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს - "აპოკ." რედ.
 
2. სინოდ. თარგმანშია: Господь имел меня началом пути Своего, прежде созданий Своих, искони; - რედ. // ახალქართულ თარგმანშია: უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; ძვ. ქართულ თარგმანშია: უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე - "აპოკ." რედ.
 
3. იხ. Григорий Богослов, Слово 30-е, Собрание творений, т. 1ю Москваю ACT, 2000, 521-522. - რედ.
 
_____________

მას შემდეგ, რაც მალე ყველა ასწავლიდა მხოლოდშობილი ძისა და სიტყვის შესახებ, რომ იგი არ შექმნილა, რისი თქმა სურს მას მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ამბობს: დასაბამი ღვთის ქმნილებისა? არაფრის, გარდა იმისა, რომ ვინც ღვთის ქმნილების სათავეში დგას, ყველაფრის დასაბამიც ის არის. ვინაიდა, რადგან მამამ ყველაფერი შექმნა ძის მეშვეობით (შეად. იოანე 1:3; რომ 11:36 - რედ.), დამსახურებულად ყველაფრის შემოქმედი და შემქმნელი არის ის, ვინც ყველაფერი არაფრობისგან შექმნა და უფლებამოსილებს იმაზე, რაც მის მიერ არის შექმნილი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
 
16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
 
   
სიბრძნის ნათელი
 
აქ შეიძლება ვიცნოთ ვინმე ამ წუთისოფლის მდიდართაგან, რომელთა შესახებაც მან (ქრისტემ) თქვა, რომ არც ცივია და არც ცხელი, არამეთ ნელ-თბილი, რადგან, თუმც კი ესოდენ სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სათნოების საქმეებში უნაყოფონი არიან და უბედურებათა ჭვრეტით კეთილ საქმეთა ქმნამდე ვერ აღწევენ. ამიტომაც ითქვა, რომ ასეთები არც ცივნი არიან, ანუ არ არიან ღარიბნი, და არც ცხელნი, რადგან თავზე გადასდით სიმდიდრე, თუმცა, სარგებლობენ რა მისი სითბოთი, გახევებულნი არიან და არ უწილადებენ მას თავიანთ მოყვასს, რის გამოც სამართლიანად იკიცხებიან, როგორც კეთილ საქმეთა ცეცხლოვანების არმქონენი.
 
ეს სიტყვები ასევე შეიძლება აღნიშნავდნენ ადამიანებს, რომელთაც სახლში აქვთ წმიდა წერილი, ხოლო სახლის კარიბჭის მიღმა - გაუგებარია, ქრისტიანები არიან თუ არა ისინი, და, წიგნთაგან განსწავლულობით თავდაჯერებულნი, ცარიელნი არიან კეთილ საქმეთათვის. მაშ, მართებთ მათ იყიდონ ოქრო, რომლის შესახებაც უფალმა თქვა: მიიღეთ სიბრძნე, ვითარც ოქრო, და ცოდნა, როგორც ნარჩევი ვერცხლი (4), და თუკი შეძლებენ, როგორც სიბრძნის ნათლით განათლებულნი, რაიმე ამოიღონ საღმრთო წერილის წყაროებიდან, ერთნი ღვთივსათნო საქმეთა საკეთებლად აღინთებიან და თავიანთი სიმდიდრიდან გაიღებენ წყალობას, ხოლო სხვები სულიერად აღიზრდებიან წმიდა წერილის ცოდნით.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________
 
4. შეად. იგავნი 16:16. სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი - რედ.
 
_____________
 
მადლის დაკარგვა
   
ნათქვამია - ვიცი შენი საქმენი; არც ცივი ხარ და არც ცხელი. ცხელი - ვინც მდუღარეა სულით; მოციქული ამბობს: სულით მდუღარენი იყავით (რომ. 12:11) (5). ხოლო ცივია ის, ვინც მოკლებულია სულიწმიდას, მის ზემოქმედებასა და მოხილვას. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, - ნათქვამია შემდეგში. ის ნელ-თბილს უწოდებს მას, ვინც ნათლობის გზით ღირსი გახდა რა სულიწმიდასთან ზიარებისა, ჩააქრო მადლის (ცეცხლი) დაუდევრობისა და წარმავალზე ზრუნვის გამო. ნუ დაშრეტთ სულს (1 თესალონიკ. 5:19) - ასეთია საღვთო მცნება.
 
_____________
 
5. აუცილებელია აღინიშნოს, რომ პავლესთან მსჯელობა უშუალოდ არ ეხება სულიწმიდის ზემოქმედებას; მას მხედველობაში აქვს ადამიანის შინაგანი სულიერი სიმხურვალე, რომლის მუდმივი შენარჩუნებისკენაც მოუწოდებს ყველას - რედ.
 
_____________

ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ - მას სურს თქვას: ოჰ, ცხელი ყოფილიყავი, სულის ზეგავლენით მდუღარე, ან ბოლომდე ცივი და სრულად მოკლებული სულიწმიდის მადლის ზიარებას, და არც მონათლული და არც ნელ-თბილი! რადგან მას, ვისაც აქვს სულის, გონებით განჭვრეტილი ცეცხლი, სრულყოფილი ხდება, მასში გრძნობებიც საკმაოდ გაწრთვნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლოს (ებრ. 5:14); ის სულიერია. რა თქმა უნდა, ის, ვინც ჯერ კიდევ არ მიიღო სულის მადლი, მაგრამ იმედოვნებს, რომ ოდესმე ცხონდება, უიმედოდ არ ჩაითვლება. მაგრამ ვინც ნელ-თბილია, ექვემდებარება სიკვდილს და შეიძლება დაკარგოს ნათლობის (მადლი) და ცეცხლი (სულისა).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტიანთა ორპირობა
 
როგორც ვთქვი, ეს ბოროტება უმთავრესად მხოლოდ ქრისტიანთა ბოროტებაა, რადგან მათი მეშვეობით განსაკუთრებულად იგმობა ღმერთი, ვინც სიკეთეზე ლაპარაკობს, ბოროტებას კი აკეთებს. რომლებიც, როგორც წერია, ღმერთს სიტყვით ადიდებენ და საქმეებით კი უარყოფენ (შეად. ტიტ. 1:16 - რედ.); როგორც იმავე ადგილას ბრძანებს მოციქული, თავს იმშვიდებენ რჯულით და იციან მისი ნება და ირჩევენ უკეთესს (შეად. რომ. 2:17-18 - რედ.). ისინი ფლობენ რჯულის თანხმიერ ცოდნას და ჭეშმარიტებას; რომლებიც კრძალავენ ქურდობას და - ქურდობენ; ასწავლიან არ მიეცნენ გარყვნილეას და - გარყვნილებას ეძლევიან; თავს იწონებენ რჯულის ცოდნით და ორპირობით შეურაცხყოფენ ღმერთის სახელს. ამის შედეგად ქრისტიანები უარესები იმიტომ ხდებიან, რომ მათ მართებდათ უკეთესები ყოფილიყვნენ: ისინი ხომ არ ასრულებენ იმას, რასაც ქადაგებენ, და თავიანთი ზნეობით უარყოფენ ნაქადაგევს.
 
სალვიანე პრესვიტერი, ღმრთის მმართველობის შესახებ.
 
 
უარი გულგრილობას
   
მოდით, არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ვუფრთხილდეთ, არამედ უარი ვთქვათ სულმდაბალ გულგრილობაზე, როგორც ეშმაკის შხამზე. აკი არსებობენ ზოგიერთები, რომლებიც თავიანთი რელიგიური მოვალეობების შესრულების შემდეგ მოდუნდებიან ზედმეტი გულგრილობით, რადგან ჰგონიათ, თითქოს დატოვეს ეს ქვეყანა. მათზე აღსრულებულია უფლის ის განაჩენი, რომელშიც ნათქვამია: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რას ნიშნავს, როდესაც ის ამბობს: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი? ეს ნიშნავს: შენთვის უკეთესი იქნებოდა, ცივი დარჩენილიყავი ერში, ან ცხელი ყოფილიყავი მონასტერში. დღეს კი, რადგან განეშორე ამ სამყაროს და, თუმცა არ ისურვე სულიერი ცეცხლის შენახვა გულგრილობის გამო, როდესაც ნელ-თბილი გახდი, უფალი ბაგეთაგან გადმოგაფურთხებს. ამიტომ, საყვარელნო ძმანო, ღმრთის შეწევნით გაეცანით საღმრთო წერილს, რომელშიც ნათქვამია: შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად (იგავნი 4:23). რადგან უნდა ვხარობდეთ იმ მონაზვნის გამო, რომელიც, წავა რა მონასტერში, მორჩილებითა და თავმდაბლობით ცდილობს საქმით მოწყალების განხორციელებას.
 
წმ. კესერიოს არლელი, ქადაგებები.
 
 
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: სანახევრო არც სიკვდილია და არც სიცოცხლე. ან სრულად უნდა იცოცხლო, ან სრულად უნდა მოკვდე. რადგან ის, ვინც სრულიად გულგრილია სარწმუნოების მიმართ, შეიძლება უცებ მივიდეს სარწმუნოების აღიარებამდე, ხოლო ვისი რწმენაც ერთხელ უკვე ადუღდა სულიწმიდის მადლით, ნათლისღების მიერ, შესაძლოა, შემდეგ გაგულგრილდეს თავისი დაუდევრობითა და სიზარმაცით, დაკარგოს იმედი და უგულებელყოს ის რწმენა, რომელიც მიიღო. ამ უკანასკნელის კვლავ მოქცევა უფრო ძნელია, ვიდრე სრულიად ურწმუნოსი. რადგან შუალედური მდგომარეობა საყოფაცხოვრებო საქმეებში მისაღებია და არ არის ბოროტება, როგორც, მაგალითად, რჯულის კანონით ნებადართული ქორწინება ქალწულებასა და მრუშობას შორის დგას, ხოლო სარწმუნოებაში საშუალო მდგომარეობა და ნელთბილობა სრულიად გამოუსადეგარია და დაუშვებელი...
 
გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. უფალი ამ ეკლესიას ეუბნება: როგორც ნელთბილი წყალი გულს რევს, ისე მძულხარ შენ და ჩემს ბაგეთაგან ამოფრქვეული სიტყვებით საუკუნო ცეცხლში ჩაგაგდებო. რადგან ამქვეყნიური სიმდიდრის ეკლებით მოაშთვე (შთანთქე) საღვთო სიტყვის თესლი და ვერ შეგიცვნია შენი სულიერი სიგლახაკე, შინაგან თვალთა სიბრმავე და კეთილ საქმეთაგან განძარცვა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.
 
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
 
 
ღმრთის ოქრო
 
ვინც მდიდარი ხარ და შეძლებული, იყიდე შენთვის ქრისტესთან ცეცხლით განწმენდილი ოქრო, რათა შენი უწმინდურობებისგან, რომლებიც ცეცხლში დაიწვება, მოწყალებებითა და კეთილი საქმეებით განიწმინდო და გამოხურვებულ ოქროდ გამოდნე. იყიდე სპეტაკი სამოსი, რათა შენ, ვინც ადრე ადამში შიშველი იყავ და ამაზრზენი სახით ითოშებოდი, ქრისტეს სპეტაკი სამოსით შეიმოსო. ამიტომ, მან, ვინც მდიდარია და შეძლებული,  საოლავი იცხოს თვალზე, რათა ღმრთის ხილვას მიეწიფოს, როგორც კი მისი ღირსი შეიქნება საქმეებითა და კეთილზნეობით.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, საქმეებისა და მოწყალების შესახებ.
 
 
გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო - რათა მოწყალების გაღებითა და კეთილი საქმეებით ცხოვრებით, თავად გახდე ოქრო და მიიღო ღვთისგან შეგონება, და სიკეთისკენ მოქცევით, ღირსი გახდე მოთმინების მოწამეობისა.
 
წმ. კესარიოს არლელი, ქადაგებები.
 
 
უფალი ლაოდიკიელებს მიმართავს: თუკი ჩემგან გამდიდრება გნებავთ, მაშ, შეიძინეთ მხურვალე სარწმუნოება, რომელიც თითქოსდა ოქროა, განსაცდელთა მიერ გამოხურვებული და განწმენდილი, ასევე შეიმოსეთ სათნოებათა სამოსელი, რომელიც ცოდვათა სიშიშვლეს დაგიფარავთ. ხოლო საოლავი უპოვარების სათნოებას გამოხატავს; რადგან თუკი ძღვენი სულს უბნელებს მათ დამნახველთ (6), ძღვენის მოზიზღება ჭეშმარიტად განანათლებს მათ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
_____________
 
6. შეად. ზირ. 21:29: ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს - რედ.
 
_____________
 
 
სულიერი გულისხმისყოფა
 
ვინც მარტო რწმენით კმაყოფილდება, ამაოდ ეძებს ღვთისმოსაობის საუნჯეს. თუ ნამდვილად გსურთ გამდიდრდეთ, გაყიდეთ ყველაფერი, იყიდეთ განსაცდელში გამოცდილი სიყვარულის ცეცხლი და სცხეთ თქვენი გონების თვალს, არა ყალბი სიქადულის საოლავი, არამედ საღვთო შემეცნების საოლავი. საოლავის თვალზე ცხება ნიშნავს - სიკეთის კეთების წყალობით გახდე ღირსი საღვთო წერილის გაგებისა.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ნათლისღებით შემოსილნი
 
ვინც მოკლებულია სიმართლის საქმეებს, უფალი შიშველს უწოდებს და მათ სიბრმავის გამო გმობს. ის არის სპეტაკ სამოსში გამოწყობილი, ვინც ქრისტეს ნათლით არის შემოსილი და რწმენის ძალით დაჯილდოვებული, რომელიც სიყვარულის წყალობით მოქმედებბს, ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით (გალატ. 3:27). როდესაც იგი ამბობს, რომ თვალზე საოლავი უ ნდა ვიცხოთ, მოგვიწოდებს გული მივაპყროთ საღვთო წერილს: რადგან მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს (ფსალმ. 18:9).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
 
 
გადაიტანეთ სატანჯველნი
   
მოდით, ვეცადოთ, დავითმინოთ ის, რასაც ბოროტება გვატეხს თავს, რათა ჩვენი მოთმინების მოშურნეობამ მტრის (მაცდუნებელი) მცდელობები არარად აქციოს. თუ ჩვენ თვითონ მოვიწიეთ რაიმე თავზე - უგუნურების გამო ან ნებაყოფლობით - მაშინ ჩვენ მოთმინებით უნდა დავითმინოთ ის, რასაც საკუთარ თავს მივაწერთ. და თუ გვწამს, რომ ღმერთმა წარმოგვიგზავნა რამე, მაშინ კიდევ ვის წინაშე, თუ არა ღვთის წინაშე, ვალდებულნი ვართ, მოთმინება გამოვავლინოთ? ის გვასწავლის ვმადლობდეთ და გავიხაროთ იმით, რომ საღვთო სასჯელის ღირსნი გავხდით: ვინც მიყვარს, - ამბობს ის, - მას ვწვრთვნი (7). ჰოი, ნეტარია ის მონა, რომლის გამოსწორებაშიც უფალი თანამყოფობს! ამრიგად, ყველგან გვირჩევენ მოთმინებას, რადგან ეს გვესაჭიროება ან ჩვენი შეცდომების, ან ბოროტების ხრიკების, ან უფლის შეგონების შედეგად".
 
ტერტულიანე, მოთმინების შესახებ.
 
_____________
 
7. შეად. იგავნი 3:12: რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი... - რედ.
 
_____________
 
 
ღმერთი - მკურნალია
 
ის, ვინც შემცოდე ადამიანს ააზიზებს მაამებლური მოფერებით, ის უფრო მეტად უბიძგებს მას ცოდვისკენ და არ თრგუნავს დანაშაულს, არამედ ასაზრდოებს მას. მაგრამ, ვინც ძმას ამხილებს მკაცრი რჩევა-დარიგებით და, ამასთან ერტად, ასწავლის, იგი შეეწევა მის ხსნას. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთვნი - ამიტომ ღვთის მღვდელსაც მართებს არა მაამებლური მომსახურებით ატყუებდეს, არამედ მხსნელი წამლების შესახებ განსჯიდეს. ექიმი, რომელიც მხოლოდ ოდნავ სინჯავს შეშუპებული ჭრილობის სიღრმეს, არ არის გამოცდილი: შხამი, რომელიც შიგნითაა დაფარული, ღრმა ღრუში, ის მხოლოდ ზრდის მის ძალას. აუცილებელია ჭრილობის გახსნა, გაჭრა და ჩირქისგან განწმენდის შემდეგ მასზე ძლიერი თაბაშირის დადება. დაე, ავადმყოფი აყვირდეს, დაე იტიროს, დაე აუტანელ ტკივილს უჩიოდეს - ის მას შემდეგ მადლობას გადაუხდის, როდესაც თავს ჯანმრთელად იგრძნობს (8).
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, დაცემულთა შესახებ.
 
_____________
 
8. კვიპრიანე აკრიტიკებს ზოგიერთი მღვდლის სირბილეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დევნულების დროს ვერ გაუძლო განსაცდელს. - რედ.
 
_____________
 
 
ღმრთის კეთილგანწყობას არ მივყავართ დასჯამდე, ამიტომ გვაგდებს ის ჭირვებებში, გვწყლავს სნეულებებით, გვარიგებს უსიამოვნებებით, რათა ჩვენ, სხეულის სიჯანსაღეში შემცოდეები სნეულებებში ვსწავლობდეთ ცოდვებისგან თავშეკავებას და ღმრთის მოწყალების უგულებელმყოფელები, ჭირვებებში ვუშინდებოდეთ მის სამართლიან მსჯავრს. ასე ხდება, რათა შევიძენთ რა ბოროტებას ჯანმრთელობის განიავებით, სნეულებათა მიერ ვაღწევდეთ ჯანმრთელობის სიკეთეს და, სიხარულიდან ჭირვებაში შთავარდნილნი, ჭირვებათა მიერ ვბრუნდებოდეთ სიხარულთან. დასასრულ, წმიდა წერილი მოწმობს, რომ ღმრთის ჩვენდამი სიყვარული უმეტესწილად ცემასა და თავდასხმებში ვლინდება. აკი ამბობს კიდეც: "უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;  რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს" (იგავნი 3:11-12); ამათრახებს ის ყოველ შვილს, რომელსაც კვლავ მოიპოვებს. მაგრამ თვით მაცხოვარიც ამბობს, რომ უყვარს ისინი, ვისაც ამხელს: ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, - ამბობს იგი. და მოციქულთა სწავლებაც მუდმივად შეგვახსენებს, რომ მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში (საქმე 14:22). ასევე თვით უფალი ბრძანებს, რომ მხოლოდ ვიწრო გზა მიდის იმ კარიბჭემდე, რომელსაც შევყავართ მარადიულ სიცოცხლეში.
 
ფულგენციუს რუსპიელი, ეპისტოლეები.
 
 
ცოდვილთა დასჯა
 
ო, უბედური და საკმაოდ სამწუხარო ვარაუდი! ამპარტავნები და უკეთურები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულობებს სჩადიან, და ნეტარად გეჩვენებიან, რომ ამ ცხოვრებაში არანაირ ჭირვებას არ განიცდიან. მაშ, ისმინე, რას ბრძანებს ამდაგვართათვის წმიდა წერილი: შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.  ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.  და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა (ფსალმ. 72:5-7). სწორედ იმიტომაც არ ისჯებიან ისინი ამ სამყაროში, რომ თავიანთი ბოროტმოქმედების სიუხვის გამო მარადიული სატანჯველისთვის ნარჩუნდებიან: რადგან დაუშვებელია ხანმოკლე იყოს იმათი სასჯელი, რომელებიც უნდა დაექვემდებარონ უსასრულო ტანჯვას. რადგან უფალი, ასევე ჩვენი ღმერთი, რომელმაც ისინი თავისი სამართლიანობით დაუსჯელად დატოვა, არ წყვეტს საკუთარი შვილების გამოცდას მრავალი განსაცდელით, როგორც ეს წერილ არს: რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს (ებრ. 12:6. და კიდევ: ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. თუკი უფალი სცემს ყოველ შვილს, რომელსაც იღებს, მაშინ, ვისაც არ სცემს იმას არ იღებს. და ტუკი ყოველს, რომელიც უყვარს, სჯის, ვისაც არ სჯის, ის არ უყვარს. და ამას - რათა ასე ხდებოდეს - აღასრულებს არა ღმრთის ყოვლადძლიერება, არამედ იმათი თავაშვებულობა, რომელიც ღირსია იმისა, რათა ჯერ დაუსჯელად დარჩეს წერილისამებრ: უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს (გამოცხ. 22:11).)
 
წმ. კესარიოს არლელი, ქადაგებანი.
 
 
20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.
 
 
წმინდანთა გული
 
ამასთან, ღმერთი ნებას გვრთავს, ვიყოთ დედამიწის მეუფენი, რათა სუფევა გვქონდეს მიწაზე და ვბატონობდეთ ჩვენს ხორცზე. როგორც მოციქული ამბობს: მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში (რომ. 6:12), და სხვაგან წერია: მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში (იგავ. 21:1). იყო კი იულიანე მდევნელის გული უფლის ხელში? საულის გული უფლის ხელში? აქაბის გული? იუდეველთა ყველა ბოროტი მეფის გული? ხედავთ, რომ აქ გამორიცხულია პირდაპირი მნიშვნელობით გაგება. ამრიგად, აქ მეფეეები წმინდანები არიან, მათი გულია უფლის ხელში. ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ გვქონდეს სუფევა და ვბატონობდეთ ჩვენს ხორცზე, რათა ის გვემორჩილებოდეს. როგორც მოციქული ამბობს: ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი (1 კორ. 9:27). დაე, ჩვენი სული ბრძანებდეს და სხეული ემორჩილებოდეს, და მოშინვე შემოვა ქრისტე და დაივანებს ჩვენში.
 
ნეტ. ჰიერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
 
 
სული მეფის ზეიმზე
 
მართალია, თუ მიწიერი მეფე ან ოჯახის რომელიმე უფროსი მიგიწვევთ თავის დაბადების დღეზე, რა სამოსის შეეცდები თავის დამშვენებას, თუ არა ახალი და დახვეწილი სამოსით, რომ იბრწყინოს, ისე რომ, არც მისი სიძველე, არც იაფფასიანი იერი და არც უსახურობა არ სჭრიდეს თვალს მასპინძელს? ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოდომებით მიმართე ქრისტეს დახმარებით, ყველა შენი ძალისხმევა, რომ სათნოების სხვადასხვა სამშვენისით შემდგარი შენი სული, უბრალოების ძვირფასი ქვებით და ზომიერების ყვავილებით შემკული, მოვიდეს დღესასწაულზე მარადიულ მეფესთან, ანუ უფალი მაცხოვრის დაბადების დღეს, მშვიდი სინდისით, მოელვარე სიწმინდით, მანათობელი სიყვარულითა და გულწრფელი მსხვერპლით.
 
წმ. კესარიოს არლელი, ქადაგებანი.
   
 
თავმდაბლობა და მორჩილება
 
უფალი თავს მშვიდად და თვინიერად წარმოგვიდგენს. რადგან ეშმაკი, წინასწარმეტყველის სიტყვის თანახმად, უროთი და ცულით ამტვრევს მათ კარს, ვინც მას არ იღებს (ფსალმ. 73:6). ხოლო უფალი, როგორც ახლა, ისე ქებათა ქებაში, სასძლოს ეუბნება: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო (ქებ. 5:2). და თუ ვინმე მას გაუღებს, ის შევა უფალთან ერთად. ვახშმობა ნიშნავს წმინდა საიდუმლოებათა მიღებას (ხორცისა და სისხლისა).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ასე რომ, მივიღოთ ღმერთი და უფალი, ჭეშმარიტი მკურნალი. ვინც მოვიდა და ბევრი იღვაწა ჩვენთვის, მხოლოდ მას შეუძლია განკურნოს ჩვენი სული. რადგან იგი გამუდმებით აკაკუნებს ჩვენი გულის კარებს, რათა გავუხსნათ, შემოვიდეს და დაივანოს ჩვენს სულებში, ჩვენ კი დავბანეთ და ვცხეთ მის ფეხებს, და მან ჩვენთან დაიდო ბინა. და იქაც უფალი საყვედურობს მას, ვინც ფერხნი არ დაბანა (ლკ. 7:44); და სხვაგანაც მან თქვა: აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ. ამისთვის მან ინება ბევრი ეტანჯა, სასიკვდილოდ გაწირა თვისი ხორცი და გამოგვისყიდა მონობისგან, რათა ჩვენს სულთან მოსვლის შემდეგ ბინა დაედო მასში. ამიტომ მათ, ვინც დადგება მის მარცხნივ სამსჯავროზე, და რომელთაც წარგზავნის ეშმაკთან ერთად გეენიაში, უფალი ეტყვის: მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ (მათე 25:42-43); ვინაიდან საჭმელიც და სასმელიც, სამოსიც და ჭერიც, და მისი განსასვენებელიც ჩვენს სულებშია. ამიტომ ის გამოუდმებით აკაკუნებს კარს, სურს ჩვენთან შემოსვლა. მივიღოთ და შემოვუშვათ საკუთარ თავში; რადგან ჩვენთვის ის არის საჭმელიც, სიცოცხლეც, სასმელიც და საუკუნო სიცოცხლეც. და ყოველ სულს, რომელსაც თავის თავში არ მიუღია და არ დაუვანებია იგი თავის თავში დღეს, ან უკეთ რომ ვთქვათ, თავად არ დაივანა მასში, ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს წმინდანებთან ერთად და ვერ შევა ზეციურ ქალაქში.
 
წმ. მაკარი დიდი.
 
 
21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.
 
22. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
 
 
ერთი ბუნება
 
როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე. ის აჩვენებს, რომ ძე მამის ძალაუფლების მონაწილეა. მაგრამ სხვა რას უნდა ნიშნავდეს დავჯექი მის ტახტზე, თუ არა იმას, რომ მას და მამას ერთი ბუნება აქვთ? და როგორც ის ძლევს ეშმაკს და ჯდება მამის მარჯვნივ, ასევე მის მარჯვნივ დაჯდება ის, ვინც ეშმაკს ძლევს. რადგან ძე-ღმერთი - მბრძანებელია, რომელიც ყველგან მამისა და საკუთარი ძლიერებით აღავსებს ცასა და მიწას.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 

მეუფება ქრისტესთან ერთად
 
საუკუნო ცხოვრებაში უფლის გვერდით ტახტზე დაჯდომას და მასთან სუფევას აღუთქვამს უფალი ეშმაკზე მძლეველებს. ხოლო როდესაც ამბობს - თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე - ამას ადამიანური ბუნების შესაბამისად ამბობს, რადგან სრული კაცი იყო იგი, მაგრამ ნიჭად და სათნოებათა ქმნის საზღაურად როდი მიიღო სუფევა და მეუფება ღვთის სიტყვამ, არამედ თვით ბუნებით ჰქონდა დაუსაბამოდ, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო, როგორღა შეძლებდა სხვათათვის მიცემას, როგორც ღვთისმეტყველი და ძე ქუხილისა ბრძანებს: მისი სისავსისგან ებოძა ყველა წმინდანს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

გაგრძელება იქნება.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому