განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_2_1_29 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
 

თავი 2

ეფესოს ეკლესიის ანგელოზს

2:1-7

ძვ. ქართ.:

1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:
 
2 ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.
 
3 და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.  
 
4 არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.  
 
5 მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.  
 
6 არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.
 
7 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.  


ახ. ქართ.:

1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.

2. ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.

3. მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ.

4. თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.

5. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.

6. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.

7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.


***


მიმოხილვა: ღმრთის მცნება - საქმეთა აღსრულებაა, სასჯელი უარის თქმისთვის - ერის განთესვა (ვიქტორინე პეტავიელი). ცალკეულ ანგელოზთადმი მიმართვა ეხება მთელ ეკლესიას (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული). საკუთარ გარემოშიუ სულთა გამოცდა ამხელს ცრუმოციქულებს (ეკუმენიოსი). სინანულით მიტევება და უკვდავება გვენიჭება (ტერტულიანე, კვიპრიანე კართაგენელი), მის გარესე კი ღმერთი მიატოვებს ეკლესიას და შეარყევს მის სასანთლეს (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ღმრთის მართლმსაჯულება ამრავლებს სიკეთეს (ეკუმენიოსი, კესერიოს არლელი). ნიკოლაელთა მსგავსი მწვალებლები რყვნიან ერს და წარწყმედისკენ მიჰყავთ (კლიმენტ ალექსანდრიელი, აპრინგიუსი). ქრისტე სულის მიერ გამოცხადებას ანიჭებს ეკლესიებს (ეკუმენიოსი). უფალი დააგვირგვინებს რწმენაში გამარჯვებულს (ტერტულიანე), მიანიჭებს მას ღმრთის სამოთხეს ეკლესიაში და სიცოცხლის ხეს ღმრთის სიბრძნეში, რომელიც არის - ქრისტე (მეთოდე პატრელი, ტიკონიუსი, აპრინგიუსი). ამ ხის ნაყოფს იგემებენ გამარჯვებულნი (ტიკონიუსი, აპრინგიუსი) და სასუფევლის თანაზიარნი გახდებიან (ანდრია კესარიელი).
 
 
 
***
 
 
1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.
 
   
სიყვარულის საქმენი
 
პირველ მიმართვაში ის ამბობს: ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი. მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის (გამოცხ. 2:2-3). ეს ყველაფერი ეხება ქებას, რომელიც გადაჭარბებულიც კი არის. მაგრამ ყოველმხრივ აუცილებელია ამგვარ რჩეულ ადამიანებზე შეხსენება, რათა მათ არ წაერთვას მათთვის განკუთვნილი სიკეთენი. თქვა, რომ მის წინააღმდეგაც აქვს მცირე რამ, კერძოდ: დაუტევე შენი პირველი სიყვარული. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი (გამოცხ. 2:4-5). ვინც ეცემა - ზემოდან ეცემა. ამიტომაც უთხრა: გაიხსენე, საიდან, რათა ხორცმა უკანაკსნელ ჟამამდე ყოველმხრივ განახორციელოს სიყვარულის საქმენი, რაც ღმრთის თავდაპირველი მოწოდებაა. თუ ეს სხვანაირად იქნება, მაშინ უფალი ემუქრება, რომ ადგილიდან დაძრავს სასანთლეს, ანუ ხალხს გაფანტავს. ხოლო მას რომ სძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელიც თვით უფალსაც სძულს, - საქებარი საქმეა (იხ. გამოცხ. 2:6 - რედ.). ნიკოლაელთა საქმენი კი ნიშნავს, რომ ამ დრომდე მოქმედმა და საშიშმა ადამიანებმა, ნიკოლოზის სახელის მიმდევრებმა, შექმნეს მწვალებლობა, რომლის თანახმადაც კერპშენაწირის ჭამა, მისგან ეშმაკის განდევნის შემდეგ, ნებადართული იყო და ყოველი, ვინც ცოდვას მიეცემოდა, მერვე დღეს  განსვენებას მიიღებდა. ამიტომაც აქებს მათ, ვისაც მიწერა, და ამ საქებარ კაცებს უფალი შეჰპირდა სიცოცხლის ხეს, რომელიც არის სამოთხის შუაგულში (გამოცხ. 2:7) (1).
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება (2).
 
___________________________
 
1. ვიქტორინე - ერთადერთია, ვინც ახსენებს ნიკოლაიტთა პრაქტიკის ზოგიერთ დეტალს, კერძოდ იმას, რომ ისინი ჰფუცავდნენ ხორცს, რომელიც ეშმაკთ ეძღვნებოდა (ანუ კერპებისადმი შეწირვის ნებას რთავდნენ), და გაურკვეველი პოზიცია ეჭირათ დასჯის საკითხებში - რედ.
 
2. ძვ. ქართ.: "რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა" (აპოკ. 2:7); საეკლ. სლავ.: "... еже есть посреде рая Божия" – "აპოკ." რედ.
 
___________________________
 
 
ადამიანისთვის მიცემულია ძალა ესაუბროს ანგელოზებს
   
ბევრგან, განსაკუთრებით კი ფსალმუნებში, იხილავთ ანგელოზთა მისამართით ნათქვამ სიტყვებს, ადამიანს ეძლევა ძალა - ყოველ შემთხვევაში, მას, ვისაც სულიწმიდა აქვს - ანგელოზებთან სასაუბროდ. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ ასეთ შემთხვევას იმის გასაგებად, რომ ანგელოზებიც შეიძლება განისწავლონ ადამიანური ხმითა და სიტყვით. იოანეს გამოცხადებაში წერია: ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე... შენს წინააღმდეგ მაქვს, და კიდევ: ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე... მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი" (გამოცხ. 2:12-14).
 
ორიგენე, ჰომილიები ლუკას სახარებაზე.
 
 
ანგელოზი - ეკლესიაა
   
ეფესოს ეკლესიის ანგელოზზე საუბრისას უფალი ალეგორიულად მოიაზრებს ეფესოს ეკლესიას, რადგან არავითარი შეცდომა არ მოსვლია ანგელოზს, რომელიც მფარველობს (ცალკეულ) ეკლესიას, რომ მას მოსთხოვებოდა სინანულის აუცილებლობის თაობაზე სიტყვების მოსმენა. იგი განსაკუთრებულად წმიდაა და ამიტომაც უფლის მარჯვენა მხარეს რჩება და რა სარწბლობას წარმოადგენდა მისთვის, ვინც მახარებელს მიმართა, ეთქვა: მისწერე (ანგელოზს)? აკი ღვთის ანგელოზი უსმენდა მოსაუბრეთ, რადგან ის თანამოსაუბრის მარჯვენა მხარეს იდგა; დაბოლოს, თავად წმინდანმა, როდესაც განმარტავდა ხილვას, თქვა: ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს (აპოკ. 2:7); ის არ ესაუბრება ეკლესიების ანგელოზებს, არამედ ეკლესიებს. ამიტომ, სხვა თვალსაზრისითაც, აქ შეიძლება (ნათქვამის) ასეთი გაგება: "მისწერე შემდეგი ამა და ამ ეკლესიის ანგელოზს", რომ საუბარია არა ანგელოზზე, არამედ (ცალკეულ) ეკლესიაზე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მიმართვა ყველა ეკლესიას
 
ამ ეკლესიას, მისი სახელწოდებისდა კვალად, იოანე ნაწილობრივ კიცხავს, ნაწილობრივ კი აქებს, რადგან ეფესო შეიძლეგა გაგებულ იქნას, როგორც დიდი დაცემა, და ჩემი ნებაა მასში. ... ის აჩვენებს, რომ ერთი კონკრეტული ეკლესიისადმი მიწერილი ყველას ეხება: თუ არ შეინანებენ, არა მარტო ეფესოს ეკლესია იქნება დაძრული თავისი ადგილიდან, არა მარტო პერგამოსში იმყოფება სატანის ტახტი (იხ. გამოცხ. 2:12-13. - რედ.), არამედ ყველგან. ზუსტად ასევე, სხვა დანარჩენიც ყველა ეკლესიას ეხება. ... სიცოცხლის ხე არის ქრისტე, რომლის ხილვითაც წმიდა სულები ტკბებიან ზეციურ სამოთხეში და ჩვენი თანამედროვე ეკლესიის სხეულშიც.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
2. ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.
 
 
მახარობელთა გამოცდა
 
ისინი, ვინც ეფესოში იყვნენ, ასრულებდნენ უფლის დარიგებას: ყველა სულს არ ენდობოდნენ, არამედ ცდიდნენ მათ, იყვნენ თუ არა ღმრთისგან. ამიტომაც გამოსცადეს  ყველა, ვინც მათ შორის სახარებას იუწყებოდა, და, შეამოწმეს რა ისინი, ცრუმოციქულებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ქადაგებდნენ ცრუ სწავლებას; ხოლო გულისხმობს იმათ კორინთედან, ვინც მახარობლის თანამედროვენი იყვნენ და ქადაგებდნენ უვარგის (3) სწავლებათ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________________________
 
3. ჩვეულებისამებრ ასე ითარგმნება სიტყვა βέβηλος მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში, რომელიც ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც ცარიელ-ტარიელი. - რედ.
 
___________________________
 
 
4. თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.

 
მოწოდება სინანულისკენ
   
შენ შეურაცხმყავი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლია შემომირიგდე. შენ გყავს ის, ვისაც შეგიძლია შეწირო კმაყოფილება, და თანაც გყავს ისეთი, ვინც სიხარულით შეგირიგდება. თუ ეს გეეჭვება, განსაჯე, რას ეუბნება სული ეკლესიებს (იხ. გამოცხ. 2:7 - რედ.). ეფესელებს ის (უფალი) ადანაშაულებს პირველი სიყვარულის დატევებაში; თიატირელებს სიძვასა და კერპშენაწირის ჭამაში (გამოცხ. 2:20. – რედ.); სარდელებს კიცხავს იმაში, რომ არა აქვთ საქმეები (იხ. გამოცხ. 3:1. - რედ.); პერგამელებს კი იმაში, რომ სიცრუეს ასწავლიან (იხ. გამოცხ. 2:14.- რედ.); ლაოდიკიელებს კი ცოდვად უთვლის იმას, რომ სიმდიდრისადმი აქვთ სასოება (იხ. გამოცხ. 3:17 - რედ.); მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას სინანულისკენ მოუწოდებს და მუქარით შეაგონებს.
 
ტერტულიანე, სინანულის შესახებ 7.
 
 
5. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი.
 
 
პატიება სინანულის მეშვეობით
   
მიკვირს, ზოგი იმდენად ჯიუტია, არ აღიარებს, რომ მონანიება აუცილებელია დაცემულთათვის, ან თვლის, რომ ვინც მოინანიებს, მას მიტევებაზე უარი უნდა ეთქვას, როდესაც დაწერილია: მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნათქვამია მასზე, ვის შესახებაც ვიცით, რომ იგი დაეცა, ვისაც უფალი მოუწოდებს, აღდგეს საქმეების წყალობით, რადგან წერია: მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს (ტობ. 4:10). მაგრამ, არა იმ სიკვდილისგან, რომელიც ერთხელ განადგურებულია ქრისტეს სისხლით და რომლისგანაც გაგვათავისუფლა მაცხოვნებელი ნათლობის მადლმა, არამედ იმისგან, რაც მოგვიანებით ჩუმად შემოგვეპარა ცოდვების სახით. აგრეთვე, სხვა ადგილას (საღვთო წერილისა) გვეძლევა დრო სინანულისთვის, უფალი კი ემუქრება მათ, ვინც უარს ამბობს სინანულზე: მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზებელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს (გამოცხ. 2:20-22). ყოველ შემთხვევაში, უფალი არ მოგვიწოდებდა სინანულისკენ, მონანულთ მიტევებას რომ არ გვპირდებოდეს.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილები.
 
 
სინანული - მანკიერების გაწმენდის გზაა
   
მართალია, უფალს სურს, გავიხსენოთ ვითარებები, რომლებშიც ცოდვით დავეცით, ის მოგვიწოდებს, რათა კვლავ არ დავეცეთ. ხოლო იმ მანკიერებათაგან რომ განვიწმინდოთ, რომლებშიც შთავცვივდით, გვიჩვენებს გზას, რომლითაც მიიღწევა წყალობა, რადგან ამბობს: მოინანიე, ანუ ცრემლით განბანე შენი შეცოდებანი, როგორც იმ მეძავმა და, მისი სახით, ეკლესიამ, რომელმაც ცრემლებით განბანა იესუს ფერხნი და თმით შეამშრალა ისინი. ის გვამხნევებს და შეგვახსენებს იმას, რაც უნდა ვაკეთოთ სინანულის შემდგომ: უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. ანუ, იგივე საქმენი უნდა აღვასრულოთ ან უკიდურესი ღვთისმოშიშებით ან კიდევ პირველი მოქცევის მგზნებარებით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
5ბ. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
 
 
მოუნანიებელთა დასჯა
 
მალე მოვალ შენთან - აქ ნაჩვენებია არა ღმერთის გადაადგილება, რომელიც ყოველივეს აღავსებს, არამედ ღმრთის მრავალმოწყალების შეცვლა სასჯელით. ხოლო სასანთლის, ანუ ეკლესიის დაძვრა­-ში იგულისხმება ღმრთისგან მიტოვება. და როდესაც ეს ცოდვილთა წინააღმდეგ აღსრულდება, ღმერთი მოუვლენს მათ ყოველგვარ ძრწოლას და ქაოსს, როგორც ნათქვამია: შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი (ფსალმ. 30:10), და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა (ფსალმ. 54:5).
   
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.


ღმრთის მართლმსაჯულებით მრავლდება წყალობა
 
ხედავთ, უფალმა არ თქვა, რომ აიღებს, არამედ დაძრავს. რადგან სასანთლე ერთიან ქრისტიან ხალხს ნიშნავს, და ის ამბობს, რომ დაძრავს თვით სასანთლეს, მაგრამ არ აიღებს. აქ იგულისხმება, რომ ერთსა და იმავე ეკლესიაში დაიძვრიან ბოროტნი და განმტკიცდებიან კეთილნი; და რომ ღმრთი დაფარული, მაგრამ სამართლიანი მართლმსაჯულებით ბოროტება ნადგურდება, სიკეთე კი იმატებს, რათა აღსრულდეს დაწერილი: ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს (შეად. მათე 25:29. - რედ.).
 
კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს - სასანთლის, ანუ ეკლესიის დაძვრა არის ღვთის მადლის მოკლება, რომელიც ეკლესიას იფარავს. იგი ბოროტი დემონების შემოტევის გამო მერყევი ხდება და მათ წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
6. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.


ხორცის მოთოკვა
 
იხრჩობიან ბილწ ვნებებში, თხების მსგავსად და, თითქოს სხეულს აბუჩად იგდებენ, სიცოცხლეს იმოკლებენ ხორციელი სიამტკბილობით და არ ფიქრობენ იმაზე, რომ სხეული, თავისი ბუნებით უკვე სუსტი, ნაგვის გროვად იქცევა და განადგურებულია. მათი სული კი, მისდევს რა სხეულის მისწრაფებათა მოწოდებას უფრო მეტად, ვიდრე მოციქულის სწავლებას, ბოროტების ტალახშია ჩაფლული.
 
კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები (4).
 
___________________________
 
4. ბედა პატივდებული უერთდება კლიმენტის აზრს ნიკოლაელთა შესახებ. მაგრამ სხვა ქრისტიანი ავტორები დიაკვან ნიკოლოზს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის იყო ამ მწვალებლობის წამომწყები) (იხ. ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 1.26.3. - რედ.
 
___________________________
 
 
მწვალებელთა მავნებლობა
 
აშკარაა, რომ უძლური ეკლესიის წინდაუხედავობა - მწვალებელთა გარყვნილი სწავლებაა, რადგან ისინი არ კურნავენ ხალხის ჭრილობებს, არამედ უფრო მეტ ზიანს აყენებენ მას, ვინაიდან ბრიყვულად მსჯელობენ ღმერთზე და სულელურ აზრებს შეუპყრიათ. ასეთებზეა დაწერილი: ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა (იერ. 8:11).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

 
7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს:


ვისაც ყური აქვს, ანუ ვინც საღვთო კანონების მორჩილია, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. მან თქვა სული ან იმიტომ, რომ სულის ზემოქმედების შედეგად გაჩნდა აპოკალიფსისის წიგნის ხილვები, ან ქრისტეს უწოდა სული, რადგან ის არის ღმერთი, ღმერთად აღიარებული, ისევე, როგორც ის არ უარყოფს იწოდებოდეს კაცის ძედ, რადგან კაცია და აღიარებულია კაცად. რადგან, ზოგადი მტკიცების თანახმად, ღმერთობა არის სული, როგორც თავად უფალმა უთხრა სამარიელ ქალს: ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს (იოანე 4:24).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7ბ. მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ჩემი ღმრთის სამოთხეში.


გამარჯვებულთა ჯილდო
   
ვინ ატარებს შეჯიბრს, თუ არა ის, ვინც დაადგინა გვირგვინი და ჯილდო? წაიკითხეთ ამგვარი შეჯიბრის შესახებ განცხადება აპოკალიფსისში; ამ ჯილდოს მისაღებად ის მოუწოდებს გამარჯვებისკენ (იხ. გამოცხ. 2:7, 10, 11, 26-28; 3:5, 12, 21 - რედ.) განსაკუთრებით მათ, ვინც მართლაც გაიმარჯვა დევნის დროს, გაიმარჯვა, როდესაც ისინი რეალურად იბრძოდნენ არა ხორცისა და სისხლის,ა რამედ ბოროტების სულთა წინააღმდეგ (იხ. ეფ. 6:12). ასე რომ, აღიარეთ, რომ შეჯიბრის მომწყობი და მსაჯული, ვინც ჯილდოსკენ მოგვიწოდებს, ერთი და იგივეა. ყველაფერი, რაც დევნის დროს მიიღწევა, არის დიდება ღვთისა, ვინც შეგვიწყალებს და განგვსჯის, აღგვამაღლებს და დაგვამხობს.
 
ტერტულიანე, გაქცევის შესახებ დევნულების დროს.


სიცოცხლის ხე - ეს ეკლესია და სიბრძნეა
 
უგუნური ადამიანები ცდომილებაში ვარდებოდნენ, არ ესმოდათ (რა არის აქ ნათქვამი) სიცოცხლის ხის შესახებ, რომელიც ადრე სამოთხეში იზრდებოდა, ახლა კი ეკლესია ყველასათვის ამოიზარდა და რწმენის ულამაზეს და მშვენიერ ნაყოფს იძლევა. სწორედ ეს ნაყოფი უნდა მივიტანოთ, როდესაც დღესასწაულის პირველ დღეს ქრისტეს სამსჯავროზე მივალთ. თუ ასეთი ნაყოფი არ გვექნება, მაშინ ღმერთთან ერთად ვერ ვიზეიმებთ და, იოანეს თანახმად, წილს ვერ დავიდებთ პირველ აღდგომაში (გამოცხ. 20:6). რადგან სიცოცხლის ხე - ეს არის პირველქმნილი სიბრძნე, წინასწარმეტყველის თქმით, იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი (იგავ. 3:18) და კლდეა მათთვის, ვინც მას ეყრდნობა, როგორც უფალს; და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს (ფსალმ. 1:3); ანუ სწავლება და სიბრძნე, რომელიც თავის დროზე მიეწოდება მათ, ვინც გამოსყიდვის წყლებს მიეახლება. და ვინც არ ირწმუნა ქრისტე, ვინც არ ცნო, რომ ის არის წყარო და ხე სიცოცხლისა, ვისაც არ შეუძლია აჩვენოს ღმერთს თავისი ნობათი, რომელიც უმშვენიერესი ნაყოფითაა დამშვენებული, როგორ იზეიმებს იგი? როგორ იხარებს? გსურთ შეიცნოთ ამ ხის ულამაზესი ნაყოფი? შეხედეთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სიტყვებს, განა უფრო მშვენიერნი არ არიან ისინი, ვიდრე კაცთა სიტყვები? (ბიბლიაშია: შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა - რედ.) მოსეს მეშვეობით გაიზარდა მშვენიერი ნაყოფი - რჯული; მაგრამ ის არ იყო ისეთი მშვენიერი, როგორიც სახარება; რადგან ის მხოლოდ მომავლის ხატი და ჩრდილი იყო, ხოლო ეს არის ჭეშმარიტება და მადლი სიცოცხლისა. წინასწარმეტყველტა ნაყოფი მშვენიერი იყო, მაგრამ არა ისეთი მშვენიერი, როგორიც ამისგან (სახარების) მოწეული უხრწნელების ნაყოფი.
 
წმ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.


სამოთხე - ეკლესიაა
 
მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, ანუ ჯვრის ნაყოფისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არის ჩემი ღმრთის სამოთხეში. სამოთხედ შეიძლება ვიგულისხმოთ ეკლესია (შეად. რომ. 5:14 - რედ.). რადგან ყველაფერი პირველხატით იქნა მოხმობილი და, მოციქულის სწავლების თანახმად, ადამი ფარულად მომავალს მოასწავებდა. ჭეშმარიტად, სიცოცხლის ხე არის ღმრთის სიბრძნე, უფალი იესუ ქრისტე, რომელიც ჯვარზე გაეკრა, რომელიც, როგორც ეკლესიაში, ასევე სულიერ სამოთხეში, მორწმუნეებს გვაწვდის სიცოცხლის საკვებს და ზეციური პურის საიდუმლოს, რომლის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ:  ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი (იგავნი 3:18).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

 
სიცოცხლის ხე - ქრისტეა
   
ხორციელი ყური ყველა ადამიანს აქვს, სულიერს კი მხოლოდ სულიერი ადამიანი შეიძენს: მაგალითად, ასეთი ჰქონდა წინასწარმეტყველ ესაიას (ეს. 50:5. - რედ.). ასეთ ადამიანს, დემონთა საცთურების მძლეველს, ის ჰპირდება, რომ აგემებინებს სიცოცხლის ხისგან, ანუ მომავალ საუკუნეთა სიკეთეების თანაზიარს გახდის.
 
სიცოცხლის ხეში მეტაფორულად იგულისხმება მარადიული სიცოცხლე; ხოლო ერთიც და მეორეც არის ქრისტე, როგორც ამის შესახებ ამბობდნენ სოლომონი და იგივე მოციქული (იოანე) სხვა ადგილას: პირველმა, საუბრობდა რა სიბრძნის შესახებ, ბრძანა, რომ ის არის ხე სიცოცხლისა (იხ. იგავნი 3:18 - რედ.), ხოლო უკანასკნელი ქრისტეს შესახებ ასე ბრძანებს: ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ (1 იოანე 5:20). თუკი ამის მიღწევა გვსურს, მაშინ, გვედრებთ, გავასწოროთ ცხოვრება და დავძლიოთ ვნებები. რადგან შორმას, ყველა შემთხვევაში, მოსდევს ჯილდო, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც ეკუთვნის დიდება მამასთან და წმიდა სულთან ერთად, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
სმირნის ეკლესიის ანგელოზს
 
2:8-11

ძვ. ქართ.:

8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:

9 ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.  

10 ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.

11 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.


ახ. ქართ.:
 
8. ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
 
9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.
 
10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
 
11. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.

 
***

მიმოხილვა: სმირნა - ხორცის მოკვდინება (ბედა პატივდებული). უფალი - პირველია ღმრთეებით და უკანასკნელია - განკაცებით (ეკუმენიოსი). ქრისტიანები განიცდიან ცილისწამებას, ბოროტსიტყვაობას და განსაცდელთ, მაგრამ მათი ჭეშმარიტი სიმდიდრე არა ამქვეყნიურსა და ხორციელშია, არამედ მომავალსა და სულიერში (ვიქტორინე პეტავიელი, აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). იუდეველები - როგორც არაჭეშმარიტი ქრისტიანებივით არიან, რომლებიც არ უნდა დარჩნენ მზრუნველობის გარეშე (ტიკონიუსი). მორწმუნეები მზად არიან განსაცდელთათვის და უკან არ დაიხევენ დევნულებათა წინაშეც, როდესაც ანტიქრისტე მოვა (აპრინგიუსი). ჩვენი სიცოცხლე - სამი სახის ცოდვასთან ბრძოლის დროა (პრიმაზიუსი). ვინც ბოლომდე დაითმენს მოწამის დიდებით შეიმოსება (კვიპრიანე კართაგენელი). ეკლესია მორწმუნეთა სახით ვალდებულია დაიცვას ქრისტესადმი ერთგულება (პრიმაზიუსი). არსებობს ორი ფერისცვალება - მადლის მოქმედება და ხორცის აღდგომა (ფულგენციუს რუსპიელი). მეორე სიკვდილს არ დაექვემდებარებიან მხოლოდ საცთურთა მძლეველნი (ეკუმენიოსი).
 
 
***
 
 
 
2:8ა ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე:


ამ ეკლესიას იოანე ესაუბრება იმაზე, თუ როგორ უნდა დაითმინოს დევნა, რაც ასევე გამომდინარეობს მისი სახელიდან. სმირნა ხომ მირონის ხეა, რაც ხორცის მოკვდინების სიმბოლოა.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.


2:8ბ ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
 
პირველი და უკანასკნელი - პირველს უფალი საკუთარ თავს უწოდებს, საღვთო ბუნების შესაბამისად, უკანასკნელს კი, როგორც ჩანს, განკაცებისა და ხორცშესხმის თანახმად. როგორც განაგრძობს: რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა, - სხვა სიტყვებით - რომელმაც გამოიარა სიკვდილის განსაცდელი და სიკვდილი სიკვდილითვე დათრგუნა (1).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
__________________
 
1. შეად. აღდგომის ტროპარი  - "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი" - რედ.
 
__________________
 
 
9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.
 
 
დაფარული სიმდიდრე
   
ერთი სიტყვით, ის ამბობს: ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ. მან ხომ იცის, რომ მათთვის არსებობს დაფარული სიმდიდრე; და იცის გმობის შესახებ იმ იუდეველთაგან, რომლებსაც იგი არ ცნობს იუდეველებად, არამედ არიან საკრებულო სატანისა, რადგან ანტიქრისტეს მიერ არიან შეკრებილნი. (დასახელებულთაგან) პირველთ უფალი ეუბნება, რომ სიკვდილამდე ერთგულნი იყვნენ და ვინც ერთგული იქნება, არ ევნება მეორე სიკვდილისგან (გამოცხ. 2:11), ანუ ჯოჯოხეთში არ განიცდის სასჯელს.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება (2).
 
__________________
 
2. ვიქტორინე მიიჩნევს, რომ უკანასკნელ ჟამს იუდეველები საიდუმლო კავშირში შევლენ ანტიქრისტესთან - რედ.
 
__________________
 
იგი აქებს მისი ეკლესიის საქმეებს, რადგან მან, მრავალი განსაცდელის დათმენით, სუფევა მოიპოვა. თუმცაღა მდიდარი ხარ, როდესაც რწმენით და მადლის სიუხვით ხარ აღსავსე, და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა - რადგან ეკლესია ხშირად იღებს ბევრ წყენას მათგან, ვინც აცხადებს, რომ ღმერთს აღიარებს, მაგრამ არ აღიარებს მას. მათი საკრებულოს სათავე ეშმაკია. ამიტომ უფალი მოუწოდებს თავის ეკლესიას: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ (ლუკა 12:4).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.


უფალი სმირნის ეკლესიას ეუბნება, რომ იცის მისი ხორციელი სიღარიბა და გასაჭირი, რომელსაც იტანს ურწმუნოთაგან და ამიტომაც მდიდარია სულით (იხ. მათე 13:44: ცათა სასუფეველი მსგავსია ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა. - რედ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება
 
 
სატანის საკრებულო
 
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე - და ნუ ამბობ განდგომილ იუდეველთა შემდეგ: რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? (ესაია 58:3). თუმცაღა მდიდარი ხარ - განაგრძობს (ავტორი), რადგან ქრისტე გყავს მდიდარ მფარველად, თუმცა მან თავი დაიმცრო, ჩვენთვის მონის ხატი შეიმოსა (ფილიპ. 2:7) და ცრუ იუდეველთაგან იგმობა (სახელი იუდა ითარგმნება, როგორც აღიარება). ამრიგად, ნამდვილი იუდეველნი და სულიერი ისრაელი შეიძლება გახდნენ ქრისტეს აღმსარებელნი, ხოლო ისრაელი ნიშნავს ღვთის სახის მჭვრეტელს. ივინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი (რომ. 2:28). ამიტომ, იუდეველები, რომლებიც ურწმუნონი დარჩნენ, ღვთისმგმობელთა საკრებულოდ იქცნენ, სატანის წინამძღოლობით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იგი მიმართავს ყველა ეკლესიას, რომლებიც სულით გლახაკნი არიან, მაგრამ ყველაფერს ფლობენ, როგორც მოციქუილ ამბობს: თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი (2 კორინთ. 6:10). და გგმობენ ისინი, ვინც ამბობენ, იუდეველნი ვართო, მაგრმა არც კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა. აქ ასევე ცხადია, რომ უფალი მხოლოდ ცალკეუილ ეკლესიას კი არ მიმართავს, რადგან არა მხოლოდ სმირნაში იყვნენ და არიან მგმობელი ებრაელები. ამასთან, დასაშვებია ებრაელთა ამ სახელის ორგვარი გაგება: ან (ეკლესიის) გარეთ მყოფი ებრაელებისა, ან (მის) შიგნით, რომლებიც არ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. რადგან ღვთისმოსაობა თანდაყოლილია ებრაელებისთვის, როგორც მოციქული ამბობს: იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინდაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი (რომ. 2:29), აგრეთვე - რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესუთი ვიქადით და ხორცზე არ ვამბარებთ იმედს (ფილ. 3:3). ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ზრუნვის გარეშე არც ის ადამიანები, რომელთაც სატანის საკრებულოს უწოდებენ, რადგან უფალმა მოგვცა მოთმინების მაგალითი, როდესაც ბოლომდე დაითმინა იუდა.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
10ა. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს.
 
 
ნუ გეშინია ნურაფრისა - ის მიუთითებს მომავალ განსაცდელებსა და ბოროტებაზე, რაც უნდა მოიწიოს ურჯულოთა მხრიდან და ანუგეშებს თავის ერთგულებს, რათა დევნის სიმძიმით არ შეძრწუნდნენ, რადგან, როგორც კათოლიკე ეკლესიის პირველ წლებში, მას შემდეგ, რაც თვად იოანემ დაითმინა, ეკლესიას მრავალი განსაცდელი წარმოეგზავნა. ასე იქნება მომავალშიც, როდესაც, როგორც ვიცით, ანტიქრისტე მოვა. ამასთან, ახლაც იგი ხშირად ბევრ რამეს დაითმენს სხვადასხვა ადგილას და რეგიონებში ერეტიკოსებისა და წარმართების მხრიდან.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
106ბ. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე.
 
 
მომავალი დიდება
   
და გექნებათ ურვა ათი დღე - მომავალი ნეტარების მუდმივობას დღეს დათმენილ ტაჯვას თუკი შეადარებთ, უეჭველია, თქვენ მათ შეაფასებთ, როგორც უმნიშვნელოსა და მსწრაფლწარმავალს, როგორც ათ დღეს. ამიტომ მოციქუილ ამბობს: ივფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ათი დღის მნიშვნელობა
 
ეს სიტყვები ეხება მსოფლიო ეკლესიას, რომლის მომართაც ეშმაკი ყოველთვის ენით აუწერელ სიძულვილს განიცდის, რის შედეგადაც ამჟამინდელი ცხოვრების მიმდინარეობა ათი დღით არის აღნიშნული, დეკალოგის ( ანუ ათი მცნების. - რედ.) გამო, რომელიც მოკლედ აჯამებს რჯულის არსს: ეს ხომ აუცილებელ საღვთო განკარგულებებს წარმოადგენს, ომელთა ფარგლებშიც უნდა შევიკავოთ თავი. ამიტომ უფალიც ამბობს: დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას (მათე 5:25). ცხადია, ეს აღნიშნავს ყველა იმ დროს, როდესაც რჯულის სწავლების შემდეგ მიმდინარეობს ბრძოლა ვნებების სხვადასხვა ცდუნების წინააღმდეგ, რათა საღვთო მადლის საშუალებით ხუთ მოთვინიერებულ (დაუნჯებულ) ხორციელ გრძნობას, რომლებიც სქესის დაყოფის გამო გაორმაგდა ათამდე, შეუძლია მიაღწიოს გამარჯვებას.
 
მეორე მხრივ, მგონია, რომ ათ დღეში უნდა დავინახოთ მთელი ეს ცხოვრებისეული გზა, რომელშიც ერთგულებს არ შეიძლება სამგზის გამოცდა არ მოევლინოთ, რადგან აკი გამოცდაა ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე (3), ვიდრე შვიდი მიმავალი და მომავალი დღით აღნიშნული მთელი ჩვენი ცხოვრების ჟამი: თქვენ წაგიკითხავთ, რომ გამოსაცდელად მოევლინა ეშმაკი ჩვენს უფალს და ეკლესიის თავს, იესუ ქრისტეს.
__________________
 
3. იხ. იობი 7:1: კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია? ვულგატაში ტექსტი განსხვავებულია: militia est vita hominis, ანუ ჯარისკაცის გამოცდაა ადამიანის სიცოცხლე - რედ.
__________________
 
ამის მიუხედავად, ქრისტეს ეკლესიის ეს სულიერი ბრძოლა ცხადდება მებრძოლი ქალის სიმბოლური სახე-ხატით, როდესაც უფალი გველს ეუბნება: მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე! (ლათ. ტექსტში: observabit. - რედ.) (დაბ. 3:15).
 
ამრიგად, ამ საუკუნეში, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში აღესრულება, აშკარად ცნაურდება, რომ ქრისტეს ეკლესია ექვემდებარება სხვადასხვა გამოცდას, რომელთაც ამ ცოდვებში აქვს ყველაზე ძლიერი ძალა: ხორციელი სიამეებისკენ მიდრეკილებასა და დაუოკებელ ნაყროვანებაში. ამიტომ მტერმა სცადა უფლის ცდუნება პურით, თითქოს ის მეორე ადამი ყოფილიყო - აკი მან პირველს შეასვა სიკვდილის თასი, როდესაც მან შტააგონა, აკრძალული ეხმია, ასე რომ, ის ჯერ მუცელღმერთობის ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა, შემდეგ სხვა ხორციელი სურვილების ძალაუფლების ქვეშ მოექცა (4).
_______________
 
4. კომენტატორი აქ მიმართავს რაბინისტული ეგეზეგეზის გავრცელებულ ვარიანტს. შესაბამისად, ყოველი სიტყვა, ან თორას თითოეული ასოც კი, ნაწილობრივ დაფარულ, ნაწილობრივ კი მრავალმნიშვნელოვან შინაარს ფლობს. წმიდა წერილში სადაც გინ გაჩნდეს რაიმე რიცხვი, იქნება ეს ძველი თუ ახალი აღთქმა, ის დეტალურად გამოიკვლევა კომენტატორების მიერ. გამოცხ. 2:10 უფრო ადვილი გასაგები ხდება მათთვის, ვისაც განსაზღვრული სტანდარტი და გავრცელებული რიცხობრივი ექვივალენტები ესმის. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ პრიმაზიუსი უკვე ქადაგებდა ცოდვით დაცემის, ქალის და მამაკაცის, სჯულის, ცთომისა და შაბათის შესახებ. შვიდი დღის ხსენება მას შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს დააკავშიროს ბიბლიური ალუზიების ვრცელი სფერო, რომელთაც მისი მსმენელი უკვე იცნობს. არსებობს ორი სქესი, რომელთაგან თითოეულს ხუთი გრძნობა აქვს. შედეგად, ბრძოლაში მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს განსაცდელის და გამოცდის ათი დღე. ათი აქ აწმყო ცხოვრებას გულისხმობს, რომელიც ადამიანმა დეკალოგით განსაზღვრული რჯულის თანახმად გაიარა. ხუთი გრძნობითი მოსურვება, რომელიც გართულებულია სქესობრივი ლტოლვით, ამ ათ დღში კონფლიქტში შედიან რჯულთან. საცთურის სამი ფორმა სამი საცთურით ეშმაკის მიერ იესუს გამოცდაში მდგომარეობს. ბოლო შვიდ დღეში დგება დამამთავრებელი ბრძოლის ჟამი, რომელშიც იბადება ახალი მამაკაცი და დედაკაცი. შობის ტკივილები იწყება ადამისა და ევას დაცემიდან, და გრძელდება ვიდრე ახალ ადამამდე და ევამდე - რედ.
_______________
 
მეორე მხრივ, მოევლინება ასევე გამოსაცდელად პირადი დიდებით განდიდება, როდესაც (ეშმაკმა) მოუწოდა მას ტაძრის სახურავიდან გადმოგდება და მოწმობად მოიხმო ფსალმუნის სიტყვები: რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე (ფსალმ. 90:11) და ა. ს., ისევე როგორც მან ურჩია პირველ კაცს, შეცდომაში რომ შეეყვანა იგი და უთხრა: შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი (დაბ. 3:5), რათა აღთქმული ღვთაებრიობისკენ სწრაფვაში გაუფრთხილებელი დამხობილიყო. მესამე თავხედურ გამოცდაში ნაჩვენებია დამსახურებული მხილება მიწიერ მეფეთა ვნებისა და დიდებისადმი და ამ ქვეყნის სიმდიდრის ბრწყინვალების მიმართ. ამიტომ, ჩვენი ცხოვრების ამ სამ გამოცდას უნდა დავუმატოთ დრო, კერძოდ, შვიდი დღე, რომ მივიღოთ დინარის რაოდენობა, რის შედეგადაც ნათქვამია: და გექნებათ ურვა ათი დღე.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება (5).
_______________
 
5. ბედა პატივდებული, პრიმაზიუსის ამ ინტერპრეტაციას ამატებს, რომ ზოგიერთებს ათი დღე ესმით, როგორც პერიოდი: კეისარ ნერონიდან ვიდრე დიოკლეტიანემდე - რედ.
 
_______________
 
 
10გ. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.  
 
 
მოთმინება - ცხონების საწინდარი
   
ყველა ადამიანის სხეულს, რომლებიც, მართალია, არ უწამებიათ, მაგრამ საპყრობილეში (მყოფებმა) დატოვეს იგი დიდებით შემოსილი სიკვდილის წყალობით, მათ ყურადღებით რომ მოეპყრონ და უფრო მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ. მათი სათნოება და დიდებაც ხომ საკმარისია, რათა ისინიც ასევე შევიდნენ წმინდა მოწამეთა რიცხვში. მათ გაუძლეს ყევლაფერს, რისი დათმენაც და მიღებაც შეეძლოთ. ვინც თავად წარდგა წამებით და სიკვდილით ღვთის თვალთა წინაშე, დაითმინა ყვლაფერი, რისი დათმენაც სურდა. რადგან მან კი ვერ აიტანა ტანჯვა, არამედ ტანჯვამ - იგი, როგორც დაწერილია: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე (მათ 10:32), - ამბობს უფალი. მათ აღიარეს. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება (მათე 10:22), - ამბობს უფალი. მათ დაითმინეს და ბოლომდე მიიყვანეს თავიანთ სათნოებათა ღვაწლი, წმინდად და უმანკოდ. და კვლავ დაწერილია: სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს - სიკვდილამდე ისინი ერტულნი, მტკიცენი და უძლეველნი დარჩნენ. როდესაც ჩვენს ნებასა და ჩვენს სარწმუნოებას, ციხესა და საპყრობილეში ყოფნისას, სიკვდილის შედეგად აღსასრული დაერთვება, მაშინ მოწამეთა დიდება მიიღწევა.
 
კვიპრიანე კართაგენელი, წერილები.


მოწოდება ეკლესიისკენ
 
საბოლოოდ, აქედან გამომდინარეობს - სიკვდილამდე ერთგული იყავი. როგორც მე მესმის, ეს ეხება მთელ ეკლესიას. ამას ასწავლის მოციქულიც, როდესაც მსჯელობს და საუბრობს ადამზე: ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა (1 ტიმ. 2:14). შემდეგ მან აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლური გამონათქვამი ეკლესიის შესახებ და თქვა: თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩნეს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით (1 ტიმ. 2:15). ყველას ესმის, რომ ეს აშკარად ეხება არა მოკვდავ დედაკაცს, არამედ ქრისტეს ეკლესიას.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
11. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.
 
 
პირველი აღდგომა და მეორე სიკვდილი
 
შედეგად, ეს მათში ხდება მადლის მიერ, რათა ჯერ გამართლების მეშვეობით, რომელშიც აღორძინდებიან სულიერად, საღმრთო ნიჭის ძალით დაიწყოს ფერისცვალება, შემდეგ კი - ხორცით აღდგომაში, სადაც დასრულდება გამართლებულთა ფერისცვალება, რომლებიც მარადიულობაში იმყოფებიან სრულად განდიდებულნი და არ დაექვემდებარებიან ცვალებას. რამეთუ, უპირველესად მათ იმიტომაც ააღორძინებს გამართლებისა და განდიდების მადლი, რათა მათში დაივანოს თვით უცვალებელმა და მარადიულმა დიდებამ. ისინი ხომ იცვალვიან პირველი აღდგომით, რომლითაც მოექცევიან და განათლდებიან, - კერძოდ, რომლის მიერაც გადადიან სიკვდილიდან სიცოცხლისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, ურწმუნოებიდან რწმენისკენ, ცუდი საქმეებიდან წმიდა ცხოვრებამდე. ამიტომაც მათზე მეორე სიკვდილს არა აქვს ძალა. ამგვართა შესახებ აპოკალიფსისში ნათქვამია: ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე (გამოცხ. 20:6). მეტიც, იმავე წიგნში ნათქვამია: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან. ასე რომ, როგორც პირველი აღდგომა მდგომარეობს გულის გარდასახვაში, ასევე მეორე სიკვდილი - მარადიულ განსჯაში. ამრიგად, აწ დაე იჩქაროს ყოველმა, რათა წილი დაიდოს პირველ აღდგომაში, თუკი არ სურს დაისაჯოს მეორე სიკვდილის მარადიული სასჯელით.
 
ფულგენციუს რუსპიელი, წერილი ექვთიმეს ცოდვათა მიტევების შესახებ.

 
მეორე სიკვდილისგან - ნათქვამია ძალიან მკაცრად, რადგან თანაბრად ყველა ადამიანი, მართალიც და ცოდვილიც ექვემდებარება პირველ სიკვდილს, რაც არის სულის განშორება სხეულისგან, რათა აღსრულდეს ღვთის სიტყვები: მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი (დაბ. 3:19). მაგრამ მეორე სიკვდილი, რომელიც ცოდვის გამოა, - რაზეც უფალმა მიუთითა, როდესაც თქვა: მკვდრებს მიანდე თვიანთი მკვდრების დამარხვა (მათე 8:22), - არ მიესჯება მათ, ვინც გამოცდას სძლია.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტებანი.
პერგამოსის ეკლესიას
პერგამოსის ეკლესიის ანგელოზს

2:12-17

ძვ. ქართ.:
 
12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:

13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.

14. არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად.

15. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.

16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა.

17. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.

 
ახ. ქართ.:
 
12. ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე:
 
13. ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი.
 
14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.
 
15. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.
 
16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.
 
17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.

 
***

მიმოხილვა: ღმერთი ხელს არ შეუშვებს წმინდანებს (ვიქტორინე პეტავიელი). ღმრთის სამსჯავრო განყოფს სათნოებას უკეთურებისგან (ბედა პატივდებული), როგორც სახარება განყოფს მართალთ უკეთურთაგან (ანდრია კესარიელი). მაცთური აცთუნებს ეკლესიის ყოველ განუმტკიცებელ წევრს (ტიკონიუსი). ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისადმი ურწმუნე კვლავ ჰკლავს მას (ანდრია კესარიელი, ტიკონიუსი). ბალაამი და ბალაკი - ღმრთის მტერთა სახეებია, რომლებიც მორწმუნეთ სიძვასა და კერპთმსახურებაში აცთუნებენ (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი, ტიკონიუსი). მახვილი - მცნებებია, ერეტიკოსებს რომ ამხელენ (პრიმაზიუსი). ვინც მანანა-ქრისტეს იგემებს ის უკვდავებას მოიპოვებს (ტიკონიუსი, ანდრია კესარიელი). ქრისტიანის სახელი ნიშნავს ნათლობას და მოწამეობას (პრიმაზიუსი), რომელიც მიიღება ღმრთის ძეზე ცოდნით (კესარიოს არლელი).
 
 
***
 

12. ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე:
 
 
ღმერთი ხელს არ შეუშვებს წმინდანებს
   
წმინდანთა მესამე ჯგუფი აჩვენებს, რომ არიან სარწმუნოებაში ძლიერი კაცები, რომლებიც არ უშინდებიან დევნულებებს. მაგრამ რადგან მათ შორის ვიღაც დაუშვებელი სიმსუბუქისკენ არის მიდრეკილი, უფალი ამბობს: შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით (გამოცხ. 2:16), ანუ ვიტყვი, რაც განვაწესე და შეგატყობინებ - რაც უნდა გააკეთო.
 
რადგან დიდი ხანია ცნობილია, რომ გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ (გამოცხ. 2:14). მან (ბალაამმა - "აპოკ." რედ.) ხომ ეს რჩევა მოაბელთა მეფეს მისცა და ამგვარად საცთურში შთააგდო ხალხი (იხ. რიცხვ. 25:1-2. - რედ.). ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომლებიც მოწყალების მომიზეზებით რყვნიან სხვებს. მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას (გამოცხ. 2:17); დაფარული მანანა - უკვდავებაა; მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა. თეთრი ქვა - ღმრთის ძის მიღებაა; ხოლო ახალი სახელი - ქრისტიანის სახელია.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სათნოების განცალკევება უკეთურებისგან
 
პერგამონი - შეიძლება ითარგმნოს, როგორც მათი რქის გამოყოფი. საუბარია მასზე, ვინც სამსჯავროზე გაყოფს მორწმუნეთა სათნოებას ნიკოლაელთა უკეთურებისგან, რათა ცოდვილთა რქა დაიმსხვრეს და მართალთა რქა ამაღლდეს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
12ბ. ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე:
 
 
კერპებით მდიდარი იყო ეს ქალაქი, რომლის მკვიდრ მორწმუნეებსაც უფალი აქებს განსაცდელთა მოთმინებისთვის. ხოლო ორლესულ მახვილში მისი რისხვა იგულისხმება, რომელიც ურჯულოებაში მცხორებთ დაატყდებათ თავს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
13ა. ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი,
 
 
ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, - ეუბნება ის ყველა ეკლესიას, რადგან ყველგან არის ის მაცდური, რომლის მიმართაც ნათქვამია სიტყვები: ის მიაკვლევს შენს თავს, შენ კი ქუსლს უგესლავდე! (დაბ. 3:15) (1) რადგან მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული (1 იოანე 5:19).
 
______________
 
1. იგულისხმება დედაკაცის თესლი. სინოდოალურ თარგმანშია: ის თავს გიჭეჭყავდეს. - რედ.
 
______________
 
 
სატანის ტახტი - არის ის ხალხი რომელსაც იგი დაეუფლა მათი ქარაფშუტობის წყალობით. ის უბრუნდება (თითოეული ეკლესიის) თავისებურებას, რადგან - თუმცა ამ შვიდი ადგილობრივი ეკლესიისგან მთლიანობაში შვიდსახოვანი ეკლესია იქმნება - მათში მაინც ბევრი განსაკუთრებული რამ ხდება, რასაც ის ან აქებს, ან გმობს.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
______________
 
2. Quos nequiter possidet. – სიტყვასიტყვით: რომლებსაც ის უგზო-უკვლოდ, ფუქსავატურად დაეუფლა. კესარიოს არლელი განმარტავს, რომ სატანა განხორციელებულია ყველგან იმ სხეულში, რომელშიც მედიდური და ცუდი ადამიანი ცხოვრობს - რედ.
 
______________
 
 
13ბ. მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი.
 
   
ანტიპა - მოწამე
 
ანტიპა მოწამე იყო პერგამოსში, რომლის მოწამეობაზეც ოდესღაც წამიკითხავს (3). ის იყო ფრიად ახოვანი, რომელიც უფალმა მოიყვანა პერგამოსის ქრისტიანთა მიერ ურჯულოთაგან განცდილი დევნისა და მათი მოთმინების მაგალითად. მის მოწამეობაზე ოდესღაც წამიკითხავს
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
______________
 
2. ამ მოწმობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია - რედ.
 
______________
 
 
განდგომილთა ცოდვა
   
ქრისტე კვდება მრავალთა შორის, რომელთაც ან არ სწამთ, რომ იგი აღდგა, ან უარყოფენ მას სამარცხვინო ცოდვებით. და სწორედ სატანა მკვიდრობს იქ.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
2:14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.
 
 
ურჯულოების ორი სახე
 
ამასთან, უფალს ამ ეკლესიის საწინააღმდეგო მცირეოდენი რამ აქვს - გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი - რომელიც ითარგმნება, როგორც ხალხის გარეშე ან ქონების გარეშე. რადგან ბალაამი არის მტრის სახე, რომელიც ხალხს არ კრებს ხსნისთვის და არ ხარობს იმ მრავალთა შორის, ვინც უნდა ცხონდეს; არამედ, როდესაც იგი ყველაფერს გაანადგურებს და დარჩება როგორც ხალხის, ისე ყოველგვარი ქონების გარეშე, მაშინ გაიხარებს. ეს მან ასწავლა ბალაკს, საცთური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე. რადგან ბალაკი ითარგმნება, როგორც დამამხობელი და შთანმთქმელი. მან დაამხო ისრაელი, რომ ეკურთხებინა ფეგორის კერპი და მან შთანთქა ისინი ნებიერობისა და გარყვნილების ნაკბენებით.
 
აპრინგიოსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
______________
 
3. ფეგორი - მოაბელთა კერპი, რომლის კულტი დაკავშირებული იყო გარყვნილებასთან. იხ.: რიცხვ. 25:5; ოსე 9:10 - რედ.
 
______________

უფალი პერგამონის ეკლესიის უარყოფით მოვლენებზე საუბრობს. ამ ქალაქში ორი ბოროტი მოვლენბა ხდებოდა: უმრავლესობა კერპთაყვანისმცემელი იყო, ხოლო ვინც მორწმუნეობაზე დებდა თავს, მათგან უმეტესობა ბოროტი ნიკოლაელი იყო, იფქლთან ერთად დათესილი ღვარძლი (იხ. მათე 13:24-30. – რედ.). მათ დააწესეს კერპთათვის შენაწირის ჭამა და მრუშობა, სანამდეც ერთ დროს ისრაელი მიიყვანა ბალაამმა. ბალაამის სახით უფალი მიუთითებს ეშმაკზე, რომელმაც ბალაამის საშუალებით აცდუნა ისრაელიანები დ სიძვასა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაყარა. ამ ცოდვათა სიამტკბილობით გაბრუებულნი ისე დაეცნენ, რომ მსხვერპლს სწირავდნენ ბელფეგორს (რიცხვ. 25:1-3) (4).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
______________
 
4. (ბელფეგორი - ბაალის სახელია, რომელიც მას მოაბში მიეცა ფეგორის მთაზე - რედ.).
 
______________

კერპთაყვანისმცემლობა - სულიერი მრუშობა
   
მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი. გყავს მანდ ბალაამის სწავლების მიმდევრები, რომელმაც ასწავლა ბალაკს ეცთუნებინა ისრაელი, რათა ეჭამათ კერპშენაწირი და ემრუშათ. აი ორი უმთავრესი რამ, რომლით ტკბობისთვისაც იბრძვიან პირმოთნენი, - ჭამა და მრუშობა. როგორც უფალი ამბობს: ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ყოველგვარი არაწმიდებით (მათე 23:25).
 
კერპთაყვანისმცემლობა - სულიერი მრუშობაა. ნათქვამია: აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან (ფსალმ. 72:27).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
15. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.
 
   
ნიკოლაელთა შესახებ
 
დიაკონ ნიკოლოზის შესახებ კლიმენტი მოგვითხრობს (კლიმენტ ალექსანდრიელი, სტრომატები 3, 4), როდესაც ერთმა გაკიცხა იგი, თვალი დაადგა რა მის მშვენიერ ცოლს, მან უპასუხა, რომ ვისაც სურდა, მას შეეძლო მისი შერთვა ცოლად. ამის საფუძველზე ურწმუნოები მოციქულებზე ამბობდნენ, რომ მათ დაუშვეს მრუშობა და ცოლების გაცვლა. ასევე ამბობდნენ ნიკოლაელებზე, რომ ისინი ქადაგებდნენ ერთგვარად წარმოუდგენელ და, დიდი ალბათობით, წარმართულ იდეებს სამყაროს შექმნის შესახებ, აგრეთვე, არ ჰყოფენ თავიანთ საჭმელს კერპებს შეწირულისგან.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.
 
 
მოწოდება სინანულისკენ
   
რაც შეეხება ჩვენ მიერ მოხსენიებულ კაცებს, აპოკალიფსისიდან ნათელი ხდება, რომ მოუნათლავმა მწვალებლებმა უნდა შეინანონ. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს ის ეთვლება ცოდვად, რომ დაუტევა პირველი სიყვარული. პერგამოსის ანგელოზი გაიკიცხა იმისთვის, რომ ჭამდა კერპშენაწირს და იზიარებდა ნიკოლაელთა სწავლებას. მსგავსადვე საყვედურობს თიატირის ანტელოზს წინასწარმეტყველ იეზაბელის, კერპშენაწირის და სიძვა-მრუშობის გამო. დაა მაინც, უფალი ყველა მათგანს სინანულისკენ მოუწოდებს და მომავალი სასჯელებით ემუქრება, თუკი არ მობრუნდებიან და არ შეინანებენ. უფალი არ დაემუქრებოდა მათ დასჯით, დასჯას დაქვემდებარებულთა პატიებას რომ არ აპირებდეს. მას ხომ არ უთქვამს, რომ საჭიროა მათი თავიდან მონათვლა, ვინც ნიკოლაელთა სარწმუნოებაში იყო მონათლული. ან, რომ საჭიროა ხელის დადება მათზე, ვინც პერგამოსში იწამა, მაგრამ ბალაამის სწავლების მიმდევარი იყო. მან თქვა: შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით
 
ღირ. ჰიერონიმე სტრიდონელი, ლუციფერიანელისა და მართლმადიდებლის დავა (5).
 
______________
 
5. ჰიერონიმე არ იზიარებს კვიპრიანე კართაგენელის თვალსაზრისს, რომელიც ნამდვილ ნათლობად მხოლოდ ოროთოდოქსულ ეკლესიაში აღსრულებულ ნათლობას მიიჩნევდა - რედ.
 
______________

მახვილი - ზეგარდმო ბოძებული მცნებები
 
უფალი ამბობს: იმავენაირად შენც გყავს ისინი, ვინც იცავს ნიკოლაელთა სწავლებას; იმავენაირად მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და რომფეით, ანუ მახვილით შეგერკინები. როგორც წინა მნიშვნელობიდან გამომდინარე გავიგე, ეს ნაწილი ეხება ეკლესიას, რომფეა კი - ეს არის ზეგარდმო მცნებები, რომლის მიერაც ქედმაღალნი იძლევიან ღვთის ნების შესაბამისად - ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება (რომ. 2:12).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
______________
 
6. არარომაელ ხალხებში რომფეა წარმოადგენდა გრძელ მახვილს ფართე და ორმხრივ ალესული პირით - რედ.
 
______________
 
 
17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.
 

გამარჯვების ქვა
   
მივცემ მას თეთრ ქვასაც, ანუ ისეთს, რომელიც გამარჯვებას უზრუნველყოფს და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა. რადგან ნათქვამია: რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ (1 კორინთ. 2:9).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება
 
______________
 
7. სიტყვა Ψῆφος აღნიშნავდა სათვლელ და ასევე ხმის მისაცემ კენჭს - რედ.
 
______________
 
დაფარული მანანა საუკუნო ცხოვრებაა
 
მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, ანუ უხილავ პურს, რომელიც ზეციდან გადმოდის; ვინც ამისთვის გახდა ადამიანი, რომ ძლიერითა პურსა ჭამდეს კაცი (ფსალმ. 77:25), რომლის წინასახეც უდაბნოში მანანა იყო. ვინც ეს მანანა იხმია, მოკვდა, რადგან, უფლის სიტყვის თანახმად, როდესაც ურწმუნოებად დარჩნენ, მათ არ იხმიეს ეს იდუმალი და მხოლოდ სულიერი მანანა, რომლის მეშვეობითაც მორწმუნეებს უკვდავება აქვთ აღთქმული. რადგან მან თქვა: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოანე 6:53). მართლაც, ვინც იმ დროსაც სულიერად საზრდოობდა, ისეთივე უკვდავების ღირსნი შეიქნენ, როგორისაც მოსე და სხვები. მოციქუილს სწავლების თანახმად, ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ (1 კორინთ. 10:3), რადგან მათთვის, ვინც სულიერად იღებს მატერიალურ საჭმელს, ხილული მანანა არავითარ დაბრკოლებას არწარმოადგენს. ანალოგიურად, დღესაც სულიერ პურს არავითარი სიკეთე არ მოაქვს ადამიანებისთვის ჩვენს დროში, თუკი მას ისინი უღირსად იღებენ, რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს (1 კორინთ. 11:29).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
დაფარული მანანა ზეციური სიცოცხლის პურია, რომელიც ჩვენთვის გარდამოხდა ზეცით და გახდა ჭამადი. მანანით სიმბოლურად იწოდება ზეციური მომავალი სიკეთენი - საიდანაც არის ზეციური იერუსალიმიც. უფალი ამბობს, რომ ის, ვინც სზლევს ეშმაკს, მიიღებს მას. ხოლო ისინი, რომლებიც უფლის მარჯვნივ დგომის ღირსნი გახდებიან, მიიღებენ თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, აწმყო ცხოვრებაში. რადგან, არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ (1 კორინთ. 2:9).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტიანული სახელი
 
მივცემ მას თეთრ ქვასაც - ანუ ღვთის შვილობას. ეს ქვა ხომ უძვირფასესი და ფერადი ქვაა, რომელიც უნდა გავიაზროთ მარგალიტის მაგალითის მიხედვით, რომლის მოსაპოვებლადაც ვაჭარმა მთელი ქონება გაყიდა (შდრ. მათე 13:45-46). დაბოლოს, მარგალიტში სხვა ფიგურალური მნიშვნელობაც არის ჩადებული: ქვის გარდა, ახალი სახელი, ანუ ქრისტიანისა, რის შესახებაც ვკითხულობთ: გიწოდებიენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ (ესაია 62:2). ნათლობის გარდა, დავამატებ მოწამეობას, რომელიც არავინ იცის, მისი მიმღების გარდა - ფარისევლებს, მართალია, მოჩვენებითად სათანადო გარეგნული იერი აქვთ, მაგრამ ვერ მიაღწევენ ღვთისმოსაობის სათნოებას, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი (2 ტიმ. 3:5). შემდეგ იოანე იმავეს ამბობს: ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში" (1 იოანე 2:4).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
______________
 
8. ნიშანი ხმის მიცემისას, სათნო გადაწყვეტილება - რედ.
 
______________
 
 
ცოდნა გამოცხადების მეშვეობით
   
მივცემ მას თეთრ ქვასაც - ანუ ნათლობის მიერ გათეთრებულ (გასპეტაკებულ) სხეულს, და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს - ანუ ცოდნას კაცის ძის შესახებ, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა, კერძოდ, გამოცხადების წყალობით. ამიტომ იუდეველთა შესახებ ნათქვამია: ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცმევდნენ დიდების უფალს (1 კორინთ. 2:8).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
თიატირის ეკლესიას
თიატირის ეკლესიის ანგელოზს

2:18-29

ძვ. ქართ.:
 
18. და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა.

19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა.

20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.

21. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.

22. აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.

23. და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ.

24. ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე.

25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.

26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა,

27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.

28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ.

29. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

 
ახ. ქართ.:
 
18. ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:

19. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი.

20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.

21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.

22. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.

23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.

24. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს,

25. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე.

26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას;

27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.

28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

29. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

 
***
 

მიმოხილვა: ვინც ბოროტებაზე გაიმარჯვა მოიპოვებენ პირველ აღდგომას (ვიქტორინე პეტავიელი). ქრისტეს ცეცხლოვანი თვალები ცოდვილთა შემწველია (აპრინგიუსი, ეკუმენიუსი, ანდრია კესარიელი). ჟამთა აღსასრულს მრავალი ეწამება ქრისტეს სახელისთვის (აპრინგიუსი). უფალი საყვედურობს მოძღვრებს, რომლებმაც მიუშვეს გარყვნილები და მწვალებლობები (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი), რომლებიც დაისჯებიან, თუ არ შეინანეენ (აპრინგიუსი). ერეტიკოსები - სნეულებებით მოწყლულ მეძავებივით არიან თავიანთი მოუნანიებლობის გამო (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). ცისკრის ვარსკვლავი - ქრისტეა და პირველი აღდგომა (ტიკონიუსი, აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი).
 
 
***

18ა. ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე:
 
 
ცოცხალი მსხვერპლი
 
თიატირა შეძლება ვთარგმნოთ, როგორც მსხვერპლი, წმინდანები ხომ თავიანთ სხეულებს ცოცხალ მსხვერპლად აქცევენ.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
18ბ. ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:
 
 
მაცხოვრის ცეცხლოვანი ბუნება
   
მისი მზერა განმსჭვალავს ყველაფერს, მისი უმწიკვლო ხორცი სპილენძივით ანათებს, ცეცხლში მოელვარე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
(სიტყვები): ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, - მიანიშნებს საშინელებასა და მუქარას ცოდვილთათვის. ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს, რაც ნიშნავს ან მისადმი რწმენის სიმტკიცესა და ურყევობას, ან სახარებისეული სწავლების გონიერ კეთილსურნელებას.ს
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
თვალების ცეცხლის ალთან შედარება იმას აღნიშნავს, რომ მისი ძალა მართლებს განანათლებს, ცოდვილებს კი დაწვავს. ხოლო ფეხების შედარება ელვარე რვალთან ნიშნავს ქრისტეს სულიერ სამყაროში ცხონებულთა კეთილსურნელებას და განუყოფლად და შეურევნელად შეერთებულ ღმრთეებას ადამიანურ ბუნებასთან (იხ. 2 კორ. 2:15). საღმრთო სულით გახურვებული, ის კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
19. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი.
 
 
ბოლო ჟამის წმინდანები
   
ის მოწმობს, რომ იცის თავისი ეკლესიის საქმენი, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება. და შენი უკანასკნელი საქმენი - ამბობს იგი, - უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი. იგი მიუთითებს, რომ წმინდანთა რიცხვი დიდი იქნება უკანასკნელ ჟამს, როდესაც ცოდვის კაცის, წარწყმედის ძის მოსვლის დროს უთვალავი წმინდანი განიწმინდება მათი საკუთარი სისხლით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
ის ამბობს: ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება - თითქოს ამბობდეს: ვაქებ შენს ერთგულ მონდომებას. რადგან მან ნაცვლად სიტყვისა ვაქებ გამოიყენა ვიცი, რადგან მან უთხრა მოსეს - გიცნობ შენ ყველაზე მეტად (ძვ. ქართ.: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა - "აპოკ." რედ.) (გამ. 33:12) (1); აგრეთვე უფალმა უწყის მართალთა გზა (ფსალმ. 1:6). მსახურებაში იგი გულისხმობს გაჭირვებულთა შეწევნას. შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი - აქ ნაჩვენებია, რომ დროთა განმავლობაში ისინი სრულიქმნებოდნენ მცნებების აღსრულებით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________________
 
1. ეს არის თარგმანი სეპტუაგინტის მიხედვით. სინოდალურ თარგმანში ასეა: Моисей сказал Господу: вот, Ты говоришь мне: веди народ сей, а не открыл мне, кого пошлешь со мною, хотя Ты сказал: «Я знаю тебя по имени, и ты приобрел благоволение в очах Моих».
 
რუსულ სინოდალურ თარგმანს იმეორებს ქართული თარგმანიც: უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში (გამ. 33:12) (იხ. https://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/gamosvla/gamosvla-33.htm).
 
___________________
 
 
20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.
 
 
მწვალებლობის საშიშროება
 
იგი საუბრობს ეკლესიათა მეთაურებზე, რომლებიც არ იყენებენ საეკლესიო წესდების სიმკაცრეს მათთვის, ვინც ფუფუნებით და მრუშობაში არიან და მათ წინააღმდეგ, ვინც სხვა რამ ბოროტებას სჩადის. ეს შეიძლება გავიგოთ ერეტიკოსებთან მიმართებითაც. წინასწარმეტყველად რომ მოაქვთ თავი, ანუ ქრისტიანად: მრავალი ერესიც ხომ თვალთმაქცობს ამ სახელით.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ვიცი შენი საქმენი. უფალი თიატირის ქრისტიანებს აქებს სარწმუნოებისა და მოწყალების გამო, მაგრამ სამართლიანად ადანაშაულებს მათ ნიკოლაელთა მწვალებლობის გავრცელების გამო, რომელსაც იეზაბელად სახელდებს. ეს მწვალებლები აცდუნებენ გონებით ცვილებს და უბიძგებენ მათ მრუშობის და კერპთა შენაწრისი ჭამისკენ, რომელთაგან განშორებასაც ასწავლის უფალი. იეზაბელს წინასწარმეტყველად მოაქვს თავი, მაგრამ ეშმაკის სულით არის სავსე.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება (2).
 
Андрей Кесарийский, Комментарий на Откровение
 
___________________
 
2. წმ. ეპიფანე მიიჩნევს, რომ ეს მუხლები ეხება მონტანელთა წინასწარმეტყველ პრისკილას, მაქსიმილასა და კვინტილას. - რედ.
 
___________________

 
21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.
 
22. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.

 
სასჯელი მოუნანიებლობისთვის
   
სნეულება და უძლურება ეწინასწარმეტყველა ამ სწავლებას, და მათ, ვინც მეძავობს სწავლებებში, დიდი სასჯელი ელის განკითხვის დღეს. რადგან იეზაბელი ითარგმნება, როგორც სანაგვე ორმო ან სისხლისღვრა. კიდევ რას შეიძლება გულისხმობდეს ნაგვის გროვა და სისხლი, თუ არა ბოროტებას და ცოდვას, რომელიც დანაშაულის შედეგად ჩნდება? ამიტომ ის მათ სამართლიანად უწინასწარმეტყველებს მომავალ სასჯელს, თუ თავიანთ საქმეებს გულწრფელად არ მოინანიებენ. რადგან ის არ ახსენებს, რომ ძეებს, ანუ მოწაფეებს, მეორე სიკვდილით დასჯის.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

სიძვაში იგულისხმება განდგომილთა უშიშრობა, რომლებსაც თავი უბიწოდ მოაქვთ დანაშაულთათვის დაუსჯელობის გამო, როდესაც, შეცოდავენ რა, მყისიერ არ განიცდიან ღმრთის რისხვას, და დღემდე უგულებელყოფენ სინანულსა და სასჯელს, სანამ უეცრად, მშობიარეს ტკივილებივით არ მოიწევა მათზე ღმრთის რისხვა. ხოლო ნათქვამია, რომ ღმრთისგან მიეცა მათ ასეთი უშისობა, რადგან იდუმალი მსჯავრისთვის არიან დატოვებულნი, თუმცა სამართლიანად. ამ უშიშობაზე სხვა ადგილას ვკითხულობთ: დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. სხვა თარგმანში სიძვის ნაცვლად მოცემულია გლოვა, რაც მარადიულ ტანჯვაზე მიანიშნებს, რომლისთვისაც არიან განწირულნი, თუკი თავიანთ უკეთურ საქმეებს არ შეინანებენ.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მეძავის სიმბოლოები
 
აგრძელებს რა თხრობას სიმბოლური მეტყველებით, ის მწვალებელთა მზაკვრობასა და პირმოთნეობას მეძავს, სიკვდილსა და სნეულებებს ადარებს, რომლებითაც მოსწყლავს კიდევაც მათ, ასევე ყველა იმათ, ვინც ღმრთის წინაშე იბილწებოდა მათთან და ისიძვიდა, ოღონდ თუკი სინანულით კვლავ არ მოუბრუნდებიან ღმერთს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.
 
 
ღმერთი ხედავს დაფარულს
 
უფალი ამხელს მაცთუნებელი ერეტიკოსების ეშმაკობასა და მლიქვნელობას მრუშთადმი და ემუქრება, რომ დაამხობს იეზაბელის ცრუსწავლებას მის მიმდევრებთან (მეძავებთან) ერთად და შავ დღეს დააყრის, მათ შვილებს კი ავადმყოფობას მოუვლენს და განგმირავს, თუკი არ მიიქცევიან მისკენ მონანიების საშუალებით.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დაე, ადამიანმა იფიქროს, რომ მის მიერ კაცთა წინაშე ჩადენილი საქმე ნაკლებად მახინჯი და დანაშაულებრივი გამოჩნდება მათ თვალში. ამასთან, ის ვერ დაემალება და გაექცევა მსაჯულ ღმერთს, როდესაც სულიწმიდა ამბობს ფსალმუნებში: ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი (ფსალმ. 139:16); და კვლავ: კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს (1 მეფ. 16:7).
   
ანალოგიურად, თავად უფალი შეახსენებს და წინასწარმეტყველებს ამას, როდესაც ამბობს: და ცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი. ის ასევე ხედავს დაფარულს, სცნობს იდუმალს და საკრალურს. ვერავინ დაემალება ღვთის თვალს, რომელიც ამბობს: განა მხოლოდ ახლოვან ვარ ღმერთი? განა შორიდან არ ვარ ღმერთი? სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? (იერ. 23:23-24). იგი ხედავს ყველა ადამიანის გულისხმიერ განცდებს; ის განსჯის არა მარტო საქმეების, არამედ ჩვენი სიტყვებისა და აზრების მიხედვით. მის წინაშე თვალნათელია ფიქრები და სურვილები, რომლებიც ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებში წარმოიშობა.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილები.
 
 
ჩვენი საქმეები და სიტყვები ხალხმა შეიძლება შეამჩნიოს, მაგრამ როგორი სულისკვეთების არიან ისინი და რისი მიღწევა გვსურს ამით, იცის მხოლოდ მან, ვინც ხედავს, თუ რას ფიქრობს ადამიანი და რა უხარია მას. რატომ არის ნათქვამი, რომ უ ფალი, ვინც სჯის სიძვას და კერპთაყვანისმცემლობას, ანუ აშკარა ცოდვებს, ხედავს დაფარულს, თუ არა იმიტომ, რომ ამ დანაშაულთ უმცირესი ცოდვებიც შეიძლება შეიცავდეს? შენ მოსპობ ყველას, - ამბობს ის, - ვინც განზე განგიდგება (ფსალმ. 72:27). მოციქულმა იოანემ, რომელმაც ეს მიოსმინა, დაასრულა თავისი მსჯელობა ცრუ ძმებზე შემდეგი სიტყვებით: შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან (1 იოანე 5:21).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
24. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს,
 
25. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე.
 
 
ზემოთ რაც თქვა უფალმა, მწვალებლებს ეხებოდა, ხოლო იმ მორწმუნეებს, რომელთაც ბრალი არ მიუძღვით და უმანკონი არიან, ეუბნება: რადგანაც არ შეგიძლიათ წინ აღუდგეტ და პასუხი გასცეთ უკეტურებს, ცბიერებსა და ახალი სწავლების გამომგონებლებს, ვინაიდან სატანის სიღრმე ვერ შეგიცვნიათ, არ ვითხოვ თქვენგან სიტყვით წინააღმდეგობას, არამედ ვითხოვ მხოლოდ იმას, რომ სიკვდილამდე მტკიცედ შეინახოთ მოძღვრება, რომელიც მიიღეთ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას;
 
27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.
 
 
ძალაუფლება ქრისტეში
 
ამ ძალას ეკლესია ფლობს იესუ ქრისტეში. თუკი ვინმე მისი სხეულის მიმდევარი გახდა, მიიღებს იმას, რაც კაცის ძემ მოიპოვა, მამა ღმერთი კი მასთან ერთად მოგვანიჭებს ყოველს (იხ. რომ. 8:32 - რედ.).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
ის აღუთქვამს, რომ მისცემს ხელმწიფებას ერებსა და სამეფოებზე, რათა რკინის კვერთხით დამწყსოს და თიხის ჭურჭელივით დაამსხვრიოს. იგი გულისხმობს განდგომილ ანგელოზებს, რომლებმაც დაკარგეს ძალაუფლება, რადგან ისინი განისჯებიან წმინდანების მიერ განკითხვის დღეს და მიეზღვებათ საუკუნო წარმწყმედა, მოციქულის სიტყვის თანახმად (იხ. 2 თესალონიკ. 1:9; გამოცხ. 12:10 - რედ.).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ამ სიტყვებით იმ ძალაუფლებას მოასწავებს, რომელიც მოციქულებს მიეცემათ, რათა განსაჯონ ადამიანები. როგორც სახარებაშია აღთქმული, ხუთი ან ათი ქალაქის მმართველობას მივანდობ ჩემი საქმის აღმასრულებლებსო. ქრისტეს მორწმუნეთა მიერ მსჯავრდებულნი იქნებიან ურწმუნოები და ცოდვილების, რომლებიც რკინის კვერთხით ჭურჭელივით დაიმსხვრევიან. ნინევიელნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას (მათე 12:41). როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან - ამას, როგორც ადამიანი, ისე ამბობს, რადგან იგი ხორცშესხმული კაცი იყო.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

29. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
 
 
ქრისტეს ვარსკვლავი - დღის დასაწყისია
   
ცისკრის ვარსკვლავში ადამიანმა უნდა მოიაზროს და მიიღოს ქრისტე და ანალოგიურად - პირველი აღდგომაც, რადგან მან გაფანტა ცდომილების წყვდიადი თავისი მოვლინებით და, როგორც კი მისი აღდგომა მოიწია, განდევნა სამყაროული ღამის წყვდიადი. რადგან ეს ვარსკვლავი, როგორც ღამის დასრულებას გვამცნობს, ასევე დღის დასაწყისსაც მოასწავებს.
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
პირველი აღდგომა
 
და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს - ანუ უფალ იესუ ქრსიტეს, რომელსაც საღამო არასდროს მოუსწრებს, არამედ ის არის საუკუნო ნათელი და ის ყოველთვის მყოფობს ნათელში. იგივე შეიძლება გავიგოთ სხვაგვარად: ის აღგვითქვამს ცისკრის ვარსკვლავს, ანუ პირველ აღდგომას, ცისკრის ვარსკვლავს, რომელიც გაფანტავს ღამეს და მოასწავებს ნათელს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

 
სატანა, ედრება ვარსკვლავს
   
და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს - წინასწარმეტყველმა აშურეთზე, ანუ სატანაზე თქვა: როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა (ესაია 14:12). ახლა კი (უფალი) მას ცისკრის ვარკსკვლავს უწოდებს. ასე რომ, ის გულისხმობს, რომ მისცემს სატანას თავის მსახურთა ხელმწიფების ქვეშ. მოციქულიც ამტკიცებს ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ (3) და (სხვა ადგილას): ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ (ფსალმ. 90:13).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
___________________
 
3. იხ. რომ. 16:20 – ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე - რედ.

___________________
 
 
ქრისტე - მზე სიმართლისა
   
განთიადის ვარსკვლავში ციდან ჩამოვარდნილ ეშმაკს გულისხმობს, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: როგორ ჩემოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! (ესაია 14:12). ამ სიტყვებით მორწმუნე ქრისტიანების ხელმწიფება გამოიხატება სატანაზე (იხ. ლუკა 10:18-19; რომ. 16:20; ფსალმ. 90: - რედ.); ან კიდევ განთიადის ვარსკვლავი, რომელიც ახსენა ნეტარმა პეტრემ, ეს არის მორწმუნეთა გულებში ნათლად ამობრწყინებული იესუ ქრისტე (იხ. 2 პეტრე 1:19 - რედ.).
 
განთიადის ვარსკვლავებად იწოდებიან კიდევ იოანე ნათლისმცემელი და ილია თეზბიტელი (4) - ერთი როგორც სიმართლის მზის (ქრისტეს - "აპოკ." რედ.) პირველი ამობრწყინვების წინამორბედი, ხოლო მეორე - მისი მეორედ მოსვლისა. და ჩვენ გვწამს, რომ მათთან ერთად დაიდებენ წილს ეშმაკზე გამარჯვებულნი. არაფერია უცნაური იმაში, რომ ერთი და იგივე სახელით იწოდებიან ესოდენ ურთიერთდაპირისპირებული საგნები. რადგან წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ლომი, მაგალითად, წმიდა წერილის სხვადასხვა ადგილას ნიშნავს ქრისტესაც, - ლევი იუდასგან, და ანტიქრისტესაც, - ლომი ბაშანიდან! (5). და კიდევ აღმოსავლეთში იგულისხმება მომავალი დღის დასაწყისი, როდესაც განიბნევა წუთისოფლის ბნელი, და მის შესახებ მახარობელი ანგელოზიც, რამეთუ ის წინ უძღვის სიმართლის მზეს, რომელიც განანათლებს ყველა წმინდანს და გაფანტავს აწმყო ცხოვრების უკუნეთს. მისი სხივებით დე განვნათლდეთ ჩვენც კურთხევითა მამისათა ყოვლადწმიდა სულით წმიდითურთ, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 
ანდრია კესარიელი, კომენტარები გამოცხადებაზე.
 
___________________
 
4. ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი გალაადის სოფელ თეზბადან. მის შესახებ იხ. მე-3 და მე-4 მეფ. - რედ.
 
5. ბაშანი ოლქია იორდანის აღმოსავლეთით, რომელმაც თავისი სახელი ამავე სახელწოდების მთისგან მიიღო. ძველად ის სახელგანთქმული იყო დაბურული ტყეებით და ნაყოფიერი საძოვრებით. ბაშანის ქვეყნის უკეთურების გამო ძველ აღთქმაში აღსრულდა ღმერთის წინასწარმეტყველება: "რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება. ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას" (ესაია 2:12-13) - რედ.).
 
___________________

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому