აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება
თავი 22
ღმრთის სასუფეველი და ხე სიცოცხლისა
22:1-5
ახ. ქართ.:
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
ძვ. ქართ.:
1. და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.
2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
3. და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას.
4. და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
***
მიმოხილვა: მადლის წყარო მისაწვდომი ხდება ქრისტე-კრავის განკაცების მეშვეობით (იერონიმე სტრიდონელი). სიცოცხლის წყარო - ქრისტეა (აპრინგიუსი). სიცოცხლის მდინარე - ქრისტეს ნიჭებია (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). მდინარე - ეკლესიის წყარო ეკლესიის შუაში (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). წყარო-მდინარის ნაპირები - ორი აღთქმაა. ხეები მდინარის გასწვრივ, ორივე მხარეზე, - ქრისტე მაცხოვარია; ხეთა ფოთლები - მისი სიტყვებია, ხალხებს რომ კურნავენ. თორმეტი თვე - უფლის მოციქულებია (იერონიმე სტრიდონელი, აპრინგიუსი), რომელიც თავის წმინდანებში ცხოვრობს (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი).
წერილი - რწმენის წამალია (იერონიმე სტრიდონელი). სიცოცხლის ფოთლები - ქრისტესთან შეერთებული წინასწარმეტყველები, პატრიარქები, მოციქულები და მოწამეებია (ეკუმენიოსი). სხვადასხვა ჯილდო ეკუთვნით მორწმუნეებს ჭეშმარიტებაში მათი განათლებისდა მიხედვით (ანდრია კესარიელი). იერუსალიმში იქნება ღმრთის სამეფო, სადაც წმინდანები ემსახურებიან ღმერთს (ეკუმენიოსი) და სადაც უკვე აღარაფერი იქნება წყეული (ანდრია კესარიელი). ღმრთის პირისახე - წმინდანთათვის სულიწმიდის მიერ მისი გამოცხადების სიმბოლოა (პრიმაზიუსი), როდესაც მას პირისპირ იხილავენ, როგორც თაბორის მთაზე (ანდრია კესარიელი). რწმენის ჯილდო - ეს ღმრთის ხილვაა (ბედა პატივდებული). საღმრთო ნათელი შეცვლის ყოველგვარ ცოდნასა და ნათელს (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
***
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
რწმენა და მადლი
გაითვალისწინე, რომ მადლის წყარო ენტრალური ნაწილიდან იღებს სათავეს. ეს წყარო ტახტიდან მხოლოდ მაშინ მოედინება, როდესაც კრავი დგას მის წინაშე: თუ არ გვწამს ქრისტეს ხორცშესხმისა, მაშინ ამ მადლისგან ვერ მივიღებთ.
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
სიცოცხლის წყალი
სიცოცხლის წყალი - უფალი იესუ ქრისტეა. ამ წყლის შესახებ მან სამარიელ ქალს უთხრა: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ (ინ. 4:10), რომელიც არის ცოდნა მისი ღმერთობისა და სრულყოფილებია წმინდა რწმენისა, რადგან მასზე ნათქვამია: რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა (ფსალმ. 35:10).
რადგან მასთან ერთად დაიმარხნენ ნათლობის წყალობით, როგორც მოციქული ამბობს: მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით (რომ. 6:4). ამიტომ სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, და სრულიად წმინდა, უნეტარესი ნათლობის (საიდუმლოს) განმწმენდელი სინათლე. და ის ფაქტი, რომ ის მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან, ნათქვამია იმიტომ, რომ მისგან არის განწმენდა, მისგან არის სიცოცხლე, მისგან ხდება ყოველგვარი გამართლება და ნათლობის (საიდუმლოს) განწმენდა მისგან გამომდინარეობს.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
ქრისტეს ნიჭები
სიცოცხლის წყლის მდინარე შეიძლება იყოს ქრისტეს უხვი და მდიდარი ნიჭები, რომლებიც დაუსრულებლად გადმოიღვრება წმინდანებზე; როგორც მდინარე, ისე გადმოჩქეფს და გადმოედინება მათზე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
საიდუმლოს ნაყოფები
სიცოცხლის წყლის მდინარე, რომელიც შუა ქალაქში მოედინება, აღარ არის ნათლობის მსახურება, არამედ უკვე თავად საიდუმლოს ნაყოფი ცხადდება. რადგან, რაც წარსულში დაითესა ცრემლით, მოგვიანებით მოიმკება სიხარულით. ამიტომ, ახლა ეკლესია სულისთვის თესავს, და სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს (გალატ. 6:8).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სულის მდინარე
ის, რაც ეკლესიიდან მდინარესავით მოჩქეფს ამ ცხოვრებაში აღორძინების ნათლისღებად იწოდება, რადგან სულიწმიდის მოქმედებით მისით განბანილები თოვლზე და კრისტალზე უსპეტაკესნი ხდებიან. ხოლო ზეციურ იერუსალიმში მომდინარე წყალუხვი საღვთო მდინარე მამა ღმერთისგან გამომავალი სულია, რომელიც ანგელოზთა უმაღლეს ძალთა მიერ, საღმრთო საყდრებად რომ იწოდებიან, არწყულებს წმიდა ქალაქის ქუჩებს, ანუ მის მრავალრიცხოვან მცხოვრებთ, რომლებიც, ფსალმუნთმგალობელის თქმით, ქვიშაზე უმრავლესია (ფსალმ. 138:8).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
წერილის წყარო
იოანე არა ხეებზე, არამედ ერთ ხეზე საუბრობს. მაგრამ, თუ ხე ერთია, როგორ შეიძლება ის მდინარის გაღმა-გამოღმა იყოს? რომ ეთქვა, მე ხეები ვნახეო, მაშინ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ზოგი მდინარის გაღმა იყო, ზოგი გამოღმა, მაგრამ ნათქვამია, რომ მდინარის გაღმა-გამოღმა ერთი ხე იყო.
ერთი წყარო მოედინება ღვთის ტახტიდან და ეს არის სულიწმიდის მადლი; და სულიწმიდის მადლს შეიცავს წმინდა წერილი. ამ მდინარეს აქვს ორი ნაპირი - ძველი და ახალი აღთქმა, და მის გაღმა-გამოღმა იზრდება ხე - ქრისტე. ამ ხეს წელიწადში გამოჰქონდა თორმეტი ნაყოფი, ანუ ყოველთვიურად. ამ ხის ნაყოფის მიღება მხოლოდ მოციქულთა მეშვეობით შეგვიძლია. თუ ვინმე მოციქულთა მიერ მიეახლება ხეს, ის აუცილებლად მოიწევს ნაყოფს, შეკრებს წმინდა წერილის ნაყოფს, იხმევს მის სიტყვებში დაფარულ საღვთო აზრს.
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
სიცოცხლის ხე
სიბრძნის შესახებ ნათქვამია: გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას; ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კრიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას (იგავ. 1:20-21). თუ ვინმე უარს იტყვის მეფის ქორწილში მისვლაზე, იგი უბრძანებს მონებს და ეუბნება: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი (ლკ. 14:23). ამიტომ აქ მაცხოვნებელი წყლისა და მადლის განწმენდის შესახებ ნათქვამია, რომ ის მოედნის შუაში მიედინება.
მდინარის გაღმა-გამოღმა - ეს არის ორი აღთქმა, რომლებშიც ჩაწერილია ჩვენი ხსნის სისავსე.
სიცოცხლის ხე - სხვაგან ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომელიც არის სიცოცხლის ხე: ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ (საქმე. 17:28).
ფოთლები - ეს არის უფლის სიტყვები, რომლებიც კურნავს ხალხებს.
ყოველთვიურად - თორმეტი თვე - ეს უფლის მოციქულები არიან, რადგან თვითონ უფალი არის წყალობის წელიწადი (ეს. 61:2). ისინი არიან ტორმეტი თვენი, რადგან თითოეულ მათგანს ცოდნის სიმრავლის გამო უწყვეტი ქადაგების მრავალრიცხოვანი ნაყოფი მოაქვს.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
სიცოცხლის ხე არის უფალი, სიბრძნის შესახებ იგავთა წიგნის ავტორის თანახმად: იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მეოჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი (იგავ. 3:18). ხოლო ბრძენი პავლე ამბობს, რომ ქრისტე ღვთის ძალა და სიბრძნეა (1 კორინთ. 1:24). ის ასევე ამბობს, რომ წმინდანები არა მხოლოდ მდიდარნი არიან ქრისტეს წყალობით, არამედ იგი მათში დამკვიდრდება და მათთან ერთად მყოფობს (იხ. 2 კორინთ. 6:16. - რედ); სწორედ ეს არის უმაღლესი ნეტარების მწვერვალი.
ქრისტე, სიცოცხლის ხე, წმინდანებს მუდმივ და დაუსრულებელ ნაყოფსა და ძღვენს ანიჭებს, თითქოს ერთი გულუხვი მოწყალება გადაფარავს მეორეს და ისინი არასდროს მოაკლდებიან ღვთისგან სიუხვეს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ყოველთვიურად - თორმეტ თვეში იოანე გულისხმობს ყველა დროს და აღნიშნავს მარადისობას. ამიტომ იქ, სადაც მარად მწვანილოვანია, არასდროს იქნება ჭკნობა. ადგილს, სადაც სრულყოფილი სიჯანსაღე მკვიდრობს, აბსოლუტურად ვერანაირი უძლურება ვერ წაბილწავს. ეს წინასწარ გვამცნო წინასწარმეტყველმა, როდესაც თქვა: შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ (ეს. 35:10).
ეს არის ხე, რომელიც, როგორც ვკითხულობთ, წყლის ნაკადებთან დაინერგა (ფსალმ. 1:3), რომლის შესახებაც იერემია ამბობს, რომ მას მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული (იერ. 17:8), ანუ სასოება და რწმენა აქვს უფალში. ჩვენ ასევე შეგვიძლია სიცოცხლის წყლის მდინარე (აპოკ. 22:1) განვმარტოთ იესუ ქრისტესთან მიმართებით, რომელიც ნამდვილად თავად არის სიცოცხლის წყარო. რადგან ჩვენ ვკითხულობთ მის შესახებ: შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:10). როგორც ვკითხულობთ, იგი თავად არის ღვთის სიბრძნის ხატი, ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში (სიბრძნ. 7:26-27).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სულის მდინარე
ამრიგად, ის არის წყარო, რომელიც ასევე მდინარეა. ის არის წყარო, რადგან ის ამოუწურავია. მდინარე კი იმიტომ, რომ იგი გულუხვად და განუწყვეტლივ არწყულებს წმინდანებს. რადგან, სადაც მას წყაროს უწოდებენ, ასევე ხევიც ეწოდება. რადგან, როდესაც ფსალმუნში ნათქვამია: შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ, შემდეგ წინასწარმეტყველი დასძენს: რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:9-10).
კარგადაა ნათქვამი - მოედნის შუაში, თითქოსდა ეს ყველა წმინდანისთვის საერთო სიკეთეა, რომელსაც არცერთი ღირსეული არ უარყოფს და არც ერთ უღირსს არ ეძლევა.
წმინდანთა (მოედნის) შუაში - ეს, რა თქმა უნდა, განუყოფელი მემკვიდრეობაა ყველასთვის, ვინც ღმერთი იხილა. ამიტომ ვკითხულობთ: იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული (ფსალმ. 121:3).
თუ ნაყოფს განვიხილავთ, როგორც ნეტარი უკვდავების ჯილდოს, მაშინ ფოთოლი მართებულია განიმარტოს, როგორც დაუსრულებელი ქების საგალობელი, რადგან, როდესაც გალობენ, ის სცვივა, ჩანს, უფრო მეტად ბედნიერი ხვედრის სიჯანსაღის გამო. რადგან იქ ჭეშმარიტი კურნებაა ხალხების, სრული გამოსყიდვა და საუკუნო ბედნიერება.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სიცოცხლის ხე არის ქრისტე, რადგან მასთან არის სულიწმიდა, სულის მიერ თაყვანისიცემება და სულსაც ის იძლევა. მის მიერ მოგვენიჭება მოციქულთა კრებულის თორმეტი ნაყოფი, რომელიც არის მისი (ქრისტეს) შემეცნება. ქრისტეს - სიცოცხლის ხის ფოთლები აღნიშნავს საღვთო ხვედრს და მის ყველაზე ნათელ მნიშვნელობას, ხოლო მისი ნაყოფი არის სრულყოფილი ცოდნა, რომელიც გაცადდება მომავალ საუკუნეში.
ერებისთვის, რომლებიც დაბლა დგანან სათნოებათა აღსრულების საქმეში, ეს ფოთლები მათი უმეცრების გაწმენდას და განკურნებას მოემსახურება. რადგან სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავებისა (1 კორინთ. 15:41), და მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა (ინ. 14:2), რათა თითოეული მეტნაკლები ნათელის ღირსი გახდეს თავის საქმეთა ხასიათის შესაბამისად.
ეს შეიძლება გავიგოთ სხვაგვარადაც: სიცოცხლის ხე, რომელსაც გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, შეიძლება გავიგოთ, როგორც მოციქულთა სახე სიცოცხლის ჭეშმარიტ ხესთან თანამოღვაწეობის გამო, რომელმაც ჩვენც ასევე გვაზიარა მის ღმერთობას განკაცების წყალობით. მის ნაყოფს გამოაქვს ასგზის ნაყოფი, ხოლო ფოთლებს კი - სამოცჯერადი.
ესენი, როდესაც გადასცემენ უმდაბლეს ადამიანებს მათ მიერ მიღებულ ასგზის ნაყოფს ღვთის ნათლით გაცისკროვნებული სხივისა, კურნებასა და ჯანმრთელობას მოუტანენ იმ ხალხებს, რომლებმაც ნაყოფი ოცდაათგზის გამოიღეს. რადგან განსხვავება იქნება გამოხსნილთა შორისაც, როგორც ფოთლებსა და ნაყოფბს შორის: ზოგი უფრო მეტად განდიდდება და სხვები უფრო ნაკლებად.
საერთოდ, წმიდა წერილში ძალიან ხშირად ერთი ხე არის ნახსენები მრავლის ნაცვლად (ანუ მხოლობით რიცხვში მრავლობითის ნაცვლად - რედ.), ისევე, როგორც ბევრია შემთხვევა, როდესაც მრავალობითი რიცხვი გამოიყენება მხოლობითის მაგივრად.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
სიცოცხლის წამალი
თუ ვინმეს არ შეუძლია (მონაყოფება), ეს იმიტომ ხდება, რომ ის ჯერ კიდევ სუსტია, ჯერ კიდევ არ არის მოწაფე, არამედ ჯერ ეკუთვნის ბრბოს, გარეგნულად,ა ნუ წარმართებს. ვისაც ნაყოფის მოწევნა არ ძალუძს, ჰკრებს სიტყვებს, ანუ ფოთლებს, რომლებიც კურნავენ ხალხებს. თუ ვინმე ჯერ კიდევ წარმართთაგან არის, ბრბოსაგან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოწაფე, ის ჰკრეფს თავად ფოთლებს, იღებს, როგორც წამალს პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ წმინდა წერილი წამალია.
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
სიცოცხლის ფოთლები
სიცოცხლის ფოთლები - ქრისტესთან შეერთებული პატრიარქები, წინასწარმეტყველები, მოციქულები, მახარებლები, მოწამეები და აღმსარებლები არიან, რომელთა შორის მკვიდრობს ქრისტე, აგრეთვე ისინი, ვინც თავის დროზე აღასრულებენ სახარებისეულ მსახურებებს, ეკლესიის მოძღვრები და ყველა მართალი სული. ასეთი ხალხი ახლაც იკურნავს სულს, და მომავალში ისინი წმინდანთა სიკეთეს შეერთვიან.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
კრავის მეუფება
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი - ქალაში, ანუ ვერანაირი ცდუნება ვერ მიეკარება მათ, არანაირი ამქვეყნიური ცოდვა არ იქნება უგუნური მოშურნის ზემოქმედებით, არამედ საღვთო ხელმწიფებბისა და კრავის ძალაუფლება იქნება მასში... ისინი გაიხარებენ მისი სახის ხილვით და მისი ყოფნის სიტკბოებით, შუბლზე მიიღებენ მის სახელს, რომელიც მისი ჯვრის ზემოთ, დაფაზე იყო ამოტვრიფრული (მე-4 მუხლი) (1).
_______________
1. იხ. ინ. 19:21: დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. - რედ.).
_______________
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
წმინდანთა ქალაქი
მაშინაც კი, თუ დღეს წყევლა დიდწილად განიდევნება, ჩვენ მაინც ვართ მასში ჩართულნი, რადგან ათასგვარი საბაბიტ წარმოიქმნება იგი, როგორც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დროს წმინდანები განწმენდილნი იქნებიან, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი უწმინდურებისაგან და წაუბილწველნი იქნებიან. ნათქვამია, რომ ამ ქალაქში იქნება ღვთის სამეფო, რადგან ის არის ტახტი. და წმინდანებიც მოემსახურებიან მას არა მძიმე მსახურებით, არამედ ეს მსახურება სიამოვნებასა და სულიერ სიხარულთან იქნება შერწყმული. ეს აღსრულდება უფლის სახის ხილვით.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ერთიანი საყდარი
არ უთქვამს, რომ ტახტები არ იყო, რადგან სადაც ბუნებრივი და განუყოფელი ერთობაა, იქ ყველაზე შესაფერისი სახით არის აღწერილი ღვთის დიდება. ერთი ტახტი (სამების) განუყოფელი ჯდომისთვის არ შეიძლება გაიყოს არც არიანელთა მცდარობის მზაკვრობით, არც საბელიანთა ქედმაღლური ეჭვით (2), არამედ მხოლოდ კათოლიკე ჭეშმარიტების შეძენის გზით უნდა განვჭვრიტოთ და მას შემდეგ მოვიხვეჭთ მას, როდესაც გამოვიცდებით მისი რწმენის მართალი აღიარებით.
_______________
2. არიანელები (IV ს.) ამტკიცებდნენ, რომ ძე არ არის თანაარსი მამისა და ამიტომაც არ არის ბუნებით ჭეშმარიტი ღმერთი, და უფლობას მხოლოდ მიშვილების ძალით ფლობს. საბელიანოზნი (III ს.) არ აღიარებდნენ რეალურ განსხვავებებს ღმრთის იპოსტასებს შორის, რადგან ღმერთს მონადად მიიჩნევდნენ, რომლისთვისაც უცხოა შიდა ურთიერთობები, რის გამოც სამების პირებს მხოლოდ სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა მიერ ღვთაების აღქმის მოდუსებად მიიჩნევდნენ, და არა რეალურ იპოსტასებად. - რედ.
_______________
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ორი მნიშვნელობა
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი - ზეციურ ქალაქში ყოველგვარი წყევლა გაუქმდება, რადგან არაფერი აქვს საზიარო სიბნელეს სინათლესთან. ამ ქალაქის მკვიდრობის ღირსნი, ანუ ისინი, ვინც უფლის ტახტად იქნებიან წოდებულნი და მათზე განისვენებს ღმერთი, პირისპირ იხილავენ ღვთის სახეს, არა იგავით, არამედ ისე და იმ სახით, როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორც წმიდა დიონისე ბრძანებს, თითოეულის სათნოების ძალის შესაბამისად. მოციქულებმა უფალი იხილეს წმინდა მთაზე, ოქროს ჯიღის ადგილას, რომელსაც ძველი მღვდელმთავრები ატარებდნენ (გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს (გამ. 28:36-37)).
ანათემა (αναθεμα) (3), ანუ განკვეთა, შეიძლება გაგებულ იქნას ორი მნიშვნელობით: ან მხოლოდ ღვთისათვის წარდგენილი და ბევრისთვის მიუწვდომელი, ან არა ქმნილებებთან და წმინდა ძალებთან მიმართებით, არამედ ეშმაკისადმი ნათქვამი და მისადმი მიმართული, სიკეთისგან მისი საბოლოო გაუცხოების გამო. ვფიქრობთ, რომ აქ ანათემა გამოიყენება მკვეთრი მნიშვნელობით, რადგან ეს კი არ დაეკისრება (ანუ ვინმეს წყევლა კი არ დაეკისრება - რედ.), არამედ განიკვეთება, როდესაც ეშმაკს ექვემდებარება, და განისჯება გმობისთვის. ასეთი წყევლა ქალაქში არ იქნება.
_______________
3. გამოცხ. 22:3-ში გამოყენებულია ტერმინი κατάθεμα - ეს არის ანათემის გაძლიერებული ფორმა; იხ. შემდგ. - რედ.
_______________
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
ღმრთის ხილვა
იხილავენ მის სახეს - ანუ პირისპირ იხილავენ, რამდენადაც ხელმისაწვდომია ეს ადამიანის ბუნებით. და მათ შუბლზე, როგორც ნათქვამია, იქნება მისი სახელი. ეს გამონათქვამი ამოწმებს მათ მიერ ღვთის განუწყვეტელი ხსოვნისა და მასთან ზიარების შესახებ. რადგან, როგორც ღმერთი, დაივანებს რა მათზე, ისე მარადიულად მყოფობს მათთან. ეს ნათელია ასევე პავლეს ნათქვამიდან: და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით (1 თეს. 4:17).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
რწმენის ჯილდო ჩვენთვის მოამზადა ღვთის ხილვამ (შეად. 1 კორ. 13:12. "... ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ" - რედ.), რომლის შესახებაც მოციქული იოანე ამბობს: როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორც არის (1 ინ. 3:2). რადგან ღვთის სახე უნდა გავიგოთ, როგორც მისი გამოჩენა და არა როგორც სხეულის ჩვენთვის ნაცნობი რომელიმე ნაწილი. ღმერთი გახდება ცნობილი და აღქმული ჩვენ მიერ. ის ხილული იქნება სულის მოქმედებით: თითოეული ჩვენგანი დაინახავს მას საკუთარ თავში, ერთი ადამიანი დაინახავს მას მეორე ადამიანში, ის ხილული იქნება საკუთარ თავში, ახალ ცასა და ახალ მიწაზე და ყველა ქმნილებაში, რომელიც კი იმ სამყაროში იქნება (პრიმაზიუსი ეფუძნება ავგუსტინეს, საღმრთო ქალაქის შესახებ, 22.29 - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ჩვენი რწმენის ჯილდოა ღვთის ხილვა და ეს არის უმაღლესი სიკეთე. მიხვდა ფილიპე, როდესაც წამოიძახა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის (ინ. 14:8).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
სახელი შუბლზე
როდესაც წმინდანები გახდებიან უფლის საყდარნი, რომელზეც უფალი განისვენებს, ისინი იქნებიან ამ ქალაქის მცხოვრებნი და იხილავენ ღმერთს პირისპირ და არა მიმსგავსებით, ანუ, როგორც დიდი დიონისე მოწმობს (4), იმავე სახით, როგორც ის იხილეს მოციქულებმა წმიდა მთაზე (ანუ თაბორის მთაზე ფერიცვალების მომენტში - რედ.). ოქროს დაფის ნაცვლად, რომელსაც ატარებდა ძველი მღვდელმთავარი (იხ. გამ. 28:36 - რედ.), ღვთის სახელი ამოიტვიფრება არა მხოლოდ შუბლზე, არამედ გულშიც, რაც ნიშნავს მტკიცე, დაურღვეველ და შემართულ სიყვარულს მისადმი, რადგან შუბლზე ამოტვიფრა აღნიშნავს შემართებას (კადნიერებას).
_______________
4. დიონისე არეოპაგელი. საღმრთოთა სახელთათვის. 1.4. (PG 3:592) - რედ.
_______________
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
ღმრთის სამეფო და მისი ბრწყინვალება
აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი - რადგან არც ცოდვის ღამე დადგება არასდროს და არც უსამართლობის ნისლი ჩამოწვება. როდეესაც ასეთ ნეტარებაში იცხოვრებენ, ხალხს აღარ დასჭირდება რომელიმე მოძღვრის სიტყვები. ახლა ისინი მიატოვებენ ნებისმიერი სხვა ცოდნის ნათელს, მაგრამ თავად უფალი უმაღლეს ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებს, რადგან ყოველგვარი ცოდნა, რომელიც მათ სურთ, უფლის სახის სინათლეში ცხადდება. და ისინი იმეფებენ მთელი სიბრძნითა და ჭეშმარიტებით.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
თუკი მართალნი, ქრისტეს დაპირებისამებრ, მზესავით გამობრწყინდებიან (შეად. მთ. 13:43 - რედ.), აღარ დასჭირდებათ აღარც სანთელი და არც მზის ნათელი იმათ, ვისაც თავისი ნათლის წყაროთ და მეფედ ეყოლებათ დიდების უფალი, რის მიერაც იქნებიან ძღვანებულნი უკუნითი უკუნისამდე, ან უკეთ - თვითონვე, ღვთაებრივი მოციქულის თქმით, გამეფდებიან უფალთან ერთად.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ღმრთის ნათელი უწყვეტლივ ანათებს. და იმეფებენ წმინდანები უკუნითი უკუნისამდე. ამასვე გულისხმობდა ბრძენი დანიელი, რომელიც მოწმობს: უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე (დან. 7:18).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
იქ არ იქნება ხორციელი უძლურება, ან ღამის დასვენება, ან ცეცხლის შუქი, როდესაც ღმერთი ყველასთვის ყველაფერში იქნება, რომელიც არის წმინდანთა ჭეშმარიტი ნათელი და საუკუნო განსვენება. ასევე, ეს სიტყვები შეიძლება გადატანითი მნიშვნელობითაც გავიგოთ: იქ აღარ არის საჭირო წინასწარმეტყველთა მოწოდება და რჯულის ქადაგება, რასაც ახლა ბნელში ლამპარს უწოდებენ, რადგან, როდესაც ყველაფერი აღსრულდება, ღვთის ჭვრეტისას შესრულდება აღთქმა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
გაგრძელება იქნება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.