აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
ახ. ქართ.:
1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.
ძვ. ქართ.:
1. და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.
2. და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.
3. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის.
4. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს.
***
მიმოხილვა: ბოროტება - არ არის ბუნების ნაწილი, არამედ არჩევის შედეგია. მადლით აღორძინებული ადამიანები, გათავისუფლდებიან წუთისოფლის ძალაუფლებისგან სამსჯავროს განმწმენდელი ცეცხლის ძალით და განახლებული ქმნილების მონაწილეებად შეიქნებიან (ავგუსტინე იპონიელი). მთელი ქმნილება განახლდება და სრულყოფილი გახდება (კასიოდორე), დაკარგავს რა ხრწნილებას, რომელიც ცოდვამ შემოიტანა (ეკუმენიოსი). ზღვა - ეს წუთისოფელია, რომელიც განქარდება (ავგუსტინე იპონიელი). ადამიანი ჭეშმარიტად უხრწნელად აღდგება (ირინეოს ლიონელი). იერუსალიმი მუდმივად ჩამოდის ციდან სულიწმიდის მიერ (ავგუსტინე იპონიელი). იერუსალიმი - ეს წმინდანთა სიმრავლეა ან მათი ნეტარება (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ეს არის სამების სავანე (ანდრია კესარიელი). ეკლესია - კარვის სახეა (ანდრია კესარიელი). ღმერთი - რჩეულთა ჯილდოა (ბედა პატივდებული). ამ წუთისოფლის დასასრული - წმინდანთა ტანჯვის დასასრულია (ეკუმენიოსი), ხოლო მასში ცხოვრება წმინდანთათვის ცრემლთა მიზეზია (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). სამსჯავროზე წმინდანთა განდიდების შემდეგ ტკივილი, სიკვდილი და ტანჯვა გეენაში გაქრება (ბედა პატივდებული).
***
1ა. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო,
ქმნილებათა სიმშვენიერე
ყოველი გონიერი სული ან უბედურია თავის ცოდვათა გამო, ან კიდევ ნეტარია საკუთარ კეთილ საქმეთა შედეგად. ხოლო ყოველი უგუნური სული ან ადგილს უთმობს უძლიერესს, ან ემორჩილება უკეთეს, ან კიდევ თანასწორის თანაბარია, ან ქმნის მეტოქეს, ან ავნებს მას, ვინც მას აღემატა. დასასრულ, სხეული თავის სულს ემსახურება იმდენად, რამდენადაც ამას დაუშვებს მისი ღირსება და საგანთა წყობა. არანაირ ბუნებაში არ არის ბოროტება, ყოველი ბუნებისთვის ბოროტება ხდება მისი საკუთარი დამნაშავეობა.
შემდეგ სული, რომელიც ღმრთის მადლით აღორძინდება და აღდგება თავის პირვანდელ დაუზიანებლობაში, დაემორჩილება იმ ერთს, ვინც ის შექმნა. სხეულის თავდაპირველ სიძლიერეში აღდგენის შემდეგ ის უკვე წუთისოფლის ძალაუფლებას აღარ დაემორჩილება, არამედ თვითონ დაეუფლება ქვეყნიერებას. მაშინ მისთვის უკვე აღარ იქნება არანაირი ბოროტება, რადგან ის ამაღლდება დროებით მოვლენათა იმ უდაბლეს სილამაზეზე, რომელშიც ადრე იმყოფებოდა. და მაშინ, როგორც წერია, უკვე გამეფებულ სულთათვის იქნება ახალი ცა და ახალი მიწა (იხ. ასევე ეს 65:17. - რედ.). თქვენია ყოველი, - ამბობს მოციქული, - ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა (1 კორინთ. 3:23), ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი (1 კორ. 11:3).
ამრიგად, რადგან სულის წახდენა მის ბუნებაში კი არ ძევს, არამედ წინააღმდეგია ამ ბუნებისა და სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა და სასჯელი ცოდვისთვის, მაშინ გასაგები უნდა იყოს, რომ არანაირი ბუნება, ან უმჯობესი იქნება ვთქვათ, არანაირი სუბსტანცია ან არსი არ არის ბოროტება.
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ.
სამყაროს შეცვლა
იმის შემდეგ, რაც ილაპარაკა სამსჯავროზე, რომელზეც, როგორც იოანემ იწინასწარმეტყველა, განიკითხებიან ბოროტნი, მას რჩება თქვას კეთილებზეც. მერე ვიხილე, - ამბობს იოანე, - ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო.
ეს იქნება იმ თანმიმდევრობით, რომლის შესახებაც მან უწინ უკვე თქვა, როდესაც იხილა ტახტზე მჯდომარე, რომლისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა (შეად. გამოცხ. 20:11. - რედ.). ვინც სიცოცხლის წიგნში არ არის ჩაწერილი, მათი განკითხვისა და მარადიულ ცეცხლში მათი ჩაყრის შემდეგომ (თუ როგორია ეს ცეცხლი და სამყაროს რომელ ნაწილში იქნება ეს, ვფიქრობ, არცერთმა ადამიანმა არ იცის, არამედ მხოლოდ მან, ვისაც სულიწმიდა გამოუცხადებს) ამ სოფლის ხატი გადავა მსოფლიო ხანძრებით მისივე მოსპობის შედეგად, ისევე როგორც წარღვნა მოხდა მსოფლიოს წყლების ადიდების შედეგად.
ამრიგად, როგორც ვთქვი, ამ მსოფლიო ხანძრის დროს ცეცხლისგან მოისპობა ხრწნად სტიქიონთა ის თვისებები, რომლებიც შეესაბამებოდა ჩვენს ხრწნად სხეულებს, ხოლო თავად სუბსტანცია (არსი) მიიღებს ისეთ თვისებებს, რომლებიც საკვირველი ცვლილების შედეგად აღმოჩნდება უკვდავი სხეულების შესაბამისი. ასე რომ ქვეყნიერება, განახლდება რა უკეთესობისკენ, ხორციელად უკეთესობისკენ აღმდგარი ადამიანების შესაბამისი იქნება.
ნეტ. ავგუსტინე, საღმრთოს ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი კომენტარში მისდევს ავგუსტინეს - რედ.).
ახალი ცა და ახალი მიწა - როგორც ხილულ (სამყაროში) მიწას სჭირდება დამუშავება, მუშაკები გამოდიან და თესლს ყრიან მასში, მას კი ნაყოფი გამოაქვს - თავის დროზე მომკელები იღებენ ნამგალს და მკიან, ასევე არსებობს უფლის უხილავი მიწა - ადამიანის სული, და კეთილი მიწათმოქმედი - თავად უფალი. ისინი, ვინც მიწას ამუშვებენ, წმინდა მოციქულები არიან, რომლებმაც უფლის სიტყვა შეიწყნარეს, რადგან თვით მამის სიტყვა მოვიდა ქვეყნად ახალი ცის და ახალი მიწის შესაქმნელად და გასამზადებლად, ეს როგორც აღთქმულიც იყო: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს (შეად.: აპოკ. 21:5). იგი არ გაქრება, რადგან ეს ცა, ეს დედამიწა და ყოველივე ხილული დასრულდება, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი გონიერი და სულიერი მიწა მარადიულია. ამ ქვეყნის მდიდრები, რაც გინდ მოიხვეჭონ და შეაგროვონ უფრო მეტი სიმდიდრე, თავის დროზე, ამ ცხოვრებიდან გასვლისას შიშველნი ტოვებენ ამ ქვეყანას და არც შეუძლიათ, თავიანთი ქონებიდან თან რამე წაიღონ. აქ ქრისტიანები, თუკი რამეს სულიერი ღვაწლით მოიხვეჭენ და სულიერ სიმდიდრეს გულის ცოცხალ მიწაში ჩადებენ, დატოვებენ რა ამ ცხოვრებას, თან წაიღებენ სიცოცხლის ასეთ საგანძურსა და სიმდიდრეს, ხოლო მათი შრომის ნაყოფი, როგორც ცოცხალი, ისე გადავა ზეციურ სამეფოში, საუკუნო განსვენებაში. ეს ხილული მიწა შეიცვლება და ეს სიმდიდრეც გაქრება, ნაყოფიც განქარდება, მაგრამ ის სულიერი საგნები, რომლებსაც ხორციელი თვალებით ვერ ვხედავთ, საუკუნოდ დარჩება.
წმ. მაკარი დიდი.
ხრწნადი და უხრწნელი
და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს (ფსალმ. 148:6) მაგრამ, მომავალი საუკუნის შესახებ ვკითხულობთ: ახალი ცა და ახალი მიწა, - მაშ, რატომ არის ნათქვამი ამ ცაზე: დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე? უეჭველია, რომ ყოველივე დაწესებულია ღმრთის მიერ. რადგან თვით ადამიანიც, თუმც მოკვდავია, ღმრთის მიერ არის დაწესებული, როდესაც აღდგება. ამიტომ, ცა და მიწაც დაცული იქნება ღმრთის მიერ, როდესაც ორივე განახლდება.
როდესაც გაქრება, როგორც მამები ამბობენ, მატერიის სიუხეშე და ხრწნადი თვისება, თვით ბუნება უფრო სრულყოფილი შეიქნება, რადგან ის მარადიული არსებობისთვის იყო განწესებული. ასევე ჩვენი სხეულების შეცვლაზე ბრძანებს მოციქული პავლე: ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "დაინთქა სიკვდილი ძლევით" (1 კორინთ. 15:54). ის მცნებას სჯულს უწოდებს, ანუ პირობას, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღმრთის განგებულების ქვეშაა. ამის განქარვება (ანუ გაქრობა) კი შეუძლებელია, რადგან ასე დააწესა ყოვლისშემძლემ და ასე შეგვპირდა ამას ჭეშმარიტება.
კასიოდორე, ფსალმუნთა განმარტება.
არსებულის განახლება
ანალოგიურად, პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში ამბობს: ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას (2 პეტ. 3:13). იგი იმას როდი ამტკიცებს, რომ ცა, მიწა და ზღვა განადგურდება და არყოფნისკენ მიექანება, და მათ ნაცვლად სხვა რამე გაჩნდება, არამედ იმას, რომ, რაც დღეს არსებობს, განაგდებს თავის ხრწნილებას და განახლდება, ჩამოირეცხავს თვის უწმინდურებას, თითქოს ძველ და უსიამო მოსასხამს განაგდებს; აკი ახალს უწოდებენ ისეთ რამეს, რაც აქამდე სულაც არ იყო ასეთი, არამედ ახლა გახდა. შემდეგ ქმნილება განიწმინდება ყოველგვარი ხრწნილებისგან, რაც გამოწვეული იყო ადამიანთა დაცემით.
ამის სარწმუნო მოწმეა წმინდა მოციქული, რომელიც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს ქმნილების შესახებ: ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში (რომ. 8:19-21). და არა მხოლოდ ის, არამედ ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველიც საუბრობს ცისა და მიწის შესახებ, ახლახან მოყვანილი მოწმობის შესაბამისად: ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან (ფსალმ. 101:27).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცვლილება უკეთესობისკენ
ძველის განახლება არ ნიშნავს განდგურებას, არამედ მხოლოდ სიძველისა და ნაოჭების აღმოფხვრას. და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რატომღაც უკეთესები ან უარესები გახდნენ, ამბობენ: "ის არის, მაგრამ ის არ არის", ანუ შეიცვალა. შევნიშნავთ იმასაც, რომ მახარებელი, მიიჩნევს რა უწინდელი მდგომარეობის შეცვლასა და უკეთესობისკენ ცვლილებას ერთგვარი სახის სიკვდილად, იყენებს სიტყვას გადაეგო ნაცვლად შეცვლისა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
1ბ. და ზღვა აღარ არის.
და ზღვა აღარ არის. ამ სიტყვებთან დაკავშირებით მიჭირს იმის თქმა, დაშრება თუ არა ის, ან თუ უკეთესად გადაიქცევა. რადგან ჩვენ ვკითხულობთ, რომ ცა იქნება ახალი და მიწაც, მაგრამ არ მახსოვს, სადმე წამეკითხა ახალი ზღვის შესახებ, გარდა ამავე წიგნის იმ ადგილებისა, სადაც ნათქვამია მიწის ზღვის შესახებ, რომელიც იყო ბროლის მსგავსი (აპოკ. 4:6) (შეად. გამოცხ. 15:2 - რედ.). მაგრამ იმ შემთხვევაში არ არის საუბარი ქვეყნის აღსასრულზე და, როგორც ჩანს, არც ზღვის შესახებ არის ნათქვამი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ, როგორც თითქოს ზღვის შესახებ. ამასთან, ვინაიდან წინასწარმეტყველურ სიტყვას უყვარს შერწყმა ფიგურალური გამონათქვამებისა პირდაპირთან, მაშინ სიტყევბით - და ზღვა აღარ არის - შესაძლოა საუბარია იმ ზღვაზე, რომელმაც დააბრუნა თავისი მკვდრები (აპოკ. 20:13). რადგან მაშინ ეს მეამბოხე და მშფოთვარე საუკუნე, რაც ზღვის სახელში იგულისხმება, აღარ იქნება უკვე მოკვდავთა ცხოვრება.
ნეტ. ავგუსტინე, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს - რედ.).
ზღვის შესახებ ამბობს: და ზღვა აღარ არის, რადგან ზღვა არ იქნება საჭირო მაშინ, როდესაც ადამიანებს აღარ დასჭირდებათ მასში ბანაობა, არც მიწის პროდუქტების გადაზიდვა და მიწოდება შორეულ ქვეყნებში. და მაშინ აღარ იქნება საჭირო იგი, თუ ეს ნიშნავს მშფოთვარე და მღელვარებით აღსავსე ცხოვრებას. რადგან წმინდანებს ოდნავი შიში და შეცბუნებაც აღარ ექნებათ. ამას ადასტურებს ბასილი დიდიც ესაიას სიტყვების განმარტებისას: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს (ეს. 44:27).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
აღდგომა და უხრწნელება
ამ იერუსალიმის ხატებაა - იერუსალიმი ადრინდელ დედამიწაზე, რომელშიც მართლები წინდაწინ ემზადებიან უხრწნელებისთვის და ცხონებისთვის (1).
___________________________
1. შეად.: "ახალი იერუსალიმი აღმართულ იქნა ყოველ ჭრილობაზე, რომელიც მაცხოვრის ტანჯვაზე მოწმობს" (ევს. კესარიელი. კონსტანტინეს ცხოვრება, 33) - რედ.
___________________________
ამ კარვის ხატება მიიღო მოსემაც მთაზე, და არაფერი შეიძლება მიჩნეულ იქნას ალეგორიად, არამედ ყველაფერი სწორია, ჭეშმარიტია და არსებითია, რადგან ღმრთის მიერ მართალ ადამიანთა ნეტარებისთვის არის შექმნილი. რადგან როგორც ჭეშმარიტია ღმერთი, რომელიც მკვდრეთით აღადგენს ადამიანს, ასევე ჭეშმარიტად აღდგება მკვდრეთით ადამიანი, და არა ქარაგმულად, როგორც ეს მე არაერთხელ ვაჩვენე. და როგორი ჭეშმარიტებითაც აღდგება იგი, ასეთივე ჭეშმარიტებით მოემზადება უხრწნელებისთვის და აღემატება და განმტკიცდება მეფობის პერიოდში, რათა მამის დიდების მიღების შემძლე იყოს.
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.
ნათქვამია, - ქალაქი, ღვთისგან ჩამომავალი ზეცით, - რადგან მადლი, რომლითაც ღმერთი ქმნის მას, ზეციურია. ამიტომ ღმერთი ეუბნება მას ესაიას პირით: მე, უფალმა, შევქმენი ეს (ეს. 45:8). მართალია, იგი იმთავითვე ჩამოდის ზეცით, იმ დროიდან, როდესაც ამ საუკუნის განმავლობაში მისი მოქალაქეები, ღვთის მადლით ზეციდან ჩამოსულნი, იზრდებიან ხელახლა შობის ემბაზში სულიწმიდის მიერ, რომელიც ზეციდან გარდამოდის, მაგრამ ღვთის განაჩენის თანახმად, რომელიც იქნება უკანასკნელი განაჩენი მისი ძის - იესუ ქრისტეს მიერ, ეს ქალაქი ღვთის ნიჭით იმდენად დიდი და ახალი ბრწყინვალებით გამოჩნდება, რომ სიძველის არანაირი კვალი აღარ დარჩება, რადგან თავად სხეულები ძველი ხრწნილებიდან და მოკვდავი ბუნებიდან უხრწნელებასა და უკვდავებაში გადავლენ.
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუს ღადრუმენტელი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტებს - რედ.)
წმინდანთა სიმბოლო
ზეციური იერუსალიმი - ეს წმინდანთა სიმრავლეა, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ ისინი უფალთან ერთად მოვლენ, ზაქარიას სიტყვების თანახმად: მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმინდა მასთან ერთად (ზაქ. 14:5). ესენი არიან, ვინც მასთან ერთად დაემკვიდრება - ღვთისთვის ემზადებიან, როგორც წმინდა საცხოვრისი. სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული - სიწმინდით და სიმართლით შემკუნლი მიდიან, რათა შეუერთდნენ თავიანთ უფალს და მასთან ერთად დარჩნენ საუკუნოდ.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
სახელით იერუსალიმი აღინიშნება წმინდანთა ნეტარება და მატი საცხოვრისი, როგორც იოანე სიმბოლურად უწოდებს იერუსალიმს აქაც, და წინა თავებშიც; მისი დიდებული და ბრწყინვალე აღწერა მოცემულია იმისთვის, რათა გრძნობითად გამოთქმულიდან ჩვენი გონება მივაპყროთ სულიერ ნეტარებას და წმინდანთა ცხოვრების სახეს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
სამების სავანე
ეს ქალაქი, რომელსაც აქვს ქრისტეს საკიდური ქვა, შედგება წმინდანებისგან, რომელთა შესახებაც ნათქვამია: გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე (ზაქ. 9:16). იგი იწოდება წმინდა სამების სამკვიდრებელ ქალაქად, ვინაიდან, აღთქმის თანახმად, იგი მკვიდრეობს მასში (2 კორინთ. 6:16). სასძლოდ იწოდება, რადგან უფალს არის შეერთებული სრულყოფილი და დაურღვეველი კავშირით. არის შემკული - ფსალმუნთმგალობლის სიტყვათა თანახმად, სხვადასხვაგვარი სათნოების დიდებით და მშვენებით (ფსალმ. 44:14).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
ღმერთთან მყოფნი
უფალი ამბობს საკუთარ თავზე, რომ მისი კარავი გახდება მრავალი წმინდანი, რათა მათში საუკუნოდ დამკვიდრდეს და იყოს მათი უფალი, ხოლო ისინი გახდნენ მისი ხალხი. აღრ იქნება გლოვა და შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს (მე-4 მუხლი), საუკუნო სიხარულით დააჯილდოვებს და მარადიული ნეტარებით განასპეტაკებს.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
მგრგვინავი ხმა ტახტით ასწავლის წმინდანს, რომ ეს არის ჭეშმარიტი კარავი. მისი ხატი, აწ, უკეთ რომ ვთქვათ, ხატის წინახატი იქნა ნაჩვენები მოსესთვის, დღეს კი მისი ხატი არის ეკლესია. ამ ხელთუქმნელ კარავში არ იქნება არც ტირილი და არც ცრემლი, რადგან, მარადიული სიხარულის მომნიჭებელი, ყველა წმინდანს ანიჭებს განუწყვეტელ და მარადიულ სიხარულს. და აღარ იქნება სიკვდილი; აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი (მე-4 მუხლი). ეს შეესაბამება წმინდა წერილს, სადაც ნათქვამია, რომ მათ ტანჯვა-წუხილი განშორდებათ (ეს. 35:10). სიტყვები - გადაეგო ყოველივე უწინდელი - ნიშნავს, რომ უკეთურთა ამპარტავნობასა და წმინდანთა ტანჯვას შესაბამისი დასასრული ექნება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
თვით ღმერთი იქნება მარადიული ნეტარების ჯილდოდ რჩეულთათვის, რომლებიც, მიეცემიან რა მას, დაეუფლებიან საუკუნოდ.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.
ტანჯვათა დასასრული
წინასწარმეტყველი ესაიაც მსგავს სიტყვებს ამბობს: შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმენდს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს (ეს. 25:8). თუ წმინდა მოციქულის თანახმად, აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება წმინდანთა იმ ნეტარ ცხოვრებაში (ეს. 35:10; 51:11), რაღა ცრემლები შეიძლება დარჩეს ამის არარსებობის შემთხვევაში? ნათქვამია: გადაეგო ყოველივე უწინდელი. ეს ნიშნავს, რომ წმინდანთა ტანჯვას ბოლო მოეღება. აწ დადგება ღვაწლის შესაბამისი ჯილდოს მიღების ჟამი.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცხადია, ეს ყველაფერი ეხება არა ამ, არამედ მომავალ ცხოვრებას. რადგან ახლა ამ ცხოვრებაში, რამდენადაც წმინდაა ადამიანი და რამდენადაც აღსავსეა წმინდა სურვილებით, მით უფრო ნაყოფიერია ცრემლებით მისი ლოცვა. ამიტომ ვკითხულობთ: ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით (ფსალმ. 41:4); და კვლავ: ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს (ფსალმ. 6:7).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
და აღარ იქნება სიკვდილი - ეს ყველაფერი (კესარიოსს მხედველობაში აქვს გამოცხ 21:1-4. - რედ.) იოანემ თქვა ეკლესიის დიდების შესახებ, რომელიც მას აღდგომის შემდეგ ექნება.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ახლის შექმნა
21:5-8
ახ. ქართ.:
5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
6. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.
7. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე.
8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყოველთა მატყუარათა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
ძვ. ქართ.:
5. თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
6. და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.
7. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.
8. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე.
***
მიმოხილვა: სამსჯავრო და სამყაროს განახლება ჭეშმარიტი ღმერთის აღთქმათა განახლება (აპრინგი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, პრიმაზიუსი). ვინც ცოდვას ძლევს ღმრთის შვილებად იწოდებიან (აპრინგიუსი). ალფა და ომეგა ღმრთის დაუსაბამობასა და უსასრულობაზე მიუთითებს (ეკუმენიოსი). ცხოველმყოფელი სულის მადლი - მომავალი საუკუნის ჯილდოა (ანდრია კესარიელი), რომელიც აღემატება ყოველგვარ ღვაწლსა და ტანჯვას (ეკუმენიოსი). ღმერთს მოწყურებული სიცოცხლეს ნათლისღების მიერ მოიპოვებს (კესარიოს არლელი). მშიშარას არ შეუძლია ქმნას სიკეთე, რადგან მას ნებაყოფლობითი ტანჯვა უკავშირდება (ანდრია კესარიელი). ყველაზე საშიში მატყუარა - რწმენაში პირმოთნეა (ბედა პატივდებული).
***
5-6ა. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული.
აღთქმათა აღსრულება
აღსრულდა უზენაესის აღთქმა წმინდანთათვის. ასე რომ, ისინი განახლდნენ ყველაფრით და განათლდნენ მთელი დიდებულებით. ამრიგად, მოციქული ამბობს, რომ მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი (1 კორ. 15:52), და დიდებით შეიცვლებიან.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს - თუ ცა, დედამიწა და ზღვა გახდა ახალი - და მით უმეტეს, ადამიანები - და განახლდა ის, რაც მათი სიხარული და დიდებაა, ცრემლი და მწუხარება, ანუ უსჯულოება აღარ არის, მაშინ, ჭეშმარიტად, ყველაფერი ახალი გახდა. (აქ თითქოს) ნათქვამია: ნუ იფიქრებ, იოანე, რომ შენთვის ნათქვამი და გამოცხადებული შეიცავს ერთგვარ წარმოსახვას ან სიცრუეს ზეჭარბი სიდიადის გამო, არამედ ეს ყველაფერი ჭეშმარიტი და მართალია და ამიტომ დაწერე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ჭეშმარიტია ეს სიტყვები, რადგან იგი წარმოთქმულია თვით ჭეშმარიტების მიერ, საქმეებით შეიცნობა და არა სიმბოლოებით. დასაბამი და დასასრული - ქრისტე, პირველი - საღვთო ბუნებით და უკანასკნელი - კაცობრივით, თავისი განგებულებით მოიცავს ყველაფერს - პირველი უსხეულო ქმნილებიდან ადამიანებამდე
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
იგი აცხადებს, რომ ეს ისე უეცრად მოხდება, რომ ამაზე გვმართებს ფიქრი, როგორც უკვე მომხდარზე. ამიტომ აღთქმულია, რომ ამ ყველაფერს მძლეველნი დაიმკვიდრებენ. ასე რომ, ვინც სძლევს, მას ღვთის ძე ეწოდება (იხ. გამოცხ 21:7).
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
აღსრულდა! - ნათქვამია წიგნში. რა აღსრულდა? ზუსტად ის, რაზეც იყო საუბარი და არაფერი არ არის ტყუილი. დაწერილია: აღსრულდა, ნაცვლად ამისა - უნდა აღსრულდეს. ნათქვამია: მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, რადგან ის იმეორებს უ წინდელ ნათქვამს, მაშინ ჩვენც მის მსგავსად გავიმეორებთ, რაც ადრე ვთქვით. ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული - ეს მიუთითებს ღვთის დაუსაბამობასა და უსასრულობაზე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს სიტყვები რწმენით უნდა მივიღოთ და არ უნდა განვმარტოთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი ამას წარსულზე ამბობს: აღსრულდა, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი მომავალში.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
როგორც წიგნის დასაწყისში ადასტურებს საკუთარ თავზე, თუ ვინ არის იგი (იხ. გამოცხ. 1:8. - რედ.), ასევე აქაც მესამეჯერ იმეორებს (აქ და გამოცხ. 22:13. - რედ.), რათა არავინ ირწმუნოს, თითქოსდა მანამდე ვინმე სხვა ყოფილიყოს ღმერთი, როგორც ესაია ამბობს, ან მის მერე იქნება ვინმე (იხ. ეს. 43:10 - რედ.). და მართლაც, რადგან ლაპარაკია სამყაროს აღსასრულზე, ის, ვინც დაასრულებს დროს, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც მას დასაბამი მისცა.
ღირ. ბედა პატივდებული. გამოცხადების გადმოცემა.
6ბ. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.
ღვთაებრივის წყურვილი
უფალი სახარებაში ამბობს: ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან (მთ. 5:6). ამრიგად, მწყურვალს, ვისაც სიცოცხლის წყარო სწყურია უსასყიდლოდ მივცემო სიცოცხლეს. მაგრამ, როგორ ამბობს ის უსასყიდლოდ, როდესაც ათასგვარი ღვაწლით აღწევენ წმინდანები მომავალ სიცოცხლეს? მაშ, რატომ არის ეს უსასყიდლოდ? ამას ასე იმიტომ ამბობს, რომ მიანიშნებს, მომავალი ცხოვრების შესადარს ადამიანი თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეში ვერაფერს მოიმუშაკებს, თუნდაც ათასი ჭირვება გადალახოს. ამას განგვიმარტავს მოციქული, როდესაც ამბობს: აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ამ წყაროდან აცოცხლებს ღმერთი დღეს მოგზაურ მორწმუნეებს, ხოლო მძლეველთ ის ზეციურ მამულში წყურვილს უხვად დაურწყულებს, რათა უდაბნოში მავალთა და წვიმით მორწყულთ, წყალი არ დასჭირდეთ, და ზეციური იერუსალიმის მოქალაქეებად ქმნილნი საღმრთო სიტკბოების ნაკადით უწყვეტად თვრებოდნენ.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს, - ანუ ცოდვათა მიტევების მწყურვალს ნათლისღების წყლებით მივუტევებ.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
იგი აღუთქვამს სიმართლის მწყურვალს, რომ სულიწმიდის მადლს შეასმევს, რომლის გადამოვლენაც აღუთქვა თავის მორწმუნეებს. უსასყიდლოდ ან იმიტომ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18), ან კიდევ იმიტომ, რომ მისი შეძენა არ შეიძლება ქონებით, არამედ მხოლოდ კეთილი საქმეებით, მომნიჭებლის კაცთმოყვარებით.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
7. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე.
ის, ვინც სძლევს უხილავ დემონებს, ამ სიკეთეთა მიღების ღირსი გახდება, ის იქნება ღმერთის ძე და სულიერი სიამეებით დატკბება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყოველთა მატყუარათა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
ბოროტების ნიღაბი
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა და მსგავსთა მათთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. მხდლებს უწოდებს მათ, ვინც სისუსტეს ავლენს რაიმე კარგ საქმეში იმის გამო, რომ ეს დაკავშირებულია ნებაყოფლობით ტანჯვასთან. და ყოველთა მატყუარათა, (2) - არ უთქვამს ცრუთა, არამედ მატყუარათა, ანუ ისინი, ვინც ბუნების საპირისპიროდ მოქმედებს და სათნოების ბუნებრივ სილამაზეს ბოროტების ყალბი და გარყვნილი ნიღბის სახით წარმოაჩენს.
___________________________
2. სინოდალურ თარგმანში ("და ყოველთა ცრუთა") ეს აზრობრივი ელფერი არ შეიმჩნევა - რედ.
___________________________
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ჯილდო და სასჯელი
ღმერთი, რომელსაც სურს ჩვენი ხსნა, ყველა ადამიანს მიმართავს და მიაქცევს კეთილი საქმეებითა და ტანჯვით, დაიმკვირდონ მისი სიკეთენი, როდესაც წარმოგვიდგენს ზეციური იერუსალიმის ნათელს და გეენის ცეცხლს ბნელსა და საშინელებას, რათა ჩვენ სიკეთის კეთება შევძლოთ, ვიდრე დრო გვვაქვს, საუკუნო დიდების სურვილით, ან უსასრულო სირცხვილის შიშით. ამიტომაც არის ნათქვამი განწირულთა, ეშმაკთან ბრძოლაში მშიშარა და უძლური ადამიანების შესახებ, რომ ისინი დაიდჯებიან მეორე სიკვდილით. როდესაც შეგვიწყალებს კეთილი საქმეებით წყალობის მომნიჭებელი, რომელსაც არ უნდა ცოდვილის დაღუპვა, არამედ მისი მოქცევა ნებავს, დე, ჩვენც მივიღოთ მისი ძღვენი, რომელიც დავიმსახურეთ არა სიტყვიერი სწავლებით, არამედ საქმეებითა და ტანჯვით. რადგან მისგან საკმარისი იყო მხოლოდ სიკეთეთა აღთქმა და ბოროტების შესახებ გაფრთხილება, რათა შემდეგ პატივი მიეგო ან დაესაჯა დიდების ან სასჯელის ღირსი. მაგრამ მან ასევე ინება ვნებულიყო ჩვენთვის, რომ არ ჩანდეს, თითქოს მან რამეზე უარი თქვა ჩვენი გამოსწორებისა და განკურნებისთვის.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
პირმოთნეობა რწმენაში
ღმერთი მოფერებასა და გამხნევებას, ზოგჯერ მკაცრ სიტყვებს მოუნაცვლებს, რათა მსმენელი სიფხიზლისკენ აღძრას. ასე ხდება ას ორმოცდა მეოთხე ფსალმუნშიც, სადაც ვრცლად არის ლაპარაკი უფლის მოწყალებაზე და უცებ მის მკაცრ სამსჯავროსაც ახსენებს: დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს (ფსალმ. 144:20). მხდალთ ურწმუნოთა გვერდით ახსენებს, რადგან გარისკვისა და მტერთან შეჭიდებისა ეშინიათ მხოლოდ იმათ, ვინც ჯილდოს მიღებას ეჭვობს.
და ყოველი მატყუარის ხვედრიც - ცეცხლის ტბაშია. ავტორი აჩვენებს, რომ მრავალგვარნი არიან მატყუარანი, თუმცა მათგან ყველაზე ამაზრზენი და საშიშია ის, ვინც რელიგიასთან მიმართებაში ტყუის, რის შესახებაც ზემოთ ითქვა: ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა (გამოცხ. 2:9).
ღირ. ბედა პატივდებული, სახარების გადმოცემა.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
წმიდა ქალაქი ზეციური იერუსალიმი
21:9-27
ახ. ქართ.:
9. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას.
10. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით,
11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.
15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.
19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით,
20. მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი.
21. თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი.
23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.
26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს.
27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
ძვ. ქართ.:
9. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ.
10. და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან.
11. და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა.
12. და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ.
13. აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი.
14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
15. და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.
16. და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან.
17. და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ.
18. და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.
19. და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე,
20. მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ.
21. და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის - ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე.
22. და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი.
23. და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი.
24. და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ. 25. და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს.
26. და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს.
27. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა..
***
მიმოხილვა: ზეციური იერუსალიმი, კრავის სასძლო, ქალაქი მთაზე - ეკლესიის სიმბოლოა (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ვიქტორინე პეტავიელი, კესარიოს არლელი, ბედა პატივდებული). მთა, რომელზეც არის აღმართული იერუსალიმი, - მოციქულები, წინასწარმეტყველები და წმინდანები არიან (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). ძვირფასი ქვები ნიშნავს ქრისტეს, მოციქულებს და სათნოებებს (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული, კესარიოს არლელი).
ქრისტე - არის კარი, რომელსაც მივყავართ ცხონებისკენ; ის არის ეკლესიის საძირკველი (აპრინგიუსი). ხილული ისრაელი - იაკობისა და პატრიარქების შთამომავლებია; სულიერი ისრაელი - აბრაამივით ღმრთისადმი ერთგულნი; მათი სახელები - ქალაქის კარიბჭეებზეა (ეკუმენიოსი). თორმეტი კარიბჭე - თორმეტი პატრიარქია, ანგელოზები - იერუსალიმის მცხოვრებთა მეთაურები (პრიმაზიუსი). კარიბჭეები და ანგელოზები - მოციქულები და წინასწარმეტყველებია (კესარიოს არლელი). დიდი კედელი - ქრისტეა, კარიბჭეები - ანგელოზები, მოციქულები ან წმინდანები (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული, ეკუმენიოსი).
ქვეყნიერების ოთხი ნაწილი იძენს სამების საიდუმლოს მნიშვნელობას (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მოციქულები - ეკლესიის საძირკველი და ნათელია (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მათ გააღეს იერუსალიმი წარმართობიდან მოქცეულთათვის (ბედა პატივდებული).
ოქროს ლერწამი - უფლის განკაცებისადმი რწმენაა (აპრინგიუსი). ლერწამი - ქრისტეა (პრიმაზიუსი), ან რწმენით განმტკიცებული ეკლესიის მორწმუნეები (კესარიოს არლელი). კედელი - ღვთაებრივი შემოზღუდვა (ანდრია კესარიელი). თორმეტი სტადიონი - მოციქულთა სწავლება და ძველ მამათა სარწმუნოებაა (აპრინგიუსი). ქალაქის ოთხკუთხედი ფორმა - სიმტკიცისა და სიმყარის სიმბოლოა (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული, აპრინგიუსი). იერუსალიმი შემოსაზღვრულია ძვირფასი ქვებისგან აგებული კედლით - ეს სულიწმიდის დიდებაა (კლიმენტი ალექსანდრიელი).
ახალი აღთქმის ცოდნა ძველის ცოდნაზე უფრო ძვირფასია, რადგან პირველშია აჩრდილი, მეორეში კი - ჭეშმარიტება (ეკუმენიოსი). მარგალიტის ბჭეები - მოციქულები და მართლები არიან (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). წმინდანები განსხვავდებიან ჯილდოებით (პრიმაზიუსი).
ღმერთს ვერ დაიტევს ვერანაირი ტაძარი, გარდა ეკლესიისა, და პირისპირ ხილული იქნება მის სასუფეველში (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ეკლესიის არსი - ღმერთში ყოფიერებაა, ცოდნა და მისდამი სიყვარულია (პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი). ზეციური ქალაქი ღმრთის დიდებითაა განათებული (აპრინგიუსი, პრიმაზიუსი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
ქალაქის კარიბჭეები არასოდეს იკეტება, რადგან არასოდეს წყდება ღმრთის მადლი (ვიქტორინე პეტავიელი). ღმრთის ერთგულნი ყველა ხალხიდან შევლენ ზეციიურ იერუსალიმში და იცხოვრებენ წმინდანებთან ერთად (ეკუმენიოსი, აპრინგიუსი). მომავლის ეკლესიაში ცოდვილები უკვე აღარ იქნებიან შერეულნი მართლებთან (პრიმაზიუსი).
***
9-10. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით
ეკლესიის დიდება
ანგელოზი აპირებს აჩვენოს პირმშოთა ეკლესია, (რომელთა სახელებიც) ცაშია ჩაწერილი, რომელსაც ის ზეციერ იერუსალიმს უწოდებს. პავლე მის შესახებ საუბრობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს, არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: "მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება". იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: "ვძრწი და ვკანკალებ". არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს, მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს (ებრ. 12:18-23). ყველა წმინდანის ერთში, ანუ ეკლესიაში, ზეციურ იერუსალიმში შეკრების მეშვეობი, ეს მუხლი გვიჩვენებს წმინდანთა ნეტარებას, მათ მომავალ ცხოვრებას ღმერთში და ღმერთთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მას ბუნებრივად და დიდებულად აღწერს, ამაღლებს რა ჩვენს გონებას სულიერ დიდებამდე და ნათებამდე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ანგელოზები არა მხოლოდ აწყლულებენ, არამედ ზოგჯერ კვეთენ კიდეც, ექიმების მსგავსად, ზოგჯერ კი ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო წამალსაც აძლევენ. რადგან, როგორც ანგელოზი ადრე სასჯელს უგზავნიდა ღირსეულთ, ისე ახლაც უჩვენებს წმინდანს ეკლესიის ნეტარებას. იგი სწორად უწოდებს ქრისტეს სასძლოს ქალს, რადგან დაკლულმა კრავმა ქრისტემ საკუთარი სისხლით თავის სასძლოდ აქცია იგი. და როგორც ადამისთვის, რომელსაც ეძინა, მისგანვე აღებული ნეკნიდან შეიქმნა მისივე ცოლი, ასევე ეკლესიაც შეერწყა ქრისტეს, ჩვენთვის დაჭრილს, მისივე ნეკნიდან სისხლის დათხევის წყალობით ჯვარზე, რომელზეც მოკვდა თავისი ნებით.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ანგელოზი ეკლესიას ქალსა და სასძლოს უწოდებს, რადგან ის, რჩება რა უბიწო, განუწყვეტლივ შობს ღვთისათვის სულიერ შვილებს. რადგან ეს ნათქვამია იმიტომ, რომ ახლა იგი ღმერთზეა დაწინდული და მომავალში მას მიიყვანენ დაუსრულებელ საქორწილო ლხინზე.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ამრიგად, სასუფეველში პირველი აღდგომის დროს გამოჩნდება წმიდა ქალაქი, რომელიც ციდან ჩამოვა, ოთხკუთხედი, ძვირფასი და სხვადასხვა ღირებულების, ფერისა და სახის ქვებით დამშვენებული. ქალაქი სუფთა ოქროს მსგავსია - ანუ ელვარეა. მისი ქუჩები, როგორც ამბობს, მოკირწყლულია გამჭვირვალე მინით. მის შუაში კი სიცოცხლის მდინარე მოედინება. სიცოცხლის ხე მდინარეოს ორივე მხარესაა, რომელიც ყოველთვიურად იძლევა სხვადასხვა ნაყოფს. მზის შუქი იქ არ არის, რადგან ღმრთის დიდება ანათებს ქალაქს.
Древо жизни по обе стороны реки, каждый месяц дающее различные плоды. Света солнца там нет по причине избытка славы [Бога]. ხოლო მისი სანთელი არის კრავი (გამოცხ. 21:23)
წმ. მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება (ვიქტორინე იძლევა გამოცხადების 21-22 თავების თავისუფალ გადმოცემას, რათა გამოხატოს თავისი მილენარისტული ინტერპრეტაცია - რედ.).
ჭეშმარიტების მოწმობით, ეს არის მთის მწვერვალზე გაშენებული ქალაქი (მთ. 5:14). ესაია ასევე ამბობს: უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა (ეს. 2:2). იგულისხმება მისი სიმართლის სიმაღლე, რის შესახებაც ვკითხულობთ: სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა (ფსალმ. 35:7), ან მთები მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს ეწოდება.
ამასთან, ყველას აღემატება რა, უფალი თითქოს მთათა სათავეში მთასავით აღიმართება და მისი სავსებისგან, - როგორც ნათქვამია, - ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ (ინ. 1:16). და კარგად არის ნათქვამი - ღვთისგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, რადგან მაშინ ეკლესიის მშვენიერება უფრო სრულად წარმოჩინდება, როდესაც სულის წყალობით, რომლითაც, ჩვენი რწმენით, მისი სიძე ჩაისახა და იშვა, იგი ღირსი გახდება ზეციური ხატის ტარებისა. ამიტომ ეს არის თავად სასძლო, რომელიც არის ქალაქი.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
წმინდანი აყვანილ იქნა სულით, რაც მიუთითებს მისი აზროვნების სწრაფვაზე მიწიერიდან ზეციურისკენ. დიდი მთა აღნიშნავს წმინდანთა მაღალ და ზეციურ ცხოვრებას, რომლითაც კრავის სასძლო, დიდი ქალაქი იერუსალიმი, შემკული და განდიდებული იქნება ღმერთის მიერ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
ღმრთის ნათელი
წინასწარმეტყველები ამ ქალაქის შესახებ ამბობენ: დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად (ეს. 60:19). რადგან, როგორც ქვა არც შიგნით და არც გარეთ არ ბრწყინავს უცხო ელვარებით, არამედ ანათებს თავისი ბუნების სხივმოსილებით, ისე ამ ქალაქს, როგორც დაწერილია, ვარსკვლავთა არავითარი სინათლე არ განაბრწყინებს, არამედ ღვთის სინათლე ასხივოსნებს უხილავად. ხოლო კრისტალის ბრწყინვალება ნიშნავს, რომ ნათლობის მადლი წითლად ბრწყინავს (რადგან გამოსყიდვა აღსრულდა ქრისტეს სისხლით - რედ.).
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
სიცოცხლე - ქრისტეა
მოციქულის თქმით, მისი მნათობი, ანუ მზე სიმართლისა, ქრისტე (მალ. 4:2), იასპის ქვას ჰგავდა. იასპი, ადრე ნათქვამის თანახმად (იხ. გამოცხ. განმარტება 4:2 - რედ.), როგორც ერთგვარად მწვანე, ნიშნავს, რომ ქრისტე, რომელიც აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს (ფსალმ. 144:16), ასაზრდოებს და ანიჭებს სიცოცხლეს, რადგან მწვანილი - ეს მთავარი მიწიერი საკვებია. მაგრამ იასპი ასევე ბროლივით გამჭვირვალე იყო, რაც გვიჩვენებს ქრისტეს სიწმიდესა და უბიწოებას. წინასწარმეტყველ ესაიას თანახმად, აკი მას სიავე არ ჩაუდენია და მის გაბეში სიცრუე არ ყოფილა (ეს. 53:9).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
იასპისი და კრისტალი
უფალი ეუბნება მოციქულებს: თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა (მთ. 5:14). ეს გამოთქმა ეხება ქრისტეს მთელ სხეულს, თუმცა ეს ჭეშმარიტების ბაგეთაგან ისმინეს მოციქულებმა, რადგან დროითაც და ღირსებითაც პირველები იყვნენ ... თუმც იასპისი და კრისტალი სხვადასხვა სახის ქვებია და ფერითაც განსხვავდებიან, მიუხედავად ამისა იოანე კარგად აერთებს მათ მეტაფორისთვის. ის მათ კიდევ ძვირფას ქვას ადარებს, რათა მოცემული სახე განეკუთვნოს ქრისტეს, რომელზეც ნეტარმა პეტრემ თქვა: ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი (ეს. 28:16) (პრიმაზიიუსს მხედველობაში აქვს 1 პეტ. 2:6, მაგრამ ციტატა ესაიას წიგნიდან მოჰყავს - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ქრისტე - მნათობი ეკლესიისა
ეკლესიის მნათობი - ქრისტე, რომელსაც უწოდებენ იასპისს, როგორც მუდამ მზარდს, ყვავილოვანს, სიცოცხლის მომნიჭებელს და წმინდას. ზოგადად, ის წარმოდგენილია მრავალი განსხვავებული სახით, რადგან მისი ჩვენ მიმართ სასიკეთო საქმეთა მრავალგვარი სარგებელი არ შეიძლება გამოხატული იყოს ერთი სიტყვით.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
პატიოსანი თვალი - ქრისტეა, რომელმაც თქვა: დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი (ინ. 17:22). იასპის ქვას ჰგავს, ანათებს რა თავისი სათნოებებით, მაგრამ არის ბროლივით - სულის შინაგანი სიწმინდისა და გულწრფელი რწმენის გამო.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი (3), და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
___________________________
3. ზოგიერთ რედაქციაში, როგორც, მაგალითად, აპრინგიუსთან, ნაცვლად სიტყვისა angelos (ანგელოზთა) დგას სიტყვა Angylos (კუთხეები), როგორც კესარიოს არლელთან და ბედასთანა, - რაც, ბუნებრივად, განმარტებებზეც აისახება - რედ.
___________________________
კარი ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისა
ზაქარია ამბობს: მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ (ზაქ. 2:5). ვინ არის ასეთი დიდი და მაღალ იმცველი, თუ არა დიდების უფალი, რომელიც მისი ყოფნის საფრვლით გარს აკრავს თავის წმინდა ქალაქს?
სახარებაში ვკითხულობთ, თუ რა თქვა უფალმა საკუთარ თავზე: მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს (ინ. 10:9). ამიტომ ქრიტე არის კარი. ჩვენი რწმენის წინამძღოლებს კი ერთობლივად ეწოდებათ არა კარი, არამედ ნათქვამია, რომ მათი სახელები წერია ბჭეებზე, ანუ კარზე.
ამით ჩვენი უფალი იესუ ქრისტე გვიჩვენებს, რომ ყველა წმინდანისთვის იგი არის კარი ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისა. თორმეტი ბჭე (12-ე მუხლი), ბჭის თორმეტი კუთხე (13-ე მუხლი) და თორმეტი საძირკველი (14-ე მუხლი), რომლებზეც, როგორც ითქვა, მოციქულთა სახელებია დაწერილი, იძლევა რიცხვს ოცდათექვსმეტს, რაც, ცხადია, არის იმ საათების რაოდენობა, რომელიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თავისი ვნების შემდეგ საფლავში დაჰყო.
ეს ნიშნავს, რომ პირველ წინასწარმეტყველთა კრებული და მოციქულები, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ, გამოხსნილნი არიან უფლისადმი ერთი სარწმუნოებით და იმ ერთი შესასვლელით, რომელიც არის კარი, მივიდნენ ყოვლისშემძლე ღმერთის შემეცნებამდე. ასევე ნათქვამია, რომ მოციქულთა სახელები თორმეტ საძირკველზეა დაწერილი, რდგან ქრისტე არის საძირკველი, თანახმად პავლეს სიტყვისა: რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესუ ქრისტე (1 კორინთ. 3:11).
თავად თითოეულში და თითოეული მასში მყოფობს, რადგან უფალი ამბობს: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშებენ ჩემს ეკლესიას (მთ. 16:18). და უნეტარესი პავლეს ეპისტოლეში ჭერია, რომ კლდე იყო ქრისტე (1 კორინთ. 10:4). ასე რომ, პეტრე არის ის, ვისაც უფალმა უთხრა: ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას (მთ. 16:18). იგი ამტკიცებს, რომ ეკლესია შენდება უ ფლის განკაცების, ვნებისა და აღდგომის რწმენის საფუძველზე.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
ორი ისრაელი
წმინდანთა გალავანი, ანუ ეკლესია, - ისევ თავად ქრისტეა, ვინაიდან ის გახდა ჩვენი საყრდენი, ზღუდე და შემწეობა.
თორმეტი ბჭე ჰქონდა - რაც აღნიშნავს თორმეტ მოციქულს, რომლებმაც ქრისტეს რწმენის გზა გამოგვიცხადეს. ბჭეებზე თორმეტი ანგელოზი - დარწმუნებული ვარ, რომ საღვთო ანგელოზები შეეწევიან წმინდა მოციქულებს ქვეყნად რწმენის დამკვიდრებაში, რადგან, რამდენადაც მოსეს რჯული ანგელოზთა მეოხებით გამოცხადდა, მოციქულის სიტყვების თანახმად - ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო (ებრ. 2:2) - რამდენად უფრო მეტად შეეწევიან ანგელოზები სახარების გამოცხადებას?
და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი - არის ხილული ისრაელი - ისინი, ვინც იაკობისა და პატრიარქებისგან იყვნენ წარმომდგარნი, მაგრამ არსებობს სულიერი ისრაელიც - ისინი, ვინც ჩვენი მამის აბრაამის რწმენას ემყარებიან. მოციქული ამას ამოწმებს და ამბობს: ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის, აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა (რომ. 4:12) - აკი ისრაელი ითარგმნება, როგორც გონება, რომელიც ჭვრეტს ღმერთს, ან აქვს უნარი, განჭვრიტოს. და ვინ, თუ არა მორწმუნეები, ჭვრეტენ ღმერთს გონების თვალით? ამიტომ, მათი სხელები ეწერა ქალაქის ბჭეებს.
ხოლო თორმეტი ტომი, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა სრული რიცხვია, რადგან, ერთხელ უწოდა რა მართალთ ისრაელი, და ლაპარაკობს რა თორმეტ ტომზე, იოანე იცავს მათი სრული შემადგენლობის რიცხვსაც.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
კედელი, ბჭენი და ანგელოზები
ეკლესიის გალავანი არის ქრისტე, რომელიც, როგორც ვკითხულობთ, არის დიდიც და მაღალიც: დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმინდა მთაზე (ფსალმ. 47:2); და მაღალია ყველა ხალხზე უფალი (ფსალმ. 112:4). წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა ამ გალავანზე: იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად. გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი! ძველი ცოდვა განქარდება (ეს უკანასკნელი ფრაზა არ არის სინოდალურ თარგმანში - რედ.) (ეს. 26:1-3). ერთი და იმავე სულის მიერ დაწერილი ეს მონაკვეთები ერთმანეთს ეთანხმება და, შესაბამისად, აღწერს მსგავს მოვლენებს.
ბჭეებზე საუბრისას, იოანე განაგრძობს: თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - ტორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. ვიცით, რომ ჩვენმა უფალმა თორმეტი მოციქულის წყალობით ყველას მისცა საშუალება რწმენისკენ მოქცეულიყვნენ. ამასთან, ამ მონაკვეთის შინაარსი მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ ამგვარ გაგებაზე, როგორც ისრაელის ძეთა თორმეტ ტომს ახსენებს, თითქოს პირველად თორმეტი პატრიარქის განხილვა სურს, რომელთა ფესვიდან, როგორც ვიცით, გამრავლდა უშუალოდ ისრაელის მთელი ერი და ვისგანაც, პავლემ მოციქულის თანახმად, მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი (რომ 11:5). პავლეც ასევე ამბობს: არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი (რომ. 11:2). ასე რომ, აქ ჩვენ ტორმეტი ბჭე უნდა გვესმოდეს, როგორც თორმეტი პატრიარქი, განსაკუთრებით ამ სიტყვების მოსმენისას: შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ (რომ. 11:18). მე მიმაჩნია, რომ აქ ანგელოზები აღნიშნავეს იმ უხუცესებსა და მმართველებს, რომელთა ძალაუფლებითა და
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
იოანე აღნიშნავს, რომ ტორმეტი ბჭე და თორმეტი ანგელოზი მოციქულები და წინასწარმეტყველები არიან, რადგან, დაწერილის თანახმად, ჩვენ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი ვართ (იხ. ეფეს. 2:20 - რედ.), როგორც უფალმა უთხრა პეტრეს: ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას (მთ. 16:18).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
დიდ საეკლესიო კედლად, მაღლად და წმიდა ქალაქის მცველად, იწოდება ქრისტე; მისი თორმეტი ბჭე - წმიდა მოციქულებია, რომელთა მიერ მივდივართ და შევდივართ მამასთან, რაშიაც მათ შეეწევიან თორმეტი მმართველი ანგელოზნი სიწმიდისა და ცოდნის მიხედვით მიახლოვებნულნი ღმერთთან. რადგან თუკი გვწამს, რომ ყოველ მორწმუნეს თან დაჰყვება მფარველი ანგელოზი, მით უმეტესი დაჯერებულობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკლესიის დამფუძნებლებს და სახარებისეული სწავლების მთესველებს სახარებისეულ ქადაგებაში ანგელოზთაგან უპირველესნი შეეწეოდნენ.
სულიერი ისრაელის სახელები დაწერილია მოციქულთა შესასვლელებში, რადგან სახელები გრძნობისმიერი ისრაელისა დაწერილი იყო დროით ძველი მღვდელმთავრის სამხრეებზე (იხ. გამ. 39:1-7 - რედ.). ამ სახელების წინამდებარე წარწერა მართლებზე მოციქულთა ზრუნვას ადასტურებს, როგორც საკუთარ თავზეც ბრძანა მოციქულმა, რომ ზრუნავს ყველა ეკლესიაზე და, რომ მისი გული ღიაა და იტევს ყველას, ვინც კი მან შვა სახარების ქადაგებით (2 კორ. 6:1-12) (შეად. 1 კორ. 4:15. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მაღალი გალავნით შემოზღუდული - ეს არის რწმენის, იმედისა და სიყვარულის დაუძლეველი ძალა. ამ მაღალი გალავნის სახეში, რომელიც ყველა მხრიდან იცავს ეკლესიას, შეიძლება დავინახოთ თვად უფალიც, რაზეც ესაია საუბრობს: დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად (ეს. 26:1), ანუ უფლისეული დაცვა და წმინდანთ შუამავლობა, რომლებსაც გზა მიჰყავთ ქალაქისაკენ, როდესაც სწავლებით მორწმუნეთა გულებს მოაქცევენ.
თორმეტი ბჭე ჰქონდა - ეს ბჭენი არიან მოციქულები, რომლებიც მთელი თავიანთი წერილებითა და სიტყვებით პირველნი იყვნენ, ვინც ეკლესიის ბჭენი წარმართტა წინაშე გახსნეს.
ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი - ესენი არიან მოძღვრები, რომლებიც მოციქულთა კვალდაკვალ მიდიან რწმენის საიდუმლოებასა და სიტყვებში.
და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი - ეს ნიშნავს ძველი დროების მამათა ხსოვნას, რომლებიც მქადაგებლებს გულში აქვთ ჩადებული. ამიტომ კარავში შესულ მღველმთავარს ნაბრძანები ჰქონდა, მამათა ხსოვნა ეტარებიან აფოდის სამხრეებზე (იხ. გამ. 28:12 - რედ.).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
სამების გამოცხადება მთელი ქვეყნიერებისადმი
შემდეგ იოანე ამბობს, რომ კარიბჭენი დაყოფილია ოთხ ჯგუფად: აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. იგი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ოთხსავე მხარე იღებს სამების საიდუმლოს. და იმით, რომ პატრიარქების სახელები აწერია, გვიჩვენებს, რომ უძველესი აღთქმა აღსრულდა.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
ნათქვამია, რომ ზემოთ სმი ბჭე იყო ქვეყნის ოთხი კიდით. რადაგნ საღვთო მოციქულებმა დაადგინეს ყველაფერი სამების შესაბამისად, იგი ხალხებს გამოუცხადეს როგორც ერთარსი და მონათლეს ისინი მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით (მთ. 28:19).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
რადგან აღწერილი ქალაქი - მთელ ქვეყანაზე მიმოფანტული ეკლესიაა, ამიტომ ნათქვამია, რომ ქალაქის ბჭენი ოთხი ნაწილისთვის სამია, რადგან სამების საიდუმლო იქადაგება ეკლესიაში ქვეყნის ოთხივე კიდეზე.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ჯვარი ცხონების სიმბოლო
კარიბჭეები ოთხივე მხარეს და სამ-სამი ყოველ მხარეზე - ეს აღნიშნავს წმიდა სამებისადმი დედამიწის ოთხივე კუთხის აღმსარებლობოას, რომელიც მათ მიიღეს ჯვრის მეშვეობით.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
რიცხვი თორმეტი
კართა ასეთი ოსტატური აღწერილობა, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს თორმეტი რიცხვის საიდუმლოს, რაც, შესაბამისად, წარმოადგენს ან მოციქულთა რაოდენობას ან ეკლესიის სრულყოფას, რადგან მისი წყალობით წმინდა სამებისადმი რწმენა გავრცელდა ქვეყნის ოთხსავე მხარეს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.
კარიბჭეები და იერუსალიმის საძირკველი
ნათქვამია, ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა. რადგან ქრისტეს, რომელსაც იოანე გულისხმობს გალავანში, დასაყრდენი აქვს მოციქულთა ქადაგებაში და მათ შორისაც დადებულია იგი, ქვაკუთხედი ლოდი, რჩეული და უძვირფასესი (4) დაწერილის თანახმად: მათზე, ანუ საძირკვლებზე, კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი - იგი ნათლად გვიხატავს ამ სახეს და განმარტავს, რომ მოციქულები ეკლესიის წმინდა ქალაქის ბჭენი და საძირკველნი არიან.
___________________________
4. ამიტომაც ასე ბრძანებს უფალი ღმერთი: "აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ შერცხვება" (ეს. 28:16). შეად. ასევე "მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე" (ეფეს. 2:20). - რედ.)
___________________________
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
იოანემ ადრე ისაუბრა პატრიარქების შესახებ და ახლა ახსენებს მოციქულებს. ვიცით, ეკლესიას მხოლოდ ერთი საძირკველი აქვს, ანუ ქრისტე, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ აქ საუბარია თორმეტის შესახებ. მოციქულები ქრისტეს მიერ ღირსნი შეიქნენ, ეკლესიის საძირკველი გამხდარიყვნენ. მოციქული ამბობს: რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულია, რომელიც არის იესუ ქრისტე (1 კორინთ. 3:11). ქრისტეს მოციქულებს ასევე უწოდებენ ნათელს: თქვენ ხართ ნათელი ქვეყნისა (მთ. 5:14), თუმცა მხოლოდ ქრისტეა ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად (ინ. 1:9). მაშასადამე, ქრისტე არის სინათლე, რომელიც გაანათლებს, ხოლო მოციქულები არიან ნათელნი, რომლებიც სინათლისგან მომდინარეობს.
საღვთო წერილი ხშირად გვთავაზობს მსგავს გამონათქვამებს (პრიმაზიუსს მხედველობაში აქვს იაკ. 1:18; 1 კორ. 4:15; მთ. 23:8-10; 1 კორ. 1:13; ფსალმ. 119:1-2 - რედ.), ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, - თორმეტი საძირკველი თორმეტი მოციქულია, რომლებიც ერთ საძირკველში, იესუ ქრისტეში არიან სახელდებულნი. საძირკველნი - მოციქულები არიან, მაგრამ ერთ საძირკველში - იესუში. მხოლოდ იესუს, მოციქულთა გარეშე, სამართლიანად ეწოდება საძირკველი, ხოლო მოციქულებს, ქრისტეს გარეშე, არანაირად არ ეწოდებათ ეკლესიის საძირკველნი.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სიტყვა საძირკველი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს პატრიარქებს, რომლებიც თავიანთ თავში შეიცავენ მოციქულთა მოაზრებსაც. ეს ქალაქი დაარსდა პატრიარქების მეშვეობით, თუმცა მოციქულთა წყალობით, თითქოს ბჭით, იგი უფრო ფართოდ გაიღო წარმართებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სიტყვა საძირკველი მრავლობით რიცხვში გამოიყენება, იგი საუბრობს ეკლესიის მოძღვრებზე ან სათნოებებზე, ხოლო როდესაც მხოლობით რიცხვში - მაშინ უფალზე, რომელიც საძირკველთა საძირკველია.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
უფალი - ყოვლის საზომი
ცეცხლოვანი გალავანი გარშემო, როგორც ვთქვით, უფალია. ოქროს ლერწამი - ეს არის რწმენა უფლის განკაცებისა, რომლის სიწმინდისა და უბიწოების გამო ხორცი უფრო სხივმფინარედ გამოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ლითონი. ის ერთადერთია, რომლის მეშვეობითაც ხდება რწმენის გაზომვა და მიიღწევა წმინდა ქალაქის სრულყოფა. და იგი აღიარებულია, როგორც ქალაქის ბჭის საზომი და მისი გალავნის სიმაღლე.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
იოანემ ადრე თქვა, რომ მას საზომი ლერწამი მისცეს, ანუ მას მიეცა ქადაგების უფლება. ახლა აცხადებს, რომ მასთან მოუბარ ანგელოზს ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი. ცხადია, აქ უნდა ვიფიქროთ ქრისტეზე, რომელიც არის ღვთის სიბრძნე, რომელიც ძლიერად განიფინება კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს (სიბრძნ. 8:1), ამიტომ ვკითხულობთ: სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია (იგავ. 16:16). გარდა ამისა, მხოლოდ ქრისტეს აქვს უფლება ქალაქის გაზომვისა, რომელიც ურიგებს სულიერი მადლის ნიჭებს თითოეულ მორწმუნეს და რომელმაც, როგორც ვკითხულობთ, ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესა (სიბრძნ. 11:20).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ოქროს რწმენა
საზომად ოქროს ლერწამი - იოანე ოქროს ლერწმის საშუალებით მიუთითებს ეკლესიის წევრებზე, რომლებიც, მართალია, სუსტნი არიან ხორცით, მაგრმა განმტკიცებულნი არიან ოქროს რწმენით, როგორც მოციქული ამბობს: ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს (2 კორინთ. 4:7).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
საღმრთო საფარველი
ოქროს ლერწამი აჩვენებს მზომი ანგელოზის სიპატიოსნეს, რომელსაც იოანე კაცის სახით ხედავდა; ასევე გასაზომი ქალაქის ღმერთპატივდებულობას, რომლის გალავანში ვგულისხმობთ ქრისტეს.
ქალაქის სიწმიდისა და ღვთაებრიობის გამო ის იზომება არა კაცთა, არამედ ანგელოზთა მიერ, რომლებისთვისაც ცნობილია უზენაესი ქალაქის სიდიადე და ბრწყინვალება. ვფიქრობთ, რომ აქ გალავანში იგულისხმება ღვთაებრივი დაცულობა და საფარველი, რომლითაც დაცულნი იქნებიან წმინდანები.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის მოძღვრები
აქ ასევე შეიძლება დავინახოთ ეკლესიის მოძღვრები, რომლებიც სხეულით უძლურნი იყვნენ, მაგრამ ზეციური გონებით გამოიკვლევდნენ თითოეული ადამიანის ღვაწლს (ბედას მხედველობაში აქვს პრიმაზიუსის განმარტება - რედ.).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
მოციქულთა სწავლება
ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს - ანუ ოთხი მახარებლის რწმენით მყოფობს. ნათქვამია, რომ მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე, ისე, რომ მის რწმენაში არაფერია არასწორი და არაფერი ჩანს ისეთი, რისი დამატება ან მოკლება იყოს შესაძლებელი.
გადაზომა, - ამბობს იოანე, - ქალაქი ლერწმით, რომელიც ჩვენ განვმარტეთ, როგორც ქრისტეს სხეული, თორმეტი ათას უტევანზე. რადგან ქრისტეს რწმენა და მისი წმინდა ხალხის უბიწოება თორმეტი უტევანით შეიმეცნება, ანუ მოციქულთა სწავლებით და ძველი მამების რწმენით.
და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოცნდნენ - ყველაფერი ჰარმონიულია, რადგან წმინდანებში არაფერია ზედმეტი, არაფერია გარედან მომავალი და ნაკლული.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
წმინდანთა სისავსე
ოთხკუთხედად - ამას, მცოდნე ადამიანების წარმოდგენათა თანახმად, კუბი ეწოდება; რადგან მასაც ოთხკუთხედის გვერდები აქვს. მართლაც, როდესაც ეს არის მთლიანად ოთხკუთხედი და თანაბარი ყველა განზომილებით, მაშინ ამბობენ, რომ ის მდგრადია, - აკი, წმინდანებს აქვთ მდგრადი სიკეთე და ურყევობა და არანაირი ცვლილება არ ვნებს მათ ნეტარებას. რა თქმა უნდა, ქალაქის ბრწყინვალება და, ამავდროულად, წმინდანთა სიდიადე ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ მათი რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე ცოდვილთა, ისინი მაინც არც ისე ცოტანი არიან, რომ ვერ შეავსონ ასეთი ქალაქი.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მტკიცე საფუძველი
მოციქული უდავოდ ქალაქის გაზომვას ახსენებს, როდესაც ამბობს: ქრისტესმიერი ნიჭის ზომისაებრ (ეფეს. 4:7); და კვლავ: მე უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის (ეფეს. 3:8). ამიტომ გონივრულა ითქვა, რომ ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და ისე, რომ მისი ყველა მხარე გაზომვისას ერთმანეთის ტოლია, რათა არ დაუშვას არაფერი, რაც უთანასწორობისა და განსხვავებულობის ეჭვს ბადებს. სრულყოფილება, მოციქულის შესაბამისად, ნიშნავს ერთ რამეზე ფიქრს, მშვიდობას, ანუ ჭეშმარიტად მკვიდრობას ოთხკუთხა ციხე-სიმაგრეში (იხ. 1 კორინთ 1:10; ფლპ. 2:2. - რედ.).
ეს არის სწორედ ის ქალაქი, რომელზეც უფალი ამოწმებს სახარებაში, რომელიც მთაზეა აშენებული, ანუ თავად მასზეა დაფუძნებული (იხ. მთ. 5:14. - რედ.). ამიტომ მან უთხრა პეტრეს, რომელიც მთელი ეკლესიის სახეა: შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას (მთ. 16:18). თითქოს ამას ამბობს: მე შენ ჩემს თავზე დაგამყარებ, რადგან ქრისტეს იყო კლდე. ამიტომ, როგორც კლდისგან - პეტრე (ანუ კლდე), ისე ქრისტესგან - ქრისტიანი (ლათინური ტექსტი: Petra enim erat Christus; sic ergo a petra Petrus. - რედ.). ის გვასწავლის, რა თქმა უნდა, რომ ყოველგვარი ადამიანური ცდომილების გამონაგონი უნდა განვაგდოთ და მხოლოდ საღვთო ჭეშმარიტების მყარი საძირკვლები უნდა არსებობდეს.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ - ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების დაუძლეველი ძალა, რომელსაც ეყრდნობა ეკლესია რწმენის სიგრძით, სიყვარულის სიგანით და სასოების სიმაღლით, არ აძლევს მას საშუალებას, სხვადასხვა სწავლების ქარებმა გაანადგურონ. რამე რომ ჰკლებოდა, ეკლესია ასეთი მტკიცე ვერ იქნებოდა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
რიცხვების აზრი
გაზომა მისი გალავანი... კაცის საზომით - აქ ჩვენ უნდა დავინახოთ თავად გალავნის ზომა. რადგან ამ ქალაქის გალავანი არის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე. კაცის საზომით, ანუ მიღებული კაცობრივი ბუნებით იგი იცავს წმინდანებს და ყველა კურთხევას განამტკიცებს. ამიტომ ნათქვამია, რომ კაცის საზომით, ანუ იმავე საზომით ანგელოზისა, თავად არის აღთქმის ანგელოზი, რომლის შესახებაც ამბობს: უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ (მალ. 3:1). და კვლავ: ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი (ეს. 9:5).
განვიხილოთ, თუ რა საიდუმლო ძევს იმაში, რომ გალავნის სიმაღლე გაზომა და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა. ასი, რომელიც შედგება ათი ათეულისგან, მიდის მარჯვენა მხარეს. ეს გვიჩვენებს, რომ წმინდანთა მთელი სისავსე და სიმართლე, რაც ათი მცნების შესრულებასა და სახარბის წინასწარმეტყველებაში მდგომარეობს, კურთხეულად უპყრია ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მარჯვენას.
ორმოცდაოთხი გაყოფილი ოთხ ათეულზე და ოთხი მიღებული ნაშთად, ანალოგიურად აღნიშნავს, რომ სახარების ოთხმაგი ჭეშმარიტება და მთელი ზეციური სწავლების არსი მის ძალაშია. რადგან თვითონ ოცდაოთხი რიცხვი ორი ტოლი რიცხვის ჯამია, რათა გვიჩვენოს, რომ ძველი რჯულის სისავსე და სახარების ძალა უფალშია და მისგან გამომდინარეობს.
და ჩვენ ვიცით, რომ ეს არის კრავის მოციქულების ან პატრიარქების სიმბოლო, ან თავად ოცდაოტხი უხუცესის სახე. ეს რიცხვი, გამრავლებული ექვსზე, ცხადყოფს, რომ ეს შვიდეულის ექვსი დღე, რომელშიც სამყარო შეიქმნა, შეიცავს წმინდანთა ყველა კრებულს და სისავსეს, ისევე, როგორც ჩვენს უფალ იესუ ქრისტეშია დამარხული, როგორც ნაჩვენებია, ყველა სრულყოფილება და ყველა სიმართლე.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
ანგელოზთა საწყაო
საღვთო წერილის ბევრ ადგილას ანგელოზები ჩვეულებრივ ადამიანთა სახელებით იწოდებიან. ეს ჩანს იქიდან, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის კაცად არი წარმოდგენილი (დან. 9:21), ხოლო წინასწარმეტყველიც ამბობს - ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო (ფსალმ. 35:7) - როდესაც ადამიანში ანგელოზებს გულისხმობს, ხოლო პირუტყვში - ადამიანებს; რადაგნ ანგელოზების გონიერებასთნ შედარებით, ადამიანები უ გუნურნი არიან და პირუტყვს ჰგვანან. მაგრამ უფალიც, ლუკას თანახმად, ანგელოზებს ადამიანებს უწოდებს, როდესაც ამბობს: დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი (ლკ. 12:35-36). მართლაც, რადგან ანგელოზებს ბევრგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კაცებს უწოდეებენ, მათი მზერა ღვთისკენ არის მიმართული.
ამ მიზეზით, აქ ნათქვამია - გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა), კაცის საზომით, ანუ იმავე საზომით ანგელოზისა. ზემოაღნიშნული გულისხმობს, რომ ღმერთი ყველა თვალსაზრისით შეუცნობელია, რადგან ჩვენ ზემოთ ჩავთვალეთ, რომ ქალაქის გალავანი არის ქრისტე. განსაკუთრებით ღვთის დიდებულების ჩაწვდომისას ადამიანები (თანაბარ პირობებში) აღმოჩნდებიან ანგელოზებთან. ამიტომ გალავანი იზომება არა კაცის, არამედ ანგელოზის წყრთით (წყრთა - სიგრძის საზომი, რომელიც დაახლოებით 46 სმ. ტოლია - რედ.).
და ის ფაქტი, რომ (გალავნის ზომა) - ას ორმოცდაოთხი წყრთა - შეიცავს ერთგვარ იდუმალ რიცხვს, ეს შეესაბამება ანგელოზურ სიბრძნეს, რაც იძლევა კიდეც ნათელ სხვაობას (შეად. გამოცხ. 7:4; 14:1, 3 და მისი განმარტება - რედ.).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცხადია, ხშირად ბევრ ადგილას ანგელოზი ეკლესიას ნიშნავს, რადგან ეკლესია შეკრებილია და შედგება ადამიანებისგან და ამაღლებულია ქრისტეს აღთქმებით, იგი სასოებს ანგელოზებთან თანასწორობაზე და დიდი სურვილით ელტვის მათთან ურთიერთობას. ამიტომ იოანე ამბობს: კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
პრიმაზიიუსი, გამოცხადების განმარტება.
18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.
წმინდანთა უბიწოება
იასპისი, მწვანედ სუსტად მოციმციმე, ავლენს მორცხვ ქალწულებრივ სახეს, რომ გაიგოთ, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე შერწყმულია ქალაქის ყველა შენობასთან და, რომ ეს სხეული, რომელიც ღვთისმშობლის ხორციდან იშვა, აღდგება მთელი გალავნის გასამყარებლად.
ქალაქი იყო წმინდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი - ბაჯაღლო ოქროში, რომელიც ცეცხლის მხურვალებით არის განწმენდილი და ამგვარად მიყვანილია სათანადო სინჯამდე, ჩვენ ვცნობთ წმინდანთა სახეს, რომლებიც გამოიცადნენ ვნებების ცეცხლით და ცდუნებათა სიმხურვალით და, ამგვარად, წმინდანები გახდნენ უფლის ძალით. ამისთვის ისინი შედარებულნი არიან წმინდა მიწას, რათა თქვენ იგრძნოთ მათში ნებარების წმინდა სხივმოსილება.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
გალავანი რომ იასპისისგანაა აჩვენებს, რაოდენ არაიშვიათად იყო ნახსენები, წმინდანთა ყოველთვის მოყვავილე და დაუჭკნობელი სიცოცხლე. ხოლო მისი ბაჯაღლო ოქრო - მის მცხოვრებთა პატიოსნებისა და ნათელმოსილების სახეა.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ოქრო და მინა
ვინ არ იცის, რომ ოქრო განსხვავდება მინისგან ღირებულებით და ფერით? და მართალია, ახალი არ არის, რომ ოქრო განასახიერებს ეკლესიას, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც ოქროს სასანთლეებით და თასებით შემკული, მისი სიბრძნისადმი მსახურების გამო, გასაკვირია ის, რომ ბაჯაღლო ოქროს ადარებენ წმინდა მინას.
მე მიმაჩნია, რომ აქ აღნიშნული არის მოციქულის ნათქვამი: ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ ოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს (1 კორინთ. 4:5). რადგან მინაში არაფერია ისეთი შიგნით, რაც გარეთ უხილავი იქნებოდა. ამიტომ წიგნმა, რომელიც გვიცხადებს იმ დროს, როდესაც ხალხისთვის დაწვრილებით გახდება ცნობილი ერთმანეთის აზრები, მოისურვა, ოქრო თამამად შეედარებინა მინასთან. რაც მაშინ წმინდანთა აზრებში იყო, ის იბრწყინებს სიბრძნის სამკაულის მშვენიერებით, თუმცა ახლა, ვინც არ უნდა წარმოადგენდეს თავს სათნოდ, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც რავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა (1 კორინთ. 2:11).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
19-20. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი.
სულიწმიდის დიდება
ჩვენ ვიცით, რომ ზეციური იერუსალიმი გარშემორტყმულია ძვირფასი ქვებისგან შემკული გალავნით, ხოლო ამ ზეციერი ქალაქის თორმეტი ბჭე, ასევე ძვირფასი ქვებით შემკული, ვფიქრობ, მოციქულთა ხმას ნიშნავს, რომელიც ყველგან ისმის.
ძვირფას ქვას აქვს სხვადასხვა ფერი, სწორედ ესაა მათში ძვირფასი; დანარჩენ მიწიერ მატერიას არანაირი ღირებულება არ გააჩნია; და მართლაც, წმინდანთა ქალაქი, ეს სულიერი ნაგებობა, სიმბოლურად წარმოდგენილია, როგორც ქვებით შემკული გალავნით გარშემორტყმული, მათი შეუდარებლობის გამო უნდა დავინახოთ სულიწმიდის დიდება, მისი არსბის წარუვალობა და სიწმინდე.
კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგი.
მოციქულთა რწმენა და ქადაგება
ქალაქის საძირკვლები განიმარტება, როგორც სამოციქულო რწმენა და მოციქულთა ქადაგება, რომელზეც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ააშენა თავისი ქალაქი. რადგან ის, ვინც საძირკველთა საძირკველია, თვითონ არის მშენებელი, როდესაც აშნებს ტავისი უნეტარესი სხელის რწმენაზე წმინდა ეკლესიას, პირველთა და უკანასკნელთაგან ვიდრე ქვეყნის დაფარულ აღსასრულამდე.
ნაირგვარი ძვირფასი ქვა აღნიშნავს მოციქულებს, რადგან თითოეულ მათგანში სულიწმიდის ნიჭები და სასწაულები ვლინდება. ასევე, ის ფაქტი, რომ მათში წმინდა სინათლის სხივმოსილება ჩანს, ეს ნიშნავს - რაც მათგან ნათელთან ერთად გადმოიღვრება, შიგნით არ ამოშრება.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
სათნოებათა მშვენიერება
ტობითის ლოცვაში ვკითხულობთ: საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი (ტობ. 13:16). ასევე ესაიასთან: აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ. ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთებ, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება (ეს. 54:11-12). და თითქოს ახსნა ნათქვამი, რათა ხორციელად არ მოვიაზროთ მიწიერი ნახელავის მოხაზულობა, ის დასძენს: შენი გაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა (ეს. 54:13).
ნეტარი პავლე ამის შესაბამისად ამბობს: მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესუ ქრისტე, რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში (ეფეს. 2:20-21). ... ჯერ ამბობს: ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული", ... ახლა ჩამოთვლის ქვებს თანმიმდევრობით. ყოველი ამ ქვის სახით გამოხატულია სათნოებათა სილამაზე და საძირკველი, რომლითაც თითოეული წმინდანი სულიერად არის შემკული. და თავად ქალაქი თხზულებაში წარდგება, თითქის მთლიანად სხვადასხვა ძალისა და სინატიფის, ძვირფასი ქვებით შემკული.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მადლის ნიჭები
იოანე ასახელებს სხვადასხვა ძვირფას ქვას საძირკვლებში, რათა გვიჩვენოს სხვადასხვა ნიჭები, რომლებიც მოციქულებს მიეცათ, როგორც სულიწმიდის შესახებ არის ნათქვამი: რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს (1 კორ. 12:11).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
და როდესაც წერილი ამბობს, რომ (ქალაქი იქნება შემკული) სხვადასხვა სახისა და ფერის ქვებით, ეს ნათქვამია ადამიანების შესახებ. აამსთან, ეს ასევე ნიშნავს რწმენის უძვირფასეს მრავალფერონვებას, რომელიც (თითოეულ) ადამიანშია.
მღვდელმოწ. ვიქტორინუს პეტავიელი.
მოციქულთა სიმბოლოები
თორმეტი საძირკველი - თორმეტი ძვირფასი ქვაა. რვა მათგანს ძველი მღვდელმთავარი სამხრეებზე ატარებდა, ხოლო ოთხი - სხვაა, რათა აჩვენოს ახალი და ძველი აღთქმის თანხმიერება, და მათში გაბრწყინვებულთა უპირატესობა. და სწორია! რადგან აღნიშნული ძვირფასი ქვები ნიშნავს, რომ მოციქულები ყოველგვარი სათნოებებით იყვნენ დამშვენებულნი.
ანდრია კესარიელი, გმოცხადების განმარტება.
ქვების მნიშვნელობები
ამ 12 ქვის მნიშვნელობა ასეთია:
პირველი საძირკველი - იასპი - მომწვანო ფერის ქვა, აღნიშნავს მოციქულთა თავ პეტრეს, რომელიც თვისი სხეულით ატარებს ქრისტესადმი შეწირულის (მომკვდარის) სახეს და აჩვენებს მისადმი უჭკნობ სიყვარულს;
მეორე - საფირონი, ლაჟვარდისებრი ქვა აღნიშნავს ნეტარ პავლე მოციქულს, მესამე ცამდე ატაცებულს;
მესამე - ქალკედონი, რომელიც მღვდელმთავართა სამხრეებზე იყო მიმაგრებული, აღნიშნავს ნეტარ ანდრია მოციქულს, სულით გამომწვარი ნახშირის მსგავსად;
მეოთხე - მწვანე ფერის სმარაგდი, რომელიც ზეითუნის ზეთით იკვებება და მისგან აქვს მიღებუილ სილამაზე და ბრწყინვალება, აღნიშნავს წმინდა იოანე მახარებელს, რომელიც საღვთო მირონით არბილებს ცოდვათა გამო ჩვენს სულში წარმოშობილ ტანჯვასა და მწუხარებას. ამ დიდებული ღვთისმეტყველის წყალობით ჩვენ გვეძლევა გაუნელებელი რწმენა;
მეხუთე - სარდონიკი - ბრწყინვალე ფრჩხილის ფერი ქვა, აღნიშნავს წმინდა იაკობ მოციქულს, რომელმაც სხვებზე ადრე განიცადა ხორციელი სიკვდილი ქრისტესთვის;
მეექვსე - სარდიონი - ნარინჯისფერი ქვა, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება ჭრილობების დროს, აღნიშნავს წმინდა ფილიპე მოციქულის ქველის საქმეთა სილამაზეს, რომელიც ანათებს საღვთო სულის ცეცხლით და ცდუნებულდა სულიერ ჭრილობებს კურნავს;
მეშვიდე - ქრიზოლითი - ოქროსავით მრწყინავი, შესაძლებელია, რომ აღნიშნავდეს წმინდა ბართლომე მოციქულს, ბრწყინვალე კეთილი ქმედებებისა და ღვთის სიტყვის ქადაგების გამო;
მერვე - ბერილი - ზღვისა და ჰაეროს ფერი, აღნიშნავს თომა მოციქულს, რომელმაც ინდოელთა გადასარჩენად შოერული მოგზაურობა იდო თავს;
მეცხრე - ტოპაზი - შავი ქვა, რომლისგანაც რძისმაგვარი სითხე გამოიყოფა თვალის დაავადებების მკურნალი, აღნიშნავს ნეტარ მათე მახარებელს, რომელიც სახარების ძალით კურნავს გულით დბრმავებულებსა და რძეს ასმევს რწმენაში ახალშობილებს;
მეათე - ქრისოპრასი - რომელიც ბრწყინვალებით ოქროს აღემატება, აღნიშნავს ნეტარ თადეოზ მოციქულს, რომელმაც ედესის მთავარ ავგაროზს აუწყა ოქროთი გამოხატული ქრისტეს სასუფეველი;
მეთერთმეტე - იაკინთი - ლაჟვარდოვანი და ცისფერი, სამართლიანად აღნიშნავს სიმონ მოციქულს, როოგრც ქრისტესთვის მოშურნეს და ზეციური სიბრძნის მქონეს;
მეთორმეტე - ამეთვისტო - მეწამული ქვა, აღნიშნავს წმინდა მატათა მოციქულს, რომელიც საღვთო ცეცხლის მოფენის ღირსი გახდა ენების გაყოფის დროს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
პირველი საძირკველი იასპით - იასპის მრავალი სახეობა არსებობს. ზოგიერთი, მწვანე ფერისაა, თითქოს შეღებილია. სხვები ზურმუხტს ჰგვანან, მაგრამ უხეში შეფერილობა აქვთ; მათ შესახებ ამბობენ, რომ ისინი აჩრდილებს განაგდებენ. სხვები ზღვის ტალღების თეთრ ქაფს მოგვაგონებენ, რომლებიც გაურკვეველ შეფერილობას იღებენ. იასპი განასახიერებს რწმენის უჭკნობ სიმწვანეს, რომელიც ნათლობის წყლით მორწყულია უფლის ვნების საიდუმლოებით, რათა ღირსი შეიქნას ყვავილობისა ყოველგვარი სულიერი ნიჭებით.
ვისაც ასეთი რწმენა აქვს, ფუჭ შიშს განაგდებს, როგორც ნეტარი მოციქული პავლე შეგვახსენებს: თქვენი მტერი ეშმაკი დაძღწის, როგორც მბრდღვინავნი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით (1 პეტ. 5:8-9). მას შეუძლია სასძლოსთან ერთად შეჰღაღადოს: თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი (ქებ. 5:10). ამ მიზეზის გამო, გალავანიც ამ ქვისგან აშენდა და, ესაიას თანახმად, მისით არის შემკული ქალაქის ციხე-სიმაგრე.
მეორე - საფირონით - მოსე საუბრობს ამ ქვის ფერისა და მნიშვნელობის შესახებ, როდესაც აღწერს ღვთის სახლს: მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა (გამ. 24:10). ეზეკიელი ასევე ამტკიცებს, რომ ადგილი, რომელზეც ღვთის ტახტი დგას, თითქოს საფირონისგან არის გაკეთებული და ღვთის დიდება ამ ფერით ცოცხლობს, რომელიც ზეციურ ხატს ატარებს. და ყველა მის მსგავს ადამიანს შეუძლია მოციქულთან ერთად შეღაღადოს: ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია (ფილ. 3:20).
მზის სხივებით გამსჯჭვალული საფირონი თვალისმომჭრელად ბრწყინავს. მსგავსად ამისა, წმინდანთა გონება ყოველთვის ყურს მიუგდებს ზეციურს და ყოველდღიურად განახლდება საღვთო სინათლის სხივებით, ჯიუტად და გულმხურვალედ ყოველგვარი საშუალებით მიელტვის მარადიულს და სხვებსაც ოუწოდებს ეძიონ იგი. აკი როდესაც ამბობენ, რომ, რაც წითელ ზღვაში მოხდა, კვლავ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ უფლის ვნებისა და წმინდა ნათლობით განბანვის წყალობით, მოკვდავთა გონება ზევით მაღლდება, როდესაც ზეციერს იხმევს.
მესამე ქალკედინით - ქალკედონის დანახვა ძნელია, როგორც ლამპრის სუსტი ცეცხლისა, და ის ანათებს არა სახლში, არამედ ღია ცის ქვეშ. მსგავსად ამისა, ისინი, ვისაც ზეციური ნაღველი ტანჯავთ, ხალხისთვის უცნობი რჩებიან და მათგან თითქოს დაფარულად ცხოვრობენ მარხვით, მოწყლებითა და ლოცვით. თუმცა, როდესაც სწავლებისთვის ან წმინდანთა სხვა სამსახურისთვის მათ უბრძანებენ ხალხთან გასვლას, ისინი მაშინვე უცხადებენ (ქვეყანას) თავიანთ შინაგან ნათელს. და ის ფაქტი, რომ ქალკედონს მოიპოვებენ ნასამონიაში, ანუ ეთიოპიის პროვინციაში, მოგვითხრობს სიყვარულის მწველი ცეცხლით გარშემორტყმული ხალხის შესახებ, თუმცა არსებობს ერთგვარი უცნაური მოსაზრება, რომ ეს ქვა ბინძურია, როგორც მუქი კანი.
მეოთხე ზურმუხტით - ზურმუხტები სხვადასხვა ტიპისაა, მაგრამ მათგან ყველაზე ძვირფასია სკვითური, შემდეგ ბაქტრიული, მესამე ადგილზეა ეგვიპტური. ზურმუხტი აღნიშნავს რწმენით მუდამ მტკიცე სულებს, რომლებსაც რაც უფრო მეტად ატყდებათ თავს ამა სოფლის განსაცდელნი, რასაც სკვითური სიცივე განასახიერებს, მით უფრო მტკიცედ ეჭიდებიან მარადიულ და უჭკნობ მემკვიდრეობას, რაც ზეცად არის დამარხული. ეს სულები გონებას იკრებენ და ქადაგებით არწყულებენ მოყვასის წყურვილს. ისინი, ვინც მოიძულა სოფელმა, წინ მიიწევენ უფლის ვნების თასის შეწევნით და სულიწმიდის მიერ მათთვის მონიჭებული შინაგანი სიყვარულის სისავსით.
მეხუთე სარდონიკით - ეს ქვა ონიქსივით ანათებს და სარდიონივით ნათელია, ამიტომ მას ორივე ქვის სახელი ეწოდა - სარდონიკი. მსოფლიოში სარდონიკის მრავალი სახეობა არსებობს: ერთი წითელ მიწას ჰგავს, მეორე კი თითქოს ორი ფერისგან შედგება, თითქოს სისხლი ატანს ადამიანის ფრჩხილიდან; მესამე შედგება სამი ფერისგან: შავი ქვევით, თეთრი შუაში, წითელი წევით. იგი შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებიც წითელნი არიან სხეულის ტანჯვით და თოვლივით სპეტაკნი სულის სიწმინდით, მაგრამ სულიერი სიმდაბლის გამო საკუთარ თავს ზიზღით უყურებენ და მოციქულთან ერთად ამტკიცებენ: რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი (2 კორინთ. 4:16). და კვლავ: არაფერი მაქვს სინდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს (1 კორინთ. 4:4). მეფსალმუნეც იმავეს ამბობს: აჩრდილს მიუყვება ადამიანი, - ანუ სულის ძალით, - მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს (ფსალმ. 38:7), ანუ ხორცის უძლურების გამო.
მეექვსე - სარდიონით - სარდიონი, სისხლის ფერით გაჟღენთილი, განასახიერებს მოწამეთა დიდებას, რომლის შესახებაც ნათქვამია: მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმინდანებისა (ფსალმ. 115:6).
მეშვიდე - ქრისოლითი - ქრისოლითის ქვა ანათებს ოქროსავით, ბრიალებს ოქროს ნაკვესებით. ის მოგვაგონებს მათ, ვინც უზენაესი და ჭეშმარიტი სიბრძნის შემეცნებით ნათობს და მოყვასზე გადმოღვრის თითქოს ცეცხლოვან ნაპერწყკლებს, გამამხნევებელ სიტყვებს ან თუნდაც სიძლიერის ნიშნებს. და რადგან ეს მხოლოდ სულის ნიჭით არის შესაძლებელი, ქრისოლითს მართებულად უპყრია საძირკველის მეშვიდე ადგილი. აკი სულიწმიდის მადლს ხშირად განასახიერებს რიცხვი შვიდი, როგორც ზემოთაა აღნიშნული: შვიდი სულისგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე (აპოკ. 1:4). ამ მნიშვნელობას შეესაბამება, რომ ეს ქვა ასევე არსებობს ლურჯ-მწვანე შეფერილობისა და ებრაელები ამ განსხვავებულ ტიპს ტარეს უწოდებენ, რადგან ასეთი ქვის ფერი ზღვის ფერის მსგავსია. მწვანე ნიშნავს რწმენის სიწმინდეს, რომელსაც სიბრძნის დასაბამს უწოდებენ, ხოლო წყალი სულიწმიდის სიმბოლოა, რასაც თვით უფლის სიტყვებიც ამოწმებს: ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ (ინ. 7:38-39).
მერვე - ბივრილით - ბივრილი, ისევე როგორც მზის სხივებით გაჯერებული წყალი, ანათებს ლამაზი წითელი ფერით, მაგრამ ნამდვილად არ ანათებს მანამ, სანამ არ მოაწახნაგებენ, ექვსკუთხა ფორმას არ მისცემენ და არ გააპრიალებენ. როდესაც კუთხეებიდან ირეკლავს, მისი სიკაშკაშე უფრო ნათელი ხდება.
ეს ქვა განასახიერებს იმ ხალხს, ვინც ბუნებისგან გამჭრიახი გონებით არის დაჯილდოებული, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად ნათობს ზეციური მადლის ნათლის ანარეკლით. სოლომონი ამოწმებს, რომ წყალი გონების სიღრმის სიმბოლოა, როდესაც ამბობს: კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია (იგავ. 18:4).
მეცხრე - ტოპაზით - ტოპაზი იშვიათი ქვაა და მით უფრო ძვირად ფასობს. იგი შედგება ორი ფერისგან: ერთი - ბაჯაღლო ოქროსი, ხოლო მეორე - კამკამა ჰაერისა; ის გამოირჩევა მდიდარი ვარდისფერი ელფერით და მორცხვი სიწმინდით; ფერის სიკაშკაშე ქრიზოპრასის მსგავსია, რადგან ის ყველაზე მეტად ბრწყინავს, როდესაც მზის შუქითაა გასხივოსნებული და ყველა ძვირფას ქვას ჯობნის ელვარებით და თვალს შეუდარებელ სიხარულს ანიჭებს. ამასთან, თუ მისი გაპრიალება გსურთ, ის გაფერმკრთალდება; თუ მას ისე დატოვებთ, როგორც ბუნებით არის, მაშინ ის იბრწყინებს.
მეფეებიც დიდად აფასებენ მის ბრწყინვალებას და მათ საგანძურში მის მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მისი უმშვენიერესი ბუნებრივი თვისებები სწორად არის შედარებული ჭვრეტითი ცხოვრების სილამაზესთან. წმინდა მაფეებმა, რომელთა გულიც ღვთის ხელშია, ღირსეულად აჩვენეს კეთილ საქმეთა სისავსის საგანძური და ყველა სათნოების ძვირფასი ქვა, როდესაც თავიანთი უწმინდესი გონების გამჭოლი მზერა მიაპყრეს მათ. და რამდენადაც უფრო მხურვალედ იყო შეპყრობილი მათი სული ზეციური ცხოვრების სიტკბოებით, მით უფრო ხშირად ირეკლავდა ზეციური მადლის ნათელს.
ამბობენ, რომ ტოპაზი წარმოშობით არის თებაიდას ერთ-ერთი კუნძულიდან, სახელად ტოპაზიონი, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება. ამის გაგება ორგვარად შეიძელბა: პირველი, ამ რეგიონში, ანუ ეგვიპტეში, ბევრი ბერია; და მეორე, ვინც არ უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტების მზის გვერდით, ის აუცილებლად შეიფერება ზეციური ნათელის ბრწყინვალებით. და როგორც მერვე ადგილზეა ძვირფასი ქვა, რომელიც წარმოადგენს ქმედითი ცხოვრების სრულყოფილებას, ასევე მეცხრე ადგილზეა ჭვრეტითი ცხოვრების სიტკბოება. ანდა იმიტომაც, რომ წმინდა წერილიდან ვიცით ანგელოზთა ცხრა რანგის შესახებ, რომელთა ცხოვრებას ჰბაძავს ჭვრეტითი ცხოვრება. ან იმიტომ, რომ სრულყოფილი ნეტარების მეათედისგან მას მხოლოდ ერთი, როგორც ვამბობ, ნაბიჯი აშორებს - სიკვდილი.
წინასწარმეტყველმა შემდეგი ოხვრით გამოხატა ამ სევდის არსი: ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად (ფსალმ. 11:127), ანუ ყველა ღირსეული საქმის ბრწყინვალებაზე მეტად, ვიდრე ჭვრეტის ყოველგვარი სიმაღლე და სიხარულია, რაც კი ამ ცხოვრებაშია შესაძლებელი, ტკბილი სიყვარულით შევიყვარე შენი მცნებები - პირველი და უდიდესი მცნებათა შორის: გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით (რჯლ. 6:5).
მეათე ქრისოპრასით - ქრისოპრასი (მწვანე კვარცი) არის ოქროსა და მწვანე ფერის ნაზავი, ასევე ერთგვარი მეწამული ელფერით, ოქროსფერი წვეთებით ნასხურები. ის ინდოეთიდან მოდის და იმ ადამიანებს განასახიერებს, რომლებიც სრულყოფილი სიყვარულის ნათებით ღირსნი გახდნენ საუკუნო სამშობლოს სიმწვანისა, რომლისკენ მიმავალ გზასაც უკვალავენ სხვებსაც თავიანთი მოწამეობრივი მეწამული ნათლით.
მათ, ვინც დღევანდელი ცხოვრება მოიძულა, მას მარადიული დიდება არჩია, მისდევენ რა განკაცებული უფლის მაგალითს, და ამიტომ უკვე აჩვენებენ ქვეყანას თვიანთი ღვაწლის ნათელს თითქოს ინდოეთში, ანუ ამომავალი მზის ქვეყანაში, და რადგან მათ იმედი აქვთ, რომ მამის მსგავსად მზესავით გაბრწყინდებიან მამის სამეფოში და იმეფებენ თავიანთ მეფესთან ერთად, რომელთანაც ახლა ევნებიან, ისინი სამართლიანად მეათე ადგილზე არიან განთავსებულნი. აკი სწორედ დინარი, რომელიც უფლის მევენახეებმა მიიღეს გასამრჯელოდ, არის მარადიული მეფის ხატი, სადაც აღესრულება სიყვარულის სრულყოფა ღვთისა და მოყვასის მიმართ - მთელი დეკალოგი, რაც მეცხრე საფეხურზე შეუძლებელი იყო.
მეთერთმეტე - იაკინთით - იაკინთი გვხვდება ეთიოპიაში; ეს არის მუქი ლურჯი ფერისა, არც რბილი და არც ძალიან მყარი, მაგრამ რომელიც ნაზად ანათებს, წმინდაა და თვალისთვის სასიამოვნო. მეორე მხრივ, მისი ნათება ყოველთვის ერთნაირი არ არის და ცის მდგომარეობასთან ერთად იცვლება. როდესაც ცა მოწმენდილია, ქვა გამჭვირვალე და თვალისთვის სასიამოვნოა; როდესაც ცა მოღრუბლულია, იმღვრევა და უფრო ძნელი შესამჩნევია.
იაკინთი განასახიერებს სულებს, რომელთა მზერა ყოველთვის ზეცისკენ არის მიპყრობილი და ვინც, რამდენადაც ეს შესაძლებელია მოკვდავთათვის, ანგელოზის მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი განსწავლულნი არიან იმაში, რომ გულმოდგინედ დაიცვან გული, რათა არ გამკაცრდნენ აღქმის გადაჭარბებული სინატიფის გამო და არ მოისურვონ უფრო უმაღლესისა და ძლევამოსილის ძიება. რადგან საქმის დამალვა ღვთის დიდებაა (იგავ. 25:2), ანუ სიფრთხილით უნდა იმსჯელონ ქრისტეს საღვთო ან კაცობრივი ბუნების შესახებ.
ვინც სამეფო გზას მიუყვება, დაცულნი არიან მარჯვნივ და მარცხნივ სიმართლის იარაღით და ამინდს აკვირდებიან, ცასთან ერთად იცვლებიან, როდესაც ებუნებიან მათ შემყურეთ: რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, თქვენთვის (2 კორინთ. 5:13). ღრუბლებში გახვეულნი, თითქოს ცასავით, ისინი ამბობენ: ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში (2 კორინთ. 6:12); და კვლავ: რადგანაც გადავწყვიტე, არაფერი მცოდნოდა თქვენ შორის, გარდა იესუ ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა (1 კორინთ. 2:2) და თითქოს მშვენიერი დღის ნათელში არის ნათქვამი: სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის (1 კორინთ. 2:6).
მეთორმეტე - ამეთვისტოთი - ამეთვისტო არის მეწამულ-იისფერი ქვა, თითქმის ვარდისფერი ელვარებით, რბილად მოელვარე, მაგრამ ზოგჯერ მისი მეწამული ფერი არამხოლოდ ცეცხლოვანი, არამედ წითელი ღვინის მსგავსია. ალისფერი მოგვაგონებს ცათა სასუფევლის სილამაზეს, ხოლო მეწამულ-ვარდისფერი წმინდანთა სიმდაბლესა და მათ ძვირფას სიკვდილს განასახიერებს.
ეჭვგარეშეა, რომ მათი გონება, ძირითადად, ზევით ისწრაფვის, მაშინაც კი, როდესაც გარეგნულად სხვადასხვა გარემოებას დაითმენდნენ და განსაცდელის დროს მუდმივად ახსოვთ უფლის აღთქმა: ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი (ლკ. 12:32). და სიყვარულის ცეცხლს არა მარტო ერთმანეთს, არამედ თვით მდევნელებსაც კი გადასცემენ, როდესაც მუხლმოყრილნი ევედრებიან: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად (საქ. 7:60). უფრო მეტიც, როდესაც ტანჯვის თასს შესვამენ, ისინი უფრო მეტად ითრობიან ამ ღვინით, რომელიც ადამიანის გულს ახალისებს, ახსოვთ რა, რომ უფალმა აღგვითქვა მისი კვლავ შესმა თავის მოწაფეებთან ერთად მამის სამეფოში.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
21ა. თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია,
ქრისტეს სისხლით განბანილი კედლები
ყოველი სრულქმნილი, ვინც ამშვენებს ჩვენი ღმერთის ქალაქს მის წმინდა მთაზე და ვისაც ეფუძნება, სულიერი მადლის სინათლით ბრწყინავს, ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს რწმენა იმავე სულისგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის (1 კორინთ. 12:8-10), და ა. შ. რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი (ებრ. 11:10), რომელიც არის საძირკველთა საძირკველი და ჩვენი გულისთვის ინება, მღვდელმთავარი გამხდარიყო, რათა სისხლის მსხვერპლით განებანა და ეკურთხებიან ქალაქის კედლები, რათა ყველაფერი, რაც მამის საკუთრებაა, მისი საკუთრება გამხდარიყო. ამიტომ უმაღლეს მღვდელმთავარს მცნებად დაუდო მკერდზე დაეწყო ქვები, რომელზეც წარწერილი იყო პატრიარქების სახელები, რათა ამ უმშვენიერესი საიდუმლოს საშუალებით ეჩვენებინა, რომ ყველა წმინდანმა, ვინც ინდივიდუალურად და ნაწილობრივ მიიღო ყველა სულიერი ნიჭი, მიაღწია სისრულეს თანასწორი და სრულყოფილი გზით ღმერთსა და ხალხს შორის შუამდგომელით - ადამიანი იესუ ქრისტეთი (შეად. 1 ტიმ 2:5. - რედ.).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
ძვირფასი ცოდნა
მარგალიტი აქ კვლავ ჩნდება, ისე რომ, არ შედის (ორი წინამდებარე) მუხლის ძვირფასი ქვების რიცხვში. უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ნახსენები ქვები უფრო ძვირფასია, ვიდრე მათი (წინასახეები) ძველი აღთქმიდან, რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლებში (შეად. გამ. 28:17-21, 39:10-14; ეზეკ. 28:13. - რედ.). ამის საშუალებით ნაჩვენებია, რომ წმინდა მოციქულები კარგად ერკვეოდნენ ძველ აღთქმაში და იცავდნენ, რაც მასშია დამკვიდრებული. ამიტომაც ამბობს მოციქული: რჯულის სიმართლით უმწიკვლო (ფილ. 3:6). მაგრამ ისინი ასევე განდიდნენ ახალი აღთქმის მცნეების დაცვით, ფლობდნენ მდიდარ ცოდნას, რაც აღმოჩნდა, რომ უფრო ნათელი და ერთგვარად უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ძველი აღთქმის ცოდნა, თუკი მართლაც ჩრდილი იყო რჯული (შეად. ებრ. 8:5; 10:1. - რედ.), ხოლო ახალი აღთქმა კი ჭეშმარიტება.
ასეთი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ქალაქის საძირკვლებში, რომლებიც, როგორც ითქვა, მოციქულებს წარმოადგენენ, ძველი და ახალი აღთქმის ლოდები ერთად არის ჩადებული. ასე ამბობს უფალი სახარებაში: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც (მთ. 13:52). ხოლო ქალაქის ბჭენი, რომლებიც ზემოთ მოციქულებად წარმოვადგინეთ, თითოეული თითო მარგალიტი იყო და ეს ნიშნავს მათ პატივს, სიწმინდეს და სიკაშკაშეს. ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი - უკვე ითქვა, რომ ბაჯაღლო ოქრო და მინის ჭვირვალება გვიჩვენებს წმინდანთა ცხოვრების პატივსა და სიწმინდეს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მოციქულთა სიმბოლოები
ამ მარგალიტებში იოანე გულისხმობს მოციქულებს, რომელბიც კარიბჭეებადაც იწოდებიან იმიტომ, რომ თავიანთი სწავლებით გააღეს მარადიული ცხოვრების კარები.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
თორმეტი კარიბჭე, როგორც ჩანს, ქრისტეს თორმეტი მოწაფეა, რომელთა მიერაც დავინახეთ კარი და ცხოვრების გზა. ისინი ამავდროულად არიან თორმეტი მარგალიტი, რომლებმაც მიიღეს განათლება და ბრწყინვალება ერთადერთი ფასდაუდებელი მარგალიტისგან - ქრისტესგან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
თავის დიდება სრულიად გადაეცემა სხეულს. ისევე, როგორც ნათელმა ჭეშმარიტმა, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად (ინ. 1:9), მიანიჭა წმინდანებს ყოფილიყვნენ ნათელნი ქვეყანისანი, ასევე თვითონაც არის ის ერთადერთი მარგალიტი, რომლის შესაძენად ბრძენმა ვაჭარმა მთელი თავისი ქონება გაჰყიდა, მიუხედავად ამისა, ის თავის მიმდევრებს, მბრწყინავ მარგალიტებს ადარებს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
21ბ. ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი.
მცირე წმინდანები
იმ სიტყვებში, რაც შემდეგ ტექსტში მოდის, ნაჩვენებია განსხვავება წმინდანთა დამსახურებებსა და ნეტარებას შორის. რადგან ზემოთ ნათქვამია, რომ თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი (გამოცხ. 21:8). ხოლო აქ ნათქვამია, - ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი. ლაპარაკია მის წმინდანებზე, რომლებსაც გააჩნიათ ნაკლები დამსახურებები. მაგრამ იოანეს მხედველობაში აქვს ის, რომ ისინი, შემომტკიცებულნი იმავე შესაკრებელში, უნაკლებესი ნათლით როდი ბრწყინავენ.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
იოანემ უკვე თქვა, რომ ქალაქი წმინდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი იყო ნაგები, ხოლო ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული. ვფიქრობ, ეს ეხება მათ, ვისაც ეკლესიაში ძალაუფლება აქვთ. ახლა მოედნების შესახებ ამატებს და ამბობს, რომ ისინიც ასევე ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი იყო, თითქოს ისინი არ იყოს შეტანილი წინა აღწერაში. ამასთან, ვფიქრობ, რომ აქ მითითებულია ის შვილები, რომელთა შესახებ ნათქვამია: ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვის (იგავ. 3:32).
ეს იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, ამ ნიჭით არ იყვნენ ცდუნებულნი და თავიანთ ზრახვებს განიხილავდნენ ურთიერთ შესაბამისად. რადგან, როგორც მოედანი ქვემოთ არის განთავსებული, ასევე მსგავსი ადამიანები ცხონდებიან სიმდაბლით. თუ მოედანში უნდა ვიგულისხმოთ სიყვარულის სივრცე, მაშინ მას სხვადასხვა გამოთქმით სურდა გამოეხატა სრულყოფილნი. მაგრამ იქ არავინ იქნება უღირსი, ვერავის ნახავთ მცირესა და უმნიშნელოს, თუმცა ერთი შეიძლეა მეორეზე უფრო დიდებული იყოს ჯილდოს სხვაობის თვალსაზრისით. მოციქული ამბობს, რომ თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისგან განსხვავდება დიდებით. ასევე მკვდართა აღდგომაც (1 კორინთ. 15:41-42).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ცხოვრების სიწმიდე
უკვე ითქვა, რომ ოქრო და სიწმიდე, ასევე მინის გამჭირვალება აჩვენებს წმინდანთა ცხოვრების პატივსა და სიწმიდეს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი.
პირისპირ
ამრიგად, ღმერთმა განამშვენა ტაძარი, რათა ის, ვისაც ვერც სამყარო დაიტევს და ვერც ტაძარი, ადიდონ ტაძრის ეზოში შეკრებილმა ადამიანებმა, რათა უხილავ ღმერთს, რწმენის მოქმედებით სწვდებოდეს გონება. ხოლო იქ, სადაც უფალი საკუთარ თავს უცხადებს ერთგულთ, ტაძარი საჭირო არ არის, და ის არც არის, რადგან ვინც ტაძარი განწმინდა, პირისპირ შეიმეცნება.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
რადგან რაღა სარგებლობა აქვს ტაძარს, როდესაც ღმერთი მყოფობს, ერთგვარად ცოცხლობს წმინდანებთან ერთად და მისაწვდომია მისი სახის ხილვა, ამდენად არის შესაძლებელი? წმინდა მოქიცულმა ღვთის დღევანდელი შემეცნება გამოხატა სიტყვებით - ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ (1 კორინთ. 13:12).
შეიძლება ვინმემ მართებულად იკითხოს: რატომ არის აქ ნახსენები ყოვლისმპყრობელი ღმერთი, ანუ უფლის მამა და კრავისა, ღვთის ძისა, და არა სულიწმიდა? ამაზე უნდა ვუპასუხოთ ძვირფასო, როდესაც ამბობს - ღმერთი, ის ახსენებს მამას, ძეს და სულიწმიდას - აკი ეს არის სწორედ ღმერთი. ხოლო როდესაც დასძენს - ყოვლისმპყრობელი ღმერთი - იგი აღნიშნავს უწმიდეს სამებას სამი სახელის მეშვეობით.
ვინმემ ისევ შეიძლება იკითხოს: მაინც, როდესაც ახსენა მრავალთაყვანსაცემი სამება სიტყვებში: მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი, იოანე განსაკუთრებულად ახსენებს ჩვენთვის კრავს, რომელიც არის ქრისტე, და მაშინ უკვე სამებას აღარ ვგულისხმობთ? - ნუმც იყოფინ! - შეიძლება ამასაც ვუპასუხოთ. ჩვენ ეს როდი გვისწავლია, არამედ ის, რომ თუკი ნახსენებია უწმიდესი სამება, და კრავი, ეს ნიშნავს, რომ უწმიდესი სამების ერთი პირი არის განკაცებული ძე და, რომ ის ხორცით მონაწილეობს სამების სისვსეში და ახლაც ხორციელად არის ზეცაში. განკაცებულ ძეზე იოანემ მიანიშნა ღმრთის სახელითაც, და კრავის სახელითაც, რომელიც თვით განკაცებული ქრისტეა, ჩვენი თანაარსი და გონიერი სულის მქონე; რომელი ხორცითაც სიტყვა შეუერთდა იპოსტასურად.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის არსი
როგორც სხეული შედგება ცალკეული ასოებისგან, ასევე ტაძარი ძვირფასი ქვებისგან. თითქოს ავტორს არ სურს, რომ ჩვენ, ვინც მატერიალურ ხრიკებს ვართ მინდობილნი, რამე ვიაზროთ აქ ხორციელი ჩვევის ზემოქმედებით. არ გვაძლევს რა ამგვარი ფიქრის საშუალებას, ის ამბობს: ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. რადგან ეკლესია, განსაკუთრებით კი ღვარძლის მოცილების შემდეგ, მხოლოდ რჩეულთა შორის ხარობს, რჩება ღმერთში განწმენდილი, თითქოს მთელ ტაძარში განისვენებს.
ამრიგად, ეკლესია იღებს ღმერთში მკვიდრობის ნეტარ ადგილს, რომლისგანაც იღებს სათავეს და შეიცნობს ხსნის სიმდაბლეს. რადგან მისი მთლიანობის არსი სამი რამისგან შედგება, ესენია: ყოფიერება, ცოდნა და სიყვარული. ღმერთმა შექმნა იგი, რომ აშენებულიყო. მან მოუხმო მას, აკურთხა, და როდესაც აირჩია, ნეტარება მისცა, როდესაც აღთქმული განდიდებით აღასრულა, რომ, როდესაც სრულყოფილებას მიაღწევდა, მასში დამკვიდრებულიყო, უკვე აღარ ივლიდა რწმენით, არამედ გაიხარებდა მისი პირისპირ ხილვით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სულის ხატი
მართლაც, რატომ უნდა ჰქონდეს ქალაქს ტაძრის საჭიროება, თუკი მას ღმერთი მფარველობს და იცავს, რომელშიც ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ (საქმე 17:28).
რადგან ის წმინდანთა ტაძარიცაა, სავანეც, აღთქმისაებრ, მათში დამკვიდრებული და მავალი (2 კორინთ. 6:16). კრავი - ეს არის ჩვენთვის დაკლული ღმრთის კრავი, რომელსაც არსებითად შეერთებულია ცხოველმყოფელი სული, რომელიც ქვემოთ მდინარის სახით არის წარმოდგენილი.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
ნათლის წყარო
რა სურათია მოცემული სიტყვებით, რომ ქალაქს, რომელსაც ტაძარი არ სჭირდება, ასევე არ სჭირდება ზეციურ მნათობთა დიდება? მაგრამ რა მიზეზით თქვა ეს? რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი. ღვთის დიდება - ესაა სიდიადის არსებობა, რომლის შესახებაც ნათქვამია: ვიხილავთ მას, როგორიც არის (1 ინ. 3:2). რაში სჭირდება მას, ვინც ღმერთს იხილავს, მზე და მთვარე?
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
სურს რა განგვარიდოს დღისა და ღამის სინათლის ცვალებადობის ჩვეულ წარმოდგენას და მოგვიწოდებს ამ უცვალებელი ნათლისაკენ, იოანე ამბობს, (ქალაქს) არც მზე სჭირდებაო და აცხადებს, რომ ეს ქალაქი ბუნებრივი წესრიგის შესაბამისად როდი ნათდება, არამედ ბევრად აღმატებული და ენით გამოუთქმელი სინათლით, ანუ სიმართლის მზით, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი ამბობს: ჭეშმარიტი ძე და საუკუნო სიცოცხლე და ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად (1 ინ. 5:20) (შეად. ინ. 1:9. - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ნათქვამია - ქალაქს არც მზე სჭირდება. სინამდვილეში მათ, ვინც საღვთო და ღვთივგანბრძნობილი სინათლით ნეტარებს, არ სჭირდებათ ხორციელი ნათელი. რადგან წმინდანები, იმ სოფლის ხვედრის შესაბამისად, აღიქვამენ სულიერ რეალობას.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
დიდების ბრწყინვალება
ნათელის სახით, როგორც ჩანს, წარმოდგენილია, რომ კრავი ქალაქის ლამპარია და მეფენი და ხალხები ივლიან მის ნათელში. წინასწარმეტყველმა, როდესაც ამას მიხვდა, თქვა: შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:10). მოციქული ამ სინათლის შესახებ ამბობს: ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე (რომ. 13:12). მახარებელი ანალოგიურად წერს: მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა (ინ. 1:4-5).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ფაქტი, რომ ჩვენი წარმავალი ბუნება გახევდა და ჩვენი კაცობრიობის ნაწილი გაშავდა, ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც უფალმა ხორცი შეისხა. და როდესაც ჩვენი ხორცის ნაწილში დამკვიდრდა ღმერთი-სინათლე, მან განანათლა იგი დიდების მთელი დიდებულებით. ამიტომაც გადაეცა მას მეფეთა და ხალხთა პატივი და დიდება, რადგან მის მიერ ყველანი განდიდდა, ღამის ბნელმა ვერ მოიცვა მისი ერთგულნი, რომლებიც განათდნენ უშობელი მამის კრავისა და სიტყვის მყოფობის სინათლით.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
ხალხები ივლიან მის ნათელში - არა მხოლოდ წარმართი ერები, არამედ წმინდანებიც ისრაელიდან, რომლებმაც ირწმუნეს. მაგრამ რადგან წარმართთაგან წმინდანები უფრო ბევრია, ის ორივე მათგანს წარმოადგენს უმრავლესობის რიცხვში. მიწიერ მეფეებში იგულისხმებიან წმინდანები, რომელთა შესახებაც წერია: როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას (ფსალმ. 67:15), ამიტომ მათ აქვთ დიდება და პატივი; რადგან ამბობს, რომ ისინი თავიანთი სათნოების დიდებას შეიტანენ იმ წმინდა ქალაქში, თითქოს ამტკიცებს, რომ ნეტარება სათნოებით წმინდანებთან არის.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.
სასუფეველში წმინდანები მიიღებენ ზეციურ სიმდიდრეს
და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს (მთ. 19:29) (ვიქტორინე გამოცხადების ამ ადგილებს ათასწლოვან მეუფებას უკავშირებს - რედ.). იმ სამეფოში უფლის სახელის გამო გაღატაკებულნი (იხ. ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.32.1. - რედ.), ასევე მრავალნი, სხვადასხვა ბოროტმოქმედთა მიერ მოკლულნი და საპყრობილეებში ჩამწყვდეულნი, - რადგან უფლის მოსვლამდე წმიდა წინასწარმეტყველებს ჰქოლავდნენ, ჰკლავდნენ და შუაში ხერხავდნენ (იხ. ებრ. 11:36-37. - რედ.), - მიიღებენ თავისას, ანუ გვირგვინსა და ზეციურ სიმდიდრეებს.
უფალი დაგვპირდა, რომ იმ სამეფოში აგვინაზღაურებს იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ (იოველ 2:25). მასში იქნება დაცული ქმნილების მთლიანობა, და ღმრთის ბრძანებით ის გამოავლენს მასში დაფარულ სიკეთეთ. იქ წმინდანები სპილენძის ნაცვლად ოქროს მიიღებენ და რკინის ნაცვლად ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას (ეს. 60:17). იქ მათკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი მათთან მოვა (ეს. 60:5).
იმ სამეფოში ისინი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი (ეს. 61:6), როგორც ახლა უწოდებენ უკეთურებს.
იმ სამეფოში ისინი დალევენ ღვინოს, იცხებენ ნელსაცხებლებს დ გაიხარებენ (შეად. ამოსი 6:6; ესაია 25:6-7. - რედ.). ეს სამეფო გაიხსენა უფალმა, სანამ ევნებოდა, და მოციქულებს უთხრა: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში (მთ. 26:29) (შეად. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.33.1, სადაც მოცემული ტექსტი ასევე უკავშირდება ათასწლოვან მეუფებას - რედ.), - რასაც ნიშნავს კიდეც ასწილ, ანუ ათი ათასჯერ მეტად ან ნაკლებად. რადგან, როდესაც ის ამბობს, რომ წმინდანები დამშვენებულნი იქნებიან ძვირფასი ქვების წარმომავლობისა და ფერის მიხედვით, იგულისხმებიან ადამიანები; ის უთითებს ცალკეული ადამიანის რწმენის ძვირფას მრავალფეროვნებაზე. მოციქული ყურადღებას აქცევს იმას, რომ ეს კარიბჭენი - მარგალიტებია. ისინი არ დაიხშვიან, - ანუ მათ მიერ იქნა მოცემული მადლი, და ის არასოდეს დაიხშობა.
წმ. მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
მარადიული ნათელი
მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით - ამის მნიშვნელობა ორგვარია: აქ ან ნათქვამია, რომ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, ასე რომ, აღარ იქნება საჭირო ქალაქში მცველების დანიშნვა, ოდესმე კარების ჩაკეტვა ან ურდულით დახშვა. ანუ ეს ნიშნავს, რომ მოციქულთა სწავლებანი - რადგან ჩვენ მოციქულებს კარნი ვუწოდეთ - არ დადუმდება ერთ ადგილას, არამედ იქაც კი ასწავლიან მოციქულები წმინდანებს ახალ, კიდევ უფრო საღვთო სწავლებებს. აკი, მართალნი, როგორც ნათლის ძენი და ძენი დღისა (1 თესალონიკ. 5:5), დატკბებიან საღვთო და უბრწყინვალესი დიდებით და საიდუმლოებით, რადგან მათ გარშემო იქნება საუკუნო დღე და საღვთო გაცისკროვნება. რადგან ნათქვამია, რომ ღამე არასოდეს იქნება იქ. ჭეშმარიტად, საღვთო სიკაშკაშე ოდესმე რომ შეწყვეტილიყო, მაშინ ღამე იქნებოდა; მაგრამ რადგან ურჯულოებაა ამის მტკიცება და ღვთის ნათელი განუწყვეტლივ მოქმედებს, მაშინ როგორღა დადგება ღამე წმინდანებთან?
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ნათელი და დიდება
ავტორი ახსენებს კრავის მარადიულ ნათელს ან უკეთ - მარადიულ კრავს, რომელიც სინათლის ნაცვლად იქნება ამ ქალაქში ღამით. როგორც ესაია ამბობს: ახაილ მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი (ეს. 66:23). სიტყვით მთვარე მან აღნიშნა სინათლე იმის გამო, რომ ახალ მთვარობას მთვარეს ყველაზე ნათელი შუქი აქვს, ხოლო სიტყვით შაბათი - მარადიული დასვენება. თითქოს მან თქვა: მაშინ სინათლიდან სინათლემდე და მარადიული განსვენებიდან მარადიულ განსვენებამდე მოვა ყოველი.
ხოლო ის ფაქტი, რომ ბჭენი არ დაიხშობა, ამოწმებს ყველაზე საიმედო დაცვას. რადგან არ არის ნათქვამი: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში (მთ. 26:41), არამედ: შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი (ფსალმ. 45:11). მომავალ სამყაროში, რაც ხილულია, ჭეშმარიტად საყვარელია და, რაც საყვარელია, დაუღალავად განდიდდება. არავინ არ არის მოდუნებული დასვენებით, არავინ დაიღლება დაუსრულებელი დიდების საქმით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს.
წარმართთა ცხონება
მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს - როდესაც ლაპარაკობს ხალხთა დიდებასა და პატივზე, რომელსაც წმინდა ქალაქში მიიტანენ, იოანე ალეგორიულად გულისხმობს იმ წარმართებს, რომლებმაც მოიხვეჭეს კეთილი დიდება და აღასრულეს ის, რაც სიცოცხლის ღირსია. რადგან ისინი ზეციურ იერუსალიმში იქნებიან და იქ წმინდანებთან ერთად იცხოვრებენ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
წმინდანთა კრებული
ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური - ჭეშმარიტად, წმინდანთა ამ კრებულში არ შედის ის, ვინც ან არ ისურვა განწმენდა უწინდელი ცოდვისა და წინაპრების დანაშულისაგან, ან, განწმენდის შემდეგ გაუწმიდურებულმა, არ მოისურვა თავმდაბლობის წყლითა და ცრემლის ფრქვევით განბანა. მართლაც, სისაძაგლეს სჩადის იუდეველი ან ერეტიკოსი, რომელიც ცრუდ ადიდებს ღმერთს. მარტო მათ შესახებ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში, ანუ, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და მტკიცე სასოებით არის გარემოცული.
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
იგი აქ აღწერს მომავალი დროის ეკლესიას, როდესაც, ისე როგორც დღეს, ცოდვილები აღარ შეერევიან მართლებს და მათთან ცხოვრების უფლება არ მიეცემათ. რადგან მართალთ წარმართავს მხოლოდ ქრისტე, რომელთან ერთადაც და რომლითაც ისინი ბედნიერად იცხოვრებენ ზეციურ იერუსალიმში, რომელიც არის ყველას დედა. ის ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ისინი ჩაწერილია იმ კრავის წიგნში, რომელიც ამბობს: გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში (ლკ. 10:20).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.