განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_20_1_15 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

თავი 20

სატანის შეკვრა ათასი წლით
 
20:1-3

 
ახ. ქართ.:
 
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
   
2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
 
3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა.
 
2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ.
 
3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: უფალმა შეკრა ეშმაკი, რათა წყალობა გადმოღვაროს ცოდვილებზე (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). უფალი განკაცდა სატანასთან საბრძოლველად (ბედა პატივდებული). ცოდვა განადგურდება ცოდვასთან ერთად, როდესაც ანტიქრისტე განადგურდება ქრისტეს მიერ (ირინეოს ლიონელი). ათასი - არის სრულყოფილი რიცხვი, რომელიც აჩვენებს სისავსეს (ავგუსტინე იპონიელი). ქრისტეს მარადიულობა არ იზომება წლებით (აპრინგიუსი), და ათასი წელი - დაფარული რიცხვია (ეკუმენიოსი) ან ეს არის დრო სახარების ქადაგებისა (ანდრია კესარიელი). ეშმაკი - ბრალმდებელი და ცილისმწამებელია; სატანა - არის გამყიდველი (ბედა პატივდებული). ეშმაკმა თავისუფლება მიიღო კაცთა გამოსაცდელად, მაგრამ ღმერთი იცავს თავის ერთგულთ (ავგუსტინე იპონიელი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
 
 
უფლის შემკვრელი ძალა
 
ამ შემთხვევაში ჩვენ გვმართებს, ვევედროთ უფალს, რომ არ დავეთანხმოთ ცდომილებას, რაც რიცხვ ათასს, მრავალი წლის რაოდენობას ეხება, არ დავუჭიროთ მხარი ცდომილებას და არ გადავუხვიოთ ჭეშმარიტებას. მაგრამ უფალი თვად იცავს ჩვენს რწმენას, ვისაც სარწმუნო და ჭეშმარიტი ეწოდება; თავად უ ფალმა თქვა ამ წიგნის დასაწყისში: მე ვარ პირველი და უკანასკნელი; ან ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი (აპოკ. 1:17-18). იგი ამბობს, რომ მსახურობს და შეუძლია გახსნას უფსკრულის ჭა. გრძელი ჯაჭვი (1-ლი მუხლი) - ეს არის საღვთო დადგენილების დაურღვეველი ბორკილები, რომლებიც მას ხელთ, ანუ ქმედითად და ნამდვილად, უპყრია.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ღმრთის მსჯავრი
 
ჩვენი გაგებით, ზეცით ჩამომავალი ანგელოზი - არის უფალი იესუ ქრისტე, რომელსაც (ესაიასთან) საკვირველი მრჩეველი ეწოდება და, რომელმაც მოინახულა რა მოკვდავთა სამყარო, როგორც უძლიერესმა, მოისურვა ძლიერი შეკვრა, რათა წარსულში რისხვის ჭურჭელნი მისი წყალობის ჭურჭლად ექცია, რაც მან აღასრულა კიდეც, როდესაც აღგვითქვა: როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? (მთ. 12:29), ანუ ეშმაკს.
 
უფსკრულის გასაღები - ეს არის საღთო სიმართლის სიღრმე, რადგან სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით (ფსალმ. 35:7). რა თქმა უნდა, მხოლოდ მან იცის, ცოდვილთა სიმრავლიდან რომელი დასახელდება რჩეულთა სრულ რიცხვში.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკის მძლავრებისგან გათავისუფლება
   
აქ საუბრობს ქრისტეს ვნების დროს ეშმაკის დამხობაზე, როდესაც იგი, რომელიც თავს ძლიერად მიიჩნევდა, ქრისტემ, ჩვენმა ყოვლისშემძლე ღმერთმა შეკრა, ხოლო ჩვენ გამოგვიხსნა მისი ხელმწიფებისგან, განსაჯა იგი და უფსკრულში ჩააგდო (მე-3 მუხლი). ეს ჩანს იქიდანაც, როდესაც დემონები სთხოვენ ქრისტეს, რომ არ გადაჩეხოს უფსკრულში. ეშმაკის შეკვრის სინამდვილეს ამოწმებს კერპთმსახურების შეწყვეტა, წარმართული ბომონების დანგრევა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გაუქმება და მთლ მსოფლიოში ღვთის ნების გავრცელება. დიდი ირინეოსი ადასტურებს, რომ ქრისტეს მოსვლისას პირველად ეშმაკმა შეიტყო, რომ იგი უფსკრულსა და გეენიაში დაისჯებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზემოთ ნათქვამი საჭიროა გავიგოთ, როგორც ქრისტეს მიერ ეშმაკის გაკიცხვა და დასჯა. ამ დასჯას ემსახურება ანგელოზი, რაც ადასტურებს იმას, რომ დემონს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს ღმერთს, რადგან ის ანგელოზთან შედარებითაც კი ბევრად უძლურია.
   
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შეაჯამებს რა თავიდანვე ნათქვამ სიტყვებს, იოანე უფრო სრულად გამოხატავს მას: მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა (აპოკ. 17:8). ამრიგად, უფალი, რომელსაც ებოძა მამის ხელმწიფება, ხორციელად ჩამოვიდა, რათა შებრძოლებოდა ამ ქვეყნის თავადს, შეეკრა იგი და გაეთავისუფლებინა მისი ტყვეები.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
 
 
სიკვდილის განადგურება
   
ამ მიზნით ჩამოაგდო მან მტრობა გველსა და ქალის თესლს შორის, რომელსაც ისინი იცავენ ერთმანეთში: ერთს ქუსლს დაუგესლავენ, მაგრამ თვითონაც შეძლებს თავი გაუჭეჭყოს მტერს, ხოლო მეორე გესლავს, ჰკლავს და ეწინააღმდეგება ადამიანის წინსვლას, სანამ არ მოვა თესლი, რომელმაც უნდა გაქელოს გველის თავი და, რომელიც იშვა კიდევაც მარიამისგან (იხ. დაბ. 3:15).
 
წინასწარმეტყველი ამბობს - ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ (ფსალმ. 90:13) - რაც გვიჩვენებს, რომ ცოდვა, რომელიც აღდგა და გავრცელდა ადამიანის წინააღმდეგ და იგი სიკვდილს დაუქვემდებარა, დაკარგავს თვის ძალაუფლებას გამეფებულ სიკვდილთან ერთად, და უფალი გაქელავს ლომს, რომელიც თავს დაესხმება ადამიანთა მოდგმას უკანასკნელ დღეებში, ანუ ანტიქრისტეს, და რომ იგი შეკრავს ურჩხულს, დასაბამიერ გველს და დაუმორჩილებს მას ერთ დროს ძლეული კაცის ძალას, რათა გაანადგუროს ურჩხულის მთელი ძლიერება.
 
ადამი დამარცხდა და მთელი ცხოვრება დაკარგა; ამიტომ, მტერზე გამარჯვებით, თავის მხრივ, ადამმა სიცოცხლე დაიბრუნა; და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი (1 კორინთ. 15:26), რომელიც ადრე მეუფებდა ადამიანზე. ამიტომ, ადამიანის განთავისუფლებასთან ერთად, რაც დაწეირლია, ახდება: იდაინთქა სიკვდილი ძლევით; სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი? (1 კორინთ. 15:54-55). ეს არ შეიძლებოდა სამარტლიანი ყოფილიყო, რომ არ გათავისუფლებულიყო ადამიანი, რომელზეც ადრე მეფობდა სიკვდილი. რადგან მისი ხსნა არის სიკვდილის განქარვება, როდესაც უფალი სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანს, ანუ ადამს, მასინ სიკვდილიც განქარდება.
 
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.
 
 
ათასი წელი
   
თვით უფალი იესუ ქრისტე ამბობს: ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ზლიერ. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეძლებს, გაძარცვოს მისი სახლი (მარკ. 3:27). ძლიერში იგი მოიაზრებს ეშმაკს, რადგან ეშმაკმა შეძლო კაცთა მოდგმის დატყვევება; მისი სახლის გაძარცვაში გულისხმობს თავის მომავალ ერთგულებს, რომლებიც ეშმაკს სხვადასხვა ცოდვისთა და ბოროტებით ჰყავდა დატყვევებული. ვინაიდან ეს ძლიერი უნდა ყოფილიყო შეკრული, მოციქულმა აპოკალიფსისში დაინახა ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით, ანუ მან შებოჭა მისი ხელმწიფება, რათა აღარ ეცდუნებინა და ტყვეობაში აღარ ჰყოლოდა ის ხალხი, რომელსაც გათავისუფლება ელოდა.
 
ათასი წელი კი, მგონია, ორნაირად შეიძლება გავიგოთ: ან რომ ეს ხდება ათასწლეულის დანარჩენ წლებში, ანუ მეექვსე ათასწლეულისა, თითქოს მეექვსე დღეს, რომლის უკანასკნელი საათებიც ამჟამად გადის და შემდეგ მოჰყვება შაბათი, რომელსაც არა აქვს საღამო, ანუ წმინდანთა მშვიდობა, რომელსაც არა აქვს დასასრული; ასე რომ, ათასი წელი მოციქულმა უწოდა ათასწლეულის ბოლო ნაწილს, რომელიც საუკუნის აღსასრულამდე რჩება, თითქოს ეს იყოს დღის ნაწილი, და იყენებს იმ მეთოდს გამოთქმისა, როდესაც ნაწილს მთელის სახელი ეწოდება. ან მან ამ საუკუნის ყველა დანარჩენ წელს ათასი წელი უწოდა, ასე რომ, სრულყოფილი რიცხვი აღნიშნავს დროის სისავსეს, რადგან რიცხვი ათასი არის ათი რიცხვის სრული კვადრატი. ათი, ათჯერ აღებული, გვაძლევს ასს, ანუ კვადრატულ, მაგრამ ბრტყელ ფიგურას. იმისთვის, რომ მან სიმაღლე შეიძინოს და სრული გახდეს, ასი, კვლავ ათზე გამრავლებული, ხდება ათასი. უფრო მეტიც, ყველაფრის მთლიანობის აღსანიშნავად გამოიყენება ათასი, რაც წარმოადგენს ათობითი კვადრატის სისრულეს. უკეთესი განმარტება არ შეიძლება მივცეთ იმ სიტყვებს, რომლებიც ფსალმუნშია ნათქვამი: ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე (ფსალმ. 104:8), ანუ ყველა თაობამდე.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ღმრთის ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს (CCSL 92:272-73). - რედ.).
 
 
ბერძნულ გრაფიკაში ათასი აღინიშნება ასოთი ალფა (А). ალფაშია დასაბამი, ანუ ქრისტე, სახელშია - ჯვარი (აპრინგი გულისხმობს X-ს - ბერძნულად დაწერილი სახელის Χριστος-ის პირველ ასოს - რედ.), რომელიც არის ჩვენი ძლევა და ბოროტი მტრის დამარცხება. შედეგად, ქრისტეს ჯვრით და მისი ძალით ზღვარი დაედო წუთისოფლის მტრობას, რომელიც აცდუნებს მიწის მკვიდრთ. რადგან არანაირი დრო არ მიედინება ამ მარადისობაში, ხოლო უფლის მარადიულობას შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე დასასრული და არც წელთა რომელიმე რიცხვით ამოიწურება. ამრიგად, უფლის ძალაუფლებითა და ჯვრის ძალით ეშმაკი უფსკრულში შეიკრა.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

ათასი წლით - კარგი იქნება, თუ მასში არ დავინახავთ წლების განსაზღვრულ რაოდენობას - ათასს, არამედ ან საერთოდ წელთა სიმრავლეს, ან სრულყოფილ რიცხვს, ვინაიდან ასე მიიჩნევა ის ათასები, რომელთა შესახებაც დავითი ამბობს: ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე (ფსალმ. 104:8). საერთოდ, ეს რიცხვი აღნიშნავს მრავალ წელს, რათა მთელ სამყაროში იქნეს ნაქადაგები სახარება, მაგრამ შეიძლება აღნიშნავდეს უბრალოდ სრულყოფილ რიცხვს, რადგან, რჩება რა მასში (ათასში) რჯულს დაქვემდებარებული ცხოვრება, ჩვენ მოგივწოდეს, რათა მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას (ეფეს. 4:13). ამ აზრით ათასი წელი - ეს არის დრო ქრისტეს განკაცებიდან ანტიქრისტეს მოსვლამდე.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ნუთუ ჩვენთვის გამოცხადების წიგნი წარმოადგენს უღვთო ბერძნების ათასწლოვან პერიოდს, სულების რეინკარნაციას და მე არ ვიცი, კიდევ სხვა რა სისულელეს და ფუჭსიტყვაობას, რომ ეშმაკი იქნება შეკრული ათასი წლით, ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილიდან (აპოკ. 20:7)? შორს ასეთი ელინური, დამღუპველი სწავლებები, რაც ელინთა ვიწრო გონებას ახასიათებს! სინამდვილეში, რა არის ნათქვამი? წინასწარმეტყველი ამბობს: რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა (ფსალმ. 89:4). ასე რომ, ათასი წელი ითვლება ერთ დღედ ღვთის თვალში. იგივე წერია წმინდა პეტრეს მეორე ეპისტოლეში: ისიც იცოდეთ, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისთვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე (2 პეტ. 3:8). ასეც არის.
 
და წმინდა წინასწარმეტყველი ესაია საუბრობს უფლის სრულ განკაცებაზე, როგორც დღეზე, და ამბობს: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე (ეს. 49:8). არა მხოლოდ (ასეთი მაგალითები), არამედ მეფსალმუნეც ამ დღეს დილას უწოდებს, როდესაც ერთ ადგილას საუბრობს ჩვენი ხსნის სიხარულზე: ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში (ფსალმ. 117:24); სხვა საგალობელში: განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ (ფსალმ. 5:4) (1). აკი ჩვენი ლოცვები მამა ღმერთის კეთილგანყობილი მზერის ღირსნი ხდებიან უფლის შუამავლობისა და შერიგების წყალობით.

_________________

1. სინოდ. ტექსტი: უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები - რედ.

_________________
 
და კვლავ იერუსალიმის შესახებ ნათქვამია: ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე (ფსალმ. 45:6). დღედ და დილად უფლის იქცა უფლის განკაცება, რადგან მზე სიმართლისა აღმობრწყინდა ჩვენთვის (ასე ამბობს მალაქია) (შეად. მალაქ. 4:2. - რედ.) და ცოდნის ნათელი მოგვანიჭა (ოს. 10:12). ზაქარიამ იწინასწარმეტყევლა ეს საღვთო ნათელი, როდესაც თქვა: (ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით), ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი (ლკ. 1:78); რომლის თანახმად, წინასწარმეტყველი ასევე ამბობს: ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენს; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე (ფსალმ. 117:27).
 
რადგან ნათქვამია, რომ ერთი დღე ღმრთისთვის, როგორც ათასი წელი, და, კვლავ, უფლის დედამიწაზე ყოფნა იწოდება დღედ, ასევე ნათქვამია, რომ ეს დღე არის - ათასი წელი, რადგან ღმრთისთვის არ არსებობს არანაირი განსხვავება ერთ დღესა და ათას წელს შორის. უფლის განკაცების ამ პერიოდში ეშმაკი შეიკრა და არ ჰქონდა ძალა წინააღმდეგობა გაეწია მაცხოვრის საკვირველი მოსვლისთვის. ამიტომაც, როდესაც ეს სულიერი საკვრელები იგრძნეს, უკეთურმა დემონებმა შეჰყვირეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად (მთ. 8:29). მაგრამ უფალმაც განუმარტა მათ შეკვრის არსი: როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას (მთ. 12:29).
 
ამიტომ, რადგან, როგორც ნათქვამია, ჩვენ ვაცნობიერებთ უფლის ხორცშესხმას და დედამიწაზე ყოფნას, როგორც ერთ დღესა და ათას წელს, საღვთო წერილის მსგავსად, არ განვასხვავებთ, ამიტომ ეს რიცხვი საიდუმლო მნიშვნელობით არის ნახსენები. გამოცხადების წიგნში ნათქვამია: ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და როდესაც მან ეშმაკი დაამარცხა, შეკრა იგი და უფსკრულში ჩააგდო. რაც უფალმა ეშმაკს სულიერი სახით გაუკეთა, მახარებელი ხედავს, თითქოს დაფაზე გამოსახულებას. აკი შეუძლებელი იყო იოანესთვის, როგორც კაცისთვის, სულიერი სამყაროს დანახვა, ამიტომ იგი აღწერს მომხდარს ხორციელი სახით. ნათქვამია: რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი. რადგან უფლის დედამიწაზე ყოფნას ცოტა მეტი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდებოდა, რათა აღეკვეთა უწმინდურ დემონთა საქმიანობა ადამიანების წინააღმდეგ, იმ საქმეთა მსგავსი, რომლებიც ხდებოდა განკაცებამდე ეპერიოდში.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სატანის სახელები
   
ეშმაკი ითარგმნება, როგორც მიედინება ქვევით, ბერძნულად - ბრალმდებელი, ცილისმწამებელი. სატანა ითარგმნება, როგორც მოწინააღმდეგე ან მოღალატე. ამრიგად, მას ურჩხულს უწოდებენ მის მიერ მიყენებული ზიანის გამო; გველს - იმ მზაკვრობის გამო, რომლითაც აცდუნებს; ეშმაკს, რადგან იგი დაეცა თავისი უწინდელი საფეხურიდან; სატანას - სიჯიუტის გამო, რომლითაც იგი ღმერთს ეწინააღმდეგება.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.
 
 
დროებით გათავისუფლებული
   
ეშმაკი გათავისუფლდება მაშინ, როდესაც ცოტა დრო დარჩება, რადგან მთელი თავისი ძალაუფლებით და მომხრეების ძალით, წმინდა წერილის თანახმად, იგი იბობოქრებს სამი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში; და როდესაც ისინი, ვისთანაც მას  მოუწევს შებრძოლება, ისეთნი იქნებიან, რომ ასეთი დიდი ლაშქრის მსგავსი თავდასხმა მათ ვერ დასცემს. მაგრამ მას რომ თავისუფლება არასოდეს მიეღო, მისი ბოროტი ძალა საკმარისად არ გამოვლინდებოდა, წმინდა ქალაქის ყველაზე თავდადებული მოთმინება საკმარისად არ გამოიცდებოდა; და საკმარისად არ იქნებოდა გააზრებული, თუ რამდენად მშვენივრად ისარგებლა ყოვლისშემძლემ მისი უდიდესი ბოროტებით. რადგან ყოვლისმპყრობელმა მას ბოლომდე არ წაართვა წმინდანთა ცდუნების შესაძლებლობა, თუმცა მან ისინი მოაშორა მის შინაგან კაცს, რომელშიც ღვთის რწმენა ცოცხლობს, რათა მის თავდასხმას, რასაც გარეგნული ხასიათი აქვს, სარგებლობა მოეტანა მათთვის, შეკრა იგი თავისივე მომხრეებთან... ბოლოს ღმერთმა გაათავისუფლა იგი, რათა ღვთის ქალაქმა დაინახოს, თუ რა ძლიერ მტერს სძლია მან თავისი გამომსყიდველის, შემწისა და მხსნელის სადიდებლად.
 
მაგრამ ჩნდება კითხვა: "ამ ბოლო სამ წელიწადსა და ექვს თვეს, როდესაც განთავისუფლებული ეშმაკი მთელი ძალით იმძვინვარებს, მიიღებს კი ვინმე რწმენას მათგან, ვისაც ადრე არ ჰქონდა სარწმუნოება? როგორ დარჩება ძალაში ამ შემთხვევაში გამონათქვამი: ვერც ვერავინ შევა ძლიერი სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს (მკ. 3:27)?"" როგორც ჩანს, ეს გამოთქმა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ იმ მცირედი ხნით არავინ შევა ქრისტიან ხალხთა რიგებში და რომ ეშმაკი შეებრძოლება მათ, ვინც უკვე ქრისტიანები იქნებიან. და თუ ამ უკანასკნელთაგან რომელიმე დამარცხდა და მის მხარეს გადავიდა, ის არ უნდა ჩაითვალოს წინასწარ განსაზღვრულ ღვთის შვილთა რიცხვში.
 
ავგუსტინე იპონიელი, ღმრთის ქალაქის შესახებ.
 
 
ნათქვამია: (რის შემდეგაც) მცირედი ხნით დაიხსნის თავს - რა მცირე ხანზე საუბრობს იოანე? ღვთის განკაცებისა და ამჟამინდელი ცხოვრების დასრულებამდე პერიოდზე - რადგან ის მცირეა, თუნდაც დიდი ჩანდეს, თუ გავზომავთ და შევადარებთ წარსულსა და მომავალს. აკი, თუ წმინდა წერილის რწმენის თანახმად, ჩვენი უფალი ხორციელად გამოჩნდა უკანასკნელ, მეთერთმეტე ჟამს, მაშინ სამართლიანი იქნება, ხანს ჟამთა აღსასრულამდე მცირედი ვუწოდოთ. დაე, თუნდაც ეშმაკი გათავისუფლდეს - დაადე, უფალო, კვლავ ბორკილები მის მახეებს ჩვენ წინააღმდეგ: აკი შენ მეფობ ჩვენზე და სამარადისო დიდება გმვართებს. ამინ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ დროის ამოწურვის შემდეგ კი სამყაროს შეაშფოთებს ანტიქრისტე, რომელიც ბოროტების მეთაურ ველიარის მიერ მოქმედებს და ადამიანებს მისი შხამიანი ბოროტების ნარჩენებს გადმოანთხევს, რადგან იცის, რომ მცირე აქვს ჟამი და გარდაუვალია მისი დასჯა. ჩვენ კი მის საქმეთაგან დაე გვიხსნას ყოვლადმოწყალე ღმერთმა, გვაშოროს მისთვის და მის ანგელოზთათვის გამზადებული სასჯელები და მონაწილე გვყოს მარადიული ნეტარებისა, რომელიც გამზადებულია მათთვის, ვინც სისხლი დაღვარა ეშმაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
წმინდანთა ათასწლოვანი მეუფება ქრისტესთან ერთად
 
20:4
 
 
ახ. ქართ.:
 
4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
   
 
ძვ. ქართ.:
 
4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა.
 
 
***
 
მიმოხილვა: ეკლესია - ქრისტეს სამეფოა დღესაც (ავგუსტინე იპონიელი). მოციქულები განსჯიან ისრაელის თორმეტ ტომს (ეკუმენიოსი), ყველა ურწმუნოს (ანდრია კესარიელი). ჯილდო ელოდება ანტიქრისტეს დროს რწმენაში მტკიცედ მდგომთ (კვიპრიანე კართაგენელი, ავგუსტინე იპონიელი, ეკუმენიოსი). ეშმაკი, ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი გაერთიანებულნი არიან სურვილით წარწყმიდონ ცდუნებულნი, მაგრამ მართალნი იმეფებენ ქრისტესთან ერთად მეორედ მოსვლამდეც (ანდრია კესარიელი). მხეცი - ურწმუნო ქალაქი და ურწმუნო ერია (ავგუსტინე იპონიელი, აპრინგიუსი). ათასი წელი - ეს არის დრო, როდესაც წმინდანები იცხოვრებენ სულიერი ცხოვრებით (ეკუმენიოსი).
 

***

 
4ა. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე;
 
 
ქრისტესთან ერთად გამეფებულნი
   
სანამ ეშმაკი ათასი წლით არის შეკრული, წმინდანები, უეჭველად, მეფობენ ქრისტესთნ ერთად ამ ათასი წლის განმავლობაში, ანუ უკვე მეფობენ და ეს არის დრო მისი პირველი მოსვლისა.
 
მიუხედავად იმ სუფევისა, რომლის შესახებაც ქრისტე იტყვის ბოლოს: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი (მთ. 25:34), მისი წმინდანები, რომლებსაც მან უთხრა: მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე (მთ. 28:20), უკვე ვერ იმეფებდნენ მასთან ერტად დღეს, ცოტა სხვაგვარი, თუმცა არა მსგავსი გზით.
 
დღეს, რა თქმა უნდა, ცათა სასუფეველს სწავლობს ის მწიგნობარი, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს აცალიცა და ძველიც (მთ. 13:52), რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ (იხ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ. 20.4. - რედ.). ეკლესიიდან კი მთესველი შეკრებს იმ ღვარძლსაც, რომელსაც მან ხორბალთან ერტად გაზრდის ნება დართო. განა იმავე სამეფოდან შეკრებენ, რომელშიც ცდუნებები არ არის? ცხადია, შეკრებენ ამ სამეფოდან, რასაც აქ ეკლესია ჰქვია. შესაბამისად, ამჟამად ეკლესია არის ქრისტეს სამეფო და ცათა სასუფეველი. ამიტომ, ამჟამადაც მისი წმინდანები სუფევენ მასთან ერთად, თუმცა განსხვავებულად, ვიდრე იმეფებენ მაშინ; მხოლოდ ღვარძლი არ სუფევს ქრისტესთან ერთად, თუმცა ის ეკლესიაში ხორბალთან ერთად იზრდება... დაბოლოს, მასთან ერთად სუფევენ ისინი, ვინც იმდენად მიეკუთვნებიან მის სამეფოს, რომ თვითონვე ქმნიან მას.
 
მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ეშმაკი შეკრულია ათასი წლით, შემდეგ კი მცირედი ხნით გათავისუფლდება და შემდეგ მოკლედ აღნიშნა, თუ რას გააკეთებს ეკლესია ამ ათასი წლის განმავლობაში ან რა მოხდება მასში, წიგნში ნათქვამია: ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა. ეს არ ეხება უკანასკნელ სამსჯავროს; აქ უნდა ვიგულისხმოთ მმართველთა ის ტახტნი და ის მმართველნი, ვინც ეკლესიას ხელმძღვანელობს ამჯამად. ეს მსჯავრი, უმჯობესია გავიგოთ, სიტყვების თანახმად: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც (მთ. 18:18).
 
ეს ეხება იმას, რაც შემდეგ იქნება ნათქვამი - ათას წელიწადს იესუსთან ერთად სუფევის შესახებ. სულები ეკუთვნიან მოწამეებს, რომლებსაც ჯერ უკან არ მიუღიათ თავიანთი სხეულები. რადგან ღვთისმოსავი მკვდრების სულები არ განეშორებიან ეკლესიას, რომელიც დღესაც წარმოადგენს ქრისტეს სამეფოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ხსოვნა ვერ აღესრულებოდა ქრისტეს ხორცთან ზიარებით. სიცოცხლისთვის საშიშროების შემთხვევაში არავითარი სარგებლობა არ ექნებოდა, უფლის ნათლისღებისთვის მიგვემარტა, თუ ისე მოხდებოდა, რომ ვინმე განშორებოდა იმავე სხეულს სინანულით ან ბოროტი სინდისით.
 
რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუ არა იმიტომ, რომ მკვდრებიც მისი წევრები არიან? ასე რომ, თუმცა ისინი ჯერ თავიანთ სხეულებთან ერთად უკვე სუფევენ, ვიდრე ეს ათასი წელი არ გაივლის. ასე რომ, ამჟამად ეკლესია ქრისტესთან ერთად სუფევს პირველად, ცოცხალთა და მკვდართა სახით. ამიტომაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, როგორც მოციქული ამბობს, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც (რომ. 14:9).
 
მხოლოდ მოწამეთა სულებს იმიტომ ახსენებენ, რადგან გარდაცვლილთ შორის სუფევენ უპირატესად ისინი, ვინც ჭეშმარიტებისთვის იბრძოდნენ, სიკვდილამდეც კი. მაგრამ, როგორც მთელის ნაწილს, მათში ვგულისხმობთ სხვებსაც, ვინც მოკვდა, და ეკლესიას ეკუთვნიან, რომელიც არის ქრისტეს სამეფო.
 
(ამ მუხლის სიტყვებში) უნდა გვესმოდეს, რომ ერთად არის საუბარი ცოცხლებსა და მკვდრებზე. აქ ნახსენები მხეცი შეიძლება იყოს საგანგებო კვლევის საგანი; ამასთან, მართალ რწმენას არ ეწინააღმდეგება, თუ მასსი ვიგულისხმებთ თავად უკეთურ ქალაქს და ურწმუნო ხალხს, რომელიც მტრობს მორწმუნე ადამიანებს და ღვთის ქალაქს. მისი ხატება კი, ჩემი აზრით, ეწოდება ცბიერებას იმ ხალხში, ვინც, თითქოს, სარწმუნოებას აღიარებს, მაგრამ ურწმუნოთა მსგავსად ცხოვრობს. რამეთუ ისინი თავს წარმოადგენენ, არა ისეთ ადამიანებად, როგორებიც არიან სინამდვილეში და იწოდებიან არა ჭეშმარიტი სახელით, არამედ ქრისტიანის ცრუ მსგავსებად.
 
იმავე მხეცს მიეკუთვნებიან არა მხოლოდ ქრისტეს სახელისა და მისი დიდებული ქალაქის აშკარა მტრები, არამედ ის ღვარძლიც, რომლებიც საუკუნის ბოლოს უნდა შეგროვდეს უფლის სამეფოდან, რაშიც ეკლესია იგულისხმება. ესენი კი, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, ვინ არიან, თუ არა ისინი, ვინც მოციქულის სიტყვებს აღასრულებენ: ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად (2 კორინთ. 6:14). ისინი მას არ ეთაყვანებიან, ანუ არ თანაუგრძნობენ, არ ემორჩილებიან და არ იღებენ ნიშანს, ანუ დანაშაულის დაღს: შუბლზე - აღიარების ნიშნად, ხელზე - საქმეების ნიშნად. ამ ბოროტებისთვის უცხონი ჯერ კიდევ სიცოცხლეში (ამ მოკვდავ ხორცში), თუ სიკვდილის შემდეგ, სუფევენ ქრისტესთან ერთად დღევანდელობისთვის შესაბამისი წესით, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება ათასი წლით.
 
ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს. - რედ.).
 
 
იოანე კიდევ უფრო მეტს საუბრობს უფლის ხორციელად ყოფნის შესახებ, რასაც ახლა წარმოგვიდგენს ხილვაში. რადგან ნათქვამია: ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა". ის ხედავს წმინდა მოციქულებს, რომლებიც მათთვის მიცემული აღთქმის თანახმად, დასხდებიან თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად მთ. 19:28). თუმცა ეს უფრო სრულყოფილად უნდა აღსრულდეს მომავალ საუკუნეში, ეს ნაწილობრივ მოხდა განკაცების დროს. აკი მათ, როდესაც იწამეს უფალი და ათასი ნიჭის ღირსნი შიექნენ, განსაჯეს ისინი, ვისაც არ სურდა ერწმუნა და, მოციქულთათვის ბოძებული მადლით განსწავლისას, არ მივიდნენ ღვთის ერთსულოვან თაყვანისცემამდე, არამედ მას ჯვარი და სიკვდილი გადაუწყვიტეს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წმიდა მოციქულებს მიეცათ სამოძღვრო ტახტები, რომელთა მეშვეობით მათ განანათლეს ხალხები, ხოლო სამომავლო საუკუნეში, აღთქმის თანახმად, ესენი მათ გადაეცემათ სამსჯავროსთვის სახარების უარმყოფელთა განსასჯელად, როგორც ამის თაობაზე ამბობს დავითი: რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. რადგან იქ იდგა ტახტები სიმართლისა, ტახტები დავითის სახლისა (ფსალმ. 121:4-5).
 
ასევე, სხვა ყველა წმინდა მოწამეს, რომლებიც ქრისტესთვის ევნენ და რომლებმაც არ მიიღეს მხეცის განდგომილების ხატი, მიეცემათ სამსჯავრო, განკითხვის უფლებამოსილება, რომლის მიერაც ისინი დღემდე განსჯიან დემონებს, აქვთ წილი ქრისტეს დიდებაში 9ეს ასეც იქნება სამყაროს აღსასრულამდე), ემსახურებიან ღვთისმოსავ მეფეებსა და მთავრებს და აღჭურავენ მათ ღვთისგან მონიჭებული ძალებით დემონებისა და ხორციელი ვნებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
ეშმაკი, ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი ერთნი არიან როგორც სახელებით, ისე ქმედებებით, რადგან მათგან თითოეული მხეცად იწოდება. ამიტომ სატანა, ანუ გველი წარმოდგენილია შვიდი თავით და ათი რქით ათ გვირგვინთან ერთად; ანტიქრისტე, ანუ ზღვიდან გამომავალი მხეცი, მსგავსადვე არის შემოსილი, ხოლო ცრუწინასწარმეტყველი ავლენს მათნაირ ძალას, აზროვნებას, ნებას და მათ მსგავსადვე საქმიანობს. ვინც გაექცევა ამ წარსაწყმედელ, იგი ქრისტესთან ერთად იმეფებს მის მეორედ მოსვლამდე, როდესაც ისინი კიდევ უფრო მეტ საღვთო აღთქმათ შეიწყნარებენ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამასთან, საღვთო აღთქმის ჯილდოები ელოდება არა მხოლოდ მათ, ვინც სასჯელი და სიკვდილი დაითმინა. მართალია, მორწმუნეებს არ განუცდიათ ტანჯვა, მაგრამ, თუ მათი რწმენა წმინდა და ურყევი დარჩა, თუ ქრისტიანმა ყველაფრის მოძულებითა და დატევებით, რაც მას ეკუთვნის, აჩვენა, რომ ქრისტეს მიჰყვება, მასაც პატივი მიეგება მოწამეთა შორის ქრისტესგან, რომელიც, აღთქმის თანახმად, თავადვე ამბობს: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის, და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე (ლკ. 18:29-30).
 
აპოკალიფსისის მწერალიც იმავეს ამბობს: ვიხილე იესუს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები. ამრიგად, პირველ რიგში აყენებს რა მოწყვეტილებს, ანუ მოკლულებს, შემდეგ დასძენს: რომლებიც არც მხეცს ეთაყვანნენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე. მას შემდეგ, რაც მან შეკრიბა ყველა, ვინც იხილა ერთსა და იმავე ადგილას, აღნიშნა: გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. იოანე ამბობს, რომ ქრისტესთან ერთად ცოცხლობენ და სუფევენ - არა მხოლოდ ისინი, ვინც მოკლეს, არამედ ზოგადად ისინი, ვინც მტკიცედ იდგნენ რწმენითა და ღვთის მოშიშებით, არ სცემდნენ თაყვანს მხეცის ხატებას და არ ასრულებდნენ მის დამღუპველ მკრეხელურ ბრძანებებს.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილი ფორტუნატეს.
 
 
თავმოკვეთილებს იოანე უწოდებს მათ, ვინც ნაჯახით მოკლეს; ალეგორიულად კი საუბრობს მათ შესახებ, ვინც მოაკვდინა საკუთარი სხეულის ასონი ქრისტეს რწმენის გამო და კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შეიძინა ამის წყალობით. რადგან ისინი ასევე განკვეთეს სინაგოგადან, ათასჯერ ცილი დასწამეს და მათი ქონებაც ძარცვით მიითვისეს, როგორც ამას ბრძენი მოციქული ამოწმებს (შეად. ებრ. 10:34. - რედ.), რადგან მათ სავსებით ირწმუნეს ქრისტე, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის (მთ. 5:11).
 
შეიძლება წარმოვიდგინოთ სწორედ ისინი, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანნენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე - თხრობის თანმიმდევრობას თუ მივყვებით და საღვთო წერილს შევუსაბამებთ ყოველგვარ აზრს, სწორედ ისინი არიან, ვინც ერთსულოვანნი არ ყოფილან დანარჩენ იიუდეველებთან ერთად უ ფლის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელთაც არ სურდათ დამორჩილებოდნენ ღვთისმოძულე ეშმაკის მითითებებს: აკი ეს არის მისი და მისი ხატების თაყვანისცემა. სინამდვილეში, იოანე ხატებაში გულისხმობს, რომ ეშმაკის ნება იყო აღბეჭდილი იუდეველთა გულებში. იმავე უწოდებს იოანე ნიშანს, რომელიც შეიცავს სახელმძღვანელო და აღმასრულებელ პრინციპს: აკი, თავი, რომლის ნაწილიც არის შუბლი, არის ხელმძღვანელობა, ხოლო ხელი - შესრულება.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4ბ. გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
 
 
ყველა მოწამე და ერთგულ ქრისტიანთა სულები, გაცოცხლებული და მიწიერი მტვრის ძილიდან აღდგომილი, სუფევდნენ, როგორც იოანე ამბობს ქრისტესთან ერთად ათას წელიწადს, ანუ ჯვრის ნიშნით, რომლის სათავე უფლის ვნებაა.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის ათას წელს უწოდებს უფლის ყოფნას დედამიწაზე, რომლის დროსაც ისინი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ დემონებს, პატივს მიაგებდნენ ტანჯვას და მრავალ სასწაულს ახდენდნენ. არა ისე, რომ მხოლოდ დიდების მეფესთან, ქრისტესთან ერთად ყოფნა ნიშნავს მასთან ერთად სუფევას. ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი მათ შესახებ: როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას (ფსალმ. 67:15).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
პირველი აღდგომა
 
20:5-6
 
 
ახ. ქართ.:
 
5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.
 
6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.
 
 
ძვ. ქართ.:
 
5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი.
 
6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: მეორე აღდგომა ურწმუნოთ მარადიულ ტანჯვას მოუტანს (ავგუსტინე იპონიელი, აპრინგიუსი). მკვდრები აღდგებიან სულიწმიდის გარდამოსვლით, რომელშიც მოქმედებს მთელი სამება (ეკუმენიოსი). ქრისტე სულიწმიდით და ცეცხლით მონათლავს ცოდვილთ (ორიგენე). სასჯელი მეორე სიკვდილია - ჯოჯოხეთში (ვიქტორინე პეტაველი). მეორე სიკვდილს ძალა არა აქვს მართლებზე (ავგუსტინე იპონიელი). ვინც მეორე სიკვდილს ექვემდებარება აღდგებიან ცეცხლის გეენაში განსასჯელად (აპრინგიუსი). მეორე აღდგომა - საყოველთაო აღდგომაა ხორცში (ეკუმენიოსი, კესარიოს არლელი). ერთნი მოკვდნენ ქრისტეში, სხვები კი - ცოდვებში (ანდრია კესარიელი). წმინდანები უკვე მეფობენ ქრისტესთან ერთად (კესარიოს არლელი). რამდენი სიკვდილიცაა, იმდენივეა აღდგომაც: პირველი სიკვდილი - ხორციელია, როგორც ღმრთისადმი დამოურჩილებლობის სასჯელი, მეორე - კი მარადიული სატანჯველი. პირველი აღდგომა - მკვდარ საქმეთაგან აღორძინებაა, მეორე კი - გადასვლა უკვდავებაში (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.
 
6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე
 
 
ორი აღდგომა
   
მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება (იოანე 5:25), დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან და დამატება - ათასი წლის გასრულებამდე. ეს უნდა გავიგოთ ასე: ისინი არ გაცოცხლებულან იმ დროს, როდესაც უნდა გაცოცხლებულიყვნენ (ერწმუნათ), სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასულიყვნენ. ამიტომ, როდესაც დადგება დღე მკვდრეთით სხეულთა აღდგომისა, ისინი სამარხებიდან გამოვლენ არა სიცოცხლისთვის, არამედ მსჯავრისთვის, ანუ განსჯისათვის, რასაც მეორე სიკვდილს უწოდებენ. რადგან, ვინც არ გაცოცხლდა ათასი წლის გასრულებამდე, ანუ ვინც დროის მთელ ამ პერიოდში, რომელშიც სრულდება პირველი აღდგომა, არ მოისმინა ღვთის ძის სიტყვა და არ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში, ის მეორე აღდგომისას, რომელიც იქნება სხეულის აღდგომა, ამ სხეულთან ერთად საბოლოოდ მეორე სიკვდილში გადავა.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ღმრთის ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს (CCSL 92:277). - რედ.).
 
 
ათასი წლის გასრულებამდე - ანუ მანამ, სანამ არ აღსრულდება მათში რწმენისა და ჯვრის საიდუმლონი, სანამ ისინი, ახლა მზარდნი, არ გამოჩნდებიან საუკუნო ნეტარებაში. დანარჩენი მკვდრები არ გაცოცხლებულან - მას არ უთქვამს: ისინი არ აღმდგარან, არამედ არ გაცოცხლებულან, რადგან სიხარულისა და ბედნიერების გარეშე, თავიანთი ტანჯვისთვის მარადიული ჯილდოს გარეშე ისინი იქნებიან, როგორც მკვდრები. ეს არის პირველი აღდგომა - წმინდანთა სიხარული და წმინდანთა ჯილდო, ვინაიდან იგი პირველად იწოდება მისი დიდებისა და აღმატებულების გამო.
 
იოანემ გვიჩვენა, რომ ისინი არ გაცოცხლებულან, ვისზეც მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება; თუმცა ისინი აღდგნენ მეორე სიკვდილისთვის, ანუ მიესაჯათ ცეცხლის ტბა, როგორც ფსალმუნი ამბობს: ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს (ფსალმ. 57:10). რა თქმა უნდა, მათ შესახებ არის ნათქვამი - მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. ყველა, ვინც წმინდანთა კრებულში იქნება, წმინდანებად იწოდებიან და იქნებიან მღვდლები ქრისტე ღმერთისა, მასთან ერთად ჯვრის ძალით და მისი ძლევამოსილებით იმეფებენ.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ნათქვამია: დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. იოანე მკვდრებს უწოდებს მატ, ვინც ურწმუნოდ ცხოვრობდა, ვის შესახებ უფალმა თქვა: მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მათე 8:22). ამიტომ მკვდრები სულიერი სიცოცხლით არ გაცოცხლდებიან ხორცშესხმის პერიოდის დასრულებამდე, რომელიც ათას წელიწადს გრძელდება; ამის შემდეგ გაცოცხლდებიან. როგორ? სულიწმიდის გადმოსვლით და ყოფნით. აკი მაშინ იუდეველთა უმრავლესობა ირწმუნებს ქრისტეს - იმდენად, რამდენადაც მათ არ ირწმუნეს მისი, როდესაც იგი მათ შორის იყო ხორციელად. აკი მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს და აღიარეს ძველ აღთქმაში მამა (ახალი აღთქმის დროს იცნეს) ძე განკაცების, ათასობით სასწაულისა და ნიშნის წყალობით; სულიწმიდა კი კაცობრიობისთვის ჯერ ნათლად გაცხადებული არ იყო (2).
 
__________________________
 
2. შემდეგში ეს თავისებური სწავლება თავის განვითარებას მიიღებს იოაჰიმე ფლორელთან (იგივე იოაჰიმე კალაბრიელი, ჯოაკინო დე ფიორე (ლათ. Joahimus Florensis; იტალ. Gioacchino da Fiore) ок. 1132 (5) – 1202). - რედ.
 
__________________________
 
მხოლოდ იყო სიტყვა მის შესახებ (ისევე, როგორც ძეზე) ძველ აღთქმაში, მაგრამ არ არსებობგდა აღსაქმელად აშკარა და თვალსაჩინო საქმენი, რაც ძირითადად ხალხს რწმენისკენ უბიძგებს - მიუხედავად იმისა, რომ მას შეიცნობდნენ ისინი, ვინც ჭვრეტის სიღრმეებს ჩასწვდნენ.
 
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც წარმოქმნილი და შექმნილია, სრულდება უწმინდესი სამების მიერ, და ეს ნათლად დაამოწმა უფალმა, ერთ ადგილას როდესაც თქვა, რომ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო (ინ. 12:49), და ასევე: მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად (ინ. 5:30); და კვლავ, იოანეს სახარებაში: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს (ინ. 5:19); სხვაგან, სადაც ნათქვამია: ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ (მთ. 12:28).
 
და მაინც, ვინაიდან, როგორც ითქვა, სულიწმიდა ხილულად არ გამოსცხადებია ადამიანს მოქმედებაში, ისე იყო მოწყობილი, რომ თითქმის ყველა ადამიანმა მიიღო ქრისტეს რწმენა ნუგეშისმცემელისა და მამა ღმერთის ძალით, ისე, რომ ყველასთვის აშკარა ყოფილიყო სწორედ ის, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა და ძისა. რა თქმა უნდა, განკაცების დროს ასოცზე მეტ მორწმუნეს არ დაუმოწმებია - რამდენსაც საქმეების წიგნი ასახელებს, ვინც ოთახში იყვნენ შეკრებულნი (იხ. საქმე 1:13-16. - რედ.). და თუ ქრისტეს მოძღვრების ძალამ ბევრ ადამიანამდე მიაღწია, მაშინ რწმენა შენარჩუნებულ იქნა თავად სულის გარდამოსვლის წყალობით. ამიტომ, შეიძლება ვინმემ განსაჯოს, რომ, როგორც ჩაგდებული თესლის შემთხვევაში, რომელიც მთლიანად მიწაშია, მაშინ ამოდის ხილულად, როდესაც მოდის წვიმა და მზე გაანათებს ყველა მარცვალს, ასე ხდება სულიწმიდის გარდამოსვლის დროსაც: ყველა, ვისზეც გავრცელდა უფლის სწავლება, რწმენით გაბრწყინდა. ამიტომ, გამოცხადების წიგნში კიდევ უფრო ზუსტად არის ნათქვამი, რომ დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იესუ ნათლავს ... სული წმიდით და ცეცხლით (ლკ. 3:16). ... წმინდანსაც ნათლავს - სული წმიდით იმის შემდეგ, რაც ის ირწმუნებს, იმის შემდეგ, რაც ღირსი იქნება სულიწმიდისა, ხოლო კვლავ შემცოდეთ ცეცხლით განწმენდს... ნეტარია სულიწმიდით მონათლული, და ეს არ არის დაკავშირებული ცეცხლით ნათლობასთან. სამგზის უბედურია ის, ვისაც ცეცხლით ნათლობა სჭირდება, მაგრამ ერთსაც და მეორესაც ფლობს იესუ: გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს (ეს. 11:1), კვერთხია ის - დასასჯელთათვის, ხოლო - ყვავილი - მართალთათვის.
 
ამრიგად, ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი (ებრ. 12:29), ღმერთი არის ნათელი (1 იოანე 1:5), ღმერთი - შთანმთქმელი ცოდვათა, ნათელი - მართალთა და წმიდათათვის. და ნეტარია ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში, ვინც შეინარჩუნა სულიწმიდის ნათლისღება. ვინც ცხონდება მეორე აღდგომაში? ის, ვინც საჭიროებს ცეცხლით ნათლობას, როდესაც, ცეცხლთან მიყვანილი, გამოიცდება - და ნახავდა მასში ცეცხლი ხეს, ბალახს და ლელქაშს, რომ დაეწვა იგი.
 
ორიგენე, ჰომილიები იერემიას წინასწარმეტყველებაზე (3).
 
__________________________
 
3. ისინი, ვინც სერიოზულად სცოდავდა ნათლისღების საიდუმლოში სულიწმიდის მიღების შემდეგ, მის მერეც უნდა განიწმინდოს განმწმენდელი ცეცხლით და ამის შემდეგაა - მეორე აღდგომა - რედ.
 
__________________________
 
ყველამ იცის, რომ წითელი ეშმაკი და ყველა მისი განდგომილი ანგელოზი უფლის მოსვლამდე გეენიის ტარტაროზში იქნენ ჩაგდებულნი და რომ ათასი წლის შემდეგ ისინი განთავისუფლდებიან იმ ხალხებისთვის, ვინც ანტიქრისტეს ემსახურება, რათა მხოლოდ ისინი დაიღუპონ, რადგან ისინი იმსახურებენ ამას. დაბოლოს, აღსრულდება საყოველთაო სამართალი! ამიტომ იოანე ამტკიცებს: გაცოცხლდნენ მკვდრები, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში (შდრ.: აპოკ. 21:27) და ქრისტესთან ერთადე სუფევდნენ ათას წელიწადს. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე (4).
 
__________________________
 
4. ირინეოს ლიონელსაც მიაჩნდა, რომ პირველი აღდგომა - ეს მიწიერი ათასწლოვანი მეუფებაა (მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.34.2). ის აერთიანებს გამოცხ. 20:5-6 და ეს. 30:25-26; ეს. 58:14; ლკ. 12:37-38; ეს. 6:11; დან. 7:27; დან. 12:13 - რედ.
 
__________________________
 
ამ მკვდრეთით აღდგომის შესახებ იგი ამბობს: და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი (აპოკ. 14:1), - ანუ ისინი, ვინც ქრისტესთან იდგნენ, კერძოდ, ის ებრაელები, რომლებიც ბოლო ჟამს შეიკრიბებიან, რომ ირწმუნონ ელიას წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომელთა შესახებაც სული ამოწმებს, რომ ისინი არა მხოლოდ ხორცით არიან უბიწონი, არამედ ბაგით (აპოკ. 14:4-5). ამიტომ მან ზემოთ აღნიშნა, რომ ოცდაოთხმა უხუცესმა თქვა: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა. წარმართნი გაშმაგდნენ (აპოკ. 11:17-18).
 
პირველი აღდგომისას ამით წერილი აღწერს მომავალ ულამაზეს ქალაქს. პავლე მაკედონიის ეკლესიების მიმართ (ეპისტოლეში) პირველი მკვდრეთით აღდგომის შესახებ ამბობს: ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ (1 თესალონიკ. 4:15-17).
 
ჩვენ მოვისმინეთ მისი ნათქვამი - საყვირი. ეს გასათვალისწინებელია: აკი სხვა ადგილას მოციქული სხვა საყვირზე საუბრობს. რადგან იგი კორინთოელთა მიმართ (ეპისტოლეში) ამბობს: როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი, მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, - უკვდავნი გახდებიან, - ხოლო ჩვენ შევიცვლებით (1 კორინთ. 15:52).
 
ამიტომ, როდესაც გვესმის, რომ არსებობს უკანასკნელი საყვირი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არის პირველიც. ეს არის ორი აღდგომა. შესაბამისად, რამდენადაც უნდა ეცადონ აღდგნენ პირველი აღდგომის დროს და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ მთელ ქვეყანაზე - ყველა ერზე - ისინი აღდგებიან უკანასკნელი საყვირის ხმაზე ათასი წლის შემდეგ, ანუ უკანასკნელი აღდგომის დროს უკეთურთა, ცოდვილთა და ათასი ჯურის დამნაშავეთა შორის. მან სწორად დაამატა და თქვა: ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე. მეორე სიკვდილი კი ჯოჯოხეთის სასჯელია.
 
წმ. მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტაველი, გამოცხადების განმარტება.
 
 
პირველი აღდგომის მონაწილეა ის, ვინც არა მხოლოდ სიცოცხლეს დაუბრუნდა სიკვდილიდან, არამედ მტკიცედ დარჩა იმ სიცოცხლეში, რომელსაც დაუბრუნდა. მეორე სიკვდილის ხელმწიფება, ამბობს იოანე, - არ ვრცელდება მათზე, შესაბამისად, ეს ხელმწიფება ვრცელდება იმ დანარჩენზე, რომელთა შესახებაც ის ზემოთ ამბობს: დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე, რადგან, რამდენი ხანიც უნდა იცოცხლოს თითოეულმა მათგანმა ხორციელად მთელი ამ შუალედის განმავლობაში, რომელსაც ათასი წელი ეწოდება, არცერთი მათგანი არ დაუბრუნდება სიცოცხლეს იმ სიკვდილისგან, რაც უკეთურებაში გაატარა.
 
ნეტ. ავგუსტინე, საღმრთო ქალაქის შესახებ.
 
 
ყველა ვინც არ გათავისუფლებულა ღმრთისა და კაცთა ერთი შუამავლის მიერ წარწყმედის იმ მასიდან, რომელიც პირველი ადამიანისგან წარმოდგა, თუმც ყველა აღდგება თავისი ხორცით, მაგრამ ეშმაკთან და მის ანგელოზებთან ერთად დასასჯელად. ხოლო აღდგებიან თუ არა ისინი თავიანთი სხეულების ნაკლოვანებებითა და სიმახინჯით, როგორიც ადრე ჰქონდათ - უნდა შევიწუხოთ თუ არა თავი მსგავსი კითხვების გადაწყვეტით? ჩვენთვის უმნიშვნელო უნდა იყოს იმათი გარეგნობის სიმახინჯე ან სილამაზე, ვისი ხვედრიც იქნება სამარადისო განსჯა და უეჭველი წარწყმედა. ჩვენ არ შეიძლება გვაინტერესებდეს, როგორ იქნება მათში რაიმე უხრწნელი, თუკი ის განიცდის ტანჯვას, ან რანაირად იქნება რაიმე ხრწნადი, თუკი ვერ იქნება სიკვდილის შემძლე. რადგან ჭეშმარიტი სიცოცხლე არის მხოლოდ იქ, სადაც ნეტარი ცხოვრებაა, და ჭეშმარიტი უხრწნელება არის მხოლოდ იქ, სადაც კეთილდღეობას ვერ არღვევს ვერანაირი ტანჯვა. ხოლო სადაც უბედურს ნება არ ეძლევა მოკვდეს, იქ თვით სიკვდილიც არ კვდება, და სადაც უწყვეტი ჭმუნვა არ წყდება, იქ არ წყდება თვით ხრწნილებაც. ამას წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ენქიდრიონი.
 
 
ნათქვამია: ეს არის პირველი აღდგომა, რაც ნიშნავს მორწმუნეთა აღდგომას; რადგან მეორე აღდგომა იქნება სხეულით საყოველთაო აღდგომა. ამიტომ, ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში, რადგან მეორე აღდგომაში ყველა დავიდებთ წილს, ისინიც კი, ვისაც არ სურს. ბუნებრივია, მათზე, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში, ანუ ერთგულებზე, მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება. როგორია ეს სიკვდილი? რა თქმა უნდა, ცოდვისგან სიკვდილი და შემდგომი სასჯელი; რადგან, როგორც ის საუბრობს პირველ და მეორე აღდგომაზე, ასევე პირველ და მეორე სიკვდილზე. პირველი სიკვდილი ბუნებრივია, სულისა და სხეულის განშორება, ხოლო მეორე - სულიერი სიკვდილია, ცოდვისმიერი, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას (მათე 10:28).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საღვთო წერილიდან ვიცით, რომ არსებობს ორი სიცოცხლე და ორი სიკვდილი: პირველი სიცოცხლე მცნების დარღვევის გამო დროებითი და ხორციელია, მეორე კი ღვთის მცნებათა დაცვით და წმინდანთათვის დაპირებული მარადიული სიცოცხლეა. ამის შესაბამისად არის ორგვარი სიკვდილიც: ერთი ხორციელი და დროებითი, და მეორე, სასჯელი ცოდვათათვის, მარადიული, ანუ გეენიის ცეცხლი.
 
არსებობს განსხვავება მკვდრებს შორისაც: ზოგიერთნი, ესაიას სიტყვის თანახმად, მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან (ეს. 26:14), რომელთაც მოაქვთ სიმყრალე და სიკვდილი თავიანთი საქმეებით - ასეთ ადამიანებს უნდა განვერიდოთ, ხოლო სხვები, რომელთაც მოაკვინეს ხორციელი ზრახვები ქრისტეში, როდესაც ჯვარს ეცვნენ მასთან ერთად და მკვდარნი არიან ამ სოფლისთვის - ისინი უნდა შევაქოთ.
 
აშკარად მკვდარნი და თანაგრძნობის ღირსნი არიან ისინი, ვინც არ დაიმარხნენ ქრისტესთან და არ თანააღდგნენ მასთან ერთად ნათლისღების წყალობით, არამედ სულიერ სიკვდილში მყოფობენ. ისინი მასთან ერთად არ აღდგებიან ათასი წლის გასრულებამდე, ანუ ეს ის დროა, რომელიც გრძელდება მისი პირველი მოსვლიდან მისივე მეორედ დიდებით მოსვლამდე, არამედ ისინი დაუბრუნდებიან მიწას, როგორც მიწიდან შობილნი და არა სულიდან, რადგან მათი სიკვდილით დაიწყება მათი მომავალი ტანჯვა...
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
6. არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.
 
 
ეკლესიის ათასწლოვანი მეუფება
   
არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს, - ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ნათქვამი მხოლოდ ეპისკოპოსებსა და ხუცესებზე, რომელთაც ამჟამად ეკლესიაში ეწოდებათ მხოლოდ მღვდლები. როგორც ჩვენ, ყველას ქრისტიანებს ვუწოდებთ ზეთისცხების საიდუმლოს გამო, ასევე ვუწოდებთ ყველას მღვდლებს, რადგან ისინი ერთი მღვდლის ნაწილები (ასონი) არიან. მოციქული პეტრე მათ შესახებ ამბობს: თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება (1 პეტ. 2:9). მართალია, მოკლედ და გაკვრით გაცხადებულია, რომ ქრისტე არის ღმერთი ამ გამონათქვამის მიხედვით - მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ანუ მამისა და ძისა, თუმცა ქრისტე გახდა ძე კაცისა, მიიღო რა მონის სახე, მაგრამ დადგენილ იქნა მღვდლად უკუნისამდე მელქისედეკის წესით (იხ. ფსალმ. 109:4. - რედ.).
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს - რედ.).
 
 
სულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რადგან დაწერა, რომ ეკლესია იმეფებს ათას წელიწადს ამ საუკუნეში, ქვეყნიერების აღსასრულამდე. ცხადია, ეჭვი არ უნდა შევიტანოთ საუკუნო სუფევაში, რადგან დღეს წმინდანები ასევე სუფევენ. კი ამბობენ, რომ კარგად სუფევს ის, ვინც ღვთის შემწეობით, ამქვეყნიურ შეჭირვებათ შორის, კარგად მართავს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ისინი კი, ვისაც პირველ აღდგომაში უდევთ წილი, ანუ მომაკვდინებელ აზრთაგან და საქმეთაგან გათავისუფლდნენ, ნეტარნი არიან, რადგან ისინი არ განიცდიან მეორე სიკვდილის დაუსრულებელ ტანჯვას, არამედ ათასი წლის განმავლობაში, სატანის გათავისუფლებისა და მის მიერ ყველა ერის ცდუნების დრომდე ქრისტესთან ერთად იმღვდლობენ და იმეფებენ, არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ მათ წაერთმევათ მეფობა, არამედ მიიღებენ მას უეჭველად და მტკიცედ, წარმავალის გასრულებისა და მარადიულის დადგომის შემდეგ.
 
დრო, რომელიც გაივლის ეშმაკის გათავისუფლებიდან მისივე განკითხვამდე და გეენაში დასჯამდე, უმნიშვნელო იქნება. ამიტომ, სიტყვები იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი უნდა იქნას გაგებული, როგორც უწინდელის გამეორება, რადგან წმინდანთა სასწაულები, რომლებსაც ახლა გამოცდილებით ვხედავთ, მახარებლისთვის გამოცხადების დროს ჯერ კიდევ მხოლოდ მომავალი იყო. ასე რომ, არსებობს ორი სიკვდილი და იმავე რაოდენობის აღდგომა. პირველი სიკვდილი არის ხორციელი, რომელიც იგზავნება სასჯელად ადამიანის ურჩობისთვის, ხოლო მეორე - მარადიული ტანჯვა. პირველი აღდგომა არის მკვდარ საქმეთაგან ხელახლა შობა, ხოლო მეორე - სხეულის ხრწნადობიდან უხრწნელობაში გადასვლა (5).
 
__________________________
 
5. დროთა განმავლობაში ბერძნული სიტყვა ζωοποίησις (აღორძინება) პატრისტიკულ ლექსიკონში ნათლისღებისას სულიწმიდის მოქმედების აღმნიშვნელი გახდა - რედ.
 
__________________________
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
გოგი და მაგოგი
 
20:7-10
 
 
ახ. ქართ.:
 
7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.
 
8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
   
9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
 
10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.
   
 
ძვ. ქართ.:
 
7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა.
 
8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.
 
9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.
 
10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

 
***
 
მიმოხილვა: ათასი წლის მიწურულს წმინდანები წავლენ ღმრთის მარადიულ სასუფეველში, ხოლო სატანა - მარადიულ სატანჯველში (აპრინგიუსი). ეშმაკი - გამოცდაა მართალთათვის და წარწყმედა ურწმუნოთათვის (ეკუმენიოსი). ათასი წელი - სახარებისეული ქადაგების დროა, რომლის შემდეგაც მოვა ძე წარწყმედისა და ხალხები აღდგებიან ეკლესიის წინააღმდეგ (ანდრია კესარიელი, ავგუსტინე იპონიელი). ეშმაკი მის მიმდევრებს მარადიული წარწყმედისთვის წირავს (აპრინგიუსი). გოგი და მაგოგი - ხალხთა შეკრება და აღზევებაა ჟამთა აღსასრულს (ანდრია კესარიელი). ეკლესია - წმინდანთა ბანაკი და ღმრთის ქალაქია, და მის მტრებს შეჭამს ციდან გადმოსული ცეცხლი (ავგუსტინე იპონიელი, კესარიოს არლელი). სატანა, ეშმაკი და ანტიქრისტე ჩაიყრებიან გეენიის ტბაში (ეკუმენიოსი). იერუსალიმის ტაძარში დაჯდება ანტიქრისტე, რომელსაც შთანთქავს ზეციდან გადმოსული ცეცხლი - ქრისტეს მოსვლა (ანდრია კესარიელი).
 

***
 
 
7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.
 
8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
 
 
სატანის დაღუპვა
   
აქ ცდუნება ნიშნავს გაფანტვას, გაფუჭებას და საკუთარ თავთან ერთად დასაღუპად წაყვანას. ანუ ყველა ცოდვილი, ვინც მან ქვეყნიერების ოთხივე მხარეს აცდუნა, საუკუნო ტანჯვას მოიმკის. გოგი ითარგმნება, როგორც "ჭერი", ხოლო მაგოგი - როგორც "ჭერიდან" ან "სახურავიდან". ყოველი, ვინც მან აღაზევა და ცოდვამდე მიიყვანა თავისი ქედმაღლობით, ან ამპარტავნობის ჭერზე დააყენა, ან ვინც ამ სახურავიდან, მისი აღზევების სიმაღლიდან ჩამოვიდა - ყველანი ერთდროულად მიიღებენ ერთ სასჯელს და საუკუნო ცეცხლს. როდესაც ამბობს - საბრძოლველად შეკრიბოს ისინი - წარსულის ნაცვლად აღწერს მომავალს. რადგან გარკვეული გაგებით საბრძოლველად ნიშნავს, რომ ცოდვილები მტრობენ კეთილ საქმეებს. და რადგან ბევრია ცოდვილი და თან - ძალიან ბევრიც, დასძენს: რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა".
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე
 
 
ბოროტებით გამოცდა
   
როდესაც უფალმა, განახორციელა რა თავისი განკაცების განგებულება და ამაღლდა ზეცად, ეშმაკი საკვრელთაგან უნდა გათავისუფლებულიყო, და კვლავ ეცდუნებინა ხალხები, რადგან ადრე ნათქვამი იყო, რომ ეშმაკის მოქმედებას უფლის ადამიანთა შორის ყოფნა ბოჭავს (შეად. 1 ინ. 3:8; ებრ. 2:14. - რედ.). როდესაც უფალი ზეცად ამაღლდება, ეშმაკი აკეთებს იმას, რაც მისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივია: როგორც დედამიწაზე ადამიანები თავისუფლებით სარგებლობდნენ, ისე განაგრძობენ მისით სარგებლობასაც; რადგან ეშმაკი ყველას გაფანტვას ცდილობს. მაგრამ ზოგი დარწმუნებას ემორჩილება, ზოგი კი არა და ბოროტთან ბრძოლას იწყებს.
 
ამასთან, ვინმეს შეუძლია თქვას, "რატომ მიეცა უფლება ეშმაკს, რომელიც ოდესღაც შებოჭეს და მის დაუოკებელ მისწრაფებებს უფლის ხორციელად მოსვლის დროს წინ აღუდგნენ, კვლავ ვცდუნებინეთ ჩვენ, ვინც დედამიწაზე ვართ? არ აჯობებდა, ბორკილებით შეეკრათ და ხალხი ამ ცდომილებაში არ ჩავარდნილიყო? სინამდვილეში რატომ არ უნდა ითქვას ეშმაკის გაჩენის მიზეზზე ან იმის შესახებ, თუ მას შემდეგ, რაც გაჩნდა და დანაშაულებრივ გზას დაადგა, რატომ არ განადგურდა საბოლოოდ, მაშინ ხალხს ხომ ვერ მიწვდებოდა?"
 
ჩემო ძვირფასო, ეს რომ მომხდარიყო, როგორ გამოიწრთობოდნენ მებრძოლნი, თუკი არავინ იქნებოდა, ვისთანაც შეეძლოთ შერკინება? როგორ შეეძლოთ ეჩვენებინათ ძალა, თუ მტერი არ იარსებებდა? დაუდევარი და გართობისმოყვარე ხალხი თავისთავად ბედუკუღმართია, ეშმაკი არსებობს თუ არა, ეს მას ნაკლებად აშფოთებს... ხოლო პატრიარქები და წინასწარმეტყველები, მოციქულები და მახარებლები მოაკლდებოდნენ დიდებას და ისინი, ვინც მტკიცედ დარჩნენ ქრისტეს მოწმენი, სისხლის დათხევამდეც კი, და შეინარჩუნეს კეთილშობილება მისი გულისთვის, ასევე აღმსარებლები და შესანიშნავი მოძღვრები, რომლებიც ეკლესიებს ხელმძღვანელობდნენ, ყველაზე სულგრძელი ასკეტები და ყველა მართალი, რომლებმაც სიმწიფეს მიაღწიეს ქრისტეს რწმენით - "ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა" (ებრ. 11:37).
 
ამრიგად, კეთილშობილი და წმინდა ზნეობის მებრძოლნი უმსუბუქებენ სასჯელს ცოდვილთ, რომელთაც ადგებათ სრული ვნება; რადგან ერთი პატიოსანი კაცი ღვთის თვალში უფრო მეტად ფასობს, ვიდრე (მისი) ათასი უარმყოფელი. ამიტომ, ორივე შემთხვევაში ეს გაკეთდა საღვთო შთაგონებით - როგორც უფლის მოსვლის დროს ეშმაკის სულიერი შეტევა აღკვეთა, ისე იგი გაათავისუფლა ხალხის საცდუნებლად ზეცად ასვლის შემდეგ. რადგან სატანას უფლება რომ მისცემოდა, თავი სრულიად გამოევლინა, როდესაც უფალი დედამიწაზე იყო, იგი ხელს შეუშლიდა ადამიანებს საღვთო სწავლების მწვერვალისთვის მიეღწიათ და ვერავინ შეძლებდა გაეგო, ვინ არის ღმერთი ჭეშმარიტად და რა არის მისი უბიწო მსახურება, რა არის ბოროტი და კეთილი; მისთვის ჯვარსაც კი მოამზადებდა დროზე ადრე, სწავლების დაწყებამდე. ეს რომ მომხდარიყო, უფლის ხორცშესხმაც და (მის) ამგვარ საკვირველ საიდუმლოსაც არავითარი შედეგი არ ექნებოდა, უკეთ - უსარგებლო იქნებოდა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქადაგების დროება
   
ზოგიერთები, არ ვიცი რატომ, მითითებულ ათას წელს მიიჩნევდნენ სამწელიწად ნახევრად, რომელიც გავიდა ქრისტეს ნათლისღებიდან მის ზეცად ამაღლებამდე, რის შემდეგაც ეშმაკი, როგორც ფიქრობდნენ, საკვრელთაგან გაიხსნა. სხვები კი ამბობდნენ, რომ ექვსი ათასი წლის გასვლის შემდეგ მოხდება პირველი აღდგომა წმინდანთა, რათა ათასი წლის განმავლობაში დატკბნენ დიდებით იმავე დედამიწაზე, რომელზეც იღვაწეს, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებაო საყოველთაო აღდგომა, არა მარტო მართალთა, არამედ ცოდვილთაც (იხ. მაგალითად, ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.32.1,5.35.1-2. - რედ.).
 
მაგრამ, რადგან ეკლესიამ არც ერთი ამ განმარტებათაგანი არ შეიწყნარა, სრულიად ზედმეტია მათზე მსჯელობა. ჩვენ კი, მივდევთ რა უფლის სიტყვებს, რომელმაც უთხრა სადუკეველთ მართალთა შესახებ, რომ ისინი არიან როგორც ანგელოზები ცაში (მთ. 22:30), და მოციქულის სიტყვებით, რომ ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა (რომ. 14:17), - ჩვენ ვიღებთ და მიგვაჩნია, რომ ათასი წელი ეს არის სახარებისეული ქადაგების პერიოდი. რადგან ადრეც ვამბობდით, რომ არ არის აუცილებელი ეს ათასი წელი წელთა ზუსტ რიცხვად მივიჩნიოთ.
 
როგორც ქებათა ქებაშია ნათქვამი: ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების (ქება 8:11-12), - და ამით აღინიშნება არა რიცხვი, არამედ მოსავლის სიუხვე და დოვლათიანობა. ასეა აქაც (აპოკალიფსისში), ეს რიცხვი - რწმენის ნაყოფიერების სრულყოფილებაა, რომლის შემდეგაც მოვა ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა (2 თესალონიკ. 2:3), და, მოციქულის თქმით, განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო (2 თესალონიკ. 2:12). და მეუფემაც თქვა: მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ (ინ. 5:43) (ირინეოსიც ამ ადგილს ანტიქრისტეს მოსვლას განაკუთვნებდა (მწვალებლობათა წინააღმდეგ 5.25.4). - რედ.).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
 
 
გოგი და მაგოგი
 
აცდუნოს ხალხები - ამ დროს სატანა აცდუნებს ზუსტად იმისთვის, რომ ამ ომში ჩაითრიოს. რადგან ადრეც ყოველგვარი მეთოდებით, როგორც კი შეეძლო, აცდუნებდა ყველანაირი და მრავალგვარი ბოროტებით. ნათქვამია - გამოვა, ანუ ფარული სიძულვილიდან ფარულად დევნაზე გადავა. ეს იქნება უკანასკნელი დევნა, რომელიც დაატყდება თავს მთელ ქვეყანაზე წმინდა ეკლესიას, ანუ ქრისტეს ქალაქს, უკანასკნელი სამსჯავროს დაწყებამდე, ეშმაკის მთელი ქალაქისგან, სანამ ორივე მათგანი კვლავ დედამიწაზე იქნება.
 
გოგი და მაგოგი - ამ ხალხებში არ უნდა ვიგულისხმოთ ვიღაც ბარბაროსები, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მაგალითად, გუთების ან მასგუთების მსგავსნი, (6) როგორც ზოგიერთი ფიქრობს მათი სახელების პირდაპირი მსგავსების საფუძველზე, - ან სხვა უცხოტომელები, რომლებიც რომაელთა მმართველობაში არ იმყოფებიან, (7) რადგან წარმოდგენილია, რომ ისინი მთელ დედამიწაზე ცხოვრობენ. ნათქვამია - გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხივე მხარეს აცდუნოს ხალხები, და შემდეგ დაემატება: გოგი და მაგოგი.
 
_____________________
 
6. გუთები (ლათ. Getae) — ძველი თრაკიელები, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ბალკანეთსა და დუნაის შორის. მასგუთები - მომთაბარე ხალხები, რომლებიც კასპსა და არალს შორის ბინადრობდნენ - რედ.
 
7. ამბროსი მედიოლანელი გოგს აიგივებდა იმ დროს, როდესაც იმპერატორი გრაციანე 378 წ-ს მათთან ომისთვის ემზადებოდა (რწმენის შესახებ 10:241). - რედ.
 
_____________________
 
ამ სახელების მნიშვნელობა თარგმანში ასეთია: გოგ - "ჭერი", მაგოგი - "ჭერიდან"; ეს თითქოს სახლია და ის, ვინც ტოვებს სახლს (იხ. იერონიმე სტრიდონელი, ეზეკიელის წიგნის განმარტება. 11.38); ამრიგად, ესენი არიან ის ერები, რომლებშიც, როგორც უფსკრულში, ეშმაკია დატყვევებული და თვითონაც თითქოს მათგან გამოდის.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს - რედ.)
 
 
წმიდა ეზეკიელმა გვამცნო ამ გოგისა და მაგოგის შესახებ და თქვა, რომ დამღუპველნი სასიკვდილოდ დაიღუპებიან (იხ. ეზეკ. 38, 39. - რედ.). ესენი არიან ერთგვარი ერები, ვინც ხალხებს წარუძღვებიან უკანასკნელ დროს, რადგან ახლა ისინი არ არსებობენ; ან ესენი არიან დღეს მცხოვრები ხალხები, რომლებსაც საღვთო წერილში სხვა სახელები ეწოდება. მათ უღვთო სატანა შეკრებს ქრისტეს მსახურთა წინააღმდეგ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
როდესაც ნათქვამია, რომ თავისი საპყრობილიდან დახსნილი სატანა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცდუნებს ხალხებს და ქვეყნიერების გასაპარტახებლად საბრძოლველად შეკრებს გოგსა და მაგოგს, - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ გოგი და მაგოგი ეს შორეული ჩრდილოეთის სკვითი ხალხებია, (8) ან ჰუნები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ (9) და რომლებიც მიწის ხალხთა შორის ყველაზე მებრძოლი და მრავალრიცხოვანი ხალხები არიან. მხოლოდ ღმრთის მარჯვენა აკავებს მათ ეშმაკის გათავისუფლებამდე, რათა დაიპყრონ მთელი ქვეყნიერება.
 
_____________________
 
8. ეს შეხედულება გვხვდება იოსებ ფლავიოსთან, რომელიც წერს, რომ მაგოგმა დასაბამი მისცა მაგოგიტებს, რომლებსაც ბერძნები სკვითებს უწოდებენ (იუდეველთა სიძველენი. 1.6.1. - რედ.
 
9. იხ. თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია. 5.37.4 (GCS 19:340). გვიანდელი ბიზანტიელი ავტორები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ანდრია კესარიელი, ჰუნებს უწოდებდნენ ყოველგვარ ბარბაროს ხალხს, რომელიც, ისევე როგორც ჰუნები, ემუქრებოდნენ ბიზანტიას. - რედ.
 
_____________________

ზოგიერთი, ებრაულის საფუძველზე ამბობს, რომ გოგი ნიშნავს შემკრებს ან შეკრებას, ხოლო მაგოგი - ამაღლებულს ან მაღლობს. ამრიგად, ამ სახელებით აღნიშნულია ან ხალხთა კრებული, ან კიდევ მათი აღზევება. უნდა ვიცოდეთ, რომ ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა ამ ხალხებზე, რომ გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად (ეზეკ. 39:9). ზოგიერთი კომენტატორი წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს განაკუთვნებდა ასირიელთა ბრძოლას სენაქერიმის წინააღმდეგ ეზეკიას დროს, მაგრამ ეს მოვლენა ეზეკიელის წინასწარმეტყველებამდე მრავალი წლით ადრე მოხდა (10). ამჯერად ამაში გულისხმობენ იმ ხალხების დამარცხებას, რომლებიც თავს დაესხნენ იერუსალიმის მცხოვრებთ, როდესაც მათ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ქალაქის კედლების განახლება და გამაგრება სურდათ ჯერ კიროს სპარსელის, შემდეგ კი დარიოსის განკარგულებით. ამაშივე გულისხმობენ ანტიოქოსის (ეპიფანეს) ჯარებს, რომელიც მაკაბელებმა დაამარცხეს.
 
ცნობილია, რომ მათი მოსვლა უფრო უკანასკნელ ჟამს შეესაბამება. ასე შეიძლება ვივარაუდოთ იმიტომ, რომ ჯერ-ერთი, არსად წმიდა წერილში არ არის ნახსენები იუდეველთა ომი სკვითებთან, გარდა მეზობელი ხალხებისა, რომლებსაც მათი უეცარი გამდიდრებისა შურდათ; მეორეც, იმიტომ, რომ გოგის შესახებ დაწერილია, რომ ის მოემზადება ძველი დროებიდან და უკანასკნელ ჟამს მოვა (იხ. ეზეკ. 38:8. - რედ.); და მესამე, მომავლის ამ წინასწარმეტყველურ გამოცხადებაში ნათქვამია, რომ გოგი და მაგოგი მოვლენ სამყაროს აღსასრულის წინ.
 
_____________________
 
10. იხ. 2 მეფ. 31:1-23. უცნობია, რომელ კომენტატორს გულისხმობდა აქ ანდრია კესარიელი. - რედ.
 
_____________________
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
 
10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.
 
 
წმინდანთა სიმტკიცე
   
ნათქვამი - მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს - იმას როდი ნიშნავს, რომ მოვიდნენ ან მოვლენ ერთ ადგილას, თითქოს ერთ რომელიმე ადგილზე იქნება იმ დროს წმინდათა ბანაკი და საყვარელი ქალაქი. აქ საუბარია ქრისტეს ეკლესიაზე, რომელიც მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. სადაც არ უნდა იყოს იმ დროს - და ის იქნება ყველა ერის წიაღში, რაზეც მიუთითებს სიტყვები - მიწის მთელ სივრცეს - იქ იქნება წმინდათა ბანაკიც, იქ იქნება ღვთის საყვარელი ქალაქიც. იქ იქნება მისი ყველა მტერი - რადგან ისინიც, მასთან ერთად, ყველა ერის წიაღში იქნებიან - მას სასტიკი დევნით გარს შემოადგება, ანუ ქალაქს შეავიწროვებენ, შეზღუდავენ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ საშინელი თავდასხმებით. და ისიც, თავის მხრივ, საბრძოლო პოზიციას არ მიატოვებს, ამიტომაც ეწოდება ბანაკის სახელი.
 
წიგნში ნათქვამია: მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი - რაშიც არ უნდა ვიგულისხმოთ უკანასკნელი სასჯელი, რომელიც დადგება, როდესაც იტყვიან: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მთ. 25:4). რადგან მაშინ ისინი ცეცხლში წარიგზავნებიან და ზეციდან ცეცხლი როდი ჩამოეშვება მათზე. აქ, ზეციდან ცეცხლის ქვეშ მიზანშეწონილია ვიგულისხმოთ თვით წმინდანთა სიმტკიცე, რომლითაც ისინი არ დაემორჩილებიან მათ, ვისგანაც სისასტიკე მოდის, არ იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად. რადგან მყარი არის ცა, ეს სიმყარე მათ უსასტიკესი შურიანობით დატანჯავს, ვინაიდან ისინი ვერ შეძლებენ ქრისტეს წმინდანების გადაბირებას ანტიქრისტეს მხარეს. ეს მოშურნეობა იქნება ის ცეცხლი, რომელიც შთანთქავს მათ და ეს ღვთისგან იქნება. ეს ღვთის წყალობაა, როდესაც წმინდანები უძლეველნი რჩებიან, რის გამოც მათი მტრები იტანჯებიან.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს ძირითად იდეას - რედ.).
 
 
ცოდვილთა უგუნურება
   
მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკს (11) გაამპარტავნებული ცოდვილები გამოვიდნენ მაღლობზე, მაგრამ მიწის სიმაღლემ შეაკავა. ისინი გაბრძნობილნი არ არიან არაფერ ზეციურში და არანაირი ზეციური ძალისა არ ეშინიათ. გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკს, ანუ მათ სურდათ ყოფნა წმინდანთა საზოგადოებაში, მაგრამ მათ შესახებ აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს (ფსალმ. 58:15), რომელსაც აქ იოანე საყვარელს უწოდებს და ამბობს: გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს.
 
_____________________
 
11. აპრინგიუსთან და კესარიოს არლელთან გვაქვს: ascenderunt super altitudinem terrae (გამოვიდნენ ისინი დედამიწის მაღლობზე), და არა super latitudinem (სივრცეზე), როგორც ეს არის პრიმაზიუსთან და ბედასთან - რედ.
 
_____________________
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
სამარადისო დასჯა
 
გარს შემოადგნენ საყვარელ ქალაქს, ანუ ეკლესიას. ამასთან, ზეციდან ჩამოშვებული ცეცხლი ყველას გაანადგურებს და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დადგება ანგარიშსწორების დრო, ბოროტების მიზეზი სატანა, ეშმაკთან და ანტიქრისტესთან ერთად, ცეცხლის ტბაში, ანუ გეენაში ჩავარდება. დაე, მკითხველმა იცოდეს, რომ გამოცხადების წიგნმა ზემოთ წარმოგვიდგინა სამი: ერთი - ურჩხული, ბოროტების მიზეზი, რომელიც ცაზე გამოჩნდა, მეორე - ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელიც, ჩვენი აზრით, მეორეა სატანის შემდეგ, მაგრამ აღემატება დანარჩენ დემონებს, და მესამე - ანტიქრისტე, რომელსაც ასევე ცრუწინასწარმეტყველს უწოდებენ. მაგრამ მეორე აშმაკისა და ანტიქრისტეს შესახებ ადრე იყო საუბარი, როდესაც ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში (აპოკ. 19:20).
 
ამასთან, აქ საუბარია სატანაზე, ანუ ეშმაკზე, რომელსაც ადრე ურჩხულს უწოდებდნენ. ნათქვამია: და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. ასე რომ, იცოდეთ - ამ ნაწარმოების კითხვისას ჩვენ შევიტყვეთ ათასი წელიწადის შესახებ, რომლის დროსაც ეშმაკი, შებორკილი, უფსკრულში იქნა ჩაგდებული და შემდეგ - კვლავ გათავისუფლებული, როგორც უფლის განკაცებასა და დედამიწაზე მისი ყოფნის თაობაზე ძალიან ზუსტი მინიშნება, რომლის დროსაც მას მცირედი ხნით მიეცა მოქმედების უფლება. ახლა კი ნაჩვენებია, რომ მისი და მის მიერ მოტყუებული ადამიანების სასჯელი არის არა ათასი წელიწადი, რომელსაც მოჰყვება გათავისუფლება შემდგომი ბოროტმოქმედებისთვის, არამედ უკუნითი უკუნისამდე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცეცხლის მნიშვნელობა
 
მართლაც მოედვნენ ეშმაკი და მისი ხალხები მიწის მთელ სივრცეს, ანუ ამპარტავნების ზეობას მიაღწიეს. და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს, ანუ ეკლესიას. ეს ისაა, აზეც მან ზემოთ ისაუბრა არმაგედონში შეკრებილთა შესახებ (იხ. გამოცხ. 16:16. - რედ.). ისინი ხომ ვერ შეძლებენ ქვეყნიერების ოთხივე მხრიდან ერთ ქალაქში შეკრებას, ამიტომ თვითონ ოთხივე მხარეში შეიკრიბება ყოველი ერი წმინდა ქალაქის ალყაში მოსაქცევად, რაც ეკლესიის დევნას ნიშნავს.
 
მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით დედამიწაზე, ანუ ეკლესიიდან, და შთანთქა ისინი. ცეცხლი აქ ორგვარი მნიშვნელობით უნდა მივიღოთ: ან სულიწმიდის ცეცხლის მეშვეობით სწამთ ქრისტე და სულიერად ეკლესიის მიერ შთაინთქმებიან - ანუ შეუერთდებიან ეკლესიას; ან თავიანთი ცოდვების ცეცხლი შთანთქავს მათ და წარწყმდებიან.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ანტიქრისტე ტაძარში
   
ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში - როგორც გამოქვაბულიდან გამოსული ველური მხეცები, ისინი, ეშმაკის წინამძღოლობით, გამოვლენ თავიანთი ადგილებიდან და მთელ მსოფლიოს მოედებიან, რათა დაატყვეონ და გაანადგურონ წმინდანთა ბანაკი, რაც არის ქრისტეს ეკლესია, დაფუძნებული და დამყარებული სამყაროს ოთხივე კუთხეზე, მაგრამ არ ესმით ის, რომ არა მარტო ერთი ანგელოზი, არამედ, ფსალმუნთმგალობელის თქმით, დაიბანაკებენ ანგელოზნი უფლისანი მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენენ მათ (შეად. ფსალმ. 33:8) (12).
 
_____________________
 
12. ეზეკიას დროს ღმერთმა იერუსალიმი გადაარჩინია მხოლოდ ერთი ანგელოზის დახმარებით (2 პარ. 32:21); სამყაროს აღსასრულის დროს იქნება მრავალი ანგელოზი, რომლებიც წმინდანებს დაიცავენ - რედ.
 
_____________________
 
ამ დროს ისინი მოიწადინებენ დაეუფლონ ახალ იერუსალიმს, ღვთისგან შეყვარებულს, საიდანაც გავრცელდა ღვთის რჯული მთელ მსოფლიოში მოციქულთა მეშეობით (ლკ. 24:47). ნათქვამია, რომ ანტიქრისტე დაჯდება ღვთის ტაძარში ან იუდეველებისა, რომელიც ადრე იყო საღვთო, მაგრამ შემდეგ დანგრეულ იქნა ქრისტეს უტიფრად უარყოფის გამო, რომელსაც, ღვთისმბრძოლი იუდეველების მოლოდინის თანახმად, აღადგენს ანტიქრისტე, მიითვისებს რა სხვისას, როგორც მოციქული ამბობს, ღმერთად გამოაცხადებს თავს (2 თესალონიკ. 2:4), დაჯდება ღვთის ტახტზე, მაგრამ არა დიდი ხნით... მას ზემოთ ხსენებულ ხალხებთან ერთად დაწვავს ზეციდან ჩამოსული ცეცხლი, ანუ ხილული, როგორც ეს მოხდა ელიას დროს, როდესაც ცეცხლმა შთანთქა ორმოცდაათი კაცი (4 მეფ. 1:10), ან კიდევ ქრისტე დიდებით მოსვლით მოაკვდინებს მათ თავის ბაგეთა სულით (2 თესალონიკ. 2:8), ხოლო მათი წინამძღოლი ეშმაკი ანტიქრისტესთან ერთად ჩაგდებულ იქნება ცეცხლის ტბაში, სადაც მარადიულად დაიტანჯებიან.
 
ხოლო ჩვენ, ქრისტე მაცხოვრისგან დამოძღვრილებმა ვილოცოთ, რათა არ შთავვარდეთ განსაცდელში (მთ. 6:13), არამედ შევიგნოთ საკუთარი უძლურება, და გამუდმებით ვევედროთ მას, რათა დაგვიხსნას ნაწინასწარმეტყველები განსაცდელისგან, არ ვიხილოთ არც ანტიქრისტეს მოსვლა, არც ნაუწყებ ხალხთა მოძრაობა და არც მომაკვდინებელი უბედურება, რომელიც აიძულებს მარავალს განუდგნენ მაცხოვნებელ რწმენას.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სატანის დასჯა
   
ამ ამბის შემდეგ, რაც უკანასკნელ დევნას ეხება, მოკლედ იქნა წარმოდგენილი ის, რაც დაატყდება თავს ეშმაკს უკვე უკანასკნელ სამსჯავროზე. უპირველესად, აუცილებელია იმის გადაწყვეტა, თუ რატომ უარყო ეკლესიამ იმ ადამიანების ფუჭსიტყვაობა, ვინც აღგვითქვამდა ეშმაკის განწმენდას ან შეწყალებას, თუნდაც უდიდესი და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ (13).
_____________________
 
13. ავგუსტინე მხედველობაში ჰყავს ორიგენე და მისი მიმდევრები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს საღმრთო სასჯელი მთლიანად განმწმენდელი აღმოჩნდება, და არა დამსჯელი. ამ სწავლებას ზოგჯერ აპოკატასტასისსაც (ანუ ყველა არსების თავის პირვანდელ პატივში აღდგენას) უწოდებენ - რედ.
 
_____________________
 
უამრავ წმინდანს, ძველ და ახალ აღთქმაში კარგად განსწავლულ ადამიანს ოდნავადაც არ შეშურებიათ იმ ფაქტის გამო, რომ ესა თუ ის ანგელოზი, რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, სასჯელად მიიღებდნენ განწმენდას და ნეტარებას ცათა სასუფეველში! მაგრამ მათ დაინახეს, რომ საღვთო განაჩენი, რომელსაც უფალი, როგორც თავად იწინასწარმეტყველა, სამსჯავროზე წარმოთქვამს, არ შეიძლება იყოს ამაო და უძლური: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მთ. 25:41) - განაჩენი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ეშმაკი და მისი ანგელოზები დაიწვებიან საუკუნო ცეცხლში. მათ ასევე დაინახეს, რომ აპოკალიფსისში დაწერილი არ შეიძლება იყოს უძლური: ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე; საღვთო წერილის ენაზე ეს გამონათქვამები ჩვეულებრივ ნიშნავს მხოლოდ დროს, რომელსაც არა აქვს დასასრული.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ.
აპოკალიფსისი
უკანასკნელი სამსჯავრო და მეორე სიკვდილი
 
20:11-15
 
 
ახ. ქართ.:
 
11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
 
12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.
 
13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.
 
14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.
 
15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
 
 
ძვ. ქართ.:
 
11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ.
 
12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.
 
13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა.
 
14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ.
 
15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
 
***
 
 
მიმოხილვა: ცა და მიწა განახლდებიან სამსჯავროს ცეცხლში (ავგუსტინე იპონიელი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). სამსჯავროზე ყოვლის წინაშე წარდგება მისი ცხოვრება, რომელიც დაცულია ღმრთის მეხსიერებაში (ავგუსტინე იპონიელი). ღმრთის ძალა - სამსჯავროშია, მოწყალება - მისაგებელში (აპრინგიუსი). მკვდრები - ცოდვილები არიან (ანდრია კესარიელი). ზღვა - ეს აწმყოა (ავგუსტინე იპონიელი). ვერავინ აცდება ღმრთის მსჯავრს (აპრინგიუსი), რომელზეც წარდგებიან სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მიერ მოცემულნი (ეკუმენიოსი). მკვდარი სულები არიან ისინი, ვისი საქმეებიც მკვდარია, ხოლო მართალთა სულები - ღმრთის ხელშია (ანდრია კესარიელი). სიკვდილი - სულის ხორცთან გაყრაა, ჯოჯოხეთი - მდაბიო სულთა საცავია (ბედა პატივდებული). პირველი სიკვდილი - ხორცისა და სულის გაყრაა; მეორე სიკვდილი კი - სულის სიკვდილია, რომელსაც არ უცხოვრია ღმერთში (ავგუსტინე იპონიელი). რადგან სიკვდილი განადგურდა, აწ აღარავი მოკვდება (აპრინგიუსი). მეორე სიკვდილი - სულიერი სიკვდილია, რომლის მიზეზი - ცოდვაა (ეკუმენიოსი, ფულგენციუს რუსპიელი). წმინდანთათვის დადგება უხრწნელებისა და უკვდავების დრო, ხოლო ცოდვილთათვის - მარადიული სატანჯველი (ანდრია კესარიელი, ლაქტანციუსი). სიცოცხლის წიგნი - ყოველი ადამიანის აზრისა და საქმის გამოაშკარავებაა, რომელიც აწ უკვე ცხადი ხდება (ბედა პატივდებული), ან ღმრთის წინასწარხედვა მართალთა შესახებ (ავგუსტინე იპონიელი).
 
 
***
 
 
11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
 
 
სამყარო შეიცვლება
   
ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ ღვთის მიერ შექმნილი ეჭვს არაფერი იწვევს, ხოლო მატერიისგან შექმნილი საეჭვოა. რომ ყველაფერი არაფრისგან შეიქმნა, შესაბამისია ღვთის განგებულებისა, რომელიც ყველაფერს კვლავ არაფრად აქცევს. თუ ცა გრაგნილივით დაიგრაგნა (იხ. ეს. 34:4; გამოცხ. 6:14. - რედ.), მაშინ, რა თქმა უნდა, ის არაფრად იქცევა იმ მიწასთან ერთად, რომელთანაც იგი თავდაპირველად შეიქმნა. ცა და მიწა გადავლენ (მთ. 24:35) - ამბობს უფალი; პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო (აპოკ. 21:1); და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი, რადგან ის, რაც დასასრულს უახლოვდება, მისი ადგილი აღარ არის.
 
ტერტულიანე, ერმოგენეს წინააღმდეგ.
 
ეს ცა და ეს მიწა შეწყვეტს არსებობას სამსჯავროს შემდეგ, როდესაც გამოჩნდება ახალი ცა და ახალი მიწა. ეს სამყარო გადავა არა სრული მოსპობის მნიშვნელობით, არამედ საგნების ცვლილების შედეგად. ამიტომაც ამბობს მოციქული: წარმავალი საწუთროს ხატი. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ (1 კორ. 7:31-32). შესაბამისად, წარმავალია ხატი, მაგრამ არა ბუნება.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ.
 
 
თეთრს იოანე ნათელ და გაბრწყინებულ ტახტს უწოდებს. მიწისა და ცის ლტოლვაში (მისი სახისგან) იგულისხმება მათი შეცვლა და გარდასახვა. თუ ზათქით გადავლენ ცანი (2 პეტ. 3:10), წმინდა პეტრეს და, აგრეთვე, წინასწარმეტყველის თანახმად, რომელიც ამბობს: უწინ დედამიწა დააფუძნე (უფალო) და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან (ფსალმ. 101:26-27). მაშინ, ბუნებრივია, რომ მათ გადაგებასა და განადგურებას, რაც მათ შეცვლას ნიშნავს, აპოკალიფსისი ლტოლვას უწოდებს, ვინაიდან აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. რადგან სად შეიძლება ნახო ხრწნადი (ბუნება), რომელიც უკუგდებულ იქნა? ამრიგად, აქ ნათქვამია მათი გარდასახვის შესახებ და ცოტა მოგვიანებით - რომ ისინი განახლდებიან (14).
 
__________________
 
14. მხედველობაშია გამოცხ. 21:1: მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. - რედ.
 
__________________
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დიდი თეთრი ტახტი აღნიშნავს ღვთის განსვენებას, რომელსაც იგი ქმნის სათნოებებით დამშვენებულ წმინდანებში, განისვენებს რა მათზე, როგორც ტახტზე. ილტვოდნენ მიწა და ცა - ეს აღნიშნავს მათ მოსპობასა და ტანჯვაში განახლებას, რადგან მათში არ არის ადგილი ცვლილებისათვის. თუკი ქმნილება ჩვენს გამო ექვემდებარება ხრწნილებას, მოციქულის თანახმად, ჩვენთან ერთად თვით ქმნილებაც გათავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში (რომ. 8:21). განახლდება, მაგრამ არასდროს დაექვემდებარება საბოლოო განადგურებას, არამედ განახლდება უბრწყინვალესი სახით (15)... ის არ დაექვემდებარება საბოლოო განდგურებას, როგორც ფიქრობდნენ ამის შესახებ ნეტ. ანტიპატრე და სხვა წმინდანები (16).
 
ნეტარი ირინეოსი ამბობს: "არ ქრება და არ ისპობა ქმნილების არც ბუნება და არც შედგენილობა (რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია მისი შემოქმედი), არამედ წარმავალია საწუთროს ხატი (1 კორ. 7:31), რაც ნიშნავს: რაშიც ცოდვაა, ის გაქრება"... (17).
 
__________________
 
15. შეად. ორიგენე, საწყისთათვის 1.6.2; 2.1.1-2, სადაც ნათქვამია, რომ დასასრული მსგავსია დასაწყისის, ასე რომ გონიერი ქმნილებები დაუბრუნდებიან თავდაპირველ მდგომარეობას - რედ.
 
16. ანტიპატრე ბოსტრელი ნახსენებია იოანე დამასკელთან ("Sacra Parallela", PG 96:497). ანტიპატრე ორიგენეს საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ წმინდანები უფრო განდიდდებიან აღდგომისას და ამის დასადასტურებლად იყენებს თხრობას ქრისტეს ფერისცვალების შესახებ - რედ.
 
17. წმ. ირინეოს ლიონელი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.36.1. ირინეოსი არ იმოწმებს გამოცხ. 20:11 სამყაროს გარდასვლასთან დაკავშირებით. ის უფრო გამოცხ. 21:1-4-ს იმოწმებს (მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.35.2). - რედ.
 
__________________
 
დიდი მეთოდე კი სიტყვაში აღდგომის შესახებ ამბობს: "არ შეიძლება მივიღოთ ზოგიერთის აზრი, თითქოს ყველაფერი სრულად მოისპობა, თითქოს არ იქნება არც მიწა, არც ცა, არც ჰაერი; მთელი სამყაროს ცეცხლში გაეხვევა მისი განწმენდის მიზნით, მაგრამ საბოლოოდ როდი გაქრება და დაიღუპება". შემდეგ განაგრძობს: "და პავლე აშკარად ამტკიცებს, ამბობს რა: ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,  იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან (რომ. 8:19-21)" და ა. შ. (იხ. წმ. მეთოდე პატრელი, აღდგომის შესახებ 1.8. - რედ.).
 
ხოლო მათზე უწინარეს ნეტარი დავით წინასწარმეტყველი გალობდა და ამბობდა: გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას (ფსალმ. 103:30); და ესაია ამბობს: როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი (ეს. 66:22).
 
ამგვარად, ჩვენთვის შექმნილი ყველა ქმნილება უკეთესობისკენ შეიცვლება ჩვენთან ერთად, ჩვენ მსგავსად არ გადავლენ სიკვდილსა და არაფრობაში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.
 
 
სიცოცხლის წიგნი
   
იოანე ამბობს, რომ იყო გადაშლილი წიგნები და სხვა წიგნიც, მაგრამ ამ უკანასკნელზე არ დუმს, თუ რა სახის იყო იგი. მისი თქმით, ეს წიგნი არის ყველა ადამიანის სიცოცხლის წიგნი (18), შესაბამისად, იმ წიგნებში, რომლებზეც მან მანამდე ისაუბრა, უნდა მოვიაზროთ წმინდა წიგნები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა (ანუ საღვთო წერილი). ასე რომ, ამ წიგნებში ნაჩვენები იყო, თუ რისი კეთება ბრძანა ღმერთმა თავისი მცნებების თანახმად. და მასში, რაც არის სიცოცხლის წიგნი, (წერია), ამ ბრძანებათაგან თუ რა შეასრულა თითოეულმა ადამიანმა, ან არ შეასრულა.
 
__________________
 
18. ლათ. qui est vitae uniuscuisque, რაც ასევე გვხვდება პრიმაზიუსთან და კესარიოს არლელთან. ბედასთანაა - alio editio. - რედ.
 
__________________
 
თუკი უკანასკნელ წიგნს ხორციელი სახით წარმოვიდგენთ, ვის შეუძლია განსაზღვროს მისი სიდიდე და სიგრძე? ან რამდენი ხანი დასჭირდება წიგნის კითხვას, რომელშიც აღწერილია მთელი ცხოვრება თითოეული ადამიანისა? ნუთუ არ წარდგება იმავე რაოდენობის ანგელოზი, რამდენი ადამიანიც იქნება და თითოეული ადამიანი მოისმენს საკუთარ ცხოვრებას, რომელსაც კითხულობს მისთვის წარდგენილი ანგელოზი? ამ შემთხვევაში, წიგნი არ იქნებოდა ყველასთვის ერთი, არამედ ყველასთვის ცალკე. წმინდა წერილი კი ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს წიგნი არის ერთი.
 
ამრიგად, უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვარი საღვთო ძალა, რომლის მოქმედებითაც მეხსიერებაში წარმოდგება და საოცარი სიცხადით აღდგება თითოეული ადამიანის გონებრივი თვალსაწიერის წინაშე მისი ყოველი საქმე, როგორც კეთილი, ისე ბოროტი - ისე, რომ ცოდნა განსჯის ან სინდისი გაამართლებს, და ამრიგად ყველა და თითოეული ერთობლივად იქნებიან განკითხულნი. ამ საღვთო ძალამ, როგორც ჩანს, მიიღო წიგნის სახელწოდება. მასში თითქოს იკითხება ის, რაც მისი ზემოქმედებით აღდგება მეხსიერებაში.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს (CCSL 92:282). - რედ.)
 
 
წიგნები
 
ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი - დიდებს ის მართლებს უწოდებს, არა მათი სხეულებრივი სიდიდის, არამედ მათი სათნოებების დიდებისა და ბრწყინვალების გამო; ხოლო მცირეში - ცოდვილებს, რადგან მცირენი გახდნენ დაბალი ზნისა და უვარგისობის გამო.
 
და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი. - უფალი სახარებაში ამბობს: ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.  ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას (მთ. 7:13-14). და არა მხოლოდ ისინი არიან მცირედნი, ვინც მას შეუდგება, არამედ ისინიც, ვინც მას იპოვიან. ასე რომ, მან იხილა (ერთდროულად) მრავალი წიგნი და ერთი წიგნი; მრავალი, რომლებშიც ყველა ადამიანია ჩაწერილი, რადგან მრავალია მათი რიცხვი, და ერთი - სიცოცხლის წიგნი, რომელშიც სხვებს შორის ჩაწერილნი არიან რჩეულნი, რომელთაც არ ეთქმით საყვედრული თავიანთი სათნოების გამო და დადიან სათნოების უსწორმასწორო და ციცაბო გზით.
 
ნათქვამია: და ყოველი მათგან, ვინც წიგნებში იყო ჩაწერილი, განკიტხულ იქნა მათი საქმეების მიხედვით (ეკუმენიოსის ტექსტი განსხვავდება სინოდალური თარგმანისგან, - რედ.). წინა წიგნებიდან ერთ-ერთს ეწოდა პატარა წიგნი (შეად. გამოცხ. 10:2, 10 - რედ.). აქ კი ნახსენებია წიგნი, თანაც სიცოცხლის წიგნი, თითქოსდა არსებობს სამი განსხვავებული წიგნი: ის ამბობს პატარა წიგნზე, რომელშიც შეტანილნი არიან განსაკუთრებულნი უკეთურნი, იმათ შესაბამისად, რაც მასში იყო მოცემული; მაგრამ ცოცხალთა წიგნში ჩაწერილნი არიან მართალნი და ღვთისმოსავნი; ხოლო წიგნებში - იგულისხმებიან ყველა ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად აღმოჩნდნენ ბოროტებასა და სათნოებას შორის.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მკვდრებს ჩვენ ვუწოდებთ ამ ყველა ადამიანს, რომლებმაც განიცადეს ხორციელი სიკვდილი, ან კიდევ ცოდვილთ. დიდებად და მცირეებად უწოდებს იოანე ან მათ, ვინც, როგორც უკვე ვთქვით, განსხვავებულნი არიან ასაკით, ან მათ, ვინც არაერთგვაროვნად დაისჯება ჩადენილ მკვდარ საქმეთა სიდიდისა თუ სიმცირის მიხედვით; ან კიდევ დიდნი არიან მართლები, ხოლო მცირენი - ცოდვილები, ჭეშმარიტად უსარგებლონი თავიანთი ცოდვისმიერი სიბილწისა და სულიერი უვარგისობის გამო. გადაშლილი წიგნები ნიშნავს ყოველი ადამიანის საქმესა და სინდისს. ერთი მათგანიო, ამბობს, არის სიცოცხლის წიგნი, რომელშიც ჩაწერილია წმინდანთა სახელები.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
განკითხულ იქნენ მკვდრები და ა. შ. ანუ, ისინი განკითხულ იქნენ (ძველი და ახალი) აღთქმის წიგნების მიხედვით, რაც გააკეთეს ამ წიგნების მიხედვით და რაც არ გააკეთეს. წიგნი შეიძლება ასევე გავიგოთ, როგორც მართალთა საქმეები, რადგან მათთან შედარებით იღებენ სასჯელს ბოროტეულნი, თითქოს ამ წიგნების გადაშლისას ისინი მათში კითხულობენ კეთილ საქმეთა შესახებ, რისი გაკეთებაც თავად არ სურდათ. სამართლიანად მეჩვენება მათი აზრი, ვისაც მიაჩნია, რომ წიგნის გადაშლა, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, თითოეული ადამიანის ფიქრები და საქმეებია, რომლებიც ახლა გადაიშალა. რაც შეხება სიცოცხლის წიგნს, ეს არის ღვთის წინასწარი ცოდნა (რომელიც შეუძლებელია ცდებოდეს) მათ შესახებ, ვისაც საუკუნო სიცოცხლე მიენიჭება. ისინი ჩაწერილნი არიან ამ წიგნში და ამიტომ წინასწარ არიან ცნობილნი.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
მსჯავრი და წყალობა
   
ვინ არის თავისუფალი ღვთის წინაშე, თუ არა ისინი, ვინც აღიარებს, რომ ისინი არსებობენ ყოველი მათგანის საქმის განმსჯელის ძალით? ნათქვამია, რომ ღმერთს აქვს წიგნი, არა ხორციელი, არამედ სულიერი, ანუ საუკუნო მეხსიერება, სადაც დაცულია მორწმუნეთა სახელები. ამიტომ ფსალმუნი ამბობს: საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი (ფსალმ. 111:6).
 
გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი - სიცოცხლის წიგნი და, სიცოცხლე, როგორც ასეთი, არის უფალი იესუ ქრისტე. მაშინ გადაშლის, ანუ ამცნობს მთელ ქმნილებას, როდესაც ყველას მიაგებს თავისი საქმის მიხედვით.
 
და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები - დავითი ამბობს: ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე (ფსალმ. 61:12). რას ნიშნავს ორჯერ? ეს მან განმარტა, როდესაც თქვა: უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი (ფსალმ. 21:29). იქ მან მოისმინა მეფობის შესახებ, აქ ნახა წიგნი. მან იქ მოისმინა ორჯერ; აქ მან ნახა სხვა წიგნი. და იმის შესახებ, თუ რას შეიცავს ეს ორი წიგნი, ის იქ ამბობს: რადგან ღმერთისაა ძალა. და შენი არს, უფალო, წყალობა (ფსალმ. 61:12-13). ძალა განკითხვაშია, ხოლო წყალობა - საზღაურის მიზღვაში. მათი საქმეებისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები - დავითი ამბობს: რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით (ფსალმ. 61:13).
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.
 
 
სხვადასხვანაირი მკვდრები
   
ვინ არიან ეს მკვდრები, რომლებიც ზღვამ დააბრუნა? ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი, ვინც ზღვაში კვდებიან, არ ყოფილან ჯოჯოხეთში ან რომ მათი სხეულები ზღვაში იყო შენარჩუნებული, ან კიდევ, რაც უფრო უაზრობაა - რომ ზღვამ შეიწყნაროს კეთილი მკვდრები, ხოლო ჯოჯოხეთმა - ბოროტები. ვის მოუვა თავში მსგავსი აზრი?
 
ზოგიერთს საკმაოდ მართებულად მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ზღვა გამოიყენება ამჟამინდელი საუკუნის მნიშვნელობით (შესაძლოა, ავგუსტინე გულისხმობდეს ტიკონიუსს - რედ.). ამრიგად, მათთან ერთად ვინც აღდგება, სამსჯავროზე განისჯებიან და ისინიც, ვინც აქ ქრისტეს ჯერ კიდევ სხეულებში დახვდებიან, იგი მათ უწოდებს ასევე მკვდრებს, თანაც, როგორც კეთილ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ითქმის: რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში (კოლ. 3,3), ისე ბოროტებს, არის რა მათზე ნათქვამი: მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მთ. 8:22). მკვდრებად ისინი შეიძლება იწოდებოდნენ უკვე იმიტომ, რომ აქვთ მოკვდავი სხეულები; ამიტომაც ამბობს მოციქული - ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისთვის (რომ. 8:10), - ამბობს იგი და გვიჩვენებს, რომ ორივე მათგანი - მკვდარი სხეულიც და ცოცხალი სულიც - არის ცოცხალ ადამიანში, ამ სხეულში ვინც მკვიდრობს.
 
ასე რომ, ზღვამ დააბრუნა თავისი მკვდრები, ანუ დღევანდელმა საუკუნემ დააბრუნა თავისი ხალხი, რადგან ისინი ჯერ არ მომკვდარან. სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები - ზღვამ დააბრუნა, რადგან ისინი წარდგნენ ისე, როგორც მოასწრეს; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს, რადგან ისინი კვლავ ხმობილნი არიან სიცოცხლისკენ, რომელმაც უკვე ჩაიარა.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი. საღმრთო ქალაქის შესახებ (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს (CCSL 92:282-83). – რედ.).
 
 
რომ არავინ თქვას, რომ ისინი, ვინც ზღვაში მოკვდა, წყალში დაიხრჩო, მხეცებმა შეჭამეს, ცეცხლში დაიწვა, ვერ აღდგებიან, იოანე ამბობს, - ზღვამ დააბრუნა თავისი მკვდრები. და რადგან ვერავინ გაექცევა ღვთის განაჩენს, დასძენს: და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თითოეული. ისე, რომ არავის ეფიქრა, თითქოს მკვდრეთით აღგომას სხეულთა სიკვდილი მოჰყვებოდა (რაზეც არათუ მხოლოდ ფიქრი, ლაპარაკიც ურჯულოებაა), დასძინა: სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.

 
მათ, ვისაც არ სწამს სხეულების აღდგომა, ვძულვართ ჩვენც და ჩვენი დოგმატიც, რომლის მიხედვითაც, იგივე სხეულები კვლავ აღდგება - თითქოს ამის მიღწევა არა მხოლოდ რთულია, არამედ საერთოდ შეუძლებელია. ისინი ამბობენ, რომ ყველა მიწიერი სხეული ოთხი ელემენტისგან შედგება, ესენია: ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი; და, რა თქმა უნდა, სიკვდილის შედეგად დარღვეული სხეულები უბრუნდება იმას, რისგანაც თავიდან შედგებოდა. ამრიგად, რაც ჩვენში ცეცხლისმიერია, ბუნებრივ ცეცხლს უბრუნდება, რაც წყლისგანაა - წყალს, ხოლო დანარჩენი ორი ელემენტი - იმას, რაც მათთვის არის თვისობრივი. ამიტომ, რადგან ისინი ერთმანეთში იყვნენ შერეული და შერწყმული, მაშინ როგორ არის შესაძლებელი, რომ ის, რაც (ელემენტების) შერწყმის განუყოფელი გზა გახდა, დაუბრუნდეს თითოეულ სხეულს, როგორც თქვენ ამბობთ, თუ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, თითოს ნაცვლად (ერთი სხეულებისა) აღდგებიან სხვები?
 
ამის საპასუხოდ შეგვიძლია მოვიხმოთ წმიდა წერილი: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას (მთ. 22:29), ვისი ნებითაც დაიწყო ყველაფერი და მხოლოდ მისი ნებაა აღსრულებული საქმე, როგორც ზემოთ ითქვა. რადგან, რა უფრო მარტივია, არარსებულისგან არსებულის შექმნა თუ, უკვე შექმნილის და საკუთარ თავთან ან სხვებთან შერწყმულის კვლავ გაყოფა? აკი ჩვენ ამ უკანასკნელს ხშირად გარკვეული ოსტატობით ვაკეთებთ: გამოვყოფთ ღვინოს, რომელიც ადრე წყალს იყო შერეული. ასევე მზეც ამოწოვს ზღვისგან ნაზ და სასიამოვნო (ნივთიერებას) ღრუბლებისა და აორთქლების საშუალებით ტოვებს უხეშ, მიწისებრ, უსიამო და მწარე ნივთიერებას. რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია აღასრულოს ყველაფერი, რასაც ის განიზრახავს. ამიტომ, თუ ღმერთმა არარსებული არსებულად აქცია, მაშინ რატომ არ არის მისთვის უფრო იოლი, ინებებს რა, ერთმანეთისგან გამიჯნოს ის, რაც მთლიანად ელემენტების ნაზავია და თითოეულ სხეულს მისცეს მისთვის დამახასიათებელი რამ, თუნდაც შეუძლებელი იყოს ადამიანებისთვის ამის განხორციელება?
 
გამოცხადების წიგნის მოცემული მუხლი წარმოგვიდგენს ამ შესანიშნავ სწავლებას, როდესაც ამბობს: ზღვამ დააბრუნა თავისი მკვდრები. ის ფაქტი, რომ ეს არის ზღვა, წყლის საწყისი, აღნიშნავს ნებისმიერ ტენიანობას. აქედან გამომდინარე, ნათქვამია, რომ ტენიანობამ დააბრუნა ის, რაც მასში იყო შერეული ადამიანის სხეულის სინოტივისგან. ნათქვამია: სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები. სიკვდილი მიწას ეწოდება იმის შესაბამისად, რომ ჩვენი სხეულები იშლება მასში; ამიტომ წმინდა წინასწარმეტყველი სიკვდილის შესახებ ამბობს: გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვნა სიკვდილის პირას (ფსალმ. 21:16). ამიტომ მიწამაც მთლიანად დააბრუნა ის, რაც მასში იყო, ჩვენი მიწიერი ნივთიერებისგან.
 
ამასთან, ჯოჯოხეთმაც დააბრუნა მკვდრები - ჯოჯოხეთში იგულისხმება ჰაერი და ცეცხლი, იმის საფუძველზე, რომ ისინი უხილავია. რადგან ჰაერი ასევე უხილავია, თუ შესქელებული არ არის და ცეცხლსაც არა აქვს ხილვადობა, თუ ის დაფარულია ნივთიერებაში, თუკი ალი მისგან გარეთ არ ამოვარდება. მაგრამ ცეცხლის საწყისიც, ეთერიც, ხილული სახით არ ჩანს ჩვენ წინაშე, როდესაც დაჩრდილულია ჰაერის მასის შუალედური საფარვლის გამო. ანდა, როგორც ჩანს, იოანე ცეცხლს ჯოჯოხეთს იმიტომ უწოდებს, რომ ის ანადგურებს და მუსრავს ყველაფერს, რასაც წაეკიდება. ამიტომ ბევრ გამონათქვამში მას უხილავი ეწოება. ასე რომ, როდესაც თითოეული ელემენტი დააბრუნებს იმას, რაც მასში იყო ადამიანის რთული შედგენილობისგან, ხდება მკვდრეთით აღდგომა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სული და ხორცი
 
სიკვდილი - ეს არის სულისა და ხორცის განშორება, ხოლო ჯოჯოხეთი - ჩვენთვის უხილავი და უცნობი ადგილი, სადაც აქედან წასული ჩვენი სულები მიდიან. მკვდარ საქმეთა მქმნელი სულები - მკვდრები არიან, ხოლო მართალთა სულები, ბრძენის სიტყვათა თანახმდ - მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება (სიბრძ. სოლ. 3:1).
 
ანდრია კესარიელი, ­გამოცხადების განმარტება.
 
 
ჯოჯოხეთი - მდაბალი სულები
   
ეს ნიშნავს, რომ ერთად შეიკრიბებიან სხეულები დედამიწიდან და სულები თავიანთი ადგილებიდან. ავტორი სიტყვით სიკვდილი მიანიშნებს იმ სათნო სულებზე, რომლებმაც განიცადეს მხოლოდ სხეულისგან განშორება, მაგრამ არა სასჯელი, ხოლო სიტყვით ჯოჯოხეთი - მდაბალ სულებზე. ეს ტექსტი შეიძლება სიტყვასიტყვითაც გავიგოთ: ყველა სხეული აღდგება, ვინც წყალმა შთანთქა ან გარეულმა მხეცებმა დაგლიჯეს. ტიკონიუსი ამ ტექსტზე ამბობს: "ის ერები, რომლებსაც უფალი აქ ცოცხალს ნახავს, ზღვის მკვიდრები არიან, ხოლო ისინი, ვის შესახებაც ნათქვამია - სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები - მკვდარი და დაკრძალული ხალხები (ზღვა ტიკონიუსის მოცემულ მონაკვეთში ჩვენს მიწიერ ცხოვრებაზე მიგვანიშნებს. კესარიოს არლელი მისდევს ტიკონიუსის ამ ინტერპრეტაციას (PL 35:2449). - რედ.).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.
 
 
ეშმაკი და დემონები
   
სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში - ამ სახელებით იგი აღნიშნავს, როგორც ეშმაკს (რადგან ის იყო სიკვდილისა და ჯოჯოხეთური ტანჯვის მიზეზი), ისე დემონთა მთელ საზოგადოებას (პრიმაზიუსი მისდევს ავგუსტინეს არგუმენტს (CCSL 92:283-84). - რედ.).
 
 
სულის სიცოცხლე და სიკვდილი
 
სულისა და სხეულის სიკვდილი, ეს იგივე ადამიანის სიკვდილია, როდესაც სხეულს ტოვებს სული, ღვთისგან მიტოვებული. რადგან ამ შემთხვევაში არც ის (სული) ცოცხლობს ღვთის მიერ და არც სხეული ცოცხლობს სულის მიერ. ადამიანის ამგვარ სიკვდილს მოსდევს ის, რასაც საღვთო წერილის ავტორიტეტი მეორე სიკვდილს უწოდებს. მაცხოვარმა ასევე მიუთითა ამის შესახებ, როდესაც თქვა: უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას (მთ. 10:28).
 
ვინაიდან ეს მოხდება არა იმაზე ადრე, ვიდრე სული სხეულს ისე არ შეუერთდება, რომ მათ უკვე ვერაფერი დააშორებს ერთმანეთს, შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს ნათქვამი სხეულის მოკვდინების შესახებ ისეთი სიკვდილით, როდესაც მას სული არ ტოვებს, არამედ ტანჯვას განიცდის, ცოცხალია და გრძნობს. რადგან ეს უკანასკნელი და სამუდამო სასჯელი, რომლის შესახებაც თავის ადგილზე უფრო დეტალურად ვისაბურებთ, სამართლიანად იწოდება სულის სიკვდილად, რადგან იგი ღმრთის მიერ არ ცოცხლობს; მაგრამ როგორ შეგვიძლია ვუწოდოთ მას სხეულის სიკვდილი, როდესაც სულით იცოცხლებს? რადგან სხვაგვარად ის ვერ იგრძნობდა თავად იმ ხორციელ ტანჯვას, რაც აღდგომის შემდგომია. ნუთუ, რადგან ყოველგვარი სახის სიცოცხლე არის რაიმე სიკეთისგან, ტანჯვა კი - ბოროტებისგან, მაშინ სხეულს არ უნდა ეწოდოს ცოცხალი, თუ მასში სული არსებობს არა სიცოცხლისთვის, არამედ ტანჯვისთვის?
 
ამრიგად, სული ღვთით ცოცხლობს, როდესაც ის კარგად ცოცხლობს, რადგან მას არ შეუძლია კარგად იცოცხლოს, თუ ღმერთი არ შეეწევა მას სიკეთეში (ლათინური ტექსტი ჟღერს ასე: non enim potest bene vivere nisi Deo in se operante quod bonum est. - რედ.); სხეული კი სულით ცოცხლობს, როდესაც სული სხეულში მყოფობს, ღმერთთან ერთად ცოცხლობს ის თუ არა. ვინაიდან ბოროტეულთა სხეულებში არის არა სულის სიცოცხლე, არამედ ხორცისა. ასეთი სიცოცხლე მათ შეიძლება ამცნონ მკვდრებმაც კი, ანუ ღმერთის მიერ მიტოვებულმა სულებმა, თავიანთი ცხოვრებით, როგორიც გინდ იყოს ის, რის შედეგადაც ისინი ასევე უკვდავნი არიან.
 
უკანასკნელ სამსჯავროზე ადამიანი არ შეწყვეტს მგრძნობელობას - თუმცა, რადგან ეს გრძნობა თავისთავად არ მიანიჭებს სასიამოვნო ნეტარებას და კეთილსაიმედო სიმშვიდეს, არამედ მტანჯველი იქნება. ტანჯვის გამო, ამ სიცოცხლეს უფრო მართებულია სიკვდილი ვუწოდოთ, ვიდრე სიცოცხლე. მეორე სიკვდილს კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს იმ პირველის შემდგომია, რის შედეგადაც შეერთებული ბუნების გამიჯვნა ხდება: ღვთისა და სულისა, ან სულისა და სხეულისა. ამრიგად, პირველი ხორციელი სიკვდილის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კეთილია კეთილი ადამიანებისთვის და ბოროტი ბოროტებისთვის. მეორე კი არავისთვის არ არის კეთილი, რადგან მას არცერთი კეთილი ადამიანი არ დაექვემდებარება.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, საღმრთო ქალაქის შესახებ.
 
 
სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში - ამავეს აკეთებს წინასწარმეტყველი ოსია, როდესაც ამბობს: სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? (ოს. 13:14). ნათქვამია, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი, რადგან ადრე საუბარი იყო პირველი, ბუნებრივი სიკვდილის შესახებ, სულის განშორებაზე სხეულთნ, მაგრამ მეორე - სულიერი სიკვდილი, სასჯელი და შურისგებაა, რომლის მიზეზიც არის ცოდვა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხოლო ის, რომ სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, ნიშნავს ან იმასვე, რაც დაწერილია: და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი (1 კორინთ. 15:26), ან კიდევ იმას, რომ ცეცხლში ჩაიყრებიან მზაკვარი დემონები, რომლებიც დამნაშავენი არიან ცოდვის სიმძიმესა და ბოროტ სიკვდილში, რომლის საცავია ჯოჯოხეთი და რის გამოც იქ წარიგზავნებიან მათდამი დაქვემდებარებულნი. რადგან, როგორც ქალაქს უწოდებენ მის მცხოვრებთ, ასევე სიკვდილსა და ჯოჯოხეთს - მათ მიზეზთ ან მათ ბინადართ. ყველაფერი რაც ღმრთისგანაა - ფრიად კეთილია (დაბ. 1:13), ამიტომაც ეს ცეცხლი შთანთქავს და მოსპობს მხოლოდ იმას, რაც ასეთი არ არის, რადგან დაწერილია, რომ სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია (სიბრძნე 1:13).
 
ხოლო ის, რომ სიკვდილი ან ხრწნილება უკვე აღარ იქნება, ნიშნავს იმას, რომ გაბატონდება უხრწნელება და უკვდავება. არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ ყველაფერი, რაც კი ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის გეენას მიეცემა, რადგან რაოდენ მრავალი აქვს სავანე ღმერთს და მამას ცხონებულთათვის, ისევე სხვადასხვაგვარია მეთოდი და ადგილი ტანჯვისა, რომელთაც დაექვემდებარებიან სიცოცხლის წიგნში ჩაუწერელნი, კერძოდ: ერთნი დაექვემდებარებიან უსასტიკეს და უმკაცრეს ტანჯვას, სხვები კი - უფრო ზომიერს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

 
სიკვდილი განადგურდა
   
ეს ნათქვამია, რათა გვიჩვენოს, რომ, რადგან სიკვდილი დაინთქა, უკვე არავინ მოკვდება. რადგან ქვესკნელი განსჯილი იქნა; ჯოჯოხეთი ვეღარაფერს ნახავს, რომ მიიღოს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
 
 
მარადიული ცეცხლი
   
როდესაც სრულად გაივლის ათასი წელიწადი, ღმერთი განაახლებს სამყაროს, ცა დაიგრაგნება და დედამიწა შეიცვლება. ღმერთი გარდაქმნის ადამიანს ანგელოზების მსგავსად - ისინი თოვლივით სპეტაკნი გახდებიან და იქნებიან ყოვლისშემძლის სახის წინაშე, დაიწყებენ თავიანთი უფლისთვის მსხვერპლის შეწირვას და საუკუნო მსახურებას. მაშინ დადგება ის მეორე და საყოველთაო აღდგომა, რომელშიც უსამართლონი განწირულნი იქნებიან მარადიული ტანჯვისთვის. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თაყვანს სცემდა მათივე ხელით შექმნილს, ვინც არ იცნობდა ქვეყნის მბრძანებელს და მამას, ან არ სურდათ ამის ცოდნა. მათ ბატონსა და მის მსახურებს ასევე შეიპყრობენ და დასჯიან, რომლებთან ერთადაც, ამგვარადვე, უკეთურთა მთელი სიმრავლე თავისი საქმეების გამო ანგელოზთა და მართალთა თვალწინ დაიწვებიან საუკუნო ცეცხლში.
 
ლაქტანციუსი, საღმრთო დაწესებანი.
 
 
მეორე სიკვდილი - სასჯელი პირველისთვის
   
ბოროტი ადამიანების დასჯას ღმერთი იწყებს ჯერ მათი მიტოვებით და ასრულებს ტანჯვით. აკი, ახლაც კი, როცა ღმერთი ტოვებს ცუდ ადამიანებს, ვინც მას ზურგს შეაქცევს, მაშინ ის არ ახორციელებს მათში იმას, რაც არ მოსწონს, არამედ რაც მოსწონს. ამის შემდეგ ის აპირებს მიაგოს მათ ის, რასაც იმსახურებენ მისი სამართლიანობის შესაბამისად. რადგან მათ მიეზღვებათ არა იმიტომ, რომ ღმერთმა ისარგებლა მათი ბოროტი საქმეებით, არამედ იმიტომ, რომ მათ თავად ბოროტად გამოიყენეს ბოროტი საქმეები.
 
ამიტომ ღმერთმა ასეთ ადამიანებს განუმზადა სასჯელი, რომელიც სამართლიანმა მსაჯულმა ცოდვილს სამართლიანი წინასწარგანსაზღვრულობით დაუდგინა. (ანუ მან მოამზადა) არა ცოდვისთვის, რომელიც ადამიანმა არა საღვთო განზრახულობით, არამედ საკუთარი ნებით, ბოროტი სურვილით დაიწყო და ბოროტი საქმით დაასრულა. აკი აღძრულმა სურვილმა წამოშვა ცოდვა, ხოლო ჩადენილმა ცოდვამ სიკვდილი გამოიწვია.
 
შესაბამისად, მტრებისთვის წინასწარ განსაზღვრული არ არის სულის პირველი სიკვდილი, არამედ წინასწარ განსაზღვრულია მეორე, ანუ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში სიკვდილი (იხ. გამოცხ. 20:10, 14-15; 21:8. - რედ.). ნეტარი იოანე ამბობს მასზე: ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისნიი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში (აპოკ. 20:10). და სხვა ადგილას: სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში (აპოკ. 20:14). და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. და კვლავ ამბობს: მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი (აპოკ. 21:8). ის ამ სიკვდილს უწოდებს მეორეს, რომელიც მოჰყვება სამართლიანი მსაჯულის სიტყვას, და არა იმას, რაც წინ უსწრებს ცოდვის ბოროტ სურვილს. ასე რომ, პირველი სიკვდილი, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავზე თავად მოიწია, არის მეორის მიზეზი, ხოლო მეორე სიკვდილი, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიუზღო, - პირველის გამო სასჯელია.
 
ფულგენციუს რუსპიელი, მონიმეს.
 
 
სხვადასხვა სასჯელები
   
იმავეს განიცდიან ისინი, ვინც ცოდვებში იყვნენ და არ იმსახურებდნენ (ჩაწერილიყვნენ) სიცოცხლის წიგნში. და თუ მათაც, ვინც ზომიერნი იყვნენ ცოდვებში, როგორც ნათქვამია, ცეცხლის ტბაში ჩააგდებენ ეშმაკთან და ანტიქრისტესთან ერთად, არ უნდა გაგიკვირდეთ: რადგან სხვაობა იქაც არსებობს, ოღონდ სასჯელებში. ისევე, როგორც ცეცხლის (ხარისხი განსხვავებულია) - გარკვეულ ნაწილში იგი უფრო მეტად მწველია, მეორეში უფრო სუსტი და ნაკლებად მტკივნეული (თუმცა ყველასთვის მწველია) - ასე რომ, ჩემი აზრით, აქაც ასე უნდა ვიმსჯელოთ.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому