განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_აპოკ_19_1_21 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

თავი 19

ღმრთის დიდება ცაში
 

19:1-6

 
ახ. ქართ.:
 
1. შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!
 
2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.
 
3. განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.
 
4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!
 
5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
   
6. და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
  
 
ძვ. ქართ.:
 
1. შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუჲაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ!
 
2. რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან საშჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა, და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა.
 
3. და მეორედ თქუეს: ალელუჲაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე.
 
4. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამინ! ალელუჲა!
 
5. და ჴმაჲ გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი - მცირენი და დიდნი.
 
6. და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ, და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუჲა! რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი.
 
 
 
***
 
 
მიმოხილვა: ბოროტების განადგურების კვამლი თან ერთვის ეკლესიის მიერ ღმრთის დიდებას (ტიკონიუსი, აპრინგიუსი, კესარიოს არლელი). სამმაგი ალილუიათი ადიდებენ წმინდანები სამებას და მის სამსჯავროს ბაბილონზე (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). მცირენი - წმიდა საქმეებში წარმატებულნი არიან, ხოლო დიდნი - არიან წმინდანები (ეკუმენიოსი); დიდნი სიბრძნეს სრულყოფილთ უქადაგებენ, ხოლო მცირენი - ქრისტეს რძით არიან დაპურებულნი (პრიმაზიუსი).
 
ღმრთის დიდება ანგელოზთა მსახურების მსგავსია (ნიკიტა რემესიანელი, ეკუმენიოსი). ღმერთმა ყოველივე არსებული არაფრისგან შექმნა და მართლებად ქმნა ღირსნი (პრიმაზიუსი). ეკლესიის კავშირი ქრისტესთან - ეს არის კრავის ქორწილი (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
1. შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!
 
2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.
 
3. განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.
 
 
განადგურების კვამლი
   
ამ მეძავის შესახებ შემდეგ ნათქვამია: და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე. რა თქმა უნდა, ვიდრე ეკლესიის მხრიდან მხიარული დიდება გრძელდება, ბოროტეულთა განადგურების კვამლიც რჩება. რადგან, როგორც კვამლი არ იქნება უცეცხლოდ, ისევე, სანამ ცეცხლია, კვამლიც იქნება. ვფიქრობ, რომ უფალმა ასეთი ღვთისმოსავი და ბოროტი ადამიანების მაგალითი მოგვცა მდიდრებისა და ღარიბების სახით (შეად. ლუკა 16:19-30. - რედ.).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები


ვამჩნევთ, რომ წმინდანებს უხარიათ მეძავ-ქალაქის განადგურება და თვალს მივაპყრობთ იმას, რომ ისინი საზეიმო ქებით ადიდებდნენ უფალს. კიდევ რა არის აღწერილი აქ, თუ არა ცოდვილთათვის სამაგიეროს მიზღვა და მართალთათვის ჯილდოს მიგება? ასე ამბობს დანიელი: მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისთვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის (დან. 12:2), რათა მათ ყოველთვის შეძლონ ამის დანახვა. ამიტომ ნათქვამია: და მისი კავამლი, ადის უკუნითი უკუნისამდე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მომესმა ... მგრგვივნავი ხმა - ეს ხმა არის ეკლესიის ხმა, როდესაც იგი დატოვა ყველა ბოროტმა ადამიანმა, ვინც საუკუნო ცეცხლში უნდა დამწვარიყო. და მისი კვამლი, - ამბობს იოანე, - ადის უკუნითი უკუნისამდე (1). მოუსმინეთ, ძმებო, და ძრწოდეთ, და დანამდვილებით იცოდეთ, რომ ბაბილონი და მეძავი, რომელთა კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე, მხოლოდ ხარბ, გარყვნილ და ამპარტავან ხალხს აღნიშნავს. ამიტომ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ეს ბოროტება, ნუ ჩაიდენთ ასეთ მძიმე ცოდვებს. განა ხილული კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე დამწვარი ქალაქისგან და არა იმ ადამიანებისგან, ვინც ქედმაღალია? ადის, და არა - ავა, რადგან ამ საუკუნეშიც ბაბილონი კვლავ დაღუპვისკენ მიექანება. აკი ბაბილონი ნაწილობრივ იწვება, ისევე როგორც იერუსალიმი - მხოლოდ იმ წმინდანებში, ვინც ამ ქვეყნიერებას განერიდა - ადის ზეცად, რასაც უფალი ცხადად გვიჩვენებს ღარიბებისა და მდიდრების მეშვეობით (იხ. იგავი მდიდარსა და ლაზარეზე: ლუკა 16:19-31. - რედ.).
 
_____________________
 
1. შეად. გამოცხ. 19:3. კესარიოსის ტექსტშია fumus eorum, მათი კვამლი, მაშინ როდესაც ვულგატაში და სინოდალურ თარგმანშია - fumus eius, მისი კვამლი. გარდა ამისა, ზმნა ascendit-ს ერთნაირი ფორმა გააჩნია აწმყოსა და წარსულში, მაგრამ კესარიოსი მას იყენებს აწმყოში: ადის და არა ადიოდა - რედ.
 
_____________________
   
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ქება ღმერთს
 
ნათქვამია: მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, - რადგან წმინდა ანგელოზები უთვალავია. როგორც ერთ-ერთი მამა ამბობს (2) - ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი, რომლებიც დაცულნი არიან (ფარაში) და გზას არ ასცდენიან, აღნიშნავს ანგელოზებს, ხოლო ერთი დაკარგული შვილი - მთელ კაცობრიობას (შეად. მათე 18:12-13, ლუკა 15:4-7).
 
_____________________
 
2. ეკუმენიოსს მხედველობაში ჰყავს წმ. ეპიფანე კვიპროსელი, სიტყვა ქრისტეს განკაცების შესახებ (PG 43:481). - რედ.)
 
_____________________
 
ისინი ამბობენ: ალილუია! ეს ებრაული სიტყვაა და ნიშნავს - ადიდეთ, უგალობეთ ღმერთს. ამიტომ ისინი აღავლენენ დიდებას სულიერი ბაბილონის სამართლიანად განსასჯელად. და მეორედაც აღავლენენ ამ ქებას, და უფრო ქვემოთ კიდევ აქებენ (იხ. გამოცხ. 19:3-4. - რედ.), რათა ალილუიას სამგზის აღვლენით განადიდონ წმინდა სამება, რომელსაც ქება მრავალგზის აღუვლინეს, რადგან სამება არის ღმერთი.
 
მისი კვამლი, - ნათქვამია, - ადის უკუნითი უკუნისამდე - ალილუიას ქებით შეწყდა თხრობის მიმდინარეობა სიტყვის შუაგულში, რადგან, უდავოდ, ეს წინადადება ასე გრძელდება. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმინდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი. და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე. ის ამბობს - კვამლი - რადგან ქალაქი, რომელზეც საუბრობს, მთლიანად დაიწვა: კვამლი, როგორც წესი, ცეცხლზე მიუთითებს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ალილუია საღვთო გალობაა. იგი საღვთო დიდებას აღნიშნავს, ამინ კი ამას - ჭეშმარიტად, იყოს ამას ანგელოზები წმინდანებთან ერთად სამგზის უგალობენ სამპიროვან ღმერთს - მამას, ძესა და სულიწმიდას, რომელმაც თავისი მონების სისხლის გამო, რომელიც ბაბილონის მიერ დაიღვარა, იძია შური და ბაბილონში მცხოვრებთა დასჯით ცოდვა ამოკვეთა. და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე. - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს საჯსელი გაგრძელდება მარადიულ ცხოვრებაშიც.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!
 
5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
   
 
ერთიანი ქება
   
ის ფაქტი, რომ უხუცესები და ცხოველები ამბობენ - ამინ - ეს ნიშნავს მათ თანხმობას წმინდა ანგელოზების მიერ აღვლენილი ქებისა, რადგან ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ამინ ითარგმნება, როგორც დაე, იყოს ასე.
 
და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
 
მცირეს იოანე უწოდებს მათ, ვინც უფრო წარმატებულია წმინდა საქმით, ხოლო დიდს - უპირატესად წმინდანებს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ის ფაქტი, რომ ხმამ ბრძანა, აღევლინათ დიდება და ახსენა, რომ ეს შესრულდა, იმის ნიშანია, რომ ღმერთმა მიიღო თავის რჩეულთა ლოცვა, როგორც მისთვის სათნო. მართლაც, მას ესათნოვა ეს ქება და მიუთითა - ეს საუკუნოდ იქნებოდა. ეკლესიაში დიდნი არიან ისინი, ვის შესახებ მოციქულმა თქვა: სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის (1 კორინთ. 2:6); და რომელთა შესახებაც ამბობს უფალი: ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში (მათე 5:19). მცირენი კი არიან ისინი, ვის შესახებ ნათქვამია: როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გზრდიდით და არა საჭმლით (1 კორინთ. 3:1-2).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ღვთის ტახტი ქერუბიმები არიან, რომლებიც ბრძანებენ ღვთის დიდებას დიდი და მცირე კეთილი საქმეებით, თითოეულის ძალის შესაბამისად. ვფიქრობ, მოკვდინებული ყრმები, ასაკით მცირენი, სრულყოფილებას ვერ მიწევნულნი, აღდგებიან, როგორც დიდები და განადიდებენ ჩვენს შემოქმედ ღმერთს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეკლესია განადიდებს ღმერთს არა მხოლოდ პირით, არამედ თაყვანისცემის მთელი სიტკბოებით. როდესაც ამბობს: ამინ! ალილუია! ამ სიტყვების თარგმნა თუმცა შესაძლებელია (რადგან, როგორც ვთქვი, მათ აქვთ კავშირი რწმენასთან, ჭეშმარიტებასა და უფლის დიდებასთან), მაგრამ, მათი მშობლიური ენის სიწმინდისადმი პატივისცემის ნიშნად, ისინი კვლავ გამოიყენება ძალმოსილებით (თარგმნის გარეშე). ამრიგად, ეკლესია განაგრძობს გალობას ალილუია ყოველ კვირას და სულთმოფენობის დღეს (3) აღდგომის სასოებისთვის, რაც უფალში მომავალი დიდებაა. ნათქვამია: მცირე თუ დიდი, - ბუნებრივია, მცირე ბუნებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით არაფერს ნიშნავს, თუ გული და ბაგე აღსავსეა უფლის დიდებით.
 
_____________________
 
3. Quinquagesima - ლათინურ ტრადიციაში ორმოცდამეათე დღე პასექამდე, რომელიც იწყებს დიდი მარხვის პერიოდს - რედ.
 
_____________________
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
6. და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
 
 
ღმრთის დიდება
   
(ტყვეობაში ყოფნისას) პავლე მიმართავს ეკლესიის წინასწარმეტყველებს: როდესაც იკრიბებით, - ამბობს ის, - თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს (1 კორ. 14:26). და კვლავ სხვა ადგილას: თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ (1 კორ. 14:15). ანალოგიურად, იაკობი თავის ეპისტოლეში ამტკიცებს: უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს (იაკ. 5:13). და იოანე აპოკალიფსისში იმეორებს, როდესაც სული გამოეცხადა მას, რომ მან იხილა და მოესმა ხმა ზეციდან, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! ამიტომ, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ეს მსახურება, თუ იგი აღესრულება მართალი რწმენითა და თაყვანისცემით, მსგავსია ანგელოზთა მსახურებისა, რომლებიც ძილისა და ზედმეტი საქმეების გარეშე განუწყვეტლივ განადიდებენ ღმერთს ზეცაში და აქებენ მაცხოვარს.
 
წმ. ნიკიტა რემესიანელი, ფსალმუნთა გამოყენების შესახებ (JTS 24 (1923):238-239. მსგავსი კომენტარი აქვს მოცემული კასიოდორს. ფსალმუნთა განმარტება (ACW 53:162-63) - რედ.).
 
 
ერთარსი სამება
   
სერაფიმები, ღვთაებრივი წინასწარმეტყველის ესაიას თანახმად, სამგზის გალობენ წმიდა არს, და ამ სამწმიდაარს გალობას აქცევენ ერთ უფლებაში, რითაც მიანიშნებენ, რომ გალობა მიემართება სამი (იპოსტასური) თვისებისადმი, უფრო სწორედ, სამი პირისადმი, თანაც ღმერთი ხომ ერთია თავისი არსებით. ასევე ამ წიგნში, სამგზისი ალილუიას წარმოთქმით პატივი მიეგო რა წმიდა იპოსტასთაგან თითოეულს, ღვთაებრივი ანგელოზები ახლა ალილუიას გალობენ ყოვლადწმიდა სამების პატივსაცემად, და განგვიმარტავენ, რომ ყოვლადსაგალობელ წმიდა სამებას ერთი აქვს ყოფიერება ერთ არსსა და ღმრთეებაში.
 
ნათქვამია: რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯერ კიდევ მაცხოვნებელ განკაცებამდე გამეფდა მამასთან და ყოვლადწმიდა სულთან ერთად, როგორც მხოლოდშობილი ძე, მამის სიტყვა და ყოველივეს შემოქმედი. ხოლო განკაცების შემდეგ, მსგავსადვე, როგორც უფალს და მეუფეს ყოველივესი, არაფერში განუცდია დანაკლისი განკაცების გამო, რაც კი ეხება ძალაუფლებას და მეფობას ყოველივეზე. მაგრამ, რადგან ყოვლისმცოდნე მოციქულის თანახმად, ჯერაც ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე იმყოფება მისი მმართველობის ქვეშ, არამედ მომავალში დაემორჩილება მას ყოველივე (მათ შორის) დღეს მცხოვრებნიც, ვინც დღემდე არ იდრეკს ქედს მის წინაშე და ეწინააღმდეგება, რადგან დამორჩილდება მას თვით სიკვდილიც - და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი (1 კორინთ. 15:26), - სამართლიანად შეჰღაღადებენ მას ღვთაებრივი ანგელოზები: გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი, და ქება-დიდებას აღუვლენენ მომავალ საუკუნეს, ვინაიდან მაშინ, ყოველივეს დამორჩილებასთან ერთად ქრისტე მოიპოვებს სრულ მეუფებას ყველაფერზე. ვიღაცეებისთვის ეს მორჩილება განხორციელდბა ტანჯვაში, სხვებისთვის კი - ღმრთის პირისპირ ხილვაში, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა: ბუნდოვნად ... როგორც სარკეში (1 კორინთ. 13:12).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხმა (4) ნიშნავს იმ აღმსარებლობას, რომლის შესახებაც ამბობს ესაია: ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა (ესაია 58:1). ამ აღმსარებლობაში ასევე ჩანს ძრწოლა ღვთაებრივი სამსჯავროს წინაშე. ძრწოლას, ვფიქრობ, ასევე შთაგვაგონებს ქუხილის ხსენება. ... მრავალ წყლებში, როგორც წესია, ნაჩვენებია ის ადამიანები, რომლებიც ღმერთს ქება-დიდებას აღუვლენენ: ალილუია. ამრიგად, როდესაც ეკლესია ქადაგებს, და ძრწის, და ქებას აღუვლენს უფალს, ის სიხარულით თრთის, როგორც ვკითხულობთ: ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით (ფსალმ. 2:11).
 
_____________________
 
4. პრიმაზიუსთან vocem tubarum (საყვირთა ხმა) და არა vocem turbae (magnae) (ხმა მრავალრიცხოვანი ხალხისა, როგორც ეს სინოდალურ ტექსტშია - რედ.
 
_____________________
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კავშირი ქრისტესთან
 
დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, აჩვენებს მთელ ანგელოზურ და ზეციერ უთვალავ ძალთა გალობის შეხმატკბილებას, რომელთაც ზოგიერთები გულისხმობდნენ იმ წყლებში, რომელნიც ცათა მაღლა არიან (ფსალმ. 148:4). მათთან ერთად აქებს შემოქმედს მართალთა მთელი კრებული და სისრულე. უფალი იესუ ქრისტე თავისი კაცთმოყვარებით გამეფდა მათზე, რომელთაც ისედაც ფლობდა, როგორც შემოქმედი; და იმეფებს ან გონისმიერი შემეცნებით, ან ძალაუფლებით, რომელიც შეჰფერის მეფესა და მსაჯულს. კრავის ქორწილს უწოდებს ეკლესიის კავშირს ქრისტესთან, რომლის გამამშვენებელნი იყვნენ ღვთაებრივნი მოციქულნი, რომელთაც მას მიანიჭეს სულიერი წინდი, რომელსაც ექნება წმიდა და ჭეშმარიტი ერთობა პირისპირ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
უფლის მარადიული დიდება
 
მგალობელთა ხმა, რომელიც ჰგავდა საზარელ ქუხილს, მათი გულების ღვთისმოსაობაზე მიანიშნებს. ქების მრავალგზისი განმეორებით ხმა შეჰხარის უკეთურთა დაცემას და უფლისა და მისი წმინდანების მარადიულ დიდებას.
   
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
აპოკალიფსისი
კრავის საქორწილო სერობა
 
19:7-10
 
 
ახ. ქართ.:
 
7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.
 
8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.
   
9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.
   
10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.
 
 
ძვ. ქართ.:
 
7. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი, 8. და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე. რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან.
 
9. და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
 
10. და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: კრავის ქორწილი ეს არის ეკლესიის შეერთება უფალთან (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული). ბისონი - სათნოებათა ბრწყინვალება, ქრისტეს სერობა - რწმენით ცხონებულთა სიხარული და ზეიმი (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). ადამიანური ბუნების მიღებით ძე ღმრთისა გვასწავლის ჭეშმარიტების შემეცნებას (ავგუსტინე იპონიელი, აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ყოველი წინასწარმეტყველების აზრი იესუს მოწმობებშია მოცემული, რომელსაც ემსახურებიან წინასწარმეტყველები და სჯული (პრიმაზიუსი). ანგელოზები არ ისაკუთრებენ ძალაუფლებას, არამედ უთითებენ მის წყაროს - ღმერთს (ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.
 
8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.
 
   
კრავის ქორწილი
 
დიდებისმეტყველების შემდეგ, რაც მოსმენილ იქნა გამამხნევებელი სიტყვები, ძლიერებით იქნა წარმოთქმული ღმრთის ქება და თითქოსდა ქუხილი გაისმაო, ითქვა, რომ მოვიდა კრავის ქორწილი. ეს მაშინ მოხდება, როდესაც სამყაროს აღსასრულის შემდეგ ქრისტე სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველივეში (1 კორინთ. 15:24, 28), როდესაც მისი სასძლო, ანუ კათოლიკე ეკლესია, შეუერთდება მას რწმენის სიწმინდით, რის შესახებაც მოციქული ამბობს: ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე (2 კორინთ. 11:2). ასე რომ, ბისონი, რომლითაც ის არის შემოსილი, არის არა ლამაზი სამოსი, არამედ წმინდანთა სიმართლე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ამ საუკუნეში უფლისა და ეკლესიის ქორწილი ჯერ კიდევ მხოლოდ არშიყობას ჰგავს და არ არის სრულყოფილი ქორწილი. ამას საღვთო მოციქულიც აღნიშნავს კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში, რომელშიც ამბობს: ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე (2 კორინთ. 11:2). ასე რომ, ჯერ კიდევ არშიყობაა, რადგან სიტყვა დაგწინდეთ გულისხმობს არშიყობას.
 
ამასთან, როდესაც ეკლესია ხდება ერთ სულ ქრისტესთან, ისევე როგორც კაცი ხდება ერთ ხორც ქალთან, მაშინ ეს სრულყოფილი ქროწინებაა. მოციქულმა გნოივრულად გვითხრა ხორციელი ქროწინების შესახებ და სიტყვები წერილობით გადმოგვცა: და იქნებიან ორივენი ერთ ხორც (ეფეს. 5:31). ამიტომ წმინდა ანგელოზები ამბობენ - მოვიდა კრავის ქორწილი - რაც იმის ნიშანია, რომ შემდეგ აღსრულდება ქორწილი, რაც ახლა მხოლოდ არშიყობაა.
 
სახარებაც ამას ნათლად გვასწავლის. ერთ ადგილს მოცემულია იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყო მეფე-მამამ თავისი ძის ქორწილი. ბევრი მიიწვიეს ერთობლივ ნადიმზე, ზოგიერთები შეუერთდნენ ლხინს, ზოგიერთმა უარი თქვა სადილზე და გააძევა ის, ვინც არ შეიმოსა საქორწილო სამოსი (იხ. მთ. 22:2-13. - რედ.). სხვა ადგილას საუბარია ათი ქალწულის შესახებ: ხუთი მათგანი, რომელთაც ბრძნად მოიხსენიებენ, სიძესთან ერთად შევიდა კურთხეულ საქორწილო დარბაზებში, სხვებისთვის კი ის დაკეტილი აღმოჩნდა, რადგან მათ საკმარისად არ აავსეს თავიანთი ლამპრები ზეთით (იხ. მთ. 25:1-13. - რედ.).
 
ამ იგავებიდან არცერთი არ უნდა მივიღოთ დღევანდელ დროსთან მიმართებით, არამედ მომავალი უნდა ვიგულისხმოთ. ასე რომ, მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ, ანუ ეკლესიამ, როგორც ჩანს, განიმზადა თავი იმ ენით გამოუთქმელი სიკეთის მისაღებად, რომელიც ქრისტესთან ერთობაში მოდის.
 
ნათქვამია: და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი. ბისონად ის იწოდება ნათებისა და სიმსუბუქის გამო; ნათება - უბიწო ცხოვრებისა და უსასრულო ერთობლივი ურთიერთობისთვის, სიმსუბუქე კი - სწავლა-მოძღვრებისა და ღმერთზე მუდმივი ფიქრის გამო.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კრავის საქორწილო ლხინი გაიმართება, როდესაც უფლის ეკლესია შეუერთდება ცათა სასუფეველის სავანეებს. მუდმივად სიმართლის საქმეებში ყოფნით მან თავი სულიერი ლხინისა და საუკუნო სამეფოს ღირსად წარმოაჩინა. ეს შეიძლება გავიაზროთ სახარებისეული იგავის ფონზე, სადაც ნათქვამია, თუ როგორ ადგნენ ქალწულები სასიძოსთან შესახვედრად და გამართეს თავიანთი ლამპრები (მთ. 25:1-13), ანუ ერთმანეთთან განიხილეს თავიანთი საქმეები, რომელთა გამოც ისინი მარადიულ ნეტარებას მიიღებდნენ. მათ მიეცად შესამოსად უსპეტაკესი, ნათელი ბისონი ­- ანუ თავიანთი საქმეების შესამოსად, არა ისე, როგორც ბოროტეულებს, რომლებიც, ესაიას თქმით ობობას აბლაბუდას ქსოვენ და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ (ეს. 59:5-6), რადგან მათი საქმეები უსარგებლოა.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
კრავის ქორწილი აღნიშნავს ეკლესიის კავშირს ქრისტესთან, რომლის მომწყობნიც იყვნენ საღვთო მოციქულები, მიეცა რა ეკლესიას სულიერი წინდობა, რადგან ჭეშმარიტ წინდობას იგი არასდროს მიიღებს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.
 
 
რწმენის ჯილდო
   
ვინ არიან ისინი კრავის საქორწილო სერობაზე წვეულნი, თუ არა ისინი, ვის შესახებაც ნათქვამია: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთნ ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში (მათ. 26:29)? და კვლავ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან ერტად დასხდებიან ცათა სასუფეველში (მთ. 8:11). ეს ნიშნავს ახალი სასმისის შესმას, მკვდრეთით აღდგენილთა ახალი სხეულების მომზადებას, ახალი სიხარულის მიღებას და ჭეშმარიტი სრწმუნოების ნამდვილი სიმართლის დაჯილდოებას. ნატარ არიან ისინი, ვინც მზად არიან ამ საქორწილო ტრაპეზისა და ამ ლხინისთვის.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ამის შესახებ უფალმა თქვა შემდეგი: აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში (მთ. 8:11) და კვლავ: მივა და ემსახურება მათ (ლკ. 12:37). აშკარაა, რომ ის მიუთითებს, მათზე, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი (რომ. 8:28) და რომლებიც ქმნიან რჩეულთ მთელ რიცხვს. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 22:14).
 
ქრისტეს სერობა - ეს არის ერთგულთა დღესასწაული და სიხარული, რომელსაც იმემკვიდრებენ ნეტარნი მარადიულ სასახლეში უბიწო სულების წმინდა სიძესთან ერთად, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი (ებრ. 10:23). მომავალ საუკუნეთა სიკეთე, ყოველგვარ გონებაზე აღმატებული, მრავალია, ამიტომაც მას სხვადასხვა სახელი ეწოდება: ზოგჯერ - ცათა სასუფეველი (მთ. 4:17), მისი დიდებისა და ღირსების გამო, ზოგჯერ - სამოთხე (დაბ. 2:8-9), ნეტარების ტრაპეზის მოუკლებლობის გამო, ზოგჯერ - აბრაამის წიაღი (ლკ. 16:22), რათა დამაშვრალებმა მასში დაისვენონ, ასევე - მექორწილეთა დარბაზი (მთ. 9:15) - დაუსრულებელი სიხარულისა და ღვთის წმინდა, ენით გამოუთქმელი შეერთების გამო თავის მონებთან, რომლებიც იმდენად აღმატებულია ხორციელ შეერთებასა და კავშირზე, იმდენად განსხვავებულია მისგან, როგორც ნათელი ბნელისგან და სურნელოვანი ნელსაცხებელი მყრალისგან.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ ნათქვამია, რომ ისინი მიწვეულნი არიან არა საუზმეზე, არამედ ვახშამზე, რადგან უეჭველად დღის ბოლოს ვახშამი (სერობა) ნამდვილი ლხინია. ხოლო ისინი, ვინც ამ წარმავალი ცხოვრების ბოლოს მიდიან უმაღლესი ჭვრეტის განსვენებამდე, ეჭვგარეშეა, კრავის სერობაზე არიან წვეულნი.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.
 
 
ღმრთის თაყვანისცემა
   
აქედან გამომდინარეობს, რომ ვისაც უზენაესი ანგელოზი მიაგებს პატივს, მას ქვემოთ მდგომი ადამიანიც უნდა მიაგებდეს პატივს, რადგან ადამიანის ბუნება დამცირდა ღვთისადმი უპატივცემულობის გამო, ვინაიდან ბრძენი ანგელოზი და კაცი, მართალი ანგელოზი და კაცი განსხვავებული საწყისიდან როდი წარმოსდგებიან, არამედ ერთი უცვალებელი სიბრძნიდან და ჭეშმარიტებიდან. რადგან ჩვენი ხსნის განგებულება ისეა მოწყობილი, რომ თავად უცვალებელმა, მამის თანაარსმა საღვთო ძალამ და სიბრძნემ კეთილინება, მიეღო ადამიანის ბუნება, რათა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ ადამიანი თაყვანს უნდა სცემდეს იმას, რასაც თაყვანი უნდა სცეს ყველა მოაზროვნე და გონიერმა არსებამ. უნდა გვწამდეს, რომ, როგორც უმაღლეს ანგელოზებს, ისე ღვთის რჩეულ მსახურებს სურთ, რომ მათთან ერთად პატივი მივაგოთ ერთ ღმერთს, რომლის ჭვრეტის გამოც ისინი ნეტარნი არიან. რადგან ჩვენც ნეტარნი ვართ არა ანგელოზების ჭვრეტის გამო, არამედ ამ ჭეშმარიტების ჭვრეტისა, რომლის წყალობითაც გვიყვარს თავად ანგელოზები და ვხარობთ მათთან ერთად.
 
ჩვენ უმცირესადაც კი არ გვშურს მათი ჩვენზე მეტად რომ არიან მომზადებულნი ჭეშმარიტებისთვის და ტკბებიან მისით ყოველგვარი მძიმე წინააღმდეგობათა გარეშე. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ისინი, რადგან ჩვენი საერთო უფლის მიერ აღთქმული გვაქვს ველოდოთ იგივეს. ამიტომაც ჩვენ მათ პატივს მივაგებთ სიყვარულით, და არა მონურად. ჩვენ არ ვუშენებთ ტაძრებს, რადგან ისინი ჩვენგან არ ელიან ასეთ პატივისცემას, რადგან იციან, რომ ჩვენ თვითონაც - ტაძარნი ვართ უზენაესი ღმრთისა, როდესაც სათნოებებით ვივსებით.
 
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ.
 
 
როდესაც მოისმინე და მიიღო ღვთის მეფური ბრძანებანი, იოანე დაეცა, რომ თაყვანი ეცა იმ ანგელოზისთვის, ვინც ელაპარაკა. მაგრამ ანგელოზმა, რათა გამოევლინა თავისი მსახურებისთვის შესაბამისი მდგომარეობა და ეჩვენებინა, რომ ღმერთი უპირველესია, შეეწინააღმდეგა მას და უთხრა, რომ ეს არ ექნა, რადგან თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესუსი. მოწმობა იესუსი - ეს არის ჭეშმარიტი შესაწირავი საყოველთაო აღსარებისა. რადგან იესუს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული - წინასწარმეტყველების სული არის ჭეშმარიტება, მსჯავრი და სიმართლე, რომელთაც შეიცავს რწმენის სისავსე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 

წყეულმა და ღვთისმოძულე ბერძნებმა მოისმინეს, რაც არის ჩვენი სწავლება, რომ წმინდა ანგელოზები, ღვთის მადლით, მფარველობენ ერებს, მორწმუნეთა თემებსა და ცალკეულ ადამიანებს. მოისმინეს რა, რასაც ვასწავლით, გვეუბნებიან: მეგობრებო, როდესაც გვასწავლით ამას, რატომ კიცხავთ ჩვენს შეხედულებას, ჩვენს წარმოდგენას ღმერთებზე, რომლებიც ხალხებს მართავენ: აკი ვისაც თქვენ უწოდებთ ანგელოზებს, ჩვენ ღმერთებს ვუწოდებთ? ასე რომ, ჩვენ ვერ ვთანხმდებით მხოლოდ სახელში, მაგრმა არა საკითხის არში".
 
მათ ასე უნდა ვუპასუხოთ: "ჰოი, თქვენივე იმ ქმნილებათა წყეულო თაყვანისმცემლებო, რომლებიც ახლახან შეარცხეთ ღმერთებად, რომელთა შესახებაც იცით, რომ თავი აიშვეს! თქვენი ჩვენი სწავლების უმეტესი ნაწილი ქურდივით მიითვისეთ და ქადაგებისას შეურიეთ თქვენივე წარმწყმედელი მოსაზრებები. მაგრამ, რადგან გონებით (და არა ღვთით) ხელმძღვანელობდით, თქვენ ვერ შეძელით ყველაფერში შეგენარჩუნებინათ ჩვენი სწავლების კეთილშობილება, არამედ, მხოლოდ მისდევდით რა მის პრინციპებს, წარუმატებლობა განიცადეთ. ამიტომ თქვენ დაჩვენ შორის არ არის არვითარი ერთობა, რადგან რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? (2 კორინთ. 6:14-15), დაწერილის შესაბამისად. აკი თქვენ, თუ თვლით, რომ ღმერთები, უფრო სწორად, უწმინდური დემონები წინამძღოლობენ ხალხებს, თქვენ თავად უკავშირდებით მათ, პატივს მიაგებთ მათ და გინდათ თაყვანი სცეთ მათ, თითქოს ისინი ღმერთები იყვნენ. და, რა თქმა უნდა, ისინი, ვისაც ეთაყვანებით, არანაირად არ ასრულებენ ღვთის სიტყვას, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე, არამედ მართავენ ხალხს საკუთარი შეხედულებისამებრ, როგორც მათ მოესურვებათ. ამავე მიზეზით, თქვენ არესს (ომის ღმერთი ბერძნებში. - რედ.) მიანიჭეთ სკვითებისა და გერმანელების მეთაურობა, რომლებიც არიან ყველაზე სასტიკნი და სისხლისმსმელნი, რომლებიც ისეთნი გახდნენ, თითქოს მათ მართავდეს ხალხის გამანადგურებელი და სისხლისმსმელი არესი, ხოლო ელინების წინამძღოლად, რადგან ისინი გონიერნი არიან, - ათენა (სიბრძნის, სამართლიანობისა და სამართლიანი ომის ბერძნული ქალღმერთი. - რედ.), რომლისგანაც წილად ხვდათ გონიერება, და სხვა (ხალხებს) - სხვა (ღმერთები), და თითოეული ღმერთი ხალხს განაწყობს თავისი ვნების მიდრეკილების შესაბამისად".
 
როგორც ჩვენ ვამტკიცებთ, აი, რა უნდა ვისწავლოთ ამ მუხლიდან: როდესაც მახარებელმა საღვთო ანგელოზის თაყვანისცემა მოისურვა, ანგელოზმა უთხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესუსი. ნახე, ბრძანება გამონათქვამი აღმოჩნდა, რომელიც არა მხოლოდ აღკვეთისკენ არის მიმართული, არმაედ შეიცავს მოწმობასაც: იგი საკუთარ თავს თანამონას უწოდებს მათთან ერთდ, ვინც თავს ქრისტეს მონად აღიარებს და ამოწმებს, რომ ღმერთი განკაცდა.
 
რა უნდა გავაკეთოთ, ჰოი, წმინდა ანგელოზო, თუ გვიკრძალავ შენს თაყვანისცემას? იგი ამბობს - ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესუს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული - თითქოსდა ამბობდეს: "იმიტომ ხომ არ ცდილობ ჩემს თაყვანისცემას, რომ მე შენთვის აღვწერე (1) ის, რაც უნდა მოხდეს? ყველა, ვინც გვაძლევს მოწმობას ქრისტეს მეუფებისა და ღმერთობის შესახებ, საწინასწარმეტყველო მადლით სავსეა, და არა მხოლოდ მე. რატომ ეთაყვანებით მადლს, თანაბრად თანამონებისა, რაც მე მხვდა წილად? ნუთუ ის, რასაც ბერძნები ამტკიცებენ თავიანთი ხალხების მოთავე ღმერთების შესახებ, მსგავსია იმისა, რასაც ქრისტიანები ამბობენ წმინდა ანგელოზებზე?"
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება (2)
____________________
 
1. (იხ. ლამპეს (Lampe) ლექსიკონი, სადაც მას მოჰყავს მონათესავე სიტყვა προαφηγήσης რომელსაც იყენებს კირილე ალექსანდრიელი წინასწარმეტყველური აღწერის მნიშვნელობით - რედ.).
 
2. TLG 2866.001, 203.11-205.27. ეს არის წარმართული კულტების კანონიერების მოწმობა ეკუმენიოსის დროებაში - რედ.).
____________________

საღვთო ანგელოზი ამბობს: მე ნუ მცემ თაყვანს, როგორც სამომავლო საქმეთა წინასწარმეტყველს, რადგან ქრისტეს აღმსარებლობა და დამოწმება შთაიგონება წინასწარმეტყველების სულით. ეს შეიძლება გავიგოთ შემდეგნაირადაც: ეს წინასწარმეტყველება იყო, რათა განეცხადებინა ქრისტეზე დამოწმება და დაედასტურებინა წმინდანთა რწმენა, ამიტომ ეუბნება: მე ნუ მცემ თაყვანს, შენს თანამსახურს, არამედ მას, ვისაც აქვს ხელმწიფება ყველას მიმართ. აქედან ვიგებთ ანგელოზთა თამვდაბლობის შესახებაც, რომლებიც არ ისაკუთრებენ საღვთო დიდებას, როგორც ამას დემონები აკეთებენ, არამედ მას მეუფეს მიაწერენ. მაშ, დაე იყოს ისე, რომ ჩვენც, წარვემატებოდეთ სათნოებებში ერთმანეთთან მიმართებაშიც (იხ. რომ. 12:10. - რედ.), და აღვასრულებდეთ უფლის სიტყვას, რომელიც ბრძანებს: ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს (მთ. 11:29). რათა მივიღოთ ნეტარება და სიმშვიდე მომავალ საუკუნეში, სადაც არს დაუსრულებელი სიხარული - რადგან მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ არს ქრისტესადმი (იხ. ფსალმ. 86:7. – რედ.), და სადაც არ იქნება სალმობა და მწუხარება და სულთქმა (იხ. ეს. 35:10. - რედ.).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წინასწარმეტყველების ძალა
   
შესაძლოა, ყველა წინასწარმეტყველების არსსა და სულის განწმენდას შეიცავდეს იესუ ქრისტეს მოწმობა, რომელსაც რჯული და წინასწარმეტყველები ემსახურებიან. იმის გათვალისწინებით, როდესაც მან თავი მოსესა და ელიას შორის მთაზე გამოავლინა, მისი სახე და სამოსი გაბრწყინდა და განაცხადა, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველტა მოწმობა ჭეშმარიტად მასზე საუბრობს (იხ. მთ. 17:1-5, მკ. 9:2-4). ამრიგად, მათ თუ რამე იწინასწარმეტყველეს, მას და ეკლესიას ემსახურებოდნენ, როგორც ქრისტემ დაამოწმა, როდესაც მოსეს შესახებ თქვა: რადგანაც მან ჩემთვის დაწერა (ინ. 5:46). როდესაც იგი მკვდრეთით აღდგა, თქვა: უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში (ლკ. 24:44).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.

 
წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому