განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_17_1_18 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

თავი 17

დიდი მეძავი
 
17:1 - 5
 
 
ახ. ქართ.:
 
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
 
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
   
3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
 
4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
   
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
   
 
ძვ. ქართ.:
 
1. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა,
 
2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა.
 
3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
 
4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.
 
5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ.


***
   
 
მიმოხილვა: მეძავი - რომის მმართველები, რომლებმაც დაიპყრეს ხალხები და ღმერთს განუდგნენ (ვიქტორინე პეტავიელი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). ან კიდევ ეს არის ყველა ცოდვისგან დანგრეული ადამიანი (პრიმაზიუსი, ბედა პატივდებული). მხეცზე მჯდომარე დედაკაცი - ან რეალური, ან სიმბოლური ბაბილონია (ვიქტორინე პეტავიელი). მხეცი, ანუ ეშმაკი, მოთხვრილია წმინდანთა სისხლით (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). მხეცი - ეს ან ეშმაკია, ან ცოდვის ხალხი, ანუ ბაბილონი, - აღვსილი ცოდვით (პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). თავები და რქები - რომის სიმბოლოა, რომელიც თვითონვეა ყველა სამეფოს სახე (პრიმაზიუსი). მეძავი ქალაქი განწირულია დასაღუპად (კვიპრიანე კართაგენელი). პორფირი - მოჩვენებითი სამეფო, ძოწეული - უკეთურება, ოქრო - პირმოთნეობა (ტიკონიუსი). მეძავი - ცოდვისა და განდგომილების დედა (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი).


***
 
 
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
 
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
   
 
მიწიერი მმართველები
   
ვიხილე, - ამბობს იოანე, - რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით (გამოცხ. 17:6). აკი წმინდანთა ყოველი წამება ყოველთვის ხდებოდა რომის სენატის განკარგულების თანახმად (1) და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა (მორწმუნეთა მიმართ) სულგრძელობას იჩენენ, (მეძავი) თავად გახდა ყველა განკარგულების წყარო, რაც ყველა ხალხს ეხება, რწმენის გავრცელბის წინააღმდეგ.
 
______________
 
1. ვიქტორინეს, შესაძლოა, მხედველობაში აქვს დეციუსის დროინდელი დევნულებანი. იხ. ასევე: Commodian, Carmen Apologelicum. - რედ.),
 
______________
   
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ საუკუნის დასასრულისა და იმდროინდელ მოვლენათა ისტორიის დასრულების შემდეგ ხილვა გადადის სხვა სიუჟეტზე და მახარებელს სურს აჩვენოს, თუ რა დაემართება რომს. იოანე ამბობს, რომ ანგელოზმა უთხრა მას: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს. სამსჯავროს იგი ცხოვრებისა და მმმართველობის წესს უწოდებს, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით, რომი განსჯიდა და ცხოვრობდა, მიჰყვებოდა რა მას. იგი მას მეძავს უწოდებს, როგორც ღვთის მოღალატეს და მისგან განდგომილს. ამას წმინდა წერილი უწოდებს სიძვას, ყოვლისმპყრობელი ღმერთისადმი წინასწარმეტყველის სიტყვის თანახმად: შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე გაგიდგება (ფსალმ. 72:72).
 
მრავალ წყალს იგი უწოდებს იმ ერებს, რომლებზეც რომი ბატონობს და მართავს, რომელთა შესახებაც თავად იოანე შემდგომში საუბრობს. იგი ამბობს: რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა (მე-2 მუხლი). ესენი არიან მეფეები, რომლებიც მართავდნენ ამ ერებს. რადგან ესენი არიან ის მიწიერი მეფენი, რომლებმაც მიიღეს მისი სიძვა და კერპების სოცოფე.
 
და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. - რადგან აკი დანარჩენი ერებიც, რომლებსაც მეძავი განაგებს, ასევე განუდგნენ ღმერთს. ამასთან, ზოგს აიძულებდა, სხვებს კი მაგალითით აცდუნებდა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ზოგიერთი ამ მეძავს ძველ რომად მიიჩნევდა, რადგან იგი შვიდ ბორცვზე მდებარეობს; ხოლო მხეცის შვიდი თავი, რომელზეც ის იჯდა, შვიდ ყველაზე უკეთურ მეფედ მიაჩნდათ, რომლებიც დევნიდნენ ეკლესიას დომიციანედან დაწყებული დიოკლეტიანემდე. ვფიქრობთ, რომ მეძავში მართებულია მოვიაზროთ საერთოდ მიწიერი სამეფო, რომელიც თითქოს ერთ სხეულშია წარმოდგენილი, ანდა ქალაქი, რომელსაც შეეძლება სხვებზე ბატონობა ანტიქრისტეს მოსვლამდე. რადგან ძველმა რომმა უკვე დაკარგა თავისის ამეფო ძალაუფლება, შესაძლოა მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ იგი მას კვლავ დაუბრუნდება. თუ ამ უკანასკნელს დავუშვებთ, მაშინ განუმარტავი დარჩება ქალაქი, რომელიც ამჟამად ბატონობს, ვინაიდან მოციქული ამბობს: ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე (აპოკ. 17:18). ამის შესახებ, თუ ღმერთი შეგვეწევა, შემდეგ ვისაუბრებთ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცოდვით დამთვრალნი
   
ასე ამბობს ესაიაც ეშმაკის შესახებ, რომელსაც ბაბილონის მეფის სახით გამოსახავს: როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! (ეს. 14:12). სულიწმიდა, განიხილავს რა ყველა დაღუპულის სხეულს, რომელთაც ის, შემთხვევიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახელებს უწოდებს, მიიჩნევს, რომ მან (მეძავმა ბაბილონმა - "აპოკ." რედ.), უკვე როგორც მრავალგვარ უკეთურებასთან შეზრდილმა, უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ცოდვებითა და ცდომილებებით გაპარტახებული, ის უკეთურების იმ ზომამზე გაცოფდა, რომ მისი წევრები ეწინააღმდეგებოდნენ თვინიერთ. სულიწმიდა თავისებურ აღწერაში წარმოგვიდგენს წარწყმედას დაქვემდებარებულთ, და მას მეძავს უწოდებს. რადგან შემოქმედის მიერ მიტოვებული მიეძალა სიძვას, რათა დემონთა მიერ ყოფილიყო შებილწული. დიდია ის გარყვნილებათა შესაზარობით, რომელთა მეშვეობითაც ფრიად მასხრად იგდებდა წმინდანებს. მრავალ წყალს - ანუ მრავალ ხალხს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იგი მოგვითხრობს, რომ უამრავი მკვდარი, მიტოვებული შემოქმედის მიერ, რომელთაც დემონებს შეაბილწინეს თავი, ზედ აზის ტალღებს, ანუ ხალხთა შორის უთანხმოებას. ამის საპირისპიროდ, მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული (საქმე 4:32), რომლის შესახებაც მოციქული ამბობს: დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე (2 კორინთ. 11:2).
 
რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ა. შ. მთელი მეტია ვიდრე ნაწილები. თითეული მიწიერი მეფე და მისი მკვიდრე ამპარტავნულად ესწრაფვის მიწიერს. ისინი იხრწნებიან მანკიერი ვნებებით, ემორჩილებიან ამ სოფლის ცდუნებებს და დათრობამდე სვამენ შეშლილობას.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
3ა. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს,
 
 
ბაბილონი
 
ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს - არის მკვლელი და ეშმაკის სახე. იოანე აპოკალიფსისში მას ბაბილონს უწოდებს ხალხთა აღრევის გამო; ის ესაიასთანაც ასე იწოდება (იხ. ეს. 21:9. - რედ.); ეზეკიელმა კი მას ტვიროსი უწოდა (იხ. ეზეკ. 26-28 - რედ.). დასასრულ, ერთმანეთს თუ შეადარებ ტვიროსზე ნათქვამს და იმას, რასაც ბაბილონზე წერენ ესაია და აპოკალიფსისი, გაიგებ, რომ ეს ერთი და იგივეა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკი წმინდანთა სისხლში
   
უდაბნო მიანიშნებს სამომავლო გაუდაბურებაზე. და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს - იგი მხეცს ეშმაკს უწოდებს, რომელზეც ქალია. მხეცი არის წითელი რადგან წმინდანთა სისხლით არის შეღებილი, აგრეთვე - გმობის სახელებით სავსე, რადგან ეშმაკმა საკუთარ თავს მიაგო რა ღვთის შესაფერისი პატივი, სესცოდა ღმერთის წინააღმდეგ. შვიდი თავი და შვიდი რქა ჰქონდა - თავად იოანე განმარტავს დ ამბობს, რომ თავები და რქები მეფეები არიან, რომლებიც რომში მეფობდნენ და ისინიც, ვინც უნდა იმეფონ (იხ. გამოცხ. 17:12. - რედ.).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცოდვის ადგილი
   
უდაბნო უთითებს ღმრთისგან მიტოვებულობაზე, რადგან ღმერთის მყოფობა სამოთხეა. სულით, იმიტომ, რომ ამისი შეცნობა მხოლოდ სულით შეიძლება. ... რა სახით უნდა გამოსახოს ღმრთის სიტყვამ იგი, თუ არა ქალის სახით, რომლისგანაც, როგორც წერილ არს, ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი (ზირ. 25:24)? მასზე ნათქვამია, რომ მხეცზე ზის, რადგან მედიდურობს და საკუთარ თავზე წარმოდგენით გაამპარტავნებულია.
 
მხეცი, როგორც ნათქვამია, არის წითელი, ანუ სისხლიანი, კრავის საპირისპირო არსება. მასში ზოგჯერ ეშმაკს ვცნობთ, ზოგჯერ თითქოს მოკლულის თავს, ზოგჯერ - ხალხს, რომელიც მთელი ბაბილონია, ანუ აღრეულობა. ამრიგად, წითელი - ანუ ბოროტებით გასისხლიანებული, სისხლიანი სიძვით მთვრალი.
 
გმობის სახელებით სავსე - მიუხედავად იმისა, რომ უარესია გმობის ჩადენა, ვიდრე მგმობელად ითვლებოდე, ამის შესახებ აქ ნათქვამია, რომ იგი არის სახელებით სავსე. ამრიგად, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ მას ცოდვა არა აქვს (ეს უკანასკნელი სენტენცია ნასესხებია ტიკონიუსისგან - რედ.). ამიტომ სხვაგვარია ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა და სხვა - ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა; ვინც ღვთის წინააღმდეგ (განგებ) სცოდავს, ის უფრო მძიმედ სცოდავს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ახლა უნდა ავხსნათ, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ უდაბნოში, სადაც ამის მხილველი სულით იქნა წაყვანილი. სულიერი აზრით, უდაბნოში უნდა დავნახოთ ყოველი ქალაქი და ხალხმრავალი საზოგადოება, რომლებიც ღმერთმა მოიძულა სულიერი სიბრმავის, სიძვისა და სხვა მანკიერებათა გამო. ეს შეიძლება სხვაგვარადაც იქნას განმარტებული: იოანე ხედავდა და ჭვრეტდა ამ მეძავის განადგურებას, რომელიც გამოეცხადა ქალის სახით, რათა ეჩვენებინა მისი უძლურება და მიდრეკილება ცოდვისადმი. იგი აჯდა წითელ მხეცს (მე-3 მუხლი), რადგან თავისი ბოროტი საქმეებით იგი თითქოსდა დაივანებს ეშმაკზე, რომელსაც ახარებს მკვლელობა, სისხლი და თავისი ღვთისმგმობელობით განდგომილის თანაშემწედ წარმოდგენა. რადგან თვითონ მხეცი და მისი წითელი იერ-სახე სიმკაცრის, სისასტიკისა და მკვლელობების მანიშნებელია.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მხეცი გაგებულია, როგორც ყოველი ბოროტი ადამიანი; ქალის სახით ნაჩვენებია გარყვნილება. იოანე ამბობს, რომ ქალი არის უდაბნოში - ანუ უკეთურ ადამიანებში, მათ მკვდარ და ღვთისგან მიტოვებულ სულებში. იოანე ამბობს - სულით, რადგან მხოლოდ სულით შეიძლება ვიხილოთ (ღვთისგან) ასეთი მიტოვებულობა.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
3ბ. რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
 
   
ბოროტების მზაკვარება
 
როდესაც უკანასკნელი დევნულება მოახლოვდება, ათი მეფე გამოჩნდება, როგორც ეს წმინდა დანიელის წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი (იხ. დანიელ. 7:24. - რედ.). ეს წიგნი ხშირად აღნიშნავს მხეცს, შვიდი თავით და ათი რქით, როგორც აქ არის, რადგან, როდესაც ყველა სამეფო განადგურდება, მხოლოდ მათ შეეძლებათ მთელი ქვეყნის მართვა. ადრე ითქვა, რომ მათ ჰქონდათ გვირგვინები თავზე. შესაძლოა, გვირგვინი იყოს დაპყრობილ სამეფოთა ნიშანი, რომლებიც ნადავლის სახით წარმოჩენილია ქედმაღალ თავებზე.
 
გარდა ამისა, წიგნი მოუწოდებს გონებას, რომელსაც აქვს სიბრძნე, გაიაზროს შვიდი თავი, როგორც შვიდი მთა (მე-9 მუხლი), რადგან რომი, რომელიც შვიდ მთაზე დგას (იხ. გამოცხ. 17:9-10. - რედ.) და ერთ დროს აბსოლუტური ძალაუფლებით ბატონობდა მთელ მსოფლიოში, იოანემ იმ სამეფოთა მსგავსად წარმოადგინა და რომის სახელით განსაზღვრა დიდებული სამეფოს ძალაუფლება. ავტორს სურდა მისი ძალაუფლების განსაკუთრებულობის გადმოცემა შვიდი რიცხვის დახმარებით, რომელიც სამისა და ოთხისგან შედგება, ლუწისა და კენტისგან, ანუ თითქოს საპირისპიროსგან.
 
შვიდი ეკლესიის მანამდე მოყვანილი სახე არის დადებითი მაგალითი, ვინაიდან ეს წინასწარმეტყველებს იმაზე, რომ ქრისტეს ერთი ეკლესია იქნება მთელი დედამიწის მფლობელი. პირიქით, აქ იგივე რიცხვი, რომელიც შვიდ თავს მიეკუთვნება, როგორც ჩანს, საპირისპიროა ამ მაგალითისა. ეს თავები მიუთითებენ, რომ დამყარდება გლობალური ძალაუფლება. რადგან საღვთო წერილი ხშირად იყენებს რიცხვს შვიდი, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მნიშვნელობით. რადგან, როგორც სულიწმიდა, მისი შვიდსახოვანი მოქმედების გათვალისწინებით, წინასწარმეტყველ ესაიას მოწმობის თანახმად, აღიარებულია შვიდსახოვნად კარგი გაგებით, ასევე ბოროტ სულსაც ხშირად შვიდსახოვანს უწოდებენ. და რადგანაც ამ მეფეთა ძალაუფლება, რომლებიც ჩვეულებრივ ეწინააღმდეგებიან ქრისტეს ეკლესიას, არა მხოლოდ აშკარად ესხმის თავს მორწმუნეებს, არამედ ჭეშმარიტების ნიღბით ცდილობს მათ ცდუნებას ტყუილებით, ავტორი ასახავს აშკარა ძალაუფლებას ათი გვირგვინით, ხოლო სიმართლის მსგავს საწმუნო ტყუილს - შვიდი თავით.
 
ამრიგად, წინასწარმეტყველების სიტყვის თანახმად, ეს მომავალი დევნა ძალადობრივი იქნება, რომლის დროსაც სიცრუის ოსტატობა იქნება მხარდაჭერილი და, რაც ტყუილით ვერ მიიღწევა, ძალადობით შეივსება. ზემოთ მოყვანილი იყო ამ ტყუილის მოჩვენებითი ხასიათი: ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი (აპოკ. 13:3). ანუ ეს ნათქვამია ამ სამყაროს მსოფლიო ძალაუფლების ერთ-ერთი თავის შესახებ, რომელიც ეკლესიას დაუპირისპირდება, კერძოდ კი ანტიქრისტეზე, რომელსაც, სურდა რა ქრისტესადმი მიბაძვა, გამოაცხადა, რომ იგი მოკვდა და გაცოცხლდა, ცდილობდა რა ბოროტად განეშორებინა დაუდევარი ადამიანები იმ ქრისტესგან, რომელიც ჭეშმარიტად მოკვდა და ჭეშმარიტად აღდგა.
 
ამ თავის შესახებ უკვე ითქვა, რომ ურჩხულმა, ანუ ეშმაკმა, მას ტახტიც და დიდი ძალაც მისცა. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ იგი იყო გმობის სახელებით სავსე, და კვლავ: თავებზე კი - გმობის სახელნი (აპოკ. 13:1). შეუძლებელია უფრო საშინელი გმობის გამოგონება, როდესაც ვინმეს, ვინც უპირისპირდება ქრისტეს (რასაც ნიშნავს სახელი ანტიქრისტე) - სურს, რომ იგი მიიღონ, როგორც ქრისტე, და ვისი გატეხვაც არ შეუძლია ძალადობითა და შიშით, შეეცდება გაუკუღმართებული ჭეშმარიტებით აცდუნოს და ვინც აშკარა ცდომილებაზე უარს იტყვის, მათ სიმართლის მსგავსი ტყუილის მიღებას აიძულებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ორი სული
 
კეთილი სული - არის სიბრძნის სული, რომელსაც ეწინააღმდეგება შეშლილობის ბოროტი სული. ეს უკანასკნელი უარესია, რადგან ის სიბრძნეს ჰბაძავს. კეთილი სული არის რჩევის სული, ხოლო ბოროტი სული - უმეცრებისა. ეს უკანასკნელი უარესია, რადგან ის გამჭრიახობას ბაძავს. კეთილი სული არის სიმტკიცის სული, რომელსაც ეწინააღმდგება აშკარა სიმხდალის ბოროტი სული. ეს უკანასკნელი უარესია, რადგან მისი უძლურება მოჩვენებითი ძალით გვაცდუნებს. კეთილი სული არის ცოდნის სული, რომელსაც ეწინააღმდეგება უმეცრების ბოროტი სული, უბოროტესი ცოდნის ქურდობის გამო. კეთილი სული არის ღვთისმოსაობის სული, ხოლო ბოროტი - ურჯულოებისა. ეს უკანასკნელი უარესია, რადგან იგი იმალება ყალბი ღვთისმოსაობის ნიღბის ქვეშ. კეთილი სული არის ღვთის მოშიშების სული, რომელიც საპირისპიროა ქარაფშუტობის ბოროტი სულისა. ეს უკანასკნელი უარესია, რადგან იგი იყენებს ცრუ რელიგიურობის ხრიკებს (ამ სათნოებათა შესახებ იხ. ეს. 11:2-3. - რედ.).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
 
წარსაწყმედად განწირულნი
   
სამოსისა და სამკაულის დახვეწილობა, სახის მაცდური ხიბლი მხოლოდ უხამსი და ურცხვი ქალებისთვის არის დამახასიათებელი და თითქმის არავის აქვს უფრო ძვირფასი მოკაზმულობა, ვიდრე მათ, ვისი ნამუსიც იაფად ფასობს. ასევე, წმინდა წერილში, რომლის მიერაც უფალმა ინება ჩვენი განსწავლა და შეგონება, აღწერილია მეძავი ქალაქი, მორთულობითა და მოკაზმულობით ან, უფრო სწორად, მათ გამო განწირული განადგურებისთვის. დაე, წმინდა და უბიწო ქალწულები განერიდონ მეძავთა მოკაზმულობას, უსირცხვილო ქალთა სამოსს, მაცდურ ქალთა სამკაულებს, მეძავთა მორთულობას!
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ქალწულთა შესამოსელის შესახებ (იხ. აგრეთვე ტერტულიანე: ქალთა მორთულობისთვის 2:11-12 - რედ.).
 
 
ოქრო - პირმოთნეობა
   
პორფირით ნაჩვენებია მისი წარმოსახვითი სამეფო, ძოწეულით - მისი ბოროტების სისხლიანი ჩვევა. პატიოსანი თვლებით - ყველანაირი ხრიკი ჭეშმარიტების გასაყალბებლად. ... თუ რა არის ამ სილამაზის შიგნით, იოანე გვიჩვენებს, როდესაც ამბობს: და ხელთ ეპყრა სიბლიწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. შესაძლოა, ოქრო ფარისევლობაა, რადგან უფალი ამბობს: გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით (მათე 23:25).
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
ბოროტების წყარო
 
პორფირი გულისხმობს სამეფო ღირსებას, ხოლო ძოწეული მიანიშნებს იმაზე, რომ მან მრავალი წმინდანის სისხლის დაღვარა. ოქროთი, პატისანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული - ნაამბობში სათანადოდ დაგმობილია იგი, როგორც დედოფალი, სამეფო სამოსში.
 
სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი - ბარძიმი იყო ოქროსი ქალის მმართველობის სიმაღლის გამო, მაგრამ ამავე დროს იგი სავსე იყო კერპთაყვანისმცემლობითა და სიბილწით, რომლითაც იგი საზრდოობდა და რომელთაც დაათხევდა საკუთარ დემონებს.
 
მისი სიძვის უწმინდურებით სავსე (2) - რადგან იგი, როგორც ბოროტებისა და კერპთაყვანისმცემლობის სიშლეგის შემოქმედი, პასუხისმგებელია სხვა ერების კერპთაყვანისმცემლობის გამო.
 
______________
 
2. ეკუმენიოსთან "მისი სიძვის" ნაცვლად მოცემულია "ქვეყნის სიძვის" ((τῆς γῆς ნაცვლად αὐτῆς) (ძვ. ქართ.: "სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა").
 
______________
   
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
  
ცოდვის თასი
   
პორფირი და ძოწეული - მისი ძალაუფლებისა და უფლებამოსილების (ხელმწიფების) სიმბოლოა, რადგან იგი შემული იყო ძვირფასი ქვებით და მძივებით...
 
ბარძიმი უჩვენებს ბოროტების სიტკბოებას მის განცდამდე, ოქრო კი მის მიმზიდველობასა და მაცდუნებლობაზე.
 
როგორც ვიღაცამ თქვა იობზე, რომ ის წყალივით სვამდა გმობას (იობი 34:7), ასევე აქ ნაჩვენებია, რომ ის (მეძავი ბაბილონი - "აპოკ." რედ.) მისდევს ბოროტებას არა გასაძღომად, არამედ თავისი წარწყმედის წყურვილის გამო. ამიტომაც გაამრავლა მან თავისი სისაძაგლენი, ანუ ღმრთითსაძაგელი საქმენი, რომლითაც ირწყულება ცოდვის მოყვარული საზოგადოება, რომელიც, როგორც ტკბილ სასმელს, ცოდვით თრობასა და სიძვის სიბილწეს ეწაფება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
 
 
ცოდვის დედა
   
ნათქვამია: და ეწერა შუბლზე, როგორც ერთგვარ ბოძზე, თუ ვინ არის იგი - დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. ქალს ბაბილონს უწოდებენ შფოთის, აღრევისა და წმინდანების დევნის გამო, რაც მისგან ხდება, რადგან სახელი ბაბილონი, როგორც მოგეხსენებათ, აღრევას ნიშნავს. იგი დედად ეკუთვნის სიძვასა და ღვთისგან განდგომას.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შუბლზე დაწერილი ამოწმებს სიცრუის უსირცხვილობასა და ცოდვის ჩადენის კადნიერებაზე. ის არის დედა, ვინაიდან თავის მორჩილ ქალაქებს ასწავლის ყოველგვარ ცოდვას, სულიერ სიძვას, რითაც ღვთის წინაშე საძაგელ უკანონობას იჩენს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მეძავის სახელი - საიდუმლოა
 
ნაჩვენებია ამ მეძავის სახე და ის ფაქტი, რომ იგი ასაზრდოვებს მანკიერებებს, მაგრამ რადგანაც იგი ბრწყინვალე სამოსით არის შემოსილი, მას მხოლოდ გამოცდილი და გონიერი ადამიანები იცნობენ. აქ ნათქვამია, რომ მისი სახელი საიდუმლოა.
   
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
აპოკალიფსისი
მიწიერი მეფეები ძალაუფლებას მხეცს გადასცემენ
 
17:6-18
 
 
ახ. ქართ.:
 
6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
 
7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
 
8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
 
9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
 
10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
 
11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
 
12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
 
13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
 
14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
 
15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
 
16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
 
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
 
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
   
 
ძვ. ქართ.:
 
6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.
 
7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
 
8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს.
 
9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
 
10. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ.
 
11. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.
 
12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა.
 
13. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ.
 
14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
 
15. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი.
 
16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
 
17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
 
18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.


***
 
 
მიმოხილვა: ცოდვის ქალაქს - რომს ან ბაბილონს - ძვირად დაუჯდება თავისი უსჯულოება; ორივე დევნიდა ქრისტიანთ (ანდრია კესარიელი). ეშმაკი უფსკრულიდან ამოვა ანტიქრისტეს მიერ, რომელმაც ურწმუნონი მოატყუა (ეკუმენიოსი). ეშმაკის ქალაქი - მხეცი, განწირული წარსაწყმედად (პრიმაზიუსი). მხეცი მხეცისგან - ბოროტი ხალხის დაბადება (კესარიოს არლელი). ეშმაკის მორწმუნენი განცვიფრდებიან მისი სიკვდილის გამო (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). შვიდი თავი და მთები - მსოფლიო სამეფოებია, რომლებიც აღემატებიან დანარჩენებს, ან რომის შვიდი იმპერატორია, რომლებიც დევნიდნენ ეკლესიას (ანდრია კესარიელი, ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული, ვიქტორინე პეტავიელი). ან კიდევ ეს შეიძლება იყოს ცოდვილი კაცობრიობის სიმბოლო (პრიმაზიუსი). მხეცი - ნერონია (ვიქტორინე პეტავიელი). ესმაკი - ეს ბოროტების უმაღლესი წინამძღოლია (ეკუმენიოსი). მხეცს მერვე ეწოდება, რადგან აღდგება შვიდი სამეფოს შემდეგ (ანდრია კესარიელი). მმართველები მოკლე ხნით ძალაუფლებას ანტიქრისტესგან მიიღებენ (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი) და მსოფლიოს ერთმანეთში დაიყოფენ (ბედა პატივდებული). ისინი - ანტიქრისტეს მსახურები არიან და მათ დაამარცხებს ქრისტე (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). წყლის შერევა ღვინოსთან - ქრისტეს შერევაა მორწმუნეებთან (კვიპრიანე კართაგენელი). სიამოვნებას დახარბებული ადამიანები დევნიან წმინდანებს, რადგან სძულთ ისინი, და აპარტახებენ ქვეყანას (კესარიოს არლელი). ღმერთი მართალია და სამართლიანად მიაგებს უკეთურთ (პრიმაზიუსი).


***
 
 6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
 
7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
 
 
ერთგულება და სიცრუე
 
ერთია სხეული, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიას, როგორც შიგნიდან, ისევე გარედან. ანუ ეკლესიაში - ეს ცრუ ქრისტიანები არიან, ხოლო ეკლესიის გარეთ - მწვალებლები და წარმართები. თუმცა, ჩანს, რომ სხეული გამოყოფილია, თუმცა, ეკლესიის დევნულების დროს ის ხელს უწყობს სულიერ ერთობას. ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს (ლუკა 13:33). ანუ შეუძლებელია ისე მოხდეს, რომ კარგი ქრისტიანები განიცდიდნენ რაიმე დევნულებას ცუდი ქრისტიანების გარეშე. მათ ბრალად ედებათ (შორეულ) წინაპართა ცოდვეა, რომლებმაც ქვებით ჩაქოლეს ზაქარია (იხ. 2 პარ. 24:20-22, მთ. 23:34-39. - რედ.), თუმცა თავად მათ (ცუდ ქრისტიანებს) ეს არ ჩაუდენიათ.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დიდი ქალაქის დაცემა
   
ქალაქების სახელები წმინდა წერილში მოცემულია (როგორც ეს იქ მრავალ ადგილას შეიძლება ვნახოთ) მათი ცხოვრებისა და საქმეების შესაბამისად. ძველი ბაბილონი წოდებულია მხიარულ მეძავად, ჯადოქართა და გრძნეულთა მბრძანებლად, ხოლო იერუსალიმის შესახებ ნათქვამია: შეკავდა წვიმები და ზაფხულის წვიმაც არ მოსულა, მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი (იერ. 3:3). პეტრეს ეპისტოლეში ძველი რომი იწოდება ბაბილონად (1 პეტრ. 5:13). მაგრამ, რა თქმა უნდა, ბაბილონად სამართლიანად იწოდება ქალაქი, სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფი, შემდეგ კი სხვა ქალაქი, სისხლით და მკვლელობებით გახარებული. მახარებელს შეეშინდა, როდესც იხილა ერთი ქალაქი ამათგან და შეიტყო ანგელოზისგან, რომ ეს ქალაქი - მსოფლიოს მპყრობელი - აღსასრულის ჟამს დაისჯება ურჯულოების გამო, რომელი ქალაქიც იყოს მასში ნაგულისხმევი: სპარსული, ან რომი, მიმღები თავისი ძველი ძალაუფლებისა, ან რომელიღაც ახალი, ან საერთოდ მსოფლიო სამეფო, რომლებიც სავსე იქნბიან წმინდანთა სისხლით, მაგრამ არა ერთნაირად - ერთნი უფრო, სხვა - ნაკლებად. ვინ აღრაცხა, მაგალითად, დიოკლეტიანეს დროს მოწამეთა მიერ დაღვრილი სისხლი სპარსელთა მიწაზე (იხ. სოზომენე, საეკლესიო ისტორია. 2.9-4,- რედ.)? აგრეთვე ისიც, რაც იყო, მაგალითად, იულიანეს დროს ან არიანელთა მიერ დევნა ქრისტიანებისა ახალ რომში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
8ა. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა.
 
 
ბოროტების არყოფნა
   
მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან - რადგან ეშმაკი ხორციელი სამყაროს გაჩენამდე იყო, ღმერთის მიერ შეიქმნა კეთილი საქმეებისთვის, ისევე როგორც ღვთის სხვა ანგელოზები. და აღარ არის, რადგან მახარებელს ასევე გამოეცხადა, თუ რა მოხდება ქვეყნის აღსასრულს, როდესაც ის წავა საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მთ. 25:41). რადგან მათ შორის ყოფნა არ ნიშნავს ყოფნას ნამდვილი გაგებით. შესაბამისად, რადგან თავისი საქმიანობით უკანასკნელ დღეებში ანტიქრისტე გამოავლენს თავს, ნათქვამია: ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედად წავა.
 
ცხადია, ანტიქრისტეს მეშვეობით ეშმაკი ერთგვარად აღზევდება, ვინაიდან ანტიქრისტე შეცდომაში შეიყვანს ხალხს და აიძულებს, თაყვანი სცენ მას. ან შეგვიძლია ეს სიტყვები - იყო და აღარ არის - შემდეგნაირად გავიგოთ: ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული მიმართავს ყველა წმინდას ქრისტე იესუში, რომელნიც არიან ფილიპეში (ფილიპ. 1:1) (3), მათ წმიდას იმიტომ უწოდებს, რომ ასეთი არიან, რადგან ისინი ქრისტეში არიან, მასთან ახლოს და მის ხსენებაში. ასე რომ, თუ წმინდანები უკვე არიან, მაშინ დღეს აღარ არის ეშმაკი, მაშინაც კი, თუ მანამე იყო, როდესაც ყოვლისშემპყრობელი ღმერთის წინაშე გადიდგულებული მოაკლდა თავის პატივს.
 
ასე არიან უკეთურნიც: თუმც ისეა წარმოდგენილი, რომ ისინი არსებობენ, რადგან მათ აქვთ იპოსტასი და არსი, მაინც არა აქვთ ყოფიერება, რადგან ეს თანხმიერია მსჯავრთან და ღმრთის ხსენებასთან. დაბადების წიგნშიც ნახსენები არ არის კაენის შთამომავალთა გენეალოგია (იხ. დაბ. 5:1 - 6:1. - რედ.), რადგან ისინი არ ყოფილან თავიანთი უკეთურების გამო.
 
___________________
 
3. ეკუმენიოსი თავის მსჯელობას აგებს გამოყენებული ბერძნული სიტყვის "ყოფნის" ბუკვალურ მნიშვნელობაზე. სინოდ. თარგმანი იყენებს საზოგადოდ გამოყენებულ გამოთქმას "რომლებიც არიან ფილიპეში" - რედ.).
 
___________________
 
ნათქვამია, რომ ის წარსაწყმედად წავა, ანუ ჯოჯოხეთის სამართლის სასჯელს დაექვემდებარება. რადგან, მათეს თანახმად, უფალმა თქვა მათი წარწყმედის შესახებ, ვისაც ეს სასჯელი დაატყდება თავს: არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას (მთ. 10:28).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჯეროვანის აღსრულება
   
საღვთო წერილი გვასწავლის ორი ქალაქის წარმოქმნას ჯერ კიდევ სამყაროს დასაბამიდან, რომელთა მოდგმამაც დღემდე მოაღწია. ამათგან ერთი ღმერთის ქალაქია, მეორე კი - ეშმაკისა. აქ ეს უკანასკნელი აღნიშნულია, როგორც მხეცი... ამიტომაც ამბობს იოანე: იყო და აღარ არის - რომ თაობებიდან მიმდევრობით მიდიან და მოდიან ერტმანეთის მიყოლებით და, ამგვარად, ხდება ის, რაც უნდა აღსრულდეს. ამიტომ შემდგომ ნათქვამია, რომ მხეცი ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედელად წავა. რადგან ეს საღვთო სამარტლიანობის შესაბამისად ხდება - საიდუმლო, მაგრამ სამართლიანობის შესაბამისად, როგორც ფსალმუნი ამბობს: სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით (ფსალმ. 35:7). ანდა მხეცი გამოვა ბოროტეულთა გულებიდან, რომელთ შესახებ ფსალმუნში ნათქვამია: უფსკრული უფსკრულს გასძახის (ფსალმ. 41:8).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მხეცი მხეცისგან
 
ამაში იგულისხმება, რომ ბოროტი ხალხისგან ბოროტი ხალხი იშვება, რათა შესაძლებელი იყოს თქმა: მხეცი მხეცისგან, უფსკრული უფსკრულისგან. რას შეიძლება ნიშნავდეს მხეცი მხეცისგნა, თუ არა ბოროტ ერს, რომელიც ასევე ბოროტი ერისგან იშვება? ეს ხდება, სანამ ცუდი შვილები უარეს მშობლებს დაემსგავსებიან; ასევე, სანამ ერთნი კვდებიან, სხვები კი მათ მიჰყვებიან, რადგან არასოდეს ქრებიან ისინი, - ბევრნი არიან თუ ცოტა, აშკარად თუ ფარულად, - რომლებიც დასაბამიდანვე ყოველთვის იზრახავდნენ ბოროტს ეკლესიის წინააღმდეგ. მათთან ურთიერთობის შესახებ - რადგან არ ძალგვიძს ამისი ამქვეყნად თავიდან აცილება - მოდი საღმრთო მოწყალებას შევევედროთ, რათა ისე განვსხვავდებოდეთ მათგან ჩვენი ქცევით, რომ მათთან ერთად არ დავიღუპოთ სამარადისო დასჯისას, როდესაც ისინი ისმენენ: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. ჩვენ კი გვესმას: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან (მთ. 25:41, 34).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
იყო და აღარ არის
 
მხეცი, რომელიც იხილე - ეს მხეცი არის სატანა, რომელიც მოკვდინებულ იქნა ქრისტეს ჯვრით; იგი ისევ გაცოცხლდება უკანასკნელ ჟამს და ანტიქრისტეს ცრუ ნიშებითა და სასწაულებით შეეცდება ჯვრის დამხობას. ის მოქმედებდა ჯვრამდე, მაგრამ ახლა არ არის, რადგან იგი მაცხოვრის ვნებათა მიერ დაუძლურდა და დაკარგა ხალხებზე გამგებლობა, რომელიც მას ჰქონდა მათზე მათივე კერპთაყვანისმცემლობის მეშვეობით...
 
აღსასრულის წინ კი ის მოვა ჩვენ მიერ მითითებული სახით, გამოვა უფსკრულიდან ანუ იქიდან, საითკენაც განკითხულ იყო, და საითაც ქრისტეს მიერ განდევნილი ეშმაკები ითხოვდნენ არ გაეშვათ, რის სანაცვლოდ ითხოვდნენ ღორებში შესვლას (იხ. ლკ. 8:30-33).
 
იგი გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ალეგორიულად უფსკრულად ითქმის ცოდვათა სიღრმისა და ვნებათა ღელვის გამო ამ ცხოვრების ზღვაში. აქედან გამოვა ანტიქრისტე - სატანის იარაღი ადამიანების მოსახელთებლად, რის გამოც იგი განისჯება წარსაწყმედელად მომავალ საუკუნეში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სატანის დაღუპვა
   
ოდესღაც ეშმაკი მართავდა ყვეყანას და უფლის ჯვარცმით განგდებულ იქნა გარე; მაგრამ სამყაროს აღსასრულის წინ, გათავისუფლებული საპყრობილიდან, საუკუნოდ წარწყმდება უფლის პირის სულისგან. ტიკონიუსი მიიჩნევს, რომ მხეცი - ეს ეშმაკის მთელი სხეულია, რომელიც თაობებით ივსება, სადაც წარმავალთ ცვლიან მომავალნი.
 
ღირ. ბედა პატივდებული.
 
 
8ბ. და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
 
 
აღსასრულის სისაძაგლე
   
ნათქვამია - და დედამიწის მკვიდრნი ... განცვიფრდებიან - არა ყველა, არამედ ისინი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში. რითი განცვიფრდებიან? იმით, რომ მხეცი იყო და აღარ არის, და კვლავ მოვა და დაიღუპება - რადგან ისინი, ვისაც სწამდა მისი, განცვიფრდებიან მასში მომხდარი დიდი ცვლილებებით: რადგან, სურდა რა გამხდარიყო სამყაროს მბრძანებელი და წარმოადგინა საკუთარი თავი ასეთი სახით, მას არა მხოლოდ ჩამოერთმევა ძალაუფლება, არამედ მისი სისაძაგლის ღირსი სიკვდილით დაიდჯება.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სატანის მიერ მოტყუებულნი
   
და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღრ არის, მაგრამ კვლავ მოვა - იოანე გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დაისაჯონ. მაგრამ თუ აქ გარკვეული ბუნდოვანება იქმნება, იგივე იოანე თავის ეპისტოლეში მხოლობით რიცხვშიც ამბობს: როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი (1 იოანე 2:18). ცოტათი ქვემოთ კი: ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ (1 იოანე 2:19). რადგან მათი სახელები ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, ისინი, ვინც იცოცხლებენ სამყაროს აღსასრულამდე და განიცდიან თავიანთ წარწყმედას, მოგვიანებით შეცბუნდებიან იმის გააზრებით, რომ ის არ ყოფილა ქრისტე, ვინც მათ მიიღეს, მხეცის დამათრობელი ცდუნებით მოტყუებულებმა, არამედ ჩვენი ქრისტე, რომელსაც ისინი, რა თქმა უნდა, სამართლიანად განსჯილნი, უკვე ცნობენ მსაჯულად.
 
ამრიგად, სამყაროს შექმნიდან იცის უფალმა, ვინაა მისი (2 ტიმ. 2:19), როგორც აღუთქვა, როდესაც უთხრა მათ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან (მთ. 25:34). ასევე ისინი, ვინც არ არის მისი, მან არ ჩაწერა სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, არამედ როგორც მისთვის უცხოებსა და როგორც უძველესი დროიდან წინასწარ შეცნობილთ, უფალი მათ მიუსჯის საუკუნო ცეცხლს, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მათე 24:41). რადგან მაღალია უფალი: და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს (ფსალმ. 137:6). ასე რომ, ის ამბობს: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო (მათე 7:23).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
განცვიფრდებიან დედამიწაზე მცხოვრებნი, რომელთა სახელებიც არ ყოფილა ჩაწერილი ცხოვრების წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, დაინახავენ რა, რომ მხეცი იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. ისინი, ვიცი სახელებიც არ ყოფილა ჩაწერილი ცოცხალთა მარადიულ წიგნში და არ იცნობდნენ ანტიქრისტეს ქრისტეს საწინასწარმეტყველო სიტყვების თანახმად, გაიკვირვებენ მხეცის მოსცვლის გამო და მისი ცრუ სასწაულებისა, გაიკვირვებენ და ვერ გაიგებენ, თუ როგორ მიღო მან კვლავ ადრინდელი ძალაუფლება.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე.
 
 
მეფობის შვიდი ადგილი
 
შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი - ეს არის ქალაქი რომი.
 
ნათქვამია: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი. აქედან აშკარაა, რომ საუბარია რომზე; რადგან, როგორც იტყვიან, მხოლოდ ის და არც ერთი სხვა ქალაქი არ მდებარეობს შვიდ მთაზე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჩვენ ვფიქრობთ, რომ შვიდი თავი და შვიდი მთა უჩვენებს შვიდ ადგილს, რომლებიც სხვებს აღემატებიან ძლევამოსილებით, რომლებშიც სხვადასხვა დროს ამქვეყნიური სამეფონი დაფუძნებულა. მათგან პირველია ასირიელთა სამეფო, მეორე - მიდიელთა ბატონობა ეკბატანაში, რომელთა მეფე არბაკმა, ისტორიის თანახმად, მოკლა ასირიელთა მეფე სარდანაპალი; ამის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა გააძლიერა ქალდეველთა სამეფო ბაბილონში, ხოლო კიროსმა, დაამარცხა რა ეს სამეფო, აღადგინა სპარსეთის სუსი. ალექსანდრე მაკედონელმა დაანგრია იგი და დააარსა მაკედონიის სამეფო. ამ სამეფოების შემდეგ ძველ რომში, მისი პირველი მეფეებისა და კონსულების შემდეგ ავგუსტუს კეისრის დროს შეიქმნა რომის მსოფლიო იმპერია, რომელიც თავს ინარჩუნებდა თავისი უკეთური მეფეებითურთ კონსტანტინე დიდამდე...
 
ამგვარადვე, შვიდი თავი აღნიშნავს ქალაქებს, ხოლო შვიდი მთა - შვიდ მდგომარეობას, როდესაც ისინი დროდადრო აღემატებოდნენ დედამიწის სხვა ადგილებს არა მოსახლეობით, არამედ დიდებულებით, და მეფეებიც მსგავსადვე აღნიშნავენ ან სახელგანთქმულ ადგილებს, როგორც მეფეთა სამყოფლებს, ან პირველი მეფეებისას, რომელთა სახელებითაც მოიხსენება მათი სამეფოებიც. სახელდობრ: სახელით ნინო - სირიის სამეფო, სახელით არბაკი - მიდიისა, ნაბუქოდონოსორით - ბაბილონისა, ალექსანდრეთი - მაკედონიისა, რომულუსით - ძველი რომისა, კონსტანტინეთი - ახალი რომისა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
 
 
წმინდანთა სამეფო
   
დროს თუ გამოვთვლით სამაროსა და ადამის შექმნიდან, მარტივად ვიპოვით იმას, რასაც ვეძებთ. მართლაც, ჩვენი უ ფალი ხორციელად პირველად მოვითა ბეთლემში, იანვრის კალენდრების რვა დღით ადრე, ოთხშაბათს, ავგუსტუსის მეფობის ორმოცდამეორე წელს; ადამიდან კი - ხუთი ათას ხუთას წელს. ხოლო იგი ევნო ოცდამეცამეტე წელს, აპრილის კალენდრამდე რვა დღით ადრე, პარასკევს, ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთვრამეტე წელს.
 
ამრიგად, იმისთვის, რომ დადგინდე წმინდა დასვენების დღე, როდესაც ღმერთმა დაისვენა ყოველი საქმისგან, რაც მან არასრულა (იხ. დაბ. 2:2. - რედ.), აუცილებელია, ეს ექვსი ათასი შესრულდეს. რადგან შაბათი - ეს არის წმინდანთ იმ სამეფოს გამოცხადების ხატება და მსგავსება, როდესაც, როგორც იოანე ამბობს აპოკალიფსისში, ისინი იმეფებენ ქრისტესთან ერთად მას შემდეგ, რაც იგი ზეციდან მოვა (იხ. 2 ტიმ. 2:12. - რედ.). მართლაც, ერთი დღე უფლისთვის, როგორც ათასი წელი (2 პეტ. 3:8). ასე რომ, თუ ღმერთმა ყველაფერი ექვს დღეში შექმნა, მაშინ ექვსი ათასი წელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ ის ჯერ არ შესრულებულა, როგორც იოანე ამბობს: ხუთი დაემხო, და ერთი არის - ანუ მეექვსე, - სხვა კი ჯერაც არ მოსულა. სხვაში გულისხმობს მეშვიდეს, რომელშიც იქნება დასვენება.
 
წმ. იპოლიტე რომაელი, დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება.
 
 
მსოფლიოს მმართველნი
   
ასე უნდა გავიგოთ დრო, რომელშიც იწერება აპოკალიფსისი, რადგან მაშინ მართავდა დომიციანე. მანამდე იყო ტიტუსი, მისი ძმა, და ვესპასიანე, მათი მამა.
 
შემდეგ ოტონი, ვიტელიუსი და გალბა. ეს - ხუთი, რომლებიც დაემხნენ. ერთი არის, ამტკიცებს იოანე, - ის, ვის დროსაც დაიწერა აპოკალიფსისი, კერძოდ დომიციანე. სხვა კი ჯერაც არ მოსულა - ლაპარაკია ნერვაზე, რომელიც როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. რადგან ორი წელიც კი არ გავა.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სამართლიანად, იოანე თავების სახეში  მმართველებს გულისხმობს, რადგან ისინი მართავენ რომაელებს. მაშინ რატომ - მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს რომში ამდენი მმართველი იყო - მხოლოდ შვიდს უწოდა მან მხეცის შვიდი თავი? რადგან ეს შვიდი უპირატესად წარმოადგენს მხეცს, ანუ ეშმაკს: მათ აღამაღლეს მისი თავი ქრისტიანებზე, როდესაც დაიწყეს ეკლესიის დევნა. მათგან პირველი იყო ნერონი, მეორე - დომიციანე, შემდეგ - ტრაიანე, სევერიუსი, მის შემდეგ - დეციუსი, ვალერიანე, დიოკლეტიანე - რომის ეს მმართველები სასტიკად სდევნიდნენ ეკლესიას, როგორც ამას ევსები თავის ქრონიკაში მოგვითხრობს (ანუ საეკლესიო ისტორიაში - რედ.); ამ შვიდიდან, როგორც ითქვა, ხუთი დაემხო - ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, სევერიუსი, დეციუსი - და ერთი არის, ანუ ვალერიანე.
 
სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს - სხვა - ესაა დიოკლეტიანე, რომლის შემდეგაც რომში მმართველობა შეწყდა და გადავიდა ღვთისმოსავი კონსტანტინეს სახელობის ქალაქში, სადაც კონსტანტინემ თავად გადაიტანა სახელმწიფო ხელისუფლება. ყველაფერი დიდი სიზუსტით ეცნობა მახარებელს; განსაკუთრებით ის, რაც დიოკლეტიანეს ეხება, სადაც ნათქვამია: მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. ეს ნიშნავს, რომ დარჩება ქრისტიანთა დევნა; რადგან, მართალია, იგი ოცი წელი მეფობდა, მაგრამ როგორც დააწესა დევნა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ისე შეწყდა მისი ძალაუფლებაც.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იოანე ამტკიცებს, რომ მხეცის თავები მსოფლიოს მეფეები არიან, რომლებსაც, თავიანთი ზედმეტად გაბღენძილი ამპარტავნობის გამო, მაღალ მთებს ადარებენ. ვნება და ბოროტება განისვენებს მთაზე, ასე რომ, ისინი თრგუნავენ ძალით და აცდუნებენ სიცრუით. რადგან რიცხვი შვიდი აღნიშნავს ამქვეყნიური სამეფოს სისავსეს, რომლის ბოლო პერიოდი, ანუ ანტიქრისტეს სამეფო ჯერ არ დამდგარა. იოანე აქ ამბობს, რომ ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა.
 
მაგრამ, როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს - უფალი ყველას ხედავს - ამაყსაც და სუსტსაც, ამიტომ აქ ნათქვამია, რომ მოწყალების გამო შემოკლდება განსაკუთრებით ის ბოროტი დღე, რომელსაც უფალი ჩვენთან მოსასვლელად დაუშვებს. ამრიგად, უფალი შეძლებს, ქედმაღალნიც დააშინოს ამ დროის უბედურებით და დაეხმაროს სუსტებსაც იმით, რომ ეს დრო შეამოკლოს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ცოდვის სახეები
   
როგორც უკვე ვთქვით, ცალკეული სახით წარმოდგენილია მთელი გვარი. რადგან იმას, რასაც წარმოადგენს მხეცი (მე-8 მუხლი), იოანე უწოდებს შვიდ თავს, ხოლო შვიდ თავს - შვიდ მთასა და შვიდ მეფეს (მე-9 მუხლი). ანუ ესენი არიან ცოდვილი კაცობრიობისგან განუყოფელნი, რომლებიც მკვიდრობენ როგორც წინამძღოლებში, ისე მეფეებსა და მათ ქვეშევრდომებში (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). მხეცს სხვაგვარადაც ახსენებენ, რადგან იგი განსხვავებულია საქმეებით, რომლებსაც მიმართავს ძალდატანებით ან მოტყუებით, როდესაც ხორციელი საგნების მეშვეობით შემპარავი და დამღუპველი მოძრაობებით მოდის ახლოს, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ: სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი (იერ. 9:21). მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა ამის გაგება ჩვენი ხუთი გრძნობის მიმართ. ესენია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემო.
 
ამის გამო უფალმა უთხრა სამარიელ ქალს: ხუთი ქმარი გყავდა და ის, ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი (იოანე 4:18). რასაც იქ ქმრები ეწოდება, აქ მეფეებს უწოდებენ, რომელთა ძალითაც, როგორც ვიცით, ადამიანის ცხოვრების საწყისები წქარიმართება. და ცხოველებსაც, როგორც ჩანს, ესა აქვთ საერთო ჩვენთან. რაც იოანემ თქვა - ის, ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი - კერძოდ, რომ ის ცხოვრობს არა კანონიერ ქმართან, არამედ ცოდვაში - აქ შემდეგნაირად არის გამოხატული: აქედან ხუთი დაემხო, ერთი არის. როდესაც ნათქვამია - სხვა კი ჯერაც არ მოსულა - გულისხმობს, რომ აქ ჯერ კიდევ არ მოქმედებს ამ ბოროტი სხეულის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მოჰყვება იმ თაობას, რომელიც მიდის. მასაც ასევე ექნება იგივე ბოროტი სული, რაც უკვე აღვნიშნეთ, შვიდი სახისა, რადგან ნათქვამია, რომ ხუთი დაემხო, ერთი არის და სხვა ჯერაც არ მოსულა, რაც შვიდს შეადგენს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
 
 
მკვდრეთით აღმდგარი ნერონი
   
ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან - რადგან ამ მეფეებამდე ნერონი მართავდა. მერვეა, - ამბობს იოანე, - რადგან ის მალე მოვა, ის მერვე ადგილზეა. და რადგან მის დროს დადგება დასასრული, დასძენს: და წარსაწყმედლად მიდის, რადგან ათი მეფე მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას (იხ. გამოცხ. 17:12. - რედ.). როდესაც ნერონი აღმოსავლეთიდან დაიძვრება, მათ რომი გაგზავნის თავიანთი ჯარებით (4).
 
___________________
 
4. ვიქტორინეს თანახმად, მერვე მეფე - ნერონია, რომელიც მკვდრეთით აღდგება და რომზე აღმოსავლეთიდან წამოვა. იხ. ვიქტორინეს განმარტება ზემოთ, გამოცხ. 13:3). იდეას, რომ ნერონი კვლავ დაბრუნდება, რათა რევანში აიღოს თავის მტრებზე, რომაელებიც იზიარებდნენ. იხ. დიონ ქრიზოსტომოსი, სიტყვა 21.10. ტაციტუსი, ისტორია 1,2; 2,8. სვეტონიუსი. თორმეტი კეისრის ცხოვრების აღწერა ('ნერონი"). იერონიმეს თანახმად ზოგიერთ ქილიასტს სწამდა, რომ ანტიქრისტე მოვიდოდა აშურეთიდან (ესაიას წინასწარმეტყველების განმარტება 5; CCSL 73:200)).
 
___________________
 
იგი მათ ათ რქასა და ათ გვირგვინს უწოდებს. დანიელმაც აღნიშნა: სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო (დან. 7:8), ანუ პირველი სამი ლიდერი, რომლებსაც ანტიქრისტე დახოცავს. დანარჩენი შვიდი თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს (აპოკ. 17:13), რომელთა შესახებ ის ამბობს: ისინი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, - ანუ გულისხმობს ქალაქს - და ცეცხლს მისცემენ მას (აპოკ. 17:16).
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დევნულებათა სულისჩამდგმელი
   
მან ეშმაკი დააყენა პირველ და უკანასკნელ მდევნელად, იმ შვიდის თანამოაზრედ (შეად. გამოცხ. 17:13. - რედ.). რადგან, რატომ არ უნდა მივათვალოთ იგი შვიდს, მათი უმაღლესი დამრიგებელი ბოროტებაში?
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეშმაკი და მისი მოდგმა
   
რომ სხვა რამე არ ვიფიქროთ, იოანე აქ ამბობს, რომ ის მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედელად მიდის. ამრიგად, აქ ნაჩვენებია, რომ იგი იმავე ბოროტ მოდგმას ეკუთვნის. შვიდ რიცხვზე აღმატებით, ავტორი მას უარეს ბოროტმოქმედად წარმოადგენს. როდესაც უფალი საუბრობს ერთი უწმინდური სულის შესახებ და ახსენებს შვიდს, მოულოდნელად დასძენს: მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს (მთ. 12:45). ასე რომ, აქაც იოანე შვიდიდან დაწყებული მიუთითებს შვიდ სხვა იმავე მოდგმაზე, ანუ მერვეზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იგი შვიდთაგან არის და წარსაწყმედლად მიდის, ნათქვამია იმის საჩვენებლად, რომ იგი იმსახურებს იმავე სასჯელს, როგორიც მისივე მსგავს მოდგმას მიეცა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს მხეცი ანტიქრისტეა. იგი მერვედ იწოდება, რადგან აღდგება ადამიანების საცდუნებლად და დედამიწის მოსაოხრებლად შვიდი მეფის შემდეგ. ის არის შვიდთაგან, რადგან ამ ერთ-ერთი სამეფოდან გამოვა. იგი მოვა, როგორც რომის მეფე... დატანჯავს და დაღუპავს მათ, ვინც მას არ დაემორჩილება, ამის შემდეგ კი თვითონ წავა გეენიაში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
 
   
მცირე დრო
 
რომ ეს ათი მეფე, ანუ რქები რომის იმპერიისგან იქნებოდა, ბრძენი წინასწარმეტყველი დანიელი წინასწარმეტყველებდა და ამბობდა, რომ ისინი უკანასკნელ ჟამს აღდგებოდნენ; და მათ შორის აღდგება ანტიქრისტე (შეად. დან 7:7-12; ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.26.1. - რედ.). ამიტომ ნათქვამია: ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მიიღებენ ხელმწიფებას. ნამდვილად, როგორც მეფენი, - მათი მეფობის მსწრაფლწარმავლობისა და სიბნელის გამო. შემდეგ დამატებულია: მხეცთან ერთად მიიღებენ, ერთი საათით. ანტიქრისტეს აქ მხეცი ეწოდება. აკი წინა თავებშიც მოციქული ასე უწოდებს მას: მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა (აპოკ. 13:11). და რომ მათი ხელმწიფებისთვის ერთი საათია დანიშნული, ან ნიშნავს მათი მეფობის ხანმოკლე პერიოდს, ან ალეგორიულად იგულისხმება ერთი წელი.
 
ეს ნიშნავს მსოფლიოს ყველა სამეფოს, რომელიც იოანემ უკვე აღწერა ზემოთ მეფეთა და მათი ქვეშევრდომების სახით. მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით - აქ საათი უნდა გავიგოთ, როგორც პერიოდი უფლის ტანჯვის დროიდან, როგორც მოციქულის ხმა ამბობს: ყრმანო, უკანასკნელი ჟამია (1 ინ. 2:18). ამიტომ, იგი ამბობს, რომ სანამ მომავალი არ აღსრულდება, ისინი არ მიიღებენ მეფობას. რადგან, თუმცა ახლა ისინი ბევრზე ბატონობენ, ამ ქედმაღლობის შეშლილი ძალა გამრავლდება, როდესაც ნიშნებით ბევრს აცდუნებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ათი რქა - ანტიქრისტეს წინამორბედნი არიან, რომელთაგან ერთმა ამოძირკვა სამი, ხოლო დანარჩენი მას დაემორჩილა, როგორც ეს დანიელმა იხილა (იხ. დან 7:7-12. - რედ.). ... ერთი საათით - ეს უჩვენებს ან დროის სიმოკლეს, ან წელიწადის ერთ ნაწილს, რაც არის სამი თვე, რომლის შემდეგაც მეფეები დაემორჩილებიან ანტიქრისტეს, როგორც თავიანთ ბატონს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მხეცის შემდეგ ძალაუფლებას იღებენ მეფენი
   
ამქვეყნიურ სამეფოებს ჯერ არ გამოუვლენიათ მთელი თავიანთი ძალა ეკლესიის დევნაში. მიუხედავად ამისა, რომ ისინი დღეს ხალხის უმეტეს ნაწილს განაგებენ, მათი უკეთური ქადილის ძალა კიდევ უფრო მკვეთრი გახდება, როდესაც უმრავლესობას აცდუნებენ სასწაულების წყალობით. ზოგი ამ ტექსტს შემდეგნაირად განმარტავს: როდესაც უკანასკნელი დევნა მოახლოვდება, ათი მეფე გაიყოფს სამყაროს ერთმანეთში, დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც ამას ამბობს მხეცის შესახებ: და ათი რქა ჰქონდა. მე დავარცქერდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო (დან. 7:7-8). ეს განმმარტებლები მიიჩნევენ, რომ ანტიქრისტე ბაბილონში დაიბადება და ეგვიპტის, აფრიკისა და ეთიოპიის მეფეებზე ამაღლდება; როდესაც მათ მოკლავს, დანარჩენი შვიდი მეფე ქედ მოიხრის მის წინაშე (იხ. იერონიმე სტრიდონელი. დანიელის წიგნის განმარტება. 2,7. 7-8). სხვები ამბობენ, რომ ანტიქრისტე ხდება მეთერთმეტე - ეს რიცხვი მიუთითებს ორმაგობაზე, რადგან თერთმეთი ათის სრულყოფილებიდან გამოსვლაა. მაგრამ მეფეები მიიღებენ ხელმწიფებას მხეცის შემდეგ, ერთი საათით ნათქვამია - როგორც მეფენი, რადგან ისინი, ვინც ქრისტეს სამეფოს ეწინააღმდეგება, ისე მართავენ, როგორც სიზმარში.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
 
 
13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
 
14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
 
 
გაიმარჯვებს ქრისტე
 
თუ ეს მომავალი ათი მეფე განსხვავდება თვიანთი მოსაზრებებით, ერთი აზრი აქვთ ის, რომ მისცენ თავიანთი ძალა და ხელმწიფება მხეცს, ანუ ანტიქრისტეს. რადგან ისინი დამარცხდებიან მის წინაშე და საბოლოოდ მხოლოდ ის მიიღებს ყველას თავისი განმგებლობის ქვეშ. მაშინაც კი, თუ ისინი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ დაემორჩილებიან, ეს სულ ერთია, რადგან ათივე მათგანი გაიზიარებს დამარცხებისა და განადგურების ერთსა და იმავე ბედს. მაშინ, როგორც ნათქვამია, მათ ერთი აზრი აქვტ, ტითქოს ნათქვამია, რომ თანხმობითა და ერთსულოვნებით ათივე დაემორჩილება ანტიქრისტეს.
 
ნათქვამია, ერთადვე შეებრძოლებიან კრავს. მართლაც, სანამ ისინი, ვის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, მთლიანად შეიმუსრებიან ანტიქრისტეს მიერ, დაიწყებენ ეკლესიის დევნას. მაგრამ ქრისტე იმძლავრებს: აკი ის მისცემს ამ ბოროტმოქმედებს კიდევ უფრო დიდ ბოროტმოქმედ ანტიქრისტეს სასიკვდილოდ. და სხვა გზითაც იმძლავრებს ქრისტე, რადგან მისი მსახურები მასთან ერთად იბრძოლებენ სიკვდილამდე მისი სარწმუნოების გამო, რადგან ისინი ხმობილნი და რჩეულნი და სარწმუნონი არიან - ანუ ქრისტეს მსახურები.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ ნათლად არის ნათქვამი, რომ ძალა, რომელიც მათ მიიღეს მხეცისგან, გადაეცემა მხეცს, ანუ იმ თავს, რომელმაც, როგორც ჩანს, მიიღო სასიკვდილო წყლული და განიკურნა. რადგან, საერთო შეთანხმებით, ისინი თაყვანს სცემენ მას საკუთარი ნება-სურვილით და გამოაჩენენ მონობას. მართალია, წიგნი აღწერს მტრული ნაწილის ძალას, მაგრამ აქ ნათლად უწინასწარმეტყველებს კრავს გამარჯვებას. იმის ხაზგასასმელად, რომ იგი იზეიმებს თავის მიმდევრებში, დასძენს: მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. და კარგია რომ იგი პირველად ახსენებს რჩეულებს, რადგან უფალმა თქვა: მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 22:14). (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რადგან არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა (მთ. 6:24). თანამოაზრენი ბოროტებაში და ანტიქრისტეს დამორჩილებულნი ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტ ქრისტეს. მაგრამ ღვთის კრავი, ჩვენთვის დაკლული, სძლევს მათ და დთავის სამეფოს უბოძებს რჩეულთ, რამდენადაც, ხორცი შეისხა რა, მასთან რჩება სამეფო და ყველას მიმართ მეუფებაც.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
 
16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
 
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
 
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
 
 
მეფენი დაემორჩილებიან ანტიქრისტეს
   
ნათქვამია, - წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი - აშკარად ისინი, ვისზეც ქალაქი ძალაუფლებას ახორციელებს. როგორ განადგურდება რომი მეფეთა მიერ? აკი ეს არის აღწერილი, როგორც ჩვენ გავიგეთ, გამოცხადების წიგნში. შესაძლოა, ისინი მას ბრძოლაში დაუპირისპირდებიან, როგორც დედოფალს (ქვეყნის მმართველს) ძლიერს, მჭიდროდ დასახლებულს, რომელსაც ხარკს აძლევენ. შესაძლოა, რომისთვის ბრძოლაში აუცილებლად მოხდება, რომ ის, როგორც გამარჯვების ჯილდო, ევნება ყველასგან, მას გადაწვავენ და გაანადგურებენ.
 
ნათქვამია: რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება (5). ღვთის ნებით ამას გააკეთებენ ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგებიან და მისი ხელში ჩაგდება სურთ.
 
___________________
 
5. სინოდ. თარგმანში: აღასრულონ მისი ნება, ზუსტად შეესაბამება ნეტსლე-ალანდის გამოცემის ბერძნულ ტექსტს (გამოც. 27-ე, გვ. 667). ვარიანტს, რომელიც მოჰყავს ეკუმენიოსს, თან ახლავს შენიშვნა: სიტყვა, რომელიც შეცვლილია ერთ-ერთ წყაროში. მაგრამ, შესაძლოა, მას თვითონაც ესმის ეს ტექსტი სწორედ ღმრთის განზრახვის აღსრულების აზრით - რედ.).
 
___________________
 
(ჩაუდო გულში) ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს და, როგორც ერთი ნების გამოხატულებით, ისინი მიეცემიან ანტიქრისტეს მორჩილებაში, როგორც ეს ნათქვამი იყო ადრე: ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. ეს ნიშნავს, რომ ისინი გახდებიან მხეცის ქვეშევრდომები, ვიდრე ანტიქრისტეს არ დაატყდება თავს მისთვის დაკისრებული სასჯელი და არ აღსრულდება ღმერთის მიერ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი სიტყვები. და კიდევ უფრო მკაფიოდ სურს რა, ხაზი გაუსვას იმას, რომ ეს ეხება ხსენებულ ქალაქს, (იოანე) განაგრძობს: ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელიც მეფობს ყველაზე (6).
 
___________________
 
6. სინოდ. თარგმანშია: რომელიც მეუფებს მიწიერ მეფეებზე. - რედ.
 
___________________
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
მიკვირს, თუ როგორ არის ეშმაკი მტერიცა და შურისმაძიებელიც, რადგან მას შეუძლია, მას დამორჩილებული ათი რქა აღძრას და აღჭურვოს ჩვენი ღმერთის, ქრისტეს სათნომყოფელთა წინააღმდეგ და მოაოხროს მრავალრიცხოვანი ქალაქი და ამის შემდეგ გაძღეს მისი სისხლით, როგორც მხეცი. ისიც მაკვირვებს, რომ ის, ვისთვისაც მოოხრება სიხარულია, ადამიანების დახოცვა - საზრდო, ხოლო განხეთქილება და უთანხმოება - ნუგეში, გააერთიანებს ათ განდგომილ რქას? ვარაუდი, რომ ეს ქალი არის დიდი ქალაქი, რომელიც ბატონობს ქვეყნიურ მეფეებზე, ქმნის დამაჯერებელ წინასწარმეტყველებას იმდროინდელი მსოფლიოს სამეფოს ტანჯვაზე.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წყალი და ღვინო
   
მაგრამ ქრისტემ, როდესაც გვასწავლა და მიგვითითა იმაზე, რომ წარმართი ხალხი დაიკავებდა იმ ადგილს, რომელიც ებრაელებმა დაკარგეს (რაც ჩვენ რწმენის წყალობით გვაქვს), წყალი ღვინოდ აქცია. ამით იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხალხები უკეთ შეერეოდნენ ერთმანეთს და მოვიდოდნენ ქრისტესა და ეკლესიის ქორწილში იმ დროს, როდესაც მას იუდეველები არ ესწრებოდნენ. აკი, აპოკალიფსისში საღვთო წერილი განმარტავს, რომ წყალი აღნიშნავს ხალხს და ამბობს: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
 
ჩვენ ნათლად გვესმის, რომ სწორედ ამას შიცავს ზიარების საიდუმლო. ვინაიდან ყველა ქრისტეს დავყავართ, ვინც ასევე თავს იდებს ჩვენს ცოდვებს, ვხედავთ, რომ წყალში უნდა მოვიაზროთ ხალხი და ღვინოში, რა თქმა უნდა, ქრისტეს სისხლი.
 
ჭურჭელში წყალი ღვინოს შეერევა - ხალხი ერთიანედება ქრისესტან - მორწმუნე ხალხი შეერწყმის მას, ვისიც ირწმუნეს. წყლისა და ღვინის ასეთი შეერტება ამგვარადვე გვხვდება უფლის ბარძიმში, რათა ეს შენარევი ერთმანეთისგან არ განცალკევდეს. ამიტომ არავის არ შეუძლია გამოაცალკეოს ეკლესია - ანუ ხალხი, ვინც ეკლესიაშია, ვინც ერთგულად და მყარად რჩება მასში, რისიც სწამს - ქრისტესგან, რომ განუყოფელი სიყვარული მუდამ შენარჩუნდეს და დარჩეს.
 
როგორც უფლის ბარძიმის კურთხევისას მხოლოდ წყლის შეთავაზება არ შეიძლება, ისევე როგორც არც მხოლოდ ღვინისა. და თუკი ვინმე მხოლოდ ღვინოს გვთავაზობს, მაშინ ქრისტეს სისხლი ჩვენს გარეშე რჩება, და თუ მხოლოდ წყალს, მაშინ ხალხი რჩება ქრისტეს გარეშე. მაგრამ როდესაც ორივე მათგანი განუყოფელი ერთობით არის შერეული და ერთმანეთთან დაკავშირებული, მაშინ აღესრულება სულიერი და ზეციური ზიარება.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილები.
 
 
სიძულვილში მყოფნი
   
მეძავი - ძარცვითა და სიამტკბილობით მდიდრული ცხოვრებაა. ამიტომ ის ამბობს, რომ მოიძულებენ მეძავს, რომ ხარბი და ამპარტავანი, ბოროტი და ქედმაღალი ხალხი არა მხოლოდ დევნის წმინდანებს, არამედ თვითონაც სიძულვილში ცხოვრობს. და სხვაგვარად სძულთ მათ, ვისზეც აღსრულდება დაწერილი სიტყვები: ძალადობის მოყვარულს სძულს მისი სული (შეად. ფსალმ. 10:5). და შემდეგ: გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს. რადგან ეს ხალხი, ღვტის რისხვისა და სამარტლიანი სამსჯავროს მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ისინი ღვტის ხელთ არიან, ანადგურებენ ქვეყანას, ვიდრე მას ემორჩილებიან და უსამართლოდ იყენებენ. შეჭამენ მის ხორცს - ეს იმიტომ ხდება, რომ მოციქულის თქმით, ისინი ერთმანეთს უღრენენ და ჭამენ (იხ. გალატ. 5:15. - რედ.).
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
როგორც მოციქული ამბობს - უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას (რომ. 1:28) - ასევე აქაც ნათქვამია: რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება. ღმერთს ესათნოება სიმართლე, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიცით, რომ ბოროტეულნი მიიღებენ საზღაურს. გარდა ამისა, ვინც მხეცს მისცა თავისი სამეფო, მხეცთან ერთად სამართლიანად დაისჯება, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები, რაც, რა თქმა უნდა, სამართლიანობა და წყალობაა. რადგან ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება (ფსალმ. 24:10).
 
ეს მეძავი სწორედ ის არის, ვისი ხორცი და სისხლიც საგლეჯად მიეცათ და რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიწიერი სამეფოს ძალაუფლების წყალობით ნეტარებდა.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქვემოთ, როდესაც იოანე ზემოდან მიღებული ბრძანებით ჭვრეტს კრავის სასძლოს, ხედავს, როგორ ეშვება ზეციდან წმინდა ქალაქი და შემდეგნაირად აღწერს მას: მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში (აპოკ. 21:24). რადგან სამყაროში ორი ქალაქია: ერთი უფსკრულიდან ამოდის, მეორე კი ციდან ეშვება. ამიტომ ბოროტებას, რომელიც იოანემ მეძავის სახით უკვე აღწერა შიშველი და დამწვარი სამოსით, იგი ახლა ადარებს გაცამტვერებული ქალაქის ნანგრევებს.
ღირ. ბედა პატივდებული. გამოცხადების გადმოცემა.


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому