აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
პირველი თასი
16:1-2
ახ. ქართ.:
1. და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
2. წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
ძვ. ქართ.:
1. და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
2. და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
***
მიმოხილვა: ადამიანები მიიღებენ იმავე სასჯელებს, რაც მოსეს დროს ეგვიპტელებმა დაიმსახურეს (ირინეოს ლიონელი). ეკლესიას აქვს ძალაუფლება დასაჯოს ცოდვილები და გაამართლოს მოქცეულები (ტიკონიუსი), მაგრამ ეს უკანასკნელი მოხდება ცოდვილთა მოწყვლის შემდეგ (ანდრია კესარიელი). პირველი თასი - ეს არის ჭირვება და ტანჯვანი, რომლებიც წვავს ადამიანთა სულებს (ეკუმეიოსი). იუდეველები მოწყლულნი არიან ქრისტეს უარყოფისა და ანტიქრისტეს მიღებისთვის (პრიმაზიუსი). სულიერი ჭრილობები - უკეთურთა სულებში დაბუდებული წყლულებია (კესარიოს არლელი).
***
1. და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
დასასრულის სასჯელები
ეგვიპტიდან ხალხის გამოსვლა, ღვთის განგებულების თანახმად, იყო სახე წარმართთაგან ეკლესიის გამოსვლისა. ამიტომ ჟამთა აღსასრულს ღმერთს გამოჰყავს იგი 9ეკლესია) აქედან სამკვიდროდ, რომელსაც არა მოსე, მსახური ღვთისა, არამედ იესუ, ღვთის ძე, აძლევს საკუთრებას (ქონებას). და თუ ვინმე ყურადღებით შეისწავლის წინასწარმეტყველთა სიტყვებს აღსასრულთან და იმასთან დაკავშირებით, რაც იოანემ უფლის მოწაფემ, იხილა გამოცხადებისას, ნახავს, რომ ერები მიიღებენ ზოგადად იმავე სასჯელს, რაც მაშინ ნაწილობრივ დაატყდა თავს ეგვიპტეს.
წმ. ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ.
აქ გარდამოცემულია ღვთის განაჩენის გარდაუვალი შედეგი, მაგრამ ისიც, რომ ძალაუფლება, რომელსაც ეკლესია დამსახურებულად იღებს ზემოდან შთაგონების თანახმად, არის მსჯავრის აღსრულება მათზე, ვინც სასჯელს იმსახურებს, და სრული გამართლების გულმოწყალედ მინიჭება მათთვის, ვინც მოექცევა.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ სანამ ღმრთის რისხვა უკეთურებზე არ განყოფს მართალთ ცოდვილთაგან, მანამ წმინდანები ვერანაირად მიიღებენ ხვედრს ზეციურ იერუსალიმში, ღმრთისმსახურებასა და ნეტარებას ღმრთის ტაძარში. რადგან ჯერ უნდა დასრულდეს წყლულებანი, რომლებიც მოევლინება მათ, ვინც ამას იმსახურებს, შემდეგ კი წმინდანებს მიეცემა საშუალება დაიმკვიდრონ ზეციური ქალაქი.
ვფიქრობ, არ შეცდება ისიც, ვინც ყოველ წყლულებას მიაკუთვნებს დედამიწაზე მცხოვრებთ მისი აღსასრულის წინ. და ღმერთი, როგორც კაცთმოყვარე, მომავალში უსასრულო ტანჯვა რომ შეუმციროს, წუთისოფელში ან ენოქისა და ილიას მეშვეობით დაუშვებს დამსჯელ წყლულებს მათზე, ვინც ეს დაიმსახურა, ან კიდევ ტანჯვის მომტანი ომების მეშვეობით. მაგრამ ჩვენ ვევედროთ უფალს, რათა მან მამობრივად დაგვსაჯოს, და არა მტანჯველად გაგვამათრახოს თავისი მრისხანების ჟამს, რამეთუ ნათქვამია: არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა (ფსალმ. 37:4), რათა, სინანულის ცრემლით განვბანოთ ჩვენი ცოდვებით შემწიკვლული სული და შევიმოსოთ საქორწილო სამოსით, რათა შევიდეთ ჩვენი ქრისტე ღმერთის მარადიულ და ნეტარ სავანეში.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
2. წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
ჭირვებანი და ტანჯვანი
ამ სიტყვების გაგება შესაძლებელია ორგვარად: ან სიტყვასიტყვით, სამყაროს აღსასრულის დროსთან მიმართებით, ან ალეგორიულად. როდესაც უფალი მიმართავს თავის მოწაფეებს ქვეყნის აღსასრულის ნიშნებთან დაკავშირებით, გააცნობს რა მათ მრავალ ცუდ რამეს, რაც მაშინ უნდა მოხდეს, ამბობს: გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული (მათე 24:6-8); და ცოტა ხნის შემდეგ დასძენს: რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება (მათე 24:21). ამიტომ, ის, რაც ნათქვამია იმის შესახებ, თუ რა მოხდება შვიდი თასიდან თითოეულის დათხევის დროს, უნდა განიმარტოს უფლის გამონათქვამების კვალდაკვალ. პირველი თასიდან სალმობათა დათხევა მწუხარებასა და ტანჯვას აღნიშნავს, რაც იმ დროს ომების ხმების დახმარებით აღაგზნებს ადამიანთა სულებს".
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ყველა ეს წყლულება - სულიერია და სულში აღმოცენდება. იმ დროს უკეთური ხალხი არ მოიწყვლება რაიმე სხეულებრივი წყლულებით, რადგან მან სასჯელი ამ საუკუნეში როდი დაიმსახურა, თითქოსდა ის იყოს, ვინც მიიღო ძალაუფლება ქმნას უსჯულოება. მაგრამ, სულიერად, ასე ვთქვათ, ყველა უკეთური და ამაყი დაისჯება ნებაყოფლობითი და მომაკვდინებელი ცოდვებისთვის, როგორებიც არის კიდევაც მათ სულებში წარმოქმნილი წყლულებანი.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
როდესაც ანგელოზმა თასი გადმოღვარა, ადამიანები საზარელი წყლულებით მოიწყლნენ, რაც განდგომილთა გულებში დაბუდებულ მწუხარებაზე მიანიშნებს, რომელიც ტანჯავს მათ, იმ გულისმიერი წყლულების მსგავსად, რადგან ღმრთით დასჯილები ამ წყლულებით ვერანაირ შემსუბუქებას ვერ მიიღებენ მათ მიერ გაღმერთებული ანტიქრისტესგან. სიმართლესთან ახლოსაა ასევე ის, რომ მათი სხეულები მოიწყვლება საცთურთა ეშმაკისეული ისრებით, რომელიც მომდინარენი იქნებიან ანტიქრისტესგან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მქადაგებლები ღვთის რისხვის თასებს ქვეყნად ორი გზით დაათხევენ: ისინი ან სულიერი მსჯავრით თავს დაატეხენ ბოროტეულთა სასჯელს თავად ბოროტეულებს, როგორც პეტრემ უთხრა სიმონს: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად (საქმე 8:20), ან ქადაგებით აჩვენებენ მათ წმინდა ეკლესიას, იმავე პეტრეს სიტყვის თანახმად: არ დაახანებს მათი სსაჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას (2 პეტრე 2:3).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
ქრისტეს უარმყოფელნი
სასიკვდილო წყლულის თავისებურება ისეთია, რომ სხეულზე იმ მცირე ადგილს, რაც მას უჭირავს, უფრო მეტი ძალა აქვს, გამოიწვიოს სხეულის სიკვდილი, ვიდრე სხეულის დანარჩენ ნაწილს - ჯანმრთელს, ანუ, უფრო სწორად, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესუ ქრისტეს ქადაგება მოვიდა მორწმუნეთა ხსნის შემწედ და უ რწმუნოთა ანსჯის დამოწმებად, წყლული ამ დაზიანებისგან მოგვრილად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უმძიმესი ხვედრი... რადგან ქრისტეს შესახებ ვკითხულობთ: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად (ლუკა 2:34).
ამასთან, ეს ყველაზე მეტად ებრაელ ხალხს ეხება, საიდანაც ანტიქრისტე უნდა მოვიდეს... მათ მოსპეს რჯულის ღვტისმოსავურად დაცვის ჩვეულება და უკურნებლად მოიწყლნენ იმით, რომ არ ინებეს მათთვის აღთქმული ქრისტეს მიღება... უფრო ძმა მამამისს ეუბნება: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის და ა. შ. (ლუკა 12:29). რადგან ეს ის ხალხია, ვინც უარყო კრავი, თითქოს უგულებელყო მართალი, რადგან მარჯვნივ მყოფი კრავების ნაცვლად მიიღო თიკანი, ანუ მარცხნივ გადაუხვია და დაისაჯა. იგულისხმება, რომ მან უარყო ქრისტე და მიიღო ანტიქრისტე.
ამიტომ აქ, ალბათ, იოანე გულისხმობს, რომ სასტიკი და საზარელი წყლული გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდნენ მის ხატს, ასე რომ, ერთი დანაშაულის შედეგად მოწყლულთ, როგორც იარა, მიესაჯათ მარადიული ტანჯვის სასჯელი. ამ ცოდვაზე, როგორც საზარელ წყლულზე, ამბობს უფალი: რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ქნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისთვის, რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც (იოანე 15:22, 24). ეს უკურნებელი წყლულია.
რადგან მათ მრავალი მიმდევარი ეყოლებათ, იგი განურჩევლად საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებსაც მხეცის ნიშანი აქვთ, ვინმეს რომ არ ჰგონებოდა, რომ იგი აქ მხოლოდ ებრაელ ხალხზე ლაპარაკობდა. რადგან, კარგი გაგებით, ამ ხალხს რჯული აბრაამის ძეებს უწოდებს არა იმიტომ, რომ მისგან ხორციელად იშვნენ, არამედ მისი რწმენის მიბაძვის გამო, რადგან მათ აღიარეს მძლეველი ქრისტე იუდას ტომიდან, რომელიც აღდგა მკვდრეთით. ბოროტების შემთხვევაში ებრაელებს, როგორც ჩანს, წარმართთაგან მოწაფეები ეყოლებათ, რომლებიც მიიღებენ რა ანტიქრისტეს, ვინც, როგორც ამბობენ, დანის ტომიდან მოვა, მას გაჰყვებიან და დაიბეჭდებიან, როგორც მისი თანამოქმედნი დანაშაულის ნიშნით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მეორე თასი
16:3
ახ. ქართ.:
3. მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.
ძვ. ქართ.:
3. და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
***
მიმოხილვა: სისხლი ზღვაში - ზღვაზე მოკლულები, მდინარეებში - ხმელეთზე მოკლულები (ეკუმენიოსი). ზოგიერთი იუდეველი თაყვანს სცემს ანტიქრისტეს და ამით საკუთარ თავს განსჯის (პრიმაზიუსი). წინასწარმეტყველთა ენოქისა და ილიას მიერ ღმერთი წარწყმედს ზღვაში მყოფთ მორწმუნეთა განსამტკიცებლად და ურწმუნოთა დასაშინებლად (ანდრია კესარიელი). მორწმუნეებზე თავდამსხმელნი დაისჯებიან სულიერად - სისხლით (ბედა პატივდებული).
***
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად (1), და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.
_____________
1. ანუ ზღვა მკვდრის სისხლივით გახდა - რედ.
_____________
ზღვაში სისხლი - ეს მიუთითებს ზღვის ბრძოლებში დაღუპულებზე, ხოლო სისხლი მდინარეებსა და წყლებში - ბუნებრივად მიანიშნებს სახმელეთო ბრძოლებში დაღუპულებზე, რომლებიც წყლის ნაპირებზე დაბანაკდნენ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ის ამბობს, რომ წყალი სისხლად იქცა. ადვილია სულიერი საგნებისგან მოქცევა და ხორციელად აზროვნება, რაც, როგორც ვიცით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, გამოხატულია იმ პირველ სასჯელში, რაც ეგვიპტელებს დაატყდათ თავს წმინდა წერილის თანახმად (იხ. გამ. 7:17-21. - რედ.). ის ამბობს, რომ მტკნარი წყლები, ანუ ეგვიპტის მდინარეები, ანუ წვიმის წყლები სისხლად იქცა, როგორც ზოგიერთ თარგმანში ნათქვამია: და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.
ამასთან, აქ ჩვენ წინაშე დგება კითხვა, თუ რატომ არის ამ ადგილას ნათქვამი, რომ მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე. ანუ მწარე და მარილიან წყლებში. და იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში. მიმაჩნია, რომ ეს ის ებრაელი ხალხია, რომელიც არა მხოლოდ ცდილობს, ხორციელად გამნიხილოს სულიერ რჯული, არამედ ამავე მიზეზით არ აღიარებს მასში ქრსიტეს. როგორც მოციქული ამბობს: ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს (1 კორინთ. 2:8). გარდა ამისა, მათ წარმართავს ბოროტ საქმეთა ტვირთი, თითქოს მეორე წყლულის უარესი სასჯელით ევნებიან, რადგან მგზნებარედ ესწრაფვიან რა მხეცის ხატს და, მისი ნიშნით აღბეჭდვას, ანტიქრისტეს უფრო მეტი თაყვანისცემის ღირსად მიიჩნევენ, ვიდრე ქრისტეს.
ამიტომ, ალბათ, აქ მეორე თასს ეხება ის, რაც აღწერილია გამოსვლის წიგნში, რაც მოხდა პირველი სასჯელი დროს, რადგან უნაყოფო წყლები, დანარჩენის გარდა, სისხლიან უწმინდურებად იქცევა, რის გამოც, როგორც იოანე ამბობს, ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში, ანუ ამქვეყნად (2). აქ ყოველი ნახსენებია ნაწილის ნაცვლად, როგორც ამ ადგილას: არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის (ფსალმ. 13:3). რა თქმა უნდა, ხილული უნაყოფობა მათი თვისებაა ვისზეც ნათქვამია: და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო (ეს. 5:2). ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ენად იმდენად გაიკრიფნენ (3), რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი (მათე 27:25).
_____________
2. სიტყვებით თამაში: anima (ცოცხალი არსება), anima (სული). - რედ.
3. პრიმაზიუსი აქ ავითარებს წყლულებათა სახეს და მის შედეგებს. - რედ.
_____________
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
არ არის გასაკვირი, რომ ანტიქრისტესა და მისით ცდუნებულ თავქარიანთა უძლურების სამხილებლად, საღმრთო ძალა წინასწარმეტყველთა ენოქისა და ილიას მიერ, ზღვას მოკლულის სისხლივით აქცევს და ყოველივე ცოცხალს ამოწყვეტს მასში, როგორც ოდესღაც ქმნა მოსეს მიერ ეგვიპტეში (იხ. გამ. 7:19. - რედ.) ფარაონის სიჯიუტის სამხილებლად და საკუთარი ძლიერების საჩვენებლად, რათა ამით განმტკიცებულიყვნენ მართალნი. ხოლო განუმტკიცებელნი, როდესაც დაინახავდნენ განდგომილის თაყანისცემის გამო მათზე ამხედრებულ ქმნილებათ, შეშინებულიყვნენ.
საყურადღებოა სხვა ვარაუდიც, რომ ამით ნაჩვენებია ანტქრისტეს მოსვლის დროს ბრძოლაში დამარცხება, როდესაც გოგი და მაგოგი აღიძრებიან და ქვეყნის ყველა ნაწილიდან ერთმანეთს შეებრძოლებიან. როდესაც მას არ დამორჩილებული მეფეები მთლიან ჯართან ერთად განადგურდებიან, სხვადასხვა ადგილზე მრავალი მკვლელობა მოხდება. მაშინ საზღვაო ომების შედეგად ზღვა სისხლით წაიბილწება, ხოლო დახოცილთაგან მდინარეები შეიღებება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ისინი, ვინც არა მხოლოდ ანტიქრისტეს ბეჭედს ატარებდა, არამედ საშინელი დევნით თავს ესხმოდა ქრისტეს ერთგულ მსახურებს, დაისჯებიან სულიერი სასჯელით, რასაც სისხლი გამოხატავს, და თავს მოიწონებენ რა, რომ ცოცხლები არიან, სიკვდილში დამნაშავის მსახურნი აღმოჩნდებიან.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
მესამე თასი
16:4-7
ახ. ქართ.:
4. მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა.
5. მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე.
6. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
7. და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
ძვ. ქართ.:
4. და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად.
5. და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე.
6. რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.
7. და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი.
***
მიმოხილვა: წყალთა წყაროები წარმართული სწავლებებია, რომლებიც სისხლად იქცა (პრიმაზიუსი). ვინც საწამლავს ასხამს მარადიული წყლულებით დაისჯება (ბედა პატივდებული). ანგელოზები ზრუნავენ მორწმუნეებზე, ასევე ბუნებაზეც (ეკუმენიოსი). სასჯელი ცოდვებისთვის - ხორცისა და სისხლის დანგრევა (პრიმაზიუსი). ანგელოზები აქებენ ღმრთის მართლმსაჯულებას (ანდრია კესარიელი, ეკუმენიოსი).
***
4. მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა.
წყაროები - წარმართული სწავლებებია
ეს თასი შეიცავს სხვა ხალხს, რომლებიც იმდენად ემორჩილებოდნენ ცოდვას და რომელთაც იმდენად იტაცებდათ ბინძური ვნებები, რომ მათ ხორციელად დაიწყეს განსჯა იმისა, რაც იყო საღვთო. ამრიგად, წყაროები შეიძლება გავიგოთ, როგორც წარმართული სწავლებანი. ამიტომ იგი ამბობს - სისხლად იქცა. მსგავსი რამ ნათქვამია დაბადების წიგნში: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი (დაბ. 6:3) და სოლომონის სიბრძნის წიგნში: ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი, ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებლად რომ ადინე (სიბრძნე 11:6-7). დაბოლოს, მოციქული ამბობს: ვინაიდან ხროცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა. იმტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს (რომ. 8:6-7).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
წყლულებით დასჯა
ანალოგიურად, აქაც ისინი, ვინც, თვალთმაქცობს, ვითომ ტკბილ სასმელს გვაძლევს და დაუდავრთ თავის შხამს უსხამს, დაისჯებიან დამსახურებისამებრ მარადიული წყლულით.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
5-6. მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
წყალთა ანგელოზი
ღმერთი ყოვლისშემძლეა... რაში სჭირდება თანამოღვაწე და შემწე კეთილ საქმეში მას, საქმის შესრულების მხოლოდ სურვილიც კი ვისიც უკვე საქმის შესრულებაა, ვინც მხოლოდ ნების ერთი მოძრაობით შექმნა ყველაფერი? მაგრამ, რადგან მას, როგორც კეტილს, სურს წმინდა ანგელოზებსაც მიანიჭოს ის მზრუნველობა, რაც მათ გაჭირვებულთა მიმართ აქვთ (რადგან, ვინც ეხმარება მას, ვინც დახმარებას საჭიროებს, მას იმდენად არ ეხმარება, რამდენადაც საკუთარ თავს), და არც ერთ ანგელოზურ ძალას არ მოკლებია და არ სჭირდებოდა სხვისი დახმარება, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ წმინდა ანგელოზები ზრუნავდნენ დედამიწაზე მათ გამო, რომელთაც ყოველივე სიკეთე სჭირდებათ. ამრიგად, ზემოთ, გავიგეთ, რომ ეკლესიები მინდობილი აქვთ ანგელოზებს და ბრძნმა დანიელმაც დაწერა, რომ მიქაელი, ანგელოზთა შორის მთავარი, იზრახავს იუდეველ ხალხზე (იხ.. დანიელი 10:13,21; 12:1. - რედ.).
ახლა აპოკალიფსისი აღწერს ანგელოზს, რომელიც წყლებზე არის დადგენილი. რადგან, როდესაც ოთხი სტიქიისგან - ჰაერისგან, ცეცხლისგან, მიწისგან და წყლისგან წარმოიქმნა მიწიერი ქმნილებანი, სამი ელემენტი - ცეცხლი, დედამიწა და ჰაერი - უხვად იქნა განაწილებული სუნთქვის და სხვა პირველად საჭიროებისთვის. მარტო წყალი ყველას არ მიეცა უხვად, სასმელი წყალი, რომელიც არის წყაროებში, ნაკადულებში, ჭებსა და მდინარეებში, რომელთაც ცაში ღრუბლები იჭერს, თავის დროზე გვაძლევს წვიმას ღვთის ბრძანებით და ასაზრდოებს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს. ვინაიდან წყალი საკმარისი არ არის ყველასთვის, ერთ-ერთი წმინდა ანგელოზი დადგინებულია, რათა მათ, ვისაც წყალი სჭირდებათ, მიეწოდოთ იმ რაოდენობით, რამდენადაც მათ ეს სჭირდებათ. წყალი ჩვენი ბოროტი საქმეების გამო ხშირად მწირი ხდება და ქრება, რაც იწვევს გვალვას, შიმშილსა და გადამდებ სნეულებებს, რათ მათ მოჰყვება.
იოანე ამბობს, რო მას მოესმა ამ ანგელოზის ხმა, რომელიც ღვთის განგებით წყლებზე იყო დადგენილი, რომელმაც ქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო". სიტყვები - რომელიც ხარ - აღნიშნავს ღვთის უსარულო ბუნებას, და იყავ - დაუსაბამობას, ხოლო წმინდაო - ესაა მართალი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული (ეფეს. 4:6). რადგანაც ასე განსაჯე, - ამბობს იოანე, რომ ვინც წმინდანთა სისხლი დაღვარა, მან სისხლი უნდა დალიოს: აუცილებელია, რომ მათ, ვინც ომის დროს დაბანაკდა წყლისა და მდინარეთა ნაპირებზე, კაცის მკვლელობის სისხლით დაბინძურებული წყალი უნდა დალიონ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წყალთა ანგელოზები - არიან ხალხის მაცნეები, რომლებიც უდიდესი სურვილის ძალით განადიდებენ ღმერთს.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
აქედან ჩანს, რომ ყველა სტიქიას თავისი ანგელოზი განაგებს, რომელთაგან ერთ-ერთი წყლებზე იყო დადგენილი. იგი აქებდა ღმერთს იმის გამო, რომ მან სამართლიანად მოაწია რისხვა ცოდვილებზე და მისცა სისხლი სასმელის ნაცვლად... ამიოტ მინიშნებულია იმაზე, რომ მორწმუნეთაგან მრავალი, ვინც იმ დროისთვის ღირსი გახდება წინასწარმეტყველების ნიჭისა, ეშმაკის მსახურთა მიერ სიკვდილით დაისჯება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
7. და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
ქრისტეს საგალობელი
ანგელოზის სიტყვების შესაბამისად, ზეციური საკურთხევლის გარშემო მყოფნი დიდებას აღავლენენ. როდესაც იოანე ამბობს: და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა რაღაც, ეს მიუთითებს საკურთხეველში მსახურებაზე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.Экумений, Комментарий на Откровение[1].
მფარველი ანგელოზი
საკურთხეველში ხან ქრისტე მოიაზრება, რადგან მასში და მის მიერ შეიწირება მამის მიმართ ყოველი შესაწირავი და ცოცხალი მსხვერპლი, როგორც ამას გვასწავლის მოციქული (იხ. რომ. 12:1; ებრ. 13:15. - რედ.); ხან კი ანგელოზთა ძალები, რომელთა მიერაც შეიწირება ჩვენი ლოცვები და სულიერი მსახურებანი ღვთისადმი, რადგან განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი (ებრ. 1:14). ასე რომ, როგორც ამბობს, ანგელოზთა ასეთი მხედრობისგან მოისმა ხმა საკურთხევლიდან, რომელიც ხტბას ასხამდა ღვთის სამართლიან მსჯავრს, რაც ყოველგვარ გონებასა და სიტყვას აღემატება.
გარდა ამისა, სახარებიდან ვიცით, რომ გონიერნი ძალნი ხარობენ მოქცეულთა გამოც, რომლებიც ინანიებენ და წუხან მათი გადაცდომის გამო ჭეშმარიტი გზიდან და ღმერთს მადლობენ საღმრთო მცნებების დამრღვევთა დასჯისთვის, რათა, თუმც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მიიღონ ცოდვათა მიტევება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მეოთხე თასი
16:8-9
ახ. ქართ.:
8. მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
9. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
ძვ. ქართ.:
8 და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
9 და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
***
მიმოხილვა: წყლულებანი გვაიძულებენ ღმრთის აღიარებას (ეკუმენიოსი). ცეცხლი და სიმხურვალე უთითებენ ეშმაკზე, რომელიც გმობს ღმერთს წმინდანთა სიმტკიცის გამო (პრიმაზიუსი). მზე - დღის სიმბოლოა, რომლის განმავლობაში ცოდვილები განსაცდელთა სიმხურვალით იხრუკებიან (ანდრია კესარიელი). მზე - სიბრძნის ბრწყინვალებაა, რომელიც ადამიანებს ცეცხლითა და სიმხურვალით წვავს (ბედა პატივდებული). ცეცხლი - მხეცის მიმდევართა მკრეხელობაა (პრიმაზიუსი). ღმერთი მათ სულებს სწყლავს, და არა სხეულებს (კესარიოს არლელი).
***
8. მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
შემაგონებელი წყლულებანი
რიტორიკის კანონების შესაბამისად, ძნელი არ არის ამის განმარტება. ის, რომ მზე დაწვავს ხალხს, შეიძლება იყოს გვალვა ან შფოთი, ან ომის დროს დარჩენილი ადამიანების გასაჭირი, რომლებიც შევიწროებულ მდგომარეობაში იყვნენ და გრძნობდნენ საჭიროებას, რომ მოქცეულიყვნენ ღვთისკენ, რომელიც მათ შეეწეოდა და გაათავისუფლებდა იმ ტანჯვისგან, რაც მათ დაითმინეს, მაინც გმობდნენ ღმერთს და არ მოინანიეს. და, რა თქმა უნდა, ამისთვის არის საჭირო წყლულები, რათა, მას შემდეგ, რაც მათ არ აღიარეს მეუფე ღვთის კეთილ საქმეებში, მათ ის სასჯელში აღიარონ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წმინდანთა სიმტკიცე
მიეცა არა მზეს, არამედ ანგელოზს, რომელმაც თასი დათხია მზეზე. ეს ცეცხლი არ უნდა გავიგოთ ჯოჯოხეთის ცეცხლად, რადგან იქ უკვე აღარ იქნება ადგილი ღვთის გმობისთვის, როდესაც დასჯილთა მონანიებისთვის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. რჯულში მოცემულია სიტყვები, რომლებსაც ისინი იტყვიან: რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა? (სიბრძნ. 5:8) (ამ ადგილას პრიმაზიუსი მისდევს ტიკონიუსს - რედ.). ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ცეცხლი და სიცხე აქ უნდა გავიგოთ ასე: ეშმაკის სხეულს მუდმივად აწამებს წმინდანთა სიმტკიცე და იგი, ამ სიცხით აღგზნებული, გმობისკენ ისწრაფვის. ვინაიდან, ალბათ, სწორედ ამიტომ ამბობს იოანე მზეზე, ანუ სიმართლის მზეზე, თითქოს მზეს მოქმედებით ბრუნვაში აყენებს - მზით. ამრიგად, ჩვენ ვკითხულობთ: თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს იგი (იერ. 1:12) და დანიელთან: რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად (დანიელი 2:18), საიდანაც რჩეულნი იღებენ ძალას, რომ გაბრწყინდნენ, იქიდან ბოროტეულნი, როგორც ნათქვამია, იფერფლებიან ცეცხლით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ცოდვის უარყოფა
სასჯელი შეიძლება გავიგოთ ან პირდაპირი მნიშვნელობით, ანდა ამ დამწველ სიცხეში უნდა მოვიაზროთ განსაცდელი, რომელსაც ღმერთი უშვებს ცოდვილ ადამიანებზე, რადგან ლაგამით და აღვირით სურს განდგომილთა მოქცევა (ფსალმ. 31:9), რათა შეაკავოს ისინი, მონანიებისკენ უბიძგოს და ამ განსაცდელთა მჭმუნვარების საშუალებით შეაძულოს ცოდვა - ყოველგვარი ტკივილის დედა. მაგრამ გონდაკარგული და გამძვინვარებული ადამიანები უუნარონი იქნებიან მონანიებისთვის: ისინი მოქცევის ნაცვლად უფრო მეტ გმობაში ჩაცვივდებიან და იტყვიან: უმოწყალო და სასტიკია უფალი, რადგან ასეთი საშინელი განსაცდელი მოგვივლინა ჩვენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მხურვალება და ხვატი
ეკლესიის მდევნელნი, მზესავით მწველნი, როდესაც ცდილობენ ღვთის სიტყვის თესლის გახმობას, მომავალში თავადაც ცეცხლოვან ჯოჯოხეთში დაიწვებიან ან, თუკი გავიაზრებთ მზეს, როგორც სიბრძნის ნათებას - ანგელოზს კი არ მიეცა (თასი) მზეზე დასათხევად, არამედ თავად მზეს მიეცა, რომ ხალხი დაებუგა ცეცხლითა და სიცხით - აკი, როდესაც ბრძენ კაცებს, როდესაც უკან იხევენ ტანჯვის დროს, შეცდომები მოსდით და არასწორად იქცევიან, უძლური ადამიანები მათ მაგალითს მისდევენ და წარმავალ ვნებებს ეძლევიან.
სიცხე შეიძლება გავიგოთ, როგორც ის, რითაც ეშმაკის ხორცი იტანჯება წმინდანთა სიმტკიცით და მოუწოდებს გმობისკენ. წინასწარმეტყველიც ამბობს ამის შესახებ: დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შრცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები (ეს. 26:11). ახლა აქაც ამაზეა საუბარი, რადგან განაჩენის ცეცხლი იგვიანებს. დაიწვნენ კაცნი სიცხით - ჩვენს დროში, რამდენადაც ეს ნებადართულია, ეშმაკი განადიდებს თავის მიმდევრებს, რომელთა დიდება და სიხარული წყლულება და ტკივილია. და ზემოთ ვკითხულობთ, თუ როგორ ხოცავენ ეშმაკის მეომრები ხალხს ცეცხლით, კვამლით და გოგირდით. ეშმაკი კლავს მათ არა ხილულად, არამედ ტანჯვით აკავშირებს თავის მიმდევრებს საკუთარ თავთან.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
9. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
გმობის ცეცხლი
გმობის თვისება ისეთია, რომ ისინი უფრო მეტად არიან მზად, დაგმონ ღმერთი არა საკუთარი თავისთვის, არამედ ბოროტბისა და ურჯულოების გამო. ისინი სამაგიეროს მიზღვის შემდეგ არ ცდილობენ მოინანიონ, არამედ, ტანჯვას დაქვემდებარებულნი, წყევლას განაგრძობენ ისევე, როგორც ბრინჯაოს ჭურჭელი, დიდ ცეცხლს მიცემული, გარეთ აფრქვევს ბუშტუკებს, შიგნიდან ამოდის რა და აღემატება მისი მოცულობის საზღვრებს, ასევე იმ ხალხის ნაწილიც, ვინც მხეცს ეკუთვნის, უარყოფს უძლეველს, როდესაც ხედავს, რომ ქრისტეს ეკლესია ებრძვის მუდმივობას, დაფერფლილნი მოუთმენელი შურის ცეცხლით და უკეთური პირის გმობით ამოისუნთქავენ იმ ცეცხლს, რომელიც მათ გულშია გაჩაღებული.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
მოიწყვლებიან ჭრილობებით სულში
ისინი ღმრთის მიერ სხეულებრივად კი არ დაიჭრებიან, არამედ სულში და ამიტომაც არ გაიხსენებენ ღმერთს, არამედ წარემატებიან უარესში. და ამ მიზეზით ღმერთს გმობენ და დევნიან მის წმინდანებს.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
მეხუთე თასი
16:10-11
ახ. ქართ.:
10. მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.
11. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.
ძვ. ქართ.:
10. და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან
11. და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.
***
მიმოხილვა: ეშმაკის ხანმოკლე ტირანიას ბოლო მოეღება, როდესაც ანტიქრისტეს მომხრეთ უკუნი წყვდიანი დაფარავს (ეკუმენიოსი). სიბნელე - ცოდვისა და სატანისადმი მსახურების ნიშანია (პრიმაზიუსი). ეშმაკის მიერ ცდუნებულნი მოწყლულნი იქნებიან (ანდრია კესარიელი). მართალი იგემებს თავისი ღვაწლის ნაყოფს, და უკეთური თავისი სასჯელით გაძღება (ბედა პატივდებული).
***
ტირანიის დასასრული
მეხუთე ანგელოზმა თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლი მისი. მოციქულმა ეს დაწერა ანტიქრისტეს შესახებ რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით, ხოლო ესაია ამბობს: შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს (ეს. 26:10), - დიდებას უწოდებს უფლის დიდებით მოსვლას. ის ფაქტი, რომ თასი მხეცის ტახტზე დაითხია, ცხადყოფს, რომ ანტიქრისტეს ბოროტ მბრძანებლობას ბოლო მოეღება, როდესაც იგი დაემხობა. ხოლო წყვდიადი წყეულისადმი მოულოდნელი შურისგებით დაფარავს ყველას, ვინც მის მიერ იყო დანიშნული. რადგან მომხდარი მოულოდნელად დაატყდება თავს გონებადბინდულ ადამიანებს.
და სიმწრისგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს (4) - ეს ჩვეულებრივ ხდება ყოველი სერიოზული უბედურების დროს, როდესაც ადამიანები კბილებით იკვნეტენ ენებს ან სხეულის სხვა ნაწილს, თვლიან, რომ ეს ამცირებს ტანჯვის ძალას. ისინი, ვისაც უნდა მოენანიებინა (თუნდაც ისეთი მიზეზით, როგორიცაა ანტიქრისტეს განადგურება, რომელიც მათ მეფედ და ღმერთად აქციეს), გმობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს ცოდვილის მკვლელობის გამო.
_______________
4. ეკუმენიოსთან არის ἐκ τοῡ πυρός (ცეცხლისგან), და არა ἐκ τοῡ πόνου (სიმწრისგან) როგორც ეს არის ხელნაწერთა უმეტესობაში - რედ.
_______________
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცოდვის სიშავე
მხეცის ტახტი, ანუ მისი საუფლო დაბნელდა - ეს ნათქვამია თითქოს სამსჯავრო ხელისუფლების შესახებ, რომელიც დაბნელდა, რადგან მისი მიმდევრები მიწიერი ბედნიერების სიხარულით გაშავდნენ. რადგან ისინი აქებდნენ ამქვეყნიურ სიკეთეებს უფრო მეტად, ვიდრე უზენაესი ნეტარების ქონას და უსამართლობით რომ ახშობდნენ ჭეშმარიტებას (რომმ. 1:18).
იკვნეტდნენ თავიანთ ენებს. ფსალმუნიც ეთანხმება ამ მნიშვნელობას, როდესაც ამბობს: რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა (ფსალმ. 143:8) და ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ (ფსალმ. 72:8). რადგან დროებითი კეთილდღეობის ამპარტავნობით, თითქოს კვამლივით ამაღლებულნი, რისთვისაც სინანულით უნდა ექციათ ზურგი, ხარობენ დაბრმავებულნი. როგორც იობი ამბობს: განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში (იობი 21:13).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ბნელეთის სამეფო
მხეცის ტახტზე თასის დათხევა იმაზე მიანიშნებს, რომ ანტიქრისტეს მეფობას ღვთის რისხვა დაატყდება თავს, რადგან სიმართლის მზე არ ბრწყინავს მასში. ხოლო ენების კვნეტა უჩვენებს ტკივილებისა და მწუხარების ძალას, რომლითც ანტიქრისტეს მიერ ცდუნებულნი იძლევიან, განგმირავს რა მათ ღმერთი წყლულებით, რათა განმდგარიყვნენ ცდუნებისგან. მაგრამ ისინი სინანულისკენ კი არ მოიქცევიან, არამედ ღვთის გმობაში ჩაცვივდებიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მხეცის ტახტი, ანუ მისი საუფლო, როგორც სამსჯავრო ძალაუფლება, დაბნელდა მსგავსი წყლულებით - მიწიერი კეთილდღობის ფუჭი სიხარულით. მათგან წაერთვათ ნათელი, მეფსალმუნის სიტყვის თანახმად: დაამხვენ ისინი, მათ ამპარტავნებაში (ძვ. ქართ.: "დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა") (ფსალმ. 72:18).
და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს - როგორც მართალი იხმევს თავისი შრომის ნაყოფს, ისე ბოროტიც, რომელიც თავისი მგმობელობის გამო დამსახურებულ სასჯელს მიეცემა, თითქოს თავის ენას ჭამს. რადგან ღვთის მგმობელებმა თავად დაიტეხეს თავს ღვთის სასჯელი, როდესაც ამას კეთილდღეობად მიიჩნევდნენ.
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს და ა.შ. ეს არ ნიშნავს მათი გულის სისასტიკეს, არამედ ღვთის სამართლიან აღშფოთებას, რომელმაც ისეთი წყლული წარმოუგზავნა ხალხს, რომ არაფერი ახსოვთ. რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება, ანტიოქეს მსგავსად, ვინ არ იგრძნობს ღვთის ხელს?
და ჰგმობდნენ, - ამბობს იოანე, მაგრამ ჰგმობდნენ არა აშკარად, არამედ უფრო და უფრო მეტ ცოდვას ეძლეოდნენ.
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
მეექვსე თასი
16:12-16
ახ. ქართ.:
12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.
13. და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
14. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.
16. და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი.
ძვ. ქართ.:
12. და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.
13. და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.
14. რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.
15. აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
16. და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
***
მიმოხილვა: სამყაროს აღსასრულის წინ იქნება ომები (ეკუმენიოსი). ევფრატი, ზღვა, მდინარეები და წყაროები - უწმინდური ადამიანებია, რომელთაც მოსპობს ღმრთის მართლმსაჯულება (პრიმაზიუსი). წყალთა დაშრეტა შესაძლებლობას მისცემს წარმართ მერფეებს იომონ ერთმანეთის წინააღმდეგ (ანდრია კესარიელი). სატანა და დემონები ედრებიან გომბეშოს, რადგან ისინი ტკბებიან ადამიანთა სიბინძურით (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი, ტიკონიუსი). დიადი დღე - მეფეთა ომია ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). ტანისამოსის წმიდად დაცვა - თავდახსნაა გაკითხვისგან (ტიკონიუსი, ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
***
12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.
ომები სამყაროს აღსასრულის წინ
მეექვსე ანგელოზმა მდინარე ევფრატი შეამცირა, შესაძლოა, დააშრო ზოგიერთი შენაკადი, რათა მეფეთათვის მასზე გადასვლა გაეადვილებინა. ეშმაკური მოქმედებით და ღვთის დაშვებით მრვავალი მეფე შეიკრიბა ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადგან უფალმა თქვა, რომ ქვეყნის აღსასრულის წინ იქნება ომები (იხ. მათე 24:6-8. - რედ.).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წყლები დაშრა, რათა გამზადებულ იქნას გზა აღმოსავლეთიდან მეფის მოსასვლელად, ანუ ქრისტესთვის (5), რომლის თაობაზეც ვკითხულობთ: აჰა კაცი - აღმოსავლეთია მისი სახელი (6),
ვისთვისაც, რომ აღასრულოს სამართალი, მზადდება გზა. შემდეგ მდინარე ევფრატის სახელი, აგრეთვე ზღვა, მდინარეები, წყალტა წყარონი, მზე, მხეცის ტახტი, რომელთა თავზე ც ანგელოზები, როგორც ნათქვამია, თასებს დასთხევენ, უკეთურ ხალხს ეწოდება.
_______________
5. პრიმაზიუსის ტექსტშია მეფე - ნაცვლად "მეფეთა", როგორც ეს არის გამოცხადებაშია - რედ.
6. შეად. ზაქ. 6:12: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი. ბერძნ. ἡ ἀνατολὴ (აღმოსავლეთი) პრიმაზიუსი გადმოგვცემს ლათინურ oriens-ს. - რედ.
_______________
და დაშრა მისი წყალი - ვინც არ იქნება განწირული მოახლოებული სასჯელის ცეცხლისთვის (განმარტება მომდინარეობს ტიკონიუსისგან - რედ.). როგორც ზემოთ ითქვა, რომ მოიწია სამკალი და დამწიფდა ყურძენი (7), აქაც იმავენაირად ამბობს, რომ მდინარის წყალი დაშრა და მასში ცოცხალი აღარაფერი დარჩა - უფრო სწორად, საღვთო მართლმსაჯულების ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა, რომელიც ბოროტებს შთანთქავს, როგორც ხმელ ბალახს, ხოლო წმინდანებს ოქროსავით გამოცდის.
_______________
7. იხ. გამოცხ. 14:16, პრიმაზიუსის ტექსტშია aruisse (დაშრა), ნაცვლად messum est (მოიმკა). - რედ.
_______________
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ამ დიდი მდინარის (ევფრატის) წყალი დაშრა, რათა გზა მისცემოდათ მეფეებს და მათ მეომრებს... ხოლო, შეიძლება იყოს, რომ ანტიქრისტე, იქნება რა ებრაელთაგან, აღმოსავლეთიდან, კერძოდ, სპარსეთის ქვეყნიდან, სადაც არის იუდეველთა ერთ-ერთი ტომი - დანისა, იგი სხვა დიდ მთავრებთან ერთად, რომელთაც მეფეებად იხსენიებს, გამოივლის ევფრატს და მოაწევს ადამიანებზე სულიერ და ხორციელ სიკვდილს, ერთ ნაწილზე - მათი მოთმინებისა და რწმენის გამო, ხოლო მეორეზე - უძლურებისა და სიმამაცის მოკლებისთვის.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
13. და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
დემონთა ღვარძლიანობა
იოანე ურჩხულს ბოროტების მთვარს - ეშმაკს უწოდებს, ხოლო ცრუწინასწარმეტყველს - ან სხვა ვინმეს, ვინც ეშმაკის ძალით წინასწარმეტყველებს, ან თვით ანტიქრისტეს. ამასთან, თუ ის კონკრეტულად ანტიქრისტეს შესახებ საუბრობს, რომლის შესახებაც ზემოთ მოყვანილი სიტყვებით ნათქვამია, რომ მას შემუსრავს უფლის სული (იხ. 2 თესალონიკ 2:8. - რედ.), და რომელიც ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ცოცხალია და მისი პირიდან დემონები გამოდიან, მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს. რადგან აქ წარმოდგენილი არის ხილვა და მახარებელი ხშირად ასახავს პირველს, როგორც დროში მომდევნოს და პირიქით - მომდევნოს, როგორც პირველს.
ის ადარებს დემონებს გომბეშოს, რადგან მათ სიამოვნებას ჰგვრით ადამიანის ტალახი და შლამი. ცოდვილთა მშვიდი და უდარდელი არსებობა დემონებს, რომლებიც ძალზე შურიანები არიან და ცოცხალი ადამიანის სიკვდილით ხარობენ, უფრო სიამოვნებთ, ვიდრე მართალთა დამთმენი და მკაცრი ცხოვრება.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
დემონთა სიბილწე
სხვადასხვა ტანჯვის გათვალისწინებით, რასაც მათ მიერ მოვლენილი ყველა უსიამოვნება და მანკიერება იწვევს, ამბობენ, რომ ბოროტს სულებს განსხვავებული თვისებები აქვთ. როგორც ერთგან სახარებაში, უფალი ამბობს: ყრუ-მუნჯო სულო (მარკ. 9:25), და სხვაგან უწმინდური სული (ლუკა 9:42). წინასწარმეტყველი ერთ ადგილას ამბობს: ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი (ოს. 4:12). არა სხვა რამის, არამედ ზუსტად ამის გამო, ეს სული ცდუნებულ ადამიანებს უბიძგებს უწმინდური საქმეების ჩადენას.
ამავე მიზეზით, იოანე აქ ახსენებს სამივე უწმინდურ სულს, რადგან მას სურს აღნიშნოს, რომ ეშმაკის ერთი სხეული შედგება მისთვის ჩვეული განსხვავებებისგან. ავტორი ახსენებს იმ სულებს, რომელთაც უფრო მეტი ძალა აქვთ, ჯერ ეშმაკი ურჩხულის სახით გამოიყვანა, შემდეგ მხეცის, რომელიც არის ანტიქრისტე თავის მიმდევრებთან ერთად, შემდეგ კი ცრუწინასწარმეტყველის სახით მავნე მოძღვრების ბელადები და მასწავლებლები გამოჰყავს. ამიტომ იგი ხედავს ერთ სულს, მაგრამ ახსენებს სამს ერთი სხეულის ნაწილთა რაოდენობის მიხედვით. ასე რომ, დაღუპულთა სრული რიცხვი ნაჩვენებია, როგორც ერთიანი უწმინდური სულით დანახული (ეს განმარტება მომდინარეობს ტიკონიუსისგან - რედ.).
ალბათ, ამიტომაა, რომ იოანე გომბეშოს საშინელი სისაძაგლის სახეს ამატებს და მას ურცხვობით წინასწარმეტყველთ ადარებს. რადგან ეს ცრუწინასწარმეტყველები, გომბეშოთა მსგავსად, ვინც ღამით კლოაკაში ბინადრობენ, ხმაურით ავრცელებენ სასჯელის ღირს ცდომილებას. რადგან, როგორც გომბეშო იწვევს სიძულვილს, როგორც თავისი საცხოვრებელი ადგილით, გარენობით და საზიზღარი ყიყინით, ისე ეშმაკი და მისი მიმდევრებიც ნამდვილად ამაზრზენნი არიან, დამსახურებულად და სამართლიანად ღირსი მარადიული ცეცხლისა. მიმაჩნია, რომ მსგავს რამეს გულისხმობს ნეტარი მოციქულიც, როდესაც ის კორინთელებს ამ სიტყვებით უცხადებს: ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? (2 კორინთ. 6:14-16).
ამრიგად, აქ, როდესაც იოანე ამბობს, მათი პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი, თითქოს ამბობს: რატომ ადარებთ ზეცას სიბინძურეს, რომელიც გომბეშოთა საცხოვრებელი ადგილია, ანუ ცრუწინასწარმეტყველთა საშინელი გმობისა? იგი აცხადებს: რამდენადაც ჭეშმარიტების მოძღვრები შორს არიან ცრუწინასწარმეტყველებისგან, იმდენად - გომბეშოებიც წმინდანებისგან.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი - გომბეშო, თანდაყოლილი უხეშობის გარდა, უწმინდურია საცხოვრებელი ადგილითაც. ისინი ვინაიდან წყლის ძირძველ მემკვიდრეებად ითვლებიან, არა მარტო ვერ იტანენ გვალვას, არამედ წყალშიც ტალახსა და უწმინდურებაში ირევიან. გომბეშოებს ჰგვანან ისეთი ადამიანები, რომლეთაც არ რცხვენიათ იქ ცოდვებსა და დანაშაულში გორაობდნენ, როდესაც სხვები განუდგებიან მათ მონანიებით და ნათლისღებით. ზოგი ღმერთისკენ მოექცევა და მოინანიებს, რომ ქედმაღალი, გარყვნილი, სიმთვრალისა და სიხარბის მონა იყო, მაგრამ შემდეგ კვლავ განაგრძობს ამ ცოდვების გამოდევნებას და თავისთვის ამბობს: ახლა მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა და შემდეგ მოვინანიებ, როგორც ის ადამიანი, ვინც მათ განუდგა და ნამდვილად მოინანია. და მოულოდნელად მისთვის ბოლო დღე დგება - და ქრება რწმენის აღიარება და რჩება წყევლა. ასეთები არიან, ვისაც სურთ სხვებს მიჰბაძონ არა სიკეთეში, არამედ ბოროტებაში და, გომბეშოების მსგავსად, ცხოვრობენ და იძირებიან ტალახში, რასაც სხვები დააღწევენ თავს.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
აქ საუბარია ეშმაკზე, ანტიქრისტესა და მის წინამორბედზე, რომელთაგანაც გამოვა სამი, გომბეშოს მსგავსი სული. მათ გომბეშოს უწოდებს სიბილწისა და გულისთქმათა სიყვარულის გამო. ამ უწმინდური სულების ქვეშ მოიაზრებიან ცრუმოძღვრები, ყბედები, აბეზრები, მუცელღმერთები, უსირცხვილონი და გაამპარტავნებულნი, რომლებიც ადამიანებს ცრუ სასწაულებით მიიზიდავენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
14. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
ომის დრო
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს (სულები) მოახდენენ სასწაულებს ისევე, როგორც ადრე, ფარაონის ჯადოქრების მეშვეობით. შემთხვევით არ საუბრობს იოანე მათ საქმეებზე, როდესაც ახსენებს გომბეშოებს, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა იწინასწარმეტყველოს, რომ სატანის მსახურები შემდეგ ასევე განახორციელებენ მსგავს ნიშნებს - აკი, ნებადართული იყო, რომ ჯადოქრების შელოცვას ჰქონოდა ძალა თითქმის იმ სასწაულამდე, რაც გომბეშოებთან არის დაკავშირებული (შეად. გამ. 8:1-14 - რედ.).
და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად, არა ისე, რომ ისინი მთელი ქვეყნიერებიდან (ყველას) ერთ ადგილას მოუყრიან თავს, არამედ ყოველი ხალხი, რომელიც თავის საცხოვრებელ ადგილას მოხიბლული იქნება საკუთარი ცრურწმენებით, მოისურვებს ბრძოლას. უფლის დღე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად უნდა იქნეს გაგებუილ: ზოგჯერ, უფლის ვნების შემდეგ, მთელი დროის მნიშვნელობით. ისინი, ვინც მომავალში უკანასკნელ სამსჯავროს დაექვემდებარებიან, ახლა, როგორც ითქვა, თავმოყრილნი არიან და, თუ შეიძლება ითქვას, მზად არიან. სხვა დროს საჭიროა განკითხვის დღე განვიხილოთ უფლის დღედ, ზოგჯერ კი დევნის დრო, რაც ცხადყოფს, რომ მთელი ამჟამინდელი ცხოვრების გნამავლობაში ასეთი ადამიანები არიან თავმოყრილნი.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ერთ-ერთი დემონური სასწაული ის არის, რომ მათ თავი მოუყარეს მეფეებს ერთმანეთის წინააღმდეგ საომრად, ქვეყნის აღსასრულის ჟამს. იოანე ამ დროს დიად დღეს უწოდებს, რადგან ის მართლაც დიადი და საშინელია. მას იოველიც ასევე უწოდებს, რომელიც ამბობს: სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი (იოვ. 3:4).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
იოანეს თქმით, დემონთა მიერ აღსრულებული ცრუ ნიშები და სასწაულები მათდამი მორწმუნეთ ღმრთის დიდი და ნათელი დღის წინააღმდეგ აღაგზნებენ, რომელიც არის მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა (შეად. იოვ. 2:11 - რედ.). ამ დღეს სრულად დამარცხებულნი ღმრთისმბრძოლნი, უსარგებლოდ იგლოვენ, და თავიანთ ადრინდელ ცდომილებებს დაიტირებენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.
ცოდვათა სიბინძურე
ამიტომ ამბობს მოციქული (პავლე): მოვა, როგორც მპარავი ღამით (1 თესალონიკ. 5:2). ის ამბობს: ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეშივე შეიმოსენით (გალატ. 3:27). მიმაჩნია,რომ აქ გამოთქმულია თხოვნა, დავიცვათ ეს სამოსი უბიწოდ, რათა არ დავაკნინოთ იგი მეორედ ნათლობით და არ შევბღალოთ ცოდვის ლაქებით; რადგან ორივე დანაშაულში ცნაურდება სირცხვილი, რომელსაც განზრახ ერიდებიან და დიდ სიფრთხილეს იცავენ.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ტანისამოსი - ჩვენი სხეულია
აჰა, მოვალ, როგორც მპარავი - ამბობს უფალი. ის ამბობს - როგორც მპარავი - მისი მეორედ მოსვლის მოულოდნელობისა და უეცარობის გამო. ნეტა მას, ვინც ფხზილობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს - ის შემდგომაც განაგრძობს მპარავის სახის გამოყენებას. ამიტომ, მისი თქმით, უნდა მოვუფრთხილდეთ სამოსს, რომ არ დავკარგოთ. სამოსს იგი ან სათნო და კეთილმორწმუნე ცხოვრებას უწოდებს, რომლის წყალობითაც ღვთის შემწეობის ღირსნი ვხდებით, ან სხეულს, რომელიც უნდა იყოს უბიწო და წმინდა. რადგან, ვინც არ იცავს თავის სამოსს, შერცხვენილი იქნება ანგელოზებისა და ღვთის ტახტის, ადამიანთა წინაშე, როდესაც განისჯება და შიშველი დარჩება, საღვთო მზრუნველობის გარეშე.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
საქორწილო სამოსი
ფხიზლად ყოფნა და სამოსის დაცვა - ნიშნავს მღვიძარებას და მოუკლებელ ზრუნვას კეთილ საქმეებზე, რომლებიც წარმოადგენენ წმინდანთა სამოსს; ხოლო ვისაც ის არ ექნება დაუყოვნებლივ იქნება შერცხვენილი თავისი სიშიშვლით და სიბილწით... აქედან ასევე ცხადი ხდება, რომ საძაგელია სათნოებათა სამოსის გახდა, რადგან სახარებისეული იგავიდან ვიცით, რომ ვისაც ეს სამოსი არ ჰქონდა გაგდებულ იქნა ქორწილიდან (შეად. მათე 22:13 - რედ.), და მოციქულის სიტყვებიდანაც, რომელშიც პავლე, განმარტავს რა უხრწნელებას, ამბობს: მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი (2 კორინთ. 5:3), ანუ კეთილ საქმეთაგან განშიშვლებულნი.
ამიტომაც გულმოდგინედ ვევედროთ ჩვენს უფალს, რათა მან აქ განწმინდოს ჩვენი სულიერი სამოსელი, რათა, ფსალმუნთმგალობელის თქმით, თოვლზე უმეტესად განვსპეტაკდეთ (ფსალმ. 50:9) და არ ვისმინოთ: როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? (მათე 22:12), და ხელფეხშეკრულნი არ ჩაგვაგდონ გარესკნელის ბნელში (იხ. მათე 22:13 - რედ.), არამედ სოლომონ ბრძენის თქმით, მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი (შეად. ეკლ. 9:8 - რედ.) და ამ ნათელი, თანაგრძნობით დამშვენებული სათნო ცხოვრებით ჩვენ სულთა წმიდა და უბიწო სიძესთან, - ქრისტესთან ერთად შევიდეთ მის სასუფეველში.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის (ფსალმ. 31:1), ვინც მართალთა თვალში დაფარავს გაკიცხვის ღირსი ცხოვრების სიმახინჯეს შემდგომი კეთილი საქმეების საფარველით.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
16. და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
მკვლელობის ადგილი
სიტყვა არმაგედონი ნიშნავს განკვეთას ან მკვლელობას. ამაში მოიაზრება ადგილი, სადაც ეშმაკის მიერ თავმოყრილი ადამიანები იქნებიან განადგურებულნი, რადგან იგი ადამიანთ სისხლით მშვიდდება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
იოანე ამასვე ამბობს სხვა ადგილასაც: და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცდუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი... მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმინდანთა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს (აპოკ. 20:7-8), ანუ ეკლესიას. მეორე მხრივ, უკეთურთა ადგილი შეიძლება გავიგოთ, როგორც ეშმაკი, რომელიც, ამპარტავნობით განდიდებული, განიკუთვნებს რა საღვთო ღირსებებს, კვლავ სიხარულით დააგებს დაღუპულ ადამიანში ძველ, ანუ უფლის მიერ ადრე აკრძალულ მახეებს, რადგან სიტყვა არმაგედონი შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც ადრინდელში ამბოხება ან კიდევ, როგორც მრვალი გორაკი.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
მეშვიდე თასი
16:17-21
ახ. ქართ.:
17. მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა.
18. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.
19. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.
20. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.
21. ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება.
ძვ. ქართ.:
17. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.
18. და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრეთ დიდი.
19. და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ.
20. და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.
21. და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.
მიმოხილვა: მიწისძვრა და სხვა ნიშნები - დასასრულისა და სამსჯავროს დასაწყისია (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). დიდი ქალაქი იერუსალიმია - დანარჩენი ქალაქები დაეცემიან ცოდვათა გამო (ეკუმენიოსი). ქედმაღალი ქალაქი დაიყოფა სამ ნაწილად - წარმართთა, მწვალებელთა და იუდეველთა, ასევე ცრუძმათა ნაწილებად (პრიმაზიუსი). მესამედი ნაწილი შეიძლება ეკუთვნოდეს ეკლესიასაც (კესარიოს არლელი). იერუსალიმი განდიდებულია ქრისტეს ვნებებით; მის სამ ნაწილში ცხოვრობენ ქრისტიანები, იუდეველები და სამარიელნი; ან კიდევ: ღვთისმოსავნი, უკეთურნი და ცოდვილნი. წარმართულ ქალაქთა დაცემა - წარმართობის განადგურების ნიშანია (ანდრია კესარიელი). კუნძულები - წარმართთა ეკლესიებია; მთები - დემონები არიან (ეკუმენიოსი). კუნძულები და მთები - ეკლესიაა. ბაბილონი დეცემა, რადგან დევნიდა წმინდანებს (პრიმაზიუსი). უბედურებებს ერთნი დაიტეხენ ცოდვათა გამო, სხვები კი - სათნოებებში გამოწრთობისთვის (ანდრია კესარიელი). ქალაქი, რომელიც მიწაზე ეცემა, - ღმრთის რისხვაა და სასჯელია ცოდვათათვის (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი).
***
17. მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა.
18. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.
დასასრული ნიშანი
აწ დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ხმა: აღსრულდა. რა აღსრულდა? ცხადია, ღვთის ბრძანება და მისი ნება. როდესაც ზეციდან ითქვა: აღსრულდა, იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა.
ელვა - ეს იყო ზემოდან, ხოლო გრგვინვა ეკუთვნოდათ დედამიწაზე მათ, ვისაც ელვის შეეშინდა. იქმნა აგრეთვე ქუხილი და მიწისძვრა. იოანე მიწისძვრას დედამიწის შერყევას უწოდებს, რადგან იგი დასახელებულია ქვეყნის აღსასრულის ნიშნებს შორის, ან მიწისძვრა ნიშნავს ხილული ნივთების შეცვლას, ანგიას სიტყვის თანახმად: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს (ანგ. 2:6-7). ამიტომ ის აღნიშნავს, რომ ადრე მსგავსი რამ არ ყოფილა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ანგელოზებრივი ხმა ზეციდან მოისმა, რომელმაც თქვა - აღსრულდა, რადგან აღსრულდა ღვთის ბრძანება. ხოლო ქუხილი და ელვა იმ დროს საქმეთა და ძალის საშინელებას აღნიშნავს, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს იქნება. მიწისძვრა - ეს არის არსებულის შეცვლა, როგორც ბრძანა მოციქულმა ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც (ებრ. 12:26).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
როგორც ზემოთ ითქვა (იხ. გამოცხ. 14:20. - რედ.), შურისგების სისხლი წარმოსდინდა ცხენის აღვირამდე, ანუ უწმინდური სულებისკენ, ასევე აქაც, როდესაც იმავე ჰაერის ძალებზე უკანასკნელი სასჯელი დაითხია, ნათქვამი იყო: აღსრულდა! - ანუ გამოცხადდა დასასრული, როდესაც, როგორც მოციქული ამბობს, განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი (1 კორ. 15:26). როდესაც ჟამთა აღსასრულს იქნება ისეთი ტანჯვა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა, ასევე დიდებული სასწაულებიც კარგად გამოჩნდება. მაგრამ აქ არ არის საკმარისად ნათელი, ესენი მოხდება კარგი მხრიდან, თუ ცუდი მხრიდან, თუ ორივე მხრიდან, როგორც ეს მოხდა მოსესთან და მოგვებთან ფარაონის წინაშე.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
19. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.
ცოდვის ქალაქთა დაცემა
დიდი ქალაქი - ნათქვამია იერუსალიმის შესახებ; ნათელია, რომ ამ გზით იოანე მას წარმართთა ქალაქებისგან განასხვავებს. რადგან საღვთო წერილისთვის ჩვეული ამბავია, რომ სხვა ხალხს, ისრაელისგან განსხვავებით, წარმართები უწოდოს. ის მას დიდს უწოდებს, როგორც ცნობილ ქალაქს. დანარჩენი ქალაქები კი დაეცა. როდესაც დედამიწა შეიცვლება და გახდება ახალი, როგორ შეიძლება გადარჩეს ქწალაქები, რომლებიც გაუწმინდურებულია მათში ცოდვილი ადამიანების ცხოვრებით?
და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა - ზემოთ ითქვა: მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი (აპოკ. 14:8). ამ ადგილას ის მოგვიწოდებს, რომ ვიფიქროთ სხვა ბაბილონზე. მე ვფიქრობ, რომ იგი საუბრობს, როგორც ამას შემდგომი თხრობა გვასწავლის, რომსა და იმ ხალხზე, რომელიც მან იმ დროს დაიპყრო. ამიტომ ამბობს იოანე: და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, ანუ ღმერთს მისი წარსული ცოდვები გაახსენდა, როდესაც რომმა დაიწყო წმინდანთა დევნა და მოკვლა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ქალაქის დაყოფა
დიდ ქალაქში მოიაზრება ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქი, რომელიც იქნება იერუსალიმი. ეს ქალაქი დიდად იწოდება იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვარცმა იქ მოხდა. ხოლო მისი სამ ნაწილად გაყოფა იერუსალიმში მცხოვრებ სამი კატეგორიის ადამიანებზე: ქრისტიანებზე, იუდეველებსა და მწვალებლებზე (სამარიელებზე) მიუთითებს. ანუ ეს ქალაქი სამ ნაწილად გაიყოფა - კეთილმორწმუნეებად, უღვთოებად და ცოდვილებად. ისინი ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას, ყველა თავისი სარწმუნოების დამტკიცებისთვის იბრძოლებს. ღვთის სამეფოს დადგომისას კერპთაყვანისმცემელთა ქალაქები დაეცემა, დაინგრევა და საბოლოოდ კერპთაყვანისმცემლობაც შეწყდება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
დიდი ქალაქი - მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით და ამპარტავნობით, რომელიც გამოწვეული იყო უზომო პრეტენზიებით, სამ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი წარმართთა, ხოლო მეორე ერეტიკოსებისა და იუდეველებისა იყო, მესამე კი, რომელიც ცრუ ძმებს ეკუთვნოდათ და რომლებიც სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს,უკეთურნი, ურცნი და ყოველი კეთილი საქმისთვის ურგებნი (ტიტ. 1:16) არიან (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.), - უარყოფილი იქნა.
შემდეგ მოსდევს: დაემხნენ წარმართთა ქალაქები, ანუ წარმართთა მთელი ძალა და თავდაჯერებულობა. და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე. - ეს ნიშნავს, რომ განსჯილთა მთელი სიმრავლე შეცბუნდა. რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა - ამით აღწერილია ცოდვილისთვის დამსახურებული სასჯელით სამაგიეროს მიზღვა.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ეს დიდი ქალაქი მთლიანობაში გაიგება, როგორც ცისქვეშ მყოფი და სამ ნაწილად დაყოფილი (რადგან დაიყო ეკლესია), რათა წარმართები იყონ ერთ ნაწილში, ყველა მწვალებელი და მოჩვენებითი კათოლიკენი - სხვაში, ხოლო ჭეშმარიტად კათოლიკე ეკლესია - მესამეში.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
20. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.
ცოდვილთა გაქცევა
იოანე წარმართთა ეკლესიებს კუნძულებს უწოდებს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა (ფსალმ. 96:1). ის მათ კუნძულებს უწოდებს, რადგან ისინი მწარე და მარილიან კერპთაყვანისმცემლობაზე აღიმართნენ და ამაღლდნენ. ვიღაცას, ალბათ, განსხვავებული მნიშვნელობით, კუნძულები დემონთა უწმინდური ლეგიონები ეგონება, რადგან ისინი ამ მარილიან და მშფოთვარე ცხოვრებაში ფუთფუთებენ.
საღვთო მეფსალმუნე ასევე ამბობს, მთების შესახებ, რომ ისინი დემონები არიან: მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან... რადგანაც მოვა (ფსალმ. 96:5; 95:13). წიგნი გვამცნობს, რომ იმ დროს დემონების ლეგიონები გაუჩინარდებიან და დაიმალებიან. მაგრამ სად დაემალებიან უბედურნი უფლის სახეს, როდესაც მის ხელთაა სიღრმენი მიწისა (ფსალმ. 94:4) და ვისაც ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით გაუზომავს (ეს. 40:12), მაშინ, როდესაც მომხდარით თავზარდაცემულნი შეეცდებიან, ბრიყვულად გაიქცნენ და დაიმალონ? როდესაც ეს მოხდება და საშინელი სეტყვა დაატყდება ხალხს თავს, მაშინ ადამიანებმა საჭიროა ლოცვას მიმართონ, რათა ამით მათ წინააღმდეგ მიმართული ნიშნები შეწყდეს. მაგრამ მათ დაგმეს ღმერთი, რის გამოც ბოროტება მათ წინააღმდეგ გამრავლდა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წმინდანთა გაქცევა
მე ვფიქრობ, რომ კუნძულების, ისევე როგორც მთების სახელი აღნიშნავს ეკლესიას, რადგან ყველასგან გამოირჩევა იგი თავისი სიმტკიცით. ამის შესახებ ესაია ამბობს: ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში (ეს. 24:15). და კვლავ: უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები (მიქა 4:1). ეს გაუჩინარება მაშინ მოხდება, როდესაც ბოროტეულთა საზოგადოება საბოლოოდ მიტოვებული იქნება, რათა ეკლესიასა და ცოდვილთა შორის აღარ იყოს შემაცბუნებელი აღრევა. ამიტომ, წინასწარმეტყველმა თქვა: გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს (იერ. 51:6). ბაბილონი კი მაშინ დაეცემა, როდესაც, უკანასკნელ დღეებში, იგი მიიღებს წმინდანთა დევნის ძალას. ამიტომ საღვთო წერილში ნათქვამია: შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება (იგავ. 18:12).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ კუნძულებში მოიაზრება წმინდა ეკლესიები, მთებში კი - მათი წინამძღვრები, რომლებიც ბოლო ჟამის დიდი მწუხარებების გამო დევნილნი იქნებიან. კუნძულები და მთები გაუჩინარდებიან - ასეა ნაწინასწარმეტყველები, რის შესახებაც უფლის ნათქვამიდან ვიცით: რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება (მათე 24:21). ერთნი ცოდვების გამო დაისჯებიან, მეორენი კი - სათნოების გამოცდისთვის გადაიტანენ ტანჯვასა და უბედურებას. ისინი ანტიქრისტესგან კი არ ეწამებიან ქრისტესთვის, არამედ განერიდებიან და მართლმორწმუნეობის შესანარჩუნებლად დიდ ტანჯვასა და მწუხარებაში იცხოვრებენ მთებსა და მღვიმეებში, რომელთაც ქალაქში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესია, რომელიც კუნძულებად და მთებად იწოდება მისი სრულყოფილი სიმტკიცის გამო, წინდახედულად დაემალება მდევნელთა თავდასხმებს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
21. ტალანტის* ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება.
____________
*ὡς ταλαντιαία - ვერცხლის ტალანტი იწონიდა 45 კგ-ს, ოქროსი - 91 კგ-ს - რედ.
____________
უკეთურთა დაბრმავება
სეტყვა აღნიშნავს ღვთის რისხვას, რომლის შესახებაც ვკითხულობთ: თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით (ეზეკ. 13:3). უფალი აღგვითქვამს, რომ ამისგან დაიფარავს თავის შვილებს, როდესაც მოციქულის პირით ამბობს: იესუს, მომავალი რისხვისგან ჩვენს მხსნელს (1 თესალონიკ. 1:10). და შემთხვევითი არ არის, რომ ახსენებს ტალანტის წონას. სასჯელი ედება საღვთო მსჯავრის სამართლიანობით ცალკეულ ადამიანეს, ცოდვათა სხვაობის გათვალისწინებით, რადგან ბერძნები ერთი მოცულობისა და ღირებულების ტალანტს იყენებენ, რომაელები - სხვას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი საქციელი ცოდვაა, ზოგი სასჯელია და ზოგიც - ორივე. აქ სეტყვის გამო ღვთის გმობა ცოდვაცაა და სასჯელიც ცოდვისთვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბოროტეულნი იმდენად დაბრმავდნენ, სასჯელის მიღების დროსაც კი გონზე არ მოდიან და სასჯელის გამო კიდევ უფრო ბოროტები და შეშლილნი ხდებიან (მკრეხელობის განმარტება ნასესხებია ტიკონიუსისგან - რედ.).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
სეტყვა აღნიშნავს ღვთის რისხვას, ზეციდან ჩამომავალს. ის, რომ ეს სეტყვა იყო ტალანტის სიდიდის მქონე, გამოხატავს რისხვის სისრულეს ადამიანების უმძიმესი ცოდვების გამო; მსგავსი აზრით ჰქონდა ხილვა ზაქარია წინასწარმეტყველსაც (ზაქ. 5:7). ამ სეტყვით დაწყლულებულნი სინანულში კი არ აღმოჩნდებიან, არამედ ღვთის გმობაში, რაც ადასტურებს ამ ადამიანების გულფიცხელობას, რითაც ისინი ფარაონს ემსგავსებიან (იხ. გამ. 4:21; 7:3; 9:12. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.