განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_15_1_8 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი
კრავის საგალობელი
 
15:1-8
 
 
ახ. ქართ.:
 
1. და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
 
2. და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
 
3. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
 
4. ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
   
5. შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში.
 
6. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი.
 
7. ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
 
8. და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.
   
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულისწყრომაჲ ღმრთისაჲ.
 
2. და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.
 
3. და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
 
4. ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
 
5. და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა.
 
6. და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ.
 
7. და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
 
8. და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.
 
 
 
***
 
 
მიმოხილვა: ცოდვილებს მრავალი სასჯელი ელოდებათ (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). შვიდი ანგელოზი - მადლით აღვსილი ეკლესიაა (ბედა პატივდებული). ცეცხლით გამოცდა - ცოდვილთათვისაა, მაგრამ მართლებსაც სჭირდებათ განწმენდა (ეკუმენიოსი). ვინც ნათლისღების შემდეგ არ წაიქცა მან მხეცი დაამარცხა (პრიმაზიუსი). მინის ზღვა - მომავალი ნეტარების სიწმიდე და წმინდანთა ბრწყინვალებაა (ანდრია კესარიელი). კრავის საგალობელი - თანხმიერებაა უფალთან და მის სამართლიან სამსჯავროსთან (ეკუმენიოსი). მოსეს საგალობელი - ძველი აღთქმაა, კრავის საგალობელი კი - ახალი აღთქმა (პრიმაზიუსი). ანგელოზთა და სასჯელთა რიცხვი - საყოველთაო განადგურების სახეებია; ოქროს სარტყელი - სიბრძნის, ძლიერებისა და პატიოსნების სიმბოლოა (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). ღმრთის საიდუმლოთა ტაძარი ქვეყნიერებას ანგელოზთა მიერ ეხსნება (ბედა პატივდებული). ღმრთის სამსჯავრო მართლებს ცხონებას ანიჭებს, უკეთურებს კი წარწყმედას (პრიმაზიუსი). კვამლი - ღმრთის მსჯავრის საიდუმლოთა დაფარვაა უფლის მოსვლამდე (ბედა პატივდებული).
 
 
 
***
 
 
1. და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
 
 
რიცხვი შვიდი
   
და ვიხილე შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით. ის ამბობს - შვიდი, რაც ნიშნავს ცოდვილთათვის გამზადებულ უამრავ სასჯელს, რომელთა მეშვეობითაც საბოლოოდ ვლინდება ღვთის რისხვა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ყველგან შვიდი რიცხვია მოყვანილი, რითაც ნაჩვენებია, რომ უსამართლობანი, თვხედურად დაშვებულნი ჩვენი ცხოვრების შვიდ დღეში, აილაგმება შვიდი წყლულისა და შვიდი ანგელოზის მიერ. ხოლო მომავალი ნეტარი ცხოვრება და წმინდანთა დიდებას ის აჩვენეს მინის ზღვის სახით.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
შვიდი ანგელოზი არის ეკლესია, რომელიც შვიდსახოვანი მადლით არის აღსავსე. შვიდი წყლულებით - მათში არსებული ღვთის რისხვით; იოანე წყლულებს უკანასკნელს უწოდებს, რადგან ღვთის რისხვა მუდამ შემუსრავს ჭირვეულ ხალხს შვიდი წყლულით, ანუ მათი სრულყოფილი რიცხვით, რაც ხშირად მეორდება ლევიანელთა წიგნში: შვიდგზის, - ამბობს ის, ­- დაგცხებთ (ლევ. 26:24). ეს უკანასკნელი წყლულები იქნება, როდესაც ეკლესია მათ წიაღს დატოვებს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
2. და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
 
 
მხეცის მძლეველი მართლები
 
ერთგან თავის თხზულებაში ბრძენი პავლე ამბობს: ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, - თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, ... ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორინთ. 3:12-13). ამიტომ არა მხოლოდ ცოდვილები, რომლებიც იკიდებენ მხრებზე ცოდვის ადვილად აალებად ტვირთს, არამედ მართლებიც, რომელთაც იზიდავთ ოქრო და ძვირფასი ნივთები, ცეცხლით გამოიცდებიან. აქ ის ზუსტად ამას ამბობს, რომ ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ.
 
მინისა ­- მასზე მდგომ მართალთა ბრწყინვალებისა და სიწმინდის გამო; და ცეცხლშერეული - რადგან ის განწმენდს და ანადგურებს ყველანაირ სიბინძურეს. რადგან მართლებსაც სჭირდებათ განწმენდა. რადგან ყველანი ბევრს ვცოდავთ (იაკ. 3:2), საღვთო წერილის თანახმად. ვინ დაიბადება წმინდა უწმინდურისგან? თუნდაც ერთ დღეს ცოცხლობდეს დედამიწზე (შეად. იობი 14:4-5. - რედ.). როგორც მრავალჯერ ითქვა, ქნარები აღნიშნავს ღვთისადმი წმინდანთა მიერ აღვლენილ მრავალხმოვან საგალობელს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცხადია, რომ ნათლობის წყალი განწმენდილია წმინდა სულის ცეცხლით, ან კიდევ, რაც ცეცხლის თვისებას უკავშირდება, იგი წითელი გახდა მოწამეობის ძალით. ამიტომ ვკითხულობთ: თიხის ჭურჭელი ცეცხლით გამოიცდება, მართალი კი ჭირში მწუხარებით (1).
 
_________________
 
1. ზირ. 28:5. თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი.
 
_________________
 
და ვიხილე, თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ.
 
იდგნენ ­- ანუ რწმენით მტკიცენი, ფსალმუნი ამას დაახლოებით ასე აღწერს, რადგან ამის შემდეგ ამბობს: ცათა შემქმნელი გონიერებით (ფსალმ. 135:5), რა თქმა უნდა, როდესაც აღნიშნავს სულიერ არსებებს, რომლებიც ნეტარებენ ნათელი წვდომით მარადიული ჭეშმარიტებისა. ის დასძენს: დედამიწის განმვრცობი წყლებზე (ფსალმ. 135:6), და მიუთითებს მათზე, ვინც ნათლობის შემდეგ არ დაეცა. რადგან, თუმცა წარმოგვიდგენია, რომ ისინი რძით იკვებებიან, მაგრამ მათ არ იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი (ეფეს. 4:14). ამიტომ მათ შესახებ ნათქვამია, რომ ისინი არიან მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი (2).
 
_________________
 
2. კესარიოსი აშკარად ამტკიცებს, რომ მათ დაამარცხეს მხეცი თავიანთი ნათლობით (PL 35 2438) - რედ.
 
_________________
 
ქნარები - არის გულები, მიძღვნილნი ქებისა და მელოდიისთვის, რომლებიც ჭეშმარიტად ერთხმოვანია ორივე აღთქმისთვის. ან ის გვიჩვენებს ტანჯვის ჯვარზე გაკრულ ხორცს, რაც ნიშნავს არა მხოლოდ ხმის ბგერას, არამედ კეთილი საქმის შედეგსაც (3). ამ მიზეზით, იგი ახსენებს ისეთ დიდ კაცს, როგორიც მოსეა (მე-3 მუხლი), რომლის შესახებაც ღმერთი მოწმობს: ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი (რიცხვ. 12:7).
 
_________________
 
3. ქნარების სიმბოლოს განმარტება მომდინარეობს ტიკონიუსისგან. ხმის ბგერისა და კეთილის საქმის შედეგის შეპირისპირება - ეს არის სჯულისა და იესუს სიკვდილში მისი აღსრულების წინასწარმეტყველებათა შეპირისპირება - რედ.
 
_________________
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
თითქოსდა მინის ზღვა, ცეცხლშერეული - მასში იგულისხმება ცხონებულთა სიმრავლე, ცხოვრების სიწმინდე და სინათლე წმინდანებისა, რომელთა სხივებითაც ისინი მზის მსგავსად გაბრწყინდებიან (მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მათე 13:43)). ხოლო შერეულ ცეცხლში საჭიროა მოვიაზროთ პავლე მოციქულის ნათქვამი: ცეცხლით მჟღვნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორინთ. 3:13). ეს ცეცხლი ვერანაირად ავნებს წმინდა და შეუგინებელ ადამიანთა სულებს, რადგან, ფსალმუნის მიხედვით, ხმა უფლისა განჰკვეთს ცეცხლის ალს (ფსალმ. 28:7 - რედ.), რომელსაც აქვს ორი თვისება: ერთი ცოდვილთა დამწველობისა, მეორე კი (როგორც ბასილი დიდმა გულისხმაყო) - მართალთა განმანათლებლობისა (ჰომილიები ფსალმუნზე. 28:6 (PG 29:297 - რედ.). სიმართლე იქნება ისიც, თუ ცეცხლის სახით მოვიაზრებთ ღვთის განგებულებასა და სულის მაცხოვნებელ მადლს; რადგან ღმერთი მოსეს ცეცხლის სახით გამოეცხადა და სულიწმიდაც მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა. ხოლო ღვთის ქნარები აღნიშნავენ ხორციელ ასოთა მოკვდინებასა და ტკბილხმოვან ცხოვრებას, ბედნიერ ყოფას, რასაც სათნომყოფელთა თანხმობით მიაღწევენ ისინი, ვინც ხორცი მოაკვდინეს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3-4 და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო! ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
 
 
თანხმობა უფალთან
   
ის ამბობს: - გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს - ანუ, როგორც ჩანს, იმას, რასაც ის გალობდა, როდესაც ფარაონი მთელი თავისი ჯარით ზღვაში ჩაიძირა: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ (გამ. 15:1-2). ეს ტრიუმფალური საგალობელი თან ახლავს ცოდვილთა დასჯას და ეშმაკსა და წარწყმედის ძეზე - ანტიქრისტეზე გამარჯვებას.
 
და საგალობელს კრავისას - ამბობს იოანე, - ანუ თანხმობას ღმერთთან და მის სამართლიან განაჩენთან ურჯულოთა მიმართ. ამრიგად, მართალნი გაკვირვებულნი არიან ღვთის ჭეშმარიტებით და სამართლიანობით. იოანე ამბობს: ხალხთა მეუფე. ქრისტე ხომ ყველას მეუფეა. მაგრამ, რადგან ესაიას მიერ ითქვა - იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა (ეს. 11:10) - წიგნში, სადაც მანამდე მოხსენიებული იყო ხალხების ხმობისა და მათი რწმენის შესახებ უფლისადმი, ნათქვამია, რომ ის წარმართთა მეფეა (4) და რომ ყოველი ხალხი მოვა და ადიდებს მას.
 
_________________
 
4. სინოდ. თარგმანში გამოთქმა ὁ βασιλεύς τῶν უსაფუძვლოდ არის გადმოცემული, როგორც "მეფე წმინდანთა" - რედ.
 
_________________
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ხალხთა მეუფე
   
მან უფრო სრულად გამოხატა აქ რჩეულთა განზრახვა, რომლებიც გულითადად ლაპარაკობენ: გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე (ფსალმ. 118:29), ან: სჯულისათვის შენისა დაგითმე შენ, უფალო (5) და ამის მსგავსნი. საქმე იმაშია, რომ ავტორმა ასევე მიგვანიშნა, რომ ისინი, როგორც ხსენებული გამარჯვების თანაშემოქმედნი, ნეტართა რიცხვს ეკუთვნიან.
 
_________________
 
5. შეად.: ფსალმ.: სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა.
 
_________________
   
მოსეს საგალობელი აღნიშნავს ძველ აღთქმას, ხოლო საგალობელი კრავისა - ახალს, რადგან ამით გვასწავლის, რომ რჩეულთა სავსება ორივე აღთქმითაა აღჭურვილი და ორივე აღთქმის წყალობით გახდა სრულყოფილი. ორივე აღთქმის ფურცლები ჭეშმარიტების შესაბამისად მოწმობს, რომ ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება (ფსალმ. 24:10). მას მართებულად ეწოდება ხალხთა მეუფე, რადგან იგი იყო ღმერთი, რომელიც ცნობილი გახდა არა მხოლოდ ებრაელთა შორის და, ვფიქრობ, ერთ საწმისზე როდი დაეცა ზეციური ნამი (იხ. მსაჯ. 6:37 - რედ.), არამედ, როგორც მალაქია ამბობს: რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში (მალაქ. 1:11).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სავარაუდოა, რომ მოსეს საგალობელში ნაგულისხმევია იმ მართალთა საგალობელი, ღვთისადმი მიძღვნილი, რომლებიც მადლის მოწევნამდე, რჯულის ქვეშ ცხოვრობდნენ. ხოლო, კრავის საგალობელი - ეს არის ქრისტეს შემდგომ დედამიწაზე მცხოვრებ მართალთა საგალობელი იმ ქველმოქმედებისა და მადლის გამო, რომლებიც მან წარმოგზავნა ჩვენს მოდგმასთან, ვინაიდან თავისი შემეცნებისკენ მან საღვთო მოციქულთა მეშვეობით ყოველ ხალხს მოუწოდა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5-6 შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი.
 
 
პატივისა და სიწმიდის ნიშანი
   
წმიდა წერილისთვის ჩვეულებრივია, რომ ბესელიელის მიერ უდაბნოში შეკრულ კარავს უწოდოს მოწმობის კარავი, რადგან ეს ღვთის მოწმობებისა და ბრძანებათა კარავი იყო. რადგან იქ იყო აღთქმის კიდობანი, სახურავი, მაგიდა, საკურთხევლები საკმევლისა და შეაწირავებისთვის, სასანთლე და ყველაფერი, რაც ღმერთმა უბრძანა წმინდა მოსეს მოემზადებინა, როდესაც უთხრა: როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი (გამ. 25:9). ძველი კარვის ნიმუშის მიხედვით ზეციურ კარავსაც, რომელიც მუდამ მყოფობს, ის მოწმობის კარავს უწოდებს. როგორც ამბობს: იქიდან გამოვიდა შვიდი ანგელოზი.
 
საიდან გამოსულნი უნდა დაენახა ღვთის ზეციური მსახურნი, თუ არა ზეციური ტაძრიდან გამომავალნი? იოანეს თქმით, მათ ჰქონდათ წყლულება შვიდი, რომლებიც უნდა მოეტანათ დედამიწისთვის. რადგან ქვეყნის აღსასრულის დროს ბევრი ნიშანი იქნება, რომლებიც ქრისტემ სახარებებშიც ახსენა, როდესაც ასწავლიდა ბოლო ჟამის შესახებ.
 
ის ფაქტი, რომ ანგელოზები სულის წმინდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი არიან, მათი პატივის, სიწმინდისა და ბრწყინვალების ნიშანია და იმისიც, რომ მათ აქვთ ბუნება, რომელიც მტკიცედ მიმართულია სიკეთისკენ, რადგან ისინი ქრისტეთი არიან შემოსილნი. უფალს საღვთო წერილში ეწოდება ქვა. მაგალითად, ესაიასთან: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი (ეს. 28:16). სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: ქვა დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა (ფსალმ. 117:22). ბრძენი პავლე კი მოგვიწოდებს, შევიმოსოთ ამ ქვით: შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13:14). რადგან, ვინც ქრისტეთია შემოსილი, სულისთვის ყოველგვარი მავნე გულისთქმის მიღმა რჩება.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ახლა ცხადდება ქრისტესა და ეკლესიის შესახებ ნაწინასწარმეტყველები ფარული საიდუმლოებანი. შვიდი ანგელოზისა და შვიდი წყლულის შემთხვევაში საუბარია ეკლესიაზე, რომლის წინააღმდეგაც მტერი აღდგა განუწყვეტელი ხრიკებით, რის გამოც მოციქული ამბობს, რომ გამოვიდა წყლულება, ანუ გამოვიდნენ წმინდანთა დასაცავად, რომლითაც ადრე უფალი ღმერთი ევნო, რის გამოც მან უთხრა პავლეს: საულ, საულ! რად მდევნი მე? (საქმე 9:4). ან, როგორც იაკობმა აღნიშნა, განკითხვა ღვთის სახლიდან დაიწყება (პრიმაზიუსი აქ ცდება: ეს ციტატა არის პეტრეს პირველი ეპისტოლედან: 1 პეტრე 4:17 - რედ.).
 
მართლაც, ადამიანი შეიძლება ორი მიზეზის გამო განიცდიდეს მწუხარებას: ან საღვთო სამართლიანობა სჯის ცოდვების გამო, როგორც ფარაონის შემთხვევაში, ან დიდი განსაცდელით გამოცდის სათნოებებს, როგორც იობის შემთხვევაში. და ამიტომ ვკითხულობთ, რაც მასზეა ნათქვამი: გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები. მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად. მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია (იობი 23:10-12). მე ვთვლი, რომ ანგელოზთა და სასჯელთა რიცხვით ნაწინასწარმეტყველებია საყოველთაო განადგურება, როგორც ღმერთი ხშირად ამბობს ლევიანთა წიგნში: შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისთვის (ლევ. 26:24).
 
სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი - მოკლულნი, ჩვეულებრივ, ნაჩვენებია სელის სამოსის სახით. ამიტომ, თუ ღმერთის პირუთვნელი სამსჯავრო გამოსახულია თეთრი ფერის სიმბოლიკის მეშვეობით, მაშინ სელის წმინდა სამოსის სახე იდეალურად ერგება, რომ მოკლულნი ასევე თოვლივით თეთრი წარმოაჩინოს, როდესაც ისინი ღიად, როგორც სარკეში, უმზერენ ღვთის განაჩენის დიდებას (იხ. 2 კორ. 3:18. - რედ.).
 
ოქროს სარტყლით შემოგარსულნი. ჩვენ ვიცით, რომ ოქრო წერილის მოწმობით სიბრძნეზე მიანიშნებს, რომელიც ამბობს: სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი (იგავნი 16:16) (6). ოქროს სარტყელი გონივრულად არის განლაგებული მკერდზე. სჯულის მიხედვით მღვდელს ხშირად უნდა ეტარებინა logium, ანუ სამკერდე, ასე რომ გონება, თავისთავად გათვითცნობიერებული საღმრთოში, მოწოდებულია კი არ მოიძაგოს, არამედ ადიდოს ღმრთის მსჯავრი, და სხვებიც ოქროს სიკაშკაშესავით მიიზიდოს სხვებიც მის განსადიდებლად.
 
_________________
 
6. ბუკვ.: რაოდენ ჯობს ოქროს სიბრძნის შეძენა - რედ.
 
_________________
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ იოანე ლაპარაკობს ზეციურ კარავზე, რომლის მსგავსი მიწიერი კარვის აგება უბრძანა ღმერთმა მოსეს. ამ ტაძრიდან გამოვიდა შვიდი ანგელოზი, რომლებიც თავიანთი სიწმინდის და ნათელმოსილების, ასევე - ქვაკუთხედი ლოდის, ქრისტეანთა სიახლოვის ნიშნად შემოსილნი არიან სელის  სამოსით ან სპეტაკი ქვით, როგორც არის ნათქვამი ზოგიერთ ხელნაწერში.  თავიანთი ძლიერების, უბიწოების, პატიოსნებისა და საღმრთო მსახურებაში  უფლებამოსილების ნიშნად კი მკერდზე ოქროს სარტყელი აკრავთ.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქრისტე - ქვაკუთხედი
 
ეს ხილვა შეესაბამება საგალობელს, რადგან იმისათვის, რომ ყველა ერმა შეძლოს ღვთის თაყვანისცემა, ღვთის საიდუმლოებათა ტაძარი, რომელიც ერთ დროს ერთი ქალაქის კედლებში იყო მოქცეული, ახლა სულიერი გზით ეცხადება მთელ ქვეყანას. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი - სწორედ ამის შესახებ ამბობდა მარკოზი: ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან (მარკოზი 16:20). წმიდა თეთრი ქვით მოსილნი, მოციქულის თანახმად, ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით (გალატ. 3:27), რომელიც არის უზენაესი, რჩეული ქვაკუთხედი. თუ აქ მდგომ მხოლობით რიცხვს მრავლობითად გავიგებთ, მაშინ ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვადასხვა სათნოებებით შემკულნი. სხვა თარგმანში გვხვდება: სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი, რაც ნიშნავს ჩვენს მოძღვართა ხორცის მოკვდინებას. ისევე, როგორც აქ: ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი (1 კორინთ. 9:27). და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი - ვინც უძლიერებს საგნებზე ქადაგებას ელტვის, არა მარტო სხეული უნდა მოაკვდინოს, არამედ მკერდზე სიბრძნის ოქროს სარტყლით უნდა იყოს შემოგარსული. ანდა ამგვარად: მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგასრვა ნიშნავს ცვალებადი აზრების ყოველი მოძრაობის მოქცევას მხოლოდ ღვთის სიყვარულის ბორკილებში.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
მანამდე მან ახსენა შვიდი ანგელოზი იმავე რაოდენობის თასებით, რომლებიც სავსე იყო წმინდანთა ლოცვით, ახლა კი საუბრობს ღვთის რისხვით სავსე თასებზე. ერთი და იმავე თასების შესახებ ნათქვამია, რომ ისინი სავსეა როგორც ლოცვების სიტკბოთი, ასევე მთხოვნელთა რისხვით, ვინაიდან მათი წყაროა წმინდანთა თხოვნა ღვთის სასუფევლის დადგომასთან დაკავშირებით, ეს მაშინ, როდესაც ღვთის მსჯავრი უკვე აღარ არის იდუმალი, როგორც უფსკრული, არამედ ღიაა, როგორც თასი. მათ შესახებ ნაწინასწარმეტყველებია, რომ მართალთათვის ხსნა მოაქვთ, ბოროტეულთათვის კი სიკვდილი, მოციქულის სიტყვის თანახმად, რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ (2 კორინთ. 2:15-16) (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს. - რედ.). რადგან, თუ ჩვენს უფალზე ნათქვამია: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად (ლუკა 2:34), რა არის საკვირველი იმაში, თუ თასები მართლებს სიტკბოს მოუტანენ, ხოლო უკეთურნი შურისგების მსჯავრით დაისჯებიან.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.

 
7. ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
 
 
ღმრთის რისხვას სიკეთე მოაქვს
   
სარტყლები მიანიშნებს მათ ქმედით ზნეზე, რომ ისინი აღჭურვილნი არიან. აკი მათ შესახებ ნათქვამია: ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი (ფსალმ. 102:20). ამ შვიდ ანგელოზს ოთხი ცხოველიდან ერთ-ერთი აძლევს ოქროს შვიდ თასს, ღვთის რისხვით აღვსილს. მან თქვა - ოქროს, რადგან ღვთის რისხვა ძრიფსასია, მათ უფრო მეტი სიკეთე და სარგებელი მოაქვს, ვიდრე სამართლიანობას, თუმცა იგი დასჯილებს ტანჯავს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საღმრთო ცოდნის გადმოცემა
   
ანგელოზებმა ამ ოთხი ცხოველისგან მიიღეს ღვთის რისხვით აღვსილი თასები, როგორც ეს ნათქვამია ეზეკიელთან (იხ. ეზეკ. 8:8; 20:8, 13,21. - რედ.). ეს ნიშნავს, რომ ცოდნას და საღვთო საქმეებს ანგელოზთა მეორე დასი იღებს პირველისგან, როგორც ასწავლის დიონისე არეოპაგელი (დიონისე არეოპაგელი, ზეციური იერარქიისათვის, 8.2, 13.2 (PG 3:24041,300). - რედ.).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
8. და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.
 
 
ღმრთის რისხვა
   
კვამლი - ღვთის რისხვის ნიშანია, რადგან დაწერილია: აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა (ფსალმ. 17:9). ეს კვამლი ცეცხლის აღმნიშვნელია, მაგრამ აგრეთვე ის კვამლია, რომელიც წმინდა ესაიამ იხილა, როდესაც თქვა: შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აღივსო სახლი (ესაია 6:4). კვამლი მიუთითებდა ღვთის რისხვაზე, რომელიც იერუსალიმის ტაძრის წინააღმდეგ იყო მიმართული. ის ფაქტი, რომ კვამლი ღვთის დიდებისა და მისი ძალისაგან წარმოიშვა, ერთგვარი ალეგორიაა, თითქოს იოანე ამბობს: ღვთის რისხვის კვამლით აღივსო იგი. რადგან ღმერთი არის ძალა, როგორც ასეთი, და დიდება, როგორც ასეთი. და ვის აქვს მისებრი ძალა? აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი. რადგან ვის შეუძლია ღვთის რისხვაში შესვლა და ვის შეუძლია იცხოვროს მასში? რადგან, თუ არავინ იდგა უფლის საბჭოში (იერ. 23:18), საღვთო წერილის თანახმად, ძნელად თუ ვინმე გაუძლებს ღვთის რისხვას.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს კვამლი მიანიშნებს ღვთის საშინელ, მკაცრსა და მტანჯველ რისხვაზე, რომელიც, აივსო რა მისით ტაძარი, მოიწევა სამსჯავროს დღეს მათზე, ვინც ამას დაიმსახურებს. უწინარეს ყოვლისა, ეს ეხება ანტიქრისტეს და ღვთის საწინააღმდეგო საქმეთა მოქმედთ. ეს დასტურდება შემდგომით, ვინაიდან ამბობს: აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი - ე. ი. სანამ ღვთის რისხვა, მოწევნული ცოდვილებზე, არ გამოარჩევს უკეთურთ მართალთაგან, მანამ წმინდანები ვერანაირად ვერ მიიღებენ წილს ზეციურ იერუსალიმში, ღვთის ტაძარში მღვდელმოქმედებისა და განსვენებისა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცოდვათა აღსარება
 
ვფიქრობ, კვამლი მიანიშნებს იმაზე, რომ არავის შეუძლია ღვთის განაჩენის საიდუმლოებებს ჩასწვდეს. მოკვდავთა გონება ბრმაა, იგი თრთის წყლულებათა აზრის გამო, რის შესახებაც აქ იოანე იწყებს თხრობას და სანამ ბოლომდე არ დასრულდება, ტაძარში კვამლი იქნება. ამიტომ ლოგიკურია შემდეგი სიტყვები: აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ანუ ის დიდ საიდუმლოდ დარჩა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი. ამიტომ ფსალმუნში ნათქვამია: და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში. ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს (ფსალმ. 72:16-17).
 
ასევე აღსარება, როგორც წესი, გამოხატულია კვამლის სახით. რადგან, როგორც კვამლი უსწრებს წინ ცეცცხლს, ისე ცოდვების აღიარება - რწმენისა და სიყვარულის ალს. ამიტომ ფსალმუნი, როდესაც მსგავს რამეზე მიუთითებს, ამბობს: დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან (ფსალმ. 103:32). უფალმა მხოლოდ შეხედა პეტრეს (ლუკა 22:61) და ამ უკანასკნელმა ცრემლებით განბანა თავისი აღსარება - იგი უარყოფის გამო შიშის ზარმა მოიცვა. ამრიგად, მონაკვეთის მნიშვნელობა ამგვარია: აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი, ანუ ვერავინ იტყოდა შემდეგს: ვივლი ჩემი გულის უბიწოებით შენს სახლში (7), მეფემ შემიყვანა თავის პალატებში (ქებ. 1:3). ვინ, თუ არა უფალი, ვინც დაგმო ყველა წარსული სამარცხვინო საქმენი, იზრუნებს აღიარების შემდეგ მათ მოშორებაზე? რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ (ფსალმ. 75:11), როგორც უშფოთველი დიდება, აღსრულებული სამართლიანობისთვის. ასე რომ, ვიდრე ყველა სასჯელი არ დასრულდება, ეკლესია ცრემლებით განაგრძობს ცოდვების აღიარებას - როგორც იმ ადამიანებში, ვინც, როგორც ვთქვით, სასრგებლო საზღაურს მიიღებს წარსული ცოდვების გამო. ასევე იმათში, ვინც, როგორც შემდეგ გაირკვევა, გამართლდება უწინდელზე უკეთესი მსახურებისთვის.
 
_________________
 
7. სინოდალურ ტექსტშია: ჩემს სახლში. - რედ.
 
_________________
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დაფარულის გაცხადება
   
როდესაც ეკლესია აპირებს წარმართებთან საქადაგებლად გასვლას, ჯერ ის, სიყვარულის ცეცხლით ანთებული, საღვთო აღმსარებლობის კვამლს გამოუშვებს მადლობს რა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო (შეად. 2 კორინთ. 9:15). აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა და ა. შ. აღარავის შეუძლია ეკლესიის წევრებს შეუერთდეს - მხოლოდ მას, ვინც რწმენის საიდუმლოებათა მოსმენისას, მქადაგებელთაგან ისწავლის, რომ იესუ არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად (საქმე 10:42); თუ კვამლს განვიხილავთ, როგორც ღვთისმიერიგანსჯის საიდუმლოებათა დაფარვას, მაშინ მოკვდავთათვის ისინი ფარული და მიუწვდომელი რჩებიან მანამ, სანამ ამ სოფლის წყლულებათა ბოლოს არ მოვა უფალი, რომელიც ბნელში დაფარულს გაანათებს და გვიჩვენებს, თუ რამდენად სასარგებლო იყო ანტიქრისტეს მოსვლა ეკლესიის რწმენის გამოსაცდელად, ასევე სამართლიანიც დაბრმავებული ებრაელებისთვის, რომლებმაც არ მიიღეს სიყვარულის ჭეშმარიტება, რითაც მათი ხსნა იყო შესაძლებელი.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому