აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
კრავი და 144 000 გამოსყიდული
14:1-5
ახ. ქართ.:
1. და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
2. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
3. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
4. ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
5. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
ძვ. ქართ.:
1. და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.
2. და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.
3. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან.
4. ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა.
5. და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა.
***
მიმოხილვა: ქრისტესთან ერთად მდგომარენი ყოველივეში ქალწულებრივნი არიან (ვიქტორინე პეტავიელი). სიონის მთაზე მდგომი უფალი - ღმრთისადმი ისრაელის დაბრუნების ნიშანია. მორწმუნეთა რიცხვი - ვინც შეინარჩუნა სულისა და ხორცის ქალწულება (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მექნარეთა გალობა - ქება ღმერთს მის მიმდევარ წმინდანთაგან (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). ქრისტეს სისხლი ყველასთვის დაიღვარა, მაგრამ უსარგებლოა იგი მის უარმყოფელთათვის (ეკუმენიოსი). უფალმა თავისი ხორცი ქალწულებრივი სიწმიდით შეინახა, ვისაც სურს მისი მიბაძვა ქალწულება უნდა დაიმარხოს (მეთოდე პატრელი, იერონიმე სტრიდონელი). ქალწულება - ეს არის ხრწნად ხორცში წინასწარი მომზადება მარადიული უხრწნელებისათვის (ავგუსტინე იპონიელი, ფულგენციუს რუსპიელი, ბედა პატივდებული, კესარიოს არლელი).
***
1. და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
ღმრთის ქალწულები
იოანე ამბობს ამ აღდგომის შესახებ: და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, ანუ ისინი, ვინც ქრისტესთან ერთად იდგნენ, სწორედ ისინი, ვინც ბოლო ჟამს აპირებს ირწმუნოს ილიას წინასწარმეტყველების მიერ, რომელთა შესახებაც სული მეტყველებს, რომ ისინი არა მარტო ხორცით არიან ქალწულები, არამედ ენითაც (იხ. გამოცხ. 14:4-6 და შეად. მალაქ. 4:5-6 - რედ.).
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
ისრაელის დაბრუნება
სახარებათა მიხედვით, უფალი უკეთურ ებრაელ ხალხს მიმართავს - და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად (მათე 23:28) - რადგან ჯვრის სიშლეგის შემდეგ (შდრ.: ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის - 1 კორინთ. 1:18) ისინი აღარ იყვნენ ღირსნი ღმერთთან ყოფნისა. როგორღა ჩანს ახლა უფალი ამ ხილვაში, სიონის მთაზე მდგარი, თითქოს მან (ისრაელმა) მოინანია? ის, რომ მათი ქალაქი, ტაძარი და მოსახლეობა მთლიანად დაინგრა, ეს აშკარა იყო რომაელთაგან, რომლებმაც გადაბუგეს ტაძარი, დაწვეს ქალაქები, გაანადგურეს მთელი ქვეყანა და თვითონ დედაქალაქი დაიმონეს. ის ფაქტი, რომ ახლა უფალი ჩანს სიონის მთაზე ასულად, მიუთითებს უკანასკნელ ჟამს სარწმუნოებით ისრაელის მოქცევაზე, რომ უფალი მათ თავის საკუთრებად აქცევს და თავისთან მოიყვანს. ეს ნაუწყებ იქნა ესაიას პირით, რომელიც ამბობს: მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი (ესაია 59:20). ეთანხმებიან რა ერთმანეთს, დავით წინასწარმეტყველი და პავლე მოციქულიც ესაიას მსგავსად აღნიშნავენ. ერთი (დავითი) გალობს: ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისკენ (ფსალმ. 20:13). მეორე (პავლე) წერს: ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი" (რომ. 11:25-26).
მანამდე იოანემ თქვა, რომ ას ორმოცხდაოთხი ათასი იყო, ვინც ირწმუნა ისრაელიდან - თორმეტი ათასი თითოეული ტომიდან (იხ. გამოცხ. 7:4-8. - რედ.). ნუთუ ახლაც მათზე ლაპარაკობს? მე ასე არ ვფიქრობ! აკი იგი მათ (განსაზღვრული) არტიკლის გარეშე ახსენებს, რადგან არ ამბობს - ის ას ორმოცდაოთხი ათასი, არამედ მხოლოდ - ას ორმოცდაოთხი ათასი. გარდა ამისა, ის ამოწმებს, რომ მათ ქალწულობა დაიცვეს. რადგან ქალწულობას ისრაელში განსაკუთრებულად არ მიესწრაფვოდნენ, ისევე როგორც მოგვიანებით მასზე არც წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები ზრუნავდნენ, ამიტომ მათში, ვის შესახებაც აქ არის საუბარი, უნდა მოვიაზროთ ნარევი, როგორც ისრაელიანთა, ის წარმართთა მხრიდან მოქცეულთაგან, და უფრო მეტი ნაწილი კი - წარმართთა მხრიდან.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ღმრთის მიერ აღბეჭდილნი
კრავში უეჭველად ქრისტეს გულისხმობს, რომელიც დგას არა სხვა მთაზე სიონისა, არამედ ცოცხალი ღმერთის ახალ მთაზე. ას ორმოცდაოთხი ათასი განასახიერებს ან სამოციქულო მოდგმის მრავალნაყოფიერებას, ან ახალი აღთქმის ქალწულებს, როგორც შინაგანად, ისე გარეგანად, რადგან ძველ აღთქმაში ქალწულები ცოტანი იყვნენ... მათი შუბლები საღვთო სინათლით იყო დაბეჭდილი, რის გამოც მკაცრად ჩანდნენ წარსაწყმედად მომზადებული ანგელოზებისათვის.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
უფალმა იესუ ქრისტემ დაიფარა თავისი ეკლესია, რომელიც დაქანცულია დევნის ტვირთით, სათნოებისა და შემწეობის მაგალითით. მართალია, იოანემ გვიჩვენა ურჩხულის ძალით შეცდომილი სხეული, რომელიც თავზე მის ნიშანს ატარებს, მაგრამ ნუ შედრკებით, რომ კრავის სხეული უკან დაიხევს მხეცის მრისხანების წინაშე. ამიტომ აქ ნაჩვენებია მოზეიმე ეკლესიაც, მისთვის ჩვეული ბრწყინვალებითა და რიცხვით.
გაიაზრეთ: მხეცი დგას ქვიშაზე ზღვისა (აპოკ. 13:1), ხოლო კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ასორმოცდაოთხი ათასი. ეს სრული რიცხვი უნდა გვესმოდეს, როგორც უსასრულო რიცხვი, დაფარული საიდუმლო მნიშვნელობით: მრავალი გამოცდილი ქალწული, რომელთაც უყვართ ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით, უფალს ეძღვნებიან იმ სხეულის სიწმიდით, რომელიც შედგება ოთხი თვისებისგან: აკი, სამჯერ სამი არის ცხრა, ოთხჯერ ოთხი არის თექვსმეტი, ცხრაჯერ თექვსმეტი კი ას ორმოცდაოთხს ავსებს, რათა იოანესთან, რომელმაც იხილა ჯერ კიდევ ხორციელი ცხოვრებისას, ზოგიერთი თუ როგორ იდგა სამართლიანად სიონის მთაზე კრავთან ერთად, გარშემორტყმული ასეთი სრულყოფილი კრებულით, ეკლესიის დანარჩენ წევრებზეც არავითარი ეჭვი აღარ დარჩეს. მათი ქონება არის შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. იოანემ გვიჩვენა, რომ ეს არის შუბლზე მხეცის სხეულის ნიშნის (იხ. 13:16. - რედ.) მიბაძვა და ამბობს, რომ ეკლესიის შუბლზე ღმერთისა და ქრისტეს სახელებია აღბეჭდილი.
ღირ. ბედა პატივდებული. გამოცხადების გადმოცემა.
2. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
მართალთა ქება
ის ფაქტი, რომ ხმა ისე გამოდიოდა, თითქოს ქნარზე უკრავდნენ, გალობის საღვთო სიტკბოსა და ჰარმონიულობაზე მიუთითებს. თუკი უამურია ქება ცოდვილის პირით (ზირ. 15:9), საღვთო წერილის თანახმად, რა თმა უნდა, ეს სასიამოვნო და დროულია მართლის პირით.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მრავალი წყლის ზათქი და მექნარეთ ხმა უჩვენებს წმინდანთა გალობის ხმოვანებასა და ბრწყინვაელბას, სიმწყობრეს, მშვენიერებასა და ჰარმონიას, რომლებიც მთელ ზეციურ ეკლესიას აღავსებს (იხ. ებრ. 12:23. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
კრავის დიდება
წმინდანთა ხმა მაღალია, სიყვარულის თაყვანისცემა - დიდებული, რაც, იოანეს თქმით, მას ზეციდან მოესმა, როდესაც ისინი, ვინც ამას გამოსცემდნენ, სიონის მთაზე იდგნენ. სიონის მთაზე საუბრისას იგი სხვას არაფერს გულისხმობს, გარდა ეკლესიისა, რომელიც, უზენაესის ჭვრეტით გამხნევებული, მძიმე დევნის დასაძლევად ზეიმობს თავისი მეუფის ტანჯვას, თანაბრად აქებს და ჰბაძავს მას. ეს ნიშნავს სწორედ კრავის განდიდებას, რომელიც (სიონის მთაზე) დგას. წმინდანები ღვთის მექნარენი არიან, რომლებმაც ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ცოდვებითა და გულისთქმებით, აქებენ მას ფსალმუნებითა და ქნარებით, მაგრამ უფრო მეტად ისინი, ვინც, სახარებისეული სიწმინდის განსაკუთრებული უფლების თანახმად, თავს სწირავენ უფალს აღსავლენ მსხვერპლად, და აღიღებენ რა ჯვარს, მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი (აპოკ. 14:4).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
3. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
სიწმიდის შესაბამისი ცოდნა
გალობდნენ ახალ საგალობელს - ვფიქრობ, რომ ახალი საგალობლის იდუმალი სიტყვების მოსმენა მათ გარდა არავის შეუძლია, ვინც ღირსია, რომ გალობდეს მას, რადგან ყველას ეძლევა ცოდნა თავისი სიწმინდის შესაბამისად. უფალი ამბობს: მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა, ანუ კეთილი ჯილდო (იოანე 14:2). იგი გამოსყიდულებს უწოდებს მათ, ვინც ქრისტეს სისხლით იქნა შეძენილი. ქრისტეს პატიოსანი სისხლი დაიღვარ მთელი კაცობრიობისთვის, მაგრამ - უსარგებლოდ მათთვის, ვინც ნებაყოფლობით უარყო მისგან მოვლენილი ხსნა. უფალი მათვე არცხვენს წინასწარმეტყველის პირით: რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? (ფსალმ. 29:10). მაგრამ მათთვის, ვინც გამოხსნილ და განმართლებულ იქნა, რომელთაგანაც პირმშონი და პირველნაყოფნი არიან ისინი, ვის შესახებაც წიგნი ამ ადგილას საუბრობს, ის უაღრესად სასარგებლოა, ყველაზე მეტად, რაც კი შეიძლება ითქვას.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ახალი საგალობელი
ვფიქრობთ, რომ მათ იმ ოცდაოთხი უხუცესი მღვდლის შემდეგ სხვებთან შედარებით აქვთ უპირატესობა, როგორც ქალწულობის, უბოროტო ენისა და სათნოებათა ნათელ საქმეთა მომპოვებლებს, რის გამოც გახდნენ ღირსნი ახალი საგალობლის გალობისა. ეს საგალობელი უცნობად რჩება ბევრისთვის, როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მომავალ საუკუნეში. რადგან, თუმც ნაწილობრივის გაუქმების შემდეგ, ღვთაებრივი მოციქულის თქმით მოიწევა სრულქმნილება (1 კორინთ. 13:10), წმიდა საღმრთო საიდუმლოთა გამოცხადება აწინდელი ცხოვრების შესაბამისი იქნება: რადგან მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა (იოანე 14:2) და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით (1 კორინთ. 15:41), ისევე როგორც სატანჯველთა შორისაც ბევრია განსხვავება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ეს იყო ძველი საგალობელი: ნეტარია უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში (ესაია 31:9), ახალი კი შემდეგნაირია: გაიხარე, ბერწო, უშობელო (ესაია 54:1); და კვლავ: მივცემ ჩემს სახლში, - ამბობს უფალი, - და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთსს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება (ესაია 56:5).
და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი... და ა. შ. კრავისთვის განსაკუთრებული საგალობლის გალობა - ეს ნიშნავს მასთან ერთად მარადისობაში სიხარულს ხორცის უბიწოებით მართალთა კრებულის წინაშე. ამასთან, ამ საგალობელს სხვა მორწმუნეებიც მოისმენენ, რომ მათ არ შეუძლიათ ამის გალობა, რადგან ისინი იხარებენ თავიანთი სიმაღლით სიყვარულში, თუმცა არ შეუძლიათ მიაღწიონ პირველ ჯილდოს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
4. ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
ქალწულობის მნიშვნელობა
ამაო არ არის ეს შიში და არც ფუჭია ის საფრთხე, რომელიც რჩევას გვაძლევს ხსნის გზაზე და წარგვიძღვება ღვთის მცნებებისა და ცხოვრების წესების დაცვაში, რათა, მივანდობთ რა საკუთარ თავს ქრისტეს, უკუვაგდებთ ვნებებს და მთლიანად მივუძღვნით თავს ღმერთს სხეულითაც და სულითაც, ჩვენს საქმეს აღვასრულებტ, ღირსს დიადი მოწოდებისა, დავითრგნუნავთ თავს მხოლოდ ერთი უფლისთვის და მხოლოდ მას სათნოვეყოფით, ვისგანაც თავიანთი ქალწულობის გამო ჯილდოს ელიან ისინი, უფლის სიტყვის თანახმად: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის (მათე 19:11-12).
უბიწოების იმავე ჯილდოს აღნიშნავს, იმავე ქალწულობას გვიცხადებს ანგელოზის შემდეგი სიტყვები: ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი. უფალი მხოლოდ მამაკაცის სქესს როდი უძღვნის სიწმინდის მადლს: ის გვერდს არ უვლის ქალებს, რადგან ქალი ქმრის ნაწილია, მისგან არის აღებული და შექმნილი.
წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ქალწულთა შესამოსელის შესახებ.
რა გააკეთა უფალმა - ჭეშმარიტებამ და სინათლემ, - როდესაც იგი მოვიდა (ქვეყნად)? მიიღო რა ხორცი, იგი უხრწნელად - ქალწულობით დაიცვა. მსგავსად ამისა, თუ გვსურს, დავემსგავსოთ ღმერთსა და ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ქალწულობა. რადგან ღვთის მსგავსება ხრწნილებისგან თავის შეკავებაშია. და რომ ხორცშესხმული სიტყვა გახდა ეკლესიის პირველი ქალწული, პირველი მწყემსი და პირველი წინასწარმეტყველი, ეს ქრისტეს მიერ შთაგონებულმა იოანემ განმარტა წიგნში გამოცხადება, სადაც ნათქვამია: და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი... ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი.
ამასთან, გაიაზრეთ, რამდენად დიადია ქალწულობის სათნოება ღვთის წინაშე: ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, პირველნაყოფი ღვთისა და კრავისთვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან; და მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი. ამით მას სურს, ნათლად შთაგვაგონოს, რომ ეს რიცხვი, ანუ 144 000, ძველთაგან დადგენილია, როგორც ქალწულთა რაოდენობა, ეს მაშინ, როდესაც წმინდანთა სხვა განუსაზღვრელი რაოდენობა არსებობს. საგულისხმოა, რომ იგი სხვების შესახებ საუბრისას დასძენს: გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისგან, ერისა და ენისგან (აპოკ. 7:9).
ასე რომ, ის არის, როგორც ვთქვი, ურიცხვი რაოდენობა სხვა წმინდანებისა, ხოლო ქალწულთა რიცხვი ძალიან ცოტაა უთვალავ რაოდენობასთან შედარებით.
წმ. მეთოდე პატრელი, ათი ქალწულის ნადიმი.
იოანე ამტკიცებს, რომ ყოველი ტომიდან, დანის გარდა, რომლის ადგილი ლევის ტომმა ჩაანაცვლა, რწმენისთვის დაბეჭდილ იქნა თორმეტი ათასი ქალწული, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან. და ჩვენ რომ არ გვეფიქრა, თითქოსდა აქ უბრალოდ იმაზეა იყოს ლაპარაკი, რომ მათ არ იცოდნენ გარყვნილება, იქვე დაამატა: რადგანაც არიან ქალწულნი. აქედან გამოდის, რომ ვინც არ დაიცვა ქალწულება, თვით ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ანგელოზური უბიწოებასთან შედარებით, სიბინძურით არის შესვრიმული.
ისინი გალობენ ახალ საგალობელს, რომლის გალობაც არავის შეუძლია, მხოლოდ ქალწულებს. ისინი, უბიწონი, პირველნაყოფნი არიან ღვთისა და კრავისთვის. თუ ქალწულები პირველნაყოფნი არიან ღვთისათვის, მაშინ ქვრივები და დაქორწინებული პირები მათ მიჰყვებიან, ანუ მეორე და მესამე ადგილზე არიან: დაღუპული ხალხი უფრო ადრე ვერ გამოიხსნება, ვიდრე ღმერთს არ მიუტანენ ასეთ წმინდა მსხვერპლს და შეურიგდებიან უწმინდეს კრავს.
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, იობინიანეს წინააღმდეგ.
ძე თანასწორია მამისა
ამრიგად, კაც იესუ ქრისტეს, რომელმაც სძლია ეშმაკს თავისი ტანჯვით, განძარცვა ჯოჯოხეთი თავისი აღდგომით და შემდეგ ავიდა ზეცად, ესმის მამა ღმერთისგან: იჯექი ჩემს მარჯვნივ (ფსალმ. 109:1). და გასაკვირი არ არის, როდესაც მამა მხოლოდ ერთ ადგილას სთავაზობს ძეს დაჯდომას, რომელიც ბუნებით მამის თანასწორია.
ხოლო როდესაც ამბობენ, რომ ძე მამის მარჯვნივ არის - ეს, ალბათ, რომელიმე ადამიანში სულიერ შეცბონებას იწვევს... ძე ზის მარჯვნივ არა იმის გამო, რომ ის მამას სჯობს, არამედ რომ არ ეფიქრათ, რომ ის მამას ექვემდებარება. ამრიგად, ძე მარჯვნივ არის, რადგან, სახარების თანახმად, ცხვრები მარჯვნივ, ხოლო თხები მარცხნივ დადგებიან (1). ამიტომ აუცილებელია, რომ პირველი კრავი განაგებდეს ცხვრების ნაწილს და უბიწო წინამძღოლი უბიწო ფარას, ვინც მზადაა, გაჰყვეს მას, გაითვალისწინოს ის ადგილი, როგორც იოანე ამბობს აპოკალიფსისში: ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი. შესაბამისად, წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: იჯექი ჩემს მარჯვნივ (ფსალმ. 109:1). ეს უ ფალი მამა უფალ ძე ღმერთ ქრისტეს სთავაზობს, ზევით დაჯდეს მის გვერდით და დიდების გულისთვის სვამს მას თავის მარჯვნივ მარადიულ ადგილზე.
______________________
1. ბიბლიაში თხა არის უსამართლო და უკეთურ ადამიანთა სიმბოლო. ჩადენილი ცოდვისთვის სწორედ თხა შეიწირებოდა. - რედ.
______________________
წმინდა მაქსიმე ტურინელი, ქადაგებები.
ბაღი უფლისა
ამიტომ, ჩვენც, ძმებო, თუ ჭეშმარიტად გვიყვარს, მოდით, მივემსგავსოთ მას (უფალს). რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, სიყვარულის უკეთესი ნაყოფი მივიტანოთ, ვიდრე მიმსგავსების მაგალითია. ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს (1 პეტრე. 2:21). როგორც ჩანს, ამ წინადადებაში მოციქულმა პეტრემ გვიჩვენა, რომ ქირსტე ევნო მხოლოდ მათთვის, ვინც მის კვალს მიჰყვება, ხოლო ქრსიტეს ვნებას სარგებელი მხოლოდ მისთვის მოაქვს, ვინც მის კვალს მისდევს. ამ კვალს მიჰყვებოდნენ წმინდა მოწამენი, ვიდრე სისხლი არ დასთხიეს, ვიდრე ვნებით არ მიემსგავსნენ (2). მიჰყვებოდნენ მოწამენი, მაგრამ არა მხოლოდ ისინი. რადგან მათი გავლის შემდეგ ხიდი არ ჩანგრეულა; ანუ მათმიერი შესმის შემდეგ თავად წყარო არ გამშრალა.
______________________
2. წმ. ლეონ მოწამის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ვეტიუს ეპაგათოსი იყო და დარჩა ქრისტეს ნამდვილ მოწამედ, რომელიც მისდევს კრავს, საითკენაც გინდ მიდიოდეს იგი (ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია. 5.1.10). - რედ.).
______________________
რაში მდგომარეობს სასოება კეთილი მორწმუნეებისა, რომლებიც საქორწინო კავშირში უბიწოდ და თანხმობით ატარებენ ქორწინების უღელს, ან ქვრივობის თავშეკავებით იურვებენ ხორციელ ცდუნებებს, ან თუნდაც სიწმინდის მწვერვალს აღწევენ და, ახალი ქალწულებით შემკულნი, მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი? რა არის მათთვის, - ვამბობ, - და ყოველი ჩვენგანისთვის სასოება, თუ მხოლოდ ისინი მიჰყვებიან ქრისტეს, ვინც მისთვის სისხლს ღვრის? შესაბამისად, აპირებს თუ არა დედა-ეკლესია მოაკვდინოს თავის შვილები, რომლებიც მან ასე მრავლად შვა? და რომ არ მოაკვდინოს ისინი, საჭიროა თუ არა ილოცოს დევნისთვის, ილოცოს გამოცდისთვის? სულაც არა, ძმებო! როგორ შეიძლება დევნისთვის ლოცულობდეს ის, ვინც ყოველდღე შესთხოვს, რომ განსაცდელში არ შეგვიყვანოს? არის, ძმებო, არის ბაღი ამ ბატონისთვის და არა მხოლოდ მოწამეთა ვარდებიდან, არამედ ქალწულთა შროშანებიდან, ქორწინების კავშირით შეკრულთა სუროდან და ქვრივთა იებიდან. ერთი სიტყვით, საყვარელნო, არავის კაცთა მოდგმიდან არ გაუცრუვდება იმედი თავის მოწოდებაში: ყველასთვის ევნო ქრისტე. ჭეშმარიტად მასზეა დაწერილი: რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიარეოს ჭეშმარიტების შემეცნებას (1 ტიმ. 2:4).
ნეტ. ავგუსტინე იპონიელი, ქადაგებები.
ღვაწლი მართალთათვის
ეჭვგარეშეა, რომ რჩეულნი, მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდებიან დამსახურების ხარისხით, მაგრამ განმსჭვალულნი არიან ერთი სარწმუნოების ჭეშმარიტებით, მიისწრაფიან ზეციური ჭეშმარიტების ერთი სინათლისკენ; და რამდენადაც უფრო მაღალია ამ ცხოვრებაში ის, ვინც ცდილობს ქრსიტეს მიეჯაჭვოს, იმდენად უფრო შეძლებს იგი იმ ცხოვრებაში დატკბეს მისი ხილვით. ასე რომ, ზოგიერთის სათნოების დიადი დამსახურების შესახებ ნათქვამია: ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც გინდ მიდიოდეს იგი; ცოტა ადრე ამბობს ზოგიერთზე, თითქოს ლამპართანს ახლოს მყოფ ტოტებზე: და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ უგალობს ყველა წმინდანი ახალ მხიარულ საგალობელს ღმერთს ამ მთიანი ქალაქის ქუჩებში. ამასთან, მათ შორის ისინი გამოირჩევიან საგალობლის განსაკუთრებული სიხარულით, ვინც აქ წმინდა უბიწოების განსაკუთრებული პრივილეგიით აღემატებოდნენ ნმორწმუნეთა ჩვეულ ცხოვრებას (3).
______________________
3. ჰომილიებში სახარებებზე 1.13 ღირ. ბედა ბენედიქტრე ნურსიელს, მონტე-კასინოსა და იაროუში მონასტრების დამფუძნებელსა და თვით ბედას მასწავლებელს აჩვენებს გამოცხ. 14:4-ის ვრცელ გამოყენებას - რედ.)
______________________
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
5. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.
ქალწულობის მორჩილება და სიწმიდე
მართლაც, საყვარელო ძმებო, რა სარგებლობა აქვს ქალწულს ან ქალს, სასულიერო პირს, ბერს ან წმინდანს, თუ ხორცით ქალწულებას იმარხავს, ხოლო გუილს უ ბიწოება ბოროტი გულისთქმებით აქვს წაბილწული? რა აზრი აქვს ერთი ასოს სისუფთავის დაცვას, ხოლო დანარჩენში ზადის ქონას? აკი ის ქალწულებიც, რომლებიც კრავს მისდევენ, თუ კარგად დავაკვირდებით, კრავს იმიტომ როდი მისდევენ, რომ მათ მხოლოდ სხეულის ქალწულება დაიმარხეს.
დაბოლოს, როდესაც მან თქვა - ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან - შემდეგ მან დაამატა: მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, ვინც თავს იწონებს მხოლოდ სხეულებრივი ქალწულობით, რადგან, თუ მას სიცრუე უყვარს, მაშინ მას არ შეეძლება ქრისტეს გაჰყვეს იმ წმინდა ქალწულებთან ერთად.
ამრიგად, არც ერთი ქალწული არ ამაყობს თავისი სხეულის მხოლოდ ქალწულობით, რადგან, თუ იგი ურჩი ან ყბედია, იცის, რომ იგი გაძევებულ იქნება ზეციური სიძის საქორწინო პალატიდან. ამიტომ, მართალია, ქალწული (სიწმინდის) მეასედ ხარისხს აღწევს, ხოლო დაქორწინებული ქალი - ოცდამეათეს, მაგრამ წმინდა და თავმდაბალი ცოდლი ამპარტავან ქალწულს ჯობს.
მას არ უთქვამს - არ იყო, არამედ - არა ჰპოვეს (4). როგორსაც უფალი ნახავს (მას, ვისაც) მოუწოდებს, ისეთს განსჯის. აკი ნათლობის ან დასჯის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შინაგან ადამიანში გავხდეთ ქალწულნი და მოკლებულნი სიცრუეს.
______________________
4. ამ მუხლის ლათინურ თარგმანში სიტყვასიტყვით ნათქვამია: არა ჰპოვეს (non inventum) მზაკვარება მათ ბაგეებში - რედ.
______________________
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ქალწულები ღმერთს მისდევენ არა მხოლოდ უბიწოების წყალობით, არამედ იმიტომაც, რომ განვლეს ცხოვრება ყოველგვარ ცოდვასთან შეხებისგან წაუბილწველად. ტიკონიუსს მიაჩნია, რომ ეს ხილვა ეხება არა მხოლოდ ქალწულებს, არამედ მთელ ეკლესიას, რომელზეც მოციქული ამბობს: დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათ უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე (2 კორინთ. 11:2) და დაასკვნის: მას არ უთქვამს მათ ბაგეებში არ არის სიცრუე, არამედ - ვერ ჰპოვებენ. როგორც მოციქული ამბობს: ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ (1 კორინთ. 6:11) და ბოროტეული არ წაიფორხილებს თვისი ბოროტების გამო თავისი მოქცევის დღეს ბოროტებისგან (ეზეკ. 33:12) და შეიძლება გახდეს ქალწული და მისი ბაგე არ იცნობდეს სიცრუეს. აკი იოანე ქალწულებს უბიწო და წმინდა ადამიანებს უწოდებს.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
მარადიული სახარება
14:6-7
ახ. ქართ.:
6. და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
7. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
ძვ. ქართ.:
6. და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა, და ენათა და წარმართთა.
7. იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი.
***
მიმოხილვა: მოსე - მაცხოვრის წინასახეა, რომელსაც ყოველივე სრულყოფილებამდე მიჰყავს. მეორედ მოსვლისას განხორციელდება ის, რაც წინასწარ იყო ნაუწყები მეორე სჯულთა წიგნში (ორიგენე). ცაში მფრინავი ანგელოზი, - ილია წინასწარმეტყველია, რომელიც იუწყება ანტიქრისტეს სამეფოს დადგომას (ვიქტორინე პეტავიელი). სხვა ანგელოზი გამოგზავნილია, რათა ადამიანები აიყვანოს ცაში (ანდრია კესარიელი). ის ქადაგებს მარადიულ სახარებას, და ადამიანთა მარადიულ ცხონებაზე ზრუნავს (პრიმაზიუსი). ანტიქრისტეს დროებითი ძალაუფლება უმნიშვნელოა (პრიმაზიუსი).
***
6. და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
მეორე სჯულთა წიგნი და უფლის მოსვლა
როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ მოსე (თავად) ღვთისგან ისმენს იმას, რაც ლევიანთა რჯულშია დაწერილი, არ არის მოკლებული იდუმალ მნიშვნელობას: ხალხი მოსეს მსმენელი ხდება მეორე რჯულში და მისგან სწავლობს იმას, რისი მოსმენაც არ შეუძლია (თავად) ღმერთისგან. ამ მიზეზით იწოდება ეს წიგნი მეორე სჯულად: ზოგიერთის აზრით, მეორე რჯული - ეს ნიშნავს, რომ პირველი წარმავალი რჯულით, რომელიც მოსეს მიეცა, როგორც ჩანს, წინასწარ აღინიშნება მეორე რჯულმდებლობა, რომელსაც მოსე შეგნებულად აძლევს იესუს, თავის მემკვიდრეს.
მაგრამ მოსე, ჩვენი რწმენით, წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის ხატებას, რომელსაც თავისი მეორე რჯულით, ანუ სახარებისეული მცნებებით, ყველაფერი სრულყოფილებამდე აჰყავს. მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რჯული უკეთესია განმარტებულ იქნას შემდეგნაირად: რადგან მეორე რჯულში რჯულმდებლობა უფრო ნათლად და ცხადად არის მოცემული, ვიდრე ადრე დაწერილ წიგნებში, ასევე მაცხოვრის მოსვლით, რომელიც მან აღასრულა დამცირებით, როდესაც მონის სახე მიიღო (იხ. ფლპ. 2:7. - რედ.), მინიშნებულია უფრო დიდებული მისი მეორედ მოსვლა მამის დიდებით (იხ. მათე 16:27. - რედ.). ამ (მეორედ) მოსვლისას განხორციელდება მეორე რჯულის ხატი, ვინაიდან ცათა სასუფეველში ყველა წმინდანი იცხოვრებს მარადიული სახარების კანონების შესაბამისად. და როგორც მისი პირველი მოსვლით აღასრულა ის რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილი იყო (ებრ. 10:1), ასევე ამ ბრწყინვალე მოსვლით აღსრულდება და სრულყოფილებას მიაღწევს ამ (პირველი) მოსვლის ჩრდილი. წინასწარმეტყველი ამის შესახებ ასე ამბობს: სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის (გოდ. 4:20). ანუ, ჩვენ ვიცოცხლებთ, როდესაც ქრისტე ყველ წმინდანს დროებითი სახარებიდან მარადიულ სახარებაში გადაიყვანს (იხ. ასევე "დასაბამთა შესახებ". 3.6.8, იოანეს სახარების განმარტება. 1.40. - რედ.). ეს მარადიული სახარება აღნიშნა იოანემ აპოკალიფსისში.
ორიგენე, დასაბამთა შესახებ.
ანგელოზი - ეს ელიაა
ზემოთ ჩვენ უკვე განვმარტეთ (იხ. გამოცხ. 12:7-ის განმარტება - რედ.), რომ შუა ცაში მფრინავი აგნელოზი, რომლის შესახებაც იოანე ამბობს, რომ იხილა, არის სწორედ ის ელია, რომელმაც ანტიქრისტეს სამეფოს შესახებ იწინასწარმეტყველა. მეორე ანგელოზი კი, რომელიც მას მოჰყვება, აღნიშნავს სხვა წინასწარმეტყველს, რომელიც ქადაგებისას მისი თანამოღვაწეა. როგორც უკვე ვთქვით, ამ ქალაქის წინამძღოლები შეითქმებიან და გაანადგურებენ ამ დიდ ბაბილონს. ამიტომ ანგელოზი ადასტურებს მის დაცემას.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
სიბრძნის დასაბამი
სიტყვები შუა ცაში მიანიშნებს იმაზე, რომ ღვთის ანგელოზი ბუნებით უზენაესი და ციური არსებაა. ჰქონდა მარადიული სახარება - დასაბამიდან არსებობს მხსნელი სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს, რადგან უფლის შიში ცოდნის სათავეა (იგავ. 1:7), აღსრულება კი - სიყვარული (შეად. რომ. 13:10. - რედ.). ამის მიუხედავად, არ უნდა გვეშინოდეს სასტიკი მხეცისა, რომელსაც სიკვდილი მოაქვს, ანტიქრისტესი, თუმცა ის იმუქრება და უმძიმეს საქმეებს სჩადის. რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი (აპოკ. 14:7) და ის, ვისიც დედამიწის მკვიდრთ ეშინიათ, მოიტანს სასჯელს, როგორიც არ ყოფილა. და თაყვანს სცემენ მას, ვინც შექმნა ყოველი და არა ცოდვილ და ღვთისთვის საძულველ ეშმაკს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მარადიული სახარება
შუა ცაში მიუთითებს ანგელოზის სიმაღლეზე და იმაზეც, რომ იგი იყო ზეციური წარმოგზავნილი, რათა ეხარებინა ადამიანებისთვის ზეცაში და შეეერთებინა ეკლესიის სხეული ქრისტესთან - მისივე თავთან. სახარება იწოდება მარადიულად, როგორც დასაბამიდან ღვთის მიერ ნინასწარგანზრახული. "გეშინოდეთ, - ამბობს ის, - მხოლოდ ღვთისა და ნუ შეგეშინდებათ ანტიქრისტესი, რომელსაც არ შეუძლია თქვენს სხეულთან ერთად თქვენი სულის დაღუპვა; წინ აღუდექით მის თავხედობას, რადგანაც ახლოს არის სამსჯავრო და მისაგებელი, ხოლო მისი ძალაუფლება ხანმოკლეა".
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
იოანე ახსენებს მაცნეს, რომელიც ეკლესიის ძალით ავრცელებს მოწოდებას, რომელიც ფართო მასშტაბით განივრცობა და კვიდევ უფრო მეტად უნდა გავრცელდეს. იგი მრავლობითის ნაცვლად მხოლობით რიცხვს იყენებს, ან, ერთის ხსენებით, მიანიშნებს უმაღლესი ეკლესიის ერთიანობაზე, თითქოს საუკუნო სიცოცხლის მქადაგებლებზე მიანიშნებდეს. რადგან მართებულად არის ნათქვამი, რომ ის ქადაგებს მარადიულ სახარებას, რომლითაც მქადაგებელი სწავლობს მარადიულ ხსნაზე ზრუნვას. იმით, რაც იქადაგება, დახასიათებულია ის, ვინც ქადაგებს. ამიტომ ფსალმუნში ნათქვამია: რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა (ფსალმ. 103:4).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
რადგან იოანემ უკვე აღწერა ურჩხულთან სხვადასხვა საშიში ბრძოლა, რომელსაც მწირობაში მყოფი ეკლესია ეწევა ამსოფლად, მას იმის თქმაღა დარჩენია, თუ რას დაიმსახურებს თითოეული მებრძოლი მხარე: ბოროტეულნი - სასჯელს, კეთილი ადამიანები - ჯილდოს. კარგია მათთვის, ვინც ცად ამაღლდა, რომ მიწიერი გონებაც ქადაგებით აამაღლოს. ნათქვამია: და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული (მათე 24:14).
7. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რწმენის დასაბამიდანვე, როგორც ვიცით, საუბარია, რომ ღვთის სასუფეველი ახლოს არის, აქ ის აცხადებს, რომ მისი სამსჯავროს ჟამი ძალიან ახლოსაა და უკვე მოვიდა, რადგან მან უწინ დაუშვა ასეთი ქადაგება, რომელიც ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს, რის გამოც უფალი ამბობს: და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული (მათე 24:14). იმის საჩვენებლად, რომ მოაქვს დროის ის მონაკვეთი, როდესც უკანასკნელი დევნის უბედურება მოახლოვდება, იგი დასძენს და, თითქოს ამბობს, რომ მხეცის დროებითი ძალაუფლება უმნიშვნელოა და უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს უფლის, ვისაც ყოველი მისი ქმნილება, რომელსაც იოანე ახსენებს, მარადიულად აღიარებს.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ბაბილონის დაცემა
14:8
ახ. ქართ.:
8. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.
ძვ. ქართ.:
8. და სხუაჲ, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა, დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.
***
მიმოხილვა: ბაბილონი - ეს არის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს ცოდვებით დამთვრალი ეშმაკის ხალხი, და რომელიც განადგურდება (ტიკონიუსი). ბაბილონი - ეს არის უგუნურ კერპთაყვანისმცემელთა ეშმაკეული შეპყრობილობა. ეს არის ღმრთისგან განდგომა - სიძვის მძვინვარე და გონების დამაბნელებელი სასმელი (ეკუმენიოსი). როდესაც გამოჩნდება ზეციური იერუსალიმი, კერპთაყვანისმცემლები მიეცემიან მარადიულ ცეცხლს (ანდრია კესარიელი).
***
8. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.
მომაკვდინებელი ღვინო
როგორც ამბობენ, ბაბილონი ითარგმნება, როგორც აღრევა (იხ. დაბ. 11:9; იხ. ასევე მეთოდე პატრელი. ათი ქალწულის ნადიმი. - რედ.). მისი მეშვეობით აღნიშნულია ქალაქი, ეშმაკის ხალხი და ცოდვებით საყოველთაო ცდუნება, რომელსაც იგი ყოველთვის აკეთებს საკუთარი თავისა და კაცთა მოდგმის დასაღუპავად. სწორედ მის შესახებ, რაც განადგურებას ექვემდებარება, იოან საუბრობს, როგორც უკვე დაცემულზე, ან, სღვთო წერილში მიღბული მეტყველობის ფორმის თანახმად, რომელიც ხშირად წარსულ დროს იყენებს მომავლის ნაცვლად, როდესაც იცის, რომ წინასწარ ნაუწყები ნამდვილად აღსრულდება, მაგალითად: ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე (ფსალმ. 21:19) (შეად. მათე 27:35. - რედ.) და სხვა; ან იმიტომ, რომ იმ დროს ცნობილი იყო, რომ გაამპარტავნებულნი დაემხობიან, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი თავხედურად ამაღლდებიან. როგორც ფსალმუნი ამბობს: ამოვწყვეტ მათ, როდესაც ისინი მზვაობრობენ (შეად.: ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა (ფსალმ. 72:18)) რაც ნამდვილად ნიშნავს - მაშინ დაემხო, როდესაც აღიმართა. და წმინდა წერილი თავისებურად ამბობს: ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა, რადგან ეს ქალაქი, მთვრალი და ყველა ერის აღრევის შედეგად შექმნილი, თვითონ წრუპავს სიძვის ღვინოს. რადგან ეს ქალაქი არის ყველა ერი, თავისი ცოდვებით მთვრალი (წმ. კესარიოს არლელი აშკარად უპირისპირებს ამ ქალაქს ღმრთის ქალაქს, რომელიც არის ეკლესია და ზეცის შესაფერისი ცხოვრების წესი (PL 35:2437). - რედ.), მაგრამ, ჩვეულებისამებრ (წმიდა წერილში), ნათქვამია, რომ მხოლოდ მისი აღსასრულის დრო დადგა".
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
მე ვფიქრობ, რომ იგი ბაბილონს უწოდებს აღრევას, ამჟამინდელი ცხოვრების ამაო ცდუნებას (რადგან ბაბილონი ითარგმნება, როგორც აღრევა) და შეშლილ კერპთაყვანისმცემელთა სიცოფეს. ის მზვაობრობს სახელებით, მათ გამო მას შმაგი ეწოდება. თუ განიხილავთ ამ ხორციელ ბაბილონს, მაშინ, ალბათ, არ გადაუხვევთ დასახულ მიზანს.
იოანე ამბობს, რომ ღვთისგან განდგომა არის ცოდვის შხამიანი ღვინო, საღვთო წერილის თანახმად: შენ მოსპობ ყველას, ვინც განზა განდიდგება (ფსალმ. 72:27). ეს სიძვა გონებაში დადგენილი წარმოდგენის დაბნელებას იწვევს. რადგან, რომელი ჯანსაღი გონის ადამიანი დაიწყებს ხეებისა და ქვების თაყვანისცემას და ღვთის რისხვას დაიტეხს თავს? ამიტომ ამ ღვინის შესახებ ნათქვამია: გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი (რჯლ. 32:33).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ბაბილონის დაცემა
ბაბილონად იწოდება ამქვეყნიური მშფოთვარება და მძვინვარება. მის შესახებ ნათქვამია, რომ მალე დაეცემა და შეწყვეტს არსებობას. სიძვის რისხვის ღვინო - ეს არის გონების დაბრმავება კერპთაყვანისმცემლობით, დათრობა ცოდვით, რის გამოც ღმერთი, მეფსალმიუნის თანახმად (დასჯის მათ): შენგან განშორებულნი იღუპებიან (იხ. ფსალმ. 72:27 - რედ.). როდესაც ზეციური იერუსალიმი გამოჩნდება და უსჯულონი მარადიულ ცეცხლს მიეცემიან, მაშინ ეს ბაბილონიც დაეცემა და განადგურდება.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მხეცის თაყვანისცემას მოსდევს ტანჯვა
14:9-13
ახ. ქართ.:
9. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,
10. ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
12. აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13. და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.
ძვ. ქართ.:
9. და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა მისსა,
10. მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა.
11. და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ.
12. აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი.
13. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა.
***
მიმოხილვა: ღვინო - ღმრთის მრისხანებაა, რომელმაც დააბნელა ცოდვილთა გონება (ეკუმენიოსი). ვინც ანტიქრისტეს დაემორჩილება სატანჯველთა თასს შესვამს, რომელშიც გამლღვარია სასჯელები (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). სატანჯველები მარადიული იქნება, მათი აზრი - საღმრთო სიკეთეთა წართმევაა (ეკუმენიოსი). ცოდვილთა ტანჯვა და მართალთა ნეტარება უსასრულო იქნება (ანდრია კესარიელი). წმინდანთა მოთმინება ანტიქრისტეს დროს გამოიცდება (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მათ მიიღეს იგივე არჩევანი, რაც მოწამეებმა (ეკუმენიოსი).
***
9-10. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
ღვთის რისხვა
მესამე ანგელოზი უკრძალავს ხალხს მხეცის თაყვანისცემას და მისი ბეჭდის მიღებას. რადგან უმაღლესი ხარისხის ბოროტებაა თაყვანი სცე სხვა ვინმეს, როგორც ნამდვილ და ჭეშმარიტ ღმერთს. ის შესვამს ღვთის რისხვი სღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში. ამ სასმისს და ამ ღვინოს იხსენებს წმინდა დავითი და ამბობს: რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა (ფსალმ. 74:9).
იგი ღვთის რისხვას ღვინოს უწოდბს, ამ მეტაფორას იყენებს არა სიხარულის, არამედ სიბნელისა და სიშლეგის გამო, რომლითაც ეწამებიან ისინი, ვინც ღვთის რისხვას საკუთარ თავზე განიცდიან. შეუზავებლად ჩასხმულს - ანუ მთლიანად ჩასხმულს. რადგან, როდესაც ღვთის რისხვა შეერევა კაცობრიობის სიყვარულსა და სიკეთეს, ის საბოლოოდ ჩასხმულია. რადგან მრისხანებისა და სიკეთის საზომი არ არის ერთნაირი, არამედ კაცთმოყვარეობა ბევრად აღემატება. რადგან, თუ სამართლიანი რისხვა და სიკეთე თანაბარი იქნებოდა, მაშინ მას ვერაფერი ცოცხალი დაუდგებოდა. წინასწარმეტყველმა ეს გააცნობიერა და თქვა: თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? (ფსალმ. 129:3).
ის, რომ ღვთის სასმისში სიკეთე ბევრად აღემატება მართალ რისხვას, იგივე წინასწარმეტყველმა მიანიშნა სიტყვებში: მოწყალეაუფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი (ფსალმ. 114:5). იგი უფლის სიმართლეს შუაში აყენებს, რათა შეზღუდოს მეზობელმა გულმოწყალებამ და ვერ შეძლოს ისე მოიქცეს, როგორც მას სჩვევია. სიმართლეს კი სჩვევია ის, რომ ყველას მიუზღოს დამსახურებისამებრ, იოანემ ერთხელ მოიხსენია რა ღვინო და, ამგვარად, რისხვაზე ისაუბრა, იოანე შეჩერდა ამ სახეზე და სასმისი უწოდა მას, რაც ცოდვილებს მიეცათ ღვთის ხელიდან.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ზოგი ერეტიკოსი დაგვშორდა ბოროტი რწმენის გამო, განიცდიდნენ რა ამავე დროს ზნეობის დაქვეითებას, ზოგმაც გადაუხვია ჩვენს ტრადიციებს; მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც განსაზღვრული იყო, დაღუპულიყვნენ როგორც რწმენის, ასევე ზნეობის გამო. აქ მოცემულია ყველა ცოცხალი ადამიანი, რომლებიც შუბლსა და ხელზე მხეცის ნიშანს ატარებენ. მრისხანების სასმისში უნდა დავინახოთ არა მხოლოდ ის მრისხანების სასმისი, რაზეც უფალი ლაპარაკობს: და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას (იოანე 3:36), როდესაც მიუთითებს განსაკუთრებულ ცოდვაზე, არამედ ასევე როგორც მინიშნება იმ სასმისზე, რომლის თაობაზეც იგი ეუბნება ურჩ იუდეველებს: და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით (იოანე 8:21); ეს კი მიუთითებს სასჯელის ღირსი საქმეების მზარდ საზომზე; ის ამბობს: ისინი ეწამებიან კრავის წინაშე, რომლის დასჯის გამოც იტანჯებიან ისინი, ვინც მათ ქედმაღლურად სძულდათ და რომლის წევრებზეც უკანონოდ ისურვებდნენ ბატონობას. და აგრეთვე მისი ანგელოზების წინაშე, რომლებმაც ღვთის გამოცხადებით იციან, რომ ეს ხალხი სამართლიანად ისჯება.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ვინც თაყვანს სცემს მხეცის მსგავს ანტიქრისტეს, მიჰბაძავს მის უწმინდურ ცხოვრებას და მას, სიტყვისა თუ საქმის მეშვეობით, ღმერთად აღიარებს, რასაც დაამოწმებს ბეჭედი ხელსა და შუბლზე, იგი შესვამს მასთან ერთად ტანჯვის სასმისს, რომელშიც ერტმანეთს არ იქნება შეზავებული სამსჯავროს სამართლიანობა და მოწყალება, არამედ - სხვადასხვაგვარი სასჯელი. ღვთის რისხვის ღვინო - ეს არის სასჯელი, როგორც შედეგი უწმინდურებისა, დამათრობელი იმისა, ვინც მას სვამს, ვინაიდან, ვინც რაშიც სცოდავს, მასშივე იღებს სასჯელს (შეად. სიბრძნე 11:17. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
წმინდანები, რომლებიც უფალთან ერთად მეფოებენ, ყოველთვის ხედავენ ბოროტეულთა დასჯას და, კიდევ უფრო გულმოდგინედ, თავიანთი გამომსყიდველის წყალობით, მარადიულად უგალობენ უფლის წყალობას. აკი ბოროტეულთა სატანჯველის ჭვრეტა არ აბრაზებს მათ, ვინც თანხმობაშია მართალ მსაჯულთან, ისევე როგორც ლაზარეს განსვენების ჭვრეტამ ვერ შეამსუბუქა ცეცხლის მიერ შეჭმული მდიდარი კაცის ტანჯვა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
ღმრთის წყალობა და ცოდვილთა ტანჯვა
მაგრამ ვინმემ, შეიძლება, თქვას: რატომ ამბობთ, რომ ღვთის გულმოწყალება სამსჯავროზე მრავალჯერ მეტია, ეს მაშინ, როდესაც ხილვამ გადმოგვცა, რომ დასჯილთადმი შურისგება თითქმის მარადიულია? მაშინ რატომღა ამბობს: კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება? ასეთ ადამიანს შემდეგი პასუხი უნდა გავცეთ: შეიძლება ადამიანი მარადიულად იტანჯოს, მაგრამ ცოდვის ზომას არ შეესაბამებოდეს. როგორ? თუ ვინმე იმსახურებს ცეცხლსა და უკუნს, მაგრამ მიესჯება უკუნი, იგი ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ მას არა აქვს წილი ღვთის სიკეთეში და მხოლოდ ამის გამო იტანჯება, მაგრამ იგი ასევე ხორციელად არ ისჯება. წამების ამავალ კვამლს იოანე ქვემოდან ცოდვილთა მძიმე ხვნეშას უწოდებს, რომლებიც იურვიან იმის გამო, თუ რის მიღმა დარჩნენ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
წამების კვამლში - იგულისხმება ან ცეცხლიდან ავარდნილი კვამლი, რომლითაც უკეთურნი ისჯებიან, ან კიდევ დაბლიდან ამომავალ ტანჯულთა ცრემლიან სულთქმას. ხოლო ავა უკუნითი უკუნისამდე - ეს ნიშნავს, რომ ცოდვილთა ტანჯვას არა აქვს დასასრული, ისევე როგორც არც მართალთა მარადიულ ნეტარებას. ბიწიერები ვერასოდეს ჰპოვებენ შვებასა და მოსვენებას, არც დღისით და არც ღამით.
დღესა და ღამეს იოანე ახსენებს არა იმიტომ, რომ მზით იქნება განსაზღვრული მომავალი საუკუნის მიმდევრობა, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილებს არასოდეს ექნებათ მოსვენება. ის ამას აკეთებს ან დროის დღე-ღამისეული გაზომვის არსებული ჩვეულების მიხედვით, ან კიდევ იმიტომ, რომ დღეში იგულისხმება წმინდანთა მარადიული ნეტარება, ხოლო ღამეში - ცოდვილთა ტანჯვა, რომლებსაც დაიმსახურებენ ისინი, ვინც ეშმაკური საქმეებით და ქრისტეს გმობით საკუთარ თავში გამოსახეს მხეცი და თავიანთი გულებში აღიბეჭდეს მისი ბილწი სახელი, როგორც საპატივცემო.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მხეცის სისასტიკე
ამბობენ, ლომი არ ესხმის თავს მიწაზე გართხულს კაცსო. ეს მხეცი კი ლომზე უფრო სასტიკია, რადგან, რაც უფრო მეტად სცემენ მას თაყვანს, მით მეტ ტანჯვას აყენებს მათ.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
12. აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
ღმრთის ერთგულნი
აქ არის წმიდათა მოთმინება. - ეს ანტიქრისტეს დროს და ამ განსაცდელების ჟამს გამოვლინდება. რადგან რამდენადაც დიდია საშიშროება და მწუხარება, იმდენად დიდი მოთმინებაა საჭირო. შემდეგ წიგნი თითქოს უპასუხებს კითხვას: ვინ არიან ისინი, ვისაც წმინდანებსა და მომთმენებს უწოდებ? ესენი არიან, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესუს რწმენას. რადგან სწორედ ასეთი ადამიანები, როდესაც დადგება განსაცდელისა და სიკვდილის ჟამი, ყველაფერს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნად, ღვთის რწმენასა და სიყვარულთან შედარებით.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
უფალი ამბობს: ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება (მათე 10:22). მოციქულიც ამბობს: მოთმინება გმართებთ (ებრ. 10:36). ასევე ამ ადგილას იოანე ამბობს, რომ წმინდანთა მოთმინება იმაში მდგომარეობს, რომ ბოლომდე დაითმინონ, განერიდონ მხეცის საზოგადოებას და არ აღიბეჭდონ მისი ნიშნით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
უკეთურები, ამბობს იოანე, მომავალ საუკუნეში დაექვემდებარებიან მარადიულ ტანჯვას, ხოლო წმინდანები - რომლებმაც აქ, წუთისოფელში დაითმინეს ტანჯვანი, აღასრულეს ღმრთის მცნებები და შეურყევლად დაიცვეს ქრისტესადმი რწმენა - გაიხარებენ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მიუხედავად იმისა, რომ მხეცი გამძვინვარდება, წმინდანები არ იდარდებენ დროებითი ტანჯვის გამო, რაც საუკუნო ნეტარებით დაგვირგვინდება, ხოლო მათი მდევნელები, პირიქით, დატკბებიან რა დროებითი ზეიმით, ამის შემდეგ მხეცთან ერთად საუკუნო ტანჯვას მიეცემიან.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
13. და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.
მოწამეთა ხვედრი
ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც არჩია, თაყვანი არ ეცათ მხეცის ხატებისთვის და არ მიეღოთ მისი ნიშანი შუბლსა და ხელზე და ამის გამო ისინი მოკლეს. რადგან მათ მოწამეობრივი გვირგვინი მოიხვეჭეს, იგივე ხვედრი გაიზიარეს, რაც მოწამეებმა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მათ შესახებ ნათქვამია, უფალში რომ აღესრულებიან, ვინც რწმენითა და ცხოვრებით ამის ღირსნი გახდნენ. ამიტომ ისინი იმსახურებენ ხმობილნი იყვნენ. შემდეგ მოსდევს: დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. რადგან მან თქვა, რომ ცოდვილნი დღე და ღამე ვერ ჰპოვებენ მოსვენებას, ამიტომ აქ ამბობს, რომ ნეტარნი განსვენებას იმსახურებენ თავიანთი კეთილი საქმეებისგან. რადგან მან, შესაძლოა იმიტომ ახსენა ცოდვილნი, რომ ხაზი გაესვა ნეტართა ბედნიერების სისავსისთვის. იმის გამო, რომ ისინი შედგებიან მმართველებისა და ხალხისგან, აქ იგი ახსენებს ორივეს ერთად, როდესაც თავიდან განუსაზღვრელად ამბობს: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან.
იმასთან დაკავშირებით, ვინც ვენახში შრომობდა, იგი ამბობს; რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და იმდენად ნათლად გვაძლევს ნეტარების აღთქმას, რომ ვენახში მშრომელებს თავიანთ შრომათაგან განსვენების განსაკუთრებულ ნაყოფს აღუთქვამს. ამიტომ მოციქული ამბობს: გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი; გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო (1 თესალონიკ. 5:12-13) და ასევე საკუთარი თავის შესახებ: ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე (1 კორინთ. 15:10).
ნათქვამია: და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი. ამის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს: და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის (ფსალმ. 89:17).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
რჩეულთა კურთხევა
ზეციური ხმა ყველას როდი უწოდებს ნეტარს, არამედ მხოლოდ მათ, ვინც ამ სოფლისთვის თავი მოაკვდინეს, უფალში კვდებიან, თავიანთ სხეულებში ატარებენ იესუს სიკვდილს და მასთან ერტად ევნებიან. სხეულიდან გასვლა მათთვის ჭეშმარიტად შრომათაგან დასვენება და გმირობის შედეგია - მიზეზი მომავალი დიდებისა და გვირგვინებისა, რომლებიც ბევრწილ აღემატებიან უხილავ ძალთა წინააღმდეგ ჩვენი ქრისტე ღმერთის მიმდევართა მოსაგრეობას, რადგან, როგორც მოციქული ამბობს: რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18).
ამგვარი დიდების სასოებით ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვღაღადებდეთ ღმრთის მიმართ: მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე (ფსალმ. 118:36-37). და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი (ფსალმ. 142:2).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მშვენიერია მქადაგებელთა თანხმობა. აი, ერთი მათგანი აცხადებს უფლის სამეფოს მოსვლას, მეორე - ეშმაკის ქალაქის დაცემას, იგი - უკეთურთათვის კვამლს, ეს კი ნეტართა განსვენებას. ეს უკანასკნელი ზეციდან გამოსცემს ხმას და ბრძანებს, დაწეროს, რაც საუკუნო ხსოვნის ღირსია. ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან - მადლობას გწირავ, ქრისტე, ვინც განადიდებ ზეცაში მათ, ვინც შენში აღესრულა დედამიწაზე. კიდევ უფრო დიდ მადლობას გწირავენ ისინი, ვინც შენი რწმენით და მისი გულისთვის სიხარულით სდებენ სულს. როგორც იოანემ უკვე თქვა, რომ უკეთურნი ვერ დაიმკვიდრებენ მარადიულ განსვენებას, მეორე მხრივ, ის გვასწავლის ერთგულთა შესახებ, რომ მათი წარსული საქმეების დახმარებით, ამიერიდან, ანუ სიკვდილის დროიდან, ისინი განისვენებენ. რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან (ფსალმ. 126:2-3). ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება (იგავნი. 20:4).
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (II ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
ძე კაცისა, ღრუბელზე მჯდომარე
14:14-16
ახ. ქართ.:
14. გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.
15. გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
16. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.
ძვ. ქართ.:
14. და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული.
15. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ.
16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ.
***
მიმოხილვა: ღრუბელი - ანგელოზი ან ღვთისმშობელია (ეკუმენიოსი). ცა - იესუს განკაცება ან ეკლესიის სხეულია; გვირგვინი - თორმეტი მოციქული ან ქრისტეს მეფობაა; ნამგალი - სასამართლო განაჩენია სამყაროს აღსასრულს (პრიმაზიუსი, კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). მკა - სამყაროს აღსასრულია, როდესაც ყოველივე უმწიფარი ცეცხლს მიეცემა (ეკუმენიოსი). მომკელნი - ანგელოზები არიან (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი).
***
14. გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.
უფალი თეთრ ღრუბელზე
ის ხედავს უფალს, რომელმაც ჩათვალა ღირსად, გამხდარიყო კაცის ძე და რომელიც მოდის ღრუბელზე მჯდომარე. სინამდვილეში, ღრუბელი, როგორც სახარება ამაზე საუბრობს (იხ. გამოცხ 1:7; მარკ. 13:25-26. - რედ.), არის ერთგვარი ანგელოზური ძალა. აკი დაწერილია - ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით (ფსალმ. 17:11). ის ანგელოზებს ღრუბელს უწოდებს მათი ბუნების, პატივის სიმაღლისა და სიდიადის გამო. ასევე შესაძლებელია, რომ იოანე ღვთისმშობელს უწოდებდეს ღრუბელს და პატივს მიაგებდეს მას, როგორც (ქრისტეს) ხორციელ დედას. რადგან ასეთი სახით ესაიამაც იწინასწარმეტყველა იგი, როდესაც თქვა: აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში, შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები (ესაია 19:1).
ამ გამონათქვამის განმარტებისას აკვილას (ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის იუდეველი მთარგმნელი (II ს.-ის 1-ლი ნახევარი - რედ.) მიაჩნია, რომ ღრუბელი - ეს არის მსუბუქი მატერიალურობა. ვფიქრობ, მატერიალურობა იმიტომ, რომ იგი ხორცითაც ადამიანი იყო, და მსუბუქი, რადგან ის იყო წმინდა და უნაკლო და არც ერთი ცოდვით არ დაუმძიმებია თავი; და ასევე იმიტომ, რომ მისი სული მაღალია და ცას სწვდება.
მსგავსი სულისკვეთებით უნდა ვიმსჯელოთ ასევე ღრუბლის შესახებ. მას ხომ თეთრი ფერი აქვს განჭვრეტილი საგნების სიწმინდისა და ბრწყინვალების გამო. გვირგვინი კი მიანიშნებს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სამეფოს შესახებ. რადგან ქრისტე არის გონიერი ქმნილება მეფე. ის ფაქტი, რომ გვირგვინი დამზადებულია ოქროთი, ანუ ჩვენში ყველაზე ძვირფასი მასალისგან, ადასტურებს სამეფოს სიდიადეს. და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი - მიანიშნებს, რომ დროის აღსრულება მის ძალაშია.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცაში იოანე გულისხმობს ჩვენი თავის, იესუ ქრისტეს განკაცებას ან ეკლესიის სხეულს, რომელიც ქრისტემ დევნულების სიცივის შემდეგ ცეცხლით შემოსა. თავს ედგა ოქროს გვირგვინი - ესენი არიან ოქროს გვირგვინით შემკული უხუცესები (ეს არის ტიკონიუსის ინტერპრეტაცია - რედ.) ან თორმეტი მოციქული, რომლებიც პირველები შეუდგნენ რწმენის ქადაგებას. ამიტომ ვკითხულობთ: თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი (ფსალმ. 20:4). მჭრელი ნამგალი ეწოდება სამსჯავროს განაჩენს, რომელიც აიძულებს ბოროტეულებს ეკლესიისგან განცალკევებას, რომელთაც ქრისტე განსჯის ღვთის ბრძანების თანახმად ეკლესიის გულისთვის, რომლის დასაცავადაც ის ყოველთვის ზრუნავს, როგორც მისი მწყემსი. ამიტომ ზაქარია ამბობს: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი (ზაქ. 5:3).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი - ეს ნამგალი განკვეთს მართლმორწმუნეთ მწვალებელთაგან, წმინდანებს ცოდვილთაგან, როგორც უფალი ამბობს მომკელთა შესახებ (იხ. მათე 13:39. მკა - სამყაროს აღსასრულია, ხოლო მომკელნი - ანგელოზები - რედ.).
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
ღრუბელში მოიაზრება ან ფიზიკური (გრძნობებით აღქმადი) ღრუბელი, რომელზეც ამაღლდა უფალი მოციქულთა წინაშე და შემდეგ მათ თვალთაგან მიეფარა, ან კიდევ რაღაც ანგელოზური ძალა, მისი სისუფთავისა და სიმსუბუქის გამო, როგორც მეფსალმუნე ამბობს: ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით (ფსალმ. 17:11). ხოლო ღრუბელზე მჯდომარე კი არის ქრისტე, კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი კი აღნიშნავს ქრისტეს მეფურ ძალაუფლებას ყოველივე ხილულსა და არახილულზე (უხილავზე). ეს გვირგვინი ოქროსია, რადგან იგი ფასეული და პატივცემულია. მჭრელი ნამგალი კი ქვეყნიერების დასასრულს მოასწავებს, რასაც თვით უფალმა სამკალი უწოდა (იხ. მათე 13:30. - რედ.).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
აქამდე მაცნეთა ხმა გაისმოდა, მაგრამ ახლა ისღა დაგვრჩენია, თავად მსაჯულის პიროვნებაც ვაჩვენოთ, რომელიც სამსჯავრომდე ფარავს საღვთო დიდებას ხორციელი ღრუბლით, რათა უკეთურებმა დაინახონ ის, ვინც მათ განგმირეს. თუ რომელია ეს გვირგვინი, აღწერილია ზემოთ, ქალის სამოსის აღწერისას: და თორმეტი ვარკსვლავის გვირგვინი ედგა თავზე (აპოკ. 12:1) (ბედა, ისევე როგორც სხვა ავტორები, მიიჩნევდა, რომ გვირგვინი - ქრისტეს თორმეტი მოციქულია (CCSL 121 А:433). - რედ.). მეორე მხრივ, გვირგვინი ასევე შეიძლება მეფის გამარჯვების სიმბოლო იყოს. ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი გულისხმობს მსაჯულის სიტყვებს დაყოფის შესახებ, რომელსაც ვერავინ გაექცევა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
15. გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
16. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.
სამყაროს აღსასრული
სამკალი ბევრია, - ნათქვამია სახარებაში, - მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი (მათე 9:37). ამასთან, სახარებაში მკა მიუთითებს მორწმუნეთა შეკრებაზე. აქ კი ყველა იმ ადამიანის სიკვდილზე, როდესაც, თუ მათ რაიმე მჭკნარი, უმწიფარი და ცეცხლის ღირსი ჰქონდათ, მაშინ იგი ცეცხლს მიეცემა.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
უფლის განმარტებით, ჩვენთვის გასაგებია, რომ ანგელოზები მომავალი მომკელნი არიან და რომ ქვეყნის აღსასრული მოწეული სამკალის სახით არის გამოხატული. როგორც ვიცით, მომკის შემდეგ რჩება ჩალა მშრალი და ფუტურო თავთავებისგან, როდესაც ხორბალი მარცვლეულისგან შედგება. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ ნამგალი უნდა გამოიყენონ მოწეული სამკალის ასაღებად, აშკარაა, რომ ამით გამოხატულია ის ხვედრი, რასაც მართლები და ბოროტები იმსახურებენ.
და რას შეიძლება შეესაბამებოდეს ეს ეკლესიაზე მეტად? უკანასკნელი გამოცდის დროს, მხეცთან სულიერი ბრძოლის დასრულების შემდეგ, დიადი ნათლით გაბრწყინებულ ეკლესიას შეეძლება მტკიცედ გააცნობიეროს, ვინ უნდა მიიჩნიოს თავისიანად და ვინ უცხოდ. აქ ზეცაში ჯდომა ნიშნავს, რომ იგი, ვინც ღვთის ნებით მიიღო განსჯის ძალაუფლება, განაცალკევებს მართლებს ცოდვილთაგან: ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად (მათე 19:28).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
დიდი ხმა ამ ანგელოზისა მოასწავებს ენით გამოუთქმელ ლოცვას ზეციური ძალებისას, რომელთაც სურთ მართალთა განდიდების ხილვა და ურჯულო ცოდვილების დაჯსა... მოვიდა მკის ჟამი - მკაში ქვეყნის დასასრული მოიაზრება: მკა - ქვეყნის დასასრულია, და მომკელნი - ანგელოზები (მათე 13:39). მოვიდა მკის ჟამი, ანუ დადგა ბოლო ჟამი, როდესაც მომწიფებულს, მარცვლეულის მსგავსად, მოაქვს ნაყოფი მიწის მოქმედისთვის ოცდაათჯერ, სამოცჯერ და ასჯერ, ხოლო თესლი ღვთისმოსაობისა შეინახება ზეციურ ბეღელში.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ღმრთის რისხვის ვეება საწნახელი
14:17-20
ახ. ქართ.:
17. სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.
18. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად.
19. დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში.
20. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე.
ძვ. ქართ.:
17. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი.
18. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ.
19. და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა.
20. და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს.
***
მიმოხილვა: ანგელოზი გამომავალი ტაძრიდან - მშრომელი უკანასკნელი მკისა (ეკუკმენიოსი, ანდრია კესარიელი). და მომკელი და მევენახე - თვით ქრისტე (კესარიოს არლელი, ბედა პატივდებული). ცოდვილების ჩაიყრებიან ღმრთის რისხვის საწნახელში (ეკუმენიოსი). მტევნები - უსჯულოები არიან, რომელთაც აღავსეს ღმრთის რისხვის საწყაო (ანდრია კესარიელი). ანგელოზებს სხვადასხვა მსახურება აქვთ (ბედა პატივდებული). საწნახელი - ეშმაკის დასასჯელი ადგილია: ის იმყოფება ზეციური იერუსალიმის გარეთ (ანდრია კესარიელი, ეკუმენიოსი). მართალნი გამოიცდებიან ჭირვებათა საწნახელში (პრიმაზიუსი). სისხლი - ღმრთის სამართლიანი მსჯავრია, საწნახელი - სასჯელი (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
***
17. სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.
უკანასკნელი სამკალი
ქრისტესაც ეწოდება დიდი ზრახვის ანგელოზი (ესაია 7:9), მაგრამ აქ, როგორც ეს შემდგომ თვალსაჩინოა, ანგელოზში მოიაზრება მსახურ სულთაგან ერთ-ერთი, რომელიც ბასრი ნამგლით გამოვიდა ზეციური ტრაძრიდან ბიწიერთა სრულიად მოსაკვეთად.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ანგელოზი, რომელსაც ნამგალი ჰქონდა და ციური ტაძრიდან გამოვიდა, მსახურია. ასევე არის მშრომელი უკანასკნელი მკისა, რომელიც უნდა მოხდეს.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
თუ ქრისტე თეთრ ღრუბელზე მჯდომარე არის მთესველი, მაშინ ვინ არის ყურძნის მკრეფავი, თუ არა იგივე, ვისი სახელიც ოსტატურად მეორდება ეკლესიის ნაყოფის ორმხრივობისთვის? რადგან მან, ვინც თავის ყანაში თესლი კეთილი დათესა, ვენახიც გააშენა ნაყოფიერ ნიადაგზე, მაგრამ ორივემ ხმობა დაიწყო მათი დაუდევრობის გამო, რომელთაც უნდა ეზრუნათ დანერგულზე (ბედა ამას განაკუთვნებს მღვდლებს და ეპისკოპოსებს - რედ.)
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
წმიდა წერილის სამმაგი მნიშვნელობა
თუ აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ თვით ქრისტეა თეთრ ღრუბელზე დანახული მომკელი, ვინ არის ის მევენახე, რომელიც მის შემდეგ გამოჩნდა, თუ არა ის თავადვე, მაგრამ თავისი სხეულით, რომელიც არის ეკლესია? ალბათ, მთლად არასწორი არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამ სამი ანგელოზის ქვეშ, რომლებიც (ერთიმეორის მიყოლებით) გამოდიან (მათი გამოჩენის თანმიმდევრობა იხ. გამოცხ. 14:15-19 - რედ.), ვიგულისხმოთ საღვთო წერილის სამმაგი მნიშვნელობა: ისტორიული, ზნეობრივი და სულიერი - ნამგალთა განსხვავების შესაბამისად.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
18. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად.
ცოდვილთა დასჯა
მე ვფიქრობ, რომ ამ ანგელოზის მიზანი ცოდვილთა დასჯაა. შემდეგ მოციქული ამბობს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები. სამკალი, რაზეც ზემოთ არის საუბარი, აღწერდა როგორც მართალთა, ისე ცოდვილთა აღსასრულს. იგი მათ დაყოფს, სახარების სიტყვის თანახმად: მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და განწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს (მათე 3:12). ამასთან, ყურძნის მოსთვლა მიანიშნებს მთვრალებსა და გონებადაბინდულთ. ამ სიტყვებიდან ირკვევა, რომ უფალი არ თვლის, რომ ისინი უნდა შეკრიბოს, ისევე, როგორც პირველნი. არამედ ერთ-ერთმა ანგელოზმა ისინი მაშინვე ჩაყარა ღვთის რისხვის საწნახელში. ისინი არ არიან შუამდგომლობის ღირსნი, და არც წინასწარ ეცხადებათ და არც სამსჯავროს წინაშე წარდგებიან, როგორც სახარებაში განსჯილი ცოდვილნი, რომელთათვისაც სასჯელის არსს წარმაოდგენდა გადასახლება და ურთიერთობის მოკლება. ამის შესახებ, ვფიქრობ, ამბობს წინასწარმეტყველი, რომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში (ფსალმ. 1:5).
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ეს ნათქვამია იმ ერების შესახებ, რომლებიც უფლის მოსვლისას დაიღუპებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვა გზით არის ნაჩვენები, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება, უფლის მოსვლის დროს, ანტიქრისტეს სამეფოს განადგურებისა და წმინდანთა სამეფოს გამოცხადების დროს.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
მიწიერი ვენახის გასხვლა
აქედან ჩანს, რომ ერთნი ქმნილებათა ზემდგომ დაწესებულ ანგელოზთა ძალთგან განაგებენ წყლებს, მეორენი - ცეცხლს, სხვები კი - უფლის მიერ შექმნილთაგან სხვა რაიმე ნაწილს. ეს დადგენილი იყო ცეცხლზე, ე. ი. ის არის ერთი უმაღლეს ანგელოზთაგან, ხოლო მისი საქმე - ეს არის დასჯა, რადგან უბრძანებს ნამგლის მქონეს მაღალი ხმით, მოჭრას მტევანი მიწიერი მევენახისა. მტევნები - აღნიშნავს ურჯულოებსა და ცოდვილებს, რომლებიც მხიარულების ღვინის ნაცვლად ღვთის რისხვის, ვეშაპთა და ასპიტთა გულისწყრომის თასს აღავსებენ და სათნოებებს დევნიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ანგელოზთა მსახურება
როგორც იერონიმიემ თქვა, ანგელოზების მსახურებას ორმაგი ხასიათი აქვს: ზოგი მათგანი მართალთ აჯილდოვებს, ზოგიც სხვადასხვა სტიქიას მართავს (იხ. იერონიმე სტრიდონელი, დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება. 7:10 (CCSL 75А:846). - რედ.). როგორც ნათქვამია: რომელმა შექმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა (ფსალმ. 103:4) და ა. შ. ორი ანგელოზი, რომლებიც აცხადებენ, რომ მოიწია სამკალი და დამწიფდა ყურძენი, შეიძლება გავიგოთ, როგორც ეკლესიის ლოცვა, რომელიც ხმამაღლა, ანუ გულმხურვალედ ყოველდღე ლოცულობს ღვთის სამეფოს მოსვლაზე და ამბობს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და ა. შ. ... როგორც სამკალი, ისე ყურძნის მოსავალი ნაწილობრივ ეკუთვნის დედამიწას, ნაწილობრივ ცას, ორივეს სიმწიფე მიუთითებს დროის აღსასრულზე. რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად, ანუ მათი ცოდვები დასრულებულია, თუმცა დამწიფება ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ სათნო ადამიანთა სრულყოფილებასაც.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
19. დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში.
ღვთის რისხვის საწნახელი არის დასჯის ადგილი, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის, რომელსაც ვეება ეწოდება დასჯილთა სიმრავლის გამო, რადგან ფართოა გზა წარწყმედისა (მათე 7:13).
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
20. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის* მანძილზე.
_________________
* უტევანი (სტადია) - 1/8 რომაული მილი, ანუ 190 მეტრი.
_________________
საზღაური
იოანემ სასჯელს საწნახელი უწოდა, სათანადოდ გამოიყენა რა ყურძნის მტევნებისა და მოსავლის აღების სახეები. დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ, რადგან დასჯილებს არ ჰქონდათ უფლება, სამაგიერო მიეღოთ ბოროტი საქმეებისთვის ზეციერ იერუსალიმში, რომელიც წმინდანთათვის არის გამზადებული და დაერღვიათ წმინდანთა სიხარული, რომლებიც თანაუგრძნობდნენ მათ, ვინც სამართლიან სასჯელს დაითმენს. რომ არაფერი ვთქვათ პატრიარქ აბრაამის სიტყვებზე, რომლითაც მან მდიდარს მიმართა, დიდი უფსკრული ჰყოფს მართალსა და უკეთურს (იხ. ლუკა 16:26).
და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, ან კარგად თქვა - სისხლი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მან სიტყვა მტევნები მეტაფორულად გამოიყენა, ვინაიდან დაწურული და დასრესილი ისე, რომ წარმოსდინდა სისხლი, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე, მაინც ადამიანები იყვნენ. საღვთო წერილი გვამცნობს ამ საღვთო ცხენების შესახებ და მიანიშნებს ანგელოზურ ძალაზე, რომლის მხედარი ღმერთია. რადგან ზეციერი სასიძო ქებათა ქებაში ეუბნება სარძლოს: ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო (ქებ. 1:9). ასევე წინასწარმეტყველი ამბაკუმი ღმერთს უგალობს: შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი (ამბაკ. 3:8).
აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ ამ ცხენების აღვირი ცოდვილთა სისხლით იყო შეღებილი - არა მარტო მათთან ახლოს მყოფთა, არამედ მათიც, ვინც შორს იდგა. მთლიანობაში სიტყვას აქვს ხატის მნიშნელობა: ალეგორია გვიჩვენებს, თუ რაოდენ ბევრი სისხლი იყო იქ, რადგან მათი რიცხვი, ვინც ფართო გზით დადის, ბევრად აღემატება მათ, ვინც ვიწრო და საჭირველ გზას მიუყვება. ამიტომაც მათი სისხლით შეიღებება ცხენთა აღვირი, ან ანგელოზების, რომლებიც დადგენილნი არიან, რათა აღასრულონ შურისგება.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ცხადია, მომავალი გაყოფისას ქალაქგარეთ, ანუ ეკლესიის გარეთ, ყველა ცოდვილი ადამიანი გარეთ აღმოჩნდება. ეს წნეხვა საწნახელში და ცეხვა ყანაში გაანადგურებს უვარგისს და გამოსცდის უხრწნელს. როგორც ჭურჭელი ცეცხლით გამოიცდება (აქ პრიმაზიუსი მისდევს ტიკონიუსს - რედ.), ისე ტანჯვის განსაცდელით - ერთგულნი (იხ. ზირ. 28:5-7). ის, რომ წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ნიშნავს შურისძიებას, რაც ხალხთა ბელადებსაც კი დაატყდებათ თვს. რადგან როდესაც ეშმაკმა და მისმა მხლებლებმა მიიღეს შურისგება დაწყებული დევნისთვის, წმინდანთა ერთ დროს დაღვრილი სისხლი კანონიერად სწვდება მას და მის მთავრებს, ანუ იმ ცხენებს, რომლებმაც ერეტიკოსების სახით ომი დაიწყეს, ასევე ყველას, ვინც მათ შეცდომებს გაჰყვა. როგორც ადრე ითქვა, სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება (ეზეკ. 35:6). ათას ექვსასი უტევანის მანძილზე, ანუ ქვეყნის ოთხივე კიდეზე. რადგან ოთხჯერ ოთხასი გვაძლევს ათას ექვსასს.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
აქ მინიშნებულია ზეციურ წმიდა ქალაქ იერუსალიმზე, რადგან მის გარეთ არის სატანჯველი ადგილი. იერუსალიმის გარეთ - ზეთისხილის მთაზე ბევრი საწნახელი იყო, სადაც ზეთისხილს და ყურძენს წურავდნენ (გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტგება - იობი 4:13).
ყურძნის სამკალის სიუხვე იმით განისაზღვრება, რომ მიწაზე დაღვრილი ღვინის რაოდენობა აღვირამდე სწვდებოდა ცხენებს (აქ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ჰიპერბოლურ მეთოდს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი მტრებს სასტიკად და დაუნდობლად მოსპობს, ისე რომ, მათი სისხლი მდინარეებად იდინებს - რედ.). დაფარულთა მცოდნე სისხლს ტანჯულთა კვნესასა და ჭრილობებს უწოდბს, ცხენებს კი - მტანჯველ ანგელოზებს, რადგან არაერთხელ უწოდებს წმიდა წერილი ანგელოზებს ცხენებს, როგორც ამბაკუმ წინასწარმეტყველი ამბობს: შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი (ამბაკ. 3:8). ცხენებს, რომლებიც არიან ანგელოზთა ძალნი, აღვირად ღვთის ბრძანება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც ღმერთი ინებებს, იმ ზომამდე დაისჯებიან ცოდვილნი.
ხოლო ათას ექვსასი უტევანის მანძილი გულისხმობგს იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელიც ცოდვილთა და მართალთა შორის მდებარეობს. 1600 - განსაზღვრული რიცხვია, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელის მნიშვნელობით და ნიშნავს ბრძოლის ვრცელ ველს. ღირსეულად განკუთვნილი სასჯელი მიაღწევს ცხენის აღვირამდე, ვინაიდან მათ ცოდვებსა და კანონის დარღვევაში საზღვარი არ იცოდნენ. ათსი სისრულეს (სრყულყოფილებას) გამოხატავს და იგი ბიწიერთა საძაგელ საქმეთა სისრულეს აღნიშნავს. ხოლო რიცხვი ექვსასი არის სახე მათი დაუოკებელი ცოდვისა, რომელთაც შებილწეს ღმერთის მიერ ექვს დღეში შექმნილი სამყარო, ანუ ექვსი - ეს არის შექმნის დღეთა რიცხვის ნიშანი, იმ დღეებისა, რომელთა განმავლობაშიც სამყარო შეიქმნა. ხოლო მეექვსასე წელს კი, ნოეს დროს, მოხდა წარღვნა და წყალმა წალეკა ყოველი ცოდვა ამ ქვეყანაზე.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
თუ მხოლოდ ბოროტეულთ ეკუთვნის ეს სამკალი და ყურძნის მოსავალი, მაშინ საწნახელი სასჯელის სიმბოლოა. და, თუ კეთილ ადამიანებასაც, მაშინ საწნახელში ყურძნის დაწურვა და კალოზე ცეხვა უსარგებლოს გაანადგურბს, სასარგებლოს კი გამოცდის. როგორც მოციქული ამბობს: ძვირფას ლითონებს ცეცხლი გამოცდის, ხოლო ხეს, თივას და ჩალას ცეცხლი შთანთქავს (შდრ.: ლუკა 3:16-17; 1 კორინთ. 3:12-13). ერთიც და მეორეც სრულდება ზეციური იერუსალიმის გარეთ. ამგვარად, ალეგორიულად ეწოდება რისხვის საწნახელი, რადგან ნათქვამია: უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი (ფსალმ. 40:2). და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს და ა. შ.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (II ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.