აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
ორი მოწმე
11:3-10
ახ. ქართ.:
3. მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.
4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.
5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.
9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.
10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.
ძვ. ქართ.:
1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა.
2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე
3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა.
4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი.
6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა.
7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი.
8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა.
9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა.
10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი.
***
მიმოხილვა: მეორედ მოსვლისას ქრისტე გამოჩნდება დიდებით. წინასწარმეტყველები ილია და ენოქი წარმოგზავნილ იქნებიან ჩვენს განსასწავლად და ანტიქრისტეს სამხილებლად (იპოლიტერ რომაელი, ეკუმენიოსი). ორი მოწმე - ორი აღთქმაა, რომლითაც ქადაგებს ეკლესია (პრიმაზიუსი). ორი ერი - იუდეველები და წარმართები (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). ვინც ეკლესიას ავნებს დაიტანჯება და განადგურდება (ტიკონიუსი, კესარიოს არლელი). ანტიქრისტე მიმართავს ცრუ სასწაულებს (ანდრია კესარიელი). მხეცი უფსკრულიდან ძლევს ენოქსა და ილიას (იპოლიტე რომაელი, ვიქტორინე პეტავიელი), ზოგს დაიმორჩილებს, სხვებს კი მოჰკლავს ქრისტესადმი თავისი ერთგულების გამო (ტიკონიუსი). ის გამეფდება იერუსალიმში (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი), რომელიც დასცინებს უფლის მკვდარ მოწმეებს (ბედა პატივდებული, ანდრია კესარიელი).
***
3. მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.
მოწმეთა გამოჩენა
წმიდა წერილიდან გვასწავლიან, რომ არსებობს ქრისტეს ორი მოსვლა. ამავე დროს, პირველი, ხორციელი მოსვლა, უპატიო იყო იმის გამო, რო მან თავი დაიმცირებულად გვიჩვენა, მეორედ მოსვლა კი დიდებით არის ნაუწყები - იგი ზეციდან გამოჩნდება ძალაუფლებით, ანგელოზებით და მამის დიდებით. მისი პირველი მოსვლის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი იყო, ხოლო როდესაც მეორედ მოვა დიდებით, წინამორბედებად გვიჩვენებს ენოქს, ელიასა და იოანე ღვთისმეტყველს (1).
_________________
1. იესუს სიტყვების საფუძველზე (იოანე 21:23), იოანეს აიგივებდნენ ილიასთან და ენოქთან, როგორც იმას, ვინც არ მომკვდარა და კვლავ მოვა ჟამთა აღსასრულს ანტიქრისტესთან საბრძოლველად. იხ. ზემოთ გამოცხ. 10:11 - რედ.)
_________________
ყურადღება მიაქციეთ უფლის კაცთმოყვარებს, თუ როგორ იზრუნებს იგი უკანასკნელ დღეებშიც და მოწყალე იქნება მოკვდავთა მოდგმაზე, მაშინაც როგორ არ დაგვტოვებს იგი წინასწარმეტყველთა გარეშე, არამედ წარმოგზავნის მათ ჩვენს განსასწავლად და განსამტკიცებლად, აგრეთვე იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ მოწინააღმდეგის მოსვლას - როგორც ამ შემთხვევაში დანიელმაც მიგვანიშნა. აკი ის ამბობს: იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს", ხოლო ერთი შვიდეულით, რომელიც მოგვიანებით იქნება, მან შვიდი წელი აღნიშნა. ამგვარად, შვიდეულის ნახევრი იოანესტან ერთად ორ წინასწარმეტყველს მიეცემა, რათა მთელ მსოფლიოში იქადაგონ ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, კერძოდ: მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი".
წმ. იპოლიტე რომაელი, სამყაროს აღსასრულის შესახებ.
ბევრს მიაჩნია, რომ (მეორე მოწაფე) ელიასთან ერთად ან ელისეა, ან მოსე, მაგრამ ორივე მკვდარია, იერემიას გრდაცვალების შესახებ კი არაფერია ცნობილი. ამიტომ ყველა ჩვენი ძველი მწერალი ამბობს, რომ მეორე მოწაფე არის იერემია. აკი, თვით მისი სიტყვა, რომელიც მას მიეცა, ამოწმებს: ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, სახლების ქადაგად დაგადგინე" (იერ. 1:5) (2).
_________________
2. იმის შესახებ, რომ იერემია დაბრუნდება დედამიწაზე სამსჯავროს დღისთვის, იხ. 3 ეზრა 2:17-18 და ტერტულიანე მარკიონეს წინააღმდეგ. 3.179-89. - რედ.)
_________________
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
იმის შემდეგ, რაც ხილვაში მახარობლის წინ დაიხატა ყველაფერი ის, რაც ეხება უფლის განკაცების განგებულებას: შობას, საცთურებს, სწავლებას, მის წინააღმდეგ გააფთრებას, ასევე ჯვარსა და აღდგომას, მეორედ მოსვლას, და მისაგებელს, როგორც წმიდათა, ასევე ცოდვილთადმი, - იხსნება ის, რაც ეხება მისი მეორედ მოსვლის წინამორბედებს.
ახლა თითქოს უკან ბრუნდება, იოანე იღებს სწავლებას ამ ადამიანების შესახებ. რადგან, რასაც წმიდა წერილი გვიცხადებს ელია თეზბიტელის მოსვლაზე, სავსებით ნათელია. როდესაც მალაქია ამბობს: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლილსს ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო (მალაქ. 3:23-24). ან როგორც უფალმა თქვა მათესთან ნათლისმცემელის შესახებ: და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს" (მათე 11:14). ჩვენ ცხადად არაფერი გვსმენია მეორე წინამორბედზე, გარდა იმისა, რაც დაბადებაშია ნათქვამი ენოქის შესახებ: დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა (დაბ. 5:24). ბრძენი მოციქულიც ამბობს მასზე: რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი (ებრ. 11:5).
საეკლესიო გადმოცემაში გაბატონებულია უძველესი სწავლება, რომლის მიხედვითაც, ელია თეზბიტელის შემდეგ მოვა ენოქი, ვინც წინ წაუსწრებს ქრისტეს მეორედ მოსვლას (ეს მოხდება ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ) (3). რადგან ამბობენ, რომ ისინი მანამდე მოვლენ და დაამოწმებენ, რომ ანტიქრისტეს მიერ აღსრულებული ნიშები ცრუა და არ უნდა ვენდოთ ცოდვილს. ხილვა ახლა მათ შესახებ მოგვითხრობს, რომ ისინი ამდენი დღსი განმავლობაში იწინასწარმტყველებენ, იყენებს რა ერთგვარ საიდუმლოებით მოცულ რიცხვს, ან იმას, რაც ნამდვილად იქნება. ისინი ამას გააკეთებენ ძაძით მოსილნი, ანუ გამოიგლოვენ იმ ადამიანთა ურჩობას.
_________________
3. მეორე საუკუნიდან და შემდგომ არსებობსა საზოგადო აზრი, რომ ენოქი მოვა ილიასთან ერთად, რადგან ისინი - ქრისტეს წინამორბედები არიან ჟამთა დასასრულს (იხ. ტერტულიანე, სულის შესახებ. 50; და იპოლიტე რომაელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.5.1 - რედ.
_________________
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ორი კატეგორიის მოწმობა
ჯერ ითქვა კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება (გამოცხ. 10:11), აქ კი ამბობს - მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და იწინასწარმეტყველებენ. რადგან იქ უფალი საუბრობს იოანეზე, აქ კი ორ მოწაფეზე - ანუ ეკლესია ორი აღთქმით ქადაგებს და წინასწარმეტყველებს (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). მეორე მხრივ, ჭეშმარიტება აცხადებს, რომ არსებობს ორი სახის მოწმობა: სულიერი და საქმითი. სულიერი განწყობით დამოწმების შესახებ მხოლოდ ღმერთმა იცის, რადგან ეს გულში ხდება და გამოცდის დროს რაიმე მოწონებას არ იმსახურებს, საქმით დამოწმება კი საჯაროა, როდესაც დევნა ამის შესაძლებლობას იძლევა... (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, დაცემულთა შესახებ 3. - რედ.). ამის თვალსაჩინო მაგალითია ზებედეს ორი ძე: ჰეროდეს მიერ მოკლული იაკობი (იხ. საქმე 12:2. - რედ.) მოწამედ შირაცხა საჯაროდ აღიარების გამო, ხოლო მისმა ძმამ, მახარებელმა იოანემ, ფარული მოწამეობით მიიღო გვირგვინი იესუს გვერდით ყოფნის დროს. აკი აშკარაა, რომ ადრე უფალმა ორივეს უთხრა - ჩემს სასმისს შესვამთ (მათე 20:23) - ერთმა, რა თქმა უნდა, საქმით, და მეორემ - სულიერი განწყობილებით.
ძაძით მოსილნი, ანუ აღმსარებლობაში განმტკიცებულნი. რადგან აღმსარებლობითი მორჩილება ორი სახის მოწმობას აერთიანებს.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.
ორი ერი
ის ფაქტი, რომ ორი ზეტისხილის რტო გაგებულია, როგორც ორი ხალხი - ებრაელები და წარმართები - ეს წმინდანებისთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ, ალბათ, იმ სიტყვა ორში, რომლებზეც აქ არის საუბარი, წინასწარმეტყველები იგულისხმებიან.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ორი აღთქმა
ამჯერად იოანემ გვიჩვენა, რომ საუბარია არა მომავალზე, არამედ აწმყოზე, როდესაც თქვა: ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. ეს შეიძლება მივაკუთვნოთ ეკლესიას, რომელიც განმტკიცებულია ორი აღთქმის სინათლით და შეიარაღებულია ორი ხსენებული სახის მოწმობით, რომლებიც ვრცელდება საღვთო შთაგონების თანახმად მის სხვადასხვა წევრზე. რადგან ორი სასანთლე არის ეკლესია, მაგრამ ან აღთქმის რაოდენობასთან დაკავშირებით თქვა მან ორი, ან იმიტომ, რომ იგი წინადაცვეთილთაგან არის შეკრებილი და ერთობაში რჩება, გაერთიანებული თავკიდური ლოდით (ქრისტეთი).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
სამართლიანი მიგება
ეს ნიშნავს: თუკი ვინმეს სურს ავნოს ეკლესიას, ის, დაიმსახურებს გაკიცხვას, საპასუხო მართლმსაჯულებით კი ტანჯულ იქნება იმავე წარწყმედით, სამართლიანად მიიღებს რა იმას, რის უსამართლოდ მიგებას ცდილობდა სხვებისთვის. ან, კეთილი გაგებით, ეკლესიის ლოცვით ის სულიერად დაიწვება, რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს, რამეთუ თუკი ცდომილება ძალას კარგავს, მაშინ გადარჩება ამ ცდომილებისგან მოქცეული ადამიანი.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ეს უკეთური ცრუქრისტე (იგულისხმბა ანტიქრისტე - რედ.) თავისი გრძნეულებით ყველა გრძნეულსა და ბოროტეულზე აღმატებულად წარმოჩნდება, რადგან მასში თავს მოიყრის ეშმაკის მთელი ძალა, მაგრამ ღმერთი თავის მოწაფეთ სასწაულებრივ საჭურველს მისცემს და დაიცავს, რათა ცდუნებულები მოაქციონ და უკეთური შეარცხვინონ, და ვერც მან, ვერც სხვა ეშმაკებმა ვერაფერი ავნონ მათ იმ დრომდე, სანამ არ აღასრულებენ თავიანთი წინასწარმეტყველების ჟამს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ვინმე თუ ვნებს ეკლესიას ან მოინდომებს ავნოს, მისი ლოცვით გაანადგურებს მას საღმრთო ცეცხლი აწმყოში - გამოსასწორებლად, მომავალში კი - წარსაწყმედად.
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების განმარტება.
6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
მოწმეთა ნიშნები
ასეთია ამ ადამიანთა ძალა, რომელთაც უმეღლეს დონეზე შესწევთ უ ნარი, დაარწმუნონ ადამიანები. რადგან, თუკი ერთ მათგანს, ელია თეზბიტელს, ასეთი ძალა ჰქონდა მანამ, სანამ ქრისტეს მსახურება აღსრულდებოდა, როგორ არ ექნება მას დარწმუნების უნარი, როდესაც ქრისტეს წინამორბედი იქნება? ნათქვამია: და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულებით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ - რადგან ანტიქრისტეს მოსვლა, სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით იქნება, როგორც პავლე ამბობს (2 თესალონიკ. 2:9), ნიშნები ერთობასა და რწმენას გამოიწვევს. ამიტომ, ორი წინასწარმეტყველი, რომლებიც ანტიქრისტეს შესახებ ამბობენ, რომ ის ცრუ და მატყუარაა, გამოიყენებენ ყველანაირ ნიშანს, რომ მსმენელები რწმენისკენ მოაქციონ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ისინი არა მარტო შეაჩერებენ წვიმას, არამედ უსარგებლოდაც აქცევენ მას, რაც მოდის. ამ შემთხვევაში წყლის სისხლად გადაქცევა მიანიშნებს მათზე, ვინც იმ საგნებს, რომლებიც ეკლესიის დავალებით სულიერად უნდა განიხილებოდეს, განსჯიან ხორციელად და დამსახურებულად იღუპებიან, ეკლესიის მხრიდან სამართლიანი ანათემით მოწყლულნი და საიდანაც სხვებისთვის სულიერი ცხოვრების კეთილდღეობა მოდის, იქიდან ისინი იღებენ სასიკვდილო ჭრილობას, რადგან მოციქული ამბობს, რომ ხორცის მიხედვით განსჯა სიკვდილია (შეად. რომ. 8:6. - რედ.).
შესაბამისად, ქრისტეს კეთილსურნელება, რომელსაც ეკლესია გამოსცემს, ზოგისთვის არის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ (2 კორინთ. 2:16). აქვე ნათქვამია, რომ ეკლესია სასჯელებით მოწყლავს დედამიწის მცხოვრებლებს, როდესაც ღვაწლისა და ცოდვათა სხვაობის შესბამისად, სამართლიანად დაუწესებს თითოეულს შესაბამის ცალკეულ სასჯელს გახსნისა და შეკვრის ძალით, რომელთაც ის მიიღებს (ქრისტესგან).
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ო, საკვირველი საღმრთო მადლი! რადგან ჭრილობის შესაბამის მკურნალობას გვთავაზობს. როგორც ცრუქრისტე, რომელიც ეშმაკის მთელი ძალით მოქმედებს, თავის ცრუ ნიშნებსა და სასწაულებში ყველაზე განთქმული იქნება მოგვთა და მაცდურთა შორის, ასევე ჭეშმარიტ ნიშანთა და სასწაულთა ძალით აღჭურავს ღმერთი ამ წმინდანებს, რათა ჭეშმარიტებისა და ნათლის ქადაგებით უარყონ მათ სიცრუე და სიბნელე და ცდუნებულნი მოაქციონ ან დამმოძღვრელი სიტყვით, ან დამსჯელი დარტყმებით: გვალვით, ცეცხლით, სტიქიათა ცვალებადობით და მსგავსი მოვლენებით, - ხოლო თვით მაცდურს ისე ამხილებენ, რომ თვითონ მისგან არაფრით დაზიანდებიან, არც სხვათაგან, ვიდრე არ დაასრულებენ თავიანთი ქადაგების პერიოდს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.
წინასწარმეტყველთა მოკვლა
ისინი მახვილით დაეცემიან, მათ ეშმაკი მოკლავს, როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, როგორც ამას დანიელიც ამბობს იმის შესახებ, ვინც წინასწარ იხილა, რომ უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, ანუ ენოქს, ელიას, იოანეს და შემუსრავს და მოაკვდინებს მათ იმიტომ, რომ ისინი არ ისურვებენ, დიდება აღუვლინონ ეშმაკს, ანუ ამომავალ პატარა რქას, რომელიც ქედმაღლურად, უკვე საბოლოოდ დაიწყებს საკუთარი თავის ღმერთად გამოცხადებასა და განდიდებას და, ამავე დროს - წმინდანების დევნასა და ქრისტეს გმობას.
წმ. იპოლიტე რომაელი, სამყაროს აღსასრულის შესახებ.
ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე, ანუ სამოთხეში (შეად. ზაქ. 4:11-14 - რედ.). ამრიგად, ქვეყანაზე მრავალი უბედურების შემდეგ ისინი უნდა მოკლას ანტიქრისტემ, რომელიც მის მიერ ნახსენებია, როგორც უფსკრულიდან ამომავალი მხეცი. პავლეც ადასტურებს, რომ ანტიქრისტე იყო სამეფოთა სამეფოში და კეისართა შორის. იმის დასტურად, რომ ის აპირებს უფსკრულიდან ამოსვლას, ამ თავში მრავალ მოწმობას უნდა მოვუხმოთ. მაგალითად, ესაია ამბობს: აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში (ვიქტორინე არასწორად მიაწერს ამ მონაკვეთს ესაიას. იხ. ეზეკ. 31:3 - რედ.). აშური ნიშნავს დამთრგუნველს; რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი - ეს ადამიანთა სიმრავლეა; ლიბანში - სამეფოთა სამეფოში; რტომშვენიერი - ძლიერი მეომრებით. წყლებმა გაზარდეს ის (ეზეკ. 31:4), ანუ მრავალი ათასი ადამიანი იქნება მის მორჩილებაში. უფსკრულმა აღამაღლა იგი, ანუ ამოანთხია დედამიწაზე. ...
პავლეც ადასტურებს, რომ ანტიქრისტე იყო სამეფოთა სამეფოში და კეისართა შორის. რადგან თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: მაგრამ (არ აღსრულდება) მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშნი გამოჩნდება ურჯულო, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით (2 თესალონიკ. 2:7-9). რათა მათ იცოდნენ, რომ ის უნდა მოვიდეს, ვინც აპირებდა და ვინც იყო მაშინ თავადი, პავლე დასძენს: ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს (2 თესალონიკ. 2:7), ანუ ურჯულოებისა, რომელიც აღსრულდება მომავალში. ეს ხდება ფარულად, მაგრამ მოქმედებს არა საკუთარი და არა მისი მამის ძალით, არამედ ღვთის ბრძანებით. ამიტომ თქვა პავლემ: რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკუთხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო (2 თესალონიკ. 2:10-12). ესაია ამბობს: მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია (ესაია. 59:9).
მღვდელმოწ. ვიქტორნე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
ეკლესიის დევნა
აქ იოანე მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ეს მოხდება უკანასკნელ დევნულებამდე, რადგან ამბობს: როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას. უკიდურეს შემთხვევაში, (ამის სასარგებლოდ) ის, ისინი დაამოწმებენ მხეცის გამოჩენამდე, რომელიც უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს, ანუ იუდეველთა გულისმიერი სიბილწის სიღრმიდან. რადგან, როგორც ამბობენ, ანტიქრისტე დაიბადება დანის ტომში. ის ამბობს - შემუსრავს და მიუთითებს მათზე, ვინც დაემორჩილება; და მოაკვდინებს - გულისხმობს მათ, ვისაც სიცოცხლეს გამოასალმებს ქრისტეს სახელით ქების ღირსი მორჩილების გამო.
მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვა თარგმანით - გვამი, როდესაც ლაპარაკია ორ გვამზე, როგორც ერთზე. ზოგიერთ ადგილას გამოყენებულია სიტყვა გვამები, რითაც იცავს აღთქმათა რიცხვს, ხოლო ორი მოწმე უთითებს ეკლესიის ერთ სხეულზე.
დიდი ქალაქის მოედანზე - ანუ ყველას დასანახად. როგორც ჩანს, ეს არის იერუსალიმი, რომელიც უფლის მამხილებელი სიტყვების მიხედვით არის: წინასწარმეტყველთა მკვლელი და მისდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველი! (შეად. მათე 23:37), რის გამოც დამსახურებულად დაისჯება და უღირსია იმისა, რომ იყოს აღდგენილი.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ანტიქრისტეს სამეფო
როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, - ისინი ამოწმებენ, რომ ეს (ანტიქრისტე - "აპოკ." რედ.) არ არის ქრისტე, არამედ მატყუარა, ცრუ და წარმწყმედელი. მალე მოვა ღვთის ძე, რომელიც უნდა გვწამდეს, როგორც მაცხოვარი და ღმერთი, რომელიც მოვა ხალხის საკეთილდღეოდ - მათთვის, ვინც ადრე გამოჩნდა და ახლაც გამოჩნდება.
ნათქვამია: უფსკრულიდან ამომავალი მხეცი. ის ანტიქრისტეს მხეცს უწოდებს მისი სისასტიკის, არაადამიანურობის და სისხლისმსმელობის გამო. ხოლო ადამიანთა ცხოვრებას, მწარეს და ცოდვით დამძიმებულს, რომელიც სავსეა ბოროტების სულთა თავდასხმებით, ის უფსკრულს უწოდებს. რადგან ცოდვილი იბადება არა სხვა რაიმე არსისგან, არამედ ისევ ჩვენი ადამიანური ბუნებიდან. რადგან ანტიქრისტეც იქნება ადამიანი, როგორც ნათქვამია: ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით (2 თესალონიკ. 2:9).
უკვე ითქვა, რომ მხეცი მოკლავს ორ მოწმეს და მათ გვამებს დაუმარხავად დააგდებს იერუსალიმის ქუჩებში (მოედანზე). რადგან იქ იმეფებს ის, როგორც იუდეველთა მეფე, რომელსაც მოატყუებს, რათა ადამიანები ემსახურონ და დაემორჩილონ მას ყოველივეში. როგორც უფალი ამბობს იოანესთან: მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ (იოანე 5:43). იერუსალიმს ის სოდომს სულიერად უწოდებს, და არა გრძნობისმიერად, იმდროინდელი გარყვნილებისა და სირცხვილის გამო, ხოლო ეგვიპტეს - რადგან დაიმონა და შეურაცხყო ქრისტეს მონები, როგორც ერთ დროს იმ ეგვიპტემ ისრაელი. სადაცო, - ამბობს, - ჯვარს აცვეს მათი, - ანუ ორი მოწმის, - უფალიც.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
ქრისტეს იმიტატორი
როგორც კი დაასრულებენ თავიანთ მისიას, ანუ წინასწარმეტყველებას, სამ-ნახევარი წლის გასვლის შემდეგ ისინი მოიკვლებიან უფსკრულიდან ამომავალი მხეცის, ე. ი. ანტიქრისტეს მიერ, მათი გვამები კი დაუმარხავად ეყრება დიდი ქალაქის (იერუსალიმის) ქუჩებში, სადაც ევნო (ჯვარს ეცვა) უფალი. ამ ქალაქს სულიერად ეწოდება სოდომი და ეგვიპტე, სადაც ანტიქრისტე დაიდგამს ტახტს, შექმნის თავის სამეფოს და თავს მესიად გამოაცხადებს, წინასწარმეტყველების მიერ ნაწინასწარმეტყველებს, მსგავსად დავითისა, რომლის ხორციელ მემკვიდრედაც უფალი გამოჩნდა. ანტიქრისტე მთელ ქალაქში დაამტკიცებს თავის სამეფოს, დავითის მსგავს სამეფო ტახტს, რათა ამით ხალხი დაარწმუნოს, რომ ის არის ქრისტე, საწინასწარმეტყველო სიტყვის შემსრულებელი, რომელიც ბრძანებს: აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო (ამოს. 9:11). ამ სიტყვას შეცდომილი იუდეველები ირწმუნებენ და მართლაც ქრისტეს მოსვლად ჩათვლიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
უკეთურთა ქალაქი
იოანე ღიად აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი მოხდება მოხდება უკანასკნელი დევნულების წინ, რადგან ამბობს: როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას. უკიდურეს შემთხვევაში, ის, რაზეც ისინი მოწმობენ, მოხდება მხეცის გამოჩენამდე, რომელიც ამოვა უკეთურთა გულებიდან. ისინი, ამ მოწმობაზე დაყრდნობით, გააფთრებით შეებრძოლებიან მოწინააღმდეგეებს, მაგრამ, გადმოცემის თანახმად, ამ დროს ეკლესიას ექნება სრულყოფილების ნიჭი, როდესაც მოწინააღმდეგე ღიად გაიელვებს ცრუსასწაულებით. როგორც უფალი ამბობს, მის წინაშე როკავს შიში (იობი 41:14). შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. შემუსრავს მათ, ვინც დაუთმობს; ხოლო მოაკვდინებს მათ, ვინც სახელოვნად ეწამება ქრისტეს სახელისთვის. ხოლო თუ შემუსრავს და მოაკვდინებს სულიერი აზრით, მაშინ ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, როგორც მითითება იმაზე, რომ ნაწილი დარჩება მოწმედ. უფალი სახარებაში ამბობს: მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ (მათე 24:9). ნაწილის შესახებ კი ლუკა მახარობელი გვამცნობს: ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ (ლუკა 21:16).
მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე - ნათქვამია: მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას (იოანე 15:20). გასაკვირი არ არის, რომ უკეთურთა ქალაქი, რომელიც არ შეუშინდა უფლის ჯვარცმას, დასცინებს მის მონებსაც, თუნდაც მკვდარნი იყვნენ ისინი. ეკლესიის ისტორიიდან ვიგებთ, რომ ეს ხშირად ხდებოდა.
რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი - ანუ მუნჯი და ბნელით მოცული, რომელსაც არც რწმენის ნათელი აქვს და არც აღსარების ხმა. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისთვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისთვის (რომ. 10:10). როგორც სულიერი სასჯელის თვალსაჩინო ნიშანი, ეს ადგილები წყლულმა მოწყლა - ცეცხლმა შთანთქა და წყალი სისხლად იქცა.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება
9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.
10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.
ბოროტეულთა სიხარული
გასაკვირი არ არის, რომ მიწიერს მიჯაჭვული აზროვნების ადამიანები გაიხარებენ მართალთა სიკვდილით: უბედურებათა გარდა, რომლებიც, ღვთის აღთქმების თანახმად, ტანჯავს კაცთა მოდგმას, მხოლოდ მარტალთა იერიც კი გულს უმძიმებს მათ, ვინც არაკეთილსინდისიერად ცხოვრობს, როგორც წერია: ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის (სიბრძნ. 2:15); და არა მხოლოდ გულს უმძიმებს, არამედ ჭკნობამდეც კი მიჰყავს. ამიტომ ფსალმუნში ნათქვამია: ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დაარღჭენს და დადნება (ფსალმ. 111:10).
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
ანტიქრისტესგან ცდუნებული ყველა ტომის იუდეველი, დაინახავენ რა ორი მოწმის სიკვდილს, ბოროტად გაიხარებენ იმის გამო, რომ მათმა მეფემ დაამარცხა ისინი. ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს - სიხარულისა და ბედნიერების ნიშნად. რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. წინასწარმეტყველებმა ისინი აწამეს არა გრძნობითი წამებით, არამედ სულიერით, ამხილეს რა მათი ცოდვები, დასცინეს მათ თავიანთი უკეთურების გამო და სააშკარაოზე გამოიტანეს მათი სიცრუენი.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
გამოვლინდა სურვილები, რომლის შესაბამისად უკეთურებმა სცადეს გაენადგურებინათ ქრისტეს ეკლესია მთელ მსოფლიოში, რათა, როგორც ფსალმუნი ამბობს: არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაჱლისა (ფსალმ. 82:5). და თუმც არ შეეძლებათ ამის განხორციელება, მაინც გამოაშკარავდებიან თავიანთი ბილწი მოსურვებით.
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
ხანმოკლე განსაცდელი და მარადიული ტანჯვა
ისინი, ვინც ანტიქრისტეს კვალს შეუდგებიან, მისი სასწაულებით ცდუნდებიან და მის სახელს თავიანთ გულზე აღიბეჭდავენ, წმინდა წინასწარმეტყველთა სიკვდილით გაიხარებენ, რადგან, მათი აზრით, განთავისუფლდებიან იმ ტანჯვისგან, რომელიც მათ ამ ორმა წინასწარმეტყველმა განაცდევინა. აქ სინდისის მიერ მიყენებული მტანჯველი ტკივილები იგულისხმება, რადგან ეს წინასწარმეტყველები ცდილობდნენ მათი მთვლემარე სინდისის გაღვიძებას. ვერ გაიგებენ, რომ ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს (ებრ. 12:6), ჭიმითა და აღჳრით უქცევს მათ ღაწვებს, ვინც მას არ მიეახლნენ (Пс 31:9), რათა იძულებით მაინც მოექცნენ მართალი გზისკენ, რომლისგანაც, ცდუნებულნი, გადაცდნენ.
ჩვენ გვმართებს ასე ვევედროთ უფალს: კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი (ფსალმ. 118:71); მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან (ფსალმ. 84:5), და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი (ფსალმ. 142:2). ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ (1 კორინთ. 11:32), მცირედი დასჯით მარადიულ სატანჯველს ავიცილებთ.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
ორი მოწმის მკვდრეთით აღდგომა
11:11-14
ახ. ქართ.:
11. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ.
12. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.
13. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.
14. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.
ძვ. ქართ.:
11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ.
12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა.
13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა.
14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.
აპოკალიფსისი ცხადყოფს, რომ ამ წინასწარმეტყველებს ანტიქრისტე მოაკვდინებს, მაგრამ ისინი მეოთხე დღეს აღდგებიან, რათა არავინ იყოს ღვთის ტოლი.
ამრიგად, გულმოდგინედ და უდიდესი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოკვლეული და გაგებული საწინასწარმეტყველო ქადაგება, რომ სულიწმიდა განსხვავებულად ქადაგებს: ხან მომდევნოს წინამდებარეზე ადრე ახსენებს, ხან დაუყოვნებლივ გადადის უკანასკნელ ჟამზე, ხან კვლავ იმეორებს ძველ დროებს და ამიტომ ის, რაც ერთხელ ხდება, რამდენჯერმე გვიჩვენებს უკვე დასრულებულს. უნდა გესმოდეთ, რომ რამდენჯერმე ნათქვამი რამდენჯერმე არ შესრულდება. ასე რომ, მომდევნო თავებში ნათქვამის განმარტებისას უნდა მივყვეთ არა წაკითხულის თანმიმდევრობას, რამედ იმ თანმიმდევრობას, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ტექსტის მნიშვნელობის გააზრებას.
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
ბიწიერ ადამიანთა ნიშნის მოგება არ გაგრძელდება. სამ-ნახევარი დღის (რაც მათი წინასწარმეტყველების წლების ტოლია) განმავლობაში ისინი გარდაცვლილნი იქნებიან, შემდეგ ღმერთი მათ გააცოცხლებს და ზეცაში აიყვანს. იმ დროს ხილულად მოხდება დიდი მიწისძვრა, ქალაქის მეათედი ნაწილი დაინგრევა და დაიღუპება შვიდი ათასი ადამიანი (იგულისხმება ანტიქრისტეს მიმდევარი იუდეველები). ისინი დაისჯებიან ბიწიერების გამო, რადგან არც მასინ მოქცეულან, როდესაც ზეცად ცოცხლად ატაცებული წინასწარმეტყველები იხილეს. დარჩენილნ ი კი შეძრწუნდებიან და ზეციურ ღმერთს დიდებას მიაგებენ. ამ სახით ანტიქრისტეს ვნება გადამწყვეტი იქნება: ურწმუნოები დაისჯებიან, ქრისტესთვის წამებული მორწმუნეები კი განდიდდებიან და გადარჩენის ღირსი გახდებიან.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
მეშვიდე ანგელოზის საყვირი
11:15-18
ახ. ქართ.:
15. მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
16. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.
18. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.
ძვ. ქართ.:
15. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ.
16. და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა,
17. და თქუეს: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ, და რომელი-ეგე იყავ, რამეთუ მიიღე ძალი ეგე შენი დიდი და ჰსუფევ.
18. და წარმართნი განრისხნეს. და მოვიდა რისხვაჲ შენი და ჟამი მკუდართა შჯისაჲ, და მიცემად სასყიდელი მონათა შენთა - წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა და მოშიშთა სახელისა შენისათა, მცირეთა და დიდთა.
19. და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი.
***
მიმოხილვა: ღმერთი მარადის მეფობს და მისი მეფობა სამყაროში აღდგება ჟამთა აღსასრულს (ეკუმენიოსი). მეშვიდე საყვირი - განკითხვის დღე (ბედა პატივდებული). უფლის მეორედ მოსვლის დროს სამართლიანად მიეგებათ ერთგულთ და დაისჯებიან ბოროტეულნი (ტიკონიუსი). მკვდართა განსჯის დრო - მათი აღდგომისა და დამსახურებისამებრ მიგების დროა (ანდრია კესარიელი).
***
15. მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
ჭეშმარიტი მეფე
ნათქვამია, რომ, როდესაც მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირი, გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა. ღმერთი მეფობს მარადიულად, იგი არც იწყებს და არც წყვეტს ხელმწიფებას ცასა და დედამიწაზე, ყველა ხილულ და სულიერ ქმნილებაზე, არამედ დაუსაბამოდ და დაუსრულებლად არის ყველაფრის მეუფე და უფალი.
როდესაც ამჟამინდელი საუკუნის დასასრულს ადამიანთა მიწიერი სამეფო გაუქმდება, მხოლოდ ღმერთი იმეფებს. ამიტომ ნათქვამია, რომ ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, როდესაც დედამიწაზე გამეფებული ადამიანები და მმართველი დემონები განადგურდებიან და მეფობას შეწყვეტენ.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
გამარჯვების საყვირი
მეშვიდე საყვირი - არის განკითხვის დღე, როდესაც უფალი დააჯილდოებს თავის ერთგულებს და განდევნის მათ, ვინც შეუარცხყოფდა მიწას. წინა ექვსი საყვირი, რომლებიც ამჟამინდელი საუკუნის ექვს პერიოდს შეესაბამება, გვაუწყებდა ეკლესიის სხვადასხვა ბრძოლის დაწყებას. მეშვიდე კი, რომელიც აცხადებს მარადიული შაბათის დასაწყისს, იუწყება მხოლოდ ჭეშმარიტი მეუფის გამარჯვებასა და სუფევას.
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების განმარტება.
16. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.
18. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.
მართალთა დაჯილდოვება და ბოროტეულთა დასჯა
წარმართნი გაშმაგდნენ - ამით იოანემ ქრისტეს პირველ მოსვლაზე მიუთითა. ჭეშმარიტად, როდესაც ის განაგრძობს - და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - ეს მეორედ მოსვლაზე მიუთითებს, რომლის დროსაც წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, მოხუცსა თუ ახალგაზრდას მიეგებათ ჯილდო, რადგან ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა (ფსალმ. 139:16). ისე, რომ ბოროტებმა არ იფიქრონ, რომ მათ შეუძლიათ თავი დააღწიონ, მას გამოაქვს განაჩენი - დაღუპოს ქვეყნის დამღუპველნი. როგორც ფსალმუნი ამბობს: პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ (ფსალმ. 33:17). როგორც ნათქვამია - აჰა, მოგელავს მესამე ვაება - მეშვიდე ანგელოზის საყვირის ხმაზე და იგი ეკლესიის გარდა, რომელიც ადიდებს და მადლობს უფალს, არავის ასახელებს. აქედან შეგვიძლია გავიგოთ, რომ ღვთისმოსავთათვის არ არსებობს ჯილდო ბოროტეულთა ვაების გარეშე. ასეა ფსალმუნშიც ი რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი, ყოველ შემთხვევაში - უკეთურთათვის; ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი (ფსალმ. 2:12). ახლა ეკლესია თავად აცხადებს: მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს და ა. შ. ეს უკანასკნელი ვაებაა.
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
როდესაც მიწიერი სამეფო განადგურდა, რა თქმა უნდა, წარმართნი გაშმაგდნენ, რადგან მათ დაკარგეს ბატონობა (წარმართები / ხალხები ეწოდებათ დემონთა ლეგიონებსა და ურწმუნოებს). ნათქვამია: მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა - მართალია, შენ ოდითგან და დიდი ხნის განმავლობაში ითმენდი მათ, მაგრამ რადგან მათ ვერაფერი მიიღეს შენი სიკეთისგან, ახლა, ანუ სამსჯავროს დღეს, შენ მათზე მიმართე შენი რისხვა. რაც მოსალოდნელი და განსაზღვრული იყო ხალხებისთვის, უკვე აქ არის. კონკრტულად რა? - სამსჯავრო და შურისძიება წმინდანთა გამო, რომელთაც მათგან მიიღეს ბოროტება.
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
მართლაც, თუმც კი აღდგებოდნენ უკეთურნი, მაგრამ შენ დროთა დასაბამიდან მეფობ, ახლა კი შენ, მსაჯულო, დათრგუნე მათი ბოროტება - და ის გაქრა. უფალი მეფობს: უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები (ფსალმ. 98:1). მოვიდა ჟამი მკვდართა განკითხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს... და ა. შ. ეს შეესაბამება სახარებისეულ თხრობას: ჯერ ყველა ადამიანი შეიკრიბება მართლმსაჯული უფლის წინაშე, შემდეგ, ვინც მარჯვნივ აღმოჩნდება განთავსდებიან მამის სამეფოს მრავალრიცხოვან სავანეებში, უკეთურები და განდევნილ იქნებიან სასუფევლის საზღვრებიდან და მიეცემიან გეენის ცეცხლს.
ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
სამადლობელი ღმრთისადმი
წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ - წინასწარმეტყვეელებში, წმინდანებსა და ღვთისმოშიშებში მოიაზრებიან სამი სახის ადამიანები: ნაყოფის მომცემნი, ერთი ასად, ერთი სამოცად და ერთი ოცდაათად (პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად (მათე 13:23)). მოციქულები დაიკავებენ პირველ ადგილს და დასაჯდომელს თორმეტ ტახტზე. დიდსა თუ მცირეს, სავარაუდოდ, უწოდებენ ან პატარა წმინდანებს, ან მათზე აღმატებულთ, ანდა, მცირეს უწოდებენ - დამცირებულ ცოდვილებს, ხოლო დიდებს - მართლებს.
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
წყაროები:
1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.
2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.