განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_10_1_9 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
აპოკალიფსისი

ღრუბლით შემოსილი ანგელოზი
 
10:1-7
 
 
ახ. ქართ.:
 
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.
 
2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,
 
3. და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.
   
4. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.
 
5. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,
 
6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.
 
7. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
   
 
ძვ. ქართ.:
 
1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.
 
2. და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე - ქუეყანასა ზედა.
 
3. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.
 
4. და რაჟამს თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა წერად. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაჲ-ეგე თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ.
 
5. და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ჴელი თჳსი მარჯუენე ზეცად
 
6. და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს.
 
7. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა.
 
 
 
***

 
მიმოხილვა:
 
მიმოხილვა: ძლიერი ანგელოზი - უფალი იესუა, მზე - აღდგომის სიმბოლოა, ცისარტყელა - სამსჯავროს სიმბოლოა (ვიქტორინე პეტავიელი). ღრუბელი - ეკლესიაა; ცისარტყელა - მართალთა გამოსყიდვა; ფეხები - მოციქულები არიან (პრიმაზიუსი). გადაშლილი წიგნი - აპოკალიფსისია (ვიქტორინე პეტავიელი). მარჯვენა ფეხი - ეკლესიის მტკიცე წევრები არიან; მარცხენა - არიან ისინი, ვისაც სურთ ნათლისღების მიღება ან ისინი, ვინც არ ექვემდებარება საშიშროებას (ტიკონიუსი, პრიმაზიუსი).
 
შვიდი საყვირი - ქადაგების სახეობებია (პრიმაზიუსი). მოციქულთა შემდეგ წერილის წინასწარმეტყველებებს განმარტავენ ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველები (ვიქტორინე პეტავიელი). მეშვიდე საყვირი მაცხოვრის მოსვლის მაუწყებელია (ტიკონიუსი).
 
 
***
 
 
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.
 
2. ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,
 
 
   
ქრისტეს გამოცხადება
 
ძლიერი ანგელოზით იოანე გამოხატავს ჩვენს უფალს. როგორც ზემოთ განვმარტეთ სიტყვები: სახე მისი, როგორც მზე (აპოკ. 1:16), მაშინ საუბარია აღდგომის შესახებ. თავს ცისარტყელა ედგა - ეს უკანასკნელი სამსჯავროა, რომელიც უკვე მოხდა ან მოხდება მომავალში.
 
გადაშლილი წიგნი არის აპოკალიფსისი, რომელიც იოანემ მიიღო. მისი ფეხნი, როგორც ზემოთ ვთქვით, რწმენით ანთებული მოციქულები არიან. აკი ის, რომ ის ფეხს აბჯენს ზღვასაც და მიწასაც, ნიშნავს, რომ ყველაფერი მის ფეხთ ქვეშაა. იოანე მას ანგელოზს უწოდებს, ანუ ყოვლისშემძლე მამის მაცნეს; აკი მას საკვირველი მრჩეველი ეწოდა (ეს. 9:5).
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
დამსახურებულად მისი (ქრისტეს) სახე იყო როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით (აპოკ. 1:16), რადგან მან გადაშალა წიგნი, რომელიც ფარულად დაბეჭდა. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას - ეს ნიშნავს, რომ მიწა და ზღვა უნდა დაამოწმოს თავისი რჯულის განკარგულებით. ასევე აზრს მოკლებული არ არის, რომ მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა ფეხი - მიწას. რადგნა, მარჯვენა ფეხით ეკლესიის უფრო მტკიცე წევრები არიან აღნისნულნი, უფრო მკაცრი განსაცდელებით გამოწრთობილნი. ხოლო მარცხენა ფეხით - ისინი, ვინც ცდილობს, ვინც ჯერ კიდევ არ მიიღო რწმენის ნიშანი (1).
 
__________________
 
1. ზმნა competo აქ, როგორც ჩანს, გამოყენებულია იმ აზრით, რომელიც ახლოსაა იმის აღნიშნვნასთან, ვინც რაიმესკენ ისწრაფვის და გამოსადეგია ამისთვის. ტიკონიუსს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავს კათაკმევლები, რომლებიც ნათლობას და მირონცხებას იღებენ, როგორც რწმენის ნიშანს - რედ.)
 
__________________
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.


ის ხედავს იესუ ქრისტეს, ზეცით ჩამომავალს, რომელსაც ემოსა ღრუბელი, ანუ ეკლესიას, რომელსაც ემოსა სხეულის ღრუბელი, რომელსაც სხვა ადგილას ეწოდება ღვთისგან ჩამომავალი ზეცით (იხ. გამოცხ. 21:2 - რედ.), სასძლოსთვის გამზადებული. ანდა, როგორც დანიელი ამბობს, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი (დან. 7:13). ცისარტყელა მოასწავებს მართალთა გამოსყიდვის აღთქმას, მაგრამ აგრეთვე აღნიშნავს მათ, ვინც უფლის მოწმობისთვის ღირსნი შეიქნენ, რათა აბელისა და სხვათა მსგავსად, მოწამეობით შემოსილიყვნენ. და მისი სახე იყო, როგორც მზე - რადგან უფალი იესუ ქრისტე გამოცხადდა აღდგომის დიდებით, რომლის შესახებაც ვკითხულობთ. მან მზეს დაუდგა კარავი მათში(ფსალმ. 18:5), ანუ უფალმა თავი ისე გამოაჩნია, რომ უკვე აღარ დაიფარება. რადგან ანგელოზის სახე მოასწავებს აღსრულებულის გამოვლენას, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა: გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით (ფსალმ. 79:20). მისი ფეხები არიან მოციქულები, ანთებულნი ღმერთისა და სულიწმიდის სიტყვებით და წარგზავნილნი საქადაგებლად. როგორც ნათქვამია: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? (ლუკა 24:32). მათ სვეტნი ეწოდებათ ეკლესიის სიძლიერის გამო. წინასწარმეტყველი ამის შესახებ ამბობს: მე გავამაგრე მისი სვეტები (ფსალმ. 74:4). ასევე: რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის (ეს. 52:7). დაბოლოს, მოციქულთან: ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ (გალ. 2:9).
 
თუ ადრე მიიჩნევდნენ, რომ ღრმა საიდუმლოებანი იყო დაფარული ძველი აღთქმის დაბეჭდილ წიგნში, შესაბამისად, ახალი აღთქმის გადაშლილ წიგნში, ვფიქრობ, თვალნათელი გახდა გამოცხადებული დიდება. ამიტომაც ამბობს მოციქული თავდაჯერებით: ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან (2 კორინით. 3:18). ამიტომ არის, ალბათ, ნათქვამი, რომ გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე (მათე 17:2) (შეად. ასევე გამოცხ. 1:16. - რედ). შემდეგ მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა - ესენი ეკლესიის ის ძლიერი წევრები არიან, რომელთაც შეუძლიათ დაითმინონ დევნა. ხოლო მარცხენა მიწას - ისინი არიან, ვისაც დიდი საფრთხე არ ემუქრებათ. რადგნა ღმერთი არ დაუშვებს, ისეთი განსაცდელი დაგვატყდეს თავს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, არამედ განსაცდელის დროს შვებასაც გვაძლევს, რომ შევძლოთ მისი გადატანა (იხ. 1 კორინთ 10:13. - რედ.). აშკარაა, რომ მისი მოხმობა ზღვასა და მიწას სწვდება.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება (პრიმაზიუსი მისდევს ტიკონიუსს, რომელიც ანალოგიურ ინტერპრეტაციას იძლევა - რედ.).
 
   
ღმრთის ანგელოზი
 
ეს არის წმინდა ანგელოზი, შესაძლოა, ერთი სერაფიმთაგანი. ხოლო ღრუბელი, რომელიც მას ემოსა და ცისარტყელა, რომელიც თავზე ედგა, მისი მშვენიერებისა და მრავალფეროვან სათნოებათა სახეა. იგი უფლის დიდებითაა გამშვენებული. ზღვასა და ხმელეთზე მისი ცეცხლის სვეტებივით ფეხებით დგომა ქვეყნის სტიქიების მფლობელობას ნიშნავს. ცეცხლის ფეხები საშინელებისა და ცოდვილთა ტანვის სახეა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3. და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.
   
 
სინანულის დრო
   
მგრგვინავი ხმით - ეს არის ზეციური ხმა, რომელიც ხალხს ამცნობს ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვებს, რომ მონანიებისთვის განკუთვნილი დროის დასრულების შემდეგ, მომავლის იმედი აღარ გვექნება.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ქადაგების სახეები
   
და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა. - შვიდი რიცხვის ნაცნობი გამოყენების საფუძველზე, ვფიქრობ, რომ შვიდი ქუხილი წარმოადგენს ეკლესიაში ქადაგების სხვადასხვა ხერხს (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.), რომელზეც პავლემ, სხვების მსახურმა, ერთ შემთხვევაში ისაუბრა ამგვარად: როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გზრდიდით და არა საჭმლით (1 კორინთ. 3:1-2), ხოლო სხვაგან: უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი (ებრ. 5:14); მესამეგან მწვალებელ კაცს, ერთი თუ იორი შეგონების შემდეგ, განეშორე (ტიტ. 3:10).
 
ამრიგად, ეკლესიის შესახებ ნათქვამია, რომ ის ოსტატურად გვიცხადებს საკუთარ თავს ჩვეულებრივი სამქადაგებლო მსახურებით.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
4. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.
 
   
წინასწარმეტყველებათა განმარტება
 
შვიდსახოვანი ძალის სულმა წინასწარმეტყველთა მეშვეობით ყველაფერი გვაუწყა, რაც მოხდება, და თავისი ხმით სამყაროში დაადასტურა. მაგრამ იოანე ამბობს, რომ - რაგან მას სურდა ბევრ რამეზე დაეწერა, რაზეც ქუხილებმა თქვეს თავიანთი ხმით, ანუ ყველაფერ იმის შესახებ, რაც ძველ აღთქმაში ბუნდოვნად არის ნაწინასწარმეტყველევი, - მას აეკრძალა წერა და უთხრეს შეეწყივტა და გადაედო ეს გარკვეულ დრომდე. ... მოციქულთა შემდეგ უკვე რწმენით მოწოდებულ ეკლესიებს ეზლევა ნუგეში წმიდა წერილის წინასწარმეტყველებათა განმარტებებით, რომელთა კომენტატორები წინასწარმეტყველებად იწოდებიან. რადგნა მოციქული ამბობს: ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად" (1 კორინთ. 12:28) და შემდგ. სხვა ადგილას კი ამბობს: წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი შეაფასონ (სინოდ. თარგმანშია - განსაჯონ - რედ.) (1 Кор 14:29), და კიდევ ამბობს: და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს (1 კორინთ 11:5). და როდესაც პავლე ბრძანებს: წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი შეაფასონ, ამას ამბობს არა გაუგონარ და შეუცნობელ საყოველთაო წინასწარმეტყველებათა შესახებ, არამედ უკვე არსებულთა გამო (2) სხვები კი აფასებენ, შეესაბამება თუ არა განმარტება ხსენებულ წინასწარმეტყველებათა მოწმობებს.
 
__________________
 
2. ქრისტიანი წინასწარმეტყველები არ იძლეოდნენ ახალ წინასწარმეტყველებებს, არამედ განმარტავდნენ ძველ აღთქმას - რედ.).
 
__________________
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ამ ყოველივესგან ცხადია, რომ ბევრია მომავლის საქმეები, რომლებიც ახლა უცნობი და უჩინარია, ამჟამად მათ შესხებ არავინ იცის, მაგრამ შემდგომ თვით გამოცდილებით და მოვლენების მიმდინარეობით ყოველივე გაცხადდება. საბოლოო შეცნობა და ახსნა იმისა, რაც ანგელოზებმა წარმოთქვეს, ბოლო ჟამს ეკუთვნის. ამიტომაც ჩასძახის მახარებელს ხმა ზეციდან: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ".
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,
 
6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.
 
 
რადგან, ღმერთს არ შეუძლია მასე უმაღლესი ვინმე დაიფიცოს, საკუთარ თავს იფიცავს (იხ. ებრ. 6:13 - რედ.), ხოლო ანგელოზები, როგორც ქმნილებები, ჩვენი ურწმუნოებისდა გამო მათ ნათქვამში შემოქმედის დაფიცებით გვარწმუნებენ. ანგელოზი იფიცება, რომ ან მომავალ საუკუნეში, როდესაც დრო უკვე აღარ იქნება, რომელიც იზომება მზით და დადგება აღრიცხვას აღმატებული მარადიული სიცოცხლე, ან კიდევ ანგელოზის ექვსი საყვირის შემდეგ ეკლესიისთვისუკვე აღარ იქნება დრო, გარდა განწმენდის დროისა. უკანასკნელი დევნულება განწმენდს მას მეშვიდე საყვირამდე.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
 
მეშვიდე საყვირი - ეს ნიშნავს დევნის დასრულებასა და უფალი მაცხოვრის მოსვლას. ამიტომ პავლე მოციქულმა თქვა, რომ როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი (1 კორინთ. 15:52), მკვდრები აღდგებიან. შესაძლოა, დასტურდება, რომ სამომავლო მშვიდობის დროს ეკლესიის დრო უკვე სხვა არა იქნება რა, თუ არა განწმენდის დრო. უკანასკნელი დევნა განწმენდს მას მეშვიდე საყვირამდე.
აპოკალიფსისი
წიგნის შეჭმა და ტაძრის გაზომვა
 
10:8-11:2
 
 
ახ. ქართ.:
 
10:8. და ხმა, რომელიც პირველად ზეციდან მესმა, კვლავ მეტყოდა, და მითხრა: წადი, აიღე გადაშლილი წიგნი ანგელოზის ხელიდან, რომელიც ზღვასა და მიწაზე დგას.
 
10:9. და მე მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი წიგნი. მან კი მითხრა: აიღე და შეჭამე ეს წიგნი; ის დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში იქნება ვითარც ტკბილი თაფლი.
 
10:10. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.
   
10:11. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.
   
***
 
11:1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
 
11:2. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.
 
 
ძვ. ქართ.:
 
10:8. და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა პირველ, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ჴელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ჴმელსა.
 
10:9. და წარვედ ანგელოზისა მის და ვარქუ მას მოცემად ჩემდა წიგნი იგი. და მრქუა მე, ვითარმედ: აღიღე და შეჭამე წიგნი ესე, და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარცა თაფლი.
 
10:10. და აღვიღე წიგნი იგი ჴელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი.
 
10:11. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.
 
***
 
11:1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა.
 
11:2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე
 

***
 
 
მიმოხილვა: წიგნის ქადაგება - მითითება იმაზე, რომ სჯული და წინასწარმეტყველები ქრისტეში აღსრულდნენ (პრიმაზიუსი). წინასწარმეტყველების ნაყოფი ტკბილია მსმენელთათვის, მაგრამ მწარეა მოწინააღმდეგეთათვის (ვიქტორინე პეტავიელი, ავგუსტინე იპონიელი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, კესარიოს არლელი). ეკლესია სრულყოფს მსოფლიოს თავისი ქადაგებებით (ტიკონიუსი). იოანეს გამოცხადება უცებ როდი აღსრულდება (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი). ძველი აღთქმა უერთდება ახალს, და ძველში დაფარული სულიერად ახალში აღსრულდება (ეკუმენიოსი). ეკლესიის დევნის დრო - ქრისტიანობის მთელი ისტორიაა (პრიმაზიუსი).
 

***
 
10:8 და ხმა, რომელიც პირველად ზეციდან მესმა, კვლავ მეტყოდა, და მითხრა: წადი, აიღე გადაშლილი წიგნი ანგელოზის ხელიდან, რომელიც ზღვასა და მიწაზე დგას.

ხმა ზეციდან - ეს არის საღმრთო განკარგულება, რომელიც სუნთქავს ეკლესიის გულში და ბრძანებს გახსნილი წიგნის შინაარსის შეთვისებას, რომლის ძალითაც ეკლესიას მომავალში მართებს ქადაგება (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). რადგან ჩვენი აზრით, გადაშლილი წიგნის აღება ანგელოზის ხელიდან - ნიშნავს გაიგო სჯულისა და წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება, რომელიც გაცხადდა იესუ ქრისტეში. ამიტომაც იოანე ამბობს, რომ უნდა აიღოს არა ისეთი, როგორიც ადრე იყო, - დაბეჭდილი, - არამედ, გადაშლილი წიგნი (აპოკ. 10:8). რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად (რომ. 10:4). ამ ქრისტემ, ანუ ჭეშმარიტებამ, რომელიც არის მიწისგან, ანუ მარიამისგან, ისურვა დაბადებულიყო დროში, როდესაც ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს (ფსალმ. 84:12). ვფიქრობ იმავე მიზეზით იყო ნათქვამი: ხმა, რომელიც პირველად ზეციდან მესმა, კვლავ მეტყოდა, ხოლო რომელი ხმა ეტყოდა თვითონვე ბრძანა: ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ (იოანე 8:25).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.


10:9-10 და მე მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი წიგნი. მან კი მითხრა: აიღე და შეჭამე ეს წიგნი; ის დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში იქნება ვითარც ტკბილი თაფლი. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.
   
 
წინასწარმეტყველების ნაყოფი
   
წიგნის აღება და მისი შეჭმა - ნიშნავს დაიჯერო ის, რაც ნაჩვენები იქნა. პირში დატკბილება ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველების ნაყოფი უტკბილესია წარმომთქმელისა და მსმენელისთვის, მაგრამ მქადაგებელთა და მოწინააღმდეგეთათვის - ყველაზე უმწარესი.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ცოდვის სიმწარე
 
ავიღე წიგნი, - ამბობს იოანე, - ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. შემდეგ საღვთო მახარებელმა დაინახა და მოისმინა, თუ როგორ ისჯებოდნენ ცოდვილნი, რათა ესწავლა საქმით (და არა მხოლოდ სიტყვით), თუ რამდენად მწარე და ამაზრზენია ადამიანის ცოდვები, როდესაც ისინი ღვთის წინაშე აღმოჩნდებიან. ხილვის საშუალებით შეიტყობს მოციქული ამას, რადგან ეს საკუთარი გამოცდილებიდან როდი ისწავლა, რადგან ის წმინდა და უმანკო კაცია და ამის საშუალებით შეიცნობს, რომ ღვთის რისხვა ცოდვილთა მიმართ სამართლიანია. რადგან წიგნში მოცემული იყო მათი სახელები, ვინც ჩაიდინა საშინელი ბოროტი საქმეები, როგორც ეს ზემოთ იყო ნახსენები. მას უბრძანეს შეეჭამა იგი და გემოთი და ერთგვარად სულიერად განეცადა ცოდვების სიმწარე ხილვაში. როდესაც ის შეჭამა, მან აღმოაჩინა, რომ ეტკბილა პირში, მაგრამ ჭამის შემდეგ გაამწარა მისი მუცელი. ასეთია ყოველი ცოდვა: ჩადენის დროს ტკბილია, მაგრამ ჩადენის შემდეგ - მწარე".
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი წიგნი. ეკლესია საღმრთო შთაგონებით აღძრულ იქნა იმისკენ, რათა მთლიანად შეესწავლა ეს საიდუმლო. მან კი მითხრა: აიღე და შეჭამე ეს წიგნი; ანუ ის დამალულ უნდა იქნას საიდუმლო შიდა ორგანოებში. ის დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში იქნება ვითარც ტკბილი თაფლი, ანუ მიიღებ რა მას დატკბები საღმრთო სიბრძნით და აღთქმული ცხონებისადმი სასოებით, ასევე საღმრთო მართლმსაჯულების მოწყალებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეიგრძნობ სიმწარესაც, როდესაც დაიწყებ ყოველივე ამის ქადაგებას ღვთისმოსავებისა და უკეთურებისადმი (პრიმაზიუსი აქ მისდევს ტიკონიუსს - რედ.). რადგან, როდესაც მოისმენენ საღმრთო მართლმსაჯულების ქადაგებას, ზოგიერთი, სასჯელის სიმწარით შეშინებული, უკეთესობისკენ შეიცვლება, სხვები კი - გაღიზიანდებიან, ადრინდელზე მეტად გასასტიკდებიან და საკუთარ თავში მქადაგებელთა მიმართ აღანთებენ მძვინვარე სიძულვილს. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს (იგავნი 9:8). მაგრამ მქადაგებელი სიმწარეს იგრძნობს ორივესგან, ან მონანულთან ერთად, რადგან თანაგრძნობისგან დაღვრის ცრემლებს, ან კიდევ დაექვემდებარება ტანჯვას, რომელსაც მიაყენებს მათი ცოდვების სიმწარე. ამიტომაც ამბობს მოციქული: დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა: ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო (რომ. 9:2-3). მე მივდივარ დასკვნამდე, რომ, რადგან სიტკბოება უნდა მივაწეროთ ღვთისმოსავთ, ხოლო სიმწარე - მხოლოდ უკეთურებს, მოცემულ შემთხვევაში უფრო უპრიანი იქნებოდა მისთვის გვეხსენებინა სიმწარე. რადგან სულით გაბრძნობილმა კაცმა თქვა: რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის (ფსალმ. 118:103).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ის დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში იქნება ვითარც ტკბილი თაფლი. პირში იგულისხმება კეთილი და სულიერი ქრისტიანები, ხოლო მუცელში - ხორციელი და სიამტკბილობას დახარბებული ადამიანები. ამიტომაც, როდესაც ღვთის სიტყვა იქადაგება, ეს სულიერი ადამიანებისთვის არის ტკბილი, ხორციელი ადამიანებისთვის კი - მოციქულის თანახმად, რომელთა ღმერთი - მუცელია (ფილიპ. 3:19) - მწარე და მძაფრი.
 
წმ. კესარიოს არლელი.
 
 
ანგელოზი წმინდა იოანეს ეუბნება: ტკბილია შენთვის სამომავლო საქმეთა შეცნობა, მაგრამ ამავდროულად მწარეა მუცლისათვის. მუცელს ის უწოდებს გულს, რომელიც სიტყვიერი საზრდოს დამტევნელია. ის (ანუ გული) გამწარდებაო იმათი სიბრალულით (თანაგრძნობით), ვინც ღვთის მართლმსაჯულებით მოვლენილი ტანჯვა უნდა გადაიტანოს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.

 
10:11. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.
   
 
გამოცხადება იოანეს
   
გმართებს, - ამბობს იგი, - კვლავინდებურად წინასწარმეტყველება, ანუ უწყება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის, - ეს ნიშნავს შემდეგს: როდესაც იოანეს გამოცხადება მიეცა, იგი კუნძულ პატმოსზე იმყოფებოდა და მისჯილი ჰქონდა კეისარ დომიციანეს მიერ საბადოებზე მუშაობა. შესაძლოა, იოანემ იქ დაწერა აპოკალიპსისი და, როდესაც ხანდაზმული იმედოვნებდა ტანჯვის შემდეგ (ნეტარების) მიღებას, (აღმოჩნდა), რომ დომიციანეს მკვლელობის შემდეგ ყველა სასამართლო შეწყდა და იოანე მაღაროებიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით მან გადმოგვცა, ზედმიწევნით გამოაცხადა, რომელიც მან უფლისგან მიიღო. აი, რას ნიშნავს სიტყვები - კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება.
 
მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის. თითქოს ასე ამბობდეს: მას შემდეგ, რაც იხილე ამჯამინდელი საუკუნის აღსასრული და ცოდვილთა მიმართ რისხვა, ნუ წარმოიდგენ, რომ მართლა დადგა აღსასრულის დღე, რადგან მანამდე ბევრი დროა დარჩენილი, რათა იწინასწარმეტყველო მრავალი ტომისა და მეფისთვის. ამიტომ დღემდე წმინდა იოანე წინასწარმეტყველებს სახარების, თვისივე კათოლიკე ეპისტოლეებისა და ამ აპოკალიფსისის საშუალებით. აკი ყველაფერი მის მიერ ნათქვამი სულით არის ნაწინასწარმეტყველები.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 

ამით მითითებულია ის, რომ ყოველივე, საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულადმდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წიგნს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცთურთ (ანდრია კესარიელი) (3).
 
______________________
 
3. შეად. იოანე 21:23-24. გადმოცემა, რომ იოანე კვლავ მოვა ჟამთა აღსასრულს ანტიქრისტესთან საბრძოლველად, პირველად ჩნდება IV ს-ში. ნეტ. ავგუსტინე გადმოსცემს გადმოცემას, რომ იოანე ცოცხლად დაიმარხა ეფესოში და, რომ მიწა საფლავის ქვეშ დღემდე იწევა მისი სუნთქვისგან (7 ტრაქტატი იოანეს სახარებაზე. 124.2). იხ. ასევე ქვემოთ გამოცხ. 11:3 - რედ.).
 
______________________
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ იოანე ამბობს, რომ წიგნი, რომელიც მან შეჭამა, ერთდროულად ტკბილიც იყო და მწარეც, რაც, როგორც ჩანს, ნიშნავს, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული წავა სახარების საქადაგებლად, რაც სიყვარულის გამო ტკბილი იქნება, მაგრამ დევნის გამო - მწარეც, რომლის დათმენაც მოუწევს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
მსოფლიო ქადაგება
   
ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება. განა ოდესმე შეუწყვეტია ეკლესიას ქადაგება, რომ კვლავ იქადაგოს ის, რაც მან იქადაგა? ამასთან, მთელ ქვეყანაზე კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის, რადგან მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ერთი ეკლესია, რომელსაც იგი თავისი ქადაგებით სრულყოფს (4).
 
______________________
 
4. ტიკონიუსს მხედველობაში აქვს დონატისტთა მოძრაობა (IV ს.), რომლებიც მოუწოდებდნენ ქრისტიანული ცხოვრებისკენ, და ასევე უარი ეთქვათ ყრმათა ნათლობაზე და სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე. 411 წელს დონატიზმი დაგმობილ იქნა, როგორც მწვალებლობა - რედ.
 
______________________
 
ტიკონიუსი, ფრაგმენტები.
 
 
11:1-2. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.
   
 
გულის გაზომვა
 
ნათქვამია ადექი არა იმიტომ, რომ იოანე მას მჯდომარე უსმენდა, არამედ იმიტომ, რომ ამ სიტყვით ყველა ადამიანის გულს მოუწოდებენ გაზომონ თავიანთი საქმეები, საღვთო წერილიდან თუ განვმარტავთ. შემდეგ კი ცხადი გახდება, თუ რამდენად შორს წავიდა თითოეული ადამიანი სრულყოფილების გზაზე და რამდნად ეთანადება მისი ცხოვრება საღვთო განკარგულებას.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
რწმენის კვერთხი და საზომი
 
იოანე ლაპარაკობს ძალაუფლებაზე, რომელსაც ის, მსჯავრისგან გათავისუფლებული, მოგვიანებით ეკლესიებში ახორციელებდა. მან ხომ სახარებაც გვიან დაწერა. ვალენტინიანეს, კერინთოსის, ებიონის (მოციქულთა დროინდელი მწვალებლები - რედ.) და სატანის სხვა სწავლებების დროს, რომლებიც მსოფლიოში იყვნენ განთესილნი, მეზობელი ქალაქებიდან მოვიდნენ ეპისკოპოსები და მიმართეს მას (თხოვნით), რათა ჩაეწერა მოწმობა უფლის შესახებ.
 
ხოლო საზომი რწმენისა (ვიქტორინეს საზომი ესმის, როგორც რწმენის საზომი - რედ.) – ეს არის ჩვენი უფლის განკარგულება აღიარონ ყოვლისშემძლე მამა - როგორც ჩვენც ვსწავლობდით, - ასევე მისი ძე, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, შობილი უწინარეს საუკუნეთა სულში, რომელიც განკაცდა და სიკვდილის დამარცხების შემდეგ ხორციელად ატაცებულ იქნა მამის მიერ ზეცად... ასეთია კვერთხი და რწმენის საზომი, რათა მხოლოდ ის თაყვანსსცემდეს სამსხვერპლოსთან, ვინც აღიარებს უფალს და მის ცხებულს.
 
ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე. - ტაძრის გარე ეზო ატრიუმია, კედლებს შორის სივრცე, რომელიც არაფრით არის დაკავებული. მან ბრძანა, რომ იგი ეკლესიიდან გამორიცხონ, როგორც ზედმეტი, რადგან მიეცა იგი წარმართთ გასათელად. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს წარმართები ან წარმართობიდან გამოსულნი გაქელავენ. შემდეგ იგი იმეორებ ს ბოლო ჟამის დაცემისა და ნგრევის შესახებ: და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს. მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი, ანუ სამი წელი და ექვსი თვე. ათას ორას სამოცი დღე არის ორმოცდაორი თვე. ამრიგად, მათი ქადაგება სამი წელი და ექვსი თვე გაგრძელდება და ანტიქრისტეს სამეფოც იმავე ხანს გასტანს.
 
ვიქტორინე პეტავიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ტაძრის ეზო - ახალი აღთქმა
 
წინა ხილვამ წმიდა იოანეს უჩვენა მრავალი წმინდანი, რომლებიც ქრისტესთან იმყოფებიან და ღვთის ტახტს ჭვრეტენ, რომელთა შორისაც ისრაელიანებზე უფრო მეტნი წარმარტები არიან (იხ. გამოცხ. 7:9. - რედ.). და ეს ხილვა აჩვენებს, მას, თუ რამდენი წმინდანი განდიდდა ძველი აღთქმის დროს და რამდენი - ახალი აღთქმისას. და ნახეთ, რამდენად ფაქიზად გამოკვეთს ამას: იოანეს ეძლევა საზომი ლერწამი, რათა გაზომოს ღვთის ტაძარი და საკურთხეველი ტაძარში (როგორც ჩანს, იერუსალიმისა) და აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. და მან გაზომა. ისინი, ვინც ძველი აღთქმის დროს ღმერთს ესათნოვნენ, მათი გაზომვა მცირე რაოდენობის გამო შესაძლებელი იყო.
 
ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ - გაძრის, საკურთხევლისა და მსხვერპლის შემწირველთა გაზომვისას მას მოესმა, რომ უნდა გამოერიცხა ეზო, არ გაეზომა იგი... ნათქვამია, რომ ეზო წარმართებს მიეცათ... ანუ ტაძარსაც ეკუთვნის, და მის გარეშეც რჩება.
   
ახალი აღთქმაც ერთვის ძველს, რადგან, რაც ძველში ჩრდილით იყო დაფარული, სულიერად და ჭეშმარიტად აღესრულება ახალში, რომელიც სხვა აღთქმაა, იერემიას სიტყვების თანახმად: აჰა, დაიდგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან" (იერ. 31:30-31). ასე რომ, ამბობს, რომ ახალი აღთქმა - ეს არის ტაძრის ეზო. შემდეგ ხილვა იდუმალებით მიუთითებს იმაზე, რომ ის, ვისაც ახალ აღთქმაში ეწოდა სახელად ქრისტე და დასაბამი, ძველ აღთქმაში უფალი იყო.
 
მან ახალ აღთქმას ძველი აღთქმის ეზო უწოდა, რადგან ეზო არის სათავე და შესასვლელი ღმერთთან, და არა ტაძარი. ასე რომ, მან არ გაზომა ეზო, რომელიც გულისხმობს მასში მყოფებსაც, ვინაიდან ახალი აღთქმაც და მასში მოქცეულნიც აღთქმის საზღვრებს მიღმა არიან: ერთნი იმიტომ, რომ ისინი გამოუთქმელად ბევრნი არიან, ხოლო სხვა - დოგმატების სიწმინდისა და სიმაღლის გამო.
 
ვინაიდან მიეცათ იგი წარმართთ - ახალი აღთქმის სიკეთენი ასევე მიეცა ისრაელს, მაგრამ რადგან ეზოში მყოფი წარმართთა რიცხვი აღემატება მათ ოდენობას, ვინც ისრაელიდან განდიდდა, ხოლო მთელი კი უმრავლესობით განისაზღვრება, ამიტომ ნათქვამია, რომ მიეცა იგი წარმართთ.
 
და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს - იგი ამბობს ქალაქს, და არა ტაძარს, როდესაც ქალაქს ეკლესიას უწოდებს, რომლის შესახებაც მისი სიტყვებია: ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო, ზეციურო იერუსალიმო, ცაში ჩაწერილ პირმშოთა დედა" (შეად. ფსალმ. 86:3, გალატ. 4:26, ებრ. 12:22-23. - რედ.). რას ნიშნავს ორმოცდაორი თვე? ამით მიანიშნებს, რომ დედამიწაზე მცირე დროით იქნება დაშვებული ახალი აღთქმის ხელმწიფება, რის შემდეგაც დადგება აღსასრული. რადგან რიცხვი ორმოცი, რომელიც შედგება ოთხი ათეულისგან, არ არის სრულყოფილი, ისევე, როგორც რიცხვი ორი. ტექსტში მათი საშუალებით აღნიშნულია, რომ ახალი აღთქმა მიწიერ ცხოვრებაში დიდხანს არ იქნება. ამიტომ წერილი ახალი აღთქმის დროს უწოდებს უკანასკნელ, ანუ მეთერთმეტე ჟამს, როდესაც მხოლოდშობილი განკაცდა. ის კი საუკუნოდ მყოფობს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

 
ეკლესიის გაქელვა
   
უფალი ბრძანებს, გამორიცხოს ამაო რწმენის მონაგონი და ერეტიკოსების, იუდეველებისა და წარმართების მიერ გარეთ მიღებულ ურჯულო წესებში მონაწილეობა, ვინაიდან ასეთები არ უნდა მიუახლოვდნენ წმიდათა წმიდას. მოციქული ამბობს: ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? (1 კორინთ. 5:12). როდესაც ყველა ებრაელი, ერეტიკოსები და წარმართები განუწყვეტლივ თავს დაესხმიან ეკლესიას სხვადასხვა ფორმით, ისინი თითქოს ფეხქვეშ გათელავენ მას. თვეების რაოდენობა არა მხოლოდ მიგვითითებს უკანასკნელ დევნაზე, არამედ აღნიშნავს ქრისტიანობის მთელ დროსაც, იმის გათვალისიწინებით, რომ ქვეყანაში ექვსი ასაკია და შვიდი დღე, რომელთაგან - წარმავალთაგან და მომავალთაგან - შედგება დროის მთელი ხანგრძლივობა. ექვსი გამრავლებული შვიდზე იქნება ორმოცდაორი, რომელი რიცხვიც, ვფიქრობ, ორივე მამრავლზე მიუთითებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება (პრიმაზიუსი ეფუძნება ტიკონიუსს - რედ.).
 
 
გარეთა ეზოში იგულისხმება წარმართთა და იუდეველთა კრებული, რომლებიც თავიანთი ბიწიერების გამო წმინდა ადამიანებთან აღრიცხვის ღირსნი არ არიან (ანუ ანგელოზური განზომილების ღირსნი არ არიან). წმინდა ქალაქის გათელვაში მოიაზრება წმინდა ქალაქ იერუსალიმის ან მსოფლიო ეკლესიის დათრგუნვა 42 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტეს გამოჩენის დროს დევნილნი იქნებიან წმინდა ეკლესია და მისი მორწმუნეები სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება (ანდრია ახსენებს ეკუმენიოსის აზრს, მაგრამ თავის შეხედულებასაც გვთავაზობს - რედ.).


წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому