აპოკალიფსისი > განმარტება
განხორციელებული მომავალი მოციქულ იოანეს მოწმობებში
საზოგადოდ მიღებული განსაზღვრებების თანახმად, ესქატოლოგია არის საღვთისმეტყველო შეხედულებათა სისტემა, რომელიც დღევანდელი სამყაროს სასრულობის აზრს ეფუძნება. ამასთან ქრისტიანული ესქატოლოგიის საფუძველში ძევს რწმენა, რომ ხილული სამყაროს აღსასრული ქრისტეს დიდებით მოსვლით დასრულდება, რომელიც გახდება სამსჯავროს დღე მთელი სამყაროსთვის და დღე ქრისტიანთა გამოხსნისა, რის შემდეგაც ცხონებული კაცობრიობა და მთელი სამყარო გადავა ხარისხობრივად ახალ და სრულყოფილ მდგომარეობაში (რაც შეესაბამება ღმრთის ნების ზეიმს - "როგორც ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა").
რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, - ესქატოლოგიის მარტლმადიდებლური გაგება ტრადიციულად იყოფა ადამიანის საიქიო ცხოვრების ესქატოლოგიად და სამყაროსა და კაცობრიობის მომავალი ხვედრის ესქატოლოგიად.
მაგრამ ესქატოლოგიის დაზუსტებული განსაზღვრებებიც კი ვერ ასახავენ სრულყოფილად იმ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს, რომლებიც თავიანთ ასახვას პოულობენ თორმეტიდან ერთ-ერთი მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის შრომებში. მოციქული იოანე ჯერ კიდევ იმ დროიდან მოწმობს სამყაროსა და ადამიანის "ესქატოლოგიურ" მდგომარეობაზე, როდესაც ის წერს სახარებას და ეპისტოლეებს, რითაც უკვე ახალი აღთქმის იმ პერიოდშივე წარმოიდგენს მას არა მარტო წინარე-ესქატოლოგიური, არამედ, გარკვეული გაგებით "უკვე ესქატოლოგიური" აზრით.
(მსგავსი აზრები, რომლებიც ახასიათებს მოციქულ იოანეს შრომებს, ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში აღინიშნება ტერმინით "განხორციელებული ესქატოლოგია" (ინგლ.: Realized Eschatology, - ჩარლზ ჰაროლდ დოდი, "იგავები სასუფეველზე") ან "რეალიზებული ესქატოლოგია". მაგალითად, არქიმანდრიტი იანუარი (ივლიევი) წიგნში "სახარებისეული ესქატოლოგია" ასე აღწერს მოციქულ იოანეს თხრობის ამ თავისებურებას: "მის სახარებაში ესქატოლოგია რეალიზებულია იესუ ქრისტსეთან მისი შეხვედრისას და ქრისტეს სიტყვით. სამსჯავროს, აღდგომის, მარადიული ცხოვრების ესქატოლოგიური კატეგორიები დღეს არსებულ რეალობად წარმოგვიდგება... სახარების აზრებთან მიახლოვებულ თავის პირველ ეპისტოლეში იოანე აწმყოს ისტორიულ დინამიკაში აღიქვამს, როგორც "უკანასკნელ დროს". ეს დრო აღნიშნულია "ანტიქრისტეთა" გამოსვლით, ის - გარიჟრაჟია სიბნელესა და ნათელს შორის".
ხოლო დ. გატრი ამ თემაზე განხილვისას აღნიშნავს, რომ მოციქული იოანე "გვაძლევს ესქატოლოგიურ სურათს, რომელიც ნამდვილი, აწყო რეალობაა, და არა უბრალოდ მომავალი სასოება").
სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მაცხოვრის მიწიერი ქადაგების მოვლენები მეოთხე სახრებაში წარმოდგენილია, როგორც
არა მარტო სამყაროში თვით ქრისტეს მოვლინება, არამედ როგორც ახალი სულიერი რეალობა,
- რისგანაც გამოდის, რომ იოანე ღვთისმეტყველის წიგნის გამოჩენის მომენტისთვის (ანუ
მინიმუმ ორმოცი წლის გასვლის შემდეგ მაცხოვრის სახარებისეული ქადაგებიდან) ეს რეალობა
სამყაროს მთელი შესაძლო სისრულით წარმოუჩნდა.
(რა თქმა უნდა, იმ
მინიშნებით, რომ ძველ (ქრისტიანობამდელ) სამყაროში ასეთი შესაძლებლობა შეზღუდულია,
რადგან სახარებათა დროებისთვის რეალურია სიტყვები: "ღმრთის სასუფეველი არ მოვა
სააშკარაოდ" (ლუკა 17:20); "ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოანე
18:36) და სხვა).
რაც შეეხება გამოცხადების
წიგნს, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად ეძღვნება მთელი ეს საიტი, - ერთი მხრივ მეოთხე
სახარებისა და მოციქულ იოანეს ეპისტოლეთა "ესქატოლოგიურ" მტკიცებულებათა
ურთიერთშედარება, და მეორე მხრივ გამოცხადების წინასწარმეტყველური სიუჟეტები, დამაჯერებლად
გვიდასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ "განხორციელებული ესქატოლოგიის" ცნება,
რომელიც მოციქულ იოანეს მსოფლმხედველობისთვის არის დამახასიათებელი, იოანე ღვთისმეტყველის
გამოცხადებაში ყველაზე პირდაპირ ასახვასა და გაგრძელებას ჰპოვებს.
(აქ უნდა აღვნიშნოთ,
რომ შემდეგში შემოთავაზებული შეფარდებები არ განიხილავენ საკითხს, თუ რომელ დროს როგორი
რეალობით უნდა შევუფარდოთ გამოცხადების მტკიცებულებები, - ანუ ჯერ-ჯერობით ვსაუბრობთ
მეოთხე სახარებისა და გამოცხადების წიგნის ცალკეული ფრაგმენტების მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობებზე).
ამრიგად, იოანეს სახარებაში (შემდეგ კი გამოცხადების წიგნშიც) ლაპარაკია იმაზე, რომ:
- ქრისტეს სასუფეველი უკვე არსებობს ("მიუგო იესუმ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოანე 18:36)).
შეად.:
"... აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით" (გამოცხ. 12:10).
- ზეცა ქრისტიანთათვის უკვე "ღიაა", და ისინი ხედავენ, თუ როგორ ემსახურებიან ანგელოზები უფალს მის სასუფეველში ("... ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე" (იოანე 1:51)).
შეად.:
"... და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ ... " (გამოცხ. 4:1).
ირიბად - ანგელოზის სიტყვა იოანესადმი, რომელიც ადასტურებს, რომ ანგელოზი არის: "მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს" (გამოცხ. 22:9).
ამასთან ქრისტეს მორწმუნეებს მოციქული იოანე წარადგენს, როგორც:
- უკვე განწმენდილთ ("თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით" (იოანე 15:3)).
შეად.:
"მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის ..." (გამოცხ. 3:5).
"... ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
- უკვე გამართლებულთ ("ვისაც სწამს იგი, არ განისჯება" (იოანე 3:18); "ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, ... არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში")
შეად.:
"ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე..." (გამოცხ. 20:6).
იგივე აზრს შეიცავს მტკიცებულებაც, რომ განისჯებიან "მკვდრები", და არა "ცოცხლები":
"და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები" (გამოცხ. 20:12).
- უკვე გაცოცხლებულად და აღმდგარად ("ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს" (იოანე 5:21); "ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, ... უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში" (იოანე 5:24); "მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება" (იოანე 5:25); "ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება" (1 იოანე 3:14).
შეად.: "... არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე" (გამოცხ. 3:5).
"... გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4).
- უკვე მამის მცოდნეებად და მხილველებად ("მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი" (იოანე 14:7).
შეად.:
"შემდგომ ამისა, გავიხედე... და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე" (გამოცხ. 4:1-2).
"... და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ... ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!" (გამოცხ. 7:9-10).
უკვე მარადიული სიცოცხლის მქონეებად ("ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3:36); "ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 5:24); "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 6:47); "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:54); "ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე" (იოანე 11:26); "ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ... ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე" (1 იოანე 5:12-13).
შეად.:
"ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე..." (გამოცხ. 20:6).
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს სახარების თანახმად სიკვდილიდან
სიცოცხლეში გადასვლა დედამიწაზე ჯერ კიდევ არ არის ყველა მორწმუნეთა საყოველთაო ხვედრი. მრავალი აღდგება მხოლოდ უკანასკნელი
დღის სამსჯავროზე, რაზეც მოწმობს სიტყვები: "ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს
ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ
მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:54); "ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს" (იოანე
11:25); და თვით მოციქულიც კი, რომელიც ქრისტიანული უბიწოების ერთგულია, საკუთარ თავს
არ განაცალკევებს მათგან, ვინც ღმრთის სამსჯავროზე აღდგება მკვდართაგან, რადგან ასე
მორწმუნეებს ის აღნიშნავს სიტყვით "ჩვენ": "ამის წყალობით სიყვარულმა
იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში,
რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს,
რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად"
(1 იოანე 4:17).
ხოლო იმ მტკიცებულებებში, სადაც ეკლესია უპირისპირდება სამყაროს, რწმენა კი - ურწმუნოებას, უსჯულოები და ურწმუნოები წარმოდგენილნი არიან, როგორც:
- უკვე განკითხულნი ("ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (იოანე 3:18); "... რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას" (იოანე 3:36).
შეად.:
"ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 20:15).
- უკვე სიცოცხლის არმქონენი ("... ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს..." (იოანე 3:36); "ვისაც არ უყვარს (ძმა - "აპოკ." რედ.), სიკვდილში რჩება. ... ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული" (1 იოანე 3:14-15); "... ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს" (1 იოანე 5:12).
შეად.:
"... ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.
გარდა ამისა, მოციქული იოანე მოწმობს, რომ ის, ვინც იწოდება "წუთისოფლის თავადად":
- უკვე განდევნილია ("... აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (იოანე 12"31).
შეად.:
"... აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა ... " (გამოცხ. 12:10).
- უკვე ძლეულია ("... მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (იოანე 14:30); "ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი. ... რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი
შეად.:
"სძლიეს მას კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11).
ხოლო "ამა ქვეყნის თავადთან" ერთად ძლეული და განკითხულია თვით ეს ქვეყანაც. თანაც "ეს ქვეყანა" ძლეულია არა მარტო ქრისტეს მიერ, არამედ მის მორწმუნეთა მიერაც ("... მე ვძლიე ქვეყანას" (იოანე 16:33); "თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 იოანე 4:4); "რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი, ჩვენი რწმენა" (1 იოანე 5:4).
შეად.: აღთქმა "მძლეველს" (გამოცხ. 2:7, 11, 17; 3:5, 12, 21, 26; 21:7), ასევე მძლეველთა ხილვა, რომლებიც "იდგნენ ზღვაზე": "და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები" (გამოცხ. 15:2).
ამგვარად, ყველა ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებებში, რომელთა უმეტესობა საკმარისად მკაფიოდ უთითებს ჩვენს (ანუ ახალაღთქმისეულ) დროზე, იხსნება ესქატოლოგიური მნიშვნელობები, რომლებიც უკვე რეალობაში განხორციელდა.
მიუხედავად ამისა, მტკიცება, რომ ეს ყველაფერი უკვე აწმყოშივე წარმოადგენს საყოველთაო სულიერ კანონს, რომელსაც ექვემდებარება და შეესაბამება მთელი სამყარო, ჯერაც არ შეიძლება. მომავალი საუკუნის რეალობას აწმყოში თავისი "ზეციური ჩაწერა" გააჩნია (შეად.: "ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა“ (გალატ. 4:26), - ხოლო დედამიწაზე, ანუ ხილულ სამყაროში, ჯერაც გრძელდება სულიერი ბრძოლა. თანაც ის რეალობა, რომელიც შედეგად ელოდება ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის ყოველ მონაწილეს, იმასთან შესაბამისად შენდება, თუ ვინ რა ზომით მონაწილეობს ამ ბრძოლაში, და როგორი "ინდივიდუალური" შედეგით გამოვა მისგან. შეად.: "... მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში" (გამოცხ. 2:7 და სხვა).
შესაბამისად, "ჟამთა აღსასრულიც" მსოფლიო სულიერი ბრძოლის მონაწილეთათვის არა მარტო და არა იმდენად ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს დადგება, - რამდენადაც იმ დღეთა აღსასრულს, რომელთაც ის დედამიწაზე გაივლის და, რომლითაც საკუთარ მომავალს შექმნის (შეად. – 2 კორინთ. 5:10). ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ კაცთა მთელი მოდგმისთვის მიწიერ სამეფოსა და ზეციერ სასუფეველს შორის ბრძოლა გაგრძელდება "აღსასრულამდე ამა სოფლისა", ხოლო ქრისტეს სრულყოფილი სასუფევლის დადგომა ძალითა და დიდებით მხოლოდ საუკუნო სამსჯავროს დადგომის დღეს მოიწევა, - ყოველი ცალკეული ადამიანისთვის მისი პირადი სულიერი ბრძოლა თავის დროზე დასრულდება (ანუ ყველა ადამიანს ჰქონდა, აქვს და ექნება საკუთარი "ბოლო დღე", რომელის დადგომამდე მას ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი პირადი სულიერი ბრძოლის მეშვეობით გავლენა მოახდინოს თავისი აღსასრულის შემდეგ მოწევნად შედეგებზე).
სწორედ ამ დღეს ადამიანისთვის გაიხსნება ან იესუ ქრისტეს გამოცხადება (შეად. - 1 კორინთ. 13:12; ფლპ. 1:21-23 და ა. შ.) - ან მისი პირადი "სულიერი აპოკალიფსისი" (შეად. – 2 პეტრე 2:17).
(სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ბევრ რამეს იქიდან, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება ბოლო დღეებში ქრისტეს
დიდებით მოსვლამდე, ქრისტიანები დღესვე, ანუ თავიანთი მიწიერი ცხოვრების ყოველდღიურობაში
ხედავენ და განიცდიან).
გარდა ამისა, მოციქული იოანე პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ უკვე მის დროს სამყაროში სუფევდა სული ანტიქრისტესი (1 იოანე 2:18), - ხოლო ამ სულის წინამძღვრობით შემოდიან სამყაროში მაცთურები და ცრუწინასწარმეტყველები:
"საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ... ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესუ ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად (1 იოანე 4:1-3).
"რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესუ ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე" (2 იოანე 1:7).
ეს კი ნიშნავს, რომ ახალი აღთქმის პერიოდი ეს არის დღევანდელი სამყაროს "ბოლო ჟამი": "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18).
(მტკიცებულება იმისა, რომ ყველა ქრისტიანი ცხოვრობს "ბოლო ჟამში"
დასტურდება წმიდა წერილის სხვა ადგილებითაც: 1 პეტ. 1:20, და იუდ. 18, და, ირიბადაც, — 1 ტიმ. 4:1 და 2
ტიმ. 3:1. ხოლო მოციქული პავლე მოწმობს, რომ მაცხოვრის შობამ გვაუწყა "ჟამთა სისრულის" დადგომა (შეად.
გალატ. 4:4), საიდანაც მომდინარეობს ის აზრი, რომ სამყაროს მთელი დარჩენილი ისტორია
შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ იმ დროებათა ბოლო ჟამად, როდესაც სამყარო ჯერ
კიდევ იმ სახით არსებობს, რომელშიც ის ადამიანის ცოდვით დაცემამდე იმყოფებოდა).
მეტიც, მეოთხე სახარებაც, და მოციქულ იოანეს საყოველთაო ეპისტოლეებიც არ იზღუდებიან "ბოლო ჟამის" დადგომის მტკიცებულებებით, - და "ახალი" დროების დაწყებას გვამცნობენ, რომელიც ადამიანის წინაშე ხსნის ახალ და სრულიად სულიერ რეალობას. თანაც ამ მოწმობათა თანახმად "ბოლო ჟამიც" ძველი სამყაროსთვის, და მარდისობის დაწყება ახალი ქმნილებისთვის ახალაღთქმისეულ პერიოდში ერთდროულად არსებობენ, - და ამგვარი "პარალელური არსებობა" ძველი და ახალი რეალობისა გაგრძელდება იმ მომენტამდე, როდესაც ძველი სამყარო და ყველა მისი ბინადარი საშინელი სამსჯავროს წინაშე არ წარსდგება (მათე 25:31-46; იოანე 12:48 და სხვ. შეად.: გამოცხ. 20:11-13).
რაც შეეხება გამოცხადების წიგნს, - მისი მრავალი სიუჟეტი შეიძლება და უნდა აღვიქვათ, კრებითი ესქატოლოგიური მნიშვნელობების გაგრძელებად და შემდგომ გახსნად, რომელიც ახასიათებს მეოთხე სახარებას და მოციქულ იოანეს კათოლიკე (საყოველთაო) ეპისტოლეებს. მათ თანახმად ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველებების აღსრულება, რომლებიც ჟამთა აღსასრულს და მომავალ საუკუნეს ეხებიან, წარმოადგენენ არა მარტო მომავალ სასოებას, არამედ უკვე არსებულ სულიერ რეალობას.
შესაბამისად, დაშვება იმისა, რომ იოანე ღვთისმეტყველის მნიშვნელობები განეკუთვნებიან არა მარტო შორეულ დროებას, როდესაც ყველაფერი ისე დაიწყებს აღსრულებას, თითქოსდა აქამდე არც მომხდარიყოს, და მეტიც, თითქოსდა არც დაწყებულიყოს, საფუძველშივე მცდარია. რადგან იოანეს სახარების განხორციელებულ ესქატოლოგიაში ახალი აღთქმის რეალობა უკვე არსებობს და ვითარდება, - მას უკვე უკავია ცენტრალური ადგილი ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და მსოფლაღქმის პანორამაში. და თუმც ეს ყველაფერი ჯერაც არ მომხდარა მთელი სისრულით, და არ დასრულებულა, - ახალი დროება და ახალი რეალობა, რომელზეც მოწმობს მოციქული იოანე, განუწყვეტლივ და გარდაუვალად მოიწევა. თანაც მოიწევიან, არა როგორც მიწიერი (ასტრონომიული) დროება, რომელიც "ეს-ესაა დგება", ამგვარი ფორმულირებით ის მაინც არ დამდგარა. ახალაღთქმისეული რეალობა მოიწევა ისე, როგორც მოიწევს უძლეველი არმია, უწყვეტად რომ იპყრებს ყოველ ადგილს და ყველაფერს სრულყოფილად ეუფლება.
ხოლო რაკიღა ამ მობრძანების სათავეში დგას თვით იესუ ქრისტე, რომელიც "რომელიც არის, იყო და იქნება" (გამოცხ. 1:4, 8; 4:8), - ვერავითარი დაბრუნება წარსულთან არსად და არანაირ შემთხვევაში შესაძლებელი არ იქნება. ასე რომ, ბოლო დღისთვის ყველაფერი ის, რაც დღეს არსებობს, და განუწყვეტლივ ვითარდება, უბრალოდ მიიღებს ახალაღთქმისეულ სისავსეს და დასრულებულობას.
ამასთან ერთად, უკვე დღესვე ადამიანი "აიღება მიწისგან", როგორც ეს მოხდა შესაქმის დროს, - ხოლო თვით მომავალი სამყარო იქმნება კაცის ძისგან და მასში დამკვიდრებული მარადიული სრული კაცობრიობისგან.
ამიტომაც მათ, ვინც "მიწისგან არიან, არც ადგილი არ ექნებათ ახალ სამყაროში, არც მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან ასეთი ადამიანები მისგან "განიდევნებიან".
ახალი სრულყოფილი სამყარო მომდინარეობს ქრისტესგან და მოიწევა ქრისტეში არა მათთვის, - ასე რომ ისინი ამ რეალობაში უბრალოდ ვერც შევლენ.