აპოკალიფსისი > განმარტება
გამოცხადების წიგნის ძლევამოსილი უწყება
რადგან იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნიში წარმოდგენილი წინასწარმეტყველური ხილვები, ბუკვალურად აღსავსეა "სამხედრო" და "საბრძოლო" სიმბოლიკით, წიგნის ზედაპირული დათვალიერებიდანაც კი შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ მასში ბუკვალურად ნაუწყებია მომავალი ომები, სადაც საბრძოლო ველზე გამოვლენ და ერთმანეთს შეეჯახებიან სხვადასხვა ადამიანური "ჯარები".
მაგრამ ჩვეულებრივ ომებში კონფლიქტის ორივე მხარეს იმყოფებიან "მიწიერი" იმპერიები, სახელმწიფოები და ხალხები, - გამოცხადების წიგნში კი ყოველ სიუჟეტსა და ეპიზოდში, სადაც "ომები", "ჯარები", "ბრძოლა" და "შეტაკებებია" ნახსენები, დაპირისპირების მხარეებს უცვალებლად წარმოადგენენ ისინი, ვისაც შეგვიძლია ვუწოდოთ, ერთი მხრივ - ქრისტეს ეკლესია, და მეორე მხრივ - კაცობრიობის სულიერი მტრები. ასე რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში არსებითად ლაპარაკია ერთადერთ ომზე, - და ერთადერთ უძველეს უკეთურ არმიაზე, რომელიც დროთა განმავლობაშიც არ იცვლის თავის არსს, არამედ რჩება ისეთად, როგორიც იყო წიგნის დაწერის პერიოდშიც.
უკეთურების ეს კოსმიური არმია გამოცხადების წიგნში დახატულია მრავალი განსხვავებული (ერთი შეხედვით) წინასწარმეტყველური სიმბოლოებით, რომლებსაც კონეტქსტიდან გამომდინარე წარმოადგენენ:
კალიები, რომელიც გამოდის უფსკრულის კვამლიდან და, რომელიც "გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, ... მათი ხმა იყო, " როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად" (გამოცხ. 9:7-9).ცხენოსანთა მხედრობა, რომლის რიცხვია "ორასი ათასჯერ ათასი", და რომლის მხედრებს "ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" (გამოცხ. 9:16-17).მხეცი, ამომავალი უფსკრულიდან, რომელიც შეებრძოლება ორ წინასწარმეტყველს იმის შემდეგ, რაც ისინი "აღასრულებენ თავიანთ მოწმობას" (გამოცხ. 11:7).ურჩხული და მისი ანგელოზები, რომლებიც იბრძოდნენ ცაში მთავარანგელოზ მიქაელისა და მისი ანგელოზების წინააღმდეგ, მაგრამ ვერ უძლეს და გადმოგდებულ იქნენ დედამიწაზე (გამოცხ. 12:7-9).მიწაზე გადმოგდებული ურჩხული, რომელიც იბრძვის "ქალის თესლის" წინააღმდეგ, "რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუს მოწმობა" (გამოცხ. 12:17).მთელი დედამიწა და მიწის მკვიდრნი, რომლებმაც თაყვანი სცეს "ურჩხულს" და "მხეცს", რადგან ისინი მოწყლულნი იქნენ მხეცის ძალით და ვერ ხედავენ მისთან შებრძოლების ვერანაირ შესაძლებლობას (გამოცხ. 13:3-4).მხეცი, რომელსაც აქვს ძალა "წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7).სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი, რომლებიც გამოდიან "ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით... და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს (გამოცხ. 16:13-14).ათი მეფე (მხეცის ათი რქა), რომლებიც "მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:16), შემდეგ კი გამოვლენ კრავის წინააღმდეგ საბრძოლველად, "მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე" (გამოცხ. 17:12-14).მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, "რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას" (გამოცხ. 19:19), რის შემდეგაც "მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, ... ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში", ხოლო მათი მომხრე მხედრობა "მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს" (გამოცხ. 19:20-21).სატანა, რომელმაც აცდუნა ხალხები და შეკრიბა ისინი ქვეყნიერების ოთხივ კუთხიდან საბრძოლველად, რის შემდეგაც გარს შემოადგებიან "წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს", მაგრამ დაიღუპებიან ცეცხლში, - "ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი" (გამოცხ. 20:9-10).
გარდა ამისა, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ლაპარაკობს "დევნილებზე" და "დამარცხებულებზე" (გამოცხ. 11:7; 12:13; 13:7); სისხლსა და სისხლისღვრაზე (გამოცხ. 6:10,12; 8:7-8; 11:6; 14:20; 16:3-4,6; 17:6; 18:24; 19:2-3); "მოკლულებსა" და "შემუსვრილებზე" (გამოცხ. 2:13; 6:4,8-9,11; 8:9,11; 9:6,15,18,21; 11:5,18; 13:10,15; 16:3; 18:24; 19:21); ასევე ყოველივე ამის თანხმლებ ტანჯვებზე, წამებებსა და უბედურებებზე (გამოცხ. 8:13; 9:5,12; 11:10,14; 12:12; 14:10-11; 16:10-11; 18:7,10,15-16,19; 20:10), — ასე რომ, წიგნში წარმოდგენილი ძალადობის, ომებისა და უბედურებების მწკრივი თითქოსდა არც მთავრდება; და რადგან ჩვეულებრივ მხატვრულ ლიტერატურაშიც ძნელია იპოვო მაგალითები, სადაც "ბატალური სცენები", მკვლელობები და სისხლისღვრანი ესოდენ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდნენ თხზულებაში, - ეს მძიმე და უსიხარულო სურათი გარდაუვალ ანაბეჭდს ტოვებს მთელი წიგნის ზოგად ემოციურ აღქმაზე.
მაგრამ თუ გონივრულად შევხედავთ გამოცხადების წიგნის "საომარ" სიმბოლოებს, გასაგები ხდება, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც კაცობრიობას ასე არყევს ეს დაუსრულებელი უბედურებები, არის თვით ქვეყნიერება, - და უპირველეს ყოვლისა მისი სულიერი ბელადები, რომლებიც აპროვოცირებენ და შობენ უსასრულო და უსაზღვრო უკეთურებებს, უსჯულოებას და მკრეხელობებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან გამოცხადების წიგნის სიუჟეტთა უმეტესობა მოიცავს სიკეთისა და ბოროტების მსოფლიო დაპირისპირებას, რომელიც ხილული სამყაროს უკანასკნელ დღემდე გაგრძელდება, - ზემოთმოტანილ მრავალრიცხოვან მოწმობათა ერთი ნაწილი, მოწმობს იმ ომზე საღმრთო სჯულის წინააღმდეგ, რომელსაც ეწევიან ძველი სამყაროს ხილული და უხილავი ბინადრები; ხოლო მეორე ნაწილი იუწყება სამართლიან შურისგებას იმ უწყვეტი უსჯულოებისთვის, რომელშიც ნთქავენ ქვეყნიერებას მისი "ბუნებრივი" ბინადრები. თანაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებაზე მოწევნული ტანჯვა და უბედურებები არ იკრძალება, არამედ ზეგარდმო არის დაშვებული, - ამგვარ დაშვებაში ბოროტება არ მრავლდება, რადგან საღმრთო განსაზღვრებანი ყველგან და ყველაფერში სამართლიანია, ხოლო უზენაესის სასჯელები და სამართალი შეუდარებლად კაცთმოყვრული და მოწყალეა იმ მზაკვარ ჰუმანურობაზე, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ ამრავლებს უკეთურობას, უსჯულოებას და სისხლისღვრას.
შესაბამისად, იმ ეპიზოდებსა და ვითარებებშიც, სადაც ლაპარაკია ბოროტებისადმი "ფიზიკურ" შურისგებაზე, - უფალი ამგვარი მოქმედებებით ყოველთვის გზას უღობავს უმეტეს ბოროტებას, და ყველა სხვა უსჯულოთ აძლევს დროს და შესაძლებლობას გამოფხიზლების, მოქცევისა და სინანულისთვის (თუმცა, მცირედნი თუ შეიგნებენ ამას და მოექცევიან სინანულით), შეად.:
"დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (გამოცხ. 19:20-21).
"და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 16:11).
მიუხედავად ამისა, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ძირითად აზრს ამ ოდითგანდელი, ხანგრძლივი და მომავალი ომების ვითარებათა აღწერა როდი წარმოადგენს. არც ამ ბოროტების ჩამდენთა მიმართ გარდაუვალი სამართლიანი მსჯავრის უწყებაა მისი მიზანი.
გამოცხადების წიგნის მთავარ და ძირითად უწყებას წარმოადგენს უდავო, სრული და საბოლოო გამარჯვება მებრძოლი ეკლესიისა, - ანუ გლობალური და ყოველმხრივი მოწმობა იმის შესახებ, რომ ეკლესია არა უბრალოდ მორჩილებითა და მოთმინებით იბრძვის ბნელეთის მხედრობის წინააღმდეგ (ბუკვალურად "ჯერ კიდევ სისხლამდე" (ებრ. 12:4)), არამედ განუხრელად ახორციელებს ქვეყნიერებაში მაცხოვრის უკვე აღსრულებულ გამარჯვებას, შეად.:
"ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას" (იოანე 16:33).
"მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას" (გამოცხ. 5:5).
"თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 ინ. 4:4).
"იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11).
"და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები" (გამოცხ. 15:2).
"რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?" (1 ინ. 5:4-5).
ცხადია, რომ ამ უდიადესი გამარჯვების სამყაროსეული სისავსე გამოჩნდება მეორედ მოსვლის დღეს (ინ. 6:39-40; 6:54; 1 კორინთ. 15:24), - ეს დღე "ბოლო" გახდება ცოდვისა და უსჯულოებისთვის (ინ. 12:48 და ა. შ.). ხოლო ისინი, ვინც მთელი ეს წლები, ასწლეულები და ათასწლეულები რწმენით მისდევდნენ მაცხოვარს (მიუხედავად მათ წინააღმდეგ აღმართული საშინელი ბარიერებისა, ენით აუწერელი სატანჯველებისა და დევნულებებისა), - ყველანი, გამონაკლისის გარეშე, შეუერთდებიან ყოველმხრივ, ყოვლისმომცველ და სრულ გამარჯვებას, რომელიც გააერთიანებს და განადიდებს კონკრეტული ადამიანების ყველა ცალკეულ მცირე გამარჯვებებს ბნელ ძალთა ბოროტების სხვადასხვა გამოვლინებებზე, და ყველა მცირე თუ დიდ გამარჯვებებს ქრისტეს ეკლესიისა, რომელიც მას აღუსრულებია დროითა და ვითარებებით შეზღუდულ პერიოდებში.
ასე რომ, შედეგად, ყველა ეს მრავალრიცხოვანი და მრავალგვაროვანი გამარჯვება ერთ საყოველთაო და სრულ გამარჯვებად გაერთიანდება ღმრთისა და კაცობრიობის ერთობის ყოვლისმომცველ ზეიმზე.
"მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე" (გამოცხ. 3:21).
"ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან" (გამოცხ. 17:14).
ამასთან გამოცხადების წიგნის ყოველი ცალკე აღებული სიუჟეტი, მასში აღწერილი მოვლენისგან დამოუკიდებლად, მთავრდება ქრისტეს ეკლესიის ზეიმის აღწერით, - ხოლო ყოველი სიმბოლური ხაზისა და მთელი გამოცხადების წიგნის დასრულება, ისევე როგორც მთელი წმ. წერილისა და მსოფლიო ქრისტიანობის მიწიერი მოგზაურობისა, წარმოგვიდგება არა შურისგებად ბოროტების მიმართ, არამედ უსასრულო და კურთხეული საუკუნის დადგომად, როგორც "ცაში, ასევე მიწაზეც", შეად.:
"მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 11:15).
ასე რომ, გამოცხადების წიგნი, უმთავრესად, ღირებულია იმიტომ, რომ გამოხატავს სულიერ ომს სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის მაქსიმალური სისრულითა და ყოვლისმომცველობით, რის წყალობით მორწმუნე ადამიანი ხედავს, რომ ის მარტო კი არ ებრძვის ბოროტებას, არამედ ღმრთისა და მთელი ზეციური ეკლესიის შეწევნით. ამ წიგნში ყველაზე ღირებული არის ის, რომ ის გვიხსნის ომის საბოლოო შედეგს, რომელშიც ჩვენ ყველანი, ნებსით თუ უნებლიეთ, ვართ ჩართულნი, კერძოდ: ეშმაკის სრული მარცხი, ბოროტების მისი არმიის დასჯა, და მარადიული ჯილდო მათ, ვინც ებრძოდა ეშმაკს და არ დანებდა მას. რა შეიძლება იმაზე სასიხარულო იყოს, რომ ბოლოს და ბოლოს სიკეთე და სიცოცხლე გაიმარჯვებენ ბოროტებასა და სიბნელეზე!
შესაბამისად, გამოცხადების წიგნის უკანასკნელ მოწმობებში, მოჩვენებითად დაუსრულებელი სისხლისღვრანი, ტანჯვანი და წამებანი სამუდამოდ დასრულდება. და თუკი წინა თავებში აღწერილი რყევანი და უბედურებანი აოგნებდა წარმოსახვას, - სამყაროს ისტორიის თვით ყველაზე დიადი და ბრწყინვალე ზეიმის პანორამა, სრულყოფილი გამარჯვების სულიერი სიდიადე და მომავალი კურთხეული საუკუნის მშვენიერება, ადამიანის ყოველგვარ წარმოსახვაზე აღმატებული აღმოჩნდება.