აპოკალიფსისი > განმარტება
ეზეკიელის ხილვის "დიდი ტაძარი" და ესაიას წინასწარმეტყველების "საყოველთაო კარავი"
ჩვენი საიტის სტატიებში უკვე გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნი ახალაღთმისეული აზრით წარმოგვიჩენს ყველაზე ძნელად გასააზრებელ ბიბლიურ მოწმობებს, - ხოლო ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილს ძველაღთმისეულ წერილში წარმოადგენს ეზეკიელის "სატაძრო" ხილვა (ეზეკ. 40 – 47), სადაც წარმოდგენილია ორი სხვადასხვა ტაძარი, რომელთაგან პირველი ხელთქმნილია, და შეესაბამება ძველაღთქმისეულ დროებას, - მეორე კი გვიხატავს კარავს, რომელიც შეესაბამება იმ სულიერ რეალიებს, რომლებიც მომავალ აღთქმასთან ერთად მოვლენ სამყაროში.
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელისთვის ნაჩვენებ პირველ ტაძარში, ის ადგილი, რომელსაც ეწოდება "წმიდა წმიდათა", სულ ოცი წყრთისაა სიგრძეში და ოცი სიგანეში (ეზეკ. 41:4), რაც ზუსტად შეესაბამება მოსეს საველე კარავსა და იერუსალიმის ხელთქმნილ ტაძარს. და თუმც ამ ზომებთან შესაბამისად აგებული იერუსალიმის სოლომონის ტაძარი ეზეკიელის მიერ უწყებული განსაკუთრებული "სატაძრო" წინასწარმეტყველების მომენტისთვის უკვე განწირული იყო დასანგრევად, - ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ეს ძველაღთქმისეული ტაძარი უნდა აღდგენილიყო (დროებით) იმავე ადგილას, იმავე პრინციპებით და სქემით (ანუ ნიმუშებითა და ზომებით, რომელიც მიეცა მოსეს სინას მთაზე, შემდეგ კი "ქვაში" განახორციელეს დავითმა და სოლომონმა).
ამასთან, ეზეკიელისთვის გამოცხადებულ "მეორე ტაძარში", "წმიდა წმიდათას" სიონის მთის მთელი მწვერვალი უჭირავს, - და ის სივრცეც, რომელიც მის ირგვლივაა:
"ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული" (ეზეკ. 43:12).
შესაბამისად, ამ "დიდი ტაძრის" ზოგადი გაბარიტებიც გასაოცრად განსხვავდებიან იმ ზომებისგან, რომლებიც გააჩნდათ სატაძრო მთაზე არსებულ ხელთქმნილ ნაგებობებს ბუკვალურ იერუსალიმში.
ასე, მაგალითად, თუკი პირველი აღთქმის კარავში ყველაფერი იზომებოდა "ათეულობით წყრთაში" (10 წყრთა დაახლოებით 5 მეტრია) – "ეზეკიელის მეორე ტაძართან" მიმართებაში ლაპარაკია უკვე ათეულობით ათას "ლერწმის ხელჯოხზე" (ბერძნ. "κάλαμος " ("კალამოს"). იხ. ეზეკ. 40:3) (სადაც ერთი ათასი ლერწმის ხელჯოხი უკვე 3 კილომეტრს აღემატება), შეად.:
"როცა წილისყრით დაანაწილებთ ქვეყანას სამკვიდროდ, გამოუყავით უფალს წმიდა ადგილი ქვეყანაში სიგრძით ოცდახუთი ათასი ხელჯოხი და სიგანით ათასი ხელჯოხი; ეს წმიდა უნდა იყოს მთელს მის საზღვარში, ირგვლივ. აქედან საწმიდარად იყოს ოთხკუთხი ნაკვეთი ხუთასი ხელჯოხი ხუთასზე, ირგვლივ, და ორმოცდაათი ხელჯოხი მის შემოგარედ, ირგვლივ. ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას ხელჯოხს და სიგანით ათი ათას ხელჯოხს; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა" (ეზეკ. 45:1-3).
რაც შეეხება მნიშვნელობათა განსხვავებას "ძველ" და "ახალ" ტაძრებს შორის ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში, - ეს განსხვავებანი ბევრად უფრო არსებითია, ვიდრე განსხვავება მათ "ზომებში". რადგან მომავალ "დიდ ტაძარში" წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხედავს სამყაროს უდიადეს სიწმიდეს, ანუ ღმრთის საყდარს, რომელზეც არა სიმბოლურად, არამედ ბუკვალურად დაბრძანდება თვით უფალი თავისი ჭეშმარიტი დიდებით შემოსილი (ეზეკ. 13:2-7 შეად. მთ. 23:22).
ზუსტად ასეთივე მოწმობებია მოცემული ესაიას წიგნშიც, სადაც წინასწარმეტყველი ლაპარაკობს სიონის მთაზე, როგორც განსაკუთრებულ "სულიერ სივრცეზე", სადაც შეიქმნება ღვთაებრივი "საფარველი" და "კარავი", რომელიც დაიფარავს ყველაფერს, რაც პატივდებულია ეკლესიაში, როგორც წმიდა და სიწმიდე (თვით სიტყვა "კარავი", ბერძნ. σκηνή, ბუკვალურად ნიშნავს "კარავს"):
"სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ, როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში" (ეს. 4:3-6).
მაშასადამე, წინასწარმეტყველი ეზეკიელი, და წინასწარმეტყველი ესაიაც, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ერთი აზრით, თავიანთ მოწმობებში იუწყებიან დროებასა და მოვლენებს, როდესაც სიონის მთაზე გამშვენებულ იქნება მსოფლიო მასშტაბის სრულიად განსაკუთრებული და სიწმიდის უპრეცედენტო დონის მქონე საწმიდარი, რომელიც განდიდებულ იქნება არა სიტყვიერი დადგენილებებითა და განწესებებით, არამედ მასში ღმრთის საყდრის მყოფობით და მასშივე თვით უფლისმიერი მღვდელმოქმედებით (ანუ თვით უფალი იქნება ამ საწმიდარის მღვდელმთავარი, და იქნება მასში მუდმივად, იქ შემსვლელთ კი ეს საწმიდარი მიანიჭებს მარადიულ გამოსყიდვას, შეად. - ლევ. 16:32-34; ებრ. 8:1-2; 9:6-12).
გარდა ამისა, ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა თანახმად ამ საწმიდარის დროს სიონის მთაზე შეკრებილ კრებულს (ანუ ქრისტეს ეკლესიას) ექნება ზეციური საფარველი (კარავი), - ხოლო მიწიერ ქრისტიანულ საკრებულოთა (ეკლესიათა) "მიწიერი ხეტიალს" თან დაერთვება საკვირველი მოვლენები, რომელიც ძველაღთქმისეული გამოსვლისთვის იყო თვისობრივი (ანუ მაშინ, როდესაც ძველი ისრაელი "გადადიოდა უდაბნოს" (ეს. 4:5-6 შეად. გამ. 13:21; 1 პეტ. 1:17; გამოცხ. 12:6)).
მაგრამ, რადგან სამყაროში ასეთი მნიშვნელობისა და ასეთი სულიერი მასშტაბის მქონე ხელთუქმნელი კარვის დამყარებამ უნდა შეარყიოს სამყაროს ყოველი საფეხური, - ერთ-ერთ მკაფიო ნიშნად იმ დროინდელი გლობალური ცვლილებებისა, რომლებიც კარდინალურად შეცვლის ყოველ ხილულს და უხილავს სამყაროში, გამოვა საყოველთაო კატაკლიზმები, რომლებიც პირდაპირ არიან კავშირში უმთავრეს ახალაღთქმისეულ მოვლენებთან. ასე, მაგალითად, მახარობლები ადასტურებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს ცაში გაშავდა მზე ("...წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. დაბნელდა მზე..." (ლკ. 23:44-45, იგივე იხ. მთ. 27:45), - ხოლო მიწა შეირყა თავის საფუძვლებამდე ("... იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი" (მთ. 27:51, შეად. – 2 მეფ. 22:8; ფსალმ. 17:8)).
რაც შეეხება უხილავ რეალობას, - სამყაროს სულიერ სტრუქტურაში მოხდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მომენტალურად აისახა ამ უხილავი რეალობის ხილულ ხატზე, ანუ იერუსალიმის ხელთქმნილ ტაძარზე.
(აქ
შეიძლება შევნიშნოთ, რომ ძველაღთქმისეულ პერიოდში ამ ტაძარში იყო ორი სტოა, რომელსაც
ეწოდებოდა "წმიდათა" და "წმიდა წმიდათა" და, რომლებიც ერთმანეთისგან
გაყოფილნი იყვნენ მთლიანი კრეტსაბმელით (ფარდით). თანაც კრეტსაბმელს მიღმა, "წმიდა
წმიდათაში" შესვლა, სადაც იმყოფებოდა უდიდესი სიწმიდე - აღთქმის ხელთქმნილი კიდობანი,
შესვლა ნებადართული იყო წელიწადში ერთხელ, თანაც ამისი უფლება ჰქონდათ მხოლოდ აარონის
მოდგმის მღვდელმთავრებს.
მაგრამ
ახალი აღთქმის მოვლენებში ეს გამყოფი კრეტსაბმელი როგორც ნათქვამია, "ორად გაიხა,
ზემოდან ქვემომდე" (მთ. 27:51; ლკ. 23:45), რამაც მოასწავა ცვლილებები, რომლებიც
სცილდებოდა სამღვდელოების "შერჩევის" ჩარჩოებს, ღმრთისმსახურების წეს-განგებას
და სხვა ბუკვალურ დაწესებებს (იხ. ებრ. 7:12), და ასახა ცვლილებები, რომელიც მოხდა
სამყაროს სულიერი არქიტექტურის ყველაზე ღრმა, "საბაზისო" დონეზე).
მეტიც, ახალაღთქმისეული წმიდა ტექსტები მოწმობენ იმაზე, რომ ქრისტეს აღდგომის დროს "განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა..." (მთ. 27:52-53; ებრ. 12:22), - თანაც ყველა აღმდგარი მიჰყვა ქრისტეს და შევიდნენ "წმიდა ქალაქში", ანუ ზეცაში (შეად. - მთ. 27:52-53; ებრ. 12:22), - ხოლო მსგავსი მოვლენა და მდგომარეობა ძველაღთქმისეული დროებისთვის წარმოუდგენელი იყო.
ასე, მაგალითად, მოც. იოანე ღვთისმეტყველის თანამედროვე და მოწაფე, მღვდელმოწ. ეგნატე ღმერთშემოსილი თავის ეპისტოლეში "ეფესელთა მიმართ" ორიოდ სიტყვით გადმოგვცემს აღსრულებულ ახალაღთქმისეულ ცვლილებათა მასშტაბებს, რომელიც მიუწვდომელი იყო ძველაღთქმისეული ღვთისმეტყველებისთვის:
"ამ დროიდან დაეცა ყოველგვარი მაგია, და ბოროტების ყოველი საკვრელი გაიხა, გარდახდა უმეცრება, და ძველი სამეფო დაემხო: რადგან განკაცდა ღმერთი მარადიული ცხოვრების გასაახლებლად, და დასაბამი მიეცა იმას, რაც მომზადებული იყო ღმერთთან. ამ დროიდან ყველაფერი ირყეოდა, რამეთუ საქმე მიდიოდა სიკვდილის დარღვევისკენ".
შესაბამისად, მთელი ამ რყევების დამამთავრებელი მოვლენა - რომაელთა მიერ იერუსალიმის ხელთქმნილი ტაძრის დანგრევა უნდა აღვიქვათ არა მარტო "ისტორიულ განკერძოებად", რომელიც ეხება ლოკალურ მოვლენებსა და ტაძრის ნაგებობას, - არამედ საყოველთაო ახალაღთქმისეულ ნიშნად, რომელმაც მსოფლიოს აუწყა, რომ ადრინდელი სამყარო საბოლოოდ დაეცა (შეად. – "ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი" (ებრ. 9:8) და ადგილი დაუთმო ქრისტეში დაბადებულ სულიერ რეალობას, რომლის ცენტრში იმყოფება მაცხოვრის მიერ დაფუძნებული და კურთხეული სრულყოფილი კარავი ახალი აღთქმისა.