განმარტება - ეკლესიის დაცვა "ოთხი ქარისგან" (გამოცხ. 7:1) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ეკლესიის დაცვა "ოთხი ქარისგან"
(გამოცხ. 7:1)
აპოკალიფსისის ქარები
"შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (გამოცხ. 7:1).
 
 
ოთხი ანგელოზის სიმბოლო, რომლებიც "ქვეყნის ოთხსავ კიდეზე დგანან", თანამედროვე ადამიანში ერთგვარ გაუგებრობას იწვევს, - რადგან დღეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პლანეტა დედამიწას ბურთისებრი (პოლუსებისკენ ოდნავ შეწეულია, მაგრამ ამასთანავე არანაირი "კუთხეები" არ გააჩნია) (1).
 
___________________
   
1. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ დედამიწის ბურთისებრი (ან კვერცხისებრი) ფორმა არც ყოველთვის იყო გაზიარებული და არც ახლა. არსებობენ მეცნიერები და მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ეჭვ ქვეშ აყენებენ დედამიწის სფეროსებრი (ბურთისებრი) ფორმის არსებობას. ამ გამოკვლევათა მიხედვით დედამიწა მრგვალია (ის არ არის ოთხკუთხედი ან მრავალკუთხედი), მაგრამ ბრტყელია (ამობურცული თეფშივითაა). ეს თეორია, ცხადია, ყველასთვის მისაღები არ არის და ამ საგანზე ჩვენ აქ ყურადღებას არ შევაჩერებთ. უბრალოდ იმისი აღნიშვნა გვსურს, რომ დედამიწის ბურთისებრი ფორმის იდეა ერთადერთი არ არის და საყოველთაოდ ის მხოლოდ ოფიციალური მეცნიერების მიერ არის აღიარებული. – "აპოკ." რედ.
 
___________________
 
მაგრამ თუკი გამოცხადების წიგნის ხილვებსა და მოწმობებს არ დავუპირისპირებთ საბუნებისმეტყველო ფაქტებს, არამედ წმ. წერილისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმის ჩარჩოებში განვიხილავთ, - არსებობს აზრი კვლავ დავუბრუნდეთ იმ ეპიზოდეს, სადაც მეხუთე ბეჭდის მოხსნის შემდგომდროინდელ მოვლენებში მოხსენიებული იყო განსაკუთრებული საყოველთაო საკურთხეველი (გამოცხ. 6:9), რომელიც რეალობაში ახორციელებს წინასახეობრივ სიმბოლოს, რომელიც მონიშნულია ყოვლადდასაწველი მსხვერპლის სპილენძის სამსხვერპლოში და მოსეს ხელთქმნილი კარვის შიდა ეზოში იდგა (ადრე უკვე ვლაპარაკობდით, რომ ეს სამსხვერპლო იყო ოთხკუთხოვანი, მას ყოველ თავის კუთხეზე "სპილენძის რქა" ჰქონდა, - რაც სიმბოლური აზრით მთელ "სულიერ დედამიწაზე" მიანიშნებდა).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწმობაში ოთხი ანგელოზის შესახებ, რომლებიც "ქვეყნის ოთხსავ კიდეზე იდგნენ", არ არის არც "გეოგრაფიული" და არც "კოსმოლოგიური" აზრი, რადგან ეს ხილვა პირდაპირ უკავშირდება მოვლენებს, რომლებიც წარმოჩინდა მეხუთე და მეექვსე ბეჭდებს ქვეშ, და წარმოადგენს ოთხ ანგელოზს ოთხი რქებით (ძალის ბიბლიური ხატება) საყოველთაო ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოზე, რომლებიც "მიწის ოთხი ქარისგან" იცავენ ყველაფერს, რაც კი ამ სამსხვერპლოზეა (ანუ იცავენ სხვა ძალებისგან, რომლებიც, მათი სახელწოდებების თანახმად, "ეკუთვნიან" მიწას, მაგრამ მის საზიანოდ მოქმედებენ, შეად.: გამოცხ. 7:2-3; დანიელ. 8:8 და სხვა).
("ოთხ მავნე ქარზე" ლაპარაკი იქნება მოგვიანებით, - ხოლო ის ფაქტი, რომ ოთხი ანგელოზი იცავს ახალაღთქმისეულ სამსხვერპლოს გარეგანი ზემოქმედებებისგან, მოწმობს მათზე, როგორც სამყაროსეულ ძალებზე, რომლებსაც ზეციური მხედრობა წარმოადგენს. თანაც ყველაზე გამარტივეული აზრით "სამსხვერპლოს დაცვა ქარისგან" შეიძლება გონისმიერად წარმოვიდგინოთ, - ხელთქმნილი სპილენძის სამსხვერპლო ხომ საველე კარვის გარეთა ეზოში იდგა, ასე რომ სინას უდაბნოს ძლიერი ქარების დროს მასზე წმიდა და "ჩაუქრობელი" ცეცხლის შენარჩუნება ფრიად ძნელი იყო.

ამასთან ჯეროვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წმ. წერილის მოწმობანი ერთმანეთისგან განყოფენ "მიწიერ ძალებს/ქარებს" და "ზეციურ ქარებს", წარმოადგენენ რა მათ ურთიერთსაპირისპიროდ, შეად.: დან 8:8; ზაქ. 1:18-21 და სხვა).
გარდა ამისა, ღმრთის ოთხი ანგელოზის ხატებაში, რომლებიც "მიწის ოთხ ქარს" აკავებენ, დახატულია კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი აზრი, რომელიც გამოცხადების მოწმობას ზაქარიას წიგნის წინასწარმეტყველურ სიმბოლოებს უკავშირებს.
 
ასე, მაგალითად, ზაქ. 1:18-21-ში ნახსენებია "ოთხი რქა", რომელმაც მიწაზე გაფანტა ღმრთის ერი, - ხოლო "ოთხი მჭედელის" ხატებაში წარმოდგენილნი არიან ღმრთის ანგელოზები, რომლებმაც უნდა დააშინონ "გამფანტველები" და "რქები დაახრევინონ ხალხებს", რომლებიც აღიძვრებიან იუდას წინააღმდეგ და ისრაელის მიწას ქელავენ:
 
"კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი. და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი. ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად" (ზაქ. 1:17-21).
 
თანაც შემდეგში წინასწარმეტყველი ზაქარია მოწმობს იმის შესახებ, რომ ღმრთის ერი უკიდურესად საჭიროებდა "ოთხი მჭედლის" (ანუ ღმრთის ანგელოზთა) გამოჩენას, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ღმრთის ერის დაებრუნებინათ ბაბილონის ტყვეობიდან და აღედგინათ იერუსალიმი. ამ მოწმობის შემდეგ კი მოვლენათა არენაზე გამოდის კაცი "გამზომი ლარით ხელში" (ზაქ. 2:1-2), რომელიც უკვე თავისთავად დიდი "სატაძრო" მშენებლობის დასაწყისის სიმბოლოს წარმოადგენს.
(აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "კაცი გამზომი ლარით ხელში" ზაქარიას წიგნიდან პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ წინასწარმეტყველურ მოქმედებასთან, რაც დაკავშირებულია "ტაძრისა და საკურთხევლის გაზომვასთან", რომელიც აღწერილია გამოცხადების წიგნის 11-ე თავში, შეად. - გამოცხ. 11:1-2).
ასე რომ, ახალაღთქმისეული გამოცხადების შუქზე ზაქარიას წინასწარმეტყველური ხილვა ჟღერს, როგორც მოწოდება ღმრთის ერისადმი დატოვოს უკეთური ბაბილონი, რათა აღაშენოს და დაამკვიდროს ზეციური იერუსალიმი, შეად.:
 
"ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი. ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ! ... იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან" (ზაქ. 2:6-11).
(სიტყვამ მოიტანა და, "სიონის გახარებული ასული" ყველა შემთხვევაში წარმოადგენს ახალი აღთქმის დროების სიმბოლოს, შეად.: ზაქ. 99:9; ინ. 12:14-15; სოფ. 3:8-14 და ა. შ.).
ამრიგად, ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ გამოცხადების ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაყენებულნი არიან საყოველთაო ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს დასაცავად, წარმოადგენენ ახალაღთქმისეული სულიერი აღმშენებლობის სიმბოლოს, - ხოლო ამ ანგელოზების მიერ "მიწის ოთხი ქარის" შეკავება არის ღმრთის განსაკუთრებული ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ეკლესიის დაფუძნებას და დედამიწაზე ქრისტიანული სამსხვერპლო მსახურების დამტკიცებას. თანაც ეს სრულდება ზაქარიას წიგნში აღწერილი "ზეციური შეწევნის" სრული შესაბამისობით, რომელიც ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელის გამოსვლის დროს მიმართული იყო ქვეყნიერებისკენ, რათა "შეეკრა" წარმართები, რომლებიც იბრძოდნენ ხელთქმნილი ტაძრის აღდგენისა და ქალაქ იერუსალიმის წინააღმდეგ (შეად. - ზაქ 1:13-21; 6:1-8, 15; 2 კორინთ. 6:2 და სხვა.).
 
რაც შეეხება "მიწის", "ზღვისა" და "ხეების" სიმბოლოებს - შესაბამისი წინასწარმეტყველური აზრები დეტალურად იქნება განხილული სტატიებში "შვიდი ანგელოზის შვიდი საყვირი" (გამოცხ. 8) და "უკანასკნელი მრისხანების შვიდი თასი" (გამოცხ. 16).

______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому