განმარტება - დიდი ურვიდან მოსულნი (გამოცხ. 7:13-14) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
დიდი ურვიდან მოსულნი
(გამოცხ. 7:13-14)
დიდი ურვიდან მოსულნი
"მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან? მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" (გამოცხ. 7:13-14).
 
 
როგორც უკვე შესაბამის პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, იდუმალთმხილველი არ ახდენს ზეციური მხცოვნების "პერსონალიზაციას", ამიტომაც გამოცხ. 7:13-ში უხუცესს, რომელმაც მას შეკითხვით მიმართა არც სახელს უწოდებს, არც მოციქულად სახელდებს და არც წინასწარმეტყველად, არამედ "ერთ უხუცესად" (მრავალთაგან). თანაც იდუმალთმხილველი მეორედ ხდება მისთვის გამოცხადებული წინასწარმეტყველური ხილვის პირდაპირი მონაწილე, - აქ ხომ მისთვის გამოცხადებული ერთ-ერთი პერსონაჟი მასთან პირდაპირ დიალოგში შედის (შეად. გამოცხ. 5:4-5).
 
ამასთან არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ კითხვა, რომელიც "ერთ-ერთმა უხუცესმა" დასვა, გაუჩნდა თვით მოც. იოანეს, - მაგრამ ამ კითხვის არსი მდგომარეობდა არა იმაში, თუ რომელ "მიწიერ" ხალხებს ეკუთვნოდნენ "განსპეტაკებული სამოსით" შემოსილი ადამიანები (რადგან ის, რომ ეს ადამიანები არიან "ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან", უფრო ადრე იყო ნათქვამი (იხ. გამოცხ. 7:9)), არამედ გულისხმისყოფასა და შეგნებაში იმ გზისა, რომელიც გამოიარეს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა იმისთვის, რათა დიდებულ მხცოვანთა საზოგადოებაში აღმოჩენილიყვნენ ანგელოზურ ძალთა და ხელმწიფებათა შორის.
(ცხადია, რომ კითხვას "რა გზით?" პასუხობს მოწმობა, რომლის თანახმადაც, "ადამიანთა ურიცხვმა რაოდენობამ" განასპეტაკა თავისი სამოსი, გაიარა რა "დიდი ურვა". ამასთან თვით მოც. იოანე თავს იკავებდა ამ კითხვის დასმისგან იმ მიზეზით, რომ არ იცოდა ვისთვის დაესვა იგი, ან კიდევ ვითარების განსაკუთრებულობის გამო, ან მორიდებულობის მიზეზით, ან კიდევ ყველა მიზეზის გამო.

რაც შეეხება "ას ორმოცდა ოთხი ათას" აღბეჭდილს, - კითხვა "ვინ არიან ესენი" და "საიდან მოვიდნენ" მას არ უჩნდება, რადგან ეს ზეციური ბინადარნი მაშინვე წარუდგნენ მას, როგორც "ისრაელის ძენი ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:4), ხოლო მეხუთე ბეჭდის მოწმობის ქვეშ, - საკურთხევლის ქვეშ გათავისუფლებულნი და სპეტაკი შესამოსელით შემოსილები (გამოცხ. 6:9-11)).
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მხცოვანის პასუხი არც მარტივია და არც ცხადი, - რადგან ბუკვალური აზრით დასისხლიანებული ტანისამოსის არც "განბანვაა" შესაძლებელი და არც "განსპეტაკება". მაგრამ იმან, ვინც ყოველი ადამიანის შინაგან კითხვებს "ხედავს", იცის მსმენელის მზადყოფნა პასუხის მისაღებად. ამიტომაც, ზეციური მხცოვნის მოწმობა უთითებს, რომ იდუმალთმხილველმა კარგად იცის ძველაღთქმისეული წინასახეების ახალაღთქმისეული რეალობა და მისი აღსრულება, რომელთა თანახმადაც თვით მღვდლები აარონის წესისამებრ, და მათი შესამოსელი, რომელიც შიდა საწმიდარის მომსახურეობისთვის იყო განკუთვნილი, განსაკუთრებული ძველაღთქმისეული მსხვერპლით იწმიდებოდა (გამ. 28:36-43; გამ. 29:21).
 
ასე რომ მხცოვნის პასუხი მიმართულია თვით სახარების არსისკენ, - რადგან სწორედ სრულყოფილი მსხვერპლის სისხლმა გახადა შესაძლებელი დიდი ურვობა განცდილ ადამიანებს მინიჭებოდა განწმენდა და მოეპოვებინათ განსაკუთრებული სამღვდლო ღირსება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა შესულიყვნენ ზეციურ ტაძარში და მიახლოვებოდნენ დიად ზეციურ საყდარს (მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხორციელად არ ეკუთვნიან არც აარონის ძეთ, არც ლევიანთა ტომს და არც ისრაელს).
 
თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "სატაძრო ტანისამოსის" ახალაღთქმისეული გამოცვლა დახატულია წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში, ეპიზოდში, სადაც მღვდელმთავარი იესუ, იოსედეკის ძე იმოსება ზეციური სამოსით (რომელიც ცოტათი ადრე შემთხვევით როდი ედრება "ცეცხლიდან მოწყვეტილ მუგუზალს" (ზაქ. 3:2), შეად.:
 
"იესს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესს და უთხრა:  ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის" (ზაქ. 3:3-7).
 
მეტიც, "სამოსელთა განსპეტაკების" მეშვეობით გამოცხ. 7:13-14-ის ახალაღთქმისეული ზეციური რეალობა უპირისპირდება იმ დროებებსა და მდგომარეობებს, როდესაც სისხლის დალაქავებული სამოსი მოწმობდა მისი მფლობელის უწმინდურობასა და მის მიერ აღსრულებულ უსჯულოებებზე, შეად.:
 
"როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად! ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს! შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას? და მაინც ამბობ: "უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო". მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, "არ შემიცოდავსო"" (იერ. 2:33-35).
 
ამასთან მაცხოვრისადმი რწმენის მიერ კაცობრიობისთვის გახსნილ ახალაღთქმისეუულ დაპირებებში, გულწრფელი სინანულითა და ჩადენილ ცოდვათა აღსარებით შესაძლებელი გახდა "ადამიანურ საქმეთა სამოსლის გასუფთავება" სრულყოფილი მსხვერპლის სისხლით (ზაქ. 3:4; 1 კორ. 6:11 და ა. შ.), შეად.:
 
"განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (ეს. 1:16-18).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ წინასწარმეტყველ ესაიას მოწმობით "სამოსთა განსპეტაკება" ხდება არა უბრალოდ რწმენის შესაბამისად, როგორც მრავალ სექტაშია მიღებული, არამედ რწმენით, რომელიც ქრისტიანულ სათნოებებშია განხორციელებული, შეად.: - "რწმენა მკვდარია საქმის გარეშე" (იაკ. 2:26)).
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რომელიც ზეციურმა მხცოვანმა ჰკითხა მოციქულ იოანეს ("საიდან მოსულან?") - იდუმალთმხილველისთვის შეთავაზებული პასუხი აიგება არა სხვადასხვა ხალხების ჩამოთვლით, რომლებიც "მიწის ზედაპირზე" ცხოვრობენ, არამედ უმძიმესი გამოცდის დადასტურებით, რომელიც ღირსებით გაიარეს სპეტაკმოსილმა ადამიანებმა იმისთვის, რათა ასულიყვნენ ცაში (შეად.: "... მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში" (საქმე 14:22)). ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ თვით "დიდი ურვა" ამ მოწმობაში წარმოადგენს არა მოკლე მომენტს ბუკვალური მიწიერი ისტორიისა, - არამედ განსაკუთრებულ სულიერ გზას, რომელსაც ქრისტიანები გადიან ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხში (შეად.: "... და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:11)).
 
პროფ. ლოპუხინის თქმით: "დიდი ურვიდან მოსულები არიან ისინი, ვინც დიდი ჭირვება გადაიტანეს, და ვერ აირიდეს იგი. გამოთქმა "დიდი ურვა" ("დიდი ჭირი" (მთ. 54:21-19) მეტყველებს იმაზე, რომ ეს ცხონებულები არიან საზოგადოდ ყველა ქრისტიანენი, რომლებიც, როგორც უწინ, ასევე მომავალში (განსაკუთრებით ანტიქრისტეს დროს) გადაიტანენ ტანჯვასა და ჭირვებას. შესამოსელთა განსპეტაკებაში ყველაზე ბუნებრივია ვიგულისხმოთ, ღმრთის წყალობით, ყოველგვარი ცოდვითი ბიწიერების მოცილება მართალთა სულებიდან, ხოლო თვით განსპეტაკებაში - სიწმიდის მიღწევა და სათნოებებში სრულყოფა".
 
ამრიგად, ერთ-ერთი ზეციური მხცოვნის პასუხი თვით იდუმალთმხილველის მიერ დაუსმელ კითხვაზე პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ "სპეტაკი სამოსით მოსილნი" - არიან ადამიანები ყველა ხალხებიდან, რომელთა რწმენამ მაცხოვრისადმი გაიარა "ცეცხლით გამოცდა" (შეად. – 1 პეტ. 1:6-7; 4:12-19) და ატაცებულ იქნენ ცაში, სადაც ისინი "პალმის რტოებით ხელში" ელოდებიან მაცხოვრის მეორედ მოსვლას, უკანასკნელ სამსჯავროს და მოელიან "ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტ. 3:13).


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому