განმარტება - ქრისტეს ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიუჟეტებსა და სიმბოლოებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ქრისტეს ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიუჟეტებსა და სიმბოლოებში
ბრძოლა ბნელ ძალთა წინააღმდეგ
როგორც ადრე არაერთხელ აღვნიშნეთ, გამოცხადების წიგნის დასაწყისსა და დასასრულს ხაზგასმულია ის სიმბოლოები და მნიშვნელობები, რომლებიც ერთ წინასწარმეტყველურ ზოლად გასდევს მის სიუჟეტებს.
 
რადგან იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება იწყება და მთავრდება უფლის პირდაპირი მიმართვით თავისი ეკლესიისადმი - სწორედ ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოები უნდა აღვიქვათ იმ მთავარ და "მუდმივ" მაკავშირებელ რგოლად, რომელიც, იდუმალთმხილველის ყველა გამოცხადებულ ხილვაში ფიგურირებს და ერთ მთლიან თხრობად შემოჰკრებს მათ.
 
რა თქმა უნდა, გამოცხადების პირველ სამ თავში უფალი ბუკვალურად მიმართავს მცირე აზიის შვიდ სხვადასხვა ეკლესიას, ამიტომაც ამ მიმართვის ადრესატი არის ქრისტეს ეკლესიის სისავსე, თუმცა ეს არც ისე ცხადი და მკაფიოა. მაგრამ მისი მიმართვის ადრესატთა ერთობაზე მეტყველებს რიცხვ "შვიდის" ბიბლიური სიმბოლიზმი (რომელთან შესაბამისადაც "შვიდი ეკლესიის" ათვლა მთლიანი და დასრულებულია), - და შვიდი მიმართვის ყველა აშკარა თუ დაფარული მნიშვნელობა.
(ასე, მაგალითად, ის აღთქმები, რომლებითაც მთავრდება ყოველი მიმართვა, არ იყოფა შვიდ ეკლესიას შორის, - არამედ ეკუთვნის ყველა "მძლეველს" ყველა შესაძლო ეკლესიაში, ანუ ისინი მიმართულია ბუკვალურად ქრისტეს ერთი ეკლესიის ყოველი წევრისადმი, ვინც რწმენაში მტკიცედ დგას და გამოსწორების გზაზეა).
რაც შეეხება მიმართვას, რომლითაც მთავრდება გამოცხადების წიგნი, - ის თავის ადრესატს პირდაპირ უწოდებს ახალაღთქმისეული ეკლესიის მთელ სისავსეს, შეად.:
 
"მე, იესუმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს..." (გამოცხ. 22:16).
 
ხოლო ამ მიმართვის "აქტუალურობის დროდ" იწოდება მთელი ახალაღთქმისეული დრო გამონაკლისის გარეშე, შეად.:
 
"აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს" (გამოცხ. 22:7).
 
"კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი" (გამოცხ. 22:10).
 
გარდა ამისა, "შვიდი ეკლესიისადმი მიმართვის" უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ის ვითარება, რომ ეს მიმართვები ერთსა და იმავე დროს წარმოადგენენ მხილებასაც, ქებასაც, გაფრთხილებასაც, სწავლებასაც, დარიგებასაც და კურთხევასაც, - ანუ შეიცავენ ახალაღთქმისეული სამოძღვრო მნიშვნელობების მთელ სპექტრს, რომლებიც ყველა ახალაღთქმისეულ წიგნს ახასიათებს
 
მაგრამ ახალაღთქმისეული კანონის სხვა წიგნებისგან განსხვავებით "შვიდი ეკლესიისადმი მიმართვაში" იდუმალთმხილველი ადრესატებს მიმართავს არა საკუთარი სხელით, არამედ მათ სმენამდე მიაქვს საღმრთო წყარო, ანუ ისე ლაპარაკობს, როგორც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები ლაპარაკობდნენ.
 
რადგან ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველი თვით შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის "ბაგენი" იყვნენ (იერ. 1:9; საქმე 3:18; 3:21), - გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველი, გამოდის რა იერუსალიმში ჯვარცმული იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო მოწმობას უცხადებს, რომელიც იესუ ნაზარეთელის აღდგომასაც და ღვთაებრიობასაც ერთდროულად ამტკიცებს (გამოცხ. 1:1).
 
ხოლო იმ პირის ღვთაებრიობის კიდევ ერთ მოწმობას, - რომელიც იდუმალთმხილველს მიმართვებსა და გამოცხადების წიგნის ხილვებს ანდობს, - შვიდ მიმართვაში ყოველი ეკლესია-ადრესატის "შინაგანი საიდუმლოებების" გამოაშკარავება წარმოადგენს; ანუ იესუ ქრისტეში ყოვლისმცოდნეობის არსებობა, რომელიც სახარებისეულ მოვლენებამდე ეკუთვნოდა მხოლოდ შემოქმედს (შეად.: "გულთამხილავი" საქმე 1:24; 15:8; "გამომეძიებელი გულთა" იერ. 11:20; რომ. 8:27; გამოცხ. 2:23; "საიდუმლოს მხედველი" მათე 6:4, 6, 18; ფსალმ. 43:22; 1 კორინთ. 14:25 და ა. შ.). სწორედ ამ მიზეზით შვიდი ეკლესიისადმი მიმართვა ისეა აგებული, რომ საკუთარი "ინდივიდუალური" მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებას ყოველი ეკლესია მხოლოდ იმის შემდეგ იღებს, რაც მას წარუდგენენ მისთვის ცხად "მოწმობას" წყაროს ღვთაებრიობის შესახებ, რომლისგანაც მომდინარეობს შესაბამისი წინასწარმეტყველება (შეად.: გამოცხ. 2:10; 2:22-23; 3:9-10).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების პირველი სამი თავი აგებულია ზუსტად ისე, როგორც აგებდნენ თავიანთ სიტყვას ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები. ჯერ უფალი ასახელებს საკუთარ ვინაობას: "ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი..." (გამოცხ. 2:1 და ა. შ., - შემდეგ კი ყველა შვიდივე მიმართვა გრძელდება ბიბლიური მოწმობით იმის შესახებ, რომ მან იცის ყოველი ადრესატის დაფარული საიდუმლო: "ვიცი... შენი საქმენი..." (გამოცხ. 2:2, 9, 13, 19;  3:1, 8, 15). თანაც, მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკე საკუთარი თავის შესახებ ადასტურბს, მიმართვების ტექსტში ჟღერს მისი სამოძღვრო სიტყვა, რომელიც შეიცავს მხილებებს, ქებას, გაფრთხილებებს, დარიგებებს და ა. შ. - ეს სიტყვა თან ახლავს მოწმობას იმის შესახებ, რომ მოლაპარაკე ფლობს დაფარულ ცოდნას, რომელიც მოიცავს შინაგან საიდუმლოებებსა და მომავალ მოვლენებს.
 
ხოლო ასეთი მოწმობების კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ვითარებაც, რომ "შვიდი ეკლესიისადმი მიმართვაში" აღთქმები და კურთხევები პირდაპირ შეესაბამებიან მაცხოვრის განსაკუთრებულ სახელთა საღვთისმეტყველო მნიშვნელობებს, ანუ ყოველი დაპირება "საკუთარი სახელით" ჟღერს:
 
გამოცხ. 2:5 და გამოცხ. 3:12 — მღვდელმთავრის სახელით;
 
გამოცხ. 2:27 და გამოცხ. 3:21 — ცისა და მიწის მეუფის სახელით;
 
გამოცხ. 2:7, გამოცხ. 2:17, გამოცხ. 2:23 და გამოცხ. 3:9, — ეკლესიის თავისა და ჭეშმარიტი ღმერთის სახელით.
 
ამასთან ყოველი ცალკეული მიმართვა შვიდთაგან მთავრდება მტკიცებით: "ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს...", რაც ზემოთთქმულის გათვალისწინებით ჟღერს, როგორც გარდაუვალი სულიერი კანონი, რომელიც გამორიცხავს გამოცხადების გულისხმისყოფის შესაძლებლობას მათ მიერ, ვინც ქრისტეს ეკლესიას არ წარმოადგენს, შეად.:
 
"... წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:20-21).
 
რაც შეეხება მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველურ ხილვებს, - გამოცხადების მეორე ნაწილი მოწმობს პროცესებსა და მოვლენებზე, ორმლებიც ან უკვე მიმდინარეობენ, ან აღსრულდებიან არა მარტო ეკლესიაში, არამედ მსოფლიოშიც. ხოლო რადგან პრაქტიკულად ყოველი ამგვარი პანორამა იხატება არა ბუკვალურად, არამედ მეტაფორულად, - ქრისტეს ეკლესიაც წიგნის მეორე ნაწილში დაფარული წინასწარმეტყველური სიმბოლოებით იმოსება.
(თუმცა, ამ სიმბოლოთაგან ზოგიერთი იმდენად აშკარაა, რომ მათში ქრისტეს ეკლესიის კრებითი ხატების "შემჩნევა" შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვისაც თუნდაც ნაწილობრივ მაინც ესმის მთელი შესაბამისი სიუჟეტის აზრი).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "შვიდი ეკლესიისადმი მიმართვებისგან" განსხვავებით, წიგნის მეორე ნაწილში არ არის არც მხილება და არც გაფრთხილება დასჯაზე, რომელიც მიმართული იქნებოდა თვით ეკლესიისადმი, და არა "დედამიწაზე მცხოვრებთადმი" ან ცალკეულ უსჯულოთადმი. ყველა სიმბოლოსა და სიუჟეტში, სადაც ქრისტეს ეკლესია მსოფლიოს უდასტურებს მოწმობას მაცხოვარზე, ნაჩვენებია, როგორც ქვეყნიერების მოწინააღმდეგე, რომელიც იბრძვის წუთისოფლის წინააღმდეგ და იტანს ჭირვებებს, - მისი მისამართით გამოთქმულია მხოლოდ დარიგებანი, კურთხევანი და აღთქმანი (მაგ.: გამოცხ. 14:13, გამოცხ. 19:9, გამოცხ. 20:6).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს საყვედურებისა და მხილებების მიზეზს, ნახსენებია მხოლოდ "შვიდი ეკლესიისადმი მიმარტვაში" და "არ გაიტანება" ქვეყნად, - ანუ რჩება მაცხოვრისა და მისი საყვარელი ეკლესიის შინაგან საქმედ).
გარდა ამისა, ზოგადი აზრით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველურ ხილვებში მებრძოლი ეკლესია, რომელიც ქვეყნად იღვწის, და, უფლის შესახებ მოწმობს, "წუთისოფლის სამეფოსთან" განუწყვეტელ სულიერ ომს აწარმოებს, რაც მონიშნულია "საკუთრივ" იმგვარ ხატებებში, რომლებიც განსხვავდებიან ზეციური (მოზეიმე) ეკლესიის ხატებებისგან, და უერთდებიან მას მხოლოდ მაცხოვრის მეორედ მოსვლის მომენტში.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. მარტი.
Назад к содержимому