აპოკალიფსისი > განმარტება
ახალაღთქმისეულ ნიშან-სასწაულთა ქარაგმული აზრები
მეოთხე სახარებაში იოანეს მოჰყავს მოწმობები იმისა, რომ მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები მისი მორწმუნეების მიერ აღიქმებოდნენ არა მხოლოდ სასწაულებად, არამედ ნიშნებადაც (შეად.: "ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?" (იოანე 7:31)). მოციქული იოანე ოდენ ფორმალურ ლოგიკას კი არ მისდევს, არამედ ხაზს უსვამს, რომ უფლის მიერ აღსრულებული ყოველი სასწაული, განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მოწმობაა იმის პიროვნებისა და მისიისა, ვის მიერაც აღესრულება ასეთი (და არა შემთხვევითი) საწაულები.
ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ვითარება, დეტალი და წვრილმანი, რაც კი იოანეს სახარებაშია აღწერილი უფლის სასწაულებთან დაკავშირებით განიხილება არა როგორც "ლოკალური" მოვლენა, - არამედ, როგორც საყოველთაო განგებულებითი საღმრთო დასტური მაცხოვრის პიროვნებაზე, რომელიც მასში ახალ სულიერ რეალობას ხსნის.
სწორედ იმისი გააზრებით, რომ მაცხოვრის ყოველი სასწაული არა მარტო საკვირველია, არამედ ნიშანდობლივიც, გვეხსნება უღრმესი და უვრცელესი ახალაღთქმისეული მნიშვნელობები, რომელთა შორისაც შეიძლება დავასახელოთ:
- მოწმობები ახალი დროების რეალიებზე;
- მითითებები ცვლილებებზე, რომლებიც შეესაბამებიან ახალაღთქმისეული დროებას და მიმდინარეობენ, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე მთელ სამყაროში;
- საღმრთო ჩანაფიქრის პანორამის ჩანახატი, რომელიც ჟამის აღსასრულამდე გრძელდება და ა. შ.
გარდა ამისა, ის ვითარება, რომ იოანეს სახარება მოწმობს არა მარტო თვით სასწაულებზე, არამედ (ირიბად) მათ ნიშანდობლივ მნიშვნელობებზე, შესაძლებლობას გვაძლევს შევნიშნოთ კიდევ ერთი მისი თავისებურება, - კერძოდ მეოთხე სახარებაში არ გვაქვს "კლასიკური" იგავები, ანუ მოკლე, ამაღლებული იგავები, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვარი ისრაელის წინაშე ადასტურებდა ღმრთის სამსჯავროს, ადამიანის ცხონებისა და ცათა სასუფევლის შესახებ.
იოანეს სახარებაში საღვთისმეტყველო იგავების როლისა და აზრის მნიშვნელობას იძენენ თვით მოვლენები, რომელთა აღწერას ეფუძნება "ძირითადი" სახარებისეული თხრობა. საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ იხატება უფლის მიერ აღსრულებულ ერთ "ლოკალურ" სასწაულში მთელი მაცხოვნებელი მნიშვნელობა, შეიძლება გამოდგეს იოანეს სახარების მეცხრე თავი, რომელიც ბუკვალური გაგებით ეძღვნება მაცხოვრის მიერ ერთი კონკრეტული ადამიანის (ბრმად შობილის) განკურნებას. ამასთან სიმბოლური მნიშვნელობანი, რომლებიც ამ კურნებასთან არის დაკავშირებული, არ იზღუდება ბუკვალური მოვლენით, და მოწმობს იმაზე, თუ როგორ ხდება ქრისტეს მორწმუნე ადამიანის სულიერი განათლება, - და როგორ იბრუნებს ამგვარ განათლებას მთელი ურწმუნო სამყარო.
რა თქმა უნდა, არც თვით ბრმადშობილი, არც ამ სასწაულის თვითმხილველები, იმ მომენტში არ დაფიქრებულან მომხდარი ამბის ესოდენ ვრცელ მასშტაბებსა და ნიშანდობლივ მნიშვნელობებზე. ყოველივე მომხდარი მორწმუნეთათვის უფლის "ჩვეულებრივ" სასწაულად გამოიყურებოდა, რომელმაც ბრმადშობილს თვალები აუხილა (ხოლო ყველაზე ზუსტი საღვთისმეტყველო აზრით - ბრმადშობილი თვალხილულ "ჰქმნა"). მიუხედავად ამისა, ამ ნიშან-სასწაულს აქვს კრებითი ახალაღთქმისეული მნიშვნელობა, რომლის შესაბამისადაც "ბრმადშობილი" ბუკვალურად წარმოადგენს "ძველ" ადამიანს (რომლის თანდაყოლილი სიბრმავე არ არის მისი პირადი ან ბუნებრივი მშობლების ცოდვების შედეგი), - ხოლო ყველაფერი, რაც კი აღწერილია ამ მოვლენის "გარშემო", შესაძლებლობას გვაძლევს ვილაპარაკოთ ბრმადშობილის განკურნებაზე, როგორც "მინიატურულ სახარებაზე".
(კრებითი სახარებისეული მნიშვნელობა გააჩნია მოწმობასაც ბრმადშობილის თვალების "საოლავით" ცხების შესახებ (იხ. გამოცხ. 3:18); მის ჩამობანას სილოამის (ანუ "წარმგზავნელის") საბანელში; მისი თვალების ახელას სიბრმავისგან, რომელიც მასში დაბადებიდანვეა "ჩადებული" და ორმოც წელზე მეტ ხანს გრძელდება (შეად.: " რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში" (ფსალმ. 138:13); და მის შემდგომ საჯარო დადასტურებას ურწმუნოების წინაშე, თუ ვინ განკურნა იგი და სხვა).
მსგავსი საზოგადო და საყოველთაო აზრები გამოხატულია გალილეის კანაში წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაულშიც; ასევე მაცხოვრის მიერ წყალზე გავლაში და მოწაფეთა ხსნაში, რომლებიც გენისარეთის ტბაზე ნავით მიცურავდნენ და აბობოქრებულ ტალღებში დაღუპვას ელოდნენ; ლაზარეს აღდგინებაში და სხვა. ხოლო ტაძრის განწმენდასა და მისი ტერიტორიიდან მოვაჭრეთა განდევნაში (იოანე 2:13-22) სხვა არაფერი გვეხსნება, თუ არა ადამიანის ნათლობა (განწმენდა), - და აუცილებლობა იმისა, რომ უნდა მივდევდეთ სახარებისეულ პრინციპებს, რომლებიც ადგილს არ უტოვებს ადამიანთა ვაჭრობას მამა ზეციერთან.
(ამასთან მაცხოვრის სიტყვებში, რომლებშიც ლაპარაკია "ტაძრის დანგრევაზე", ამავდროულად მონიშნულია ადამიანის ხორციელი სიკვდილი, - "ტაძრის აღდგენაში" კი მისი აღდგომა მარადიული ცხოვრებისთვის თვით ქრისტეს აღდგომის ხატად, შეად.: "ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას" (რომ. 6:5).
რა თქმა უნდა, საზოგადო და გლობალური მნიშვნელობები გვეხსნება ნიშან-სასწაულებში, რომლებიც აღწერილია სინოპტიკოსთა მიერაც. მაგრამ მოციქულ იოანეს სიტყვების განსაკუთრებულობის კონტექსტში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის ვითარება, რომ მეოთხე სახარებაში ასეთი მნიშვნელობები გააზრებულია ავტორის მიერ და არსებობს მის მიერ აღწერილ ყოველ მოვლენაში.
მეტიც, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის აზრობრივ კომპოზიციებში სხვადასხვა ნიშან-სასწაულები ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებულნი განსაზღვრული ლოგიკით, - ასე რომ თხრობის დროს ისინი მწყობრად წარმოდგებიან ერთიან სიმბოლურ ხატ-სიუჟეტად, რომელიც თან მიჰყვება მთელ მეოთხე სახარებას, და გვითვალსაჩინოებს მთელი ახალაღთქმისეული საღმრთო აღმშენებლობის სრულ სულიერ პანორამას.
(არ არის გასაკვირი, რომ ურწმუნო იუდეველთათვის ამ უდიადესი საღვთისმეტყველო იგავის სიმბოლური და მიმანიშნებელი აზრები მაცხოვრის იმ "მცირე" იგავებზე უფრო მიუწვდომელი გახდა, რომლებიც სინოპტიკურ სახარებებშია აღწერილი; შეად.: " ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა" (ლუკა 8:10).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიშანდობლივია თვით წესრიგი, რომელშიც იოანეს სახარება წარმოგვიდგენს უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულთ, - ხოლო იმ ვითარებას, რომ ეს სასწაულები იწყება გალილეას კანაში (სადაც წყლის ღვინოდ გადაქცევა შეესაბამება სახარების უწყებას და მისდამი რწმენას) და მიდის ლაზარეს აღდგინებამდე (რაც შეესაბამება საკუთრივ საყოველთაო აღდგომას), გააჩნია ერთი და მთლიანი საღვთისმეტყველო აზრი.
(სიტყვამ მოიტანა და, სწორედ მეოთხე სახარებაში წარმოდგენილი მაცხოვრის ნიშან-სასწაულთა მთელი წეს-რიგი პასუხობს საკმაოდ ცნობილ კითხვას იმაზე, თუ რატომ არის იოანესთან ტაძრიდან მოვაჭრეების განდევნა აღწერილი გალილეას კანაში აღსრულებული სასწაულის შემდეგ, ანუ ქრისტეს მიწიერი ქადაგების დასაწყისში (იოანე 2:13-22), - ძალიან მსგავსი მოვლენა სინოპტიკოსებთან აღწერილია, როგორც ჯვარცმის წინ მომხდარი ამბავი: მათე 21:12-13; მარკოზი 11:15-17; ლუკა 19:45-46).
ამიტომ თუკი წინა პუბლიკაციებში აღვნიშნავდით, რომ მოციქულ იოანეს თხრობის დეტალები და წვრილმანები ამტკიცებენ თვითმხილველის მოწმობას, - ამჯერად ასეთი გაგება აუცილებელია შეივსოს ახალაღთქმისეული ამაღლებული აზრებით, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ მეოთხე სახარებაში დავინახოთ უფრო მეტი, ვიდრე იმის აღწერაა, რაც (თეორიულად) შეიძლებოდა აღეწერა მომხდარ მოვლენათა თვითმხილველს.
შესაბამისად, თუკი მოციქულ იოანეს სახარებისეული თხრობა განიხილება იმ აზრით, რომ მის მიერ წარმოდგენილ მოვლენათა დეტალიზაციის ხარისხი განისაზღვრება არა იმდენად "მოწმობრივი" ასპექტით, რამდენადაც მაცხოვრის მიერ აღსრულებული ყოველი ნიშან-სასწაულის კრებითი საღვთისმეტყველო მნიშვნელობების სისრულის გამოხატვით - არც მეცხრე თავში, არც მთელ მეოთხე სახარებაში არ დარჩება არც ერთი დეტალი ან წვრილმანი, რომელსაც არ ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აღწერილ მოვლენათა სიმბოლურ მნიშვნელობათა კონტექსტში.
ასეა თუ ისე, არასწორი იქნებოდა მოციქულ იოანეს განსაკუთრებული ყურადღება ზოგიერთი "მეორეხარისხოვანი" დეტალისადმი განგვეხილა როგორც მხოლოდ საავტორო ხერხი, რომელიც მოწოდებულია დაამტკიცოს და დაადასტუროს მისი ადამიანური მოწმობის სინამდვილე.
მოციქულ იოანეს მიერ აღნიშნული ყველა დეტალი და ვითარება, მაცხოვრის საქმეთა სრული დიადი აზრობრივი პანორამის განუყოფელი ნაწილია, - და ამ მნიშვნელობით ისინი იკრიბებიან ერთ საყოველთაო მოწმობად, რომელიც გაგვეხსნა ახალი აღთქმის სულიერ რეალობაში.
მეტიც, სწორი საღვთისმეტყველო გააზრების შემთხვევაში ყველა ეს "განკერძოებულობა" გასაოცრად მეტყველებს ძირითად მოვლენათა ერთიან "ქსოვილში", - და აზრს იძენენ "მეორე მოწმობის" ძალით, რომელიც მიიღება არა მარტო მოციქულ იოანესგან, არამედ "პირდაპირ", იმ თანდათანობით გამოვლენილი ამაღლებული და კრებითი აზრების მეშვეობით, რომლებიც მთელ წმიდა წერილშია განფენილი (შეად. იოანე 3:12)
ამგვარ მეტაფორულ "საღვთისმეტყველო" დეტალად შეგვიძლია განვიხილოთ მეოთხე სახარების მოწმობა ქვის ექვს კასრზე, "რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო" (იოანე 2:6); და მეექვსე საათიც იაკობის ჭასთან (იოანე 4:6); და ბითეზდას საბანელი ცხვრის ჭიშკართან, რომელსაც ჰქონდა ხუთბჭიანი აუზი (იოანე 5:2); და მანძილი, რომლებიც გაცურეს მოწაფეებმა გალილეის ზღვაზე (იოანე 6:19); და იესუს საცხები ნელსაცხებლის რაოდენობა და სახეობები (იოანე 19:39); ასევე რვადღიანი ვადა თომას რწმუნების ეპიზოდში (იოანე 20:26); და მანძილი ხმელეთამდე და დაჭერილი თევზის რაოდენობა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოჩენისას (იოანე 21:8-11) და სხვა.
(რა თქმა უნდა, სინოპტიკურ სახარებებშიც არის მსგავსი ასპექტი. მაგრამ იოანეს სახარებაში განსაკუთრებული დეტალები და ვითარებები ბუნებრივი ნაწილია იმ კრებითი წინასწარმეტყველური მნიშვნელობებისა, რომელთაგანაც ყალიბდება თვით მიდგომა სახარებისეულ მოვლენათა აღწერისა და გააზრებისადმი. ასე, მაგალითად, სილოამის საბანელი იერუსალიმში, რომლის სახელწოდება ნიშნავს "წარგზავნილს", და რომელშიც განიბანება განკურნებადი თავისი განათლების წინ (იოანე 9:7-11), მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდება და "მოქმედების მეთოდი" ავსებენ მეცხრე თავის მნიშვნელობას და მას დასრულებული სახარებისეული სიუჟეტის აზრს ანიჭებენ, - ხოლო მოვლენთა მთელი თანმიმდევრობა ამ განკურნების დროს ერთდროულად გვიხსნის, როგორც ყოველი ცალკეული ადამიანის გზას სარწმუნოებისკენ, ასევე მსოფლიო სახარებისული ქადაგების გზასაც, რომლითაც იკურნება მთელი კაცობრიობა).
მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენადაც მიმზიდველი ჩანდეს ასეთი არამკაფიო მეტაფორული მნიშვნელობები, - უმეტესწილად, საკმაოდ რთულია ცალსახად და უშეცდომოდ განვსაზღვროთ მოციქულ იოანეს მიერ მითითებული სიმბოლური "ნიშანდობლივი წვრილმანები".
ასე რომ თვით ავტორიტეტული ღვთისმეტყველებიც კი, არ უარყოფენ რა იოანეს სახარების დეტალებსა და ვითარებებში გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიმბოლიზმს, რომლებშიც გამოიხატება ცალკეულ მოვლენათა ზოგადი საღვთისმეტყველო აზრები, ამგვარ "დამატებით" მოწმობებს თავიანთ კომენტარებში არ განიხილავენ.
საკუთრივ, აღვნიშნავთ რა მეოთხე სახარებაში მსგავსი მეტაფორების ფაქტის არსებობას, უმჯობესია არ ჩავუღრმავდეთ მათ განხილვას, არამედ შემოვიფარგლოთ მტკიცებულებით, რომ რაკიღა მსგავსი სიმბოლიზმი ახასიათებს იოანეს სახარებას - მაშასადამე, ის აუცილებლად უნდა არსებობდეს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშიც, სადაც ყოველ დეტალს და წვრილმანს ენიჭება არსებითი და ნიშანდობლივი აზრი.
იოანეს სახარების ანალოგიით ასეთ მნიშვნელოვან (ნიშანდობლივ) დეტალებს შეიძლება განვაკუთვნოთ:
გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული სახელწოდებები;
მითითება მოქმედების განსაკუთრებულ ადგილზე;ზომები, დაშორებები (მანძილი), რაოდენობები;დროისა და ვადების ბუკვალური მნიშვნელობები;პერსონაჟების მდგომარეობები, სიტყვები და მოქმედებები, ასევე მათი ურთიერთზემოქმედების ცალკეული დეტალები;მითითება ცალკეულ საგნებზე (ატრიბუტები), რომელთა მეშვეობით ან რომელთა გამოყენებით ვითარდება მოქმედება;მითითება მიმდინარე მოვლენის განსაკუთრებულ ვითარებებზე და ა. შ.
ამასთან თვით გამოცხადების წიგნის ხილვები, მაცხოვრის სასწაულების მსგავსად, რომლებიც იოანეს სახარებაშია აღწერილი, იძენენ ნიშანთა აზრს, ანუ მოწმობა-სიმბოლოთა მნიშვნელობას ამაღლებული საღვთისმეტყველო შინაარსით, რომლებიც შემოფარგლულნი არ არიან მიმდინარე მოვლენის "ხილული ნაწილით" (მაგალითად, გამოცხადების ზოგიერთი ხილვა პირდაპირ იწოდება "ნიშნად", შეად.: გამოცხ. 12:1; 12:3; 15:1).
მეტიც, თუკი გავაგრძელებთ ზემოთ აღნიშნულ ანალოგიებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოცხადების ცალკეულ ხილვებში, ასევე იოანეს სახარებაში მოცემულ ნიშან-სასწაულებში, გამოხატულია სიმბოლურ-მეტაფორული სახარებისეული სიუჟეტები, - ხოლო ამ სიუჟეტებში იმავე პრინციპებით, როგორი პრინციპებითაც არის ეს მოცემული მეოთხე სახარებაში, გამოხატუილა გლობალური საღმრთო განგებულების საბოლოო მიზნები, და ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის მრავალგვაროვანი ასპექტები.
ასეა თუ ისე, კონკრეტულ ვითარებებთან, დეტალებთან და წვრილმანეთან, რომლებიც თან სდევენ გამოცხადების წიგნის სიმბოლურ მოვლენებს, უნდა მივუდგეთ უკიდურესი ყურადღებით, იმის შეგნებით, რომ ყოველი აზრობრივი დეტალი ამ წიგნში საყოველთაო სახარებისეული ნიშანის ნაწილია და განსაკუთრებული წინასწარმეტყველური აზრით არის დატვირთული.
ის რაღაცაზე პირდაპირ მოწმობს, და რაღაც იხსნება მიმდინარე საერთო სურათში. ამიტომაც შესაბამის (მათ შორის აწონ-დაწონილ, და საკმაოდ ფრთხილ) საღვთისმეტყველო გააზრებას ითხოვს.