აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება: ზოგადი და კერძო
ჩვენს საიტზე იოანეს გამოცხადების ახალაღთქმისეულ გააზრებასთან დაკავშირებული ყველა წინა პუბლიკაცია პირდაპირ და ირიბად აფუძნებდა აზრს, რომ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისის სიუჟეტებისა და ცალკეული სიმბოლოების ნაყოფიერი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მისი მთავარი და ფუძემდებლური მნიშვნელობების კონტექსტში.
რაც შეეხება უკუვარიანტს, ანუ მცდელობას მივიდეთ გამოცხადების წიგნი სწორად გავიაზროთ კერძო და ცალკეული მტკიცებულებების წვდომიდან, რომლებიც თითქოსდა გასაგებად გვეჩვენება, - უკიდურესად არაეფექტურია, უმეტესწილად კი საერთოდ დამაბნეველი და ჩიხში შემყვანი. რადგან ის, ვინც ამგვარ გზას ირჩევს, ჯერ მოვლენათა საერთო პანორამიდან სუბიექტიურად განაცალკევებს მხოლოდ იმ დეტალებს და ვითარებებს, რომლებმაც რაღაც მიზეზებით მიიპყრო მისი ყურადღება, და მთელი მოვლენის წვდომას მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ საერთო მნიშვნელობიდან ხელოვნურად გამოცალკებეული განკერძობების მიერ ცდილობს.
არსებითად ის მოქმედებს ისე, თითქოსდა იმედოვნებს, რომ შეზღუდული რაოდენობის არასრულყოფილ შემადგენელთაგან სრულყოფილ მნიშვნელობებს "შეაკოწიწებს".
(გამოცხადების წიგნის ჭეშმარიტ მნიშვნელობათა სრულყოფილებაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმ მიზეზით, რომ ჯერ ეს მნიშვნელობები განსაზღვრულ იქნა ზემოთგან, - და მხოლოდ შემდეგ იქნა ისინი შემოსილ იდუმალ სიმბოლოებში. ხოლო "შემადგენელთა არასრულყოფილება" გახლავთ შედეგი იმისა, რომ ცალკეული დეტალების სუბიექტური გულისხმისყოფა წარმოადგენს ადამიანურ დასკვნათა შეზღუდულ ნაკრებს, - ზოგჯერ კი საერთოდ ადამიანური წარმოსახვის ნაყოფს, რომელსაც უმცირესი კავშირიც კი არ გააჩნია "ფიზიკურ" და სულიერ რეალობასთან).
გარდა ამისა, საკმარისად ცხადია, რომ გამოცხადების წიგნისთვის საერთო ახალაღთქმისეული მნიშვნელობები, რომლებიც წარმოქმნიან კავშირს ცალკეულ დეტალებსა და მისი სიუჟეტების ვითარებებს შორის, ამგვარი მიდგომის შემთხვევაში განუსაზღვრელნი, გაუგებარნი და მიუწვდომელნი რჩებიან. ასე რომ, ამ პრინციპით ზოგიერთი ცალკე აღებული საკითხის მეტ-ნაკლებად არაწინააღმდეგობრივი გააზრების დროსაც კი მიღებული დასკვნა მკითხველს მთელი თხრობის ფუძემდებლურ მნიშვნელობებთან ვერ მიაახლებს. თანაც ის ვერ დაეხმარება ადამიანს სხვა ნებისმიერი კერძო საკითხის გადაწყვეტაში (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საკითხი გამოცხადების წიგნის სხვა სიუჟეტს ეხება).
ამიტომ სრულიად სავარაუდოა, რომ ვერავინ მათგან, ვინც ცდილობდა გამოცხადების განმარტებას ცალკეული დეტალების მეშვეობით, მთელი წიგნის გააზრებას ოდნავადაც ვერ მიუახლოვდა.
(მაგალითად, "მხეცების", მათი "თავებისა" და "რქების" დათვლით უბრალოდ შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რა მხეცებია ეს, რატომ მსჯელობს გამოცხადება მათზე, და რატომ მიდის ლაპარაკი მათ შესახებ სწორედ ამგვარ კონტექსტში და ა. შ. თანაც მსგავსი მიდგომის აშკარა ცთომილება დაბეჯითებით დასტურდება წიგნის სულ ახალ-ახალი "განმარტებებით", რომლებშიც ბუკვალურად უთვალავია "გაშიფრვის" ათასგვარი ვარიანტები, რომლებიც მათი "შემადგენელი ნაწილების" ცალკეულ სახეთა განმარტებას ეფუძნება... ამის შემდეგ ამგვარი "წვნიანიდან", სადაც "რქები" ცალკეა და "ფეხები" ცალკე, იკრიბება ის მნიშვნელობა, რაც გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა განხორციელებად მიაჩნიათ. ასეა თუ ისე, ვერავინ მათგან, ვინც ცდილობდა ამგვარი წესით გამოცხადების წიგნის განმარტებას, ვერ მიუახლოვდა მის ჯეროვან განმარტებას, რადგან ყოველი მომდევნო ხილვის აზრზე და სიუჟეტზე იძულებულია "თავიდან იმკითხაოს").
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ერთადერთ სწორ შეხედულებად, რომელიც გამოცხადების წიგნის ზოგად მნიშვნელობათა განხილვის შესაძლებლობას გვაძლევს (თუნდაც ჯერ-ჯერობით ყოველი დეტალის გააზრების გარეშე), წარმოგვიდგება ის შეხედულება, რომელიც მიმართულია "ზემოდან ქვემოთ": ზეციერიდან მიწიერისკენ, ზოგადიდან კერძოსკენ და მთავარიდან მეორეხარისხოვანისკენ. ანუ იესუ ქრისტეს პიროვნებიდან, სახარების არსიდან, საღმრთო ჩანაფიქრის სრულყოფილების გააზრებიდან, კაცობრიობის სულიერი და ისტორიული გზების გააზრებისკენ, იმ სულიერი რეალობისკენ, რომელიც ახალაღთქმისეულ დროებას ახასიათებს.
მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე ამ რეალობის გათვალისწინებით და მასზე დაფუძნებით არის შესაძლებელი გადასვლა იმ ცალკეულ სიმბოლოთა და მოვლენათა მნიშვნელობების გააზრებაზე, რომლებშიც აისახება მსოფლიო ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა სხვადასხვა ასპექტები.
ამასთან სრულიად ცხადია, რომ თუკი ასეთ მნიშვნელობებზე წარმოდგენა ადამიანში ფორმირებული არ არის, ან ის ნაწილობრივ არასწორია, - მას არ გააჩნია ის ერთადერთი საფუძველი, რომელზე დაფუძნებითაც შეეძლო ამოეცნო თუ რომელი რეალური მოვლენა ან პროცესი იდგა ცალკეული წინასწარმეტყველური სიმბოლოს მიღმა, რომლებიც მიმდინარეობენ (ან აღსრულდებიან) მის გარემომცველ "ფიზიკურ" და სულიერ რეალობაში.
მაგრამ სახარების საყოველთაო მნიშვნელობათა გააზრება შეუძლებელია ცარიელ ადგილზე აღმოცენდეს. ასე, მაგალითად, დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი თავის საჯარო გამოსვლებში სწორად შენიშნავს, რომ გამოცხადების წიგნი უბრალოდ როდია ბიბლიის დამამთავრებელი ნაწილი, მისი ბოლო წიგნი: აპოკალიფსისის სიმბოლოთა გააზრებას "შორიდან" უნდა მივუდგეთ, ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძვლებიდან; უმთავრესი სწავლა-მოძღვრებითი ჭეშმარიტებებიდან; ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა ახალაღთქმისეული მნიშვნელობებიდან; ეკლესიისთვის ბუნებრივი, და მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მარტივად გასაგები, ცხადი ფაქტებიდან, და ა. შ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების სიმბოლური მნიშვნელობების სწორად აღქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ადამიანს ექნება სწორი დამოძღვრა, სწორი მიმართულება და სარწმუნოებრივი მდგომარეობა; თუ ის რჩება ქრისტიანული დოგმატიკის ჩარჩოებში, და დაუზიანებელ სამოციქულო ტრადიციის კალაპოტს მიჰყვება, - ამგვარი პირობები კი მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც ადამიანში უკვე მიღებულია უმთავრესი ქრისტიანული დოგმატები და უმნიშვნელოვანესი სწავლებები.
(ამასთან, მათთვის, ვინც ამგვარ საფუძვლებს მოკლებულია, "მთავარიდან მეორეხარისხოვნისკენ" პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა, შეიძლება ან ძალიან რთული ან საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს).
შესაბამისად, საკუთარი ძალისხმევით, ვარაუდებისა და ფანტაზიების პირამიდების აგებით (ცრუგამოცხადებებსა და ცრუწინასწარმეტყველებებზე რომ არაფერი ვთქვათ) იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ყველა წინასწარმეტყველური მნიშვნელობის "გახსნის" ან მათი წვდომის მცდელობა თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. მეტიც, მსგავსი საქმიანობა უბრალოდ საშიშია თვით ადამიანისა და მისი შესაძლო მსმენელისთვისაც, - რადგან ისინი ადამიანის ცნობიერებას განაშორებენ უმთავრესს, და ბადებენ ყალბ თავდაჯერებულობას ან ყალბ შიშებს, რომელთა შედეგად ადამიანში ყალიბდება ცრუ მოლოდინები და ცრუ მიზნები.
(სამწუხაროდ, მსგავს შეცდომებს უშვებს ზოგიერთი გაეკლესიურებული მართლმადიდებელი ქრისტიანიც. მგავს შეცდომებს შეიძლება მივაკუთვნოთ შიშები სამი ექვსიანის წინაშე პასპორტებში და "მხეცის რიცხვის" ძებნა შტრიხკოდებსა თუ ვაქცინებში, ასევე შეურიგებელ ბრძოლაში მომავალ "საყოველთაო ჩიპირებასთან"... რომელიც, თუკი შემოთავაზებული იქნება არ უნდა მივიღოთ, - მაგრამ არა იმიტომ, რომ მათში "ექვსიანებია" ჩაკერებული. ზოგიერთი ნომინალური მწვალებელი, პირიქით, ამ მიმართებით უფრო ბრძნულად და ზრდასრულად გამოიყურება, ვიდრე ზოგიერთი მართლმადიდებელი, რომლებიც გატაცებულები არიან "თავებითა და რქებით" და დაუღალავად ებრძვიან "ციფრულ ანტიქრისტეს").
ასე თუ ისე, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების გააზრებისადმი გონივრული მიდგომა არავის აწყენს... გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი შთაგონებულია არა ქრისტიანული აზრებითა და მსოფლმხედველობით, არამედ წუთისოფლის ბანალური ცნობისმოყვარებით. რადგან თუკი ქრისტიანმა მიიღო და გაითავისა ქრისტეს ეკლესიის სარწმუნოებრივი და სწავლა-მოძღვრებითი ჭეშმარიტებები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოცხადების წიგნის გარეშეც იქნება ცნობილი, - ხოლო წმიდა წერილის ამ ბოლო წიგნის მიზნები და მნიშვნელობები შორსაა იმისგან, რათა მორწმუნე კაცი გააკვირვო პრინციპულად რაიმე ახალი, საიდუმლო თუ ამოუცნობი სწავლებით, რაზეც ეკლესია დაიდუმებდა, და რაც მისთვის სარწმუნოებრივი დამოძღვრის ჟამს არ ყოფილა ნაუწყები.
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აპოკალიფსისის შინაარსით, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, მხოლოდ "სამყაროს აღსასრულის" წინა ბოლო წლეებია აღწერილი, - ქრისტიანთა მრავალი თაობისთვის, რომლებიც ოცი საუკუნის განმავლობაში კითხულობდნენ გამოცხადების წიგნს, მაგრამ თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრება "აპოკალიპტურ" მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დაასრულეს, თვით ეს წიგნი არააქტუალური იყო, მის დეტალებსა და წვრილმანებს კი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მეტიც, ყველა მათგანი, ვინც გამოცხადების წიგნს დღეს კითხულობს, სრულად შეიძლება შეუერთდეს მორწმუნეთა იმ ურიცხვ რაოდენობას, რომელთა სიცოცხლეშიც "სამყაროს აღსასრულის" წინა მოვლენები არც კი დაწყებულა).
ამგვარად, მრავალ ქრისტიანთათვის აზრი აქვს ეჭვ ქვეშ დააყენოს ის წინასწარი წარმოდგენები, სქემები და მოლოდინები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად აყალიბებენ მათ სუბიექტურ წარმოდგენებს გამოცხადების წიგნის ძირითად მნიშვნელობებზე. ამიტომ, მათ საკუთარ თავს უნდა დაუსვან მარტივი კითხვა: რა იქნება, თუ გამოცხადებაში აღწერილი თითქმის ყველა მოვლენა არ ითქვიფება დროსა და ტერიტორიებში, და არ ელის თავის განხორციელებას შორეულ მომავალში, - არამედ ხდება მათ თვალწინ, პირდაპირ დღეს და პირდაპირ ახლა?
(მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია დავუშვათ, რომ გამოცხადების მოვლენები სრულდება არა წარმოსახვით ნახევრადფანტასტიკურ მომავალში... სადაც არნახული მხეცები ამოვლენ ზღვიდან თუ მიწიდან... ხოლო ადამიანებს დაკბენენ გიგანტური კალიები, როგორც საშინელებათა ფილმებში... ბოროტი ანტიქრისტე კი ერთ ადგილას შეკრებს პლანეტის რვა მილიარდ მცხოვრებს, და იქ დაფდაფების ხმაზე მოითხოვს მის თაყვანისცემას... და ა. შ. ...
გასაგებია, რომ ხვალინდელ დღეზე მკითხაობა, საკუთარ თავზე ოცნება, როგორც "უკანასკნელ გმირზე", რომელიც თავის დროს თავდანწირვით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მეფობას, სრულიად შეესაბამება ადამიანურ ბუნებას... გონებისთვის ეს საინტერესოა, ხოლო დღევანდელი სულიერი სიმშვიდისთვის, - სრულიად უსაფრთხო.
მეტიც, რადგან ხვალინდელი დაგეგმილი გმირობა პირდაპირ ახლა არაფერს ითხოვს ადამიანისგან, - მსგავსი მკითხაობით-ოცნებითი საქმიანობა მეტად წარმტაცად გამოიყურება, ვიდრე საკუთარი ბედკრული მდგომარეობის შეგნება დღევანდელობაში... სადაც შენ სულც არ ხარ "უკანსკნელი გმირი", რომელიც პრაქტიკულად მარტოკა უმკლავდება ბოროტების სამეფოს, - არამედ ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი... თუნდაც იმგვარი დროგამოშვებით რომ შეინანებს ხოლმე. ანუ უძლური, მოწყვლადი, და მუდმივად ცოდვილი; რომელიც სარწმუნოებასაც კი ვერ შეინარჩუნებდა საკუთარი ძალისხმევით, რომ არა ღმრთის მადლი.
ნებისმიერ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხსოვნა იმისა, რომ თუ ის დღეს არ გაიმარჯვებს, უმჯობესია არ შეხვდეს ბნელეთის სამეფოს მხედრობის მთელ სისრულეს).
მეტიც, ყოველ ქრისტიანს მართებს შეგნებ აიმისა, რომ გამოცხადების წიგნის ყველა მოვლენასთან და სიმბოლოსთან მიმართებაში ბუკვალურად შემდეგი რამ არის ნათქვამი:
"ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი" (გამოცხ. 1:3).
ასე რომ, ქრისტეს მორწმუნე უბრალოდ ვალდებულია დაუშვას ვარიანტი, რომლის თანახმადაც ყოველი ადამიანი დაბადებიდანვეა გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველური მნიშვნელობების რეალური თანამოზიარე, - მაშასადამე, მასში აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილეც.
(თანაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს ამ რეალობას არა მარტო გონებრივად, არამედ გრძნობითადაც, - ის თავის ძვირფას დროს არ დახარჯავს სამეცნიერო-ფანტასტიკური თეორიების კვლევისთვის).
და თუკი ეს ასეა, მაშინ რომელი სიმბოლოების თანამოზიარეა იგი; და მსგავსი გააზრება როგორ უნდა განხორციელდეს მის რეალურ ცხოვრებაში - ყოველმა ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს "ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს, - ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, - თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს" (რომ. 12:3).