განმარტება - აპოკალიფსისის პირველი ბეჭედი: რატომ უპყრია ხელთ პირველ მხედარს მშვილდ-ისარი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის პირველი ბეჭედი:
რატომ უპყრია ხელთ პირველ მხედარს მშვილდ-ისარი?

(გამოცხ.6:1-2)
აპოკალიფსისის პირველი მხედარი მშვილდით ხელში
სიტყვა "მოდი", რომელიც ისმის პირველი ბეჭდის მოხსნის შემდეგ, - ერთადერთი ზეციური განკარგულებაა გამოცხადების წიგნში, რომელიც ითქვა "მგრგვინავი ხმის" მიერ (იხ. გამოცხ. 6:1) (თვით კითხვა "ვინ არის ღირსი" (გამოცხ. 5:2), რომელიც ესმა სამყაროს ყველა ბინადარს, მოცემული იყო "ხმამაღლა" მღაღადებელი ანგელოზის, და არა "მგრგვინავი ხმის" მიერ).
 
ამიტომაც უეჭველია, რომ ზეციური მოწოდება ’Ερχου (ანუ, "მოდი", "გამოდი"), გაისმოდა ქვეყნიერების ყველაზე მიყრუებულ კუთხეებშიც კი.
 
გარდა ამისა, განსაკუთრებული "მგრგვინავი" ხმა ეკუთვნის ერთ-ერთ ზეციურ ცხოველთაგანს, - ამიტომაც სრულიად აშკარაა, რომ განკარგულება "გამოდი" უშუალოდ ზეციური ტახტიდან ჟღერს (შეად. – ფსალმ. 76:19; 103:7, მთ. 3:17; 17:5 და სხვა) და თვით შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის ნებას იუწყება.
 
ამასთან თვით პირველი ბეჭედი ერთდროულად განსაკუთრებულიცაა და ღირსშესანიშნავიც. მასში იხსნება მნიშვნელობანი, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ აგრძელებენ ტახტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომლებსაც წინ უძღვის კრავის მიერ ზეციური წიგნიდან ბეჭდების მოხსნა, - და, მეორე მხრივ, განსაზღვრავენ ყველა შემდგომი ხილვის ლოგიკას, რომლებიც შვიდ ბეჭედთან არიან დაკავშირებულნი.
(ცხადია, რომ პირველი ბეჭედი, ისევე, როგორც ყველაფერი პირველი, წარმოადგენს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ყველა მის მომდევნო აზრობრივ დანიშნულებებს, ანუ გვიხატავს ყველა ძირითად პრინციპს, რომლის შესაბამისადაც აიგება შემდგომ სიუჟეტი).
ხოლო რადგან გამოცხადების წიგნის მე-4 და მე-5 თავებში მაცხოვრის მისიის "მიწიერი" ნაწილი (ანუ განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება) მონიშნული იყო, როგორც უკვე აღსრულებული (გამოცხ. 5:5), რის შემდეგაც დაიწყო საღმრთო აღმშენებლობის მომდევნო ეტაპი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოწმობა-ქადაგებას, რომელიც ეკლესიის ბაგეთაგან მომდინარეობს სულიწმიდის შთაგონებით (შეად. -  საქმე. 1:8, 1 პეტ. 2:9, რომ. 1:8 და სხვა), — შეიძლება ვამტკიცოთ, რომ "ბეჭდების" მოვლენები შეესაბამებიან ახალაღთქმისეული ქრისტიანული ქადაგების დროებებს, რის შედეგადაც სახარებამ უნდა "მოიაროს დედამიწა" და მიაღწიოს მის კიდეებს (საქმე. 1:8).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მსგავს რაღაცას იქმოდნენ "ზაქარიას მხედრებიც", რომლებსაც წინასწარმეტყველი ხედავდა "მურტის ხეთა" ან "ორ მთათა" შორის მდგომი, - რადგან ისინი, იმყოფებოდნენ რა უფლის ანგელოზის განკარგულების ქვეშ, "გამოვიდნენ" და "შემოიარეს ქვეყანა", შეად. – "ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად. მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა" (ზაქ. 1:10-11).
როგორც შემდგომ ვნახავთ, სწორედ ასეთი მნიშვნელობები იხსნება იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" წიგნის მე-6 თავის შემდგომ ხილვებში.
 
"და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს" (გამოცხ. 6:2).
 
იმაში, რომ მხედარი ზის თეთრ ცხენზე, რომელსაც მიეცა გვირგვინი, არის "სამოციქულო სწავლების (ანდრია კესარიელი) და "ქრისტიანული ქადაგების" (პროფ. ლოპუხინი) ხატი, რაშიც ყველა ავტორიტეტული ღვთისმეტყველი ერთსულოვანია.
 
და მართლაც, თუკი ითქვა, რომ თეთრ ცხენზე მჯდომარე მხედარს მიეცა "გვირგვინი" (ბერძნ. στέφανος), და ის გამოვიდა, როგორც "მძლეველი, რათა სძლიოს", - ცხადია, რომ გამარჯვება განუხრელად თან სდევს ამ მხედარს და საბოლოო ჯამში არის გარდაუვალი.
 
ხოლო საბოლოო გამარჯვება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც მომდინარეობს უფლისგან, და რაც შეესაბამება მისი სახარების ზეიმს.
(დამატებითი არგუმენტად მწვალებლურ განმარტებათა წინააღმდეგ, რომლებიც პირველ მხედარში მოიაზრებენ უკეთურ სახელებს "ჭირი" ან "ჟამიანობა", ზოგიერთი კი საერთოდ ანტიქრისტედაც მოიაზრებს მას, შეიძლება შევნიშნოთ, რომ გვირგვინი -  στέφανος, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები გამოცხადებაში, ყველა შემთხვევაში მოწმობს მის კუთვნილებას ზეციურ ძალთადმი: გამოცხ. 2:10; 3:11; 4:4,10;  12:1 და სხვა).
განსაკუთრებულ კითხვებს არ ბადებს პირველი ბეჭდის ქვეშ მონიშნული დროება: ქრისტიანული მსოფლიო ქადაგების პერიოდი მოიცავს ახალაღთქმისეული დროების მთელ სისავსეს, ორმოცდამეათე დღიდან (სულთმოფენობიდან) - ვიდრე დედამიწის ბოლო დღემდე და ჟამამდე, მეორედ მოსვლამდე და მაცხოვრის საბოლოო გამარჯვებამდე, შეად.:
 
"და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მთ. 24:14).
(ამ აზრით თვით ის ფაქტი, რომ უკვე ჩვენს დროში სახარება ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში, და ეს ქადაგება აღვსილია, როგორც ცხადი, ასევე ჩვენთვის დაფარული სულიერი ნაყოფებით, მოწმობს იმაზე, რომ თანამედროვე სამყაროში არსებობს პირველი მხედრის საბოლოო გამარჯვების მრავალი და სხვადასხვაგვარი გამოვლინება).
რაც შეეხება განსაკუთრებულ საომარ იარაღს (მშვილდს), - "მშვილდით შეიარაღებული მხედარი", წარმოადგენს უფლის მხედრობას, რომელიც მრავალ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებაშია დახატული. კერძოდ, წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში ნათქვამია:
 
"... მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში.  მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, ..." (ზაქ. 10:3-4).  
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებანი, რომლებიც მშვილდს წარმოადგენენ არა ბუკვალურ, არამედ სულიერ იარაღად, ეფუძნებიან იმ ვითარებას, რომ ასეთი იარაღი (ცხადია, მისი დროისთვის), ჯერ-ერთი, შემძლეა ისარი გაისროლოს ყველაზე შორეულ მანძილზე, - და მეორეც, ვარაუდობს საისრე კაპარჭს ისრებთან ერთად, რომელსაც გააჩნია "კრებითი" შინაარსი და ერთდროულად "ერთობისა" და "მრავლობითობის" სიმბოლოს წარმოადგენს (შეად. - ფსალმ. 126:3-5).
 
სწორედ ამ მნიშვნელობით განმარტავს გამოცხადების 6:1-2-ე მუხლების სიმბოლოებს ანდრია კესარიელი.
"ჩვენი აზრით პირველი ბეჭდის ახსნა, ქვეყანაზე მოციქულთა კრებულის მოვლინებას გულისხმობს, რომელთაც, როგორც მშვილდი, მიმართეს სახარებისეული ქადაგება ეშმაკთა წინააღმდეგ, განგმირეს ისინი ამ ისრებით და შესწირეს ქრისტეს. თეთრი ცხენი კი სახეა ხარებისა, რომელიც მოციქულთაგან სამყაროში გავრცელდა. მათ მიიღეს გვირგვინი, რადგან ჭეშმარიტების ძალით უკუნეთის მეუფე და სიცრუის წინამძღვარი დაამარცხეს. აი, რისი სიმბოლოა თეთრი ცხენი და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი" (ანდრია კესარიელი).
ამასთან ცოტა უფრო ზუსტად წარმოგვიდგება განმარტება, რომლის თანახმადაც პირველი მხედრის "სულიერ ისრებად" გამოდიან თვით მახარობლები, რომლებიც ყველა ხალხებში მოწმობდნენ ქრისტეს შესახებ თვით "ქვეყნიერების კიდეებამდე" (საქმე 1:8), შეად.:
 
"რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში" (ზაქ. 9:13-14).
 
"გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა" (ეს. 49:2).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური
.წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому