განმარტება - აპოკალიფსისის კვლევის მეთოდოლოგიები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის კვლევის მეთოდოლოგიები
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
როგორ გავიგოთ აპოკალიფსისის თხრობა
 
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსისი) პირველ რიგში ცნობილია მიწიერი სამყაროს დასასრულის თავისი განმაცვიფრებელი აღწერით. მაგრამ ტექსტის ზედაპირული გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რათა გავიგოთ, რომ აპოკალიფსისის შინაარსი ბევრად უფრო მდიდარია. და თუ ჩვენ გვსურს ამ ნაწარმოების სწორად გაგება მის სისრულესა და მთლიანობაში, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ და გავაანალიზოთ ყველა მისი "პლასტი".
 
 
აპოკალიფსისის ზოგადი დახასიათება
 
ძველი მოწმობების თანახმად, აპოკალიფსისი დაწერილია იოანე ღვთისმეტყველის მიერ ქრისტეს შობიდან I ს-ში. სახელწოდება "აპოკალიფსისი" (ძველბერძნულიდან თარგმანში "გამოცხადება") მას მიენიჭა პირველი მუხლის მიხედვით, სადაც მოცემულია მთელი ნაწარმოების დასათაურება. პირველ მუხლში ნათქვამია: "გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს" (გამოცხ. 1:1). ამგვარად, აპოკალიფსისი წარმოადგენს საღმრთო გამოცხადებას, რომელიც იესუ ქრისტემ გადასცა იოანეს იმისთვის, რათა მას ეს ყოველივე სხვა ქრისტიანთათვის ეუწყებინა. თვით მოციქული იოანე აპოკალიფსისს "წინასწარმეტყველების სიტყვას" უწოდებს - "ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი" (გამოცხ. 1:3). ქრისტე იდუმალთმხილველს ავალებს ჩაწეროს მიღებული გამოცხადება და ეს წინასწარმეტყველება გაუგზავნოს შვიდ ეკლესიას.
 
1-ელ, შესავალ თავში აღწერილია განდიდებული უფლის ხილვა, რომელიც მოციქულ იოანეს კუნძულ პატმოსზე ჰქონდა, და ქრისტესგან მიიღო დავალება ჩაეწერა და გაეგზავნა აპოკალიფსისი მცირე აზიის შვიდი ქალაქის საეკლესიო თემებისთვის - ეფესოში, სმირნაში, პერგამოსში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში (გამოცხ. 1:11).
 
2-ე და 3-ე თავებში აპოკალიფსისის ავტორი შვიდ ეკლესიას გადასცემს მათთვის განკუთვნილ  უფლის სიტყვებს. ეს ეპისტოლეები შეიცავენ სხვადასხვა დარიგებებს, მოწონებებს და მხილებებს.
 
4-22 თავებში აღწერილია დიადი ზეციური ხილვები, რომელიც იდუმალთმხილველს გაეცხადა. ბოლო, 22-ე თავი მდგომარეობს მადლის მოსურვებაში ადრესატებისადმი: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ" (გამოცხ. 22:21).
 
ამრიგად, აპოკალიფსისი შეიძლება დავყოთ ასე: შესავალი, მიმართვა შვიდ ეკლესიას, ხილვათა ციკლი, დასკვნა. თავის მხრივ, აპოკალიფსისის ხილვათა ციკლში შეიძლება გამოვყოთ ფრაგმენტები, რომლებიც თავისი აზრობრივი შინაარსით დასრულებულია და მთლიანია, მაგრამ შინაგანად ასევე ურთიერთკავშირში იმყოფებიან. ასეთი ფრაგმენტები წარმოქმნიან განყოფილებებს. განყოფილებებად დაყოფა გვეხმარება გამოვავლინოთ აპოკალიფსისის თხრობის განვითარების ლოგიკა: შეიძლება დავინახოთ, რომ აპოკალიფსისის ტექსტს გააჩნია მკაფიო სტრუქტურა და საერთო სიუჟეტი.
 
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია აპოკალიფსისის ტექსტის გამსხვილებული დაყოფა განყოფილებებად მათში აღწერილ მოვლენებთან ერთად. აპოკალიფსისის ტექსტის მოცემულ დანაწევრებას აღიარებს პრაქტიკულად ყველა მკვლევარი, ამასთან განყოფილებების უფრო დეტალური ორგანიზებისთვის და მათი ურთიერთ დამოკიდებულებისთვის მიმდინარეობს სერიოზული სამეცნიერო დისკუსიები.




 
უფრო დეტალური სქემები, რომლებიც აპოკალიფსისის უფრო სტრუქტურირებული გადმოცემის სხვადასხვა ვარიანტებს აღწერენ, შეიძლება ნახოთ ა. ვ. კოსტენეცკის სადიპლომო ნაშრომში Исследование структуры Апокалипсиса Иоанна в современной библеистике.
 
ზემოთმოტანილი მიმოხილვიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ აპოკალიფსისის თხრობას გააჩნია რამოდენიმე წახნაგი, და მათთან შესაბამისად შესაძლებელია კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
 
 
აპოკალიფსისის, როგორც ეპისტოლაური ჟანრის ნაწარმოების კვლევის მეთოდოლოგია
 
თავისი ფორმით აპოკალიფსისი წარმოადგენს ეპისტოლეს, რომელიც მიმართულია მცირე აზიის შვიდი საეკლესიო თემისადმი. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპოკალიფსისის ავტორი, თვითონვე წარმოადგენს რა ეკლესიის მწყემსს, უპირველეს ყოვლისა მიმართავდა თავის თანამედროვე ქრისტიანებს, და მისი წიგნი გასაგები და აქტუალური უნდა ყოფილიყო მათთვის მათი კონკრეტული ცხოვრებისეული ვითარებებიდან გამომდინარე.
 
შედეგად, წიგნის შესახებ აწონ-დაწონილი მსჯელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია აპოკალიფსისის ტექსტის განხილვა მისი პირველდაწყებითი ისტორიული კონტექსტის ფონზე (I ს. ქრ. შ-დან). აპოკალიფსისის ზოგიერთი საიდუმლო სიმბოლო შეიძლება განეკუთვნებოდეს ისტორიულ რეალიებს, რომლებიც ცნობილი იყო ნაწარმოების უშუალო ადრესატებისთვის.
 
 
აპოკალიფსისის, როგორც ქრისტიანული წინასწარმეტყველური წიგნის კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც მემკვიდრეობითად არის დაკავშირებული ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ ტრადიციასთან

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვით მოციქული იოანე ღვთისმეტყველი თავის ნაწარმოებს განსაზღვრავს, როგორც "წინასწარმეტყველების სიტყვას" - მოცემული ფორმულირება გვაკავშირებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ წიგნებთან. ყოველდღიურ ენაზე "წინასწარმეტყველებაში" ხშირად ესმის მომავალი მოვლენების წინასწარ მეტყველება, მაგრამ ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აზრი, უდავოდ, უფრო ღრმაა.
 
წინასწარმეტყვლებს მართლაც ეძლეოდად მომავლის ხილვის ნიჭი, მაგრამ ეს სურათები ღმერთმა მათ გაუხსნა ადამიანებისთვის ღმრთის ნების საუწყებლად. ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ მათ ადამიანებისთვის უნდა გაეხსნათ მიმდინარე მოვლენების უღრმესი აზრი, ღმრთის სახელით ღმრთითრჩეული ერისთვის მოეწოდებინათ შეეცვალა ცხოვრება და შეენანა თავისი უკეთურობანი, დაეცვა და გაემხნევებინა იგი. წინასწარმეტყველთა მოწოდება გაისმოდა ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც ყოველი ადამიანის არჩევანი ბევრწილ იყო განპირობებული ერის მომავლით. ჩვენს დრომდე წინასწარმეტყველური წიგნები უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენენ მათ მკითხველებზე.
 
ამგვარად, წინასწარმეტყველება ბიბლიური გაგებით ეს არის ღმრთის სიტყვა, რომელიც მიმართულია კონკრეტული ადამიანებისადმი მათი ქმედითი გამოხმაურების მოლოდინით. იგივე სამართლიანად ითქმის აპოკალიფსისის "წინასწარმეტყველურ სიტყვაზე", რომელიც I ს-ის მცირე აზიის ეკლესიათა ქრისტიანებისადმი არის მიმართული.
 
ღმრთისგან მიღებული გამოცხადება იდუმალთმხილველმა გადმოსცა ძველი აღთქმისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებსა და მეტაფორებში. აპოკალიფსისში არ არის დამოწმებული პირდაპირი ციტატები ძველი აღთქმიდან (სინოპტიკური სახარებებისგან განსხვავებით), მაგრამ აპოკალიფსისის მთელი ტექსტი სავსეა ძველაღთქმისეული ალუზიებით, რომლებიც ორგანულად არის ჩაწნული მის თხრობაში. შეიძლება ითქვას, რომ აპოკალიფსისი დაწერილია ძველაღთქმისეული სიმბოლიზმის ენით, რომელიც ასევე ესმოდათ მის პირველ მკითხველებს. აპოკალიფსისის ყველა წმიდა მამებისეულ კომენტარებში ისინი აღიქმება როგორც მემკვიდრეობითი კავშირი ძველაღთქმისეულ ტრადიციასთან.
 
თანაც მოციქული იოანე თავს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა ტრადიციის გამაგრძელებლად მიიჩნევს (გამოცხ. 1:3; 10:7), მაგრამ ამავდროულად პრინციპულად ახალ, ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ გამოცხადებაზე მოწმობს. წარმოადგენს რა ქრისტიანულ ნაწარმოებს, თვით აპოკალიფსისი შეიძლება განსაზღვრულ იქნას, როგორც "წინასწარმეტყველებათა მწვერვალი", რადგან მთელ წიგნს წითელ ზოლად გასდევს აზრი, რომ ყველა ძველაღთქმისეულმა წინასწარმეტყველებამ თავისი აღსრულება ქრისტეში ჰპოვა.
 
შედეგად, კვლევის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძველაღთქმისეული ალუზიებისა და სიმბოლოების შესწავლა, რომლებიც დასტურდებიან აპოკალიფსისში, და იმისაც, თუ როგორ გარდატეხას და გარდასახვას იძენენ ისინი შინაარსით ქრისტიანულ ლიტერატურულ ძეგლში.
 
 
აპოკალიფსისის, როგორც "აპოკალიპტური" ჟანრის ნაწარმოების კვლევის მეთოდოლოგია
 
მაგრამ აპოკალიფსისის სპეციფიკა ამითი როდი შემოიფარგლება. ლიტერატურულ მიმართებაში აპოკალიფსისი ე. წ. აპოკალიპტური ჟანრის მკაფიო წარმომადგენელია. ამ ჟანრის ძეგლის ძირითადი ნიშანია ისტორიის ფინალის ესქატოლოგიური გამოსახვა, როდესაც ღმერთი აღმოფხვრის წუთისოფლის ყოველგვარ ბოროტებას და ააღორძინებს თავის ქმნილებას. საკუთრივ, მოცემულმა ჟანრმა სწორედ აპოკალიფსისიდან მიიღო თავისი სახელწოდება. აპოკალიპტური ჟანრის ნაწარმოებები მოგვითხრობენ საღმრთო ჭეშმარიტების ზეციურ "გამოცხადებაზე", რომელსაც ღმრთითრჩეული ადამიანი იღებს. ეს გამოცხადება, როგორც წესი, მოიცემა სიმბოლური ხილვების ფორმითა და ფანტასტიკური, უცნაური და იდუმალი სიმბოლიზმით.
 
მოცემული ჟანრის ერთადერთ წარმომადგენლად წმიდა წერილის კანონში გვევლინება წინასწარმეტყველ დანიელის წიგნის 7-12 თავები, მასვე განეკუთვნება "აღთქმათაშორისი" ლიტერატურის მრავალრიცხოვანი ძეგლები (ენოქის 1-ლი და 2-ე წიგნები და სხვა). წინასწარმეტყველ დანიელისა და სხვა იდუმალთმხილველთა მსგავსად, მოციქული იოანე "ატაცებულ იქნა ცაში (თ. 4) და გადაყვანილ იქნა ისტორიის მიწურულს, რათა იხილოს აწმყო მომავლის ზეციურ, ანუ საღმრთო მიზნის პერსპექტივაში" (Ианнуарий (Ивлиев), архим., Польсков К., свящ. Апокалиптика // Православная Энциклопедия. Т. 3. М., 2000. С. 24-39).
 
შედეგად, აპოკალიფსისის სიმბოლოთა შესწავლისას ანალიზისთვის შეიძლება მოვუხმოთ აპოკალიპტური ჟანრის ნაწარმოებებს, რომლებიც წინ უსწრებდნენ ან თანამედროვენი იყვნენ იოანე ღვთისმეტყველისა. ამ ძეგლთა ფონზე შეგვიძლია მკაფიოდ დავინახოთ ახალაღთქმისეული აპოკალიფსისის თავისებურება, რომელიც თავისი შინაარსით ქრისტიანული აპოკალიფსისია.
 
 
აპოკალიფსისის წმიდა მამებისეული განმარტება - ინტერპრეტაციული მიდგომის ჩამოყალიბება

აპოკალიფსისის ხილვათა კორპუსის საკვლევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმიდა მამათა განმარტებებისა და კომენტარების შესწავლას. წმიდა მამათა ტრადიციისთვის დამახასიათებელია აპოკალიფსისის როგორც ქრისტიანული წინასწარმეტყველური წიგნის აღქმა, რომელიც მომავალ ესქატოლოგიურ მოვლენებზე გვიყვება, და ამავდროულად ფლობს გარდაუვალ სულიერ-ზნეობრივ აზრს, რომელიც მისი ყველა მკითხველისთვის აქტუალურია. ამავდროულად, ზოგიერთი მომენტის ნათელსაყოფად ძველი კომენტატორები მიმართავდნენ იდუმალთმხილველის ეპოქის მოვლენებს.
 
ასე რომ, ძველი კომენტატორები იყენებდნენ აპოკალიფსისის განმარტების არა ერთ, არამედ რამოდენიმე მიდგომას და მათ ერთმანეთისგან არ განჰყოფდნენ. გვიანდელ სამეცნიერო ტრადიციაში მოცემული მიდგომა მკაფიოდ განისაზღვრა და კლასიფიცირებულ იქნა.
 
 
აპოკალიფსისის ინტერპრეტაციის სამეცნიერო მიდგომები
 
განვსაზღვროთ ძირითადი და არსებული სამეცნიერო მიდგომები აპოკალიფსისის განმარტებისადმი, რომელთაც თავიანთი ფესვები გადგმული აქვთ წმიდა მამათა განმარტებებში.
 
ე. წ. "ფუტურისტული" მიდგომის ჩარჩოებში, სიუჟეტები, რომლებიც წარმოდგენილია აპოკალიფსისში, განიმარტება როგორც მოვლენის წინასწარმეტყველური აღწერა, რომელიც ამთავრებს კაცობრიობის ისტორიას.
 
"იდეალისტური" მიდგომისას აპოკალიფსისი აღიქმება, როგორც საღვთისმეტყველო თხზულება, რომელიც სიმბოლური ენით არის დაწერილი. კომენტატორთა ამოცანა უპირველეს ყოვლისა გახლავთ იმ იდეის გაგება, რომელთა მოტანას ცდილობდა მკითხველამდე ავტორი, ფორმულირებულ იქნას სულიერ-ზნეობრივი გზავნილი, რომელიც სიმბოლურ სახეთა მეშვეობითაა გამოხატული.
 
"თანამედროვე-ისტორიული" მიდგომა გვეხმარება გავიგოთ, აპოკალიფსისის თხრობის რომელი ელემენტი ასახავს მის სპეციფიკას, როგორც ეპისტოლეს კონკრეტული ისტორიული ადრესატებისადმი.
 
 
აპოკალიფსისის, როგორც უპირატესად ესქატოლოგიური წიგნის ინტერპრეტაცია
 
("ფუტურისტული" მიდგომა)
 
ახალი აღთქმის ყველა წიგნიდან აპოკალიფსისი უნიკალურია მით, რომ ის უპირატესად ეძღვნება ესქატოლოგიას, თანაც აპოკალიფსისში ეს თემა იშლება იმგვარი მოცულობით, რომელიც შეუდარებელია ნებისმიერ ახალაღთქმისეულ ესქატოლოგიურ ფრაგმენტთან.
 
დავიწყოთ მე-14 თავით. აპოკალიფსისში გამოსახულია მსოფლიო ისტორიის ფინალი: "მხეცის" მიმდევართა სამსჯავრო შვიდი თასის გადმოღვრის სახით (გამოცხ. 16), ბოროტების მსოფლიო სამეფოს ბოლო სამსჯავრო, რომელიც სიმბოლურად წარმოდგენილია "დიდი ბაბილონის" სახით (გამოცხ. 17-18), ქრისტეს მეორე და დიდებით მოსვლა (გამოცხ. 19) და მორწმუნეთა ერთობა ღმერთთან და ქრისტესთან ესქატოლოგიურ ქალაქ "ზეციურ იერუსალიმში" (გამოცხ. 21-22:5).
 
ამგვარად, აპოკალიფსისისადმი "ფუტურისტული" განმარტების გამოყენება ლოგიკური და ძალიან პროდუქტიულია. ძველი კომენტარები აპოკალიფსისის თხრობას იყენებდნენ ისტორიის მთლიანი ქრისტიანული კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მოიცავს წარმოდგენას ღმრთის ჩანაფიქრზე კაცობრიობის ისტორიასთან დაკავშირებით; ამავე დროს ეს არის ისტორიული პროცესის გაგება, როგორც ამ ჩანაფიქრის თანდათანობრივი რეალიზაცია, უფალ იესუ ქრისტეს საკვანძო როლი კაცობრიობის ცხონების საქმეში, სამყაროს განახლება ჯვარცმით და ქრისტეს აღდგომით; წარმოდგენა ისტორიის ბუნებრივი მსვლელობის გარდაუვალ დასასრულზე, ასევე საღმრთო მიზნის ფინალურ განხორციელებაზე, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლას უკავშირდება.
 
ამრიგად, ფუტურისტული მიდგომა აუცილებელია აპოკალიფსისის საზოგადო პერსპექტივის საჩვენებლად; იმის დასანახად, რომ აპოკალიფსისი ისწრაფვის მომავალი ესქატოლოგიური აღსრულებისა და ღმრთის სამეფოს სისრულის დადგომისკენ. წიგნის ბოლოსწინა მუხლი ჟღერს ასე: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20).
 
მაგრამ ცალკეული სიმბოლოებისა და დეტალების განმარტების მცდელობისას ცხადი ხდება ფუტურისტული მიდგომის შეზღუდულობა. აქედან გამომდინარე იზრდება სხვა მიდგომათა გამოყენების აუცილებლობა.
 
 
აპოკალიფსისის, როგორც საღვთისმეტყველო ნაწარმოების ინტერპრეტაცია, რომელიც დაწერილია სიმბოლური ენით ("იდეალისტური" მიდგომა)

"იდეალისტური" მიდგომა, რომელიც ასევე არსებობს წმიდა მამათა განმარტებებში, აქცენტს აკეთებს აპოკალიფსისის, როგორც მარადიულ საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებების მქადაგებელი წყაროს მნიშვნელობაზე. აპოკალიფსისის უმთავრესი თმა იხილვება სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ ბრძოლაში, რომელიც მთელი მსოფლიო ისტორიის განმავლობაში გრძელდება და საბოლოოდ ღმრთის გამარჯვებით დასრულდება.
 
იდეალისტური მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს ერთგვარად "გავაფართოვოთ" აპოკალიფსისის სიმბოლურობის საზღვრები. მაგალითად, ცნობილი თხრობა "ორი მოწმის" მსახურებისა და მათთან მხეცის შებრძოლების შესახებ (გამოცხ. 11:3-13) ფუტურისტული მიდგომის პირობებში არ წარმოადგენს ზოგიერთი კონკრეტული მოვლენის აღწერას, რომელიც სამყაროს აღსასრულს წინ უძღვის. იდეალისტური მიდგომის პირობებში ტექსტის ანალიზისა და ძველაღთქმისეული ალუზიების პირობებში შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ 11-13 თავებში აღწერილი ამბების ხანგრძლივობა - სამ წელიწად ნახევარი - შეიძლება სიმბოლურად იქნას გაგებული და აღნიშნავდეს დროს ქრისტეს პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე. გამოცხადების 11-13 თავების იდეალისტური მიდგომით ინტერპრეტირებისას, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ის სიმბოლურად წარმოადგენს ქრისტიანული ეკლესიის მთელ გზას, რომელიც, როგორც მისი დამფუძნებელი, ტანჯვიდან მარადიული გამარჯვებისკენ მიემართება.
 
თუკი ფუტურისტული მიდგომის დროს ისტორიული პროცესის მოძრაობა წარმოგვიდგება, როგორც ესქატოლოგიური დროებისადმი წინსვლითად მიახლოვებით მოვლენად, იდეალისტური მიდგომის დროს შეიძლება აპოკალიფსისის ტექსტში ვიპოვოთ და აქცენტირება გავაკეთოთ ე. წ. "რეალიზებული ესქატოლოგიის" ელემენტებზე. აპოკალიფსისის მე-5 თავში მკაფიოდ იხსნება ქრისტეს სამსხვერპლო ღვაწლის, როგორც მთელი მსოფლიო ისტორიის ხარისხობრივად ახალი დასაწყისის მნიშვნელობა. ამიტომაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება "გამსჭვალულია რწმენით, რომ გამარჯვება ღმრთის მოწინააღმდეგე ძალებზე პრინციპულად უკვე აღსრულდა და მორწმუნეები უკვე მონაწილეობდნენ ამ გამარჯვებაში" (Небольсин А.С. Иоанна Богослова Откровение // Православная Энциклопедия. Т. 24. М., 2010. С. 710).
 
აპოკალიფსისის მთელ რიგ ადგილებში მოცემულია მტკიცება, რომ ღმრთის სამეფოს მომავალ სისრულეში მონაწილეობა ქრისტიანებს უკვე აწინდელ საუკუნეშივე ეძლევათ (გამოცხ. 1:6; 5:10). თხრობაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ჯვარცმის დროიდან მოყოლებული და ქრისტეს აღდგომით დამთავრებული ქრისტიანთა ცხოვრება უკვე თავისივე ბუნებით არის "ესქატოლოგიური" (შეად. გამოცხ. 11:1-13; 22:10).
 
იდეალისტური მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს გავხსნათ აპოკალიფსისის სიმბოლიზმის ღრმა საღვთისმეტყველო მნიშვნელობა, რომელიც აქტუალურია ნებისმიერი ეპოქის ქრისტიანისთვის. აპოკალიფსისის გამოცხადება არ ამოიწურება მიწიერი სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველებით და არ შემოიფარგლება კონკრეტული ისტორიული რეალიებით.
 
 
აპოკალიფსისის ინტერპრეტირება, როგორც ნაწარმოებისა, რომელიც ეხმიანება მისი თანამედროვე დროების გამოწვევებს
("თანამედროვე-ისტორიიული" მიდგომა)

მიუხედავად ამისა, არამიზანშეწონილია სრულიად იქნას ამოღებული აპოკალიფსისი მისი ისტორიული კონტექსტიდან. როგორც უკვე ნახსენები იყო, აპოკალიფსისი ეს არის ეპისტოლე, რომელიც მიმართულია რეალური საეკლესიო თემებისადმი. შესაბამისად, ტექსტი აუცილებელია შესწავლილ იქნას მის კულტურულ-ისტორიულ ფონზე. "თანამედროვე-ისტორიული" მიდგომა აქცენტს აკეთებს აპოკალიფსისის თხრობაზე ავტორისთვის თანამედროვე რეალიებიდან გამომდინარე.
 
მართლაც, აპოკალიფსისის ტექსტში ასახვა ჰპოვა მისი დროის კონკრეტულმა ვითარებებმა. მიმართვებში შვიდი ეკლესიისადმი (გამოცხ. 2-3) გახსნილია საეკლესიო ცხოვრების იმდროინდელი პრობლემები - "ცრუმოციქულთა" გამოჩენა, ცილისწამებები და დევნულებანი იუდეველთაგან, მოსალოდნელი განსაცდელების საშიშროება, ასევე ქრისტიანთა ზოგიერთი ჯგუფების კომპრომისი მათ გარემომცველ წარმართულ საზოგადოებასთან. მთელი დანარჩენი თხრობა აპოკალიფსისისა წარმოადგენს ეკლესიათადმი მიწერილი მიმართვების გაგრძელებას და ამიტომაც შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ამ პრობლემებთან დაკავშირებული სამოძღვრო დარიგება: გამოცხ. 4-22 სხვადასხვა სახეთა მეშვეობით მოცემულია, როგორც ერთგულ ქრისტიანთა გამხნევება, ასევე გაფრთხილება სულიერი საფრთხის შესახებ, რომელიც გულისხმობს უარის თქმას ჭეშმარიტ ქრისტიანულ მოწმობაზე და წარმართობაში შთავარდნას.
 
აპოკალიფსისის თხრობის ზოგიერთი თავისებურება შეიძლება ავხსნათ იმით, თუ როგორი გამოწვევები იდგა, ავტორის აზრით, მისი წიგნის ადრესატების წინაშე. ასე, მაგალითად, ეკლესიის ისტორიაში ქრისტიანთა პირველმა სისხლიანმა დევნულებებმა (64 წ.) და ახალ განსაცდელთა დაძაბულმა მოლოდინმა განაპირობა მოწამეობის თემის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღმრთისგან მოვლენილი მისაგებელის სამართლიანობა (გამოცხ. 6:9-11; 18-19). შეიძლება ითქვას, რომ მოცემული მიდგომა უეჭველად პროდუქტიულია.
 
 
აღწერილ მიდგომათა კომბინირების შესაძლებლობა
 
ამრიგად, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება წარმოადგენს მრავალპლანიან ნაწარმოებს. ყველა განხილული მიდგომები ეფუძნება აპოკალიფსისში უკვე არსებულ შინაარსიან თემატიკას, და ზომისაებრ ასახავს აპოკალიფსისის სხვადასხვა შინაარსის "პლასტს". ფუტურისტული მიდგომა აქცენტს აპოკალიფსისის ესქატოლოგიურ "პლასტზე" აკეთებს, იდეალისტური - მის საღვთისმეტყველო შინაარსზე, ხოლო თანამედროვე-ისტორიული - აპოკალიფსისის ავტორის გამოხმაურებაზე მის თანამედროვე რეალიებზე.
 
განხილული მიდგომები შესაძლოა სრულიად წარმატებით იქნან კომბინირებულნი ერთმანეთს შორის. მოვიტანოთ ყველა სამი მიდგომის გამოყენება "მხეცის" სახის ინტერპრეტაციაში აპოკალიფსისის 13-ე თავიდან. მხეცი შეიძლება გავიგოთ:
 
1) როგორც "ანტიქრისტე", უკანასკნელი დროების ღმრთისმბრძოლი (ფუტურისტული მიდგომა);
 
2) როგორც სახე ნებისმიერი მძლავრი, ამპარტავანი და უკეთური მმართველისა - რომელიც გამოხატავს "ანტიქრისტეს სულს", რომლებიც ისტორიის განმავლობაში უამრავი იყო (იდეალისტური მიდგომა);
 
3) როგორც ანტიქრისტიანული ძალის კონკრეტული გამოხატულება, რომელიც "პარადიგმატული" იყო აპოკალიფსისის პირველი მკითხველებისთვის და შეიძლება გულისხმობდეს იმპერატორ ნერონს, ქრისტიანთა პირველ მდევნელს, ან კიდევ სისასტიკით მის მსგავს იმპერატორ დომიციანეს (თანამედროვე-ისტორიული მიდგომა).
 
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ აპოკალიფსისის განსაკუთრებულად დატვირთული ტექსტი გამოკვლეულ უნდა იქნას მისი ჟანრობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით; აუცილებელია აწონ-დაწონვით შევახამოთ სხვადასხვა ინტერპრეტაციული მიდგომა. ამგვარი მეთოდოლოგიის თანმიმდევრული გამოყენება ხელს შეუწყობს ნაწარმოების მთელი სიღრმის მოცულობით აღქმას.
 
წყარო: http://apocalypse-st.ru/methodology/

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому