აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
წმ. იპოლიტე რომაელი
ქრისტე და ანტიქრისტე
თანახმად შენი სურვილისა, ზუსტად შეგვესწავლა შენს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი შეკითხვები, უმჯობესად ჩავთვალე, ჩემო საყვარელო ძმაო თეოფილე (1), საღმრთო წერილიდან, როგორც წმიდა წყაროდან, ამეღო სწავლება და წარმომეჩინა შენთვის ის, თუ რისკენ მიისწრაფვი, რათა მარტო მოსმენილით არ დაკმაყოფილდე და შეძლებისამებრ, საქმის არსში გარკვეულმა ადიდო ყოვლისშემოქმედი. დაე, უსაფრთხოდ გიწინამღვროს ჩვენგან მოცემულმა ამ განმარტებამ რათა, ყოველივე იმაში წვდომით, რაც მარავალთათვის დაფარულია და ძნელად საწვდომი, შენი გულის სიღრმეში, როგორც ნოყიერ და სუფთა ნიადაგზე, ჩათესო მართალი სწავლების სუფთა მარცვლები და მათი მეშვეობით შეარცხვინო მაცხოვნებელი სიტყვის მგმობელნი. მაგრამ, ამავე დროს, ვშიშობ, ეს ყოველივე არ მიაწვდინო ურწმუნოთა და მგმობართ, რომელთაგან არც თუ მცირე საშიშროება გველის. პირიქით, ეს ყოველივე მხოლოდ წმიდად მცხოვრებ და ღვთისმოშიშებით გამორჩეულ მართლმადიდებელთ ამცნე. ამაოდ კი არ არიგებს ნეტარი მოციქული ტიმოთეს: "ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა, რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს" (1 ტიმ. 6:20-21). და და კიდევ: "ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. " (2 ტიმ 2:1,2). მაშ, თუკი ნეტარი მოციქული ასეთი სიფრთხილით გადასცემდა იმას, რისი ცოდნაც ყველას როდი შეეძლო, რადგან "არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ" (2 თესალონიკ. 3:2), რამდენად დიდ საფრთხეში ჩავიგდებთ თავს, თუკი წინასწარ არ მივიღებთ ზომებს და ღმრთის სიტყვას განურჩევლად მივაწვდით უწმინდურ და უღირს კაცებს?
ნეტარი წინასწარმეტყველნი ჩვენთვის იყვნენ როგორც თვალნი: ისინი რწმენით ჭვრეტდნენ ღმრთის იმ საიდუმლოს, რომელიც მომდევნო თაობათათვის უნდა ყოფილიყო გამოსადეგი; ისინი აღწერდნენ არა მარტო იმას, რაც ადრე იყო, არამედ გვამცნობდნენ აწმყოს და იუწყებოდნენ მომავალს. ეს კი აჩვენებს, რომ წინასწარმეტყველნი მარტოდენ ერთი რომელიმე დროებისთვის კი არ წინასწარმეტყველებდნენ, არამედ ყველა დროის თაობებითვის.
სულიერად სრულყოფილნი და უფლის სიტყვის მიერ ერთმანეთთან მუსიკალურ საკრავთა სიმებივით შეხმატკბილებული წინასწარმეტყველნი (2) იმას კი არ იუწყებოდნენ რაც თვითონ სურდათ, არამედ რაც უფალს ენება; საკუთარი ნებით კი არ წინასწარმეტყველებდნენ, - და ამ შემთხვევაში, ცხადია, არ შევცდები, - არამედ, ჯერ ღმრთის სიტყვის შეწევნით განიბრძნობოდნენ მართალი ცხოვრებით და შემდეგ განისწავლებოდნენ წინასწარმეტყველურ ხილვათა მეშვეობით; მხოლოდ ამის შემდეგ ღირს იქმნებოდნენ ექადაგათ ის, რაც მხოლოდ მათ ეცხადებოდათ უფლის მიერ. და მართლაც, რატომ უნდა მივიჩნიოთ წინასწარმეტყველად კაცი, თუ არა იმიტომ, რომ სულით განჭვრიტა მომავალი? ვინაიდან, რაღა წინასწარმეტყველია წარსულზე მოლაპარაკე? ის ხომ იმას იტყვის, რაც ისედაც ყველას თვალწინაა და ყველამ იცის.
(ერთი სიტყვით), მხოლოდ მომავლის მჭვრეტელი შეიძლება იყოს წინასწარმეტყველი. აი რატომ არის რომ ჩვენც, შევისწავლეთ რა მათი წინასწარმეტყველება, საკუთარი შეხედულებისამებრ კი არ ვლაპარაკობთ და სიახლეს კი არ ვამკვიდრებთ, არამედ მათ ნაწერს ნათელვყოფთ და იმას ვასწავლით, რაც ძველთაგანვე ცნობილი იყო. ამით ყველას, საზოგადო სარგებლისთვის, ვთავაზობთ სწორად ირწმუნოს, რაც მქადაგებელთან მიმართებაში, მის მეხსიერებაში შემონახული ამბის სწორად გადმოცემას, ხოლო მსმენელთან მიმართებაში გადმოცემული ამბის აღქმას გულისხმობს.
მაშ ასე, ორივეს ერთობლივი ღვაწლი მართებს: მოლაპარაკესაც, რომელმაც ამბავი უშეცდომოდ უნდა გადმოსცეს და მსმენელსაც, რომელმაც ყურადღებით უნდა ისმინოს და მოსმენილ ამბავს დაეთანხმოს. ასე, რომ ერთად უნდა ვიღვაწოთ ჩემო თეოფილე და უფალს გულისხმისყოფა შევევედროთ, რათა ჩემი დახმარებით შეიმეცნო, რომ სიტყვა ღმრთისა, რომელიც ნეტარ წინასწარმეტყველთათვის ოდითგანვე ცნობილი იყო, ჟამთა აღსასრულს გარდამოხდა ზეცით და საუკუნითგან არსებულმა (სიტყვამ ღმრთისა), ჩვენ კაცთათვის, კაცობრივი ბუნება მიიღო.
უფლისადმი აღვლენილ ლოცვათა შეწევნით, საკუთარ სურვილთა აღსრულებას, რა თქმა უნდა, შენც მიელტვი, ამიტომაც ისიც უნდა ითქვას, რომ სიტყვა ღმრთისა ყველა წმიდათა მეშვეობით გვაჩვენებს თავის მოწყალებას და აგრეთვე იმას, რომ უფალი არა სახისმოყვარე არს. როგორც გამოცდილი მკურნალი, ყოველივე იმას გვანიჭებს რაც ჩვენთვის არის სასარგებლო. მან კარგად უწყის კაცთა უძლურება. უგუნურთ შეაგონებს, შემცდართა ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას ცდილობს. მათთვის, ვინც მას რწმენით ეძებს, ადვილად საპოვნია, ხოლო მათ ვინც წმინდა სულითა და უბიწო გულით ცდილობს მის პოვნასა და გამუდმებით მის კარზე აკაკუნებს, კარს არ უხშობს. თავის მონათაგან არავის უარყოფს. მდიდარს არ ამჯობინებს ღარიბს და ღარიბს სიღარიბის გამო არ უკადრისობს. არ აძაგებს ბარბაროსს, როგორც უგუნურს და არც საჭურისს განიშორებს, როგორც არაკაცს. არც დედაკაცს უგულებელყოფს მცნების გარდახდომისთვის და არც მამაკაცს არცხვენს დანაშაულისთვის, არამედ ყველას წყალობს და ყველას გადარჩენას ცდილობს. ჰსურს რათა ღმრთის შვილები ვიყოთ და ყველას სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს. ის არის მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, რომლის მიერაც ვართ ჩვენც და ვინაც, სული წმიდის მიერ, აღორძინების ღირსგვყო. ერთი, ზეციური ადამიანის მიღწევას ყველანი მისი შემწეობით ვცდილობთ.
ღვთის სიტყვამ, რომელიც უნივთოა, ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა ქალწულისგან და ჯვარზე ვნებითა და თავისი ძლიერებით გააცოცხლა ჩვენი მოკვდავი სხეული, როდესაც ხრწნადი განმსჭვალა უხრწნელებით, უძლური - ძლიერებით, რითაც აცხოვნა წარწყმედილი ადამიანი.
ახლა კი დროა მივმართოთ დასახული საკითხის გადაწყვეტას, რადგან საკმარისია ღმრთის სადიდებლად ის, რაც წინასიტყვაობაში ითქვა. მოცემულ შემთხვევაში, სრულიად სამართლიანი იქნება, თუ მივმართავთ წმიდა წერილს და მასზე დაფუძნებით ვაჩვენებთ: როგორ იქნება ანტიქისტეს მოსვლა? როდის გამოჩნდება და როგორი ხანგრძლივობით იბატონებს ეს უსჯულო? რომელი ხალხიდან იქნება იგი და რა არის მისი სახელი? რომელიც რიცხვების სახით არის გადმოცემული წმიდა წერილში? როგორ შეაცდენს კაცობრიობას და შეკრებს მათ ყველა კუთხიდან? როგორ აღმართავს დევნულებას უფლის წმინდანთა (ქრისტეანთა) წინააღმდეგ? როგორ გამოჩნდება უფალი ცითგან და როგორ განახლდება ცეცხლით სამყარო? როგორი იქნება წმინდანთა დიდებული და ბრწყინვალე სუფევა, რომლებიც იცხოვრებენ ქრისტესთან ერთად სამარადისოდ და როგორი იქნება ცოდვილთა დაუსრულებელი ტანჯვა ცეცხლის გეჰენაში?
უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მისი სამეუფო და ბრწყინვალე ღირსებისთვის წმინდა წერილში წარმოდგენილია როგორც ლომი, მაგრამ ამავე სახით არის წარმოდგენილი წერილის მიერ ანტიქრისტეც, ლომის ველური მძვინვარებისა და ტირანიის გამო; და საერთოდ, მტარვალი ყველაფერში ცდილობს მიბაძოს ღმრთის ძეს. ლომია ქრისტე, ლომია - ანტიქრისტეც; მეფეა - ქრისტე, მეფეა, - თუმც მიწიერი, - ანტიქრისტეც. მაცხოვარი მოგვევლინა როგორც კრავი; მსგავსადვე, კრავივით მოგვაჩვენებს თავს ანტიქრისტეც, თუმცა შიგნიდან იქნება მგელი და მტაცებელი. მაცხოვარი წინადაცვეთილი მოევლინა ქვეყნიერებას, ასევე მოვა ანტიქრისტეც. უფალმა ყველა ხალხებთან წარაგზავნა თავისი მოციქულნი, მსგავსადვე მოიქცევა მაცთურიც და დააგზავნის დედამიწის ყველა კუთხეში ცრუმოციქულებს. მაცხოვარმა შეჰკრიბა თავისი განბნეული ფარა, ისიც შეჰკრებს მსოფლიოში განთესილ იუდეველთ. მისცა უფალმა ბეჭედი თავის მორწმუნეებს, ასევე მოიქცევა მაცთურიც და თავის ბეჭედს ჩამოარიგებს. ადამიანის სახით მოგვევლინა უფალი, ადამიანის სახითვე მოვა ანტიქრისტეც. მაცხოვარი იქმოდა სასწაულებს, მან მესამე დღეს, ვითარც ტაძარი, მკვდრეთით აღადგინა თავისი ჯვარცმული და დაფლული სხეული, ანტიქრისტეც აღადგენს ტაძარს, ოღონდ ქვის ტაძარს იერუსალემში (3). ყველა ამ მზაკვარებას მტარვალისა ჩვენ ცოტა მოგვიანებით წარმოვაჩენთ, ახლა კი ჩვენი განხილვის საგანს დავუბრუნდეთ.
ნეტარი იაკობი როდესაც თავის კურთხევებში გვაუწყებდა იმას, რაც ეხება ჩვენს უფალს და მაცხოვარს ასე გადმოგვცემდა: "იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი. ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი? არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა." (დაბ. 49:8-12).
რა თქმა უნდა, შენც უწყი ამ სიტყვების აზრი და მე, როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში მმართებდა მათ განმარტებაზე უარი მეთქვა. მაგრამ, რადგან დიდია მათი მნიშვნელობა ჩვენც ნუ გავჩუმდებით მათზე. მართლაცდა, ამ ჭეშმარიტად ღვთიურ და დიდებულ სიტყვებს შეუძლიათ დიდი სარგებლობა მოუტანონ ადამიანის სულს. როდესაც წინასწარმეტყველმა თქვა "ლეკვ ლომის იუდა", მით ძე ღმერთზე მიანიშნა, რომელიც ხორციელად იშვა იუდასგან და დავითისა. ხოლო გამოთქმით "მცენარისაგან, შვილო ჩემო, აღმოხედ" მიანიშნა ნაყოფზე, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულისგან აღმოცენდა, - (ის ნაყოფი), რომელიც იშვა არა ხორციელი თესლისგან, არამედ სულიწმიდისგან და ამავე დროს მიწისგან, ვითარც წმიდა "მცენარისგან აღმოხდა". ესაია ამბობს: "და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს" (ესაია 11:1). სწორედ ესაიას მიერ წოდებულ ყვავილს უწოდა იაკობმა "მცენარე". და მართლაც, ჯერ სიტყვა გამოისახა მუცელში, ხოლო შემდეგ აღმოყვავილდა იგი ქვეყანაზე. შემდეგ, გამოთქმით: "მიწოლით დაიძინო ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან", აღნიშნულია ქრისტეს სამდღიანი მიძინება, მსგავსად იმისა, როგორც ესაია ამბობს: " ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა" (ესაია 1:21). მსგავსადვე ამბობს დავითიც: "მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე" (ფსალმ. 3:6), - ეს იმისთვის, რათა აჩვენოს ამ გამოთქმაში ნაგულისხმევი მისი როგორც მიძინება, ასევე აღდგომა. იაკობი შემდეგ ამბობს: "ვინმა აღადგინოს იგი?" ანუ, მოცემულ შემთხვევაში, შეგიძლია გულისხმაყო პავლეს მიხედვით, რომელიც ამბობს: "ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით" (გალატ. 1:1).
ხოლო სიტყვებით: "არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა", მითითებულია იუდადან ქრისტემდე სამეფო მოდგმის მემკვიდრეობითი გადაცემა, რაც აღსრულდა. ის არის ჩვენი "მოლოდება წარმართთა". და მართლაც, მოველით მის ზეცითგან მოსვლას, რომელიც იქნება ბრწყინვალებითა და ძლიერებით და უკვე რწმენითვე ვჭვრეტთ მას.
"გამოაბას ვენახსა კიცვი მისი", ე.ი. წინადაცვეთილი ხალხი მის მოწოდებას. თვითონაც ხომ "ვენახი" იყო (იოანე 15:1). "და რქასა ვენახისსა კიცვი ვირისა მისისაი" - ეს ნიშნავს, რომ წარმართებსაც მიიზიდავს. სიტყვით მოუწოდებს ის ერთი სარწმუნოებისკენ, როგორც წინადაცვეთილთ, ასევე წინადაუცვეთელთ.
"განრცხეს ღვინითა სამოსელი თვისი" _ გულისხმობს მამის წმიდა სულის მადლს, რომელიც მასზე იორდანეზე გადმოვიდა. "და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თვისი" -რომელი ყურძნის სისხლით, თუ არა მისი წმიდა სხეულით, რომელიც ყურძნის მტევანივით გამოიწურა ძელზე? მისი გვერდიდან გადმოსჩქეფა ორმა წყარომ: სისხლმა და წყალმა; მათი მეშვეობით განიბანებიან და განიწმიდებიან ხალხები, რომლებიც, საკუთრივ ქრისტეს ერთგვარ სამოსადაც მოიაზრებიან.
"მხიარულ არიან თუალნი მისნი ღვინითა". ქრისტეს რომელ თვალებზეა აქ ლაპარაკი თუ არა ნეტარ წინასწარმეტყველებზე, რომლებმაც სულით განჭვრიტეს და წინასწარ გვაუწყეს მისი ვნებანი? ეს წინასწარმეტყველნი სულის ძალით ხარობდნენ, როდესაც ჭვრეტდნენ ქრისტეს სულიერი ხედვით და მარადის სრულიქმნებოდნენ ღმრთის სიტყვის მადლით. ხოლო სიტყვებით: "და სპეტაკ კბილნი მისნი უფროის სძისა" წმიდა წერილმა აღნიშნა ქრისტეს უწმიდეს ბაგეთაგან გამომავალი და რძეზე უსპეტაკესი მცნებები ღვთისა.
ამრიგად, წერილმა გამოაცხადა ქრისტე "ლომად და ვითარცა ლეკვად ლომისად"; მაგრამ იგივეა ნათქვამი ანტიქრისტეს შესახებაც. სინამდვილეში მოსე ასე ამბობს: "დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით." (მეორე რჯლ. 33:22). ვინმემ რომ არ სცოდოს და მოცემული სიტყვები ქრისტეს არ მიაკუთვნოს, გვმართებს ყურადღება მივაქციოთ შემდეგ სიტყვებს: "დანიო, - ბრძანებს წერილი, - ვითარცა ლეკვი ლომისაი": როდესაც ახსენა ტომი, რომელიც დანისგანაა, უშუალოდ იმაზეც მიუთითა თუ რომელი ტომისგან იქნება ანტიქრისტე. ასე, რომ თუკი ქრისტე იშვა იუდას ტომიდან, დანის ტომიდან იშვება ანტიქრისტე. და ეს რომ ნამდვილად ასეა, ნაწილობრივ იაკობიც მიანიშნებს: "და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ" (დაბ. 49:17). მაშ, რომელ გველზეა აქ ლაპარაკი თუ არა დასაბამიერზე, რომელიც დაბადების წიგნშია მოხსენიებული და რომელმაც აცთუნა ევა და დასცა ადამი? მაგრამ რაკიღა ამის დამტკიცებაც გვმართებს მრავალრიცხოვანი მოწმობებით, უარს არც ამაზე ვიტყვით.
წინასწარმეტყველი მოწმობს, რომ დანის ტომიდან წარმოსდგება ეშმაკის ძე, ტირანი, მეფე და საშინელი მსაჯული: "და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის" (დაბ. 49:16). შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ "აქ იგულისხმება სამსონი, რომელიც იშვა დანის ტომიდან და ისრაელის მსაჯული იყო ოცი წლის განმავლობაში". მაგრამ სამსონზე ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა მხოლოდ ნაწილობრივ, სრულად კი ის აღსრულდება ანტიქრისტეზე. იერემიაც ხომ ამბობს, რომ: " დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის" (იერემია 8:16). (4). სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: "შეჰკრებს მთელ თავის ძალას აღმოსავალით მზისაით დასავლამდე; როგორც ისინი, რომელსაც მოუწოდებდა იგი, ასევე ისინი, რომელთათვისაც არ მოუწოდებია (ერთნაირად) წავლენ მასთან ერთად; ზღვა გათეთრდება სიმრავლიგან მისი გემების აფრებისა და გაშავდება ველი მისი მხედრობის აბჯრის სიდიდსგან; და ყოველი, ვინც მას წააწყდება ბრძოლის ველზე დაეცემა" (5). და ეს ყოველივე სხვა ვინმეზე კი არა, იმ ტირანზე, ურცხვსა და ღვთიმგმობარზე რომ არის ნათქვამი ქვემოთ წარმოვაჩენთ.
მართლაცდა ესაია ამბობს: "და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა, რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი. და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა. ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ, არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას. და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა" (ესაია 10:12-17).
და კვლავაც სხვა ადგილას ამბობს: " და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე. შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა. დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა. განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით. და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი. ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი. ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე. ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი. ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა. ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა. მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა, დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა. ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა, ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა, ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი. განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ" (ესაია 14:4-21).
ეზეკიელიც ასე ბრძანებს: "და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა. ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა? ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა. ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა; ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა. ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი. წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა. ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა. სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი" (ეზეკ. 28:2-10) (6).
მაშ ასე, ჩვენ მივუთითეთ ეს გამონათქვამები. ახლა კი ვნახოთ, რას გვაუწყებს დანიელი თავის ხილვებში. ლაპარაკობს რა განყოფით, ხილვათა კვალდაკვალ, მომავალ სამეფოებზე, მან ბოლო ჟამთან დაკავშირებით აჩვენა, როგორც ანტიქრისტეს მოსვლა, ასევე მთელი სამყაროს აღსასრული. როდესაც ნაბუქოდონოსორს განუმარტავდა სიზმარს მან თქვა: "შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი, რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა, და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი. ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად. მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოღი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა" (დან. 2:31-35).
მივამატოთ ამას დანიელის ხილვაც, წარმოვაჩინოთ მათი საერთო განმარტება, ვაჩვენოთ მათი ჭეშმარიტება და ის, რომ სრულიად თანხმიერნი არიან ერთმანეთის. ის ამბობს: " მე, დანიილ, ვხედევდ ხილვასა შინა ჩემსა ღამისასა: და, აჰა, ოთხნი ქარნი ცისანი ეკუეთებოდეს ზღჳსა მიმართ დიდისა. და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას, პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას. და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი! შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას." (დან. 7:2-14).
რადგან ეს ყოველივე საიდუმლო მნიშვნელობით ითქვა და ზოგიერთს არ ესმის ჩვენც, ამის გამო, საღად მოაზროვნეთ არაფერს დავუმალავთ. როდესაც თქვა "ოთხნი მხეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღვისაგან, განსხუაებულნი ურთიერთას, პირველი - ვითარცა ლომაი", ლომში იგულისხმა ბაბილონის ამქვეყნიური სამეფო; ამავე სამეფოზე მიანიშნებს აგრეთვე კერპის ოქროს თავი. ხოლო სიტყვებით: "და ფრთენი, ვითარცა არწივისანი" ბაბილონის მეფის აღზევებასა და ღმრთის წინაშე მის გადიდგულებაზე მიუთითა. სიტყვები: "მოეფხურნეს ფრთენი მისნი" ნიშნავს, რომ წაერთვა მას დიდება და მართლაც, ის განდევნილ იქნა თავისი სამეფოდან. ხოლო სიტყვები: "ფერხთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაი მოეცა მას" - გულისხმობს, რომ მან შეიგნო, უბრალო ადამიანი რომ არის, შეინანა და ღმერთი ადიდა.
ლომის შემდეგ წინასწარმეტყველი ხედავს მეორე მხეცს, რომელიც იყო "მსგავსი დათვისა", - ესენი იყვნენ სპარსელები. და მართლაც, ბაბილონის შემდეგ აღზევდნენ სპარსელები. ხოლო სიტყვებით: "სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა" - მან მიუთითა სამ ხალხზე: სპარსელებზე, მიდიელებზე და ბაბილონელებზე; მათზევე მიანიშნებს ის ვერცხლი კერპში, რომელიც იხსენიება ოქროს შემდეგ.
ამის შემდეგ მოდის მესამე მხეცი'"ვითარცა ვეფხი", - ესენი იყვნენ ბერძნები. მართლაც, სპარსელების შემდეგ აღზევდა ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც დაამხო დარიოსი. სწორედ ის არის სპილენძი, რომელიც ნაჩვენებია კერპში. ხოლო სიტყვებით: "მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მხეცსა" - სრულიად ცხადად აჩვენა, თუ როგორ დაიყო ოთხ ნაწილად ალექსანდრეს სამეფო რადგან, ოთხ თავში მან ოთხი მეფე იგულისხმა, რომელიც მას აუმხედრდნენ. ალექსანდრემ, სიკვდილის წინ, თავისი სამეფო მართლაც ოთხ ნაწილად გაჰყო (7).
შემდეგო, ბრძანებს, გამოვიდაო "მხეცი მეოთხე საშინელი და განსაკვირვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი". - ვინ შეიძლება იყოს ეს მხეცი თუ არა რომაელები, - სწორედ ისინი, რომლებიც არიან რკინა, - და რომელთა სამეფო დღემდე არსებობს? მართლაც, კერპზე ნათქვამია, რომ მას ჰქონდა "ბარკალნი რკინისა" (დან. 2:33). ამის შემდეგ, საყვარელო, რჩება "ფერხნი კერძოითა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოითა კეცისანი" (იქვე). ანუ, ერთი ნაწილი ხატის (კერპის) ფეხის თითებისა რკინისაა, სხვა ნაწილი კი თიხისა, თანაც ისე, რომ არეულნი არიან ერთმანეთში. ფეხის თითებით დანიელმა საიდუმლოდ მიანიშნა ათ მეფეზე, რომლებიც გამოვლენ მისგან (რომის იმპერიისგან - მთარგმნ.). მათზე ამბობს სწორედ, რომ: "რქანი ედგნეს მას ათნი. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაი მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა". ამ მცირე რქაში, თავის მხრივ, ნაგულისხმევია მომავალი ანტიქრისტე, რომელიც აღადგენს იუდეის სამეფოს. როდესაც წინასწარმეტყველი ამბობს, რომ "სამნი რქანი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა", ცხადად მიუთითებს სამ მეფეზე - ეგვიპტის, ლიბიისა და ეთიოპიისაზე, რომლებსაც შეებრძოლება და მოკლავს. სწორედ ის, დაამარცხებს რა ყველას, თვითონ საშინელი და უსასტიკესი ტირანი, დაიწყებს უფლის წმინდათა დევნას, რომლებსაც აუჯანყდება. მართლაც დანიელისგან გვესმის: "და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ... ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა" (დანიელი 7:21,11).
ამ ვითარებაში მოვა საბოლოოდ ლოდი, რომელიც დაეცემა კერპს, დაამხობს მას და მისცემს ზეციურ მეუფებას წმინდანთ. ეს ის არის, ვინ შეიქნა დიდ მთად და აღავსო მთელი დედამიწა. სწორედ მასზე ამბობს დანიელი: "და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ... ვიდრემდის მოიკლა მხეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა" წინასწარმეტყველმა აჩვენა მთელი ძალაუფლება, რომელიც მამამ გადასცა ძეს, რომლისა მიმართ "ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი" და რომელიც არის მსაჯული ყოველთა "ზეცისათა", რადგან სიტყვა იშვა მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; "ქუეყანისათა" - რადგან განკაცდა, იქცეოდა კაცთა შორის და განაახლა ძველი ადამი; დაბოლოს "ქუესკნელთა" - ვინაიდან, მოკვდა, ახარა (გამოხსნა) წმინდანთა სულებს და თავისი სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა.
თუმცა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველივე აღსრულდება და კერპის ათი თითი დემოკრატიულ (§. 27) სახელმწიფოებად გარდაიქმნება (8), მხეცის ათი რქა კი ათ სამეფოდ დაიყოფა, - ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო დარწმუნებით ვილაპარაკოთ ამაზე და ყველაფერი დავინახოთ უფრო თვალნათლივად.
მაშ ასე, კერპის "ოქროს თავი" (დანიელ 2:32) და "ლომი" (დანიელ 7:4) ბაბილონელებზე მიანიშნებს; "ვერცხლის მკერდი და მკლავნი" (დანიელ 2:32) და ამავე დროს "დათვი" (დანიელ 7:6) - მიდიელებსა და სპარსელებზე; "მუცელი და თეძონი რვალისა" (დანიელ 2:32) და "ვეფხვი" - ბერძნებზე, რომლებმაც ძალაუფლება მიიღეს ალექსანდრეს დროიდან; ხოლო " თეძონი და ბარკალნი რკინისანი" (დანიელ 2:33) და მხეცი საშინელი არიან რომაელნი, რომლებიც დღემდე ბატონობენ. რაც შეეხება "რკინის ფეხთა თითებს, რომელთაგან ზოგი რკინისაა, ზოგი კი თიხის" (დანიელ 2:33) და ასევე "ათი რქა" (დანიელ 7:7,8) - ესენი არიან სამეფონი, რომლებიც გამოჩნდებიან მომავალში. განცალკევებული "მცირე რქა" (დანიელ 7:8), რომელიც აღმოცენდება, - ანტიქრისტეა, რომელიც მათგან გამოვა. ლოდი რომელიც დაეცემა კერპსა და დაამხობს მას, აღმავსებელი მთელი ქვეყანისა - უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელიც მოვალს ზეცით და განსჯის ყოველს.
ყოველივე ამას, საყვარელო, თუმც კეთილი განზრახვითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, მაგრამ უშიშრად როდი გამცნობ. თუკი ჩვენამდე მყოფმა ნეტარმა წინასწარმეტყველებმა ყველაფერი ეს ყველაფერი იცოდნენ და არ სურდათ განცხადებულად ეუწყებინათ მათ შესახებ, რათა ადამიანთა სულებში მშფოთვარება არ გამოეწვიათ და მხოლოდ დაფარულად, იგავურად და მინიშნებებით მსჯელობდნენ მათზე და ამბობდნენ: "აქა არს გონებაი, რომელსა აქუნდეს სიბრძნე" (აპოკ. 17:9), რამდენად დიდი საშიშროების წინაშე უნდა ვიყოთ ჩვენ, რომლებმაც გავბედეთ იმ საგნებზე განცხადებულად ლაპარაკი, რომლებზეც ისინი საიდუმლოდ მეტყველებდნენ? მაგრამ მოდი ვნახოთ, რა უნდა შეემთხვეს მომავალში ამ ბილწ მეძავს (9), რომელი და რაოდენი კერძო სატანჯველი უნდა განიცადოს, ვიდრე მოვიდოდეს საყოველთაო სამსჯავრო, რომელსაც დაექვემდებარება ღმრთის სამართლიანი რისხვით.
მოვედ ნეტარო ესაია, აღსდექ და განცხადებულად გვამცნე, რა უწინასწარმეტყველე ქალაქ ბაბილონს? ხომ თქვი იერუსალიმზე - და აღსრულდა, ხომ უთხარი იუდეველთ "ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა" (ესაია 1:7,8). მაშ რა? განა ეს უკვე არ აღსრულდა? განა არ აღსრულდა შენი ნაწინასწარმეტყველევი? განა არ მოოხრდა იუდეველთა მიწა? განა არ დაიწვა საკურთხეველი, განა არ დაინგრნენ კედელნი და მოოხრდნენ ქალაქნი? განა უცხონი არ ჭამენ ქვეყანას? და თვით შენ, სიძულვილით აღძრულმა უსჯულოებმა განა არ გადაგხერხეს (10), ისევე როგორც ჯვარს აცვეს ქრისტე. თუმცაღა, მართალია მოკვდი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ცოცხლობ ქრისტეში.
მაშ, ვინ უფრო შევიყვარო თქვენ შორის თუ არა შენ ესაია? მაგრამ იერემიაც ჩაქოლეს, იქნებ იერემია უფრო? დანიელიც ხომ მოწმობს. იქნებ შენ, დანიელ, უნდა გადიდო ყველას წინაშე? თუმცა არც იოანე ცრუობს. მაშ, რომელი ბაგითა და ენით გადიდოთ, უმეტესად კი ვადიდო ის სიტყვა, რომელიც მეტყველებდა თქვენ მიერ? მართალია, თქვენ მოჰკვდით ქრისტესან ერთად, მაგრამ იცხოვრებთ ღმერთში. ისმინეთ და იხარეთ. ყოველივე რაც გვაუწყეთ, - განსაზღვრულ ჟამს აღსრულდა. თვენ ეს უწყოდით წინასწარვე, შემდეგ ამცნეთ მომავალ თაობებს ღმრთის ნაბრძანები; ამგვარად თქვენ ემსახურეთ ყველა მოდგმას. თქვენ ღიად აღგიარეს წინასწარმეტყველებად, რათა ყველას მიეღო ცხოვნება. ნამდვილად, წინასწარმეტყველი მხოლოდ მაშინაა წინასწარმეტყველი, როდესაც ის წინასწარ იუწყება მომავალს და დრო და ჟამი დაამტკიცებს მის ჭეშმარიტებას. თქვენ ყველანი კეთილი მოძღვრის მოწაფენი იყავით. აი რატომ მოგმართავთ თქვენ ასეთი პატივით, როგორც ცოცხალ მოწმეებს. მით უმეტეს, რომ თქვე უკვე მოიპოვეთ გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელებისა, რომელიც განმზადებულ არს თქვენთვის ცათა შინა.
მითხარ ნეტარო დანიელ, დამარწმუნე - შენ შეგღაღადებ! შენ წინასწარმეტყველებ ლომზე ბაბილონში, - იმ ბაბილონში, რომელშიაც დატყვევებული ჰყავდით. შენ მოგვითხრობ ასევე დათვზე: ჭეშმარიტად, შენ მაშინ ჯერ კიდევ ამქვეყნად იყავი და ხედავდი თუ რა შეემთხვა მას. შემდეგ მომითხრობ ვეფხვზე და საიდან იცი ეს ყველაფერი? შენ ხომ უკვე გარდაცვლილი იყავი. ვინ გასწავლა ეს თუ არა იმან, ვინაც გამოგსახა შენ დედის საშოში, ანუ სიტყვამ ღვთისამ? ჭეშმარიტად ბრძანე და არ მოტყუებულხარ. ვეფხვი აღსდა, მოვიდა ვაცი, განგმირა ცხვარი, შემუსრა მისი რქები და ფეხქვეშ გათელა, გაძლიერდა და აჯანყდა. ხოლო მისი დაცემის ჟამს აღსდგა ოთხი რქა მისგან. გიხაროდენ, ნეტარო დანიელ, - შენ არ შემცდარხარ: ეს ყველაფერი აღსრულდა.
ამის შემდეგ კვლავ განმიმარტე ეს გამოთქმა: "მხეცი მეოთხე საშინელი და განსაკვირვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი". ამჟამად სწორედაც რომ "რკინა" ბატონობს; აი იმორჩილებს და იმონებს იგი ყველას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. და ჩვენ, შენგან განსწავლულნი, ყოველივე ამას ვხედავთ და ღმერთს ვადიდებთ.
მაგრამ რადგან განზრახული გვქონდა გვეთქვა მეძავ ბაბილონზე, მოვედ ნეტარო ესაია რათა ვიხილოთ რას გვიწინასწარმეტყველებ: "შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი და შუებული. მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი, გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა. გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი, სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა. მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ ისრაილისა. დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა, არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა. განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი. მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა, მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად, და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი. ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით, მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე. ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა. ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ, და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა. დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა. უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა. აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა. და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ" (ესაია 47:1-15).
აი რა იწინასწარმეტყველა ესაიამ. მოდით, ვიხილოთ, რაიმე ამის მსგავსი ხომ არ გვაუწყა იოანემაც? ჭეშმარიტად, ის იყო კუნძულ პატმოსზე და ჰქონდა გამოცხადება საშინელ საიდუმლოთა, რომელსაც დაწვრილებით გადმოსცემს და გვასწავლის. მითხარ მე, ნეტარო იოანე, მოციქულო და მოწაფეო უფლისაო, რა იხილე და რა გესმა ბაბილონზე. აღდეგ და გვითხარ: მით უფრო, რომ მან შენც გადაგასახლა (11):
"და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა, რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს. (12). და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.
შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს. მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ. რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი. მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი. ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა. შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს. არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი. და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი. ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს. და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან. და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს. და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის. და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი. და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა" (აპოკ. 17:1-18; 18:1-24).
მაშ ასე, ამ სიტყვებში მკაფიოდ არის ნაჩვენები ის სატანჯველები და კერძო სამსჯავრო, რომელთაც ბოლო ჟამს თავს დაატყდება მას აჯანყებულ ტირანთა მხრიდან. გვმართებს ვიცოდეთ ასევე ჟამიც, თუ კონკრეტულად რომელ დროს აღსრულდება ეს ყველაფერი და როდის აღზევდება მცირე რქა ტირანთა შორის? რადგან "რკინის თეძოებმა", რომლებიც ჯერაც ფლობენ ძალაუფლებას, ადგილი უნდა დაუთმონ "ფეხის ტერფებსა და თითებს", - როგორც გამომდინარეობს ეს კერპისა და საშინელი მხეცის განმარტებიდან და რომელიც უკვე ზემოთ განვიხილეთ, - იბადება შეკითხვა, რომელ დროს აირევა ერთმანეთში რკინა და თიხა? ამას გვეტყვის დანიელი. ის, მოცემულ შემთხვევაში ამბობს: "და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთა შვიდეულსა ერთსა და კერძოსა შვიდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი " (დანიელ 9:27). ერთ ("კერძო") შვიდეულში მან ცხადია იგულისხმა ის უკანასკნელი, რომელიც იქნება სამყაროს აღსასრულის წინ. ამ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორნი წინასწარმეტყველნი: ენოქი და ილია. ისინი, ძაძით შემოსილნი, იქადაგებენ ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში (13) და მოუწოდებენ ყველას, იუდეველთაც და წარმართებსაც, სინანულისკენ.
წერილში ნაჩვენებია ორი მოსვლა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა: პირველი, უფლის განკაცება იყო მისი თავმდაბლობით მოსვლა, როგორც იუწყებოდა ესაია: "მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაი და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაი, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს_დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა" (ესაია 53:2,3); ხოლო, მეორე მისი მოსვლა იქნება დიდებით, როდესაც ის მოვა ზეცით ანგელოზურ ძალებთან ერთად მამის დიდებით, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "მეფე დიდებით იხილოთ" (ესაია 33:17), და კიდევ: "ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაისამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ხელმწიფება მისი ხელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარხდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას" (დანიელ 7:13,14). ამ ორი მოსვლის შესაბამისად არის ნაჩვენები ორი წინამორბედიც. მათგან პირველი იყო იოანე, ზაქარიას ძე, რომელიც ყველაფერში წინასწარმორბედი და მახარობელი იყო ჩვენი მაცხოვრისა: მან ახარა ყველას ზეციური ნათლის გარდამოსვლა, რომელიც გამოსჩნდა ქვეყანაზე; მან, ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფმა, აუწყა დედის მუცელშივე მყოფ ყველა ყრმას მომავალი ახალი შობა სულიწმიდისგან და ქალწულისა.
როგორც კი გაიგონა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა ელისაბედის მუცელში (შეად. ლუკა 1:41), რადგან იხილა ღვთისმშობელში ჩასახული სიტყვა ღმრთისა და გაიხარა. შემდეგ, ქადაგებდა რა უდაბნოში, ის მოევლინა ხალხს სინანულის ნათლობის მაუწყებლად, რითაც წარმართთა ცხოვნებაც იწინასწარმეტყველა, რომელთა ცხოვრება ამქვეყნიურ უდაბნოში გადიოდა. ამის შემდეგ იორდანეზე ის უშუალოდ მოწმობს და უთითებს მაცხოვარზე და ამბობს: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1:29). მანვე განიცადა სიკვდილი ჰეროდესგან და პირველმა აუწყა ჯოჯოხეში მსხდომთ, ასე რომ იქაც წინამორბედად შეიქნა, რითაც მიანიშნა, რომ ჯოჯოხეთში შთახდებოდა მაცხოვარიც, რათა წმინდანთა სულები გამოეხსნა სიკვდილის ხელიდან.
ხოლო, რაკიღა მაცხოვარი იყო "დასაბამ" შესვენებულთა (ანუ საწყისი ყოველთა გარდაცვლილთა აღდგომისა - მთარგმნ.), საჭირო იყო, რათა უფალი, რომლის მიერაც უნდა გასამართლდეს მთელი ქვეყანა, პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ღირსებით მოღვაწენი და მოსაგრენი გვირგინოსან ქმნილიყვნენ მისგან - კეთილ და პირველმოსაგრისგან, რომელიც საკუთრივ პირველმა სძლია საცთურებს (უდაბნოში-მთარგმნ.), დაითმინა ვნებანი (ჯვარზე - მთარგმნ.), ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, და კვლავ მოვა სამყაროს აღსასრულს როგორც მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომაც, აუცილებელია რათა მისი ჯერ გამოცხადდნენ მისი წინამორბედნი, როგორც თვით უფალი ამბობს ამას მალაქიას პირით: "და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის" (მალაქია 4:5; ლუკა 1:17). და როდესაც გამოცხადდებიან აუწყებენ ყველას ქრისტეს მობრძანებას ზეცით; იქმან მრავალ ნიშებსა და სასწაულებს, რათა ამ გზით მაინც აღძრან კაცთა გულები ღმრთისკენ და მოაქციონ ისინი სინანულისკენ, მათი უკეთური და უსჯულო ცხოვრების გამო.
იოანე ამბობს: "და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. - ანუ იმ შვიდეულის ნახევარს, რომელზეც ბრძანებს დანიელი, - ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ_არს მოკუდომაი მისი. ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. და როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას: "მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი" (აპოკ. 11:3-7), რადგან ისინი არ მიაგებენ პატივსა და დიდებას ანტიქრისტეს ანუ, ამ აღმოცენებულ მცირე რქას, რომელიც საბოლოოდ გადიდგულებული და გაამპარტავნებული, დაიწყებს საკუთარი თავის განდიდებას ვითარც ღმერთი და წმინდანთა დევნას, ასევე ხელს მიჰყოფს ქრისტეს ძაგებას. და ეს ყოველივე, დანიელის თქმით: "და ვუმზერდი რქას და აჰა თვალნი მისნი კაცის თვალთა მსგავსი - და ბაგენი დიდად მეტყველნი და ღმრთის მგმობარენი, და დაიწყო რქამ ბრძოლა წმინდანთა წინააღმდეგ და სძლევდა მათ მანამ, სანამ მოკლულ არ იქნა და მიეცა ცეცხლს დასაწველად" (შეად. დან. 7:8-11,21) (14).
რადგან გვმართებს ასევე მეტ-ნაკლები მიმოწვლილვით განვიხილოთ, საიდუმლო რიცხვის მეშვეობით თუ როგორ გვიჩვენა სულიწმიდამ მისი სახელი, ამიტომაც უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ ყოველივე რაც კი შეეხება მოცემულ საკითხს. იოანე ასე ამბობს: "და ვიხილე სხუაი მხეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. და ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყუანის_სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაი სიკუდილისა მისისაი განიკურნა. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა. და აცთუნებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთვის, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მხეცისა მის, და ეტყვის მკვიდრთა ქუეყანისათა, რაითა ქმნან ხატი მხეცისაი მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაი და ცხოვნდა მახვილისგან. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაი მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, -რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს" (აპოკ. 13:11-18).
მოცემულ შემთხვევაში "მხეცი, აღმომავალი ქუეყანით" არის ანტიქრისტეს სამეფო, ხოლო ორ რქაში იგულისხმება როგორც თვით ანტიქრისტე, ასევე მისი ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც გამოჩნდება მასთან ერთად (15). სიტყვები: "აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა", - მიუთითებს, რომ შეეცდება მიემსგავსოს ღმრთის ძეს და საკუთარ თავს მეფედ გამოაცხადებს. სიტყვებით: "ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი" - აღინიშნება ის, რომ მტარვალი იქნება მაცთური და ჭეშმარიტება არ იქნება მასში. ხოლო გამოთქმით: "და ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყუანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაი სიკუდილისა მისისაი განიკურნა" აღნიშნულია ის, რომ ავგუსტუსის კანონის თანახმად, რომლის დროიდანაც, საკუთრივ, დამკვიდრდა რომის სამეფო, თვითნებურად და ერთპიროვნულად დაიწყებს ბრძანებების გაცემას, იბატონებს ყველაზე, დაამყარებს თავის წესრიგს - და ყველაფერ ამას მოიმოქმედებს იმ მიზნით, რათა კიდევ უფრო დიდი სახელი და პატივი მოიხვეჭოს. აი ეს არის მეოთხე მხეცი, რომლის თავი მოწყლული იქნა და შემდეგ ისევ განიკურნა. სწორედ ის, მიუხედავად იმისა, რომ (რომის სამეფო) დაინგრევა და განიყოფა ათ სამეფოდ, - განსაკუთრებული მზაკვარებით, ხელახლა განკურნავს მას და განაახლებს. სწორედ ამ აზრის გამოხატვა სურდა წინასწარმეტყველს, როდესაც თქვა, რომ "მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაი მის და ქმნას" მართლაც, ის ისევ მისცემს ხატს სიმხნესა და ძალას მის მიერ გამოცემული კანონების მეშვეობით, და ისე გააკეთებს, რომ ყველას, ვინც კი თაყვანს არ სცემს ხატს მხეცისას, მოკლავს. აქ გამოჩნდება წმინდანთა რწმენა და მოთმინება. ნათქვამია: "და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი". მართლაც, ღმრთის მონათა წინააღმდეგ ამხედრებული მზაკვარი, იმ მიზნით რათა ამოწყვიტოს და განდევნოს ამა სოფლიდან ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ადიდებენ მას, ბრძანებას გასცემს ყველგან დადგან საკერპენი (16), რათა არავის წმინდანთაგან არ ჰქონდეს შესაძლებლობა არც გაჰყიდოს ან იყიდოს რამე, თუ წინასწარ არ იქნება ცნობილი, რომ მსხვერპლი შესწირა მას. სწორედ ეს არის მარჯვენა ხელზე დადებული ბეჭედი. ხოლო ბეჭედი შუბლზე მიანიშნებს, რომ ყველანი დაიდგამენ ცეცლის გვირგვინს, თუმცა ეს გვირგვინი იქნება სიკვდილის და არა სიცოცხლის გვირგვინი. ასეთი მზაკვრობით შეეცადა იუდეველთა დამორჩილებას ასურელთა მეფე ანტიოქე ეპიფანე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გვარისგან იყო. გაამპარტავნებულმა ანტიოქემ გამოსცა ბრძანება ყველგან, ყველა სახლის კარის წინ, დაედგათ სამსხვერპლონი, რათა მსხვერპლი შეეწირათ და სუროთი გვირგვინმოსილთ დიონისეს (..... წარმართული ღმერთი - მთარგმნ.) პატივსაცემად საყოველთაო ზეიმი მოეწყოთ; ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებოდა ამ ბრძანებას, განკარგულება გასცა, წინასწარი ტანჯვა_წამების შემდეგ მოეკლათ. თუმცა, თვითონ დაიმსახურა ყოველისმხედველი და სამართლიანი ღმრთისგან ღირსი შურისგება: ანტიოქეს მატლები შეესია და ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული. ვისაც სურს ეს ყოველივე შეიტყოს დაწვრილებით, წაიკითხოს მაკაბელთა წიგნები, რომლებშიც ყველაფერია აღწერილი (17).
ჩვენ კი ისევ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. ანტიქრისტეც ყველაფერს გააკეთებს, რათა შეავიწროვოს წმინდანები. წინასწარმეტყველი და მოციქული კი ბრძანებს: "აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს". მაშ, ასე მის სახელთან დაკავშირებით რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია; ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ განსჯიდა მოცემულ შემთხვევაში იოანე და რა ეუწყა მას. რადგან მისი (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სახელის საიდუმლოს დრო გაამხელს, როდესაც გამოჩნდება თვით ანტიქრისტე. თუმცა, სავარაუდოდ მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ საგანზე რამდენიც ძალგვიძს; ასეთია (ანუ ამ რიცხვის შესაბამისია - მთარგმნ.), მაგალითად, სახელი - ტიტანი (Τειτάν), უძველესი და ცნობილი სახელი, ან ევანთასი (Εύάνθας), რომელიც ასევე შეესატყვისება მხეცის რიცხვს. შეიძლება წარმოვადგინოთ მრავალი სხვა სახელიც. ზემოთ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ პირვლი მხეცის ჭრილობა განიკურნება და მისცემს ხატს ძალას ილაპარაკოს. ყველასათვის ნათელია, რომ ლათინები ჯერ კიდევ ბატონობენ; შედეგაც, თუ ამ სახელს ერთ ადამიანთან მიმართებაში გადავთარგმნით, გამოვა სახელწოდება "ლათინელი" (Λατεινος) (18). მართალია, ჯერ კიდევ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ანტიქრისტეს სახელი ასეთი იქნება, როგორც არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ შეუძლებელია იწოდებოდეს სხვაგვარად. საერთოდ კი გვმართებს შიშით ვიპყრათ გულში ღმრთის საიდუმლო და რწმენით დავიცვათ ის, რაც წინასწარმეტყველთა მიერ არის ნაუწყები, ეს იმისთვის, რათა გვეცოდინება რა წინასწარ იმ მშფოთვარებათა შესახებ, რომელიც მოიწევა, არ დავბრკოლდეთ. ხოლო როდესაც მოიწევა განსაზღვრული ჟამი, მაშინ გაცხადდება მტარვალიც, როგორც ნაწინასწარმეტყველევია და ყველას გამოეცხადება მისი სახელი.
თუმცა მარტო ამ გამონათქვამებით როდი ძალგვიძს დავარწმუნოთ ღმრთის სიტყვის გულმოდგინე გამომეძიებელნი; ჭეშმარიტება შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვა მრავალ მოწმობათაგანაც. ასე მაგალითად დანიელი ამბობს: "და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ხელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა" (დანიელ 11:41). ესენი შეუერთდებიან მას ნათესაობის მიზეზით და თავიანთ მეფედ გამოაცხადებენ. "ედომი" - ეს ესავის შვილებია, ხოლო "ამმონი" და "მოაბი" - ლოთის ორი ქალწულისგან ნაშობნი: მათი მოდგმა გრძელდება დღემდე. ასევე ესაია ამბობს: "და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ხელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ" (ესაია 11:14).
მაშ ასე, გამოჩნდება რა მათგან განსაზღვრულ დროში და დაამარცხებს რა ბრძოლის ველზე სამ რქას ათიდან და საბოლოოდ აღმოფხვრის მათ (ანუ სამ რქას: ეგვიპტეს, ლიბიასა და ეთიოპიას), გადიდგულდება და გაამპარტავნდება ღმერთზე, თითქოსდა უკვე ყოველივე არსებულის მფლობელი და მბრძანებელი იყოს. პირველად ტიროსსა და სიდონს და მათ მიმდებარე ქვეყნებს დაესხმება. პირველად ამ ქალაქებს აიღებს, რაც სხვა ქალაქებშიაც დანერგავს შიშსა და ძრწოლას, როგორც ამბობს ესაია: "ცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღვისამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი. ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგვიპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტვიროსისა ძლით" (ესაია 23:4,5).
როდესაც მოხდება ეს, საყვარელო, მაშინ ამოძირკვავს ის სამ რქას და ეზეკიელის თანახმად, დაიწყებს ლაპარაკს ვითარც ღმერთი: "და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტვიროსისასა: ამათ იტყვის უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაი დავიმკვიდრე გულსა შორის ზღვისასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა" (ეზეკიელ 28:2). ამგვარადვე ბრძანებს ესაიაც: "ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაით ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰხდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა" (ესაია 14:13_15). და ისევ ეზეკიელი ბრძანებს: "ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაისა" (ეზეკიელ. 28:9).
იმის შემდეგ, რაც ვაჩვენეთ ეს გამონათქვამები, რომლებიც ანტიქრისტეს ტომობრივ წარმომავლობას, მის გამოჩენასა და აღსასრულს და ასევე, მის სახელს ეხება, მისი საქმეებიც განვიხილოთ. ის მოუწოდებს მთელ იუდეველ ხალხს ყველა ქვეყნიდან, რომლებშიც გაფანტულია და მიისაკუთრებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს; აუწყებს მათ, რომ აღადგენს ქვეყანას, სამეფოსა და ტაძარს, - და ყოველივე ამას იმ მიზნით, რათა თაყვანი სცენ მას, როგორც ღმერთს, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ (19): "შემოიკრებს ძალებს მზის აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლადმდე; და ყველა, რომლებსაც მან მოუწოდა და ისინიც კი, რომელთათვისაც არ მოუწოდებია - გაჰყვებიან მას". იერემიაც, იგავურად გვამცნობს ანტიქრისტეს შესახებ: "ხმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ" (იერემია 17:11).
რა თქმა უნდა, არ დაგვაზარალებს ისიც, თუკი მოგითხრობთ რა მზაკვრობებს მიმართავს ეს პირუტყვი და, რომ წინასწარმეტყველს უაზროდ კი არ შეუდარებია ის იგავურად კაკაბისთვის. მართლაც, ეს ფრინველი, რომელიც მეტად პატივმოყვარეა ყოველთვის, როგორც კი საკუთარ ბუდესთან ახლოს სხვა კაკაბის ბუდეს აღმოაჩენს, რომელშიაც ბარტყები ბუდობენ, მათი მშობლების არყოფნისას, რომლებიც საშოვარზე არიან, მიჰბაძავს მათ ხმას და ბარტყებს თავისკენ მიიხმობს. ბარტყებსაც ეს მშობლის ხმა ჰგონიათ და მიემართებიან მისკენ. და აი ასე მედიდურობს ის სხვის შვილებს შორის, თითქოსდა მისი იყოს. მაგრამ როგორც კი დაბრუნდება ნამდვილი მამა ბარტყებისა და მოუწოდებს მათ ნამდვილი ხმით, ბარტყები იცნობენ რა ამ ხმას, ტოვებენ მატყუარას და ისევ მამას მიაშურებენ. სწორედ ეს მსგავსება გამოიყენა წინასწარმეტყველმაც, როდესაც ლაპარაკობდა ანტიქრისტეზე, რომელიც კაკაბივით მოუხმობს კაცობრიობას და შეეცდება მიისაკუთროს ის რაც სხვისია; აუწყებს ყველას ცრუ გამოხსნას, როდესაც საკუთარი თავის ხსნაც კი არ ძალუძს.
ის მიიერთებს ხალხს, რომელიც ყოველთვის განდგომილი იყო ღმერთს და მისი თხოვნით დაიწყებს წმინდანთა დევნას, როგორც მტრებისა და მოწინააღმდეგეებისა, როგორც ბრძანებს ამას მახარობელი: "და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყვინ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, ამისთვის, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე" (ლუკა 18:2-5).
მსაჯულში, რომელსაც "არც ღმრთის შიში აქვს და არც კაცის რცხვენია", მახარობელმა უეჭვ ელად იგულისხმა ანტიქრისტე, ძე ეშმაკისა და ჭურჭელი სატანისა, რომელიც გაამპარტავნდება ღმერთზე და ჭეშმარიტად ურცხვი და უსამართლო იქნება ყოველთა მსაჯულის - ღმრთის ძის წინაშე. "ქვრივში" კი, როგორც ის ამბობს, - "იმავე ქალაქში ცხოვრობდა", იმ იერუსალიმზე მიანიშნებს, რომელიც, ჭეშმარიტად დაქვრივებულია, რადგან მიტოვებულია სრულყოფილი ზეციური სიძის მიერ (20) შურისგებას მოკვდავი ადამიანის მიერ ეძებს. სწორედ მას (ქრისტეს) მიიჩნევს ქვრივი თავის მოწინააღმდეგედ და არა მაცხოვრად, რადგან ვერ გულისხმაყო ის, რაც ნაბრძანებია იერემიას მიერ: "იმისათვის, რომ არ დაუჯერეს ჭეშმარიტებას, სული საცთურისა დაელაპარაკება მაშინ ამ ხალხს და იერუსალემს" (შეად. იერემია 4:11). ესაიაც ასე ბრძანებს: "არნდომისათვის ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.
ამისთვის, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა" (ესაია 8:6,7). აშურის (ასურელთა) მეფედ ის სიმბოლურად უწოდებს ანტიქრისტეს, როგორც სხვა წინასწარმეტყველთანაც არის ნათქვამი: "და იყოს ესე მშვიდობაი, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა" (მიქა 5:5).
ასევე, მოსეც, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა იუდეველთა განდგომილებას ჭეშმარიტი მაცხოვრისგან და ცთომილებასთან ამ ხალხის მიერთებას და ასევე იმას, რომ მიწიერ მეფეს არჩევდა ზეციერს, ასე ამბობდა: "აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა. დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერხნი მათნი" (მეორე სჯული 32:34,35).
მაშ ასე, მათ ყველაფერში დაუცდათ ფეხი და ყველაფერში ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი აღმოჩნდნენ: ეწინააღმდეგებოდნენ წინასწასრმეტყველებს, რადგან ხოცავდნენ მათ; ეწინააღმდეგებოდნენ სახარებას, რადგან ჯვარს აცვეს თვით მაცხოვარიც; ეწინააღმდეგებოდნენ მოციქულებს, რადგან დევნიდნენ მათ; ყველგან ბოროტმოქმედებად და ჭეშმარიტების გამცემლებად შეიქნენ; ღმრთის მოყვარეებზე უფრო ღმრთისმოწინააღმდეგეებად იქცნენ. ღმრთის მონებზე ამხედრებულნი, შურისგებას მოკვდავი კაცისგან ჯერ კიდევ იმ დროიდან ითხოვენ. ხოლო ის (კაცი წარწყმედისა, ანტიქრისტე - მთარგმნ.), მათი შემწეობით გადიდგულებული წმინდანთა წინააღმდეგ გამოსცემს განკარგულებებს რათა დახოცონ ყველგან იმ შემთხვევაში, თუკი პატივს არ მიაგებენ ანტიქრისტეს და თაყვანს არ სცემენ მას, როგორც ღმერთს. ამის შესახებ ასე იუწყება ესაია: "ვაი ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა (21), რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღვისა შორის ომირაისსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი" (ესაია 18:1,2).
ესენი კი ჩვენ ვართ, ღმრთის ძის მოიმედენი, რისთვისაც განვიცდით დევნას და შევიწროებას ურწმუნოთა და ბოროტ ადამიანთა მხრიდან. "ნავთა ფრთენი" ეკლესიებია; "ზღვა" -მსოფლიო, რომელიც ებრძვის ამ ზღვის მორევში მავალ ეკლესიას, რომელიც არ დაიღუპება, მას ხომ გამოცდილი მესაჭე იესუ ქრისტე მეთაურობს. ხომალდის შუაში აღმართულია მთავარი მონაპოვარი, მიმართული სიკვდილის წინააღმდეგ, - ჯვარი უფლისა. ხომალდს აქვს თავი - აღმოსავლეთის მხარე, და კიჩო - დასავლეთი; კილი (გემის ხერხემალი) სამხრეთია; ორი საჭე - ორი აღქთმა; თოკები, რომლებიც ირგვლივ გაუბამთ, ქრისტეს სიყვარულია რომლითაც შეკრულია მისი ეკლესია; ის ატარებს ტრიუმსაც, ანუ "შობის საბანელს", რომელიც განაახლებს მორწმუნეთ. ხომალდის სიფრიფანა და გამჭვირვალე აფრები - სულია ზეციერი, რომლითაც ღმრთისთვის მორწმუნენი აღიბეჭდებიან. რკინის ღუზები - ქრისტეს წმინდა მცნებებია, რომლებიც მტკიცენი არიან ვითარც რკინა. ხომალდზე იმყოფებიან მეზღვაურნი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხრიდან, - ეს მომსახურე ანგელოზთა დასებია, რომელებიც დაუღალავად და განუწყვეტლივ იცავენ ეკლესიას. კიბე, რომელიც გემის ანძაზე ადის - ქრისტეს ვნებების სიმბოლოა, ის სიმბოლო, რომელიც აღიტაცებს ყოველ მორწმუნეს ზეცად. ანძაზე დამაგრებული ფიცარნაგები (22), - წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და მოციქულთა დასია, რომლებიც განისვენებენ ქრისტეს სასუფეველში.
დევნასა და შევიწროებაზე, რომელიც თავს დაატყდება ეკლესიას, ლაპარაკობს იოანეც: "და გამოჩნდა ცაში სასწაული დიდი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, და მთვარე იყო მის ფეხქვეშ, და თავს ედგა თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი; და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისგან. და გამოჩნდა სხვა სასწაული ცაში; და აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. და კუდი მისი მიითრევდა მესამედს ცის ვარსკვლავებისას, და გადმოყარა ისინი ქვეყნად, და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა, როდესაც შობდა, შტაენთქა მისი შვილი. და შვა მან ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა დაემწყემსა ყველა წარმართი, და წარტაცებულ იქნა მისი ძე ღმრთისა და მისი ტახტის მიმართ. და ქალი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღმერთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. და მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა ივლტოდეს გველისგან, უდაბნოში, თავის ადგილას, და თავს ირჩენდეს იქ დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. და ამოასხა გველმა წყალი, როგორც მდინარე, თავისი პირიდან, ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. მაგრამ მიწა შეეწია ქალს, და განახვნა მიწამ ბაგენი, და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოასხა თავისი პირიდან. და განრისხდა ურჩხული ქალზე, და გასწია, რათა შეჰბმოდა დანარჩენებს მისი მოდგმისგან, რომლებიც იმარხავენ ღმერთის მცნებას, და აქვთ მოწმობა იესუსი" (აპოკ. 12:1-6, 13-17) (23).
ქალში, "რომელსაც ემოსა მზე" მან ყველაზე უცხადესად მოიაზრა ეკლესია, რომელიც შემოსილია მამის სიტყვით, რომელიც მზეზე უმეტესად ბრწყინავს. ხოლო სიტყვებით "და მთვარე იყო მის ფეხქვეშ" მიანიშნა, რომ ეკლესიას, მსგავსად მთვარისა, ამშვენებს ზეციური დიდება. გამოთქმა " თავს ედგა თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი" თორმეტ მოციქულზე მიანიშნებს, რომელთა მეშვეობითაც დამტკიცდა ეკლესია. "და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისგან" კი ნიშნავს, რომ ეკლესიას არა აქვს მოსვენება, რადგან ყოველთვის შობს სიტყვას თავისი გულიდან და, ამავდროულად, განიცდის გამუდმებულ დევნას ურწმუნოთაგან. "და შვა მან ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა დაემწყემსა ყველა წარმართი" - ძესა და სრულ ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ღმერთსა და კაცს, ნაუწყებს წინასწარმეტყველთა მიერ მარადის შობს ეკლესია და მის შესახებ ასწავლის ყველა ხალხს. გამოთქმა: "წარტაცებულ იქნა მისი ძე ღმრთისა და მისი ტახტის მიმართ" ნიშნავს, რომ ის, ვისაც მარადის შობს ეკლესია ზეციური მეფეა და არა მიწიერი, როგორც იუწყება ამას დავითი სიტყვებით: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა" (ფსალმუნი 109:1).
"და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. და მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა ივლტოდეს გველისგან, უდაბნოში, თავის ადგილას, და თავს ირჩენდეს იქ დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" - ეს სწორედ ის ათას ორას სამოცი დღეა, - შვიდეულის ნახევარი, - რომლის განმავლობაშიც მიეცემა ძალა ტირანს და დევნის ეკლესიას, რომელიც გაიქცევა ერთი ქალაქიდან მეორეში, დაიმალება უდაბნოში და მთებს შეაფარებს თავს; და არ ექნება მას სხვა არაფერი გარდა არწივის ორი ფრთისა, ანუ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომელმაც არწივივით გაშალა რა თავისი თავისი წმიდა ხელნი, მარჯვენა და მარცხენა, ჯვარზე მიამსჭვალა და მით ყველა მის მორწმუნეს თავისკენ მოუწოდა და ამ "ფრთებით" იფარავს ის მისდამი მორწმუნეთ, როგორც ფრინველი თავის ბარტყებს. ამ აზრით არის ნათქვამი მალაქიასთანაც: "და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაი შორის ფრთეთა მისთა. და გამოხვიდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ხსნილნი საკრველთაგან" (მალაქია 4:2).
უფალი ასევე ამბობს: "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თვისისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა. ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდენ დღენი იგი" (მათე 24:15-22). დანიელი კი ამბობს: "და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოხრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი. ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა" (დანიელ 12:11,12).
ნეტარი მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო გეტყვით თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათვის მისა მიმართ, რაითა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყვითა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაი. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი, მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი. არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თვისსა მას ჟამსა. რამეთუ საიდუმლოი იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაი, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოი იგი, რომელი-იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაითა, რომლისა-იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაითა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი, ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:1-12). ესაია კი ბრძანებს: "რამეთუ დადუმნა უღმრთოი და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოი, რაითა არა იხილოს დიდებაი უფლისაი" (ესაია 26:10).
როდესაც ეს მოხდება, საყვარელო და ერთი შვიდეული გაიყოფა ორ ნაწილად; გამოჩნდება "მოოხრების სისაძაგლე", მოვა უფლის ორი წინასწარმეტყველი და მისი მეორედ მოსვლის წინამორბედი და სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, - რაღა დარჩება კიდევ, თუ არა ზეცითგან მოსვლა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისასა, რომლისაც გვწამს და რომლისა მიმართ გვაქვს სასოება და რომელიც მოაწევს სამართლიან სასჯელს და დაწვავს მისდამი ურწმუნოთ? მართლაც, უფალი ამბობს: "და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოხსნაი თქუენი. და თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს. რამეთუ, ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები" (ლუკა 21:28,18; მათე 24:27,28). "მძორი" გამოისახა ჯერ კიდევ სამოთხეში: შეცდენილი ადამი ხომ იქ დაეცა. და კიდევ უფალი ამბობს, რომ მაშინ წარავლენს ძე კაცისა თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს "ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაით, ვიდრე კიდედმდე მათა" (მათე 24:31). ასევე დავითი, რომელიც ჩვენი უფლის მოსვლას იუწყება, ბრძანებს: "ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" (ფსალმ. 18:7). "სიცხეში" კი გულისხმობს დაწვას. ამასვე ადასტურებს ესაიაც, რომელიც ბრძანებს: "აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰხშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარხდეს რისხვა უფლისაი" (ესაია 26:20). ასევე პავლეც: "რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაი ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუვით აქუნდა" (რომ. 1:18).
მკვდრეთით აღდგომასა და წმინდანთა სუფევაზე კი ლაპარაკობს დანიელი: "და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხვილად საუკუნოდ" (დანიელ 12:2). ასევე ესაიაც: "აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს" (ესაია 26:19). უფალი ასევე ამბობს, რომ "მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ" (იოანე 5:25). წინასწარმეტყველი კი ბრძანებს: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფეს. 5:14). იოანე ბრძანებს: "ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაი, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა" (აპოკ. 20:6). "მეორე სიკვდილი" კი არის გეჰენიის ტბა. და კვლავ უფალი ბრძანებს: "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მათე 13:43). წმინდანებს კი ეტყვის: "მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათე 25:34). მაგრამ, რას ეუბნება უკეთურებს: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათე 25:41). იოანე ბრძანებს: "გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის_მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაი" (აპოკ. 22:15). მსგავსადვე ბრძანებს ესაიაც: "და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაი ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ხორცისა" (ესაია 66:24).
მიცვალებულთა აღდგომის შესახებ მოციქული პავლე თესალონკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო არა გუნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთვის, რაითა არა სწუხდეთ, ვითარცა_იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუის მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყვი თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთ მთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდამოხდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით" (1 თესალონიკ. 4:13-17).
ეს ყველაფერი, ამოწერილია საღმრთო წერილიდან, როგორც კეთილსურნელოვანი წყაროდან და მის საფუძველზე დაწნულია ზეციური გვირგვინი და მე, ღმრთისადმი სიყვარულით, შემოკლებულად გთავაზობ შენ, ძმაო ჩემო თეოფილე, რათა შენ, რწმენით დაიმარხო დაწერილი და მომავლის ჭვრეტით დაიცვა თავი უბიწოდ, როგორც ღმრთის, ასევე კაცთა წინაშე, რათა მოელოდე "ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (ტიტ. 2:13). - იმ მოვლინებას, რომლის დროსაც, წმინდანთა აღდგომის შემდეგ, გავიხარებთ მასთან ერთად და განვადიდებთ მამას, რომელსაც ეკუთვნის დიდება სამარადისოდ. ამინ.
შენიშვნები:
1. ამ თეოფილეს პიროვნების შესახებ რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს ის თეოფილეა, რომელსაც, როგორც წმ. ეპიფანე მოწმობს, მიმართავდა წმ. მეთოდე პატროველიც.
2. აქ და შემდგომ ფრჩხილებში მოცემულია სიტყვები, რომლებიც არ არის ორიგინალში, მაგრამ შეტანილია მთარგმნელის მიერ სიტყვათა შორის ლოგიკური კავშირისათვის და წინადადების შინაარსის უკეთესად გააზრებისათვის.
3. იპოლიტეს შეხედულება, რომ ანტიქრისტეს დროს აღდგება იერუსალემის ძველი ტაძარი ყველა წმინდა მამის მიერ გაზიარებული არ არის. როდესაც იერუსალემის ტაძარზე ლაპარაკობენ, ჩვეულებისაებრ უთითებენ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებს "მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:4) და დანიელის წინასწარმეტყელებას მოოხრების სისაძაგლეზე: "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ" (მათე 24:15). იპოლიტესგან განსხვავებით, კირილე იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, ირინეოს ლიონელი და სხვა წმიდა მამები "ღმრთის ეკლესიაში" ("წმიდა ადგილში) გულისხმობდნენ ქრისტეანულ ეკლესიას. ასეთი შეხედულება აქვთ ნეტ. იერონიმეს, ნეტ. თეოდორიტეს, ნეტ. თეოფილაქტეს, წმ. ანდრია კესარიელს, ნეტ. ავგუსტინეს, ღირ. ეფრემ ასურელს, რომელიც ამბობს: "ის (ე. ი. ანტიქრისტე _ მთარგმნ.) გამოჩნდება და შევა ღმრთის ტაძარში, სწორედ ღმრთის ეკლესიაში, რათა შიგ მოკალათდეს. არ განიდრიკება ის სხვა რომელიმე მწვალებლური საზოგადოებისკენ, რათა არ იცნონ, - არამედ ზიზღით უარყოფს ყველა ცრუ კულტს, ეკლესიის დატყვევების შესაძლებლობა რომ მიეცეს"; და შემდეგ: "...ჭეშმარიტების ნიღაბით დაიწყებს ეკლესიის მართვას" (Творения, Ч.7, с.246_247). წმ. ანდრია კესარიელი ბრძანებს, რომ ანტიქრისტე "ნამდვილად დაჯდება ღმრთის ტაძარში _ საყოველთაო ეკლესიაში" (Толк. на Апок., с.177). ნეტ. თეოდორიტე წერს, რომ "ღმრთის ტაძრად ეკლესია იწოდება" (Толк. на Апок., с.177). ამ უკანასკნელ შეხედულებას იზიარებს წმ. იოანე ოქროპირიც, რომელიც თავის ვრცელ ტრაქტატში "იუდეველთა წინააღმდეგ" წერს, რომ "იერუსალემის ტაძარი არასდროს აღსდგება" და, რომ "არც ერთ წინასწარმეტყველს არ მოუცია პირობა, რომ იუდეველები გათავისუფლდებიან ამჟამინდელი თავიანთი უბედურებებისგან" (Творения, Т. 1, с.698,703). რაც შეეხება დანიელის წინასწარმეტყველებას ბოლო შვიდეულის შესახებ, აქედანაც ნათელია, რომ მოოხრების სისაძაგლეს ანტიქრისტე დააყენებს ასევე ღმრთის ეკლესიაში, რომელიც, მართლაცდა, არის წმიდა ადგილი, რასაც არანაირად არ წარმოადგენს იერუსალემის ტაძარი, რადგან დღევანდელი იუდეველები თაყვანსსცემენ, როგორც ასწავლის ამას ყველა წმ. მამა და წმ. წერილი (გამოცხ. 2:9; 3:9), არა ღმერთს, არამედ ეშმაკს, შედეგად, მათ მიერ აღდგენილი ტაძარი შეუძლებელია აწ იყოს ღმრთის წმიდა ტაძარი, წმიდა ადგილი ან წმიდა საკურთხეველი. ამ აზრს სრულიად ადასტურებს წმ. წერილიც, სადაც თვით უფალი თავისი ჯვარცმის წინ წინასწარმეტყველებდა იერუსალიმის ტაძრის გამო: "აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად" (მათე 23:38), რაც აღსრულდა, როდესაც იერუსალემის ტაძრის მიტოვება სულიწმიდამ ტაძრის კრეტსაბმელის შუაში გახევით მიანიშნა. ამ სიტყვების განმარტებისას, წმ. იოანე ოქროპირი ყურადღებას აქცევს იმას, რომ უფალი იერუსალემის ტაძარზე "ჩემი სახლიო" კი არ ლაპარკობს, არამედ "თქვენი სახლიო" ბრძანებს ("დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად"), ანუ იერუსალემის ტაძარი უკვე ღმრთისგან განმდგარი იუდეველების სახლი გახდა, რითაც უფალმა მის სრულ გაპარტახებაზე მიუთითა. მაშ ასე, მოოხრების სისაძაგლე "წმიდა ადგილზე" (ის დღემდე წმიდა ადგილი რომ იყოს) ორი ათას წელზე მეტია რაც არსებობს, ანტიქრისტეზე კი ნათქვამია, რომ თავის სისაძაგლეს ის აღმართავს იმ ადგილას, რომელიც მეორედ მოსვლამდე წმიდა იქნება, ანუ აქ სხვა არაფერი შეიძლება იყოს ნაგულისხმევი თუ არა ქრისტეანული ეკლესია. შედეგად, დანიელის წინასწარმეტყველება "მუდმივი შესაწირავის შეწყვეტაზე" (დან. 12:11) უნდა გავიგოთ როგორც ქრისტეანული ღია (ლეგალური) ღვთისმსახურებისა და (უსისხლო) მსხვერპლშეწირვის შეწყვეტა, როგორც ამას ირინეოს ლიონელი და ეფრემ ასურელი განმარტავენ. ამ დროიდან ქრისტეანული წირვა აღსრულდება იმ უდაბნოში, სადაც _ როგორც აპოკალიპსისი გვაუწყებს, _ გაიქცევა დედაკაცი _ ქრისტეს ეკლესია, რათა დაემალოს გველს მეორე და დიდებით მოსვლამდე უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა.
4. იპოლიტეს მიერ ციტირებული ზოგიერთი ადგილი ყოველთვის არ შეესაბამება ბიბლიის ძველ და მიღებულ თარგმანს, რომელიც ეკლესიაში, ჩვენს დროში გამოიყენება, არამედ შეესატყვისება მოცემული თხზულების ტექსტის ორიგინალს.
5. წმ. წერილში ასეთი ადგილი არ არის. სავარაუდოდ, იპოლიტეს ის აღებული აქვს რომელიღაც აპოკრიფული თხზულებიდან. ეს ადგილი იპოლიტეს კიდევ ერთხელ აქვს დამოწმებული 54-ე თავში.
6. წმ. წერილის ეს ადგილი, რომელიც იპოლიტეს მოჰყავს ანტიქრისტესთან მიმართებაში, აშკარად უთითებს მასზედ, რომ მხეცი მოკვდება კაცის ხელით, რომელსაც სხვა ადგილას მოციქული უფლის "პირის სულს" უწოდებს (2 თესალონიკ. 2:8). ამას ადასტურებს წინასწარმეტყველი იერემიაც, რომელიც გვაუწყებს: "გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (იერემია 15:19). იგივე უნდა ითქვას უფლის პირისგან გამომავალ მახვილზე (გამოცხ. 1:16), რაც წმ. წერილში ჩვეულებისაებრ წინასწარმეტყველთა მრისხანე მხილებებს განეკუთვნება (ოსია 6:5). მეორეს მხრივ, ასეთი განმარტება დასტურდება დანიელ წინასწარმეტყველის მიერაც, რომელიც ამბობს, რომ ანტიქრისტეს მოკვლიდან ქრისტეს მოსვლამდე დროის გარკვეული მონაკვეთი იარსებებს (დანიელ 12:11,12), რითაც მიგვანიშნებს, რომ მხეცს უშუალოდ უფალი კი არ მოკლავს, თავისი დიდების მოსვლის დროს, საუკუნო სამსჯავროზე, არამედ ჯერ კიდევ ამ მომენტის დადგომამდე, და სწორედ "მისი (ანუ უფლის - მთარგმნ.) პირის სულის მიერ". ასეთ გაგებას მხარს უჭერს წმ. მამის განმარტებაც: "ნეტარ არს ის, ვინც წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მოიკვლება ანტიქრისტე, კიდევ ორმოცდა ხუთი დღე დაელოდება უფლისა და მაცხოვრის დიდებით მოსვლას" (Блаж. Иероним. Творения, Т.12, с.139).
7. დანიელის წინასწარმეტყველების განმარტებაში იპოლიტე პირდაპირ უთითებს, თუ ვინ იყო ის ოთხი მემკვიდრე, რომელთა შორისაც ალექსანდრემ დაჰყო და დაანაწილა თავისი სამეფო. ესენი იყვნენ: სელევკოსი, დიმიტრი, პტოლომეოსი და ფილიპე.
8. აქ უნდა ვიგულისხმოთ რომის სახელმწიფოს მრავალეროვნულობა, საიდანაც წარმოიქმნება ტომთა (ერთა) შორის უთანხმოებანი. ანუ სახელმწიფო დაიყოფა ათ ცალკეულ და იმ ეროვნულ სახელმწიფოდ, რომლებიც შედიოდნენ მის შემადგენლობაში; შედეგად, აქ იგულისხმება არა დემოკრატია, როგორც მმართველობის ცნობილი ფორმა, არამედ ძალაუფლებათა სხვაობა, რომელიც განპირობებულია განჰყოფილ ტომთა ეროვნული თავისებურებებით.
9. ბაბილონის მეძავში იპოლიტემ, როგორც ჩანს, იგულისხმა, რომის იმპერია, რადგან სწორედ მასზე საუბრობდა წინა თავში. ეს სახე სრულიად გასაგები აღმოჩნდება, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ანტიქრისტე, იპოლიტეს შეხედულებით იბატონებს სწორედ რომის იმპერიაში, რომელმაც მის დროს, ძველი ბაბილონის, გარყვნილების ამ სინონიმის მსგავსად, მიაღწია გარყვნილების უმაღლეს ხარისხს. მაგრამ სხვა კომენტატორები ერთურთისგან განჰყოფენ ბაბილონსა და მეძავს, სადაც პირველში გულისხმობენ რომის იმპერიას, მეორეში კი _ ქრისტეს მოღალატე ეკლესიას. ის, რომ ბაბილონის მეძავის ხატი აპოკალიპსისში ხშირად მოიხსენიება განუყოფლად, ლაპარაკობს იმაზე, რომ მწვალებლური ეკლესია თავის დაცემაში იმდენად გაუტოლდება წუთისოფელს, რომ თითქმის არაფრით იქნება განსხვავებული საერო ქალაქ_სამეფოსგან.
10. ძველი გადმოცემა მოწმობს, რომ ესაია წინასწარმეტყველი მეფე მანასეს (მანასიას) ბრძანებით შუაში გადახერხეს.
11. ეს არის ნათელი მითითება იმაზე, რომ რომი იპოლიტეს წარმოდგენაში გაიგივებულია ბაბილონთან, როგორც ანტიქრისტეს სამეფოსთან.
12. ანტიქრისტეს წინამორბედ რომელ შვიდ მეფეს გულისხმობდა წმ. მოციქული იოანე, ყველაზე ძნელად ამოსახსნელი გამოცანაა კომენტატორთათვის. მისი ამოხსნის გასაღები იმალება აპოკალიპსისური მხეცის თავების რიცხვში (გამოცხ. 13:1), რომელიც დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ოთხი მხეცის თავების რიცხვს შეესაბამება (დან. 7), რომელიც, წმ. მამათა განმარტებით, - აღნიშნავენ მსოფლიო იმპერიათა მიყოლებით მონაცვლეობას და შვიდ ყველაზე მძლავრ მეფეს, რომლებიც სხვადასხვა დროში მეთაურობდნენ ამ იმპერიებს. ცხადია, რომ მოციქულ იოანეს მიერ ნაწინასწამეტყველევი მხეცი ერთ პირში მოიცავს დანიელის ოთხ მხეცს: ლომს, დათვს, ვეფხვსა და მეოთხე, საშინელ უსახელო მხეცს, - ბაბილონის, მიდო_სპარსულ, ბერძნულ და რომაულ სამეფოებს. მხეცის იოანესეული აღწერილობიდან, რომელიც, როგორც მოციქული გვამცნობს იყო "მსგავსი ვეფხისაი, და ფერხნი მისნი, ვითარცა დათვისანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაი. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თვისი და საყდარი თვისი და ხელმწიფებაი დიდი" (აპოკ. 13:2) გამომდინარეობს ის აზრი, რომ დანიელ წინასწარმეტყველის ოთხი სამეფო მოიცავს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნახსენებ შვიდ სამეფოს. წინასწარმეტყველ დანიელის მიერ აღწერილი ოთხი მხეციდან, მხოლო ვეფხვს ჰქონდა ოთხი თავი მაშინ, როდესაც ლომს, დათვსა და მეოთხე, საშინელ მხეცს მხოლოდ თითო. როგორც ცნობილია, ვეფხვი აქ სიმბოლურად წარმოადგენს ბერძული სამეფოს , რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა ოთხმა მემკვიდრემ დაიმკვიდრა და შესაბამისად ოთხ ნაწილადაც დაიყო, კერძოდ: მაკედონიურ_ბერძნულ სამეფოდ, რომლის დედაქალაქი იყო ათენა; თრაკიულ-ბითვინიურ სამეფოდ დედაქალაქით ნიკომიდიაში, სირიულ_ბაბილონურად ცენტრით ანტიოქიაში და ეგვიპტის სამეფოდ, რომლის მთავარი ქალაქი იყო ალექსანდრია. ამ ოთხ სამეფოს, რომელიც შეადგენდა ერთ მსოფლიო ბერძნულ იმპერიას, აუცილებლად უნდა მივუმატოთ პირველი, ბაბილონისა და მიდიურ_სპარსული სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო სუზა და რომელიც ბერძნულ იმპერიაზე უადრეს იყო და მეორე, ამ იმპერიის მონაცვლე რომის იმპერიაც, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს აპოკალიპსისის მხეცის თავების რიცხვს - შვიდს. აქედან ადვილი დასადგენია რომელია ის ხუთი დიდი მეფე, რომლებიც მეფობდნენ ამ სამეფოებში გამოცხადების დაწერამდე და უკვე დაეცნენ. არ შეიძლება ეჭვი არსებობდეს იმაში, რომ ესენი არიან: 1) ნაბუქოდონოსორი, 2) კიროს სპარსელი, 3) დარიოს მიდიელი, 4) ალექსანდრე მაკედონელი, და 5) ანტიოქე ეპიფანე, სირიელი. მეექვსე მეფე - "და ერთი ჯერ კიდევ არის" -რომის იმპერატორი ვესპასიანეა, რომელმაც დაანგრია იერუსალემის ტაძარი და რომლის მეფობის დროსაც, როგორც ვარაუდობენ, დაწერა იოანემ აპოკალიპსისი. მეშვიდე მეფეზე წმ. წერილი არაფერს იტყობინება გარდა იმისა, რომ მისი მეფობა ხანმოკლე იქნება და, რომ ის გამოჩნდება უშუალოდ ანტიქრისტეს მოსვლის წინ. და ბოლოს, მერვე მეფეზე ჩვენ ვიცით, რომ ეს თვით ანტიქრისტეა.
13. შვიდეულის ნახევარი უდრის 3,5 წელიწადს. რადგან აქ საანგარიშოდ აღებულია მთვარის თვე 30 დღით, რომელიც მიღებულია ებრაული წელთაღრიცხვით, მაშინ 3,5 წელი ნამდვილად უდრის 1260 დღეს, როგორც აღნიშნავს ამას იპოლიტე.
14. იპოლიტეს წინასწარმეტყველი სიტყვები მოჰყავს თავისუფალი ინტერპრეტაციით.
15. წმ. ანდრია კესარიელსა და ზოგიერთი სხვა კომენტატორს სხვაგვარად ესმოდათ პირველი და მეორე მხეცის არსი. მიწიდან ამომავალ მხეცში ისინი ხედავდნენ ცრუწინასწარმეტყველს, ხოლო ზღვიდან ამომავალ მხეცში კი თვით ანტიქრისტეს.
16. ძველაღთქმისეული სისხლიანი და დასწვავი მსხვერპლი და კმევანი ქრისტეს მიერ დაწესებული ევქარისტიის უწმიდესი საიდუმლოს გარდა შეიცვალა აგრეთვე წმიდა ხატებთან სანთლის ანთებით, რომელიც ერთგვარ მცირე დასაწვავ მსხვერპლს წარმოადგენს. შესაძლებელია საკერპეში წმ. იპოლიტე გულისხმობდა სანთლების უბრალო ანთებას, რომელსაც თან ახლავს მხეცის ხატის თაყვანისცემა.
17. იხ. 1 მაკაბ. 1:55; 2 მაკაბ. 6:7.
18. დამოწმებული სახელები იპოლიტეს ანტიქრისტეს სავარაუდო სახელებად მიაჩნია, რადგან მათი შემადგენელი ასოები, იზოფსეფიით (ციფრული შესატყვისობით) გვაძლევენ მხეცის რიცხვს 666-ს. Τ=300, ε=5, ι=10, τ=300, α=1, ν=50 =666. Ε=5, υ=400, α=1, ν=50, θ=9, α=1, ς=200 =666. Λ=30, α=1, τ=300, ε=5,ι=10, ν=50, ο=70, ς=200 =666.
19. იხ. შენიშვნა მე-5.
20. შეად. მათე 9:15; მარკ. 2:19, 20; ლუკა 5:34, 35.
21. საკუთრივ ხომალდის (გემის) ფრთებს წარმოადგენენ აფრები და ნიჩბები; შედეგად, აქ მხედველობაში მთელი ხომალდი მისი მთლიანი აღჭურვილობით, ამიტომაც არის, რომ იპოლიტე გვთავაზობს შემდგომ მისი თითოეული ატრიბუტის დეტალურ განმარტებას.
22. დაფარნებში იგულისხმება ფეხსადგამები, რომლებსაც დგამდნენ ანძის ზემოთ ხომალდის სვლის სამეთვალყურეოდ. რადან მასზე ამაგრებდნენ თოკებსაც, რომელიც ამაგრებდა ანძას, თოკების შეერთება რომელიც ამ მრგვალ ფეხსადგამს სპეციალური კაუჭებით ამაგრებდა წარმოადგენდა ერთგვარ გვირგვინს, რომელსაც "ფსიფაროს" (ψηφαροι) უწოდებდნენ. სწორედ ამ "ფსიფაროს" იყენებს იპოლიტე იმ მსახურების სიმბოლოდ, რომელიც ეკლესიაში გააჩნიათ წინასწარმეტყველებს, მოწამეებსა და მოციქულებს - ისინი არიან ის თოკები, რომლებიც ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობას ამაგრებენ.
23. იპოლიტე მოცემულ ადგილს იმოწმებს თავისუფალი ინტერპრეტაციით, თუმცა სრულიად ინარჩუნებს ძირითად აზრს.
Священномученик Ипполит, Епископ Римский. О Христе и антихристе. - СПб: Братство Свт. Геннадия Новгородского, 1996, и, Святитель Ипполит Римский. Творения. Выпуск 2. Репринтное издание, СТЛ, 1997. // Репринт: Творения Святого Ипполита, Епископа Римского, в русском переводе. Выпуск II. Казань. Издание Казанской Духовной Академии, 1899, стр. 9-46.