აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ვინ არის "შემკავებელი"?
დეკანოზი პეტრე ანდრიევსკი (†2012), ნიკოლაი კავერინი.
თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში მოციქული პავლე, როდესაც ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს, ბრძანებს, რომ "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე") (ძვ. ქართ.: "უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ") (2 თესალონიკ. 2:3). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ "უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს", თვით ანტიქრისტე არ გამოჩნდება, სანამ "სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7).
ვინ არის ეს შემკავებელი? დოგმატური მიმართებით ეს საკითხი არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ეკლესიაში ბოლო დრომდე დავას და პოლემიკას არ იწვევდა. თუმცა, წმიდა მამები, როდესაც განმარტავდნენ მოციქულის სიტყვებს, თავიანთ აზრსაც გამოთქვამდნენ "შემკავებელის" შესახებ. წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, "შემკავებელი" - რომის იმპერიაა, სხვა წმიდა მამები მიიჩნევდნენ, რომ სამყაროს ანტიქრისტეს მოვლინებისგან იცავს სულიწმიდის მადლი, მესამენი კი ფიქრობდნენ, რომ შემკავებელი არის ღმრთის განგებულება: როდესაც დადგება ღმრთით დადგენილი დრო, მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტეც. აუწყებს რა თავის მკითხველს ყველა ამ განმარტებას, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ამატებს: "შენ კი მისდიე იოანე ოქროპირის განმარტებას, როგორც ყველაზე უფრო ჭეშმარიტს" (Толкования на Новый Завет блаженного Феофилакта архиепископа Болгарского. СПб., 1911. С. 799).
ერთი შეხედვით, ზოგიერთი მართლმადიდებელი, რომლებიც იზიარებს იმ აზრს, რომ შემკავებელი, რომლის შესახებაც მოციქული პავლე მსჯელობს, არის უკანასკნელი რუსი იმპერატორი, ამ შეხედულებაში თითქოსდა მისდევს იოანე ოქროპირს, რომელიც შემკავებლად რომის იმპერიას მიიჩნევდა. მაგრამ წმ. იოანე ოქროპირი რომის იმპერატორულძალაუფლებას ანტიქრისტეს მოსვლის შემკავებლად მიიჩნევდა არა იმიტომ, რომ რომის ძალაუფლება საიმპერატორო ძალაუფლება იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მსოფლიო ძალაუფლება.
რომის იმპერია გადაჭიმული იყო იმდროინდელ მსოფლიოზე, რომის იმპერატორი ბატონობდა დედამიწის ყველა ხალხზე. რომის იმპერიის არსებობა ცენტრით "მარადიულ ქალაქში" (ანუ რომში - "აპოკ." რედ.) სრულიად გამორიცხავდა მსოფლიოში ანტიქრისტეს გამეფებას, რომელიც იერუსალიმში, უკვე მსოფლიო იმპერიის დედაქალაქში უნდა გაბატონდეს. "მანამდე კი ამ (რომის) სახელმწიფოსი ისე შეეშინდებათ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - რომ ანტიქრისტეს არავინ დაემორჩილება; მაგრამ, იმის შემდეგ რაც ის დაინგრევა, გამეფდება ქაოსი და ის (ანტიქრისტე) შეეცდება მიიტაცოს ყოველგვარი - ადამიანური და ღვთაებრივი - ძალაუფლება" (Св. Иоанн Златоуст. Творения, СПб., 1903. Т. 11. С. 598).
რომის სამეფო წინასწარმეტყველ დანიელს აღწერილი აქვს მეოთხე მხეცის სახით. "გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა" (დანიელი 7:7). მეოთხე მხეცის ათი რქა კი იმას ნიშნავს, რომ "ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება" (დანიელი 7:24). ცხადია, რომ თვით ანტიქრისტეს მოსვლამდე დედამიწაზე იქნება მეოთხე მხეცის ბატონობა - თავიდან ერთიანი რომის სახელმწიფოს, შემდეგში კი სხვადასხვა სახელმწიფოების სახით. მიუხედავად ამისა, როგორც რომის ერთიანი სახელმწიფო, ასევე მრავალი სახელმწიფოები, რომლებიც მას აუმხედრდებიან, დანიელის მიერ სიზმრისეულ ხილვაში ნანახი ერთი და იგივე მეოთხე მხეცია, და როგორც რომის ერთიანი სახელმწიფო აკავებდა ანტიქრისტეს მოსვლას, ასევე აკავებენ მის მოსვლას სახელმწიფოები, რომლებიც მისგან გამოვიდნენ, სანამ თვითონაც არ დამარცხებიან ანტიქრისტესგან. "მსგავსად იმისა, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - როგორც ადრე დაანგრიეს სამეფონი, კერძოდ: მიდიელთა სამეფო - ბაბილონელებმა, ბაბილონისა - სპარსებმა, სპარსებისა - მაკედონიანელებმა, მაკედონიისა - რომაელებმა, ასევე ამ უკანასკნელს დაანგრევს ანტიქრისტე, თვითონ კი დამარცხდება ქრისტესგან და უკვე აღარავინ იმეფებს. და ამ ყოველივეს დიდი სიცხადით გადმოგვცემს დანიელი" (Св. Иоанн Златоуст. Творения, СПб., 1903. Т. 11. С. 598).
წმ. იოანე შემთხვევით როდი იმოწმებს წინასწარმეტყველ დანილს, რადგან სწორედ მას მიეცა ხილვა ანტიქრისტეს გამეფების შესახებ. როდესაც დანიელი უყურებდა მეოთხე მხეცის ათ რქას, მან დაინახა, რომ "კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა" (დანიელი 7:8). ამგვარად, ანტიქრისტე მსოფლიოზე გამეფდება რომის სამეფოს (ამ სამეფოდან აღმოცენებული სახელმწიფოების) დანგრევის შემდეგ.
მღვდელი დანიელ სისოევი თავის სტატიაში "მონარქიული მოძრაობის საღვთისმეტყველო საცთურები" სამართლიანად სვამს კითხვას: "როგორ შეეძლო მსოფლიო ბოროტების შეკავება კონსტანტინოპოლის მეფეს ბიზანტიის ბრწყინვალების დასასრულზე, როდესაც მისი სამფლობელოები მხოლოდ ქალაქისა და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა?" (Диакон Даниил Сысоев. Богословские соблазны монархического движения //Благодатный Огонь. 2000. № 4. С. 61, 62).
მეფის გამაღმერთებელი მონარქისტები ამ კითხვას არაფრით პასუხობენ, ისევე როგორც ვერ პასუხობენ კითხვას: "ას წელზე მეტია გასული უკანასკნელი იმპერატორის მკვლელობიდან, და ანტიქრისტე ჯერაც არ მოსულა?" (Диакон Даниил Сысоев. Богословские соблазны монархического движения //Благодатный Огонь. 2000. № 4. С. 61, 62). როგორ არის მსოფლიო დაცული ამ პერიოდში ანტიქრისტესგან? ნუთუ ანტიქრისტეს მეფის ერთგული მართლმადიდებელი ქრისტიანები აკავებენ, რომლებსაც თურმე შეუძლიათ "რაღაც დროის განმავლობაში დაიცვან რუსეთი და მსოფლიო საბოლოო წარწყმედისგან"? მაგრამ ამგვარ "შეკავებაზე" არაფერს ამბობს მოციქული, რომელსაც არ შეეძლო მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის არ გაეცხადებინა, რომ შუაგულიდან "შემკავებლის" აღხოცვის შემდეგ თვით ქრისტიანები დიდი ხნის განმავლობაში შეძლებდნენ სამყაროს დაცვას ანტიქრისტესგან, თუკი ისინი ზეცაში მყოფი თავიანთი მეფის მიმდევრები იქნებოდნენ.
და, რა თქმა უნდა, ვერ დაუმალავდა მოციქული მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმასაც, რომ "შემკავებელი" შეიძლება სამყაროს მცირე დროით კვლავ დაუბრუნდეს. რადგან, თუკი მართლმადიდებელი მეფეა ის "შემკავებელი", რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული პავლე, მაშინ რუსეთში ან ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში მართლმადიდებლური სამეფოს აღდგენის შემდეგ სამყაროში "შემკავებელი" კვლავ დაბრუნდება. ეს კი აშკარა ცილისწამებაა მოციქულისა, რომელიც არაორაზროვნად ამბობს, რომ იმის შემდეგ, რაც "შუაგულით აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას (ანტიქრისტეს - "აპოკ." რედ.), მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8).
"შემკავებლის" არავითარ დაბრუნებაზე მოციქული არ ლაპარაკობს, და სრულიად უეჭველია, რომ "შემკავებელი" კვლავ უკან რომ ბრუნდებოდეს, ამას მოციქული უეჭველად იტყოდა, რადგან მოციქულის მიზანი იყო არა ქრისტიანთა დაბნევა, არამედ მათი ჭეშმარიტებაში დამოძღვრა. და საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი "შემკავებლის" კვლავ მსოფლიოში დაბრუნება?
თუკი გამრავლებულმა ბოროტებამ გამოიწვია ის, რომ "შემკავებელი" (ანუ ის, ვინც აკავებდა ბოროტებას გავრცელებას დედამიწაზე) შუაგულიდან გაყვანილია, ნუთუ თვით ბოროტება "შემკავებლის" გარეშე ისე დაუძლურდება, რომ შესაძლებელი გახდება სამყაროში "შემკავბლის" კვლავ დაბრუნება? ნუთუ მეფის ერთგული მიმდევრები, რომლებიც, სხვა მონარქისტების აზრით, დღეს დედამიწაზე ბოროტებას აკავებენ, იმდენად კარგად უძღვებიან ამ მოვალეობას, რომ ბოროტება დაუძლურებულია და დედამიწაზე თვით "შემკავებლის", ანუ მართლმადიდებელი მეფის დაბრუნება კვლავ შესაძლებელია? მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს დედამიწაზე "შემკავებლის" დაბრუნებას, თუკი ზეცად მყოფი მეფე-მოწამე დედამიწაზე მის ერთგულ ადამიანებთან ერთად უკეთესად უმკლავდება "შემკავებლის" მოვალეობას?
ხშირად გულწრფელი და პატიოსანი მონარქისტები თავიანთ მცდელობებში გააერთიანონ ორი პოსტულატი - შუაგულიდან "შემკავებლის" აღხოცვა (გაყვანა) და რუსეთში მონარქიის აღდგენის აუცილებლობა - საკუთარი თავისადმი წინააღმდეგობას იწყებენ. საქმე ზოგჯერ კურიოზებამდეც კი მიდის. ასე მაგალითად, წამებული სამეფო ოჯახის ერთმა ცნობილმა და გულწრფელმა თაყვანისმცემელმა დაწერა, რომ "რუსეთის სახელმწიფოს სკიპტრა და ძალაუფლება დღეს ზეციური დედოფლის ხელშია". არ შევედავებით, მაგრამ, მაშინ როგორ გავიგოთ ამის შემდგომი სიტყვები: "აუცილებელია, რათა უფალმა შეისმინოს რუსი ადამიანების გულის ძახილი, რომლებიც უკვე აღარ ესავენ "მთავართა, ძეთა კაცთასა": უფალო, უკვე აღარა გვაქვს მოთმინების ძალა! მოგვეცი მეფე!" (Радонеж. 1999. № 9–10. С. 13).
ამ გამონათქვამიდან ლოგიკურად გამოდის, რომ ჩვენ ყველამ უნდა შევძახოთ: "უფალო, აღიღე ჩვენგან ზეციური დედოფლის სკიპტრა და მეუფება და მის ნაცვლად მიწიერი მეფე მოეც ცოდვილ ადამიანებს!"
ამ ცრუსწავლებათა აპოლოგეტებს მართებდათ სამეფო ოჯახის თაყვანისცემა მეფის გაღმერთების მწვალებლობად არ გადაექციათ, არამედ მათი მოწამეობრივი ღვაწლის შემხედვარეთ, ეცადათ საკუთარი სულები შეემკოთ იმ სათნოებებით, რომლითაც თვით მოწამეები აღესრულნენ: თავმდაბლობით, ჭირთათმენით, უბოროტობით, გლახაკთმოყვარებით, მოწყალებით უპოვართადმი, განსაკუთრებით კი დედა-ეკლესიისადმი ერთგულებით.
* * *
მღვდელი დანიელ სისოევი წერს, რომ ეკლესიის არც ერთი წმიდა მამა არ ასწავლის თითქოსდა "შემკავებელი" - მართლმადიდებელი მირონცხებული მეფე იყოს; ასეთი განმარტება საერთოდ უცნობია ეკლესიისთვის. თუკი მივიღებთ იმ ცრუ აზრს, რომ "შემკავებელი" სწორედ მართლმადიდებელი მეფეა, მაშინ ჩვენ მთელი რიგი პრობლემების წინაშე დავდგებით.
როდესაც მოციქული ამბობს "შუაგულიდან შემკავებლის აღხოცვაზე", ის გულისხმობს მთელ მსოფლიოს და აშკარაა, რომ შემკავებელი აღებული იქნება სწორედ მთელ მსოფლიოზე გაბატონებული ცოდვების გამო, და არა რუსების არაერთგულების გამო რომანოვთა გვარის მეფეთადმი. სრული უგუნურებაა დაშვება იმისა, თითქოსდა ღმერთმა სამყაროდან აიღო "შემკავებელი", რადგან სადღაც რუსეთში ვიღაცამ რომელიღაც ზემსკი კრების ფიცი დაარღვია.
მეფის გამაღმერთებლებს არ ეეჭვებათ, რომ "შემკავებელი" მეფეა, უფრო სწორად - მართლმადიდებელი მეფე. მაგრამ მართლმადიდებელი მეფე შეუძლებელია იყოს ის "შემკავებელი", რომლის შესახებაც წერდა მოციქული, რადგან როდესაც მოციქულმა დაწერა ეს ეპისტოლე მართლმადიდებელი მეფე საერთოდ არ არსებობდა და კიდევ ოთხი საუკუნე არ იარსებებს, თუმცა, ანტიქრისტეს სამყაროში შემოსვლის "შემკავებელი" უკვე არსებობდა. აშკარაა, რომ "შემკავებელში" მოციქული არ გულისხმობდა მართლმადიდებელ მეფეს.
თუკი მეფის გამაღმერთებლები იტყვიან, რომ იმ დროს "შემკავებლის" როლს ასრულებდა რომის იმპერატორი, ანუ არამართლმადიდებელი ხელმწიფე, მაშინ მეფე ნიკოლოზ II-ის მიერ სამეფო ტახტის უარყოფის შემდეგ ამ როლს რატომ ვერ შეასრულებენ ის არამართლმადიდებელი მონარქები, რომლებიც რუსეთის მეფის მიერ ტახტის უარყოფის შემდეგ მრავალნი იყვნენ? ან კიდევ, სად იყო შემკავებელი (თუკი ის მართლმადიდებელ მეფეა) ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში (არადა, სწორედ იმ დროს ახსენებს მას მოციქული პავლე)?
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ "შემკავებელზე" არსებული წმიდა მამათა თითქმის ყველა კომენტარი.
"შემკავებელი ნიშნავს წინაღობას, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს ანტიქრისტეს გამოჩნდეს; ის, რაც მის გამოჩენას ხელს უშლის არის ... რომის სახელმწიფო. რადგან სანამ ის არ დაინგრევა, ანტიქრისტეს არ ექნება შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც მას მოესურვება... ხოლო როდესაც შუაგულიდან აღიხოცება რომის სახელმწიფო, მაშინ ანტიქრისტეც მოვა. რადგან მანამ, სანამ ამ სახელმწიფოსი შეეშინდებათ, ანტიქრისტეს არავინ დაემონება. ხოლო როდესაც ის დაინგრევა, მაშინ გამეფდება ქაოსი, და ანტიქრისტეც შეეცდება მიიტაცოს როგორც კაცობრივი, ასევე ღვთაებრივი ძალაუფლება".
სწორედ რომის იმპერია მიაჩნდა "შემკავებლად" ეკლესიის დიდ მოძღვარს წმ. იოანე ოქროპირს.
მოციქული პავლე წერს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:3-8).
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, თვით ტექსტის განხილვიდან შემკავებლის უდიდესი სიძლიერე, რადგან მას მსოფლიო ბოროტების შეკავება შეუძლია, მეორე მხრივ კი შევნიშნავთ, რომ მოციქული ჩვენ არ გვაძლევს შესაძლებლობას დროის რაიმე პერიოდი ჩავსვათ შემკავებლის აღხოცვასა და ანტიქრისტეს მოსვლას შორის.
თუკი "შუაგულიდან აღხოცვა" მოხდა 1917 წლის რევოლუციის დროს, როდესაც მოჰკლეს რუსეთის მართლმადიდებელი მეფე, რომელსაც მრავალი მონარქისტი იმ "შემკავებლად" მიიჩნევს, რომელზეც ლაპარაკობდა მოციქული პავლე, მაშინ იბადება ბუნებრივი შეკითხვა: რატომ არ გამოჩნდა ანტიქრისტე 1918 წელს მოციქულის სიტყვების თანახმად: "... სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო"?
"შემკავებელი" ხომ ის არის, რაც დაუყოვნებლივი მსოფლიო ბატონობისგან აკავებს აბსოლუტურ ბოროტებას, რომელიც ცოდვის კაც ანტიქრისტეში იქნება პერსონიფიცირებული. მხოლო მძლავრი სახელმწიფო (რომის იმპერია - ეს კრებითი სახე ყველა დროის მძლავრი სახელმწიფოებრიობისა) არის შემძლებელი შეაკავოს მისი მოსვლა და გაბატონება.
ამრიგად, "შემკავებელი" არის ძლიერი სახელმწიფო. ხოლო ამჟამინდელ ისტორიული პერიოდში "შემკავებელი" - ეს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოა.
როგორც კი რუსეთის სახელმწიფო (იმპერია) განადგურდება, აღარ დარჩება უკვე ის ძალა, რომელიც ძალმოსილი იქნება შეაკავოს მხეცის მოსვლა და გაბატონება. სწორედ ასე ადასტურებს თანამედროვე ისტორიოსოფია და პოლიტოლოგია წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებას "შემკავებელთან" დაკავშირებით. ამიტომაც თანამედროვე რუსეთის სუვერენიტეტის და მისი თავდაცვის გაძლიერება განაპირობებს ანტიქრისტეს მოსვლის შეყოვნებას.
მანამ, სანამ მსოფლიოში იარსებებენ სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეწერებიან ევროკავშირის მსგავს მსოფლიო ლიბერალურ თანამეგობრობაში, იარსებებს "შემკავებელიც". ხოლო როდესაც დედამიწაზე არ დარჩება არც ერთი დიდი სახელმწიფო, თავისი სუვერენული საზღვრებით, თავდაცვით და სამხედრო ძლიერებით, არამედ იქნება ტოტალიტარული ლიბერალური წყობის მქონე ერთიანი ლიბერალური იმპერია საზღვრების გარეშე - სწორედ მაშინ გაბატონდება ანტიქრისტე, როგორც მთელი მსოფლიოს იმპერატორი.
შესაძლოა მომავალში, თუკი რუსეთის ხელისუფლებაში მოვლენ პროამერიკული ლიბერალები და ჩვენი სახელმწიფო გაიხლიჩება, "შემკავებელის" ფუნქცია გადავიდეს ჩინეთზე ან რომელიმე ისლამურ სახელმწიფოზე, მაგალითად, ირანზე, რომელიც ქედს არ უდრეკს აშშ-სა და მსოფლიო ლიბერალურ წყობას. ნებისმიერ შემთხვევაში, "შემკავებელი" აღმოჩნდება მძლავრი სახელმწიფო - რომის იმპერია ოქროპირის მიხედვით.
რაც შეეხება ზოგიერთ რუს წმინდანს, რომელიც "შემკავებელს" განმარტავდა როგორც მართლმადიდებელ თვითმპყრობელ მონარქს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ისინი ყველანი თვითმპყრობელი მონარქიის დროს ცხოვრობდნენ და ამიტომაც, მოციქულ პავლეს სიტყვების მათებური გაგება ამითაც იყო განპირობებული: ისინი მიიჩნევდნენ, რომ რუსეთში მონარქია არასოდეს დაეცემოდა. და თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ ამ მდგომარეობას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ამრიგად, ყოველივეში გვმართებს დაკვირვება, გონივრულობა და წინდახედულობა, რომლებსაც წმიდა მამები უზენაეს სათნოებებად მიიჩნევდნენ.
წყარო: http://www.blagoუgon.ru/digest/788/