ანტიქრისტე - შეიძლება თუ არა ანტიქრისტე იყოს ხელოვნური ინტელექტი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
შეიძლება თუ არა ანტიქრისტე იყოს ხელოვნური ინტელექტი?
ხელოვნური ინტელექტი
რედაქციაში მოვიდა წერილი:
 
ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო მკვიდრდებიან მაღალი ტექნოლოგიები. კომპიუტერები უკვე ჩვენი ცხოვრების ლამის ყველა სფეროს მართავენ. ხელოვნურ ინტელექტთან უკვე მუდვმივად გვაქვს ურთიერთობა, - მაგალითად, ბანკში დარეკვისას, ან ექიმის სახლში გამოძახებისას. წერენ, რომ მალე გაჩნდება ტაქსი, რომელსაც ადამიანის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი მართავს.
 
და აი, ჩნდება აზრი: სად მიგვიყვანს ეს ტენდენცია? რა მოხდება, თუ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში გაერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სისტემები, და გაჩნდება სუპერძლიერი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველაფრის მართვას დაიწყებს პლანეტა დედამიწაზე? რომელიც გააკონტროლებს ყოველი ადამიანის ცხოვრებას, და არა მარტო გააკონტროლებს, არამედ, რაღაც თავისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კიდეც!
 
ასეთ შემთხვევაში ხომ არ აღსრულდება ის, რასაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერდა თავის "გამოცხადებაში"? ის ხომ სიმბოლური ენით არის დაწერილი, და იქნებ ანტიქრისტე სულაც არ იქნება ადამიანი, არამედ სწორედ აი ასეთი ხელოვნური ინტელექტი? იქნებ, მომავლის მჭვრეტელმა მოციქულმა დაინახა სწორედ ეს, მაგრამ გასაგებად ვერ გამოთქვა იგი, რადგან მის ეპოქაში ასეთი მცნებები უბრალოდ არ არსებობდა? როგორ ფიქრობთ, დასაშვებია თუ არა ასეთი ვერსია?
 
 
***
 
შევეცდები ვუპასუხო ჩვენს მკითხველს, მაგრამ აქვე ვიტყვი, - არ ვარ ღვთისმეტყველი, ამიტომაც ვაჟღერებ მხოლოდ საკუთარ პოზიციას ისე, რომ არ ვამტკიცებ მის უცთომლობას.
 
 
შეიძლება თუ არა ანტიქრისტე იყოს პროგრამა?
 
დავიწყოთ დასასრულიდან - შეიძლება თუ არა მართლაც ანტიქრისტე იყოს არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი (სხვაგვარად რომ ვთქვათ კომპიუტერული პროგრამა)? სხვათა შორის, თვით იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში (13-ე თავში) ანტიქრისტე საერთოდ არ იწოდება ადამიანად, ის იქ იწოდება მხეცად: "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (გამოცხ. 13:1-2). მეტიც, ნახსენებია არა ერთი, არამედ ორი მხეცი: "მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11).
 
თუკი დავეყრდნობით მხოლოდ აპოკალიფსისის ტექსტს (ბერძნულად ის ნიშნავს გამოცხადებას ), მაშინ მართლაც, გაუგებარი გახდება ვინ არის ანტიქრისტე. მეტიც, თვით სიტყვა ანტიქრისტე აპოკალიფსისში არ გვაქვს, ახალ აღთქმაში ის გამოიყენება მხოლოდ მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის პირველ და მეორე ეპისტოლეებში. ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ მართლაცდა გვეშლება დიდი სივრცე ვერსიებისთვის.
 
გასაგებია, რომ სიტყვა "მხეცი" დაწერილია ქარაგმულად, რომ მხეცი - ეს პოეტური (სიმბოლური) სახეა. მაშასადამე, მხეცი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე - თუნდ ადამიანი, თუნდ დემონი, და თუნდაც კომპიუტერული პროგრამა...
 
მაგრამ სინამდვილეში წმიდა წერილი უნდა განვმარტოთ არა მარტო მისი ცალკეული ფრაგმენტების მიხედვით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც კი წმიდა წერილში ნათქვამია ამავე საგანზე. ხოლო სამყაროს აღსასრულზე და ანტიქრისტეზე წერდა არა მარტო იოანე ღვთისმეტყველი. აი რას ბრძანებს ამავე საკითხზე მოციქული პავლე: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:3). მაშასადამე, ცხადად არის ნათქვამი, რომ ანტიქრისტე, იგივე უსჯულოების კაცი - ადამიანია.
 
შეგვიძლია თუ არა უარვყოთ მოციქულის ეს სიტყვები? და რის საფუძველზე? ასე, საკუთარი ჰიპოთეზების სასარგებლოდ, შეიძლება შეცდომად ან ალეგორიად გამოვაცხადოთ წმიდა წერილის ნებისმიერი ადგილი, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის საკუთარი თეორიების ჩამოყალიბებაში. მრავალი, რა თქმა უნდა, სწორედ ასეც ეპყრობოდა ბიბლიას (გავიხსენოთ თუნდაც ლევ ტოლსტოი), მაგრამ ეს აშკარად მცდარი გზაა.
 
მეტიც - როდესაც ვმსჯელობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილის ესა თუ ის ადგილი, ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმას, როგორ განმარტავდნენ მას წმიდა მამები. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მრავალი განმარტება არსებობს და ყველა მათგანი ერთი-მეორისგან განსხვავებულია, ზოგან ერთი-მეორესთან შეუთანხმებელიც, მაგრამ, როგორც ვიცით, წმიდა მამათაგან არავის მიუჩნევია, თითქოსდა ანტიქრისტე - ადამიანი არ ყოფილიყოს, არამედ რაღაც პრინციპულად სხვა. და აქ ვერ იმუშავებს არგუმენტი, რომ, თითქოსდა მამები თავიანთი ეპოქის ადამიანები იყვნენ, კომპიუტერები და პროგრამები არ იცოდნენ, ამიტომ არ შეეძლოთ ამგვარი რამ წარმოედგინათ. თუკი გვწამს, რომ ისინი მართლაც წმინდანები იყვნენ, რომ მათზე ნამდვილად ზემოქმედებდა სულიწმიდა, მაშინ აუცილებლად იპოვიდნენ ისეთ სიტყვებს, რათა თუნდაც მეტაფორულად, თავიანთი დროის ენით გამოეთქვათ ესოდენ მნიშვნელოვანი აზრი: ანტიქრისტე არ იქნება ადამიანი. მაგრამ მსგავსი რამ წმიდა მამებს არსად და არასოდეს უთქვამთ.
 
 
საშიშია თუ არა ხელოვნური ინტელექტი?
 
მიუხედავად ზემოთთქმულისა ჩვენმა მკითხველმა დააყენა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმც ხელოვნური ინტელექტი ვერ გახდება ანტიქრისტე - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საკითხი დახურულია, რომ არანაირ სულიერ საფრთხეს ის არ წარმოადგენს, და არანაირი გამოწვევები ქრისტიანული ცნობიერებისთვის აქ არ არის?
 
ვფიქრობ, აქ ყველაფერია - მუქარებიც, საშიშროებებიც და გამოწვევებიც. და არა იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის თემაში არსებობს რაღაც განსაკუთრებული სპეციფიკა. პრობლემა უფრო ვრცელია.
 
საქმე იმაშია, რომ არანაირი "სულიერი ცხოვრება" არ არსებობს იმ მუდმივი ზნეობრივი არჩევანიდან მოწყვეტით, რომლის გაკეთება თითოეულ ჩვენთაგანს ყოველდღიურად უწევს. მარტივად რომ ვთქვათ, რა არის სულიერი ცხოვრება? ეს არის ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან: ღმერთთან, წმინდანებთან, ანგელოზებთან და დემონებთან. ეს ურთიერთობა ხორციელდება არა მატერიალურ, ფიზიკურ დონეზე, არამედ შინაგანად, ანუ საკუთარი სულის სივრცეში. ჩვენი სული - არის ამგვარი ურთიერთობის ადგილიც, მეთოდიც და მიზანიც.
 
ხოლო სულს აყალიბებს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელშიც გვიწევს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ამა თუ იმ ქცევების განხორციელება. შეიძლება დავეხმაროთ გაჭირვებულს, მაგრამ შეიძლება გვერდით ჩავუაროთ. შეიძლება დავუჯეროთ ადამიანს, და შეიძლება არ დავუჯეროთ. შეიძლება მხარი დავუჭიროთ დევნილებს, და შეიძლება შევუშინდეთ უსიამოვნებებს... მრავალ რამ შეიძლება. და ყოველი ასეთი არჩევანი გავლენას ახდენს სულის მდგომარეობაზე. ყოველი ასეთი არჩევანი ან მიგვაახლებს ღმერთს ან განგვაშორებს მას.
 
მაგრამ ამ არჩევანზე ძლიერ მოქმედებენ გარეგანი ვითარებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც გარს გვაკრავს, ყველა ის პირობა, რომელშიც ვცხოვრობთ გავლენას ახდენს ჩვენზე. დიახ, არიან უმაღლესი დონის ადამიანები, რომლებიც ქედს არ უხრიან ყველაზე საშინელ უბედურებებსაც კი, მაგრამ ამ მოვლენათაგან ყველა როდია სარგებლობის მომტანი. ძალადობის, ჩაგვრის, გაქირდვის, მასხრად აგდების შემთხვევებში მეტად იოლია ღმრთის მცნებების დარღვევა, ვიდრე მათი დაცვა. საკმაოდ მრავალი ადამიანისთვის ამგვარი ვითარებები ხშირად ხდება გადაულახავი საცთური.
 
სწორედ ამიტომ ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს, გარემომცველი გარემოს მოწყობა, და ისიც, რამდენად უწყობს იგი ხელს ან ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ ზნეობრივ ცხოვრებას (აქედან კი, უშუალოდ, სულიერ ცხოვრებასაც). დიახ, ხშირად შეიძლება ვისმინოთ, რომ ეკლესია პოლიტიკისგან შორსაა, და ეს სწორია იმ აზრით, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს პარტიულ ბრძოლებში, არ უნდა ელტვოდეს პოლიტიკურ ძალაუფლებას, არ უნდა ყოფდეს თავის წევრებს პოლიტიკურ შეხედულებათა მიხედვით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას, უფლება არა აქვს ზნეობრივად შეაფასოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ესა თუ ის ტენდენცია.
 
ამიტომ ხელოვნურ ინტელექტზე მორწმუნე ადამიანებს მსჯელობა სწორედ ამ პოზიციიდან მართებთ: როგორი იქნება ცხოვრება, რომლის საფუძველი ინფორმაციული ტექნოლოგიები გახდება? მოახდენს თუ არა გავლენას ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ქცევებზე? რა უფრო იოლი იქნება - ცხოვრება მცნებების დაცვით თუ მათი დარღვევით.
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი საკითხი იმაშია, თუ ვინ და რა მიზნით გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ხომ არ შექმნიან მისი დახმარებით ტოტალიტარულ საზოგადოებას, სადაც დაიწყებენ გარკვეული ღირებულებების ძალად თავსმოხვევას, ხოლო ვინც ამას არ დაეთანხმება, მყისიერად ჯვარს აცვამენ? ახლა ბევრს ლაპარაკობენ "ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკებზე", და ამ ლაპარაკში ბევრია უსარგებლო კონსპიროლოგია, მაგრამ ნაწილობრივი სიმართლეც ხომ არის მასში. სიმართლე იმაშია, რომ ტექნიკურად ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი სრულიად შესაძლებელია და სადღაც ნაწილობრივ რეალიზებულია კიდეც (თუნდაც ჩინური "სოციალური რეიტინგის" სისტემა რად ღირს).
 
ამასთან საჭიროა საღად გვესმოდეს: თანამედროვე საზოგადოებაში, ყველგან მაღალი ტექნოლოგიების ტოტალური დანერგვის პირობებში, მთავარ გადაწყვეტილებას მაინც ადამიანები იღებენ. ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებით არიან შემოსილნი. ხელოვნური ინტელექტი - ეს გონების რაღაც ფორმა კი არ არის ან რომელიმე ცოცხალი მოაზროვნე არსება, არამედ ოდენ კომპიუტერული პროგრამა. პროგრამა, რომელიც დაწერეს ადამიანებმა, გამოიყენეს ადამიანებმა, და რომლის ჩასწორება ან საერთოდ გამორთვაც ადამიანების ხელშია. საშინელებები "მანქანების აჯანყებაზე", იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი დაიპყრობს ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და გაანადგურებს კაცობრიობას - სამეცნიერო ფანტასტიკის ტრადიციული თემაა, მაგრამ ეს მხატვრული ლიტერატურაა, და არა მომავლის რეალური პროგნოზირება. ნებისმიერი "გაჭედილი" კომპიუტერის გამორთვა თავისუფლად შეიძლება (როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ფეისბუკის სერვერებთან დაკავშირებით, რომლებმაც "გაჭედეს" პროგრამისტების შეცდომების გამო, რამაც გამოიწვია შეფერხება მსოფლიო მასტაბით).
 
სხვათა შორის: მითი ხელოვნური ინტელექტის ყოვლადძლიერებაზე ძალზედ აწყობთ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ყოვლადძლიერება მათგან ხსნის მორალურ პასუხისმგებლობას მიმდინარე პრობლემებზე. მიკროსკოპული მასშტაბით თავადაც გავმხდარვართ ამგვარი მოვლენის მომსწრენი, მაგალითად, ერთხელ შემნახველი ბანკის ხელოვნურმა ინტელექტმა არ მიიღო შენატანები და დაბლოკა მომხმარებლის პირადი კაბინეტი. მომხმარებლის ყველა ზარზე დაღონებული სპეციალისტები პასუხობდნენ: "ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, ეს სისტემაა, მან გაჭედა და ვერაფერს ვახერხებთ". მაგრამ სოციალურ ქსელებში გამართული სკანდალის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე კარგადაც შეძლებიათ ამ სისტემის "მოთვინიერება".
 
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თავისთავად ხელოვნური ინტელექტი - ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კეთილი მიზნებით. მაგალითად, მედიცინაში, საწარმოებში უსაფრთხოების კონტროლის მხრივ, ონლაინ-მთარგმნელებში, ტრანსპორტში, და ა. შ. მაგრამ ის შეიძლება დედამიწაზე ჯოჯოხეთის შესაქმნელადაც გამოიყენონ, ისეთი ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის შესაქმნელად, რომელთა შედარებით ორუელის "ტელეეკრანი" ცნობილი რომანიდან "1984" საბავშვო ბაღად მოგვეჩვენება. განსაკუთრებით მაშინ, თუკი საინფორმაციო ტექნოლოგიებს ბიოლოგიურს შეუერთებენ (ესეც ფანტასტიკურ ლიტერატურაში მრავალგზის გაჟღერებული თემაა, და სრულიად განხორციელებადია თუ ახლა არა, ახლო მომავალში მაინც).
 
რამდენად სავარაუდოა ამგვარი მომავალი? ჩვენი აზრით, სრულიად სავარაუდოა. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ თუკი არსებობს რაიმე ხუმრობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, ის აუცილებლად, ადრე თუ გვიან, ბოროტად იქნება გამოყენებული.
 
მაგრამ ყოველგვარი ბოროტების წყარო - ადამიანის ცუდი ნებაა. სწორედ მას უნდა ეწინააღმდეგონ ადამიანები სიტყვით და საქმით, სანამ ასეთი შესაძლებლობა ჯერაც არსებობს.
 
ანტიქრისტე, რა თქმა უნდა, არ იქნება ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ბოროტად გამოყენებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, რომელშიც ნამდვილ ანტიქრისტეს, "ცოდვის კაცს" ვაშათი და ტაშისკვრით მიიღებენ. ამისი ნიადაგი უკვე მზად არის.
 
 
წყარო: foma.ru
Назад к содержимому