ანტიქრისტე - როდის დადგება ანტიქრისტეს ხელმწიფება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
როდის დადგება ანტიქრისტეს ხელმწიფება?
ანტიქრისტე და სატანა
ავტორი: პროფ. ალექსანდრე დიმიტრის ძე ბელიაევი.
 
კითხვა იმისა, თუ როდის დადგება ანტიქრისტეს ხელმწიფება, ნიშნავს იგივეს, თუ როდის მოვა ანტიქრისტე ან როდის გამოჩნდება იგი, ან კიდევ, მოციქულის თქმით, როდის "გამოჩნდება (ποκαλυφθήσεται) და როდის დადგება მისი მოსვლის დრო.
 
მაგრამ, არის კი საჭირო ან არის კი სასარგებლო ამგვარი კითხვის დასმა? ხომ არ განეკუთვნება ის იმგვარ საკითხთა თანრიგს, რომლის გადაწყვეტა კაცთაგან არავის ძალუძს, თუნდაც სოლომონის სიბრძნეს ფლობდეს? თუკი ეს კითხვა უეჭველად გადაუჭრელია, მაშინ ხომ არ არის ის უქმე, ფუჭი, არაფრისმომცემი და ხომ არ არის მისი განხილვა ცარიელი და უნაყოფო?
 
მართლაც, თუკი ამ საკითხს უერთდება მეძიებლობა და პრეტენზია განისაზღვროს რამდენ დროში დადგება ანტქრისტეს ხელმწიფება ან რომელ საუკუნეში და რომელ წელს მოვა იგი, მაშინ ამგვარი სახით ეს საკითხი - უქმია და ფუჭი; რადგან ანტიქრისტემდე დიდი ხნით მცხოვრებ ადამიანებს მიახლოებითაც კი არ ძალუძთ განსაზღვრონ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამი, მითუმეტეს დაასახელონ მისი მოსვლის ზუსტი წელიწადი. უსარგებლოა გარკვეული თეორიების ჩამოყალიბებაც, რომ ანტიქრისტე შეიძლება მოვიდეს ამდენი და ამდენი წლის შემდგომ, და კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია პრეტენზიები უშეცდომოდ და დარწმუნებით იქნას განსაზღვრული ანტიქრისტეს გამოჩენის დრო.

ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის განსაზღვრა დაახლოებითაც და მიგნებითაც კი რომ შეუძლებელია დასტურდება წმიდა წერილით, ისტორიული გამოცდილებით და ადამიანის უუნარობით ზუსტად განსაზღვროს შორეული მომავალი.
 
წმიდა წერილში გადაჭრით და არაერთხელ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანებს არ ძალუძთ წინდაწინ შეიტყონ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო, ხოლო რადგან ანტიქრისტეს მეფობა უშუალოდ წინ უსწრებს ქრისტეს მეორედ მოსვლას, ლაპარაკობს რა ამ დღის დადგომის მიუწვდომლობაზე, ირიბად და მდუმარედ მიგვანიშნებს, რომ შეუძლებელია გავიგოთ ანტიქრისტეს გამოჩენის დროც.
 
ადამიანებს რომ ცოდნოდათ როდის გამოჩნდება ანტიქრისტე, მათ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროის დადგომაც ეცოდინებოდათ, რადგან ცნობილია, რომ ანტიქრიტეს გამოვლინება მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე სამ წელიწად ნახევრით ადრე. ხოლო ის, რომ ადამიანებს ნამდვილად არ ძალუძთ ქრისტეს მეორედ მოსვლის დღის შეცნობა, და მეტიც, აკრძალულიც კი აქვთ იმისი გამოძიება, თუ როდის დადგება ეს დღე, შეგვიძლია დავრწმუნდეთ იესუ ქრისტეს ორმაგი მოწმობით, რომელიც შემდეგ მოციქულებმა პავლემ, პეტრემ და იოანემაც გაიმეორეს.
 
"მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36).
 
"მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მარკოზი 13:32).
 
ასე უთხრა იესუ ქრისტემ თავის მოწაფეებს, როდესაც იერუსალიმის დანგრევაზე, სამყაროს აღსასრულზე და თავის მეორედ მოსვლაზე ესაუბრებოდა, ამხნევებდა მათაც და ყოველ კაცთაც და შეაგონებდა ყველას მზად ყოფილიყვნენ, რადგან უფლის დღე კაცთათვის მოულოდნელად დადგება, "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი... ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:34-51; მარკოზი 13:33-37).
 
შემდეგ, ზეცად თავისი ამაღლების წინ, მოციქულთა კითხვაზე: "უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?" უფალმა უპასუხა: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:6, 7). "ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, - წერს მოციქული პავლე თესალონიკელებს, - რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა" (1 თესალონიკ. 5:1-3; შეად 2 პეტრე 3:10; აპოკ. 3:3; 16:15).
 
მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება რაც შეიძლება კარგად გვარწმუნებს ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის წინასწარცნობისა და განსაზღვრების მცდელობის ამაოებაზე. თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში ადამიანები არცთუ იშვიათად ამბობდნენ: "ანტიქრისტეს მეფობა ახლოვდება", ან "ანტიქრისტე მოსულია", ან კიდევ: "ამდენი და ამდენი დროის შემდეგ", ან "ამა და ამ წელს" მოვა ანტიქრისტე; მაგრამ ყოველთვის მათი მითითებები და წინასწარმეტყველებები არ მართლდებოდა, მათი შიში და სიფრთხილე ამაოებად რჩებოდა, მათი "მიხვედრილობები" თუ "დარწმუნებები" ოდენ საკუთარი თავისა და სხვისი მოტყუება იყო - ანტიქრისტე დღემდე არ მოსულა. ვნებებით ან შიშით შეპყრობილი ადამიანები ანტიქრისტედ მიიჩნევდნენ ნერონს, მუჰამედს, რომის პაპებს, ნაპოლეონს, პატრიარქ ნიკონს და სხვა.
 
ეს იყო შეცდომები მოქმედ პირებთან და მოვლენებთან მიმართებაში. ასევე მცდარი იყო ანტიქრისტეს გამოჩენის დროის მითითება. ასე, მაგალითად, ძველი ქილიასტები ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს აღსასრული და ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების დაწყება დედამიწაზე სამყაროს შექმნიდან ექვსიათასი წლის დასასრულს დადგებოდა და ელოდნენ, რომ ანტიქრისტე მეექვსე ათასწლეულის მიწურულს მოვიდოდა. მაგრამ ეს წლები გასრულდა და ანტიქრისტე კვლავ არ ჩანს, ქრისტეს მეორედ მოსვლა არ დადგა, მისი ათასწლოვანი მეუფება დედამიწაზე არ დაიწყო, და სამყაროს აღსასრულმაც არ მოიწია.
 
რა თქმა უნდა, ქილიასტები გაანგარიშებაში შეცდნენ იმიტომ, რომ მათ ის ააგეს არასწორ საფუძველზე, დაუმტკიცებელ ვარაუდზე, თითქოსდა სამყარო იარსებებდა იმდენი ათასი წელი, რამდენ დღეშიც იყო შექმნილი. მაგრამ ადამიანებს საერთოდ არა აქვთ არანაირი მონაცემი, რომელთა დახმარებითაც შეძლებდნენ წინდაწინ, სამყაროს აღსასრულამდე გაეანგარიშებინათ დრო, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლამდეა დარჩენილი. აქ შეიძლება დავამატოთ, რომ ადამიანებს, რაც გინდ შორს წავიდეს მათი ცოდნა-განათლება მომდევნო საუკუნეებში, რაც გინდ დაბრძენდნენ და შორსმჭვრეტელები გახდნენ, არასოდეს ექნებათ მასალა ანტიქრისტეს მოსვლის ზუსტი დროის გამოსაანგარიშებლად.
 
ღმერთმა იცის, როდის გამოჩნდება ანტიქრისტე და როდის დადგება სამყაროს აღსასრლი, და მხოლოდ მანვე უწყის ყოველივე ამის შესახებ, რადგან მხოლოდ ის არის ყოვლისმცოდნე. ამ დროის დადგომა არ იციან ანგელოზებმაც კი; რადგან ღმერთმა მათ ეს არ გაუხსნა, ხოლო თვითონ, მიუხედავად მათი გონების სისწრაფისა და ამაღლებულობისა, უძლურნი არიან წინდაწინ გაიგონ ეს საიდუმლო. უეჭველად, უფრო მეტად არ იცის, თუ როდის მოვა ანტიქრისტე, ეშმაკმა, რადგან მისი ბოროტებით დაბნელებული გონება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეედრება წმიდა ანგელოზთა ღმრთითგანბრძნობილ და ღმრთითგანათლებულ გონებას.
 
ღმერთმა არც ადამიანებს გაუხსნა საიდუმლო იმისა, თუ რომელ საუკუნეში მოვა ანტიქრისტე. ეს მან არ აუწყა კაცობრიობას არც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების, არც იესუ ქრისტეს და არც მისი მოციქულების მიერ. უეჭველად, უფალი ამას არც მომავალში გახსნის, რადგან გამოცხადება იესუ ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ იყო უკანასკნელი, და სხვა უკვე აღარ იქნება. ხოლო საკუთარი ჭკუით ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ადრე ცხოვრობენ ანტიქრისტეს მოსვლამდე, ვერ შეძლებენ განსაზღვრონ, თუ როდის იქნება მისი გამოჩენა. ამას ისინი მიახლოვებითაც კი ვერ შეძლებენ. შეუძლიათ კი ადამიანებს წინდაწინ გაიგონ ის, რაც არ იციან თვით ანგელოზებმაც?
 
მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა საკითხი ანტიქრისტეს მოსვლის დროების შესახებ, როგორი სახითაც გინდ იყოს ის შემოთავაზებული და როგორ აზრსაც გინდ უკავშირებდნენ მას, უქმი და არასაჭირო იყოს. მანამ, სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ და რაიმეს გადავწყვეტდეთ, საჭიროა დავაწესოთ სწორი შეხედულება თვით საკითხზე, განვსაზღვროთ მისი ნამდვილი აზრი, გამოვრიცხოთ მისგან ის, რაც ამაო ცნობისმოყვარეობისა და უნაყოფო ფანტაზირების შედეგს წარმოადგენს და შევინარჩუნოთ ის, რაც შეიძლება და უნდა იყოს სერიოზული განხილვისა და სამეცნიერო კვლევის საგანი.

გაგრძელება იქნება.

წყარო: Беляев А. Д. Когда наступит царствование антихриста? // Богословский вестник 1895. Т. 2. № 5. С. 195–234.

"აპოკალიფსისის" რედაქციის თარგმანი. თბილისი. 9 ოქტომბერი. 2021 წ.
Назад к содержимому