აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
როდის დადგება ანტიქრისტეს ხელმწიფება?
ავტორი: პროფ. ალექსანდრე დიმიტრის ძე ბელიაევი.
კითხვა იმისა, თუ როდის დადგება ანტიქრისტეს ხელმწიფება, ნიშნავს იგივეს, თუ როდის მოვა ანტიქრისტე ან როდის გამოჩნდება იგი, ან კიდევ, მოციქულის თქმით, როდის "გამოჩნდება (ἀποκαλυφθήσεται) და როდის დადგება მისი მოსვლის დრო.
მაგრამ, არის კი საჭირო ან არის კი სასარგებლო ამგვარი კითხვის დასმა? ხომ არ განეკუთვნება ის იმგვარ საკითხთა თანრიგს, რომლის გადაწყვეტა კაცთაგან არავის ძალუძს, თუნდაც სოლომონის სიბრძნეს ფლობდეს? თუკი ეს კითხვა უეჭველად გადაუჭრელია, მაშინ ხომ არ არის ის უქმე, ფუჭი, არაფრისმომცემი და ხომ არ არის მისი განხილვა ცარიელი და უნაყოფო?
მართლაც, თუკი ამ საკითხს უერთდება მეძიებლობა და პრეტენზია განისაზღვროს რამდენ დროში დადგება ანტქრისტეს ხელმწიფება ან რომელ საუკუნეში და რომელ წელს მოვა იგი, მაშინ ამგვარი სახით ეს საკითხი - უქმია და ფუჭი; რადგან ანტიქრისტემდე დიდი ხნით მცხოვრებ ადამიანებს მიახლოებითაც კი არ ძალუძთ განსაზღვრონ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამი, მითუმეტეს დაასახელონ მისი მოსვლის ზუსტი წელიწადი. უსარგებლოა გარკვეული თეორიების ჩამოყალიბებაც, რომ ანტიქრისტე შეიძლება მოვიდეს ამდენი და ამდენი წლის შემდგომ, და კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია პრეტენზიები უშეცდომოდ და დარწმუნებით იქნას განსაზღვრული ანტიქრისტეს გამოჩენის დრო.
ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის განსაზღვრა დაახლოებითაც და მიგნებითაც კი რომ შეუძლებელია დასტურდება წმიდა წერილით, ისტორიული გამოცდილებით და ადამიანის უუნარობით ზუსტად განსაზღვროს შორეული მომავალი.
წმიდა წერილში გადაჭრით და არაერთხელ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანებს არ ძალუძთ წინდაწინ შეიტყონ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო, ხოლო რადგან ანტიქრისტეს მეფობა უშუალოდ წინ უსწრებს ქრისტეს მეორედ მოსვლას, ლაპარაკობს რა ამ დღის დადგომის მიუწვდომლობაზე, ირიბად და მდუმარედ მიგვანიშნებს, რომ შეუძლებელია გავიგოთ ანტიქრისტეს გამოჩენის დროც.
ადამიანებს რომ ცოდნოდათ როდის გამოჩნდება ანტიქრისტე, მათ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროის დადგომაც ეცოდინებოდათ, რადგან ცნობილია, რომ ანტიქრიტეს გამოვლინება მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე სამ წელიწად ნახევრით ადრე. ხოლო ის, რომ ადამიანებს ნამდვილად არ ძალუძთ ქრისტეს მეორედ მოსვლის დღის შეცნობა, და მეტიც, აკრძალულიც კი აქვთ იმისი გამოძიება, თუ როდის დადგება ეს დღე, შეგვიძლია დავრწმუნდეთ იესუ ქრისტეს ორმაგი მოწმობით, რომელიც შემდეგ მოციქულებმა პავლემ, პეტრემ და იოანემაც გაიმეორეს.
"მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36).
"მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მარკოზი 13:32).
ასე უთხრა იესუ ქრისტემ თავის მოწაფეებს, როდესაც იერუსალიმის დანგრევაზე, სამყაროს აღსასრულზე და თავის მეორედ მოსვლაზე ესაუბრებოდა, ამხნევებდა მათაც და ყოველ კაცთაც და შეაგონებდა ყველას მზად ყოფილიყვნენ, რადგან უფლის დღე კაცთათვის მოულოდნელად დადგება, "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი... ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:34-51; მარკოზი 13:33-37).
შემდეგ, ზეცად თავისი ამაღლების წინ, მოციქულთა კითხვაზე: "უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?" უფალმა უპასუხა: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:6, 7). "ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, - წერს მოციქული პავლე თესალონიკელებს, - რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა" (1 თესალონიკ. 5:1-3; შეად 2 პეტრე 3:10; აპოკ. 3:3; 16:15).
მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება რაც შეიძლება კარგად გვარწმუნებს ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის წინასწარცნობისა და განსაზღვრების მცდელობის ამაოებაზე. თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში ადამიანები არცთუ იშვიათად ამბობდნენ: "ანტიქრისტეს მეფობა ახლოვდება", ან "ანტიქრისტე მოსულია", ან კიდევ: "ამდენი და ამდენი დროის შემდეგ", ან "ამა და ამ წელს" მოვა ანტიქრისტე; მაგრამ ყოველთვის მათი მითითებები და წინასწარმეტყველებები არ მართლდებოდა, მათი შიში და სიფრთხილე ამაოებად რჩებოდა, მათი "მიხვედრილობები" თუ "დარწმუნებები" ოდენ საკუთარი თავისა და სხვისი მოტყუება იყო - ანტიქრისტე დღემდე არ მოსულა. ვნებებით ან შიშით შეპყრობილი ადამიანები ანტიქრისტედ მიიჩნევდნენ ნერონს, მუჰამედს, რომის პაპებს, ნაპოლეონს, პატრიარქ ნიკონს და სხვა.
ეს იყო შეცდომები მოქმედ პირებთან და მოვლენებთან მიმართებაში. ასევე მცდარი იყო ანტიქრისტეს გამოჩენის დროის მითითება. ასე, მაგალითად, ძველი ქილიასტები ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს აღსასრული და ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების დაწყება დედამიწაზე სამყაროს შექმნიდან ექვსიათასი წლის დასასრულს დადგებოდა და ელოდნენ, რომ ანტიქრისტე მეექვსე ათასწლეულის მიწურულს მოვიდოდა. მაგრამ ეს წლები გასრულდა და ანტიქრისტე კვლავ არ ჩანს, ქრისტეს მეორედ მოსვლა არ დადგა, მისი ათასწლოვანი მეუფება დედამიწაზე არ დაიწყო, და სამყაროს აღსასრულმაც არ მოიწია.
რა თქმა უნდა, ქილიასტები გაანგარიშებაში შეცდნენ იმიტომ, რომ მათ ის ააგეს არასწორ საფუძველზე, დაუმტკიცებელ ვარაუდზე, თითქოსდა სამყარო იარსებებდა იმდენი ათასი წელი, რამდენ დღეშიც იყო შექმნილი. მაგრამ ადამიანებს საერთოდ არა აქვთ არანაირი მონაცემი, რომელთა დახმარებითაც შეძლებდნენ წინდაწინ, სამყაროს აღსასრულამდე გაეანგარიშებინათ დრო, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლამდეა დარჩენილი. აქ შეიძლება დავამატოთ, რომ ადამიანებს, რაც გინდ შორს წავიდეს მათი ცოდნა-განათლება მომდევნო საუკუნეებში, რაც გინდ დაბრძენდნენ და შორსმჭვრეტელები გახდნენ, არასოდეს ექნებათ მასალა ანტიქრისტეს მოსვლის ზუსტი დროის გამოსაანგარიშებლად.
ღმერთმა იცის, როდის გამოჩნდება ანტიქრისტე და როდის დადგება სამყაროს აღსასრლი, და მხოლოდ მანვე უწყის ყოველივე ამის შესახებ, რადგან მხოლოდ ის არის ყოვლისმცოდნე. ამ დროის დადგომა არ იციან ანგელოზებმაც კი; რადგან ღმერთმა მათ ეს არ გაუხსნა, ხოლო თვითონ, მიუხედავად მათი გონების სისწრაფისა და ამაღლებულობისა, უძლურნი არიან წინდაწინ გაიგონ ეს საიდუმლო. უეჭველად, უფრო მეტად არ იცის, თუ როდის მოვა ანტიქრისტე, ეშმაკმა, რადგან მისი ბოროტებით დაბნელებული გონება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეედრება წმიდა ანგელოზთა ღმრთითგანბრძნობილ და ღმრთითგანათლებულ გონებას.
ღმერთმა არც ადამიანებს გაუხსნა საიდუმლო იმისა, თუ რომელ საუკუნეში მოვა ანტიქრისტე. ეს მან არ აუწყა კაცობრიობას არც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების, არც იესუ ქრისტეს და არც მისი მოციქულების მიერ. უეჭველად, უფალი ამას არც მომავალში გახსნის, რადგან გამოცხადება იესუ ქრისტესა და მის მოციქულთა მიერ იყო უკანასკნელი, და სხვა უკვე აღარ იქნება. ხოლო საკუთარი ჭკუით ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ადრე ცხოვრობენ ანტიქრისტეს მოსვლამდე, ვერ შეძლებენ განსაზღვრონ, თუ როდის იქნება მისი გამოჩენა. ამას ისინი მიახლოვებითაც კი ვერ შეძლებენ. შეუძლიათ კი ადამიანებს წინდაწინ გაიგონ ის, რაც არ იციან თვით ანგელოზებმაც?
მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა საკითხი ანტიქრისტეს მოსვლის დროების შესახებ, როგორი სახითაც გინდ იყოს ის შემოთავაზებული და როგორ აზრსაც გინდ უკავშირებდნენ მას, უქმი და არასაჭირო იყოს. მანამ, სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ და რაიმეს გადავწყვეტდეთ, საჭიროა დავაწესოთ სწორი შეხედულება თვით საკითხზე, განვსაზღვროთ მისი ნამდვილი აზრი, გამოვრიცხოთ მისგან ის, რაც ამაო ცნობისმოყვარეობისა და უნაყოფო ფანტაზირების შედეგს წარმოადგენს და შევინარჩუნოთ ის, რაც შეიძლება და უნდა იყოს სერიოზული განხილვისა და სამეცნიერო კვლევის საგანი.
ვინმე თუ ფიქრობს, რომ შესაძლებელია ანტიქრისტეს მოსვლის ზუსტი დრო-ჟამის განსაზღვრა, ან მიაჩნია, რომ პასუხი ამ საკითხზე მოცემულია არა ვარაუდის, არამედ უეჭველობის დონეზე, მას საგანი არასწორად ესმის. ხოლო საკითხზე არასწორი შეხედულება და მისი არასწორი დაყენება მთელ საქმეს აფუჭებს: მკვლევარი კარგავს ნამდვილ გზას, რომელსაც შეეძლო მიეყვანა იგი სწორ გადაწყვეტილებამდე, და ამის ნაცვლად იძლევა ჭეშმარიტებისგან ფრიად დაშორებულ და ფანტასტიკურ პასუხებს.
ასეთ შემთხვევაში ამ საკითხის კვლევა და გადაწყვეტა ხდება არა მარტო უსარგებლო საქმე, არამედ ზოგჯერ პირდაპირ მავნეც; ასე, მაგალითად, ანტიქრისტეს მოსვლის დრო-ჟამის შესახებ საკითხის არასწორმა დაყენებამ და, ლოგიკურად, არასწორმა გადაწყვეტამ შეიძლება ანტიქრისტეს პიროვნების შესახებ არასწორ და დამახინჯებულ წარმოდგენამდე მიგვიყვანოს, რაც მართლაც მოხდა ბეზპოპოვცების (1) შემთხვევაში. მაგრამ სულ სხვა შედეგი მიიღება საკითხზე სწორი შეხედულებისა და მისი სწორი კვლევის შემთხვევაში.
________________
1. ბეზპოპოვცები (безпоповцы), ანუ უმღვდელონი - (ძველმოწესეობის 2 ძირითადი მიმართულებიდან ("მღვდლიანები" და "უმღვდელონი") ერთ-ერთის ("უმღვდელოთა") საზოგადო სახელწოდება. ამ მიმართულების განსაკუთრებულ თავისებურებაა ის, რომ მათი წარმოდგენით ანტიქრისტე უკვე გაბატონდა, ხოლო თავად ამგვარ სწავლებას უკავშირდება აქედან ლოგიკურად გამომდინარე შეხედულება მღვდლობის მადლისა და საეკლესიო იერარქიის შეწყვეტის შესახებ. "ბეზპოპოვცების" შეხედულებებში ცენტრალური ადგილი უკავია სწავლებას ანტიქრისტეს შესახებ. ამ მიმართულების წარმომადგენელთა უმრავლესობა ქადაგებს სულიერი ანტიქრისტეს გამეფებას, რომელსაც ისინი სხვადასხვა მწვალებლობათა ერთობლიობას უწოდებენ, რომლებიც რუსეთის ეკლესიაში შემოიჭრა. სულიერი ანტიქრისტეს შესახებ სწავლებიდან გამომდინარეობს სწავლება სამღვდელოების სრული და საბოლოო განადგურებისა და საყოველთაო უმღვდლო მდგომარეობის გამეფებაზე.
________________
როგორ უნდა შევხედოთ ამ საკითხს და როგორი მიმართულებით გადავწყვიტოთ იგი, მითითებულია წმიდა წერილში. მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში (მუხლები 1-12) ქრისტეს დღის დადგომის მომლოდინეთა გამო წერდა, რომ ეს დღე მანამ არ დადგება, სანამ არ მოიწევა განდგომილება და გამოჩნდება ცოდვის კაცი, რომელი სახელწოდებითაც მან იგულისხმა ანტიქრისტე; ცოდვის კაცი კი არ მოვა მანამ, სანამ შუაგულიდან არ აღიხოცება შემკავებელი ძალა, ანუ ὀ κατέχων-ი.
ქრისტეს დღის დადგომაზე მოციქული არ ამბობს თუ რა დროის შემდეგ დადგება იგი, არც იმას ამტკიცებს მალე მოხდება მისი მოსვლა თუ გვიან, არ უარყოფს უფლის დღის დადგომის მოახლოვების შესაძლებლობასაც. თანაბრად, ანტიქრისტეზეც დაბეჯითებით არ ამტკიცებს მალე მოვა ის თუ ოდესღაც, საუკუნეების შემდეგ. საერთოდ საკითხებს ქრისტეს მოსვლისა და ანტიქრისტეს გამოჩენის შესახებ ის არ აძლევს ისეთ განმარტებას, რომ მათზე პასუხები ამ ჟამის დადგომის პერიოდზე ან წელთა რაოდენობაზე უთითებდნენ. მაშ, როგორ განმარტებას იძლევა წმიდა მოციქული პავლე? ის უთითებს ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვებაზე.
თუკი ეს ნიშნები აშკარად შესამჩნევი გახდა, მაშინ გვაქვს საფუძველი ანტიქრისტეს მოსვლის მოახლოვებაზე ვილაპარაკოთ; ხოლო თუ არა, ანუ თუკი გვაქვს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი მათ არარსებობაზე, მაშინ არ უნდა შევშფოთდეთ ანტიქრისტეს მოსვლის მოახლოვებაზე გავრცელებული ჭორების გამო, არც უნდა ვიფიქროთ, რომ მოახლოვებულია ქრისტეს მოსვლა, რადგან ასეთ ჭორებს მშიშარა, გაუნათლებელი და ცრუმორწმუნე ან ბოროტგანზრახვების მქონე ადამიანები ავრცელებენ.
ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვების ნიშნები შეუმჩნეველიც რომ იყოს ან თუნდაც ისინი საერთოდ არც გვქონდეს, არასოდეს არ უნდა ვიყოთ დაუდევარნი, და არც საკუთარი თავი უნდა ვარწმუნოთ და მითუმეტეს სხვები, რომ ანტიქრისტე მალე არ გამოჩნდება, რომ ახლა ის შეუძლებელია მოვიდეს. შესაძლებელია მხოლოდ მეტ-ნაკლებობით, და არა დარწმუნებულობით დავუშვათ მისი მეფობის მოახლოვება ან პირიქით. პასუხების ფორმა ანტიქრისტეს მოსვლის დროებასთან დაკავშირებით დაახლოვებით ასეთი უნდა იყოს: სადღეისოდ არსებობს ნიშნები, რომლებიც საფუძველს გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ ანტიქრისტეს მეფობა მალე დადგება; ან კიდევ: სადღეისოდ არ შეიმჩნევა ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვების ნიშნები, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა უახლოეს პერიოდში მისი გამოჩენა.
ანტიქრისტეს მოსვლის საკითხში ასეთი სიფრთხილის გამოჩენა, ასეთი დაეჭვება და პასუხებში განუსაზღვრელობა სრულიად აუცილებელია. რატომ? იმიტომ, რომ თვით მისი მოსვლის ნიშნებია განუსაზღვრელი, რომელთა საფუძველზეც გვიწევს საკითხის გადაწყვეტა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ადამიანურ შემეცნებათა შეზღუდულობაც.
მართალია, წმიდა წერილი თუმც ლაპარაკობს ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვებაზე, მაგრამ იმდენად დაფარულად, რომ მიდის გაუთავებელი კამათი როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილის მოწმობები ამ ნიშნებზე, და რაშია თვით ამ ნიშნების არსი; წერილში სხვა ნიშნებზე უფრო მკაფიოდაა ლაპარაკი, მაგრამ თვით ნიშნები გამოირჩევიან ბუნდოვანებით, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი განხორციელდებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში და, გარდა ამისა, შეიძლება გამოჩნდნენ არასრულად და სხვა დროებაშიც.
რაც შეეხება ცხოვრებისეული რეალობის თანამედროვე მკვლევარს, რომლის დაკვირვებითაც უნდა გადაწყვიტოს მან არის ეს ანტიქრისტეს მოსვლის წინარე ნიშანი თუ არა, მან აუცილებლად უნდა შეაჯეროს იგი წმიდა წერილის სწავლებას, რათა სწორად გადაწყვიტოს ანტიქრისტეს მოსვლის დროის საკითხი; მართალია მკვლევარს შეიძლება გააჩნდეს თავისი თანამედროვე რეალობის უკეთ შეცნობის, შეფასების და შესწავლის შესაძლებლობა, მაგრამ მას არ გააჩნია იმ საგანთა შეცნობის ასეთივე შესაძლებლობა, რომლებიც იქნება ანტიქრისტეს მოსვლის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს საქმე მაინც ძალიან სადავო და რთულია, მისი დაძლევა მხოლოდ გამონაკლის და ღმრთითგანბრძნობილ ადამიანებსღა თუ ძალუძთ.
ამ საქმის სხვა სირთულეების გარდა, მთავარი და გადაულახავი წინაღობა იმისა, რომ მკვლევარმა შეძლოს მიაღწიოს მისი თანამედროვე რეალობის სწორ გაგებას და შეიქმნას ჭეშმარიტი წარმოდგენა მასზე, მდგომარეობს იმაში, რომ თვით მკვლევარი ხშირად დანთქმული ხდება მისი თანამედროვე ცხოვრების ორომტრიალში, გამსჭვალულია თავისი დროების ცნებებითა და სულისკვეთებით, გრძნობს მისი თანამედროვე საზოგადოების ჭირ-ვარამსა თუ სიხარულს, ზოგჯერ დაქვემდებარებულია თანამედროვე ცხოვრების გავლენას, და ამიტომაც, ძალიან გაუჭირდება იმსჯელოს მასზე sine іrа еt studio (მრისხანებისა და მიკერძოებულობის) გარეშე. ხოლო იქ, სადაც არის მიკერძოებულობა, იქ სწორი შეფასების გამოტანა შეუძლებელია.
რაოდენ ვრცელიც არ უნდა იყოს ადამიანის ცოდნა-განათლება, რაოდენ ღრმა და ნათელი გონების მქონე იყოს იგი, მიუკერძოებლობის არქონის შემთხვევაში დაცული ვერ იქნება იმგვარი შეხედულებებით გატაცებისგან, რომლებიც ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მასში დამკვიდრებულ არასწორ თვალსაზრისებს სინამდვილეზე და მას დიდი შეცდომებისგან ვერ დაიცავენ. თუ დავუშვებთ, რომ სწავლული ღვთისმეტყველი ან მოაზროვნე ფლობს მისი თანამედროვე ცხოვრების სწორ გაგებას და გააჩნია მისი კარგი და სრული ცოდნა, - მისმა გამჭოლმა მზერამ და ვრცელმა თვალსაწიერმა რომ ვერც მოიაზროს ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვების ავისმომასწავებელი წინამაუწყებლები, - ის მაინც ვერ იქნება თავდები იმისა, რომ ისინი არ გამოჩნდებიან უახლოეს პერიოდში. ეს ნიშნები შეიძლება არსებობდნენ დაფარულად, შეუმჩნევლად, და ამიტომ შესაძლებელია უცებ ამოტივტივდნენ ცხოვრებაში და სწრაფადვე გაუკვალონ გზა ანტიქრისტეს.
მაგალითად, საფრანგეთის პირველ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ვის შეეძლო წინდაწინ ცოდნოდა, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა ძმათამკვლელი სისხლისღვრა, რომ სისხლი მდინარესავით იდინებდა ქუჩებში, რომ უღმერთობა აიშვებდა არნახული ძალითა და მკრეხელობით, რისი მსგავსი მოვლენებიც მოხდება ანტიქრისტეს მოსვლის წინაც? პოეტმა გოეთემ მაშინ იწინასწარმეტყველა და განჭვრიტა მხოლოდ ის, რომ დაიწყებოდა ისტორიის ახალი ეტაპი, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ეს ეტაპი უპრეცედენტო ძმათამკვლელი ომისა და სისხლისღვრის მომტანი იქნებოდა.
როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ანტიქრისტეს მოსვლის დრო-ჟამთან დაკავშირებულ საკითხთან, როგორი ფორმით უნდა გავცეთ პასუხი მის გარშემო დასმულ კითხვებს და როგორი მონაცემებით ვისარგებლოთ მის გადასაწყვეტად? - ირიბ მითითებას ამ საკითხზე ვპოულობთ იესუ ქრისტეს ქადაგებაში ბოლო ჟამზე, მის მეორედ მოსვლასა და სამყაროს აღსასრულზე. როდესაც მაცხოვარმა გვითხრა, რომ მისი მოსვლის დრო-ჟამის შესახებ ღმრთის გარდა არავინ იცის, რომ კაცთათვის ის ისევე მოულოდნელად დადგება, როგორი მოულოდნელიც იყო წარღვნა ნოეს დროინდელი უდარდელი კაცობრიობისთვის (მათე 24:36-39, 42-44; 25:1-13; მარკოზი 13:28-37; ლუკა 21:34-36), ამავდროულად ნათლად გვიჩვენა, რომ მისი მოსვლა სრულიად მოულოდნელი სწორედ უდარდელი, ცოდვილი და ყოფით პრობლემებში სრულად ჩაფლული ადამიანებისთვის იქნება. "ფრთხილად იყავით, - ბრძანებს ის, - რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ" (ლუკა 21:34).
უკვე ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც უდარდელობასთან მიმყვანი მანკიერებებით არ არის მოწყლული, უფლის მოსვლა სულაც არ იქნება მოულოდნელი. მეტიც, მღვიძარე მორწმუნეები, ერთგული და კეთილგონიერი მონები მეორედ მოსვლის წინ იცნობენ მისი მოსვლის მოახლოვებას; რადგან, აკვირდებიან რა თავიანთი დროების მოვლენებს და ამჩნევენ რა მათ მსგავსებას იმათთან, რაც წმიდა წერილშია ნაწინასწარმეტყველევი, და ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ აღსრულდება, გამოიცნობენ, რომ ეს მოვლენა მალე მოხდება. მათ ზუსტად არ ეცოდინებათ, თუ რომელ დღეს და რა ხნის შემდეგ დადგება იგი, მაგრამ საფუძვლიანად იფიქრებენ, რომ ეს დღე ახლოვდება. "ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: - ბრძანა მაცხოვარმა, - როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი" (მათე 24:32, 33; მარკოზი 13:28, 29), "როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი" (ლუკა 21:28-31).
ხოლო როდესაც ფოთლები ჯერაც არ გაშლილა, როდესაც არ არის გაზაფხულის დადგომის სხვა ნიშნები, ჩვენ ვამბობთ, რომ ზაფხულამდე შორია. ზუსტად ასევე, თუკი არ ხდება ის მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებს ქრისტეს მეორედ მოსვლას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ახლო პერიოდში მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს.
მაგრამ ზუსტი ან თუნდაც მიახლოვებითი ცოდნა იმისა, რამდენად შორსაა ის ჩვენი დროიდან, კიდევ უფრო ნაკლებად არის შესაძლებელი, ვიდრე ზუსტი ცოდნა მისი მოახლოვებისა, როდესაც ამ დღის დდადგომის წინარე ნიშნები იჩენენ თავს. თუკი გაზაფხულის დაწყებიდანვე, რომელსაც ვიგებთ კვირტების გაშლით, შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ ზაფხულის დასაწყისი, რადგან გაზაფხული შეიძლება სწრაფად მორჩეს ან გაგრძელდეს: კიდევ უფრო ნაკლებად არის შესაძლებელი განსაზღვრა იმისა, თუ რა პერიოდში დაიწყება ზაფხული, როდესაც არ გვაქვს გაზაფხულის მოახლოვების ან დადგომის არც ერთი ნიშანი.
მაშინ ჩვენ მხოლოდ ვამბობთ, რომ ზაფხული მოახლოვდა. რა თქმა უნდა, ამ დროს მხედველობაში გვაქვს, რომ ადამიანები ზაფხულის დადგომას განსაზღვრავენ ხეების მდგომარეობის, და არა კალენდრული მონაცემების ან ასტრონომიული გამოთვლების მიხედვით, რომელიც არ ეფუძნება ადრინდელი წლების გამოცდილებას. ეს იმიტომ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ მოვლენებით, რომლებიც მას წინ უსწრებენ, როგორც ზაფხულის მოახლოვებას ვცნობთ გაზაფხულის დადგომით; ხოლო ასტრონომიული და ყოველგვარი სხვა გამოთვლები ამ მოვლენისთვის გამოუსადეგარია; არანაირ დადებით მითითებას, არც ისტორიულ წარსულს არ შეუძლია განსაზღვროს ამ მოვლენის მოახლოვება, რადგან იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც იქნება დიდებით, ერთადერთი მოვლენაა, რომელიც არასდროს ყოფილა და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდება კაცობრიობის ისტორიაში.
ისტორიული გამოცდილება გვასწავლის გამოვიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე ქრისტეს მეორედ მოსვლის დროის გადაწყვეტის საკითხში; ის გვიჩვენებს, თუ როგორ ცდებოდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი დროის პროცესებს მეორედ მოსვლის წინა მოვლენებად მიიჩნევდნენ, და თუ როგორ აღმოჩნდებოდა ხოლმე ფანტაზია მათი თეორიული შეხედულება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროსთან დაკავშირებით, რადგან გამართლებული არ იყო სინამდვილით.
მაგრამ იქნებ იესუ ქრისტემ მხოლოდ იმ ადამიანებს დართო ნება დაკვირვებოდნენ მისი მეორედ მოსვლის ნიშნებს, რომლებიც უშუალოდ ამ მოვლენის წინ იცხოვრებდნენ, რადგან მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ამ ნიშნების ცნობა, როგორც შესამჩნევია გაზაფხულის დადგომა გაკვირტული და ფოთლებგაშლილი ხეებით? არა, იესუ ქრისტემ პირდაპირ თქვა: "ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ" (მარკ. 13:37). "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ" (მარკ. 13:35, 36). "ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი" (მარკ. 13:33), "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42). "ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:44; შეად. 25:13). "მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ" (ლუკა 21:36).
უფლის მეორედ მოსვლის წინასწარ ცნობის შეუძლებლობა და უფლის წინასწარმეტყველება, რომ ის მოვა უეცრად, წარმოადგენს მოწოდებას მღვიძარებისკენ, იმისკენ, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, აქ უპირატესად იგულისხმება ზნეობრივი მღვიძარება: თავისუფლება მიწიერისადმი ზედმეტი მიდრეკილებისგან და უხეში ვნებებისგან; ზნეობრივი სიწმინდე, რელიგიური განწყობა და საიქიო ცხოვრების ხშირი მოგონება. მაგრამ ზნეობრივი სიწმინდე და სიმაღლე ადამიანის გონებას მგრძნობიარეს და შორსმჭვრეტელს ხდის.
წმიდა ადამიანები ფართო ცოდნის გარეშეც უკეთ ცნობენ დროის სულისკვეთებას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების აზრს, ვიდრე მცოდნე ადამიანები, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან ვნებებს, ცრურწმენებს, ცალმხრივ და უკუღმართ სწავლებებს. ზნეობრივი მღვიძარების დროს შეუძლებელია არ იარსებოს ჯანსაღმა და ფართე წარმოდგენამ საგნებზე; ხოლო როდესაც ის მაღალ დონეს აღწევს, მაშინ ადამიანში ჩნდება ყოფიერების საიდუმლოებებში წვდომის უნარი, მაგალითად, ნიჭი მომავლის ამოცნობისა. შეგონება იყო ზნეობრივად წმიდა და მღვიძარე, ამავდროულად წარმოადგენს მოწოდებას მუდმივად გახსოვდეს სამყაროს აღსასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა, რათა იფიქრო თანამედროვე ცხოვრების წყობასა და მიმართულებაზე.
ზნეობრივად სუფთას მეტი მიდრეკილება აქვს და უნარი გაიგოს და შეაფასოს თავისი დროის ნიშნები და ნაკლებად ექვემდებარება ცთომილებაში ჩავარდნის საშიშროებას ქრისტეს მეორედ მოსვლის დროებასთან დაკავშირებით. თუმცა, იესუ ქრისტე პირდაპირ მოგვიწოდებს არა მარტო ზნეობრივი, არამედ გონებრივი მღვიძარებისკენაც: რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ (ლუკა 21:35), აქედან გამომდინარე, არავის შეუძლია უეჭველი დარწმუნებულობით თქვას, რომ ეს დღე მის სიცოცხლეში დადგება; ამიტომაც ყველა და თითოეული ყოველთვის მზად უნდა იყოს ამ დღის შესახვედრად.
რა თქმა უნდა, მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდში ადამიანები უდარდელები ხდებიან და სულაც არ ფიქრობენ, რომ სამყარო შეიძლება მალე დაინგრეს, ამიტომ ნაკლებად ელიან იმ საშინელ უბედურებებს, რომლებიც წინ უსწრებენ ქრისტეს მეორედ მოსვლას. მაგრამ მშვიდობიან დროში მცხოვრებთაც არ უნდა დაავიწყდეთ მოციქულის სიტყვები: რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ (1 თესალონიკ. 5:2, 3).
სამყარო ზოგჯერ მომატყუებელია. ჩვენ უკვე დავიმოწმეთ საფრანგეთის პირველი რევოლუცია, როდესაც მშვიდობიანი დრო სრულიად მოულოდნელად საშინელი სისხლისღვრით შეიცვალა. ამიტომ არა მარტო ყმაწვილი, არამედ ზრდასრული ადამიანიც არ უნდა ცთუნდეს აზრით თითქოსდა მსოფლიოში გაბატონებული მშვიდობა და კეთილდღეობა გარანტია იყოს იმისა, რომ მისი სიცოცხლის დღეებში არ დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლა.
თავისთავად გასაგებია, რომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ელოლიავებოდნენ ამ აზრს ადამიანები, რომელთაც მძიმე დროებაში უწევთ ცხოვრება. მაგრამ, თუკი ამგვარად არავინ, რომელ დროშიც გინდ ცხოვრობდეს იგი, რაოდენ მშვიდობიანი იყოს მისი დროება და დაშორებული სამყაროს აღსასრულს, შეუძლებელია დარწმუნებული იყოს, რომ ქრისტეს დღე მის სიცოცხლეში არ დადგება, მაშინ ნათლია, რომ ყველა დროის ყველა და თითოეული ადამიანი, არა მარტო უნდა ფხიზლობდეს და მუდმივად ემზადებოდეს უფლის შესახვედრად, არამედ აკვირდებოდეთ თანამედროვე სინამდვილეს, რათა იცოდეს, ხომ არ გამოჩნდა ამ დღის მაუწყებელი რაიმე ნიშანი. "ნუ შეწყვეტ საღმრთო წერილის გამოკვლევას, ნუ შეწყვეტ შენი დედა-ეკლესიის გამოკითხვას, თუ როდის მოვა სასურველი სიძე; იკითხე და იკვლიე მისი მოსვლის ნიშნები, რადგან მსაჯული და დააყოვნებს. ნუ შეწყვეტ გამოკითხვას, სანამ ზუსტად არ დაადგენ; ნუ შეწყვეტ ამ საგნის ზუსტად მცოდნეთა დახმარების გამოთხოვას" (Творения Святых отцов в русском переводе, издаваемые при Московской Духовной Академии. Т. XV. Творения иже во святых отца нашего Ефрема Сирина. Ч. 4. Москва. 1850 г. стр. 133. О втором Господнем пришествии и о покаянии). ასე ასწავლის წმ. ეფრემ ასურელი.
იესუ ქრისტეს ეს მცნება მუდმივ და უწყვეტ მღვიძარებაში ყოფნისა მისი დღის მოსვლის მოლოდინში, მისი ეს მოწოდება დაკვირვებით ყოფნისა და ყურადღებისადმი, რაც თავისთავად გასაგებია, გამოიყენება ანტიქრისტეს მოსვლის მოლოდინისადმიც, რადგან მისი მოსვლა ისევე უცნობია, როგორც ქრისტეს მოსვლის ჟამი, ის კი უშუალოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს მოსვლის წინამაუწყებელნიც, ზოგიერთის გარდა, იგივე იქნება, რაც ქრისტეს მოსვლისა, ასე რომ კითხვა, ხომ არ დამდგარა ქრისტეს დღის მოახლოვების ნიშანი, აუცილებლად შეიცავს კითხვასაც, ხომ არ ახლოვდება ან ხომ არ დადგა უკვე ანტიქრისტეს გამეფების ჟამი. ოღონდ ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვების ნიშნები ნაკლებად თვალსაჩინოა და დამახასიათებელი, ვიდრე ქრისტეს დღის დადგომა, რადგან ამ უკანასკნელ ნიშანთა შორის იქნება ანტიქრისტეს მეფობის ჟამიც, თვით ანტიქრისტეც.
ანტიქრისტეს პიროვნება და მოქმედება ყველაზე შესამჩნევი, თვალსაჩინო და დამახასიათებელი ნიშნებია ქრისტეს მეორედ მოსვლისა, მაშინ როდესაც ანტიქრისტეს მოსვლის წინ კაცთა მოდგმის რელიგიურ-ზნეობრივი გაველურება და საშინელი უბედურებები - როგორც სამყაროს აღსასრულის ნიშნები, - ნაკლებად შესამჩნევია და არც ისე დამახასიათებელი. რადგან გაველურებისა და მძიმე დროების პერიოდები არაერთხელ ყოფილა, ანტიქრისტეს წინმსწრობი მძიმე დროებაც განსხვავებული იქნება სხვა ეპოქების მძიმე პერიოდებისგან მხოლოდ იმით, რომ კაცთა გაველურება და უბედურებები ანტიქრისტეს მოსვლის წინ იქნება განსაკუთრებით დიდი და საშინელი.
ღმერთმა არ გაგვიხსნა როდის დადგება ანტიქრისტეს მეფობა, როგორც უფლის დღის დადგომა სამყაროს აღსასრულთან ერთად, და იწინასწარმეტყველა რა ნიშნები და წინამორბედები ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვებისა, ერთიც და მეორეც ადამიანთა სარგებლობისთვის ქმნა და ამით აჩვენა, როგორ უნდა მოეკიდონ ადამიანები ანტიქრისტეს მოსვლის დროების საკითხს, რათა მასზე მსჯელობას და მის გადაწყვეტას სარგებლობა მოჰქონდეს, და არა ზიანი, ან ეს არ იყოს უბრალო და ფუჭი ცნობისმოყვარეობის საქმე.
ღმერთს რომ გაეხსნა, თუ როდის მოვიდოდა ანტიქრსტე, მაშინ ყველა ადამიანს, იმათ გარდა, ვინც ანტიქრისტეს მეფობისას იცხოვრებდა, მიეცემოდა დაუდევრობის მიზეზი; ყველაზე უბედურ დროებაში ადამიანებს არ ექნებოდათ არც მოლოდინი, არც შიში ანტიქრისტეს მოახლოვებისა, და წაერთმეოდათ ანტიქრისტეს დროების გადატანის მზადყოფნის გრძნობა, რათა შემდეგ ღირსეულად შეხვედროდნენ ქრისტეს მობრძანებას.
მეორე მხრივ, თუკი მხოლოდ ნაწინასწარმეტყველევი იქნებოდა, რომ ოდესღაც მოვა ანტიქრისტე, მაგრამ არ იქნებოდა მითითებული მისი მეფობის მოახლოვების ნიშნები, მაშინ ბოროტად აღძრული ადამიანები, ან კიდევ ფუქსავატები და დაუდევრები ხშირად შეაშფოთებდნენ ადამიანებს მისი მოსვლის ჭორებით, ან ამ მეფობის დადგომის უწყებით, და ადამიანებს არ ექნებოდათ ამ ჭორებისადმი წინააღმდეგობის შესაძლებლობა; ისინი ვერ ანუგეშებდნენ ვერავის ცრუ განგაშის შემთხვევაში; ხოლო მათ, ვინც მიაღწევენ ანტიქრისტეს დროებას, შეიძლება ვერც იცნონ მისი მეფობის მოახლოვება და ყურს არ ათხოვებენ მართლმორწმუნეთა შეგონებას. აქედან გამომდინარე არც შეეცდებოდნენ რაიმე სიფრთხილის გამოჩენას. ადამიანებს არაფერი რომ არ ცოდნოდათ იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღვიან ანტიქრისტეს გამეფებას და იუწყებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვებას, მაშინ ადამიანები ყველა დროში დაექვემდებარებოდნენ საშინელ საფრთხეს ცრუქრისტეები მიეღოთ ქრისტედ. ამ საშიშროებისგან თავდასაცავად ქრისტემ თქვა: "მაშინ, - ანუ ანტიქრისტეს მეფობის დროს, - თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით" (მთ. 24:23-26).
ეს სიტყვები ყველაზე ნათლად აჩვენებს, რომ ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვება და დადგომა, შემდეგ კი ქრისტეს მობრძანება იმიტომაც არის ნაუწყები ადრიდანვე, რათა ადამიანები წინდაწინ გააფრთხილონ და მისცენ მათ შესაძლებლობა ცრუქრისტეებში დაინახონ ყალბი მესიები და უარყონ ისინი, ხოლო იესუ ქრისტეში იცნონ ჭეშმარიტი ქრისტე და მიიღონ იგი. ხოლო წინასწარმეტყველებებმა ამ ნიშნებზე თავიანთ სასარგებლო მიზანს რომ მიაღწიონ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ და ესმოდეთ ამ წინასწარმეტყველებათა მნიშვნელობა და მათში მითითებული ნიშნები; ამასთან ერთად მათ უნდა იცოდნენ და შეაფასონ თავიანთი დროების ნიშნები, შეადარონ ისინი უკანასკნელი ჟამის მოვლენებს და ამ გზით მიაღწიონ სავარაუდო აზრს იმის შესახებ, ახლოვდება თუ არა ანტიქრისტეს გამოჩენის დრო.
წმიდა წერილში მითითებული ნიშნების მიხედვით და ასევე საკუთარი დროების საფუძვლიანი ცოდნის პირობებში მათ, ვინც დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და იცხოვრებს ანტიქრისტეს მოსვლამდე, ჰქონდათ და ექნებათ შესაძლებლობა ივარაუდონ, რომ ანტიქრისტეს მოსვლა ჯერ არ ყოფილა და ახლოსაც არ არის; წმიდა წერილში ბოლო ჟამის შესახებ სწავლებებში ისინი პოულობდნენ და იპოვიან საკუთარი თავის დამამშვიდებელ საყრდენებს, დაამშვიდებენ სხვებსაც ანტიქრისტეს მეფობის მოახლოვებასთან ან მის უკვე დამყარებულ მეფობასთან დაკავშირებით.
ღმერთმა, რომელმაც იესუ ქრისტეს, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ მოგვცა გამოცხადება ანტიქრისტეს მეფობის წინამაუწყებლების შესახებ, მოგვცა ის ყველა ადამიანისთვის და ისურვა, რათა ყველამ, და არა მხოლოდ ზოგიერთმა, ისარგებლოს მათით; ხოლო იმისთვის, რათა მათ შეძლონ ამ გამოცხადებიდან გამოიტანონ მაქსიმალური სარგებელი, უფალმა არ მოგვცა ზუსტი მითითება, თუ როდის მოვიდოდა ანტიქრისტე, მაგრამ მეორეს მხრივ, არც მთლად საიდუმლოდ დატოვა რადგან, ნახევრად გამოაჩინა და ცხადყო იგი.
ეს იმისთვის, რათა ადამიანებმა საკუთარ და მოყვასთა სასარგებლოდ შეისწავლონ ეს ნახევრად გამჟღავნებული საიდუმლო, მუდმივ მღვიძარებაში იყონ, რათა ყველანი ყოველთვის მზად იყონ შეხვდეს და გაუძლოს ანტიქრისტეს მეფობის უმძიმესი წლების შესახვედრად და გასაძლებად; ცდუნებულნი არ იყონ ანტიქრისტეს და მის თანამოაზრეთა მიერ; არ მიიღონ მოჩვენებითი ანტიქრისტეები ნამდვილ ანტიქრისტედ, ხოლო ნამდვილი ანტიქრისტე არ მიიღონ ქრისტედ. საგანი თუ სრულიად მკაფიოა, მაშინ შესასწავლიც არაფერია, ხოლო სრულიად დაფარულის შესწავლა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ ნახევრად გაცხადებული საგნის შემეცნება.
ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ ღმერთმა ნახევრადსაიდუმლოდ გვამცნო, რათა ადამიანებს არასოდეს შეეწყვიტათ, როგორც წმიდა წერილის წინასწარმეტყველებათა შესწავლა ანტიქრისტეს მეუფების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ექპოაში მის მსგავს მოვლენათა შესწავლაც, და ამ ცოდნიდან გამოეტანათა ზნეობრივი სარგბლობა. წმ. კირილე იერუსალიმელი, ერთმანეთს ადარებს რა თავისი დროების უწესივრობებს და იმ უბედურებებს, რომლებიც წინ უძღვის ანტიქრისტეს დროებას, პოულობს რა მსგავსებას მათ შორის, შემდეგ დარიგებას აძლევს თავის მსმენელს: "ფხიზლად იყავი ადამიანო. თუ იცი ნიშნები ანტიქრისტესი, მარტო შენთვის ნუ შეინახავ, არამედ სხვებსაც აუწყე უშურველად. თუ ხორციელი შვილი გყავს, მასაც ასწავლე; თუ შვი ვინმე ქრისტიანად, ისიც გააფრთხილე, რათა სიცრუ ჭეშმარიტებად არ მიიღოს" (Міgnе. Раtr. Curs. Compl. Ser. gr. Т. ХХХIII. Соl. 896. Cath. 15, § 18).
ხოლო თუკი მრავალნი, რომელთაც არასწორად ესმით და განმარტავენ წერილის წინასწარმეტყველებებს ბოლო ჟამზე და არასაკმარისად გულისხმაყოფენ მათ დროს მიმდინარე მოვლენებს, გაწუხებენ შენც და სხვებსაც აზრით, თითქოსდა ანტიქრისტე უკვე მოვიდა, ან უეჭველად მალე გამოჩნდება, ამის მიზეზი წმიდა წერილის წინასწარმეტყველება როდია, არამედ თვით ამ ადამიანების ფუქსავატობა და აკვიატებულობა. იგივე უნდა ვთქვათ მათზეც, რომლებიც, ვერ წვდებიან რა წერილს, იოლად იტაცებთ უსაფუძვლო ჭორები მოახლოვებულ ან უკვე მოსულ ანტიქრისტეზე.
ადამიანები თვითონ არიან დამნაშავენი იმაში, რომ წერილის სწავლებას ანტიქრისტეზე და მის მოსვლაზე, ისევე როგორც სხვა მრავალ საგანზე, ზოგჯერ მათთვის ზიანი მოჰქონდა და არა სარგებლობა.
მსგავსადვე ანტიქრისტეს თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ზნეობრივად და გონებრივად მღვიძარებენ, ყურადღებიანნი არიან წერილის წინასწარმეტყველებებისადმი ბოლო ჟამზე და თავიანთი დროების მოვლენებზე, სულიერად გამჭრიახნი და წმიდანი გულით, წერილის მიერ ამოიცნობენ და იგრძნობენ ანტიქრისტეს დროების მოახლოვებას, ხოლო როდესაც მოვა, იცნობენ მასში ანტიქრისტეს, ადრიდანვე მიიღებენ სიფრთხილის ზომებს თავის გადასარჩენად და, ამგვარად, დიდ სარგებელს ჰპოვებენ წერილის უწყებებიდან ანტიქრისტეზე.
ხოლო დაუდევარნი, პირიქით, ჩაძირულნი მიწიერ ინტერესებში, წერილის უმეცარნი და უგულისხმონი მის წინასწარმეტყველებათა მიმართ ბოლო ჟამზე, უზნეონი და ურწმუნონი, რომლებიც არ ფიქრობენ საიქიო ცხოვრებაზე, არა თუ ვერ იცნობენ ანტიქრისტეს დროის მოახლოვებას, არამედ მაშინაც კი, როცა ის მოვა, ვერ იცნობენ, რომ - ის ანტიქრისტეა, ცდუნებულნი იქნებიან მის მიერ, მიიღებენ მას ან ქრისტედ, ან კიდევ ვინმე დიდ ადამიანად, მისი მიმდევრები გახდებიან და წარწყმდებიან. ცხადია, რომ ისინი თვითონ იქნებიან დამნაშავენი იმაში, რომ არ ისურვებენ ან ვერ შეძლებენ ისარგებლონ წერილის წინასწარმეტყველებებით ბოლო ჟამის შესახებ.
მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება თავის მხრივ გვიდასტურებს, რომ საკითხი ანტიქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებით არ განეკუთვნება ამაო საკითხთა რიგს. მთელი ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში ეს საკითხი მუდმივად იპრობდა ადამიანთა ყურადღებას, მის განხილვას და მის გადაწყვეტას თავისი ძალა შეალია მრავალმა ცნობილმა ღვთისმეტყველმა და სხვა მეცნიერმა თუ მოაზროვნემ.
უკვე ესეც საკმარისია იმისთვის, რათა ეს თემა ამაო, არასაჭირო და უსარგებლო საკითხთა რიგს არ განვაკუთვნოთ. უეჭველად, მომავალშიც ადამიანები, თვიანთ წინამორბედთა წარუმატებლობისდა მიუხედავად, არასოდეს იტყვიან უარს მის გამოკვლევასა და გადაწყვეტაზე. როგორც გინდ იფიქრონ ამ საკითხზე, მისი მოხსნა დღის წესრიგიდან, სრულიად მივიწყება და მეცნიერებიდან გადაგდება შეუძლებელია, რადგან მას უკვე ხანგრძლივი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია; კიდევ იმიტომ, რომ ეს არის სიცოცხლისეული საკითხი, რომელსაც არა მარტო თეორიული და წმიდად მეცნიერული მნიშნელობა გააჩნია, არამედ პრაქტიკულიც. ესენია ერთ-ერთი ე. წ. მარადიული საკითხები, რომელთა საბოლოო გადაწყვეტა კაცობრიობისთვის ცნობილ დრომდე მიუწვდომელია და, რომლებიც, მიუხედავად ამისა, არ წყვეტენ მის დაინტერესებას და ისიც იკვლევს მათ და გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე მიდის.
მართალია, იგივე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აჩვენებს, რაოდენ ხშირად შემცდარან ადამიანები ანტიქრისტეს მოსვლის დროებასთან დაკავშირებით, გადაუწყვეტიათ ის არასწორად, და ამ საკითხის კვლევას და გადაწყვეტას მათთვის და სხვებისთვისაც, რომლებსაც ამგვარი მკვლევრებისა სწამდათ, სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოუტანიათ. მაგრამ განა ასეთი არ არის საზოგადოდ ადამიანურ კვლევათა და ცოდნათა საზოგადო ბედი? ერთი და იმავე საკითხების გადაწყვეტისას, ერთნი აღწევენ ჭეშმარიტებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ ვარდებიან უხეშ ცდომილებებში, მეორენი კი ცდებიან. და რაც უფრო რთულია საკითხი, მით მეტი ადამიანი ცდება მისი გადაწყვეტისას. მაგრამ რაოდენ რთულიც გინდ იყოს საკითხი ანტიქრისტეს მოსვლის დროებასთან დაკავშირებით, მაინც მრავალს სწორი შეხედულება ჰქონდა მასზე (საკითხზე) და მისგან მართებულ დამოკიდებულებას გამოიმუშავებდა, რითაც ზნეობრივი სარგებლობა მოჰქონდა საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.
ცდომილთა შორის არასწორი გადაწყვეტილებებით აშკარა ზიანს საკუთარ თავს აყენებდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ჯიუტად რჩებოდა ცდომილებაში, მიუხედავად ამ ცდომილების სიაშკარავისა. ამას რომ ვამბობთ, მხედველობაში გვყავს რუსი ბეზპოპოვცები და ნაწილობრივ პროტესტანტები. ამგვარ შემთხვევებში ბოროტების ფესვი საკითხში კი არ ძევს ან მისი გადაწყვეტის მეთოდებში, და არც არასწორ გადაწყვეტილებებში, არამედ ფართო თვალსაწიერის უკმარობასა და ჭეშმარიტების უპატივცემობაში, განსაკუთრებით კი საკითხის შემსწავლელთა ფანატიზმში.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Беляев А. Д. Когда наступит царствование антихриста? // Богословский вестник 1895. Т. 2. № 5. С. 195–234.
"აპოკალიფსისის" რედაქციის თარგმანი. თბილისი. 9 ოქტომბერი. 2021 წ.