ანტიქრისტე - ანტიქრისტე - რას ნიშნავს აპოკალიფსისის სიტყვები: "ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
რას ნიშნავს აპოკალიფსისის სიტყვები: "ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს"?
ანტიქრისტეს ნიშანი
მკითხველის თხოვნა: განგვიმარტეთ რას ნიშნავს იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" მე-13 თავის 17-ე მუხლის სიტყვები: "ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი".
 
 
მრავალს აფიქრებს ვითარება, როდესაც შეუძლებელი იქნება რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა. დღეს ჩვენ ვუახლოვდებით დროებას, როდესაც შესაძლოა ქაღალდის ფული საერთოდ გაუქმდეს. ფული მხოლოდ ელექტრონული იქნება. მაშინ, რა თქმა უნდა, ადამიანები ბაზარზე ან მაღაზიებში მხოლოდ ელექტრონული ბარათების მეშვეობით იყიდიან. ხოლო, ელექტრონული ბარათები ერთი ცენტრიდან გაკონტროლდება, ამიტომ, იმათ, ვინც ქრისტიანად დარჩება, ანტიქრისტეს მმართველობა ყველა ბარათს დაუბლოკავს, და საერთოდ, მაშინ ქრისტიანები ვერ შეძლებენ ვერც ვერაფრის ყიდვას და ვერც გაყიდვას. ისინი სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუკი ვინმე, ვისაც ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა ექნება (ანუ ვისაც ელექტრონული ყულაბა დაბლოკილი არ ექნება) გაიღებს მოწყალებას და თავის საკვებს უპუროდ დარჩენილ მშიერ ადამიანს უწილადებს.
 
ჩვენი აზრით, უკვე ვუახლოვდებით ისეთ დროებას, როდესაც ყველა სახელმწიფოში, და ცხადია ჩვენთანაც, ქაღალდის ფული საერთოდ გაქრება. შესაძლოა ვცდებით, და აპოკალიფსისიდან დამოწმებული სიტყვები ("ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს") სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ვერსიის დაშვება სრულიად გონირვული და შესაძლებელია.
 
ამბობენ, რომ ახლა, მოხერხებული რომ იყოს, ეს ბარათები, პატარა ჩიპების სახით შეიძლება ადამიანებს ჩაუნერგონ კანქვეშ, რომ არავინ მოგპაროს ან შემთხვევით არ დაგეკარგოს. რამდენად რეალურია საქმის ასეთი განვითარება?
 
დიახ, ეს სავსებით რეალურია, მაგრამ აი რაშია საქმე. სინამდვილეში ანტიქრისტეს ბეჭედი, რომელიც, როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია, ადამიანს მიეცემა შუბლსა და ხელზე, არ არის აუცილებელი დაკავშირებული იყოს ჩიპებთან. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის სული აღიბეჭდება მით, რაც მის გონებაშია. ადამიანი გონებით და სულით იღებს ქრისტეს სახარებას, რადგან ეს გონება მისი გულის მუშა ძალაა. ადამიანი სახარებასთან მოდის ჯერ გონებით (რწმენით, შეგნებით), შემდეგ კი მას იღებს გულიც. ასე იქნება ანტიქრისტეს პროპაგანდაც - ჯერ მას გონება მიიღებს, შემდეგ კი ის გულშიც აღიბეჭდება. თუკი ვინმეს თავში აღბეჭდილი იქნება ანტიქრისტე, ის მიიღებს მის იმ მსოფლმხედველობას, რომელსაც კაცობრიობას თავს მოახვევს. ანტიქრისტეს იდეოლოგიის მიღებით კი თვით ანტიქრისტეს მიღებაც მოხდება. ასეა ადამიანური საქმეებიც, რადგან ხელი - ეს ადამიანური საქმიანობის სიმბოლოა.
 
ამრიგად, ანტიქრისტეს მიღება ადამიანებში მოხდება გონებით და საქმეებით, ჯერ შეიწყნარებენ ანტიქრისტეს რელიგიას, მის მსოფლმხედველობას, შემდეგ კი განახორციელებენ ამ რელიგიის (მსოფლმხედველობის) შესაბამის საქმეებს.
 
მაგრამ არც ეს ახსნაა საკმარისი, რამეთუ ანტიქრისტეს ბეჭედი აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონრეტულ, მატერიალურ მხარესაც, ვინაიდან გონებით და საქმებით ("შუბლით" და "ხელით") ადამიანები ოდითგანვე მოყოლებული დღემდე სცოდავენ. თვით სამოთხეშიც კი ადამი და ევა სწორედ ასე დაეცნენ - ჯერ გონებით მოიაზრეს საცთური (აკრძალული ხის ნაყოფი), შემდეგ გულით შეიწყნარეს, გადადგეს ნაბიჯი მიღებული იდეის განსახორციელებლად და აკრძალული ნაყოფის მოსაწყვეტად ხელიც გაიწვდინეს. ეს არის ცოდვის ჩადენის მექანიზმი და ის არც ანტიქრისტეს დროს შეიცვლება, არამედ იგივე დარჩება. ამიტომ "შუბლსა და ხელზე" ანტიქრისტეს დაღის მიღების მხოლოდ სულიერი, სიმბოლური განმარტება მას აბუნდოვანებს და მისი მიღების საცთურსაც ერთიათად ზრდის.
 
დღეს შეუძლებელია ვიცოდეთ როგორი იქნება ანტიქრისტეს ნიშანი. მიუხედავად ძალიან სავარაუდო და თითქოსდა აშკარა მინიშნებებისა, ბოლომდე დარწმუნებულად თქმა, თუ რას წარმოადგენს იგი ძალზედ ძნელია და თვითონაც შეიცავს საცთურს. ასე ადვილად შეიძლება მოვტყუვდეთ. ანტიქრისტეს ბეჭდის რაობა გაირკვევა თვით ანტიქრისტეს მოსვლის დროს. არც მეტი არც ნაკლები, არც ადრე - არც გვიან.
 
არ არის გამორიცხული ეს ჩიპი იყოს, მაგრამ შეიძლება სხვა რამეც იყოს - ჩიპი ტექნიკური მომენტია, აპოკალიფსისი კი - სულიერი წიგნია და ის არ ახდენს რაღაც ტექნოლოგიების პროგნოზირებას; უპირველეს ყოვლისა უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ წუთისოფლის ხატი არ ჩავიბეჭდოთ ჩვენს გონებასა და გულში, რომ წუთისოფლის მონები არ გავხდეთ.
 
უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ არა წუთისოფლის სიამეებისა და მოთხოვნილებების, არამედ სახარებისეული მცნებების მიხედვით. ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ანტიქრისტეს დაღის გამოჩენის დროსაც. ვნებებისგან გათავისუფლება, ადამიანს რომ ებრძვის, უფრო ძნელია, ვიდრე ყოველგვარი ბარათების თუ პასპორტების მოცილება.
 
რა თქმა უნდა. ადამიანს ამა თუ იმ განწესების ფარისევლურად შესრულება ყოველს შეუძლია, მაგრამ ბოროტი ადამიანიდან, როგორებიც იყვნენ ფარისევლები, კეთილად გარდაქმნა - მხოლოდ ღმრთის მადლით არის შესაძლებელი. ფარისევლებმა სწორედ ამიტომაც უარყვეს ცხონებისა და ღმრთის მადლის გზა, რის შედეგადაც უდანაშაულო მაცხოვარი ჯვარს გააკრეს. თანაც მათ არ ჰქონდათ დასჯის უფლებამოსილება და ფაქტობრივად აიძულეს პონტოელი პილატე ეს ექნა: "ცდილობდა პილატე გაეშვა იგი (ქრისტე - "აპოკ." რედ.) მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება" (იოანე 19:12). სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ქრისტეს არ დასჯი "კეისართან გიჩივლებთო". ანუ დაშინებით აიძულებდნენ მას ჯვარცმის განაჩენი გამოეტანა. პონტოელი პილატე კი, როგორც ნებისმიერი მიწიერი ადამიანი, თავისი თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. თანამდებობის დაკარგვით ის, როგორც მთელი რეგიონის მეთაური, თავის შეფარდებით კეთილდღეობას კარგავდა.
 
ანტიქრისტეს ნიშანთან (დაღთან) დაკავშირებით გონივრული იქნება თუ ასე ვიმსჯელებთ: აქ განმარტება იმდენად მიზანშეწონილი არ არის, რამდენადაც ვარაუდების დაშვება. ბუკვალურად დღემდე ეს ყველაფერი იდუმალებით იყო მოცული, რომელსაც, რაც დრო გადის შუქი ეფინება და თავის ნამდვილ სახეს აჩენს. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ წავაწყდით თანამედროვე ტექნოლოგიების ძალას, როდესაც დავინახეთ, რომ ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ძალების სრული კონტროლის ქვეშ, ვინც მათით ინტერესდება.
 
ეს განსაკუთრებულად დღეს არის საგულისხმო, რადგან ვხედავთ, რომ უკვე არსებობს ე. წ. ჩიპების თვით სხეულში ჩანერგვის შესაძლებლობა, რომლითაც დააკვირდებიან და გააკონტროლებენ მთელ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ყოველდღიურობას. მაშ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია დაინტერესებულ და არაკეთილსინდისიერ პირებს მიუვა.
 
მაშასადამე, როდესაც ანტიქრისტე მოვა, არადა ის აუცილებლად მოვა, და თუკი ის მსოფლიოს მმართველი გახდება, არადა ის აუცილებლად გახდება, ყოველი ადამიანი, ვინც ანტიქრისტეს საპატივცემოდ დროშას არ აწევს, დაისჯება. როგორ? ძალიან მარტივად. ადამიანი შევა მაღაზიაში, მას კი ეტყვიან: "უკაცრავად, თქვენს ანგარიშზე არაფერი არ არის", ან "თქვენი ბარათი დაბლოკილია".
 
მოკლედ, ადამიანის ქცევა და ცხოვრება სრულიად აღირიცხება და მართვის ცენტრს გადაეცემა. რომელიმე ადამიანის უმცირესი უთანხმოება ოფიციალურ პოლიტიკასთან და ამა სოფლის ძლიერთა იდეოლოგიასთან იმწამსვე დაფიქსირდება, და ასეთი პიროვნება უკვე ვეღარაფერს გააკეთებს. ის ვერაფერს გაყიდის და ვერაფერს იყიდის, რადგან ქაღალდის ფული მალე აღარ იქნება. ვიმედოვნებ, ეს ყველას გესმით. ევროპის მრავალ ქვეყანაში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მაგალითად, შვედეთმა უკვე უარი თქვა ნაღდ ფულზე, და მას ჯერ კიდევ მხოლოდ ტურისტების გამო იყენებს, ეს არის და ეს. ყველაფერი საბარათო სისტემაზე გადავა.
 
მაშასადამე, აღმოჩნდა, რომ მას, ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს და იტყვის, რომ არსებობს მხოლოდ ერთი უფალი იესუ ქრისტე, ნაზარეველი, და მხოლოდ მას აღიარებს უფლად, - ყველაფერს გამოურთავენ.
 
სწორედ ამ შემთხვევაში ვერ იყიდით ვერაფერს, თქვენგანაც ვერაფერს იყიდიან, ანუ ვერაფრის გაყიდვასაც ვერ მოახერხებთ. თქვენ განწირული აღმოჩნდებით. რაზე? - შიმშილით სიკვდილზე! ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რადგან შეიძლება სხვა, უფრო უარესი ვარიანტების განხილვაც. მაგრამ, როგორც მინიმუმი ასე იქნება.
 
როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეს კატასტროფა?
 
გარეგნულად ამ კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც ჩაიწერა სახარებაში ქრისტეს სიტყვები: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). წმიდა მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში ანტიქრისტეს, ამ გაიძვერას და თაღლითს "ურჯულოების კაცს" და "დაღუპვის ძეს" უწოდებს (2 თესალონიკ. 2:3). ამიტომაც წმიდა მამები მოგვიწოდებენ, სანამ გვიანი არ არის, სანამ, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ ნორმალურ პირობებში ვცხოვრობთ, ყურადღება მივაქციოთ არა ამ გარეგან ცხოვრებას, რომელიც ზღვაში მოქანავე ნავივით ერთ წამში შეიძლება გადაყირავდეს, არამედ სულიერ ცხოვრებას.
 
ყურადღება მივაქციოთ სულს, სათნოებებს. თუკი ამით დავსაქმდებით, თუკი ვეცდებით ვიცხოვროთ სახარების მცნებათა შესაბამისად, მაშინ შევძლებთ დადგომას და თქმას: "დიახ, მე მოვკვდები, მაგრამ ქრისტეს არ უარვყოფ".
 
ხოლო მრავალნი, რომლებიც სულიერად უმწიფარნი იქნებიან, იმ დროს, როგორც ეს სახარებაშია ნაწინასწარმეტყველევი, ვერ გაუძლებენ და ქრისტეს უარყოფით დაეცემიან. ამგვარად, ისინი, რა თქმა უნდა, სასტიკად იგვემებიან. აი დაახლოებით ეს აზრია მოცემული აპოკალიფსისის ზემოთმოტანილ სიტყვებში.
 
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". 17 აგვისტო. 2021 წ.
 
Назад к содержимому