ანტიქრისტე - მხეცის ხატება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
მხეცის ხატება
ანტიქრისტეს მოსვლა
ღმერთმა გაუნათოს გონება ყველა ქრისტიანს მოვლენათა იმ ჯაჭვის შესამეცნებლად, რომლებიც კაცობრიობას მხეცის (ანტიქრისტეს) ხატებამდე მიიყვანს და, რომლის დადგმის შემდეგ შეუძლებელი იქნება ყიდვა ან გაყიდვა.
 
არავითარი დაღი უახლოეს 3,5 წელიწადში არ იქნება, თუნდაც ხვალ უეცრად დადგეს მე-4 სამეფო, მოვიდეს ანტიქრისტე, გაცხადდეს მეძავი ბაბილონი და ცრუწინასწარმეტყველი.
 
მეძავი ბაბილონი სახელმწიფო, რომელთანაც, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, "ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა" (აპოკ. 17:1-2).
 
ამრიგად, მეძავი ბაბილონი 7 წლიანი დიდი ჭირის დადგომამდე მცირე ხნით ადრე "სიძვის ღვინით დაათრობს მიწის ყოველ მკვიდრს", რის შემდეგაც ანტიქრისტე დაანგრევს მის ტაძრებს და მის ინფრასტრუქტურას. "ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. ხოლო ქალი შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე" (აპოკ. 17:16, 18).
 
დღეს უეცრად ომი რომ დაიწყოს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ის ძალიან ხანმოკლე იქნება - რადგან ომი კი არ გაააქტიურებს მე-4 სამეფოს - არამედ პირმოთნეობა და ინტრიგა. 10 მეფე მოვა არა სამხედრო გადატრიალების შედეგად, არამედ, დედამიწის ბატონებად მოგვევლინებიან.
 
10 მეფე არიან პიროვნებები, რომლებშიც (სავარაუდოდ) ასევე შესახლდებიან მძლავრი დემონები, "რადგან, -როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს, - სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12). ანუ ესენი იქნებიან სატანის უახლოესი წრის წარმომადგენლები - ისინი მოვლენ, როგორც დამთრგუნველნი, რათა ნიადაგი მოამზადონ ანტიქრისტეს გასამეფებლად.
 
მაშასადამე, სანამ ისინი არ გამოჩნდებიან მსოფლიო არენაზე - არც ანტიქრისტე მოვა!
 
როდესაც "გამეფდება" ბაბილონი და ცრუწინსწარმეტყველი დაიწყებს ანტიქრისტეს ქადაგებას, მსოფლიოში არ იქნება ძალდატანებითი ან მოტყუებითი დაღდასმა, არ იქნება მხეცის ხატი და ანტიქრისტე ჯერაც არ გამოაცხადებს თავს ღმერთად. ამიტომ ადამიანები დედამიწაზე გულწრფელად აღფრთოვანდებიან ბაბილონით, ცრუწინასწარმეტყველით, 10 მეფით და ანტიქრისტეთი. უდავოდ მოსახლეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება, მაგრამ მალე მინუს-ნიშნით გამოავლენენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, და არა მათ, ვინც არამართლმორწმუნეა. რადგან ყოველი, ვინც კი ერწმუნება ბაბილონს, მასთან ერთად დაიღუპება. ქრისტიანებს კი მკაცრად დაევალებათ გამოვიდნენ მისგან, "რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.  და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.  რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი" (აპოკ. 18:3-5). ეს ნიშნავს, რომ როგორც კი მივხვდებით, რომ მოვიდა სწორედ მეძავი ბაბილონი - იმწამსვე უნდა მივიღოთ აბსოლუტური დაუმორჩილებლობის პოზიცია - არავითარი კომპრომისი ანტიქრისტიანულ მეუფებასთან, უმჯობესია საკონცენტრაციო ბანაკი და საშინელი სიკვდილი, ვიდრე კომპრომისი ბაბილონთან და მითუმეტეს ანტიქრისტესთან.
 
ანტიქრისტეს მეუფების პირველი 3,5 წლის განმავლობაში არაფერი იქნება ისეთი, რომ დაღის გარეშე ვერაფერს აკეთებდეს კაცი - იქნება მისი მსგავსებები (როგორც ეს ახლა ხდება), მაგრამ სწორედ ანტიქრისტეს დაღი მაშინ არ შემოვა. მხოლოდ 7 წლიანი დიდი ჭირვების შუაწელს, ანუ მეორე 3,5 წლიანი პერიოდის დასაწყისს ანტიქრისტე მუხანათურად დაესხმება თავს ისრაელს, დაანგრევს მას, დაიპყრობს იერუსალიმს, დახოცავს მღვდელმსახურებს და წმიდათა წმიდაში დადგავს თავის ტახტს - ამის პარალელურად ცრუწინასწარმეტყველი დაარწმუნებს კაცობრიობას, რომ ანტიქრისტე ღმერთია, და აი მაშინ მისი ქანდაკებაც დაიდგმება.
 
ამას მოჰყვება მაგიური რიტუალი, რის შედეგადაც ცრუწინასწარმეტყველს მიეცემა იმის ნება, რომ "სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15).
 
ამრიგად, ამ მაგიური რიტუალის შედეგად "ხატში" (ქანდაკებაში) შევა "რაღაც" და ის "ამეტყველდება". ამ საოცრების შემდეგ დედამიწაზე ბნელეთის აბსოლუტური დიქტატურა დამყარდება - გაიცემა ბრძანება "მოკლან ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15). მხოლოდ ამის შემდეგ ისინი, ვინც თავის მუხლს მოიყრიან სატანის წინაშე, მიიღებენ მის დაღს (ნიშანს, გამოსახულებას) – "სატანის მონის მოწმობას" მარჯვენა ხელსა და შუბლზე.
 
მხოლოდ ამის შემდეგ სატანა ანტიქრისტესთან და ცრუწინასწარმეტყველთან ერთად (ბაბილონი უკვე აღარ იქნება) დედამიწაზე დაამყარებნე ტერორს და საშინელებას - ყველანი, ვისაც კი დაღი არ ექნება, საზოგადოებიდან გაირიყებიან და ისინი არა თუ ვერ შეძლებენ რაიმე ყიდვას ან გაყიდვას, არამედ საერთოდ აღმოჩნდებიან ისეთ ვითარებაში, რომ გასანადგურებელი სამიზნეები გახდებიან.
 
იმ დროს არანაირი ბოლივია, არანაირი ეკოსოფლები და მისი მსგავსი ბოდვები უბრალოდ არ იარსებებენ. ანტიქრისტესა და მხეცის ხატის გავლენისგან ადამიანები თავს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში დაიცავენ - იქ, სადაც იმოღვაწევებენ "ორი სასანთლე", ეკლესიის გადმოცემით - ილია და ენოქი, და ე. წ. "იუდეის მთებში" - არა უბრალოდ მთებში, არამედ იქ, სადაც უფალი ზებუნებრივად დაიფარავს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას მხეცის ხატის მსახურთა ძიებისგან. ჩვენი აზრით, იმ დროს, ასეთი ადგილები შეიძლება იყოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სადაც ქრისტიანებს თავისი ყოვლისშემძლე ხელით უფალი დაიცავს. სავარაუდოდ ეს იქნება სწორედ ის "უდაბნო" (არა პირდაპირი, არამედ სულიერი გაგებით), რომელსაც ეკლესია თავს შეაფარებს.
 
ქრისტიანებს, რომლებიც შევლენ დიდი ჭირვების პერიოდში და, რომელთაც ესმით უფლის განგებულება, სრულიად არ შეაწუხებთ მხეცის ხატება ან მისი დაღი, არც ის, რომ ამ დროს აღარ იქნება რაიმე ყიდვის ან გაყიდვის შესაძლებლობა. რატომ? იმიტომ, რომ ყველან, ვისაც კი გულითადად უყვარს თავისი ღმერთი და ვინც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში - სატანას არ დაემორჩილებიან. მაშასადამე მათ ან ადგილზევე დასჯიან სიკვდილით ან უფალი მათ დრომდე დაიფარავს. დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, ზოგს სიკვდილით დასჯიან, ზოგს სიკვდილის საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყრიან, ზოგს აწამებენ - მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანთაგან სატანას მაინც არავინ სცემს თაყვანს.
 
საერთოდ საკითხი დადგება თუ არა ადამიანი არჩევანის წინაშე - მიიღოს მხეცის ხატი თუ არ მიიღოს, ბუნდოვანია. საქმე იმაშია, რომ მხეცის დაღს მიიღებენ ისინი, ვინც მხეცს თაყვანს სცემს, როგორც ღმერთს. არჩევანის შესაძლებლობა მიიღონ დაღი თუ არა მათაც არ ექნებათ, რადგან ეს არჩევანი მათ უკვე მაშინ გააკეთეს, როდესაც თაყვანი სცეს მას... ამრიგად, არჩევანი - ღმერთთან თუ სატანასთან - დაღის დასმამდე დგება.
 
არავინ იტყვის მაშინ - ან დაღი მიიღე ან მოკვდი. არა. წმიდა წერილი ამას არ გვეუბნება. ის ამბობს - შენ მოგცემენ არჩევანის უფლებას - თაყვანი ეც მხეცს. თუ იტყვიან "დიახ", მისცემენ მხეცის ნიშანს, ხოლო თუ უარს იტყვის, მაშინ ამგვარს ადგილზევე მოკლავენ. მკვდარს კი მხეცის ნიშანს არავინ დაადებს.
 
დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას - ჯერ იქნება განკარგულება ყველამ თაყვანი სცეს მხეცის ხატებას და მხოლოდ შემდეგ, ამ განკარგულებით აიძულებენ ყველას მიიღონ ანტიქრისტეს დაღი. ჯერ - მხეცის თაყვანისცემა, შემდეგ კი - დაღი. "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15), და მხოლოდ ამის შემდეგ: "აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (აპოკ. ს13:16, 17).
 
კვლავ გავიმეორებთ: ჯერ იქნება მხეცის ხატის თაყვანისცემა, რომელიც საკვირველად "ალაპარაკდება" და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ანტიქრისტეს დაღის მიღება.
 
ჯერ მხეცის თაყვანისცემა - შემდეგ კი მისი დაღის მიღება.
 
აზრი, რომ თავიდან ადამიანებს დადაღავენ ჩიპების სახით, რომელიც დააზომბირებს მათ და ისინიც, ამის შემდეგ, თაყვანს სცემენ სატანას, - წმიდა წერილის საწინააღმდეგოა, რადგან წმიდა წერილი პირიქით გვასწავლის: ჯერ ადამიანი ნებაყოფლობით აირჩევს სატანის თაყვანისცემას, შემდეგ კი მიიღებს ანტიქრისტეს დაღს, როგორც ამ თაყვანისცემის დადასტურებას და ანტიქრისტეს პასპორტს.
 
დროის მოკლე პერიოდში, კერძოდ - 3,5 წლის განმავლობაში იქნება სისტემა, რომლის დროსაც ყიდვა-გაყიდვას შეძლებენ მხოლოდ ისინი, რომლებიც სატანის ერთგულების ფიცს დადებენ, თაყვანს სცემენ მას და ამ ერთგულების ნიშნად მის დაღსაც დაისვამენ მარჯვენა ხელსა და შუბლზე, რათა "სატანამაც ცნოს თავისიანები".
 
ამრიგად, კარგად დავიმახსოვროთ - ანტიქრისტეს დაღი ეს არის მოვლენათა ჯაჭვის ბოლო ეპიზოდი, ვიდრე დიდ ჭირვებამდე და ეს არჩევანი კი არა, სხვა არჩევანის (ნებაყოფლობითი თაყვანისცემის) შედეგია.
 
ასე რომ მღელვარება ჩიპებზე ამაო და არაფრის მომცემი მღელვარებაა.

მომზადდა სხვადასხვა წყაროების მიხედვით. იგეგმება თემის გაგრძელება და უფრო დეტალური განხილვა.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 6 მარტი. 2021 წ.
Назад к содержимому