ანტიქრისტე - ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი..." - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
"ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი..."
 
"წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4)
უსჯულოების საიდუმლო
ნეტ. ავგუსტინე (IV ს.). "უცნობია, რომელ ღვთის ტაძარში დაჯდება იგი: იმ ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც მეფე სოლომონმა ააშენა, თუ ეკლესიაში. რადგან რომელიმე კერპის ან დემონის ტაძარს როდი უწოდებდა მოციქული ღმრთის ტაძარს. ამიტომაც ზოგი ამ ადგილას ანტიქრისტეში გულისხმობს არა თვით თავადს, არამედ მთელ მის სხეულს, ანუ თავადთან ერთად მის საკუთრებაში მყოფ ადამიანთა ბრბოსაც; და ფიქრობენ, რომ უფრო სწორი იქნებოდა ლათინურად ეს ადგილი წაკითხულიყო ისე, როგორც ის ბერძნულად იკითხება: დაჯდება "არა ღმრთის ტაძარში", არამედ "ტაძრად ღმრთისა", თითქოსდა თვითონ იყოს ღმრთის ტაძარი, რომელშიც იგულისხმება ეკელსია, როგორც, მაგალითად, ჩვენ ვიტყვით "მეგობრად ზის", ანუ მეგობარია და ა. შ."

ამბროზიასტე (IV ს.) (1): ის ევედრება ქრისტიანებს დაუფიქრებლად არ მიიღონ აზრი, თითქოსდა უკვე დგება უფლის მეორედ მოსვლა, და არიგებს, რათა არ ირწმუნონ, თუნდაც ვინმემ თქვას, წინასწარმეტყველის მსგავსად, რომ სულით ეუწყა ან  სიტყვით, ან კიდევ მოციქულთა წერილით, - და ყოველივე ამას არ დაეთანხმონ. რადგან მზაკვარ ადამიანებს სხვათა საცთუნებლად ახასიათებთ წერილების წერა რომელიმე ცნობილი კაცის სახელით, რათა სახელის ავტორიტეტმა შეძლოს ის, რაც თავისთავად შეუძლებელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმისთვის, რათა ადამიანებმა გაუფრთხილებლობით, სანამ არ გამოჩნდება ჭეშმარიტება, თაყვანი არ სცენ ეშმაკს, რომელიც იქამდე მივა, რომ მაცხოვრის სახელითაც გამოჩნდება, მოატყუებს ღვთისმოსავებს და ისურვებს, რათა თაყვანი სცენ მას, - და ასე დაიწყებს ქრისტიანთა შეცდენას. სწორედ ამიტომ, უსირცხვო სატანას რომ არ მიეცეს ქრისტიანთა მოტყუებს შესაძლებლობა, როგორც მას ჰგონია, რომ აქვს, (პავლემ)უფლის მეორედ მოსვლის დრო და ნიშნები მიუთითა. რადგან, უფალი არ მოვა მანამ, სანამ არ დაუძლურდება რომის სამეფო, და მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე, რომელიც დაიწყებს ღვთისმოსავთა განადგურებას და თავისუფლებას მისცემს რომაელებს, ოღონდ მისი სახელით. რამეთუ უწყოს, უფალი მალე მოვა, რომ მოთოკოს მისი ძალა. ის (ანტიქრისტე) მიისაკუთრებს მის სახელს და, მისი სამეფო ჭეშმარიტად რომ გამოაჩინოს, მიიზიდავს მათ, ვინც მასთან ერთად წარწყმდება; ასე ომ, თვით უფლის ტაძარში დაჯდება ვითარც ქრისტე, რათა ღმერთად უწოდონ მას და არა ძეს ღმრთისას. ამიტომ ეუბნება სახარებაშიც უფალი იუდეველთ: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). წინადაცვეთის გამო - უნდა ვივარაუდოთ, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ის წინადაცვეთილი იქნება, - იუდეველები ნდობით განეწყობიან მის მიმართ. ამიტომაც პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ყველას ასწავლის გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულობა (Толкование на группу стихов: 2 Фес: 2: 1-1).
 
___________________
 
1. ამბროზიასტე (IV ს.) (ამბროზიასტერი (Ambrosiaster) ან ამბროსიასტე - ლათინური ეგზეგეტური თხზულებების კორპუსის პირობითი სახეწოდება, რომელიც ეკუთვნის IV ს-ის ანონიმ ავტორს. ტერმინი "ამბროზიასტე" პირველად შემოიტანა ერაზმ როტერდამელმა, რადგან განმარტებათა შინაარსი წააგავდა წმ. ამბროსი მედიოლანელის თხზულებებს, თუმცა მათი (განმარტებების) ჰერმენევტიკული მეთოდი წმ. ამბროსის მეთოდისგან განსხვავდება. "ამბროზიასტე" შედგება წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეთა (ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს გარდა) განმარტებებისა და "კითხვებისგან ძველი და ახალი აღთქმის მიმართ" ( ("Quaestiones Veteris et Novi Testamenti"). ამბროზიასტე წარმოადგენს წმიდა წერილის ძველლათინიური თარგმანის კომენტარებს, რომელიც წინ უსწრებდა ვულგატას. კომენტატორი კარგად იცნობს ელინისტურ რელიგიებს, თავს არიდებს ალეგორიებს და განმარტებებში უპირატესობას პირდაპირ ისტორიულ აზრს ანიჭებს. "ამბროზიასტეს" კორპუსს ეკუთვნის ასევე მათეს სახარების განმარტების ფრაგმენტი (Критич. изд. комментарий на послания: CSEL, t.81, part. 1-3, 1966-69; Pseudo-Augustinus Quaestiones; ibid., t.50, 1908. l Enc. Kat., t.1, s.411; ODCC, p.44).
 
___________________
 
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.): "15. "როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს". როდესაც იერუსალიმი გარშემორტყმულ და აღებულ იქნა რომაული ჯარის მიერ, იუდეველებმა გატიალების სისაძაგლე იხილეს იმაში, რომ დამპყრობლებმა ტაძარში ღორის მოჭრილი თავი შეაგდეს, რითაც იუდაურ ჩვეულებებს დასცინეს (სხვა წყაროებში ასეთი ინფორმაცია არ არის). მაგრამ მე იმდენად უგუნური როდი ვარ ამას დავეთანხმო. გატიალების სისაძაგლე - ეს არის წყეული ანტიქრისტეს მოსვლა, რომელიც შეეცდება შებილწოს ყოველი სულის საწმიდარი ბილწი მკრეხელობით და დაჯდება, როგორც ეს წერილ არის, ტაძარში, რათა მიიტაცოს საღმრთო საყდარი და ძალაუფლება. სულიერი გაგების თანახმად, მისი ტაძარში ყოფნა ნიშნავს მისწრაფებას ყველას გულში აღბეჭდოს თავისი უკეთური მუხანათობის ანაბეჭდი, თან წერილიდან ამტკიცოს, რომ სწორედ ის არის მესია.
 
16. გატიალება მოახლოვდება მაშინ, როდესაც უმრავლესობა შთავარდება ცდომილებაში და უარს იტყვის ჭეშმარიტ ღმრთისთაყვანისცემაზე, და აი მაშინ დადგება უფლის დღეც. მის შესახებ ნათლად მეტყველებს მოციქული, როდესაც მღვიძარებისკენ მოგვიწოდებს: "ნუ შეიძვრით გონებით, ... თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:2-4). და ა. შ.
 
17. დაჯდება ის იმ იუდეველთა შიდა ტაძარში, რომელიც უარყოფს ქრისტეს. ეს ურყევი ტაძარი კი არ არის, არამედ ხრწნადი: ის ან ურწმუნოებით დაინგრევა ან მრისხანების ძალით, ან კიდევ მას დაწვავს ვნებათა ცეცხლი. აი ვადა, როდესაც დადგება დღე უფლისა, "მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22). უფლის პირველი მოსვლა - ცოდვათა გამოსყიდვის გამო იყო, ხოლო მეორე - ცოდვის შეწყვეტისთვის მოხდება, რათა შეამციროს ურწმუნოების ცდომილებაში შთავარდნილთა რიცხვი.
 
18. ეს არის ცრუწინასწარმეტყველთა და შიმშილის ჟამი. გაიხსენე ილიას დროება, და იქ ჰპოვებ შფოთიან წინასწარმეტყველთ, იეზაბელს, შიმშილს და გვალვას. რა მიზეზით? "ურჯულოების მომრავლების გამო" და იმიტომაც, რომ "მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12). ეს არის დრო, როდესაც მართალი გაიქცევა უდაბნოში, უკეთური კი აღზევდება სამეფო ტახტზე.
 
19. არის კიდევ სხვა ანტიქრისტე, პირველის მოძღვარი, - ეშმაკი. ის თავისი ლეგიონებით შეეცდება დაიპყროს ჩემი იერუსალიმი, ანუ ჩემი სული, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, სული, რომელიც ქმნის სამყაროს. "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12). განდგომილება გამოიხატება იმაში, რომ სული უარყოფს საკუთარ თავს და მასინ თვით ფიქრიც კი უფალზე გამოიწვევენ მასში თრთოლვას და მშფოთვარებას. იმ დროს სიმართლე დევნილი იქნება, უსჯულოება კი იზეიმებს. რწმენა იმდენად იშვიათი გახდება, რომ თვით უფალი, თითქოსდა ეჭვით კითხულობს: "ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლუკა 18:8). ასევე სხვა ადგილას: "უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ" (ფსალმ. 13:2). ღმერთი კი არ ეჭვობდა ამას, მაგრამ იმდენად გაიშვიათდება რწმენა კაცთა შორის, რომ მის არსებობაში კაცობრივად შეიძლებოდა დაეჭვება.
 
20. როდესაც ეშმაკი ტაძრის ცენტრში აღმოჩნდება, მაშინ, წინასწარმეტყველ დანიელის თანახმად დადგება "გატიალების სისაძაგლე" (დან. 9:27). ხოლო როდესაც სულიერ მოსაგრეს გამოუნათებს ქრისტეს ნათელი, წინააღმდგომი გარბის, და გამეფებას იწყებს სიმართლე, რომელიც იოტებს ყოველგვარ ტირანიას ღვთისმოსავ სულთაგან.
 
21. არსებობს მესამე ანტიქრისტეც. ესენი არიან არიოზი, საბელიანოზი და ყველანი, ვინც ცდილობენ თავითნი უკუღმართული განმარტებებით შეგვიყვანონ ცდომილებაში. "წამკითხველმა გაიგოს!" (მათე 24:15). გონიერი არ შეცდება და სიცრუეს ჭეშმარიტებად არ მიიღებს, როგორც იუდეველები, რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტი ქრისტე, და აღიარებენ ცრუს, ან როგორც არიანელები, რომლებიც ქრისტეში უარყოფენ იმას, რასაც აღიარებენ ანტიქრისტეში" (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга десятая// Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 379-383).


წმ. ბასილი დიდი (IV ს.): ""გაგვიყრუვდა ორთავე ყური" (შეად. 1 მეფ. 3:11), როდესაც შვიტყვეთ თქვენი მდევნელების უსამართლო და კაცთმოძულე მწვალებლობის შესახებ, რომ არ სცემდნენ პატივს არც ასაკს, არც მოქალაქობისას ნაღვაწს, არც ხალხის სიყვარულს, არამედ აწამებდნენ და უპატიოდ ეპყრობოდნენ სხეულებს, აგზავნიდნენ გადასახლებებში, იტაცებდნენ ქონებას, რომლის პოვნასაც შეძლებდნენ, არც გაკიცხვას აქცევდნენ ყურადღებას ხალხისგან, არც სამართლიანი მსჯაულის საშინელი სამაგიერო აფიქრებდათ. ამ ყველაფერმა გაგვაოგნა და თითქმის გონებიდან გადაგვიყვანა. ამის შესახებ მსჯელობისას კი ეს აზრიც მომივიდა: მთლად ხომ არ მიატოვა საკუთარი ეკლესიები უფალმა? ხომ არ არის ეს უკანასკნელი ჯამი, და განდგომილება ამათი მეშვეობით ხომ არ იწყებს შემოსვლას, რათა შემდგომ გამოჩნდეს უსჯულო, "წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად" (2 თესალონიკ. 2:3-4)? (შეად.: "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს". (2 თეალონიკ. 2:4)). მაგრამ, თუკი განსაცდელი დროებითია, დაითმინეთ იგი, ქრისტეს კეთილო მოასპარეზეებო, თუკი სრულ განადგურებას უნდა მიეცეს სამყარო... რა იქნება საკვირველი იმაში, რომ ჩვენც, რომელნიც ამ ქმნილების ნაწილი ვართ, განვიცადოთ ეს საზოგადო ვნება და გადავეცეთ მწუხარებებს... თქვენ, ძმანო, მარტვილთა გვირგვინები გელოდებათ,; აღმსარებელთა კრებულნი გამზადებულნი არიან, გამოგიწოდონ ხელნი და საკუთარ რიცხვში მიგიღონ" (ეპისტოლე 139. ალექსანდრიელთათვის.  თბ. 2019 წ. გვ. 248-249).
 

ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.): ""წინააღმდგომი", ანუ ყოველ ქმნილებათა შემოქმედი უფლის მოწინააღმდეგე, და "ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად", ანუ აღზევდება ყოველივე იმაზე, რაც არა მარტო სახელდებულია ღმერთად, არამედ იმასაც, რასაც პატივი მიეგება, როგორც ღმერთს. თვით ის პატივს მიაგებს ჭეშმარიტ ღმერთს, რათა ქრისტიანები მიიზიდოს, - მაგრამ, აძაგებს და ამცირებს ყოველივეს, რაც კი იწოდება ღმერთად ან პატივი მიეგება როგორც ღმერთს, რათა საკუთარ თაყვანისმცემელთა გონება დაატყვევოს. ამგვარად ის გამოჩნდება და შევა ღმრთის ტაძარში, სწორედ ღმრთის ეკლესიაში, რათა შიგნით "დაჯდეს". ის რომელიმე სხვა საზოგადოებისკენ ან მწვალებლურ სექტისკენ კი არ გაიტყუებს, - არამედ ზიზღით უკუაგდებს ყველა ყალბ კულტს, რათა ეკლესიის დატყვევება შეძლოს. ამიტომაც მივა ის თვით ღმრთის ტაძარში, რათა იქ დაჯდეს და ყველას თავი ღმერთად მოაჩვენოს.
 
როგორ მოაჩვენებს ის ადამიანებს თავს ღმერთად? დიდებასა და პატივს, რომლითაც შემოსილი იქნება, კიდევ უფრო მეტად შეიფერებს იმ მტრობის მეშვეობით, მწვალებელ სექტებს რომ გამოუცხადებს. რადგან რომელიმე მწვალებლობისკენ კი არ გადახრის მორწმუნეებს, არამედ, ეკლესიის შვილებისადმი თავისი მოჩვენებითი სიყვარულის დემონსტრირებით, ყველას აიძულებს იფიქრონ, რომ უყვარს ისინი, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები, მივა მათ ტაძარში და დაჯდება, როგორც ჭეშმარიტ ტაძარში, რათა აჩვენოს, რომ თვითონ არის ღმერთი.
 
ის დაგმობს პირმოთნეობას (მოჩვენებითად) და სათნოების ნიღაბს მზაკვრულად მოირგებს. ხალხის გულ ნივთიერ საგანთა მეშვეობით დაიპყრობს და ეკლესიას ჭეშმარიტების სახელით უხელმძღვანელებს. ... რადგან ქვეყნიერების მაცხოვარი ქალწულისგან იშვა და ადამიანური ბუნებითა და თავისი ღვთაებრივი ძალით დაამხო მტრის ძლიერება; ისიც განიზრახავს მიიღოს მისი მოსვლის სახე და ჩვენს ცთუნებას შეუდგება. მაგრამ, უფალი, ვითარც საშინელი ელვა, ნათელმოსილი ღრუბლებით მოვა დედამიწაზე; მტარვალი კი არა - რადგან ის განდგომილია. მართლაც, შებილწული ქალწულისგან იშვება მისი იარაღი, თუმცა ეს მის განკაცებას როდი ნიშნავს; სრულიად ბილწი და მტარვალი მპარავივით მოვა, რათა ყველა აცთუნოს; იქნება მორჩილი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, უსამართლობის მტერი, კერპთა უარმყოფელი, ღვთისმოსაობის დამფასებელი, კეთილი, ღატაკთმოწყალე, უაღრესად კეთილსახოვანი და ყველას მიმართ ალერსიანი; ყველას მოყვარული, განსაკუთრებით კი იუდეველებისა, რადგან ისინი მის მოსვლას ელოდებიან" (Слово на пришествие Господне, на скончание мира и на пришествие антихристово (№7. Assemani)).

ღირ. იოანე დამასკელი (VII ს.): "მოციქული ამბობს: „ნურავინ გაცთუნებთ თქვენ ნურანაირი სახით, რადგან - თუ2 არ მოვა პირველად განდგომილება და არ გამოცხადდება ადამიანი ურჯულოებისა, ძე წარწყმედისა, წინააღმდგომი და ზეაღზევებული ყოველივე იმაზე, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ ითქმის, რადგან დაჯდება იგი ღვთის ტაძარში როგორც ღმერთი, წარმოაჩენს რა თავის თავს, რომ არის ღმერთი“ (2თეს. 2,3-4), ხოლო ეს „ტაძარი ღვთისა“ არის არა ჩვენი, არამედ ძველი, იუდაური, რადგან ჩვენთან კი არ მოვა იგი, არამედ იუდეველებთან, არა ქრისტეს გამო, არამედ ქრისტეს და ქრისტესეულთა წინააღმდეგ. ამიტომაც ითქმის იგი ანტიქრისტედ" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეცხრამეტე. ანტიქრისტეს შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/99.htm).
 
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "ღმერთად გამოაცხადებს თავს". არ უთქვამს, საკუთარ თავს ღმერთს უწოდებსო, არამედ - შეეცდებაო საკუთარი თავის ღმერთად წარმოჩენას. ის აღასრულებს დიდ საქმეებს და აჩვენებს საკვირველ სასწაულთ.
 
 
წმ. მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი (III ს.): "ყოველივე იქიდან, რაც იქნება ანტიქრისტეს დროს, ჩანს, რომ ის, როგორც განდგომილი და ყაჩაღი, ისურვებს, რათა მას პატივი მიეგოს, როგორც ღმერთს, და თავად მონა, მოინდომებს, რათა აღიარონ მეფედ. მიიღებს რა ეშმაკის მთელ ძალას, გამოჩნდება არა როგორც მართალი და სჯულიერი მეფე, არამედ, როგორც უკეთური, უსამართლო და უსჯულოს, როგორც ღმერთს განდგომილი, ბოროტმოქმედი და კაცის მკვლელი, როგორც ყაჩაღი, რომელიც საკუთარ თავში ეშმაკის განდგომილებას გაიმეორებს; ის გააუქმებს კერპებს, რათა ყველას ჩააგონოს, რომ თვითონ არის ღმერთი, მაგრამ საკუთარ თავს გააკერპებს და საკუთარ თავში ყველა ცდომილების მრავალგვაროვნობას შეკრებს, რომელიც ეკუთვნით სხვა კერპებს, რათა ისინი, ვინც სხვადასხვა სისაძაგლის მეშვეობით ეთაყვანებიან ეშმაკს, ამ კერპის მიერ მას ემსახურონ; მის შესახებ მოციქული თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ასე ბრძანებს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).
 
მოციქული ნათლად აჩვენბს მის ღმრთითგანდგომილებას, და რომ ის აღზევდება ყოველივეზე, რაც ღმერთად ან სათაყვანებელ არსად არის წოდებული, ანუ ყოველ კერპზეც, რადგან ადამიანები, რასაც ღმერთებს უწოდებენ, სულაც არ არიან ღმერთები, და რომ ის ტირანულად ეცდება საკუთაირ თავის ღმერთად წარმოჩენას. მეტიც, მოციქულმა გაგვიმხილა ისიც, რომ იერუსალიმში ტაძარი აგებული იყო ჭეშმარიტი ღმრთის განკარგულებით, რადგან თვით მოციქული არავის უწოდებდა ღმერთს, ჭეშმარიტი ღმრთის, ჩვენი უფლის მამის გარდა, რომლის განკარგულებითაც აიგო იერუსალიმის ტაძარი: მასში დაჯდება წინააღმდგომი, და ეცდება თავის წარმოჩენას მესიად, როგორც უფალი ამბობს: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" " (მათე 24:15-17, 21).
 
 
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.): ""ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად": ანუ, ანტიქრისტე კერპებს მოიძულებს, "ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება". რომელ ტაძარში? იუდეველთა დანგრეულ ტაძარში, და არა იმაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.
 
რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებდეთ. თუკი მას სურს მესიის სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს, მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა.
 
ხოლო ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც, მაცხოვრის თქმით, სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩება; ის ან თვითონ დაინგრევა სიძველისგან, ანდა დაანგრევენ იმ მიზნით, რათა ახალი ააშენონ, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზით აღიგვება პირისაგან მიწისა და მისი ქვები გაიფანტება.
 
მე ტაძარის შემოგარენზე კი არ ვამბობ, არამედ ტაძრის წმიდა წმიდათაზე, რომელშიაც ქერუბიმები იმყოფებოდნენ. სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე თავისი ცრუ სასწაულებით; ჯერ აღდგება ყოველგვარი კერპის წინააღმდეგ, პირმოთნეობით კაცთმოყვარებას გაითამაშებს, შემდეგ კი გამძვინვარდება, განსაკუთრებით აუმხედრდება ღვთის წმინდანებს, რადგანაც დანიელი ამბობს: "მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და ჯაბნიდა მათ" (დან. 7:21);
 
და კიდევ სხვა ადგილას: "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დან. 12:1). საშინელია ეს მხეცი, დიდი ურჩხული, კაცთაგან დაუძლეველი, რომელიც მზად არის, "ვინმე შთანთქას". მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა მოგვიწევს წმიდა წერილიდან, ამჯერად კი ჟამის სიმცირის გამო, ეს ვიკმაროთ" (წმ. კირილე იერუსალიმელი. მეთხუთმეტე კატექეტური სიტყვა. ანტიქრისტეს შესახებ. § 15).
 
 
ნეტ. თეოდორიტე კვირელი (IV ს.). "ნურავინ ნურანაირად გაცდუნებთ თქვენ". მოციქულმა უარყო საცდურთა ყველა სახე, რითაც, როგორც მათ, და მათი მეშვეობით ჩვენც, უფლის მოსვლის უდიდესი ნიშანი გვიჩვენა. "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს". "განდგომილება" უფალმა უწოდა თვით ანტიქრისტეს, რადგან ეს სახელი მას მისი საქმეებისამებრ მისცა; ის ხომ ეცდება ყველა ჭეშმარიტების უარყოფამდე მიიყვანოს. უწოდა მას "ურჯულოების კაცი" რადგან, ბუნებით ის კაცია, რომელიც მიიღებს ეშმაკის მთელ ძალას, ხოლო "წარწყმედის ძე" იმიტომ, რომ თვითონაც წარწყმდება, და სხვების წარწყმედის მიზეზიც შეიქნება, რადგან კაცთა წარმწყმედელი მიბაძავს ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის განკაცებას; როგორც უფალმა, რომელმაც მიიღო კაცობრივი ბუნება, და ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა, ასევე ისიც (ეშმაკიც - "აპოკ". რედ.), აირჩევს ისეთ ადამიანს, რომელსაც მისი მოქმედების მიღება შეეძლება და მისით ყველა ადამიანის შეცდენას დააპირებს, ამხელს ე. წ. ღმერთებს, რომელთაც თვითონ უჭერდა მხარს გასულ საუკუნეებში, საკუთარ თავს კი მესიად და ღმერთად გამოაცხადებს.
 
ხოლო "ღმრთის ეკლესიას" მოციქული უწოდებს ტაძარს, რომელსაც ანტიქრისტე მიიტაცებს და დაჯდება, რათა ღმერთად გამოაცხადოს თავი. ეს იუწყა ღვთაებრივმა დანიელმაც, როდესაც თქვა: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, ... სამაგიეროდ თავის ადგილას ღმერთ მაუზნის განადიდებს" (ძვ. ქართ.: "ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს..." – "აპოკ." რედ.) (დანიელი 11:37-38), ანუ საკუთარ თავს მტკიცე ღმერთად წარმოაჩენს. შემდეგ მოციქული, გვამცნობს რა, რომ აძლევს მათ არა ახალ სწავლებას, ამატებს: "ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?" (2 თესალონიკ. 2:5).


ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელ(XI - XII სს). ""წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად". ის არ აიძულებს ვინმეს კერპთაყვანისმცემლობას, პირიქით, უარყოფს ყველა ღმერთს და მათი თაყვანისცემის ყველა საგანს, ან კერპებს, და მხოლოდ საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად. "ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). არ არის ნათქვამი: საკუთრივ იერუსალიმის ტაძარში, არამედ უბრალოდ: ტაძარში, ღმრთის ნებისმიერ ტაძარში. "ღმერთად გამოაცხადებს თავს". მოციქულს არ უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს ღმერთს უწოდებსო, არამედ ის, რომ შეეცდება თავი ღმერთად მოაჩვენოს ყველას, რამეთუ დიდ საქმეებს მოიმოქმედებს და ყოველთა შესაცდენად ნიშებსა და სასწაულებსაც აჩვენებს" (სამოციქულოს განმარტება. 2 თესალონიკ. 2:4).

წყარო: https://spzh.news/ru/zashhita-very/80067-arabo-izrailyskij-konflikt-i-prorochestva-o-tretyjem-khrame

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023. თებერვალი.
Назад к содержимому