Перейти к контенту

ანტიქრისტე - დღეს იძლევიან თუ არა "ანტიქრისტეს ბეჭედს"? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
დღეს იძლევიან თუ არა ანტიქრისტეს ბეჭედს?
ანტიქრისტეს ნიშანი
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან მრავალს აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიცაა შტრიხ-კოდები, ჩიპიანი პასპორტები, საგადასახადო ნომრები და სხვა. ამ თემას მრავალი სტატია და წიგნი მიეძღვნა, რომლებშიც გადმოცემულია ავტორთა განსხვავებული ხედვები. რადგან მოცემული პრობლემა არსებობს საქართველოშიც, გადავწყვიტეთ შეგვერჩია ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო ნაშრომები და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი დიაკვნის, ანდრია კურაევის ნაშრომის "იძლევიან თუ არა დღეს "ანტიქრისტეს ბეჭედს"?" პირველ თავს, რომელიც ჩვენთვის და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის საინტერესო საკითხებს ეხება. ა. კურაევის წიგნიდან გთავაზობთ პირველი თავის შემდეგ ქვეთავებს:


1. რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

2. არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდში?

3. არის თუ არა "მხეცის რიცხვი" საგადასახადო ნომერში?

4. ართმევს თუ არა "ნომერი" სახელს?

5. ვნებს თუ არა მართლმადიდებელ ქრისტიანს "შემოგდებული" უწმინდურობანი?

6. როგორ ვიცნოთ ანტიქრისტე?

7. ვინ და ვის მისცემს "მხეცის ბეჭედს"?

8. რა არის "მხეცის ბეჭედი"?

9. ნიშნავს თუ არა ისნ-ის მიღება ანტიქრისტეს რწმენასთან დათანხმებას?

10. რატომ არ კითხულობენ ტაძარში აპოკალიფსისს?

11. ართმევს თუ არა კომპიუტერი თავისუფლებას?

12. არის თუ არ ცოდვა ისნ-ის მიღება?
ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი.

ისნ (ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი. რუს. ИНН – "აპოკ." რედ.) - არის აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთ სიახლეს და, რომელიც მრავალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება - გააფთრებულ დისკუსიებს იწვევს; ამ თემას ჰყავს მრავალი მომხრეც და მოწინააღმდეგეც, მან ძლიერი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის. ყოველდღიური სამსახურეობრივი სფეროებიდან ისნ-ის თემა სულიერი ცხოვრების რეალიებში გადავიდა და ავისმომასწავებელი აზრი მიიღო.

• არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდებსა და საგადასახადო ნომრებში?

• არის თუ არა საშიში ქრისტიანთათვის სახელმწიფო რეგისტრაცია?

• არის თუ არა ცოდვა ისნ-ის მიღება?

ამ და სხვა კითხვებს პასუხობს წიგნი, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით წარმოადგენს სერიოზულ საღვთისმეტყველო დასკვნებს.

ღმერთმა აკურთხოს ყველა ისმინოს და მართებულად შეაფასოს წიგნში მოცემული ყველა არგუმენტი, მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე, მოიხვეჭოს მორჩილების სული ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიასთან ერთად.


1. რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

რომელიღაც სახელმწიფომ გადაწყვიტა მკაცრად გააკონტროლოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება. მიანიჭა რა საკუთარ თავს სასტიკი მბრძანებლის სახე, რომელსაც სურს მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის შემოღება თავის სამფლობელოებში, მან თავისი მოქალაქეების "დათვლა და სახელების შერქმევა" დაიწყო.

აიღებს სახელმწიფო ვინმე მოქალაქე პეტრე ლისენკოს (სახელი და გვარი პირობითია - "აპოკ." რედ.), რომელიც აღრიცხული ჰყავს და ამცნებს: "დღეიდან მე შენ გიწოდებ: "საიდენტიფიკაციო ნომერს 482794456719". და დღეიდან, ყოველთვის, როდესაც ის, ვინც ოდესღაც იყო პეტრე ლისენკო, რაიმე ურთიერთობაში შესვლას დააპირებს მშობლიურ სახელმწიფოსთან, ვალდებული იქნება ახსენოს ნომერი, რომელიც მას სახელმწიფომ უბოძა, და სანამ შენ სრულად არ წარდგები მის წინაშე და არ ამცნებ შენს ციფრულ ზედწოდებას, სახელმწიფო გამორთული ვიდეოკამერის უქმე თვალივით ზედაც არ შემოგხედავს.  ამიერიდან სახელმწიფოსთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა რა შეგარქვა საკუთარმა დედამ; მას სულაც არ აინტერესებს რა სახელი გიწოდა ეკლესიამ ნათლისღების საიდუმლოში; დღეიდან სახელმწიფოსთვის შეფუთული ხარ ისე, როგორც ეს მოხერხებულია კომპიუტერული მანქანისთვის.

მრავალმა იგრძნო როგორი ახალი და შემაძრწუნებელი სიცივე შემოიჭრა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში. ყურადღებას ძაბავს ცნობა იმის შესახებაც, რომ ადამიანს ამიერიდან მიანიჭებენ არა 12 ციფრიან, არამედ 15 ციფრიან ნომერს. თურმე, კომპიუტერული შტრიხ-კოდის სახით ამ საგადასახადო ნომრის (საიდენტიფიკაციო კოდის) ჩაწერის დროს ეს 12 ციფრი სამი ხაზის დახმარებით იყოფა სამ ჯგუფად, სადაც ყოველი ჯგუფის გამყოფი ხაზი ისეა დახაზული, რომ გრაფიკულად არაფრით განსხვავდება იმ ჯგუფის ხაზისგან, რომლის რიცხვი აღნიშნავს ექვსს. მაშასადამე, ყოველი კოდი თავის თავში შეიცავს სამმაგ მინიშნებას ციფრ 6-ზე. ციფრების ამგვარი შეხამება კი უკვე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კომპიუტერულ-მათემატიკური პირობითობა. შედგენილი ექვსიანები (666) მიეკუთვნება არა მარტო და არა იმდენად მათემატიკას, რამდენადაც რელიგიას. უკვე ორი ათასი წელია ადამიანები ელიან, როდის შემოვა მათ ისტორიაში სწორედ ეს რიცხვი ("ანტიქრისტეს ბეჭედი"), რომელიც ისტორიის უკანასკნელი ჟამის დადგომის ნიშანი აღმოჩნდება.

და აი, აღმოჩნდა, რომ თითქოსდა დამოუკიდებელ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში პრაქტიკულად ერთდროულად გაიღვიძა ერთმა და იმავე სურვილმა: მოლდავეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ, ბელორუსიამ, რუსეთმა ისურვეს თავიანთი მოქალაქეები გადაეყვანათ კომპიუტერულ ენაზე. თანაც ისე, რომ ამ სახელს თითქოსდა მიემატება სამი ექვსიანი.

ადამიანების სინდისი შეშფოთდა: "სახელმწიფო ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას გვაიძულებს!" ზოგიერთმა მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც საგადასახადო ნომრიან სახელმწიფო დოკუმენტებს აიღებს, მით უარყოფს ქრისტეს და ამიტომაც ვეღარ ჩაითვლება ქრისტიანად, მაშასადამე, შეუძლებელია მისი დაშვება საეკლესიო საიდუმლოებებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ სხვა მქადაგებლებიც, რომლებმაც თქვეს, რომ არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება და ამიტომაც შეიძლება "სამი ექვსიანის" მქონე დოკუმენტების მიღება ყოველგვარი შეშფოთების გარეშე.

მაშ, როგორი შეიძლება იყოს სინამდვილეში საგადასახადო ნომრის გავლენა ადამიანის სულზე? მოდი ვცადოთ ამ საკითხში გარკვევა რაც შეიძლება მშვიდად.

უცნაური სიჯიუტე გადახაზო და დააუჯრედო ჩვენი ცხოვრება (თანაც სიმბოლოების დახმარებით, რომლებიც ექვსიანებს წააგავს), რა თქმა უნდა, დაბნეულობას და ქრისტიანთა წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ ნებისმიერ წინააღმდეგობაში აუცილებელია მკაფიოთ იქნას განსაზღვრული: საიდან მომდინარეობს საშიშროება, რაში მდგომარეობს იგი, ასევე განისაზღვროს საშიშროების თავიდან აცილების თანმიმდევრობა, თუ ის რამოდენიმე წყაროდან მოდის.


ჩვენი არგუმენტების მოსმენა თუ არ სურთ - მითუმეტეს უფრო ფრთხილნი და აწონ-დაწონილნი უნდა ვიყოთ არგუმენტების შერჩევისას, რათა არავინ შეძლოს მათი დაცინვა (1),ჩვენ კი მათ გამო პანიკიორები გვიწოდონ.


__________________

1. სასაცილოა არგუმენტი, რომ თითქოსდა "საიდენტიფიკაციო კოდი - ეს არის ფიზიკური პირის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი - ეს არის უსულო სხეული!" (გაზეთ "Жизнь вечная" მასალებისგან შედგენილი ფურცლებიდან). თუკი ამ სიტყვათშეხამებას იურიდიული ენიდან საღვთისმეტყველო ენაზე გადავთარგმნით, ზუსტად არავითარი მკრეხელობა აქ არ აღმოჩნდება: სიტყვა "ფიზიკური" - მომდინარეობს ბერძნულიდან "ფიუსის" - ბუნება; ხოლო "პირი" - ბერძნულად გამოითქმის როგორც პროსოპონ ან იპოსტასი. ასე რომ, ბუკვალურად სიტყვათშეხამება "ფიზიკური პირი", ნიშნავს პირს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ არსებას ან ატარებს რაიმე ბუნებას. მამა, ძე და სულიწმიდა არიან საღმრთო ბუნების პირნი, ხოლო ადამიანები - ადამიანური ბუნების პირნი...

__________________

ამიტომც ღირს გავერკვეთ იმ არგუმენტებში, რომლებიც უკვე გამოთქმულია სრულიად ბუნებრივი ქრისტიანული დაპირისპირების პროცეში ტოტალური "კოდიფიკაციის" წინააღმდეგ, და ვნახოთ, რამდენი მათგანია აღმოცენებული შეცბუნებულობისგან, მიკერძოებულობისგან ან დაბნეულობისგან, და რამდენი არგუმენტია მართლაც შინაარსიანი და კარგი, რომელიც უფრო გასაგებს ხდის ჩვენს პოზიციას "გარეშეთათვის", და უფრო შეესაბამება თვით მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციას.

"ნომრების" ირგვლივ ატეხილი პოლემიკა საკმაოდ ჭკუის სასწავლია. თავიდან ყველა საეკლესიო ადამიანის დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიური იყო. მაგრამ პირველივე მცდელობა შეგნებულ ყოფილიყო მიმდინარე პროცესი და გამომუშავებულ ყოფილიყო მოფიქრებული რეაქცია პირდაპირ გაქელილ იქნა ლოზუნგებით "ანტიქრისტეს ბეჭდის" შესახებ. არავინ უწყის საიდან წარმოიშვა ეს ვარაუდი, რომელიც თავიდან დასანან პოლემიკურ გადაჭარბებად ჩანდა და, რომელზეც არ ღირდა ყურადღების გამახვილება. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს შეძახილები საერთოდ ბლოკავენ ხელისუფლებასთან საღი დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას (ან შეურაცხადი ხულიგნების იარლიყს გვაკერებენ). მეტიც, "ნომრების" ისტერიულმა გაიგივებამ "ანტიქრისტეს ბეჭედთან" სწრაფად დაიწყო შიდასაეკლესიო ერთობის ღრღნა და ადამიანები განხეთქილებისკენ წააქეზა. და აი უკვე პატრიარქ ალექსი II-ის ბოლო მიმართვაში ისნ-თან, "გლობალიზაციასთან" და "ხელისუფლებასთან" დაპირისპირების თემა საერთო არ ისმის, სამაგიეროდ "ნომრების" წინააღმდეგ გამოსულ მებრძოლთა მიმართ მძაფრი სიტყვები გაისმის...

დიალოგებმა "საგადასახადო ნომრების" გარშემო აჩვენა, რომ საეკლესიო გარემოშიც კი იქმნება ზოგჯერ ისეთი ვითარება, რომელიც ჩვენთვის ცნობილია საერო ყოფიერებიდან და ისტორიიდან. იყვნენ თუ არა ბოლშევიკები სახალხო განწყობის გამომხატველნი თვით რევოლუციის დაწყების წინ? - არა. მაგრამ, ისინი ბევრს ხმაურობდნენ და სხვაზე უფრო მეტად იყვნენ მონდომებულები. მათი ოპონენტები საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ საშუალებებში და საკმაოდ დარწმუნებულნი იყვნენ ცხოვრების ტრადიციული წესის საფუძვლიანობასა და შეურყეველობაში იმისთვის, რომ კომუნისტ აგიტატორებთან შესულიყვნენ სერიოზულ პოლემიკაში. დღეს იგივეს ვხედავთ ვინმე ფომენკოს "აღმოჩენებთან" დაკავშირებით. მისი წიგნები "ახალ ქრონოლოგიებზე" უზარმაზარი ტირაჟებით გამოდის და ყოველი ქუჩის კუთხეში იყიდება. მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მეცნიერება მათზე არანაირად რეაგირებდა. სერიოზული ისტორიკოსები თავიანთი ღირსების დაკნინებად მიიჩნევდნენ ბულვარული "მეცნიერების" კრიტიკას. მაგრამ ობივატელის ცნობიერებაში ეს ნიშნავდა, რომ ფომენკომ ყველას ხმა გააკმენდინა, რომ თვით მეცნიერებათა აკადემიასაც კი არაფერი აქვს სათქმელი მისი არგუმენტების საპასუხოდ... მოკლედ, ხულიგანი ყოველთვის ხმაურობს და ჩვეულებრივ ინტელიგენტ ადამიანზე უფრო შესამჩნევია.

ერთი, "საკუთარი იდეით" შეპყრობილი ადამიანი, ყოველთვის უფრო აქტიურია ტრადიციული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მიმდევარ ას ადამიანზე; და აი, ისინიც, ვინც საგადასახადო ნომერში და შტრიხ-კოდში "ანტიქრისტეს ბეჭედი" მოიაზრა, ისე მიზანსწრაფულად მოწყდნენ თავიანთ ადგილებს და გადაეშვნენ პრესისა და ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში, რომ ყველას მოეჩვენა, თითქოსდა მათი შეხედულება ერთადერთი შესაძლო აზრია ქრისტიანისთვის.

ჩემს მოგზაურობებში ეპარქიებს შორის, სასულიერო პირებთან და საეკლესიო ადამიანებთან შეხვედრებში ყოველთვის გაკვირვებული ვრჩებოდი: როგორ არ წააგავს რეალური საეკლესიო რუსეთი მის იმ სახეს, რომელსაც ქმნის მოსკოვის ვითომ რელიგიური პრესა და ინტერნეტი. ამ უკანასკნელთ თუ დავუჯერებთ, ინდივიდუალური საგადასახადო ნომრის გარდა, სხვა პრობლემები საერთოდ არ გვაქვს. ამ უკანასკნელთ თუ ვენდობით, მთელი "ეკლესია" (პატრიარქიდან მოყოლებული მხცოვნებით დამთავრებული) - გადაჭრით მოუწოდებს თითიც კი არ შეახონ ინდივიდუალურ საგადასახადო ნომრებს, ხოლო დიაკვანი ანდრია კურაევი კადნიერად ირწმუნება საწინააღმდეგოს.

მაგრამ სასულიერო პირთა ეპარქიალურ შეკრებებზე სურათი სულ სხვანაირი იყო: ერთი-ორი აქტივისტი, რომელიც კოპებშეკრული ებრძოდა "ანტიქრისტეს ბეჭედს" დაშტამპულ დოკუმენტებში, უფრო ხშირად იწვევდა არა იმდენად პოლემიკას ყველა დანარჩენ მღვდელთაგან, არამედ დაღლილობას და გაღიზიანებას... მღვდელმთავართა, მღვდელთა და ბერ-მონაზონთა რეალური შეხედულებები საკმაოდ განსხვავებული იყო იმისგან, რაც შეიძლებოდა გვეფიქრა, მოსკოვის ორიოდ გაზეთი ერთადერთი წყარო რომ ყოფილიყო ეკლესიის განწყობის შესახებ.

და მაინც, დისპროპორცია აშკარა იყო: ოფიციალური საეკლესიო გამოცემები უბრალოდ გაურბოდნენ ამ თემას და შემოიფარგლებოდნენ 2000 წლის 7 მარტის სინოდის ეპისტოლეთი (იხ. თავი "ოფიციალური საეკლესიო წყაროები ისნ-ის შესახებ"). საღად მოაზროვნე ადამიანს ყოველთვის ეჩვენება, რომ საკმარისია ჭეშარიტება ითქვას ერთხელ და შემდეგ უკვე აღარ არის საჭირო ღია კარების მტვრევა. სულ სხვა განწყობა აქვს "პროპაგანდისტს". საერთო ჯამში საეკლესიო ცხოვრება მივიდა იმ ზღვრამდე, რომლის იქით ამოძრავდნენ განხეთქილების აჩრდილები.

მინდა აღვნიშნო, რომ წინამდებარე გამოკვლევაში არგუმენტები მოძიებულია ჩემს მიერ, მაგრამ დასკვნები - ზოგადეკლესიურია. ის, რომ მე გავბედე დამეწერა წიგნი ესოდენ პოლემიკურ თემაზე, არ ნიშნავს, თითქოსდა მე ისეთი დიდი წარმოდგენისა ვარ საკუთარ თავზე, რომ არ შემიძლია არ გამოვთქვა საკუთარი სიტყვა გახურებულ დისკუსიაში. პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ არ ვენდობი საკუთარ თავს და საკუთარ შედებულებებს, - მუდმივად ვადარებდი ჩემს "რეაქციებს" მრავალთა რჩევებთან (განსაკუთრებით წინა საუკუნეების წმიდა მამებთან და ასევე დღევანდელი ეკლესიური ადამიანების შეხედულებებთან)...

დავამ "ნომრების" გარშემო კვლავ დააყენა საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემა: ადამიანებს არ ესმით - რა მიიჩნიონ "ეკლესიის ხმად". პატრიარქის და ეპისკოპატის მსჯელობა? კანონიკური გადმოცემა ამტკიცებს, რომ დიახ. მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საეკლესიო გადმოცემების დამცველებად მოაქვთ თავი, საჭიროდ თვლიან უარყონ საეკლესიო გადმოცემის ეს კანონიკური ნაწილი. მხცოვანთა ხმა? - ამ საკითხში მათი აზრი გაიყო.

მაშ, რატომ მიმაჩნია, რომ ის დასკვნები, რომლებიც დასაბუთებულია ამ წიგნში, წარმოადგენს სწორედ ეკლესიის მსჯელობას?

დიახ, მე ვიცი, რომ ზოგიერთ პატივსაცემ სასულიერო პირს და მოძღვარს უფრო საგანგაშო დამოკიდებულება აქვს "ნომრებთან" (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავიანთ ამ განგაშს ისინი გამოთქვამენ მხოლოდ ზოგიერთ სულიერ შვილთან საუბარში, და არანაირად საჯაროდ). მაგრამ მათი შეხედულება არ შეიძლება არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინი) მსჯელობაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. პლიუს ამას კიდევ ის, რომ იოანეს მხარეს არის პატრიარქისა და სინოდის, ასევე ეპისკოპოსთა უმრავლესობის ხმა. ამავე თეფშზე დებენ თავიანთ ხმას სასულიერო სკოლები და ღვთისმეტყველები (როგორც ეს აჩვენა სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის პლენუმმა, რომელზეც არავინ ღვთისმეტყველთაგან არ ამტკიცებდა "კოდების" სულიერ მავნეობას). ასე რომ ის დასკვნა, რომელსაც მე ამ წიგნში ვასაბუთებ (ნომრების მიღება არანაირად არ არის ცოდვა), - სწორედ საეკლესიო დასკვნაა, და არა მხოლოდ ჩემი კერძო შეხედულება.

ეს წიგნი, რაც გინდ უცნაური იყოს, ბევრ ადამიანს დაამწუხრებს. მე ხომ იმის დამტკიცებას ვაპირებ, რომ ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი (რუს.: ИНН – "აპოკ". რედ.) – არ არის "მხეცის ბეჭედი", რომ პუტინი - სულაც არ არის ანტიქრისტე და, რომ დღეს ჯერ კიდევ არ დამდგარა ბოლო დროება... თითქოსდა ადამიანებს უნდა უხაროდეთ, როდესაც ესმით, რომ უკანასკნელი შიშის საგანი ჯერაც შორსაა. მაგრამ არც ისე იშვიათად ვხედავ, თუ როგორ მუქდება ისნ-ის მავნეობის მიმღებ ადამიანთა პირისახე, როდესაც ეს ესმით. მათ ხომ საყვარელ ჩხრიალას ართმევენ...

არადა, საკუთარ თავზე მახსოვს, როდესაც პირველად მესმა "შტრიხ-კოდებისდა" და "მიკროჩიპების" შესახებ (ბუნებრივია, აპოკალიპტური მსჯელობების კონტექსტში) - რაც გინდ უცნაური იყოს, გამიხარდა. აქ უცებ რამოდენიმე კომპლექსი ამოქმედდა.

პირველი, ეს არის საერო ბიჭუნას კომპლექსი: "ეჰ, გვიან დავიბადეთ! უკვე არც ომებია, არც რევოლუციები! ვერსად ჩაიდენ გმირობას!". შენ კი გეუბნებიან: აი ახლა, შენს დროში, შენი თანდასწრებით გათამაშდება მსოფლიო ისტორიის უმთავრესი მოვლენები. შენ, პირადად ნახავ ანტიქრისტესაც და ქრისტესაც, ილიასაც და ენოქსაც...

მეორე, ნეოფიტის კომპლექსი, რომელიც თვითონ ჯერაც მუდმივად დავობს თავის ძველ ურწმუნო მეგობრებთან და თავის ადრინდელ რწმენებთანაც: აი, ახლა ყველანი იხილავენ, რომ მართალი ვიყავი, ყველა დაინახავს ჩემი ახალი რწმენის დადასტურებას - ის მოვლენები, ის სასწაულები, რომლებზეც მსჯელობს ბიბლიის ბოლო ფურცლები.

მესამე, ტელემაყურებლის კომპლექსი: ნახავ საშინელებას, მაგრამ არ დაზიანდები.

და, გეჩვენება, რომ კვლავ ხორციელდება ის, რაც დიდი ხანია შემჩნეული აქვთ ფილოსოფოსებს: რუსი კაცისთვის უფრო ადვილია კარგად მოკვდეს, ვიდრე კარგად იცხოვროს. ადვილია ერთხელ და ბოლომდე შეასრულო შენი მოვალეობა, ვიდრე ასრულო იგი ყოველდღიურ ღვაწლში... და აი, რაოდენ ხელსაყრელი შემთხვევა გეძლევა: თამამად მიაფურთხე სახეში ანტიქრისტეს (იმ საქონლის გაყიდვის გაპროტესტებით, რომლებზეც შტრიხ-კოდებია) და აგარაკზე რამოდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ სამოთხეში ახვალ...

მოკლედ, - მრავალი "გრძნობა" იყო ჩადებული "შტრიხ-კოდებზე" ამგვარი ადამიანების რეაქციაში. ახლა კი მოდი ვცადოთ გავიხსენოთ, რომ სიტყვებს "თეოლოგია" და "ლოგიკა" ერთი ფუძე გააჩნიათ. მოდი ვცადოთ ჩვენი ემოციები შევათანხმოთ წმიდა წერილის სიტყვებთან, საეკლესიო გადმოცემასთან, იმ ადამიანების მსჯელობასთან, ვისაც უფალმა მიანდო მისი ეკლესიის გაძღოლა ათასწლეულების საზღვრებს მიღმა, და ასევე გონიერების ხმასთან.


2. არის თუ არა "მხეცის რიცხვი" შტრიხ-კოდში?
 
 ამ კითხვაზე პასუხი გაურკვეველია.
 
კომპიუტერული ტექნიკის ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ არის; სხვები კი უარყოფენ. სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის ექსპერტული დასკვნები, რომელიც წარმოადგინა არქიმანდრიტმა ტიხონმა (შევკუნოვი), ამტკიცებენ, რომ კომპიუტერი ვერ ხედავს რიცხვ 666-ს შტრიხ კოდში (2).
 
__________________
 
2. მირქმის მონასტრის ინტერნეტ-საიტზე ჩატარდა ღია დისკუსია, რომლის შედეგად მივიღეთ მტკიცე ექსპერტული განმარტება იმის შესახებ, რომ შტრიხ-კოდი EAN-13 თუმც არ შეიცავს ელექტრონული სახით რიცხვ 666-ს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სამ ექვსიანს, რადგან მანქანა არ კითხულობს გრძელ გამყოფ ხაზებს, როგორც 666-ს, მაგრამ ვიზუალურად, იმ ადამიანისთვის, ვინც იცის მანქანის ენა, ეს პარალელური ხაზები სწორედ ციფრ 6-თან ასოცირდება" (http://www.pravoslavie.ru/sobytia/sbk-inn/tihon.htm) .
 
__________________
 
ყველაფერი, რაც კი ამ წიგნში ითქმება შტრიხ-კოდებზე, მომდინარეობს იმ ვარაუდიდან, რომ მათში მართლაცდა არის ავადსახსენებელი ანტიქრისტეს რიცხვი (666). სხვაგვარად ეს პრობლემა საერთოდ მოაკლდება საღვთისმეტყველო განზომილებას და, უბრალოდ, განსახილველად ადამიანისა და მომხმარებელთა უფლებების კომიტეტს უნდა გადაეცეს.
 
ყოველ შემთხვევაში, შტრიხ-კოდში არსებული ექვსიანების საკითხთან დაკავშირებული შეცდომა ეს არის შეცდომა მათემატიკაში და არა ღვთისმეტყველებაში, მათემატიკაში, და არა სულიერ ცხოვრებაში. ამიტომაც აქ შეცდომის დაშვება საშიში არ არის.
 
ცუდია ის, რომ ეკლესიურმა ადამიანებმა, ამდენს რომ იღვწიან შტრიხ-კოდებში ექვსიანთა არსებობის დასამტკიცებლად, ემოციური რეაქცია რაციონალურ ანალიზზე მაღლა დააყენეს. ჯერ მოდის - პროტესტის წერილები და ხმამაღალი განცხადებები, და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰყვება მას - სპეციალისტებთან დაკავშირების პირველი მცდელობები (3).
 
__________________
 
3. მაგალითად, გაირკვა, რომ შტრიხ-კოდური ნიშანს ინდივიდუალური საგადასახადო ნომრის (რუს. ИНН. შემდეგში - ისნ. – "აპოკ." რედ.) მინიჭების განაცხადის ბლანკზე არაფერი აკავშირებს არც იმ ინფორმაციასთან, რაც მოცემულია თვით ამ განცხადებაში, არც განმცხადებლის სახელთან და არც მის მომავალ ისნ-სთან. ეს არის მხოლოდ თვით ფურცლის კოდი, უფრო ზუსტად - იმ "ფორმისა", რომელსაც ის ეხება (ფორმა 12-2-2), და ამიტომაც ეს შტრიხ-კოდი ერთნაირია ყველა განაცხადზე - რამდენი მილიონიც გინდ იყოს ის დაბეჭდილი და შევსებული. სხვა დანიშნულების "ფორმათა" ბლანკებს ექნებათ სხვა შტრიხ-კოდები. ასეთ შემთხვევაში კი არავითარი განსხვავება არ არის კონსერვირებული ქილის ყიდვასა იმ ბლანკის შევსებას შორის, რომელიც აღნიშნულია მისთვის დამახასიათებელი შტრიხ-კოდით, რადგან ყოველ ნივთს მისთვის დამახასიათებელი შტრიხ-კოდი აქვს მინიჭებული. თავად შტრიხ-კოდი თუ იწვევს შეშფოთებას, მაშინ უკვე შეუძლებელი ხდება რაიმე სახის ფინანსური, საბანკო და სხვა დოკუმენტებზე ხელის მოწერა, რადგან ყველა მათგანს ახლავს თავისი შტრიხ-კოდი...
 
__________________
   
მეტიც, დღემდე არც ჩატარებულა არც ერთი "მრგვალი მაგიდა" საერო მათემატიკოსთა მოწვევით. თუკი საკითხი ასე მნიშვნელოვანია და დისკუსიურია (საგადასახადო სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ექვსიანების არსებობას შტრიხ-კოდებში) - მაშინ ღირს მოეწყოს სერიოზული და ერთობლივი ანალიზი, რომელშიც მოდავეთა ყოველი ნაბიჯი გადამოწმებული და განხილული იქნება. მაგრამ ეს არ მომხდარა. "ჩვენმა სპეციალისტებმა" (4), რომლებმაც "დაამტკიცეს" გამყოფი შტრიხებისა და ექვსიანების იდენტურობა, იციან, რომ თვით ამ პროგრამის შემქმნელი სხვაგვარად ფიქრობს (5), - მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვის მიერ შექმნილ პროგრამას თავისებურად განმარტავენ...
 
__________________
 
4. მაგალითად, "ვიმედოვნებ, თქვენ არ გეეჭვებათ ჩვენი ექსპერტის გამოცდილება? - არა, რას ამბობთ! მე მწამს, რომ ის გამოცდილია, და მწამს, რომ ის თქვენია" (Г.К.Честертон. Неожиданная удача Оуэна Гуда // Избранные произведения. М., 1994, т. 3, с. 26).
 
5. "ამერიკელი ჯ. ლორერი (G. J. Laurer), მოცემული სიმბოლიზმის ავტორი, ასევე ბ-ნი ვ. კოროსტელევი, ავტომატური იდენტიფიკაციის ელექტრონულ სისტემათა ასოციაციის დირექტორი, მასთან ერთად საკითხის არსში ვერ გარკვეული დიაკვანი ანდრია კურაევი, ამტკიცებენ, რომ შტრიხ-კოდებში რიცხვი 666 არ არსებობს" (Ахрамеев В., Башкиров И. ИНН – действительно путь в преисподнюю. Наши специалисты доказали наличие трех шестерок в штрих-коде // Русский вестник. 2000, №№ 37-38.) Статья, доказывающая нетождественность разделительных линий “шестеркам” — http://orthodoxy.newmail.ru/apostasia/zarubin.htm.
 
__________________
   
შედეგად ექვსიანების არსებობის საკითხი შტრიხ-კოდებში ჯერაც რწმენის საგნად რჩება (თანაც ის, ვინც უარყოფს მათემატიკურ ჰიპოთეზას ამ ხაზებისა და ექვსიანების იგივეობის შესახებ, მათგან, ვისაც შტრიხ-კოდებში ექვსიანების არსებობა სწამს, უკვე ბრალდებული ხდება მართლმადიდებლობისგან განდგომაში!..).
 
თუმცა, შტრიხ-კოდებში ექვსიანები რომც იყოს, მაშინაც კი არ იქნება მათში რიცხვი 666. რადგან აქ გვაქვს უბრალოდ სამი განცალკევებული ციფრი 6. თუ მე მიყოლებით დავწერ ციფრებს 1234567890 - ეს არ ნიშნავს, რომ მე დავწერე რიცხვი 150 (თუმცა ამ რიცხვის ყველა კომპონენტი, ანუ ყველა ციფრი, რომელთა დახმარებითაც აღინიშნება ეს რიცხვი, ჩემ მიერ დაწერილ ციფრთა რიგში არსებობს).
 
ზუსტად ასევე ციფრთა კრებულში 601234567890126 არ არის რიცხვი 666 (თუმცა ამ რიცხვის კომპონენტები აქ არსებობს). მოდი, ხმამაღლა წარმოთქვით დაწერილი რიცხვი. ეს იქნება - "ექვსას ერთი ტრილიონ ორას ოცდათოთხმეტი მილიარდ ხუთას სამოცდა შვიდი მილიონ რვაას ოთხმოცდა ათი ათას ას ოცდა ექვსი". ახლა რას იტყვით? - წააგავს ეს "ექვსას სამოცდა ექვსს"?
 
ასევე, როგორც ადამიანი, რომელიც იყენებს სიტყვას "რაისობესი", სინამდვილეში არ ახსენებს ეშმაკებს (რუს. "ბეს" - ეშმაკი"), და არ მოუწოდებს მათ, ასევე კაციც, რომელიც ადგენს შტრიხ-კოდებს თუნდაც ციფრ ექვსის სამჯერადი გამოყენებით, სინამდვილეში არ იყენებს რიცხვს 666-ს.
 
კომპიუტერი შტრიხ-კოდების გამყოფ ხაზებში რომც ხედავდეს სამ ექვსიანს, მას არ შეუძლია მათი შეთავსება - ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში ხაზების თითოეულ ნაკრებს ის ჩვეულებრივ ექვსიანად ჩათვლის. კომპიუტერი განაპირა შემზღუდავ ხაზებში ექვსიანებს თუ ხედავს, მას არ შეუძლია უბრალოდ ამოაგდოს ყველა ციფრი, რომლებიც მათ შორის (ანუ ამ ექვსიანებს შორის) არის მოთავსებული. და, მაშასადამე, ის ხედავს ასეთ სურათს 612345767543216. არსებობს ერთი ციფრი 6, არსებობს მეორე ციფრი 6, და არსებობს მესამე ციფრი 6. მაგრამ რიცხვი - 666 აქ არ არსებობს!
 
ასე რომ არსებითად, ისინი, ვინც შტრიხ-კოდში რიცხვ 666 ხედავს, უბრალოდ "გამოცნობანას" თამაშობენ - ცდილობენ შეადგინონ ახალი სიტყვა ასოებისგან (ელემენტებისგან), რომლებიც მოცემულია სრულიად სხვა სიტყვაში (როგორც მაგალითად, სიტყვაში "არქიმანდრიტი" თამაშობით შეიძლება ვიპოვოთ ან შევადგინოთ სიტყვა "მიტრა", სიტყვაში "ეკლესია" ვიპოვო "სია" ან შევადგინოთ "ეკალი" და ა. შ.).
 
გავიხსენოთ კიდევ, რომ საკუთრივ "ციფრი" დაწერილობას არ შეიცავს. არსებობს - ასოები: ხი-ქსი-ძეტა. საეკლესიო სლავურ თარგმანში ეს ასოებია хер-кси-зело. რიცხვი 666, დაწერილი არაბული ციფრებით, შედგება ერთნაირი კომპონენტებისგან (ექვსიანებისგან). მაგრამ წმიდა წერილის ბერძნულ ორიგინალში ასე როდია. აქ ყოველი ციფრი, რომელიც ამ რიცხვში შედის, სხვადასხვანაირად იწერება (6).
 
__________________
 
6. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. ჩ. კოზარჟევსკიმ ყურადღება მიაქცია იმას, რომ რიცხვ 666-ის ბერძნულ დაწერილობაში - χ ξ ζ ცენტრალური ასო "ქსი" მოხაზულობით წააგავს გველს, მაშინ როდესაც პირველი და ბოლო ასოები შეადგენენ ბერძნულ სახელს "ქრისტე" ("ხრისტოს"); შესაბამისად, ანტიქრისტე - ეს არის ის, ვინც თავს მოაჩვენებს ქრისტედ (Козаржевский А. Ч. Источниковедческие проблемы раннехристианской литературы. М., 1985, с. 87).
 
__________________
 
ფანტაზია, რომლის თანახმადაც "ელექტრონული ბეჭედი", თუკი ის დატანებული იქნება სხეულზე, სწორედ დღევანდელი შტრიხ-კოდის სახის იქნება, შეიძლება სულიერად საშიში აღმოჩნდეს. რადგან დღვანდელი შტრიხ-კოდი საკმაოდ პრიმიტიულია და მალე გადაივლის. ანტიქრისტეს ბეჭდის ასეთი ცალმხრივი განმარტება იმითაა საშიში, რომ თუკი მხეცის დაღი სხვანაირი იქნება (სხვა ტექნოლოგიითა და სხვაგვარი გარეგანი მოხაზულობით) - მაშინ ადამიანი, რომელმაც დღევანდელ ჭორებს დაუჯერა, მოტყუებული აღმოჩნდება.
 
გარდა ამისა, შტრიხ-კოდი შეუძლებელია იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი იმ მიზეზით, რომ მხეცის რიცხვი მასში, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე აშკარაა. ანტიქრისტეს დაღის აზრი იმაშია, რომ ყველამ - და თვით ადამიანმაც, მისმა ახალმა მეპატრონემ, ასევე მთელმა გარმომცველმა საზოგადოებამ, იცოდეს, თუ ეს საცოდავი ადამიანი ვის ემსახურება...
 
კარგი, დავუშვათ, რომ მართლაცდა ერთგვარმა სუპერდახვეწილმა პროგრამამ გამყოფი შტრიხები ერთ მთლიანობად გამოჰყო, შეაერთა და ყოველ მათგანს ციფრული მნიშვნელობა მიანიჭა, რომლის ერთობლიობა რიცხვ 666-ად იკითხება. თანაც ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ვერავინ, პროგრამის შემქმნელის გარდა, მის ამ თავისებურებებს ვერ ამჩნევს. დავუშვათ, ჩვენთვისაც ცნობილი გახდა, რომ ეს "ხრიკი" პროგრამის შემქმნელმა გაანდო ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც მან თავისი პროგრამა მიჰყიდა და, რომელმაც შემდეგ ეს პროგრამა მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის გამოიყენა.
 
აი აქ უკვე ჩნდება შტრიხ-კოდების საკითხის საღვთისმეტყველო განზომილება.
 
საღვთისმეტყველო მნიშვნელობა გააჩნია საკითხს არა იმის შესახებ, დამალულია თუ არა ექვსიანები შტრიხ-კოდში (მითუმეტეს, თუკი ისინი სწორედაც რომ დამალულია - მაშინ ქრისტიანი არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმისთვის, რომ მისგან გასაიდუმლოებული რაღაც აიღო). ღვთისმეტყველებისთვის მნიშვნელოვანია კითხვა - როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი სამყაროში, რომელშიც არაქრისტიანული და ანტიქრისტიანული სიმბოლიკა ყოველ ნაბიჯზე ხვდება?
 
ამრიგად, ყველაფერი შემდგომი დაიწერება იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ანტიქრისტიანული სიმბოლიკა არის (ან იქნება) ახალ სახელმწიფოებრივ დოკუმენტებშიც.
 
კიდევ ერთი ამოსავალი პირობა ამ წიგნის აგებულებისას გახლავთ ვარაუდი იმისა, რომ სახელმწიფო, სპეციალურად მორწმუნეებისთვის, ალტერნატიულ საგადასახადო აღრიცხვას და საქმის წარმოებას არ დაეთანხმება. რა იქნება, თუკი დიალოგი ეკლესიასა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის ამ თემაზე ჩიხში მოექცევა და "სოციალური ნომრები" სავალდებულო გახდება? ამის შესახებ - ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელებთ.
 
კვლავ გავიმეორებ: ბრძოლა ტოტალური ელექტრონული კონტროლის წინააღმდეგ - საჭიროა. მაგრამ ასევე საჭიროა ადრიდანვე დავფიქრდეთ იმაზე როგორ ვიყოთ, ჩვენი სამოქალაქო ბრძოლა სამოქალაქო გამარჯვებითვე თუ არ დასრულდა? როგორ ვიმოქმედოთ მაშინ, რათა სამოქალაქო და პოლიტიკური წარუმატებლობა სულიერ დამარცხებად არ შემოგვიბრუნდეს?
 
ამ საკითხის განხილვისას საჭიროა შევიგნოთ, რომ ის სხვადასხვა ურთიერთგადაჯაჭვული ქვესაკითხებისგან შედგება, ესენია: ქრისტიანის დამოკიდებულება ახალი მსოფლიო წესრიგისადმი, რომლის დროსაც ჩვენ უნივერსალური სახელმწიფოს მოქალაქეები ვხდებით; ქრისტიანის დამოკიდებულება ახალი კომპიუტერული ცივილიზაციისადმი მისი ელექტრონული დოსიეებითა და დოკუმენტებითურთ; შტრიხ-კოდების სიმბოლიზმსა და ქრისტიანთა მხრიდან იმ საგნებთან ურთიერთობაზე, რომლებიც შტრიხ-კოდებით არიან აღბეჭდილნი; დასაშვებია თუ არა საგადასახადო ნომერი და სხვა.


3. არის თუ არა „მხეცის რიცხვი“ საგადასახადო ნომერში?
 
ამ ოთხი სხვადასხვა ქვეკითხვის არევ-დარევა და ერთმანეთში შერევა იწვევს იმას, რომ ეკლესიასთან ირიბად დაკავშირებული გამოცემებიდან გაოგნებულ მკითხველს თავს ატყდება მტკიცებანი, თითქოსდა საგადასახადო ნომრის მიღება "მხეცის რიცხვის" მიღებას ნიშნავს, და გამოაქვთ შესაბამისი განაჩენები: "ხელი მოაწერეთ რა ამ საბუთს სამი ექვსიანით, თქვენ ხელს აწერთ სატანისადმი მორჩილებას! ეს არის მისი თაყვანისცემა, ღვთის უარყოფა!" (7) სინამდვილეში კი, თავისთავად, გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი უბრალოდ ჩვეულებრივი არაბული ციფრების ნაკრებია და არანაირ "მხეცის რიცხვს" ის თავისთავად არ შეიცავს.
 
აიღეთ ნებისმიერი ქვითარი მეზობელი მაღაზიიდან. დააკვირდით მას ყურადღებით. იქ, სავაჭრო ორგანიზაციის დასახელების შემდეგ, მითითებული იქნება საგადასახადო ნომერი. წაიკითხეთ იგი. ეს არის ციფრების ჩვეულებრივი რიგი. თუ იქ ერთი-ორი ექვსიანიც მოხვდა, ისინი სავსებით ქაოტურად არიან მიმოფანტულნი (როგორც სატელეფონო ნომერში).
 
მაგალითად, ბალაამის მონასტრის საგადასახადო ნომერია — 7809012700. და სად არის აქ რიცხვი 666? სწორედ რიცხვს 7809012700, ჩვეულებრივი, არაბული ციფრებით წერს მონასტრის ადმინისტრაცია და ბუღალტერია ყველა თავის საბუთზე და ბლანკზე, რომლებიც მიმართულია ეკლესიისგარე სამყაროსადმი.
 
და თუ ჩვეულებრივი ადამიანი, და არა მონასტერი, "მიიღებს საგადასახადო ნომერს" — ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ანკეტის შევსებისას, იგი, თავისი გვარისა და სახელის მითითების შემდეგ, თავისივე ხელით ჩაწერს ციფრების რიგს შესაბამის გრაფაში. ამ ციფრებში არ იქნება არანაირი "მკრეხელური სიმბოლიკა" (8). ეს იქნება ყველაზე ჩვეულებრივი არაბული ციფრები და არა შტრიხ-კოდები. ადამიანი კი არ დახაზავს "შტრიხებს", არამედ დაწერს ბავშვობიდან ნაცნობ ციფრებს. ასე რომ, შტრიხ-კოდებში ექვსიანებიც რომ ყოფილიყო, თავად ადამიანი მათ არ დახაზავდა. არანაირი "ეშმაკის სიმბოლო" (9) თვით საგადასახადო ნომერში არ არის ჩადებული.
 
__________________
 
7. Обращение афонского старца иеросхимонаха Рафаила по поводу печати антихриста // Русский вестник. 2000, №№ 15-16.
 
8. “Поголовная идентификация населения с присвоением каждому человеку пожизненного личного номера с кощунственной символикой в своей духовной сущности есть безусловное зло” ("მოსახლეობის სრული იდენტიფიკაცია, თითოეული ადამიანისთვის მკრეხელური სიმბოლიკის მქონე სამუდამო პირადი ნომრის მინიჭებით, თავისი სულიერი არსით უპირობო ბოროტებაა") (Владимиро-Суздальская епархия против ИНН. Открытое обращение к Президенту Российской Федерации Путину В. В. Русский вестник. 2001, № 7).
 
9. “Сознательное согласие на принятие ИНН, с закодированным в нем символом дьявола, является недопустимым” ("გაცნობიერებული თანხმობა საგადასახადო ნომრის მიღებაზე, რომელშიც ეშმაკის სიმბოლოა ჩადებული, დაუშვებელია") (Там же).
 
__________________
 
საგადასახადო ნომრის თაობაზე ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია: "თუკი ადამიანი თავს აიდენტიფიცირებს შტრიხ-კოდის მეშვეობით, იცის რა, რომ შტრიხ-კოდი შებღალულია ანტიქრისტეს სახელის საძაგელი რიცხვით, და თანახმაა ისარგებლოს მსგავსი სიმბოლიკით, ნუთუ ეს სულისთვის სულერთია?".
 
მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ ადამიანი არ "აიდენტიფიცირებს თავს შტრიხ-კოდის მეშვეობით" მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისგან: ა) არავინ მოითხოვს, თავად გადაიტანოს საგადასახადო ნომერი შტრიხ-კოდების სისტემაში; ბ) თავად არ იცის, როგორ გააკეთოს ეს; გ) არც აპირებს ამის გაკეთებას. თუკი შემდგომ ვინმეს მოესურვება ჩემ მიერ დაწერილი ციფრთა ნაკრების შტრიხ-კოდის ენაზე გადატანა და ამ გადატანას ექვსიანებითაც აღჭურვავს, ეს უკვე "მთარგმნელის" პრობლემაა. მე ხომ პასუხს ვერ ვაგებ იმ რქებზე, რომლებსაც ვინმე ჩემს ფოტოსურათზე დახატავს...
 
ეს მხოლოდ ვუდუს კულტისა და სიმპათიური მაგიის მიმდევრებს სწამთ, რომ ფოტოსურათზე ან თოჯინაზე განხორციელებული მოქმედება ადამიანზე გადადის. ნუთუ ამ რწმენას იზიარებენ კოდების მოწინააღმდეგენი? ნუთუ მათ სწამთ, რომ საგადასახადო პოლიცია მაგიით არის დაკავებული და ჯადოს ადებს მის მიერ რეგისტრირებულ ყველა პირს? არ სწამთ? მაშ, რატომ ამბობენ, თითქოსდა ადამიანმა, რომელმაც მიიღო ჩვეულებრივი ქაღალდი ციფრების ნაკრებით, თუნდაც სამი ექვსიანის გარეშე, საფრთხე შეუქმნა თავის "ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას" და თითქოს მასში მოხდა "მადლიანი თავისუფლების დაკნინება"?
 
ასე რომ, საგადასახადო ნომერს აპოკალიფსურ რიცხვთან არანაირი უშუალო კავშირი არა აქვს. და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია რაიმე ჯაჭვის გავლება საგადასახადო ნომრის გამოყენებასა და — ეკლესიის ისტორიაში მოსალოდნელ უკანასკნელ განსაცდელებს შორის... მაგრამ მე "ლოგიკური ჯაჭვები" კი არა ცოცხალი ადამიანები მაინტერესებს. შეიძლება თუ არა მათი განდევნა მშობლიური სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოელანდა ის საბედისწერო "ჯაჭვი", რომელიც საგადასახადო ნომრებიდან "ანტიქრისტეს ბეჭდამდე" მიდის?
 
მოდით, მშვიდად გავერკვეთ.
 
საშიშია თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სახელმწიფო რეგისტრაცია?
 
დავიწყოთ იმ კითხვით, შეუძლია თუ არა ქრისტიანს იყოს სახელმწიფოს მიერ აღრიცხული, შეუძლია თუ არა მას მიიღოს მონაწილეობა აღწერაში.
 
უეჭველად — დიახ, შეუძლია. ქრისტე შეყვანილ იქნა რომის იმპერიის მცხოვრებთა სიებში. როდესაც იმპერატორმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება აღწერის შესახებ, წმიდა ოჯახი არ განერიდა მას, არამედ წავიდა ნაზარეთიდან ბეთლემში (ქალაქში, სადაც უნდა აღრიცხულიყვნენ დავითის გვარის წევრები), და ამიტომაც მაცხოვარი სწორედ ბეთლემში დაიბადა.
 
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მაშინ წარმართული იყო — ისევე, როგორც ახლა.
 
მაშასადამე, თავად იმ ფაქტში, რომ წარმართულ სახელმწიფოს ქრისტიანის სახელი შეჰყავს თავის სიებსა და არქივებში, არაფერია სულიერად სახიფათო (10).
 
__________________
 
10. ""მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა". Христос, войдя в мир, сразу прошел перепись, а Вы смущаетесь" ("ღმერთს მიაგეთ ღვთისა, ხოლო კეისარს — კეისრისა. ქრისტემ, ამ ქვეყნად მოსვლისთანავე გაიარა აღწერა, თქვენ კი შფოთავთ") Письма архимандрита Иоанна (Крестьянкина). Псково-Печерский монастырь, 2000, с. 139.
 
__________________
 
 
შეუძლია თუ არა ქრისტიანს მონაწილეობა მიიღოს აღწერაში, თუკი იციას, რომ მისი შედეგები, და მაშასადამე, მისი პირადი მონაცემები, საზღვარგარეთ გადაიგზავნება?
 
დიახ. ქრისტე მონაწილეობდა აღწერაში, რომლის მონაცემებიც პალესტინის ფარგლებს გარეთ — რომში იგზავნებოდა.
 
შეუძლია თუ არა ქრისტიანს მიიღოს მონაწილეობა აღწერაში (რეგისტრაციაში), თუკი იცის, რომ სახელმწიფო, რომელსაც იგი თავის მონაცემებს აწვდის, მისი რწმენის მიმართ მტრულადაა განწყობილი?
 
დიახ. რომის იმპერია მტრულად იყო განწყობილი ძველი ისრაელისა და ქრისტეს რწმენის მიმართ, და მიუხედავად ამისა, მაცხოვარი მონაწილეობდა მასში.
 
ხოლო ისინი, ვინც აღწერაში არ მონაწილეობდა, წმიდა წერილში მოწონების გარეშე არიან მოხსენიებული: "შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც" (საქ. 5:37).
ანტიქრისტეს ნიშანი
4. ართმევს თუ არა "ნომერი" სახელს?
 
ფორმულა "სახელის ნაცვლად ნომერი" ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა ადამიანებში გადამხდელის ინდივიდუალური საგადასახადო ნომრის (ИНН) მიმართ აღშფოთებული და ნეგატიური დამოკიდებულების გასაღვივებლად. როგორც პუბლიცისტური ხერხი, როგორც ამგვარი პოეტური თავისუფლება, ასეთი ფორმულა სავსებით დასაშვებია. მაგრამ თუ პოეტურ მეტაფორას "დოგმატად" აქცევენ და მის ზედმეტად პირდაპირ გაგებას იწყებენ, ამან შეიძლება სისულელემდეც და თვით ერესამდეც მიგვიყვანოს (მაგალითად, ბევრ ადამიანს აბნევს ის, რომ პოეტურ საღვთისმსახურო ტექსტებში არის ლოცვითი მიმართვა უფლის ჯვრისადმი — რის საფუძველზეც ზოგიერთი ასკვნის, თითქოს ჯვარი განსაკუთრებული პიროვნება იყოს). უკიდურესობაში ჩავარდნა არც იმ ფურცლებს დაუკლიათ, რომლებიც "ნომრების" წინაშე შიშისკენ მოუწოდებენ: "ИНН — ეს არის ადამიანის პირადი კოდი-ნომერი, რომლის მიღებაც, ღვთივბრძენი მამების მოწმობით, წარმოადგენს წმინდა ნათლისღებისას ჩვენთვის მიცემული სახელის უარყოფას, ღმერთის უარყოფას!" (1).
 
მაშ, უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ ამ საკითხს. დაემუქრება თუ არა საფრთხე ჩემს სულიერ ხსნასა და ცხოვრებას, თუ სახელმწიფო საქაღალდეს, რომელშიც ჩემ შესახებ მონაცემებს ინახავს, ციფრებით მონიშნავს ("საქმე №...")? არა; ამ შემთხვევაშიც ჩემს სულსა და ქრისტესთან მის კავშირს არაფერი ემუქრება. საქმეებს ნომრები ენიჭებოდა ქრისტიანული იმპერიების (რუსეთის, ავსტრიის...) არქივებშიც. საკუთარი ნომრები ჰქონდათ იმ საქაღალდეებსაც, რომლებშიც საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა შესახებ მონაცემები ინახებოდა. მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ადამიანებს, მიეღოთ სულიწმინდის ნიჭები (მათ შორის ტანჯვის მოთმენის ნიჭიც). გულაგში ნომრებს ტანსაცმელზე აკერებდნენ, ხოლო ჩეკისტები ადამიანებს უპიროვნოდ, მათემატიკური ნიშნით მიმართავდნენ: "ასეთი და ასეთი ნომრის პატიმარო". დაპატიმრებული ქრისტიანები კი პასუხად ამბობდნენ: "მე!" ნუთუ ამ დროს ღვთის მადლი ტოვებდა ამ აღმსარებლებს?
 
ასეა ახლაც: თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ თავის ბადრაგის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს ნომრები მიაკეროს — ეს უსიამოვნო იქნება. რადგან რა არის სასიამოვნო იმაში, როცა ხედავ, რომ შენ გექცევიან, როგორც ნივთს ოთახის ინვენტარიზაციის დროს? ნომრის ტარება ადამიანს ავეჯთან და... ძაღლებთანაც კი ამსგავსებს (2).
 
__________
   
1. ფურცელი (სახელწოდებით "ცნობილი მონასტრების სულიერ მოძღვართა კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართვა პატრიარქ ალექსი II-ისადმი") სამებისა და სერგის ლავრაში სწორედ იმ დღეებში რიგდებოდა, როცა იქ სინოდალური საღვთისმეტყველო კომისია მუშაობდა და, რომელმაც მიიღო ბერი იოანეს (კრესტიანკინის) ეპისტოლე. იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რას ფიქრობს ეს ბერი იმაზე, კარგავს თუ არა ქრისტიანი თავის სახელს ИНН-ის მიღებით, იხ. თავში "ბერები ИНН-ის შესახებ".
 
2. "უმცროს ძმებს" იგივე ბედი ეწევათ: "მოსკოვის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის, ბ. ნიკოლსკის განკარგულებით დამტკიცდა მეთოდიკა და განისაზღვრა ძაღლების სახელმწიფო აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესი... ამასთან, ცხოველს ენიჭება ინდივიდუალური, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელი ნომერი". პეტროვსკის პარკი. გაზეთი "აეროპორტის რაიონი". № 2 (58), იანვარი 2001.
 
__________
   
თუმცა, უსიამოვნო და ტრაგიკული ერთი და იგივე არ არის. ცხადია, ადამიანს, რომელსაც "ნომერი" მიანიჭეს (= უსიამოვნება), ამ მიწიერი კომპიუტერული ოპერაციის შედეგად არ დაუკარგავს უნიკალურობა ღვთის თვალში, არ ქცეულა ნივთად არც შემოქმედის თვალში, არც საკუთარ თვითშეგნებაში და არც ეკლესიისა თუ მოყვასი ადამიანების თვალში (რაც უკვე ტრაგედია იქნებოდა).
 
თანამედროვე რუსეთის არმიაში თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს აქვს პირადი ნომერი (იმისთვის, რომ დაჭრილი ან დაღუპული ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყოს თავისიანების მიერ და მტერმა ვერ შეძლოს მისი, აგრეთვე მისი ნათესავებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება). უფრო მეტიც — ნომრიანი, ამოტვიფრული ჟეტონი მკერდზე იკვრება, სამკერდე ჯვრის გვერდით. მაგრამ როგორ მოვიხსენიებთ ამ მეომრებს? ნუთუ ნომრით?! ნუთუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სადღაც იბრძვის უსახელო, გაუპიროვნებული მასა და არა ადამიანები იმ სახელებით, რომლებიც მათ დედებმა შეარქვეს?
 
ადამიანი ღვთის ხატია. ხატზე ყოველთვის უსიამოვნოა იმის ხილვა, რომ მასზე დაწერილია ან მასზე მიჭედებულია "ინვენტარული ნომერი"...
 
ემოციებმა გადაიარა? ახლა მითხარით — ტაძრიდან აგდებენ თუ არა ხატს, რომელზეც ინვენტარული ნომერია აღბეჭდილი? წყვეტენ თუ არა თაყვანისცემას იმ ხატის მიმართ, რომელზეც ასეთი ნომერი აღმოჩნდება? როგორ ვლოცულობთ ნომრიანი ხატის წინაშე — "ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის" თუ "ღირსო მამაო, ნომრით 79283, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"?
 
ადამიანის შედარება ხატთან გვიჩვენებს, რომ შიში, თითქოსდა "ნომერი სახელს ართმევს", ემოციურად გასაგებია, მაგრამ ლოგიკურად უსაფუძვლოა. ნომერი ხატზე — სახელმწიფო ინსპექტირების კომისიისთვისაა. მორწმუნეთათვის კი ის ყოველთვის სახელით დარჩება. ზუსტად ასევე, ადამიანი არასოდეს კარგავს თავის სახელს — თუნდაც ინვენტარიზაციის დროს ის რომელიმე "ნომრის" ქვეშ ირიცხებოდეს.
 
მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ხატი თავის პირველხატს სწორედ სახელით უკავშირდება. როდესაც მორწმუნე ადამიანი ხატზე გამოსახულ წმინდანს მისი სახელით მოიხსენიებს, იგი ამ სახელით ცნობს პირველხატს და ლოცვით მიმართავს გამოსახულ წმინდანს.
 
ის, რომ ვიღაცას არ შეუძლია ხატის წინაშე ასე მოქცევა და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მორწმუნე ადამიანის თვალში ხატს სიწმინდეს არ აკარგვინებს. თუ ჩემში ვინმე ღვთის ხატს ვერ ხედავს — ამან შეიძლება დამამწუხროს, მაგრამ ეს ვერ წაშლის ჩემში ღვთისხატობას, რომლითაც შემოქმედმა შემქმნა. ის მხოლოდ მაშინ იშლება, თუ მე თვითონ დავივიწყე ჩემი წარმოშობა, ჩემი ღვთისხატობა და საკუთარი ნებით მიღებული გადაწყვეტილებებითა და ცოდვებით შემოქმედს კი არ დავემსგავსე, არამედ "მხეცს"...
 
რას ნიშნავს ეს? ხატი წმინდა ხდება მისკენ მიმართული მლოცველის მზერის წინაშე. ადამიანი კი წმიდა ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ ესმის მას საკუთარი თავი და თავისი ცხოვრების აზრი. ეს ნიშნავს, რომ ხატის საკრალური სტატუსი გაცილებით უფრო მოწყვლადია და მასზე გარეგანი დამოკიდებულება უფრო მეტად მოქმედებს.
 
მიუხედავად ამისა, ხატებზე ნომრებიც არის, მათ შორის ტაძრებშიც. მუზეუმის მიერ "დატყვევებული" და დანომრილი ხატიც კი მართლმადიდებლისთვის მაინც წმინდაა. ხატები ხატებად რჩებიან და დანომრილ დაფებად არ იქცევიან... მით უმეტეს, ეს არ დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფომ "ნომრები" მიამაგრა — თუკი ჩვენ თვითონ არ მივიჩნევთ თავს "ნომრებად", არამედ შევინარჩუნებთ ხსოვნას იმისა, ვისი ხატიც ვართ.
 
აქედან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს: ადამიანის პიროვნული იდენტობა იმით არ განისაზღვრება, თუ რა სახელით ან აღნიშვნით მოიხსენიებენ მას კონკრეტულ ვითარებაში. ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა გარემოში შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს სახელდებული.
 
ადამიანი, საერთოდ, სხვადასხვა ვითარებაში საკუთარ თავს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს. ტაძარში ის საკუთარ თავს "ღვთის მონას" უწოდებს. სხვა ვითარებაში კი გვარით წარადგენს თავს...
 
მაგრამ გვარს ბევრი რამ აქვს საერთო საიდენტიფიკაციო კოდთან. ადამიანი მას არ ირჩევს და, როგორც წესი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ატარებს. როგორც კოდი, გვარიც საჭიროა ადამიანის ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობისას. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი გვარი არ მიუთითებს ადამიანის ქრისტიანული ეკლესიისადმი კუთვნილებაზე.
 
გვარებიც, კოდების მსგავსად, შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "წმინდა რუსეთში" ისინი არ იყო გავრცელებული. ძველი ეკლესიის მამათაგანაც ძალიან ცოტას ჰქონდა გვარი (ამიტომაც მათ დაბადების ან მოღვაწეობის ადგილის მიხედვით მოვიხსენიებთ).
 
უფრო მეტიც, ეკლესიური ადამიანი ზოგჯერ კარგავს თავის გვარს. მონაზვნობის მიღებისას ქრისტიანი ტოვებს თავის საერო მდგომარეობას და საკუთარ გვარს, მეტიც, მამის სახელსაც და გვარსაც აღარ იყენებს. სახელმწიფოსთვის კი იგი მაინც პასპორტში ჩაწერილი გვარის მქონე პირად რჩება.
 
არჩევნებზეც და საგადასახადო პოლიციაშიც მას ჩაწერენ არა როგორც "იოანე იერომონაზონს", არამედ როგორც "მოქალაქე პეტროვ ა.ვ.-ს".

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს ისე წარადგენს, რომ საერთოდ არ ამბობს თავის სახელს: "მე — ტაქსისტი ვარ"; "მე — ფოსტალიონი ვარ"; "მე — ზეინკალი ვარ"; "მე — თქვენი დეპუტატი ვარ"... უფრო მეტიც, სურვილის შემთხვევაში, ადამიანის მრავალი სახელის არსებობა სრულიად კეთილმორწმუნეობრივადაც შეიძლება განვმარტოთ. თითქოს ჩემი წმინდა ნათლობისას მიღებული სახელი უმთავრესად ტაძრისთვის, ღმერთთან და თანამორწმუნეებთან ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი. ტაძრის გარეთ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში კი შესაძლოა ადამიანი თავის წმინდა სახელს არ იყენებდეს. "ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს" (მთ. 7:6).
 
ბევრ რელიგიაში საკრალური სახელი გარკვეულწილად ტაბუირებულია. უცხო ტომის ადამიანებთან ურთიერთობისთვის ერთი სახელი გამოიყენება, ოჯახში და ქურუმთან ურთიერთობისთვის კი — სხვა (ან რამდენიმე სხვა) სახელი (3).
 
ჩვენს დროშიც იყვნენ (და ჯერ კიდევ არიან) ადამიანები, რომლებიც ორ სახელს ატარებდნენ. ერთი სახელი იყო საბჭოური (ოქტიაბრინა, ვლადლენი) ან არაქრისტიანული (რუსტამი, რუსლანი), მეორე კი — საეკლესიო. როგორც წესი, მღვდლები მათ პასპორტის შეცვლას არ სთხოვდნენ და საკმაოდ შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ იმას, რომ ტაძრის გარეთ ადამიანს ეკლესიაში გამოყენებულისგან განსხვავებული სახელით მოიხსენიებდნენ.
 
გავიხსენოთ ისიც, რომ რუსეთის განმანათლებელი, მთავარი ვლადიმირი ისტორიაში თავისი წარმართული სახელით შევიდა და არა ნათლობის სახელით (ვასილი). რუსეთის მეფეები სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცებოდნენ, მაგრამ მათი მოხსენიება ხშირად მაინც მათი საერო სახელებით ხდებოდა...
 
__________
 
3. წმინდა მეფისწულ დიმიტრის "პირდაპირი სახელი" იყო უაროსი (Карамзин Н. М. История государства Российского. СПб., 1845, кн. 3, т. 9, с. 251). სავარაუდოდ, ეს სახელი იმ შიშის გამო იმალებოდა, რომ მეფისწულისთვის "წყევლა" ან "გაფუჭება" არ მიეყენებინათ.
 
__________
 
ზოგჯერ კი ადამიანის სახელთან მიერთებული "იდენტიფიკატორის" როლს, რომელიც სწორედ ამ პიროვნების აღსანიშნავად გამოიყენება, ... ციფრი ასრულებს. ასე ხდება საერო და საეკლესიო ხელისუფალთა მოხსენიებისას: ნიკოლოზ II, ალექსი II...
 
დაბოლოს, ჩვენი მეტყველების ყველაზე წმინდა ნაწილშიც კი — შემოქმედზე საუბრისას — ჩვენ ზოგჯერ სახელებს ციფრებით ვცვლით ("მეორე იპოსტასი", "მესამე იპოსტასი"...). "ერთობა, დასაბამიდან დაძრული და ორობითობაში მისული, სამობითობაში შეჩერდა" (Григорий Богослов. Слово 29 // Творения. Троице-Сергиева лавра, 1994, т. 1, с. 414), — წერს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი სამების შესახებ და ციფრებით ცვლის მამის, ძისა და სულის იპოსტასურ სახელებს.
 
სახელი ადამიანის ამოცნობის ("იდენტიფიცირების") ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვეულებრივ, იდენტიფიცირება სახელდებას წინ უსწრებს. თავდაპირველად ვხედავ ნაცნობს, ვცნობ მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს (ხმით, სიარულის მანერით, ტანსაცმლით, სახის ნაკვთებით...) და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც უკვე ვიცნობ მას, მახსენდება მისი სახელი. ზოგჯერ კი (ვთქვათ, წერილის კითხვისას ან ტელეფონით საუბრის დროს) სახელი ამოცნობის უმთავრეს ან, შესაძლოა, ერთადერთ ნიშნადაც გვევლინება. ადამიანთა ამოცნობა შესაძლებელია თითის ანაბეჭდებითაც. თუ კატასტროფაში დაღუპული ადამიანი სწორედ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებით (გენეტიკური პასპორტები და ამომცნობი სისტემები კი მალე ჩვენს ცხოვრებაშიც შემოვა) ან თითის ანაბეჭდებით იქნა ამოცნობილი, ტაძარში მისთვის პანაშვიდის გადახდისას სახელით მოიხსენიებენ თუ ლიტებში ექსპერტიზის მონაცემებს დაასახელებენ? ცხადია, სახელით! მაშასადამე, როგორი გზითაც გინდ მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება, ეკლესიისა და მისი ახლობლებისთვის ის ყოველთვის სახელთან იქნება დაკავშირებული.
 
ცხოვრებაში მრავალი ისეთი ვითარებაა, როდესაც ადამიანი ანონიმურად მოქმედებს. მაგალითად, მეტროში გავლისას ხომ არ ვჩერდები იმისთვის, რომ ყველას ხმამაღლა ვამცნო — მგზავრებითა და კონტროლიორით დაწყებული და პატივცემული ტურნიკეტით დამთავრებული: "ყურადღება, მე, დიაკონი ანდრია კურაევი, მეტროში გავდივარ!" მე უბრალოდ სრულიად ანონიმურ ხუთკაპიკიან მონეტას ან ჟეტონს ვაგდებ ამავე ტურნიკეტში, ან მასში არანაკლებ უსახელო მაგნიტურ ბარათს ვათავსებ. ის, რომ სახელმწიფო სამსახურთან ამგვარი ურთიერთობისას ჩემი ნათლობის სახელი არ დამისახელებია, სულაც არ ნიშნავს, თითქოს ამ სახელზე უარი ვთქვი. მეტიც — განა ვისურვებდით, რომ მეტროს ტურნიკეტები სახელით გვცნობდნენ და იცოდნენ, როდის და სად მივდივართ? არა? მე, მაგალითად, არ მომწონს, როდესაც მაღაზიებში ან ქუჩებში ჩემთვის უცნობი ადამიანები მცნობენ. თუ საგადასახადო ნომერი ჩემს სახელს საგადასახადო ინსპექციის ცნობისმოყვარე მოხელეებისგან დამალავს — მხოლოდ გამიხარდება. საგადასახადო დოკუმენტებში ნომრის გამოყენება კი ამ დოკუმენტებთან მომუშავე ადამიანებს არ აძლევს საშუალებას, მაშინვე გაიგონ, კონკრეტულად ვისთან აქვთ საქმე.
 
ИНН — გადასახადის გადამხდელის ნომერია. არა ადამიანის, არამედ გადასახადის გადამხდელის. მაშასადამე, როდესაც მე სწორედ გადასახადის გადამხდელის სახით ვმოქმედებ, საქმე გვაქვს ჩემი სოციალური გამოვლინების ერთ-ერთ ფორმასთან. თუ ამ გამოვლინებას ნომრით აღნიშნავენ — ამით ჩემთვის არაფერი იცვლება. როდესაც მეტროს მგზავრის სახით გამოვდივარ, ტურნიკეტი საერთოდ არანაირად არ აღმნიშნავს — არც სახელით და არც ნომრით. მისთვის მე უბრალოდ ფოტოსენსორის წინ მოძრავი ჩრდილი ვარ. მაგრამ მე ხომ ამ ჩრდილთან არ ვარ გაიგივებული. ზუსტად ასევე, მე არ ვარ გაიგივებული იმ ჩრდილთანაც, რომელსაც საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა ბაზებში ვტოვებ.
 
ამრიგად, თავისთავად ის ვითარება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ნათლობის სახელით არ მოიხსენიებს, არ არის სარწმუნოებისგან განდგომის მდგომარეობა. არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისა, თითქოს "საიდენტიფიკაციო ნომერი ადამიანს სახელს ართმევს" (ოდესის მიძინების მონასტრის ფურცელი). ადამიანს არაფერი უშლის ხელს, ერთ ვითარებაში თავი საეკლესიო სახელით მოიხსენიოს, მეორეში კი — გვარით; ერთ ადგილას თავისი თანამდებობა მიუთითოს, სხვაგან კი — ნომერი, რომლის მიხედვითაც მის შესახებ ინფორმაცია ინახება. ნუთუ იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელები დაკარგეს? ნუთუ შეხვედრისას ისინი მეგობრებს ესალმებიან: "გამარჯობა, ამა და ამ ნომერს!"? ნუთუ ტაძრებში ისინი საკუთარ თავს ასე მოიხსენიებენ: "ამა და ამ ნომრის საგადასახადო პოლიციის მონა"?
 
ამრიგად, ის, რომ გარკვეულ ვითარებაში ადამიანს მისი წმინდა სახელით კი არა, სხვაგვარად აღრიცხავენ, ქრისტიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ ადამიანს ნათლობის სახელის გარდა სხვა სახელებიც აქვს (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ — არა სახელები, არამედ მეტსახელები და დამახასიათებელი სახელწოდებები), არ ნიშნავს ქრისტესგან განდგომას.
 
განა აღსარებისას მღვდლები ბავშვებს ეკითხებიან: "გამოხმაურებიხარ თუ არა იმ ზედმეტსახელებზე, რომლებითაც შენი მეგობრები მოგმართავდნენ? აძლევდი თუ არა ნებას საეკლესიო სახელ "მიხეილის" ნაცვლად "მიშკას" დაეძახოთ? გამოგიხედავს თუ არა მაშინ, როდესაც სახელის ნაცვლად "წითურას" გეძახდნენ?" მეტსახელები და ზედმეტსახელები ყოველთვის არცთუ სასიამოვნოა. მაგრამ რატომ უნდა ვამტკიცოთ, თითქოსდა "კოდების მიღება ქრისტიანულ სახელზე უარის თქმაა და ცოდვაა" (1 Кодирование — подобие апокалиптической печати. Киев, 1998, с. 3)?
 
საქმე ხომ იმაში არ არის როგორ მიცნობს სხვა ვინმე, არამედ იმაში, თუ ვინ მგონია მე თვითონ საკუთარი თავი. ჩემი კატა რაღაც მისთვისვე ცნობილი ნიშნებით მცნობს. მან ჩემი სახელი არ იცის. და რა — ეს ნიშნავს, რომ მე საერთოდ არ მაქვს სახელი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა კატამ ის არ იცის? თუ რომელიმე საკეტი ჩემს ამოცნობას მასზე მიდებული თითის ანაბეჭდით შეძლებს, ესეც ხომ არ ნიშნავს, რომ მე თითის ანაბეჭდად ვიქეცი ან სახელი დავკარგე. თუ საგადასახადო კომპიუტერი ციფრების ერთობლიობის საშუალებით ამომიცნობს, ესეც არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული და ადამიანური სახელი დავკარგე. ჩვენ ხომ ჩვილებს უფლებას ვაძლევთ, ჩვენი სახელები დაამახინჯონ და არც იმაზე ვღელავთ, რომ ისინი მათ არასწორად წარმოთქვამენ (ჩემი უმცროსი ძმა "დეის" მეძახდა — და ეს მიხაროდა). კომპიუტერი კი ჩვენს პატარებზე კიდევ უფრო ნაკლებად გონიერია — მას დამარცვლის ამოცნობაც კი არ სურს. და რა — ამის გამო კედელზე უნდა ავძვრეთ?
 
რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტების შესახებ კანონპროექტში ("Об основных документах Российской Федерации, удостоверяющих личность гражданина Российской Федерации"), რომლის განხილვაც სახელმწიფო სათათბიროში 2001 წლის 21 თებერვალს დაიწყო, გათვალისწინებულია "მოქალაქის პირადი კოდის" შემოღება — "სიმბოლოების ერთობლიობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქისთვის დგინდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის პირველადი მიღებისას". მაგრამ ეს კოდი სახელს არ ცვლის და არც აუქმებს, რადგან იმავე კანონპროექტის 1-ელ მუხლში ნათქვამია: "სახელი — პირის სახელწოდებაა, რომელიც მას დაბადების სახელმწიფო რეგისტრაციისას ეძლევა და რომელიც მოიცავს პირად სახელს, მამის სახელს (გვაროვნულ სახელს) და შთამომავლებისთვის გადაცემად გვარს".
 
იმისთვის, რომ ИНН-მა სახელი არ ჩაანაცვლოს, საკმარისია, თავად ადამიანი მოერიდოს ფორმულას: "მე — ამა და ამ ნომერს". უმჯობესია უფრო გააზრებულად ითქვას: "ჩემი კოდის ნომერი, ანუ ჩემი საქმის ნომერი, ასეთია". ან: "მე ვფლობ ამა და ამ ნომერს", "მე მაქვს ესა და ეს ნომერი", "ნომერი, რომლის მიხედვითაც ჩამწერეთ, ასეთია", "ჩემ შესახებ მონაცემებს იპოვით, თუ ამა და ამ ნომერს აკრეფთ", ან უბრალოდ — "ჩემი ИНН".
 
ეს ფორმულირებები ერთმანეთისგან განასხვავებენ ადამიანს და მის ნომერს.
 
"ჩემი ИНН" იგივეა, რაც "ჩემი ძაღლი" ან "ჩემი ჩექმა". თუ ადამიანი იტყვის: "მე ვფლობ მანქანას, რომელსაც ასეთი და ასეთი ნომერი აქვს", ყველასთვის ცხადი იქნება: თვითონ მოლაპარაკე ერთი რამ არის, მისი მანქანა და მისი ნომერი კი — სულ სხვა რამ.
 
მართლმადიდებლობაში, საერთოდ, მიღებულია, თავი ავარიდოთ ადამიანის გაიგივებას ამა თუ იმ თვისებასთან, რომელსაც ის ფლობს, ამა თუ იმ საქციელთან ან მისი ხასიათის ამა თუ იმ მხარესთან. არ შეიძლება ითქვას: "პავლე მატყუარაა", მაგრამ შეიძლება ითქვას: "პავლემ მოიტყუა" (4). ზუსტად ასევე, არც საკუთარ თავზე და არც სხვა ადამიანზე არ შეიძლება ითქვას: "ეს ასეთი და ასეთი ნომერია"; მაგრამ შეიძლება მათი გამიჯვნა და იმის თქმა, რომ "მე ვფლობ ასეთ და ასეთ ნომერს". თვით ИНН-ის რეკლამაც კი ამბობს: "მხოლოდ შენი ნომერი". გესმით? მე კი არ ვეკუთვნი ნომერს — ნომერი მეკუთვნის მე.
 
__________
 
4. "გაკიცხვა ნიშნავს თქვა ამა და ამ ადამიანზე, რომ მან მოიტყუა... ხოლო განკითხვა ნიშნავს თქვა, რომ ესა და ეს ადამიანი მატყუარაა... რადგან ეს მისი სულის განწყობის განკითხვაა, განაჩენის გამოტანაა მთელ მის ცხოვრებაზე". აბბა დოროთე. Душеполезные поучения и послания… СвятоТроицкая Сергиева лавра, 1900, с. 80.
 
__________
 
კარგი, დაე, ის ისევე "ჩემი" იყოს, როგორც ჩემია არის საკუთარი წყლული. არც წყლული მიყვარს და არც ნომერი, არც ერთს ვაფასებ და ორივეს მოშორებას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. მაგრამ რადგან ისინი ჩემს ცხოვრებაში ჩემი ნების გარეშე შემოვიდნენ, ზოგიერთ ცხოვრებისეულ ვითარებაში უბრალოდ გონივრულად უნდა გავითვალისწინო ორივე. თუ ადამიანი რომელიმე საბუთის (ვთქვათ, კომუნალური მომსახურების გადასახადის ქვითრის) შევსებისას "ИНН"-ის გრაფაში ციფრების გარკვეულ ერთობლიობას მიუთითებს, ის უბრალოდ აცნობებს მისთვის ცნობილ დაშვების კოდს იმ საქაღალდისთვის, სადაც მასზე ინფორმაცია ინახება (სხვა საკითხია, რომ აუცილებელია, ადამიანები თავად მოითხოვდნენ თავისუფალ წვდომას იმ პირად ინფორმაციაზე, რომელიც მათ შესახებ სახელმწიფო დოსიეებში ინახება).
 
ИНН მე კი არ აღმნიშნავს, არამედ ჩემს შესახებ არსებულ ინფორმაციას; ეს არის იმ საქაღალდის ნომერი, რომელშიც კომპიუტერული სისტემა ჩემი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ინახავს. ეს უბრალოდ საარქივო საქაღალდის ნომერია. თუ კანცელარიაში დაბნეულ საქმისმწარმოებელ გოგონას ვუკარნახებ: "იქ, იმ კარადაში ნახეთ ჩემი საქმე! ვფიქრობ, იქ ამა და ამ ნომრით უნდა იყოს" — განა ამაში ცოდვა იქნება? ზუსტად ასევე, როდესაც საგადასახადო პოლიციაში მივდივარ და ვასახელებ იმ ნომერს, რომლის მიხედვითაც პოლიციაში ჩემ შესახებ ინფორმაცია ინახება, მე მხოლოდ მოხელეებს ვუადვილებ მუშაობას და სახელმწიფო სტრუქტურასთან ჩემი ურთიერთობის დროს ვზოგავ.
 
მტკიცება, თითქოს ადამიანის ციფრებით რეგისტრაცია მას სახელს ართმევს, ყოველგვარ გონივრულობას კარგავს, თუ გავიხსენებთ, როგორია დღეს ფოტოგადაღების, ვიდეოჩაწერისა და ტელერადიომაუწყებლობის ტექნოლოგია. დღეს ყველგან ხდება ეგრეთ წოდებული "ციფრული ჩანაწერი". ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ვიდეოკამერით ან ფოტოაპარატით გადაღებული ნებისმიერი ადამიანის სახე კომპიუტერის მიერ ანალიზდება და ამ ადამიანის გამოსახულება უამრავ "წერტილად" იშლება, რომელთაგან თითოეული შემდეგ ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში ან კავშირგაბმულობის ქსელებით ციფრული ნაკადის სახით გადაიცემა...
 
და რა — ნუთუ ის, ვინც ტაძარში ყოფნისას ასეთი აპარატურით გადაიღეს, უკვე აღარ არსებობს როგორც ადამიანი ან დაკარგა თავისი ქრისტიანული სახელი? ნუთუ ის, ვინც საკუთარი ასეთი ფოტო თავის კომპიუტერში თავად შეინახა, უკვე მანქანაში გაითქვიფა და ქრისტიანულ სახელზე უარი თქვა? გარდაცვლილი პატრიარქები არაერთხელ აღბეჭდილან ამ ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით. და რა — ახლა ჩვენ ყოველდღიურად უკვე "ციფრთა ერთობლიობისთვის" ვლოცულობთ და არა ამა თუ იმ სახელის მქონე და პატრიარქის ხარისხის მატარებელი ადამიანისთვის? ასეთი დასკვნა აბსურდულია! — მაშასადამე, აბსურდულია ის წარმოდგენაც, თითქოს ციფრთა ერთობლიობით რეგისტრაცია ადამიანს ქრისტიანულ სახელს ართმევს. მაშასადამე, მხოლოდ პოეტური გაზვიადებების სფეროს შეიძლება მიეკუთვნოს გაზეთ "სერბული ჯვრის" თრილერი — "შენდება მსოფლიო ანტიქრისტეს სამეფო, რომელშიც უკვე ყველასთვის არის გამზადებული სახელის ნაცვლად ნომერი, პასპორტის ნაცვლად ჩიპი, ხოლო სულის ნაცვლად — მისი ელექტრონული ჩრდილი" (Сербский крест. Святая Русь. 2001, № 2 (51)).
 
კომპიუტერი, რომელიც ადამიანის სულებს იტაცებს და მათ თავისი "ელექტრონული ჩრდილით" ანაცვლებს — ჰო, ასეთი იდეა ჰოლივუდის სცენარისტს რომ მოსვლოდა თავში, მილიონერი გახდებოდა (თუმცა სცენარიდან, ალბათ, მოუწევდა საბჭოთა პასპორტის დაკარგვის გამო გოდების ამოღება, რომელიც ვერაგულად "ჩიპმა" ჩაანაცვლა)!..
 
მე არანაირ "ტრანსფორმაციასა" და "მისტიკურ ზემოქმედებას" არ განვიცდი, როდესაც კომპიუტერი ჩემი ფოტოს სკანირებისას ჩემი სახის ნაკვთებს ციფრთა ნაკადად გარდაქმნის. მაშ, რაღატომ უნდა მეშინოდეს, რომ ჩემთან რაღაც მისტიკური სისულელე მოხდება, თუ კომპიუტერი იმავეს გააკეთებს ჩემი ფულის დათვლისას?
 
არის თუ არა ცოდვა იმაში, რომ ჩემი სახელი კომპიუტერში იქნება შეტანილი? არა, კომპიუტერი მხოლოდ იმ ინფორმაციას ინახავს თავის მეხსიერებაში, რომელიც ადამიანებს მასში შეაქვთ. როგორც მაგნიტოფონზე ჩაწერილი ხმა ინახება და ამასთან არავითარ ფარულ ზემოქმედებას არ ახდენს იმ ადამიანებზე, რომელთა ხმებიც ფირზეა დაფიქსირებული, ასევე კომპიუტერიც არანაირად არ მოქმედებს იმ ადამიანთა სულებზე, რომელთა სახელებიც დისკზეა ჩაწერილი. ადრე, სამსახურში მოწყობისას ავტობიოგრაფიას ხელით ვწერდი, შემდეგ — საბეჭდ მანქანაზე ვბეჭდავდი, ახლა კი კომპიუტერში ვკრეფ. ეს წმინდად ტექნიკური ცვლილებაა, რომელიც უბრალოდ დროს გვიზოგავს.
 
კომპიუტერისა და ტელევიზორის საშუალებით რაიმე "გამოსხივებასა" და "ზომბირებაზე" საუბარი კი სერიოზულობას მოკლებულია. მე თვითონ ვუყურებ ტელევიზორს — მაგრამ ამის გამო არასოდეს ვჭამ "Mars"-ს, არ ვიყენებ საფენებს, არ ვღეჭავ "Orbit"-ს უშაქროდ და ვერ ვიტან დეიდა ასიას მისი სარეცხი ფხვნილით. კომპიუტერიც ყოველთვის თან მაქვს — რადგან სექტანტებთან დისპუტების დროს ზოგჯერ საჭიროა სასწრაფოდ მოვძებნო საჭირო წყარო და ყველაფერი უკიდურესი სიზუსტით დავადასტურო. ინტერნეტშიც მაქვს საკუთარი გვერდი (www.kuraev.ru), ისევე როგორც სამების-სერგის ლავრას, მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას. მაშასადამე, არ არსებობს საფუძველი იმის ავტომატურად დასაშვებად, რომ კომპიუტერი ადამიანებზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემი სახელი კომპიუტერში შეაქვთ, რომელიც ქრისტიანობისა და პირადად ჩემ მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ხელშია, ეს თვით ჩემთვის არანაირ ზიანს არ წარმოადგენს.
 
მაგალითად, წელიწადში რამდენჯერმე ჩნდება სტატიები და ფურცლები, რომლებშიც ჩემი სახელი საკმაოდ კრიტიკულ კონტექსტშია მოხსენიებული. ეს სტატიები ქვეყნდება სექტანტურ გამოცემებში, რომლებიც კომპიუტერული დაკაბადონების საშუალებით მზადდება. მაშასადამე, ჩემი სახელი ინახება იმ კომპიუტერების მეხსიერებაში, რომლებიც (ოკულტური და პროტესტანტული) სექტების ხელშია. მაგრამ ნუთუ იმის გამო, რომ მათ ჩემი სახელი თავიანთ კომპიუტერებში შეიტანეს, მე ქრისტიანობად არსებობა გამიუქმდა?

გაგრძელება იქნება.

წყარო: https://predanie.ru/book/187435-segodnya-li-dayut-pechat-antihrista-pyatnadcat-voprosov-ob-inn/
Назад к содержимому