ანტიქრისტე - არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი და წინასწარმეტყველებანი "მესამე ტაძრის" შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი და წინასწარმეტყველებანი "მესამე ტაძრის" შესახებ
 
გახდება თუ არა იერუსალიმში "მესამე ტაძრის" მშენებლობა სამყაროს აღსასრულის ნიშანი?
მესამე ტაძარი
მორიგი კონფლიქტი პალესტინელებსა და ებრაელებს შორის უნებურად გვაიძულებს გავიხსენოთ წინასწარმეტყველებანი "მესამე ტაძრის" აღდგენისა და სამყაროს უკანასკნელი ჟამის შესახებ.
 
ისრაელში გრძელდება მორიგი სამხედრო კონფლიქტი ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. ასევე მიმდინარეობს შეტაკებები მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც კი ცხოვრობენ ერთმანეთს გადამტერებული ქვეყნების მომხრეები. ყოველი მათგანი ასაბუთებს თავის სიმართლეს. მაგრამ ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ კონფლიქტს ქრისტიანთათვის, და აქვს თუ არა მას კავშირი წინასწარმეტყველებებთან სამყაროს აღსასრულის შესახებ.
 
 
არსებული კონფლიქტის ქრონიკა
 
2021 წლის მაისში ხელახლა გამძაფრდა პალესტინა-ისრაელის წინააღმდეგობა. ეს ხდებოდა ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაბალი ინსტანციის სასამართლოების საქმეთა განხილვის ფონზე, რომლის მიხედვითაც იერუსალიმის ძველ ქალაქში მცხოვრები პალესტინური ოჯახები თავიანთი საცხოვრისიდან უნდა გაესახლებინათ. მასმედია საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა პალესტინელებს უბრალოდ ასახლებენ სახლებიდან და მათ საცხოვრებლებს გადასცემენ ებრაელებს, მაგრამ ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ ებრაელები თანახმანი არიან ძველ ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ პალესტინელებს მათ საცხოვრებელ სახლთა შესასყიდად დიდძალი თანხები გადაუხადონ. მაგრამ პალესტინელებს შორის არსებობს აკრძალვა ებრაელებისთვის სახლების მიყიდვის თაობაზე. რადიკალურად განწყობილ ისლამისტებს შეუძლიათ სიკვდილითაც კი დასაჯონ ამ აკრძალვის დამრღვევები. მაგრამ ებრაელები იმდენად დიდ თანხებს სთავაზობენ პალესტინელებს, რომ ეს უკანასკნელნი ხშირად ცდუნებას ვერ უძლებენ და სახლების გაყიდვას თანხმდებიან.
 
გარდა ამისა, თავიდან ფიგურირებენ არაბი მყიდველები, შემდეგ კი ირკვევა, რომ საბოლოო ჯამში მესაკუთრეები მაინც ებრაელები ხდებიან. ასეთ შემთხვევაში სახლის გამყიდველი პალესტინელები არღვევენ შეთანხმებას და სახლების გამოთავისუფლებაზე უარს ამბობენ. სწორედ აქ იწყება სასამართლო გარჩევები, რომლებიც პალესტინელთა იძულებითი გამოსახლებით მთავრდება. მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ჭირს იმის დასაბუთება, რომ ამგვარ სქემას ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ მრავალი გარემოება სწორედ ასეთ ვითარებაზე მიანიშნებს. ასეა თუ ისე, არაბებმა მოაწყვეს საპროტესტო აქციები ტაძრის მთაზე იძულებითი გამოსახლებების წინააღმდეგ, და 2021 წლის 8 მაისს ალ-აქსას მეჩეთის ახლოს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, რომლის შედეგადაც დაიჭრა 200-ზე მეტი პალესტინელი.
 
ისლამურმა მოძრაობამ "ჰამასმა" ისრაელის ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, სადაც მოითხოვა პოლიციის გაყვანა ტაძრის მთიდან და, როდესაც დადებითი პასუხი ვერ მიიღო, დაიწო ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა თვითნაკეთი რაკეტებიდან, რომელთა უმეტესობა დასახლებულ პუნქტებამდე ვერც მიფრინდა, ხოლო რომლებმაც ასე თუ ისე მიაღწიეს ისრაელის ქალაქებს, ისრაელის საჰაერო დაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა" გაანადგურა.
 
ამგვარი რაკეტების გამოყენების ტაქტიკა ეფუძნება შემდეგს: ჯერ-ერთი, მათი უკიდურესად მცირე ეფექტურობა კომპენსირდება მით, რომ ამგვარი ჭურვის ღირებულება ათჯერ, თუ ასჯერ არა, ნაკლებია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების ღირებულებაზე, რომლითაც მათ ანადგურებენ. შესაბამისად, ამგვარი რაკეტები პალესტინელებს შეიძლება უფრო მეტი ჰქონდეთ, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოს. მეორეც, საჰაერო დაცვის სისტემა "რკინის გუმბათს" მაინც არ შეუძლია 100%-ით გაანადგუროს ისრაელის ქალაქებამდე მიფრენილი პალესტინური ჭურვები.
 
პალესტინის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტების რაოდენობა ხშირად ათასებს აღწევს, ებრაული ქალაქების ზიანი შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ამგვარი ვითარება ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხს მაინც არ სიამოვნებთ და ამგვარი ზიანიც კი მათთვის მიუღებელია.
 
ზიანის მიუღებლობა ძალიან მძაფრ საპასუხო რეაგირებებსს იწვევს ისრაელელთა მხრიდან. მაგალითად, თუ არაბი შაჰიდი (თვითმკვლელი, კამიკაძე - "აპოკ." რედ.) ისრაელის რომელიმე ქალაქში თავს იფეთქებს, ებრაელი ჯარისკაცები მიდიან სახლთან, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ყველას ქუჩაში ყრიან, ხოლო სახლს ბულდოზერებით ანგრევენ. პალესტინის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ისრაელის თვითმფრინავები ანადგურებენ მრავალსართულიან სახლებს, სადაც დაზვერვის მონაცემებით განთავსებულია "ჰამასის" სტრუქტურები, და სულაც არ ზრუნავენ იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაიღუპონ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის ბავშვებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, "ჰამასი" და სხვა პალესტინური ორგანიზაციები უმეტესწილად ცდილობენ არ გადალახონ ზღვარი და შემოიფარგლონ დარტყმებით, რომლებიც არსებითად არ ვნებს ისრაელს. მაგრამ ზოგჯერ საქმე საკმაოდ შორის მიდის, კონფლიქტი უჩვეულოდ ღრმავდება და იწყება ნამდვილი ომი, როდესაც მხარეები უკვე ანგარიშს არ უწევენ შესაძლო დანაკარგსა და მსხვერპლს. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე ისრაელ-პალესტინის მხარეთა კონფლიქტში.



ისრაელის მიერ ქ. ღაზას დაბომბვის შედეგები. 2021 წლის 12 მაისი. ფოტო: Reuters
 
2021 წელს, ათდღიანი აქტიური საომარი მოქმედებების პერიოდში, ღაზას მხრიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულ იქნა დაახლოებით 4000-მდე რაკეტა. ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი და ხოლო დაშავდა 500-მდე მოქალაქე. თავის მხრივ, საპასუხო შეტევები განახორციელა ისრაელის არმია "ცაჰალმაც", რის შედეგადაც დაიღუპა 230-ზე მეტი პალესტინელი (მათ შორის 40-მდე ბავშვი), განადგურდა მრავალი შნობა, რომელთაც "ჰამასის" დაჯგუფება იყენებდა. "ცაჰალმა" ასევე განაცხადა, რომ მან გაანადგურა პალესტინელთა დაჯგუფების რამოდენიმე ხელმძღვანელი და გაანადგურა დაახლოებით 100 კმ სიგრძის გვირაბები, რომლებსაც "ჰამასი" თავისი სამხედრო საქმიანობისთვის იყენებდა. წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ეგვიპტემ და რუსეთმა თავიანთი დედაქალაქები ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების ადგილებად შესთავაზეს მოწინააღმდეგე მხარეებს.
 
ამასთანავე ორად გაიყო მსოფლიო საზოგადოების აზრი. მიუხედავად "ცაჰალის" მოქმედებების სიმკაცრისა და მხარეთა შეუსაბამო დანაკარგებისა, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ აღიარა ისრაელის უფლება თავდაცვაზე. აშშ-ს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მოიწონა 735 მლნ. დოლარის ღირებულების მაღალი სიზუსტის იარაღის მიყიდვა ისრაელისადმი, ასევე მოუწოდებდა მას ღაზაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის უსწრაფესი დასრულებისაკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკელებიც ისრაელის მხარეზე დადგნენ.
 
საწინააღმდეგო პოციზია გამოთქვა თურქეთის ლიდერმა რ. ერდოღანმა, რომელმაც ისრაელის მოქმედებებს "ტერორიზმი" უწოდა, და მთელ კაცობრიობას მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ისრაელის წინააღმდეგ და მეტიც, დაწყევლა ავსტრიის მთავრობა იმისთვის, რომ იქ ქვეყნის ზოგიერთ სახელმწიფო შენობაზე ისრაელის დროშა აღმართეს. ჩინეთმა უფრო რბილი პოციზია დაიკავა, მაგრამ ასევე განაცხადა მზადყოფნა მიმდინარე კონფლიქტში მხარი დაეჭირა პალესტინისთვის.
 
 
რა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის გამწვავებამ?
 
ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, აუცილებელია ვნახოთ, რას იწვევდა ყველა ადრინდელი არაბულ-ისრაელური კონფლიქტი, უფრო ზუსტად, პერიოდული გამძაფრებები ერთი დიდი კონფლიქტისა ისრაელსა და მთელ მუსლიმურ სამყაროს შორის, დაწყებული 1948 წლიდან, როდესაც გაერო-ს გადაწყვეტილებით პალესტინაში შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, რომელმაც თავისი არსებობა შეწყვიტა დაახლოებით 2000 წლის წინათ.
 
გაერო-ს მიერ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე მუსლიმურმა სამყარომ ომი გამოუცხადა ისრაელს. ამ რუქაზე (იხ. ქვემოთ) მითითებულია ქვეყნები, რომლებმაც ასე თუ ის მონაწილეობა მიიღეს ამ ომში. ისინი გამოყოფილია მწვანე ან სალათისფერით, ხოლო ღაზის სექტორი - წითელი ფერით. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება დაინახოთ ისრაელიც, რომელიც აღნიშნულია ლურჯი ფერით.


 
 ისრაელისა და მუსლიმური სამყაროს ძალთა თანაფარდობა

 
ამგვარ წინააღმდეგობაში ისრაელის გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ისრაელმა გაიმარჯვა.
 
ისტორიაში ცნობილია არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ექვსი გამძაფრება, რომლებიც აღინიშნებიან ტერმინით "ომი" და კიდევ ტერმინით - "სამხედრო ოპერაცია". ყველა მათგანში ისრაელს ეწინააღმდეგებოდნენ მტრები, რომლებიც მრავალჯერ აღემატებოდნენ ებრაელთა სახელმწიფოს, როგორც ცოცხალი ძალის რაოდენობით, ასევე სამხედრო ტექნიკით, და ყველა მათგანში გამარჯვებული გამოდიოდა ისრაელი; მეტიც, ისრაელი ერთიმეორის მიყოლებით აფართოვებდა თავის ტერიტორიას და ამაგრებდა თავის პოზიციას, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. უმეტესწილად, მიუხედავად მრავალგზისი მცდელობისა, სხვა არაფრით შეიძლება ამისი ახსნა, თუ არა საღმრთო განგებულებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმრთის განგებულება შეიძლება აისახოს, როგორც ღმრთის ნებაში, ასევე საღმრთო მიშვებაში (დაშვებაში).
 
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დღევანდელი გამწვავება ასევე ვერ შეუწყობს ხელს იმას, რომ პალესტინელებმა დაიცვან თავიანთი ინტერესები. უფრო მოსალოდნელია ის, რომ "ცაჰალი" ისეთ ზიანს მიაყენებს "ჰამასსა" და მთლიანად პალესტინას, რომ აიძულებს მათ გარკვეული დროით უარი თქვან ისრაელის საწინააღმდეგო მტრულ და აქტიურ მოქმედებებზე, ხოლო თავის მხრივ, ისრაელი, მიაღწევს პალესტინელთა გამოსახლებას თავისი სახლებიდან ძველ იერუსალიმში და გააგრძელებს თავის ექსპანსიას.
 
 
"მესამე ტაძარი"
 
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი დიდი ხნის დასრულებული და ყველა მხარეც დაკმაყოფილებული იქნებოდა, ეს მხარეები მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა საყოფაცხოვრებო ინტერესებით რომ ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ ამ კონფლიქტის უმთავრეს მხარეს წარმოადგენს რელიგიური საკითხი. ებრაელებს სურთ თავიანთი "მესამე ტაძრის" აშენება იმ ადგილას, სადაც ადრე იდგა სოლომონის პირველი და მეორე ტაძარი, და რომლისგანაც დარჩა მხოლოდ გოდების კედელი. მაგრამ არაბები მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას არ მისცემენ, რადგან დღეს იმ ადგილას დგას მუსლიმური სამყაროსთვის მნიშვნელობით მესამე სიწმიდე - ალ-აქსას მეჩეთი, ასევე მასჯიდ ას-საჰრა (კლდის გუმბათი).
 
კლდის გუმბათი მუსლიმური სიწმიდეა, რომელიც აშენებულია საძირკვლის ქვაზე - ადგილზე, სადაც იერუსალიმის ტაძრის წმიდა წმიდათა იყო განლაგებული. ებრაელებს სურთ "მესამე ტაძარი" ააგონ იმ ადგილზე, სადაც აშენებული იყო პირველი და მეორე ტაძრები, და რომლისგანაც დარჩა მხოლოდ გოდების კედელი.


 
იერუსალიმში, ტაძრის მთაზე ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის უმთავრესი სიწმიდეების სქემატური გამოსახულება
 
სწორედ ამ სიწმიდეებისთვის მიმდინარეობს ომი ებრაელებსა და მუსლიმებს შორის და, რომელიც ვერ შეჩერდება ვერანაირი მოლაპარაკებებით და დიპლომატიური ძალისხმევით. ის შეიძლება დასრულდეს მხოლოდ საბოლოო ომში ერთ-ერთი რომელიმე მხარის გამარჯვებით.
 
სანამ ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურ დონეზე არ აყენებს საკითს "მესამე ტაძრის" მშენებლობის შესახებ, ეს თემა აქტიურად განიხილება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე. ისეთებისა, როგორებიც არიან, მაგალითად, "ნეემანეი ხარ ხა-ბაით" (ტაძრის მთის მოშურნეები), ან "მოძრაობა ტაძრის აშენებისთვის". არსებობს ასევე "მახონ ხა-მიკდაშ" (ტაძრის ინსტიტუტი), რომლის თანამშრომლები მუშაობენ მღვდელთა ტანისამოსისა და სატაძრო ინვენტარის აღდგენაზე, რომლებიც აუცილებელია სატაძრო მსახურებისთვის. ისინი ასევე ეძებენ ძველ კოენთა (მღვდელმსახურთა) შთამომავლებს და ლევიტებს, რომლებიც მომავალში მსახურებას შეასრულებენ მესამე ტაძარში, თუკი მის აშენებას მოახერხებენ.
 
მრავალი რაბინი (როგორც ძველი, ასევე თანამედროვე) მიიჩნევს, რომ ებრაელ ერს ვერაფერი გაათავისუფლებს ტაძრის აშენების ვალდებულებისგან. განსხვავებული აზრები არსებობს მხოლოდ დეტალებში: ებრაელებმა უნდა ააშენონ ეს ტაძარი "მაშიაყის" (იუდეველთათვის მესიის, ხოლო ქრისტიანთათვის ანტიქრისტეს) მოსვლამდე, თუ ამავე ტაძარს ააგებს თვით მაშიაყი, როდესაც გამოცხადდება დედამიწაზე? ამ უკანასკნელი თვალსაზრისის მომხრეები აცხადებენ, რომ ტაძრის აგება მაშიაყის მიერ იქნება კიდევაც მისი მესიანურობის დამამტკიცებელი მყარი არგუმენტი.
 
ნებისმიერ შემთხვევაში არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ყოველი ახალი გამძაფრება მესამე ტაძრის მშენებლობის პერსპექტივების ახალი ძალით გამძაფრებასაც იწვევს. სხვადასხვა ჯურის ანალიტიკოსები იწყებენ ვარაუდების აგებას იმის შესახებ, იქნება თუ არა ის აშენებული, და თუ იქნება, როდის.
 
2000 წელს ცნობილი საბჭოთა და რუსი დიპლომატი, არაბულ ქვეყნებთან მეგობრობისა და საქმიანი თანამშრომლობის საზოგადოების პრეზიდენტი ვიაჩესლავ მატუზოვი ჰყვებოდა, რომ კეპმ-დევიდში წარმოებულ მოლაპარაკებებზე აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ბარაკსა და პალესტინის ავტონომიის ლიდერ იასირ არაფატს შორის, არაფატს შესთავაზეს საბოლოოდ გადაეჭრა პალესტინის საკითხი პალესტინელთათვის ყველაზე მომგებიანი სახით. სანაცვლოდ არაფატისგან ითხოვდნენ მხოლოდ თანხმობას შემდეგ მოქმედებებზე: მუსლიმურ სიწმიდეთა ქვემოთ ტაძრის მთაზე განელაგებინათ მძლავრი რკინაბეტონის ფუნდამენტი და აეწიათ ისინი მიწიდან გარკვეულ სიმაღლეზე. ეს ებრაელებს შესაძლებლობას მისცემდათ აეშენებინათ თავიანთი "მესამე ტაძარი" ისე, რომ არ იქნებოდა საჭირო არც ალ-აქსას და არც კლდის გუმბათის დანგრევა. არაფატმა კატეგორიული უარით უპასუხა, რის შემდეგაც დაიწყო ე. წ. "მეორე პალესტინური ინტიფადა".
 
 
რომელ ტაძარში გამეფდება ანტიქრისტე?
 
ქრისტიანობაში გავრცელებულია აზრი, რომ იერუსალიმის ტაძრის აღდგენა ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი ნიშანია, რადგან სწორედ ამ ტაძარში უნდა გამეფდეს იგი. ამ აზრის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამაზე უთითებს მოციქულ პავლეს სიტყვები: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,  წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).
 
რაზეა აქ ლაპარაკი - იერუსალიმის ტაძარზე თუ რომელიმე სხვაზე?
 
წმიდა მამათაგან ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ წმიდა მოციქულ პავლეს მხედველობაში ჰქონდა იერუსალიმის ტაძარი:
 
"ღვთის ტაძარში - არა ჩვენსაში, არამედ ძველში - იუდეველებისაში" (ღირ. იოანე დამასკელი).
 
""ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი". რომელ ტაძარში? ეს იქნება იუდეველთა დანგრეული ტაძარი და არა ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებთ. თუკი მას სურს ქრისტეს სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა..." (წმ. კირილე იერუსალიმელი).
 
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თვალსაზრისი. მაგალითად, ღირ. ეფრემ ასურელი ამბობს, რომ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ანუ მართლმადიდებლური ტაძარი: "ამგვარად ის გამოჩნდება და აღზევდება ღმრთის ტაძარში. ის არ მიიდრიკება სხვა რომელიმე საზოგადოებისკენ ან მწვალებლური სექტისკენ, რათა არ იცნონ, - არამედ ზიზღით უკუაგდებს ყველა ცრუ კულტს, რათა მიეცეს ეკლესიის დატყვევების შესაძლებლობა. ამიტომაც ავა ის თვით ღმრთის ტაძარში, რათა დაჯდეს და თავი წარმოაჩინოს ღმერთად. როგორ აჩვენებს ის, რომ ჭეშმარიტი ღმერთია? დიდებისა და პატივის გარდა, რომლითაც შემოსილი იქნება ანტიქრისტე, ის გამოავლენს მტრობას მწვალებლურ სექტათა მიმართ. რადგან ის არავის მიდრიკავს რაიმე მწვალებლობისკენ, თავისი (მოჩვენებითი) სიყვარულით ეკლესიის წევრთადმი, აიძულებს იფიქრონ, რომ უყვარს ისინი, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები, მოვა მათ ტაძარში, როგორც ჭეშმარიტში, რათა აჩვენოს რომ არის ჭეშმარიტი ღმერთი".
 
ნეტ. ავგუსტინე საერთოდ აღიარებდა იმას, რომ არ არსებობს რაიმე შესაძლებლობა განისაზღთვროს, თუ რომელი ტაძარი გახდება ანტიქრისტეს დაჯდომის ადგილი: "უცნობია, ღვთის რომელ ტაძარში დაჯდება იგი: იმ ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო მეფე სოლომონის მიერ (იხ. 3 მეფ. 6:1-38) თუ ეკლესიაში. რადგან რომელიმე კერპის ან დემონის ტაძარს მოციქული არ უწოდებდა ღმრთის ტაძარს".
 
წმიდა მამათა უმეტესობა კი მიიჩნევდა, რომ ანტიქრისტე შეიძლება დაჯდეს, როგორც იერუსალიმის ტაძარში, ასევე ქრისტიანულ ტაძრებშიც.
 
"ის არავის მოუწოდებს კერპთაყვანისმცემლობისკენ, არამედ იქნება ღმრთისმოწინააღმდეგე, უარყოფს ყველა ღმერთს და უბრძანებს ყველას ღმერთის ნაცვლად მას სცენ თაყვანი. და დაჯდება ღმრთის ტაძარში - არა იერუსალიმისაში მხოლოდ, არამედ ყველგან ეკლესიებში" (წმ. იოანე ოქროპირი).
 
"არ არის ნათქვამი: საკუთრივ იერუსალიმის ტაძარში, არამედ უბრალოდ: ტაძარში, ღმრთის ყოველ ტაძარში" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი).
 
ეპ. თეოფანე დაყუდებული, აჯამებს რა წმიდა მამათა შეხედულებებს, წერს: "სადღაც იქნება ანტიქრისტეს მოქმედების ცენტრალური ადგილი და, რა თქმა უნდა, იქნება განსაზღვრული მომენტი, როდესაც ის თავს გამოავლენს. იმ ადგილის უმთავრეს ტაძარს გულისხმობდა სწორედ მოციქულიც. ამ ტაძარში დაჯდება იგი, როგორც ღმერთი; შემდეგ ამავე მნიშვნელობით დაჯდება ის სხვა ტაძრებშიც, რომელსაც პირადად შეხვდება. ან, შესაძლოა, პირადად დაჯდეს ერთ ტაძარში, სხვებში კი მის მყოფობას დაადასტურებენ რაიმე სხვა საშუალებით".
 
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ამჟამინდელ გამძაფრებასთან დაკავშირებით საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტო "Vimaorthodoxias"-მას თავის საიტზე გამოაქვეყნას პაისი მთაწმინდელის ციტატა, რომელიც ამბობს: "ნიშანი იმისა, რომ მოახლოვებულია წინასწარმეტყველებათა აღსრულება, იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა იერუსალიმში. მას დაანგრევენ, რათა იქ აღადგინონ სოლომონის ტაძარი, რომელიც, როგორც ამბობენ, მის ადგილზე იმყოფებოდა. აღდგენილ ტაძარში სიონისტები ბოლოს და ბოლოს ანტიქრისტეს მესიად გამოაცხადებენ. მე მესმა, რომ ებრაელები უკვე ემზადებიან სოლომონის ტაძრის ასაშენებლად".
 
ყველაფერი ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის იმისკენ, რომ მთელი მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგობისდა მიუხედავად, "მესამე ტაძარი" მაინც აშენდება.
 
ამ სიტყვებს ადასტურებს ახლო აღმოსავლეთის მოვლენები, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან დაწყებული ვიდრე დღემდე. მართლაც, ყველაფერი ნელა, მაგრამ მაინც მტკიცედ მიდის იმისკენ, რომ "მესამე ტაძარი" აშენდება მთელი მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგობისდა მიუხედავად.


 
მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ წმიდა მამებს არ გააჩნიათ თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, არ შეგვიძლია მთლიანად დავეყრდნოთ პაისი ათონელის და სხვა მამათა შეხედულებას, რომლებიც გამოთქვამდნენ ანალოგიურ აზრს, რამეთუ ეს შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ საფრთხეს. ის მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ჩვენ იერუსალიმის ტაძრის აშენების მოლოდინში ვიქნებით და ვიფიქრებთ, რომ ამის გარეშე ანტიქრისტე არ მოვა დედამიწაზე, ის შეიძლება მოვიდეს კიდეც და დაჯდეს სრულიად სხვა ადგილას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეიძლება უბრალოდ "გავატაროთ" მისი მოსვლა და გაბატონება.
 
ამიტომაც აუცილებელია მთელი ყურადღება მივაპყროთ არა მარტო იმას, თუ რომელ ტაძარში დაჯდება ანტიქრისტე, არამედ წინასწარმეტყველებათა მთელ კომპლექსს, რომლებიც ბოლო ჟამის დადგომასთან არის დაკავშირებული. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ - გვახსოვდეს, მოციქული პავლე, რომელიც თესალონიკელებს წერდა, რომ ანტიქრისტე "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:4), იმასაც წერდა, რომ ყოველი ქრისტიანი არის ღმრთის ტაძარი: "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?" (1 კორინთ. 6:19). აი, შევა თუ არა ანტიქრისტე ამ ტაძრებში, - მხოლოდ ყოველ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული.

წყარო: https://spzh.news/ru/zashhita-very/80067-arabo-izrailyskij-konflikt-i-prorochestva-o-tretyjem-khrame

მსგავსი პუბლიკაციები: სოლომონის ტაძარი Google-ს რუქაზე
Назад к содержимому