ანტიქრისტე - ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი
ანტიქრისტეს მოსვლა
ანტიქრისტეს მოსვლა - შემთხვევითობა როდია, არამედ მას განაპირობებს მრავალი ფაქტორი და კაცობრიობის სულიერი მოძრაობის გარდაუვალი შედეგი.

ბოლო ჟამი და ანტიქრისტეს მმართველობა დადგება მაშინ, როდესაც რწმენა უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიმართ პრაქტიკულად ჩაქრება. მსოფლიოში გამეფდება სრული მორალური გახრწნილება. ისეთი ცნებები, როგორიცაა სიყვარული და მოწყალება ადამიანური ცნობიერების მიღმა დარჩება. ადამიანები ქრისტიანული რელიგიისთვის დამახასიათებელი ზნეობრიობის ელემენტარულ საფუძვლებსაც კი დაივიწყებენ.

" სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1)... "რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას" (2 ტიმ. 4:3).

ხალხებს გაუჩნდებათ ისეთი მმართველის მოთხოვნილება, რომელიც მათ მატერიალურ კეთილდღეობაში ამყოფებს და გადაუჭრის მათ "მიწიერ" პრობლემებსს. ამასთან ადამიანებს არ ააღელვებს სულიერების, მარადიულობისა და გარდაცვალების შემდეგ სულის მდგომარეობის საკითხები. მათი ცნობიერებიდან წაიშლება სიკეთისა და ბოროტების ცნებები, კაცობრიობა ღმერთს ზურგს შეაქცევს.

ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა: "მაცხოვრისგან ახალი ისრაელის (ეკლესიის - "აპოკ". რედ.) განდგომა მიიღებს ვრცელ სახეს, როგორც ამას იუწყებოდა მოციქული: "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება" (2 თესალონიკ. 2:3), ხოლო შემდეგ, როგორც შედეგი ამ განდგომილებისა "გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:3), რომელიც გაბედავს და თავს აღთქმულ მესიად გამოაცხადებს, ღმრთისსაფერ თაყვანისცემას მოითხოვს და მიიღებს მას იმ ხალხისგან, ვინც აშკარა თუ ფარული განდგომილებით თავს ამზადებდა ანტიქრისტეს მისაღებად... ცოდვისმიერი საცთურები ისე გამრავლდება, რომ ცოდვილ ცხოვრებაში ჩაითრევს ადამიანთა ურიცხვ რაოდენობას. ქრისტესადმი რწმენა მბჟუტავ ნაღვერდალს დაემსგავსება, როგორც ეს იუწყა თვით უფალმა: "ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლუკა 18:8).

მოციქული პავლე, როდესაც ბოლო ჟამზე ლაპარაკობს, იმდროინდელი ადამიანების ზუსტ განსაზღვრებასაც გვაძლევს: "კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,  გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,  მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი"  (2 ტიმ. 3:2-5).
 
წყარო: pravoslavium.ru
 
 
Назад к содержимому