აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტეს ცხებულნი
ეკლესიის მსახურნი უნდა ქადაგებდნენ და აფრთხილებდნენ არა მარტო ანტიქრისტეს და მის მსახურთა შესახებ, არამედ უმთავრესად და უპირატესად უნდა შეეწეოდნენ ქრისტეანებს იცხოვრონ ისე, რომ მათში სრულიად ამოქმედდეს ნათლობისა და მირონცხების მადლი. ღმრთის მცნებებითა და დოგმატების დაცვით, ქრისტეანული ცხოვრება მათ უნდა გაატარონ შინაგან გულმხურვალე ლოცვებში, რადგან სწორედ ასე შევძლებთ ქრისტეს სახელს ამოფარებული ანტიქრისტეს ამოცნობას.
ავტორი: ნავპაქტიის მიტროპოლიტი იეროთეოსი.
დროის შესაბამისად ჩნდება მიზეზი ანტიქრისტეს მოსვლისთვის, როდესაც ის დაიწყებს თავისი მზაკვარების აღსრულებას კაცთა შორის. და მისი მოსვლის დრო, რა თქმა უნდა, ჯერ არავინ უწყის.
მრავალ ჩვენთაგანს უჩნდება კითხვა ამ თემაზე, რომელთა პასუხები შეიძლება ვიპოვოთ წმიდა წერილში, განსაკუთრებით წმ. იოანე ღვთისმეტყველისა და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში; ასევე წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (აპოკალიფსისი). იგივე თემას ვხვდებით ეკლესიის მოძღვართა და წმიდა მამათა თხზულებებში.
ამ მხრივ მინდა რამდენიმე უბრალო შენიშვნა შევთავაზო მკითხველს, უმთავრესად იმაზედ, თუ როგორ ვეწინააღმდეგოთ ანტიქრისტესა და მის მსახურთა მზაკვარებას.
1. იოანე მახარობელი (ღვთისმეტყველი) თავის პირველ კათოლიკე ეპისტოლეში ლაპარაკობს ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ და აქვე "მრავალ ანტიქრისტეთა" შესახებაც იუწყება. წმ. იოანე მახარობელი ქრისტეანებს ამცნობს, რომ ანტიქრისტეს დრო ახლოვდება:
"ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18).
ეკლესიის მოძღვართა განმარტებით, კერძო ანტიქრისტეს გარდა, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა, უშუალოდ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გამოჩნდება, იარსებებენო მრავალნი ანტიქრისტენი, რომლებიც უკვე აღასრულებენ ანტიქრისტეს საქმეს და იმოქმედებენ ისინი ყოველ ეპოქაში. ესენი არიან ანტიქრისტეს წინამორბედნი და მისი მოსვლის მაუწყებელნი, ამიტომაც, ყოველი მათგანი, უმთავრესად მათთვის სასურველ ანტიქრისტეს ქადაგებს.
როგორც ქრისტეს მოსვლამდე იყვნენ წინასწარმეტყველნი, ასევე ანტიქრისტეს მოსვლამდეც იქნებიან მისი წინამორბედნი და ცრუწინასწარმეტყველნი. წმიდა მამათა მრავალრიცხოვანი განმარტებების თანახმად, ანტიქრისტეებად იწოდებიან უკეთური მწვალებლები, ერეტიკოსები, რომლებიც შეიცავენ და იცავენ ბილწ, ანტიქრისტეანულ დოგმატებს. ეს არის ის მიზეზი, რომლის გამოც იოანე მახარობელი წერს: "ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოანე 2:19).
აქ ლაპარაკია იმ ქრისტეანებზე, რომლებმაც შეიცნეს გამოცხადებული ჭეშმარიტება, ანგელოზური ცხოვრების წესი, მაგრამ რაკიღა ხორციელ ვნებათა მონები იყვნენ, ვერ შეიფერეს ზეციურ სიკეთეთა სიტკბოება, საცნაური სამყაროს ნეტარება და მომავალი, დაუსრულებელი საუკუნე უარყვეს. მოცემულ შემთხვევაში ისინი ისევ ცხოვრების აპოსტასიურ წესს მიუბრუნდნენ და არ ისურვეს გამხდარიყვნენ ქრისტეში წმიდა ცხოვრების დამცველნი და თავიანთი მაცხოვრის ერთგული ცხოვარნი.
1. ამრიგად, ჯერ კიდევ ანტიქრისტეს მოსვლამდე გამოჩნდებიან მისი წინამორბედნი, სხვადასხვა ჯურის ერეტიკოსები, მაგრამ ის ქრისტეანებიც, ვინც იმის ნაცვლად, ეცხოვრათ ქრისტეანული ცხოვრების წესით, გულის მხურვალებითა და წმიდა რწმენით, ბილწ ვნებებში ცხოვრობენ, ღმრთისადმი ჭეშმარიტი რწმენისა და ლოცვის გარეშე დაშთენილნი.
2. მაგრამ, ღვთისმეტყველი და მახარობელი იოანე არ კმაყოფილდება ანტიქრისტესა და მის წინამორბედებზე გაფრთხილებით და გვასწავლის როგორ აღვუდგეთ წინ მათ მზაკვარებას. ამიტომაც, ზემოთხსენებული სიტყვების შემდეგ ის ამატებს: "თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი" (1 იოანე 2:20).
ანუ, ქრისტეანებს მიღებული აქვთ ღმრთისგან სულიწმიდის ცხება და იციან, როგორ გაარჩიონ ანტიქრისტესა და მისი მსახურების მოქმედება ქრისტეს ქმედებისგან (ენერგიისგან). ლაპარაკი არ არის წიგნების კითხვაზე, არამედ ცხებაზე, რომელიც ყოველ ნათელღებულ ქრისტეანს გულში აქვს დამკვიდრებული და საღმრთო საგანთა გულისხმისყოფაში შეეწევა ადამიანს.
ეკლესიის მოძღვრები განმარტავენ რა არის ცხება:
"თქვენ მიიღეთ ცხება და ქმედება სულიწმიდისა და თქვენს გულებში დაამკვიდრეთ წმიდათა წმიდა უფალი იესუ" (ნიკოდიმოს მთაწმიდელი). ქრისტეანები მიიღებენ სულიწმიდის მადლს წმიდა ნათლისღებითა და მირონცხებით ღებულობენ, რაც სულიწმიდის ბეჭდად და ნიჭად იწოდება და ერთი და იგივე მნიშვნელობა გააჩნიათ. ღებულობენ კი ქრისტეანები ამ ნიჭს მაშინ, როდესაც მათი მირონმცხები მღვდელი ნათლობის საიდუმლოში ეტყვის: "ბეჭედი სულისა წმიდისა".
ამრიგად, სულიწმიდის ცხება - ეს არის სულიწმიდის ბეჭედი, რომელიც ჩვენი ნათლისღების დღეს აღესრულება ჩვენი მირონცხებით.
შემდეგ, იმავე თავში იოანე მახარობელი კვლავ ლაპარაკობს იმაზე, რომ წმიდა მირონცხება, რომელიც ქრისტეანმა ნათლობის დროს მიიღო, მას სიცრუისა და სიმართლის გარჩევას ასწავლის. წმ. იოანე მახარობელი წერს: "თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით" (1 იოანე 2:27).
ეკლესიის მამათა განმარტებით, ცხება, რომელიც ადამიანმა ნათლობისას მიიღო, არის სულიწმიდის მადლი, რომელიც მკვიდრდება ქრისტეანის გულში და, მახარობელის სიტყვისამებრ, მოუწოდებს მას რათა ყოველთვის დარჩნენ სულიწმიდაში, ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულში.
როგორ იმყოფება ადამიანი უცვალებლად სულიწმიდის ნიჭებში? ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი მყარად დგას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების დოგმატებში და ქრისტეს განკაცების საღმრთო აღმშენებლობისადმი ურყევ რწმენაში, არა მხოლოდ ცნობიერებით, არამედ მთელი არსებით.
ამრიგად, ისინი, ვინც ანტიქრისტესა და მის წინამორბედთა შესახებ ქადაგებენ, აუცილებლად უნდა იმოწმებდნენ იოანე მახარობლის ციტატებს, უმთავრესად კი იმას თუ რას ამბობს წმ. იოანე მოციქული ანტიქრისტესა და მისი წინამორბედებისადმი წინააღმდეგობის საკითხში.
ქრისტეანებმა იციან ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები და განასხვავებენ მათ ცრუწინასწარმეტყველთაგან, ისინი ქრისტეს ანტიქრისტესგან გამოარჩევენ მხოლოდ სულიწმიდის ცხებულობის მადლით, რომელიც ღმრთისგან მიიღეს და მათ გულებშია დამკვიდრებული.
3. სულიწმიდის ცხების შესახებ, რომელიც "ბეჭდადაც" იწოდება, მსჯელობს წმიდა მოციქული პავლეც: "ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში" (1 კორინთ. 1:21-22). აქ ყველაზე ცხადად გვეძლევა მოწმობა იმისა, რომ ღმერთი არის ქრისტეანთა განმამტკიცებელი; ღმერთი ის არის, ვინც "ცხებულნი გვყო". ხოლო "ცხება" გაიგივებულია "ბეჭედთან" და ესეც ღმრთის მიერ აღესრულება, რომელმაც "მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში".
ვინმე თუ გამოიკვლევს მოციქულ პავლეს ეპისტოლეების პარალელურ ციტატებს იმის შესახებ თუ რას ნიშნავს "სულიწმიდის წინდი", რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც გულში სულიერ საგალობლებს უგალობს ღმერთს, მიხვდება, რომ ამ "ცხება-ბეჭდით" აღინიშნება "გონებრივ-გულითადი" ლოცვა, რომელიც არის სიყვარულის გამოხატულება, რომელსაც ადამიანი ღმრთის მიმართ განიცდის. ასეთი ადამიანის გულში, ანუ იმ ქრისტეანში, ვინც მიიღო ბეჭედი სულისა წმიდისა, დაწერილია სახელი ქრისტესი. ამის შესახებ გვამცნებს წმ. იოანე მახარობელი თავის აპოკალიფსისში: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:2-4).
აქ ნათელი ხდება, რომ ანგელოზმა, რომელსაც "ჰქონდა ცოცხალი ღმრთის ბეჭედი", აღბეჭდა ღმრთის მონათა შუბლები. პარალელური ტექსტები შეგვიძლია მოვიძიოთ აპოკალიფსისის სხვა თავებშიც:
"და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა" (გამოცხ. 14:1). მაშასადამე, ცხოვნებულ ადამიანებს, რომლებიც კრავთან, ანუ ქრისტესთან ერთად იდგნენ - შუბლზე წარწერილი ჰქონდათ ქრისტესა და მისი მამის სახელი, რომლის ჭეშმარიტი შინაარსი მხოლოდ მათ უწყოდნენ.
1. მაშ ასე, ქრისტესა და მისი მამის სახელით აღბეჭდილი ქრისტეანები დაკავშირებულნი არიან "ახალ საგალობელთან", ანუ გონებრივ ლოცვასთან, რომელიც არ უწყიან მათ, ვისაც მასში ყოფნის გამოცდილება არა აქვთ მიღებული.
2. ეს ყოველივე მიანიშნებს იმაზედ, რომ მირონცხების საიდუმლოს მიერ, რომელიც ნათლისღების საიდუმლოსთან არის დაკავშირებული, ჩვენ სულიწმიდის მადლს ვღებულობთ ჩვენს გულებში, ჩვენი სხეულის ნაწილების ცხებით (აღბეჭდვით), როდესაც მღვდელი იტყვის: "მონიჭებულ არს ბეჭედი სულისა მიერ წმიდისა, ამენ".
3. ეს ცხება განანათლებს გონებას, შთააგონებს მას ღმრთის სიყვარულს, ლოცვას, მარადიული ცხოვრების სასოებას, რაც არის კიდევაც სულიწმიდის წინდი.
მოწამეობრიობა და მოწამეობრივი აღმსარებლობა, რომელსაც ისინი მიჰყვნენ, წმიდა მირონცხების ქმედეებაა, რომელშიც იხილვება ღმრთის მადლი, ამიტომაც, წმინდანთა მოწამეობა არ არის გონების ლოგიკური აზროვნების ან ადამიანის გრძნობითი აღძვრის შედეგი, არამედ ღმრთის ჭვრეტისა და ადამიანის მადლისმიერი განღმრთობის შედეგი...
მაგრამ თუკი ჩვენ შთავვარდებით რაიმე ცოდვაში, მაშინ ის ცხება, რომელიც ჩვენი გულის სიღრმეში მკვიდრობს ამოქმედდება სინანულის მეშვეობით. ანუ, სინანული, რომელიც სულის განწყობაა არსებული ცხოვრების უკეთესობისკენ წარმართვისთვის, მიმართულებაა ღმრთის უმეტესი სიყვარულისკენ და ლოცვისკენ, წმიდა მირონცხებით დამკვიდრებული სულიწმიდის მადლია. ეს ცხება ამოქმედდება გონებრივ-გულითადი ლოცვის დროსაც, რომელიც არის "ახალი საგალობელი", სულიწმიდით აღორძინებული და ცხოვნებული ქრისტეანები რომ უგალობენ თავიანთ უფალს.
როდესაც ადამიანი უარყოფს ქრისტეს, ტოვებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მიიღებს სხვა აღმსარებლობასა და რელიგიას, შთავარდება მწვალებლობაში, ის კარგავს ამ ნიჭს და მართლმადიდებლურ ეკლესიას რომ დაუბრუნდეს, ხელახლა უნდა მიიღოს სულიწმიდის ნიჭი მირონცხების საიდუმლოთი.
ამრიგად, ეკლესიის მწყემსები მარტო ანტიქრისტესა და მის წინამორბედებზე კი არ უნდა ელაპარაკებოდნენ თავიანთ სამწყსოს, არამედ უფრო და უმეტესწილად შეეწიონ ქრისტეანებს იმ ცხოვრებაში, რომელიც ქრისტეს მცნებათა და დოგმატების დაცვით აამოქმედებს მათში მადლს ნათლობისა და მირონცხებისა, აამოქმედებს სინანულს, შინაგანი გონებრივ-გულითადი ლოცვის წყურვილს, რათა ამგვარად შესძლონ მათ განასხვაონ ქრისტეს ენერგიის (მადლის) მოქმედება ანტიქრისტესა და მის მსახურთა მზაკვარებისგან.
სხვაგვარად ისინი ერთმანეთში აურევენ ქმნილ და უქმნელ ენერგიებს, რაც ყველაზე უარესია, ჩათვლიან, რომ ანტიქრისტეს ენერგიები ქრისტეს ენერგიაა და პირიქით (ანუ ვერ იქნებიან გამრჩევნი ქრისტეს ჭეშმარიტი სასწაულებისა და საქმეებისა, ანტიქრისტეს ცრუსასწაულთაგან და მოჩვენებით სათნოებათაგან - რედ.).
ისინი, ვისაც ეღირსა სულიწმიდის მადლით ცხება, ანუ "თავიანთ გულებში დაიწერენ კრავისა და მისი მამის სახელს", მაშინ გაექცევიან აპოკალიფსური მხეცისა და მისი მამის, სატანის ბეჭედს, ასევე გაექცევიან მის ყველა წინამორბედს. ეს არის მართლმადიდებლური სამღვდელოებისა და მწყემსობის უმთავრესი არსი, რომელიც ეკლესიის ისიქაზმთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამიტომაცა აქვს უდიდესი მნიშვნელობა მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის შენარჩუნებას. მართლმადიდებლური მონაზვნობის ისიქასტური სულის ყოველგვარი ცვლილება ანტიქრისტესა და მის მსახურთ თავისი ბილწი საქმის აღსრულებასა და ადამიანთა ცდუნებას გაუადვილებს.
რედაქციისგან: მიტროპოლიტ იეროთეოსის მოცემულ სტატიას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, სადაც ბატონობენ საერო მიმართულებები, ქრისტეანული ცხოვრება კი ღებულობს ზედაპირულ ხასიათს, რაც მეტად საშიშია ქრისტეანთათვის.
მათლაც, თვით მწყემსები, უპირველეს ყოვლისა კი ბერები, ყველას უნდა ასწავლიდნენ გონებრივ ლოცვას. მაგრამ ის ითხოვს ხელმძღვანელობას თვით ამგვარი ისიქასტურად მცხოვრები ადამიანებისგან. საკმაოდ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამგვარი ლოცვის გარეშე, სულიერი ცხოვრების გარეშე, ადამიანი ადვილად ენდობა ათასგვარ აზრებს და დემონურ ენერგიებს საკუთარ ან ღვთაებრივ გამოცხადებებად მიიჩნევს. ანუ, ლოცვითი ღვაწლის გარეშე, მღვიძარებისა და ქრისტეანული ღვაწლის გარეშე, სული ადვილად ვარდება დემონურ ხიბლში და მისი გონება იბინდება.
ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როდესაც ადამიანი მატერიალური ინტერესებისა და მოგების გამო განუდგება ქრისტეს, ის მოაკლდება ღვთაებრივ მადლს, სულიწმიდისეულ ცხებას, რაც იწვევს სულიერ სიკვდილს, რომელსაც მოსდევს ხორციელი სიკვდილი და სრული წარწყმედა.
გვაშოროს ღმერთმა ამგვარი აღსასრული და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტეანი განამტკიცოს სულიწმიდის მადლში! ამენ!
წყარო: apologet.spb.ru