ანტიქრისტე - ანტიქრისტეს ბეჭედი მართლმადიდებლური გადმოცემის მიხედვით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტეს ბეჭედი მართლმადიდებლური გადმოცემის მიხედვით
მხეცის რიცხვი
ავტორი: მელეტი, ნიკოპოლელი მიტროპოლიტი

არ შეიძლება წმიდა წერილის უგუნურად განმარტება, ისე, რომ დეტალურად არ გაერკვე წმიდა წერილის ტექსტის აზრში. თუმცა, იქნებ პრინციპულად მიუწვდომელია ანტიქრისტეს დაღის ("ბეჭდის") მნიშვნელობა? ასეთი მტკიცებულება შეუძლებელია დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, რადგან მიუწვდომელი და შეუცნობელი მხოლოდ ღმერთია, რამეთუ ის არის არაქმნილი და ყოველგვარ ქმნილებაზე აღმატებული. ხოლო ეშმაკი და მთელი მისი მხედრობა - ქმნილებებია და ღმერთი მათ თავის დროზე ყველას დაამარცხებს.

შინაარსი:

რუსული გამოცემის წინასიტყვაობა

მიმართვა მკითხველისადმი

1. ვინ არის ანტიქრისტე?

2. როდის გამოჩნდება ანტიქრისტე?

3. წმიდა წერილი ანტიქრისტეს შესახებ

4. ანტიქრისტეს ბეჭედი ეკლესიის გადმოცემის მიხედვით

5. რას გვარგებს ანტიქრისტეს სახელის ცოდნა?

6. რას წარმოადგენს რიცხვი 666?

7. ქრისტეს ბეჭედი და ანტიქრისტეს დაღი

ბოლოთქმა



რუსული გამოცემის წინასიტყვაობა

მოხარული ვარ, რომ ეს წიგნი გამოდის რუსულ ენაზე. ჩვენს დროში დავამ რიცხვ 666-ის გარშემო ფართო საეკლესიო წრეები მოიცვა, ეს კი შეიცავს საფრთხეს განვეშოროთ ისტორიულ-ქრისტიანულ აზროვნებას. თვით მოცემული თემის ირგვლივ ატეხილი არაჯანსაღი აჟიოტაჟი ადასტურებს, რომ ის არის ეშმაკის მიერ დაგებული ერთგვარი ხაფანგი; მსჯელობა "ანტიქრისტეს ბეჭედზე" მხოლოდ ეკლესიურ განხეთქილებებს იწვევს, თანაც ამ თემით გატაცებული ადამიანები შორდებიან ქრისტიანული ცხოვრების სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტას.

ამ განხეთქილებებმა ჩვენში, საბერძნეთში, უკვე მოახდინა ეპისკოპოსთა და მღვდელთა ნორმალური სამოძღვრო საქმიანობის პარალიზება, რომლებიც ქრისტეს ქადაგების ნაცვლად ჩართულნი აღმოჩნდნენ გაუთავებელ დავებში ე. წ. ფუნდამენტალისტებთან რიცხვ 666-თან და ანტიქრისტესთან დაკავშირებით.

დასასრულ მინდა მადლობა მოვუხადო მამა დიმიტრი სმირნოვს, რომელსაც ეკუთვნის ჩემი წიგნის რუსულ ენაზე თარგმნის ინიციატივა. ვისურვებ მან სარგებლობა მოუტანოს რუსულ ეკლესიას და მის ერთგულ შვილებს.

პერევეზა (Πρέβεζα), 2000 წ. 1 აგვისტო.


***

მიმართვა მკითხველისადმი

ღეს მთელ მსოფლიოში დავობენ რიცხვ 666-ისა და ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ, რომელიც, თუკი ერთხელ დაესმება ვინმეს, აღუხოცელად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ამ დავაში ჩართულნი აღმოჩნდნენ არა მარტო უბრალო ერისკაცები და სასულიერო პირებიც, არამედ ბერ-მონაზვნებიც - ათონის წმიდა მთის ბინადრები.

უნდა გავარკვიოთ, ვინ და რატომ ატეხა ასეთი ხმაური, რატომ იპყრობს ეს პრობლემა ობივატელის ყურადღებასა და ინტერესს. ეს ხომ მორიგ საგაზეთო სენსაციას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ღმრთისადმი მოშურნეობით გამოწვეულ დავას. ასევე უნდა გავარკვიოთ, რამდენად თანხმიერნი არიან უახლესი "გამოცხადებანი" ჩვენი ეკლესიის გადმოცემებთან და, თუკი არ არიან თანხმიერნი, მაშინ მათ დიდი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, უნდა აღვიჭურვოთ ღმრთის საჭურველით, რათა დავამხოთ ეშმაკის მზავკრობანი (2 კორინთ. 10:4). ხოლო თუკი ისინი სრულიად ეთანხმებიან წმიდა ეკლესიის სულსა და ასოს, მაშინ, უეჭველად, ღვთის ერი უნდა დავიცვათ საცთურთაგან, რომელიც ეშმაკისგან წარმოიშვება სამყაროში.

აქედან გამომდინარე ვეცდები ჩავატარო მცირედი გამოკვლევა მოცემულ თემაზე, რადგან მოძღვრობის აზრი სწორედ ადამიანთა სულების წინამძღვრობასა და ხელმძღვანელობაში მდგომარეობს. მე მივმართე წმიდა მამათა სწავლებას, წმიდა გადმოცემას და აღმოვაჩინე, რომ თვითონაც დამიშვია შეცდომები ჩემს ამასწინანდელ წიგნში "ნიშები და სასწაულები". რა თქმა უნდა, მე ვხელმძღვანელობდი კეთილი განზრახვით, მაგრამ ადამიანი ხომ ხშირად ცდება, ამიტომ "ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა" (ფსალმ. 15:7). ხოლო, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველას ვურჩევ მუდმივად შეამოწმოს საკუთარი თავი და მისდიოს მოციქულ პავლეს დარიგებას:  "გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი" (2 კორ. 13:5). სარწმუნოების დოგმატები ეხსნება მხოლოდ მორჩილ მეძიებელთ, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან უარი თქვან საკუთარ მცდარ შეხედულებაზე ჭეშმარიტების სასარგებლოდ.

ჩემი გამოკვლევა არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლემიკურ ხასიათს. მართალია, მე განვიხილავდი ზოგიერთ სადავო საკითხს და საწინააღმდეგო იდეას, ერთმანეთს ვადარებდი სხვადასხვა თვალსაზრისს, მაგრამ, ვცდილობდი კონკრეტულად ვინმე არ გამეკრიტიკებინა. მე მესმის, რომ მაინც დავექვემდებარები სხვადასხვა ბრალდებას, მაგრამ "თვითეულის საქმე ... ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს" (1 კორინთ. 3:13). ის, რაც მე დავწერე, ქრისტეს სადიდებლად დავწერე და ჩემს თავსაც მის სამართლიან მსჯავრს მივანდობ.


***
  
დავიწყებთ 1981 წლიდან, როდესაც, თუ გახსოვთ, პირველად დაიწყეს რიცხვ 666-თან და სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული საკითხების ფართო განხილვა. მანამდე მართლმადიდებლურ გარემოში ამ თემებს არ ეთმობოდა ესოდენ დიდი ყურადღება. ცნობილია, რომ წმიდა მამათაგან არავის უსწავლებია თუ რას ნიშნავს თვით ეს რიცხვი და, რომ ეს არის უშუალოდ ანტიქრისტესი ბეჭედი.

ჯერ-ერთი, რიცხვი 666 არც შეიძლებოდა განხილულ ყოფილიყო, როგორც მხეცის რიცხვი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული დამწერლობის განვითარების ეპოქაში რიცხვების ნაცვლად ანბანის ასოები გამოიყენებოდა და არა თანამედროვე არაბული რიცხვები, რომლებიც მაშინ არც არსებობდა. მხეცის რიცხვის გამოთვლის ყველა მცდელობიდან ცხადი ხდება, რომ ძველი ავტორები ყოველთვის იყენებდნენ ასოთა თვლას. გამოცხადების წიგნში ნათქვამია, - ანტიქრისტეს სახელის რიცხვი რომ გამოვთვალოთ, ჯამში მოგვცემს 666-ს.

ამრიგად, სწორედ 1981 წლიდან დაიწყო გავრცელება აზრმა, რომელიც სრულიად შეუთანხმებელია მართლმადიდებლურ გადმოცემასთან. მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღები თანაეზიარება ეშმაკს და მისი პიროვნებაც შესაბამისად იცვლება. სამყაროს აღსასრულის მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ ეს ბეჭედი საქონლის ყიდვის დროს მიიღება, რომელიც აღბეჭდილია დღეისთვის ესოდენ გავრცელებული შტრიხკოდებით. ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ ეს ბეჭედი აღუხოცელია და ადამიანში სამუდამოდ რჩება.

საიდან მოვიდა ეს იდეები და რატომ დაიპყრო მან ესოდენ სწრაფად ადამიანთა გონება? ცნობილია, რომ ისინი აღებულია არა წმიდა მამებისეული ლიტერატურიდან; მოცემული აზრი გაჩნდა არამართლმადიდებლურ გარემოში, აშშ-ში - ქვეყანაში, რომელიც ყოველგვარი მწვალებლობის, უგუნურებისა და დემონიზმის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი გამავრცელებელი იყო ვინმე მერი სტიუარტ რელფი, რომელმაც ამ თემაზე ორი ბესტსელერი დაწერა: "როდის კარგავს თქვენი ფული მნიშვნელობას" ("When your money fails") და "ახალი ფინანსური სისტემა" ("New Financial System").

ქ-ნი რელფი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური სისტემა ინტერნეტის, ასევე გლობალური კომპიუტერული ქსელისა და შტრიხკოდების მეშვეობით, ანტიქრისტეს მისაღებად გვამზადებს, ხოლო ვინც მათით სარგებლობს ის იღებს კიდეც ანტიქრისტეს ბეჭედს. აი ამგვარმა უცნაურმა მტკიცებულებებმა გააჩინა ესოდენ მხურვალე აჟიოტაჟი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

ყურადღების მისაპყრობად ქ-ნი რელფი მიმართავს ჩვეულებრივ ხრიკს. მას მოჰყავს ავტორიტეტულ მეცნიერთა, ღვთისმეტყველთა და სასულიერო პირთა ციტატები, რომელთა აზრის გაკრიტიკება თავში არავის მოუვა, და, იყენებს რა მათ სახელს, მკითხველს ჩუმჩუმად საკუთარ "სულიერ" აღმოჩენებსაც აპარებს. ასე, მაგალითად, ის იუწყება, რომ ვინმე ჯონ. ჰ. შეპერდმა მას "ქრისტესგან მიღებული შთაგონებით" ამცნო, რომ რიცხვი 666, როგორც ასეთი, არის კიდევაც ანტიქრისტეს ბეჭედი. ხოლო "სულიწმიდამ" უკვე თვით ქ-ნ რელფს პირადად ამცნო, რომ შტრიხკოდს გააჩნია ციფრი 666 და ის, ვინც ამ კოდიან საქონელს ყიდულობს, "მზითვად" ანტიქრისტეს ბეჭედს იღებს.

ამ და სხვა ამის მსგავსი "გამოცხადებების" გადმოცემის შემდეგ, ქ-ნი რელფი მიდის დასკვნამდე, რომ თვითონვეა წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა სატანური კომპიუტერული ტექნოლოგიისგან სამყაროს დასახსნელად გამოაგზავნა, ესოდენ სწრაფად რომ იპყრობს ადამიანის საქმიანობის ყველა სასიცოცხლო სფეროს.

ეს ბოდვა შეუძლებელია ღიმილის გარდა რაიმეს იწვევდეს, მაგრამ სულაც არ გვეღიმება, როდესაც ამერიკელი პროტესტანტის ბოდვები, რომელიც წინასწარმეტყველის პრეტენზიებით გამოდის და შავს თეთრისგან ვერ ასხვავებს, სახელმძღვანელო ხდება მართლმადიდებლურ გარემოში!

უცნაური და მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ აპროტესტებენ ქ-ნ რელფის იდეებით შთაგონებული ღვთისმეტყველები, ბერ-მონაზვნები და მღვდელმსახურები შტრიხ-კოდების გამოყენებას. ისინი მსჯელობენ ანტიქრისტეზე და მის ბეჭედზე, თუმცა ცხადია, რომ ეს მსჯელობა შეუძლებელია იწოდოს ღვთისმეტყველებად, რადგნა ყველა არგუმენტი აღებულია უცხო საეკლესიო გარემოდან. განა სასაცილო არ არის, როდესაც, მაღაზიაში იყიდი კონსერვს ან ჯელატინის შეკვრას და დანიშნულებისამებრ მათ მოხმარების შემდეგ ანტიქრისტესთვის სულმიყიდულად ჩაითვლები?
 
დღეისთვის უკვე ბევრი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე ჰყავს იდეას, რომლის მიხედვითაც შტრიხ-კოდი არის ანტიქრისტეს ბეჭედი. როგორც გინდ იყოს, 666 ყველაზე ჩვეულებრივი რიცხვია - არც მეტი, არც ნაკლები; ის აღნიშნავს განსაზღვრულ რაოდენობას და ჩვენს მიერ ჩვეულებრივ ისევე გამოიყენება, როგორც სხვა რიცხვები. სხვა ვერაფრით გამოირჩევა იგი დანარჩენი რიცხვებისგან და თავისთავად არ წარმოადგენენ ანტიქრისტეს ბეჭედს, გარდა იმისა, რომ მასთან დაკავშირებულია გარკვეული ასოციაციები.

მოდი განვსაჯოთ: თუკი ქ-ნი რელფს ესაუბრებოდა არა სულიწმიდა, მაშინ, გამოდის, მას სხვა სულთან ჰქონია კავშირი, - ხოლო თუ რომელთან მისი სწავლების ნაყოფის მიხედვით შევიცნობთ.

დაუშვებელია ხალხის დაშინება და ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, მითუმეტეს მისთვის ესოდენ რთულ პერიოდში. საჭიროა კრტიკულად მივუდგეთ ყოველგვარ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ, რომ მის უკან შეიძლება იმალებოდეს ბოროტგანზრახული და სოციალურად საშიში სიცრუე.

უინტერესო არ იქნება, თუ თვალს მივადევნებთ რა გზებით შემოაღწია საბერძნეთში ამერიკელი "წინასწარმეტყველის" ახლადგამომცხვარმა ბესტსელერმა. პირველად ქ-ნი რელფის წიგნი გადათარგმნა და გამოსცა ... ათონის წმიდა მთის ბინადარმა  ბერმა პართენმა. მის თარგმანს, რომელიც ქ-ნ რელფის ორივე "ნაშრომს" მოიცავს, ეწოდება "დროის საგანგაშო ნიშნები". მთარგმნელის სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ ის შიშობდა, ხომ არ იმყოფებოდა ამ წიგნებში გადმოცემული წინასწარმეტყველებების ავტორი სულიერ ხიბლში: "მე ვერ განვსჯი ამას. მხოლოდ ეკლესიაა კომპეტენტური მსგავს საკითხებში, ამიტომაც გადამწყვეტ სიტყვას მას დავუტოვებ და ვევედრები ღმერთს, გამოაგზავნოს მუშაკნი მკისთვის, ასევე შეგვაგონოს და განგვანათლოს ჩვენ".

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ბერმა პართენმა არ იზრუნა სულთა გამოცდისთვის (იხ. 1 იოანე 4:1-3). მან ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებისგან, სულიწმიდის ამ ერთ-ერთი უდიდესი ნიჭისგან, ვერ განასხვავა ქ-ნ რელფის დემონებისგან შთაგონებული ბოდვა. შეიძლება თუ არა სულიწმიდა ქადაგებდეს მწვალებლობას ან მკვიდრობდეს მწვალებელში? რითი ხელმძღვანელობდა ბერი პართენი, როდესაც ინგლისურიდან თარგმნიდა წიგნს, რომელიც აშკარად არამართლმადიდებლური მიდგომით ხასიათდება განსახილველი პრობლემისადმი და არ შეესაბამება წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების ტრადიციას? როგორ შეეშალა მას ეკლესიის სწავლება ამერიკელი სექტანტის მისტიფიკაციაში?

გარდა ამისა, საინტერესოა, ბერმა პართენმა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ბოლო და გადამწყვეტ სიტყვას ამ საკითხში უტოვებს ეკლესიას, რატომ არ სცადა გაეგო ეკლესიის აზრი ქ-ნ რელფის "გამოცხადებებზე" და რატომ არ წარუდგინა წმიდა სინოდის სასულიერო ცენზურის კომიტეტს თავისი თარგმანი? პირიქით, მან ის გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უცებ იფეთქა ვნებათა ბობოქარმა და დღემდე ჩაუქრობელმა ხანძარმა.

ცნობილია, რომ ქ-ნ რელფის წიგნი მრავალმა ათონელმა ბერმა წაიკითხა. მაგალითად, მღვდელმონაზონი ქრისტოდულე ანგელოგლუ თავის წიგნში "მხცოვანი პაისი" ამის შესახებ წერს: "წარმოიდგინეთ, ამ ფანტასტიკას მოეკიდნენ როგორც სერიოზულ წიგნს! აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხთა განმანათლებელი ნათელი აშშ-დან ბრწყინავს!"

საყოველთაო აპოსტასიისა და სამყაროს მოახლოებული აღსასრულის იდეით შეპყრობილი ადამიანები, შემდეგი სახის ლოზუნგებით გამოდიან: "ვინც რიცხვ 666-ის წინააღმდეგ არ იბრძვის, მან სული მიჰყიდა ანტიქრისტეს!" აი ასე ებრძვის დღეს სატანა ეკლესიას და ცდილობს მასში განხეთქილების სულის დამკვიდრებას. ამასთანავე ისმის შეხედულებები, რომ რადგან ეპისკოპატი და სამღვდელოება სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ისინი აუცილებლად მიეყიდებიან ანტიქრისტეს, როგორც მსოფლიო მონარქს, რომელმაც უიკვე ხელში ჩაიგდო მსოფლიო ფინანსური სისტემა; თაყვანს სცემენ მას, უკმევენ მას და "მრავალჟამიერსაც" უგალობენ. მსგავსი გამონათქვამები, რომელთა არსი დადის მტკიცებულებამდე: "ყველაფერი ცუდად არის, მზაკვარი გამარჯვებას ზეიმობს და არ ვიცით რა ვქნათ!" - გახლავთ სწორედ უსასოობის ფსიქოლოგიის გამოხატულება.

გასაგებია, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ქ-ნ რელფის ნაწერებისადმი ნდობამ. ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ეკლესიის წმიდა ერთობის დარღვევას. ამგვარი საშიშროების შესახებ გვაფრთხილებდა კოსმა ეტოლიელი და, როგორც ვხედავთ, კაცობრიობის მტერი ხელსაყრელ შანსს ხელიდან არ უშვებს. ეკლესიას მიადგა ზიანი და არცთუ მცირე.

მას, ვისაც თუნდაც მცირედი წარმოდგენა მაინც გააჩნია მართლმადიდებლურ, წმიდა მამებისეულ ღვთისმეტყველებაზე და მსოფლმხედველობაზე, და ეცნობა წმიდა მამათა თხზულებებს, რომელთათვისაც უცხოა არაჯანსაღი მისტიციზმი, ბრწყინვალედ ესმის, რომ მერი ს. რელფის ნაწერები დემონური შეპყრობილობისა და ხიბლის ნაყოფია. ვისაც სურს უფრო დეტალურად ჩაუღრმავდეს წმიდა მამათა სწავლებას ხიბლზე ვურჩევ გაეცნოს ღირსი ბარსონუფი დიდის პასუხებს ("Добротолюбие", т. 4) (ღირ. ბარსონუფი დიდის პასუხებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულადაც. იხ. ღირ. სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო. მამების ბარსანუფი დიდის და იოანეს პასუხები მოწაფეთა შეკითხვებზე. თბილისი 2019 წ. – "აპოკ". რედ.).

ფოტოსურათის წყარო: https://www.news-leader.com
მხეცის რიცხვი
ფოტო აღებულია საიტიდან:


1. ვინ არის ანტიქრისტე?

იესუ ქრისტე ლიტურგიკულ ტექსტებში იწოდება უტკბილესად - როგორც ძე ღმრთისა, ერთარსი და თანამესაყდრე დაუსაბამო მამისა. ის არის ჩვენი მაცხოვარი, მოწყალე და კაცთმოყვარე მსაჯული, დასაბამი შესვენებულთა და მარადიული ცხოვრებისა. მაგრამ მრავალი მისი ქმნილება ნაცვლად იმისა, უყვარდეს ქრისტე, ეზიაროს მას მარადიულ სიკეთეთა დასამკვიდრებლად, პირიქით, შურით აღიძვრის მის მიმართ. ამგვარ ქმნილებებში ჩნდება მასთან გათანაბრების და მეტიც, მასზე აღმატების მკრეხელური სურვილი. ასეთი ადამიანები ანტიქრისტეებად იწოდებიან.

გერქვას ანტიქრისტე - ნიშნავს გშურდეს ქრისტესი, გძულდეს იგი და ეწინააღმდეგებოდე მას ყოველივეში. პირველი ანტიქრისტე იყო ლუციფერი, რომელიც ჩამოემხო ციდან (ესაია 14:12). მისი მოქმედებები შეიძლება შევადაროთ გატეხვას, შემტვრევას.

ქრისტესგან განსხვავებით, რომელიც მოგვიწოდებს ვიყოთ მემკვიდრენი, ანუ თანამფლობელნი ცათა სასუფეველისა, ანტიქრისტე გვთავაზობს, ასე ვთქვათ, "სხვა გზით გასაძვრომს" (იოანე 10:1), არაკანონიერ გზას. ამასთან ის იმედოვნებს რომ ამით რამეს მოიგებს და ხარობს, როდესაც მისი სიცრუის დამჯერნი იღუპებიან. რაც უფრო იდიდება ქრისტე, მით უფრო შურს მისი ანტიქრისტეს, რაზეც მკაფიოდ მეტყველებს სახარება: "ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:5).

ცათა სასუფეველში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი კარით, რომელიც იესუ ქრისტეა (იოანე 10:1-9); იქ შესვლის უფლებას თავად ქრისტე ანიჭებს მისი წმიდა მცნებების დამცველთ. "სხვა გზით გადაძრომა" ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, კარების შემტვრევა, მხოლოდ "ქურდისა და ყაჩაღის" თვისებაა. ასე მოქმედებს ანტიქრისტეც და ატყუებს მის მიმდევართ, თითქოსდა ცათა სასუფევლის ("მიწიერი სამოთხის") აშენება შესაძლებელი იყოს ქრისტეს მცნებათა დაცვის გარეშეც და აჯერებს მათ, თითქოსდა ეს გზა უფრო იოლი და მიმზიდველია.
 
ყოველი ადამიანი ცხოვრების საკუთარ გზას პირადი შეხედულებების, მიდრეკილებებისა და სურვილებისამებრ ირჩევს. არც თუ იშვიათად ამ არჩევანის შედეგად ადამიანები ეხვევიან ეშმაკის, ამ პირველი ანტიქრისტეს ბადეში, და, როგორც ისტორიიდან ვიცით, თვითონაც ანტიქრისტეები ხდებიან. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბოლო ჟამს სამყაროზე ბატონობის სურვილით, იქნება საკუთრივ ანტიქრისტე, ამ სიტყვის კერძო გაგებით - ის, ვისზეც ესოდენ ბევრი დაწერილა და იწერება. ის მიაღწევს უდიდეს სიმაღლეებს და ეშმაკის შეწევნით შეძლებს არნახული სასწაულების აღსრულებას; ის იმდენად დაუახლოვდება სატანას და მის საქმეებს, რომ სატანასვე დაემსგავსება.
 
ანტიქრისტე, მთელი თავისი დემონური ძალის გამოყენებით, შეებრძოლება ქრისტეს. ელტვის რა ზეციური სასუფევლის დაპყრობას, მტარვალი ილუზიასა და სიცრუეში იცხოვრებს შურით გახევებულ ბოროტ მევენახეთა მსგავსად, რომლებიც ამბობდნენ: "აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ" (მათე 21:38).



2. როდის გამოჩნდება ანტიქრისტე?

მისი გამოჩენის ზუსტი დრო უცნობია, რადგან უფალმა თქვა: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7). ის, ვინც ცდილობს სამყაროს აღსასრულის ვადის გამოანგარიშებას, არღვევს უფლის განკარგულებას და დაისჯება, რადგან "ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი" (1 პეტრე. 5:5). ამაყები და ქედმაღლები, რომლებიც ესწრაფვიან ჩაწვდნენ იმ საიდუმლოთ, რომელთა კვლევა უფალმა აგვიკრძალა, ღმრთის მტრები ხდებიან.

ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტეს მოსვლას უშუალოდ მოსდევს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლა (2 თესალონიკ. 2:8). წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი (†236 წ.), ეკლესიის ერთ-ერთი უადრესი მოძღვარი, წერდა, რომ კაცობრიობის ისტორია ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობით დასრულდება. მაგრამ უფალი, თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარების გამო, მაშინაც არ მიგვატოვებს და იზრუნებს ჩვენზე მით, რომ ერთ შვიდეულამდე შეამოკლებს ანტიქრისტეს დედამიწაზე ყოფნის პერიოდს, როგორც ამას წმიდა წინასწარმეტყველი დანიელი ბრძანებს: "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27).

წმ. იპოლიტეს განმარტებით, სიტყვა "შვიდეულს" სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია და ის უნდა გავიგოთ არა ჩვენი შვიდდღიანი კვირის გაგებით, არამედ როგორც შვიდი წელი; ამ პერიოდში მოხდება ის, რაზეც წინასწარმეტყველები წერდნენ, როგორც ბოლო ჟამზე, როგორც სამყაროს აღსასრულზე. წმიდა იპოლიტეს აზრით, ეს შვიდი წელი კიდევ ორ თანაბარ პერიოდებად იყოფა, რაც იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებითაც" დასტურდება, სადაც ნათქვამია: "მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი" (გამოცხ. 11:3).

1260 დღე უდრის სამწელიწად ნახევარს. ცოდნა ამ ორი პერიოდის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი საკითის გასარკვევად:

წმ. იპოლიტე ასწავლის, რომ პირველ პერიოდში, რომლითაც მთავრდება მსოფლიო ისტორია, გამოჩნდება ორი წინასწარმეტყველი, ილია და ენოქი, რათა მსოფლიოს ჯერ ანტიქრისტეს გამოჩენა და მის შემდეგ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლა აუწყონ. ისინი 1260 დღის განმავლობაში იქადაგებენ და ასწავლიან მრავალთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი და მაცხოვარი მხოლოდ უფალი იესუ ქრისტეა, ასევე იტყვიან: "ნუ დაუჯერებთ მტერს, რომელიც მოვა და გამოგეცხადებათ, რადგან ის ქრისტეს მიმართ შურით აღძრული მოწინააღმდეგეა, ის ძეა წარწყმედისა, რომელიც თქვენს საცთუნებლად მოვიდა". წინასწარმეტყველები არ აღასრულებენ ნიშებსა და სასწაულებს, რადგან ისინი მოვლენ სინანულის საქადაგებლად; ისინი ძაძით შემოსებიან, რათა თავიანთი გარეგნობითაც კი ადამიანები სინანულისკენ აღძრან.

ამ სამწელიწად ნახევრის (პირველი პერიოდის - "აპოკ". რედ.) განმავლობაში ანტიქრისტე შეეცდება მოიპოვოს პოპულარობა, მოისყიდოს ადამიანები თავისი მოჩვენებითი სიკეთით, სამართლიანობითა და ღვთისმოშიშებით. მსოფლიო დაუჯერებს მის სათნოებებს, მაგრამ ილია და ენოქი ამხელენ ანტიქრისტეს ჭეშმარიტ ზრახვებს, რომელიც მოგვიანებით გამჟღავნდება.

ანტიქრისტეს მიზანი ერთია - ადამიანების ცთუნება, რათა მათ დაუჯერონ მას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს და თაყვანი სცენ როგორც ღმერთს, ანუ ამ ადამიანებმა ნებაყოფლობით უნდა მიუძღვნან თავი მისდამი მორჩილებას. მისი მიზანია - დააბნელოს ადამიანთა გონება და აზროვნება. ცთუნების საქმეში რომ წარემატოს, ის მოუწოდებს თავის თანამოაზრე ცრუწინასწარმეტყველს, რომელიც უდიდეს სასწაულებს იქმს ანტიქრისტეს სახელით, რათა ადამიანებმა თაყვანი სცენ მას (გამოცხ. 13:13). ეს ორნი ერთგვარად ემსგავსებიან ქრისტეს და ილიას. ცრუწინასწარმეტყველს მიეცემა ძალა ცეცხლიც კი გადმოიყვანოს ციდან - ცნობილია, რომ წინასწარმეტყველი ილია ზეცად ცეცხლოვანი ეტლით იქნა აღტაცებულ (4 მეფ. 2:11). არანაკლებ "სასწაულებრივი" იქნება მათი სიტყვებიც. პირველ პერიოდში ანტიქრისტე ადამიანთა გულებს დაიპყრობს თავისი მოჩვენებითი ქველმოქმედებითა და სათნოებებით, და თითქმის მთელი კაცობრიობა მას მიიღებს როგორც ზნეობრივად სრულყოფილ პიროვნებას.

წმ. იპოლიტე აღნიშნავს ანტიქრისტეს ძირითად თვისებებს:

ჯერ-ერთი, ის ეშმაკის შეწევნით აღასრულებს გაუგონარ სასწაულებს, მაგრამ ისინი ყალბი და მოჩვენებითი სასწაულები აღმოჩნდება. ის განკურნავს კეთროვნებს, პარალიზებულებს, განდევნის ეშმაკთ, იწინასწარმეტყველებს მომავალს, რათა ადამიანებმა დაივიწყონ ქრისტე და მით გახდნენ განდგომილები და გამყიდველები.

მეორეც, ის დროებით მოირგებს თავმდაბალი, მორჩილი, მოსიყვარულე და მშვიდობის მოყვარე ადამიანის ნიღაბს, პავლე მოციქულის სიტყვებით შეარიგებს ერთმანეთს გადამტერებულ ადამიანებს: "მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით" (ეფეს. 4:26). ის პოპულარობას სიცრუესთან, კორუფციასთან, კერპმსახურებასთან ბრძოლით მოიპოვებს; გულდასმით შეისწავლის წმიდა წერილს; პატივს მიაგებს ღვთისმსახურებს, ქედს მოუდრეკს უფროსებს, მოიძულებს სიძვას, დაგმობს მრუშობას, არ მოითმენს ფიცის დარღვევას და გამყიდველობას.

მესამეც, ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს გულღია, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილ და თანამგრძნობ ადამიანად; დაეხმარება ქვრივებს, ობლებს, სიყვარულით მოეფერება თითოეულ მათგანს. განსაკუთრებით მოაწონებს თავს ქრისტიანებს, მფარველობას გაუწევს მათ და საგანგებო ყურადღებას გამოიჩენს სასულიერო დასისა და ბერ-მონაზონთა მიმართ.

ამგვარი მზაკვრული პოლიტიკის წყალობით პირველ პერიოდში ანტიქრისტე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს: დედამიწის ერები, მისი მოჩვენებითი სათნოებებით, ტალანტებითა და დამსახურებებით ცთუნებულნი, მას მსოფლიოზე ხელმძღვანელობას შესთავაზებენ, და ისიც, მორჩილად მოაჩვენებს რა თავს მთელ კაცობრიობას, უარს იტყვის ამ შემოთავაზებაზე, თუმცა შემდეგ მას "უმრავლესობის მოთხოვნით" მაინც მიიღებს.

ამ პერიოდის მიწურულს ანტიქრისტეს ფანატიკურად განწყობილი მიმდევრები დაგმობენ ილიასა და ენოქს, როგორც ვითომცდა საყოველთაო სტაბილიზაციისა და კეთილდღეობის მტრებს და საჯაროდ დასჯიან მათ. ეს თვით ეპოქის ბელადის მონაწილეობის გარეშე მოხდება. წინასწარმეტყველთა მოკვლის დროდ წმიდა იპოლიტე ასახელებს მცირე რქის გამოჩენის პერიოდს, ხოლო თანამედროვეები, პირიქით, ამ პერიოდს ოქროს საუკუნედ ჩათვლიან და იტყვიან, რომ ეს არის კულტურისა და ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროსა აღორძინების ქარიზმატული ეპოქა.

მაგრამ, ანტიქრისტეს გამეფების მეორე პერიოდში (ანუ მეორე სამწელიწად ნახევარში - "აპოკ". რედ.) მოხდება მისი უეცარი ცვლილება. ახლა ის სულ სხვა ადამიანად გამოჩნდება, ვიდრე ეს ადრე იყო, ანუ იქნება ამაყი, სასტიკი, მძვინვარე, შურისმაძიებელი და მკრეხელი ტირანი. ის ძალიან მალე გამოაცხადებს მსოფლიოზე მარადიული ბატონობის პრეტენზიას. ამასთანავე ძირფესვიანად შიცვლება მისი პოლიტიკაც. ის დაითხოვს ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მის გამეფებას. ასე დასრულდება დემოკრატიის ეპოქა. ამის შემდეგ კი ანტიქრისტე მსოფლიო მთავრობაში შეიყვანს ეშმაკთ ადამიანის გარეგნობით. მაშინ შეიბილწება მრავალი ადამიანის სული, ანუ საღად მოაზრონვე და წესიერი ადამიანების უმრავლესობა ახალ ვითარებას დაეთანხმება და ახალ მსოფლიო წესრიგს მოემსახურება.

სწორედ მაშინ მრავალს გაუნათდება გონება და მიხვდებიან, რომ ის, ვისშიაც ხედავდნენ კეთილ და სამართლიან ადამიანს, სინამდვილეში ყოფილა მძვინვარე, უხეში, უგულო და ბოროტი არსება, რომელსაც სძულს მთელი კაცობრიობა და, რომელიც ლამობს მის სრულ განადგურებას.

ყველაფრისდა მიუხედავად ანტიქრისტე მაინც გააგრძელებს ქველმოქმედებას, აღასრულებს სასწაულებს, რათა ყველამ ის აღიარონ ღმერთად და თაყვანი სცენ მას, როგორც ღმერთსა და მეფეს. ის დაიწყებს მთების გადაადგილებას, გაივლის ზღვაზე, ცეცხლს ჩამოიყვანს ციდან, დღეს გარდააქცევს ღამედ, უბრძანებს მზეს და ყველანი იფიქრებენ, რომ მას ემორჩილება თვით ბუნება. ყოველივე ამის მიზანია - ადამიანები განაშოროს ჭეშმარიტი ღმრთისადმი რწმენას, აიძულოს ისინი დაივიწყონ ცათა სასუფევლის გზა; და ადამიანებიც გააღმერთებენ ანტიქრისტეს და თაყვანს სცემენ მას, როგორც ახალ და საკვირველთმოქმედ კერპს. ეს ყველაფერი კი იქნება მისი წარმატების აპოგეა. "ვინ არის ჩემზე უდიდესი უფალი? ვინ არის ჩემზე უმეტესი ღმერთი?" - იკითხავს მედიდურად ანტიქრისტე.

თავისი მოქმედებებითა და სიტყვებით ანტიქრისტე შეეცდება გაიმეოროს სახარებისეული მოვლენები და საეკლესიო სწავლება, - როგორც ქრისტე სულიწმიდით აღბეჭდავს თავის მონებს მირონცხების საიდუმლოში, ასევე ანტიქრისტეს მისცემს თავის მონებს, ანუ მათ, ვინც მას ღმერთად აღიარებს, ერთგვარ ცხებას, დაღს - ხილულ ნიშანს, რომელიც მისი მფარველობის  გამოხატულება იქნება და კიდევ ნიშანი იმისა, რომ კმაყოფილია თავისი მონის ერთგულებით. ეს ბეჭედი დაიცავს მათ ძალადობისა და ჭირვებისგან, ის ერთგვარი საშვი იქნება ადამიანის ცხოვრებაში. მისი მიღების ერთადერთი პირობა ანტიქრისტეს მსოფლიო მბრძანებლად და ღმერთად ნებაყოფლობითი აღიარება იქნება. ხოლო ის, ვინც მას ღმერთად არ აღიარებს და არ ისურვებს მისდამი მორჩილებას, არნახულ ტანჯვას და დევნულებას დაექვემდებარება.

ამგვარად, სანამ ანტიქრისტე თავს ღმერთად გამოაცხადებდეს, არავითარი ბეჭედი არ იქნება. ის მხოლოდ იმის შემდეგ გამოჩნდება, რაც მისი მმართველობა მიიღებს "თეოკრატიულ" ხასიათს. ამიტომაც, დღეს, როდესაც ანტიქრისტე ჯერაც მოსული არ არის და თავი ღმერთად არ გამოუცხადებია, დაუშვებელია ლაპარაკი მის ბეჭედზე. ხოლო ისინი, ვინც რიცხვ 666-ის გამო ამდენს ხმაურობს, თვითონაც მწარედ ცდება და სხვებსაც აცთუნებს.

ამრიგად, წმ. იპოლიტე რომაელის თხზულებიდან ჩანს, რომ ბოლო ჟამის უმთავრესი მოვლენა, ანტიქრისტეს მეფობის გარდამტეხი მომენტი იქნება მისი "გაღმერთება".

მაგრამ, იმის შემდეგაც კი, რაც ადამიანთა უმრავლესობა ანტიქრისტეს ღმერთად აღიარებს, მრავალი ქრისტიანი არ მიიღებს მის რელიგიას. ეს კი სხვაგვარადმოაზროვნეთა და სხვაგვარად მორწმუნეთა ტოტალურ დევნას გამოიწვევს, უფრო მძვინვარესა და სასტიკს, ვიდრე ეკლესიის ისტორიაში არსებული ყველა დევნულება. ის ქრისტიანები, ვინც თავიანთ რწმენას საჯაროდ დაადასტურებებენ და არ უარყოფენ მას, პირველ საუკუნეთა მოწამეებზე დიდნი აღმოჩნდებიან და ღმრთის სასუფეველში დაგვირგვინდებიან. წუთისოფლის ამაოებითა და ხორციელი ვნებებით შეპყრობილნი ვერ გაუძლებენ უკიდურესი სისასტიკისა და ჭირვების ასეთ ზეწოლას და განუდგებიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სულიერად უმწიფარნი, რომლებიც უფრო მიჯაჭვულნი არიან წუთისოფლის სიამეებს, მივლენ ანტიქრისტესთან და მის ბეჭედს მოითხოვენ, თანაც ამას საკუთარი ნება-სურვილითა და არჩევანით გააკეთებენ.

ანტიქრისტიანულ დევნულებათა მიზანია საბოლოოდ განდრიკოს მორწმუნეთა დარჩენილი ნაწილი ჭეშმარიტი ღმრთისშემეცნებისგან და პატიოსანი ჯვრის ნიშნის ნაცვლად ქრისტიანებს თავს ანტიქრისტეს ბეჭედი მოახვიოს, ანუ აიძულოს ყველა მთელი გულითა და სულით, მთელი ცნობიერებით ანტიქრისტე აღიარონ საკუთარ ღმერთად, ჭეშმარიტი ღმერთი კი უარყონ და დაივიწყონ. სწორედ მაშინ შეირყვნება ყველაფერი, და თუმც რელიგია და მისი ატრიბუტიკა დარჩება, მისი არსი შეიცვლება - ეს იქნება სხვა ღმერთისადმი მსახურება. თვით ქრისტეს სახელი აიკრძალება, და ხსოვნა მასზე აღმოიფხვრება. დადგება მოოხრების სისაძაგლე, რომელიც დანიელმა იწინასწარმეტყველა, როდესაც დაიწყება ღმრთის ტაძრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. როგორც ნილოს მირონმდინარე ამბობს - "იმ დროს ადამიანებში ქრისტეს ღირებულება ქუჩაში დაყრილი ნაგვის ღირებულებას გაუტოლდება".

იბადება კითხვა: მაშ, ეპისკოპოსები და მღვდლები - ღმრთის ერის სულიერი წინამძღვრები - ყოველივე ამას დაუშვებენ და ანტიქრისტეს გაჰყვებიან? ნუმც იყოფინ! ცხადია, ბევრი მათგანი ცდუნდება, მაგრამ არა ყველა, და ის, ვინც ქრისტეს ერთგული დარჩება, გმირულად შეასრულებს თავის მსახურებას და უსისხლო მსხვერპლს შეწირავს, საშინელ ტანჯვა-წამებას დაექვემდებარება. ამგვართ ისტორიაში გაუგონარი ტანჯვა-წამება და ანტიქრისტეს მთელი მძვინვარება დაატყდებათ თავზე.

საშინელ ჭირვებაში ჩავარდება ქრისტეს ერთგული მცირე სამწყსო, ისეთ ჭირვებაში "რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21). ქრისტიანები დაიქანცებიან უმძიმესი დევნულებებისგან, დაემალებიან დევნულებას, და მოწყალე უფალი რჩეულთა გამო 1260 დღემდე შეამცირებს ტანჯვათა დღეებს. ანტიქრისტეს მეფობის მეორე პერიოდის დასასრული მსოფლიო ისტორიის დასასრულს დაემთხვევა.

რაც შეეხება ანტიქრისტეს ზოგიერთი მიმდევრის იმედგაცრუებას თავისი კერპის ღირსებებში, ეს არ იქნება სინანული ქრისტიანული აზრით. ისინი შეეცდებიან დაემალონ მას, მაგრამ ვერ შეძლებენ, რადგან მისი სახელის დაღის მიხედვით მათი მოძებნა ადვილი იქნება.

ანტიქრისტე ირწმუნებს თავის ღვთაებრივ უკვდავებას და თავისი მეფობის უსასრულობას, მას გაუხარდება საკუთარი სიძლიერე, მაგრამ როგორც "ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე" (მათე 24:27) - ასე გამოჩნდება ცაში კაცის ძის ნიშანიც, რომელიც მზეზე უმეტესად გაბრწყინდება და მიწაზე მცხოვრებთ აუწყებს ქვეყნიერების მსაჯულის უფალ იესუ ქრისტეს მეორედ და ბრწყინვალედ მოსვლას. და უფალიც, თავისი დიდების ბრწყინვალებით გაანადგურებს ანქრისტეს სამეფოს, ხოლო თვით ანტიქრისტეს "შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8).

ამგვარად, ანტიქრისტე გამოვა პოლიტიკური და ქარიზმატულ-რელიგიური ლიდერის სახით. თავისთავად ასეთი შეხამება ახალი როდია - მაგალითად, რომის იმპერატორმა ნერონმა თავი ღმერთად გამოაცხადა და მისი ქანდაკებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოითხოვა. მართალია, მოციქული პავლე საიმპერატორო ხელისუფლებას უმაღლეს ხელისუფლებას უწოდებს,მაგრამ ამით მხოლოდ კეისარს კეისრისას აძლევს, ღმერთს კი - ღმრთისას. მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელი († 156) კატეგორიულად უარს ამბობდა ღვთაებრივი პატივი მიეგო იმპერატორისთვის, რის გამო თავი მოჰკვეთეს. ერთია აღიარო უმაღლესი ხელისუფლება და დაიცვა მის მიერ დაწესებული კანონები და სულ სხვა, - მთელი გულით მიიღო იგი და დაუჯერო მის რელიგიურ დოქტრინას.
 
წმიდა პოლიკარპე სმირნელის მსგავსად, რომის იმპერიაში მაშინ მრავალი ათასი ქრისტიანი ეწამა. მაგალითად, წმმ. გიორგი ძლევაშემოსილი, დიმიტრი თესალონიკელი, თევდორე, ანდრია და საბა სტრატილატები, რომლებიც მეომრები იყვნენ და თავიანთ მხედართმთავრებს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ ეწამნენ, რადგან ღვთაებრივი პატივი არ მიაგეს იმპერატორის ქანდაკებას. ისინი თამამად იბრძოდნენ რომაული ბაირაღების ქვეშ, რომელზეც არწივი იყო გამოსახული, მაგრამ არც ერთი მათგანი, მაშინაც კი, როდესაც წარმართული დროშის წინამძღოლობით იბრძოდნენ, არასოდეს განდგომია ქრისტეს.  

იგივეს ვხედავთ ქრისტიან ერებზე ისლამის ბატონობის დროსაც. წმიდა პატრიარქები სოფრონ იერუსალიმელი და გენადი II სქოლარიუს კონსტანტინოპოლელი მუსლიმი ხელისუფლებისგან იღებდნენ ფირმანებს - სიგელებს, რომლებიც ადასტურებდა მათ ლეგიტიმურობას და აღიარებას სახელმწიფოს მხრიდან. ეს დოკუმენტი გაიცემოდა ალაჰის სახელით, მათში დამოწმებული იყო ტექსტი ყურანიდან, ხოლო წელთაღრიცხვა მუსლიმური კალენდრით წარმოებდა. მაგრამ ეს წმინდანები, სულაც არ აპირებდნენ ქრისტეს უარყოფას, ფირმანებსა და ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებს კი უყურებდნენ, როგორც ეკლესიის უფლებების მარეგულირებელ საბუთს ისლამურ საზოგადოებაში. ისინი ამ სიგელებში დამოწმებულ ყურანის ფრაზებს და ალაჰის სახელს აღიქვამდნენ როგორც მხოლოდ სულთანის ან ხალიფას რწმენის გამოხატულებას, რომლებიც მაშინ ქრისტიან ერებზე ბატონობდნენ.

ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სახელმწიფოს მეთაური ქრისტეს საწინააღმდეგო რელიგიური იდეის მქადაგებლისგან. უნდა მივცეთ კეისარს კეისრისა, ღმერთს კი ღმრთისა (მათე 22:21).  ამ მხრივ აქტუალურია და მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის პერიოდში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანთა გამოცდილება. საბჭოთა კავშირში მცხოვრებთა პასპორტებში მოცემული იყო არა ქრისტიანული სიმბოლიკა, მაგრამ ისინი მაინც ემორჩილებოდნენ საბჭოურ კანონებს, მსახურობდნენ ჯარში, და ემორჩილებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთ, მაგრამ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ იღებდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას: ათეიზმს, ანტიქრისტიანობას და სხვა. - ერთი სიტყვით, არ უარყოფდნენ ქრისტეს.

ასე მოვიქცევით ჩვენც როდესაც ანტიქრისტე მოვა. ჩვენ ვერ მოვახერხებთ საკუთარი თავის იზოლირებას წუთისოფლისგან, არამედ მოგვიწევს ცხოვრება მისი რეალიების მიხედვით, რის გამოც საჭიროა ვიცოდეთ, რომ სხვაა სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები, პასპორტების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდებისა და ფულის ჩათვლით და სულ სხვა - ქრისტე და ჩვენ მიერ მისი აღიარება ჭეშმარიტ ღმერთად. და, როდესაც ანტიქრისტეს დრო დადგება, უნდა მივდიოთ იმავე პრინციპებს, რომლითაც ხელმძღვანელობდა ეკლესია ნებისმიერ დროს მისთვის მტრულად განწყობილი ხელისუფლების პირობებში.

სანამ ეს დროება ჯერაც არ დამდგარა, მსოფლიოს არ მართავს "მსოფლიოს მბრძანებელი" და ჩვენგანაც არავინ ითხოვს ვემსახუროთ მას როგორც ღმერთს, ამიტომაც, ლოგიკურად ვიღებთ დასკვნას, რომ სამყაროს აღსასრულის არც პირველი და არც მეორე პერიოდი ჯერაც არ დამდგარა.
მხეცის რიცხვი
ფოტო აღებულია საიტიდან:


წმიდა წერილი ანტიქრისტეს შესახებ

მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წერს: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესუ შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.  ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,  და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:1-12).

ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე ჩვენთვის სანატრელი უნდა იყოს, "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე" (1 თესალონიკ. 4:16-18). რატომ უნდა ეშინოდეთ ქრისტიანთ ანტიქრისტეს მოსვლისა, თუკი მისი მოსვლის შემდეგ მათ თვით უფალ იესუ ქრისტესთან შეხვედრა მოუწევთ?!

"გონება", ეკლესიის სწავლებით, არა მარტო ცნობიერებაა, არამედ უპირველეს ყოვლისა გახლავთ სწორი ანუ მართლმადიდებლური აზროვნება, რომელიც ქრისტეს სჯულის დაცვას ითხოვს, და არა უაზრო ფანტაზიების მიყოლას საღვთისმეტყველო თემებში.

"ნუ შეიძვრით" ნიშნავს, რომ იესუ ქრისტესადმი ჩვენი რწმენა ვერაფერმა უნდა შეარყიოს, ანუ ჩვენ უნდა განვეშოროთ ყოველივე იმას, რამაც შეიძლება დაგვაზიანოს, და ჩვენი რწმენა დაამახინჯოს. არ უნდა ვერწმუნოთ არანაირ, ერთი შეხედვით, ღვთისმოსავ ლეგენდას ან ვუსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც გადამეტებულად წარმოუდგენიათ ეშმაკისა და მისი მსახურის ანტიქრისტეს ძლიერება, შედეგად, ღმრთის ყოვლისშემძლეობისა არ სწამთ. ეკლესიის დიდი წმინდანი იოანე ოქროპირი ამბობს: "ეს თუნდაც ისეთმა ვინმემ გითხრათ, ვისაც წინასწარმეტყველების სული აქვს, ნუ ირწმუნებთო" (მესამე ჰომილია. თესალონიკელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეს განმარტება. § 2). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნურავინ გაცთუნებთ.

"არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი" - ეს სიტყვები ნიშნავს არა ღმრთისგან განდგომილებას, რომელშიც ადამის დანაშაულის შემდეგ იმყოფება კაცობრიობა, არამედ იმის მოსვლას, რომელიც უმეთაურებს ყველა დროისა და ხალხის საბოლოო განდგომილებას. ამის შესახებ მკაფიოდ და ნათლად ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი: "რა არის განდგომილება? განდგომილებას იგი თვით ანტიქრისტეს უწოდებს, ინაიდან იგი მტავალთ დაღუპავს და განდგომილებამდე მიიყვანს" (იქვე).

მაშასადამე, როდესაც მოციქული ბრძანებს "ნუ შეშფოთდებით", გულისხმობს, რომ არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა მოარულ აზრებს სამყაროს აღსასრულისა და სხვა მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, რამეთუ ისინი განსაზღვრულნი არიან თვით ღმრთის მიერ და არავის ძალუძს მათი შეცვლა.

გამოჩნდება დიდი განდგომილიც, რომელიც "მოვა თავისივე სახელით" (იოანე 5:43), საღმრთო პატივს მოითხოვს და ადამიანებს აიძულებს აღიარონ ის ჭეშმარიტ ღმერთად. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ამიტომაც შეუძლებელია ლაპარაკი ანტიქრისტეს მოსვლაზე და მითუმეტეს მის ბეჭედზე, რომელიც შეუძლებელია მის მსოფლიო გაბატონებამდე არსებობდეს. შედეგად, ვინც ბევრს ხმაურობს ანტიქრისტეს თემაზე და სამყაროს აღსასრულზე, აცთუნებს მრავალ ადამიანს და თვითონაც მძიმედ სცოდავს.  

"ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად". ანტიქრისტე ერთმანეთს გაუთანაბრებს ყველა რელიგიას და მოახდენს მათ უნიფიცირებას. ის ყველას შესთავაზებს ერთიანი მსოფლიო რელიგიის შუალედურ ვარიანტს, "სუფთად სულიერ" ეკლესიას, რომელიც არ შეასწავლის კერპთაყვანისმცემლობას და სპირიტიზმს ან თაყვანი სცენ სატანას. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, ყველა ძველი ღმერთი გაუქმდება, ანუ მომზადდება ახალი, საყოველთაო "ღმერთის" მოსვლა, რომლის თაყვანისცემა ადრე არსებულ "ღმერთთა" თაყვანისცემაზე აღმატებული იქნება. ეს ახალი კაც-ღმერთი კაცობრიობას შესთავაზებს "სუფთა თაყვანისცემას ჭეშმარიტებისადმი", ხოლო თაყვანისცემის ობიექტად წარმოაჩენს საკუთარ პიროვნებას.

წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ ანტიქრისტე არა მარტო ღმერთად დაჯდება იერუსალიმის ტაძარში (1), არამედ განკარგულებას გასცემს მსოფლიოს ყველა ტაძარში დადგან მისი გამოსახულება.

__________

(1). უნდა აღინიშნოს, რომ აქ გაუგებარია თუ რას გულისხმობს "იერუსალიმის ტაძარი". თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ღვთის ტაძარში დაჯდება, - არა მარტო იერუსალიმის ტაძარში, არამედ ეკლესიებში ყველგან" (წმ. იოანე ოქროპირი. თესალონიკელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეს განმარტება. ჰომილია მესამე. § 2). თავის მეხუთე ჰომილიაში "იუდეველთა წინააღმდეგ" წმ. იოანე ოქროპირი სრულიად მკაფიოდ ასწავლის, რომ იუდეველები ვერ შეძლებენ სოლომონის მესამე ტაძრის აშენებას. წმ. იოანე ოქროპირი მიუთითებს, რომ ანტიქრისტე არ დაჯდება ერთ კონკრეტულ რომელიმე ტაძარში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იერუსალიმში ის ააშენებს თავის განსაკუთრებულ ტაძარს (და არა სოლომონისას), რომელიც ღმერთს მიეძღვნება და ამ ტაძარში თვითონვე დაჯდება ღმერთად, რადგან ის აღზევდება არა მარტო ქრისტიანობაზე, არამედ ყველა რელიგიაზე, მათ შორის იუდაიზმზეც, და ამიტომაც, რომელიმე აღმსარებლობისა თუ რელიგიის ტაძარი მისთვის შეუფერებელი იქნება. შესაძლოა ამას ნიშნავდეს სიტყვები: "ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად". თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი წმიდა მამა ფიქრობდა, რომ აქ სწორედ სოლომონის მესამე ტაძარი იგულისხმება. – "აპოკალიფსისის" რედაქცია.

__________

ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი ანტიქრისტეს ფანატიკური მიმდევარი აღმოჩნდება, რადგან თავისი ბატონობის დასაწყისიდანვე შეეცდება იგი თავი წარმოაჩინოს დემოკრატად, კაცობრიობის სამართლიან ხელმძღვანელად. მაგრამ, ფრთხილად ვიყოთ - ადამიანთა ცხოვნება და მართალი გზის ჩვენება მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მის ეკლესიას შეუძლია.

"ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს". რა უშლის ხელს ანტიქრისტეს გამოჩენას და ეკლესიის განადგურებას? წმ. იოანე ოქროპირი, ეფრემ ასურელი, ამბროსი მედიოლანელი და აპოკალიფსისის სხვა კომენტატორები ამბობენ, რომ ეს შემკავებელი რომის სახელმწიფოებრივი ძალაუფლებაა, და არა სულიწმიდის რომელიმე განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ ადამიანს გააჩნდეს. ასე მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი ასწავლის, რომ რომაულ სახელმწიფოებრივ ძალაუფლებას სწორედ ანტიქრისტე გააუქმებს. ასე ფიქრობდა ნიკოდიმე მთაწმინდელიც: "ხოლო შენ, მკითხველო, ყველაზე ჭეშმარიტ განმარტებად წმიდა იოანე ოქროპირის განმარტება მიიღე".

"ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით". ამის შესახებ ბევრია ნათქვამი ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის წიგნში "ნიშები და სასწაულები".

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოვლენათა თანმიმდევრობას, რომელიც წინ უძღვის ანტიქრისტეს გამეფებას.

ჯერ მოხდება მართლმადიდებლური მონარქიების დაცემა, შემდეგ კი ქრისტეს რწმენაზე დაფუძნებული ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის სრული განადგურება. ამის შემდეგ მოვა ანტიქრისტე, რომელიც უცებ როდი გამოავლენს თავის განდგომილებას და ქრისტეს მტრობას. თავისი სახელის შემცველი ბეჭდით საკუთარ მიმდევრებს ის მხოლოდ თავისი მეფობის ბოლოს აღბეჭდავს. ის არავის მიეცემა ძალდატანებით, რადგან ეშმაკს სურს მორწმუნეთა ნებაყოფლობითი განდგომა ღმრთისგან და ნებაყოფლობითი თაყვანისცემა. ამის შემდეგ ცაში გამოჩნდება უფლის პატიოსანი ჯვრის ნიშანი, რასაც უკვე მოსდევს იესუ ქრისტეს ბრწყინვალე მეორედ მოსვლა.

წმიდა წერილიდან და წმიდა მამათაგან აღწერილ ამ მოვლენათა თანმიმდევრობის არევა და გადასხვაფერება, მოწმობს იმაზე, რომ ის, ვინც ამგვარ ხერხებს მიმართავს ძლიერ ცდება, ეშმაკის გავლენის ქვეშ არის და მისი ჩანაფიქრის განმახორციელებელი ხდება, რის შედეგადაც ადამიანებში მხოლოდ შიშსა და უსასოობას თესავს!

ანტიქრისტესა და მისი ბეჭდის გარშემო გამეფებული შიში, ნებით თუ უნებლიედ მხოლოდ მისი სიდიადის აღიარებას ემსახურება და ერთდროულად ბადებს ქრისტეს ყოვლისშემძლეობისადმი ურწმუნოებას, საბოლოო ჯამში კი - აზრს იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი და უძლეველი სარწმუნოება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტესთან შედარებით ანტიქრისტე - არარაობაა! უფალი მას შემუსრავს მარტოდენ "თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" და ანტიქრისტეს მთელი ძალაუფლება თვალის დახამხამებაში განქარდება.

თავის პირველ კათოლიკე ეპისტოლეში წმიდა მოციქული და მახარობელი იოანე ბრძანებს: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.  ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე. თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით" (1 იოანე 2:18-27).

მოციქული ხაზს უსვამს, რომ ანტიქრისტეები წარმოდგებიან ქრისტიანთა წიაღიდან, ანუ ამბობს, რომ ისინი ოდესღაც მიეკუთვნებოდნენ ეკლესიას, მაგრამ ბოლო დროს განუდგნენ მას, რამეთუ მისი ერთგული შვილები არასოდეს ყოფილან. როგორც ვხედავთ, საკმარისი არ არის ფორმალურად განეკუთვნებოდე ეკლესიას, საჭიროა ასევე მონაწილეობდე მის ღმერთკაცობრივ ბუნებაში, მიიღო მისი სული.

სიტყვა "ანტიქრისტე" შეიძლება გავიგოთ ორი მნიშვნელობით: პირველი ეს არის - ბოლო დროების ანტიქრისტე და მეორე, უსჯულოების ის საიდუმლო, რომლის შესახებაც მოციქული პავლე ლაპარაკობს. ამიტომაც ამ უსჯულოების როგორც ნებით, ასევე უნებლიე მსახურებს, რომლებსაც ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რას იქმან, ეკლესია ანტიქრისტეს წინამორბედებს უწოდებს.

უსჯულოების საიდუმლოს მოქმედება ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ვრცელდება. ნიკოდიმე მთაწმინდელი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ანტიქრისტეები არიან მწვალებლები, რომელთა სარწმუნოება შეიცავს მკრეხელურ დოგმატებს; ესენი არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც დევნიან ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიას.

კაცობრიობის ისტორიამ ანტიქრისტეს მრავალი წინამორბედი იცის - საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ XX ს-ის მოვლენები. ის, ვინც შეგნებულად რყვნის ეკლესიის რწმენას, მის სწავლებას და იბრძვის თვით ეკლესიის წინააღმდეგ, გარდაუვალად აღმოჩნდება ანტიქრისტეს ხელში და დაემსგავსება მას; ამასთანავე, ის ანტიქრისტეს მორჩილი ორგანო გახდება, თუნდაც ვერც გულისხმაყოფდეს, რომ ეშმაკს ემსახურება.

ანტიქრისტეების ძირითადი ნიშანია მათი სრული და გადაჭრითი უარყოფა იმისა, რომ იესუ ქრისტეს არის ძე ღმრთისა, ერთარსი მამისა. ღმრთის ძისადმი რწმენა ნიშნავს მამა ღმერთთან მისი თანასწორობის აღიარებას. ღმრთის ძე ჩვენი ცხოვნებისთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა მესამე დღეს. ვინც უარყოფს ქრისტიანული სარწმუნოების ამ უძირითადეს დოგმატს არის კიდევაც ანტიქრისტე (როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული გაგებით - "აპოკ." რედ.).

მაშ, როგორ დავიცვათ თავი ეშმაკისა და მისი მსახურების ესოდენ მრავალი საფრხისგან? ერთადერთი გზა - სწორი სარწმუნოების დაცვაა, რომელშიც გვწინამძღვრობს ეკლესია.

ეკლესია არის "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", და ის, ვინც არ აღიარებს მის დოგმატებს, ეფუძნება საკუთარ განსჯას და ეკლესიისადმი შეპასუხებას ბედავს, შეუძლებელია იწოდოს ეკლესიის წევრად. როგორც ფარას განშორებული ცხვარი გარდაუვალად ხდება მგლის ლუკმა, ასევე ეკლესიას განშორებული მორწმუნე გარდაუვალად ებმება ეშმაკის მახეში, რომელიც, როგორც ვიცით, ყოველთვის ელტვის ადამიანთა ცთუნებასა და წარწყმედას.

აპოკალიფსისის 12-ე თავის მე-3 მუხლში ნათქვამია: "სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად" (გამოცხ. 12:3-4). საეკლესიო მწერლების ეკუმენიოსისა (დაახლ. 600 წ.) და არეთა კესარიელის (IX-Х სს.) განმარტებით, რომლებიც სამი მხეცის შესახებ წერდნენ, ლაპარაკია დაცემულ ანგელოზზე, ანუ თვით სატანაზე.

მეორე მხეცი გამოდის ზღვიდან: "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი" (გამოცხ. 13:1).

"ზღვა" - ეს ბნელი სულიერი სამყაროა, რომელშიც ქრისტეს საწინააღმდეგო სული ბატონობს და, რომელშიც ანტიქრისტეს ძალები ქრისტიანობას ებრძვიან. ეს ბნელი ძალები მოქმედებენ როგორც ერთდროულად მთელ საზოგადოებაზე, ასევე თითოეულ ადამიანზეც ცალ-ცალკე და მათ ქრისტეს მიმართ სიძულვილს შთააგონებენ.

ამგვარად, მეორე მხეცი - ეს ვინმე კონკრეტული ადამიანი კი არ არის, არამედ ადამიანთა დაჯგუფებაა, საზოგადოებაა, რომელიც ელტვის ქრისტიანობის განადგურებას. მხეცს რომ შვიდი თავი აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანთა ერთობლიობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მეორე მხეცი არ არის ბოლო დროის ანტიქრისტე, არამედ მხოლოდ მისი წინამორბედებია.

ანტიქრისტეს შესახებ უფრო ვრცლად და სრულად ნათქვამია წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, კერძოდ 13-ე თავში, სადაც ვკითხულობთ: "მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.  და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.  ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი"  (გამოცხ. 13:11-18).

სხვა მხეცი ამოვიდა "მიწიდან". ის თითქოსდა კრავივით იყო, მაგრამ "ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" , ლაპარაკობდა ეშმაკის სახელით, მას მიეცა პირველი მხეცის მთელი ძალა, რომლის თაყვანისცემასაც მოითხოვს ყველა ადამიანისგან. მისი არნახული სასწაულები აცთუნებს უამრავ ადამიანს და მით აიძულებს მათ თაყვანი სცენ მხეცს, რაც ფაქტობრივად მასში ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებას ნიშნავს. მას მიეცემა ნება, რომ სული ჩაუდგას მხეცის ხატს, რათა ადამიანებმა, როგორც ცოცხალ ღმერთს თაყვანი სცემ ამ ხატებას.

სიტყვები "მიწიდან", მრავალი კომენტატორის აზრით ნიშნავს იმას, რომ ის უბრალოდ ადამიანი იქნება. მაგრამ, რადგან მისი ინტელექტი ბევრად აღემატება საშუალო დონეს, მრავალ ადამიანს მსოფლიო მასშტაბის გენიოსად მოეჩვენება, სინამდვილეში კი ის მხოლოდ კადნიერი, მოხერხებული და გულგრილი პოლიტიკოსი იქნება. მხოლოდ წუთისოფლის ამაოებას და მის ღირებულებებს მიდევნებული ადამიანი შეიძლება გახდეს "ცოდვის კაცი", როგორც მას მოციქული პავლე უწოდებს.

თავის ჩანაფიქრში რომ წარემატოს, მიწიდან ამომავალი მხეცი, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ყველას თავს მოაჩვენებს სამართლიან ადამიანად, საყოველთაო სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და ძმობისთვის მებრძოლ საზოგადოებრივ მოღვაწედ. ანტიქრისტე ფარულად ადამიანებში ქრისტიანობის მიმართ ეჭვებსაც დათესავს, ყველა რელიგიის წარმომადგენელს, რელიგიის უმთავრესი ელემენტის - საზოგადო ღვთისმსახურებაზე უარის თქმის გზით, გაერთიანებისკენ და სულიერი ცხოვრების ახალი, "სრულყოფილი" ფორმის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

ანტიქრისტე "დიდი განდობის" მქონეობას დაიჩემებს, ყველას "განწმენდისკენ" და მისი "სულით თაყვანისცემისკენ" მოუწოდებს. და მაშინ ზღვიდან ამომავალი პირველი მხეცის მთელი ამალა შეიკრიბება ანტიქრისტეს გარშემო, აღიარებს მას თავის ბელადად, მიეცემა მას სრულად და მის ყურმოჭრილ მონად გადაიქცევა. ანტიქრისტეს ეს მხედრობა დედამიწის მთელ მოსახლეობას აიძულებს თაყვანი სცენ პირველ მხეცს.

ამრიგად, მესამე მხეცი ამოდის მიწიდან, ანუ მსოფლიოდან. მისი ამოცანაა - ქრისტიანობის პრაქტიკული დამხობა. ანტიქრისტეს წინამორბედები (მხეცის მეორე თავი) მესამე მხეცის გარშემო შეიკრიბებიან, რათა დედამიწაზე ქრისტესადმი რწმენა გაანადგურონ. მათ უხელმძღვანელებს ერთი ადამიანი და არა ადამიანთა ჯგუფი. სწორედ ის იქნება ბოლო ჟამინდელი ანტიქრისტე, ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით. წმიდა იპოლიტე რომაელის სწავლებით, მიწიდან ამომავალი მხეცი, ანტიქრისტეს სამეფოა.

ორმოცდამეათე დღიდან სამყაროს აღსასრულამდე ბევრი ანტიქრისტე მოსულა და კიდევ მოვა. მათი საერთო ნიშანია - ქრისტეს ეკლესიისადმი წინააღმდეგობა, მაგრამ მათგან არავის არ გამოუცხადებია თავი ღმერთად, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად. ყველა თავისი სახელით მოდის, მაგრამ არც ერთი არ მოინდომებს დაღი დაადოს თავის მიმდევრებს. ერთსაც და მეორესაც გააკეთებს თვით ანტიქრისტე - ამ სიტყვის კერძო და საკუთრივი მნიშვნელობით.

"მიწაში", რომლიდანაც მხეცი გამოდის, ასევე უნდა ვიგულისხმოთ მიწიერი ცხოვრება. როგორც უკვე აღინიშნა, ანტიქრისტეს მოქმედება მიმართული იქნება ადამიანის ყოფითი ცხოვრების ბუნებრივი სირთულეების გადალახვისკენ, და არა ღმრთის ნების შესრულებისკენ. სწორედ იმიტომ გამოდის ის მიწიდან, და არ ჩამოდის ციდან, როგორც ჩამოვიდა ძე კაცისა, რომ აღზევდე. ის თანდათანობით განაწყობს მსოფლიოს ღმერთის წინააღმდეგ და აიძულებს მას გადაემტეროს უფალს. ხოლო ამისთვის დიდი მოშურნეობით შეუდგება კაცობრიობის ერთ თავისუფალ კავშირში გაერთიანების ქადაგებას, სადაც მისი თქმით იმეფებს ძმობა, თანასწორობა და თავისუფლება; თავისი მიზნის მისაღწევად ის გამოიყენებს ორმაგი სტანდარტის ხერხებს, რადგან ფორმალურად ადამიანებს ღმრთისკენ მოუწოდებს, სინამდვილეში კი - უღმრთოებას ჩააგონებს. მის გამოსვლებში გაიჟღერებს ორი მთავარი თემა: კომპრომისის მიღწევის აუცილებლობა და ჭეშმარიტების ფარდობითობა. რელიგია, რომელსაც ის იქადაგებს, საბოლოო ჯამში ადამიანებს განაშორებს ღმერთს და აიძულებს მათ მხეცის თაყვანისცემას.
სასწაულებით ანტიქრისტე ადამიანებში გააღვივებს რწმენას საკუთარი თავისადმი, დაარწმუნებს მათ საკუთარ ძლიერებაში, რითაც კიდევ უფრო დააშორებს მათ უფალს. წინასწარმეტყველ ილიას ცეცხლი ჩამოჰყავდა ციდან, რითაც დაამხო ბაალის მოგვები, რადგან ამით ისრაელის ღმერთის ძლიერება აჩვენა. ხოლო ანტიქრისტე ხალხს ცრუსასწაულებით, გარეგანი ეფექტების საშუალებებით გააბრუებს. ეს "სასწაულები" იმდენად საოცარი იქნება, რომ ის წმიდა წინასწარმეტყველ ელიას სასწაულებსაც კი გადააჭარბებს, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ აზრი, რომ ღმრთის წმინდანები არაფერს წარმოადგენენ ანტიქრისტესთან შედარებით, შედეგად კი ადამიანების თვალში თვით ღმრთის ძლიერებაც დაკნინდება.

ძველეგვიპტელი მოგვები თავიანთი ღმერთების ქანდაკებებს ალაპარაკებდნენ ხოლმე - ღმრთის დაშვებით დემონები შედიოდნენ კერპებში და მეტყველების ილუზიას ქმნიდნენ. უფალი დაუშვებს, რათა მხეცმაც მოიმოქმედოს ისეთი სასწაული, რომ მისი ხატი ალაპარაკდეს. შესაძლებელია, რომ ანტიქრისტეს სასწაულები, რომლებიც ეშმაკის ძალით იქნება მოქმედებული და სპირიტულ სეანსებზე მომხდარ მოვლენებს მოგვაგონებს, აღქმულ იქნება როგორც კონტაქტი არამიწიერ რეალობასთან, და ადამიანები, რომლებიც გამოვლენ ამის წინააღმდეგ, ჯერ განათლებისა და ჭეშმარიტებს მტრებად შეირაცხებიან, ხოლო შემდეგ სასტიკ დევნას დაექვემდებარებიან. დევნულება მიიღებს ორ ფორმას: ერთი მხრივ ეს იქნება დაუმორჩილებელთა ფიზიკური განადგურება, მეორე მხრივ კი მათი გეტოებში იზოლირება.

ანტიქრისტე შეეცდება მოსპოს რასული, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური განსხვავებანი ადამიანებს შორის, მაგრამ მსოფლიო უნიფიკაციის მოწინააღმდეგეთა არსებობა ხელს შეუშლის ამ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, ამიტომაც, ყველა, ვისთვისაც კი უცხოა და საძულველია ქრისტესადმი რწმენა, ერთხმად გაერთიანდება "რეტროგრადობის", "ფანატიზმისა" და "ბნელეთის მოციქულობის" წინააღმდეგ. ღრმად ირწმუნებენ რა, რომ მოწევნული ეპოქა ჰუმანურობის ზეიმი და კაცობრიობის ოქროს საუკუნეა, სრულიად დაემორჩილებიან ანტიქრისტეს ძალაუფლებას და დიდი მოშურნეობით დაიწყებენ თავიანთი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების, როგორც კაცობრიობის მტრების განადგურებას.

ვინც თანახმა არ არის - ის მტერია, ხოლო მტრები ყველა მისაწვდომი მეთოდით უნდა განადგურდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ საკვების შეძენის შესაძლებლობის წართმევაა. ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა - საკმაოდ ქმედითი მეთოდია, რომლის წყალობითაც სხვაგვარადმოაზროვნეები უარს იტყვიან თავიანთ შეხედულებებზე, თუ არა და განადგურდებიან.

"და მისცემს მათ ნიშანს". აპოკალიფსისის (14:11) მიხედვით "ნიშანში" უნდა ვიგულისხმოთ ანტიქრისტეს სახელი. როგორც უკვე აღინიშნა, ბეჭედი გამოჩნდება მისი მსოფლიო ბატონობის მეორე პერიოდში, და მხოლოდ მისი გამოჩენის დროს გახდება ცნობილი ანტიქრისტეს სახელიც. ეს ნიშანი იქნება ანტიქრისტესადმი ადამიანის კუთვნილების მოწმობა, ანუ ის, რომ ამ ადამიანს ანტიქრისტე ღმერთად უღიარებია. მაგრამ არავინ წმიდა მამათაგან რიცხვ 666-ს, როგორც ასეთს, ანტიქრისტეს ბეჭდად არასოდეს მიიჩნევდა.
 
ნიშანი - მხეცის სახელია ან მისი სახელის რიცხვია. "აქაა სიბრძნე, ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18). რა სიბრძნეა აქ საჭირო? "ჩვეულებრივი ადამიანური სიბრძნე საკმარისი არ არის იმისთვის, რათა გავიგოთ რაიმე ღვთაებრივი ან ჩავწვდეთ ღმრთის ნებას. ამიტომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ადამიანური სიბრძნე გაუქმდა, არამედ იმას, რომ საღმრთო სიბრძნეს ამა ქვეყნის თავადთაგან არავინ ჩასწვდომია. მისი შემეცნება მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი", - გვასწავლის წმიდა გრიგოლ პალამა ("ტრიადები").

იგივეს გვასწავლიან თანამედროვე ღვთისმეტყველებიც. ღირსსახსოვარი პროფესორი პ. ბრაციოტისი წერს: "მოცემულ შემთხვევაში სიბრძნე არ ნიშნავს ადამიანურ გონებას, არამედ ღვთაებრივს, რომელიც არ ექვემდებარება რაციონალისტურ წვდომას, რომელიც ადამიანური ratio-ს მოქმედების სფეროს მიღმაა".

ამავდროულად სამყაროს აღსასრულის მაუწყებელთა თეზისები ვერ უთავსდება საღმრთო სიბრძნეს, მეტიც, მისი საწინააღმდეგოცაა, რადგან მოგვაგონებენ მიტინგურ შეძახილებს და ლოზუნგებს, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში შეუფერებელია: "იჩქარეთ, თორემ მომენტი ხელიდან დაგვისხლტება! მალე უკვე გვიან იქნება!" - ამგვარი ლოზუნგი წმიდად ადამიანური აქტიურობის გამოხატულებაა.
 
მღვდელმოწამე ბენიამინი, პეტროგრადის მიტროპოლიტი, წერდა: "ახლა ქრისტეს განსაკუთრებული აღსარების ჟამია! სამაგიეროდ ღმრთისგანაც უსასრულო ნუგეში მოგვეცემა. მე სიხარულითა და სიმშვიდით ვარ სავსე. ქრისტე ყოველთვის არის ჩვენი სიცოცხლე, ნათელი და მშვიდობა, მის გვერდით ყველგან სიხარულია. ეკლესიის კეთილდღეობისთვის კი მე არ ვზრუნავ. საჭიროა რწმენა, უპირველეს ყოვლისა რწმენა, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის, მოძღვართათვის. ახლა უნდა დავივიწყოთ საკუთარი ძალები, ნიჭები, გონება და ადგილი დავუთმოთ ღმრთის მადლს! ჩემთვის უცნაურია ზოგიერთის შეხედულება, ალბათ საუკეთესო მღვდლებისაც, როგორიც არის, მაგალითად, პლატონოვი, - იმის შესახებ, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ, და მაშინ საშიშროება მალე გადაივლის. კი, მაგრამ მაშინ ქრისტე რაღა საჭიროა? ეკლესიას იხსნის არა პლატონოვი, ჩეპურინი ან ბენიამინი, მისი მხსნელი ქრისტეა. და ეს შეხედულება, რომელსაც პლატონოვი ქადაგებს, ეკლესიისთვის უბრალოდ დამღუპველია!"

დღეს მიტროპოლიტ ბენიამინის მიერ ნახსენებ პლატონოვს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა სასულიერო პირთა, ბერ-მონაზონთა და ერისკაცთა შორისაც, რომლებიც, ანტიქრისტეს მოლოდინში, მართლმადიდებელ ერს კეტ-კომბლებით შეიარაღებისკენ მოუწოდებენ. მათ აზრადაც კი არ მოსდით, რაოდენ ძლიერიც გინდ იყოს ანტიქრისტე, მას დასჯის უფრო ძლიერი, რომელსაც ერთ წამში შეუძლია გაანადგუროს ანტიქრისტეცა და მთელი მისი მხედრობაც. ეს არის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელიც ყოველ ადამიანს ცალ-ცალკეც იხსნის და მთელ ეკლესიასაც, ანუ ჩვენ ყველას ერთად.

"გამოითვალო მხეცის რიცხვი". - ნიშნავს წარმოთქვა ანტიქრისტეს სახელი ბერძნული ალფავიტის მიხედვით და მისი სახელის შემადგენელი ასოების რიცხვული შესატყვისებით, რომლის ჯამი უნდა გაუტოლდეს 666-ს. ეს არის მესამე მხეცის რიცხვი, რომელიც გამოდის მიწიდან, კერძოდ, ანტიქრისტესი ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით, რომელიც არის "ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა".

"ესაა რიცხვი კაცისა". ლაპარაკია არა რაღაც სისტემაზე, არა ადამიანთა ჯგუფზე, არამედ ერთი ადამიანის სახელზე. აქამდე მრავალი ანტიქრისტე მოსულა ქვეყნად (1 იოანე 2:18), ყველა მათგან სძულდა ქრისტე, მონაწილეობდა უსჯულოების საიდუმლოში, მოქმედებდა "ურჩობის ძეთა" მიერ (ეფეს 2:2). მაგრამ ისინი მხოლოდ ბოლო ჟამის კერძო ანტიქრისტეს წინამორბედები იყვნენ, თუმცა მასთან საერთოც ბევრი ჰქონდათ. ყველა მათგანი მოდიოდა საკუთარი სახელით (იოანე 5:43), მაგრამ არ ითხოვდნენ არც საღმრთო პატივისცემას და არც ქრისტედ არ მოჰქონდათ თავი.

არც ნერონს, არც დეკიუსს, არც დიოკლეტიანეს, არიოზს, ნესტორის, ევტიქის, ლუთერს, მუჰამედს, მარქსს ან ვინმეს ფილოსოფოსთაგან და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან საკუთარი სახელი არ დაუკავშირებია 666-თან; და მხოლოდ ის, ვინც ამას გააკეთებს და აიძულებს ყველას მარჯვენა ხელსა და შუბლზე მიიღონ მისი ნიშანი - იქნება ბოლო ჟამის ანტიქრისტე.

ეს რიცხვი სიმბოლურია, რაც სრულიად კონკრეტულ ადამიანს ნიშნავს, რომელიც ყველა სხვა ადამიანის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის აღსავსე იქნება ცოდვითა და ღმრთისადმი სიძულვილით, რის გამოც კიდევ უფრო მეტად საწყალობელი და შეზღუდული იქნება. წარმოადგენს რა მეექვსე დღის ქმნილებას, ის ვერასოდეს შევა განსვენების მეშვიდე დღეში, და მითუმეტეს, წმიდა და მარადიული ნეტარების მერვე დღეში. ამაოდ გაიჭინთება ეს ადამიანი ღმერთობის სურვილში, რადგან ისევე როგორც სხვა ადამიანები, ისიც ექვემდებარება სიკვდილსა და ხრწნილებას.

აპოკალიფსისში (13:11-16) ვკითხულობთ, რომ მესამე მხეცი მოემსახურება პირველს - დაცემულ ანგელოზს, სატანას - და აიძულებს მთელ მსოფლიოს ღმრთის ნაცვლად თაყვანი სცეს ეშმაკს. ხოლო მოციქული პავლე, თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში გვამცნობს, რომ ანტიქრისტე საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად.

ანტიქრისტეს მიღებით დასრულდება აღორძინების, ჰუმანისტური რენესანსის ეპოქა, რადგან ის უკიდურეს ათეისტურ ანთროპოცენტრიზმამდე დაეშვება. ანტიქრისტეს სახით ადამიანები თაყვანს სცემენ თვით სატანას, რაც ყველაზე საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა აღმოჩნდება კაცობრიობის ისტორიაში.
მხეცის რიცხვი
ფოტო აღებულია საიტიდან:


ანტიქრისტეს ბეჭედი ეკლესიის გადმოცემაში

ჩვენ განვიხილეთ წმიდა წერილის სწავლება ანტიქრისტესა და რიცხვ 666-ის შესახებ. ამრიგად, ანტიქრისტეს ბეჭედი, მისი სახელი და ამ სახელის რიცხვი მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. განსაკუთრებულად ნათლად უნდა გავითავისოთ ის, რომ ეს სამი მომენტი ერთდროულად გამოჩნდება.

ანტიქრისტეს ეს ატრიბუტები ერთმანეთს ავსებენ, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი პრინციპული განსხვავებულობაც გააჩნია, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებს. შეიძლება ისეც მოგვეჩვენოს თითქოსდა ისინი ურთიერთშენაცვლებადნიც იყონ, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ეს სამი არაურთიერთთანაბარი ელემენტია და ერთი რომელიმე სხვა დანარჩენის აზრს არ გვიმხელს; 666 არ წარმოადგენს არც ანტიქრისტეს სახელს, არც მის ბეჭედს და არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა რიცხვისგან, მას მხოლოდ გაუგებრობის გამო მიიჩნევენ ანტიქრისტეს რიცხვად. ქვემოთ ვნახავთ, რომ ისტორიაში ანტიქრისტეს ნიშნად სხვა ციფრებსაც აღიარებდნენ.

ეკლესიისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ და რამდენს დაწერს ამ თემაზე, მაგრამ მწერალთათვის, თუ მათ ეკლესიის კეთილდღეობა ამოძრავებთ, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმის შეგნება, რომ მათ მიერ გამოთქმული აზრები მკაცრ შესაბამისობაში იყოს ეკლესიის გადმოცემასთან. საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლოსთან, მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენის მისტიკურ პერსპექტივასთან, არ შეიძლება განხილულ იქნას რაციონალისტური აზროვნების პოზიციიდან, რომელიც გამორიცხავს პრობლემის არსში ჩამწვდომ სხვა უფრო ღრმა გააზრებას.

არ უნდა დავივიწყოთ წმ. მოციქულ პეტრეს სიტყვები: "უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტრე. 1:20-21). წინასწარმეტყველება სულიწმიდის ნიჭია, ის არ მომდინარეობს გონებიდან და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ განიმარტება მისი მეშვეობით.

მაშ, მოდი, ვნახოთ, რას ბრძანებენ წმიდა მამები ანქირისტეს ბეჭდისა და მისი რიცხვის შესახებ.

მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი (†202 წ.), წერს, რომ მისი ზოგიერთი თანამედროვე, ცდილობდა რა ანტიქრისტეს სახელისა და პიროვნების განსაზღვრას, რომლის მოსვლასაც უკვე ელოდნენ, ანტიქრისტეს რიცხვად 616-ს ასახელებდნენ. წმიდა ირინეოსი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეებთან, ამგვარი გაგების პრინციპული მოწინააღმდეგე იყო.

წმ. ირინეოსის სწავლებით, ეჭვიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმაში, რომ 666 ანტიქრისტეს სახელის რიცხვია. ამ ციფრის შეცვლა 616-ით, წმიდა მამის აზრით, შეიცავს იმის საფრთხეს, რომ ქრისტიანები, - ნაცვლად იმისა, ბრძოლა გამოუცხადონ თვით ანტიქრისტეს, რომელსაც დიდად აწყობს ქრისტიანთა ამგვარი დაბნეულობანი, - შეიძლება გადაცდნენ სწორ გზას, დაიბნენ და ბრძოლა დაუწყონ ციფრებს, რომელთა შესახებაც საერთოდ არაფერია ნათქვამი წმიდა წერილში.

ამასთან წმიდა ირინეოსი არსად ბრძანებს თვით რიცხვი 666 ანტიქრისტეს ბეჭედიაო ან მას კიდევ რაიმე სხვა მნიშვნელობა აქვსო, გარდა მოციქულ იოანეს მიერ გამოცხადებაში მოტანილი მნიშვნელობისა.

გასაოცარია, მაგრამ ანტიქრისტეს მოახლოვებული მოსვლის მაუწყებლები არ უფიქრდებიან ამ რიცხვის მნიშვნელობას. მათი ლოგიკის თანახმად, ამ სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის მეპატრონე ან სამხედრო მოსამსახურე, რომლის პირადი ნომერი შეიცავს ამ ციფრს, ემსახურებიან ანტიქრისტეს. მაგრამ, სრულიად ცხადია, რომ მას სხვა რიცხვებისგან მხოლოდ ერთადერთი რამ განასხვავებს: კერძოდ, ანტიქრისტეს დროს, როდესაც მას ბეჭედზე მოათავსებენ, ის მიანიშნებს, რომ ანტიქრისტეს ღმერთია, რომ მას უნდა ემსახურონ როგორც ღმერთს და მისი, როგორც ღმერთის, უნდა ეშინოდეთ. ნებისმიერ სხვა მიმართებაში ეს სრულიად ჩვეულებრივი რიცხვია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძველ მამათა სწავლება, რომელიც მათ უფრო ადრინდელ მამათაგან გადმოეცათ. მრავალი ძველი მამა წმიდა მოციქულთა მოწაფე იყო. ერთ-ერთი მათგანი წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი (236 წ.) ბრძანებს: "ანტიქრისტე ადამიანებს დადაღავს მარჯვენა ხელზე და შუბლზე... სხეულის ამ ნაწილებზე დაღის ნიშანი იქნება 666. და, რადგან ზუსტად არ შემიძლია ვამტკიცო (ვინაიდან, როგორც უკვე ფირქობენ, ამ რიცხვში მრავალი სახელი მოიაზრება), ვფიქრობ დაღის აზრი იქნება ”უარვყოფ"... ასე გაჩნდება ყოველივე კეთილის მოძულე ანტიქრისტეს დაღი, რომელიც იტყვის "უარვყოფ"" ("სამყაროს აღსასრულის შესახებ").

მღვდელმოწამე თითქოსდა ამბობს, მე არ ვიცი, რამდენად სწორია ჩემი აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბეჭდის გამოსახულებაზე მოცემული იქნება სიტყვა "უარვყოფ". წმ. იპოლიტე, რომელიც არავის აიძულებს მიიღონ მისი აზრი, მიუხედავად ამისა, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ რაღაც მსგავსი მოხდება ანტიქრისტეს ეპოქაში, ანუ ბეჭედი ქრისტეს უარყოფის დამადასტურებელი დაღი აღმოჩნდება, და არა რაღაც მატერიალური, გარეგანი სიმბოლო.

შევნიშნავთ, რომ თავისთავად რიცხვი 666 წმიდა იპოლიტესთვის არაფერს ნიშნავს, ეს რიცხვი მას აინტერესებს მხოლოდ როგორც ანტიქრისტეს სახელის აღმნიშვნელი ციფრი. მაგრამ ციფრს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ სახელს. ის არ უარყოფს, რომ ანტიქრისტეს სახელი ჯამში მოგვცემს 666-ს, მაგრამ გულისხმობს, რომ ანტიქრისტეს მოსვლამდე ეს რიცხვი ჩვენ ვერაფერს გვეტყვის, რადგან ამ რიცხვს, ანუ 666-ს ჯამში სხვა მრავალი სახელიც გვაძლევს. ამიტომაც დღეს ამ სახელი ამოცნობაზე თავის შეწუხებას აზრი არა აქვს.

შემდეგ წმიდა იპოლიტე ბრძანებს, რომ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ანტიქრისტე მოვა და თავის ნამდვილ არსს გამოამჟღავნებს, "თვით დრო გვიჩვენებს, თუ რა იქნება მისი სახელი... მაშინ ვიცნობთ მის ბეჭედსაც და იმასაც, თუ როგორია იგი".

წმიდა იპოლიტეს დროს იჭრებოდა მონეტები ქვეყნის მმართველის გამოსახულებით. მათზე აღბეჭდილი იყო მონარქი და დაწერილი იყო მისი სახელი. ასეთი იყო სახელმწიფო ბეჭდებიც. მტკიცება იმისა, რომ იმპერატორის ბეჭედი არის რაღაც რიცხვი, აღიქმებოდა, როგორც უადგილო ხუმრობა. აპოკალიფსისის სიტყვები, რომ"ნიშანი - მხეცის სახელია" ((გამოცხ. 13:17) ნათლად მიგვანიშნებს, - ანტიქრისტეს ბეჭედი შეუძლებელია იყოს რიცხვი 666 როგორც ასეთი, არამედ ეს რიცხვი მხოლოდ შესაბამისობაში იქნება მის სახელთან.

სიტყვა "ნიშანი" (სლავ. "начертание" და "образ") წმიდა წერილში გხვდება მოციქულთა საქმეებში (17:29) და აპოკალიფსისში (14:11).

ორიგენე თავის 39-ე ჰომილიაში ლუკას სახარებაზე წერს: "... როგორც მონეტაზე გამოსახულია ხალხთა მმართველის (ანუ რომის იმპერატორის) ხატი, ასევე მსოფლიოს მბრძანებლის ნების აღმასრულებელი თვითონაც ატარებს მის ხატს". ხოლო კლიმენტი ალექსანდრიელი "სტრომატებში" (VII) წერს: "მართალი კაცი წააგავს უფლისთვის შეწირულ მონეტას, რომელიც მეფის გამოსახულებას იღებს".

მონეტაზე აღბეჭდილი მმართველის სახე მის სახელთან ერთად ყოველთვის იყო მონეტის უეჭველობის ნიშანი და უთითებდა როგორც იმაზე, თუ რომელი იმპერატორის დროს იყო მოჭრილი მონეტა, ასევე იმპერატორის მმართველობის ადგილსა და ეპოქაზე.

მასთანვე ვხვდებით გამოსახულებათა აღწერილობებს, რომლებიც არსებობდა რომის იმპერიაში "აი ბიუსტი (მონეტაზე), რომელიც თავისი ნიშნებით იუსტინეს წააგავს", ანუ იმპერატორის გამოსახულებას. "აი მისი სახის ტვიფრი, ანუ მისი ნაკვთები". აქედან ჩანს, რომ ხატად და ნიშნად სწორედ მოცემული ადამიანის გამოსახულება იწოდება.

და ბოლოს, მოციქულ პავლეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (1:3) უფალი იესუ ქრისტე წოდებულია მამის ხატად, რაც ნიკოდიმე მთაწმინდელის განმარტებით აღნიშნავს "ღმრთის ძის თანასწორობას პირველხატისადმი და მისდამი ყოველგვარ მსგავსებას" ("Толкование на 14 посланий апостола Павла", т. 3).

ამრიგად, სრული უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ ის, რაც გამოხატავს ან მოგვაგონებს ვიღაცას, შეიძლება მისი თანაზიარი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რიცხვი 666 შეუძლებელია იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი, რადგან მას არაფერი აკავშირებს ხატთან, გამოსახულებასთან. გამოსახულება (რუს.: начертание) შეიძლება იყოს ანტიქრისტეს მხოლოდ ხატი ან სახელი.

წმიდა იპოლიტეც ნათლად უთითებს იმაზე, რომ ანტიქრისტეს სახელის რიცხვი არ არის თვით მისი სახელი და, რა თქმა უნდა, არც ბეჭედი. მხოლოდ ხატი ან სახელი შეიძლება იყოს ანტიქრისტეს გამოსახულება ან ბეჭედი. ეს ცხადად ჩანს მისი სიტყვებიდან "უკვე მიიჩნევა, რომ ამ რიცხვში ჩამალულია რაღაც სახელი".

წმიდა მამათა თხზულებებში შეიძლება შეგვხვდეს ძნელად გასაგები ადგილები, რადგან მათ საკმაოდ რთული პრობლემების გარჩევა უწევდათ. მაგრამ ეს მხოლოდ ღირებულებას მატებს მათ ნაშრომებს, რომლებშიც, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის წერილებიდან მოყოლებული, ასახულია ქრისტეს ეკლესიის მარადიული და უცვალებელი რწმენა.

ჩვენც, ისევე როგორც ოდესღაც მღვდელმოწამე იპოლიტეს, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ანტიქრტისტეს სახე (ხატი) და გავიგოთ მისი სახელი.

ამიტომ "ცოდვის კაცის, წარწყმედის ძის" გამოჩენამდე არ გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ მისი ბეჭედი უკვე არსებობს და ის მალულად ეძლევა ადამიანებს.

ჩვენს დროში (ისევე როგორც ადრინდელ ეპოქებში), მართალია, თვით უსჯულო ჯერაც არ გამოჩენილა, მაგრამ მოქმედებს უსჯულოების საიდუმლო, ანუ ქრისტესგან ადამიანების განდგომილება. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ერთგვარ "სულიერ ბეჭედზე" ლაპარაკი. წმიდა იპოლიტეს მსჯელობიდან ნათელი ხდება, რომ ბეჭედი ქრისტესგან განდგომას ნიშნავს. წმინდანის თქმით, ბეჭედს მიიღებენ მხოლოდ ქრისტეზე უარის თქმის შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბეჭედი მეორადია, ანუ ის უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ბეჭდის მიმღებმა ადამიანმა ჯერ უარი თქვა ღმერთზე.

საქმე იმდენად ანტიქრისტეს ბეჭდის გარეგნობაში არ არის, რამდენადაც მის სულიერ შინაარსში - ის მიანიშნებს ადამიანის სულის მდგომარეობასა და განწყობაზე, რომელსაც ადამიანი ქრისტეს უარყოფამდე მიჰყავს. ეს სულიერი შინაარსი - ღმრთის უარყოფა - კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობს, ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედი, როგორც მისი მეუფების მატერიალური ატრიბუტი და სატანის მოჩვენებითი გამარჯვების ნიშანი, მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება.

აქედან გამომდინარეობს ის, რომ რიცხვი 666 კი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არამედ ადამიანის სულში მომხდარი ქრისტეს უარყოფა.

აპოკალიფსისის განმარტებაში წმიდა იპოლიტე ასწავლის: "ხოლო მისი (ანტიქრისტეს) სახელი ჩვენ არ ვიცით, იოანემაც არაფერი გვითხრა მასზე, არამედ მხოლოდ მიგვანიშნა და მისი სახელი რიცხვის ქვეშ დამალა. მაგრამ როდესაც თვით ანტიქრისტე მოვა, დრო გამოამჟღავნებს ვინაობას. რაც უფრო მეტს ვიმკითხავებთ მასზე, მით უფრო მეტად დავეჭვდებით და შევცდებით, რადგან მრავალი სახელი შეესაბამება ამ რიცხვს" ("ქრისტეს და ანტიქრისტეს შესახებ").

წმიდა ანდრია კესარიელი, განმარტავს რა წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტეს სიტყვებს, ამატებს: "ის, ვისზეც დაწერილია ეს და ვისი სახელიც დაფარულია რიცხვით 666, თავის დროზე გამჟღავნდება. მას დრო და გამოცდილება გამოავლენს. რადგან ვინმეს რომ შეძლებოდა ამ სახელის ამოცნობა, ჩვენც შეგვატყობინებდა. მაგრამ არ ინება ღმერთმა წმიდა წერილში მისი სახელის გახსნა" ("აპოკალიფსისის განმარტება").

რიცხვი 666, როგორც ასეთი, ანტიქრისტეს ბეჭედი რომ იყოს, მაშინ წმიდა მამები ამდენს არ დააკონკრეტებდნენ მის სახელთან დაკავშირებით. საღმრთო გამოცხადება ბრძანებს: "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18), მაგრამ თვით რიცხვი რომ ყოფილიყო ანტიქრისტეს ბეჭედი, მაშინ რაღა საჭირო იქნებოდა გონების დაძაბვა მის გამოსათვლელად?

ყველაფერი, რაც კი გამოცხადებაშია ნათქვამი ანტიქრისტეზე არ გვაძლევს მკაფიო სურათს სახელებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს - საიდუმლო წიგნია. მანამ, სანამ დაფარული არ გაცხადდება, მის შესახებ მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ლაპარაკი. ოდენ ანტიქრისტეს დროს მცხოვრებნი გაიგებენ იმას, რაც ჩვენთვის დაფარულია.

მიზეზი, რომლის გამოც უფალმა არ გვამცნო წმიდა წერილში ყოველივე, წმიდა ანდრია კესარიელის თქმით მდგომარეობს იმაში, რომ მისი ცოდნა ჩვენთვის უსარგებლოა. ღმერთს არ ნებავს, რათა ანტიქრისტეს სახელი ვიცოდეთ სამყაროს აღსასრულის დადგომამდე. უფალი იესუ ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7).
მხეცის რიცხვი
ფოტოზე კადრი ფილმიდან: American horror story: apocalypse
ფოტო აღებულია საიტიდან:


რას გვარგებს ანტიქრისტეს სახელის ცოდნა?

წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს, რომ მაშინ გამოჩნდება ერთი-მეორეზე უარესი ორი საშიშროება: ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იციან ანტიქრისტეს სახელი და მისი მოსვლის ჟამი ("Обличение и ниспровержение лжеименного знания"). მაგრამ ისინი, ვისაც ეგონება, რომ ანტიქრისტეს სახელისა და მისი მოსვლის ჟამის გამოცნობით გაექცევა ანტიქრისტეს ხრიკებს, უფრო მოტყუებულნი აღმოჩნდებიან, ვიდრე გადარჩენილნი. დავუშვათ, ვიღაც დარწმუნებულია, რომ იცის ანტიქრისტეს სახელი, მაგრამ თუ ის სხვა სახელით მოვა, ადამიანი ადვილად მოტყუვდება, რადგან სხვას ელოდა. ასე ცთუნდება ზოგიერთი "რჩეული", რომელიც დღემდე ბეჯითად მეცადინეობს ანტიქრისტეს რიცხვის გამოცნობაში.

წმიდა ირინეოსი აგრძელებს: "ყველაზე საიმედო და უსაფრთხოა დაველოდოთ წინასწარმეტყველების აღსრულებას, ვიდრე ანტიქრისტეს სახელის ამოცნობა ვცადოთ. ზოგიერთი ცდილობს მრავალ სახელთა შორის ანტიქრისტეს სავარაუდო სახელის პოვნას, რომელიც ამ რიცხვს (ანუ 666-ს - "აპოკ". რედ.) შეესაბამება". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესიის მამა მოგვიწოდებს არ მივეცეთ ანტიქრისტეს სახელის უნაყოფო ძიებებს და არ ვეცადოთ მის ამოცნობას.

არც წმიდა მოციქულ იოანეს, არც გვიანდელი ეპოქის წმიდა მამებს არ აღუწერიათ მოვლენათა დეტალური თანმიმდევრობა, რომლებიც სამყაროს აღსასრულს მოხდება. სამაგიეროდ დღეს გამოჩნდა მრავალი ადამიანი, ვისაც არ სურს დაემორჩილოს ღმრთის ნებას და იმ საიდუმლოში წვდომას ელტვის, - რომლის ცოდნა, ღმრთის განგებით, აკრძალულია. ზოგიერთებმა ხმაური ატეხეს და აცხადებენ: "გახსოვდეთ, რომ 666 - ანტიქრისტეს ბეჭედია! რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს?!" მაგრამ, როგორც ვნახეთ, წმიდა მამები სასარგებლოდ არ მიიჩნევდნენ ამგვარ ძიებებს და არ განიცდიან იმ შიშს, რომელსაც სამყაროს აღსასრულის მოახლოების მაუწყებლები გვინერგავენ.

"ჩვენ თუ გავიგებთ ანტიქრისტეს სახელს, ის ვერანაირად დაგვაზიანებს, რადგან დღეს ღიად იქადაგება სახელი იმისა, ვისზეც იყო გამოთქმული წინასწარმეტყველებანი და ვისგანაც მიეცა გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველს", - ბრძანებს წმიდა ირინეოს ლიონელი.

იერუსალიმის პატრიარქი ანთიმოზი (1788— 1808) ასწავლის: "ბეჭდის შესახებ, რომელსაც ადამიანებს დაადებენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, ანუ მხეცის სახელის რიცხვის 666-ის მნიშვნელობაზე მახარობელი დუმს თუნდაც იმიტომ, რომ ამისი ცოდნა სასარგებლო არ არის. ხოლო ზოგიერთი საეკლესიო მოძღვარი ამბობს, რომ ამ საკითხს მხოლოდ უსაქმურები იკვლევენ" ("აპოკალიფსისის განმარტება").

ჩვენ ვნახეთ, რომ სულიწმიდით განბრძნობილ ჭეშმარიტ საეკლესიო მოძღვართა აზრები ამ საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა. ხოლო ვინმე ქ-ნ რელფის მსგავსი დამრიგებლების გამონათქვამები ეკლესიის 2000 წლოვანი სწავლების საწინააღმდეგოა და 1981 წლამდე არც ერთ მართლმადიდებელ ავტორს მისთვის არც სერიოზული ყურადღება და არც სერიოზული საღვთისმეტყველო გამოკვლევა არ მიუძღვნია.

კიდევ ერთი ცნობილი საეკლესიო ეგზეგეტი, არქიეპისკოპოსი არეთა კესარიელი (861-934) ბრძანებს: "რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი? - მხეცის სახელი. ის შეიძლება ორნაირად იქნას გამოხატული - ასოებისა და ციფრების მეშვეობით. მხეცის სახელის გამოხატვა საჭირო იქნება იმისთვის, რათა აწარმოო ვაჭრობა და გქონდეს რაიმეს ყიდვის შესაძლებლობა ან იმ მიზნით, რომ სარჩოს გარეშე დატოვონ ისინი, ვისაც ასეთი გამოსახულება არ ექნება. ანტიქრისტეს სახელის რიცხვი გამოყენებულ იქნება, რათა ყოველი, ვინც მას გაურბის ან ეწინააღმდეგება მოკლებულ იყოს არსებობოს ყოველგვარ წყაროს; ამავდროულად ანტიქრისტეს დაღი გამოსახული იქნება, რათა მან ცნოს ყველა თავისიანი. ეს არის რიცხვი - 666. თვით სახელი წმიდა წერილში არ გაგვეცხადა, რათა გამორიცხულ ყოფილიყო მისი განურჩეველი გამოყენება კერძო და საზოგადო სახელწოდებებში" ("Собрание толкований на Апокалипсис").

შენიშნეთ, რომ წმიდა მამა ცალკე არაფერს ამბობს რიცხვ 666-ზე, არამედ მას მხოლოდ მხეცის სახელთან მიმართებაში ახსენებს, რომლის ამოცნობა შესაძლებელი იქნება ასოთა ციფრული შესატყვისობის დახმარებით და ამგვარად, საბოლოოდ იქნება დარწმუნება შესაძლებელი იმაში, რომ ეს სახელი ნამდვილად ანტიქრისტესია.

ღმერთმა კეთილინება გაეხსნა ჩვენთვის, რომ ეს სახელი მდგომარეობს უბრალო და ადვილად დასამახსოვრებელ რიცხვში 666, რომელიც, ამავდროულად, არ წარმოადგენს ანტიქრისტეს არც სახელს და არც ბეჭედს. თვით სახელზე კი უფალმა დაიდუმა, რადგან მისი ცოდნა სრულიად უსარგებლოა ჩვენთვის. ძნელი არ არის მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ თუკი ანტიქრისტეს სახელი ჩვენთვის უმნიშვნელოა, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მის ბეჭედს ან თვით რიცხვ 666-ს?

ახლა განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი, სად მოთავსდება იგი, შიგნით თუ გარეთ, ადამიანის გონებაში თუ მის სულში? მოდი, მივმართოთ ჩვენი ეკლესიის გადმოცემას.

წმიდა იპოლიტეს თანახმად, ანტიქრისტე გაბოროტდება მათზე, ვინც მას პატივს არ მიაგებს და თაყვანს არ სცემს, როგორც ღმერთს. რომ დაიმორჩილოს, - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი გაანადგუროს, - ანტიქრისტე ბრძანებას გასცემს ყველგან დაუდგან სალოცავი. ყოველი, ვინც კი მოინდომებს რაიმეს ყიდვას ან გაყიდვას, ამის გაკეთებას მხოლოდ მსხვერპლის გაღების შემდეგ შეძლებს, კერძოდ - ანტიქრისტეს სადიდებლად მარჯვენა ხელით საკმეველს დააყრის სასაკმევლეს.

მღვდელმოწამე იპოლიტეს ეს წინასწარმეტყველება განმარტებას ითხოვს, რადგან ის აზროვნებდა და წერდა, თავისი დროის ცნებებიდან და წარმოდგენებიდან გამომდინარე, როდესაც რომაული კანონმდებლობის მიხედვით ქრისტიანებს აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირათ იმპერატორის ან რომელიმე ღმერთის ქანდაკებისთვის. ეს შესაწირავი მსხვერპლი, როგორც წესი, იყო ან ყვავილები ან გვირგვინები, ან კიდევ ხეების აყვავებული ტოტები და საკმეველი. ანტიქრისტეს დროს შესაწირავი მსხვერპლის ფორმა სხვა იქნება, მაგრამ სულიერი აზრი იგივე დარჩება.

თავის თხზულებაში "ქრისტეს და ანტიქრისტეს შესხებ" წმიდა იპოლიტე წერს, რომ ადამიანებს ბეჭედი მიეცემათ მარჯვენა ხელზე. ხოლო სხვა ადგილას - შუბლზე დასმული ბეჭედი ანტიქრისტეს ღმერთად აღიარების მოწმობა იქნება. ეს კი მოითხოვს ანტიქრისტესადმი, როგორც ღმრთისადმი მსახურების აუცილებლობას, რომელიც თავისთავად მოიცავს რელიგიურ ატრიბუტიკას. ძველად, წარმართული რელიგიური მსახურების დროს რიტუალის ყველა მონაწილეს ევალებოდა თავზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინები დაედგა, რომელიც საღვთო გვირგვინებად მიიჩნეოდა. ასე იქნება ბეჭედიც. მღვდელმოწამე იპოლიტეს აზრით, ის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინის მსგავსი იქნება, მაგრამ არა ცოცხალი ყვავილებისგან, რომელიც სიცოცხლეზე მიანიშნებს, არამედ "ცეცხლისგან", რაც განადგურების სიმბოლოა.

ამგვარად, ხელზე ან შუბლზე დადებული ბეჭედი (ალეგორიული აზრით) გვირგვინისა და საკმევლის შესაბამისი იქნება. გასაგებია, რომ თავისთავად ისინი არანაირად არ წარმოადგენენ ბეჭედს, რადგან საკმეველი ჩვენს ტარძრებშიც შეეწირება ღმერთს, ხოლო დიდ პარასკევს კეთდება გვირგვინი, რომლითაც სუდარაზე მაცხოვრის თავს ამშვენებენ.  უდავოდ, აქ იგულისხმება წმიდად სულიერი აზრი, რომელიც მათში იქნება ჩადებული. ხოლო ეს აზრი, როგორც უკვე წმ. იპოლიტესთან ვნახეთ, ქრისტეს უარყოფაზე მიანიშნებს.

ასოებს მიღმა, რომლებიც ანტიქრისტეს სახელს შეადგენენ, დაიმალება მისი ჭეშმარიტი აზრი: "უარვყოფ". ეს სახელი ანტიქრისტეს კულტის განსაკუთრებული სიმბოლო იქნება, ის გახდება რწმენისა და გაღმერთების ობიექტი, მის მიმართ ექნება სასოება იმათ, ვინც ანტიქრისტესგან შეწევნასა და დახმარებას ელოდება.

ანტიქრისტეს ბეჭდის დასმის მიზანი ადამიანის რწმენის შეცვლა, ჭეშმარიტი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს უარყოფა და ღმერთად და მაცხოვრად ანტიქრისტეს აღიარება იქნება. წმიდა იპოლიტე დაბეჯითებით ითხოვს არ ეძიონ ანტიქრისტეს სახელის მნიშვნელობა მის შემადგენელ ასოებში, არამედ განმარტონ იგი სულიერად, ალეგორიულად, რადგან წმიდა წერილის წინასწარმეტყველებანი, არ შეიძლება განმარტებულ იქნან ბუკვალურად.

მსგავსად მსჯელობს არქიეპისკოპოსი არეთა კესარიელიც: "თაყვანი სცე ანტიქრისტეს და მიიღო მისი ბეჭედი ნიშნავს აღიარო ის ღმერთად, ანუ საქმით, სიტყვით და აზრით აღიარო იგი. შუბლზე და ხელზე ბეჭდის დადება აზრებსა და საქმეებზე მიანიშნებს" ("აპოკალიფსისის განმარტება"). შუბლი აზროვნების სიმბოლოა, ხელი კი - საქმეებისა. წმ. არეთა ეკლესიის სხვა ადრეული მამების კვალად დგას იმ აზრზე, რომ ბეჭედს სწორედაც რომ სულიერი მნიშვნელობა გააჩნია, და არა მატერიალური. ამიტომაც, ისინი, ვინც მიიღებენ ანტიქრისტეს ბეჭედს და მის სახელს, საკუთარ გულებში მას ჩაიწერენ, როგორც ყველაზე ძვირფასსა და სათაყვანებელს.

წმიდა იპოლიტე ერთ-ერთ თავის თხზულებაში წერს, რომ ქრისტიანები შუბლზე ატარებენ სიკვდილზე გამარჯვების ნიშანს ("დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება"). იგულისხმება ჯვარი, რომლითაც მირონცხების წმიდა საიდუმლოს აღსრულების დროს მორწმუნეებს აღებეჭდებათ შუბლი, პირისახე, მკერდი და ხელები; რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ შუბლზე არ გვადევს არავითარი ხილული, მატერიალური ნიშანი.

წმიდა ანდრია კესარიელი მოწმობს: "როდესაც მისი მოსვლის დრო მოახლოვდება, ანტიქრისტე ყოველივეს დაიმორჩილებს და თავის მონებს შუბლსა და მარჯვენა ხელზე საკუთარი სახელის ბეჭედს დაადებს" ("აპოკალიფსისის განმარტება"). აქედან ჩანს, რომ ბეჭედს ის დაადებს მხოლოდ თავის მსახურებს, მათ, ვინც მისდამი მორჩილებას თვითონ ინებებს. მისი მიმღებნი უკვე ვეღარ იქნებიან კეთილ საქმეთა ქმნის შემძლებელნი და აღარ ექნებათ კეთილი აზრები, არამედ მათი გონება დაიბინდება, ხოლო აღქმის უნარი ისე დამახინჯდება, რომ სიკეთე ბოროტებად მოეჩვენებათ და ბოროტება - სიკეთედ.

ანტიქრისტე არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს ტექქნიკური საშუალებებით ბეჭდის ძალდატანებით დადებას, - როგორიც არის, მაგალითად, ლაზერები ან ნახევარგამტარიანი მიკროსქემები - ან კიდევ ტატუირებები. ამიტომაც, ცდებიან ისინი, ვინც ისტერიულად კივიან ანტიქრისტეს ბეჭდის გამოჩენაზე, რომელიც თურმე საიდუმლოდ ეძლევა ადამიანს, ანუ ისე, რომ მისმა მიმღებმა მართლმადიდებელმა ადამიანმა არაფერი იცის ამის შესახებ! მართლმადიდებლობის ეს მოჩვენებითი დამცველები საქმით მხოლოდ აზიანებენ მას, რადგან ამახინჯებენ საეკლესიო გადმოცემას და ახდენენ მორწმუნეთა დეზორიენტაციას.

ღირ. ნილოს მირონმდინარეს უფალმა მისცა განსაკუთრებული საოცარი გამოცხადება ბოლო ჟამზე. წმინდანი წინასწარმეტყველებდა, რომ, როდესაც ანტიქრისტე მოვა, ის თავის სამეფოს მისი რელიგიის დესპანთა დახმარებით განამტკიცებს, ანუ იმათი მეშვეობით, ვინც ნებაყოფლობით ისურვებს მისდამი მსახურებას. სწორედ მათ აღბეჭდავს ის პირველად საკუთარი ბეჭდით, რომელიც მისი ძალაუფლებისადმი კუთვნილების თვალსაჩინო და ხილული ნიშანი აღმოჩნდება.

ნილოს მირონმდინარის თქმით, ანტიქრისტეს ნამდვილი ბეჭედი - ეს არის სულიერი მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გარეგნულად არანაირად გამოვლინდეს; შედეგად, ის იქნება არა ხილული სიმბოლო, არამედ ბოღმის მსგავსი, იმგვარი, ადამიანთა გულებს რომ აღბეჭდავს. ყველაფერი ბოღმისგან მოდის, ამატებს წმინდანი, ზოგი სარწმუნოებას ტოვებს, ზოგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, და როდესაც ანტიქრისტე თავის ბეჭედს დაადებს ადამიანებს, მათი გულები სიყვარულისთვის მოკვდება და ისინი ბოროტებით, მზაკვარებითა და სიცრუით აღივსებიან.

ამის შემდეგ გაჩნდება ბეჭდის ხილული ნიშანიც, მაგრამ მას დაადებენ იმათ, ვინც უკვე აღბეჭდილია სიძულვილისა და ქრისტესგან განდგომილების სულით. ბეჭდით თავს მოიწონებენ, როგორც პროგრესისა და განსაკუთრებული გამორჩეულობის სიმბოლოთი. მისი მიმღები ადამიანი ამით იტყვის: "მე ვეკუთვნი ანტიქრისტეს, მე მისი ვარ, მე ნებაყოფლობით მივყვები მას და საკუთარი სურვილით ვიღებ მის ბეჭედს". ამგვარად, ეს არის არა იმდენად გარეგანი ნიშანი, რამდენადაც აზრთა წყობის, სულიერი მდგომარეობის გამოხატულება, რომელსაც ქრისტეს უარყოფა და ანტიქრისტეს მიღება ბადებს.

როგორც ჩვენ, ქრისტიანებს, შუბლები აღბეჭდილი გვაქვს ჯვრით მირონცხების საიდუმლოში და ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ მკერდით ხილულ სიმბოლოს - ქრისტეს პატიოსანი ჯვრის ხატს ვატარებთ, ზუსტად ასევე ანტიქრისტეც მისცემს თავის მონებს მისდამი კუთვნილების ხილულ ნიშანს სხვა ადამიანთა წინაშე დასამოწმებლად.

ქრისტეს ბეჭედი სულიწმიდის ნიჭთა თანამოზიარეებად გვხდის, რომლის შესახებაც გვამცნობს თვით მოციქული პავლე (გალატ. 5:22), "მაგრამ ამათში უმეტესი სიყვარულია" (1 კორინთ. 13:13). ვისაც აქვს სიყვარული, მას ღმერთი ჰყავს გულში და ის არის ქრისტეს მიერ ცხებული, რადგან შუბლზე მის ბეჭედს ატარებს.

ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს ნებაყოფლობით მიიღებს, ის დაკარგავს სულიწმიდის ყველა ნიჭს და, როგორც შედეგი, სიყვარულსაც, რის შემდეგაც მის გულში გაბატონდება ბოღმა და სიძულვილი.

მოდი შევაჯამოთ ზემოთნათქვამი. ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება არა რიცხვი 666, არამედ მისი სახელი, რომელიც ჯერ არავინ იცის. ამიტომ, როგორ არის შესაძლებელი დღეს უკვე არსებობდეს მისი ბეჭედი, როდესაც მისი სახელი არ არსებობს, განა რიცხვი 666 - ეს მისი სახელის რიცხვი არ არის?! წმიდა მამათა სწავლებით, ბეჭედი გამოჩნდება ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობის მხოლოდ მეორე პერიოდში (ბოლო სამწელიწადნახევარში - "აპოკ." რედ.).

ანტიქრისტე ჯერ უნდა მოვიდეს საკუთარი სახელით და თავი გამოაცხადოს ღმერთად. ამიტომაც, სანამ ის არ მოსულა და არ გამეფებულა, შეუძლებელია არსებობდეს მისი ან სახელი ან სახელის გამოსახულება.

უსჯულოების საიდუმლო, რომელიც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან მოქმედებს, ჩვენს დღეებშიც აგრძელებს მოქმედებას და მისი ფინალი ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც, უფლება არ გვაქვს უარვყოთ ჩვენი ეკლესიის მამათა სწავლებანი, განსაკუთრებით, თუკი ისინი ეხებიან წინასწარმეტყველებებს სამყაროს აღსასრულზე, და მოვებღაუჭოთ ესქატოლოგიის სფეროში არსებულ უახლოეს შეხედულებებს.
მხეცის რიცხვი
ფოტო აღებულია საიტიდან:

რას წარმოადგენს რიცხვი 666?

ჩვენს დროში ცდილობენ ამ რიცხვს საჭიროზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ, კერძოდ, აცხადებენ, რომ 666-ს აქვს ანტიქრისტეს ბეჭდის ძალა და სულიერი აზრი. მაგრამ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ბეჭედი უნდა გამოჩნდეს მხოლოდ "უსჯულოების კაცის" მოსვლის შემდეგ, თანაც მისი მმართველობის მეორე პერიოდში. და მხოლოდ მაშინ, ეს ჩვეულებრივი რიცხვი, რომელსაც შეუძლებელია გააჩნდეს რაიმე სულიერი აზრი, ითამაშებს გარკვეულ როლს, რადგან მასში მოცემული იქნება მითითება ანტიქრისტეს სახელზე, რომელიც ჯერ არ ვიცით.

წმიდა ირინეოს ლიონელი, ეკლესიის ძველი მოძღვარი, ვარაუდობდა, რომ ამ რიცხვით შეჯამდება კაცობრიობის ისტორია, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა უსჯულოების საიდუმლო, ანუ ჰყვაოდა ყოველგვარი განდგომილება, უსამართლობა და მზაკვრობა, ცრუწინასწარმეტყველება და სიცრუე, რომლის გამოც მოიწევა ამ სამყაროზე წარწყმედა და დაიწვება ცეცხლში ("ცოდნად სახელდებული სიცრუის მხილება და უარყოფა" // რუს.: "Обличение и ниспровержение лжеименного знания").

წმ. ირინეოსის დროს (II ს.) ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობის ისტორია სამყაროს შექმნიდან ითვლის 6000 წელს. ამიტომაც, რიცხვი 666, რომელიც შედგება ექვსი ასეულის, ათეულისა და ერთეულისგან, მისი აზრით, ღმრთისგან განდგომას მიანიშნებს, რომელიც იყო დასაწყისში, იქნება შუაში და სამყაროს აღსასრულის დროს. ეს რიცხვი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მტრობს ღმერთს და არ სურს განსვენების მეშვიდე დღის დამკვიდრება, რომელშიც უფალმა თავისი შრომისგან დაისვენა (დაბ. 2:2), არამედ ცდილობს დაიკავოს ღმერთის ადგილი.

პირველი განდგომა მოხდა, როდესაც ადამმა ღმერთივით ყოფნა ისურვა და გველს დაუჯერა. მეორე განდგომა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედგება მრავალი მოვლენისგან და მიმდინარეობდა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, მაგალითად, ნოეს დროს, ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, მეფეების აქაბის და ნაბუქოდონოსორის ეპოქაში, ასევე რომის იმპერიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ქრისტიანული აღმოსავლეთის ძალადობრივი ისლამიზაციის, რენესანსისა და კომუნისტური რევოლუციების პერიოდებში. ხოლო მესამე განდგომილება მოხდება ჟამთა მიწურულს, ის იქნება უკანასკნელი და მის შემდეგ დადგება სამყაროს აღსასრული.

ადამის განდგომილება შეუძლებელია შეედაროს ბოლო დროის განდგომილებას - რადგან ადამმა შეინანა და მიტევებულ იქნა, ხოლო ქრისტემ, თავისი ბრწყინვალე აღდგომისას, ის ევასთან ერთად აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან და შეიყვანა ცათა სასუფეველში. მესამე განდგომა ყველაზე საშინელი იქნება თავისი მასშტაბითაც და შედეგებითაც, ის აღმატებული იქნება პირველ ორ განდგომილებაზე და დაასრულებს უსჯულოების საიდუმლოს მოქმედებას.

ასე განმარტავს წმ. ირინეოს ლიონელი რიცხვ 666-ის სულიერ აზრს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს განმარტება, დღეს არავის ახსოვს. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ქრისტიანებს უნდა ეშინოდეთ არა ანტიქრისტესი, პირიქით, ისინი მზად უნდა იყვნენ მისი მოსვლისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ უძლური, მცირედმორწმუნე, ცოდვისკენ მიდრეკილი, ვნებებით სავსე ადამიანები და ამავდროულად არ უნდა გვიპყრობდეს შიში. ჩვენ გვჭირდება გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ამ ყოველდღიური ბრძოლის გარეშე დავნებდებით და ნებაყოფლობითი განდგომილები გავხდებით. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ვართ, არა ისეთები, როგორებიც არიან სხვები.

ჩვენ მუდმივ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ. სულიერ ცხოვრებაში არაფერია თავდაჯერებულობაზე მეტად მცდარი და დამღუპველი, ანუ დაყრდნობა საკუთარ გონებაზე, რწმენა იმისა, რომ ცხონება ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

ციფრი 666 შეგვახსენებს ღმრთისგან განდგომის შესაძლებლობას, იმას, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ ცთომილებებისკენ და ვიმყოფებით ქრისტეს შესაძლო უარყოფის საშიშროებაში. ამისი თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ ღმრთისადმი ლოცვითა და ვედრებით, რათა მან განანათლოს ჩვენი გონება, ჩვენ კი ვიარებოდეთ მარხვით, ლოცვითა და ეკლესიისადმი მორჩილების გზით.
მხეცის რიცხვი
ფოტო აღებულია საიტიდან:

ქრისტეს ბეჭედი და ანტიქრისტეს დაღი

 
წმიდა წერილში ლაპარაკია ქრისტეს სამ ბეჭედზე.

პირველი ბეჭდით მართლმადიდებელი ქრისტიანები იბეჭდებიან ნათლისღებისა და მირონცხების დროს. წმიდა მამებისეულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება განსაზღვრება, რომელიც ეხება ეკლესიას - "ბეჭედი ქრისტესი", - რომელიც მოწმობს იმაზე, რომ ეკლესია აღვსებულია ქრისტეს მადლითა და დიდებით. წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ნათლისღების საიდუმლოში მადლით ვართ აღბეჭდილნი ("ევნომეს წინააღმდეგ"). ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ წმიდა სამების ბეჭედი, თანაც არა წყალში ხილული შთაფლვით, არამედ სულიწმიდის მადლის უხილავი გარდამოსვლით, რომელიც ნათლისღების საიდუმლოში მივიღეთ. შემდეგ წმიდა მამა ამატებს, რომ ნათლისღება არის რწმენის ბეჭედი, რწმენა კი - ღმრთის წყალობა. ანუ ნათლისღება არის - გარეგანი სიმბოლო, ხოლო რწმენა - მისი შინაგანად აღმავსებელი, შინაგანი მდგომარეობა; ნათლისღებაში ჩვენ გვეძლევა ზეგრძნობითი მადლი, რომლის მიღების სიმბოლოსაც წარმოადგენს იგი.

წმიდა იოანე ოქროპირი ასწავლის: "ბეჭედი ადამიანს მიეცემა იმის შემდეგ, რაც ირწმუნა, მაგრამ ის ყოველივესთან დაკავშირებულია, როგორც მოვლენის ხილული ნიშანი, რომლითაც აღიბეჭდება" ("ჰომილიები მოციქულ პავლეს ეპისტოლეზე რომაელთა მიმართ"). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბეჭედი - ანუ ნათლისღების საიდუმლო - დროითაც და დანიშნულებითაც მოსდევს ქრისტესადმი რწმენას, რომელიც მას წინ უსწრებს და აზრს ანიჭებს. ნათლობის საიდუმლოში ამ ბეჭედს გვაძლევს ყოვლადწმიდა და ყოვლადძლიერი ღმერთი თავისი წმიდა სულის ძალითა და მოქმედებით; ეს ბეჭედი "წმიდა და დაურღვეველია" (კირილე იერუსალიმელი, "სიტყვა ნათელღებადთა მიმართ") და "წაურთმეველია" (წმ. ბასილი დიდი "ჰომილია").

წმიდა ნათლისღების წეს-განგებაში, რომელიც შედგენილია წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა მიერ, არის მოსანათლავის საკურთხებელი ლოცვა, რომლის წარმოთქმისაც მღვდელი ამბობს: "მეუფეო, უფალო ... მადლითა შენითა ბეჭედი მისი აღუხოცელად დაიცევ..." - ანუ სულიერი ბეჭედი, და არა გრძნობითი, გარეგანი სიმბოლო.

წმიდა მირონცხების შესრულების დროს, მღვდელი ამბობს: "საბეჭდავი ნიჭი სულისა წმიდისა". სულიწმიდის მადლის მონიჭებას ახლავს მღვდლის ყველა საღვთისმსახურებო მოქმედება ან საიდუმლოს აღსრულება, რომლებიც, რა თქმა უნდა, აღესრულება თვით ღმრთის მიერ, ხოლო საწესჩვეულებო მღვდელმოქმედებანი ამ საიდუმლოთა მხოლოდ გარეგანი სიმბოლოა.

ამგვარად, ქრისტეს ბეჭედი ჩვენშია, ჩვენს გულებშია, ის ჩვენ გვაზლევს სულიწმიდაში აღორძინების მადლს, გვქმნის ღმრთის შვილებად, წმიდა ერად. ბეჭედში მოცემულია ყველა სულიერი ნიჭი - ქარიზმები, სულის ნაყოფნი, რომლებიც ჩვენს გულებშია ჩაღვრილი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის გვათავისუფლებს სნეულებათაგან, რომ მათი მიღების შემდეგ უკვე შეუვალნი ვართ ათასგვარი ჭირვებისა და ბოროტებებისგან. ის ასევე არ გვაძლევს გარანტიას რომ დახსნილნი ვიქნებით ეშმაკის საფრხეთაგან და იესუ ქრისტესადმი რწმენის უარყოფისგან (იხ. ჰერმესის "მწყემსი". "მერვე იგავი"). ქრისტეს ბეჭედი ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენი დიდებაა, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ის წმიდა და შეურყვნელ ჭურჭელში, - ჩვენს სხეულში, სხვაგვარად მისი მომცემი მკაცრად მოგვკითხავს უდარდელობისა და დაუდევრობისთვის.

მეორე ბეჭედი უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ბეჭედი გახლავთ, რომლითაც ჩვენ ლოცვით დროს აღვიბეჭდებით. ჯვრის გამოსახვისას, ჩვენ ღმერთს ვუძღვნით საკუთარ აზრებს, გრძნობებს და მთელ სულიერ-ხორციელ შემადგენლობას, მისით შემოვიზღუდავთ თავს მზაკვარ დემონთა სხვადასხვა საფრხეებისგან. ჯვრის ნიშს უფრთხიან დემონები, როგორც ეს გადმოცემულია წმიდა მამათა ცხოვრებაში.

წმ. გრიგოლ ნოსელი გვიდასტურებს, რომ წმიდა მაკრინა ხშირად იწერდა ჯვარს თვალებზე, პირზე და გულზე. ჩვენ ჯვარს ვიწერთ ქრისტეს სასუფევლისადმი ჩვენი კუთვნილების გამოხატულების ნიშნად, და გამოვხატავთ რწმენას, რომ როგორც აწ, ასევე მუდამ და უკუნითი უკუნისამდე განუყრელად ვიქნებით მასთან.

ხოლო წმიდა ანდრია კესარიელი ამბობს: "ცხოველმყოფელი ჯვრის ბეჭედი განასხვავებს მორწმუნეთ, რომლებიც ურცხვენლად და ღიად ატარებენ ქრისტეს ნიშანს, უკეთურთა და ურწმუნოთაგან". ამგვარად, ჯვარი - ქრისტეს სასუფევლის სიმბოლოა, ქრისტესადმი ქრისტიანთა კუთვნილების მოწმობაა და განმასხვავებელი ნიშანია არაქრისტიანთაგან. ამიტომაც საკუთარი ჯვარი ჩვენ გაბედულად უნდა ვატაროთ, ურცხვენლად ისე, რომ არ გვერიდებოდეს ქრისტეს სიკვდილისა, რათა მის მიერ მარადიული ცხოვრების სასოება გვქონდეს.

გავიხსენოთ, რომ სატანა ღმრთის ერთ-ერთი ანგელოზთაგანი იყო, მაგრამ დაეცა და ნაცვლად იმისა, შეენანა, თავის განდგომილებაში გახევდა, დაკარგა სინანულის უნარი და, შეიძლება ითქვას, გონიერება წაერთვა. მან დაივიწყა, ვინ იყო ადრე, არ ფიქრობს იმაზე, რითი დაამთავრებს და საღი აზრით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ უგუნურად და ალოგიკურად მოქმედებს. აი რა დაემართა ცისკრის ანგელოზს დაცემის, ღმრთის უარყოფისა და საკუთარ მსახურებაზე უარის თქმის გამო.

წმიდა ანდრია კესარიელი, გამოცხადების წიგნის მე-8 თავის 17-ე მუხლის განმარტებაში, სადაც ლაპარაკია უფსკრულიდან ამომავალ მხეცზე, რომელიც წარსაწყმედელში წავა, წერს: "ეს მხეცი არის თვით სატანა და ის ქრისტეს ჯვრის მიერ მოკლულ იქნა" ("აპოკალიფსისის განმარტება").

ქრისტეს ბეჭდის მესამე სახეობა - ეს არის ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერი კურთხევა, რომელსაც მორწმუნე იღებს მოძღვრის მარჯვენა საკურთხებელი თითთაწყობით. მასში იგულისხმება ეკლესიის ყველა საიდუმლო, მონანულს მიეტევება ცოდვანი; გარდაცვლილი თავისუფლდება ცოდვებისგან წესის აგების დროს (ალბათ იგულისხმება განტევების ფურცლის მიცემა და წესის აგების დროს გამოყენებადი ჯვრის გამოსახვები - "აპოკ". რედ.); მისით იკურთხება ზეთი, ევქარისტული პური და ღვინო; მღვდელმთავარი აკურხებს ახალხელდასხმულ კლერიკოსს. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ჯვარი არის ქრისტეს დიდება, მართალთა ქება და ანგელოზთა სიხარული.

წმიდა კირილე იერუსალიმელი ასწავლის, რომ მღვდელმთავარი ან მღვდელი კურთხევას იძლევა ქრისტეს ამაღლების მოსაგონებლად, როდესაც უფალმა აკურთხა მოციქულები და მათი სულები სულიწმიდით აღბეჭდა (ლუკა 24:50-51). ღაზის ეპისკოპოსის წმიდა პორფირის († 420) ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ყოველთვის, როდესაც მასთან მიდიოდნენ ადამიანები, ის მათ მშვიდობით განუტევებდა და მათ შუბლებს ქრისტეს ბეჭდით (ანუ შუბლზე ჯვრის გამოსახვით - "აპოკ." რედ.) აღბეჭდავდა.

ასეთია მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემა ქრისტეს ბეჭდის სამი სახეობის შესახებ.

ეშმაკის ჩანაფიქრი მოიცავს განსაკუთრებულ უგუნურ და გიჟურ ლოგიკას. ღმრთისგან მისი განდგომის შემდეგ ის შეპყრობილია ღმერთად გახდომის სურვილით. "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე" (ესაია 14:12, 13). ღმრთის სიდიადისადმი შურმა დაამახინჯა ეშმაკის ბუნება და ის ყოველგვარი ბოროტებისა და ცოდვების წყაროდ შექმნა. შური მას შთააგონებს გაღმერთების იდეას, ხოლო რადგან ქრისტეს საკუთარი ბეჭედი გააჩნია, ეშმაკიც, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, შემოიტანს თავის ბეჭედს. ასე ასწავლიან ეკლესიის მამები.

ეკუმენიოსი, ტრიკიელი ეპისკოპოსი, ამბობს, რომ ანტიქრისტეს სახელის ბეჭედი ქრისტეს ჯვრის საპირისპირო იქნება, ხოლო ღირ. ეფრემ ასურელი მიიჩნევს, რომ ანტიქრისტე თავის ბეჭედს ჯვრის ნაცვლად მისცემს ადამიანებს. ანტიქრისტე თავის მომხრეებს მისცემს ბეჭედს, როგორც ერთგვარ თილისმას, ამულეტს, და ის ამ ადამიანებში ქრისტეს ჯვარს შეცვლის.

ქრისტეს ბეჭედს ძალა აქვს, ამიტომაც ეშმაკიც მოინდომებს ძალა მიანიჭოს თავის ბეჭედს. უნდა გვახსოვდეს, რომ სატანას ოდითგანვე უწოდებდნენ ღმერთის მაიმუნს, რომელსაც მარტო ისღა შეუძლია, ბრიყვულად გადმოიღოს და მიბაძოს ღმერთს.

იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა ანტიქრისტეს ბეჭედმა დააზიანოს ქრისტეს მორწმუნენი. პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, რადგან ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია, ხოლო სატანა ოდენ დაცემული და ღმრთისგან დაწყევლილი ანგელოზი. მაგრამ თუკი ანტიქრისტე და მისი ბატონი ეშმაკი ვერაფრით დააზიანებენ ქრისტიანებს, მაშინ რას ნიშნავს წმიდა მამების სიტყვა, რომლებიც ამბობენ, რომ ანტიქრისტეს მიერ მარჯვენა ხელზე და შუბლზე მიცემული დაღი ერთგვარ ძალას მიანიჭებს მათ მიმღებთ?

წმიდა ეფრემ ასურელი წერს: ანტიქრისტე თავის მომხრეებს შუბლს დაუდაღავს; რათა ადამიანმა ვერ შეძლოს ქრისტეს ჯვრით პირჯვრის გამოსახვა, ის ბეჭედს მარჯვენა ხელზეც მისცემს, რადგან შუბლისა და მარჯვენა ხელის აღბეჭდვით იბეჭდება მთელი სხეული. არეთა კესარიელი ამბობს, რომ ბეჭედი მარჯვენა ხელზე ადამიანს კეთილი საქმეების ქმნის შესაძლებლობას წაართმევს, ხოლო შუბლის აღბეჭდვით - ადამიანებს დაუბნელდებათ გონება და ღვთისმოსავი განზრახვები აღარ ექნებათ ("აპოკალიფსისის განმარტება").

ანტიქრისტეს მოახლოვებული მოსვლის მქადაგებლები მიიჩნევენ, რომ ქრისტე სატანაზე უძლურია, რადგან ანტიქრისტე მას ძლიერებით აღემატება, მისი ბეჭედი კი რაღაც წარმოუდგენელ ძალას ფლობს, რომლის წინააღმდეგ ქრისტიანები უძლურნი არიან, და ვერავისი იმედი ვერც ექნებათ.

მაგრამ წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ქრიტეს განკაცდა იმისთვის, რათა "დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8), და არა იმისთვის, რათა მიუშვას და იმოქმედოს თავისი ბოროტზრახვების მიხედვით. "ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი" (საქმე 10:38), თანაც მიუხედავად იმისა, ესმოდათ მათ რა ხდებოდა მათ თავს, თუ არ ესმოდათ. ქრისტე მოევლინა კაცობრიობას "და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა" (ებრ. 2:14-15). "ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ" (იოანე 10:27-29).

ქრისტე არის ღმერთი ძლიერი, რომელიც მბრძანებლობს დემონებზეც და ისინი შიშისგან ძრწიან მის წინაშე. "ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.  როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა" (ლუკა 11:20-22). "ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე" (კოლას. 2:15).

კურთხევანში მოცემულია განსაკუთრებული ლოცვები, რომელსაც კვეთებულის ლოცვებს უწოდებენ და, რომლითაც, დემონთა მიერ შეპყრობილი ადამიანებისგან ილტვიან ეშმაკნი. ეს ლოცვები ნათლისღების საიდუმლოს წინაც იკითხება. მღვდელი ამ ლოცვებში უბრძანებს ეშმაკს განეშოროს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით აღბეჭდილთ: "განვედ, შეიცან შენი ამაო ძალა, რომელსაც ღორებზეც კი არ გაქვს ძალაუფლება".

და თუკი სატანას ღორებზეც კი არა აქვს ძალაუფლება, როგორც ეს ნათქვამია სახარებაში, როგორ შეიძლება მას ძალა ჰქონდეს ქრისტეს ბეჭდით აღბეჭდილებზე? მართლმადიდებელთ უნდა რცხვენოდეთ იმისა, რომ ეშინიათ ეშმაკის მზაკვრული გაბედულებისა; რომ ავიწყდებათ ყოვლადძლიერი ღმერთის არსებობა, რომელსაც ეკუთვნის მხოლოდ ძალაუფლება მათზე და მთელ მათ მხედრობაზე, რომელმან მარადიული ცეცხლის ტბა განუმზადა მათ უკეთურებას.

ამრიგად, ქრისტეს ბეჭედი, რომელიც ჩვენ ნათლისღებაში მივიღეთ, აღუტეხელია, აღუხოცველია და წაურთმეველია. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: ხომ არ ფლობს ანტიქრისტეს ბეჭედიც ანალოგიურ სიმტკიცეს? ზოგიერთები ამ კითხვას დადებითად პასუხობენ და მიიჩნევენ, რომ მისი მიმღები ადამიანი იმწამსვე ანტიქრისტეს მონა და წარწყმედილი ხდება, რომელსაც უკვე სულის ცხონების არანაირი შანსი არ გააჩნია.

წმიდა ანდრია კესარიელი ამბობს, რომ იმ იუდეველებსა და წარმართებს, რომლებიც ერთხელ ცთუნდებიან ანტიქრისტეს სასწაულებით და მის ღმრთითსაძაგელ სახელს თავიანთ გულებში ჩაიწერენ, სამარადისოდ ჩარჩებათ ის სულში.

ერთი შეხედვით ჩვენი ოპონენტები თითქოსდა სიმართლეს ამბობენ. მაგრამ, მოდი დეტალურად განვიხილოთ წმიდა ანდრიას სიტყვები. "ერთხელ ცთუნებულნი" - არიან ისინი, ვინც სრულიად მიეცემიან ანტიქრისტეს ძალაუფლებას, დაუჯერებენ მის ყალბ სასწაულებს, და მით აღიარებენ მის ჭეშმარიტ ღმერთობას. სიტყვაში "ჩაიწერენ" გაზგასმულია მათი არჩევანის განსაკუთრებული ნებელობა, რასაც საბოლოოდ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებით დაადასტურებენ.

ისინი, ვინც ამ პრობლემას განიხილავენ არა მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა სწავლების შუქზე, არამედ საკუთარი  განსჯისამებრ, მიიჩნევენ, რომ ადამიანი, ვინც სარგებლობს შტრიხკოდიანი ბარათებით, რომელიც თითქოსდა რიცხვ 666-ს შეიცავს, იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. მაგრამ თუ მე ქრისტესი მწამს და ვიცი, რომ ის შეუდარებლად ძლიერია ეშმაკზე და ანტიქრისტეზე, მაშინ უშიშრად შემიძლია ვისარგებლო ამ ბარათებით, თუნდაც მათში ეს რიცხვიც იყოს. ყოვლისშემძლე ღმრთისადმი რწმენით მე ჯვარს გამოვსახავ ბარათს და მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ამით განქარდება ეშმაკის ძალა.

უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: "ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათე 10:33). ამგვარად, არა მარტო სულში უნდა გვწამდეს ქრისტესი, არამედ ვაღიაროთ იგი კაცთა წინაშეც. ვინც ქრისტეს აღიარებაზე უარს ამბობს, ის უფალს განუდგება.

ჩვენ გვეტყვიან, რომ ადამიანი ვერ შეძლებს ქრისტეს ჯვრის ნიშანი გამოისახოს იმის შემდეგ, რაც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, რადგან სიბილწეზე შეუძლებელია გადმოვიდეს ღმრთის კურთხევა. მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც წამების შიშით განუდგნენ ქრისტეს დევნულებათა პერიოდში, კვლავ მოექცეოდნენ ეკლესიისკენ და ეკლესიაც მათ ხელგაშლილი იღებდა. ამ ადამიანებს ეკლესია დაცემულებს უწოდებდა; მათ განეკუთვნებოდათ გამყიდველები და ხელისუფლებასთან ქრისტიანთა დამსმენები. ეპისკოპოსები და მღვდლები ასეთ განდგომილებს კვლავ შეიწყნარებდნენ ეკლესიაში მათი მხრიდან სინანუილსა და მკაცრი ეპითიმიების აღების შემდეგ. ღმერთი ნებისმიერ ცოდვას მიუტევებს მონანულთ, რადგან სინანულით ნებისმიერი ცოდვა აღიხოცება, თვით ქრისტეს უარყოფიც ცოდვაც.

ჩვენ უკვე ვლაპარაკობდით, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი არ იქნება მოცემული ლაზერული სხივებით, ეს არ არის ტატუირება ან რაიმე კანქვეშა შესხურება; გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ ის იქნება მიკროსქემებისგან შემდგარი ბლოკი, რომელსაც თავში ჩააკერებენ ადამიანს, - სრულიად ცხადია, რომ მსგავსი იდეები აღებულია სამეცნიერო ფანტასტიკიდან.

ანტიქრისტეს ბეჭედი - ეს არის ქრისტეს ნებაყოფლოფითი, შეგნებული უარყოფა. მაგრამ ის შეიძლება არ იყოს საბოლოო, რამეთუ ადამიანს ყოველთვის რჩება სინანულის შესაძლებლობა, და მაშინ ღმერთი აღხოცავს ამ ბეჭედს და გაათავისუფლებს მის სულს ეშმაკის საკვრელთაგან. ღმერთს არ სურს ცოდვილის წარწყმედა, არამედ სურს მისი მოქცევა და ცხონება.

ამრიგად, ღმერთს შეუძლია და სურს დაარღვიოს ეშმაკის ყველა მზაკვარება და ყველას სინანულისკენ მოუწოდებს - როგორც ოდესღაც ქრისტიანთა მდევნელ სავლეს, რომელიც შემდეგ მოციქული გახდა ან პეტრეს, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე.

რა მოვიმოქმედოთ, რათა გავმყარდეთ ქრისტეს რწმენაში და დავიცვათ მისდამი ერთგულება? ღირ. ნილოს მოსაგრე წერს: "თუ გსურს ეშმაკის ყველა მახისგან დაიცვა თავი შეიარაღდი ქრისტესადმი სიყვარულით, ღვთისმოშიშებით მოუწოდე მის წმიდა სახელს და პირჯვარი გადაიწერე. როდესაც უფლის ჯვრის ბეჭედს შუბლზე, გულზე და სხეულის სხვა ნაწილებზე გამოისახავ, გწამდეს, რომ ამით უეჭველად ირღვევა მტრის ყოველგვარი ძალა; და მზაკვარი დემონები შიშით გაიქცევიან შენგან" ("მესამე ეპისტოლე").

როდესაც საბერძნეთი თურქეთის უღელქვეშ გმინავდა, ხოლო ქრისტიანობა იდევნებოდა, მრავალი ქრისტიანი აწამეს ისლამის ფანატიკურმა მიმდევრებმა. მუსლიმებსაც აქვთ ბეჭედი, რომელიც ისლამისადმი მათ კუთვნილებას აღნიშნავს, - ეს არის წინადაცვეთა. ისინი მრავალ ქრისტიანს ძალდატანებით წინადაცვეთდნენ, თუმცა ისინი არ უარყოფდნენ ქრისტეს და არ იღებდნენ მაჰმადიანობას. ნუთუ ამის გამო ისინი უკვე ქრისტიანებად აღარ ითვლებიან, დაკარგეს წმიდა ნათლისღების მადლი და ღმერთმა მათ ზურგი შეაქცია? არა, პირიქით, ამით მათ შეარცხვინეს მადევარნი, რომლებმაც ძალადობით წინადაცვითეს ისინი, რადგან, გააჩნდათ რა მაჰმადიანური რელიგიისადმი კუთვნილების გარეგანი ნიშანი, მაინც ქრისტიანებად დარჩნენ!

მაგალითად, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია განადიდებს წმიდა მოწამე ნიკოლოზს, რომელიც 1657 წელს ეწამა. ის პატარა ბიჭი იყო და სმირნაში ცხოვრობდა. ერთხელ, თავის თანატოლთან ცხარე კამათის დროს, როდესაც რაღაცის დამტკიცებას აპირებდა ნიკოლოზმა წარმოთქვა: "მე ვიყო თურქი, თუ ეს არ დაგიმტკიცო!" ის შეიპყრეს და თურქ მსაჯულთან მიიყვანეს, რომელმაც ჰკითხა: "შენ გინდა თურქობა"? ბიჭმა უპასუხა: "ნაწილებადაც რომ დამგლიჯოთ, ცეცხლში ჩამაგდოთ ან ზღვაში, ქრისტეს არ უარვყოფ!" მაშინ მსაჯულმა ნიკოლოზის წინადაცვეთა ბრძანა. ის ბოძს მიაბეს და წინადაცვითეს, მაგრამ ბიჭუნა გაჰყვიროდა: "მე მწამს ქრისტესი და არასოდეს გავთურქდები!" მტანჯველებმა როდესაც დაინახეს, რომ ნიკოლოზს ვერ მიაღებინებდნენ მუსლიმობას, ჩამოახრჩვეს. ასე მიიღო მან უხრწნელი მოწამეობრივი გვირგვინი.

წმიდა ბასილი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია, როგორ შეუყვარდა ერთ ახალგაზრდა კესარიელ კაცს გოგონა, რომელზეც მათი სოციალური მდგომარეობის გამო დაქორწინება არ შეეძლო. სასოწარკვეთილმა დახმარებისთვის ჯადოქარს მიმართა. ჯადოქარმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ახალგაზრდა დაემორჩილა მოგვს და ეშმაკმაც თავისი "სასწაული" მიუბოძა: გოგონას ისე ძლიერ შეუყვარდა ყმაწვილი, რომ მშობლებისგან მასთან დაქორწინების კურთხევა მოითხოვა, თუ არა და თავის მოკვლით იმუქრებოდა.

როდესაც დაინახა რომ ქმარი არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება და არც პირჯვარს იწერს, ახალგაზრდა ცოლმა ქმარს ამის მიზეზი ჰკითხა, და ქმარმაც ყველაფერი აღიარა. ის მივიდა ბასილი დიდთან, რომელმაც უთხრა: "ნუ გეშინია, სატანისადმი მიცემული შენი ფიცი შეიძლება დაირღვეს. სინანული და ლოცვა დაარღვევენ მას!" წმინდანმა სატანისგან მიიღო ყოფილი განდგომილისგან ხელმოწერილი ქარტია და დახია იგი, რის შემდეგაც მირონი სცხო, რითაც დაადასტურა, რომ ყმაწვილის ცოდვა მიტევებულია მთელი ეკლესიის სახელით და მის გულში ქრისტეს ბეჭედიც განამტკიცა.

ანტიქრისეს ბეჭდის ძალდატანებითი დასმა ვერ ავნებს ქრისტიანს, თუკი ის შინაგანად არ მიიღებს მას, ეწინააღმდეგება ეშმაკს და მაინც ქრისტეს მოწაფედ რჩება. ეშმაკის ბადე ობობას ქსელივითაა; მათ ადვილად ხევენ საეკლესიო საიდუმლონი, მარხვა და ლოცვა, ასევე ეშმაკთან ბრძოლისა და ღმრთისადმი მსახურების მონდომება. ღადარინელი ეშმაკეული (ლუკა 8:26-39) სრულიად ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იყო, მისი ნება ეშმაკს უკვე დაერთგუნა, მაგრმა უფალმა იესუ ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით ის ამ მონობისგან გაათავისუფლა. ჩვენც ასე უნდა გვწამდეს ღმრთის ძალისა, რომელიც ყოველთვის და ყველგან გვიფარავს და გვიცავს.

"ანტიქრისტეს ბეჭედი, - ბრძანებს ალექსანდრიელი ბერი დიდიმე, - შეუძლებელია სულიწმიდის ბეჭდის ტოლფასოვანი იყოს, რომელიც ნათლისღების საიდუმლოში ეძლევა ქრისტეს მონებს. ანტიქრისტე იქნება ადამიანი და ვერ შეძლებს თავის ქვეშევრდომთა გულებში დამკვიდრებას, ვერც მათთან შეერთებას, რადგან ეს მხოლოდ ხელთუქმნელი არსებისთვის არის შესაძლებელი. ამიტომაც მისი (ანუ ანტიქრისტეს) ბეჭედი მხოლოდ გარეგანი ნიშანი იქნება. წმიდა წერილში მოტანილია შემთხვევები, როდესაც სატანა შევიდა ადამიანთა - იუდა ისკარიოტელისა და ელიმა მოგვის სულებში. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ეშმაკმა ბოროტი ნებით აღავსო ამ ადამიანთა სულები" ("სულიწმიდის შესახებ").

საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ანტიქრისტეს დაღზე მსჯელობის შემდეგ ლაპარაკია ღმრთის რჩეულთა აღბეჭდვაზე, რომელზეც უფლის ჩვენისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახელია აღბეჭდილი. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითობა როდია, ამით მოციქულს სურს თქვას, რომ ვისაც ქრისტეს სახელის ბეჭედი აქვს არაფრის უნდა ეშინოდეს. ამ ადგილის განმარტებისას, არეთა კესარიელი ამბობს, რომ "ღმრთის რჩეულნი, რომლებიც შუბლზე იესუ ქრისტესა და მისი მამის სახელებით არიან აღბეჭდილნი, მოციქულის თქმით ისინი არიან, ვინც განათლებულნი არიან ღმრთის პირის ნათლით, რომლისაც დემონებს ასე ეშინიათ" ("აპოკალიფსისის განმარტება").

მისი აზრით, წმიდა იოანემ ქრისტეს სახელზე მსჯელობა მხეცის დაღის შესახებ მსჯელობის შემდეგ იმიტომ განათავსა, რომ ამით ხაზი გაუსვა ღმრთის სახელის ძალასა და მოქმედებას, რომლითაც იძლევა მზაკვარის ყოველგვარი საფრხე, და რამდენიც გინდ ეცადოს ღმრთის თანატოლობა მას ვერასოდეს გამოუვა.

არქიეპისკოპოსი არეთა მოგვიწოდებს არ შეგვეშინდეს ანტიქრისტესა და მისი სახელის გამოსახულების, რადგან ანტიქრისტეს დროს ცხოველმყოფელი ბეჭედი კიდევ უფრო დიდ ძალას შეიძენს და უფრო მეტ ძლიერებას გამოავლენს. ეს უნდა ახსოვდეს ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეშმაკი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ღმრთის დამარცხება და მისი ხელიდან მათი დატაცება და, რომ ქრისტეს ჯვარიც კი ვერ იხსნის მათ ეშმაკისა და ანტიქრისტესგან.

ღირ. იოანე დამასკელი, ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, ამბობს, რომ ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში და ამიტომაც მას უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც უფრო მოსწონს, კეთილი ან ბოროტი. ეშმაკი უძლურია აიძულოს ადამიანი უპირატესობა მიანიჭოს ბოროტებას ("მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა").

სატანას მხოლოდ ადამიანზე ზემოქმედება შეუძლია, თანაც - მოტყუებით, საცთურებით, ბოროტებისკენ წაქეზებით, რათა ეს ბოროტი საქმეები მას ჩვეულებად ექცეს. ამის საწინააღმდეგოდ ქრისტე ადამიანს აძლევს აღუხოცველ ბეჭედს, ძალას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ქრისტიანს წინააღმდეგობა გაუწიოს მზაკვარი დემონის ყოველგვარ კადნიერებას.

ანტიქრისტეს ბეჭედი ქრისტესგან განდგომის გარეგანი ნიშანია, რომელიც არაფერს აძლევს ადამიანს, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების გარდა. თავისთავად, - უარყოფის გარეშე, - ის არც კარგია და არც ცუდი, ანუ ის არაფერს ნიშნავს და არაფერს არ შეიცავს.

ეშმაკისა და ანტიქრისტესადმი წინააღმდეგობა მხოლოდ ქრისტეს ძალითა და სულიწმიდის მადლით შეიძლება, ამიტომაც უნაყოფონი აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ანტიქრისტეს საკუთარი ძალებით და გონიერებით შეებრძოლება. საბოლოო ჯამში ისინი განიარაღებულნი აღმოჩნდებიან, რადგან არ გააჩნიათ მადლისმიერი სიმტკიცე, და, როგორც წმ. იპოლიტე რომაელი ამბობს, ადვილად გაებმებიან  ეშმაკის მახეში ("სამყაროს აღსასრულის შესახებ").

წმიდა ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი წყალში შთაფლვის წინ უარყოფს ეშმაკს, ყველა მის საქმეს, მის ამპარტავნებას. მღვდელი უკითხავს მას შეფუცვების ლოცვებს, რომლის შემდეგაც მოსანათლავი, მიუბრუნდება რა დასავლეთს სამჯერ შეაფურთხებს ეშმაკს.

ქრისტიანისთვის არაფერია ღმრთისა და მისი ქრისტეს უარყოფაზე უარესი, და არაფერია ეშმაკის წინაშე შიშზე სამარცხვინო. "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28).

მაშ, გაბედულად შევაფურთხოთ ეშმაკს და ქრისტესადმი რწმენით ვეწინააღმდეგოთ მას!
მხეცის რიცხვი
ბოლოთქმა

როდესაც 1997 წლის ნოემბრის დასაწყისში ამ წიგნის პირველი გამოცემა გამოვიდა, მთელი ხუთათასიანი ტირაჟი ნახევარ თვეში გაიყიდა. ასეთი წარმატება ვერ წარმომედგინა, მე მხოლოდ ვცდილობდი გამომეთქვა ის იდეები, რომლებიც აქტუალურად და საჭირბოროტოდ მეჩვენებოდა.  

მათგან გავიმეორებ ძირითადს:

1. ანტიქრისტეს ბეჭედი არის ბოლო დროის ანტიქრისტეს ატრიბუტი;
 
2. ბოლო დროის ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა;

3. როდესაც მოვა, ის პრეტენზიას გამოაცხადებს იმაზე, რომ ემსახურონ როგორც ღმერთს;

4. თავის ბეჭედს ის მისცემს მათ, ვინც ნებაყოფლობით დაემორჩილება და ღმერთად აღიარებს;

5. სანამ ანტიქრისტე არ მოსულა, მისი ბეჭედიც არ არსებობს, ამიტომაც მასზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მიწიდან ამომავალი აპოკალიპტური მხეცი არის - ანტიქრისტე, რასაც ადასტურებენ წმიდა იპოლიტე, არეთა კესარიელი და ეკუმენიოს ტრიკელი. ეს უკანასკნელი ნათლად ამბობს "მხეცი სულ სამია. ერთი ჩამოდის ციდან (გამოცხ. 13:3), მეორე ამოდის ზღვიდან (13:1), ხოლო მესამე - მიწიდან (13:11)... პირველი, ანუ დრაკონი, არის თვით სატანა, მესამე კი - ანტიქრისტე" ("აპოკალიფსისის განმარტება". სიტყვა მე-7).

წმიდა ფოტიოს კონსტანტინოპოლელის მოწაფე, არეთა კესარიელი ასწავლის, რომ "იოანე პირველ მხეცს ცეცხლოვან დრაკონს უწოდებს", რომელიც ციდან გადმოვარდა. მესამე მხეცი, აპოკალიფსისის მიხედვით (გამოცხ. 13:11-18), მიწიდან ამოდის. იოანემ ხატოვნად აღწერა ის, რაც უნდა მოხდეს ანტიქრისტეს დროს. მან ანტიქრისტეს მიწიდან ამომავალი უწოდა, საიდანაც მოდის ყოველი ადამიანი, რადგან ანტიქრისტეც ადამიანი იქნება, რომელშიც სატანის მოქმედება გამოვლინდება".

მეორე, ზღვიდან ამომავალი მხეცი, არეთას აზრით, დაცემული სულია, ნაკლებად ძლიერი ვიდრე სატანა. ის არ შეიძლება ჩავთვალოთ ანტიქრისტედ, თუმცა დემონური ძალა მასშიც იმოქმედებს.

იბადება კითხვა, ახალგამოჩეკილმა მოძღვრებმა რატომ არ შეიწუხეს თავი და არ გაეცნენ არქიეპისკოპოს არეთას ავტორიტეტულ განმარტებებს, იმიტომ ხომ არა, რომ მათ წმიდა მამათა აზრი არ აინტერესებთ? მაშ, რა ინტერესები ამოძრავებს "მართლმადიდებლობის სიწმიდის ამ დამცველებს"? ერთი რამ ნათელია - ჭეშმარიტება მათ არ სჭირდებათ.

წმიდა იპოლიტე რომაელი ბრძანებს: "მიწიდან ამომავალი მხეცი, ანტიქრისტეს სამეფოა. ორი რქა თვით ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველს ნიშნავს" ("ქრისტეს და ანტიქრისტეს შესახებ"). აქედან გამომდინარეობს, რომ ცრუწინასწარმეტყველი დაქვემდებარებულია ანტიქრისტეს - ამას აპოკალიფსისიც ადასტურებს (13:11-18). მღვდელმოწამე ნათლად ბრძანებს, რომ:

1. ანტიქრისტე იმეფებს ერთ შვიდეულს, ანუ შვიდ წელს.

2. 1260 დღის განმავლობაში სინანულს იქადაგებენ ენოქი და ილია.

3. ანტიქრისტე მათ მოკლავს, რადგან ისინი ხელს შეუშლიან მას საკუთარი რელიგიის დაფუძნებაში და დაამტკიცებენ, რომ ანტიქრისტე არის ცრუმესია.

4. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ანტიქრისტეს ბეჭედი.

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა ანდრია კესარიელი მიწიდან ამომავალ მხეცად მიიჩნევდა არა ანტიქრისტეს, არამედ ცრუწინასწარმეტყველს - წმიდა იპოლიტეს აზრის შესაბამისად იმის შესახებ, რომ ეს მხეცი არის ანტიქრისტეს სამეფო, რომელშიც ცრუწინასწარმეტყველი უმთავრეს როლს ითამაშებს.

ცხადია, რომ ანტიქრისტეს დაღი გამოჩნდება მიწიდან ამომავალი მხეცის დროს, მაგრამ ის არ იქნება ცრუწინასწარმეტყველის ბეჭედი. როგორც წმიდა იპოლიტე ბრძანებს ანტიქრიტე და მისი ცრუწინასწარმეტყველი ერთსა და იმავე დროს იცხოვრებენ და ერთად იმოქმედებენ. გარდა ამისა, ცხადია ისიც, რომ სამი მხეცი ეშმაკის მსგავსებები არიან.

მესამე მხეცი ამოდის მიწიდან, ანუ ის ჩვენს ქვეყნიერებას ეკუთვნის, და, წარმოაჩენს რა თავს კაცობრივი სასოების გამოხატულებად, თავის შესაძლებლობებსა და მეთოდებს ადამიანებს ამ სასოებათა განხორციელებისთვის შესთავაზებს, თუმცა ღმრთის ნებას არასოდეს შეასრულებს.

სიმბოლური აზრით მიწა ღმერთს ამხედრებულ სამყაროზე მიანიშნებს, და სწორედ მისგან გამოვა მხეცი - ანტიქრისტე. ის ყველას თავს კრავად, ღვთისმოსაობის დამცველად და ღმრთის კაცად მოაჩვენებს. მაგრამ მისი ქადაგება არ იქნება ღმრთის სიტყვა; მისი ქადაგება აღსავსე იქნება ორაზროვნებითა და ურწმუნოებით. ბოლო დროის ანტიქრისტე გარეგნულად სიწმიდისა და ღვთისმოსაობის ნიმუში იქნება, ხოლო სინამდვილეში, გარეშემომყოფთათვის უხილავად, - უსჯულო კაცი, რომელიც აღსავსეა ღმრთისადმი მტრობით, სიცრუით და დაკავშირებულია პირველ მხეცთან.

როგორც დავინახეთ, წმიდა წერილში ანტიქრისტე შეიძლება გავიგოთ, როგორც უსჯულოების საიდუმლოს მთელი ერთობლიობა (ანუ წინამორბედები - ცალკეული პირები ან საზოგადოებები, - რომლებიც აახლოვებენ ანტიქრისტეს მოსვლას), ასევე ბოლო დროის მსოფლიო ტირანი, - ანტიქრისტე, ამ სიტყვის კერძო მნიშვნელობით.

აი მათი განმასხვავებელი ნიშნები: "მრავალნი ანტიქრისტენი" შეეცდებიან მთელი თავიანთი საქმიანობა მიმართონ ქრისტესა და მისი ეკლესიის საზიანოდ, მაგრამ ამავდროულად არ ეძებენ ღვთაებრივ პატივს; არავინ მათგან არ მოდის საკუთარი სახელით, არავინ დაადებს ადამიანებს საკუთარ ბეჭედს; ისინი მოქმედებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, და მათი დროება ქრისტეს მეორედ მოსვლით დასრულდება.

მაგრამ ქრისტეს მოსვლის წინ მოვა ანტიქრისტე ამ სიტყვის კერძო გაგებით. ის, როგორც უფალი ამბობს, მოვა "თავისივე სახელით" (იოანე 5:43), მოციქული პავლე კი წინასწარმეტყველებს და ამბობს "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). შეიძლება ითქვას, რომ ანტიქრისტეს წინამორბედები ნიადაგს ამზადებენ მის მოსასვლელად, ანუ ცდილობენ ერები ჩამოაშორონ ქრისტეს, შეცვალონ მათი მენტალიტები და ჩაუნერგონ მათ განსხვავებული სოციოკულტურული ღირებულებები. ყველა მათგანი ამოფარებულია კაცობრიობის კეთილდღეობის იდეას, მაგრამ ჯერ კიდევ მათგან არავინ ცდილა თავი გამოეცხადებინა ღმერთად.

თუმცა, ძველ ეპოქაში იყო ზოგიერთი მმართველი (მაგალითად, ნაბუქოდონოსორი, ანტიოქოს IV, ნერონი და სხვები), რომლებსაც ასევე ანტიქრისტეს წინამორბედებს უწოდებენ და, რომლებიც საღმრთო პატივს ისაკუთრებდნენ. ეს ხომ არ არის მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ანტიქრისტეები?

საქმე იმაშია, რომ ჩამოთვლილი მმართველები (და სხვებიც) ცხოვრობდნენ საზოგადოებებში, სადაც გაბატონებული იყო მრავალღმერთობა და მმართველები თავს ღვთაებრივ რჩეულებად, ნახევრადღმერთებად, ერთგვარი საღმრთო სულის მატარებლებად (ლათინურად - "გენიოსებად") მიიჩნევდნენ. მრავალ მათგანს ღვთაებრივ პატივსაც კი მიაგებდნენ. მაგრამ ეს მმართველები "არ ითხოვდნენ, რათა ისინი ეღიარებინათ ერთ ჭეშმარიტ ღმერთად და მათი კულტიც სრულიად შეეფერებოდა თავიანთი დროის ტრადიციულ რელიგიურ წარმოდგენებს. მათგან განსხვავებით, ანტიქრისტე საკუთარი ეთიკურობის გაღმერთებას მოითხოვს და თავს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად გამოაცხადებს.

ანტიქრისტე ადამიანია, ანუ ქმნილი არსებაა და, ამიტომაც, შეუძლებელია დროზე ადრე არსებობდეს. მხოლოდ არაქმნილი ჭეშმარიტი ღმერთი შეიძლება იყოს მარადიული და დროსა და სივრცეს აღმატებული. სწორედ ის არსებობს დროის გარეშე. ხოლო თუ ანტიქრისტე მარადიული ვერ იქნება (და არც არის), როგორ უნდა იყოს შესაძლებელი მისი სახელის გამოსახულების (ნიშანი, დაღი) არსებობა, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია? არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამებში არ არსებობს სწავლება ანტიქრისტეს ბეჭდის წინარე არსებობის შესახებ, როგორი სახითაც გინდ იყოს. მათი სწავლების მიხედვით, იქნება ანტიქრისტეს მხოლოდ ერთი ბეჭედი - ისიც ბოლო ჟამს, მისი მმართველობის მეორე ნახევარში.

როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, დღეს გამოითქმის აზრი, თითქოსდა რიცხვი 666 რაღაც თვითკმარი და ანტიქრისტეს სახელის თანასწორი რამეა, შედეგად, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მისი ბეჭედი. აპოკალიფსისის სიტყვებზე დაყრდნობით: "და აიძულებს ყველას, ... ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ... ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16-17), ცდილობენ მხეცის სახელი გააიგივეონ მისი სახელის რიცხვთან, თუმცა რიცხვი წმიდად მომსახურე ფუნქციას ასრულებს. მაგრამ კავშირი "ან" მოცემულ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ცნების გამაერთიანებელი კავშირი (დიმიტრაკოსის დიდ ძველბერძნულ ლექსიკონში ნათქვამია, რომ კავშირი "ან" აკავშირებს აზრობრივად განსხვავებულ სიტყვებს).

ამრიგად, ანტიქრისტეს სახელი და მისი სახელის რიცხვი სულაც არ არის ერთი და იგივე. მაგალითად, ერთია - კვიროსი, ხოლო კვიროსი, სპარსთა მეფე, უეჭველად სხვა რამეა. პირველ შემთხვევაში, ლაპარაკი ამ სახელის მატარებელ ვიღაც ადამიანზე, მეორე შემთხვევაში კი კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებაზე - სპარსეთის მეფე კვიროს დიდზე. ანალოგიურად ანტიქრისტეს და სატანა ერთი და იგივე არ არიან, თუმცა ანტიქრისტეს მიერ სწორედ სატანა იმოქმედებს (2 თესალონიკ. 2:9).

არ შეიძლება წმიდა წერილის უგუნურად, გაუაზრებლად განმარტება. მაგრამ, იქნებ, ანტიქრისტეს ბეჭდის მნიშვნელობა სულაც შეუცნობელია? ასეთი მტკიცებულება საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელი, რადგან მხოლოდ ღმერთია მიუწვდომელი და შეუცნობელი, რადგან მხოლოდ ის არის არაქმნილი და ყოველ ქმნილებას აღმატებული. ხოლო ეშმაკი და მთელი მისი მხედრობა - ქმნილებანი არიან და მათ თავის დროზე ღმერთი საბოოლოოდ დაამარცხებს.

ჩემი აზრები არ იქნება მართლმადიდებლური, თუკი ვიტყვი, რომ რიცხვი 666, როგორც ასეთი, ანტიქრისტეს სიმბოლოს და მისი მოსვლის მოახლოების წინარე ნიშანს წარმოადგენს. ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში ასეთ სწავლებას ვერ ვპოულობთ. მაშ, ვინ არის მართალი: წმიდა მამები თუ საკუთარი ცრუწინასწარმეტყველეების თანამედროვე კომენტატორები?

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ეპისტოლედან შენგენის შეთანხმებაში საბერძნეთის შესვლასთან დაკავშირებით.

საკითხი "ბეჭედზე", რომელის გარშემოც ამ ბოლო დროს ამდენს წერენ და ლაპარაკობენ, აშფოთებს ქრისტიანთა სულებს და მათში არეულობასა და ქაოსს იწვევს. მაგრამ ის სულაც არ ღირს სერიოზულ განხილვად და დავად, რომელიც მის გარშემოა ატეხილი. წმიდა მამები, ვინც აპოკალიფსისს განმარტავდნენ, წმიდა ტექსტების განმარტების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მღვიძარებასა და სიფრთხილეს უთმობდნენ და, სულიწმიდით განბრძნობილები, მიმოწვლილვით ამოწმებდნენ, შეიძლება თუ არა აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებები კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას მიუდგეს. როდესაც დადგება "ბეჭდით" დადაღვის დრო - იქნება ის ანტქრისტეს სახელი თუ მისი სახელის რიცხვი, - მისი აუცილებელი თანმხლები პირობა იქნება ქრისტეს უარყოფა, რაც დამადასტურებელი იქნება ანტიქრისტესთან შერწყმისა, თანაც აქ გარდაუვალ პირობას წარმოადგენს ადამიანის თავისუფალი ნება. ამ აქტით ადამიანში, მისი ნებიდან გამომდინარე, შეწყდება ღმრთის მადლის მოქმედება, თვითონ კი შეიქნება განდგომილი და მოუნანიებელი.

წყარო: Сестричество во имя преподобномученицы Великой Княгини Елизаветы. Москва 2001 // https://azbyka.ru/apokalipsis/meletij-mitropolit-nikopolskij-pechat-antikhrista-v-pravoslavnom-predanii/
 
თარგმნილია რუსულიდან: საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია.
Назад к содержимому