ანტიქრისტე - "ანტიქრისტეს ბეჭდის" ცნება საეკლესიო განმარტებაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
"ანტიქრისტეს ბეჭდის" ცნება საეკლესიო განმარტებაში
ანტიქრისტეს ნიშანი
ზოგიერთ სქიზმატურ (და უკვე, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ) გარემოში არსებობს აზრი, თითქოსდა ანტიქრისტეს ბეჭედი წარმოადგენდეს ჩიპს, შტრიხ-კოდს, QR-კოდს ან სხვა ტექნიკურ საშუალებას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიქრისტეს გამეფებამდე ადამიანს "ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკს" დაუმორჩილებს. ამგვარი შეხედულება ეწინააღმდეგება წმიდა მამებისეულ სწავლებას და გამოცხადების წიგნის საეკლესიო განმარტებას.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ჟამთან დაკავშირებით წმიდა მამებს არ ახასიათებდათ იმგვარი ნერვოზული ცნობისმოყვარეობა, რაც ესოდენ თვისობრივია სხვადასხვა სახის სქიზმატიკოსთა და სექტანტთათვის; ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ განმარტებას გამოცხადებაზე წმ. იოანე ოქროპირთან ან თეოდორიტე კვირელთან; არ მოუცია აპოკალიფსისის განმარტება არც წმ. მარკოზ ეფესელს, არც წმ. გრიგოლ პალამას. აპოკალიფსისის წმიდა მამებისეული განმარტება მცირეა, მაგრამ ამ ტექსტებშიც კი არ არის მოცემული იმგვარი ყალბი იდეები, რომელსაც თანამედროვე სქიზმატიკოსები და სექტანტები ავრცელებენ, და რაშიც ჩვენ ახლავე დავრწმუნდებით.
 
 
I. დაღი ("ბეჭედი") ანტიქრისტემდე
 
სქიზმატიკოსები ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედს უკვე დღესვე იძლევიან, თუმცა, ცხადია, რომ ანტიქრისტე ჯერაც არ გამეფებულა, როგორც ერთი მსოფლიო დიქტატორი.
 
მაგრამ წმ. წერილში ნათქვამია, რომ დაღის დადებას წინ უსწრებს მხეცის თაყვანისცემა, "მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:14). მხეცის (ანტიქრისტეს) სასიკვდილო ჭრილობის ეს "სასწაულებრივი განკურნბა" შერწყმული იქნება მის მსოფლიო მმართველად გამოცხადებასთან, მაშასადამე, ეს განკურნება შეუძლებელია მოხდეს ანტქრისტეს გამეფებამდე.
 
ამას ადასტურებენ საეკლესიო განმარტებებიც. ღირ. ეფრემ ასურელის (†373) ბერძნულენოვან თხზულებათა შორის ცნობილია ვრცელი სიტყვა ბოლო ჟამის შესახებ ("სიტყვა უფლის მოსვლის, სამყაროს აღსასრულისა და ანტიქრისტეს გამოჩენის შესახებ"). მხეცის დაღის ("ბეჭდის") შესახებ იქ მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მისი დადება დაიწყება ანტქრისტეს გამეფების შემდეგ. ეს განსაკუთრებულად ცხადია სიტყვებიდან "და დააყენებს ზედამხედველებს თავისი განკარგულებების შემსრულებლებად"; თავის გამეფებამდე მას არანაირად შეეძლება ყველგან ზედამხედველების დაყენება. "მრავალ საცთურს შემოიტანს მხეცი. ის თვითონ ღმრთისმბრძოლია და ყველას წარწყმედას ელტვის. მტარვალი ისეთ ხერხს გამოიყენებს, რომ ყველანი ვალდებულნი იქნებიან საკუთარ სხეულზე ატარონ მხეცის ბეჭედი, როდესაც თავის დროზე, ანუ, ჟამთა აღსრულებისას, ცრუსასწაულებით მოვა ყველას საცთუნებლად; და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლებათ მათ იყიდონ საკვები და სასიცოცხლოდ საჭირო ყოველივე საგანი; და დააყენებს ზედამხედველებს თავისი განკარგულებების შემსრულებლებად" (Ephraem Syrus. Sermo in adventum domini, et de consummatione saeculi, et in adventum antichristi. // σίου φραίμ το Σύρου ργα. Θεσσαλονίκη, 1992. Τ. 4. Σ. 116-117).
 
წმ. მღვდელმოწ. ვიქტორინე პეტავიელმა († 304) აპოკალიფსისის საკუთარი განმარტება შეადგინა III-IV საუკუნეების მიჯნაზე. შემდეგში ის გაასწორა და შეავსო ნეტ. იერონიმე სტრიდონელმა († 420). ამ განმარტების თანახმად, დაღის ("ბეჭდის") დადებას წინ გაუსწრებს ცრუწინასწარმეტყველის ცრუსასწაულები, იერუსალიმის ტაძრის აღდგენა და მასში ანტიქრისტეს ოქროს კერპის დადგმა. "და ცეცხლი ჩამოვა ციდან, მაგრამ "კაცთა წინაშე", როგორც დღესაც დაცემულ ანგელოზთა დახმარებით იქმან ჯადოქრები. ის ასევე ყველაფერს გააკეთებს, რათა იერუსალიმის ტაძარში დადგმულ იქნას ანტიქრისტეს ოქროს კერპი, რომელშიც დაცემული ანგელოზი შევა, საიდანაც ხმას გამოსცემს და იწინასწარმეტყველებს. ამის შემდეგ ის "ისე გააკეთებს, რომ თავისუფლებმა და მონებმა მიიღონ დაღი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე - მხეცის სახელის რიცხვი, - რათა ვერავინ შეძლოს ვერც ყიდვა და ვერც გაყიდვა" (Victorinus Petabionensis, Hieronymus. Commentarius in apocalypsin (recensio Hieronymi) // CSEL. 49. P. 129).
 
წიგნში "სიტყვა სამყაროს აღსასრულის შესახებ) (VII-VIII в.) (Whealey A. De consummatione mundi of Pseudo-Hippolytus: another Byzantine apocalypse from the early Islamic period // Byzantion. 1996. Vol. 66. N 2. P. 461), რომელიც ეფუძნება წმ. მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელისა და ღირ. ეფრემ ასურელის (О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 263) თხზულებებს, დაღის ("ბეჭდის") დადების ვითარებები დეტალურად არის აღწერილი. ამ თხზულების შემდგენელი ამბობს, რომ ანტიქრისტე ჯერ ხელისუფლებაში მოვა, "და მას მეფედ გამოაცხადებენ. ამის შემდეგ გამედიდურდება მისი გული: ის, თავიდან მდაბალი და მშვიდი, გასასტიკდება; ადრე თუ სიყვარულით იყო გამსჭვალული, უცებ გაგულქვავდება; გულით მდაბლიდან ქედმაღალ და სასტიკ ადამიანად გარდაიქმნება; ნაცვლად იმისა შეიძულოს უსამართლობა, მართალთა დევნას შეუდგება. შემდეგ, თავის სამეფოში რომ გამყარდება, დაიწყებს მრისხანებით აღსავსე ომს, დაამხობს სამ დიდ მეფეს: ეგვიპტისას, ლიბიისას და ეთიოპიისას. ამის შემდეგ კი დაიწყებს იერუსალიმის ტაძრის მშენებლობას, ნაჩქარევად აღადგენს მას და გადასცემს იუდეველთ. შემდეგ ისე გადიდგულდება ყოველ ადამიანზე, რომ ღმრთის გმობასაც კი შეუდგება. ის, მზაკვარი, იფიქრებს, სამუდამო მეფე ვიქნებიო დედამიწაზე; მაგრამ ამასთან, უბედური, ვერ შეიგნებს, რომ მისი სამეფო მალე განადგურდება და პირადად მას ცეცხლი შეჭამს, რომელიც გამზადებულია მისთვის ყველა იმათთან ერთად, მას რომ ერწმუნებიან და მისი მონები შეიქნებიან" ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 25 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 281).
 
მას თაყვანს სცემენ დედამიწის ხალხები, რომლებიც ამისკენ ცრუსასწაულებით იქნებიან აღძრულნი: "და მართლაც, ის ადამიანთა ზედამხედველებად დემონებს დააყენებს და უკვე არავის მოაჩვენებს თავს კეთილშობილად, არამედ ყველგან და ყველაფერში მკაცრი, სასტიკი, მრისხანე, ფიცხი, მავნე, მერყევი, საშინელი, აუტანელი, მოძულე, საძაგელი, თავშეუკავებელი, შურისმაძიებელი და ბოროტი იქნება. ხოლო მოსურვებისგან წარწყმედის უფსკრულში ჩააგდოს კაცთა მთელი მოდგმა გაამრავლებს ცრუსასწაულთ. და მაშინ ყველა ხალხი მისი საცთურებისგან ცთუნდება, ის მძლავრი ხმით იმდენად ძლიერად მოუწოდებს, რომ მის წინაშე მდგომ ბრბოს მიწა შეერყევა.
 
"შეიცანით (იტყვის ის), ერებო, ხალხებო და ტომებო, ჩემი მეფობის დიდი ძალაუფლება და ძლიერება! რომელი მმართველია ჩემზე ძლიერი? რომელი ღმერთია ჩემზე დიადი? ვის შეუძლია ეწინააღმდეგოს ჩემს ძალაუფლებას?" და მართლაც, მთებს გადააყენებს თვითმხილველთა წინაშე; ზღვაზე გაივლის დაულტობელად; ცეცხლს ჩამოიყვანს ციდან; დღეს დააბნელებს და ღამეს გაანათებს; მზეს უბრძანებს გადადიო და გადავა; და საერთოდ, თავისი საცთურების ძალით მაყურებელთა წინაშე აჩვენებს, რომ დედამიწის ყველა სტიქია და ზღვა მას ემორჩილება" ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 26 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 282-283).
 
შემდეგ "სიტყვა" აღწერს იმ უბედურებათა სურათს, კაცობრიობას და სამყაროს რომ ელოდება: "ამის შემდეგ, ცა არ გამოიღებს ნამს და დედამიწა ნაყოფს; ზღვა აყროლდება, მდინარეები დაშრებიან, ზღვის თევზები გაწყდებიან, ადამიანები შიმშილისა და წყურვილისგან დაიხოცებიან" ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 27 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 283). მხოლოდ "ამის შემდეგ უწმინდური, დემონთა და ადამიანთა დახმარებით, ყველა ოლქში დააგზავნის განკარგულებას; ყველა მათგანი იტყვის: "გამოჩნდა დიადი მეფე დედამიწაზე: მიდით ყველანი და თაყვანი ეცით მას, მიდით და იხილეთ მისი ძლიერება. ის მოგცემთ პურს და გაჩუქებთ ღვინოს, მოგანიჭებთ სიმდიდრეს და დიად პატივს!..." და აჰა, საჭმლის ნაკლებობის გამო, ყველა მასთან მივა და თაყვანსსცემენ მას, ხოლო ის მისცემს მათ დაღს (χάραγμα) მარჯვენა ხელსა და შუბლზე იმ მიზნით, რათა ვერავინ გამოისახოს პატიოსანი ჯვარი მარჯვენა ხელით თავის შუბლზე" ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 28 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 284).
 
ამრიგად, ძველი ეკლესიის რწმენით, ანტიქრისტეს დაღი ამ ცრუმეფის - ანტიქრისტეს, "წარწყმედის ძის" მსოფლიო გაბატონების შემდეგ შემოვა. იერუსალიმის ტაძარი მანამდე აშენებულ უნდა იქნას, რათა შემდეგ მასში დაიდგას ანტიქრისტეს ოქროს ქანდაკება.
 
 
II. დაღი ("ბეჭედი") ანტიქრისტეს თაყვანისცემის გარეშე
 
2. სქიზმატიკოსების აზრით, ანტიქრტისტეს დაღი შეიძლება ადამიანმა მიიღოს გაუცნობიერებლად, ისე, რომ თანხმობა არ განაცხადოს მასზე, ანუ იმ დროს, როდესაც ის ასრულებს არასაძრახის მოქმედებას - მაგალითად, იღებს დოკუმენტებს ან ფოტოსურათს. საეკლესიო განმარტებით კი, პირიქით, ანტიქრისტეს დაღი ("ბეჭედი") განუყოფლად არის დაკავშირებული ქრისტეს შეგნებულ უარყოფასთან და ანტიქრისტეს, როგორც "ღმერთის", ღია რელიგიურ თაყვანისცემასთან.
 
ანდრია კესარიელის განმარტებაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ იქნება დაღი, რომელიც ადამიანებს "შუბლსა და ხელზე მიეცემათ". ეს უთითებს იმაზე, რომ ადამიანი "დაემორჩილება მხეც-ანტიქრისტეს და მიჰყვება მისეულ უკეთურ ცხოვრებას, ხოლო სიტყვით და საქმით ღმერთადაც აღიარებს მას" (Андрей Кесарийский, свт. Толкование на Апокалипсис, 42. М., 1911. С. 75). ამრიგად, დაღი ("ბეჭედი") ჯერ ანტიქრისტეს ღმერთად აღიარებას ითხოვს.
 
ღირ. ეფრემ ასურელი ამბობს, რომ მხეცის დაღის მიღების შემდეგ ადამიანები ვერ შეძლებენ პირჯვრის გამოსახვას (ანალოგიური მისი მოქმედება აღწერილია სიტყვაში "სამყაროს აღსასრულის შესახებ" ("Слово о кончине мира"); ცალკე ის უთითებს, რომ დაღი ("ბეჭედი") დასმული იქნება "ჯვრის ნაცვლად", ანუ ის შერწყმული იქნება ჯვრის უარყოფასთან. "დააკვირდით ძმანო მხეცის ზღვარგადასულ ბოროტმოქმედებასა და მზაკვარებას, როგორ იწყებს იგი კუჭით, რათა ადამიანი, როდესაც შიმშილისგან უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდება, იძულებული იქნება მიიღოს მისი დაღი, ანუ, ავისმომასწავებელი გამოსახულება, სხეულის არა რომელიმე ნაწილზე, არამედ მარჯვენა ხელზე, ასევე შუბლზე, რათა ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა მარჯვენა ხელით გამოისახოს ჯვარი და შუბლიც აღიბეჭდოს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის პატიოსანი სახელით. რადგან იცის უბედურმა, რომ უფლის ჯვარი ანადგურებს მთელ მის ძალას; ამიტომაც აძლევს ის ადამიანს თავის დაღს მარჯვენა ხელზე, რადგან ის აღბეჭდავს ჯვრით მთელ ჩვენს სხეულს; ასევე შუბლზეც, რომელიც, როგორც მაღალ ადგილზე შემოდგმული სასანთლე - ჩვენი მაცხოვრის ნიშანს ატარებს. ამიტომაც, ძმანო, მტარვალი საშინელ ღვაწლს ატვირთვინებს ყველა ქრისტესმოყვარე ადამიანს, თქვენ კი სიკვდილამდე არ შეშინდეთ და უმოქმედოდ არ დარჩეთ, როდესაც გველი დაიწყებს თავისი დაღის ჩამორიგებას მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაცვლად. ასეთ მეთოდს კი, უეჭველად, იმიტომ მიმართავს, რათა უფლისა და მაცხოვრის სახელის ხსენებაც კი არ იყოს იმ ჟამს; ამას უძლური (ანტიქრისტე) მაცხოვრის ძლიერების წინაშე შიშითა და ძრწოლით გააკეთებს" (Ephraem Syrus. Sermo in adventum domini, et de consummatione saeculi, et in adventum antichristi. // σίου φραίμ το Σύρου ργα. Θεσσαλονίκη, 1992. Τ. 4. Σ. 117).
 
წმ. მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი მიიჩნევდა, რომ შუბლსა და მარჯვენა ხელზე ანტიქრისტეს დაღის მიღება დაწესებული იქნება ცრუღმერთებისადმი მიძღვნილ წარმართულ ზეიმობათა მიხედვით; შუბლზე ნიშნების გამოსახვას ის უიგივებს გვირგვინთა ტარებას, რომლებიც ანტიკურ კულტებში იყო მიღებული, ხოლო ხელზე გაკეთებულ გამოსახულებას - ანტიქრისტეს სამსხვერპლოზე საკმევლის კმევას: "ის ... ყველას უბრძანებს ყველგან უკმიონ მას საკმეველი, რათა წმიდათაგან ვერავინ შეძლოს ვერც ყიდვა, ვერც გაყიდვა, თუკი წინდაწინ მსხვერპლს არ შეწირავენ. ეს არის ანტიქრისტეს ის ბეჭედი, რომელიც ეძლევა ადამიანებს მარჯვენა ხელზე. ხოლო შუბლის ბეჭედი ნიშნავს, რომ ყველანი გვირგვინმოსილნი იქნებიან, თავზე ედგმებათ ცეცხლოვანი გვირგვინები, მაგრამ ეს არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილის გვირგვინები იქნება. ამგვარ რამეს განიზრახავდა იუდეველთა მიმართ ყოფილი სირიელი მეფე ანტიოქოს ეპიფანე, ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე. მან, გადიდგულებულმა, გამოსცა განკარგულება, რათა ყველას სამსხვერპლოები გაეკეთებინა სახლის კარებთან, შეეწირათ მსხვერპლი და, თავი სუროთი შეემოსათ და დიონისეს საპატივცემოდ ეზეიმათ, ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებოდა ამ განკარგულებას, ბრძანა წამებით მოეკლათ (იხ. 1 მაკაბ. 5:2; 2 მაკაბ. 6:7) (Ипполит Римский, сщмч. О Христе и антихристе, 49 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 241).
 
მაგრამ კომენტატორთა  უმრავლესობა მაინც ფიქრობდა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი მართლაც გარკვეული გამოსახულება იქნება, თუმცა მის მიღებას ისინიც საკულტო თაყვანისცემას და ქრისტესგან რიტუალურ უარყოფას უკავშირებდნენ.
 
ასე, მაგალითად, "ნილოს მირონმდინარის († 1651) სიკვდილისშემდგომ უწყებებში" შედის წინასწარმეტყველება, სადაც მხეცის გამოსახულება (ნიშანი) ასეა აღწერილი: "როდესაც ადამიანი დაიდაღება, მისი გული კიდევ უფრო უგრძნობელი გახდება; დამშეული ადამიანები გვამებს მიესევიან, და სადაც მოუწევთ იქ დაიწყებენ მათ ჭამას. დასასრულ, ანტიტიპოსით აღბეჭდილნი თვითონაც მოკვდებიან; დაღზე კი დაწერილი იქნება: "მე შენი ვარ". – "დიახ, შენ ჩემი ხარ". – "ნებაყოფლობით მოვდივარ, და არა ძალდატანებით". – "მეც შენი ნებით გიღებ შენ, და არა ძალადობით". ეს ოთხი გამონათქვამი, ანუ წარწერა გამოსახული იქნება იმ წყეულ დაღზე" (Посмертные вещания прп. Нила Мироточивого, Афонского. Афон, 1912. С. 84-85).
 
სიტყვაში "სამყაროს აღსასრულის შესახებ" ანტიქრისტეს დაღზე ნათქვამია: "მისი დაღი შუბლსა და მარჯვენა ხელზე შეადგენს ექვსას სამოცდა ექვსს (χξς). თუმცა, ზუსტად არ ვიცი როგორია ეს დაღი: შეიძლება ნაპოვნი იქნას მრავალი სახელი, რომელიც შეესაბამება ზემოთხსენებულ რიცხვს; მაგრამ მაინც, ვამბობ, ამ დაღს გააჩნია გამოხატულება: "უარვყოფ" (ΑΡΝΟΥΜΕ). სინამდვილეში, უსჯულო მტერი თავის მსახურთა, ანუ უკეთურ კერპთმსახურთა მიერ, ადრეც არწმუნებდა ქრისტეს მოწამეებს სიტყვებით: "უარყავ ჯვარცმული ღმერთი". ასეთი იქნება სიკეთის მოძულე მტარვალის ნიშანიც და დაღიც - ის დაღი, რომელზეც გამოსახული იქნება: "უარვყოვ ცისა და მიწის შემოქმედს; უარვყოფ ნათლისღებას; უარვყოფ ჩემი ღმერთისადმი მსახურებას, და გიერთდები შენ, და მწამს შენი" ..." ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 28-29 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 285). როგორც ჩანს, "სიტყვის" ავტორის ეს ვარაუდი ჰარმონულად ერწყმის ნილოს მირონმდინარის "სიკვდილისშემდგომი უწყების" წინასწარმეტყველებას.
 
თვით სიტყვა "უარყოფა" როგორც ანტიქრისტეს დაღი დაწერილია უარმყოფელთა მარჯვენა ხელის დაფაზე "ბასილი ახლის მოწაფის გრიგოლ მონაზვნის ხილვაში, საშინელი სამსჯავროს შესახებ". უნდა შევნიშნოთ, რომ აქ, ისევე როგორც "სიტყვაში", ბეჭდის მიღება უკავშირდება ქრისტესა და ნათლისღების პირდაპირ უარყოფას და ანტიქრისტეს ერთგულებისადმი ფიცის დადებას.
 
ეს ყოველივე გახლავთ - რელიგიური ხასიათის ღია და შეგნებული მოქმედება. "ამის შემდეგ უფალმა ერთნი დააყენა თავის მარცხნივ, შემდეგ მოვიდნენ სხვაზე უარესი მზაკვრები და შებილწულები, რომელთა მზერა სხვებზე ბნელი იყო და შუბლზე ეწერათ: "სატანა", მარჯვენა ხელზე ჰქონდათ დაფები, რომლებზეც დაწერილი იყო: "უარყოფა". მათ უფალმა მგრგვინავი ხმით უთხრა: "ო, წყეულნო და ბილწნო, რატომ უარმყავით მე და ჩემი წმიდა ნათლისღება შებილწეთ, მიხვედით ანტიქრისტესთან და მას უერთგულეთ, თქვენი წარწყმედის მოსურნეს, რა სიკეთეს ელოდებით მისგან, თუ არა მხოლოდ მარადიულ ტანჯვას: ამიტომაც, არ შეგიწყნარებთ, არამედ მასთან ერთად გაგიშვებთ სატანჯველში, ის შეიყვარეთ და თქვენი საქმეების ნაყოფისაგან სჭამეთ" (Житие Василия Нового, 106 // Вилинский С. Г. Житие св. Василия Нового в русской литературе. Ч. 2: Тексты жития. Одесса, 1911. С. 718).
 
"სიტყვა სამყაროს აღსასრულის შესახებ" ("Слово о кончине мира") ასევე აღწერს იმათ დევნულებას, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს: "დასასრულ, ის (ანტიქრისტე) გააგზავნის დემონთა ურდოებს მთებში, გამოქვაბულებსა და ნაპრალებში... რათა მოძებნოს დამალულნი და მის თაყვანსაცემად მოიყვანონ. და აი, ყველა ის, ვინც არ ისურვებს ანტიქრისტესადმი დამორჩილებას, ისეთ ენით აუწერელ ტანჯვებს, უსასტიკებს წამებებსა და ყოველგვარ მზაკვრობებს დაუქვემდებარებს როგორიც ჯერ არ ყოფილა დედამიწაზე, რომელიც არასოდეს სმენია კაცის ყურს და არასოდეს უხილავს ადამიანის თვალებს" ((пс.-) Ипполит Римский, сщмч. О кончине мира, 29 // О Христе и антихристе. СПб., 2008. С. 286).
 
ამრიგად, ბეჭდის დადება შეიცავს ანტიქრისტესადმი ღია თაყვანისცემას და ქრისტესა და ნათლისღების აშკარა უარყოფას. წმიდა მამები დაღის მიღებას ასევე უკავშირებენ ჯვრის გამოსახვის შეუძლებლობას, რაც მხეცის დაღის მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს. აზრი დაღის გაუცნობიერებლად, ქრისტეს უარყოფის გარეშე მიღებისა და ასევე გაუცნობიერებლად ანტიქრისტეს თაყვანისცემის შესახებ გახლავთ - ეკლესიისთვის უცხო სიახლე.
 
წმიდა ეკლესია გვამცნებს მივყვეთ საეკლესიო განმარტებებს და არა თვითნებურ თეორიებს. მიუხედავად ამისა, სქიზმატიკოსების მსჯელობა მხეცის ნიშანთან დაკავშირებით სწორედ ასეთ ხასიათს ატარებს. მოაქვთ რა თავი ღვთისმოსაობის დამცველებად, ისინი ემსგავსებიან პროტესტანტებს - მართლაც, "იოლი როდია მწვალებლებში იპოვო გონიერი კაცი; რადგან, ეკლესიას რომ დატოვებენ, ისინი სულიწმიდის მიერაც მიტოვებულნი ხდებიან, და მათში არ რჩება არც ცოდნა და არც ნათელი, არამედ ოდენ უკუნი სიბნელე და სიბრმავე" (Православное Исповедание Восточной Церкви (Послание патриархов Восточно-Кафолической Церкви о православной вере), определение X // Путь, Истина и Жизнь: вероучительные тексты Православной Церкви. К., 2013. С. 230).
 
წყარო: https://pravblog.ru/bogoslovie/uchenie-tserkvi/ponyatie-pechati-antihrista-v-tserkovnom-tolkovanii/
 
თარგმანი შესრულებულია რუსულიდან. საიტი "აპოკალიფსისი". 17 სექტემბერი. 2021 წელი.
Назад к содержимому