ანტიქრისტე - ანტიქრისტე - მისი მოსვლის ნიშნები და თანამედროვე მითები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტე
 
მისი მოსვლის 4 ნიშანი, მხეცის დაღი და თანამედროვე მითების მოკლე განხილვა
ანტიქრისტეს ნიშანი
თვით სიტყვა ანტიქრისტე ჩვენში ბერძნული ენიდან შემოვიდა, თავსართი "ანტი" ნიშნავს "წინააღმდეგს", ანუ ეს არის იმგვარი ვინმე, ვინც ქრისტეს წინააღმდეგ წავა. ამგვარად, სიტყვას აქვს ორგვარი მნიშვნელობა. ზოგადი გაგებით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც უარყოფს იესუ ქრისტეს, მამა ღმერთს და ძეს. ხოლო უფრო კონკრეტული გაგებით ანტიქრისტე (დიდი, ანუ უკანასკნელი ანტიქრისტე) - ეს არის ცრუქრისტე, ცრუმესია, რომელიც დედამიწაზე სამყაროს აღსასრულის წინ მოვა.
 
სწორედ ამ უკანასკნელ ანტიქრისტეზე ვილაპარაკებთ წინამდებარე პუბლიკაციაში. რადგან ანტიქრისტეს შესახებ ვამზადებთ საკმაოდ ვრცელ მასალას, რათა მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდეს დეტალურად გაეცნოს მართლმადიდებლურ სწავლებას მის შესახებ, გადავწყვიტეთ, ამ მასალის მომზადებამდე, მკითხველს რომ ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს მოემულ თემაზე, მოკლედ გადმოგვეცა თუ რას წარმოადგენს:
 
1) ანტიქრისტეს დაღი;
 
2) როდის იქნება ანტიქრისტეს მოსვლა;
 
3) რა ნიშნები უძღვის ანტიქრისტეს გამოჩენას;
 
4) როგორი იქნება ბოლო ჟამი და რითი დასრულდება.
 
 
ზოგადი ინფორმაცია
 
მათთვის, ვისაც სურს ზედმეტი დეტალიზაციის გარეშე მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, შემოვკრიბეთ რამოდენიმე პოპულარული კითხვა შესაბამისი პასუხებით და ციტატებით.
 
 
1. რა ერქმევა ანტიქრისტეს?
 
წმიდა წერილში ანტიქრისტეს ეძლევა რამოდენიმე ქარაგმული სახელი: "გამტიალებელი" (დანიელი 9:27), "უსჯულოების კაცი", "უკეთური", "ძე წარწყმედისა" (2 თესალონიკ.2:3, 8), "წითელი მხეცი" (აპოკ. 17:3), "მომცრო რქა" (დანიელი 8:9). მისი საკუთარი სახელი უცნობია, რადგან, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, "არ არის ღირსი მოხსენიებულ იქნას წმიდა წერილში სულიწმიდის მიერ". სწორედ ამიტომაც იმ ენებში, სადაც კერძო სახელების დასაწყისს დიდი ასოებით წერენ, ანტიქრისტეს სახელი ყველგან პატარა ასოთი იწერება - რადგან სახელი ანტიქრისტე კერძო სახელი როდია.
 
აპოკალიფსისში მითითებულია მხოლოდ მხეცის (ანტიქრისტეს) სახელის რიცხვი. ბერძნულ ენაში ყოველ ასოს განსაზღვრული რიცხვი შეესაბამება. ამიტომაც ღვთისმეტყველების აზრით - ექვსას სამოცდა ექვსი ანტიქრისტეს სახელის რიცხობრივი შესაბამისობის ჯამია. მაგრამ აქაც გარკვეული ბუნდოვანებაა, რადგან, სამწუხაროდ, ამ განსაზღვრებას ძალიან მრავალი სახელი ექვემდებარება, მაგალითად, წმ. ირინეოს ლიონელმა მიუთითა შემდეგი სახელები: Τειτν, Εανθας и λατερνος (ტიტანი, ევანთასი და ლატერინოსი).
 

2. ვინ იქნება ანტიქრისტე?
 
ამ მხრივ არსებობს რამოდენიმე სადავო ვერსია, რომელთა აქ დამოწმებას არ შევუდგებით, რადგან წმიდა წერილში საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელიც არასჯულიერი სქესობრივი შეერთებით მიწიერი ქალისგან დაიბადება: "იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. წიგნი IV. თავი ოთხმოცდამეცხრამეტე. ანტიქრისტეს შესახებ) (იხ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/99.htm).
 
 
3. როგორი გარეგნობა ექნება ანტიქრისტეს?
 
ძირითადად ანტქრისტეს გამოსახავენ, როგორც "კლასიკურ" ეშმაკს რქებით, ჩლიქებით, კუდით და მხეცის თავით. ეს არარეალური გამოსახვაა, რომელიც უფრო ანტიქრისტეს შინაგან მხეცურ ბუნებაზე მიუთითებს. მაგრამ იტალიის ერთ-ერთ ტაძარში არსებობს ლუკა სინიორელის ფრესკა, რომელზეც ანტიქრისტე უფრო რეალური სახითაა გამოსახული.
 
ფრესკის ფრაგმენტი "ანტიქრისტე და ეშმაკი" შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. როგორც ხედავთ, ის უფრო წააგავს ქრისტეს, ოღონდ ბოროტი გამოხედვით. პრინციპში, ლოგიკურია, რადგან მან ხომ თავი მესიად უნდა გაასაღოს, სხვა ვის უნდა დაემსგავსოს თუ არა ნამდვილ მესიას.


"ანტიქრისტე და ეშმაკი"
ფრაგმენტი ლუკა სინიორელის (XIV ს.) ფრესკიდან
 

4. როდის გამოჩნდება დედამიწაზე ანტიქრისტე?
 
ზუსტი ვადა არავინ უწყის. მაგრამ არსებობს მისი მოსვლის 4 უტყუარი ნიშანი, და თვით ანტიქრისტეს საკმაოდ დეტალური აღწერა (იხ. ქვემოთ).

 
5. ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ იესუ ქრისტე თუ ანტიქრისტე?
 
პასუხი აქედანვე ნათელია: ქრისტეს მეთაურობით ქრისტიანული კაცობრიობა დაამხობს ანტიქრისტეს ეშმაკთან ერთად და დადგება სამარადისო სუფევა. როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს: "შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში" (აპოკ. 19:20). იქვე ჩააგდებენ ეშმაკს, როგორც იოანე ბრძანებს: "ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (აპოკ. 20:10).
 

ანტიქრისტეს (მხეცის) ნიშანი
 
ცალკე უნდა ვილაპარაკოთ ანტიქრისტეს დაღზე, რადგან ამ ცნებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიყალბე და ცრუმსჯელობა ვრცელდება. მაშ, რა არის ანტიქრისტეს დაღი (ზოგის თქმით "ანტიქრისტეს ბეჭედი")? დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის - კრებითი ცნება, და არა რაიმე კონკრეტული. აი ერთადერთი ციტატა იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებიდან" (აპოკალიფსისიდან), რომელიც მოიცავს სამივე ცნებას, რომელიც ანტიქრისტეს დაღის შემადგენლობაში შედის. ესენია: "ნიშანი", "სახელი", "რიცხვი".
 
 
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (აპოკ. 13:16, 17)
 


ასე წარმოედგინათ ანტიქრისტეს დაღი XX ს-ის დასაწყისში.
XX ს-ის მიწურულს და დასაწყისში კი მას წარმოიდგენენ შტრიხკოდების ან QR კოდების სახით.
დღეისთვის კი ამტკიცებენ, თითქოსდა ანტიქრისტეს ბეჭედი არის კოვიდ-პანდემიით გამოწვეული აცრები. არც ერთი ეს შეხედულება სწორი არ არის.
 
 
სხვა უფრო ზუსტი აღწერა არ არსებობს, ხოლო მსგავსი ცნებების თვალსაზრისით ან თარგმანთა სხვადასხვა ვერსიებში მიღებულია: "დაღი", "ნიშანი", "ჭდე", "ნაჭდევი".
 
 
1. ვინ გაავრცელებს ანტიქრისტეს ნიშანს (დაღს)?
 
როგორც ჩანს, ამას გააკეთებს ანტიქრისტეს წინამორბედი ანუ მისი "მეჭურჭლეთუხუცესი", ცრუწინასწარმეტყველი. ანდრია კესარიელი (VII ს.) ამასთან დაკავშირებით წერს: "მტარვალი იგი მხეცის ბეჭედს ყველგან გავრცელებს, რათა მის გარეშე ვერაფერი იყიდონ და ვერც გაყიდონ, და ისინი, რომელთაც არ მიიღეს მისი ბეჭედი სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვების უკმარობის გამო შიმშილით დაიხოცონ".
 
რაც შეეხება "წინამორბედს", ზუსტად ცნობილი არ არის როგორ იმუშავებს კაცობრიობის წინააღმდეგ, რადგან გამოცხადების (აპოკალიფსისის) თანახმად ის თვით ანტიქრისტესთან ერთად მოქმედებს.


2. როდის გავრცელდება ნიშანი (დაღი)?
 
წმიდა მამათა აზრით, მას გაავრცელებენ იმ 3 წელსა და 6 თვეში, როდესაც დედამიწაზე იმეფებს ანტიქრისტე (იხ. ქვემოთ მმართველობის დროის შესახებ); ანუ ანტიქრისტეს ნიშნით კაცობრიობის დადაღვას დაიწყებენ სამყაროს აღსასრულის წინ, უშუალოდ ანტიქრისტეს მეფობის ბოლო პერიოდის, უკანასკნელი 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში.


3. ანტიქრისტეს ნიშნის გარეგანი სახე.
 
ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს ნიშანი იქნება ქრისტესა და მთელი ქრისტიანობისთვის შეურაცხმყოფელი სიმბოლო, მაგალითად, შეიძლება ეს იყოს გადმობრუნებული ჯვარი. თუმცა, წმ. იოანე ღვთისმეტყველი პირდაპირ ბრძანებს, რომ ეს შეიძლება იყოს რიცხვი და მხეცის სახელი.

 
4. ნიშნით დადაღული ადამიანი პირჯვარს ვერ გადაიწერს.
 
ღირ. ეფრემ ასურელის აზრით, ადამიანი, ვინც თავის მარჯვენა ხელზე დაიდებს მხეცის ნიშანს პირჯვარს ვერ გადაიწერს. მაგრამ არ განმარტავს, თუ რატომ იქნება ასე.
 
 
5. ნიშნის (დაღის) არმქონე ადამიანი ვერ მიიღებს ვერანაირ მიწიერ სიკეთეს.
 
ღვთისმეტყველები ფიქრობგენ, რომ ლაპარაკია არა მარტო ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ საერთოდ ყველაფერზე. სხვა სიტყვებით: დედამიწა შეწყვეტს შობას, ყველგან იქნება ნგრევა და პარტახი, ადამიანს კი ექნება არჩევანი - ან თაყვანი სცეს მხეცს და მიიღოს საკვები ან კიდევ ჰქონდეს უფლის შეწევნის იმედი.


6. დაესმებათ თუ არა ადამიანებს დაღი ძალდატანებით?
 
არა. მართალია აპოკალიფსისში ეს არ არის ნახსენები, მაგრამ უფრო გვიანდელი გამოცხადებები ცალსახად მიგვანიშნებენ, რომ დაღის დასმა იქნება ნებაყოფლობითი. ამასთან, რაღაცნაირად, მოხდება სარწმუნოების უარყოფა. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე კი დაღის დასმა ვერ მოხერხდება. "... ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე" (აპოკ. 14:9-10).


7. რა მოხდება, თუკი ადამიანი მიიღებს მხეცის ნიშანს?
 
აქ ყველაფერი საკმაოდ ნათელია: ის, ვინც მხეცის დაღს მიიღებს, ანტიქრისტეს თაყვანისმცემლად ჩაითვლება, აქედან გამომავალი შედეგებითურთ, ანუ: "ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე" (აპოკ. 14:10).
 
საერთო ჯამში, უნდა აღვნიშნოთ, რომ იოანეს "გამოცხადება" საკმაოდ იდუმალი და სიმბოლური წიგნია. მასში პრაქტიკულად არ არის არანაირი ზუსტი მითითებები და მისი განმარტება საკმაოდ ძნელია.
 

ანტიქრისტეს მოსვლა: ნიშნები, სასწაულები, ბნელი დროება
 
წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.) ამბობდა: "თუ იცი ნიშნები ანტიქრისტესი, ნუ დაიმარხავ მას, არამედ დაუყოვნებლივ აუწყე ყველას". ამიტომაც, მოდი, ამ ნიშნებზეც შევჩერდეთ.
 
 
ბოლო ჟამის დასაწყისის ნიშნები
 
მიიჩნევა, რომ ანტიქრისტეს გამოჩენას წინ უნდა უძღოდეს მრავალწლიანი მოსამზადებელი პერიოდები. ღვთისმეტყველები მივიდნენ აზრამდე, რომ მისი მოსვლის მომზადება ჯერ კიდევ მოციქულთა პერიოდში დაიწყო. სამწუხაროდ, წმიდა წერილში ამ მოვლენის დაწყების თარიღი მოცემული არ არის, მაგრამ გვაქვს "ბოლო ჟამის ნიშანთა" საკმაოდ ზუსტი აღწერა

1. რწმენის დაცემა. იესუ ქრისტემ, როდესაც იერუსალიმის დაცემა და სამყაროს აღსასრული იწინასწარმეტყველა, ასევე მოციქულმა პავლემ ტიმოთესადმი ეპისტოლეებში და იოანე ღვტისმეტყველმა აპოკალიფსისში იწინასწარმეტყველეს, რომ ბოლო ჟამს, სამყაროს აღსასრულის წინ გამრავლდება ბიწიერება, უკეთურება და ურწმუნოება, ხოლო რწმენა დაეცემა და სიყვარული გაცივდება. თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში რწმენისა და სათნოებების ეს უკიდურესი დაცემა, ასევე ღმრთისმოძულეობის უჩვეულო მოძალება, უსჯულოება და გარყვნილება გამოხატულია ერთი ხატოვანი სიტყვით: "განდგომილება", ანუ "აპოსტასია".
 
2. საზოგადოებრივი და ზნეობრივი დაცემა. რწმენის დაცემის გარდა, გაიქელება ზოგადსაკაცობრიო, ტრადიციული მორალური და ოჯახური ღირებულებები. აი რას წერს წმ. ირინეოსი: "მომავალ მხეცში განხორციელებას ჰპოვებს ყოველგვარი უსჯულოება და მზაკვრობა..."
 
3. შემკავებელის აღება შუაგულიდან. თუკი პირველი ორი ნიშანი სრულიად გასაგებია, ეს მესამე დღემდე ბუნდოვანია. ეს არის მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთისმეტყველებმა დღემდე ვერ განმარტეს, უკეთეს შემთხვევაში, ერთ აზრამდე ვერ მივიდნენ (ერთ-ერთი ვერსია იხილეთ აქ: https://www.apocalypse.ge/antiqriste_vin_aris_shemkavebeli.html).
 
4. ორი მოწმის, ორი "ზეთისხილისა და სასანთლის" წინასწარმეტყველება. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო და ქრონოლოგიურად ზუსტი ნიშანი. უშუალოდ ანტიქრისტეს მოსვლის წინ დედამიწაზე წარმოგზავნილ იქნება ორი წინასწარმეტყველი. ისინი იქადაგებენ ჭეშმარიტ რწმენას, და მათი ქადაგება გაგრძელდება 1260 დღე (ანუ სამწელიწად ნახევარი). ამ ვადის დასასრულს მათ შეიპყრობს ანტიქრისტე და მოჰკლავს. საინტერესოა, რომ ეკლესიის რწმენით, ეს ორი ადამიანი გახლავთ ზეციურ სასუფეველში ცოცხლად აყვანილი მართლები: წინასწარმეტყველები ილია და ენოქი.
 
სხვა უფრო ზუსტი ნიშნები ანტიქრისტეს მოსვლისა და ბოლო ჟამის დაწყებისა არ არსებობს.
 

თვით ანტიქრისტეს ნიშნები
 
მრავალი ვერ იცნობს ანტიქრისტეს, რადგან თავიდან იგი ყველას თავს მოაჩვენებს, როგორც კეთილი ადამიანი, თავმდაბალი და ქველმოქმედი. მაგრამ, როგორც კი სერიოზულ ძალაუფლებას მიიღებს - გაიხსნება მისი ჭეშმარიტი არსი.
 
1. ანტიქრისტე არის ადამიანი, მამაკაცი. ყველაზე სავარაუდოდ, ანტიქრისტე მოვა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი რაიმე ზებუნებრივი უნარების გარეშე. თავისი გამოჩენით გარყვნის კაცობრიობას, შეცვლის ღირებულებებს, გადააკეთბს მსოფლიო წესრიგს. "და მიეცემა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (აპოკ. 13:5).
 
2. დაბადების ადგილი, ეროვნება. ყველაზე სანდო ძველაღთქმისეული ვერსიით ის იქნება იუდეველი დანის ტომიდან. მისი დაბადების ადგილად მიიჩნევა ბაბილონი ან რომი. თუმცა, არის სხვადასხვა ვერსიებიც, მაგალითად, ფიქრობენ, რომ ის დაიბადება ლათინური ამერიკის რომელიღაც ქვეყანაში (Даниил Андреев. "Роза Мира"), ან კიდევ, როგორც ფიქრობდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, ის დაიბადება რუსეთში სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის. თუმცა, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ანტიქრისტე იქნება იუდეველი.
 
3. მსხვილი პოლიტიკოსი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის გამოჩნდება ათრქიანი მხეცის სახით, რომელიც გამოხატავს ათ მმართველს, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. ისინი გადასცემენ მას უსაზღვრო ხელისუფლებას ადამიანებზე და ბუნებრივ რესურსებზე. მაგრამ შემდეგ ის მათ გაანადგურებს: "დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება" (აპოკ. 13:1-2). ასე წერს მის შესახებ იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში. როგორც ჩანს, ანტიქრისტე შექმნის ათი ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებას (სხვა ვერსიით ეს გაერთიანება უკვე შემდგარი იქნება, და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა ანტიქრისტე, რათა მათგან მიიღოს ძალაუფლება). ამ ქვეყნების მეთაური თვითონვე გახდება ან დააწესებს ყველაზე მძლავრ ლიდერს, რომელსაც უსიტყვოდ მიჰყვება მრავალი ხალხი.
 
4. სასწაულები. ხალხი რომ დაარწმუნოს თავის "ღვთაებრიობაში" ანტიქრისტე მოიმოქმედებს მრავალ სასწაულს, რომლებიც სინამდვილეში იქნება ცრუსასწაული და აღსრულდება დემონების შეწევნით. ასე ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, რომლის თქმით ანტიქრისტეს მოსვლა იქნება "სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9).
 

ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდი
 
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევეცდებით ვივარაუდოთ, თუ როგორ დაიწყება და გაივლის ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდი. ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობს ამ პერიოდის სპეციალური სახელწოდება "დიდი ჭირვება" (ან "დიდი ჭირი"), რომელიც, სხვადასხვა მონაცემებით გაგრძელდება 3,5-დან 7 წლამდე.
 
1. ომები და ბუნებრივი კატასტროფები. დიდი ჭირვების პერიოდში, მთელი რიგი მიზეზების გამო დედამიწაზე დაიწყება ეთნოკონფლიქტები, ომები, სერიოზული ბუნებრივი კატაკლიზმები. სამყაროში გამეფდება ნგრევა და შიმშილი. აი ნაწყვეტი ამ აღწერილობიდან: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7).
 
2. ქრისტიანთა დევნა. როდესაც ანტიქრისტე ძალაუფლებაში მოვა, ის გამოსცემს სპეციალურ კანონს, რომელიც ნებას დართავს მოჰკლან ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემს სატანას. აი როგორ არის ეს აღწერილი აპოკალიფსისში: "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15).
 
3. უდიდესი ძალა და აღიარება. იმის შემდეგ, რაც ანტიქრისტე მოკლავს ორ წინასწარმეტყველს და გამოავლენს თავის ჭეშმარიტ სახეს, ადამიანთა უმრავლესობა თაყვანს სცემს მას: "და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (აპოკ. 13:8).
 
4. საკუთარი თავის გამოცხადება ღმერთად. ანტიქრისტე პირისაგან მიწისა აღგვის ყველა რელიგიას და ყველა სიწმიდეს, ერთადერთ ღმერთად კი გამოაცხადებს საკუთარ თავს. "წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს" (2 თესალონიკ. 2:4).
 
5. მმართველობის დრო და დაცემა. დანიელის წინასწარმეტყველებასა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ნახსენებია ერთი და იგივე ჟამი - 42 თვე. და დასრულდება იგი ანტიქრისტეს დაცემით. აი რას გვაუწყებს ამის შესახებ წმიდა წერილი: "მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას" (2 თესალონიკ. 2:8). ხოლო იოანეს გამოცხადებაში ამის შესახებ ასეა ნათქვამი: "ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა" (აპოკ. 13:10).
 

ანტიქრისტესთან დაკავშირებული თანამედროვე მითები
 
თითქმის ყველა ეპოქა და თაობა ეძიებდა ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს და ანტიქრისტედ სხვადასხვა პირებს აცხადებდა. დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ანტიქრისტე უკვე მოვიდა დედამიწაზე, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი. თუკი თქვენ გაეცანით ჩვენს სტატიას, მაშინ უკვე წარმოდგენა უნდა გქონდეთ, თუ როგორ დაიწყება, როგორ გაივლის და რითი დასრულდება ანტიქრისტეს მმართველობა და აღსასრული.
 
 
ვაქცინა - ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი.
 
არ არსებობს ამგვარი მტკიცებულების არანაირი საღი მტკიცებულება. მხოლოდ ბუნდოვანი და აბსურდული არგუმენტები, რომლებიც არ ეფუძნება წმიდა წერილს. შეგახსენებთ, რომ:
 
მხეცის ბეჭედი ეს მარტო ფიზიკური ან ბიოლოგიური დამღა როდია, არამედ ანტიქრისტესადმი შეგნებული თაყვანისცემაა. ამ ვერსიით კი რომელია დღეს ანტიქრისტე? - გაუგებარია.
 
ანტიქრისტეს დაღი დაედება უმრავლესობას და ისიც საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში - არა უმეტეს 3,5 წლისა. ამ დაღის გარეშე ვერავინ ვერ იყიდის და ვერ გაჰყიდის.
 
ხოლო თუკი ამ ვერსიას მივყვებით, ვინ ვის ბეჭდავს და ვის შანთავს? ვაქცინა, როგორც გინდ ატრიალონ, ეს არის ჩხვლეტა, ნემსი, წამალი. ხარისხიანია ის თუ არა - სხვა საკითხია. მაშ, რატომ არის ეს ვაქცინა მაინც და მაინც მხეცის დაღი, და არა სხვა წამლები ან აცრები, რომლებითაც ასევე დიდი ხანია იცრებიან ადამიანები მთელ მსოფლიოში? გაუგებარია.
 
 
ბილ გეიტსი - ანტიქრისტეა.
 
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შევცდეთ ანტიქრისტეს პიროვნებაში. ამიტომ ნებისმიერი ყალბი მითითებები ყოვლად მიუღებელია. და ეს საჭიროა ჩვენივე სულების ხსნისათვის. ამიტომ, თეორიათა უმრავლესობა, რომლის მიხედვითაც ბილ გეიტსი თუ თვით ანტიქრისტე არ არის, მისი წინამორბედი მაინცაა, ეფუძნება კაცობრიობის ჩიპირების ვერსიას. მაგრამ ამ თეორიას აქვს არსებითი ნაკლოვანებები:
 
როგორც აცრებთან დაკავშირებული ვერსია, თავისთავად ჩიპირებაც, არ შეიძლება იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი (დაღი). ის მინიმუმ დაკავშირებული უნდა იყოს სარწმუნოების უარყოფასთან და ანტიქრისტეს თაყვანისცემასთან.
 
კაცობრიობას ჯერაც არ მიუღწევია იმგვარი ტექნოლოგიური დონისთვის, რომ ჩიპს მიანიჭოს საჭირო თვისებები. არსებობს მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემები მოყოლებული ტექნიკურიდან ვიდრე საკანონმდებლო აქტებამდე.
 
სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ჯერაც გაცალკევებულნი არიან - მთელი კაცობრიობის ჩიპირებისთვის, ჯერ საჭიროა მთელი ქვეყნების გაერთიანება ერთი მმართველობის ქვეშ. თანაც ჯერ არ მიმდინარეობს ადამიანების დადაღვა მარჯვენა ხელსა და შუბლზე, რასაც ანტიქრისტეს დროს მიეცემა მასობრივი, ზოგადასაკაცობრიო ხასიათი. ხოლო აცრა, როგორც ზემოთ ვნახეთ, შეუძლებელია იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი. თანაც, ანტიქრისტეს დაღი წარმოუდგენელია თვით ანტიქრისტესა და მისი თაყვანისცემის გარეშე, რაც უეჭველად იქნება დაკავშირებული ქრისტეს უარყოფასთან. ამგვარი რამ კი დღეს არ ხდება. აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი მსოფლიოს დადაღვაზე ანტიქრისტეს ბეჭდით.
 
 
დასკვნა
 
მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდნენ ადამიანები ამოეცნოთ ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდი და ამ როლზე "ნიშნავდნენ" სხვადასხვა პოლიტიკურ თუ რელიგიურ მოღვაწეებს და, რა თქმა უნდა, მწარედ ცდებოდნენ. მიიჩნევა, რომ როდესაც ის გამოჩნდება, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები შეუცდომლად იცნობენ მას იმ ნიშნების მიხედვით, რომლებიც მოცემულია წმიდა წერილში. მართალია, ადამიანთა უმეტესი ნაწილი, პირიქით, ნდობით განიმსჭვალება მის მიმართ, ის ხომ ქრისტესავით მოვა, მაგრამ, როგორც კი მის მხარეს აღმოჩნდება ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა, უეცრად გამოავლენს თავის ნამდვილ არსს, მაგრამ დამარცხდება ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ.
 
ჩვენი სამყარო ყოველდღიურად უახლოვდება ამ უმძიმეს განსაცდელს, ანტიქრისტეს მოსვლას. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით, ჩვენს საუკუნეში მოხდება ეს თუ არა - ამისი თქმა შეუძლებელია. თუმცა, ღმერთის რომც არ გწამდეთ, შეუძლებელია არ შენიშნოთ, როგორ ვიძირებით სიცრუესა და გარყვნილებაში, როგორ არ ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებას და უპირატესობას ვანიჭებთ ოქროს ხბოს, მამონას. ხომ არ დადგა დრო სერიოზულად დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ - ვის მხარეზე დავდგებით უკანასკნელ ჟამს, თუკი ის მოიწევა ხვალ ან ერთი წლის, ან კიდევ ათი წლის შემდეგ?

მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. თბილისი. 13 აგვისტო. 2021 წ.
Назад к содержимому