აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 1998 წლის
დადგენილება მლადოსტარჩესტვოს შესახებ
სხდომის თარიღი: 28.12.1998
სხდომის მეორე დღეს, რომელიც მიმდინარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის თავმჯდომარეობით, განხილულ იქნა თანამედროვე სამოძღვრო პრაქტიკაში არსებული შეცდომები და სამღვდლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები. ქვემოთ ქვეყნდება ამონაწერები სინოდის სხდომის აქტიდან.
"ვიმსჯელეთ ამ ბოლო დროს ზოგიერთი მოძღვრის მიერ მისთვის ღმრთისგან ბოძებული "შეკვრისა და გახსნის" (მათ 18:18) უფლების ბოროტად გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზეც.
ცნობა:
ბოლო დროს გახშირდა სამღვდლო უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც ნეგატიურად აისახება საეკლესიო ცხოვრების მდგომარეობაზე.
ზოგიერთი მღვდელმსახური, რომელმაც მღვდლობის საიდუმლოში მრევლის სულიერი დამწყემსვის უფლება მიიღო, მიიჩნევს, თითქოსდა ეს უფლება ადამიანთა სულებზე განუსაზღვრელ ძალაუფლებას ნიშნავდეს (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - "აპოკ." რედ.). ივიწყებენ რა იმ გარემოებას, რომ ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის ურთიერთ პატივისცემასა და ნდობას უნდა ეფუძნებოდეს, ზოგიერთ მოძღვარს მხცოვანისადმი (მხცოვანი რუს.: Старец ("სტარეც") – "აპოკ." რედ.) უსიტყვო მორჩილების მკაცრად მონაზვნური მცნება ერისკაცსა და მის სულიერ მოძღვარს შორის ურთიერთობაზე გადააქვს, იჭრება მრევლის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, იმორჩილებს სამწყსოს და ივიწყებს ღმრთითბოძებულ თავისუფლებას, რომლისკენაც არის მოწოდებული ყოველი ქრისტიანი (გალატ. 5:13). სულიერი ხელმძღვანელობის მსგავსი დაუშვებელი მეთოდები ზოგიერთ შემთხვევაში ტრაგედიად უბრუნდება სამწყსოს, რადგან მორწმუნეს სულიერ მოძღვართან გაჩენილი უთანხმოება გადააქვს მთელ ეკლესიაზე. ასეთი ადამიანები ტოვებენ მართლმადიდებელ ეკლესიას და არც თუ იშვიათად სექტანტთა მახეში ექცევიან.
ზოგიერთი მოძღვარი სამოქალაქო ქორწინებას უკანონოდ აცხადებს ან ითხოვს ქორწინების დარღვევას იმ მეუღლეებს შორის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ამა თუ იმ გარემოების გამო ეკლესიურად ჯერაც არ დაქორწინებულან. ისეც ხდება, რომ მოძღვარი მეუღლეთა შორის ქორწინების დარღვევას იმ შემთხვევაშიც ითხოვს, როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთი არ ეკუთვნის მართლმადიდებელ სარწმუნოებას. სხვა მღვდელმონაზვნები თავიანთი სულიერ შვილებს დაქორწინებას უკრძალავენ და აიძულებენ ბერ-მონაზვნობა მიიღონ იმის საფუძველზე, რომ ის ქორწინებაზე უმეტესია. ზოგიერთი მოძღვარი ზიარებაზე არ უშვებს "დაუქორწინებლად" მცხოვრებ პირებს, რადგან ასეთ ცხოვრებას სიძვა-მრუშობას უთანაბრებს; ზოგიერთი საკუთარ სულიერ შვილებს მეორედ დაქორწინებას უკრძალავს იმის საფუძველზე, რომ მეორე ქორწინება თითქოსდა ეკლესიის მიერ დაგმობილია; წყვილებს განქორწინებას უკრძალავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ გარემოების გამო ოჯახური ცხოვრება მეუღლეებისთვის შეუძლებელი ხდება.
არის შემთხვევები, როდესაც მოძღვარი სამრევლოს ამა თუ იმ წევრს სიყვარულით ცოლის შერთვაზე ან გათხოვებაზე "არ აკურთხებს", არამედ სთავაზობს აიღოს "მორჩილება" და დაქორწინდეს თვით მოძღვრის მიერ შერჩეულ პიროვნებაზე.
არის შემთხვევები, როდესაც მოძღვარი თავის სამწყსოს წევრებს უკრძალავს მიმართონ სამედიცინო დახმარებას, აბრკოლებენ მრევლს თავიანთი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე, მაგალითად, - მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იმსახურონ ჯარში და სხვა.
ზოგიერთი მოძღვარი მრევლს თავს ახვევს ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებას; სხვა მოძღვრები საერო სასწავლებელში სწავლას "არასაჭიროდ" ან სულისთვის მავნედ მიიჩნევენ; მსგავსი მოთხოვნები არა მარტო არღვევს ყოველი ქრისტიანის უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ წინააღმდეგობაშიც შედის მოქმედ კანონმდებლობასთან.
გახშირდა ამა თუ იმ მოძღვრის მიერ ისეთი საეკლესიო სამრევლოების შექმნა, რომლებშიც ცხოვრება აგებულია სამრევლოს მოძღვრის ავტორიტეტზე და ნეგატიური დამოკიდებულება ინერგება საეკლესიო მღვდელმთავრობის, სხვა მოძღვრის ან სამრევლოსადმი. ამგვარმა მოძღვრებმა დაივიწყეს, რომ მათი ამოცანა ადამიანების ღმერთთან მიყვანაა, და არა მორწმუნეთა შემოკრება. მსგავს სამრევლოებში იქმნება საკუთარი განსაკუთრებულობის ატმოსფერო, რაც შეუთავსებელია ეკლესიის კრებით სულისკვეთებასთან და, რაც წარმოადგენს ეკლესიის საფუძველს.
დავადგინეთ:
1) მხედველობაში მივიღეთ რა ერისკაცთა საჩივრები ცალკეულ მოძღვართა არაკანონიკურ და გაუმართლებელ მოქმედებებთან დაკავშირებით, სულიერი მწყემსობის მსახურების მტვირთველ მღვდლებს მივუთითებთ, რომ: დაუშვებელია მორწმუნეთა ნების საწინააღმდეგოდ მათი იძულება ან მიდრეკა მათი მოძღვრისთვის სასურველი ამა თუ იმ მოქმედებისკენ ან გადაწყვეტილებისკენ, კერძოდ: მიიღონ მონაზვნობა; აიღონ რომელიმე საეკლესიო მორჩილება; შემოიტანონ რაიმე სახის შემოწირულობა; დაქორწინდნენ; გაეყარონ ან უარი თქვან ქორწინებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქორწინება შეუძლებელია კანონიკური მიზეზით; ქორწინებაში მყოფმა ცოლ-ქმარმა უარი თქვან თანაცხოვრებაზე; უარი თქვან სამხედრო-სავალდებულო სამსახურზე; უარი თქვან მონაწილეობა მიიღონ არჩევნებზე ან სხვა სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე; უარი თქვან სამედიცინო დახმარების მიღებაზე; უარი თქვან განათლების მიღებაზე; უარი თქვან სამსახურის ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე; უარი თქვან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.
2) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მღვდელმსახურს, რომელსაც სამოძღვრო მსახურების პასუხისმგებლობა გააჩნია, შევახსენებთ სასულიერო პრაქტიკაში მკაცრად მიყვნენ წმიდა წერილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემის ასოსა და სულს, წმიდა მამათა მცნებებს და კანონიკურ დადგენილებებს; ასევე იმას, რომ მართლმადიდებელ მოძღვართათვის დაუშვებელია სულიერ პრაქტიკაში შემოიტანონ რაიმე ზენეობრივი ან სხვა მოთხოვნები, რომლებიც სცილდებიან საეკლესიო დადგენილებათა ჩარჩოებს, რადგან მაცხოვრის თქმით: "თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს" (ლუკა 11:46).
3) შევახსენებთ ყველა მწყემს-მოძღვარს იმის შესახებ, რომ მოწოდებულნი არიან თავიანთ სამწყსოს დაეხმარონ რჩევებით და სიყვარულით, და ამავდროულად არ დაარღვიონ ყოველი ქრისტიანის ღვთითბოძებული თავისუფლება. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ უსიტყვო მორჩილება, რაც არსებობს მონასტრებში მორჩილსა და მის დამრიგებელ მხცოვანს შორის, არ შეიძლება სრულად იქნას კოპირებულ სამრევლო პრაქტიკაში მღვდელსა და მის მრევლს შორის ურთიერთობაში. მღვდლებს განსაკუთრებულად მივუთითებთ, რომ დაუშვებელია მათი ჩარევა ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება რომელიმე სულიერი შვილის მიერ საქმროს ან საპატარძლოს არჩევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვით სულიერი შვილები ითხოვენ კონკრეტულ რჩევებს.
4) ხაზს ვუსვამთ, რომ დაუშვებელია ნეგატიური ან მედიდური დამოკიდებულება ქორწინებისადმი, და ყველა მღვდელმსახურს შევახსენებთ ღანგრის კრების 1-ელ კანონს: "თუ ვინმე აძაგებს ქორწინებას და გმობს ქმართან თანამცხოვრებ მორწმუნე და ღმრთისმოშიშ დედაკაცს, ან კიცხავს, რომ ამას სასუფეველში შესვლა არ შეუძლია, შეჩვენებულ იყოს". განსაკუთრებულად ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მონაზვნობის მიღება ქრისტიანის პირადი არჩევანის საქმეს წარმოადგენს, და არ შეიძლება ის ამა თუ იმ მოძღვრისადმი "მორჩილებით" გადაწყდეს.
5) მღვდელმონაზვნებს შევახსენებთ, რომ ღანგრის კრების 21-ე კანონის საფუძველზე დაუშვებელია: "მოღვაწეობის ამპარტავნების საბაბად გადაქცევა და ქედმაღლურად ყურება მათდამი, ვინც მარტივი ცხოვრებით (ანუ დაქორწინებულად) ცხოვრობს" და ამით შემოიღონ "სიახლეები (საღმრთო) წერილისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ". იმავე კრების 10-ე კანონი ბრძანებს: "თუ ვინმე უფლის მიერ ქალწულობის შემნახველი ქედმაღლობდეს ქორწინებულზე, შეჩვენებულ იყოს".
6) დაბეჯითებით ვითხოვთ რა საეკლესიო ქორწინებას, მოძღვრებს შევახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია პატივისცემით ეპყრობა სამოქალაქო ქორწინებას, ასევე იმგვარ ქორწინებას, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე ეკუთვნის მართლმადიდებლობას, რადგან წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან" (1 კორინთ. 7:14).
7) შევახსენებთ მოძღვრებს იმის შესახებ, რომ მეორე ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხში მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს მოციქულ პავლეს სიტყვებით: "ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ... ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ" (1 კორინთ. 7:27-28; 39).
8) შევახსენებთ მოძღვრებს, რომ ვალდებულნი არიან დაიცვან სამოძღვრო სიფრთხილის უბიწოება, როდესაც სამწყსოში მათი ოჯახური ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევენ.
9) განსაკუთრებულად ვუთითებთ მოძღვრებს, რომ დაუშვებელია საკუთარი თავის ირგვლივ ისეთი სამრევლოების ჩამოყალიბება, სადაც ადგილი აქვს ოპოზიციონერობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას უმაღლესი საეკლესიო ხელმძღვანელობისადმი, ასევე სხვა მოძღვრებისა და სამრევლოებისადმი.
10) ხაზს ვუსვამთ, რომ დაუშვებელია საეკლესიო ამბიონის გამოყენება ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულებების საქადაგებლად.
11) მოვუწოდებთ ეპარქიალურ მღვდელმთავრებს ყურადღება მიაპყრონ, თუ როგორ ხორციელდება მოძღვრებისადმი მინდობილი სამრევლოების სულიერი ცხოვრება. გააძლიერონ მეთვალყურეობა მოძღვრებზე, რათა მათ განუხრელად შეასრულონ მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებები და ნორმები, რომლებიც სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ეხება.
12) მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მოვუწოდებთ - ყველა შემთხვევაში, როდესაც მწყემს-მოძღვარი აჭარბებს მისთვის ღმრთითბოძებულ "შეკვრა-გახსნის" ძალაუფლებას, დაუყოვნებლივ მიმართონ მმართველ მღვდელმთავარს. მართლმადიდებელ მრევლს შევახსენებთ, რომ სულიერი მოძღვრის რჩევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმიდა წერილს, წმიდა გადმოცემას, წმიდა მამათა სწავლებას და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ დადგენილებებს. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი რჩევა სცილდება მითითებულ დადგენილებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უკანასკნელს. ამასთან დაკავშირებით თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობა სულიერ შვილსა და მოძღვარს შორის: "ლოცვითა და ცრემლით ევედრე ღმერთს გამოგიგზავნოს მიუკერძოებელი და წმიდა მოძღვარი. ასევე თვითონაც იკვლიე საღმრთო წერილი, განსაკუთრებით წმიდა მამათა თხზულებები, რათა, მათთან იმის შედარებით, რასაც შენი მოძღვარი და დამრიგებელი გასწავლის, დაინახო ცრუ ან მართალი აზრი და განაგდო ცრუ, რომ არ შეცდე. რამეთუ გახსოვდეს, მრავლად არიან გამოსულნი მაცთურები და ცრუმოძღვრები".
13) ვბრძანებთ, რათა ეპარქიალურმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობებმა ეს დადგენილება გადასცენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებსა და ბერ-მონაზვნებს.
წყარო: http://www.religare.ru/2_35593.html
თარგმანი: "აპოკალიფსისი". 28.04.2021.