სწავლანი > ანტიერეტიკონი
ხმიადები
ხმიადები (ბერძნ. ἄζυμα; ძველ. სლავ. опресноки) – 1) უფუარი, უმარილო ხმიადი, მაცა; უმარილოდ, ხორბლის ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული თხელი, ხმელი პური; 2) პურეული, რომელსაც იუდეველები ამზადებენ აუფუებელი ცომისგან და რელიგიური ჩვეულების მიხედვით აცხობენ პასექისთვის.
რასთან დაკავშირებით იყო დაწესებული ხმიადების დღესასწაული?
ხმიადობის დღესასწაული დაწესებული იყო ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც წინ უსწრებდა და ხელს უწყობდა ისრაელი ერის გამოსვლას ეგვიპტიდან. ღმერთი გამოეცხადა მოსეს და მისცა მას განსაკუთრებული მისია: გამოეყვანა ისრაელი ეგვიპტიდან (გამ. 3:2-10).
მიუხედავად იმისა, რომ მოსე, რომელიც ასრულებდა ღმრთის დავალებას, ფარაონისგან ითხოვდა, რათა გაეშვა მას ებრაელი ხალხი, ფარაონს ეს არ სურდა. და ეს იმის შემდეგაც, რაც მოსემ აჩვენა მას, რომ ლაპარაკობს არა თავისით, არამედ, როგორც ღმრთის წარგზავნილი.
იმისთვის, რათა დაემორჩილებინა მმართველი, უფალმა ეგვიპტეს ერთი მეორის მიყოლებით საშინელი უბედურებები მოუვლინა. ყოველ ამ უბედურებათაგან, რომლებიც შემდეგ ეგვიპტურ სასჯელებად იწოდა, მოსე აფრთხილებდა ფარაონს გაეთვალისწინებინა ღმრთის ნიშანი. ამგვარად, ამ უბედურებებს ფარაონისთვის ჰქონდა მუქარის მნიშვნელობა.
სასჯელები ერთი მეორის მიყოლებით ატყდებოდა თავს ეგვიპტეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან სერიოზულად დააზიანა ეგვიპტის სამეფო, ფარაონი მაინც ჯიუტობდა. ბოლო და ყველაზე საშინელმა უბედურებამ მოტეხა მისი წინააღმდეგობა, და ის იძულებული გახდა დამორჩილებოდა ღმრთის განგებულებას, და გაეშვა ებრაელი ხალხი. ეს ბოლო უბედურება მდგომარეობდა იმაში, რომ ეგვიპტელებს დაეღუპათ პირმშოები, თვით ფარაონის პირმშოს ჩათვლით, და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული (გამ. 12:29-31).
ისრაელის ძენი გამოხსნილნი იყვნენ თავიანთ პირმშოთა დაღუპვისგან. მათი გამოხსნის ვითარება დაკავშირებულია ღმრთისადმი აღვლენილ მსხვერპლთან - საპასექო კრავებთან, - რომელთა სისხლითაც ებრაელებმა წინდაწინ შეღებეს თავიანთი საცხოვრებელთა კარების წირთხლები და კარისთავები (გამ. 12:7), და რომელთა ხორცი, იმის შემდეგ, რაც კრავები შეიწვნენ ცეცხლზე, ისრაელის მთელმა საზოგადოებამ შეჭამა იგი (გამ. 12:3-6).
საპასექო კრავები იჭმეოდა მწარე ბალახებთან და აუფუვებელ პურთან (მაცასთან) ერთად (გამ. 12:8). ხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ებრაელმა ხალხმა დატოვა ეგვიპტე, დაიხსნა თავი მონობისგან და გახდა თავისუფალი. ამის მოსაგონებლად უფალმა დააწესა ხმიადობის დღესასწაული, რომლის ერთ-ერთი საწესჩვეულებო ნიშანი გახდა: შვიდი დღის განმავლობაში მაცის ჭამა (გამ. 12:15). ამასთან ებრაელთა სახლებში არაფერი უნდა ყოფილიყო საფუარიანი (გამ. 12:15).
რაში მდგომარეობს ლათინებთან (კათოლიკეებთან) ხმიადებზე დავის აზრი?
რაც უფრო სცილდებოდა რომის ეკლესია მართლმადიდებლობას, მით უფრო აძლევდა თავს უფლებას დაერღვია საყოველთაო ეკლესიის დოგმატები. მან ასევე დაარღვია ქრისტიანთა საღვთისმსახურებო პრაქტიკის ტრადიციული ნორმები. ერთ-ერთი ასეთი დამახინჯება ეხება ევქარისტიის საიდუმლოში ხმიადების გამოყენებას. არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ პრაქტიკას საფუძველი ჩაეყარა არა უადრეს X-XI საუკუნეებისა.
რით ამართლებენ რომაელი-კათოლიკეები ამ პრაქტიკას? რას ეფუძნება მათი მტკიცებულება, რომ ევქარისტია უნდა შეასრულო არა აფუებულ პურზე, არამედ ხმიადზე?
ამ იდეის დასაცავად რომის ეკლესია, უმთავრესად, უთითებს ორ "ბიბლიურ" საფუძველს: 1) იმას, რომ საიდუმლო სერობა თითქოსდა აღსრულდა ხმიადობის დღესასწაულობის პირველ დღეს, როდესაც აფუებული პურის ჭამა რჯულით აკრძალული იყო, და, შედეგად, მაცხოვარმა, რომელმაც დააფუძნა ევქარისტიის საიდუმლო, გამოიყენა არა აფუებული, არამედ აუფუებელი პური; 2) მოციქულ პავლეს სიტყვებს: "ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით" (1 კორ. 5:8).
მაგრამ ვერც ერთი ეს ე. წ. "საფუძველი" ვერ გაამართლებს ევქარისტიის ხმიადებზე შესრულების პრაქტიკას.
რაც შეეხება საიდუმლო სერობის აღსრულებას ძველაღთქმისეულ პასექთან მიმართებაში, ის, ცხადია, შედგა არა ნისანის 14-ში, არამედ 13-ში (ანუ ძველაღთქმისეული პასექის აღსრულებამდე (ინ. 13:1)), როდესაც ხმიადების დღეები ჯერაც არ დამდგარიყო.
მოციქულ პავლეს სიტყვებთან დაკავშირებით კი უნდა ითქვას, რომ მსჯელობის კონტექსტიდან გამომდინარე, ის ბუკვალურად კი არ უნდა გავიგოთ, ანუ ქრისტეს ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულების წესისადმი გამოყენებით, არამედ მეტაფორულად, სულიერად. ამ გამონათქვამში მოციქული პავლე ქრისტეს მიმდევრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ძველი საფუარისგან, მოუწოდებს მათ ზნეობრივი სიწმიდისკენ და სულიერი სრულყოფილებისკენ.
უნდა აღინიშნოს, რომ იუდეველთა მიერ ხმიადების გამოყენება დაკავშირებული იყო ძველაღთქმისეულ საწესჩვეულებო რჯულთან, მაგრამ რადგან ეს რჯული უფალმა იესუ ქრისტემ გააუქმა, რამეთუ ქრისტეს განკაცების შემდეგ მან დაკარგა მათი გამოყენების რჯულიერი და საწესჩვეულებო მნიშვნელობა.
მიაქციეთ ყურადღება, რომ სახარებისეული თხრობის თანახმად მესიამ, როდესაც საიდუმლო სერობაზე ევქარისტიის საიდუმლოს აწესებდა, გამოიყენა აფუებული პური (ბერძნულად "არტოსი", რაც ეტიმოლოგიური მიმართებით აფუებულ პურზე უთითებს) (მკ. 14:22). ასეთივე აფუებულ პურს, წერილის თანახმად, იყენებდნენ საიდუმლო ევქარისტიაზე მოციქულებიც (საქმე 2:42).
რომის ეკლესიის წარმომადგენელთა განსჯა იმის შესახებ, რომ ხმიადების გამოყენება უფრო ჯეროვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ სიწმიდის სიმბოლოს, არ გააჩნია სერიოზული საფუძველი. ამაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ აფუებული პური ევქარისტიის საიდუმლოს არსს უფრო შეესაბამება, რადგან აფუების პროცესი წარმოადგენს სიცოცხლის სიმბოლოს, მაშინ როდესაც უფუარი პური (ხმიადი) მიუთითებს მწუხარებასა და უსიცოცხლობაზე.
წმ. ეპიფანეს შენიშვნის თანახმად, ძველად ევქარისტიის საიდუმლოს ხმიადებზე შესრულების ჩვეულება გააჩნდა მწვალებელთა რამოდენიმე კატეგორიას, კერძოდ, ებიონელებს, რომლებიც ცრუდ ასწავლიდნენ ქრისტეს შესახებ და ბევრ რამეში იუდაურ რჯულს მისდევდნენ.
ციტატები ხმიადებთან დაკავშირებით
მოციქულთა 70-ე კანონი: "ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს".
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
წყარო: https://azbyka.ru/opresnoki