ანტიერეტიკონი - წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ
მკვდრის გაცოცხლება ელისე წინასწარმეტყველის საფლავში
ავტორი: დეკანოზი იოანე (სმოლინი).

ზემოთ ფოტოზე: ელისეს საფლავის სასწაული. მხატვარი იან ნაგელი (Jan Nagel) († 1602)


I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

II. ღმრთის სიტყვა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

III. წმიდა გადმოცემა, როგორც წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების საფუძველი

IV. მართლმადიდებლის პასუხები შემცდარის კითხვებზე

V. სექტანტებთან მისიონერული პოლემიკის დამხმარე სახელმძღვანელო წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის შესახებ.
 

***

 
I. მართლმადიდებლური სწავლება ღმრთის წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ

ღმრთის სიტყვა ანუ წმიდა წერილი ასწავლის, რომ ღმერთმა დასაბამითგან იცის თავისი მართლები და მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გამოცხადებებითა და სასწაულებით განადიდებს (მაგ.: მოსე, მეფე დავითი, სოლომონი და წინასწარმეტყველები). ასე რომ ისინი არიან "ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14). უფალი სიკვდილშიც განადიდებს თავის წმიდათ მოწამეობრივი აღსასრულით ან საიქიო სავანეებში სიკვდილის გარეშე გადასახლებით (მაგ.: ილია და ენოქი); წმიდა წერილი უფლის წმინდანებს გამოსახავს ასეთი სახით: ზეცად ისინი იმოსებიან სპეტაკი შესამოსელით და თავზე ედგმებათ ოქროს გვირგვინები (იხ. იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსისი). ხოლო დედამიწაზე დარჩენილ სხეულთა სიწმიდეს უფალი სასწაულებითა და უხრწნელებით წარმოაჩენს (იგავნი 2:3, 22; 1 ტიმ. 1:8-10).
 
ამიტომაც, ყველას თვალწინ, მრავალი საუკუნის განმავლობაში აღესრულება დიადი სასწაული: საფლავებიდან ამოყვანილ ღმრთის წმინდანთა სხეულის ნაწილები ან მათი ძვლები კეთილსურნელებას აფრქვევენ და მადლშემოსილნი არიან მაკურნებელი ძალით.
 
საყოველთაო აღდგომის შემდეგ სხვა ადამიანებსაც ექნებათ მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს მსგავსი უხრწნელი სხეულები (ფლპ. 3:20-21). მაგრამ ქრისტეს ეკლესიის წმინდანები, როგორც სულიწმიდის უწმიდესი ჭურჭლები და, როგორც ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მოზიარენი, ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში ასწრებენ საკუთარი სხეულების განწმენდას ცოდვებისგან იმდენად, რომ ღმრთის მადლით "ხრწნადები შეიმოსებიან უხრწნელებით" (1 კორ. 15:53); და რადგან ღმრთის მადლი მათთან სიკვდილის შემდეგაც რჩება, უნარმოსილნი ხდებიან სასწაულთმოქმედების.
 
წარმოადგენენ რა წმიდა მსხვერპლს, ღმრთის წმინდანები და მათი პატიოსანი ნაწილებიც, საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ისეთივე პატივისცემას იმსახურებენ, როგორც წმიდა მართალთა ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.
 
მართლმადიდებლური კატეხიზმო ასწავლის, რომ როდესაც პატივს მივაგებთ ზეცად გადასახლებულ წმინდანთა სულებს, ამით ვაღიარებთ, რომ მათში დავანებული იყო თვით ღმერთი; მაგრამ, ამავდროულად პატივს მივაგებთ მიწაზე დარჩენილ მათ წმიდა სხეულებს, რომლებიც ასევე ღირს იქმნენ ყოფილიყვნენ სულიწმიდის ტაძრები (1 კორინთ. 6:19 შეად 3:17); პატივს მივაგებთ წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც მათ მიერ განიწმინდნენ, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართს და სარტყელს, წმ. მოციქულ პეტრეს ბორკილებს და სხვა.
 
ამგვარად, ეკლესია, წმიდა მოწამეთა, მოღვაწეთა და მართალთა ნაწილების პატივისცემით, პატივს მიაგებს არა ხორცსა და სისხლს, არა გარდაცვლილ ადამიანთა გვამებს, არამედ ღმრთის მადლს, უფლის ძალას, რომელიც ამ ნაწილთა მიერ ვლინდება საკვირველ ნიშებსა და სასწაულებში.

ესოდენ ბუნებრივი პატივისცემა წმიდა ნაწილებისა და ღმრთის წმინდანთა სხვა ნარჩენებისა მყარ საფუძველს ჰპოვებს იმაშიც, რომ თვით ღმერთმა კეთილინება პატივი მიეგო თავისი რჩეული წმინდანებისადმი ურიცხვი ნიშებითა და სასწაულებით. ასე, მაგალითად, წმიდა წერილში ვკითხულობთ როგორ გაცოცხლდა ერთი მიცვალებული კაცი წმ. ელისეს ძვლებთან შეხებით.

მთლიანი სახით იყო დაცული წმ. წინასწარმეტყველ ელისეს სხეული? არა, ის სრულიად მიეცა მიწას; უხრწნელი დარჩა მხოლოდ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლები: "მოკვდა ელისე და დამარხეს იგი", - ნათქვამია ღმრთის სიტყვაში. "მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა" (4 მეფ. 13:21).
 
ვინ გაბედავს დაეჭვებას იმაში, რომ წმ. წინასწარმეტყველის ძვლები ღმრთის მაცოცხლებელი ძალის ჭურჭელი იყო, თუმცა მისი ხორცი ამ დროს ხრწნილებას იყო მიცემული!



II. წმიდა ნაწილთა თაყვანისცემის ბიბლიური საფუძვლები
 
წმიდა წერილი ადასტურებს, რომ წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული პერიოდიდან არსებობდა. ასე, მაგალითად, გამოსვლათა წიგნში გადმოცემულია, თუ როგორ წამოიღო მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლისას იოსების ძვლები (გამ. 13:19).
 
იუდეის ღვთისმოსავმა მეფემ ოსემ გარდაცვლილ ადამიანთა უამრავი ძვალი დაწვა, მაგრამ ღმრთის წინასწარმეტყველის ძვლების ხელის ხლება აკრძალა და "თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები" (4 მეფ. 23:18).
 
იმავე წიგნში მოთხრობილია ერთი გარდაცვლილის სასწაულებრივი გაცოცხლების ამბავი, რადგან მისი გვამი წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებს მიედო (4 მეფ. 13:21).
 
ხოლო ბრძენი სოლომონი პირდაპირ ამბობს: "ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი" (სიბრძნე 2:23).
 
წმიდა წერილი ასევე ადასტურებს, რომ მართალ ადამიანთა ტანისამოსიც კი სასწაულთმოქმედების ძალით განიდიდებოდა უფლის მიერ:
 
"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).



"დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:14).
 
სისხლმდინარე დედაკაცი რწმენით მიეახლა ქრისტეს სამოსის კიდეს და განიკურნა, "ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან" (მარკ. 5:28-29).
 
მოციქულ პავლეს "ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან" (საქმე 19:12).
 
მოციქულ პეტრეს ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა:
 
"ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ" (საქმე 5:15).
 
მაშ, თუკი მოციქულთა ხელსახოცებს, წელსაკრავებს და თვით ჩრდილსაც კი საკვირველთმოქმედების ძალა ჰქონდა, ნუთუ ამგვარი მადლი არ ექნებოდა თვით მოციქულთა სხეულებს? ფსალმუნთმგალობელი დავითი მართლებზე ბრძანებს: "ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება" (ფსალმ. 33:21).
 
"რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას" (ფსალმ. 15:10).
 
მაგრამ, რადგან ქრისტე იყო არა მარტო ღმერთი, არამედ უცოდველი ადამიანიც, წინასწარმეტყველება ქრისტეს სხეულის უხრწნელებაზე ამავდროულად მის მიმდევართა სხეულებსაც ეხება, რადგან ასე ბრძანებს მოციქული პავლე: "როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც" (1 კორ. 15:49).
 
ბრძენი იესუ, ზირაქის ძე, თორმეტ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველზე ამბობს:
 
"აყვავდეს თორმეტი წინასწარმეტყველის ძვლები, სადაც არიან, ... არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის სახსარი. პატივი მიაგეს მის ძვლებს" (49:10, 15)
 
ხოლო ელისე წინასწარმეტყველზე ბრძანა: "განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ" (ზირ. 48:13-14).
 
"ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება" (2 ტიმ. 1:10).
 
"განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა" (მათე 27:52).
 
"კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება" (იგავნი 10:7).

გაგრძელება იქნება.

წყარო: Протоиерей Иоанн Смолин. Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений. С.-Петербург. 1910 г. Стр. 132-145.
Назад к содержимому