სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ჯვრის თაყვანისცემის შესახებ
ავტორი: დეკანოზი იოანე (სმოლინი).
ყველა ქრისტიანული სიწმიდიდან წმ. ჯვარი მოციქულთა დროიდანვე წარმოადგენდა და წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევართათვის ყველაზე დიდი პატივისცემისა და რელიგიური თაყვანისცემის საგანს.
ქრისტეს ჯვარი წმიდაა მასზე მაცხოვრის წმიდა სისხლის მიპკურების ძალით.
ჩვენთვის ჯვარი უდიდესი სიწმიდეა, რადგან წარმოადგენდა საყოველთაო სამსხვერპლოს, რომელზეც ქრისტე მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები გამოისყიდა და ღმერთთან შეგვარიგა (ეფეს. 2:14-16).
ქრისტეს ჯვარი ყველა ძველაღთქმისეული მართლის სასოების საგანი იყო. იაკობმა პირველმა გამოსახა ჯვარი, როდესაც იოსების ძენი გადაჯვარედინებული ხელებით აკურთხა (დაბ. 48:13, 14). წინასწარმეტყველმა დავითმა განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარზე ვნებანი (ფსალმ. 21:1-19; მათე 27:27, 35, 39, 43, 49. ლუკა 23:35). წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველურ ხილვაში ჭვრეტდა ქრისტე მაცხოვრის ხელმწიფებას მის მხრებზე, რომელიც საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მიჰყავდათ (ესაია 9:6; 53:4-12; მათე 20:19; 26:63; 27:12). სპილენძის გველი, რომლის შემხედვარე ებრაელები გველის მომაკვდინებელი ნაკბენისგან იკურნებოდნენ სასჯელად რომ მოუვლინა ღმერთმა, კაცის ძის წინასახე იყო, რადგან "როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა" (იოანე 3:14).
თვით ქრისტე მაცხოვარს არ რცხვენოდა ჯვრისა, არამედ, პირიქით, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ეშურვოდა ჯვარზე ტანჯვას (ლუკა 12:50); ჯვარს უმზერდა როგორც იარაღს, რომლის მიერაც აღიტაცებდა ყველას (იოანე 12:32-33). და ამბობდა, რომ დედამიწაზე მისი მეორედ მოსვლის წინ, ცაში კაცის ძის ნიშანი, ანუ ჯვარი გამოჩნდებოდა (მათე 24:30).
წმიდა მოციქულები თავს ქრისტეს ჯვრით იქებდნენ (გალატ. 6:14); ქადაგებდნენ ჯვარცმულ ქრისტეს (1 კორინთ. 1:23) და ქრისტიანისგან ითხოვდნენ ჯვარცმულისადმი რწმენას (1 კორინთ 2:2). მაშ, როგორ არის შესაძლებელი ჯვარცმულის წარმოდგენა ჯვრის გარეშე? ამიტომაც, როდესაც პატივს მივაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს, აუცილებელია პატივს მივაგებდეთ მის ჯვარსაც, რადგან სადაც არის ქრისტეს ჯვარი, იქვეა ჯვარცმული ქრისტეც. ამიტომაც ბრძანებს მოციქული, რომ "ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა" (1 კორინთ. 1:18; შეად. რომ. 1:16). წინასწარმეტყველ დავითის პირით ყველა მორწმუნეს მოუწოდებენ თაყვანისცენ უფლის ფეხსადგამს, ანუ ჯვარს (ფსალმ. 98:5; 131:7): "შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი" (ფსალმ. 131:7). დავითი რომ აქ ჯვარს გულისხმობს, ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: "აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა" (ფსალმ. 131:8), "რადგან აღდგომა მოსდევს ჯვარცმას" (წმ. იოანე დამასკელი - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა).
როდესაც თაყვანს ვცემთ ქრისტეს პატიოსან ჯვარს, როგორი ნივთიერებისგანაც იყოს ის დამზადებული, ჩვენ ნივთიერებას კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ ქრისტეს ნიშანს.
მხოლოდ ბოროტ ადამიანებს უწოდებს მოციქული ქრისტეს ჯვრის მტრებს (ფლპ. 3:18); ხოლო ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მიმდევარს მოუწოდებს: "მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა (ანუ ჯვარი - ავტ.) ვიტვირთოთ" (ებრ. 13:13).
ღმრთის ძის მეორედ მოსვლის წინ ჯვრის ნიშით იქნებიან აღბეჭდილნი ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნენი (გამოცხ. 7:2-3; 9:4).
"მაშ, ნუ დაირცხვენ ამ დიდებულ სიკეთეს, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - რომ ქრისტემ შენც არ შეგარცხვინოს, როდესაც მოვა დიდებითა თვისითა და როცა ეს ნიში მის წინაშე მზის სხივებზე უფრო უნათლესი გამოჩნდება... მაშ, აღიბეჭდე ჯვარი შენს გონებაში, რათა მოგიცვას სულთა ჩვენთა მაცხოვნებელმა ნიშმა. რადგან სწორედ ამ ჯვარმა იხსნა და გარდასახა ქვეყნიერება, განდევნა ცთომილება, შემოიტანა ჭეშმარიტება, მიწა ცად აქცია, კაცნი ანგელოზებად გარდაქმნას. როცა ჩვენთან ჯვარია, ეშმაკები უკვე აღარ არიან საშიშნი და საფრთხისმომგვრელნი, სიკვდილი უკვე აღარაა სიკვდილი, არამედ ძილი. ჩვენდამო ყოველივე მტრული ჯვრისა მიერ ქვედამხობილი და ფეხით დათრგუნვილია... ჯვარი ჩვენი სიქადულია, ყველა სიკეთის დასაბამი, კადნიერება და მთელი ჩვენი სამკაული!" (Твор. Св. Иоанн Златоуста, т. 7, стр. 558-559) (ქართ. იხ. იოანე ოქროპირი. საუბრები. ჯვრის ნიშზე. თბილისი 2010 წ., გვ. 173-176).
მოკლე განმარტებები წმიდა წერილიდან, რომელსაც ამახინჯებენ მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეები და ჯვრის უარმყოფელნი
მათეს სახარება: 5:34-35. "ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია".
განმარტება: თუკი აქ მიწა უფლის ტერფების კვარცხლბეკად იწოდება, სხვა ადგილებში იგივე სახელწოდება გამოყენებულია ძელის კვარცხლბეკის მიმართ, რომელზეც ნათქვამია "განვადიდებ": ესაია 60:13; ამ კვარცხლბეკმა, რომელმაც შემუსრა სუპოსტატნი, გამოავლინა ძალა: საქმე 2:35-36; მათე 22:44.
მარკოზი 10:21. "იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; აიღე ჯვარი, მოდი და გამომყევ მე" (ძვ. ქართ.: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე).
განმარტება: ყოველ ქრისტიანს საკუთარი ჯვრის აღება და ქრისტესადმი მიყოლა მართებს, მაგრამ ყველა როდია ვალდებული უცილობლივ უარი თქვას საკუთარ ქონებაზე, - შეიძლება უფალს საკუთარი საბადებელითაც ემსახურო (ლუკა 8:3); ზაქემ თავისი ქონების მხოლოდ ნახევრის მისცა უპოვართ (ლუკა 19:8-9). ქრისტეს ჯვარი ყველგან როდი ივარაუდება გადატანითი მნიშვნელობით. იხილეთ, მაგალითად, იოანე 3:14-15; გალატ. 3:1; იოანე 19:16-19.
ლუკა 9:23. "და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე".
განმარტება: ჯვარი საძულველი საგანი რომ ყოფილიყო, უფალი ჯვრის სახელს არ უწოდებდა ჩვენთვის სიკეთის მომტან ჭირვებასა და განსაცდელებს. მოციქული სხვა არაფრით იქებს თავს თუ არა ჯვრით (გალატ. 6:14); სიტყვა ჯვარი ყველგან როდი ივარაუდება გადატანითი მნიშვნელობით (მარკ. 15:21; ებრ. 13:13; იოანე 3:14-15).
1 პეტრე 2:24 (შეად. კოლას. 2:14): ქრისტემ "ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ჯვარზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლით ვცხონდეთ; და მისი წყლულებითაც განვიკურნეთ" (ძვ. ქართ.: "რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით").
განმარტება: ჩვენი ცოდვები თვით უფალმა აზიდა "საკუთარი სხეულით", "სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი" (კოლოს. 2:14; ეფეს. 2:16). თუკი კაცთა ცოდვების ამღები უწმიდესი უფალი არ შეიბილწა (1 იოანე 3:5) და თუკი "ხელითწერილის" აღხოცვამ არ შებილწა ქრისტეს სწავლება ან სახარება, მაშინ არ შებილწულა არც ჯვარი ქრისტესი, რომლითაც აღხოცილ იქნა ცოდვიანი ხელითწერილი და განადგურებულ იქნა მტრობა. ამიტომაც ჯვარზე უფალმა თავისი სხეულით აზიდა ჩვენი ცოდვები და განხეთქა ხელითწერილი, ანუ ქრისტეს სხეულის სიწმიდემ ჯვარზე გაანადგურა ყოველგვარი ცოდვა (შეად. ეფეს. 2:16), ხოლო თვით ჯვარი უფლის პატიოსანი სისხლით განწმენდილ იქნა: "რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც" (კოლას. 1:19-20). ქრისტეს ჯვრით მოციქული იქადის კიდევაც: "ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით" (გალატ. 6:14), და როგორც მოციქული ბრძანებს: "ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა" (1 კორინთ. 1:18).
გალატელებს 6:14. "ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის".
განმარტება: აქ არის ჯვრის მგმობელთა შეგონება. თუკი ვინმე იტყვის, რომ მოციქული თავს იქადის არა ჯვრით, არამედ ჯვარცმული უფლით, მას ვუპასუხებთ: სწორედ იმაშია ჯვრის დიდებაც, რომ ის მოციქულთან ქრისტეს ნაცვლად არის წოდებული და თვით ჯვარცმული მაცხოვრის ნიშანს წარმოადგენს და ვინც ჯვარს სცემს თაყვანს, ის ჯვრის მიერ სწორედ ქრისტეს ეთაყვანება. ამის მსგავსია ქრისტეს სახელის დიდება, რომლისთვისაც ნათქვამია, რომ "მისი სახელის წინაშე მოიდრიეკს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (შეად. ფლპ. 2:10), რომ მხოლოდ მისი სახელით გადავრჩებით, რადგან, "სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12).
ფილიპელებს 3:18. "რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები".
განმარტება: მოციქულისთვის არავინაა ჯვრის მტრებზე უფრო საცოდავი. მაშ, ამის შემდეგ, როგორ ბედავს ზოგიერთი ამტკიცოს, რომ ჯვარი არის სახრჩობელა, რომ, როგორც ქრისტეს დასჯის იარაღი ღირსია ზიზღისა და სიძულვილისა? ამ ადამიანებს ავიწყდებათ ის, რომ ქრისტეს სიკვდილი იყო არა ძალდატანებითი სასჯელი, არამედ ქრისტეს მიერ ნებაყოფლობით მიღებული ღვაწლი, და ჯვარი არის არა დასჯის იარაღი, არამედ ქრისტეს მიერ კაცთა გამოხსნისთვის არჩეული საშუალება (შეად. სიბრძნე. სოლ. 14:7; 1 პეტრე 2:24; ეფეს. 2:16). "ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა" (1 კორინთ. 1:18). აი რატომ არ სურდა მოციქულს სხვა რამეთი დაექადნა, თუ არა მხოლოდ ქრისტეს ჯვრით (გალატ. 6:14; ებრ. 13:13).
კოლასელებს 1:20. "რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც".
განმარტება: ამ სიტყვებით მოციქული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქრისტეს ჯვრის ძალასა და დიდებას, რომელიც მოირწყო ქრისტე მაცხოვრის სისხლით, რათა "დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც". აი რატომ არის ჯვარი ჩვენი რწმენის ბაირაღი (რიცხვ. 21:8; იოანე 3:14-15), აი რატომ არის ჩვენთვის ჯვარი - ღმრთის ძლიერება (1 კორინთ. 1:18).
კოლასელებს 2:14. "სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი" (ძვ. ქართ.: "და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა").
განმარტება: იხ. 1 პეტრე 2:24.
მეორე რჯული 21:22-23; შეად. გალატ. 3:13. "თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ხეზე ჩამოკიდებ მას, ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმდღესვე დამარხე, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ყოველი ჩამოკიდებული. ნუ გააუწმიდურებ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს წილად".
განმარტება: ამ ადგილებში წყევლა ეხება არა ჯვარს, არამედ ჯვარზე ჩამოკიდებულ ("ყოველ ჩამოკიდებულ") დამნაშავეს, ოღონდ იმ ჯვარზე, რომელსაც ჩვენ ვცემთ თაყვანს, ჩამოკიდებული იყო არა დამნაშავე, არამედ მთელი სამყაროს მაცხოვარი, რომელმაც თავისი შეხებით წმიდა-ჰყო ჯვარი. თვით ამ წყევლის მიზეზი კვლავ და კვლავ მდგომარეობს არა ჯვარში, არამედ ადამიანებში და მათ ცოდვებში, რომლებმაც გამოიწვიეს უფლის ჯვარზე ვნება (1 იოანე 3:5; ესაია 53:5). ამიტომაც ამ წყევლით გამოწვეული აღშფოთება მიმართული უნდა იყოს არა ჯვრისადმი, არამედ კაცთადმი; მაგრამ რადგან უფალმა ადამიანებს ამცნო მოყვასთა სიყვარული (იოანე 13:34-35), - ყოველგვარი გულისწყრომა და აღშფოთება, რომელსაც გამოხატავენ ჯვრის მტრები მათ უნდა მიმართონ საკუთარი თავისკენ ღმრთის სიტყვის კადნიერი და უმეცრული განმარტების გამო (2 პეტრე 3:16).
ქრისტეს ჯვართან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს და მივყვეთ შემდეგ წესს: "რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად" (საქმე 10:15).
სოლომონის სიბრძნე 14:7-8. "კურთხეულია ძელი, რომლითაც ცხონება იქმნა" (ძვ. ქართ.: "რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება").
განმარტება: ძელი (ხე), თავისი დანიშნულებისდა მიხედვით ან სიკეთის მომტანია კაცთათვის ან ზიანისა (იქვე. მ. 1-6; 1 პეტრე 3:20). არის კურთხეული ძელი (მ. 14), რომლის მიერაც სამყარო ცხონდა (1 პეტრე 2:24). თუკი ძელისგან (ხისგან) აკეთებენ კერპს და მას ღმერთად ხმობენ, მაშინ წყეულია ასეთი კერპიც და მისი გამკეთებელიც (მ. 8). რაც შეეხება უფლის ჯვარს, ის აქ არა თუ არ იწყევლება, არამედ, პირიქით, პატივსაცემად იკურთხება (მ. 7). სიტყვა "ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა" (1 კორინთ. 1:18).
წმ. ჯვრის პატივისცემის შესახებ
გალატელებს 3:13. "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე"" (იხ. მეორე რჯლ 21"23).
განმარტება: იხ. ზემოთ: მეორე რჯლ. 21:22-23.
ეფესელებს 2:13-16. "ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, რომელმაც თავისი ხორცით განაქარვა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა".
განმარტება: წარმართთა შეერთება ქრისტესთან და მის ეკლესიასთან, მოციქულის თქმით, ქრისტეს სისხლით (მ. 13), ქრისტეს ხორცით (მ. 15) და ბოლოს ჯვრით (მ. 16) აღსრულდა (კოლოს. 1:20). ამგვარად, ხორცისა და სისხლის, უფრო სწორედ ქრისტეს სიკვდილი მიეწერება ჯვარს, ამიტომაც მაცხოვნებელი სიკვდილის პატივისცემა უნდა შეუერთდეს ჯვრის თაყვანისცემასაც, როგორც მის იარაღსა და ნიშანს (ებრ. 13:13; იოანე 3:14-15).
ფსალმუნი 131:7. "შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი".
განმარტება: "ფეხსადგამში" აქ უნდა ვიგულისხმოთ არა მიწა, რომელსაც უფლისთვის და ჩვენი მაცხოვრისთვის არაფერი გაუკეთებია (შეად. "დაიწყევლოს მიწა". დაბ. 3:17), არამედ უფლის წმიდა ჯვარი, და სწორედ ამ ადგილის საფუძველზე უნდა მივაგოთ "თაყვანი" და "დიდება" პატიოსან ჯვარს, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის პატივისა და უდიდესი სიკეთის იარაღი გახდა (ეფეს. 2:16. სიტყვა ჯვრისა ღმრთის ძალაა 1 კორინთ. 1:18).
იერემია 10:3-5. "რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი. ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ..."
განმარტება: წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით გაკიცხულია ის გამოქანდაკებული ხე, რომელიც რელიგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა წარმართებში (მ. 2), ანუ აქ გაკიცხულია კერპები, მაგრამ ამით გამოჭრილი და მოვარაყებული ხის ყოველგვარი რელიგიური გამოყენება როდია დაგმობილი, მაგალითად, არ იგმობა საგზაო და სასაფლაო ჯვრები, რაც უკვე საკმაოდ მკაფიოდ ჩანს მოსეს მიერ გამშვენებული ძელის გამოყენებიდან (იხ. რიცხვ. 21:8-9; შეად. ებრ. 13:13). ჯვარი ყველგან როდი იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით.
მათე 10:38; შეად. 16:24. "ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი".
განმარტება: თუკი აქ სიტყვა "ჯვარი" გამოყენებულია გადატანითი მნიშვნელობით, აქედან აუცილებლად როდი გამომდინარეობს აზრი, რომ სხვა ადგილებშიც ის ასევე გადატანითი მნიშვნელობით არის ნახსენები (იხ. იოანე 19:17-19; მათე 27:32; ებრ. 13:13).
მარკოზი 8:34. "მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე".
განმარტება: მართლაც, აქ სიტყვა "ჯვარი" გულისხმობს ტანჯვას, მაგრამ წმიდა წერილის სხვა ადგილებიდან (იოანე 19:16-19; მათე 27:32) - შეიძლება დავინახოთ, რომ სიმონ კვირინელს და თვით იესუ ქრისტეს მიჰქონდათ ხის ჯვარი, ამას თვით ქრისტეს მტრებიც კი ადასტურებენ (მათე 27:40). ეს ძელი გახდა ჩვენი ცხოვნების იარაღი (1 პეტრე. 2:24) და მისი უგულებელყოფა მხოლოდ "წარწყმედილთ" (1 კორინთ. 1:18) და ჯვრის მტრებს (ფლპ. 3:18) თუ ხელეწიფებათ.
ლუკა 14:27. "ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე".
განმარტება: აქ იგულისხმება სულიერი ჯვარი - მოთმინება და ტანჯვა, მააგრამ აქედან არ გამომდინარეობს ის აზრი, რომ სიტყვა ჯვარი სხვა ადგილებშიც იგივე გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდეს (იხ. მათე 27:40; ლუკა 23:26). ჯვრისადმი რწმენით თვალაპყრობაც კი წარწყმედისგან დამხსნელია, რადგან ნათქვამია: "როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3:14-15).
საქმე 2:35; შეად. ფსალმ. 109:1. "ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს".
განმარტება: სიტყვებში "ფეხქვეშ" ყველგან მიწა როდი იგულისხმება, არამედ ძელიც (საქმე 5:30; ფლპ. 2:8-9); მიწის, როგორც კვარცხლბეკის (ფეხსადგამის) განდიდებაზე არაფერია ნათქვამი; ხოლო ძელის ფეხსადგამზე (კვარცხლბეკზე) ნათლად არის ნათქვამი - "ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო" (ესაია 60:13).
აქ ლაპარაკია იმ კვარცხლბეკზე, რომელმაც დათრგუნა ღმრთის მტრები (მათე 22:44; საქმე 2:35), ანუ აქ სწორედ ქრისტეს ჯვარია წოდებული კვარცხლბეკად (ეფეს 2:16; ებრ. 10:12-13; 13:13-15; მათე 27:32).
ესაია 60:13. "ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო" (ძვ. ქართ.: "და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო").
განმარტება: აქ კვარცხლბეკში უნდა ვიგულისხმოთ უფლის წმიდა ჯვარი, და არა მიწა, რომელსაც უფლისა და ჩვენი ცხოვნებისთვის არანაირი ფუნქცია არ შეუსრულებია. "მიწა დაიწყევლა" (დაბ. 3:17), ხოლო ქრისტეს ჯვრის მეშვეობით და ჯვრის ფეხსადგამის (კვარცხლბეკის) მიერ ღმრთისა და კაცობრიობის მტრები დაითრგუნა (1 კორინთ. 15:25-27; ეფეს. 2:16; ებრ. 2:14; 10:12, 13). ჯვარი იყო უფალ იესუ ქრისტეს განსაკუთრებული დიდების მიზეზი (ფლპ. 2:8-9; ებრ. 12:2). ღმრთის სიტყვაში ჯვარს ენიჭება წმიდა საჭურველის მნიშვნელობა: "მისი ჯვრის სისხლით" (კოლას. 1:20), ჯვრის მეშვეობით (ეფეს. 2:16) დაითრგუნა მტერი. ჯვრის სიტყვა ღმრთის ძალაა (1 კორ. 1:18).
წმიდა წერილის ძირითადი ადგილები ქრისტეს ჯვრის თაყვანისცემის შესახებ
იოანე 3:14-15. "და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე".
იოანე 19:17. "თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა".
მათე 27:32. "გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი".
საქმე 2:34-35. "დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს"".
ესაია 60:13. "ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო".
სოლომონის სიბრძნე 14:7. "კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება".
ფილიპელებს 3:18. "რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები".
გალატელებს 6:14. "ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის".
ებრაელებს 13:13. "მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ".
1 კორინთ. 1:18. "ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა".
გაგრძელება იქნება.
წყარო: Протоиерей Иоанн Смолин. Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений. С.-Петербург. 1910 г. Стр.: 491-510.