სწავლანი > ანტიერეტიკონი
წმიდა ბიკენტი ლირინელის განსჯა სარწმუნოების შესახებ
(მოკლე გადმოცემა)
ბიკენტი ლირინელი (450 წლამდე, ლირინის მონასტერი, გალია) - მღვდელმონაზონი, ეკლესიის ცნობილი მამა. ნახსენებია იერონიმე სტრიდონელის თხზულებაში "სახელგანთქმულ მამათა შესახებ".
1. წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა - მართლმადიდებლური სარწმუნოების კრიტერიუმები
მწვალებლურ საცთურს რომ თავი ავარიდოთ და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განვმტკიცდეთ, საჭიროა დავეყრდნოთ საყოველთაო ეკლესიის წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ღმრთის სიტყვის სრულიადსრულყოფილი წერილი, და რატომ არის საჭირო მისი შევსება საეკლესიო გაგების ავტორიტეტით? - ის საჭიროება, რომ წმიდა წერილი, მისი უკიდურესი ამაღლებულობის გამო, ყველას ერთნაირად როდი ესმის. ამიტომაც, ცთომილებებს რომ ავარიდოთ თავი, საჭიროა წინასწარმეტყველური და სამოციქულო სიტყვები განვმარტოთ მათი ეკლესიური და საყოველთაო მნიშვნელობით.
2. ეკლესიის ჭეშმარიტი გადმოცემის ნიშნები
ეკლესია უნდა მისდევდეს იმას, რაც ყველგან სწამდათ, რისიც ყველგან სჯეროდათ, რისაც ყველას სწამდა და იცავდნენ, ანუ საყოველთაოობის, სიძველისა და თანხმობის პრინციპს.
საყოველთაოობა - ნიშნავს ჭეშმარიტებად აღიარო მხოლოდ ის რწმენა, რომელსაც აღიარებს მთელი ეკლესია.
სიძველე - ნიშნავს მისდევდე იმ სწავლებას, რომელსაც იცავდნენ წმიდა მამები და ჩვენი წინამორბედები.
თანხმობა - ნიშნავს ძველი გადმოცემებიდან მიიღო მხოლოდ ის, რასაც მიჰყვებოდა ყველა ან თითქმის ყველა მწყემსი და მოძღვარი.
3. რა უნდა ვაკეთოთ მწვალებლობის გამოჩენის ჟამს?
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუკი რომელიღაც ერთი ნაწილი გამოეყოფა საყოველთაო სარწმუნოებასთან ერთობას? - დასნებოვნებულ ნაწილს, უნდა ვამჯობინოთ ჯანსაღი სხეული.
თუკი ცთომილება ვრცელდება არა რომელიმე ერთ ნაწილზე ეკლესიისა, არამედ საზოგადოდ მთელ ეკლესიაზე? - მაშინ უნდა მივუბრუნდეთ სიახლის მზაკვარებით დაუზიანებელ სიძველეს.
მაგრამ თუკი თვით ძველთაგანვე წარმოჩინებული იყო ცთომილება, რომელსაც ცალკეული ადამიანები ან მთელი ოლქი მისდევს? - მაშინ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ განსაზღვრებას, რომელიც მიღებული იყო ეკლესიის მთელი თანხმობის მიერ.
თუკი მომავალში შეგხვდება საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არ გვაქვს ეკლესიის ძველი დადგენილება? - მაშინ აუცილებელია გამოკვლეულ იქნას და ურთიერთშედარებულ ძველ წმიდა მამათა შეხედულებანი, რომლებიც კეთილ სარწმუნოებასა და ეკლესიასთან თანაზიარობაში ჰგიებდნენ, და მივიღოთ ის, რასაც ყველა მათგანი ერთსულოვნად აღიარებდა.
4. მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან
როდესაც დონატისტების განხეთქილება მოხდა, აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეყო საყოველთაო ეკლესიას. მაშინ მართლმადიდებლობისადმი ერთგულება შეინარჩუნეს მათ, ვინც ანათემას გადასცა განხეთქილება და დარჩა საყოველთაო ეკლესიასთან. ხოლო როდესაც არიანული მწვალებლობა თითქმის მთელ მსოფლიოში გაბატონდა, მაშინ მართლმადიდებლებმა კავშირი გაწყვიტეს სიახლესთან და ახალ გამოგონებას ძველი სარწმუნოება ამჯობინეს.
5. სარწმუნოებაში სიახლეები დაუშვებელია
ძველად, რაც უფრო ღვთისმოსავი იყო ვინმე, მით უფრო გაბედულად გამოდიოდა ახალი გამოგონებების წინააღმდეგ. ერთხელ, კართაგენელმა ეპისკოპოსმა აგრიპინემ წმიდა წერილისა და მთელი წმიდა ეკლესიის საწინააღმდეგოდ, მწვალებლობათაგან გადმოსულთა გადანათვლა მოიფიქრა.
მაშინ ამ სიახლის წინააღმდეგ ნეტარ პაპ სტეფანესთან ერთად ყველგან ამხედრდნენ ეკლესიის მოძღვრები. აფრიკაში გაგზავნილ წერილში მან დააწესა: არავინ უნდა შემოიტანოს ეკლესიაში გარდა იმისა, რაც უკვე მიღებულია.
ჩვენი მოვალეობაა - რელიგია კი არ წავიყვანოთ, საითკენაც გვინდა, არამედ ჩვენ უნდა მივყვეთ მას, საითკენაც წაგვიყვანს. საკუთარი რამ კი არ უნდა გადავცეთ შთამომავლობას, არამედ ჩვენი წინამორბედების სწავლება.
6. სარწმუნოების სწავლება ერთი უნდა იყოს და უცვალებელი, ხოლო ვინც მასში რაიმე სიახლეს შეიტანს უნდა გადაეცეს ანათემას
ჩვენ უნდა გვეშინოდეს სარწმუნოების შეცვლისა და მართლმადიდებლობის დარღვევის ცოდვის ჩადენისა. სახარება უცვალებელია და წმიდა მოციქული პავლე კიცხავს გალატელებს, რომლებიც სხვა სახარებისკენ მიიდრიკნენ (გალატ. 1:6-7). სამოციქული ძალუფლების მთელი ავტორიტეტით, პავლემ განსაზღვრა: "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8). ვინმემ რომ არ იფიქროს ეს გამონათქვამი შემთხვევით წამოცდაო, მან დაბეჯითებით გაიმეორა: "რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:9). ანუ, დაე იყოს განკვეთილ, გამოყოფილ, დამხობილ, რათა ერთი ცხვრის სნეულებამ ქრისტეს მთელი უბიწო ფარა არ დაასნებოვნოს.
შეიძლება თუ არა იმათი ანათემირება, ვინც რაიმე სხვას გვამცნობს, გარდა უკვე მიღებული საწყისისა, ან ნაბრძანები იყო მხოლოდ იმ დროისთვის, ახლა კი უკვე აღარ გვებრძანება? ასე ფიქრი უკეთურია და წარმწყმედელი. მოციქულის განწესება ყველა დროში უნდა იქნას დაცული. არასოდეს ყოფილა ნებადართული მართლმადიდებელთათვის ნამცნები ყოფილიყო ისეთი რამ, რაც ადრე მართლმადიდებელთ არ შეუწყნარებიათ, არასოდეს ჰქონდათ ამისი შეწყნარების უფლება და არც არასოდეს ექნებათ, ამიტომაც, ყოველთვის გვმართებდა, ახლაც გვმართებს და მომავალშიც ვალდებულნი ვიქნებით ანათემას გადავცეთ ისინი, ვინც რაიმეს გვამცნებს ერთხელ უკვე მიღებულის გარდა.
უნდა მივიღოთ ის მოძღვრები, რომლებიც მისდევენ ეკლესიას და არ უნდა მივსდევდეთ მათ, ვინც გვაიძულებს მივატოვოს ეკლესიის სარწმუნოება... საჭიროა მხოლოდ იმისი დაცვა, და მხოლოდ იმისადმი რწმენა, რაზეც ცნობილია, რომ მას ნამდვილად შეიცავდა მთელი მართლმადიდებელი ეკლესია.
ღმერთი უცებ როდი აღმოფხვრის მწვალებლობათა მქადაგებლებს, "რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის" (1 კორ. 11:9). ანუ, რათა გამოიცადონ, რაოდენ მტკიცედ, ერთგულად და ურყევად უყვარს ყოველ თქვენგანს საყოველთაო სარწმუნოება.
7. დასაშვებია თუ არა ეკლესიაში სარწმუნოების შეთვისების სრულყოფა?
ჩნდება შეკითხვა: განა არავითარი წარმატება არ უნდა იყოს ეკლესიაში რელიგიის შეთვისების მხრივ? დიახ, უნდა იყოს, და თანაც - უდიდესი. მაგრამ ამგვარი განვითარება მართლაც წარმატება უნდა იყოს, და არა ცვლილება. წარმატებაა ეს მაშინ, როდესაც ერთი დაიგივე საგანი თავის თავში აღწევს სრულყოფას, ხოლო ცვლილება - როდესაც რაღაც წყვეტს იმად ყოფნას, რაც ადრე იყო და სხვად იქცევა. დაე წლების განმავლობაში იმატოს და განვითარდეს გაგება, შემეცნება და სიბრძნე, როგორც ცალკეული ქრისტიანისა, ასევე მთელი ეკლესიისაც, მაგრამ ერთსა და იმავე კალაპოტში, ერთსა და იმავე დოგმატში, ერთი და იმავე აზრით, ერთი და იგივე საგნის გაგებაში.
ასე უნდა მტკიცებოდეს ქრისტიანული სარწმუნოების სწავლება, ასე უნდა ფართოვდებოდეს და ამაღლდებოდეს, თან ისე, რომ დარჩეს დაურღვევლად და დაუზიანებლად, მთლიანად და სრულყოფილად თავის ყველა ნაწილში, უმცირესი ცვლილებების გარეშე, შინაარსის დაურღვევლად, თავისი განსაზღვრებების დაცვით, ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
და პირიქით, თუკი სიცრუეს ერთხელ მაინც მიეცემა დოგმატის რომელიმე ნაწილის უარყოფის შესაძლებლობა, თანდათანობით, ერთი მეორეს მიყოლებით დაირღვევა გადმოცემის სხვა ნაწილებიც, რასაც მოჰყვება თვით რელიგიის დაცემა. მეორე მხრივ, თუკი ძველს შეურევენ - ახალს, საკუთარს - უცხოს, წმიდას - უწმიდურს, ეს იმ დონეზე გავრცელდება, რომ ეკლესიაში არაფერი დარჩება ხეულხლებელი და დაუზიანებელი, არამედ ის ადგილი, სადაც ადრე ჭეშმარიტების საკურთხეველი იყო, ბილწ ცთომილებათა უხმარ სახლად გადაიქცევა.
8 . მწვალებელთა დამოკიდებულება წმიდა წერილისადმი
სარგებლობენ თუ არა მწვალებლები წმიდა წერილით? - სარგებლობენ, და თანაც უჩვეულოდ ხშირად. ისინი თითქმის არასოდეს ლაპარაკობენ ისეთს, რის დამტკიცებასაც არ ეცდებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის წერილით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ცრუმოძღვარნი წმიდა წერილიდან ამა თუ იმ ადგილს იმოწმებენ, ისინი მათ მზაკვრული განმარტებებით ამახინჯებენ და ბაძავენ ეშმაკს. მაცხოვარი ამბობს: "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ" (მათე 7:16). როდესაც ისინი თვითნებურად დაიწყებენ საღმრთო გამონათქვამების განმარტებას, მაშინ გამოვლინდება სწორედ მათი ნოვატორული სიმყრალე, ირღვევა მამათაგან დაწესებული საზღვრები, იკვლება საყოველთაო სარწმუნოება და ირღვევა ეკლესიური დოგმატები. არ არსებობს სხვა უმოკლესი გზა მოტყუებისკენ, ვიდრე ღმრთის სიტყვის დამოწმებაა.
9. დასკვნა
რა უნდა აკეთონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, თუკი საღმრთო წერილით ეშმაკი და მისი მოწაფეებიც სარგებლობენ? როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტება სიცრუისგან, თანაც მაშინ, როდესაც ერთიც და მეორეც წმიდა წერილს ეყრდნობა?
როგორც თავიდან ითქვა: წმიდა წერილი, უცილობლივ უნდა განიმარტოს მთელი ეკლესიის გადმოცემისა და ძველ მამათა სწავლებების შესაბამისად. ამასთან, უნდა დავიცვათ საყოველთაოობის, სიძველის და თანხმიერების პრინციპები. და თუკი რომელიმე ნაწილი მთლიანის საწინააღმდეგო აღმოჩნდება, სიახლე სიძველის წინააღმდეგ გამოვა, მაშინ ცთომილ ნაწილს უნდა ვამჯობინოთ უცთომელი საყოველთაოობა; ხოლო საყოველთაოობაზე მსჯელობისას, ძველთა ღვთისმოსაობა უნდა ვამჯობინოთ განმაახლებლობის უხმარობას. ასევე სიძველესთან დაკავშირებით, განსაზღვრულ პირთა უგუნურებას უნდა ვამჯობინოთ რომელიმე მსოფლიო კრების დადგენილება, და ამდაგვარი თუ არ არსებობს, მაშინ - ძველ და უდიდეს წმიდა მამათა თანხმიერი სწავლება.
თუკი სწორად და ზედმიწევნით დავიცავთ ამ წესს, ყოველგვარი სიძნელის გარეშე შევძლებთ მწვალებელთა დანაშაულებრივი ცთომილებების მხილებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის არ არის საჭიროება ეს მეთოდი გამოვიყენოთ ყავლგასულ მწვალებლობათა მიმართ, მაგრამ აუცილებელია გავექცეთ მათ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, როგორც მხილებულთა მსოფლიო კრებებისა და ეკლესიის მოძღვართა მიერ.
წყარო: goloscerkvi.info