ანტიერეტიკონი - უარყოფდა თუ არა ადრინდელი ეკლესია სულის უკვდავებას? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
უარყოფდა თუ არა ადრინდელი ეკლესია სულის უკვდავებას?
სულის უკვდავება
ამ ბოლო დროს ე. წ. "ლიბერალური მართლმადიდებლობის" წრეებში აქტიურად ვრცელდება შეხედულება თითქოსდა სულის უკვდავებისადმი რწმენა ცთომილებაა, რომელიც თავიდანვე უცხო იყო ქრისტიანობისთვის და ნასესხებია წარმართული ფილოსოფიიდან.
 
ამ შეხედულების მომხრეები ეჭვ ქვეშ აყენებენ მართლმადიდებლურ რწმენას სულის უკვდავებისადმი და უთითებენ, რომ ნიკეამდელ ქრისტიანებს სხვაგვარად სწამდათ. ამ აზრის დასამტკიცებლად ისინი ეფუძნებიან კონკრეტულ საკითხში ძველი ეპოქის მამათა სწავლებებში არსებულ სხვადასხვაობას, რაც, მათი აზრით, არასავალდებულოს ხდის სულის უკვდავებისადმი რწმენას.
 
მაშ, ნამდვილად ეწინააღმდეგება თუ არა სულის უკვდავებისადმი რწმენა ნიკეის კრებამდელი (I მსოფლ. კრება - "აპოკ". რედ.) ეკლესიის სწავლებას?
 
 
I. რას გულისხმობს ეკლესია სულის უკვდავებაში?

უპირველეს ყოვლისა უნდა დავაზუსტოთ, თუ როგორ ესმის ნიკეისშემდგომ (და დღევანდელ) ეკლესიას სულის უკვდავება. მსგავს განმარტებებს ჩვენ ვპოულობთ პატრ. სოფრონ იერუსალიმელის (560-638) კრებით ეპისტოლეში. მოცემული ტექსტის ავტორიტეტი განპირობებულია მით, რომ ის წაკითხულ იქნა VI მსოფლიო კრებაზე, როგორც მონოთელიტური მწვალებლობის უარყოფა:
 
"ყოველივესთვის დრო-ჟამობრივი საწყისის მიმნიჭებელმა... (ღმერთმა) გრძნობისმიერს ჟამი დაუწესა, ხოლო გონისმიერსა და უხილავს უკეთესი ხვედრი არგუნა. ის არასოდეს კვდება და არ ეძლევა ხრწნილებას წარმავალი ხილულის მსგავსად; თუმცა ბუნებით როდია იგი უკვდავი და უხრწნელ არსებად როდი გადაიქცა, არამედ ღმერთმა მიანიჭა მას მადლი, რომელიც არ უშვებს სიკვდილისა და ხრწნილებისადმი მის დაქვემდებარებას. ასე არიან უხრწნელნი, მაგალითად, ადამიანთა სულები, ასე რჩებიან ანგელოზები უკვდავებად არა იმიტომ, რომ მათ, როგორც ადრე ვთქვით, საკუთრივი აზრით უკვდავი და უხრწნელი ბუნება ან არსება გააჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ ღმრთის მადლის წილხვდომილნი არიან, რომელიც უხვად გვანიჭებს უკვდავებას და ჩვენს მარადიულ ყოფიერებაზე ზრუნავს... ადამიანთა სულები ღმრთის მადლით გათავისუფლდნენ სიკვდილისგან, რომელიც ბუნებრივად მისდევს ყოველ ქმნილებას" (Свт. Софроний Іерусалимский († ок. 638 г.) Соборное послание. Деяния Вселенских Собороъ, изданныя въ русском переводе при Казанской Духовной Академии. Том шестый. — Издание третье. — Казань: Центральная Типографія, 1908. – С. 140-163).
 
ამრიგად, წმ. სოფრონ იერუსალიმელი სულს უკვდავს უწოდებს არა ბუნებითად, რადგან ბუნებით უკვდავი მხოლოდ ღმერთია, არამედ ყოველივეს, რამაც დასაბამი მიიღო დროის საზღვრებში, რის გამოც ის შეუძლებელია ფლობდეს უხრწნელებას. სულები, ისევე როგორც ანგელოზები, ექვემდებარებიან განადგურებას და ამიტომაც ისინი - ბუნებით მოკვდავები არიან (ანუ შეუძლიათ კვდომა). მაგრამ ბუნებრივი მოკვდავობა არ ეწინააღმდეგება მათ აქტუალურ, ფაქტობრივ მადლისმიერ უკვდავებას, რომელსაც ბუნებით უკვდავი ღმერთი იძლევა.
 
პრაქტიკულად ასე მსჯელობს ღირ. იოანე დამასკელიც "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში" - ტექსტში, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ მთელი ბიზანტიური პერიოდის სარწმუნოების ყველაზე სრულყოფილ და უზუსტეს გადმოცემად:
 
"ყოველივე, რაც ქმნისებრია, ბუნებისეული კანონზომიერებით ხრწნას ექვემდებარება, მათ შორის ცანიც, მაგრამ ისინი ღვთის მადლით არიან შემტკიცებულნი და დაცულნი" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეოცე. ცის შესახებ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/20.htm // იხ. ასევე: Преподобный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Кн. Вторая. Глава VI (20). О небе. Изд. "Индрик". 2002 г. Стр. 191-194).
 
ან კიდევ: "ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი" (იქვე. თავი მეჩვიდმეტე. ანგელოზების შესახებ // იხ. ასევე: Преподобный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Кн. Вторая. Гл. III (17) Об Ангелах. Изд. "Индрик". 2002 г. Стр. 187).
 
თუმცა, როდესაც სულზე ლაპარაკობს, იოანე დამასკელი მას პირდაპირ უხილავს, უკვდავს, მოაზროვნეს, გონისმიერს და უაღნაგობოს უწოდებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ უკვდავება მას "შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებული ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც" (იქვე. თავი ოცდამეექვსე. ადამიანის შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/26.htm // იხ. ასევე: Преподобный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Кн. Вторая. Гл. XII (26) О человеке. Изд. "Индрик". 2002 г. Стр. 208).
 
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გასათვალისწინებელია სულის უკვდავების საკითხის განხილვისას, მდგომარეობს იმაში, რომ ზოგიერთ წმიდამამებისულ (უპირატესად ასკეტურ) ტექსტში სულის სიკვდილად იწოდება პირველმშობელთა სულების მდგომარეობა ცოდვით დაცემის შემდეგ, მათი ცოდვისადმი დამონება (Игнатий Брянчанинов. В помощь кающимся, 8. Слово о человеке, 12), ღმრთისგან მიტოვებულობა (Свт. Августин Блаженный. О граде Божием, 13,2), ყოველგვარი ცოდვა (Свт. Григорий Богослов, Слово 37. "ყოველგვარი ცოდვა სულის სიკვდილია"), მარადიული ტანჯვა (იხ. მათე 10:28) და ა. შ.
 
უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმიდა წერილში ტერმინი "სული" ზოგჯერ ადამიანის ცხოვრების სინონიმადაც გამოიყენება და ამიტომაც "სულის წარწყმედა" - ადამიანის სიკვდილის სინონიმად აღიქმება (იხ. მათე 16:25). სიცხადისთვის დავაზუსტებთ, რომ ქვემოთ სულის სიკვდილში ჩვენ ვიგულისხმებთ არა ამ მნიშვნელობებს, არა მის განადგურებას, გახრწნას; ბუნებრივ სიკვდილიანობაში - კვდომის უნარს, ხოლო აქტუალურ უკვდავობაში - მადლის ზემოქმედებით სიკვდილის ფაქტობრივ შეუძლებლობას.
 
დავუბრუნდეთ სათაურში გამოტანილ კითხვას. მასზე უმარტივესი პასუხი იქნება წმიდა წერილი, როგორც ნებისმიერი (უპირატესად - ნიკეამდელი) პერიოდის ეკლესიის სწავლება.
 
მართალია, წმიდა წერილში სულის აქტუალური უკვდავება პირდაპირ მოცემული არ არის, მაგრამ მდიდრისა და ლაზარეს იგავიდან (ლუკა 16:19-31) შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ სიკვდილის შემდეგ მართალთა და ცოდვილთა სულები განაგრძობენ არსებობას, ესმით ერთმანეთის და ა. შ. ამას ადასტურებს ასევე: 2 კორ. 5:8, ფილ. 1:21-24, გამოცხ 6:9-11 და სხვა.
 
საყოველთაო აღდგომის შემდეგ - კაცთაგან ერთნი წავლენ (სხეულითა და სულით) მარადიულ სიცოცხლეში (მათე 19:16, მათე 19:29, მათე 25:46 და სხვა), ხოლო სხვები - მარადიულ სატანჯველში (მათე 18:8, მათე 25:41, მათე 25:46 და სხვა).
 
ამგვარად, არც სიკვდილიდან საყოველთაო აღდგომის შუალედში და არც მის შემდეგ - სულები არ წყვეტენ არსებობას, მაშასადამე ისინი - აქტუალურად უკვდავნი არიან. ეს გახლავთ წმიდა წერილის მკაფიო და სრულიად უცხადესი მოწმობა. მასში ეჭვის შეტანა და სხვა (არაბუკვალური) განმარტება შესაძლებელია მხოლოდ მრავალ მამათა თანხმიერი განმარტებების საფუძველზე. ბიზანტიის პერიოდის მამათა პოზიცია ზემოთმოტანილი ციტატების მიხედვით სრულიად ნათელია.
 
ამის შემდეგ ვნახოთ ადრეული ეკლესიის მამათა ტექსტები, რომლებშიც ასევე განხილულია სულის მოკვდავობისა თუ უკვდავობის საკითხი. დამაჯერებლობისთვის ავიღოთ მხოლოდ ის მოწმობები, რომლებშიც არა მარტო მეორდება წმიდა წერილის სიტყვები მარადიულ ნეტარებასა და მარადიულ სატანჯველზე, არამედ პირდაპირ არის მოცემული მსჯელობა სულის მოკვდავობასა თუ უკვდავობაზე.
 
 
2. წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი
(დაახლ. 100-165 წწ.)
 
სულის უკვდავების საკითხი განიხილება თხზულებაში "საუბარი ტრიფონ იუდეველთან" (ნაწარმოები თარიღდება II საუკუნით). აქ საკვანძო ფრაგმენტი მოცემულია მე-4 და მე-5 პარაგრაფებში, რომელშიც წმ. იუსტინე თავიდან ჰყვება თავის გასაუბრებას ვინმე მოხუცთან, რომელმაც მას წარმართული ფილოსოფიიდან ქრისტიანობის მიღებისკენ უბიძგა.
 
"როგორ შეიძლება ითქვას სხეულზე, რომელსაც აქვს ამგვარი შემტკიცებულობა და წინააღმდეგობის ძალა, შედგენილობა და ცვალებადობა, რომელიც ყოველდღიურად ბერდება და ახლდება, რომ ის რაღაც პირველმიზეზისგან არ წარმოიშვა? თუკი სამყაროს აქვს დასაბამი, სულებსაც აუცილებლად ექნებათ დასაბამი, და ოდესღაც იყო დრო, როდესაც ისინი არ არსებობდნენ. საქმე ისაა, რომ ისინი ადამიანებისთვის და სხვა ცხოველებისთვის წარმოიშვნენ, თუნდაც, შენი თქმით, ისინი ცალკე წარმოიშვნენ და არა საკუთარ სხეულებთან ერთად.
 
- ვფიქრობ, რომ სწორია.
 
- მაშასადამე, ისინი არ არიან უკვდავნი.
 
- არა, რადგან აღმოჩნდა, რომ თვით სამყაროსაც კი აქვს დასაბამი.
 
- მაგრამ, ამასთან ერთად, მე ვამბობ, რომ არც ერთი სული არ კვდება. ეს ბოროტ ადამიანთათვის ნამდვილად იქნებოდა სახარბიელო. მაგრამ რა ხვედრი ეწევათ მათ? ღვთისმოშიში სულები რომელიღაც უკეთეს ადგილას იმყოფებიან, მაშინ როცა უკეთურთა და ბოროტთა სულები - უარეს ადგილას, სადაც განკითხვის დღეს ელოდებიან. ამიტომაც, ის, ვინც ღვთის ხილვის ღირსი გახდა, აღარ მოკვდება; დანარჩენები კი ისჯებიან, რაოდენ ღმერთს ნებავს, რომ არსებობდნენ და ისჯებოდნენ.
 
- განა ის, რასაც ამბობ, იმას არ ჰგავს, რასაც პლატონი თავის "ტიმეოსში" სამყაროს შესახებ გადმოცემს? ის ამბობს, რომ სამყარო ხრწნადია, რადგანაც ქმნილია, მაგრამ ღვთის ნებით, ის არ განადგურდება და სიკვდილი მას წილად არ ერგება. შენ როგორ გეჩვენება, შეიძლება თუ არა იმის თქმა სულისა და, საერთოდ, ყველაფრის მიმართ, ვინაიდან ყველაფერს, რაც ღვთის გარდა არსებობს ან ოდესმე იარსებებს, ხრწნადი ბუნება აქვს. მას შეუძლია გაქრობა და არსებობის შეწყვეტა. მხოლოდ ღმერთია დაუსაბამო და უხრწნელი, ამიტომაც არის ის ღმერთი. მის გარდა კი ყველაფერ დანარჩენს დასაბამი და ხრწნადობა აქვს. ამის გამო სულები კვდებიან და ისჯებიან კიდეც..." (წმ. იუსტინე მარტვილის დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. გამომც. "სულიერი ვენახი". თბილისი 2019 წ. გვ. 21).
 
ტექსტიდან მთლად ნათელი არ არის, თუ რომელი ფრაზა ეკუთვნის აქ თვით წმ. მოწ. იუსტინეს და რომელი მოხუცს, მაგრამ დიალოგის ორივე მონაწილე ერთმანეთს ეთანხმება და გამოხატავენ ერთ, წმ. მოწამე იუსტინესთვის მისაღებ პოზიციას.
 
როგორც ვხედავთ, წმ. იუსტინე, წმ. სოფრონ იერუსალიმელის და ღირ. იოანე დამასკელის მსგავსად, სულის ბუნებრივ მოკვდავობას დროში დასაბამობის მქონე ყოველი ქმნილების საზოგადო თვისებად მიიჩნევს. როგორც ისინი, წმ. იუსტინეც მიუთითებს, რომ ბუნებრივ სიკვდილს არ შეუძლია გამოიწვიოს სულის რეალური განადგურება, "რადგან ღმერთს ასე ნებავს". წმ. მოწ. იუსტინეს თანახმად: "ის, ვინც ღვთის ხილვის ღირსი გახდა, აღარ მოკვდება".
 
წმ. იუსტინეს პოზიცია ცოდვილ სულებთან მიმართებაში ამ ტექსტიდან არცთუ ცხადია: ჯერ აღნიშნავს, რომ სულთა განადგურება "ბოროტ ადამიანთათვის იქნებოდა სახარბიელო", ქვემოთ კი წერს, რომ ისინი "ისჯებიან, რაოდენ ღმერთს ნებავს, რომ არსებობდნენ და ისჯებოდნენ", რაც შეიძლება განმარტებულ იქნას დროებითი საზღვრის მტკიცებულებად და ცოდვილთა სულების დასჯად. მაგრამ პირველ აპოლოგიაში (დაწერილია 147-161 წლებში) წმ. იუსტინე განსაზღვრულად და არაორაზროვნად უარყოფს ასეთ შეხედულებას:
 
"პლატონი ასევე ამბობდა, რომ ცოდვილები წარდგებიან რადამანტის და მინოსის სამსჯავროზე და მათგან დაისჯებიან; ჩვენც იგივეს ვამტკიცებთ, მაგრამ, ჩვენი რწმენით, მსაჯული იქნება ქრისტე და მათი სულები შეუერთდებიან მათსავ სხეულებს და მარადიულ ტანჯვას გადაეცემიან, თანაც არა მარტო ათასი წლის განმავლობაში, როგორც პლატონი ამბობს" (Мч. Иустин Философ. (Мч. Иустин Философ. Апология I, 8).
 

3. მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი
(II ს.)
 
წმ. ირინეოსიც ზუსტად ისევე მსჯელობს, როგორც წმ. მოწ. იუსტინე და უფრო გვიანდელი მამები: აღიარებს რა სულის ბუნებრივ მოკვდავობას, ის ადასტურებს მის აქტუალურ უკვდავობას "შემოქმედი ღმრთის ნებით". სულზე განსჯა მას მოცემული აქვს თავისი ცნობილ ნაშრომში "მწვალებლობათა წინააღმდეგ" (სხვადასხვა ნაწილში) (ნაშრომი დათარიღებულია 185-190 წლებით):
 
"თუკი აქ იტყვიან, რომ სულებს, რომლებმაც ადრე დაიწყეს ყოფიერება, არ შეუძლიათო ხანგრძლივი არსებობა, - რადგან მარადიულობა რომ ახასიათებდეთ უშობელნი უნდა იყონ, ან კიდევ თუკი დასაბამი აქვს მათ არსებობას, სხეულთან ერთად უნდა კვდებოდნენო, - უწყოდნენ, - დაუსაბამო და უსასრულო მხოლოდ ერთი ღმერთია, რომელიც ჭეშმარიტად მარადის ერთი და იგივეა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც მან შექმნა და იქმნება, დასაბამს თავისი დაბადებისგან იღებს და ამით შემოქმედზე უდაბლესია, რამეთუ დაუსაბამო როდია და თავის არსებობას საუკუნეთა განმავლობაში მხოლოდ შემოქმედი ღმერთის ნებით აგრძელებს. ასე რომ ღმერთი ანიჭებს მათ დასაბამობას, და შემდეგ არსებობასაც.
 
...
 
წინასწარმეტყველური სიტყვა პირველქმნილებაზე ამბობს: "იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2:7), რითაც გვასწავლის, რომ სული, სიცოცხლისადმი თანაზიარობით, გაცოცხლდა. ასე რომ, ცალკე იგულისხმება სული და ცალკე სიცოცხლე, რომელიც მას გააჩნია.
 
როდესაც ღმერთი ასე ანიჭებს სიცოცხლეს და მის განუწყვეტელ გაგრძელებას, შესაძლოა, სულებიც, რომლებიც ადრე არ არსებობდნენ, გააგრძელებენ სიცოცხლეს, რადგან ღმერთს ნებავს მათი არსებობა" (Cвмч. Ириней Лионский. Обличение и опровержение лжеименного знания (Против ересей) II, 34:2-4).
 
ქვემოთ ის ამტკიცებს, რომ სულთა არსებობა მარადის გაგრძელდება:
 
"... მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესუ, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში" (რომ. 8:11). რას ნიშნავს მოკვდავი სხეულები? სულებს ხომ არა? მაგრამ სულები მოკვდავ სხეულებთან შედარებით უსხეულონი არიან. რამეთუ "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7). ხოლო სიცოცხლის სუნთქვა უსხეულოა და არავის შეუძლია თქვას, თითქოსდა სიცოცხლის სუნთქვა მოკვდავია. ამიტომაც ამბობს დავითი: "სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას" (ფსალმ. 21:31), რადგან მისი არსება უკვდავია. მეორე მხრივ სულსაც ვერ უწოდებენ მოკვდავ სხეულს. მაშ რაღა უნდა იყოს მოკვდავი სხეული, თუ არა ქმნილება, ხორცი, რომელზეც ითქვა, რომ "გააცოცხლებს თავისი სულით"? რადგან სწორედ ის კვდება და იხრწნება, და არა მშვინვა (სუნთქვა) ან სული. კვდომა ნიშნავს მაცოცხლებელი ძალის დაკარგვას და უსულოდ, უსიცოცხლოდ ყოფნას, როდესაც უძრავად მყოფი სხეული იხრწნება და იმ ნაწილებად იშლება, რომელთაგან ოდესაღაც იწყო არსებობა. ეს კი არ ემართება მშვინვას, რადგან ის სიცოცხლის სუნთქვაა, და არც სულს, რადგან სული მარტივი და შეუდგენელია, მას არ შეუძლია გახრწნა და დაშლა, არამედ თვითონ წარმოადგენს სიცოცხლეს მის მიმღებთათვის" (Там же, V, 7:1).
 
 
4. მღვდელმოწ. მეთოდე პატრელი
(დაახლ. 260–312).
 
წმ. მოწამე იუსტინესა და მღვდელმოწ. ირინეოსის ტექსტები, რომელთა ფრაგმენტები ზემოთ დავიმოწმეთ, ორიენტირებულნი იყვნენ მწვალებლებზე, სხვაგვარად მორწმუნეებსა და წარმართებზე. ამიტომაც ეს მამები ცდილობდნენ ემსჯელათ ბერძნული ფილოსოფიის დისკურსში და სულის ბუნებრივ სიკვდილიანობაზე წერდნენ (თუმცა, ქრისტიანულ სწავლებას მისდევდნენ და სულის აქტუალურ უკვდავობას ამტკიცებდნენ).
 
წმ. მეთოდე კი ქრისტიანთათვის წერდა და, არ შედიოდა რა ფილოსოფიურ განსჯაში, წმიდა წერილზე დაყრდნობით, სულს უბრალოდ უკვდავ არსებად აცხადებდა. სულის უკვდავებაზე მოკლედ ნახსენებია თხზულებაში "ათი ქალწულის ნადიმი":
 
"სულები ზუსტად შეესაბამებიან მათ დამბადებელსა და გამომსახველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი, ღმერთთან მსგავსებითა და იმ პირველხატისებრი სილამაზით ბრწყინავენ, როგორც გამოსახა ისინი ღმერთმა, როდესაც უკვდავი და უხრწნელი შესახედაობის მქონეებად ქმნიდა" (Свмч. Мефодий Олимпийский (Патарский). Пир десяти дев. VI,1).
 
უფრო დეტალურად მღვდელმოწ. მეთოდე სულის უკვდავებაზე წერს ტრაქტატში "აღდგომის შესახებ", რომელიც ორიგენეს მწვალებლური სწავლების წინააღმდეგ არის შედგენილი:
 
"კვდება მხოლოდ ხორცი, რადგან სული უკვდავია (ψυχ γρ θάνατος). ხოლო, თუ სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი, ისინი, ვინც ამბობენ, თითქოსდა აღდგომა იქნება, მაგრამ მხოლოდ ხორციელი, სინამდვილეში მას სრულიად უარყოფენ. რამეთუ აღდგება არა ის, რაც ისედაც დგას, არამედ რაც დაცემულია. ნათქვამისებრ: "ვინც არ დაცემულა ის ვერც აღდგება და ვინც არსად წასულა ვერ დაბრუნდება".
 
ხოლო იმის შესახებ, რომ სული უკვდავია ქრისტე პირდაპირ ასწავლიდა - თვითონაც და სოლომონ ბრძენის მიერაც. თვითონ - ისტორიაში მდიდარსა და ღარიბ ლაზარეზე, როდესაც ერთის სულს აბრაამის წიაღში განუსვენა, მეორისას კი ტანჯვაში ყოფნა დაუწესა, და კიდევ შემოიყვანა აბრაამი, რომელიც მათ ესაუბრებოდა. სოლომონის მიერ კი წიგნში - "სიბრძნე", სადაც წერია: "მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე" (სოლომონის სიბრძნე. 3:1-4) (Methodius. De Resurrectione. 1.51-52 / Hrsg.: Bonewetsch G. N. Lpz., 1917. S. 307, пер. Петра Пашкова).
 

5. ათენაგორა
(II ს.)
 
ათენაგორა II ს-ის ქრისტიანი აპოლოგეტია (მკვლევარები მის ტექსტებს 176-180 წლებს განაკუთვნებენ). მის ორ ტექსტში ვპოულობთ მოკლე მითითებებს სულის უკვდავებაზე:
 
"სული თავისთავად, როგორც უკვდავი, გონივრულად მოძრაობს, ცნობს მომავალს და განიცდის აწმყოს" (Афинагор. Прошение о христианах, 27).
 
"ღმერთმა ადამიანი სხეულისა და უკვდავი სულის მქონედ შექმნა" (Афинагор. О Воскресении мертвых, 13).
 
 
6. ეპისტოლე დიოგნეტესადმი
(უცნობი ავტორი)
 
გარკვეული დროის განმავლობაში ამ ტექსტის ავტორად წმ. მოწ. იუსტინე ფილოსოფოსს მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეს ისტორიკოსები უარყოფენ იუსტინეს ავტორობას. ტექსტის დაწერის პერიოდად მიიჩნევა 120 – 310 წლების შუალედი.
 
"ერთი სიტყვით: რაც სულია სხეულისთვის, იგივეა ქრისტიანი სამყაროსთვის. სული განფენილია მთელ სხეულში, ასევე ქრისტიანებიც მსოფლიოს ქალაქებში. სული, თუმც სხეულში ბინადრობს, უსხეულოა და ქრისტიანებიც, თუმც ამქვეყნად ცხოვრობენ არაამქვეყნისაგანნი არიან... უკვდავი სული მოკვდავ სხეულშია; ასევე ქრისტიანებიც მწირები არიან ამ ქვეყნად, და ხრწნად სამყაროში მცხოვრებნი ზეციერ უხრწნელებას მოელიან" (Послание к Диогенту, 6).
 
 
7. ნიკეამდელი ღვთისმეტყველები, რომლებიც აღიარებდნენ სულის უკვდავებას

ნიკეამდელი ღვთისმეტყველების შეხედულებები სულის უკვდავებაზე მოტანილია მართლმადიდებლური ენციკლოპედიის სტატიაში "სული" (Православная Энциклопедия, т. 16, Душа. с. 453). არც ერთი ნიკეამდელი წმიდა მამა არ აღიარებდა სულის მოკვდავობას და ხრწნადობას. არაკანონიკური ავტორებიდან, რომლებიც ეკუთვნოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მხოლოდ არნობი (III ს. მიწურული) იზიარებდა სულის მოკვდავობას, და ასევე კლიმენტი ალექსანდრიელიც (III ს-ის დასაწყისი). ამ მიმართებით, მისდევდნენ რა პლატონს, ისინი სულს ყოფდნენ უმაღლეს (გონიერი) და უდაბლეს (ხორციელი სუნთქვა) ნაწილებად და მოკვდავად სულის უდაბლეს ნაწილს მიიჩნევდნენ.
 
სამაგიეროდ შეხედულება სულის მოკვდავობაზე ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვა მწვალებლურ დაჯგუფებაში. ასე მიიჩნევდნენ გნოსტიკოსები, ენკრატიტები (ტატიან ასირიელი). "თნიტოფსიქიტების" (thnetopcychitae) (ქართ. "სულმკვდრების", სლავ. "мьртводѹшьници") სექტის წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სულები სხეულთან ერთად კვდებიან, შემდეგ კი მკვდრეთით აღდგებიან (ორიგენე არაბიის კრებაზე არწმუნებდა მათ უარი ეთქვათ ამ ცთომილებაზე).
 
თუმცა, ეკლესიის პოზიციის გარკვევის ჟამს მწვალებელთა შეხედულებები არ მიიღება.
 
ამრიგად, წმიდა წერილისა და სხვადასხვა პერიოდის მამათა თანხმიერი სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა სულები აქტუალურად უკვდავნი არიან, ანუ მათ არც დროებით შეუძლიათ არსებობის შეწყვეტა და არც სამუდამოდ.



წყარო: pravblog.ru

საიტი "აპოკალიფსისი". დიდი მარხვა. 29 მარტი. 2021 წ.
Назад к содержимому