ანტიერეტიკონი - რატომ ვუწოდებთ მღვდლებს "მამაოს"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
რატომ ვუწოდებთ მღვდლებს "მამაოს"?
ქრისტე მაცხოვარი და მოციქულები
კითხვა:
 
მათეს სახარების 23-ე თავის მე-9 მუხლში მაცხოვარი ამბობს: "ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი" (ძვ. ქართ.: "და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა"). ეს ხომ ცალსახა აკრძალვაა. მაშ, რატომ ვუწოდებთ მღვდლებს "მამაოს"?
 
 
პასუხი:
 
სახარებაში, ქრისტე, ერთგან მოციქულებთან საუბარში მართლაც წარმოთქვამს სიტყვებს: "თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე" (მათე 23:8-10).

ეს მცნება ღირსშესანიშნავია იმით, რომ ეკლესიის აღმოცენების დღიდან წესად არის მიღებული მღვდლებს "მამაო" და "მოძღვარი" უწოდონ.

უფალი საკუთარ თავს უწოდებდა "მოძღვარსაც" და "წინამძღვარსაც" და მეტიც, - საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, როგორც მოძღვარზე და წინამძღვარზე ამ სიტყვის ერთადერთი და საკუთრივი მნიშვნელობით. "თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე" (მათე 23:8-10).
 
რა თქმა უნდა, მაცხოვრის ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა ეს იყოს სახელწოდებების "მოძღვრისა" და "წინამძღვრის" ფორმალური აკრძალვა. მოციქულთა საქმეებიდან და ეპისტოლეებიდან ჩანს, რომ უკვე ქრისტეს ეკლესიის სამოციქულო პერიოდში არსებობდა განსაკუთრებული ქარიზმატული მსახურება, რომელიც იწოდებოდა კიდეც - მოძღვრობად. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ კორინთელებს "შეიძლება მრავალი მზრდელი (παιδαγωγοὺς – "პაიდაგოგოს") (1) გყავდეთ ქრისტეში" (1 კორინთ. 4:15). მაშასადამე, ეს სიტყვა (მოძღვარი, მზრდელი, წინამძღვარი - παιδαγωγοὺς) ფორმალურად აკრძალული არ იყო, როგორც ამას თავის ასოკირკიტობაში ფიქრობს ზოგიერთი სექტანტი.
 
______________
 
1. παιδαγωγοὺς - წინამძღვარი, აღმზრდელი.
 
______________
 
აქ ლაპარაკია განსაკუთრებულ მოძღვრობასა და წინამძღვრობაზე, რომელსაც ავლენს ქრისტე. სიტყვა "მოძღვარი" (მზრდელი) სხვადასხვა აზრით გამოიყენება. ყველაზე ფართე აზრით სიტყვა "მოძღვარი" ("მასწავლებელი") აღნიშნავს პროფესიას, ადამიანის საქმიანობის სახეობას.
 
მაგრამ, სულ სხვა აზრით გამოიყენება "მოძღვარი", როდესაც ლაპარაკია კაცობრიობის მოძღვრებზე - მოსეზე, მუჰამედზე, სოკრატეზე, ბუდაზე... ამ შემთხვევაში "მოძღვარში" გაიგება ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სწავლების დამფუძნებელია, და რომელსაც სურს კაცობრიობას ახალი სიტყვა აუწყოს. ამ მეორე აზრით ქრისტიანთათვის ქრისტე ერთადერთი მოძღვარი და წინამძღვარია, რომლის გვერდით შეუძლებელია ვინმე სხვა მოძღვარი დავაყენოთ.
 
ქრისტეს მოძღვრობისა და წინამძღვრობის ეს უნიკალურობა განპირობებულია მით, რომ ის უბრალოდ კი არ მოწმობს ჭეშმარიტებაზე, არამედ თვითონვეა პირველწყარო და საფუძველი ჭეშმარიტებისა.
 
"ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 23:9). ამ სიტყვებსაც ხშირად იყენებენ პროტესტანტები, რომლებიც მართლმადიდებელთ ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი მოძღვრები "მამებადაც" იწოდებიან. მაგრამ კონტქსტიდან ჩანს, რომ ამკრძალავი სიტყვა არავის ეწოდოს მამა, გარდა ზეციერი მამისა, ერთ რიგში დგას აკრძალვასთან ვინმეს ეწოდოს მოძღვარი და წინამძღვარი, გარდა ქრისტესი. "ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე" (მათე 23:8-10).
 
უეჭველია, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში არიან იმის განსაკუთრებული გაგებით, რომ არსებობს მამობა. ქრისტიანულ ეკლესიას არასოდეს აუკრძალავს ამ სიტყვის გამოყენება, და მოციქული პავლე კორინთელთადმი მიწერილ ეპისტოლეში ამბობს: "
 
"შეიძლება მრავალი წინამძღვარი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა" (1 კორინთ. 4:15). შემდეგ კი საკუთარ თავზე ამბობს: "რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ" (1 კორინთ. 4:15).
 
ამგვარად, მოციქულმა პავლემ საკუთარ თავს კორინთელ ქრისტიანთა სულიერი მამა უწოდა. გარდა ამისა, ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან ჩანს, რომ თავიანთ ეპისტოლეებში მოციქულები ძალიან ხშირად იყენებდნენ მიმართვას: "შვილებო". ასე მსმენელთათვის შეიძლებოდა მიემართა მხოლოდ იმათ, ვინც, თავის მხრივ "მამებად" იწოდებოდნენ. ამ სიტყვით იწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს წმიდა მოციქული იოანე; მოციქული პავლეც ხშირად იყენებს მას. ამიტომაც მაცხოვრის სიტყვები ფორმალურ აკრძალვად არ უნდა განვიხილოთ.
 
"ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი". ქრისტეს ეს სიტყვები არ შეიძლება გავიგოთ ბუკვალური მნიშვნელობით, მაგალითად, იმ აზრით, რომ შვილმა არ უნდა წარმოთქვას სიტყვები "დედა" ან "მამა. მარტო ის ვითარებაც კი, რომ აქ არ არის ნახსენები დედა, აჩვენებს, რომ ლაპარაკი არ არის უბრალო ოჯახურ ურთიერთობებზე.
 
თალმუდში არსებობს მთელი ტრაქტატი, რომელსაც ეწოდება "აბოტ", ანუ "მამათა" გამონათქვამები. "მიშნასა" და "სოეფტში" სიტყვა "მამა" გვხვდება, როგორც მრავალი რაბინის ტიტული. სავარაუდოდ სწორედ ასეთი საფუძველი მომდინარეობდა ბიბლიიდან (ზირაქი 44). მაცხოვარი, რა თქმა უნდა, ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე, რომ მისმა მოწაფეებმა არავის უწოდონ მამა რაბინისტული აზრით. წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ქრისტეს სიტყვებს: "ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ არავის უნდა უწოდონ მამა, არამედ იცოდნენ, საკუთრივ ვის უნდა უწოდონ იგი".
 
თავისთავად სიტყვა "მამა" ნიშნავს სიცოცხლის მომნიჭებელს. ქრისტიანებს სწამთ, რომ ყოველგვარი სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელსაც " აქვს სიცოცხლე თავის თავში" (იოანე 5:24). ხოლო ხორციელი მამები და სულიერი მამები სიცოცხლის წყარონი კი არ არიან, არამედ მხოლოდ შუამავლები, რომელთა მიერაც ეს სიცოცხლე გვენიჭება.
 
ხორციელი მშობლები, რომლებიც სიცოცხლეს აძლევენ თავიანთ შვილებს, არ არიან მათი სიცოცხლის მიზეზნი და წყარონი, ისინი მხოლოდ საშუალებანი არიან თავიანთი მემკვიდრეებისთვის სიცოცხლის მისანიჭებლად. ყოველგვარი სიცოცხლის წყარო კი არის მხოლოდ ღმერთი, რომელიც ყოველივეს ცხოველჰყოფს.
 
ზუსტად ასევე სულიერი მამებიც საკუთარი ძალით როდი შობენ სულიერ შვილებს ახალი, მარადიული ცხოვრებისთვის, ისინი - მხოლოდ შუამავლები არიან, რომელთა მეშვეობით ღმერთი ააღორძინებს ადამიანებს. ამის შესახებ მსჯელობს მოციქული პავლეც. ზრდიდა რა კორინთელებს ახალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის, ის მოქმედებდა არა თავისთავად, არამედ, როგორც ქრისტესა და ღმრთის საიდუმლოთა განგების ერთ-ერთი მსახური (1 კორინთ. 4:1).
 
ამიტომაც აკრძალვა ვინმეს მამა ვუწოდოთ უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ დაუშვებელია დედამიწაზე ვინმეს საღმრთო პატივი მივაგოთ, არავისა აქვს უფლება ითხოვდეს იმგვარ პატივისცემას, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის; არავის შეუძლია პრეტენზია განაცადოს იმაზე, რომ ადამიანებმა მას უსიტყვო მორჩილება გამოუცხადონ, უსიტყვოდ ენდონ მის სწავლებას, თუკი მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია საღმრთო გამოცხადებაში.
 
ამგვარი პრეტენზიებით გამოვა მხოლოდ ანტიქრისტე. და დღესაც გამოჩნდნენ "მრავალნი ანტიქრისტენი", რომლებიც მიიტაცებენ იმას, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. თანამედროვე რელიგიურ მიმართულებათა ლიდერები, არცთუ იშვიათად თავს "მამებს" უწოდებენ, და თავიანთი მიმდევრებისგან ღმრთის შესაფერ თაყვანისცემასა და აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვენ. აი ეს კი აკრძალულია.

საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому