სწავლანი > ანტიერეტიკონი
პასუხი ლათინური ეკლესიის მომხრეებს იმაზედ,
რომ ისინი უსამართლოდ ადიდებენ პაპისტებს მათი ეკლესიის მოჩვენებითი ღირსებების გამო
ავტორი: მღვდელმონაზონი ამბროსი ოპტინელი (1812 - 1891) (ქვეყნდება შემოკლებით).
ამაოდ უკვირს ზოგიერთ მართლმადიდებელს რომის ეკლესიის აქტიური პროპაგანდა, მათი მოჩვენებითი თავგანწირვა და მისიონერული საქმიანობა, ასევე მოწყალების ლათინელი დების მონდომება. მრავალი არასწორად მიაწერს ლათინურ ეკლესიას ისეთ მნიშვნელობას, თითქოსდა, მართლმადიდებლური ეკლესიისგან მისი განდრეკის შემდგომ, ეს უკანასკნელი არ დარჩენილა იმავე წმიდა ეკლესიად და მოვალეა ერთობა ეძებოს ლათინობასთან. საკითხის მკაცრი გამოკვლევის შემდგომ ადვილად დასტურდება ამგვარი შეხედულების სიყალბე; ხოლო ლათინური ენერგიული საქმიანობა არა მარტო არ აღძრავს რაიმე გაკვირვებას, არამედ პირიქით ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის გულში, რომელსაც ჭეშმარიტება შეუმეცნიებია, ღრმა სიბრალულსღა იწვევს.
აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა დროიდან დღემდე უცვალებლად და ყოველგვარი სიახლეებისგან დაუზიანებლად იცავს, როგორც სახარებისეულ და სამოციქულო სწავლებას, ასევე წმიდა მამათა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა გადმოცემებსა და დადგენილებებს, რომლებზეც მთელი მსოფლიოდან შემოკრებილმა ღვთითშემოსილმა მამებმა კრებითად შეადგინეს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო და ხმამაღლა განუცხადეს მთელ მსოფლიოს მისი სრულყოფილება და სისრულე. წმიდა მამებმა საშინელი ანათემატიზმებით აკრძალეს მისდამი ყოველგვარი შემატება ან მოკლება, ცვალებადობა ან თუნდაც ერთი იოტის შეცვლა. მაშინ როდესაც რომის ეკლესია დიდი ხანია მიიდრიკა მწვალებლობისა და სიახლეებისკენ. ჯერ კიდევ ბასილი დიდი ამხელდა ამაში რომის ზოგიერთ ეპისკოპოსს. ევსები სამოსატელისადმი მიწერილ თავის წერილში წმ. ბასილი დიდი წერს: "ჭეშმარიტება მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ; მათ, ვინც ჭეშმარიტებას გვაუწყებს, ედავებიან, ხოლო თვითონ მწვალებლობას ამკვიდრებენ" (Окруж. посл. § 7).
მოციქული პავლე გვამცნებს განვეშოროთ მწვალებლობით დაზიანებულთ, და არ ვეძებოთ მათთან ერთობა: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10, 11). მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი არა ორჯერ, არამედ მრავალჯერ შეაგონა რომის კერძო ეკლესია, მაგრამ ამ უკანასკნელმა, პირველის სამართლიანი შენიშვნებისდა მიუხედავად, მაინც ცთომილ აზრებსა და მოქმედებებში დარჩენა ამჯობინა.
დასავლეთის ეკლესიებში ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში გაჩნდა არასწორი აზრი, თითქოსდა სულიწმიდა გამოვალს ძისგანაც. თავიანთ ამ ახალ მჭევრმეტყველებას წინ რამოდენიმე პაპი აღუდგა და მას მწვალებლური უწოდა. პაპი დამასი ასე მსჯელობს თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში: "ვინც მამისა და ძის შესახებ სწორად მსჯელობს, მაგრამ სულიწმიდის შესახებ არასწორად, ის მწვალებელია" (Окруж. посл., § 5). იგივეს ადასტურებდნენ სხვა პაპებიც: ლეონ III და იოანე VIII. მაგრამ მათი მემკვიდრეების უმრავლესობამ, რომლებიც აცთუნა უპირატესობის საცთურმა და მასში მრავალი ამქვეყნიური გამორჩენა მოიაზრა, შვიდი მსოფლიო კრების დადგენილებათა საწინააღმდეგოდ გაბედა შეეცვალა მართლმადიდებლური დოგმატი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ; და არა მარტო მსოფლიო კრებების, არამედ თვით უფლის სიტყვების საწინააღმდეგოდაც, რომელიც სახარებაში ბრძანებს: "ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან" (იოანე 15:26).
მაგრამ, როგორც ერთ შეცდომას, რომელსაც შეცდომად არ მიიჩნევენ, ყოველთვის მოსდევს მეორე, მეორეს მესამე და ასე, ერთი ბოროტება ყოველთვის წარმოშობს სხვა ბოროტებას, რომის ეკლესიაშიც, ამ ახალგამოჩენილ არასწორ შეხედულებას, რომ სულიწმიდა გამოდის ძისგანაც, სხვა ცთომილებები მოჰყვა. ისინი უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან სახარებას და ჩვენი უფლის მცნებებს, როგორიც არის, მაგალითად: წყლის პკურება შთაფლვის ნაცვლად ნათლისღების საიდუმლოში, ერისკაცთათვის ღვთაებრივი ბარძიმის წართმევა და აფუებული პურის ნაცვლად მაცის გამოყენება, ლიტურგიიდან ყოვლადწმიდა, ცხოველმყოფელი და ყოვლისაღმასრულებელი სულიწმიდის მოწოდების ამოღება. ასევე შემოიტანეს სიახლეები, რომლებიც არღვევენ საყოველთაო ეკლესიის ძველ სამოციქულო წეს-ჩვეულებებს, კერძოდ: მონათლულ ბავშვებს არ სცხებენ მირონს და ასევე არ აზიარებენ, აკრძალულია ცოლიანი მღვდლობა და დამკვიდრებულია ე. წ. ცელიბატი, პაპს უცთომელად და ქრისტეს ადგილნაცვალად მიიჩნევენ და სხვა.
ამგვარად, მათ დაამახინჯეს თითქმის ყველა საიდუმლოსა და ყველა საეკლესიო დაწესების უძველესი სამოციქულო გადმოცემა, - წეს-განგებები, რომელსაც ოდითგანვე შეიცავდა თვით რომის ძველი, წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მაშინ წმიდა და სამოციქულო ეკლესიის უპატიოსნესი წევრი იყო (Окруж. посл. § 5, пункт 12).
მაგრამ რომის ეკლესიის მთავარი მწვალებლობა არის პაპის პირველობის დოგმატი, უფრო სწორედ ამპარტავნული მცდელობა რომის ეპისკოპოსი დააყენონ ოთხ აღმოსავლელ პატრიარქზე მაღლა. ამ უპირატესობის მისაღწევად რომის ეკლესიის მიმდევრებმა აღიარეს რა პაპის უცთომელობა, ის კანონებზე და მსოფლიო კრებათა დადგენილებებზე მაღლა დააყენეს. მაგრამ როგორია პაპის ეს უცთომელობა მოწმობს ისტორია. პაპ იოანე XXIII-ეს დამამხობელი კონსტანცის კრების დადგენილებებში ნათქვამია: "დამტკიცებულია, რომ ბ-ნი იოანე არის გახევებული და გამოუსწორებელი ცოდვილი, ის იყო და არის უსჯულო, სამართლიანად მსჯავრდებული კაცთმკვლელობაში, სხვათა მოწამვლაში და სხვა უმძიმეს ბოროტმოქმედებაში. ის ხშირად და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ადამიანის სული კვდება და ქრება ადამიანის გვამთან ერთად, ისე როგორც არის ეს ცხოველებში; რომ მიცვალებული არასოდეს აღდგება".
პაპ ალექსანდრე VI-ისა და მისი შვილების უსჯულოებები იმდენად ამაზრზენია, რომ, თანამედროვეთა აზრით, ეს პაპი დედამიწაზე სატანის გამეფებაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ღმრთის სასუფეველისაზე. პაპი იულიუს II ქრისტიანთა სისხლით ვერ ძღებოდა. თავისი მიზნებისთვის ის მუდმივად ამხედრებდა ქრისტიან ხალხებს ერთმანეთის წინააღმდეგ (Духовн. Беседа 1858 г. №41). არის კიდევ სხვა მრავალი მაგალითი, რომელიც პაპთა უდიდეს ცოდვებზე და დანაშაულობებზე მეტყველებენ, მაგრამ ამჯერად მათზე მსჯელობის დრო არ არის. მაშ, თუკი არსებობს ესოდენ მრავალი მოწმობა იმისა, როგორი გარყვნილები და მწვალებლები იყვნენ რომის პაპები, რამდენად სამართლიანია რომის ეკლესიის მოჩვენებითი ღირსებით თავის მოწონება? არის თუ არა სამართლიანი აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამცირება, რომელიც თავის უცთომელობას ერთ რომელიმე პიროვნებაზე კი არა, სახარების, ასევე შვიდი მსოფლიო და ცხრა ადგილობრივი კრების დადგენილებებზე აფუძნებს? ამკრებებზე მთელი მსოფლიოდან შეკრებილმა ღმრთივსულიერმა მამებმა წმ. წერილის საფუძველზე დაადგინეს ყოველივე, რაც კი ეკლესიას, მის სულიერ ცხოვრებას სჭირდებოდა. ამიტომაც რამდენად საფუძვლიანად იქცევიან პაპისტები, რომლებიც ამქვეყნიური მიზნების მისაღწევად თავიანთ პაპს მსოფლიო კრებებზე მაღლა აყენებენ და მათზე უცთომელად მიიჩნევენ?
ყველა ამ მიზეზთა გამო აღმოსავლეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი რომის კერძო ეკლესიასთან, როგორც ჭეშმარიტებისგან განდგომილთან და მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა დამარღვეველთან.
რომის ეპისკოპოსებმა, როგორც დაიწყეს ამპარტავნებით, იმავე ამპარტავნებით აგრძელებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითოქსდა მართლმადიდებლური ეკლესია გამოეყო მათ კერძო ეკლესიას. მაგრამ ეს უსამართლობაც არის და უგუნურებაც. ჭეშმარიტება მოწმობს, რომ სწორედ რომის ეკლესია განვარდა მართლმადიდებლობისგან და არა პირიქით. თუმცა პაპისტები თავიანთი მოჩვენებითი სიმართლისთვის ამბობენ, რომ ჯერ კიდევ საყოველთაო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთობის პერიოდში, ხუთი საპატრიარქოდან მათი საპატრიარქო პირველობას და უპირატესობას ფლობდა. მაგრამ ასე იყო სამეფო რომის გამო, და არა რაიმე სულიერი ღირსების გამო, ან იმიტომ, რომ პაპს რაიმე განსაკუთრებული ძალაუფლება ჰქონდა სხვა პატრიარქებთან შედარებით.
უსამართლოდ უწოდეს მათ თავიანთ ეკლესიას "კათოლიკე", ანუ საყოველთაო. ნაწილი ვერასოდეს იწოდება მთელად, ხოლო რომის ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფამდე შეადგენდა ერთი, წმიდა და საყოველთაო ეკლესიის მხოლოდ მეხუთე ნაწილს. ამიტომაც რომის ეკლესია შეუძლებელია იწოდებოდეს საყოველთაოდ, რადგან მან უარყო მსოფლიო კრებათა დადგენილებები და მიჰყვება საკუთარ გამონაგონს.
ზოგიერთს თვალში ხვდება ლათინური ეკლესიის განვრცობა და მრავალრიცხოვნობა, ამიტომაც ჭეშმარიტებას მიუწვდომელი ადამიანები ფიქრობენ, რომ ამის გამო ლათინური ეკლესია მსოფლიოდ და საყოველთაოდ უნდა იწოდებოდეს. მაგრამ ეს საკმაოდ მცდარი აზრია, რადგან არსად წმ. წერილში სიმრავლეს განსაკუთრებული სულიერი უპირატესობები არ ენიჭება. უფალმა ნათლად აჩვენა, რომ ჭეშმარიტი, საყოველთაო ეკლესია არ გულისხმობს რაოდენობასა და მრავალრიცხოვნობას, რადგან ასე ბრძანა: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32).
წმიდა წერილში არის სხვა მაგალითებიც, რომლებიც არ მეტყველებენ უმრავლესობის სასარგებლოდ. სოლომონის სიკვდილის შემდეგ, მისი ძის პერიოდში ისრაელის სამეფო ორად გაიყო, წმ. წერილი ისრაელის ათ ტომს განდგომილებს უწოდებს, ხოლო ორ ტომს, რომლებიც თავიანთი მოვალეობის მიმდევარნი დარჩნენ, უფლის ერთგულებს. ამიტომაც, სულ ამაოდ ცდილობს ლათინური ეკლესია თავისი სიმართლე მრავალრიცხოვნობას და ყველგან განვრცობას დააფუძნოს.
მსოფლიო კრებებზე წმიდა მამებმა საყოველთაო ეკლესიის სულ სხვა ნიშნები მოგვცეს, ანუ კრებითად დააწესეს, რომ უნდა გვწამდეს: ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია და არა უბრალოდ მსოფლიო ან ყველგანმყოფი ეკლესია. რომის ეკლესია თუმც მთელ მსოფლიოშია განფენილი, თუმც დედამიწის ყველა კუთხეში ჰყავს მიმდევარი, მაგრამ რადგან წმიდად არ იცავს მოციქულებისა და მსოფლიო კრებების დადგენილებებს და მიდრეკილია სიახლეებისა და მწვალებლობებისკენ, სულაც არ ეკუთვნის ერთ, წმიდა და სამოციქულო ეკლესიას.
ასევე სრულიად არასწორად მსჯელობენ ლათინთადმი კეთილგანწყობილნი, რომ ჯერ-ერთი, მართლმადიდებლობისგან დასავლეთის განშორებით, საყოველთაო ეკლესიას რაღაც დააკლდა; და მეორეც, თითქოსდა ადრინდელი უპირატესობისა და რომის ეკლესიის მრავალრიცხოვნობის გამო, მართლმადიდებელ ეკლესიას აუცილებლად სჭირდება მასთან შეერთება. მაგრამ სხვაგვარია კაცის ბჭობა და სხვაგვარი ღვთის სამსჯავრო. მოციქული პავლე ნათლად ამბობს: "რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?" (2 კორ. 6:14), - ანუ ქრისტეს ჭეშმარიტების ნათელი და მწვალებლობის ბნელი ვერასოდეს შეერთდებიან. ლათინებს კი თავიანთი მწვალებლობის მიტოვება არ სურთ, ჯიუტობენ და მრავალი საუკუნეა ამას საქმითაც ადასტურებენ. მათზეა ზედგამოჭრილი წმ. ბასილი დიდის გამონათქვამი: "ჭეშმარიტება არ იციან და არც სურთ იცოდნენ; ხოლო მათ, ვინც ჭეშმარიტებას აუწყებს, ედავებიან, თვითონ კი მწვალებლობას ამკვიდრებენ".
ლათინებისადმი სიმპათიებით გამსჭვალულთ მართებთ იფიქრონ ფსალმუნის სიტყვების მნიშვნელობაზე, რომელიც ბრძანებს: "მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე" (ფსალმ. 25:5), და იფიქრონ მათზე, ვინც ვერცხლისმოყვარებისა და სხვა ამქვეყნიური მიზნების გამო თავისი ინკვიზიციური მეთოდებითა და იეზუიტური ხრიკებით, თავისი მისიონერების მეშვეობით აშფოთებს თურქეთში მცხოვრებ მართლმადიდებელთ. ლათინი მისიონერები ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ თურქების მოქცევას კი არ ცდილობენ, არამედ მართლმადიდებელ ბერძენთა და ბულგარელთა განდრეკას მართლმადიდებლობიდან ლათინობისკენ და ამისთვის ყოველგვარ ბინძურ ხერხსა და ხრიკს მიმართავენ.
განა ეს არ არის მზაკვარება და ბოროტება? განა კეთილგონივრულია ეძებო ერთობა ასეთ ადამიანებთან? ამავე მიზეზით, რატომ უნდა გვიკვირდეს ლათინი მოღვაწეების, მისიონერებისა და მოწყალების დების მოჩვენებითი მონდომება და თავგანწირვა? ესენი არიან საცოდავი მოსაგრეები. ისინი ადამიანთა ქრისტესკენ მოქცევას კი არ ცდილობენ, არამედ თავიანთი პაპისთვის იღვწიან.
კიდევ რა შეიძლება ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: ლათინურ ეკლესიას და სხვა აღმსარებლობებს შეუძლიათ თუ არა იწოდენ ახალ ისრაელად და მაცხოვნებელ კიდობნად? და როგორ გავიგოთ რომის ახლანდელი ეკლესიის ევქარისტია?
მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწამთ, რომ ევქარისტიის წმიდა საიდუმლოში სულიწმიდის მოწოდებითა და მოვანებით პური და ღვინო შეიცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად. ხოლო ლათინები, როგორც ზემოთ ითქვა, ამ მოწოდებას საჭიროდ არ მიიჩნევენ და ამიტომაც საერთოდ ამოაგდეს ის თავიანთი ლიტურგიიდან. მაშ, ვისაც გულისხმისყოფა შეუძლია, ის თვითონ დაფიქრდეს ლათინურ ევქარისტიაზე.
ხოლო, ახალ ისრაელად შეიძლება იწოდოს მხოლოდ მართლმორწმუნე ეკლესია და არა მწვალებლური ფილოსოფოსობით დაზიანებული საკრებულო. წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოანე 2:19). წმ. მოციქული პავლე ბრძანებს, "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს 4:5), ანუ ერთია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველგვარი რწმენა კი არ არის კარგი, როგორც ფიქრობს ჭეშმარიტი ეკლესიისგან განდრეკილი ზოგიერთი უგუნური, რომლებზეც წმ. მოციქული იუდა წერს: "ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი" (მ. 18, 19).
ამიტომაც ჭეშმარიტების სულისგან გაუცხოებულნი როგორ შეიძლება იწოდნენ ახალ იერუსალიმად? ან როგორ აღმოჩნდებიან ისინი მაცხოვნებელ ნავთსაყუდელად, როდესაც არც ერთი და არც მეორე სულიწმიდის მადლის გარეშე არ აღსრულდება?
წყარო: Письма великих оптинских старцев. Издание Сретенского монастыря, 2001.