სწავლანი > ანტიერეტიკონი
ორიოდ სიტყვით კრიპტოქრისტიანებზე
ავტორი: მღვდელი კონსტანტინე ფროლოვი.
1. თავგანწირული სიყვარულის უბადლო მაგალითია განკაცებული უფალი იესუ ქრისტე, რომელიც კაცთა საცხოვნებლად მოგვევლინა. ჯვარზე ვნებით, მან გვასწავლა როგორ უნდა ვიღვწოდეთ ჭეშმარიტებისთვის, და თუკი წმიდა წერილის თქმით "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მოყვასისათვის" (იოანე 15:13), რამდენად უმეტესია იმ ადამიანის სიყვარულის ღვაწლი, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის მიწიერ ცხოვრებას არად ჩააგდებს.
ნურავინ იტყვის აღმსარებლობითი ღვაწლი ყველას არ ძალუძსო, რადგან "გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის" (რომ. 10:10). ღმერთს ძალუძს გულწრფელად მისი მოსიყვარულე მორწმუნეების მადლისმიერი გაძლიერება.
მაგრამ, მწვალებლური ღვარძლის დამთესველი ეშმაკი სულმოკლე და გაიძვერა ადამიანებს თავის მართლებისკენ უბიძგებს და ე. წ. კრიპტოქრისტიანობაში ქრისტეს აშკარა უარყოფას მოჩვენებითი ღვთისმოსაობით ნიღბავს. იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ეს გადაჭარბებაა და გამყიდველობა უსამართლოდაა შემჩნეული იქ, სადაც ის სულაც არ არის? ოჰ, ნეტავ ასე იყოს. ჩვენი დღევანდელი სიტყვა სწორედ იმათზეა (კრიპტოქრისტიანებზეა), ვინც ამ ხრწნადი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნვით, ღმრთის მარადიულ სასუფეველს უარყოფს.
კრიპტოქრისტიანები, რომლებსაც გულუბრყვილოდ ჰგონიათ რომ ატყუებენ ეშმაკს, საჯაროდ იღებენ მაჰმადიანობას და უარყოფენ ქრისტეს, რითაც საკუთარ თავს უფრო ატყუებენ. ალაჰის ირადის (არაბ. = ნება) შესრულებით, ისინი ამაოდ მიიჩნევდნენ თავს ქრისტეს სწავლების მიმდევრებად.
Κρυπτικῶς (ბერძნ. "კრიპტიკოს"), ანუ ქრისტესადმი დაფარულად რწმენა, ცხადში კი მაჰმადიანად ყოფნა - აი ამ მწვალებლობის უმთავრესი სიცრუე და მზაკვარება. დიახ, სწორედაც რომ მწვალებლობა, რადგან ეს უკანასკნელი არსებობს არა მარტო დოგმატური აზრით, არამედ ზნეობრივი და კანონიკური აზრითაც. სლავურ დიდ სჯულისკანონში, იგივე "მესაჭე" წიგნში (სლავ. "Кормчая") ნათქვამია: "მწვალებელია და მწვალებელთათვის განკუთვნილ სჯულდებას ექვემდებარება ის, ვინც უმცირესში მაინც გადაიხრება მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან" (სლავ.: "Яко еретик есть и еретичес¬ким подлежит законам (прещениям - авт.) аще и ма¬ло что уклонися от православныя веры") (Кормчая. Спб.: 1998, с. 1398). ხოლო ქრისტეს საჯარო უარყოფა, - მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგოდ, რომელიც ქრისტეს მოჩვენებით უარყოფასაც კი კრძალავს, - უმძიმესი დაცემა და განდგომილებაა.
წმ. ბასილი დიდის 73-ე განწესების მიხედვით: "ვინც ქრისტეს უარყოფს და მიატოვებს ხსნის საიდუმლოს, იგი უნდა შეუდგეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეტირილს და ვალდებულია, თქვას აღსარება. მხოლოდ ცხოვრებიდან გასვლის ჟამს გახდება იგი სიწმინდეთა ზიარების ღირსი ღმრთის კაცთმოყვარეობის წყალობით" (დიდი სჯულისკანონი).
მაგრამ კანონის მიხედვით უარყოფა მხოლოდ მაშინ აღიხოცება, როდესაც აღსრულებულია სინანული და ეპისკოპოსისგან მიღებულია მიტევება. ხოლო თუ ადამიანი უარყოფს ქრისტეს და ქრისტესთვის უცხო (კონკრეტულ შემთხვევაში მაჰმადიანთა) საზოგადოებაში იმყოფება, რითაც განცხადებულად წარმოაჩენს ცხონების გზიდან თავის განდგომას, ამგვარი მდგომარეობა მწვალებლობა და განდგომილებაა.
კრიპტოქრისტიანობა აღმოსავლეთში გაჩნდა XV ს-ის შუა პერიოდში. იმ დროს თურქეთის სულთანმა მუჰამედ II-მ დაიპყრო მთელი თრაკია და კონსტანტინოპოლზე გალაშქრება განიზრახა. კონსტანტინოპოლის უნიატი პატრიარქი ცდილობდა იმპერატორ კონსტანტინე პალეოლოგის მიმხრობას, რათა დახმარებისთვის რომის საყდრისთვის მიემართა. იმპერატორმა მწვალებელ პატრიარქს დაუჯერა და თავისი სასოება რომს მიაპყრო; რომის პაპმა დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ ბერძნები მიიღებდნენ უნიას რომთან. მაშინ მოხდა ბიზანტიის დიდი დაცემა: მრავალმა აღმოსავლელმა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელმაც შემდეგ ფლორენციის უნიის სახელწოდება მიიღო და ამით ბიზანტია ღმრთის რისხვისთვის გააშიშვლა.
1453 წლის 11 მაისს თურქებმა ალყა შემოარტყეს კონსტანტინოპოლს. რომმა, რომელიც ბერძნებს დახმარებას ჰპირდებოდა, ჩარევისგან თავი შეიკავა და ბერძნები იძულებულნი გახდნენ მცირე ძალებით გამკლავებოდნენ თურქების აგრესიას. სისხლი მდინარესავით იღვრებოდა. ღამით, ალყის დროს, უეცრად ქალაქი ნათელმა მოიცვა. წმიდა სოფიის ტაძრის ზედა სარკმლები ცეცხლოვან ალში გაეხვია. თვითმხილველებმა იფიქრეს ტაძარი იწვისო, თუმცა სინამდვილეში არანაირი ხანძარი არ ყოფილა. ხილვა მცირე ხანი გაგრძელდა, შემდეგ ალმა ტაძრის გუმბათისკენ გადაინაცვლა, ბოლოს განეშორა მას და ღამის ცაში გაუჩინარდა.
ამ ხილვიდან მცირე ხნის შემდეგ, 28 მაისს, ღამით, როდესაც ბერძნებს უკვე ძალა აღარ შესწევდათ გამკლავებოდნენ მრავალრიცხოვან თურქ აგრესორებს, ქალაქს უეცრად მეწამული და ხარის თვალის ოდენა წვეთები დააწვიმა. ეს კონსტანტინოპოლის დაცემის წინაუწყება გახლდათ.
ალყამდე, კერძოდ, 1 აპრილს, დიდი პასექის დღეს, ქალაქ ნოტიას მთავარ ტაძარში, თავიანთი ეპისკოპოსისგან სააღდგომო ამბორის მისაღებად რამოდენიმე ათასი მართლმადიდებელი შეიკრიბა. ასეთ ნათელ დღეს, იმ ადამიანის ბაგეთაგან, რომელიც თვით უფლის მიერ არის მოწოდებული გოლგოთისკენ უძღოდეს ქრისტიან ერს, გამყიდველურ სიტყვას არავინ ელოდა. ქრისტეს სარწმუნოებაში მტკიცედ დგომისა და აღმსარებლობითი ღვაწლისკენ მოწოდების ნაცვლად ნოტიას მცხოვრებლებმა მიიღეს იუდას ამბორი: სააღდგომო მსახურების დასრულების შემდეგ, გამთენიისას, უკეთურმა მიტროპოლიტმა იოანემ ხალხს ჯერ ქრისტეს აღდგომა მიულოცა, შემდეგ კი უეცრად მართლმადიდებლური სარწმუნოების "მოჩვენებითად" უარყოფისა და მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებისკენ მოუწოდა. ის განმარტავდა, რომ ასეთ შემთხვევაში ქრისტესგან განდგომა მხოლოდ გარეგანი იქნებოდა და აღუთქვამდა მათ, რომ მაჰმადიანობაში გადასვლის პირველივე მაგალითსაც თვითონ მისცემდა. მაგრამ ხალხი უკვე აღარ უსმენდა მას - ისინი უნუგეშოდ მოთქვამდნენ. მოიწყლა მწყემსი, განიბნინენ ცხოვარნი და ახლა მტაცებელი დემონები შემოიჭრებიან სულმოკლეთა გულებში, რომლებსაც წარწყმედის მარადიული უფსკრულისკენ გააქანებენ.
როგორც ძველ მატიანეშია ნათქვამი: "მოღალატე იოანემ ყველაფერი გაანადგურა: შესამოსელი, საეკლესიო ჭურჭელი და წმიდა ხატები, წმიდა პარასკევას ხატის გარდა, რომელიც ნოტიას მფარველად ითვლებოდა და, რომელიც ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა, აგარიანელებს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ტაძრის კედლებში დაგმანეს".
იოანეს მიმდევართა მთელი კრიპტოქრისტიანობა მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ მიცვალებულთა დიდ შაბათს ისინი საიდუმლოდ ანთებდნენ სანთლებს თავიანთი მართლმადიდებელი წინაპრების საფლავებზე. მოლა ალიმ, როგორც ამიერიდან იწოდებოდა განდგომილი მიტროპოლიტი, ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. რამოდენიმე წლის შემდეგ ის ქ. ლარისაში გადაიყვანეს, სადაც ღვიძლმა ძმამ მართლმადიდებლობისადმი გამცემლობაში ამხილა და მისდამი დაუფარავი ზიზღი გამოხატა. ამ დროს მაჰმადიანთაგან ვიღაცამ მოლას უჩივლა, რომ ქრისტიანია. თურქებმა საცოდავი მოლა შეიპყრეს და მოკლეს, სხეული კი ორმოში ჩააგდეს. მრავალი წელია ამ ადგილას დევს ქვა წარწერით: "არც თქვენი (ქრისტიანი), და არც ჩვენი (მაჰმადიანი)".
2. წმ. თეოფანე აღმსარებლის (სიღრიანელის) (760-818) მოწმობით, იუდეველებს თავიდან მუჰამედი ეგონათ თავიანთი მესია და შეიწყნარეს. ცნობილია, რომ ყველა მწვალებლობა რაღაცნაირად არის დაკავშირებული იუდეველობასთან. განსაკუთრებით ლათინური. თუკი განვიხილავთ ლათინურ filioque-ს (სარწმუნოების სიმბოლოს დანამატი: "და სულიწმიდა ... რომელი გამოვალს მამისაგან და ძისაგან"), ძნელი არ იქნება იმის შემჩნევა, რომ ეს სიახლე ამახინჯებს წმიდა სამების დოგმატს. ის სულიწმიდის იპოსტასს მომსახურე სულის (άγγελος - ანგელოზი, დესპანი) დონეზე აყენებს, რადგან, თურმე ის მოივლინება, როგორც მამისგან, ასევე ძისგან.
შემდეგი მწვალებლობა "რომის პაპის უცთომელობაზე" აუქმებს ძის იპოსტასს და აფუძნებს ერთადერთ და ახალ "ღვთაებას" - რომის პაპს. მართალია, ლათინები ამტკიცებენ, რომ ისინი აღიარებენ ღმრთის სამ იპოსტასს, მაგრამ თავიანთ ღვთისმეტყველებაში სრულყოფილ ღმერთად მხოლოდ თავიანთ მღვდელმთავარს (პაპს) მიიჩნევენ.
ამგვარად, რომის ეპისკოპოსისადმი, როგორც ღვთაებისა და ძალაუფლების სიმბოლოსადმი მათი თაყვანისცემა, ლათინთა სწავლებას იუდეველთა სწავლებასთან აიგივებს, რომლებიც თალმუდისტ მწერალთა "რჩეულობას" და "სიბრძნეს" ეთაყვანებიან და, რომლებიც ასევე კრიპტოიუდეველობას ასწავლიდნენ. ასე მაგალითად, "შულხან არუხში" (1) წერია: "აკუმებთან (ანუ სხვა რწმენის ადამიანებთან) მიმართებაში არ არსებობს სიცრუე..." (ხოშენ ჰა-მიშფათ. 227-26), ანუ შეიძლება თავი მოიკატუნო ქრისტიანად და მოატყუო ქრისტიანი ისე, რომ დარჩე იუდეველად.
_____________________
1. ზეპირსიტყვიერი გადმოცემის პრაქტიკული კოდექსი, რომელიც XVI ს-ში შეადგინა იოსებ კარომ. მან შეაჯამა მრავალ თაობათა ჰალახური ავტორიტეტების კოდიფიკაციური საქმიანობა. "შულხან არუხი" - ეს არის პრაქტიკული ჰალახის ძირითადი სახელმძღვანელო, რომელსაც, გამონაკლისის გარეშე, არიარებს იუდაიზმის ყველა მიმართულება, რომელიც კი ცნობს ზეპირსიტყვიერ კანონს.
_____________________
ხედავდნენ რა ამგვარ მზაკვარებას, მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა მე-8 განწესებით დაადგინეს არ მიეღოთ მართლმადიდებლობაში ებრაელი განსაკუთრებული გამოცდისა და ქრისტესადმი ერთგულების უტყუარი მტკიცებულების გარეშე. მე-7 მსოფლიო კრების მე-8 კანონი ბრძანებს: "რადგან ებრაული სჯულის ზოგიერთმა თავგზააბნეულმა წარმომადგენელმა განიზრახა ჩვენი ქრისტე ღმერთის შეურაცხყოფა და თვალთმაქცურად გახდა ქრისტიანი, ფარულად კი ქრისტეს უარყოფდა, და ასეთები ჩუმად შაბათობენ და სხვა იუდეველურ საქმეების აღასრულებას განაგრძობენ, ამიტომაც განვაჩინებთ: ასეთი პირები არც საზიარებლად, არც სალოცავად, არც ეკლესიაში არ დაუშვათ; ისინი აშკარად უნდა ჩანდნენ, თავიანთი სჯულისაებრ, ებრაელებად, და მათი ბავშვები არ უნდა მონათლოთ; მათ ვერც უნდა იყიდონ მონა და ვერც მოიპოვონ. ხოლო თუ ვინმე იმათგან წრფელი რწმენით მოექცევა, ამ რწმენას გულით აღიარებს და საჯაროდ უარყოფს ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს, რათა ამის საშუალებით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, მაშინ შეიძლება მისი შეწყნარება და მისი ბავშვების მონათვლაც, და მისი განტკიცება ებრაული ბოროტგანზრახვის უარყოფაში. თუ ასეთები არ იქნებიან: არასგზით არ მოხდეს მათი შეწყნარება" (დიდი სჯულისკანონი).
პატრ. თევდორე ბალსამონის განმარტებით, ეს ებრაელები იღებდნენ ნათლობას მხოლოდ იმისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ სასჯელი გადაუხდელი ვალებისა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. ბალსამონი წერს, რომ თურქებიც ებრაელებივით იქცეოდნენ. მათ თავიანთი შვილები ქრისტიან მღვდლებთან მოსანათლავად მიჰყავდათ, რადგან ნათლობას უყურებდნენ არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ერთგვარ კურნებას. ტრულის (VI მსოფლიო) კრების 84-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი წერს, რომ: "წმიდა პატრიარქ ლუკას დროს სინოდში მაჰმადიანები მოვიდნენ. როდესაც მათ ნათლობის მიღება მოსთხოვეს, განაცხადეს, რომ თავიანთ ქვეყნებში უკვე მონათლულნი იყვნენ; ხოლო როდესაც მათ ჰკითხეს - როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, უპასუხეს, რომ არსებობსო მაჰმადიანებში ჩვეულება საკუთარი შვილები მოანათვლინონო მართლმადიდებელ მღვდლებს. მაგრამ ეს საპატიო მიზეზად არ იქნა მიჩნეული, რამეთუ მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ურწმუნოები ქრისტეანებთან ნათლობას არა მართლმადიდებლური განზრახვით, არამედ უკეთური მიზნით, ხორციელი ბიწის განსაკურნებლად ეძიებენ. საქმე ის არის, რომ მაჰმადიანებს აქვთ რწმენა, რომლის მიხედვითაც მათ ბავშვებს იპყრობენ ეშმაკნი და ძაღლებივით ყარან, ქრისტეანულ ნათლობას თუ არ მიაღებინებენ; ამიტომაც ელტვიან ისინი ნათლობას, არა როგორც ყოველგვარი ბიწიერების განმწმენდსა და საღმრთო ნათლის მომნიჭებელს, არამედ როგორც რამ კურნებას ან შეფუცვას; თუმცა, არც ეს იქნა მიღებული, რადგან მათ არ წარადგინეს არც ერთი მოწმე, რომელიც მათ ნათლისღებას დაადასტურებდა, არამედ მეტიც, სარწმუნოებისადმი ამგვარი არაკეთილგანწყობისთვის გაიკიცხნენ კიდეც. ამიტომაც დაწესდა ამდაგვართა თავიდან ნათლობა" (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями. Изд. Московского общества любителей луховного просвещения. Москва 1887. Правила Святаго Вселенскаго Шестаго Собора. Пр. 84).
ჭეშმარიტებისადმი ერთგულების მკაცრი მოთხოვნა დამახასიათებელია მხოლოდ ერთადერთი სარწმუნოებისთვის - მართლმადიდებლობისთვის. იუდაური მზაკვრობა კი ახასიათებს როგორც ლათინობას, ასევე მრავალ სხვა აღმსარებლობას და რელიგიას. იგივე მოთხოვნას ვხედავთ ყურანშიც: "თუ ოდესმე ვინმე თქვენგანს ქრისტიანებმა აიძულონ ჩემი სახელის უარყოფა, - არიგებს მუჰამედი თავის მიმდევართ, - და ამისთვის დაუქვემდებარონ ტანჯვას, ნუ იტყვით უარს ამგვარ უარყოფაზე, თუნდაც ეს რომელიმე თქვენგანს მრავალგზისაც შეემთხვეს".
3. ეკუმენისტების მისწრაფება მსგავსი ცრუ-სწავლება მიაწერონ მართლმადიდებლობას, ისახავს ერთადერთ მიზანს - მოარყიონ საეკლესიო სწავლება იმის შესახებ, რომ სულის ცხონება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. განსაკუთრებული გამართლება ჰპოვა კრიპტოქრისტიანულმა მწვალებლობამ წიგნში "ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები" (რუს.: "Поместные Право¬славные Церкви" (М.: 2004)), რომლის შემდგენელია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების სამდივნოს თანამშრომელი სერგეი გოვორუნი.
კრიპტოქრისტიანობის დამცველად გამოვიდა დეკ. ვალენტინ ასმუსიც, რომელმაც მას "საეკლესიო იკონომია" უწოდა. საინტერესოა, შეძლებდა თუ არა მ. ვალენტინ ასმუსი ერთდროულად გამხდარიყო მოლაც, როგორც ეს მის მიერ დაცულ წიგნშია? თუკი შეძლებდა, მაშინ მისი "იკონომია" - ჩვეულებრივი გამყიდველობა და ქრისტეს სიტყვების საწინააღმდეგოა, რომელიც ბრძანებს: "ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე" (ლუკა 12:8-9).
ღირსმოწამე ონუფრიმ, (1786 - 1818), როდესაც მაჰმადიანთა წინაშე თავს მართლმადიდებლად აღიარებდა, თქვა: "ვწყევლი თქვენს რწმენას თქვენსავ ცრუწინასწარმეტყველ მუჰამედთან ერთად და თქვენს წინაშე გაბედულად ვაღიარებ თავს ქრისტიანად".
ღირსმოწამე დამასკინოს ათონელისთვის (+ 1681) სიკვდილისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არსებობდა - თურქები მისგან მუჰამედის წინასწარმეტყველად აღიარებას ითხოვდნენ. მაგრამ, როგორც მოწამის ცხოვრებაშია ნათქვამი, თურქების მლიქვნელური მოფერებებისა და დაპირებების მიუხედავად, რომლებიც, თუკი მათ სჯულს მიიღებდა, სამგზის ჰირდებოდნენ ყოველგვარ სიამესა და განცხრომას, ღირსმოწამემ მშვიდად მიუგო: "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები. ქრისტეს უარყოფა - მარადიული სიცოცხლის უარყოფაა: მის გარეშე ვერც ერთი ცოდვილი ვერ ცხონდება, - ვერც მე და ვერც თქვენ. ის არის ღმრთის სიმართლის ცოდვილ კაცობრიობასთან შემრიგებელი; ის არის ღმრთის მადლის მომნიჭებელი რომელიც მისი ნების აღსასრულებლად აუცილებელია. ვწუხვარ, რომ ეს არ გესმით. მაგრამ უგუნურება იქნებოდა დროებითი და წარმავალი ცხოვრების გასახანგრძლივებლად მარადიული წარწყმედა მეყიდა".
წყარო: Плоды экуменического древа. Экуменическое движение в экклезиологическом аспекте. — Духовное наследие, 2005. Стр. 405-412.